globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 10th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: „მიხეილ სააკაშვილის გარეშე „ნაცმოძრაობა“ 3-პროცენტიან პარტიად გადაიქცევა“ // „ნაციონალური მოძრაობის“ ბუნდოვანი მომავალი და „მოგებული“ ხელისუფლება

„რეზონანსი“: თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მოვლენები?! (გამოკითხვა)

„რეზონანსი“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „შერკინება მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას შორის იქნება”

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „გიგი უგულავას ჯგუფს დასავლეთისგან მხარდაჭერა ექნება“ // „ოცნებას“ აწყობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ იარსებოს, ოღონდ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით

—–

„ახალი თაობა“: „ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი ერთიანდებიან? // ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ახლა პირობებია შესათანხმებელი“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ნიკა მელიას ბრალდებებზე ადეკვატურ პასუხს ვერ გავცემ“ // „ნაციონალური მოძრაობა უკვე გაყოფილია“ // „2015 წლიდან კიევიდან ჩვენ მიმართ ეჭვიანობა იგრძნობოდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო მანჯავიძესთან: „საქართველოს ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა სჭირდება“ // „პოლიტიკური თამაშები სპობს ქართულ სახელმწიფოებრიობას“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ხელისუფლება გიგი უგულავასგან მთავარ ოპოზიციონერს ქმნის“ // „თუ დასჭირდათ, ვანო მერაბიშვილსაც გამოუშვებენ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გვაძაბიასთან: „სოხუმის დაბრუნება ნატოში გაწევრიანებაზე გადის“

—–

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთის რადიო-სალოკაციო სისტემები, შესაძლოა, აფხაზეთშიც განთავსდეს“ // ნატომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხო მოქმედება დაიწყო

„რეზონანსი“: რამდენიმე წელიწადში ქართულ მიწებს უცხოელები დაეპატრონებიან! // „ერთ თაობაში ქვეყნის მიწის მთელი ფონდი გადავა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში“

„რეზონანსი“: ლარის კურსის სამთავრობო პროგნოზს აღარავინ ენდობა // „სამი წელია გაიძახიან, რომ ლარის გაუფასურება მოკლევადიანია და ეს მოკლე ვადა აღარ დასრულდა“

„რეზონანსი“: მთავრობას ეკონომიკური კუთხით ურთულესი წელი ელოდება // „ყრუ კედელი აქვთ აშენებული და შედეგიც ექნებათ შესაბამისი“

———————–

„რეზონანსი“, 10 იანვარი, 2017 წელი

„მიხეილ სააკაშვილის გარეშე ნაცმოძრაობა 3-პროცენტიან პარტიად გადაიქცევა

ნაციონალური მოძრაობის ბუნდოვანი მომავალი და მოგებული ხელისუფლება

თაკო მათეშვილი

“ნაციონალურ მოძრაობაში” შექმნილი სიტუაციით, პოლიტოლოგების აზრით, ყველაზე მეტ სარგებელს ხელისუფლება ნახულობს, რადგან ფაქტობრივად აღარ დარჩა ოპოზიციური პარტია, რომელიც მისთვის სერიოზული ოპონირების გაწევას შეძლებს. “ენმ”-სგან დარჩენილი ნაწილები კი, მათი აზრით, საკმაოდ დაზარალდებიან, რადგან გაყოფა მათ რეიტინგს შეუმცირებს. შედეგად, მთავარი საზრუნავი არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედება იქნება.

მიმდინარეობს პარტიის იდეოლოგიური, სტრატეგიული გაყოფა

რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ “ნაცმოძრაობამ” დაშლა დაიწყო. ნიკა მელია, რომელიც სააკაშვილის ბანაკში მოიაზრება, თანამოაზრეებთან ერთად დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. მასში, წინასწარი ინფორმაციით, 8 დეპუტატი გაერთიანდება – თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, სალომე სამადაშვილი, რომან გოცირიძე და გიორგი ტუღუში. ფრაქციის ხელმძღვანელობა კი კვლავ მელიას ჩაბარდება. მელია დღემდე ფრაქცია “ნაცონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

გადაჯგუფებას პარტიაში ბუნებრივს უწოდებენ. როგორც “ენმ”-ს წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, მას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენება არ გაუკვირდება. “როდესაც ასეთი შეუთანხმებლობაა, ძნელად წარმოსადგენია, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ფრაქციის წევრები ერთს ფიქრობდნენ, ხოლო მათი თავმჯდომარე – მეორეს. მიმდინარეობს სერიოზული პროცესი – პარტიის იდეოლოგიური, სტრატეგიული გაყოფა”, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ინფორმაციას პარტიის დაშლის თაობაზე კიდევ ერთი წევრი, სერგო რატიანიც ადასტურებს – “გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია – “ნაციონალური მოძრაობა”, გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია”, – აცხადებს იგი.

ამავდროულად, მხარეებს შორის დაპირისპირება, საპარლამენტო ტრიბუნებიდან თუ მედიის მეშვეობით, ისევ გრძელდება. ისინი სიტუაციის გამწვავებასა და პარტიის დაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. „ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ გიგა ბოკერიას. „ნაციონალური მოძრაობიდან” გარბიხართ შენ, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი”, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ თანაპარტიელ სერგო რატიანს ფრაქციის სხდომაზე. ამას შელაპარაკება მოჰყვა მელიასა და აკაკი ბობოხიძეს შორის. ბობოხიძემ განაცხადა, რომ იმაში, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება, ყველაზე დიდი წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის. “ამ ყველაფრით ბიძინა ივანიშვილის ოცნება სრულდება. პარტია მიდის დაშლისკენ, ოღონდ ამის შემოქმედი არის მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა მან.

ყველაზე კმაყოფილი ხელისუფლება იქნება

პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანი “ენმ”-ში შექმნილ ვითარებას აფასებს, როგორც პარტიიდან მცირე ჯგუფის გამოყოფას და არა პარტიის გაყოფას. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის გარეშე “აჯანყებულებს” ძალიან გაუჭირდებათ, რადგან “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერთა მოტივაციის ძირითადი განმსაზღვრელი სწორედ ყოფილი პრეზიდენტია და პარტიასაც ხმას მის გამო აძლევენ. შესაბამისად, მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით დარჩენილ ნაწილს, თუნდაც მომავალ არჩევნებში, მეტი პერსპექტივა ექნება, ვიდრე გამოყოფილ ნაწილს.

“სააკაშვილის გარეშე “ნაციონალური მოძრაობა” რიგით პარტიად გადაიქცევა, როგორიცაა მაგალითად, “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები” და ა.შ. ანუ ის უბრალოდ სამპროცენტიანი პარტია გახდება. სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტია”, – დასძენს ირაკლი კიკიანი. ამ მოსაზებას კი იგი იმ არგუმენტით ამყარებს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ, რომლებიც “ნაცმოძრაობას” ადრე გამოეყვნენ, ვერანაირი შედეგის მიღწევა ვერ შეძლეს. ეს, მისი აზრით, უტყუარი დადასტურებაა იმისა, რომ “ბოკერიას დაჯგუფებასაც” იგივე ბედი ეწევა.

