globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 9 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 9th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ოპტიმიზაციის სახელით სამინისტროებიდან თანამშრომ-ლების შემცირებას იწყებენ // „თუ ოპტიმიზაციაზე ლაპარაკობენ, ის ზემოდან უნდა დაიწყონ და არა ქვემოდან, ასე ვთქვათ, დაბალი ღობის სახლში გაშვებით“

„რეზონანსი“: როგორ უყურებთ მთავრობაში დაგეგმილ ოპტიმიზაციას და თანამშრომლების შემცირებას?

„რეზონანსი“: სახელმწიფო საწარმოებში ნეპოტიზმთან ბრძოლა უშედეგოა // „რკინიგზა თუ სხვა კომპანიები მოიაზრება დასაქმების ბიუროებად და კომფორტის შექმნის საუკეთესო საშუალებად“

„რეზონანსი“: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „ხელისუფლებამ, როგორმე არჩევნებზე გამძვრალიყო, ხალხი მოატყუა“ // ხელისუფლება ოპონირების გარეშეა დარჩენილი

„რეზონანსი“: „თუ ხალხი ევროკავშირში მასიურად წავა, შესაძლოა შეჩერების მექანიზმი აამოქმედონ“ // სწრაფი და მოულოდნელი გარდატეხა ვიზალიბერალიზაციის გზაზე

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ნაცმოძრაობა“ რევანშისთვის ემზადება“ // „მიხეილ სააკაშვილის პარტიაში სერიოზული დაპირისპირება არ არის“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ვიღაცას კვირიკაშვილის შეცვლა უნდა“ // „პრემიერი ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ქართული ოცნებისადმი“ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „მხოლოდ იმისთვის ვმუშაობ, რომ ბანკმა სახლი არ გამიყიდოს“ // „მთავრობა საქმეს თუ არ მიხედავს, ამ ქვეყნიდან ვერ გაასწრებს“

——————-

„რეზონანსი“, 09 დეკემბერი, 2016 წელი

ოპტიმიზაციის სახელით სამინისტროებიდან თანამშრომლების შემცირებას იწყებენ

თუ ოპტიმიზაციაზე ლაპარაკობენ, ის ზემოდან უნდა დაიწყონ და არა ქვემოდან, ასე ვთქვათ, დაბალი ღობის სახლში გაშვებით

ეკატერინე ბასილაია

საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა 10%-ით შემცირება იწყება და საახალწლოდ ადამიანების სახლში გაშვებას მინისტრების მხრიდან ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია დაერქვა. უფრო მეტიც, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა ისიც, რომ “ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის უმუშევარი დარჩება”.

თუმცა თანამშრომლების გათავისუფლება “ცუდად მუშაობის” გამო მოხდება თუ “ჩვენიანებისთვის” პრიორიტეტების მინიჭებით, ეს კითხვის ნიშნებს უკვე აჩენს. მით უფრო, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე “ფეისბუქში” წერს, რომ სამინისტროში თანამშრომლებს უკანონოდ ათავისუფლებენ და ახალი ხელმძღვანელობა არა “ცუდად მომუშავეებს”, არამედ კონკურსით დანიშნულ ადამიანებს აიძულებს სამსახურის დატოვებას.

“სამინისტროში სიბნელე ისადგურებს – ესაა მძიმე რეალობა. განვმარტავ: ნოემბრის ბოლოს სამინისტროში მოვიდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელმაც, პირველ რიგში, მოახდინა დეპარტამენტების ყველა უფროსის და, ასევე, უფრო დაბალ თანამდებობებზე დასაქმებულების პირდაპირი ან ირიბი გაფრთხილება, დაეტოვებინათ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობები! ანუ, სახეზეა სრული კატასტროფა – ფაქტი, რომლის მსგავსიც არც ერთ სამინისტროში არ მომხდარა 2011 წლის შემდეგ”, – წერს “ფეისბუქში” რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე და იქვე აანონსებს, რომ ქვეყნის საჯარო სამსახურის ინტერესებისთვის ბოლომდე იბრძოლებს და ამისთვის კანონით ნებადართულ ყველა მეთოდს გამოიყენებს.

ვის დატოვებს ოცნება უმუშევრად

რამდენიმე მინისტრმა თანამშრომლების სახლში გაშვებაზე საჯარო განცხადება უკვე გააკეთა. მათი თქმით, ხალხის შემცირება, ეს არის ოპტიმიზაცია და იმ 4-პუნქტიანი ეკონომიკური გეგმის ნაწილი, რომელიც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარმოგვიდგინა და რომლის მიხედვით სამინისტროებმა ბიუროკრატიული ხარჯები 10%-ით უნდა შეამციროს.

პირველად ხალხის სახლში გაშვებაზე განცხადება განათლების მინისტრმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ იგეგმება თანამშრომლების გაშვება როგორც სამინისტროდან, ასევე სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურებიდანაც და რამდენიმე დეპარტამენტიც შეიძლება გაუქმდეს. მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ “ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის უმუშევარი დარჩება”. „ჩვენ ყველას ერთიანი პოზიცია გვაქვს. პასუხს ვაგებთ მთლიანად მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე. რაც უკვე გაცხადებულია, ჩვენ ათი პროცენტით ნაკლებს დავხარჯავთ. აქ რამდენიმე მილიონზეა საუბარი, ჩვენი წილი აქედან 27 მილიონის მიდამოებში იქნება. ყველა ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს, უნდა გავათავისუფლოთ”, – აღნიშნა მინისტრმა, რომლის განმარტებითაც, დაახლოებით ერთ კვირაში კონკრეტული გადაწყვეტილებები ექნებათ.

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ სამინისტროში სისტემური და სტრუქტურული ოპტიმიზაცია განხორციელდება და გაუქმდება რამდენიმე ხელმძღვანელი რგოლი. თანამშრომლების 10%-ის გათავისუფლების რესურსი გამოძებნა გარემოს დაცვის მინისტრმაც.

გიგლა აგულაშვილის თქმით, “ბიუროკრატიული აპარატი უნდა იყოს ცოტა ყველა დონის მმართველ ორგანოში და სამუშაო ადგილები კერძო სექტორში უნდა გაზარდონ”. „რაოდენობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ფინანსების, ასევე, ადამიანური რესურსების 10%-ის შემცირების პოტენციალი გამოვნახეთ”, – აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

„ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ, რომ მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით, მათ შორის ადამიანური რესურსების შემცირება მოუწევს. უცნობია კონკრეტულად რამდენი ადამიანი დატოვებს სამსახურს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გადაწყვეტილებას უშუალოდ სამინისტროები მიიღებენ.

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ვალდებულება კი ეხება ყველა უწყებას, ძალოვანების გარდა. საბოლოო ჯამში, საუბარია დაახლოებით ასი მილიონი ლარით ხარჯების შემცირებაზე. როგორც ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, ხარჯების შემცირება დაანონსებულია და თუ რა მიმართულებით შემცირდება დანახარჯი, ამას უკვე თავად კონკრეტული უწყება და მისი ხელმძღვანელები გადაწყვეტენ. რაც შეეხება კადრების შემცირების საკითხს, ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ხარჯების შემცირების მიზნით “ადამიანების სამსახურიდან გაშვება ყველაზე ბოლო მიმართულებაა”.

სად გადანაწილდება ადამიანების უბედურებაზე დაზოგილი ხარჯი?

“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილის თქმით, ადამიანების სახლში გაშვება და უამრავი ადამიანის უბედურებაზე წარმოჩენილი ოპტიმიზაცია “ვერაფერ სიკეთეს მოუტანს დღევანდელ მთავრობას”. ასე ჯგუფ-ჯგუფად გამოყრილი ადამიანები აუცილებად იჩივლებენ და წინ შფოთიანი ხანგრძლივი პროცესები გველოდება.

ექსპერტის განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მრავალფეროვანი თემაა და დაგეგმილი 10%-იანი ოპტიმიზაცია პრემიების, დანამატებისა და მივლინებების შემცირებითაც იყო შესაძლებელი, მაგრამ მინისტრებმა დავალების შესასრულებლად მარტივი გზა აირჩიეს და ეს ნიშნავს იმას, რომ პრემიები და დანამატები რჩება იმ 90%-ისთვის, მაშინ როცა 10% სამსახურში აღარ იქნება.

“მკაფიო და გამჭირვალე უნდა გახდეს ის, თუ რა ნიშნით შეირჩევა ის 10%, რომელიც უმუშევართა დიდი არმიის კიდევ უფრო გამამდიდრებელი უნდა გახდეს. ეს ჯგუფ-ჯგუფად სამსახურიდან გამოყრილ ადამიანები სასამართლოებში საჩივარს შეიტანენ და იქნება შფოთიანი ხანგრძლივი პროცესი, რაც აუცილებლად დააკნინებს ამა თუ იმ სტრუქტურის მარგი ქმედების კოეფიციენტსაც. უნდა ველოდოთ, რომ მომავალი წლის დასაწისში სამინისტროებში ძირითადი თემა იქნება იმის მუდმივი გარჩევა – რატომ ის და არა ეს. ამიტომაც, იქნებ მთლიანი სახელფასო ფონდი, ნაცვლად 90%-ისა 100%-ზე გადანაწილებულიყო. არ ვგულისხმობ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევებს, როდესაც რომელიმე სახელმწიფო მოხელე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე მართლაც შეუფერებელია ამა თუ იმ სამინისტროსთვის”, – აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი. იგი ასევე აკრიტიკებს ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას და ამბობს, რომ მინისტრის მხრიდან იმის თქმა, ვინც კარგად არ მუშაობს, ის ყოველთვის უმუშევარი დარჩება, ეს სამართლიანობის ნიმუში არ არის, რადგან თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში შტატები მხოლოდ იმის გამო გაორმაგდა, რომ “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარი აქტივისტები დაესაქმებინა და მათი კვალიფიკაციით არავინ დაინტერესებულა.

“კეთილი ინებონ და ის შტატები, რომელიც რაიონების საჯარო სამსახურებში გააორმაგეს, იქ აღადგინონ ის, რაც წინა წლებში არსებობდა. მათ სწორედ იმიტომ არ ეხებიან, რომ დიახ, ნეპოტიზმის საფუძველზე იყო დაკომპლექტებული ეს გაორმაგებული შტატები”, – ამბობს სოსო ცისკარიშვილი და მიანიშნებს იმაზე, რომ სამინისტროებში დაანონსებულ შემცირებებშიც შესაძლოა გამოიკვეთოს ნეპოტიზმის ტენდენცია – სამსახურში დატოვება არა კვალიფიკაციის მიხედვით მოხდეს, არამედ ნათესავ-ახლობლობის თუ აქტივისტობის ნიშნით.

სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც ასე ჯგუფ-ჯგუფად ადამიანების გათავისუფლება ხდება, მინისტრმა სამსახურში დარჩენის კრიტერიუმები უნდა გამოაქვეყნოს, უნდა ჩატარდეს კონკურსები და ვინც უკეთეს შედეგს მიაღწევს, ის დარჩეს სამსახურში. გარდა ამისა, სამინისტროებმა უნდა წარმოაჩინონ, “შემცირებული ადამიანების უბედურებაზე დაზოგილი ხარჯები სად გადანაწილდება და რა სიკეთეს მოიტანს”.

მორიგი სულელური ქამრების შემოჭერა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი 10%-იან შემცირებაზე საუბარს განათლების მინისტრის განცხადების კომენტარით იწყებს. „შეიძლება მისი კომენტარი ადამიანმა გაიზიაროს, მაგრამ მიჩნდება კითხვა: მაშინ რატომ მუშაობს ჯეჯელავა? ამ საზოგადოების უმეტესობას მიაჩნია, რომ ის ცუდად მუშაობს და მისივე პრინციპებით ის უმუშევარი უნდა იყოს, ამ დროს კი რატომღაც მინისტრია”, – მიიჩნევს გია ხუხაშვილი, ამ დაანონსებულ შემცირებას კი მორიგ სულელურ “ქამრების მოჭერის” კამპანიას უწოდებს.

გია ხუხაშვილის თქმით, ოპტიმიზაციის სახელით ასეთი კამპანიური შემცირება აბსოლუტური აბსურდია და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან თუ ეს ადამიანები სჭირდებათ და მაინც უშვებენ, იმიტომ რომ ასეთი ვალდებულება აიღეს, ამ შემთხვევაში საქმე შეიძლება დაზიანდეს და მაშინ რატომ უშვებენ? ხოლო თუ ეს ადამიანები არ სჭირდებოდათ, “მაშინ დღემდე რატომ მუშაობდნენ ასეთი უსაქმურები”.

„ყველა ხელისუფლება, როდესაც რაღაც სოციალური რისკები გაუჩნდებოდა, სხვადასხვა ფორმებით ე.წ. ქამრების მოჭერის კამპანიას იწყებდა და ეს არის მორიგი სისულელე, რომელიც წარმატებით არასდროს დასრულებულა. იმიტომ რომ, 10 კაცს გაუშვებენ დღეს და რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც პრობლემებს გადააგორებენ სხვადასხვა ვალდებულებების გამო 30-ს მიიღებენ. ასეთი კამპანიური ხასიათის შემცირებები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. თუ გქონდა საშუალება ადამიანები 10%-ით შეგემცირებინა, მაშინ ეს ადამიანები დღემდე რატომ მუშაობენ? გათავისუფლებაზე არ უნდა იყოს საუბარი, საერთოდ დანიშვნა არ უნდა ხდებოდეს და რატომ ხდებოდა ეს? ან რატომ 10%, ზოგან შეიძლება შემცირება 20% იყოს საჭირო, ზოგან – 5%. ეს ყველგან 10% საიდან მოიგონეს? იმდენად ყალბია ეს ყველაფერი, რომ სკეპტიკურად ვუყურებ. შემდეგ მივლენ და პრემიერს პატაკს ჩააბარებენ, 10%-ით შევამცირეთო. ჩნდება კითხვა, როგორ ყველგან 10% იყო უსაქმური? ეს არის სისულელე, რომელიც არაფერთან არ მოგვიყვანს”, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ქვეყანაში სოციალური რისკები ისედაც მაღალია და ამ შემცირებებით კიდევ ახალი რისკები დაემატება.

„ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდება პრინციპების მიმართ. რადგან როდესაც მექანიკურად ათავისუფლებ ადამიანებს, იქ ლობისტური ჯგუფები იწყებენ მუშაობას, ნეპოტიზმის პრეცედენტები ჩნდება და ა.შ. ამას კი ბუნებრივია საპროტესტო ტალღა მოჰყვება. ამიტომ ყველა უწყებაში ყოველთვის იმდენი ადამიანი უნდა მუშაობდეს, რამდენიც საჭიროა, ხოლო თუ ხარჯების ოპტიმიზაცია უნდათ, სხვადასხვა ფორმა არსებობს, იგივე საწვავის ხარჯები, მივლინებების ხარჯები თუ სხვადასხვა წარმომადგენლობითი ხარჯები შეიძლება შეამცირო”, – ამბობს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგის განცხადებით, იგივე, თუნდაც მრჩევლის ინსტიტუტი, უსაქმურების დასასაქმებელი ადგილებია, ასევე გაუგებარია ზოგიერთი სამინისტროს არსებობაც და თუ მთავრობას ოპტიმიზაცია სურს, ის ზემოდან უნდა დაიწყოს. „ახლა ბოლოს სკანდალია ატეხილი სასჯელაღსრულების მინისტრის კახი კახიშვილის მიმართ, რომელიც ჩემი აზრითაც ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია, მაგრამ მას 88 მრჩეველზე განმარტება უნდა გაეკეთებინა. ასევე რატომ გვაქვს უაზრო სამინისტროები, ევროინტეგრაციის და შერიგების სამინისტროები? თუ ოპტიმიზაციაზე ლაპარაკობენ, ის ზემოდან უნდა დაიწყონ და არა ქვემოდან, ასე ვთქვათ დაბალი ღობის სახლში გაშვებით, რომელსაც შეიძლება ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა გაუჩინონ”, – დასძენს გია ხუხაშვილი.

„რეზონანსი“, 09 დეკემბერი, 2016 წელი

როგორ უყურებთ მთავრობაში დაგეგმილ ოპტიმიზაციას და თანამშრომლების შემცირებას?

თიკო ოსმანოვა

მთავრობა სამინისტროებში ოპტიმიზაციას იწყებს და თანამშრომლებს 10%-მდე ამცირებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის დარჩება უმუშევარი.

“რომელ დეპარტამენტშიც გვაკლია ხალხი – იქ დავიმატებთ, ხოლო რომელ დეპარტამენტშიც მეტი ხალხი გვყავს – იქ მოვიკლებთ. საერთოდ ჩვენს სისტემაში ბევრი თანამშრომელია. ჩვენი მცდელობა, ფუნქციების ოპტიმიზაცია იქნება. შევეცდებით, გავაძლიეროთ ის მიმართულება, რომელიც უშუალოდ განათლების სისტემის განვითარებას ეხება და რაც არის “ბექ ოფისის” მხარდამჭერი ფუნციები, იქ “მოვუჭიროთ”. დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

თანამშრომლების 10%-მდე შემცირებას გეგმავს თბილისის მერია და გარემოს დაცვის სამინისტრო. მინისტრის გიგლა აგულაშვილის თქმით, მათ მიერ დაგეგმილი რეორგანიზაციის გეგმა გულისხმობს როგორც ხარჯების შემცირებას, ასევე, ადამიანური რესურსების შემცირებას, ოღონდ ბიუროკრატიის შემცირება ხდება არსებული რეზერვების ხარჯზე. „იქ, სადაც ჩვენ გვქონდა ვაკანსიები, ამ ვაკანსიების ხარჯზე შევამცირებთ კადრების საერთო ჯამურ მოცულობას. ამის გარდა, სტრუქტურულად ახლებურად გადავალაგებთ ცალკეულ უწყებებს. ოპტიმიზაციამ არ უნდა იქონიოს გავლენა სერვისებზე. პირიქით, ჩვენ ყველანი ვლაპარაკობდით ადრე, მათ შორის ისინი, დღეს ვინც გვაკრიტიკებს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ცოტა, ბიუროკრატიული აპარატი უნდა იყოს ცოტა ყველა დონის მმართველ ორგანოებში. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა ამ თვალსაზრისით არის თანმიმდევრული და სწორი. სამუშაო ადგილები ჩვენ უნდა გავზარდოთ კერძო სექტორში”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

როგორ უყურებთ მთავრობაში დაგეგმილ ოპტიმიზაციას და თანამშრომლების შემცირებას? ეს კითხვა “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

გიორგი შენგელაია (რეჟისორი): ეს ღონისძიება, რომელიც დაანონსეს, არის ძალიან სწორი. მე პირადად, როგორც მოქალაქე, დიდი ხანია ვამბობ, რომ უნდა მოხდეს პრემიების და დანამატების შემცირება, რადგან ეს ამორალურია, იმიტომ, რომ მთავრობა და დეპუტატი არის ხალხის მოსამსახურე. ადრე “ოცნების” წევრმა თქვა, რომ თუ მთავრობის წევრებს მაღალი ხელფასი არ მივეცით, ბიზნესში გადავლენო, გადავიდნენ ბატონო. იმიტომ, რომ ხალხს ადამიანმა შეიძლება 250 ლარადაც მოემსახუროს. მთავრობაში ისეთი ადამიანები გვინდა, ვინც ჩვენს გაჭირვებას გაიზიარებს. ასე რომ, ვისაც უნდა, გავადიდეს ბიზნესში, სამშობლოს მოყვარულ ბევრ ადამიანს ვნახავთ. თორემ ახლა ყველა მთავრობაში ნეპოტიზმიითა მოხვედრილი.

ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ყოველთვის ნორმალურ თანამშრომლებს ეხებათ შემცირება ან ხელფასის დაკლება. არადა, ისინი მართლა მუშაობენ. მაგრამ, დღეს საქართველოში ისეთი მდგომარეობაა, რომ ესეც არ უშველის. ლარი უფასურდება, იმიტომ, რომ მის გასამყარებლად არაფერი გვაქვს, არც ნავთობს ვყიდით და არც საწარმოები მუშაობს ქვეყანაში. ამიტომ, როგორც განვითარებადი ქვეყნები ცხოვრობენ, ისე უნდა ვიცხოვრობთ. არ არის კარგი, როცა გარკვეულ ფენას აკლდება შემოსავალი. ამას ჯობია ყველამ მოვიჭიროთ ქამრები.

ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): პირველ რიგში თვითონ მინისტრებმა უნდა შეიმცირონ ხელფასები და პრემიები. ეს იქნება რეალური ოპტიმიზაცია, დანარჩენი ბლეფია. როგორც წესი, ქვედა რგოლებზე გადადის ეს ყველაფერი, ისეთ ადამიანებზე წყდება ჯაჭვი, რომლებიც არ ქმნიან ქვეყანაში პოლიტიკურ კლიმატს. თორემ, დანარჩენი ისევე დარჩებიან და გააგრძელებენ ჩვენს ხარჯზე ცხოვრებას.

დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): ძალიან მძიმე მდგომარეობაში მაგდებს იმაზე ფიქრი, რომ დღეს შეიძლება ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩნენ. მთავრობის ეს ქმდება რომ გამართლდეს, საჭიროა ძალიან ძლიერი არგუმენტები – ჯერჯერობით ვერ ვხედავ 10%-ით თანამშრომლების შემცირების აუცილებლობას. ასე რომ, არა მგონია ამ შემცირებით რამე გაუმჯობესდეს, პირიქი,თ კიდევ უფრო რთული მდგომარეობა შეიქმნება, უმუშევართა არმიას ეს ხალხიც დაემატება.

„რეზონანსი“, 09 დეკემბერი, 2016 წელი

სახელმწიფო საწარმოებში ნეპოტიზმთან ბრძოლა უშედეგოა

რკინიგზა თუ სხვა კომპანიები მოიაზრება დასაქმების ბიუროებად და კომფორტის შექმნის საუკეთესო საშუალებად

მარი ჩიტაია

ბოლო პერიოდში სახელმწიფო საწარმოების უეფექტო, წარუმატებელ საქმიანობას მკვლევარები ამ სტრუქტურებში გამეფებულ ნეპოტიზმს უკავშირებენ. “საქართველოს რკინიგზის”, “საქართველოს ფოსტისა” და რამდენიმე მსხვილი საწარმოს ბოლოდროინდელი საქმიანობა მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო არ არის კარგი მმართველი და ვერ მართავს ვერც რკინიგზას და ვერც სხვა კომერციულ ორგანიზაციებს, რაც მათი საქმიანობის წარუმატებლობაზეც აისახება. სახელმწიფო საწარმოებში ნეპოტიზმის რისკი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბოლო კვლევითაც დასტურდება.

ორგანიზაციამ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა “საქართველოს სახელმწიფო საწარმოები: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კორუფციის პრევენცია”. ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავში განხილულია პოლიტიკური გავლენა სახელმწიფო საწარმოების მართვაზე. ორგანიზაციამ გამოავლინა, რომ საწარმოების მართვაზე პოლიტიკური ზეგავლენა გამოკვეთილია, მმართველ თანამდებობებზე ინიშნებიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და სახელმწიფო საწარმოებში დაფიქსირდა თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების დასაქმების არაერთი შემთხვევა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” კვლევის ფარგლებში, 5 საწარმო შეარჩია, რომლებიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაარსდა: სს “საქართველოს რკინიგზა”; შპს “საქართველოს ფოსტა”; სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”; სს “საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა” და სს “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი”.

როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე დღესაც, აღნიშნული სტრუქტურები წარმოადგენენ კომფორტულ ადგილს მმართველი პარტიის წარმომადგენელთა და მათი ნათესავთათვის. ამ მხრივ ყველაზე მეტ ყურადღებას “საქართველოს რკინიგზა” იმსახურებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ცნობით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს რკინიგზაში სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა და მენეჯმენტი შეიცვალა:

საპარტნიორო ფონდის გადაწყვეტილებით, 2012 წლის 27 ნოემბერს ამომრჩეველთა ლიგის დამფუძნებელი კოკა გუნცაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. შეიცვალა კომპანიის გენერალური დირექტორიც და 2013 წლიდან ამ პოსტს მამუკა ბახტაძე იკავებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ყურადღება მიიქცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძის საქმიანობამ, რომელიც 2015 და 2016 წლების დეკლარაციების მიხედვით, ყაზახეთში სს “საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენლობაში მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოსტს იკავებდა. ამ თანამდებობაზე ბაკურიძემ 2014 წელს 8000, 2015 წელს კი 9600 აშშ დოლარი გამოიმუშავა.

2014 წლის ქონებრივ დეკლარაციაში, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ზურაბ პატარაძის მეუღლის, სოფიო ბაკურიძის სამსახურის შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის.

მსგავსი ფაქტი “საქართველოს რკინიგზაში”, შესაძლოა, ერთეული შემთხვევით არ შემოიფარგლებოდეს. იმის გამო, რომ ინფორმაცია ამ სტრუქტურაში დიდწილად გაუმჭვირვალეა, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი გიორგი ნასრაშვილი განმარტავს, რომ კვლევის მიზანი იყო ჩვენება, სახელმწიფო საწარმოები რამდენად ანგარიშვალდებული ორგანიზაციები არიან.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქვეყანაში მოქმედი ანტიკორუფციული კანონმდებლობის პრინციპები არ ვრცელდება ან მცირე დოზით ვრცელდება სახელმწიფო საწარმოების სფეროზე. ამიტომ ისინი არ არიან ვალდებული დასაქმება მოხდეს კონკურსის წესით ან სხვა პროცედურების საფუძველზე. ამიტომ ხშირად გვაქვს კითხვის ნიშნები დასაქმების მეთოდთან დაკავშირებით, თუ რა ნიშნით ხდება როგორც თანამშრომლების, ასევე ხელმძღვანელი პირების შერჩევა”, – აცხადებს ნასრაშვილი და დასძენს, რომ სახელმწიფო საწარმოებში დასაქმება საკანონმდებლო დონეზე არ არის რეგულირებული, რის გამოც ამ სექტორში ნეპოტიზმის მაღალი რისკია.

ჩვენ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა, როცა დიდი თანამდებობის დაკავების შემდეგ გარკვეულ პერიოდში მათი ოჯახის წევრები დასაქმდნენ სახელმწიფო საწარმოებში. კვლევაში ასეთი 10-მდე ფაქტია. ჩვენ არ ვამტკიცებთ, ყველა შემთხვევა ნეპოტიზმია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სათანადო კრიტერიუმები, კონკურსის წესი და ვალდებულება არ არსებობს, ჩნდება კითხვები ასეთ შემთხვევებთან მიმართებით: ხომ არ აქვს ადგილი ინტერესთა კონფლიქტს ან ნეპოტიზმის ნიშნებს? გვაქვს დიდი რისკი, რომ ნეპოტიზმის ნიშნით ხდება დასაქმება და კორუფციის სერიოზული საფრთხეა. იმის გამო, რომ არ არსებობს გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება, კორუფციული რისკი მატულობს. საბოლოო ჯამში, იგი სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტიანობაზე ადეკვატურად აისახება”, – განმარტავს გიორგი ნასრაშვილი.

მიუხედავად რამდენიმე კონკრეტული მაგალითისა, “საქართველოს რკინიგზაში” ნეპოტიზმის ნიშნების არსებობას უარყოფენ. უწყებაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევაში წარმოდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

სამაგიეროდ, ამ ორგანიზაციაში ნეპოტიზმის ნიშნები სპეციალისტებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ გაზრდილმა და დაუსაბუთებელმა ხარჯმა, შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს კომპანიის მომგებიანობაზე, შეამციროს ან ზარალიანი გახადოს იგი. ამის მაგალითია “საქართველოს რკინიგზა”.

“სახელმწიფო საწარმოებში ნეპოტიზმთან დაკავშირებული პრობლემა ახალი არ არის. ამ საკითხით დაინტერესებული საზოგადოება სხვადასხვა ინტენსივობით 2009 წლის შემდეგ აქტიურად საუბრობს, მათ შორის, აუდიტის სამსახურიც. სისტემური მოწესრიგების საჭიროებაზე აქცენტი ყოველთვის კეთდებოდა, მაგრამ შედეგი არასდროს გვინახავს. სახელმწიფო საწარმოები, როგორც წესი, მოაზრებული იყო ადამიანების დასასაქმებლად არჩევნების დროს ან შემდგომ პერიოდში. ყველა წინა ხელისუფლება ინარჩუნებდა ამ მახინჯ სისტემას. რეალურად არაფერი კეთდებოდა პრობლემის მოწესრიგებისთვის.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ძალიან მაღალი ანაზღაურება, რომელიც ათიათასობით ლარია, განსაკუთრებით, სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმებულთათვის. ამიტომ არ მიკვირს, რომ გაზრდილმა და დაუსაბუთებელმა ხარჯმა საწარმოს მომგებიანობა შეამციროს. რკინიგზის შემთხვევაში ეს ალბათობა მაღალია, რადგან დაუსაბუთებელი ხარჯი ამცირებს კომპანიის მოგებას.

“საქართვლეოს რკინიგზის” ტვირთბრუნვა, დაახლოებით, 30%-ით შემცირებულია. გამოდის, რომ შემოსავალი იკლებს, ხოლო დაუსაბუთებელი ხარჯები იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული, რაც ამცირებს საწარმოს რენტაბელობას”, – განმარტავს ალაფიშვილი.

მასვე მოჰყავს მაგალითი, თუ რამდენად უეფექტოდ, არამიზნობრივად იხარჯება ფული სახელმწიფო კომერციულ სტრუქტურებში.

“წლის დასაწყისში მომხდარი ნიშანდობლივი ფაქტი კარგად წარმოაჩენს საწარმოების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას, როცა “საქართველოს რკინიგზამ” და გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების კომპანიამ დახარჯა 2 მლნ დოლარზე მეტი და 102 ახალი ავტომობილი შეუძინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. რეალურად სახელმწიფო საწარმოები მოიაზრება დასაქმების ბიუროებად და საკუთარი კომფორტის შექმნის საუკეთესო საშუალებად. იქ გამჭვირვალობა ნაკლებია, რადგან მათი საქმიანობა კომერციული საიდუმლოებაა. ამიტომ ყოველთვის რჩება ადგილი, რომ პოლიტიკური თანამებრძოლი ან ნათესავი დაასაქმოს ნომინალურ თანამდებობაზე, მაგრამ ხელფასი დაუნიშნოს ათასობით ლარი.

თუკი სახელმწიფო არ შეელევა ამ კომფორტს, შეიძლება მძიმე შედეგამდე მივიდეთ, ამიტომ სისტემურად უნდა მოგვარდეს პრობლემა. თავისთავად, ეს გულისხმობს გააზრებას, რომ სახელმწიფო არ არის კარგი მმართველი და ვერ მართავს ვერც რკინიგზას და ვერც სხვა კომერციულ ორგანიზაციებს, რაც მათი საქმიანობის წარუმატებლობაზეც აისახება”, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

სპეციალისტების შეფასებით, პრობლემა არაკომპეტენტურობაშია, რისი მაგალითიც ქვეყანაში საკმაოდ ბევრია. სოციოლოგი ნოდარ კაპანაძე თვლის, რომ სახელმწიფო საწარმოების საქმიანობაში ეჭვს ყოველთვის სისტემის გაუმჭვირვალეობა იწვევს, რაც ხშირად საფუძვლიანია.

