globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 9th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: „ოცნებამ“, პირველ რიგში, თავისი დაპირებების შესრულებაზე უნდა იზრუნოს“ // „ხელისუფლებას სრული კარტ-ბლანში აქვს ქვეყანაში პრობლემების მოსაგვარებლად“

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან: „ქართულმა ოცნებამ“ სხვებთანაც უნდა ითანამშრომლოს“ // „ქართული ოცნებისადმი“ მხარდაჭერა აიხსნება სააკაშვილის მიმართ შიშით“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილს მალე დაიჭერენ“ // „რა ფინანსური დარღვევები აღმოუჩინეს ექსპრეზიდენტს უკრაინაში“ // „გიგი წერეთელი და ხათუნა გოგორიშვილი ნაცმოძრაობიდან მიდიან“

—–

„ვერსია“: ინტერვიუ ირმა ინაშვილთან: „ამის შესახებ საჯაროდ არასოდეს მილაპარაკია!“ // რას ნანობს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი

—–

„საქართველო და მსოფლიო“: დამარცხებული ქვეყნის გამარჯვებული პოლიტიკოსები

„საქართველო და მსოფლიო“: „ქართული ოცნების” წევრებს მოვუწოდებ…

—–

„რეზონანსი“: აუცილებელია თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების გაწვევა

„რეზონანსი“: ზღვიდან დაუცველი ქვეყანა // „არ შეიძლება, ქვეყანა მხოლოდ ხმელეთიდან, ან მხოლოდ ჰაერიდან დაიცვა“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვანო ჩხიკვაძესთან: „უვიზოდ მიმოსვლას წელს, დიდი ალბათობით, ვერ მივიღებთ“ // „შესაძლებელია, ე.წ. „შეჩერების მექანიზმზე“ მსჯელობა კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდეს“

„რეზონანსი“: ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: ქართული ეკლესიის „რევოლუციური“ ვიზიტი ბრიუსელში // „ეს მრევლისთვის არის მესიჯი, რომ ეკლესია დასავლეთთან ურთიერთობის მომხრეა“

„რეზონანსი“: ყველაზე რთული 6 კვირა ლარისთვის // წლის ბოლომდე ლარის გადარჩენისთვის დიდი ბრძოლაა გადასატანი

——————-

„რეზონანსი“, 09 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: „ოცნებამ, პირველ რიგში, თავისი დაპირებების შესრულებაზე უნდა იზრუნოს“ // „ხელისუფლებას სრული კარტ-ბლანში აქვს ქვეყანაში პრობლემების მოსაგვარებლად

ელზა პაპოშვილი

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ამ არჩევნებმა საზოგადოებას და პოლიტიკოსებს კარგი გაკვეთილი ჩაუტარა, რადგანაც მისმა შედეგმა ყველას კარგად დაანახა კონკრეტული პარტიების მიღმა რა იმალებოდა და მათი ამბიციები მხოლოდ ფუჭი ილუზია აღმოჩნდა. ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ახლა საზოგადეობას მხოლოდ ახალი სახეები და ახალი პოლიტიკური იდეები სჭირდება, რომელიც უკვე თვითმართველობის არჩევნებზე უნდა გამოჩნდეს.

- როგორ ფიქრობთ, “ქართულმა ოცნებამ” პირველი რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება მოხდეს?

- პირველ რიგში “ქართულმა ოცნებამ” თავისი დაპირებების შესრულებაზე უნდა იზრუნოს. მან უნდა დაიწყოს საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რათა ის ფინანსური და ეკონომიკური პრობლემები მოაგვაროს, რომელიც ქვეყანაში საზოგადოებას ასე ძალიან აწუხებს. მეორე მთავარი პრიორიტეტი კი კონსტიტუციაზე მუშაობა იქნება, რათა ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, რა ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ და რა სახის მმართველობა გვაქვს. დღევანდელი კონსტიტუციის მიხედვით, შერეული მმართველობის მოდელი გვაქვს, სადაც სახელმწიფოების სხვადასხვა შტოებს შორის, ძალაუფლება დაბალანსებული არ არის.

სახელმწიფოს მშენებლობა საძირკვლიდანვე უნდა დაიწყოს. ხელისუფლებას ორ ფრონტზე ბრძოლა მოუწევს. კონსტიტუციის საფუძვლიანი შეცვლა იქნება საჭირო. ხოლო ეს ფართო კონსენსუსის და დაინტერესებული მხარეების ჩართვის შედეგად უნდა მოხდეს. „ოცნებამ” სწორედ ასეთი ქმედების შედეგად ხელისუფლების უზურპაციის ბარლდება თავიდან უნდა აიცილოს. ხელისუფლებას დღეს სრული კარტბლანში აქვს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება დაიწყოს – დაველოდოთ რას გააკეთებენ.

- ვინ იქნება ხელისუფლების მაკონტროლებელი, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, მან ხელისუფლების უზურპაცია არ მოახდინოს?

- ხელისუფლების უზურპაციის საფრთხე პირობითად ვახსენე და გადაჭრით ვერავინ ჯერ ვერ ვიტყვით, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან ასეთ ნაბიჯს ადგილი ექნება. თუმცა, ძველი გამოცდილებებიდან ვიცით, რომ, როდესაც პარლამენტი ერთი პარტიის ხელში ხვდება, გარკვეული ცდუნებები არსებობს. “ოცნებისგან” ამას ნაკლებად მოველი, რადგანაც ამ პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთი რამისკენ მიდრეკილება არ გამოამჟღავნა. ამიტომ, მათ მიმართ საფუძვლიანი ეჭვი არ არსებობს, თუმცა გარკვეული შიში წარსულიდან ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის არის. მათი პირველი და მთავარი მაკონტროლებელი, თავად ხელისუფლება უნდა იყოს. მათ საკუთარი თავი უნდა გააკონტროლონ, რათა ხელი არ წაუცდეს და ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენონ.

რაც შეეხება გარემაკონტროლებელ ბერკეტებს, ეს იქნება, სამოქალაქო სექტორი, დამოუკიდებელი მედია, სასამართლო და ასევე ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილები.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღებაზე მანდატები არ გააჩნიათ, მათ საპარლამენტო ტრიბუნა ინფორმაციის გავრცელებისთვის უნდა გამოიყენონ, რათა გარკვეული შემაკავებელი ფუნქცია დაეკისროთ. მე მგონია, რომ ჩვენთან სამოქალაქო სექტორი ძლიერია და ასევე მედიაც “ნაციონალების” მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით უფრო დამოუკიდებელია. თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება თუ “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებს, ეს შეიძლება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზეზი გახდეს.

- არჩევნების შემდეგ ვნახეთ, რომ პოლიტიკური რუკა რადიკალურად შეიცვალა. როგორ შეაფასებთ იმ პოლიტიკურ ლანდშაფტს, რომლიც საპარლამენტო არჩევნების შედეგად მივიღეთ?

- ეს არჩევნები წინა არჩევნებისგან განსხვავებით საკმაოდ ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდა, როგორც ჩვენი ამომრჩევლისთვის, ასევე პოლიტიკოსებისთვის. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ლამაზი პოლიტიკური ფასადის უკან, შესაძლოა სრულიად სხვა რაღაც იმალებოდეს. ამის თვალსაჩინო მაგალითი კი “თავისუფალი დემოკრატებია”. გარდა ამისა დავინახეთ, რომ თავად პოლიტიკური პარტიები რომლებსაც დიდი ამბიციები ჰქონდათ, არჩევნებზე როგორც კი დამოუკიდებლად გავიდნენ, ისინი ძალიან მოწყვლადი და სუსტები აღმოჩნდნენ. მათი ორგანიზაციული სტრუქტურა, სრულიად გაუმართავი და არაორგანიზებული გამოდგა. ამით დავინახეთ, რომ საქართველოში ყველაზე ძლიერი პარტიული ორგანიზაციები “ოცნება” და “ნაციონალები” არიან. არჩევნების შედეგად პოლიტიკური ველის გაღარიბება მივიღეთ. გაჩნდა ადგილი იმისთვის, რომ თვისობრივად ახალი პოლიტიკური ძალები წამოვიდნენ.

ადგილი გამოთავისუფლდა ახალი ძლიერი პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებმაც საზოგადოებას ახალი იდეოლოგია და ახალი სახეები უნდა შესთავაზოს, რათა პოლიტიკური ველის გაჯანსაღება მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, მაგრამ თვითმართველობის არჩევნების წინ და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე გარკვეული ძალთა გადაჯგუფება მოხდება.

———————-

„ახალი თაობა“, 09 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან: „ქართულმა ოცნებამ სხვებთანაც უნდა ითანამშრომლოს“ // „ქართული ოცნებისადმი მხარდაჭერა აიხსნება სააკაშვილის მიმართ შიშით

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე „ახალი თაობა“  მემარცხენე ალიანსის პოლიტიკურ მდივან პაატა ჯიბლაძეს ესაუბრა.

- მოსახლეობა ძალიან ზარალდება ლარის დევალვაციით. როგორ გგონიათ, არჩევნების წინ რომ ლარის კურსი ასეთ დღეში ყოფილიყო, ქართული ოცნება ასეთ დიდ მხარდაჭერას მიიღებდა?

- ლარის კურსის ვარდნას რამდენიმე მიზეზი აქვს. არჩევნების წინ ყოველთვის ხდება ხარჯების ზრდა, მაგრამ გაუფასურება მარტო ამით არაა განპირობებული. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინაც გაუფასურებული იყო ლარი, მაგრამ ამომრჩევლებმა პრაქტიკულად ყველგან „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მისცეს ხმა. ამას თავისი მიზეზი აქვს. „ქართული ოცნების“ სტაბილურ მხარდამჭერებს მიემატნენ ისინი, ვისაც არ უნდა ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება. ხალხზე იმოქმედა ფსიქიკურად აშლილი სააკაშვილის განცხადებებმა უახლოეს ხანში საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. ამ პირობებში ბევრმა „ოცნება“ შემოხაზა. ადამიანების ნაწილმა ჩათვალა, რომ სხვა პარტიის არჩევისას მისი ხმა დაიკარგებოდა. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებს იმ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელიც მან მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა სიტუაცია იქნება ადგილობრივ არჩევნებზე.

- ადგილობრივ არჩევნებზე ვეღარ მოხდება ამომრჩევლის მობილიზება ვიღაცის წინააღმდეგ?

- დიახ. მაშინ არ იქნება ნაციონალების მობრუნების საფრთხე. ამიტომ, ამომრჩეველი გააკეთებს უფრო დაფიქრებულ არჩევანს. საკრებულოებში მოხვდებიან სხვა პარტიების წარმომადგენლებიც. მით უმეტეს, ადგილობრივი თვითმმართველობა უშუალოდ უწყვეტს მოსახლეობას საყოფაცხოვრებო და სხვა პრობლემებს. მერებისა და გამგებლების არჩევნებიც გამოსაფხიზლებელი იქნება ხელისუფლებისათვის. თუ ხალხში უკმაყოფილებაა, ეს გამოჩნდება.

- ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებად ახალი სახეების წარდგენა საზოგადოების მოთხოვნაა...

- საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“. საკადრო საკითხები „ოცნების“ გადასაწყვეტია. ზოგი ახალი სახე პარლამენტში იქნება, ზოგი – მთავრობაში. მთავარია, მოხდეს ოპტიმიზაცია.

- სამინისტროების რაოდენობის შემცირებას თქვენც ემხრობით?

- რასაკვირველია. ესპანეთს 13 მინისტრი ჰყავს, შვეიცარიას _ 8. გაუგებარია, რად უნდა საქართველოს 19 ან 20 მინისტრი? სამინისტროების რაოდენობა დაახლოებით 9 უნდა იყოს. საერთოდ გასაუქმებელია გუბერნატორის ინსტიტუტი, შესამცირებელია გაბერილი შტატები საკრებულოებსა და გამგეობებში. გამოთავისუფლებული თანხები უნდა მოხმარდეს ხალხის ინტერესებს. კერძოდ, დასაქმებას სხვა სექტორში.

- სახელმწიფომ როგორ უნდა დაასაქმოს ადამიანები არასაბიუჯეტო სექტორში?

- საკანონმდებლო ცვლილებებით, ფინანსური ხელშეწყობით. განვითარებულ სახელმწიფოებში მცირე და საშუალო ბიზნესიდან ბიუჯეტში შემოსავლების 60% შედის. ჩვენთან აღარც შესაბამისი კანონმდებლობაა. მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ვითარდება. დიდია უმუშევრობა. ყველაფერი მსხვილი ბიზნესის ხელშია.

- ითვლება, რომ მომავალი 4 წელიწადი მძიმე იქნება ქართული ოცნებისათვის იმ მხრივაც, რომ ეს ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ვადაა. არსებული პრაქტიკით, მერე ცვლილებები ხდება...

- ეს 4 წელიწადი, მართლაც, უფრო მძიმე იქნება „ქართული ოცნებისათვის’, ვიდრე წინა პერიოდი. მაშინ ყურადღება გადადიოდა მმართველი კოალიციის სიჭრელეზე, კოაბიტაციაზე, ხან კი – ნაცმოძრაობის დანაშაულებზე. ახლა მმართველი პარტია სხვა მდგომარეობაშია. ამიტომ, თუ არ გაატარებს ზომებს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური აღმავლობისათვის, თუ არ გადადგამს ნაბიჯებს ტერიტორიული მთლიანობისა და დევნილთა ღირსეული დაბრუნებისათვის, მას ხალხი შესაფერის ადგილს მიუჩენს. იმისათვის, რომ ხალხის პრობლემები რეალურად გადაჭრას, `ოცნება~ მარტო საკუთარ თავში არ უნდა იხარშებოდეს.

- კერძოდ?

- მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, იგი საკუთარ თავში არ უნდა ჩაიკეტოს. საჭიროა თანამშრომლობა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან, საზოგადოებასთან. ჯანსაღ ძალებში არ შედიან ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები.

- გინდათ თქვათ, რომ პოლიტიკური ველი არ დაცარიელებულა?

- ბუნებრივია. რამდენიმე ლიდერი პოლიტიკიდან წავიდა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანების კომპეტენციისა და გამოცდილების გამოყენება არ შეიძლება. `ქართულმა ოცნებამ~ სხვებთანაც უნდა ითანამშრომლოს. პარტიულებთანაც და უპარტიოებთანაც. მემარცხენე ალიანსი აქამდეც კონსტრუქციულად ვთანამშრომლობდით მმართველ პარტიასთან. მაგალითად, მიწის ბიუჯეტის ხარჯზე რეგისტრაცია ჩემი ინიცირებულია, ისევე, როგორც მაღალმთიანი სოფლების ჩამონათვალის გაზრდა. სამწუხაროდ, კიდევ დარჩა სოფლები, რომლებიც მაღალმთიანია, მაგრამ აღიარებული არ არის და მათი მოსახლეობა ვერ სარგებლობს დაწესებული შეღავათებით. პარლამენტში შეტანილი გვაქვს კანონპროექტები მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან გატოლებისა და სითი პარკის მუშაობის რეგულირების თაობაზე.

- სითი პარკს, მცდელობების მიუხედავად, დღემდე ვერავინ მიხედა...

- წინა ხელისუფლების დროს შემოყვანილი სითი პარკი ისევ აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების ძარცვას. ჩვენ გამოსავალს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებში ვხედავთ. რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე პარტიებსა და საზოგადოებას აქტიურობისაკენ მოვუწოდე. კარგი იქნება, რომ შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ მტკივნეულ პრობლემებზე და სხვადასხვა იდეითა და ინიციატივით მივმართოთ ხელისუფლებას. თქვენს გაზეთს თითქმის ყველა კითხულობს და მინდა მათ „ახალი თაობის“ ფურცლებიდანაც მივმართო – მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში. მერე რა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს! ჩვენც ამ ქვეყნის შვილები ვართ, პრობლემა ბევრია. მათ გადაჭრაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ, თორემ, სხვანაირად, ქვეყანა ვერ განვითარდება.

„ახალი თაობა“, 09 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „მიხეილ სააკაშვილს მალე დაიჭერენ“ // „რა ფინანსური დარღვევები აღმოუჩინეს ექსპრეზიდენტს უკრაინაში“ // „გიგი წერეთელი და ხათუნა გოგორიშვილი ნაცმოძრაობიდან მიდიან

რატომ გადადგა მიხეილ სააკაშვილი, რა თანხები გაიფლანგა მისი გუბერნატორობის დროს, ვის მოუწევს უკრაინიდან გაქცევა, რატომ თქვა სანდრა რულოვსმა დეპუტატობაზე უარი, რა ელოდება ნაციონალურ მოძრაობას? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება.