ირაკლი კიკიანი უკეთეს შედეგს არც უგულავასგან ელოდება. ამბობს, რომ არც მისი პერსპექტივაა სახარბიელო და რომ ეს გუნდი მისი ლიდერობითაც ვერ შეძლებს მომხრეთა მობილიზაციას, რადგან მომხრეები უბრალოდ არ ჰყავთ.

„რეზონანსი“, 10 იანვარი, 2017 წელი

თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მოვლენები?!

თიკო ოსმანოვა

“ნაციონალური მოძრაობის” გარშემო კვლავ ნებათაღელვაა – თანაპარტიელები ერთმანეთს უკვე ღიად უპირისპირდებიან. შეძლებენ თუ არა გიგი უგულავა და მისი მომხრეები ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას, 20 იანვარს გაირკვევა, რაც დიდი ალბათობით, პარტიის დაშლის საფუძველიც გახდება.

პარტიის წევრის აკაკი ბობოხიძის აზრით, პროცესი, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, აწყობს როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე ბიძინა ივანიშვილს. როგორც ბობოხიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, “სამწუხარო თანხვედრაა”.

“პარტიის ე.წ. მეორე მხარეს არაფრის ორგანიზება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე არ ხდება. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დაშლაზე პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს. „ნაციონალური მოძრაობის” ამ მდგომარეობაში ყოფნა ბიძინასაც აწყობს და მიშასაც აწყობს. ეს სამწუხარო თანხვედრაა – ოღონდ ერთს აწყობს სხვა მოტივით და მეორეს – სხვა მოტივით. ერთი მოტივი კი, ორივეს საერთო აქვს – ორივეს უნდა პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს მარტო ორი ფიგურა და ორი მოთამაშე – მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ეს როგორც ჩანს, ორივეს ინტერესებში შედის, თუმცა ეს ურთიერთანხმობით კი არ ხდება, არამედ ეს ინტერესებით უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს.

“მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” და ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ლიდერად მის გარდა არავინ არ უნდა ჩამოყალიბდეს. ბიძინა ივანიშვილსაც აწყობს მუდმივად მისი მყარი პარტნიორი მიხეილ სააკაშვილი იყოს და არა გამოჩნდეს არავინ სხვა”, – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მოვლენები?! ეს კითხვა “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა?

გია ბუღაძე  (მხატვარი): ერთმანეთს ისეთ შეუარცხოფებს აყენებენ, რომ გაუჭირდებათ ერთად თანაცხოვრება, დაიშლებიან. დაშლის მერე კი ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები კიდევ უფრო გაძლიერდებიან.

ჯემალ ჭკუასელი (ასამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი): არ ვარ პოლიტიკოსი და ვერაფერს გეტყვით და, არც მაინტერესებს “ნაციონალური მოძრაობის” ბედი. ესენი ძალიან არაპროგნოზირებადი ხალხია, თუმცა ჩემი აზრით, პარტია ისედაც უკვე დაშლილია. რაც შეეხება ბოკერიას და სააკაშვილის ფრთას, ჩემთვის ორივე ერთიდა იგივე ძალაა, ამიტომ არა მგონია, რომელიმემ შეძლოს რეიტინგის აწევა და გაძლიერება.

ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): ვფიქრობ, “ნაციონალურ მოძრაობაში” არანაირი დაპირსპირება არ არის. უბრალოდ ასე ჩანს, ეს ყველაფერი საჩვენებლად არის გაკეთებული, რომ ვითომ დასუსტდნენ. მაგრამ ეს თუ სიმართლეს შეესაბამება, ასეთი ოპოზიცია ვერაფერს ვეღარ გააკეთებს და ჯობია, რომ დაიშალონ. გიგი უგულავა ძალიან პოპულარულია, თანაც ახალი განთავისუფლებულია და შეიძლება შეძლოს გარკვეული რეიტინგის მოპოვება. მე მგონი მის მხარეს იქნება პარტიის თითქმის მთელი ძალა.

დიმა ჯაიანი (მსახიობი): სიბოროტეზე შექმნილი პარტია ყოველთვის იშლება. თანაც, ფაქტობრივად გიგი უგულავამ სააკაშვილი უკვე “მოახრჩო”.

დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად დაიშლება. იქ ფული და ხელისუფლებაა გასაყოფი – ესენი კი ამაზე ისე არიან გაგიჟებულები, რომ ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ. თუმცა, ჩემთვის პირადად არანაირი განსხავება, არ არის საკაშვილსა და ბოკერიას შორის. უბრალოდ გემი იძირება და ლიდერები გარბიან. ჩემი აზრით, სააკაშვილის მომხრეებს ექნებათ უფრო მეტი რეიტინგი, მიუხედავად იმისა, რომ იგი გაიქცა და ცუდად მოიქცა. უფრო მეტსაც გეტყვით, მე მგონი მოგვიანებით დაპირისპირება ბოკერიასა და უგულავას შორისაც დაიწყება, რადგან ორივეს ლიდერობა უნდა.

„რეზონანსი“, 10 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „შერკინება მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას შორის იქნება”

თაკო მათეშვილი

განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ამომრჩეველს საინტერესო სანახაობა ელის, რადგან მთავარი ბრძოლა “ნაციონალური მოძრაობიდან” “ჩამოტეხილ” ორ მსხვილ პარტიას შორის გაიმართება გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

ხათუნა ლაგაზიძე: მოკლევადიან პესპექტივაში, “ქართულმა ოცნებამ” ჩამოიშორა ოპოზიციის მთავარი სუბიექტები. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ერთი ნაწილი ჩაირეცხა, გადაირეცხა თუ გადაიცოცხა. ოპოზიციის დასუსტების მეორე ფაზა კი დღეს “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესებია. დარჩენილი პარტიებისათვის არჩევნებში დარტყმის მთავარი სუბიექტი არა “ქართული ოცნება”, არამედ ერთმანეთი იქნება. ანუ, “ოცნება” სულ მცირე, ამით ოპოზიციის დარტყმის ალბათობას იშორებს – დარჩენილი ძალები და მათ შორის, “ნაცმოძრაობის” ორი ფლანგი ერთმანეთს დაეტაკებიან. მათი ურთიერთშეჯახება არანაკლებ მწვავე გამოვა. ანუ, მთავარი სანახაობა მათი დაპირისპირება იქნება და ამ დროს “ქართული ოცნება” ნაკლებად გაახსენდება ვინმეს. შესაბამისად, სახელისუფლებო პარტიისათვის ნაკლებადმტკივნეული იქნება ის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და მასზე პასუხისმგებლობა, რაც დღეს გვაქვს.