“პრობლემაა არაკომპეტენტურობა და მონიტორინგისა და შეფასების სისტემური არარსებობაა. დავუშვათ შემთხვევა, რომ ვარ რომელიმე სამინისტროს მარალჩინოსანი და ჩემი ბიძაშვილი უმაღლესი დონის პროფესიონალია. ნეპოტიზმის პრობლემიდან გამომდინარე, არ უნდა დაინიშნოს? ეს უკვე მეორე უკიდურესობაა. პირველი უკიდურესობა სახეზეა, რაზეც “საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველომ” თავის კვლევაში ამომწურავად ისაუბრა”, – აცახდებს კაპანაძე და დასძენს, რომ არ არსებობს მონიტორინგისა და შეფასების ობიექტური სისტემა, რომლითაც გაწეული სამუშაოს შედეგი იზომება.

“სახეზე რომ გვქონოდა გაწეული სამუშაოს აღწერილობა, არავინ ისაუბრებდა, ვინ გააკეთა საქმე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის რძალმა თუ ვინმე სხვამ. გაუმჭვირვალობა და რაღაცის დამალვა ყოველთვის აჩენს კითხვას და ეჭვს, რომელიც საფუძვლიანად მიაჩნიათ ხოლმე. ჩემი აზრით, არის კიდეც საფუძვლიანი, მაგრამ საქართველოს ტიპის ქვეყანაში ამ პრობლემას ვერსაიდან შემოუვლი. ამის გადაწყვეტის ერთადერთი გზაა, რომ მონიტორინგისა და შეფასების სისტემური ანალიზი მოხდეს. განსაკუთრებით, როცა საქმე “რკინიგზის” საქმიანობას ეხება. ეს ისეთი სპეციფიკური სფეროა, რომ არაპროფესიონალის მუშაობას ნებისმიერ დონეზე მძიმე შედეგი მოაქვს და ასეა კიდევაც”, – ამბობს ნოდარ კაპანაძე.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხების პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის საჭიროა, რომ ნეპოტიზმის პრობლემა გადაიჭრას საზოგადოების ყველა დონეზე. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს იმის აღიარება, რომ ნეპოტიზმი ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„რეზონანსი“, 09 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „ხელისუფლებამ, როგორმე არჩევნებზე გამძვრალიყო, ხალხი მოატყუა“ // ხელისუფლება ოპონირების გარეშეა დარჩენილი

ელზა პაპოშვილი

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური გეგმა, პირველ რიგში ქვეყნის ყველაზე მოწყვლად ფენას დაარტყამს, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო მძიმე სოცილურ-ეკონომიკურ გაჭირვებაში ჩააგდებს. არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” ხალხმა მხარი მისი მემარცხენე ეკონომიკური პოლიტიკის გამო დაუჭირა. ჯანდაცვის რეფორმა და შეღავათები, რომლითაც ხელისუფლება ქულებს იწერდა, აღმოჩნდა რომ ახლა სრულიად აღარ სჭირდება და ის მემარჯვენე ეკონომიკურ პოლიტიკას ირჩევს. ანალიტიკოსის აზრით, ამას კი საზოგადოების მოტყუება ჰქვია, რასაც ხელისუფლებას კარგს არაფერს მოუტანს.

- როგორ აფასებთ მთავრობის მიერ წარმოდგენილ სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გეგმას. ფიქრობ თუ არა რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პროცესის განვითარებას კრიტიკულად შეხვდება და საპროტესტო მუხტს გამოიწვევს?

- დღეს საზოგადოების სერიოზული აქტივობის ან პროტესტის არანაირი რესურსი არ არსებობს. ამას, ერთი მხრივ, დადებითი ხასიათი აქვს, რადგანაც უკმაყოფილო ადამიანები პროტესტს ვერ გამოხატავენ და ორგანიზებული პროტესტის პერსპექტივა არ არსებობს. მეორე მხრივ კი ნეგატიურია, რადგანაც საერთო ჯამში, უკმაყოფილება კი არ შეიცვლება, არამედ ფარული ნაღმების რეჟიმში გადავა. ხოლო თუ ოპოზიცია იმძლავრებს, ყველა ეს უკმაყოფილება ხელისუფლების წინააღმდეგ ამოქმედდება. ეს კი სახელმწიფოსთვის საკამოდ მძიმე დარტყმა იქნება.

მთავრობის ეკონომიკურ ხედვასათან დაკავშირებით საკამოდ კრიტიკული და უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ოპონენტები აკრიტიკებდნენ, თუმცა ხალხი მისი მემარცხენე ეკონომიკური პოლიტიკის მხარდამჭერი იყო. სახელმწიფოს მიერ სოლიდარობა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში და სხვადასხვა სახის შეღავათები, ხელისუფლების მხრიდან ერთ-ერთი დადებითი და ადამიანური სახე იყო, რის გამოც “ოცნებამ” საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვა. ხოლო არჩევნების შემდეგ, მან სრულიად განსხვავებული კონცეფცია წარმოგვიდგინა, რასაც მემარჯვენე პოლიტიკის გატარება ჰქვია. ხელისუფლებამ ახლა მუშაობა იმაზე დაიწყო, ბიუჯეტისთვის ფული როგორ იშოვოს.

- შეიძლება ითქვას, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებამდე საზოგადოება მოატყუა და ის ეკონომიკური ხედვები, რომელიც გეგმაში ჰქონდა, დამალა?

- რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ამ პროცესში მთლიანად საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილი და რიგითი მოქალაქეები უგულებელყო. ჩემთვის ყველაზე უსიამოვნო და მიუღებელი ფაქტი ისაა, რომ ხელისუფლება გათიშე და იბატონეს პრინციპით მოქმედებს.

გამოდის, რომ ამ გეგმის მიხედვით ბანკები და ბიზნესსექტორი კი არ ზარალდება, არამედ მხოლოდ რიგითი ადამიანი, რომელმაც ყველა ეს დარტყმა საკუთარ თავზე უნდა მიიღოს. ამიტომაც, ეს სოციალური უსამართლობაა. ამ გეგმის წინააღმდეგი ვარ არა იმიტომ, რომ ხელისუფლებამ შემოსავლებზე არ უნდა იზრუნოს, არამედ იმიტომ, რომ ერთი მხრივ პროცესებს მოუმზადებელი შეხვდა და მეორე მხრივ, თავის მოქალაქეებს დაარტა, რომელთაც ამის გადატანა ძალიან გაუჭირდება. გამოდის, რომ ხელისუფლებამ როგორმე არჩევნებზე გამძვრალიყო, ხალხი მოატყუა.

- „ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენები გვაძლევს თუ არა იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალის ადგილი ვაკანტური გახდება?

- ზოგადად, დამარცხებული პარტიის ფონზე, სადაც სამომავლო პერსპექტივებს ვერ ხედავენ, შიდა დინებები, უფრო მძაფრი ხდება. პარტიაში შიდა დაპირიპირება ყოველთვის არსებობდა, თუმცა ამ დონემდე გარეთ არ გამოდიოდა და შიგნით გვარდებოდა. საერთო ჯამში, ეს ბუნებრივი პროცესია და აქ საოცრება არაფერი ხდება. ძირითად შემთხვევებში ვნახეთ, რომ ზოგიერთი პარტიები დაიშალა. ამიტომ, თუნდაც პარტია სახელს ინარჩუნებს და ადამიანური რესურსი არ დაუკარგავს, არ მგონია, რომ ის როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, საერთოდ გაქრეს. თუმცა, პარტია ვისი მართვის რეჟიმში გააგრძელებს არსებობას და როგორ, ეს მათზეა დამოკიდებული. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, “ნაციონალურ მოძრაობას” დღეს საკმაოდ კარგი შანსები აქვს. საერთო ჯამში, სულ ორი არსებული ოპოზიციური პარტიიდან ყველაზე მსხვილი მაინც ის არის.

საკმაოდ ენერგიულია და დიდ რესურსებს ფლობს. მას აქვს კარგი კავშირები, არასამთავრობო ოგანიზაციებთან, მედიასთან, განათლების სექტორთან, საერთაშორისო ასპარეზზე, ამიტომაც “ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო პერსპექტივებს დაბალს არ ვუწოდებდი. უბრალოდ მგონია, რომ მათ სწორი პოზიციონირების დაჭერა უჭირთ. მთავარია ხვალ რა სახის წარმატებას შეძლებენ. ხვალინდელ პოლიტიკურ დღის წესრიგში თავს რამდენად იპოვიან, ეს პრინციპში, მათზეა დამოკიდებული.

- “ნაციონალური მოძრაობა” თუ ორ სუბიექტად გაიყო, არ ფიქრობთ, რომ ამით მათი დასუსტებაც მოხდება და ელექტორატის ნაწილიც გაიყოფა?

- ამ წუთში “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ამომრჩეველი არსებითად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. ამიტომ, გაყოფის შედეგად ერთ ნაწილი მეორეს გაყვება, ვფიქრობ, ასე არ მოხდება. თუ რომელიმე არ იარსებებს, მაშინ მათ განვითარების რაღაც შანსები ექნებათ. გაყოფის შემთხვევაში, სააკაშვილი რომელ მხარესთანაც იქნება ასოცირებული, მას უფორ მეტი ამომრჩეველი ეყოლება. თუმცა, სააკშვილის ნიშის იქით დარჩენილ ძალას, გარკვეული პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს, თუ სხვა მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ, მაგრამ აქაც წინააღმდეგობა შეხვდებათ, რადგანაც გიორგი ვაშაძის და “გირჩის” სახით, მას კონკურენტები ეყოლება. გამოდის, ისინი ისე უნდა გავიდნენ პარტიიდან, როგორც სხვა წევრებმა გააკეთეს და ფუნქციონირება დამოუკიდებლად, ახალი სტატუსის ქვეშ გააგრძელონ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებაში “ქართული ოცნებაა” და მეორე ოპოზიციური ძალა “პატრიოტთა ალიანსია”, პარლამენტში დაშლილი ანტინაციონალური ჯგუფი, განსხვავებული პოზიციონირებით მაინც არ იქნება გამორჩეული.

- როგორ ფიქრობთ, “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფის შემთხვევაში, ხელისუფლებას სერიოზული ოპონენტი აღარ ეყოლება. ეს ქვეყანას, რამდენად კარგად წაადგება?