ტრისტან წითელაშვილი:

- ცოტა ხნის წინ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ვთქვი, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილის კორუფციული და დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ყველა დეტალი გახდა ცნობილი. ექსპრეზიდენტმა ოდესის პორტიდან მილიარდები „მოტეხა“. ამის გარდა, მან შექმნა დაჭრილ მებრძოლთა დახმარების ფონდი, სადაც კოლოსალური თანხების მობილიზება ხდებოდა. სწორედ ამ ფონდის მეშვეობით აფინანსებდა ის თავის ზონდერებს, რომლებსაც საქართველოში არეულობის მოსაწყობად ამზადებდა.

- დაჭრილი მებრძოლებისთვის განკუთვნილ თანხებს რომ ფლანგავდა, ამას უკრაინელები ასე მშვიდად რატომ უყურებდნენ?

- მშვიდად არ უყურებდნენ, რამდენჯერმე სერიოზული სკანდალიც აგორდა. სააკაშვილს ყველაფერი ისე ჰქონდა აწყობილი, თითქოს ფონდში მობილიზებულ თანხებს დაჭრილებს ახმარდა. სინამდვილეში სულ სხვანაირად იყო საქმე. ჩემი უკრაინელი მეგობრების დახმარებით, მე ხელთ ჩამივარდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი.

არჩევნების წინ ცოტა ხნით ადრე, ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან საკონსულტაციოდ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ჩავიდნენ. რაღაც გეგმების დაწყობის შემდეგ ყველანი ერთად რესტორანში წავიდნენ საქეიფოდ. ეს ქეიფი 111.000 გრივნა დაჯდა. თანხა საქველმოქმედო ფონდიდან გადაიხადეს. საბუთებში კი ჩაწერეს, თითქოს ომში დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს მოუწყვეს ფურშეტი.

უკრაინაში არის ტელეარხი „ინტერი“. ამ ტელეკომპანიას მიხეილ სააკაშვილმა მისი პირადი პიარისთვის 300.000 გრივნა გადაუხადა. ეს ფული მან საქველმოქმედო ფონდიდან აიღო. მანვე შეისყიდა ავტომობილები, რომლებიც თანაგუნდელებს დაურიგა. საუბარია საქართველოდან ჩაყვანილ ზონდერებზე. მათთვის ავტომანქანების შეძენაზე 400.000 გრივნა დაიხარჯა. სადღაც 200.000 გრივნა დაიხარჯა ამ ავტომობილების მომსახურებაზე. ეს თანხებიც ფონდიდან მიითვისეს.

ამავე ფონდიდან ფინანსდებოდა სააკაშვილის უცხოური ვოიაჟები და პირადი მცველების ანაზღაურება. საზღვარგარეთ ყოფნისას მას მუდამ თან ახლდნენ გიორგი რუბაშვილი და გიორგი ცინცაძე. ორივე მათგანი მაღალანაზღაურებად მცველებად ითვლებიან. საქველმოქმედო ფონდიდან ფინანსდებოდა ზურაბ ადეიშვილის და გია ლორთქიფანიძის აქეთ-იქეთ სიარული. ისინი საცხოვრებლად ძვირადღირებულ სასტუმროებში ჩერდებოდნენ. სააკაშვილის დავალებით ოდესაში მიიწვიეს მომღერალი თათია ჯამარაძე, რომელმაც კონცერტები გამართა. ეს ყველაფერი 400.000. გრივნა დაჯდა. მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან ბევრი სკანდალი ამოტივტივდა ამ ფონდთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია მიუტანეს პეტრო პოროშენკოსაც. ის ძალიან გაბრაზდა და მიხეილ სააკაშვილის მოხსნა გადაწყვიტა.

- თუმცა არ მოხსნა, მიხეილ სააკაშვილი თავად წავიდა...

- პეტრო პოროშენკოს უნდოდა ის გამოძიების დასრულების შემდეგ მიეცა პასუხისგებაში. ჩემი უკრაინელი მეგობრების მოწოდებული ინფორმაციების მიხედვით, გამოძიების პროცესში ბევრი ნაციონალის გვარი ამოტივტივდა. მის წინააღმდეგ რომ სამართლებრივი დევნა დაიწყო, ეს ინფორმაცია მიუვიდა მიხეილ სააკაშვილს. ამიტომაც დადგა სპექტაკლი გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ ოპოზიციაში მიდის. დამერწმუნეთ, რომ ეს არ მოხდება, სააკაშვილი ოპოზიციაში ვერ წავა.

- რატომ ვერ წავა? უკრაინული მედიის ინფორმაციით, მან უკვე დაიწყო პარტიის შექმნა, რომელსაც ტალღა ერქმევა...

- იმიტომ ვერ წავა, რომ მასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მე წინა ინტერვიუში გითხარით, რომ სააკაშვილის ამერიკელ მფარველებს და ლობისტებს სკანდალური დოკუმენტები დაუდეს, სადაც ნათლად წერია, რა კორუფციულ გარიგებებშია ეს კაცი შესული. ამავე დოკუმენტებში იმაზეც არის საუბარი, რომ სააკაშვილს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან ჰქონდა კავშირი და მათ ფულს უხდიდა. ამერიკელები მის დასაცავად ხმას აღარ ამოიღებენ. გადადგომის სპექტაკლს რომ ვუყურე, ჩემს უკრაინელ კოლეგებს დავუკავშირდი. მათ მითხრეს, რომ ახლო მომავალში სააკაშვილს დააპატიმრებენ. ჩვენს ხელისუფლებას ვურჩევ, უკვე დაიწყოს საბუთების მოგროვება.

- რისთვის უნდა შეაგროვონ საბუთები?

- იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირება მოხდეს. მას საქართველოში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და პასუხი ქართული მართლმსაჯულების წინაშეც უნდა აგოს. სასამართლოს წინაშე წარდგება გია ლორთქიფანიძეც, რომელმაც, სააკაშვილის მსგავსად, თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა.

- მიხეილ სააკაშვილის და გია ლორთქიფანიძის გადადგომას სანდრა რულოვსის მიერ დეპუტატობაზე უარის თქმა დაემთხვა. რამე საერთო გეგმები ხომ არ აქვთ მათ?

- გეგმები როგორ არ აქვთ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან სერიოზული განხეთქილებაა. იქ ყველაფერი თავდაყირა დადგა და რამდენიმე დაჯგუფება შეიქმნა. პარტია ბოკერიას, ახალგაზრდების, ბაქრაძის და სააკაშვილის დაჯგუფებებად დაიყო. ამ გუნდებს შორის სერიოზულ საქმის გარჩევებს აქვს ადგილი. ერთ-ერთ შეხვედრაზე სანდრა რულოვსს სხვა დაჯგუფების წევრებთან დიდი დაპირისპირება მოუხდა და ამიტომაც დატოვა პარტია.

- არის ვერსია, რომ ის პარტიის თავმჯდომარეობისთვის აპირებს ბრძოლას. ამ ვერსიაზე რას ფიქრობთ?

- მას ალბათ ძალიან უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს, მაგრამ ამის შანსი არ აქვს. სანდრა რულოვსმა დეპუტატობაზე უარი იმიტომ თქვა, რომ მიხვდა – მისი და მისი მეუღლის ამბავი დამთავრებულია.

- დამთავრებულია ვითომ?

- დამთავრებულია, დამთავრებული. მთელმა მსოფლიომ დაინახა ამ კრიმინალური ოჯახის და პარტიის ნამდვილი სახე. მათ ლობისტები აღარ ჰყავთ და სამართალდამცავ ორგანოებთან პირისპირ აღმოჩნდნენ. სწორედ ამით არის განპირობებული ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ დღეებში ვიხილეთ. მიშაც და სანდრაც თვითგადარჩენის რეჟიმზე არიან გადასულები.

- თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც თქვენ ამბობთ, სააკაშვილს მშობლიური პარტიისთვის აღარ ეცლება. მის გარეშე ნაციონალებს რა პერსპექტივები ექნებათ?

- ნაციონალები სააკაშვილის გარეშე ვერ იარსებებენ. ჩათვალეთ, რომ ნაციონალები უკვე აღარ არიან. ცოტა ხნის წინ მიშა მაჭავარიანი წავიდა. ახლო მომავალში იგივეს იზამენ ხათუნა გოგორიშვილი და გიგი წერეთელი. ეს უცბად არ მოხდება, მაგრამ პროცესი დაწყებულია. და როგორც თავის დროზე მოქალაქეთა კავშირი გაქრა საერთოდ პოლიტიკური სივრციდან, ასევე გაქრება ეს პარტიაც.

- ყოფილი ნაციონალები სად წავლენ, ყოფილი მოქკავშირლებივით სხვა პარტიებს შეეხიზნებიან?

- სხვადასხვა პარტიებში გადანაწილდებიან. თავად ნაციონალური მოძრაობა აღარ იარსებებს.

- სად წავლენ ზონდერები, რომლებსაც ამ პარტიასთან აქვთ კავშირი და რომლებზეც თქვენ ხშირად საუბრობდით? ამბობდით, რომ ისინი აქ არეულობის მოწყობას აპირებდნენ. არეულობა ისევ გეგმაშია?

- ზონდერები ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებენ. მათ აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილი. უკრაინელი მებრძოლებისთვის შექმნილი საქველმოქმედო ფონდიდან მისდიოდათ მათ ფული. ეს წყარო მათ ჩაეკეტათ და მაგის გარეშე არაფერს გააკეთებენ. ოდესაში სააკაშვილს ქართველი ზონდერების რამდენიმე დაჯგუფი ჰყავდა. ეს დაჯგუფებებიც დაიშალა. მისი წევრები ცდილობენ, ძალოვან სტრუქტურებში შეძვრნენ და თავი გადაირჩინონ. საკმაოდ ცუდად აქვს საქმე გენერალ გიგი კალანდაძეს. ის სააკაშვილის გუნდში მოიაზრებოდა. ძალიან მალე მას თანამდებობის და უკრაინის დატოვება მოუწევს.

მთელი ამდენი ხნის მანძილზე ხომ ვამბობდი, რომ მათგან საფრთხე გვემუქრებოდა. ახლა გეუბნებით, რომ მათგან საფრთხე აღარ არის. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობა დამთავრდა. ჩემი თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ამ პარტიის დემორალიზებაში დიდი წვლილი ჩვენ შევიტანეთ. ზაფხულში „ჩვენმა სამშობლომ“ ნაცმოძრაობის პარტიის წინ სააკაშვილის ფიტულები დავწვით, მერე ამერიკის და უკრაინის საელჩოებთან გავმართეთ აქციები. ლობისტებს დავანახეთ ყოფილი პრეზიდენტის ნამდვილი სახე და შედეგმაც არ დააყოვნა. სააკაშვილის საციხედ აქვს საქმე, ნაცმოძრაობა კი დამთავრდა. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ შეჩერებას არ ვაპირებთ.

- კიდევ რის გაკეთებას აპირებთ?

- სამართლიანობის აღდგენისთვის ვიბრძოლებთ. აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა რეჟიმად გამოცხადდეს. ჩვენ მომზადებული გვაქვს სათანადო დასკვნა, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეცემა. ამ დასკვნის უკან ყველა ის ადამიანი დგას, ვისაც სისხლიანი რეჟიმი უსამართლოდ მოექცა.

——————–

„ვერსია“, 08 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ირმა ინაშვილთან: ამის შესახებ საჯაროდ არასოდეს მილაპარაკია!“ // რას ნანობს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი

ვანო პავლიაშვილი

(შემოკლებით)

ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია: ამ ადამიანმა ნაცებს, როგორც იტყვიან, კუდით ქვა ასროლინა; მეტიც, ორ წელიწადში ისეთი პარტია შექმნა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე უფრო სტაჟიან პოლიტიკურ ძალებს აჯობა, ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში 6 კაცით შევიდაბუნებრივია, მიხვდით: ირმაზე გელაპარაკებით, ინაშვილზე, რომელიც ჯერ კიდევვარდების რევოლუციამდეგავიცანი. მაშინ ირმასაზოგადოებრივ მაუწყებელზესპეცგადაცემებს აკეთებდამას მერე ათასმა წყალმა ჩაიარა დადღეს ასეთი რეალობაა: ირმა ინაშვილი, დიდი ალბათობით, მე-9 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდებამართლა დაწერა თუ არა ლექსი კომკავშირზე, ქმრის რომელი თვისება მოსწონს, რა შენიშვნებს აძლევენ შვილები და რომელ მეგობარზეა ნაწყენი? - ამ თემებზე პატრიოტთა ალიანსის გენმდივანს საჯაროდ არასოდეს ულაპარაკია. ასე რომ, „ვერსიაპოლიტიკაში წასული ჟურნალისტის, ირმა ინაშვილის არა-ჩვეულებრივ ინტერვიუს წარმოგიდგენთ.

(…)

- მაშინაც კი, როცა ჟურნალისტიკაში იყავი, ჭორებს ხშირად გივრცელებდნენ, მაგრამ ბოლო დროს თავს ყოფილი მეგობრებიც კი გესხმიან. ამის მიზეზი შენი წარმატებაა? ორ წელიწადში ისეთი პარტია შექმენი, რომელმაც 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა

- საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებიც სხვებს რაღაცით არ ჰგვანან, არასტანდარტულ ნაბიჯებს დგამენ და რაღაც წარმატებას აღწევენ, ყოველთვის ებრძვიან. ის, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი გადავლახეთ, ვიღაცისთვის შეიძლება, დიდი წარმატებაა, მე კი ვთვლი, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვათა შორის, 5 პროცენტისთვის ნამდვილად არ ვიბრძოდით და ამ 5 პროცენტს არც ახლა ვეგუები, რადგან ზუსტად ვიცი, ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით მაღალია.

- თუკი ასე ფიქრობ, ბედს რატომ შეეგუე? არადა, მახსოვს, აანონსებდი, 8 ოქტომბერს, როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურება, საპროტესტო აქციებს დავიწყებთო

- იმიტომ გავჩერდი, რომ არჩევნების თემასთან დაკავშირებით ხალხში საპროტესტო მუხტი ვერ ვიგრძენი. საერთოდ, ამ არჩევნებზე ძალიან ცუდი რამ მოხდა: არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო, გავაღიზიანო და ჩემზე გავაბრაზო, მაგრამ ამომრჩევლის ნაწილი გაიყიდა! ქვეყანაში სოციალური კრიზისი და სიდუხჭირე ისეთი დიდია, რომ ამ ადამიანებს არ განვიკითხავ, თუმცა მომავალზე ვფიქრობ, როგორ შეიძლება, არჩევნები დავიცვათ, თუკი ყველა, ვისაც უჭირს, არჩევნებზე 20 ან 50 ლარს აიღებს.

- ფული პატრიოტებსაც დაგერიგებინათ, ვინმემ დაგიშალათ?

- ჯერ ერთი, ფული არ გვქონდა; მეორეც, რომც გვქონოდა, არ დავარიგებდით!

- რა ვიცი, ხმა დადიოდა, ბევრი ფული აქვთო

- ეს მეც გამიგია, მაგრამ ჩვენი ყველა შემოწირულობა საჯაროა და ის თანხა, რაც გვქონდა, მთლიანად მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებზე დაიხარჯა! ის ხალხი არ ვართ, ვინც პარტიის ფულს ჯიბეში იდებს! პოლიტიკური საქმიანობისა თუ სააკაშვილის რეჟიმთან წინააღმდეგობის გამო ამქვეყნიური ბევრი სიკეთე დაგვითმია და გაგვიღია კიდეც, მაგრამ ახლა რომ გამოვსულიყავი და მეთქვა, გამოდით-მეთქი, ვერ ვიგრძენი, რომ საზოგადოება ამისთვის მზად იყო _ არჩევნების შედეგები ყველა პარტიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა. თვით ნაცმოძრაობამაც კი, რომელიც ამბობდა, არიქა, კრამიტებს დავამტვრევ და „ოცნებას“ ხერხემალში გადავამტვრევო, არჩევნები აღიარა და გამოვიდა, რომ მარგინალი, სამყაროზე გაბოროტებული, ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებული ვარ და არაფერი მინდა.

- ისე, ზოგს მართლა ჰგონია, რომ ყველაზე გაბრაზებული ხარ. საჯარო გამოსვლებისას რატომ ჩხუბობ ხოლმე?

- თავს არავის ვადარებ, მაგრამ ყველა, ვისაც სიმართლის განცდა გაფაქიზებული აქვს, ტყუილსა და ცუდ საქციელზე ემოციურად რეაგირებს და ამას ხან სიბრაზით გამოხატავს, ხან ხმაურით, თუმცა ვანო, მერწმუნე, ასეთი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო სევდიანები, გულჩვილები და მიმტევებლები არიან, ვიდრე ისინი, ვინც მაღალ მატერიებზე „დაყენებული სახეებით“ ლაპარაკობენ.