ეს ყველაფერი შედარებით გაფერმკრთალდება “ნაცმოძრაობიდან” ჩამოტეხილი სხვადასხვა ფლანგის ურიერთშეტაკებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე. აქ საინტერესოა ისიც, რომ ამ შემთხვევაში აღარც “რუსთავი 2″ იქნება ხელისუფლებისათვის თავის ტკივილი. დიდი ალბათობით იგი დღევანდელი ფორმატით არსებობას გააგრძელებს.

- როგორი რეაგირება ექნება ამაზე დასავლეთს?

- ასევე კმაყოფილი იქნება დასავლეთიც, რადგან ქვეყანაში უკვე აღარ იქნება ერთი მძლავრი ოპოზიციური სუბიექტი “ნაციონალური მოძრაობის” სახით. მას რამდენიმე საშუალო ზომის პროდასავლური პარტია ეყოლება თვალსაწიერში – სააკაშვილის, უგულავას, უსუფაშვილის ხელმძღვანელობით. “გირჩზე” და სხვა, შედარებით წვრილ სუბიექტებზე აღარაფერს ვამბობ. ანუ, დასავლეთისთვისაც მეტ-ნაკლებად მისაღები კონფიგურაცია ლაგდება. ყველაზე კმაყოფილი კი ხელისუფლება იქნება, რადგან დანაწევრებული, დაქსაქსული და ერთმანეთზე წაკიდებული პოლიტიკური ბაზარი მისი რეალური კონკურენტი ვერ გახდება.

- “ნაციონალურმა მოძრაობამ” თუ მოიგო რამე?

- ბევრი ვერაფერი. როგორც უკვე გითხარით, თვითმმართველობის არჩევნებზე მისი ნაწილების ურთიერთჯიჯგნის მომსწრეები ვიქნებით.

- სავარაუდოდ, “ნაცმოძრაობის” “აჯანყებული” ნაწილის ლიდერი გიგი უგულავა გახდება. რამდენად პერსპექტიულ ლიდერად გესახებათ იგი?

- დიახ, შერკინება სავარაუდოდ სწორედ სააკაშვილსა და უგულავას შორის იქნება და ეს ორივეს თანაბრად დაასუსტებს. შეიძლება ბევრი ისეთი რამ ამოვიდეს ზედაპირზე, რაც როგორც ერთის, ისე მეორის პოლიტიკურ კარიერას უაღრესად დააზარალებს. განსაკუთრებით უგულავაზე მაქვს საუბარი, რადგან სააკაშვილი საქართველოდან მაინც შორსაა და დღეს უგულავას პოლიტიკურ პერსპექტივაზე უფრო შეგვიძლია ლაპარაკი, ვიდრე სააკაშვილისაზე. ბევრი ისეთი რამ შეიძლება გახმაურდეს, რაც უგულავას სამომავლო პოლიტიკურ კარიერას დაღს დაასვამს. ეს თავად “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოვა.

თუმცა, ამომრჩევლის პოლიტიკური მეხსიერების სიმოკლეს თუ გავითვალისწინებთ, უგულავას ამ შემთხვევაშიც რჩება კარიერის აწყობის შანსი. იგი ციხიდან გამოვიდა როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომლის გამოსვლასაც ამდენ ხანს ელოდნენ. კადრები კი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. მისი ციხიდან გამოსვლის დამგეგმავის მიზანიც ეს იყო. დანარჩენი უკვე დეტალებია. უგულავას გამოსვლა პოლიტიკურ პროცესებს უფრო დინამიკურსა და საინტერესო საყურებელს გახდის. თუმცა, მას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს ბევრი რამ ექნება გადასალახი – “ნაცმოძრაობიდან” წამოსული ბრალდებები, რომელთაც გაცილებით მეტი იციან, ვიდრე ჩვენ.

ერთ-ერთი ბრალდება კი იქნება ის რომ იგი ხელისუფლებას გაურიგდა. ასევე გასათვალისწინებელია ის კომპრომატებიც, რაც გიგი უგულავაზე თავად ხელისუფლებას ექნება და რითაც მის მართვას შეეცდებიან. ეს რამდენიმე ფაქტორი უგულავასთვის რთულად გადასალახი იქნება. თუმცა, იმ ფონზე, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერების დეფიციტია, მას მაინც რჩება შანსი ქართულ პოლიტიკაში გარკვეული წონა შეიძინოს.

„რეზონანსი“, 10 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „გიგი უგულავას ჯგუფს დასავლეთისგან მხარდაჭერა ექნება“ // ოცნებას აწყობს, რომ ნაცმოძრაობამ იარსებოს, ოღონდ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით

ელზა პაპოშვილი

კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყრილობის შემდეგ გაიყოფა. სააკაშვილის მოწინააღმდეგე ფრთის ლიდერი გიგი უგულავა გახდება, რომელსაც ქვეყანაში გარკვეული სახის პოლიტიკური ამინდის შექმნა შეუძლია.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, თუკი სააკაშვილის ჯგუფი ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობის მიღებაზე უარს იტყვის, მაშინ უგულავას ჯგუფს, პარტიის რეგიონული ორგანიზაციებიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი შეუერთდება. ეს კი მისი ჯგუფის შანსებს კიდევ უფრო გაზრდის. პოლიტოლოგს ასევე მიაჩნია, რომ სააკაშვილის მოწინააღმდეგე ფრთას პარლამენტში საკმაოდ ბევრი დეპუტატი ჰყავს, რომლებსაც დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა ექნებათ.

- გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობაში” რა სახის ცვლილებები მოხდება და როგორ ფიქრობთ, გახდება თუ არა ის ორად გაყოფილი პარტიის ლიდერი?

- რა თქმა უნდა, გიგი უგულავას გათავისუფლება როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში”, ასევე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში გარკვეული სახის მუხტს და ცვლილებებს შემოიტანს. მისი განცხადებები, რომ ის პარტიაში დაპირისპირებული მხარეების შერიგებას შეეცდება, დიპლომატიური იყო, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ პარტიაში სიტუაცია უკვე ძალიან შორს არის წასული და მისი კვლავ ძველი სახით გაერთიანება ვერ მოხერხდება. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ პარტიის გახლეჩასთან ერთად, ფრაქციის გაყოფაც მიდის. დიდი ალბათობით ყრილობის შემდეგ პარტია გაიყოფა. გიგი უგულავა კი იმ ჯგუფის ლიდერი იქნება, რომელიც პარლამენტში შესვლის მომხრე იყო. ამის თქმის საბაბს კი ჯერ კიდევ მისი ციხეში ყოფნის დროს, გამოქვეყნებული წერილი იძლევა. ამიტომაც, ის იმ ფრთის ნაწილი იქნება, რომელიც სააკაშვილს დაუპირისპირდა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, საპარლამენტო ნაწილის გაყოფა როგორ მოხდება. ყველა ლოგიკიდან გამომდინარე, მგონია, რომ ვინც მიხეილ სააკაშვილის მხარს დაიჭერს, საპარლამენტო მანდატები უნდა დატოვონ.