- საქმე იმაშია, რომ ხელისუფლება ოპონირების გარეშე უკვე დარჩენილია. “ნაციონალური მოძრაობის” ოპონირება თავის ამომრჩეველთან ურთიერთობის ფორმა უფროა. ისინი ამ რეჟიმით და პათოსით ცდილობენ, რომ ის ხალხი შეინარჩუნონ, ვინც მათ ამ არჩევნებზე ხმა მისცა. ხელისუფლება ცალ კარში თამაშობს.

ამიტომაც, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე ვთქვი, რომ სანამ პოლიტიკური ძალები აზრზე მოვლენ, მანამ ხელისუფლების ოპონირების რეჟიმში თავად საზოგადოება უნდა გადავიდეს. იმ რეჟიმში, როგორშიც ახლა ხელისუფლება იმყოფება, საკმაოდ საშიში სიტუაციაა, რადგანაც მას გამპროტესტებელი არავინ ჰყავს და საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონის ფონზე, გამოუსწორებელი შეცდომების დაშვება შეუძლიათ. ამიტომ საზოგადოებამ კრიტიკის სივრცე უნდა შეავსოს და როცა ეს ყველაფერი დაბალანსდება, პოლიტიკურ სუბიექტებსა და პარტიებს შორის კომუნიკაცია უკვე კლასიკურ რეჟიმში გადავა.

„რეზონანსი“, 09 დეკემბერი, 2016 წელი

თუ ხალხი ევროკავშირში მასიურად წავა, შესაძლოა შეჩერების მექანიზმი აამოქმედონ“ // სწრაფი და მოულოდნელი გარდატეხა ვიზალიბერალიზაციის გზაზე

თაკო მათეშვილი

ვიზალიბერალიზაციის გზის დასასრული უკვე გამოჩნდა. მოვლენების მკვეთრად და ჩვენთვის სასიამოვნოდ შეცვლას პოლიტოლოგები ვერ ხსნიან და ამბობენ, რომ ძნელია იმაზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია სიტუაციის შემოტრიალება. მათი ნაწილი ამას ევროკავშირის მაღალჩინოსნების მონდომებასაც მიაწერს. თუმცა ხელისუფლებაში პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის დამსახურებებზე საუბრობენ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ფონზე ეს იმიჯშელახულ ხელისუფლებას საზოგადოების თვალში რეიტინგს გარკვეულწილად აუმაღლებს, თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, რომ ვიზალიბერალიზაცია ლარის კურსის თემას ვერ გადაწონის და ხალხს ეკონომიკურ სიდუხჭირეს ვერ დაავიწყებს.

მოგეხსენებათ, ხანგრძლივი ლოდინისა და იმედების გადაწურვის შემდეგ ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ, ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ შეთანხმებას მიაღწიეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში ამოქმედდება. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხს ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე კენჭს მომავალ კვირას უყრის. აღნიშნული სიახლე გუშინ ევროპელი მაღალჩინოსნების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. მათი ნაწილი საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას ეხმაურებოდა, ნაწილი – სოციალურ ქსელებში.

ევროპა ასრულებს დანაპირებს, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ “ტვიტერის” პირად გვერდზე ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფში შემავალი ევროპარლამენტის წევრი მანფრედ ვებერი შეჩერების მექანიზმის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.

აღნიშნულ საკითხზე “ტვიტერში” გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმაც დაწერა. მისი აზრით, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, “რომელიც მათ დაიმსახურეს”.

“მივესალმები დღევანდელ შეთანხმებას ევროსაბჭოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო”, – წერს იოჰანეს ჰანი.

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა კი იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭო გადაწყვეტილების მიღებას არ გააჭიანურებს. მისი აზრით, შეჩერების მექანიზმზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა ევროპარლამენტის მხრიდან გაწეული “შესანიშნავი” სამუშაოა.

თემას ორიგინალურად გამოეხმაურა თავად ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. მან “ტვიტერის” პირად გვერდზე ქართულად დაწერა: “შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია”, – წერს დონალდ ტუსკი.

შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაზე თავად ევროკავშირის საბჭომაც ვრცელი ინფორმაცია გაავრცელა.

“2016 წლის 7 დეკემბერს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს სახელით ევროპარლამენტთან შეთანხმებული ტექსტი შეჩერების მექანიზმის განხილვის რეგულაციაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა არსებული ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებებთან მიმართებაში. შეთანხმების მიღწევა მოხდა ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის შორის. ახლა, როდესაც შეთანხმება დაადასტურა მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა, საბჭოს სახელით რეგულაცია გადაეცემა ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის პირველი მოსმენით და საბჭოს მის მისაღებად”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველოშიც გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს.

“მივესალმებით შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ინსტიტუტების ნებას საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველო უკვე ძალიან ახლოსაა საბოლოო მიზანთან და მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით, რაც პირველი ყველაზე ხელშესახები შედეგი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ევროინტეგრაციის ახალმა მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ კი პროცესების ჩვენთვის სასიამოვნოდ შემოტრიალება პრემიერის ვიზიტის დამსახურებად გამოაცხადა. მისი თქმით, კვირიკაშვილის ბრიუსელში ჩასვლამ მყისიერი შედეგი გამოიღო.

დოლიძისაგან განსხვავებით გამომწვევ მიზეზებზე დაზუსტებით საუბარი პოლიტოლოგებს უჭირს.

ექსპერტი საგარეო საკითხებში ხათუნა ლაგაიზიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა შეიძლებოდა გამხდარიყო “ასეთი რადიკალურად სასიამოვნო” ცვლილების მიზეზი, თუმცა დასძენს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა პროცესის დასაჩქარებლად მაქსიმუმი გააკეთეს. მისი თქმით, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი მანამ მომხდარიყო, სანამ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რადგან იქ ორივე მთავარი კონდიდატი სკეპტიკურადაა განწყობილი ევროკავშირის დღევანდელი სახით არსებობის მიმართ. შესაბამისად, მათგან იმის მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესს დააჩქარებდნენ, ან საერთოდაც მხარს დაუჭერდნენ, ლაგაზიძის აზრით, ძალიან დაბალი იყო. იგი ამბობს, რომ ევროსკეპტიკოსების ხანა დგება იტალიაშიც, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში იქ იმავე განწყობების მქონე ადამიანების გამარჯვებას ვარაუდობენ. ყველაფერი კი, სპეციალისტის აზრით, ქმნიდა იმის საშიშროებას, რომ ეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მონიჭებაზე უარყოფითად აისახებოდა. მისი აზრით, ეს საფრთხე ევროჩინოვნიკებმაც იგრძნეს და სწორედ ამიტომაც დააჩქარეს პროცესი.

ჩვენ კითხვაზე, რამდენად შეიძლება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულმა სასიხარულო სიახლემ მოსახლეობას ლარის კურსი “დააავიწყოს” და ეს თემა გადაწონოს, ხათუნა ლაგაზიძე შემდეგნაირად გვპასუხობს:

“ლარის კურსი და ვიზალიბერალიზაცია სხვადასხვა სივრცეში არსებული თემებია. რეალისტები რომ ვიყოთ, ვიზალიბერალიზაცია სოციალურ პრობლემებს ვერ გადაწონის. საზოგადოების უკმაყოფილებას ვერ ჩაახშობს. ერთადერთი და არცთუ სასიამოვნო კავშირი, რაც ამ ორი მოვლენას შორის შეიძლება იყოს, ისაა, რომ ამ გზით საქართველოს დატოვებას რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შეეცდება. ის ადამიანები, ვისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც განსაკუთრებით უარესდება. თუკი ხალხი აქედან მასიურად წავა და ევროკავშირში დარჩენას შეეცდება, მაშინ არაა გამორიცხული სწორედ ის შეჩერების მექანიზმი აამოქმედონ, რომელსაც თავად ევროკავშირის სტრუქტურები ამდენ ხანს ელოდნენ. ევროპაში გაიოლებულმა წასვლამ იქ სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი შეიძლება ერთიორად გაზარდოს”, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მოსაზრებას, რომ შეჩერების მექანიზმის შემუშავება და შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის დაჩქარება კვირიკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დამსახურებაა, პოლიტოლოგი, “ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის” პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი არ ეთანხმება და ამბობს, რომ ასეთი საკითხები კონკრეტული პიროვნებების დონეზე არ წყდება. ევროკავშირს, მისი თქმით, ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში მკვეთრად ჩამოყალიბებული წესები და კრიტერიუმები გააჩნია და ვინმეს ვიზიტი მათ აზრს ვერაფერში შეაცვლევინებს. უბრალოდ, მისი აზრით, შეიძლება პრემიერის ვიზიტი ამ ყველაფერს დაემთხვა. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ამ სასიამოვნო სიახლის შესახებ წინასწარ ინფორმირებული ყოფილიყო და ვიზიტი საგანგებოდ დაემთხვია. ახლა კი, სპეციალისტის თქმით, ვეღარაფერი მოხდება ისეთი, რაც პროცესს კვლავ შეანელებს ან შეაჩერებს.

“უახლოეს მომავალში საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს და თავისუფალი მიმოსვლის საშუალება ყველა მოქალაქეს მიეცემა. თუმცა, ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ამ მოქალაქეებს ევროპულ ბაზარზე დასაქმება შეეძლოთ. ეს საკითხი თავის დროზე დღის წესრიგში იდგა და კარგი იქნება თუკი საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს ისევ გაააქტიურებს. ეს საქართველოს მოქალაქეებისათვის დიდი შვება იქნებოდა”, – დასძენს ირაკლი კიკიანი.

რაც შეეხება ფორმალობებს, რომლებიც გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლამდეა დარჩენილი, შემდგომი პროცედურის თანახმად, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე შესაბამისი რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით მომდევნო კვირაში სამმხრივი კონსულტაციები გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს საკითხს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ხოლო საბოლოოდ კი რეგულაცია ევროკავშირის საბჭოს მიერ ფორმალურად დამტკიცდება.

საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული ცვლილების ძალაში შესვლასთან ერთად ამოქმედდება.

——————–

„ახალი თაობა“, 09 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ნაცმოძრაობა რევანშისთვის ემზადება“ // „მიხეილ სააკაშვილის პარტიაში სერიოზული დაპირისპირება არ არის

ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ განხეთქილებაზე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. საქართველოს გადარჩენის მოძრაობის თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა 1999 წელს დააფუძნა, „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნაციონალებში სერიოზული დაპირისპირება არ არსებობს, პარტიას კი ისევ სააკაშვილი მართავს.