- ვინაიდან მომავალი ვიცე-სპიკერი ხარ, ალბათ, პირფერობად არავინ ჩამითვლის, მაგრამ შინაურულ წრეში ხშირად მითქვამს, პირად ურთიერთობაში ირმა კარგი და განსხვავებულია-მეთქი. ისე, მგონია, რომ პიარის ხელოვნებასაც კარგად ფლობ. ჰოდა, რაღაცებს შეგნებულად აკეთებ თუ, უბრალოდ, შეცდომებს უშვებ? აი, მაგალითად, როცა თქვი, მაგრად ვილოცებ, ვეზიარები და წამოვალო, ვერ მიხვდი, რომ ყველაფერი ეს შეიძლება ქილიკის საგანი გამხდარიყო?

- (იღიმის) ვანო, ზოგიერთი საჯარო პირი – ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი რაღაც განცხადებას მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან იცის, რომ ეს კონკრეტული ფრაზა ცნობადობას აუმაღლებს და დამატებით პოპულარობას მოუტანს. მე კი ასე არასოდეს ვფიქრობ და ყოველთვის იმას ვამბობ, რისი თქმაც იმ წუთას მინდა. წინასწარ არ ვალაგებ, ეთერში რა ვთქვა, რადგან ცოცხალი ეთერი ჩემთვის ცოცხალი აზროვნებაა… ყველა სიტყვაში, რასაც ვამბობ, გულწრფელი ვარ! მარხვა, ზიარება და აღსარება ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და როცა ამაზე ვლაპარაკობ, არ ვფიქრობ, „დარტყმები“ წამოვა-მეთქი. იმ ადამიანებს, ვინც ტელევიზიით ამბობენ, არც ვმარხულობთ და არ ვეზიარებითო, არასოდეს განვიკითხავ და არც ჭკუის სწავლებას ვუწყებ, რატომ არ გწამთ, მოდით, მართლმადიდებლები გახდით, ეზიარეთ და იმარხულეთ-მეთქი. საერთოდ, ყველაფერში, მით უმეტეს, ისეთ საკითხში, როგორიც რწმენაა, ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ როცა ვთქვი, ვიმარხულებ, ვეზიარები და წავალ-მეთქი…

- უკაცრავად, სად მიდიოდი?

- სად და, სიმართლისკენ. ახლა კი, დარწმუნებული ვარ, რომ ტყუილში ვართ, რადგან ეს იდეალური არჩევნები არ იყო. იმ სიტყვებით იმ იდეალური სიმართლისა და რეალობისკენ მივდიოდი, რომელიც მინდა, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს.

- ისე, „ოცნებამრატომ მოგატყუა?

- ჯერ ერთი, ამ შემთხვევაში, კლასიკურ ტყუილზე არ ვლაპარაკობ; მეორეც, „ოცნებასთან“ საერთო არაფერი მაქვს, რომ მომატყუოს ან არ მომატყუოს.

- ირმა, განა, არ ადასტურებ, შენ რომ არა, 2012-შიოცნებაარჩევნებს ვერ მოიგებდა?

- კი ბატონო, ამას ვადასტურებ, მაგრამ „ოცნება“ ამბობდა, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩავატარებო. თითქოს ვერ შევედავებით, რომ არჩევნები უსამართლო იყო, მაგრამ სინამდვილეში, სხვა სტილისა და სპეციფიკის არჩევნები ჩატარდა. გაანალიზება ამას სჭირდება და სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც არასაპარლამენტო პარტიებიც შევლენ და შევეცდებით, იმას მივაგნოთ, რაც ამ არჩევნებში არასპეციფიკური იყო. ისე, თავს არც თამარ მეფეს ვადარებ და არც დავით აღმაშენებელს, მაგრამ იმის თქმა, პირჯვარს გადავიწერ და ომში წავალო, სირცხვილად როდის ითვლებოდა? ეს სირცხვილად და არასტანდარტულად ახლა ითვლება.

- ლოცვა და ზიარება სირცხვილი არც ახლაა, მაგრამ უბრალოდ, 21- საუკუნეა და ყველაფერი, რასაც პოლიტიკოსი ამბობს, პიარტექნოლოგიების წყალობით, შესაძლოა, მისივე საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული. ავიღოთ, მაგალითად, ის კადრები, სადაც ჩანს, რომ ნაცაქტივისტებს აგინებ

- ძალიან კარგს ვაკეთებ, რომ ვაგინებ, კიდევ შევაგინებ და პარლამენტარის სტატუსი ხელს ვერ შემიშლის, ისე მოვიქცე, როგორც საჭიროდ ჩავთვლი!

- მერე, საჯარო პირის თმენის ვალდებულებას რა ვუყოთ?

- ეს სხვა საკითხია… პარლამენტის წევრის სტატუსი ჩემს თავისუფლებას ვერ შებორკავს! პირველ რიგში, პიროვნება ვარ და მერე პარლამენტის წევრი. მერწმუნეთ, საქართველოს საზოგადოებას პარლამენტის ისეთი წევრი არ სჭირდება, რომელიც მონუსხული, დადუმებული, ურეაქციო და უემოციო იქნება! ასეთი უემოციო, უპოზიციო და უბიოგრაფიო დეპუტატები ვნახეთ. ვთვლი, რომ დღეს ქვეყანას სულ სხვა სტილის პოლიტიკოსები სჭირდება, პოლიტიკას კი – არასტანდარტული და შემოქმედებითი აზროვნება, თორემ ქართული პოლიტიკა ძალიან დახავსებულია – პოლიტიკა მარადმწვანე პოლიტიკოსებმა შეჭამეს და ახალ სახეებს არ უშვებენ.

- არ გეწყინოს და, ერთი ასეთი მარადმწვანე პოლიტიკოსი პატრიოტებშიცაა - ადა მარშანია თქვენი სიის მეორე ნომერია და დეპუტატიც გახდა

- კი ბატონო, მაგრამ გრადაცია ამ მარადმწვანეობაშიც არსებობს. ზოგიერთ მარადმწვანე პოლიტიკოსს ქვეყნისთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია. რაც შეეხება ადა მარშანიას, მას და მის ოჯახს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში დამსახურება აქვთ. ადა ჩვენი თანამებრძოლი წინააღმდეგობის მოძრაობიდანაა. არადა, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი იმალებოდა და ეშინოდა.

- ამ ლოგიკიდან გამომდინარე, გაუგებარია, ზაზა მიქაძე პატრიოტთა სიის მეხუთე ნომერი და, შესაბამისად, დეპუტატი რა ნიშნით გახდა? ადგილი გაყიდეთ?

- ასეთი რამ არ ყოფილა. საერთოდ, ადგილების გაყიდვა ჩვენი სტილი არაა და, სიმართლე გითხრა, არც არავის უღვაწია, მოსულიყო და დაფინანსება შემოეთავაზებინა. ასეთი რამ რომ ყოფილიყო, მივიღებდით – როცა საარჩევნო რეჟიმშია, პარტიას დაფინანსება სჭირდება და კარგი იქნებოდა, ერთი კი არა, ათი ზაზა მიქაძე გვყოლოდა, თუმცა ზაზა ჩვენთან ახლა არ გამოჩენილა, მრავალი წელია ვმეგობრობთ და ვთვლი, რომ სწორედ მისნაირი კომპეტენციისა და აზროვნების ახალი სახეები არიან საჭირონი.

- შეიძლება, კარგად აზროვნებს, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს და პარლამენტში რა უნდა გააკეთოს?

- ბევრ მარადმწვანეს ჰგონია, რომ პოლიტიკური გამოცდილება აქვს, მაგრამ პარლამენტში უსარგებლოა. ზაზა მიქაძე ეკონომისტი და იურისტია, ბიზნესში დიდი გამოცდილება და ცნობილ საერთაშორისო კომპანიებთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. საქართველოში ბევრი საინვესტიციო პროექტი განუხორციელებია და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე საინტერესო იდეებიც აქვს, რაც კანონპროექტების სახეს მიიღებს. მოკლედ, ზაზა ძალიან კარგი დეპუტატი იქნება.

- ღმერთმა ხელი მოუმართოსირმა, სოციალურ ქსელში ერთი გვერდი არსებობს -თარხან ბრძენი და მშვენიერი ირმა“. მოდი, იმას, რომ მიშას ებრძოდი, თავი დავანებოთ. ქალი, დედა ხარ და როცა ასეთ რაღაცებს ნახულობ, როგორი რეაქცია გაქვს ხოლმე?

- (იღიმის) რომ გითხრა, მსიამოვნებს და მიხარია-მეთქი, მოგატყუებ და გულწრფელი არ ვიქნები, მაგრამ ამ წლების განმავლობაში მოთმინების უფრო მეტი უნარი გამომიმუშავდა. ის, რაც სოციალურ ქსელში ხდება, არც ჟურნალისტიკაა და არც „შავი პიარ“.

- აბა, რა არის?

- რა და, მიზანმიმართული წერტილოვანი დარტყმები კონკრეტულად ჩემზე, როგორც პარტიის ერთ-ერთ ლიდერსა და დავით თარხან-მოურავზე, როგორც პარტიის თავმჯდომარეზე. ბევრს ჰგონია, რომ თარხან-მოურავი პარლამენტის წევრი გახდა ან აჭარის უმაღლეს საბჭოშია და დარტყმების ეპიცენტრში ამიტომაცაა, მაგრამ ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ თარხან-მოურავმა ქართული პოლიტიკისთვის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, როცა თქვა, საპარლამენტო სიაში არ ვიქნები და ადგილს ჩემს თანამებრძოლ ირმა ინაშვილს ვუთმობ, რომელიც პარტიის პირველი ნომერი იქნებაო…

- დავით თარხან-მოურავმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობა ზაზა ოქუაშვილს რატომ დაუთმო?

- აჭარის უმაღლეს საბჭოში მის ყოფნას აზრი მაშინ ექნებოდა, 7-8 კაცი რომ გაგვეყვანა, მაგრამ ახლა, ერთი თარხან-მოურავი რამეს ვერც უმაღლეს საბჭოს შესძენს და, როგორც თავმჯდომარე, ყურადღებას პარტიასაც დააკლებს, ამიტომ ზაზა ოქუაშვილს ვთხოვეთ, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულიყო – იქ პარტიის პოლიტიკის განხორციელება-გასაჯაროებას ზაზაც ბრწყინვალედ მოახერხებს. დათო კი პარტიას ადგილობრივი არჩევნებისთვის მოამზადებს…

- ირმა, პირად საუბარში მითხარი, საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება არ მაქვს. დეპუტატობის, მით უმეტეს, ვიცე-სპიკერობის ხომ არ გეშინია?

- არა, რადგან იმდენი პარლამენტარი მყავს ნანახი და მათი იმდენი გამოსვლა მომისმენია, სიმართლე გითხრა, ჩემს თავზე წარმოდგენა ამიმაღლდა!

- ისე, ვიცე-სპიკერობა უკვე გაითავისე?

- კი, გავითავისე, თუმცა ამას ძალიან განვიცდი.

- რატომ?

- ჩემი ცხოვრება ისედაც მძიმე იყო და ახლა კიდევ უფრო მძიმე იქნება.

(…)

-ირმა, რამდენი წლის შვილები გყავს?

- 15 და 16.

- შენი და შენი შვილების პოლიტიკური გემოვნება თანხვედრაშია?
- მაგალითად, ჩემს ქალიშვილს ძალიან არ მოსწონს, როცა პრორუსს მეძახიან და მეუბნება ხოლმე, დასავლეთის ვითომმომხრეები ძალიან აგრესიულები არიანო. მოკლედ, ჩემს შვილებს და, საერთოდ, მათ თაობას აგრესია და იარლიყების მიკერება არ მოსწონს.

- განა, არ შეგიძლია, შენი პრორუსულობის მითი დაამსხვრიო?

- (იღიმის) ეს მითი დამსხვრეულია – ქართულ პოლიტიკაში ასეთი იარლიყი აღარ თამაშობს! პროდასავლური პარტიები ამ იარლიყების მიკერებამ დაანგრია. შეიძლება, ვიღაცას უხარია, პარლამენტში სამი პარტიაა, დედა, რა კარგიაო, მაგრამ პირადად მე არ მიხარია და ძალიან განვიცდი, რომ პოლიტიკური სივრცის „ამოყირავება“ მოხდა. პოლიტიკური კლასი იარლიყების მიკერებას გადაჰყვა – იმდენს ამტკიცებდნენ, აი, პროდასავლურები ვართო, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა. დღეს მოთხოვნა „პრო“-ებზე კი არა, ეროვნულ ძალაზეა.

- სხვანაირად არ გამიგო და, ეროვნულობაც, „პრო-ებისა არ იყოს, პირობითია..

- არა… როცა გეამაყება, რომ პროდასავლური პოლიტიკოსი ხარ, შენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ხედვა უნდა ვიცოდე, მაგრამ ამ ხედვაზე კი არ მელაპარაკები, არამედ, მუდმივად მეჩხუბები და მარწმუნებ, პროდასავლური პოლიტიკოსი მე ვარ, შენ კი არაო. აი, პროდასავლური პოლიტიკოსი მე რატომ არ ვარ და პრორუსი რატომ ვარ? ვინმემ ერთი ციტატა მაინც მოიტანოს, სადაც ვამბობ, რომ ევრაზიული კავშირი მინდა და ნატო არა. ერთი ფაქტი მაინც მაჩვენონ, როცა რუსეთის დაზვერვის თანამშრომელს ვხვდები, როგორც ლევან ბერძენიშვილი ხვდებოდა და მიშა სააკაშვილმა ეს გაუსაჯაროვა. ვფიქრობ, იმაში საამაყო არაფერია, თუ ცრუ-ს აგენტი ხარ. ცრუ-ს აგენტობაც ისეთივე სამარცხვინოა, როგორც _ ფსბ-სი და, საერთოდ, ამ აგენტობაზე ლაპარაკი უნდა დამთავრდეს!

- ირმა, ზოგს პატრიოტები პრორუსები შეიძლება იმიტომ ჰგონიხართ, რომ ხალხს გასაგები ენით არ ელაპარაკებით

- ქართულ პოლიტიკაში ჩვენზე გასაგები ენით ერთი პარტიაც არ ლაპარაკობს – ჩვენ ყველაზე ხალხოსნური ენა გვაქვს.

- მიუხედავად ამისა, იგივე საგარეჯოში, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა არჩევნები წააგე!

- (იღიმის) ვანო, ეს იმის გამო არ მომხდარა, რომ ხალხს ჩემი ენა არ ესმის. ეს სხვა თემაა და სწორედ იმას უკავშირდება, არჩევნები რა სპეციფიკითაც ჩატარდა.

- წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: არჩევნების ჩატარების შემსწავლელ კომისიას იურიდიული ძალა ხომ არ ექნება?

- ამ ეტაპზე დასკვნა უნდა დაიდოს და თუკი ისეთი ფაქტები, მტკიცებულებები იქნება, რაც გაფიქრებინებს, რომ საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას, ამ გზით მერე წავალთ. ისე, სამართლებრივი საფუძველი არასაპარლამენტო კომისიის დასკვნასაც აქვს, თუკი ამ დასკვნით ვაშინგტონში, სტრასბურგში წახვალ და ევროპარლამენტსა თუ კონგრესში, როგორც ვიცე-სპიკერი, ამ თემის პრეზენტაციას გააკეთებ. სხვა გზებიც არსებობს, რომლითაც ვიმოქმედებთ. საქართველოში საარჩევნო მანიპულაციები, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს!

- მათ, ვინც შენზე ქილიკობს, დაემუქრე, ყველას სახელსა და გვარს ვიმახსოვრებო...

- დიახ, დავემუქრე და ახლაც ვემუქრები.

- ანუ, ვიცე-სპიკერი რომ გახდები, ამ ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიებს დაიწყებ?

- ჩემი მთავარი საკანონმდებლო პაკეტი საინფორმაციო ველს შეეხება, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც სოციალური ქსელი იქნება.

- მაშასადამე, სოციალური ქსელების აკრძალვის მოთხოვნით გამოხვალ?

- არა, არა. პასუხისმგებლობა სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამავრცელებელზეც უნდა არსებობდეს და ისეთი გვერდის შემქმნელზეც, როგორიცაა „თარხან ბრძენი და მშვენიერი ირმა“. სოციალური ქსელი ჩვეულებრივი საინფორმაციო ველია და პასუხისმგებლობის საკითხი იქაც უნდა არსებობდეს. მოკლედ, ჩვენ კიბერ-პოლიციის შექმნაზე ვლაპარაკობთ, რომელიც შსს-ში ვითომ არსებობს, მაგრამ სულ სხვა ფუნქციები აქვს. როცა სოციალურ ქსელში მემუქრებიან, უკიდეგანო პირად შეურაცხყოფას მაყენებენ და ჩემს შვილებს ემუქრებიან, რომ დედას მოუკლავენ…

- ირმა, უნდა ჩაგეკითხო: შენს შვილებს დედის მოკვლით ახლა ემუქრებიან?