- როგორ ფიქრობთ, გიგი უგულავას ამ ეტაპზე, როგორც პოლიტიკურ მოთამაშეს და ლიდერს, რა შანსები აქვს და რამდენად შეძლებს ის თუნდაც პოლიტიკურად მიძინებული სიტუაციის გამოცოცხლებას. რა სახის პოლიტიკურ ამინდს შექმნის?

- დავიწყოთ იმით, რომ გიგი უგულავა 9 წლის განმავლობაში ქალაქის მერი იყო. ასევე პარტიულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად მას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. ასევე საინტერესო იქნება, მიხეილ სააკაშვილის ფრთა, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს. წესით და რიგით, ლოგიკა მოითხოვს, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებზე ამბობ უარს, მაშინ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღო.

თუ სააკაშვილის ჯგუფი მონაწილეობას ამ არჩევნებზე არ მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული ელიტა გიგი უგულავას მხარეს გადაინაცვლებს. სააკაშვილი პარტიას, როდესაც ერთპიროვნულად მართავდა, მის შენარჩუნებას ახერხებდა, როგორც კი ეს ვეღარ შეძლო, დავინახეთ, რომ პრობლემები წამოვიდა. პარტიაში ჯგუფი გამოჩნდა, რომელმაც სააკაშვილის გადაწყვეტილებები გააპროტესტა. გიგი უგულავას ჯგუფი სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. პარტია თუ ხელისუფლებაში მოსვლისთვის არ იბრძოლებს, სხვა რა უნდა აკეთოს?

- გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლამდე, საზოგადოებაში და ექსპერტთა წრეებში, აქტიურად მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ მას ხელისუფლება ციხიდან გამოუშვებდა, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, სჭირდებოდა. საუბარი არის იმაზეც, რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ უგულავა ივანიშვილს გაურიგდა…

- არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა იჯდეს და “ნაციონალური მოძრაობის” იწილო-ბიწილოს არჩევდეს. ივანიშვილს როდესაც დასჭირდა, მთელი ეს საარჩევნო კამპანია თავდაყირა დააყენა. რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” ორად გაყოფა და დაქსაქსვა აწყობს. მე თუ მკითხავთ, “ოცნებას” აწყობს, რომ ამ პარტიამ იარსებოს, მაგრამ სააკაშვილის ლიდერობით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უგულავას ციხიდან გამოსვლა, ხელისუფლებას არ სურდა.

ხელისუფლებისთვის ყველაზე მეტი საფრთხის შექმნელი, სწორედაც რომ უგულავს ჯგუფი იქნება, რომლის უმეტესობა პარლამენტის დეპუტატია. მათ დასავლეთისგანაც მეტი მხარდაჭერა ექნებათ, ვიდრე სააკაშვილის და ნიკა მელიას ჯგუფს. ამიტომაც, ალოგიკურად მიმაჩნია მოსაზრება, რომ “ნაციონალების” ორად გახლეჩა ხელისუფლების დამსახურება იყოს.

- გაზაფხულზე ქვეყანაში ოპოზიციის გააქტიურების მოლოდინი არსებობს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ უგულავასა და უსუფაშვილს შორის გარკვეული სახის თანამშრომლობა მოხდეს. თავად უსუფაშვილის შანსებს როგორ შეაფასებთ?

- გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების შემდეგ პროდასავლურმა ძალებმა სრული მარცხი განიცადეს, უსუფაშვილსაც და უგუალავასაც საზოგადოების მხრიდან გარკვეული სახის მხარდაჭერა ექნება. ამომრჩეველი ძალიან მალე დისტანცირებას როგორც “ნაციონალური მოძრაობისგან” ასევე “ქართული ოცნებისგან” დაიწყებს და სწორედ ამ ხალხის მიზიდვის მიზნით, საკმაოდ დიდი ბრძოლა გაჩაღდება. საზოგადოების მხრიდან მესამე ძალის შექმნაზე დიდი მოთხოვნა იქნება.

თუმცა, არც ხელისუფლებას და არც “ნაციონალურ მოძრაობას” არ სურს, რომ ახალი ძალები გამოჩნდეს. მიუხედავად ამისა, თუ მოთხოვნილება გაჩნდა, ასეთი ძალა შეიქმნება. ამ ყველაფერს კი დიდი სიფრთხილე სჭირდება. სტრატეგია და ტაქტიკა, ძალიან ფრთხილად შერჩეული უნდა იყოს. სხვაგვარად ასეთი ძალა ვერ შეიქმნება. ხოლო უსუფაშვილის და უგულავას თანამშრომლობას ამ ეტაპზე სრულიად გამოვრიცხავ. ამას ზიანის მოტანის მეტი, სხვა არაფერი შედეგი ექნება. ორივე უნდა ეცადოს, რომ დამოუკიდებელი ორგანიზაციები შექმნან. ამის შემდეგ კი დაელოდონ სიტუაციას, ქვეყანაში პოლიტიკურად რა პროცესები განვითარდება.

———————–

„ახალი თაობა“, 10 იანვარი, 2017 წელი

„ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი ერთიანდებიან?

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ახლა პირობებია შესათანხმებელი

როდისთვის უნდა ველოდოთ მესამე ძალის გამოჩენას, როგორი ლიდერების დახმარება სჭირდება დავით უსუფაშვილს, რა ფორმით ითანამშრომლებს ის ბიძინა ივანიშვილთან? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- თებერვლის თვეში დავით უსუფაშვილი ახალ პოლიტიკურ ძალასთან ერთად წარდგება ამომრჩევლის წინაშე. მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადადგომაც იწინასწარმეტყველა და გაჩნდა ვარაუდი, რომ ისინი ერთად იქნებიან. თქვენ კი ივარაუდეთ, რომ ყოფილი სპიკერი უფრო ხელისუფლებასთან გარიგებულს ჰგავს. რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?

- შეთქმულების თეორია, რომ დავით უსუფაშვილი ხელისუფლებასთან იქნება გარიგებული, იმ ვერსიის საწინააღმდეგოდ განვავითარე, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტთან არის შეკრული. სიმართლე გითხრათ, მე არც ერთი ვერსიის არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპზე დავით უსუფაშვილს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. ის ამ დღის წესრიგით მოქმედებს და არავისთან არის სისტემურ ალიანსში შესული.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ პოლიტიკურ ბაზარზე მესამე ძალაზე დიდი მოთხოვნილებაა. შეძლებს დავით უსუფაშვილი მესამე ძალის ჩამოყალიბებას?