მირიან მირიანაშვილი:

- ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ მასშტაბური ყრილობისთვის არ ემზადება. მას დიდი გეგმები აქვს და რევანშს აპირებს. გამართლდა ყველა პროგნოზი და ინფორმაცია, რომელიც აქამდე ნაციონალურ მოძრაობაზე მითქვამს. მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს პარტიის მართვას, ნაციონალური მოძრაობა კი ისევ რჩება ქართული პოლიტიკის მთავარ თემად და ინტრიგად, რაც არ არის მოსახლეობის სურვილი და მოთხოვნა. რეფერენდუმი რომ ჩატარდეს და ხალხს ჰკითხონ, უნდა თუ არა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური არსებობა, დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი უარყოფითი იქნება.

- ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო არჩევნებში ნახევარი მილიონი ხმა მიიღო...

- ელექტორატის აქტიურობის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა 10%-ზე მეტი არ იქნებოდა. არჩევნებზე პასიურობას დაემატა „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა მობილიზაცია და საპროტესტო განწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ. ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი. საზოგადოების დიდმა ნაწილმა გააპროტესტა ის, რომ „ქართული ოცნების“ ალტერნატივად მას დაუტოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ და საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე. პოლიტიკიდან ასეთი დისტანცირება მცდარი ნაბიჯი იყო. ხალხმა იცის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების მაქსიმუმ 10%, თუმცა, ესეც საკმარისია საიმისოდ, რომ ადამიანებს აღარ სურდეთ ამ პარტიის აქტიურობა. „ნაციონალების“ მხილებისათვის მარტო 2008 წლის მოვლენები კმარა. სარწმუნო ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილმა მაშინ იმოქმედა რუსეთის დავალებით. მას ეს ვალდებულება რუსეთის წინაშე ადრევე ჰქონდა აღებული. ჩემი დაფუძნებული პარტია წამართვა არა მარტო სააკაშვილმა, არამედ რუსეთის უშიშროებამ.

- ქართული ოცნების დამოკიდებულება როგორია ნაციონალური მოძრაობის მიმართ?

- ახლანდელმა ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამუსი შეუნახა. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოაბიტაციაში შევიდა იმ იმედით, რომ ის თავისთავად განადგურდებოდა და დაიშლებოდა. არჩევნების შემდეგ მივიღეთ აშკარა ორპარტიულობა. „ნაცმოძრაობას“ ახარებს ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი შეუწყო სხვა პარტიების პოლიტიკურ განადგურებას. მოსალოდნელია „ქართული ოცნების“ რეიტინგის კლება, იმიტომ, რომ ეს, ჯერ ერთი, მმართველი პარტიაა და მეორე, ქვეყანაში მძიმე სიტუაცია იქმნება.

- ნაცმოძრაობის დაშლის ნიშნები არ ჩანს?

- არ ჩანს. ის, რაც ხდება, ბლეფია. უთანხმოება პარტიაში ადრეც ყოფილა და ახლაც არის. დაშლა, დანგრევა და დასუსტება კი არ მიმდინარეობს, როგორც ამას ბევრი გვიმტკიცებს. მიხეილ სააკაშვილის ბოლო მითითებაა, რომ პარტიას არ ჰყავდეს თავმჯდომარე. ნომინალური თავმჯდომარეც კი შეასუსტებდა სააკაშვილის გავლენას და მას ეს არ სჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა შემოუთვალა თავისიანებს, ლარი რომ დოლართან 3 1-ზე გახდება, ფინანსური სისტემა დაინგრევა, რაც ივანიშვილის პოლიტიკური დასაფლავება გახდებაო. ბოლოდროინდელ კრიზისულ მოვლენებს სააკაშვილი იჩემებს. ამ მხრივ ის რაღაცებს იბრალებს, თუმცა ამ ნეგატიურ მოვლენებში მისი წვლილიცაა.

- ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ქართული ოცნების სიძლიერე შეარყია...

- დიახ. ნაციონალები რევანშს აპირებენ. ისინი იმედს ამყარებენ ძირითადად ორ ფაქტორზე. ჯერ ერთი, ბოლო არჩევნებზე მათ იმაზე მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე წინაზე; მეორე – ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემაში დიდი პრობლემებია. „ნაციონალები“ ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებაზე და არა – დაშლაზე. მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას არწმუნებს, რომ თბილისის საკრებულოში უმრავლესობას აიღებს, მას კი ციხიდან ტრიუმფალურად დააბრუნებს დედაქალაქის მმართველობაში. პარტიიდან გამოვიდნენ ვაშაძე და გირჩის წევრები, მაგრამ ამით პარტია არ დანგრეულა და არც დასუსტებულა. საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ აღსასრულზე საჭიროა იმისთვის, რომ მოდუნდეს ყურადღება და ყველამ იფიქროს, რომ ამ პარტიიდან საფრთხე აღარ არის მოსალოდნელი.

- პარლამენტში შესვლაზე ხომ იყო უთანხმოება?

- ეს ყველაფერი გაზვიადებული იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს არათუ გაძლიერებას, არამედ ახალი წევრების შემომატებას სხვა ძალებიდან. ეს პროცესი ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს და არჩევნების წინ დასრულდეს.

- სააკაშვილი უკრაინაშიც ქმნის პარტიას...

- იქ მას პრობლემები აქვს. უკრაინიდან მიღებული ცხელი ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე. ამის გამო მიხეილ სააკაშვილი სულ ტელეფონზეა ჩამოკიდებული და შველას ევროპელი პოლიტიკოსებისგან ელის.

- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ მოქალაქეობა ჩამოართვეს, კიევის აეროპორტის სატრანზიტო ზოლში იცხოვრებს...

- ამ ხუმრობას თავისი დანიშნულება აქვს. სააკაშვილმა ამით პოროშენკოსაც და თავის მომხრეებსაც შეუთვალა, რომ დანებებასა და უკრაინის მიტოვებას არ აპირებს. ეს გარკვეული მუქარაა.

„ახალი თაობა“, 09 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ვიღაცას კვირიკაშვილის შეცვლა უნდა“ // „პრემიერი ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა

არის თუ არა მთავრობაში დაპირისპირება, გველოდება თუ არა ეკონომიკური კოლაფსი, ვინ იქნება გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელი, რატომ არ არიან „ქართულ ოცნებაში“ ლიდერები? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა შიდა დაპირისპირებას უარყოფს, ეს საკითხი მაინც აქტუალურია. დაპირისპირების არც თქვენ გჯერათ, მაგრამ მიიჩნევთ, რომ მთავრობაში არიან ისეთი ჯგუფები, რომლებსაც, შესაძლოა, კვირიკაშვილის წარუმატებლობა გაუხარდეთ...

- ინფორმაციას მთავრობაში არსებულ დაპირისპირებაზე სკეპტიკურად ვუყურებ. იქ კი არის სხვადასხვა ჯგუფი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ღია კონფრონტაციაში არ შევლენ. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, ჩასაფრებულის პოზიციაშია და უხარია კიდეც კვირიკაშვილის წარუმატებლობა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხელისუფლებაში სხვადასხვა ინტერესჯგუფი ყოველთვის არის და მომავალშიც იქნებიან. სხვა საქმეა, რამდენად წარმატებულად იმუშავებს მთავრობა. ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, მეც მინდა, რომ საქმე უკეთესობისკენ წავიდეს, მაგრამ მთავრობის წარმოდგენილი გეგმა ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს. ორდინარული მეთოდებით არსებული სიტუაციიდან გამოსვლა შეუძლებელია, მთავრობის წარმოდგენილი 4-პუნქტიანი გეგმა არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბევრად უფრო მასშტაბური რეფორმაა გასატარებელი. ეს გეგმა პირადად გიორგი კვირიკაშვილისთვის ძალიან სარისკოა.

- არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ გეგმამ გიორგი კვირიკაშვილი შეიწიროს?

- სისტემური გარღვევისა და სოციალური რისკების შემცირების იმედი არ მაქვს, არც რაღაც ტიპის კრიზისს გამოვრიცხავ. კრიზისი ყოველთვის ითხოვს განტევების ვაცს. კიდევ ერთხელ ვამბობ, 4-პუნქტიანი გეგმის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. შესაძლოა, მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდეს, მაგრამ ქვეყანაში არსებული სოციალური რისკების დაზღვევა ვერ მოხდება.

- კრიზისი განტევების ვაცს ითხოვსო და ეს ვაცი მაინცდამაინც პრემიერი უნდა იყოს?

- ამ გეგმის წარმატებაზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობას გიორგი კვირიკაშვილი იღებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური მინიშნება, რომ ეს განტევების ვაცი, შესაძლოა, მოქმედი პრემიერი გახდეს. არც ის მგონია, რომ მას ხელისუფლება ძნელად შეელევა. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც უკვე აკეთებდეს გათვლას.

- რა გათვლას?

- ემზადებოდეს მისი ადგილის დასაკავებლად.

- ეს ვიღაც მთავრობის წევრია?

- სადღაც ხელისუფლების ორბიტაზე ტრიალებს. მას, შესაძლოა, ამ თანამდებობის დაკავების სურვილი ჰქონდეს, მაგრამ, საკითხავი ის არის, რამდენად გაართმევს საქმეს თავს. „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა, ამ გუნდში არ არსებობენ ლიდერები, რომლებსაც სერიოზული სისტემური გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ. მათ არც საკუთარ თავზე რეალური პასუხისმგებლობის აღება სურთ. ამიტომაც დღემდე აპელირებენ ბიძინა ივანიშვილზე. მის გარეშე არავის არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რაღაც ტიპის კრიზისი შეიქმნება. ხელისუფლება არამცთუ სიტუაციის გამოსწორებას, ოპტიმისტური განწყობის შექმნასაც ვერ ახერხებს. ეს ყველაფერი ლარის კურსს ეტყობა ძალიან კარგად.

- არც გიორგი კვირიკაშვილს მიიჩნევთ ლიდერად?

- მე ვარ პირადად მისი გულშემატკივარი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ის ვერ ყალიბდება ლიდერად და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად თითქოს არაფერს ამბობს, მის განცხადებაში იგრძნობა დრამატიზმიც. ვფიქრობ, ეს დრამატიზმი განპირობებულია იმით, რომ მან დაინახა გარკვეული რისკები.

- რამდენჯერმე ახსენეთ კრიზისი. ექსპერტთა ნაწილი ეკონომიკურ კოლაფსზეც საუბრობს. თქვენი აზრით, მივა საქმე კოლაფსამდე?