- ბოლო ორი თვეა – არა. სხვათა შორის, ძალიან აქტიურად მწერდნენ უკრაინიდან, სააკაშვილის ქართველი ჯარისკაცები და მემუქრებოდნენ, რომ ჩამოვიდოდნენ და მომკლავდნენ. ამის შესახებ საჯაროდ არასოდეს მილაპარაკია, თუმცა ინფორმაცია შსს-ს კიბერუსაფრთხოების სამსახურს მივაწოდე… სხვადასხვა თემაზე რამდენიმე გამოძიება მიდის, ჩვენებებიც მაქვს მიცემული, მაგრამ წლები გადის და შედეგი არაფერია. სულხან მოლაშვილი მოკვდა, აგარაკი კი ახლა დაუბრუნეს და რაზე ვლაპარაკობთ? ისე, მოლაშვილი გვარებს სიცოცხლეშივე ასახელებდა, თუმცა დღეს ბოკერია პარლამენტის წევრია! მოკლედ, გვინდა, ადამიანები სამართლიანობის აღდგენას სიცოცხლეშივე ეღირსონ და არა ისე, როგორც სულხან მოლაშვილის შემთხვევაში – ყველაფერ ამას შეეწირა და აგარაკი მერე დაუბრუნეს!

ერთი სიტყვით, სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობის მუქარა ისეთივე დასჯადი უნდა იყოს, როგორც რეალურ ცხოვრებაშია. ვანო, გარწმუნებ, ასობით მუქარა მაქვს მიღებული. დღეს სოციალურ ქსელში მუქარისთვის არავის სჯიან, მაგრამ ყველა ამ ადამიანს ვიმახსოვრებ, სასაცილოა, ყველას რომ დავუარო და თავი მოვაჭრა, მაგრამ მომავალ ოთხ წელში შევძლებ, კანონები შეცვალო და მერე, ამ ადამიანებს ვუთხრა, იმის გაკეთება, რასაც აკეთებთ, არ შეიძლება-მეთქი.

-ირმა, ამ თემაზე, როგორც მახსოვს, ადრეც გვილაპარაკია, მაგრამ ყველაფერი კარგად რომჩავაანალიზო“, კიდევ უნდა გკითხო: ჯერ კიდევ 2012 წლის პირველი ოქტომბერს არჩევნებამდე ვიღაცებსოცნებისპროექტი ეგონე. 8 ოქტომბრის არჩევნებამდე კი ისიც მოვისმინე, პატრიოტებში ფულს ექსპერმიერი ღარიბაშვილი დებსო

- ეს პირველად მესმის…

- მოკლედ, „ოცნებამთავისიანად რატომ არ გაღიარა?

- დღევანდელი ხელისუფლება ისევ სააკაშვილის ლობისტების მძევალი მგონია და 8 ოქტომბრის არჩევნებიც ამის ნათელი მაგალითი იყო ანუ ნაცმოძრაობის ლობისტები ხელისუფლებას „აწვებოდნენ“, პარლამენტში მეორე ძალად ნაცმოძრაობა შესულიყო.

- სხვა რამ გკითხე და სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ

- პასუხს აქედან ვიწყებ… რაღაც გადათამაშება მოხდა, ბოკერია ვითომ სააკაშვილს გაემიჯნა და, როგორც ლოკომოტივი, ჩახსნეს, მაგრამ ვეჭვობ, პირველ-მეორე ადგილებზე ბოკერიასა და ხელისუფლების მოლაპარაკება შედგა. ვინმეს უნდა თუ არა, პირველზე ისეც „ოცნება“ იყო, მაგრამ მეორეზე ნაცმოძრაობა ნამდვილად არ იყო – მას ნახევარი მილიონი ხმა არ მიუღია. მოკლედ, ლობისტების ზეწოლით, პარლამენტში მეორე ძალად ისევ ნაცმოძრაობა შეიყვანეს და ამით ხელისუფლებამ სცადა, პროდასავლურობის იმიჯი შეენარჩუნებინა – სააკაშვილის ლობისტები „ოცნებას“ მუდმივად ემუქრებიან, თუ ასე არ გააკეთებ, მთელ მსოფლიოში მტკიცებას დავიწყებ, რომ პრორუსი ხელისუფლება ხარო. „ოცნების“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ თავის ქმედებებში თავისუფალი არაა.

- შეიძლება, მაგრამ სხვა რამ გკითხე ანუოცნებამთავის დროზე თავის სახედ რატომ არ აგირჩია, ვთქვათ, სახალხო დამცველობა რატომ არ შემოგთავაზა?

- დაუწერელი კანონია: რაღაც რომ შემოგთავაზონ, შენ თვითონ უნდა იაქტიურო, თორემ თუ არ იაქტიურებ და არავის „შეუძვრები“, არაფერს შემოგთავაზებენ. ყველა ხელისუფლებას თუ პირველ-მეორე პირს მოსწონს, როცა „უძვრებიან“ და მერე, რამეს სთავაზობენ ან არ სთავაზობენ და „შემძვრალი“ „გამომძვრალი“ რჩება. მე და ჩემი გუნდის რომელიმე წევრს კი ხელისუფლებისთვის არც თანამდებობა გვითხოვია და ჩვენს შორის არც რამე შეთანხმება ყოფილა. ჩვენი გზები მაშინ გაიყო, როცა კოჰაბიტაციის ლობირება დაიწყეს. მანამდე, უბრალოდ, თანამებრძოლები ვიყავით – ბესელია, მანანა კობახიძე, ვოლსკი და უამრავი ადამიანი. ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა, ეს მიზანი შესრულდა _ სააკაშვილი გატყდა, მაგრამ მერე აღადგინეს და როცა ეს პროცესი დაიწყეს, ჩვენი გზები მაშინ გაიყო, ჩვენ ჩვენი პარტია შევქმენით. სატელიტობა იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება გაქვს და ხელისუფლება ან მისი ბიზნესკომპანიები შენს პარტიას აფინანსებენ, ასევე ერთნაირი მესიჯბოქსი გაქვთ – ასეთი სატელიტი პარტიები ნანახი გვაქვს.

_ ისეთი სატელიტური ოპოზიციური პარტიებიც არიან, რომლებიც ხელისუფლებასზრდილობისთვისაგინებენ

- კი ბატონო, მაგრამ ვანო, გარწმუნებ, ბიძინა ივანიშვილის ან „ქართული ოცნების“ ვალი არ მაქვს, რომ ჩემს ფრაზეოლოგიასა თუ დამოკიდებულებაში მოზომილი ვიყო, ამიტომ, როცა სატელიტობაზეა ლაპარაკი, მეცინება და მგონი, თვითონაც ეცინებათ – საკონტაქტო პირიც კი არ არსებობს, რომლის საშუალებითაც ერთმანეთს დაველაპარაკებით.

- ანუ, ივანიშვილის პირადი ტელეფონის ნომერი არ გაქვს?

- ივანიშვილთან ტელეფონით არასოდეს მილაპარაკია. ხელისუფლების არც პირველი პირებისთვის დამირეკავს, თუმცა არასოდეს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ვმეგობრობდი.

- ღარიბაშვილთან ახლაც მეგობრობ?

- დიახ, დღესაც ვმეგობრობ, თუმცა დისტანციურად – ერთმანეთს 2012 წლის მერე აღარ შევხვედრივართ. მეგობრებზე უარს არასოდეს ვამბობ.

- შენ და ღარიბაშვილი პოლიტიკამ დაგამეგობრათ?

- ჩვენ ბრძოლამ დაგვამეგობრა _ ის პოლიტიკა არ იყო. სხვათა შორის, ღარიბაშვილს გაცილებით ადრე ვიცნობდი, ვიდრე ბრძოლის ველზე გამოვიდოდა – მის სიმამრს აფხაზეთის ომიდან ვიცნობ…

- რა ამის პასუხია და, რაკი გახსნილად ვლაპარაკობთ, იმასაც გეტყვი, რომ ერთი ვერსიით, „ციხის კადრებითითქოს გურამ დონაძემ მოგაწოდა

- რა სისულელეა! გურამ დონაძეს 90-იანი წლებიდან ვიცნობ, როცა ჟურნალისტი იყო, მაგრამ რა საერთო უნდა მქონოდა? ვანო, შემიძლია, თავისუფლად გითხრა, რომ არ არსებობს ნაცმოძრაობის ერთი ლიდერიც კი, რომელსაც 2003 წლის ნოემბრის მერე შევხვედრივარ და ხელი ჩამომირთმევია, თორემ მანამდე ნებისმიერ მათგანთან ისეთი ურთიერთობა მქონდა, როგორც ჟურნალისტს, თუმცა ეს ხალხი არასოდეს მომწონდა და ვიცოდი, ჩვენს ქვეყანას ბოროტების მეტს არაფერს მოუტანდა!..

- ირმა, ტყუილი გითქვამს?

- რამდენჯერაც გინდა! ერთ-ერთი ტაქტიკური ტყუილი ის იყო, თითქოს „ციხის კადრები“ მერაბიშვილის მოადგილემ მომწონდა. ეს აბსოლუტურად დაგეგმილი ტაქტიკური ნაბიჯი გახლდათ, რომ ახალაიასა და მერაბიშვილის კლანები გაგვეხლიჩა. ასეც მოხდა და სწორედ ამის გამო ვერ მოახერხა ვერც ახალაიამ და ვერც მერაბიშვილმა ტელევიზიებში სპეცრაზმების შეყვანა. არადა, ეს გადაწყვეტილი ჰქონდათ…

- ცხოვრება უკან რომ დაბრუნდეს, კომკავშირზე ლექსს კიდევ დაწერ?

- ვაიმე… ამ ლექსის ისტორიას მოგიყვები: მამაჩემი დუშეთის მთავარი ექიმი იყო და ხშირად დავყავდით შატილში, ბარისახოში და ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ლექსებს ვწერდი. 1982 წელს, ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის შემდეგ, ლექსი არაგველებზე დავწერე, რომელიც სკოლის კედლის გაზეთში დაიბეჭდა. მაშინ სკოლებში კომკავშირის ინსტრუქტორები ხშირად დადიოდნენ. ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა კედლის გაზეთში ეს ლექსი ნახა, თურმე, ძალიან მოეწონა, თბილისში წამოიღო და 1986 წელს, ჟურნალ „ნობათში“ გამოაქვეყნეს, თუმცა ლექსი აბსოლუტურად შეცვლილი იყო. სიმართლე გითხრა, ეს ჟურნალი დუშეთში რომ ჩამოიტანეს, მთელ კლასს გულწრფელად გაგვიხარდა – მაშინ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ისე ვერ ჩააბარებდი, თუ პერიოდულ გამოცემებში რამე არ გქონდა გამოქვეყნებული. ლექსის შეცვლა დიდ ტრაგედიად და უბედურებად არ აღმიქვია, არც იმაზე მიფიქრია, რომ მომავალში ამ „ნობათს“ ვიღაც იპოვიდა… საბედნიეროდ, ჩემი კლასელები ცოცხლები არიან და ეს ისტორია ყველას ახსოვს! ოქტომბრელიც ვიყავი, პიონერიც და კომკავშირელიც, „არტეკშიც“ ვარ ნაყოფი და ამერიკელი სამანტა სმიტი „არტეკში“ ჩემთან ერთად ისვენებდა. თამარ ჩერგოლეიშვილმა გაიხსენა, რომ „არტეკში“ ისიც ნამყოფია, მაგრამ მერე რა მოხდა? რახან ყელსახვევი მეკეთა და პიონერი ვიყავი, რა, ცუდი ადამიანი ამიტომ ვარ? არაერთი გენიოსი ქართველი პოეტის, სხვათა შორის, გადაკეთებული ლექსი მახსოვს კომკავშირსა და პარტიაზე, რომელსაც საბჭოთა ცენზორები ინტერპრეტაციას უკეთებდნენ.

- მეუღლეზე არასოდეს ლაპარაკობ. რატომ?

- რატომ და, არ უყვარს, მასზე საჯაროდ რომ ვლაპარაკობ. არიან პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების მეუღლეები, რომლებიც ეკრანზე უფრო ხშირად ჩანან, ვიდრე მათი მეორე ნახევრები. ჩემს მეუღლეში სწორედ ის მომწონს, რომ წინა პლანზე არაა _ ძალიან ნიჭიერი მხატვარია, თავისი სამყარო აქვს და ჩემგან გამომდინარე, პოლიტიკაშიც ერკვევა, მაგრამ არ ცდილობს, საჯარო პირი გახდეს და ამას ვაფასებ…

(…)

- ზოგი იმასაც კომპრომატად თვლის, რომ შენი მამამთილი, ილია კევლიშვილი ტელევიზიაში პროფკავშირის თავმჯდომარედ მუშაობდა

- ამ სტატუსით ჩემი მამამთილი ტელევიზიის არაერთ თანამშრომელს ეხმარებოდა. საერთოდ, ილია კევლიშვილი ძალიან საინტერესო ჟურნალისტია – საბჭოთა ეპოქაში სტერეოტიპები დაანგრია და „ბითლზი“ თუ აკრძალული ამერიკული მუსიკა პირველად მის გადაცემებში აჟღერდა. ეს გადაცემები რადიომსმენელს დღემდე ახსოვს.

———————–

„საქართველო და მსოფლიო“, 09 ნოემბერი, 2016 წელი

დამარცხებული ქვეყნის გამარჯვებული პოლიტიკოსები

ლუკა ნემსაძე

არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ცხოვრების ტემპი მნიშვნელოვნად დაეცა. მმართველ პარტიაში თანამდებობებს ინაწილებენ, ოპოზიციაში ძალთა გადაჯგუფებას ცდილობენ. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საახალწლო არდადეგებამდე ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებული არაფერი მოხდება, თუმცა პოსტსაარჩევნო პერიოდში დაშვებული თითქოს უმნიშვნელო შეცდომები, როგორც ხელისუფლებას, ისე მის ოპონენტებს მომავალში შეიძლება ძვირი დაუჯდეთ.

ნაცმოძრაობა” “ნაცმოძრაობისწინააღმდეგ

7 ნოემბერს, თითქმის წელიწადნახევრიანი წარუმატებელი მოღვაწეობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი იძულებული შეიქნა, ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დაეტოვებინა. როგორც ცნობილია, უკრაინის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება “ოდესის საპორტო ქარხნის” პრივატიზების საკითხზე, რომლის ფარგლებში სააკაშვილს შეიძლება უკრაინის სს კოდექსის 364-ე მუხლით (თანამდებობის ბოროტად გამოყენება) ბრალი წაუყენონ. სააკაშვილის საეჭვო საქმიანობაზე პროკურატურას განცხადებით ოთხმა უკრაინელმა პარლამენტარმა მიმართა. გენპროკურორის მოადგილე ნაზარ ხოლოდნიცკის თქმით, მისი უწყება ამ საქმეზე სხვა მასალებსაც ფლობს.

გასულ კვირას სააკაშვილმა სერიოზული დარტყმა მიიღო საქართველოშიც თანაპარტიელებისგან.

4 ნოემბერს გავრცელდა თბილისის ყოფილი მერის – გიგი უგულავას მიმართვა, რომელმაც საპატიმროდან თანაპარტიელებს მოუწოდა, “ნაცმოძრაობის” ახალი თავმჯდომარე (და პოლიტსაბჭო) აირჩიონ. ამჟამად ეს ადგილი ვაკანტურია, იგულისხმება, რომ პარტიას მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც მოქალაქეობის უქონლობის გამო ფორმალურად არ შეუძლია თავმჯდომარე იყოს. უგულავამ პარტიას, ფაქტობრივად, ძველი ბელადისგან დისტანცირება, ხოლო თვითონ სააკაშვილს “იდეური მამის”, ერთგვარი “ერთიანი ნაციონალური კარლ მარქსის” როლით დაკმაყოფილება ურჩია. რეაქცია უგულავას ამ მოწოდებაზე არაერთგვაროვანი იყო. სააკაშვილის ერთგულმა კადრებმა არაერთი საპასუხო განცხადება გააკეთეს, რომელთა მოკლე შინაარსი, პრინციპში, ერთ მოკლე ფორმულამდე დაიყვანება _ “მიშა ღმერთია”, თუმცა ე.წ. ბოკერიას ჯგუფმა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ პატივისცემა გამოხატა, უგულავას წინადადება გაიზიარა.

უგულავას წერილმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერები, ისევე, როგორც 2012-ში, მარცხის მიზეზებს ტაქტიკურ შეცდომებსა და მოწინააღმდეგის ეფექტიან პიარსვლებში ეძებენ, იქნება ეს სკანდალური ვიდეოფირების ჩვენება ოთხი წლის წინათ, სააკაშვილის განცხადებები ზღვის გადაცურვაზე ან პარტიის მიერ პრემიერის კანდიდატურის არდასახელება სექტემბერ-ოქტომბერში. ეს, ალბათ, ლოგიკურია, რადგან მათ, როგორც ჩანს, არ ჰყოფნით ნებისყოფა, რომ სტრატეგიული შეცდომები გააანალიზონ, რეპრესიული რეჟიმის შექმნა იქნება თუ ქვეყნის ომში ჩათრევა. თუმცა აქ საინტერესოა სხვა რამ – ნაციონალების ნაწილს სურს, საკაშვილი განზე გასწიოს, მაგრამ ისე, რომ “ნაცმოძრაობის” რეიტინგი არ დაეცეს, რადგან მხარდამჭერების უდიდესი ნაწილის მობილიზებას სწორედ სააკაშვილი უზრუნველყოფს.