- მას დამოუკიდებლად ამის გაკეთების შანსები არ აქვს. მას ძალიან უჭირს ნაციონალური მასშტაბის ლიდერად ჩამოყალიბება. იმისთვის, რომ ლიდერი გახდე, ორი კომპონენტი გჭირდება. ეს არის მაღალი პოლიტიკური წონა, როგორც პოლიტიკურ ელიტაში, ასევე ისტებლიშმენტში და პოპულიზმი. ამომრჩევლის კონსოლიდაცია სწორედ პოპულიზმის დახმარებით ხდება. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს უდავოდ აქვს ავტორიტეტი და პოლიტიკური წონა. სამაგიეროდ, არ ფლობს იმ უნარებს, რომლებიც ამომრჩევლის კონსოლიდირებაში დაეხმარება. ამას თავისებური ქარიზმა და ტემპერამენტი სჭირდება.

დავით უსუფაშვილი ამას უნდა ხვდებოდეს. მას წარმატების მიღწევა თუ უნდა, ტანდემში ზომიერად პოპულისტი სჭირდება. ასეთი ფიგურა თუ გამოჩნდა და მის ავტორიტეტს ქარიზმას შესძენს, ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს კიდეც მესამე ძალა.

სერიოზული პროცესის დაწყებას დაახლოებით ისეთი კომბინაცია სჭირდება, როგორიც თავის დროზე ზურაბ ჟვანიასა მიხეილ სააკაშვილის ტანდემი იყო. ზურაბ ჟვანიას ჰქონდა ავტორიტეტი, მაგრამ არ ჰქონდა ამომრჩეველთან მისასვლელი გზები. ამის შესაძლებლობა და უნარი აგრესიულად პოპულისტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა. ხელისუფლებისთვის ბრძოლაში მათი ტანდემი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მოკლედ რომ ვთქვათ, დავით უსუფაშვილს თავისი მიხეილ სააკაშვილი სჭირდება. ასეთი მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით არ ჩანს.

- ნამდვილი მიხეილ სააკაშვილი არ გამოადგება დავით უსუფაშვილს ტანდემის შესაქმნელად?

- მათი თანამშრომლობა ნაკლებად წარმომიდგენია. მიხეილ სააკაშვილს დღეს აღმშენებლობითი პოტენციალი არ აქვს. ის ნეგატიური ენერგიით არის დამუხტული – მას მხოლოდ ნგრევა და დაშლა შეუძლია. დავით უსუფაშვილი ამ ყველაფერს ხედავს და არა მგონია, მასთან თანამშრომლობა მოისურვოს.

- თქვენ მიერ გაჟღერებულ შეთქმულების თეორიას დავუბრუნდები დავით უსუფაშვილის და ხელისუფლების შესაძლო გარიგებაზე, იმის ალბათობა თუ არის, რომ პარლამენტის ექსსპიკერმა ბიძინა ივანიშვილთან ითანამშრომლოს? ყოფილი პრემიერი დავით უსუფაშვილის მიმართ თავის პოლიტიკურ სიმპათიებს არასდროს მალავდა.

_ ასეთი თანამშრომლობა გამორიცხული არ არის და ის სავსებით ლოგიკურად მეჩვენება. ამ შემთხვევაშიც არის ერთი მაგრამ – არა მგონია, რომ დავით უსუფაშვილი ასე გატლეკილი მივიდეს ბიძინა ივანიშვილთან. ასეთ შემთხვევაში ის ძალიან იაფად „გაიყიდებოდა“. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ რაღაც კაპიტალი უნდა დააგროვოს, რომ ივანიშვილს რაღაც შეთავაზება გაუკეთოს და არ ჩაიკარგოს პოლიტიკურ პაიკად.

- ბიძინა ივანიშვილი არ შესთავაზებს მას თანამშრომლობას? მას არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკოსი ისეთი უნდა იყოს, როგორიც დავით უსუფაშვილია...

- ბიძინა  ივანიშვილი მას ყოველთვის სთავაზობდა თანამშრომლობას. ეს დამალული თემა არ არის და ამაზე ორივე ღიად საუბრობდა. თანამშრომლობის შეთავაზება ალბათ მომავალშიც იქნება. მეტსაც გეტყვით, ბიძინა ივანიშვილი მის გარეშე დისკომფორტს გრძნობს. ყოფილი სპიკერი მას ისეთ სისუსტეს უვსებდა, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რესპუბლიკელების წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ამის დისკომფორტი გაუჩნდა და მას ძალიან სჭირდება დავით უსუფაშვილი.

- თუ ასეა საქმე, მაშინ მათ თანამშრომლობას წინ რა უდგას?

- პირობებია შესათანხმებელი და კიდევ ფორმაა მოსაძებნი, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს თანამშრომლობა. ყოფილ პრემიერს ძალიანაც უნდა ყოფილ სპიკერთან თანამშრომლობა, მაგრამ მასში იმაზე მეტი ფასის გადახდაც არ უნდა, ვიდრე ის ღირს. დავით უსუფაშვილს ეს ყველაფერი მშვენივრად ესმის და ასე იაფად გაყიდვა არ უნდა. აქვე ერთი რამეც მინდა დავაზუსტო – როცა ყიდვა-გაყიდვაზე ვსაუბრობ, ეს ძალიან ფიგურალურია.

- ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ პრემიერად ყოფნისას განაცხადა, რომ ოცნების წიაღშივე წარმოიქმნება ოცნების ოპოზიცია. დავით უსუფაშვილიც იყო კოალიცია ქართულ ოცნებაში და ამ მიმართულებით ხომ არ იმუშავებს?

- პრობლემა ის გახლავთ, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ერთეული, ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. როგორ შეიძლება ამ ძალის ბაზაზე კიდევ მეორე ორგანიზაცია შეიქმნას, როცა ერთიც კი არ შექმნილა.

- ამ არარსებულ ძალას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს...

- ეს არაფერს ნიშნავს. კიდევ ვიმეორებ – „ქართული ოცნება“ არ არსებობს. ამ პარტიაში ლიდერები არ არიან. ამდენი ხალხი თავის საკონსტიტუციო უმრავლესობიანად ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირებს. არავის აქვს იმის განცდა, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოს. აქედან გამომდინარე ძალიან სასაცილოდ და წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის წიაღში ახალი პოლიტიკური ცენტრი წარმოშვას.

განსხვავებული ვითარებაა მესამე ძალის შექმნასთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნა ისედაც მძაფრად იდგა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მწვავედ დადგა ეს საკითხი – სოციალური პრობლემატიკა – ძალიან დრამატულ მიმართულებას იძენს. აქედან გამომდინარე, ხალხში უკმაყოფილება იზრდება, ხალხი მესამე ძალას ითხოვს. თავიდან ლოკალური საპროტესტო ცენტრები შეიქმნება ანუ პროტესტი სამზარეულოდან გარეთ გამოვა. მართალია, ხალხის უკმაყოფილება დიდია, მაგრამ დიდ საპროტესტო ტალღას არ ველოდები, პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს ხალხის მაკონსოლიდირებელი ძალა.