- სიტუაცია სერიოზულია, მაგრამ მის დრამატიზებას არ დავიწყებ. რაც შეეხება ეკონომიკურ კოლაფსს, ასეთ რამეს უახლოეს მომავალში არ ველოდები. იქიდან გამომდინარე, რომ საშუალო ფენის დიდი ნაწილი გადაისროლეს ღარიბთა კატეგორიაში, გარკვეული სოციალური რისკები იქნება. ნებისმიერი საზოგადოების ფუნდამენტი საშუალო ფენაა. ლარის დევალვაციამ ეს ფუნდამენტი ქვეყანას, ფაქტობრივად, გამოაცალა. აქამდეც არ იყო სტაბილურობა, ახლა ყველაფერი ძალიან მყიფე გახდა.

- ფუნდამენტი თუ გამოცლილია, გამოდის, ქვეყანა ნებისმიერ წამს შეიძლება ჩამოიშალოს...

- იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არასდროს მოხდება, მაგრამ რაღაც ტიპის კრიზისს გვერდს ვერ ავუვლით.

- ამ რაღაც კრიზისს როდისთვის ელოდებით?

- სავარაუდოდ, მარტში შეიქმნება კრიზისი. დღევანდელი გადმოსახედიდან გამიჭირდება იმის თქმა, თუ როგორი იქნება ეს კრიზისი – ხისტი თუ მეტ-ნაკლებად რბილად წარიმართება. იმედს არ ვკარგავ, რომ ხელისუფლება დაფიქრდება, მით უმეტეს, რომ ერთი თვე ამოსუნთქვის საშუალება ექნება. წინ ახალი წელია და ინდაური და გოჭია შესაჭმელი. დეკემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის შუა რიცხვებამდე ეკონომიკური აქტივობაც იკლებს. ასე რომ, ერთი თვე მთავრობას შედარებით მშვიდად შეუძლია ყოფნა და იქნებ რაიმე სწორი გადაწყვეტილებაც მიიღოს. ახლა ყველაფერი მთავრობაზეა დამოკიდებული.

„ახალი თაობა“, 09 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ქართული ოცნებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება“ // „ჩემი ვარაუდით, ეკონომიკური გუნდის გარდა, ცვლილებები სხვებსაც შეეხებათ

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხისთვის მოუწევს დამტკიცება, რომ ის საქმის გამკეთებელია.

- ბატონო რამაზ, ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა რამდენად იქონიებს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე? გიორგი კვირიკაშვილი უმკლავდება შექმნილ ვითარებას?

- ეროვნული ვალუტის რყევებმა დიდი პრობლემის წინაშე დააყენა ბევრი ოჯახი. ეს უკვე იქცა მასობრივ ფონად, რაც ცუდია ქვეყნისა და მისი მმართველი ელიტისთვის. მთავრობამ ამას დაუპირისპირა გარკვეული გეგმა, მაგრამ, რამდენად იქნება ეს რადიკალური და ამ პრობლემების გადამჭრელი, რთული სათქმელია. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, თუ რამდენად წარმართავს ის პროცესებს, არჩევნებიდან და „ქართული ოცნების“ განახლებული გუნდიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პროცესებს სწორედ ის წარმართავს, პრობლემების გადაჭრაზე პასუხისმგებელი კი მთლიანი გუნდია.

გიორგი კვირიკაშვილს შეიძლება მოვთხოვოთ, რომ უკეთესი ეკონომიკური გუნდი წარმოადგინოს, მაგრამ პრობლემებზე მხოლოდ ის ვერ იქნება პასუხისმგებელი, თუმცა, მეორე მხრივ, აქვს კი ჩვენს ქვეყანას საკადრო რესურსი?! ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა საქართველოში საკადრო რესურსის პრობლემაა.

- თქვენ ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობას უფრო ხედავთ?

- შეიძლება, გენერალმა სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ რიგითმა ჯარისკაცმა ეს დავალება ხარისხიანად ვერ შეასრულოს. ჩვენს სამეზობლოშიც არის ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით პრობლემები და დალხენილი არავინ არის, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან ადეკვატური გამოსავლის ძიება საჭიროა მანამ, სანამ პრობლემა შორს არ წასულა და არ გაქცეულა. მერე უკვე ძალიან გვიან იქნება. ლარიზაციის გეგმა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ნაბიჯი, მაგრამ მე ვსაუბრობ უფრო ღრმა კონცეპტუალურ ჭრილში. უფრო მასშტაბური უნდა იყოს ხელისუფლება ამ მიმართულებით და ამაზე უნდა გამოდიოდნენ და საუბრობდნენ, რას აპირებენ და როგორ. ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანისთვის, რომელიც შველას სწორედ შენგან ელის.

- ეკონომიკური გუნდის ცვლილების დროს ითქვა, რომ მთავრობის უფრო მასშტაბური ცვლილება გაზაფხულზე იგეგმება. კვირიკაშვილი ამ მიმართულებით უნდა წავიდეს?

- როდესაც გავიგე, რომ მთავრობის მხოლოდ ეკონომიკური გუნდი იცვლებოდა, გამიკვირდა, რადგან მე ვთვლიდი, რომ კაბინეტი თითქმის სრულად იყო გადასახალისებელი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ახალ გამოწვევებსა და კონცეფციებს, რომლებიც პრემიერმა 4-პუნქტიანი გეგმის სახით შემოგვთავაზა, ახალი სისხლი, ახალი ენერგია სჭირდება. საეჭვოა, რომ ამ ახალი კონცეფციის გაჩენამდე ის ადამიანები, რომლებიც უწყებებს ედგნენ სათავეში, ისეთივე ადეკვატურები აღმოჩნდნენ, როგორებიც ამ 4-პუნქტიანი გეგმის შემდეგ. კონცეფციამ ხომ უნდა შეცვალოს მოთხოვნები?! თუ ეს ასე არ არის, მაშინ ის კონცეფცია არაა. ამიტომ ვივარაუდე, რომ დანარჩენ უწყებებსაც შეეხებათ ცვლილებები, როგორც ეს შეეხო ეკონომიკურ ბლოკს.

- გარკვეულ უწყებებში თანამშრომლების შემცირებაა დაგეგმილი. ეს გამოიწვევს ვნებათაღელვას?

- უმუშევრობის დონის შემცირება თუ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებით გადავწყვიტეთ, ეს საბჭოთა კავშირია, ამიტომ ერთდროულად არის გასაკეთებელი რამდენიმე საქმე. პირველი, ბიზნესისთვის ხელშემწყობი პირობები უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად შექმნილი და მეორე, შემცირებაში მოყოლილმა ადამიანებმა ადვილად უნდა იპოვონ სამუშაო. ზოგადად, სანამ არ გადაწყდება სამუშაოს მპოვნელთა ბედის საკითხი, მანამდე ყოველთვის გვექნება პრობლემები.

- გიორგი კვირიკაშვილის უმთავრესი გამოწვევა რა არის?

- პირველი გამოწვევა მაინც არის ეკონომიკური მდგომარეობა. ეს მოიცავს იმ უმუშევრობას, რომელიც ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაში პირველ სამეულშია, თუ პირველ ადგილზე არ არის. უმუშევრობის პრობლემის მოგვარება ძალიან რთულია ბევრ ჩვენზე წინ მყოფ ქვეყანაშიც კი, მაგრამ ადამიანებმა უნდა დაინახონ ტენდენცია, ხელშესახები რაღაც, რომ ამ პრობლემის მოგვარებისკენ ხელისუფლება აქტიურ ნაბიჯებს დგამს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება. მიუხედავად ამ არჩევნებში გამარჯვებისა, `ქართული ოცნების~ მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება. ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ `ქართული ოცნება~ საქმის გამკეთებელია. ამისთვის მას დიდი დროც არ დარჩა. მან ეს სწორედ საქმით უნდა დაამტკიცოს.

„ახალი თაობა“, 09 დეკემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „მხოლოდ იმისთვის ვმუშაობ, რომ ბანკმა სახლი არ გამიყიდოს“ // „მთავრობა საქმეს თუ არ მიხედავს, ამ ქვეყნიდან ვერ გაასწრებს

„ახალი თაობის“ კითხვებს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პასუხობს.

- ალეკო, თბილისის მერიისა და საკრებულოს მისამართით საზოგადოების უკმაყოფილება ყოველდღიურად მატულობს. რა ხდება თბილისის მერიაში?

- რა ხდება და თავის უნიათო მერობას აგვირგვინებს თბილისის მერი. 10 თვეღა დარჩა ნარმანიას მერობის და ახლა უნდა, რომ რაც დააკლო ხალხს და რითაც ვერ გააოცა, გვირგვინი დაადგას თავის ძალისხმევას. მოიფიქრა სრულიად გამაოგნებელი რაღაცები და დღეს სწორედ ამას აკეთებს. იმის მაგივრად, რომ თითოეული თეთრი და ლარი სწორად იყოს დახარჯული და რეალურად ქალაქის პრობლემების მოგვარებასა და განვითარებას მოხმარდეს, სრულ სისულელეებში ხარჯავს ბიუჯეტის ფულს.

- ამბობენ, რომ მსგავსი პროექტებით ფულის გათეთრებას ცდილობენ...

- ნარმანია ვერ აკონტროლებს სიტუაციას. გამოვიდა და ხმამაღლა თქვა კაცმა, არც დაუმალავს, არ ვიცოდი, რა ტენდერებს აცხადებენ და მსგავს ტენდერებს ნუღარ ჩაატარებენო. ვერ აკონტროლებს სიტუაციას! იქ ყველა თავისკენ ექაჩება. ვინც იქ მუშაობს, ყველას ჰგონია, რომ ქალაქის ბიუჯეტი ბიძინა ივანიშვილის მიერ მათთვის გადმოლოცვილი სალაროა, რომელსაც, როგორც უნდათ, ისე დახარჯავენ. სინამდვილეში კი ქალაქს სხვა პრობლემები აქვს და ამაზე არავინ ფიქრობს. 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უფრო თავდაჯერებულები გახდნენ და დარწმუნდნენ, რომ ეს ყველაფერი მათია. სანამ იქნება ივანიშვილის წყალობა, რასაც მოისურვებენ, იმას გააკეთებენ.

- ეს ბიუჯეტი ივანიშვილის ხომ არ არის? ის ხომ თბილისის ბიუჯეტია!

- კი, მაგრამ ეს არ ესმით მერიის ჩინოვნიკებს. ზრდასრული ხალხი რომ მიდის და დახვეწილობის კურსებზე ეწერება, დანა-ჩანგალი როგორ დაიჭიროს, სუფრაზე როგორ მოიქცეს, სხვა რაღაზე ვილაპარაკოთ. მიაჩნიათ, რომ ნებისმიერ სისულელეზე შეუძლიათ, დახარჯონ თანხა.