სააკაშვილი პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევას დათანხმდა (სხვა გამოსავალი რეალურად არ ჰქონდა). ამასთანავე, მრავალათასიანი ყრილობის გამართვის წინადადებით გამოვიდა, რომელზეც, სავარაუდოდ, გაცილებით დიდი გავლენის მოხდენა მას შეეძლება, ვიდრე ბოკერიას ჯგუფს. პარტიის ლიდერები, ალბათ, შეეცდებიან, შიგა არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვან მოვლენად წარმოაჩინონ, რათა შეუმდგარი რევანშის გამო გულნატკენი მომხრეები კვლავ დააინტერესონ და პარტიის გარშემო შეკრიბონ.

მართალია, ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი ხანია, ბოკერიამ სააკაშვილს პარტიის მართვის რეალური ბერკეტები წაართვა, მაგრამ ოდესის ყოფილი გუბერნატორი “ნაცმოძრაობაზე” ზემოქმედების საშუალებებს მაინც ინარჩუნებს. ასე რომ, ამჟამად პარტიაში ერთგვარი ორხელისუფლებიანობაა, რომელიც შედეგიანი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მკვეთრად ზღუდავს.

დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ხელს უშლიან, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან სჭირდებიან ერთმანეთს და ამ პარადოქსული გარემოების გააზრება, სავარაუდოდ, მიიყვანს “ნაცმოძრაობის” ლიდერებს მოჩვენებით კონსენსუსამდე, კონფლიქტი და ინტრიგები კი გაგრძელდება, რომლებიც უარყოფითად აისახება როგორც პარტიის რეიტინგზე, ისე მის კამპანიაზე ადგილობრივი არჩევნების პერიოდში.

ბიძინა ივანიშვილისახალგაზრდა გვარდია

ჯერ კიდევ არჩევნებამდე ცხადი იყო, რომ ივანიშვილი შეეცდებოდა, ავანსცენაზე ე.წ. ახალი სახეები გამოეყვანა, პარლამენტში პოსტების განაწილებამ ეს მოსაზრება დაადასტურა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება. ის ივანიშვილის ერთ-ერთი ერთგული კადრია და გამოკვეთილი საიმიჯო პრობლემები არ აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს სხვა პრობლემა, რომელიც პოლიტიკური როლის შეცვლას უკავშირდება. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და (განსაკუთრებით) პარლამენტის თავმჯდომარე დისტანცირებული უნდა იყვნენ ვიწროპარტიული სიმპათიებისგან და ფრაქციების დაპირისპირებისას გარეგნულად მაინც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. სხვაგვარმა ქცევამ, აშკარა მიკერძოებამ მმართველ პარტიას შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს. კობახიძე ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” ოპონენტებთან ხშირად კამათობდა და 100%-ით კორექტული ყოველთვის როდი იყო.

თუ საზოგადოება აღიქვამს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, მხოლოდ როგორც ივანიშვილის მარიონეტს და ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების დამცველს, ეს ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის. თუმცა მთლიანობაში, “ახალი სახეების” დაწინაურება ლოგიკურად გამოიყურება, რადგან მალე “ქართული ოცნება” ისეთივე პრობლემის წინაშე დადგება, როგორიც ჰქონდა “მოქალაქეთა კავშირსა” და “ნაციონალური მოძრაობას” მეორე საპარლამენტო ოთხწლედის მიწურულს, როდესაც უკმაყოფილება დაგროვდა და ამომრჩეველთა უმრავლესობამ ზურგი შეაქცია. პარტიას, სულ ცოტა, რებრენდინგი მაინც დასჭირდება და, ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მის წიაღში “რეფორმატორთა გუნდი” გამოიჩეკება, რომელსაც მომავალ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი ლოკომოტივის როლს მიანიჭებს. ამ კონტექსტში “ახალი სახეების” დაწინაურებამ შეიძლება გაგვახსენოს “ახალგაზრდა რეფორმატორების” სტარტი 1990-იანებში _ შევარდნაძის აშკარა კეთილგანწყობის პირობებში. მართალია, ეს მხოლოდ გარეგნული მსგავსებაა, მაგრამ კითხვა _ რატომ ნიშნავენ ამ ახალგაზრდებს საკვანძო თანამდებობებზე? _ დღეს ისევე, როგორც იმხანად, პასუხგაუცემელია.

რას გვერჩის ჩინეთის 23- ბიურო?

სანამ პოლიტიკოსები საპარლამენტო თუ პარტიულ თანამდებობებს ინაწილებდნენ, ხარაგაულის რიონის სოფელ ზვარეში ფრიად საგანგაშო ინციდენტი მოხდა. “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” ცნობით, 3 ნოემბერს “შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” ზვარეს ობიექტის ადმინისტრაცია, ტყიდან გამოსულ ორ ადგილობრივ მცხოვრებს არმატურებისა და სხვა რკინის კონსტრუქციების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდა. ენის ბარიერისა და კომუნიკაციის არარსებობის გამო, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ გლეხებს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” კუთვნილი შეშა მიჰქონდათ სახლში. ინციდენტს ადგილზე შეესწრო ზვარეს ობიექტზე დასაქმებული სამი მუშა, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვა სცადეს, მაგრამ კომპანიის ათობით წარმომადგენლებმა არც ადგილობრივი დასაქმებულები დაინდეს და უმოწყალოდ სცემეს. მუშებმა პოლიცია გამოიძახეს. სიტუაცია დროებით განიმუხტა. ხუთი დაზარალებული კი ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დილით, სამუშაო ცვლის დაწყებამდე, დასაქმებულები სიტუაციაში გარკვევას ითხოვდნენ, როცა მათ კომპანიის წარმომადგენლებმა ალყა შემოარტყეს და რკინის კონსტრუქციების გამოყენებით დასაქმებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მუშებმა თავს გაქცევით უშველეს. დასაქმებულების მხრიდან დილის ინციდენტში დაშავდა კიდევ ორი მუშა, რომლებიც ასევე გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში”.

მოგვიანებით შსს-მ ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა. “გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით)”, _ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი ირწმუნება, რომ არც საგნები იყო ბლაგვი და არც დაზიანებები ნაკლებად მძიმე.

“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებამ შემოიყვანა და კონტრაქტი მასთან 2011 წლის 12 აგვისტოს გააფორმა. პრობლემებმა თავი მალევე იჩინა _ სოფელ ქვიშხეთის მცხოვრებთა მტკიცებით, კომპანია სამუშაოებს ნორმების დარღვევით აწარმოებდა, რის გამოც მათი სახლები სერიოზულად დაზიანდა. საგულისხმოა, რომ “საქართველოს რკინიგზამ” მაშინ კონფლიქტისგან დისტანცირება არჩია და უკმაყოფილოებს ურჩია, კონტრაქტორი ფირმისთვის მიემართა.

“23 ბიურო” საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა 2016 ოქტომბერში, როდესაც მუშებმა გაფიცვა დააანონსეს და უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და რიგი სხვა მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაზე მიუთითეს. გასულ კვირას კი მოხდა შეტაკება, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. ხელისუფლება პროცესებში მხოლოდ მაშინ ჩაერია, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელობა აშკარა ძალადობაზე გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებების ზედაპირული მონიტორინგიც კი ცხადყოფს _ დაძაბულობა “23-ე ბიუროს” გარშემო თვეების განმავლობაში იზრდებოდა, მაგრამ ადგილობრივი მუშების მდგომარეობით მხოლოდ პროფკავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის ცალკეული წარმომადგენლები ინტერესდებოდნენ და მათ რეალურად არაფრის შეცვლა არ შეეძლოთ. საბოლოოდ, ჩინელმა მენეჯერებმა, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას პატრონი საერთოდ არ ჰყავს და მას შეიძლება ბლაგვი თუ ბასრი საგნების გამოყენებით გაუსწორდნენ.

ხელისუფლება მშრომელთა უფლებების დაცვის მთავარი გარანტორია. ეს აქსიომაა და, თუ მთავრობა ან რკინიგზის ხელმძღვანელობა პრობლემურ სიტუაციაში ბუჩქებში დაიმალება, რათა უცხოელ პარტნიორებს არ აწყენინოს, ის ყოველთვის მიიღებს მსგავს ინციდენტს, რომელიც მის რეიტინგს მიწასთან გაასწორებს. ამას შეიძლება მოჰყვეს რადიკალური ნაციონალიზმის აღზევება, რომელიც სამოქალაქო მშვიდობას საქართველოში უდიდეს საფრთხეს შეუქმნის. კონფლიქტი სოფელ ზვარეში არჩევნების შემდეგ ხელისუფლებისთვის პირველ გამოცდად იქცა და ნაკლებად სავარაუდოა, წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა მისი ჩაბარების შესაძლებლობა მისცეს.

„საქართველო და მსოფლიო“, 09 ნოემბერი, 2016 წელი

ქართული ოცნებისწევრებს მოვუწოდებ

დავით მხეიძე

ხომ გინახავთ ცხენი, რომელსაც დოღის მიმდინარეობისას მხედველობის არე შეზღუდული აქვს სპეციალური საშუალებით, გვერდზე რომ არ გაიხედოს, რათა რამემ ან ვინმემ არ დააფრთხოს, და მხოლოდ წინ იყურება, ფინიშისკენ?

აი, ასეთ მხედველობაშეზღუდულ ცხენს მაგონებს ჩვენი უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობამოპოვებული “ქართული ოცნების” პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლებაც. ისინიც მხოლოდ “წინ იყურებიან” – ნატო-ევროკავშირისკენ, თითქოს სხვა მხრიდან (გვერდებიდან თუ უკნიდან) არანაირი საფრთხე არ ემუქრება ჩვენს ქვეყანას და დასავლეთიდან მიღებული ვაზელინის ახალი დიდი “გრანტის” ფონზე, ფინია ძაღლივით უკანა თათებზე შემდგარნი ელოდებიან, როდის გვაჩუქებს ევროპა უვიზო მიმოსვლას, როდის გვაღირსებს ნატო (წაიკითხე _ აშშ) ე.წ. მაპს და ა.შ.

სხვა მხრივ, ვიმეორებ, ჰგონიათ (ან თავს იტყუებენ), რომ ყველაფერი რიგზეა, ფინიშის სწორზე არიან და მხოლოდ იმაზე მსჯელობენ, ვინ იქნება პრემიერი, ვინ _ პარლამენტის სპიკერი, ვინ _ პროკურორი, ვინ _ მინისტრი და ა.შ.

მგონი, ბრიყვებად გვთვლიან, რადგან ქართველმა საზოგადოებამ, დიდი ხანია, იცის, ყველა ზემოჩამოთვლილ მაღალ თანამდებობას ვინ დაიკავებს. ამას ხომ, 25 წელიწადია, აშშ-ის ელჩები წყვეტდნენ და წყვეტენ “სტრატეგიული მოკავშირე” და “მეგობარი” საქართველოსთვის “რჩევების” მიცემით. დღეს იან კელის “რჩევით” (წაიკითხე _ ბრძანებით) ბიძინა ივანიშვილი “ურჩევს” (უბრძანებს) “ქართულ ოცნებას” და ისიც მორჩილი უმრავლესობით აღასრულებს მამა-მარჩენალის “რჩევას”. იან კელის კაცი ბიძინა ივანიშვილია, ბიძინას კაცი _ “ქართული ოცნება”. ჰოდა, კონსტანტინე გამსახურდიას “მთვარის მოტაცების” პერსონაჟის, გვანჯ აფაქიძის, არ იყოს, “კაცის კაცი რა კაცია?”

აქედან გამომდინარე, კონკრეტულ გვარ-სახელებს პიროვნებებისა, რომლებიც დაიკავებენ ამა თუ იმ თანამდებობას, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველანი ერთად თუ ცალ-ცალკე ივანიშვილის (წაიკითხე _ აშშ-ის) “რჩევებით” იმოქმედებენ.

რა გაეწყობა, მომდევნო 4 წელიწადი ამ “კაცის კაცებს” უნდა ვუყუროთ, მაგრამ მოითმენს კიდევ 4 წელიწადს საქართველო, თუკი ახლა მაინც არ ინება “ქართულმა ოცნებამ” 2012-ში გაცემული დაპირებების შესრულება?

დიახ, თუ არ ინება, რადგან ახლა თავიანთ უნიათობას ვეღარ დააბრალებენ კოაბიტაციას. “ქართულ ოცნებას” ხალხმა კონსტიტუციური უმრავლესობა უბოძა და დაპირებების ასრულებას _ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებასა და “ნაცმოძრაობისთვის” პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას, სააკაშვილის თამადობით, ქართველთა სისხლში ხელგასვრილი მკვლელებისა და სადისტი მწამებლების დასჯას, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენასა და ამით სოხუმ-ცხინვალის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმას _ მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება და სხვა არაფერი. ინებებს, გაბედავს კი ამას “კაცის კაცების” პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება?

ახალი პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა, მაგრამ ზევით მოხსენიებული ერთი ასეთი “რჩევის” შედეგი აშკარაა _ ნინო ლომჯარია, აშშ-ის ერთ-ერთი ფავორიტი, ასო “სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი უკვე დაინიშნა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე _ გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ.

ეს ის ქართველთმოძულე, ყოველივე ტრადიციულისა და მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგე ქალბატონია, რომლის საქმიანობასაც, ისევე, როგორც მისი კოლეგისა და მსგავსი თვისებებით შემკული ეკა გიგაურის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საქმიანობას, თვით ბიძინა ივანიშვილმა უწოდა ანტისახელმწიფოებრივი, როდესაც ეს მას დასჭირდა.

რატომ, “სადოური” წესია ეს? ასინეთასი არ იყოს, “სადაური წესია და აქაური წესია!” _ მამა-მარჩენალს ასე სჭირდებოდა და იმიტომ…

ამ ოდიოზური ქალბატონის, ნინო ლომჯარიას, დაწინაურებას დავუმატოთ არანაკლებ ოდიოზური თამარ ჩუგოშვილის ასო-დან “ქართულ ოცნებაში” პორტირება, უცხოეთში “ნასტავლი” ახალგაზრდა ნეოლიბერალი ე.წ. ახალი სახეებით მეოცნებეთა “გამდიდრება” და მიხვდებით, რომელი ფინიშის სწორზე გავიდა “ქართული ოცნება”, საით მიაქანებს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტული ხელისუფლება ქვეყანას და რისთვის გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

ამ “კაცის კაცებმა”, დიდი-დიდი, კონსტიტუციაში ჩაწერონ, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც წინასაარჩევნოდ მთავარ სლოგანად აქცია “ქართულმა ოცნებამ”, რადგან პოლიტიკურ-ეკონომიკურად და იდეოლოგიურად გაკოტრებულ “ქართულ ოცნებას” სათქმელი სხვა აღარაფერი დარჩა ქართველი ხალხისთვის.

თუმცა, შეიტანენ კი კონსტიტუციაში მეოცნებენი მათი მხრიდან ამ აშკარად პოლულისტურ განზრახვას _ ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ზემოხსენებული პიროვნებები და, საზოგადოდ, დასავლეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო სექტორი, რომელიც, ფაქტობრივად, ნაცების პარლამენტის გარეთა დანამატი იყო მიშას ზეობისას და ახლაც ნაცებს ქომაგობს, საკონსტიტუციო ჩასწორების საპირწონედ, ნაცებთან ერთად, ე.წ. ანტიდისკრიმინაციულ კანონს ააფრიალებენ და სასამართლოების სხვადასხვა ინსტანციაში გასაჩივრებით ამ პროცესს გააჭიანურებენ და, აქ თუ ვერა, სტრასბურგ-ბრიუსელში იპოვიან “სამართალს”!

როგორი რეზოლუციები თუ რეკომენდაციებიც (წაიკითხე _ ბრძანებები) უნდა წამოვიდეს დასავლეთიდან, ანუ ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში ის, რაც მრავალი ათასი წლის წინათ თვით მამა-ღმერთისგან არის დაკანონებული, რომ ადამისთვის ევაა გაჩენილი და არა ადამისთვის _ ადამი ან ევასთვის _ ევა, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტ-პედერასტების აღლუმების დაკანონებას კონსტიტუციური გარანტიების მიუხედავადაც არ დაუშვებს ქართველი საზოგადოება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად(!).