მეორე ეტაპი იქნება რაღაც მსხვილის ფორმირება. არა მგონია, რომ მესამე ძალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩამოყალიბდეს. ძალების პირველ მოსინჯვას უფრო საპრეზიდენტო არჩევნებზე ველოდები. ესეც იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელდა და პრეზიდენტი პარლამენტის ასარჩევი არ გახდა. 2020 წლისთვის უკვე შეიქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის.

„ახალი თაობა“, 10 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ნიკა მელიას ბრალდებებზე ადეკვატურ პასუხს ვერ გავცემ“ // „ნაციონალური მოძრაობა უკვე გაყოფილია“ // „2015 წლიდან კიევიდან ჩვენ მიმართ ეჭვიანობა იგრძნობოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის გაყოფა ხდება და არა ვიწრო ჯგუფის გასვლა პარტიიდან, როგორც ამბობს მეორე მხარე.

- ბატონო დავით, ნიკა მელია ფრაქციის სხდომისა და მისი სასამართლო პროცესის გადადების დამთხვევაზე საუბრობს. რას უპასუხებთ?

- ამ ბრალდებებზე უკვე აღარ შემიძლია, რომ ადეკვატური პასუხი გაგცეთ, რადგან ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ყველაფერს აქვს საზღვარი და არ შეიძლება ერთმანეთს ასეთი ბრალდებები წავუყენოთ. ეს არის ცილისწამება. რას ნიშნავს, რომ ფრაქციის სხდომაზე გასარჩევი საკითხი სასამართლოსთან თანხმდება?!

- რეალურად რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში?

- ხდება ის, რაც ძალიან დიდ ვნებათაღელვასა და ემოციებს იწვევს. ამ ემოციებში სრულიად მიუღებელი განცხადებები კეთდება, რაც სამწუხაროა, მაგრამ მე მაინც მირჩევნია, რომ იმ შინაარსზე, არსებითზე ვისაუბრო, თუ რამ გამოიწვია ეს განხეთქილება და იმედი მინდა დავიტოვო, რომ ვისაც კრიტიკული აზროვნება აქვს, მან ემოციები ოდესმე მაინც დაიოკოს და რაციონალურად გაანალიზოს პროცესი.

- განხეთქილების მიზეზი რა გახდა?

- განხეთქილების მიზეზი ბევრად უფრო ღრმადაც მიდის, რაც შეიძლება ახლა მე დეტალურად ვერ გავშალო, მაგრამ 2015 წლიდან შევამჩნიე, რომ კიევიდან ეჭვიანობა იგრძნობოდა ჩვენ მიმართ, პოლიტსაბჭოს ბევრი წევრის მიმართ. ეჭვიანობის მიზეზი მთლად არგუმენტირებული ვერ იყო. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი უფრო გამოიკვეთა არჩევნების წინა პერიოდში და შემდეგ უკვე არჩევნების მერე.

- რას გულისხმობთ?

- 2016 წლის მაისიდან მოყოლებული, კიევიდან და ოდესიდან იყო მუდმივი შეტყობინებები, რომ საარჩევნო სია ასე კი არა, ასე უნდა შედგეს. თბილისიდან კიევთან მაქსიმალურად თანხმდებოდა საარჩევნო სია, მისი შინაარსი და ის ფორმულაც, რის მიხედვითაც საარჩევნო სია უნდა შემდგარიყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მაინც მუდმივ ემოციებს იწვევდა.

- ბატონო დავით, საპარლამენტო სია გახდა განხეთქილების რეალური მიზეზი?

- მე გიყვებით იმ დინამიკას, როგორც ვითარდებოდა მოვლენები. ყველაფერში ვლინდებოდა უნდობლობა. 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს, ჯერ პირველი ტურის და მერე მეორე ტურის შემდეგ გამოყენებული იყო ასეთი ფორმულირება, რაც ჩემთვის აშკარად მიუღებელია და რასაც არ ვეთანხმები. ეს იყო: თქვენ წააგეთ არჩევნები! თქვენი ბრალია, რომ არ დაიცავით ხმები!

- მიხეილ სააკაშვილი არჩევნების წაგებაში ბრალს გდებდათ?

- ასე გამოვიდა. ჩვენ, როგორც შეგვეძლო, ისე ვმონაწილეობდით საპარლამენტო არჩევნებში და როგორც შეგვეძლო, ისეთი საარჩევნო კამპანიაც გვქონდა. არავის თავი არ დაუზოგავს. ძალიან სერიოზული უსამართლობის ელემენტები იყო, ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქცევას. ეს ჩემი თვალით ვნახე, მაგალითად, ახალციხეში, სადაც საარჩევნო კამპანიაში ვიღებდი მონაწილეობას. ამავდროულად, იყო ობიექტური წაგებაც. ობიექტური წაგება ყველას ბრალია. ყველას აქვს თავისი პასუხისმგებლობა წაგებაზე, კიევში ჩვენს არაფორმალურ ხელმძღვანელობას და თბილისში ფორმალურ ხელმძღვანელობას. ერთმანეთზე გადაბრალება არ შეიძლება.

უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნების წაგების მიზეზი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით იყო განპირობებული, განსხვავებით მათგან. როგორც ჩანს, ვერ მოვახერხეთ ჩვენდამი ნეგატიურად განწყობილი ამომრჩევლის ეჭვების გაქარწყლება. შესაბამისად, პირადად ჩემი აზრით, მეტია სალაპარაკო წარსულზეც, დაშვებულ შეცდომებზეც. ასევე სალაპარაკოა იმაზე, რომ იმ ცხრაწლიან პერიოდში, რაც ცუდი იყო, ის აღარასოდეს უნდა გაგრძელდეს და რაც კარგი იყო, ის უნდა გაგრძელდეს. ასევე, თუ ვინ იქნებოდა ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატი და ა.შ.

ეს ვერ მოვახერხეთ. წაგების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, მაგრამ მეორე მხარე ასე არ თვლის, მეტიც, ეს მას ღალატად მიაჩნია. ამას მოჰყვა ლანძღვა-გინება. ლანძღვა-გინებას კიდევ მეტი ლანძღვა-გინება და აღმოჩნდა, რომ ჩვენ როგორც არჩევნების შედეგებს, ისე სამომავლო გეგმებს სრულიად სხვადასხვანაირად ვხედავთ. სწორედ ამის გამო ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელია.

- ნიკა მელიამ აკაკი ბობოხიძეს და სერგო რატიანს მიმართა, თქვენ რამდენიმე დღეში ახალ პარტიაში მიდიხართო. რეალურად ახალი პარტია იქმნება გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, სერგო რატიანის, თქვენი მონაწილეობით?

- დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ ეს საკმაოდ რეალისტურია. ვინ სად გადაბარგდება, ამაზე საუბარი არაეთიკურია, ასევე თუ ვის სახელთან უფრო ასოცირდება ეს პარტია და ვის სახელთან უფრო ნაკლებად, ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს.