- რამდენად ადასტურებთ ინფორმაციას, რომ ძველ თბილისში სკვერი, სადაც 300 არაგველის მონუმენტი და ბაგრატიონის ძეგლია, კერძო კომპანიას გადასცეს?

- ახლა სწორედ ამ საკითხის გარკვევით ვარ დაკავებული. ძალიან უცნაური ინფორმაციაა. გამორიცხულია, იმ სკვერის მოწყობაში, უბრალოდ, ნახევარი მილიონი დოლარი დახარჯოს ვინმემ ისე, რომ საკუთრების უფლება არ მოითხოვოს, ასეთი რაღაცები ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ეს ფაქტი ძალიან საეჭვოდ ჟღერს.

- უმუშევართა რიცხვს კიდევ ბევრი უმუშევარი შეემატება. სერიოზული შემცირებები იწყება სახელმწიფო სტრუქტურებში, ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში. რა ხდება, ხელისუფლება ცდილობს, ეკონომია ბიუჯეტში შემცირებების ხარჯზე გააკეთოს?

- გააჩნია, ეს შემცირება როგორი სახის იქნება და ვისზე აისახება. ნარმანიას დროს, უგულავას პერიოდთან შედარებით, 1.700 ადამიანით გაიზარდა მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა. ეს შემცირება ვისზე გადატყდება და ვის გაუშვებენ სამსახურიდან, ნარმანიამ ვინც მიიყვანა თუ პროფესიონალებს. მე მაქვს ეჭვი, რომ თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილებსა და `ქართული ოცნების~ დროშის ტარი ვისაც ეჭირა, მათ ყველას დატოვებენ და გამოცდილ და პროფესიონალ კადრებს გაუშვებენ. ეს რესტრუქტურიზაცია და ოპტიმიზაცია გადატყდება მშრომელ, წესიერ და პროფესიონალ ადამიანებზე და არა იმ გაუგებარ ხალხზე, რომლებიც აპირებენ, სუფრაზე ჭამის წესი ახლა ისწავლონ და ისიც – სახელმწიფოს ხარჯზე.

- ალექსანდრე ჯეჯელავამ უკვე გააკეთა ამ საკითხზე კომენტარი, რომ ვინც ცუდად მუშაობს, ის ყოველთვის დარჩება უმუშევარი. რა კრიტერიუმებით შეფასდება, ვინ კარგად მუშაობს და ვინ - ცუდად?

- ამ ქალაქში ყველაზე ცუდად მუშაობს დავით ნარმანია, მაგრამ კიდევ ათი თვე უნდა იყოს სამსახურში გარანტირებულად, ან ბატონ ჯეჯელავას თუ აინტერესებს, მე პირადად შევხვდები და საკრებულოსა და მერიაზე შემიძლია მოვუყვე, რომ ყველაზე მაღალი ხელფასი სწორედ იმათ აქვთ, ვინც საერთოდ არაფერს აკეთებს. მაგალითისთვის საკრებულოს თავმჯდომარეს მოვიყვან, რომელიც ორწელიწად-ნახევარია, აქეთ-იქით დასეირნობს, ფულებს ხარჯავს და ერთი სიტყვა არ დაუძრავს ქალაქის არცერთ პრობლემაზე. დადის და მხოლოდ მემორიალურ დაფებს ხსნის მთელი ამ ხნის განმავლობაში. ერთ პრობლემაზე სხდომა არ მოუწვევია და ერთ პრობლემაზე სიტყვა არ დაუსველებია!

- 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი ვერ უძლებს კრიტიკასო, ამბობს ოპოზიცია...

- ვერანაირად ვერ უძლებს კრიტიკას. ისევ არის მერიის ჩინოვნიკებზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ერთ ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ყოველი წვიმის შემდეგ თბილისში ინგრევა შენობები. ახლახან ჩვენ თვალწინ ჩამოინგრა შენობა დადიანის ქუჩაზე. ამ საკითხზე არანაირი ღონისძიებები არ არის გაწერილი. აი, ეს არის არაადეკვატურობის დასტური. ქალაქის პრობლემები არის ერთი მიმართულებით, ბიუჯეტი კი მერიასთან და საკრებულოსთან ერთად – სულ სხვა მიმართულებით.

- ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე სოციალური აფეთქების ზღვარზე ხომ არ ვართ?

- ძალიან მძიმე დღეში რომ ვართ, ის ნამდვილად ვიცი! სხვისი მაგალითი არც დამჭირდება, საკუთარი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, რომ თვიდან თვემდე ვერ ავუდივარ კრედიტის გადახდას. მე მაქვს სახლი ნაყიდი, 6 წელია, ვფარავ ამ კრედიტს და კიდევ 9 წელი დამრჩა. თვიდან თვემდე მიძვირდება ეს თანხა, შემოსავალი კი ერთი და იგივე მაქვს. მხოლოდ იმისთვის ვმუშაობ, რომ ბანკმა სახლი არ გამიყიდოს. საოცნებო მეოთხე და მეხუთე წელი კი არა, ასეთ უბედურ დღეში როდის ვიყავი, უკვე აღარ მახსოვს.

- ხომ სთავაზობს ხელისუფლება მოსახლეობას კრედიტის ლარში გადატანას?

- მე ცოტა მეშინია ასეთი რამეების. ვფიქრობ, კიდევ უფრო დიდ შარში აღმოვჩნდებით. ძალიან არასერიოზულად მეჩვენება ეს ყველაფერი. მიეღოთ ისეთი რეგულაციები, რომ აქამდე არ მივსულიყავით. ეკონომიკის გაზრდასა და გაძლიერებაზე ეფიქრათ თავის დროზე. ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტები რომ დაგვიბარა და საქმეები გაგვირჩია, რისთვის მეჩხუბებოდა, იმაზე, როგორ ამბობ, ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციააო. ამის გულისთვის გამირჩია საქმეები. 2,4 იყო ეკონომიკის ზრდა წელს.

- ანუ სტაგნაციაა?

- ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ 3,5-მდე ეკონომიკური ზრდა ნიშნავს სტაგნაციას. მეხუთე წელია, ქვეყანა ეკონომიკურად არ ვითარდება. რაც უნდა ზღაპრები მოყვნენ, რომ ათასი ქარხანა ააშენეს და, არიქა, გუგუნებს ფაბრიკა-ქარხნები, ეს თვალით არ გვინახავს არავის. რეალობა კიდევ უმძიმესია. ეკონომიკა არ ვითარდება! მხოლოდ თვითონ დადიან ამ ხომალდივით ჯიპებით და ვერ ელევიან. იმის მაგივრად, რომ მთელი ფული ეკონომიკაში წასულიყო და მის განვითარებას მოხმარებოდა, მიჰქონდათ სახლებში. ვისაც ორი კაპიკი ჰქონდა, ისიც გაღატაკების ზღვარზეა!

- ვისი ან რისი ბრალია ეს ყველაფერი?

- ბიძინა ივანიშვილის ბრალია! რომ დაიხურა ქუდი და წავიდა, დამჯდარიყო პრემიერ-მინისტრად, ცოტა ხანი ემუშავა და აეღო ქვეყანაზე პასუხისმგებლობა! წამოწვა იქ თავისთვის, ვითომ არაფერზე პასუხს არ აგებს, სინამდვილეში კი ყველაფერს აკონტროლებს. მოგვიყვანა ეს ღარიბაშვილები და ვიღაც გაუგებარი ხალხი, რომლებმაც ქვეყანას თავი და ბოლო ვერ გაუგეს. ერთადერთი, რაც იცოდნენ, იყო ის, როგორ გაერემონტებინათ კაბინეტები, როგორ აეღოთ პრემიები და როგორ ყოფილიყვნენ კორუფციაში ჩართულები. შეჭამა სახელმწიფო სტრუქტურები კორუფციამ! ან ამდენ ხანს როგორ გაძლო ლარის კურსმა. კიდევ მაგარი გამოდგა ეს ჩვენი ვალუტა.

- დღესაც სერიოზული დაპირისპირებაა მთავრობაში. არ ემორჩილება გუნდი გიორგი კვირიკაშვილს?

- გიორგი კვირიკაშვილი რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებს და არ აკონტროლებს, ეს ყველამ კარგად ვიცით. ის აბსოლუტურად ნომინალური ფიგურაა. კი, ღარიბაშვილთან შედარებაც არ არის, გაწონასწორებული და სოლიდური ადამიანია, მაგრამ ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და არის ფორმალური და ნომინალური. ნებისმიერ გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს. კონკრეტული მაგალითები შემიძლია დაგისახელოთ.

- მაგალითად, რომელი?

- მთაწმინდის საბაგირო რომელი სადგურიდან გასულიყო და აშენებულიყო, ამ გადაწყვეტილებასაც კი ბიძინა ივანიშვილი იღებს, არათუ სერიოზულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს. ამიტომ გაიჭედა ქვეყანა. ვერავინ იღებს გადაწყვეტილებას, ყველაფერი ივანიშვილთან უნდა შეათანხმონ. ივანიშვილი ახალ მთვარესავით არის, ხან გამოანათებს, ხან – ვერა. ყველას არ მიესვლება მასთან. „ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყნის მართვა მხოლოდ ნაციონალების ლანძღვა ჰგონია. რით ვერ გაიგეს, რომ მოგვჭამეს ჭირი ამ ნაციონალებმა, ჩაიარა მათმა დრომ, ეს ისტორია 2012 წლის 1 ოქტომბერს დამთავრდა.

- რით დაასრულებს ეს ხელისუფლება ან ჩვენ?

- ჩვენ სრული სიღატაკით დავასრულებთ, ეს ხელისუფლება კი ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, რომ მუდმივი არაფერია! ამ ერთხელაც რომ მოახერხეს, სააკაშვილისგან საფრთხობელა შექმნეს და ხმები მხოლოდ ამის ხათრით მიიღეს, ეს აღარ იმუშავებს. ასე ვეღარ გაგრძელდება. დროზე თუ არ მიხედავენ საქმეს, ვერ გაასწრებენ ამ ქვეყნიდან! დიდი-დიდი, ივანიშვილმა გაასწროს, რადგან ყველანაირი საავიაციო საშუალება გააჩნია, დანარჩენები კი კარგად დაფიქრდნენ! სააკაშვილზე დიდი აღტაცებით `ქართული ოცნება~ არ მოსულა, მაგრამ ვნახეთ, სააკაშვილმა რითიც დაასრულა! ჭკუას მოუხმონ, ჭკუას! საქმეს თუ არ მიხედავენ, ამ ქვეყნიდან ვერ გაასწრებენ! ნამდვილად არ ვაჭარბებ, ასე იქნება.

——————–

Comments are closed