ეს კარგად იციან “ქართულ ოცნებაშიც” და ამიტომ ვუწოდე მათ განზრახვას პოპულისტური, თორემ ისე, ჩვენ თვალწინ მსოფლიოში მიმდინარე ტოტალური ლგბტ-ზაციის ფონზე, კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის მომხრე, რა თქმა უნდა, მეც ვარ.

ისე, სადამდე მიიყვანა აშშ-მა (გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან ლოს-ანჯელესში დაიწყო გეიმოძრაობა, რომელმაც, დღეს უკვე ლგბტ-სექტად ქცეულმა, პრაქტიკულად, წალეკა კათოლიკურ-ქრისტიანული დასავლეთ ევროპა და ახლა თვალი ჩვენ, მართლმადიდებელ ერებს, დაგვადგეს, რათა ჩვენც ჩაგვითრიონ სოდომიის მიუტევებელი ცოდვის დაკანონებაში) მსოფლიო, რომ ვაპირებთ, კონსტიტუციაში ჩავწეროთ ელემენტარული ჭეშმარიტება “ოჯახი არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი”.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, “ქართული ოცნების” წევრებს მოვუწოდებ: თავი დაანებეთ უაზრო პოპულიზმს, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას უთქვენოდაც არ დაუშვებს ქართველი ერი, ცხრა ხელმწიფემ ბრძანოს თუნდაც. თუ პოლიტიკური ნება გაქვთ, სხვა რაღაცებისთვის გამოიყენეთ!

მაგალითად:

* სასწრაფოდ დააბრუნეთ პარლამენტი საქართველოს დედაქალაქში;

*ყურით გამოათრიეთ ავლაბრის რეზიდენციიდან არარაობა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია;

*შექმენით საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს გიგა ბოკერიას სისხლიან წვლილს “ნაცმოძრაობის” მიერ ინსპირირებული ე.წ. ციხის ბუნტის ჩახშობაში და მის “მოღვაწეობას” უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე ფინანსების არამიზნობრივად განკარგვის კუთხით.

დეპუტატის იმუნიტეტი იცავს? რა პრობლემაა, მოუხსენით და, თუ დამნაშავეა, გვერდით მიუსვით თქვენი მეგობარი ევროპის მიერ პოლიტპატიმრებად შერაცხულ ახალაია-მერაბიშვილ-უგულავას;

* პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება სვანეთის ამაოხრებელი და გვამების ფონზე კუბდარის მთქვლეფი გიორგი ბარამიძის მიმართ და ისიც ხსენებულ “პოლიტპატიმრებთან” ჩაასახლეთ საკანში;

* მოსპეთ, ბოლოს და ბოლოს, მონოპოლიები ენერგეტიკაში, ფარმაციაში, საბანკო სფეროში, ე.წ. ონლაინკრედიტები “სახლიდან გაუსვლელად ხუთ წუთში”, თანაც ყოველგვარი გირაოს გარეშე. ყოველდღიურად ათობით ასეთი შინაარსის ეს-ემ-ეს-ს იღებენ მობილურზე თანამედროვე მევახშეებისგან გაჭირვებული ადამიანები და ისინიც ხშირად ვერ უძლებენ ცდუნებას. ზოგს წამლის ფული არა აქვს; ზოგს, ელემენტარულად, შია, სცივა თუ სწყურია და იღებენ სესხს, მაგრამ ვახშიც არის და ვახშიც _ თუ კერძო მევახშე სარგებლის სახით 5, დიდი-დიდი, 10%-ს იღებს, სახელმწიფო მევახშეები, ე.წ. ონლაინ კრედიტკომპანიები, რომელთა რაოდენობა უთვალავია თბილისში, ასეთ “ქველმოქმედებაში” 100-ზე მეტი პროცენტის სარგებელს იღებენ. დიახ, არ შემშლია _ 100 %-ს და მეტსაც!

ამ საკითხზე ივანიშვილის მთავარი ცრუდაპირება მახსენდება უფასო, ანუ უპროცენტო ფულის ან მცირე, 2-3-პროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტების შესახებ… თუ საბანკო სფეროში მონოპოლიას ვერ მოერია, საკუთარ “ქართუ ბანკში” ხომ მაინც შეეძლო პროცენტის დაწევა?! მაგრამ არა, “ქართუ ბანკიც” ისევე ყვლეფს ქართველ ხალხს, როგორც სხვა დანარჩენი…

ვნახოთ, როგორც იტყვიან, “აღდგომა და ხვალეო” _ პარლამენტის პირველივე სხდომაზე გამოჩნდება, რას და როდის აპირებთ და რისთვის გამოიყენებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას.

———————

„რეზონანსი“, 09 ნოემბერი, 2016 წელი

აუცილებელია თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების გაწვევა

თიკო ოსმანოვა

სავალდებულო სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების გაწვევა გაზაფხულიდან განახლდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლევან იზორიამ გააუქმა და სამხედრო სავალდებულო სამსახურს განახლებული ფორმით აღადგენს, რასაც სამხედრო ექსპერტებიც მიესალმებიან.

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

“მიზანშეწონილად მიგვაჩნია სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენა. კერძოდ, წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები. სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარამდე, ასევე მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება. განახლებული სავალდებულო-სამხედრო სამსახური უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიურობას, წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვის. ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახური ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას”, – ნათქვამია ლევან იზორიას მიერ მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის ანგარიშში.

როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეაჩერა, იზორიამ კი აღადგინა და ახალგაზრდების გაწვევა გაზაფხულიდან დაიწყება. იზორიას თქმით, გადაწყვეტილება უცხოელ პარტნიორებთან და ექსპერტებთან 3-თვიანი აქტიური თანამშრომლობის შედეგად მიიღო.

მინისტრის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ახალი სისტემა ძველისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

“ვადიანი სამხედრო მოსამსახურე 3 თვის განმავლობაში გაივლის სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას, რასაც გადიან საკონტრაქტო მოსამსახურეები და რაც გახდება საფუძველი მისი მაღალანაზღაურებად საკონტრაქტო სამსახურში მიღების. ვადიან სამხედრო მოსამსახურეს ექნება უქმე დღეებში დასვენების უფლება, რაც მანამდე შეზღუდული იყო. წვევამდელის ყოველთვიური ანაზღაურება 50 ლარით განისაზღვრება, ნაცვლად მანამდე არსებული 7 ლარისა. თავდაცვის სამინისტრო წვევამდელებს გაზაფხულზე მიიღებს. მანამდე თავდაცვის უწყებაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს დამატებითი შეღავათების საკითხზე, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები ისარგებლებენ. თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის აუცილებლობა განპირობებულია მთელი რიგი გარემოებებით, პირველ რიგში კი ეროვნული თავდაცვის კონცეფციით, რომელიც ეროვნულ დონეზე მზადყოფნას გულისხმობს, რაც საქართველოს მსგავსი მცირე ერებისთვის საფრთხეების შეკავების მიზნით პრიორიტეტული და აუცილებელია. სავალდებულო სამსახურის აღდგენით მოხდება თანხის დაზოგვა – თუ ერთ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეზე სახელმწიფოს წელიწადში 27 000 ლარი ეხარჯება, ვადიან მოსამსახურეზე წელიწადში მხოლოდ 9 000 ლარი დაიხარჯება”, – განაცხადა მინისტრმა.

ლევან იზორიას ამ გადაწყვეტილებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არათავსებადი პრობლემა აქვს. როგორც ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული და გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს, საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს. ამ კონტექსტში თავდაცვის ყოფილი მინისტრი საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივად ხარჯვაზეც საუბრობს.

“ყველაზე მთავარი: ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისას – “უფრო ეკონომიურია” ძალიან სუსტი და არასერიოზული არგუმენტია; ფინანსური ციკლი კონტრაქტის ვადით ითვლება და 4 წლის პერსპექტივაში, მით უფრო თუ სრულ სამხედრო მომზადებაზე გადავიყვანთ წვევამდელებს, არ არის “უფრო ეკონომიური”, აი უფრო უშედეგო კი ნამდვილად არის. გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არათავსებადი პრობლემა აქვს ჩვენში: კერძოდ, ის სუბიექტურია და სოციალურად უსამართლოა; ის ადამიანის შრომის გამოყენებას გულისხმობს ანაზღაურების გარეშე; ის ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული და შესაბამისად, სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს; ის არ აძლევს ახალგაზრდას შესაძლებლობას, დაგეგმოს მისი მომავალი; ის სახელმწიფო სახსრებს მიმართავს ღონისძიებისთვის, რომელსაც სახელმწიფოს საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს; უბრალოდ ფლანგავს საბიუჯეტო რესურსს; ქმნის თავდაცვის შემძლეთა რაოდენობრივ ილუზიას, და შესაბამისად, ასუსტებს საფრთხის გამკლავების სახელმწიფოს უნარებს”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის აღდგენასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებას “სწორ დასაწყისს” უწოდებს.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის აუცილებლობაზე საუბრობს, ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილიც. მისი თქმით, გამომდინარე იმ სამხედრო საფრთხეებიდან, რაც არსებობს, არათუ საჭიროა, არამედ აუცილებელიც კია.

“გამომდინარე იმ სამხედრო საფრხთეებიდან, რაც არსებობს ჩვენს რეგიონში, არათუ საჭიროა, არამედ აუცილებელიც კი არის, რომ ქვეყნის მოსახლეობის, რაც შეიძლება დიდ ნაწილს სამხედრო ელემენტარული ცოდნა გააჩნდეს, მით უმეტეს მამაკაცს. აქედან გამომდინარე, სავალდებულო სამხედრო სამსახურს, რაც უფრო მეტი ადამიანი გაივლის, მით უკეთესია. ეს კარგი იქნება, როგორც ქვეყნისთვის, ისე პირადად ამ ადამიანებისთვისაც. ქვეყნებმა, რომელბმაც გააუქმეს, ისევ იწყებენ აღდგენას, მათ შორის ნატოს წევრ ლიტვას ვგულისხმობ. მის უკან მთელი ნატო დგას, თუმცა ათვითცნობიერებენ საფრთხეს, რაც რუსეთიდან მოდის და ამიტომაც აღადგინეს”, – უთხრა “რეზონანსს” ირაკლი ალადაშვილმა, რომელიც იმ რეფორმასაც მიესალმება, რომელიც იზორიამ გუშინ გააჟღერა.

“საქართველოში სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით ყველაზე დემოკრატიული სიტუაციაა ახალგაზრდას შეუძლია წავიდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში 1 წლით ან საკონტრაქტოზე 4 წლით, ან გადაიხადოს შესაბამისი თანხა და მას გაწვევა გადაუვადდება 1 წლით. ამასთან აუცილებლად უნდა იყოს არა მარტო სადარაჯო სამსახური, არამედ ელემენტარული ტაქტიკური მომზადება, რომ სათქმელი არავის ჰქონდეს, ყარაულად დგანან და რა აზრი აქვს მათ გაწვევასო. სხვათა შორის, სადარაჯო სამსახური, რატომღაც მონურ სამსახურადაა შეფასებული, რაც ჩემი აზრით, არასწორი მიდგომაა და ამით ხდება დისკრედიტაცია სამხედრო სამსახურისა. ომის თუ მშვიდობიანობის დროს დარაჯი – პოსტზე მდგომი სამხედრო პირი იცავს თავის თანამებროძლებს, რომლებიც ამ დროს ისვენებენ, ის ასევე იცავს იარაღის საწყობებს, ასე რომ, ეს აუცილებელია და საზოგადოება ამას არასწორად აფასებს”, – გვითხრა ირაკლი ალადაშვილმა.

„რეზონანსი“, 09 ნოემბერი, 2016 წელი

ზღვიდან დაუცველი ქვეყანა

არ შეიძლება, ქვეყანა მხოლოდ ხმელეთიდან, ან მხოლოდ ჰაერიდან დაიცვა

თაკო მათეშვილი

სჭირდება თუ არა საქართველოს ფლოტი და საზღვაო სამხედრო ძალები? ამ კითხვაზე თავდაცვის მინისტრსა და სამხედრო სფეროს სპეციალისტებს განსხვავებული პასუხები აქვთ. მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოსთვის “ძვირი სიამოვნებაა”, ექსპერტები კი აცხადებენ, რომ თუკი საზღვაო მიმართულებით ქვეყანას ფული “ენანება”, მაშინ შეიარაღებული ძალებისათვის ფინანსების გამოყოფა საერთოდ უნდა შევწყვიტოთ. მათი თქმით, გასაგებია, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში ვერ მოგვარდება, მაგრამ სახელმწიფოს ხედვა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი გეგმა მაინც უნდა გააჩნდეს, რომლითაც იხელმძღვანელებს და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს გადაჭრის.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვაში ჩართვას აპირებს, ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს საზღვაო ძალების არარსებობის პირობებში. ამ ყველაფერს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო ფლოტის შექმნის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან ეს კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული, მილიარდობით დოლართან და პრიორიტეტები ქვეყანამ რესურსებიდან გამომდინარე უნდა დასახოს.

“ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მილიონობით ინვესტიცია განახორციელეს. ასე რომ, ახლის შექმნას ჯობია არსებულის განვითარება, მაგრამ არა ფლოტის დონეზე, რადგან ეს უბრალოდ მოტყუებაა საზოგადოებისჰ. “ასევე არამიზნობრივი ხარჯები, როდესაც შეიძლება ფლოტის შესაქმნელად 2 მილიარდი დოლარიც არ იყოს საკმარისი, რადგან ერთი გემი, თურქული გემი, როდესაც გონიოში შემოვიდა, მისი ღირებულება 150 მილიონი დოლარია. წარმოიდგინეთ ფლოტი, რომელსაც უნდა ჰყავდეს გემები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა რა კოლოსალურ თანხებთან იქნება დაკავშირებული”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

რაც შეეხება საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოებაში, იზორია ამბობს, რომ უსაფრთხოების ირგვლივ არსებულ დისკუსიაში საქართველო აქტიურად არის ჩართული.

“ოქტომბერში ნაკის ვიზიტი განხორციელდა საქართველოში, მე მქონდა მდივანთან ორმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა და ერთ-ერთი თემა გახლდათ სწორედ საქართველოს პოზიციონირება ამ კუთხით. გახლდათ სტუმრად ასევე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც სხვათა შორის ბრძანა, რომ ის ჩვენთან ჩამოსვლამდე გახლდათ რუმინეთში, შეხვდა კოლეგას და მიმდინარეობს აქტიური დისკუსია ნატო-ს ფარგლებში, თუ რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა როგორც ნატოს წევრ სხვადასხვა ქვეყნებს შორის, ისე ამ ქვეყნების ნატო-სთან მიმართებაში რაზე იქნება საუბარი.

მეტსაც გეტყვით, ჩვენ კონკრეტული განაცხადი გვაქვს შეტანილი, რომ თებერვალში, როდესაც ამ საკითხს ზოგადად მეტი კონკრეტიკა მიეცემა, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა შედგეს, სადაც კოლეგების წინაშე ჩვენი ინიციატივებით წარვსდგებით”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მინისტრის მხრიდან ამგვარ მიდგომას ნაკლებადსერიოზულს უწოდებს. ამბობს, რომ ფლოტის შექმნას არც არავინ ითხოვს, რადგან მგავსი პრივილეგიით საქართველოსნაირი ქვეყნები ვერ სარგებლობენ, ეს მხოლოდ დიდი ქვეყნების ფუფუნების საგანია. თუმცა, სამხედრო საზღვაო ძალების ყოლა, მაისაიას თქმით, აუცილებელია და ეს სრულიად შესაძლებელიცაა. ამბობს, რომ იგი სომხეთსა და უნგრეთსაც კი ჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამდინარო მიმოსვლის უნარი აქვს.

საქართველოს კი, ვახტანგ მაისაიას თქმით, ზღვაზე გასასვლელი გააჩნია, ზღვის სახელმწიფოს სტატუსი გვაქვს და სამხედრო საზღვაო ძალების არსებობა აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმავალი კონტრაბანდული ტვირთების კონტროლი მოვახერხოთ.