როგორც უნდა ეხამუშებოდეს ზოგიერთის ყურს სიტყვა „გაყოფა“, დიახ, სწორედ გაყოფა ხდება და არა – ვიღაც ვიწრო ჯგუფის გასვლა, როგორც ახლა დაგვარქვეს. დაახლოებით ერთი მესამედი პარტიული აქტივის, ხელმძღვანელობის არის იმ აზრის ღიად მომხრე, რომელზეც გესაუბრეთ. დანარჩენი ორი მესამედისთვის კი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წასვლა ძალიან ძნელია. ამას სჭირდება სერიოზული გადაფასება საკუთარი შესაძლებლობების. წარსულის ობიექტურად გაანალიზება, როგორც ჩანს, ძალიან ძნელია. ამ ორ მესამედში არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ყველა სიტყვას აბსოლუტურად იჯერებს, რასაც მათი ხელმძღვანელი თუ ხელმძღვანელობა ეტყვის. არიან ისეთებიც, რომლებიც დღეს არ არიან მზად, რომ საკუთარი აზრი ბოლომდე ჩამოაყალიბონ. ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს რაც შეეხება, დიდი სურვილი მაქვს, რომ გაყოფა ცივილიზებულად მოხდეს.

- ნიკა მელია აცხადებს, რომ გიგი უგულავა მომრიგებელი კი არ არის, მხარეა, გიგა ბოკერიას მხარე. რას იტყვით უგულავას ფაქტორზე?

- თუ ასეთი დამოკიდებულება არის მეორე მხრიდან, ე.ი. არ იქნება არავითარი მორიგება და იქნება გაყოფა. გულახდილად გეტყვით, რომ მე სწორედ გაყოფას ველოდები და ვერ ვხედავ მორიგების რესურსს, იმდენად ფუნდამენტურად განსხვავებული არის ხედვები წარსულსა და მომავალზე. გიგი უგულავას ჰქონდა და კიდევ აქვს მცდელობა მორიგების, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შედეგი მაინც გაყოფა იქნება, ისეა პროცესები განვითარებული.

„ახალი თაობა“, 10 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო მანჯავიძესთან: „საქართველოს ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა სჭირდება“ // „პოლიტიკური თამაშები სპობს ქართულ სახელმწიფოებრიობას

ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე „ახალი თაობა“ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

- თებერვლიდან ბევრი ვარაუდობს ხალხის გამოსვლებს სოციალური მოტივებით. გაზრდილი ფასები და ლარის გაუფასურება ადამიანებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

- სოციალური დაძაბულობა მოიმატებს და არავინ იცის, რა ეგზოტიკურ ფორმებში გადაიზრდება ეს დაძაბულობა. თუ ხელისუფლებამ საჭირო ზომები არ მიიღო, ქვეყნისთვის არასასურველი სცენარები გვემუქრება.

- საქმე რომ აქამდე მივიდა, ეს ხელისუფლების შეცდომების ბრალია?

- ამ ხელისუფლების მთავარი შეცდომა სისტემური ხასიათისაა. შენარჩუნებულია კონსტიტუციური მოდელი, რომელიც თავის დროზე საკუთარ თავზე მოირგო სააკაშვილმა. ახლანდელი ხელისუფლების პირველი პირები ასრულებენ გარკვეულ ფუნქციებს, მაგრამ პასუხს თითქმის არ აგებენ. მათი პასუხისმგებლობა თანაზომადი არაა. უუფლებოა პრეზიდენტი. პრემიერს აქვს უფლებები, მაგრამ ის დამოკიდებულია გავლენებსა და პოლიტიკური ჯგუფების ნებაზე. საქართველოსთვის კვაზისაპარლამენტო მოდელი არაეფექტური და მიუღებელია. საქართველოსნაირი ქვეყნის წარსულისა და რეალობის მქონე ქვეყანას საპრეზიდენტო მმართველობა სჭირდება. ძლიერი პრეზიდენტი აუცილებელია იმისთვისაც, რომ ეკონომიკა განვითარდეს. ჩვენს რეგიონში ყველგან ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობაა. დასავლეთის სახელმწიფოებმაც განვითარებას მიაღწიეს ძლიერი პრეზიდენტების პირობებში.

- ძლიერი პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებისთვისაც უფრო მიზანშეწონილია?

- რასაკვირველია. მაგალითად, ალიევი და ერდოღანი გაცილებით ადვილად დაელაპარაკებიან ძლიერ პრეზიდენტს. მით უმეტეს, ჩვენ რუსეთთანაც გვაქვს სალაპარაკო და გასარჩევი.

- ძლიერ პრეზიდენტზე აღარავინ საუბრობს. საკონსტიტუციო კომისია, დიდი ალბათობით, პრეზიდენტის უფლებებს უფრო შეკვეცს...

- ამაზე ჩემ გარდა ხმას არავინ იღებს. ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტს საერთოდ არ ეხებიან.

- რამდენიმე წლის წინ ძლიერი პრეზიდენტის მმართველობის აუცილებლობაზე მიხეილ ნანეიშვილი ლაპარაკობდა

- დიახ. ის სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ახლა ეს თემა დავიწყებულია.

- სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას სხვა ნაბიჯებიც სჭირდება?

- დიახ. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს დარგების განვითარებაზე, არსებული რესურსების კონსოლიდაციაზე, ქვეყნის მოდერნიზაციაზე. სახელმწიფო არაა მხოლოდ შესყიდვების კანონის განმახორციელებელი. ჩვენი ხელისუფლება დაკომპლექტებულია გულუბრყვილო და უცოდინარი ნეოლიბერალებით. მათი პოლიტიკა ითვლება დასავლურობად. სინამდვილეში, დასავლეთში ქვეყნები ამ გზით არ ვითარდებოდნენ. ამ ხელისუფლების კიდევ ერთი დიდი შეცდომაა გეოპოლიტიკური ვითარების არასწორად აღქმა და ახალი შეცდომები ამ მიმართულებით.

- მსოფლიოში მომხდარ და მიმდინარე ცვლილებებს გულისხმობთ?

- საქართველოს ხელისუფლებამ აქამდე ვერ გაიაზრა, რა მოხდა აშშ-ში. იქ დონალდ ტრამპმა დაამარცხა ნეოლიბერალური საზოგადოება, რომელსაც წარმოადგენენ ჰილარი კლინტონი და ჯორჯ სოროსი, რომლის ფული დიდი რაოდენობითაა შემოსული ქვეყანაში. ამგვარი ფინანსური კავშირების შესახებ ინფორმაცია აღარ იმალება. ეს კავშირები გაბმულია საქართველოსთანაც და არსებობდა ოდესასთანაც.