“გარდა ამისა, ჩვენი სანაპირო ზოლი ხომ უნდა დავიცვათ, რომ რუსეთმა დასავლეთ საქართველოს ოკუპირება ასე ადვილად ვეღარ შეძლოს? საზღვაო მხრიდან შეტევის მოგერიება ხომ უნდა შეგვეძლოს? როცა ეს რესურსი გვექნება, მოწინააღმდეგე მოერიდება ისეთი ცინიკური ტიპის ოკუპაციის განხორციელებას, როგორიც რუსებმა 2008 წლის აგვისტოში განახორციელეს – ზღვიდან შემოიჭრნენ და დასავლეთი საქართველო ფაქტობრივად 24 საათში დაიკავეს. ამან ჩვენი ომში დამარცხება კიდევ უფრო დააჩქარა. თუ მინისტრი ამბობს, რომ ამას დიდი თანხები სჭირდება, მაშინ საერთოდ შეიარაღებულ ძალებზე თანხების გამოყოფა რა საჭიროა? პირველკურსელმა სტუდენტმაც კი იცის, რომ შეიარაღებულ ძალებს სამი სახეობა გააჩნია – სახმელეთო არმია, საჰაერო თავდაცვისა და სამხედრო საზღვაო. ეს სამივე კომპონენტი აუცილებელია იმისათვის, რომ შეიარაღებულმა ძალებმა თავისი მისია ეფექტურად შეასრულოს. მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკის წყალობით ეს ყველაფერი ფაქტობრივად ერთ სახეობამდე დავიყვანეთ – მხოლოდ სახმელეთო ჯარებიღა გვყავს. მხოლოდ ამის ამარა კი საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მინიმუმამდეა დასული”, – აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

მოსაზრებას თადარიგის გენერალი, საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძეც იზიარებს. ფიქრობს, რომ მინისტრი მოკლევადიან პერსპექტივაზე საუბრობდა და იმას გულისხმობდა, რომ ფლოტის შექმნა დღესაა შეუძლებელი. ზოგადად კი, მისი თქმით, საზღვაო ძალები აუცილებლად უნდა გააჩნდეს ქვეყანას, რომელსაც 300 კილომეტრამდე საზღვაო სანაპირო ზოლი აქვს და ვერ გავექცევით იმას, რომ ქვეყანამ ამ კუთხით თავდაცვითი სამხედრო ამოცანები უნდა გადაწყვიტოს. იგი ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი თავის დასაცავად გვჭირდება და არა ვინმეზე თავდასხმისათვის. თვითმიზანი, მისივე განმარტებით, ის არაა, რომ რუსეთს ზღვაში ომი მოვუგოთ, მაგრამ თუკი საზღვაო ძალებზე ფულს არ დავხარჯავთ, მაშინ საერთოდ ჯარიც არ უნდა გვყავდეს, რადგან ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. დასძენს, რომ არ შეიძლება, ქვეყანა მხოლოდ ხმელეთიდან ან მხოლოდ ჰაერიდან დაიცვა. “თუ გენერალურ შტაბში ეს საკითხი ხარისხიანად არაა დამუშავებული, ბუნებრივია, სამინისტროს დღევანდელი ბიუჯეტიდან გამომდინარე, სწრაფი შედეგის მიღება შეუძლებელია. მინისტრმა 100 დღის შემაჯამებელ ანგარიშში აღნიშნა კიდეც, რომ თანხების 66% სოციალურ ხარჯებზე მოდის და არსებული ტექენიკის შესანარჩუნებლად კი ბიუჯეტში ძალიან მწირი თანხებია გამოყოფილი. სამხედრო ხომალდების, ავიაციის და სხვა ტექნიკის შეძენაზე საუბარიც ზედმეტია”, – აცხადებს იგი.

ამირან სალუქვაძის თქმით, პირველ რიგში უნდა ჩამოვყალიბდეთ, გვჭირდება თუ არა ამ ამოცანის გადაწყვეტა და თუკი დავასკვნით, რომ სახელმწიფოს ფლოტი სჭირდება, მაშინ გზების ძებნაც უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, რაციონალური გზების და ამაში უკეთესი შედეგის ნაკლები დანახარჯით მიღება იგულისხმება.

“ზოგიერთი ხარჯი, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან იქნება გასაწევი, თუმცა ჩვენი პარტნიორებისაგანაც ძალიან ბევრი დახმარების მიღება შეგვიძლია. ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროს ჯერ მცდელობა არ ჰქონია და თავის პარტნიორებთან ამ საკითხზე არ უსაუბრია. თუკი იმ წლებში, როცა ნატოს-თან ურთიერთობას ვიწყებდით, ჩვენისთანა ქვეყნის კვალობაზე საკმაოდ კარგი ფლოტი გვქონდა – თურქეთმა 2000-იანი წლების დასაწყისში გვაჩუქა სამხედრო ხომალდები, ასევე საბერძნეთმა და ბულგარეთმა, დღეს რატომ არ დაგვეხმარებიან? ახლა გაცილებით წინ ვართ ნატო-სთან ურთიერთობის მხრივ, ამერიკასთან ორმხრივი ურთიერთობა გვაქვს და ეს ყველაფერი ჩვენ არა მხოლოდ ამერიკასთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც გვიხნის გზას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისათვის”, – აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.

ასე რომ, სპეციალისტის თქმით, მოსაძიებელია რესურსები – რა შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი პარტნიორებისაგან და რა ხარჯი იქნება გასაწევი ჩვენგან საჩუქრად გადმოცემული საზღვაო ტექნიკის შესანარჩუნებლად. აქვე იმასაც გვახსენებს, რომ სანაპირო დაცვას სულ ახლახან ამერიკამ ორი ხომალდი გადმოსცა საჩუქრად, რომლებიც სრულიად თანამედროვე ტექნიკა არაა, მაგრამ არც ისე მოძველებულია, რომ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულოს. სალუქვაძე მიიჩნევს, რომ სანაპირო დაცვას თავისი ამოცანების შესასრულებლად კარგა ხანს ეყოფა. “შესაბამისად, არაა გამორიცხული, ფლოტსაც დაეხმარონ და ამით ჩვენ მეტი ამოცანისა და ფუნქციის შესრულება შევძლოთ შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვაში, რასაც ნატო-ს ინიციატივა ითვალისწინებს”, – დასძენს იგი.

აქვე სპეციალისტი იმასაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ ყველაფრის გადაწყვეტას სახელმწიფოს დღესვე არავინ სთხოვს, მაგრამ სამომავლო პერსპექტივაში ფიქრი და გეგმების დასახვა უნდა დაიწყოს. შედეგად კი არ გამორიცხავს, რომ 5-10 წელიწადში შავ ზღვაზე საკმაოდ სოლიდურად ვიყოთ წარმოდგენილი.

„რეზონანსი“, 09 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვანო ჩხიკვაძესთან: „უვიზოდ მიმოსვლას წელს, დიდი ალბათობით, ვერ მივიღებთ“ // „შესაძლებელია, ე.წ. შეჩერების მექანიზმზე მსჯელობა კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდეს

სალომე სარიშვილი

“ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღებაზე გადაწყვეტილება ახლაც რომ მიიღოს, სტანდარტული პროცედურების გავლით, ის მომავალ წლამდე მაინც ვერ ამოქმედდება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ა/ო “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და იქვე დასძენს, რომ მიუხედავად რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთა პოზიტიური განცხადებებისა, ეს დადებითი სიგნალები სამწუხაროდ, საქმეში ჯერ კიდევ არ გადაზრდილა.

ვანო ჩხიკვაძის ინფორმაციით, ახლა მიდის მსჯელობა, თუ ვინ აამოქმედებს ე.წ შეჩერების მექანიზმს – ევროპარლამენტი თუ წევრი ქვეყნები, რაც პრაქტიკულად, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების მთავარი წინაპირობაა. მისი შეფასებით, ქართულმა მხარემ მაქსიმალურად ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს საიმისოდ, რომ ევროკავშირს იმ დაპირების შესრულება მოსთხოვოს, რაც ქვეყნისთვის ვიზის ლიბერალიზაციის მიღებას ნიშნავს და რისთვისაც საქართველომ ყველა სამოქმედო გეგმა შეასრულა.

ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და ამ პროცესის დეტალებზე “რეზონანსი” ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა.

- იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციაზე დასტურს ევროპარლამენტისგან წლის ბოლომდე მიიღებს. თქვენი შეფასებით, რამდენად შეიძლება ეს განცხადება პოზიტიურ სიგნალად მივიჩნიოთ და თქვენ ხომ არ გაქვთ რამე დამატებითი ცნობები ამ საკითხის ირგვლივ?

- სამწუხაროდ, დამატებითი ცნობები ამ საკითხზე არ მაქვს. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ შესაძლოა მომავალ კვირას ეს გადაწყვეტილება მართლაც მიიღონ. ყოველ შემთხვევაში, ბოლოს რაც ვნახე, დღის წესრიგში შეცვლილი არაფერი გახლავთ და მათ შორის, არც ამ თემაზეა საუბარი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არც შეიძლება შეიცვალოს, სრულიად შესაძლებელია ნოემბრის დღის წესრიგში ცვლილებები შევიდეს.

- თქვენი ინფორმაციით, როდის დაიდება საბოლოო დღის წესრიგი?

- რამდენადაც მახსოვს, შემდეგი სესიისთვის განკუთვილი დღის წესრიგი, ათი დღით ადრე იდება ხოლმე, ამიტომ ნოემბრის დღის წესრიგში ცვლილებების შესატანად ვადა ჯერ კიდევ არსებობს და გამორიცხული არაფერია.

- რაც შეეხება ე.წ შეჩერების მექანიზმის განხილვის ვადას, რომელზეც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღებაა დამოკიდებული. თქვენი ინფორმაციით, რამდენ ხანს შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს?

- შეჩერების მექანიზმის განხილვის ვადა ყველაზე მაქსიმუმ შესაძლოა, 2 წელიწადს გაგრძელდეს, თუმცა ეს ხდება უკიდურეს შემთხვევაში. ისე კი, ეს შესაძლოა უფრო მოკლე ვადაში ან სულაც ერთ წელიწადში გადაწყდეს. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ათვლა კი მას შემდეგ დაიწყება, როგორც კი ევროპარლამენტისა და სხვა ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის ამ საკითხზე მსჯელობისთვის პირველი შეხვედრები შედგება და ის მათ ოფიციალურ დღის წესრიგში ჩაიწერება.

- თქვენი გამოთვლით, რამდენი ხანია მას შემდეგ გასული, რაც ამ საკითხზე მსჯელობენ და როგორ ფიქრობთ, კიდევ რამდენ ხანს გასტანს კონსულტაციები?

- რამდენადაც სწორად მახსოვს, შეჩერების მექანიზმზე მსჯელობიდან დაახლოებით 3-4 თვე უკვე უნდა იყოს გასული, მაქსიმუმ 5 თვე. თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამ საკითხზე მსჯელობა კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მანცდამაინც დიდხანს გაიწელება, ან სულაც რამდენიმე თვეს კიდევ გაგრძელდება, რადგან ახლა მხოლოდ თეორიულ ნაწილზე ვმსჯელობთ.

- ზემოთ აღვნიშნეთ, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოზიტიური მოლოდინის საფუძველი შეგვიქმნა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ეს მოლოდინი?

- არ გამოვრიცხავ, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება შესაძლოა, მართლაც პოზიტიური სიგნალი იყოს ვიზალიბერალიზაციის მიღების გზაზე, რადგან წყარო საკმაოდ საიმედოა. არ მგონია, ეს განცხადება უსაფუძვლო აზრს ეყრდნობოდეს. თუმცა, ჩვენ ამასთანავე გვახსოვს, რომ ამ ტიპის პოზიტიური განცხადებები, რამოდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს არაერთხელ აქვთ გაკეთებული, რაც, სამწუხაროდ, საქმეში არ გადაზრდილა. იმედი მაქვს, ამ ჯერზე ეს ასე არ იქნება და მის ამ განცხადებას კონკრეტული შედეგი მოჰყვება. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ მსავსი სიგნალი პირველი იყო. სამწუხაროდ, ეს ასე არ ყოფილა, ამიტომ არც პოზიტიური შედეგის მოლოდინი მაქვს და არც ნეგატიურისა. ანუ, შესაძლოა, ეს გამართლდეს და სრულიად დასაშვებია, ეს ასე არ მოხდეს. ორივე ვერსია შესაძლებელია.

ჩემი ინფორმაციით, ახლა მიდის მსჯელობა, ვინ აამოქმედებს შეჩერების მექანიზმს. ასე ვთქვათ, ახლა გადაწყვეტილების მიმღები პირები უნდა გაიყოს. კერძოდ კი, უნდა გადაწყდეს, ვინ იქნება ეს პირი – ევროპის პარლამენტი, თუ წევრი ქვეყნები. წევრი ქვეყნები ამ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებას ცდილობენ, ევროპარლამენტს კი თავის მხრივ ამ პროცესში ბუნებრივია, ჩართვა უნდა და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა.

- არსებული სტანდარტით ვინ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება?

- შეჩერების მექანიზმის შესახებ გაწერილი დოკუმენტის თანახმად, ამ დროისთვის წევრ ქვეყნებთან ერთად, ამ მექანიზმის ამუშავება ევროკავშირის ინსტიტუტების თანხმობასაც საჭიროებს, რაც მის ამოქმდებას არცთუ ისე მოქნილს ხდის. ამიტომაცაა, რომ მისი შექმნის დღიდან ეს მექანიზმი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა.

- საქართველოში ჩატარებული არჩევნები თუ ახდენს რამე გავლენას ამ პროცესზე?

- ოფიციალურად ეს ევროკავშირის არც ერთ ინსტიტუტს არ განუცხადებია. არც ის წერია სადმე, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები და მისი შედეგი ამ პროცესზე რამე გავლენას ახდენს. ყოველ შემთხვევაში ეს არც ერთ ოფიციალურ განცხადებაში არ მინახავს და არც ირიბად მომისმენია რამე. შესაძლოა, ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ამ თემაზე რამე ითქვას, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ოფიციალურ დოკუმენტებს ვერდნობი და არა რომელიმე პოლიტიკოსის აზრს, რაც ევროპარლამენტის აზრს არ გამოხატავს.

ევროპარლამენტის შემთხვევაში აზრს გამოხატავს ის რეზოლუცია, რომელიც სხვა სტრუქტურებს, დავუშვათ მინისტრთა საბჭოს მოუწოდებდა, რომ როგორმე დროულად მიეღოთ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა.

- თქვენი ინფორმაციით, ხომ არ არსებობს რამე შეუსრულებელი დავალება, რომელიც ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების პროცესს აფერხებს?

- ტექნიკურ დონეზე საქართველოს ყველა დავალება შესრულებული აქვს და ამას სკეპტიკოსი ქვეყნებიც კი ამბობენ. ყოველ შემთხვევაში, კითხვა იმის შესახებ, რომ შეასრულა თუ არა საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის მიღების ნაკისრი ვალდებულებები, არასოდეს არ დამდგარა. ისე, ჩვენ ყველა საშუალებით, დიპლომატიური არხითა და სხვა მექანიზმებით უნდა შევეცადოთ, ეს საკითხი დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღლა დადგეს.

მოვთხოვოთ ევროკავშირს ის, რომ მან პატივი სცეს იმ დაპირებას, რაც ვიზის ლიბერალიზაციის ამოქმედებას ნიშნავს და რომელიც ჩვენ სამოქმედო გეგმის შესრულების შემდგომ უნდა მიგვეღო. ხოლო სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დადებითი ანგარიში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიდო. ე.ი გამოდის, რომ ჩვენ პასუხს თითქმის ერთი წელია, რაც ველოდებით.

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ უნდა გაამკაცროს ქართულმა მხარემ ტონი?

- სიმართლე გითხრათ, ეს მე არ ვიცი. ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეარჩიოს, რა სტრატეგიას აირჩევს – იქნება ეს მკაცრი ტონი, თუ უფრო მეგობრულ ურთიერთობას გააგრძელება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ამ ეტაპზე კი საუბარია იმაზე, თუ როდის მოხდება ეს ყველაფერი – ევროპარლამენტმა ეს გადაწყვეტილება ახლაც რომ მიიღოს, სტანდარტული პროცედურების გავლით ის მომავალ წლამდე მაინც ვერ ამოქმდდება. ფაქტობრივად, ეს შეიძლება მომავალ წელს ამოქმედდეს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლის სარგებელს წელს, დიდი ალბათობით, ვერ მიიღებენ.

„რეზონანსი“, 09 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: ქართული ეკლესიის რევოლუციური ვიზიტი ბრიუსელში // „ეს მრევლისთვის არის მესიჯი, რომ ეკლესია დასავლეთთან ურთიერთობის მომხრეა

ეკატერინე ბასილაია

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია, 7-11 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრებს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინასა და ევროპარლამენტში გამართავს და როგორც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რადგან საქართველოში მომძლავრებულია რუსული პროპაგანდა, რომლის მთავარი სამიზნე არის ეკლესია და მესიჯი, რომ ევროკავშირი არის გარკვეული საფრთხე ქართული ფასეულობებისა თუ იდენტობისთვის, ეს შეხვედრები ერთგვარი გზავნილი იქნება იმისჰ, რომ ქართული ეკლესია ევროინტეგრაციის მომხრეა. მისი შეფასებით, ბრიუსელის ვიზიტი ქართულ ეკლესიას საშუალებასაც მისცემს, პრორუსულობის იარლიყის ბალანსირება მოახდინოს.

“ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჩვენი ეკლესია მოიაზრება რუსული რბილი ძალის სავარაუდო მოკავშირედ. თავად ეკლესია კი, ზოგადად გაურბის ევროპასთან დაკავშირებულ თემებს… ჩვენ ვიცით, რომ ეკლესიაში სხვადასხვა დაჯგუფება და მოსაზრება არსებობს, მათ შორის არის ღიად პრორუსული მოსაზრებებიც, ამიტომ მთავარია მათ მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ევროპასთან ინტეგრაციაზე, იმაზე, რომ ის არ უქმნის საფრთხეს არც ეროვნულ იდენტობას, არც ქართველობას და ეროვნულ ფასეულობებს.

“სწორედ ამას ცდილობს რუსული პროპაგანდა და რელიგიურ წრეებსჰ და საზოგადოებას აწვეთებს, რომ ევროპეიზაცია ქართულ სახელმწიფოსჰ და იდენტობას უქმნის საფრთხეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სასულიერო პირების ეს ვიზიტი”, – აცხადებს კაკაჩია. საგულისხმოა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასულიერო პირები ნატოს შტაბბინაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ და ეს შეხვედრის შემდეგ გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმაც აღნიშნა. “ჩემთვის დიდი პატივია არქიეპისკოპოსებთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა. ასეთი დელეგაცია ჩვენთან პირველად ჩამოვიდა”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. იგი ამბობს, რომ დეტალურად ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან დევნილები. “დღეს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათი პოზიცია არის ქართველი ხალხის ნების მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესია ქართულ საზოგადოებაში”, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ განაცხადა, პატრიარქი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ვიზიტს. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ კი აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ რთულ ვითარებას, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიმართულებით დღეს არსებობს. “ვისაუბრეთ დევნილთა რაოდენობაზე და გზებზე, როგორ შეიძლება ამ ყოველივეს დაძლევა. საქართველოს ეკლესია მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფოს, მის განვითარებას და ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენს ირგვლივ მყოფ ყველა ქვეყანასთან”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.

15-კაციან დელეგაციის ხელმძღვანელები არიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე და ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაია.

კორნელი კაკაჩიას თქმით, რუსული პროპაგანდა საქართველოში სერიოზული პრობლემაა და ამ პროპაგანდის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათ იციან, რომ ეკლესიას და პატრიარქს საქართველოში საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, როგორც საზოგადოებაზე, ისე პოლიტიკაზეც და ცდილობენ ის გამოიყენონ, როგორც ბერკეტი ევროინტეგრაციული პროცესების შესაფერხებლად. ამ ფონზე კი, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია ასე თუ ისე აქამდე იზოლირებული იყო და პირდაპირი წყაროებიდან ინფორმაციას არ იღებდა, ახლა ევროკავშირისა და ნატოს შესახებ მიიღებენ ინფორმაციას იმაზე, რა ღირებულებებზე დგას ეს ორგანიზაციები, რა სტრუქტურები აქვთ და როგორ მოქმედებენ და რომ ევროკავშირი და ნატო ეროვნულ იდენტობას საფრთხეს არ უქმნის.

კორნელი კაკაჩიას თვალსაზრისით, თუ საქართველოს ეკლესიამ ჩათვალა, რომ ევროპასთან დაახლოება ეს არის საფრთხე ეროვნული იდენტობისთვის, სერიოზული პრობლემა შეგვექმნება. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა, ეკლესია საქართველოს ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი გახდეს. ამიტომ მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

- საერთოდ სეკულარული სახელმწიფოდან სასულიერო პირების დელეგაცია ნატოში უცნაური არ არის?

- უცნაურიცაა და ორიგინალურიც, იმიტომ მე მსგავსი ტიპის ვიზიტი არ მახსენდება. ეკლესია არის ცალკე დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს. ეს ინსტიტუტი რეალურად ამ პროცესში ჩართული არ იყო და ამა თუ იმ სამღვდელო პირების მხრიდან ისეთი განცხადებებიც კეთდებოდა, რომელიც ამ კურსს ეწინააღმდეგებოდა და ხშირად ღიად პრორუსულიც კი იყო. ეს კი დეზორიენტაციას იწვევს. ქართული საზოგადოება არ არის მარტო ის, ვინ “ფეისბუქშია”, არამედ ისიც, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და რომლებისთვისაც ეკლესია დიდ როლს თამაშობს. ამიტომაც, თუ ეკლესია ჩვენი მოკავშირე იქნება და რეალურად გაიზიარებს ამ შეხედულებებს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით რუსული პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტურობის თვალსაზრისით. რადგან ვიცით, რომ ეკლესიაში არ არის ერთიანი მიდგომები, ბევრი უნდა გავაკეთოთ, რომ ლიბერალური შეხედულებების მქონე ჯგუფი, იგივე ევროპასთან დაახლოების მომხრე ჯგუფები, გავააქტიუროთ. მითუფრო, პატრიარქმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის საქართველოს ევროკავშირის წევრად ხედავს. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვის პატრიარქის სიტყვას აქვს წონა.

სასულიერო პირების ნატოს შტაბბინაში ვიზიტიც ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი და პოლიტიკურად დატვირთული. ვთვლი, რომ როდესაც საერთშორისო ორგანიზაციები ჩამოდიან საქართველოში და სამოქალაქო სექტორს ხვდებიან, ისე უნდა შეხვდნენ ეკლესიის წარმომადგენლებსაც, როგორც განსაკუთრებულ ინსტიტუტს საქართველოში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ ევროინტეგრაციაზე, ეს მითუფრო გააძლიერებს ქვეყნის ინტეგრაციას ამ სტრუქტურებთან და ამდენად ვიზიტი მისასალმებელია.

- როგორ ფიქრობთ, ამ ვიზიტით სასულიერო პირების პრორუსულობა შეიძლება შეიცვალოს?

- პრორუსულობა შეიძლება არ შეიცვალოს, ეს ძალიან რთულია. ყოველ შემთხვევაში ამით გამოჩნდება, რომ ეკლესია არ არის პრორუსული ორგანიზაცია. პრორუსული ელემენტები ყველგან არის, მათ შორის პროფესურაშიც, ხელოვნებაშიც და რატომ უნდა გვიკვირდეს ჩვენ ეკლესიაში, რომელიც უფრო დახურული და კონსერვატიული ორგანიზაციაა, მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობის გამო ვინმე იყოს პრორუსული. ჩვენ გვაწყობს, რომ ლიბერალური, თანამედროვე ფრთა გაძლიერდეს და პრორუსულმა ჯგუფებმა არ შექმნან ამინდი.

- დელეგაციის წევრმა მეუფე ანდრია გვაზავამ თქვა, რომ და ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენს ირგვლივ მყოფ ყველა ქვეყანასთანო. ეს მესიჯი რას ნიშნავდა?

- დელეგაციის წევრებს სხვადასხვა შეხედულებები ექნებათ, მაგრამ აქცენტის გაკეთება ამაზე ალბათ არ იქნება სწორი. უფრო საინტერესო იქნება, როდესაც ისინი საქართველოში ჩამოვლენ, რა მესიჯებით ჩამოვლენ და რას იტყვიან. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ამ ურთიერთობებს მუდმივი ხასიათი ექნება. ევროკავშირის სტუქტურებმა უნდა დაპატიჟონ ეკლესიის წარმომადგენლები, როდესაც რელიგიური რაღაცეები ხდება.

- პატრიარქი ჩადის მოსკოვში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბრიუსელის ვიზიტი კავშირშია მოსკოვის ვიზიტთან?

- ეს ორივე მაგალითი გვაჩვენებს, რომ ეკლესია ცდილობს დაბალანსებული ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც რუსეთის, ისე ევროპის მიმართულებით. მანამდე მხოლოდ ის ჩანდა, რომ რუსეთში ჩადიოდნენ და აქცენტიც რუსეთის მიმართულებით იკვეთებოდა. ახლა კი აჩვენებს, რომ მეორე მხარესაც არიან ჩართულები. ბრიუსელის ვიზიტი ქართულ ეკლესიას საშუალებასაც მისცემს, პრორუსულობის იარლიყის ბალანსირება მოახდინოს. ეს მრევლისთვის არის მესიჯი, რომ ეკლესია დასავლეთთან ურთიერთობის მომხრეა. ამიტომაც ვთვლი, რომ ეს მართლაც რევოლუციური ვიზიტია.

„რეზონანსი“, 09 ნოემბერი, 2016 წელი

ყველაზე რთული 6 კვირა ლარისთვის

წლის ბოლომდე ლარის გადარჩენისთვის დიდი ბრძოლაა გადასატანი

მარი ჩიტაია

2016 წლის ჩამთავრებამდე ცოტა დრო რჩება, მაგრამ ლარისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი სწორედ ახლა იწყება. გამყარებაზე საუბარი ზედმეტია, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მთავარი გამოწვევაა, რომ არსებული კურსი შეინარჩუნონ. მომავალი 6 კვირა ეროვნული ვალუტისთვის ყველაზე მძიმე იქნება.

წლის ბოლოა და დოლარზე მოთხოვნა მასშტაბურად მოიმატებს. გარდა იმისა, რომ ქვეყენაში ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების დროა, იმპორტიორები წინასაახალწლოდ საქონლის მომარაგებას შეუდგებიან, რაც ლარზე მტკივნეულად აისახება.

აქედან გამომდინარე, წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში ყოველი კვირა ლარისთვის უმძიმესი გადასატანი იქნება. ერთადერთი, რამაც შეიძლება კურსი მეტ-ნაკლებად დააბალანსოს, ფულადი გზავნილებია. ამაზე ეკონომისტებიც საუბრობენ, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ამით ლარი სასიკეთოდ პირს ვერ იბრუნებს. ერთადერთი, შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში ეროვნული ვალუტა მორიგ მკვეთრ გაუფასურებას გადარჩეს.

საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების ტენდენცია უახლოესი თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება, რაც მოსახლეობისთვის უმძიმესი გადასატანი იქნება.

“მიმდინარე ეტაპი, გარკვეულწილად, განპირობებულია იმ ინერციით, რომელიც ჩვეულებრივ ახასიათებს ხოლმე ხელისუფლების არჩევას. პოლიტიკური ცვლილების გარდა, ეს პერიოდი ემთხვევა სწორედ შემოდგომას, როცა ლარის კურსის შენარჩუნება ყოველთვის ჭირს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია, რის გამოც ეროვნული ვალუტა თანდათანობით უფასურდება.

არ შემიძლია რამე სახარბიელო პროგნოზი გავაკეთო, თუკი არ მოხდა გარკვეული გარდატეხა როგორც საგარეო მიმართულებით – ინვესტიციებსა და სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც (მომავალი 2 თვის განმავლობაში უნდა შემცირდეს). ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარმართავს ხელისუფლება, ახალარჩეული მთავრობა თავის პოლიტიკას. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი, მინიმუმ 2 თვე, რომელიც მოსახლეობისთვის მძიმედ გადასატანი იქნება”, – აცხადებს თოქმაზიშვილი.

მისი ვარაუდით, ლართან დაკავშირებით მოვლენები ვითარდება ისე, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა თავის ღირებულებას კიდევ უფრო დაკარგავს.

“ლარი იმდენად მგრძნობიარეა, რომ მცირე ცვლილებაც კი, თუნდაც ინვესტიციებში, ადეკვატურად აისახება კურსზე. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულმა მსხვილმა პროექტებმა, სესხმა, რომელიც კიდევ უნდა აიღოს ხელისუფლებამ და მოზიდულმა გრანტმა, გარკვეულწილად, გაანეიტრალოს დევალვაცია.

ყველაფერი შესაძლებელია, თუკი მოხდება რადიკალური ცვლილებები, მაგრამ ეს უკვე მეეჭვება, რადგან ხელისუფლებისთვისაც გარდამავალი პერიოდია და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის იმედი ნაკლებადაა. ვფიქრობ, ასე მდორე-მდორედ ლარმა შეიძლება კიდევ უფრო დაკარგოს თავისი ღირებულება.

რამდენიმე წლის წინ ვსაუბრობდით, რომ 6 მლრდ ლარი დაიხარჯებოდა საპარტნიორო ფონდიდან და ეს თანხა წავიდოდა მსხვილ პროექტებში, მაგრამ რეალურად არ განხორციელდა. იმისთვის, რომ დაჩქარდეს საინვესტიციო პროექტები და ეკონომიკური ზრდის ტემპი, საჭიროა, ოპტიმალური, რაციონალური აზროვნება და სწრაფი რეაგირება – დაწყებული პროექტების ხელშეწყობა და დაჩქარება. ლარი კარგი კატალიზატორია, რომელიც აჩვენებს, რა ხდება ეკონომიკაში რეალურად”, – განმარტავს თოქმაზიშვილი.

სპეციალისტების ნაწილი ამ მძიმე პერიოდშიც კი ცდილობს ოპტიმიზმის შენარჩუნებას და აცხადებს, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურების საფრთხე ჯერჯერობით არ იკვეთება, თუმცა ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ვერც კურსის სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდება.

ანალიტიკოსი ზვიად ხორგუაშვილი სებ-ს მონეტარულ პოლიტიკას უწონებს, მაგრამ აქვე დასძენს, რომ ეროვნულმა ბანკმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა კურსის შენარჩუნება ხელოვნურად სცადა და ამით გაუფასურების პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.

“მეეჭვება, რომ ლარის მეტი გაუფასურება მოხდეს, რადგან კურსმა გარკვეულ მაქსიმუმს უკვე მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური პროცესი არ გვაქვს. ნორმის ფარგლებშია ფასების დონე, მომავალში, ალბათ, მცირდით გაიზრდება, მაგრამ სხვაობა მკვეთრად შესამჩნევი არ უნდა იყოს.

მართალია, სახეზეა ლარის დევალვაცია, მაგრამ სწორი პოლიტიკის წარმართვით სტაბილურობის შენარჩუნებას შევძლებთ. ამითვის კი აუცილებელია, სებ-ი რეზერვების ფლანგვას შეეშვას, ხელოვნურად არ ცვალოს კურსი დოლართან მიმართებით.

ზოგადად ეროვნული ბანკის პოლიტიკას ბოლო პერიოდში დადებითად ვუყურებ, მომწონს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რა გზასაც სებ-ი ადგას. თუმცა, ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა სექტემბერ-ოქტომბერში, როცა კურსის სტაბილურობის შენარჩუნება ხელოვნურად სცადეს. გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა”, – აცხადებს ხორგუაშვილი.

მისი თქმით, სებ-ს შეუძლია რეფინანსირების სესხებზე განაკვეთი გაზარდოს, რაც კონსერვატული მიდგომაა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებას გულისხმობს.

“მართალია, რეფინანსირების სესხებზე განაკვეთის ზრდა ეკონომიკურ ზრდას ოდნავ შეანელებს, მაგრამ ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით დადებითი ნაბიჯია. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს და არ მოახდინოს ფულის მასის მკვეთრი ზრდა.

უახლოეს პერიოდში ლარის საგრძნობ გაუფასურებას არ ველოდები, მაგრამ არც გამყარების იმედი მაქვს. არანაირი წინაპირობა არ არის იმისა, რომ მოხდება გამყარება ან არსებული კურსის სტაბილურად შენარჩუნება. გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა დიდად არ შეიცვლება მიმდინარე მაჩვენებელთან შედარებით.

მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯი იმისთვის, რომ დეფიციტური ხარჯვა არ მოხდეს. ამ პროცესის გამო ხშირად უფასურდება კურსი და რეალურად იყო კიდეც ასეთი ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მას მთავრობა უარყოფს”, – აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.

ანალიტიკოსის შეფასებით, კურსზე მცირე სასიკეთო გავლენა, შესაძლოა, ფულადმა გზავნილებმა მოახდინოს, მაგრამ იგი დევალვაციის საპირწონედ ვერ გამოდგება.

“მთავრობას 300 მლნ აქვს გასასტუმრებელი და ამ თანხის ტრანზაქცია კურსს კიდევ უფრო გააუფასურებს. გამყარების კუთხით, შესაძლოა, წლის ბოლოს ინვესტიციები შემოვიდეს. ფულადი გზავნილებიც მნიშვნელოვნად მოქმედებს კურსზე.

ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. მთავრობამ უნდა შეძლოს, რომ მოკლევადიან პერიოდში არ მოხდეს დეფიციტური ხარჯვა. რაც შეეხება გრძელვადიან პოლიტიკას, ინვესტიციების მოსაზიდად მიმზიდველი გარემო უნდა შექმნას. მთავრობამ უნდა გაატაროს ყველა ის ღონისძიება, რაც ინვესტიციების შემოსვლის მოტივაციას შექმნის, ეს შეიძლება იყოს როგორც კერძო საკუთრების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაცია. ეს პრობლემაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს”, – განუცხადა “რეზონანსს” ზვიად ხორგუაშვილმა.

Comments are closed