ქართველი ნეოლიბერალები ვერ იჯერებენ დონალდ ტრამპის გამარჯვებას და ჰგონიათ, რომ მას თეთრ სახლში არ შეუშვებენ, ან მალე ჩამოაგდებენ. დონალდ ტრამპს სრულიად სხვა ხედვები აქვს. იგი მრავალპოლარული მსოფლიოს მომხრეა, სადაც ლიდერი აშშ იქნება. იგი მხარს უჭერს რეგიონალურ შეთანხმებებს, დიალოგს რუსეთთან. ამას ეწინააღმდეგება გლობალისტური ინტერნაციონალი. ეს კარგად გამოჩნდა 1-2 იანვარს ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტისას. ამ სენატორებმა, ჯონ მაკეინის მეთაურობით, ფაქტობრივად პროვოკაცია მოაწყვეს და საქართველოს დააკისრეს გამღიზიანებლის როლი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში. ჯონ მაკეინის ქმედებებზე მწარე სიტყვები დაწერა ტვიტერში დონალდ ტრამპმა. ამ სიტუაციაში არაადეკვატურად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეთა ბანაკშია და ქვეყანას ახალი საფრთხის წინაშე აყენებს.

- საქართველოს ხელისუფლება დგას დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეების გვერდით?

- ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა. ან როგორ უპასუხა საქართველოს ხელისუფლებამ ვლადიმირ პუტინის გზავნილს? სხვა საკითხია, იყო თუ არა რუსეთის პრეზიდენტის გზავნილი სერიოზული. არაა გამორიცხული, რომ ეს იყო დატესტვა და ისეთი რეაქციის მოლოდინი, როგორიც მოჰყვა ამ შემოთავაზებას. საუბარია დიალოგის დაწყებაზე უსაფრთხოების საკითხებზე და სავიზო რეჟიმის მოხსნაზე. პარლამენტში განაცხადეს, რომ ჩვენ წითელი ხაზები გვაქვს და ამ შემოთავაზებაზე დასავლეთს უნდა დაველაპარაკოთ.

მნიშვნელოვანი არ არის, გვაქვს თუ არა რუსეთის მიმართ სიმპათიები. ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. უნდა გავაკეთოთ ის, რაც საქართველოს ინტერესებშია. პარლამენტის ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციამ და „ქართული ოცნების“ ახალმა სახეებმა საჩქაროდ მიიღეს საბოლოო ჯამში არაფრისმთქმელი, მაგრამ ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი რეზოლუცია.

- ამ რეზოლუციაში აისახა ქვეყნის საგარეო ორიენტაცია...

- პუტინის გზავნილის შემდეგ რეზოლუციის მიღება, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველო ნატოსკენ და ევროკავშირისკენ მიდის, ადამიანურ ენაზე ნიშნავს პასუხს – ჩვენ თქვენ არ გელაპარაკებით! რა შეემატა ამით საქართველოს? ქვეყანა ამით არ გაძლიერებულა. პირიქით. საქართველოს ასევე ასუსტებს და ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის პოლიტიკური თამაშები.

- რა გაქვთ მხედველობაში?

- პოლიტიკური გარიგებები და კანონის უგულებელყოფა. ამის ერთ-ერთი მაგალითია ყოფილი მერის, გიგი უგულავას ვადამდე გამოშვება ციხიდან. როცა ადამიანს მილიონები აქვს არამიზნობრივად დახარჯული და გაფლანგული, მას ორ წელიწადში არ ათავისუფლებენ. ჩვეულებრივ მოქალაქეს ასე არავინ მოექცეოდა. პროკურატურის თაროები სავსეა გამოსაძიებელი და გადასასინჯი საქმეებით, მაგრამ ეს არავის აღელვებს. ეს ყველაფერი კლავს სახელმწიფოებრიობის საწყისებს. ასეთი უკანონო მოქმედებებით ცდილობენ სახელმწიფოებრიობის იმ ნარჩენების ამოძირკვას, რაც ხალხის სულში კიდევ დარჩა. ძლიერი პრეზიდენტი წესრიგის დამყარებისა და სახელმწიფოებრიობისთვისაც აუცილებელია.

„ახალი თაობა“, 10 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ხელისუფლება გიგი უგულავასგან მთავარ ოპოზიციონერს ქმნის“ // „თუ დასჭირდათ, ვანო მერაბიშვილსაც გამოუშვებენ

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე „ახალი თაობის“ კითხვებს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პასუხობს.

- ბატონო ჯონდი, აქციზების გაძვირებას უკვე მოჰყვა ფასების ზრდა. საწვავზე ფასის მატებამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ეს გადაწყვეტილებები რამდენად უშველის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას?

- საწვავზე აქციზის გაზრდამ გამოიწვია საწვავზე ფასის ზრდა და ამან ავტომატურად გამოიწვია ყველა დასახელების პროდუქციაზე ფასების ზრდა. პროდუქტები უკვე გაძვირდა დაახლოებით 20-25%-ით. ეს ძალიან დიდი ზრდაა. ეს იყო მთავრობის მნიშვნელოვანი შეცდომა. ამ შეცდომის გამო კი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ხალხი. უახლოეს მომავალში კვლავ სერიოზული ზრდაა მოსალოდნელი საწვავზე.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ბუნებრივადაც, ნავთობზე ფასები იზრდება. მთავრობა ფასებს ზრდის ყველაფერზე, მაგრამ არ აპირებს პენსიების ზრდას.

- ეს განაცხადეს კიდეც, რომ 2017 წლის ბიუჯეტში პენსიის მატება ნაგულისხმევი არ არის...

- ასეა და სწორედ ამიტომ ხალხი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. გაზაფხულზე მძიმე სოციალური ფონი იქნება და ეს პოლიტიკურ ტემპერატურას აწევს.

- რატომ წავიდა ხელისუფლება ასეთ არაპოპულარულ ნაბიჯზე?

- ეს ნაბიჯები ჩვენს დაქცეულ ეკონომიკას ვერ უშველის. საწვავზე ფასების ზრდა პირიქით, შეაფერხებს ეკონომიკის განვითარებას. მოგების გადასახადის გაუქმება ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, ეს გაზრდიდა ინვესტიციებს, მაგრამ პირველ ეტაპზე, როდესაც მოგების გადასახადიდან კომპანიებს ათავისუფლებ, ექსპერტების ვარაუდით, ბიუჯეტს აკლდებოდა დაახლოებით 500 მილიონი ლარი. აი ამ დანაკლისის დაბალანსების გზებს ეძებდა მთავრობა და ნაცვლად იმისა, რომ ეს 500 მილიონი დაებალანსებინა მათივე კომფორტის ხარჯების შეკვეცით, მათ აირჩიეს ყველაზე ცუდი გზა და გაზარდეს გადასახადები. ყველაზე მეტად კი ეკონომიკას საწვავზე გაზრდილი ფასი დაარტყამს.

- რამდენად დადგება ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი?

- ეს გამოჩნდება გაზაფხულზე. გაზაფხულზე რამდენად პოლიტიკურად აქტიური იქნება საზოგადოება. ნამდვილად არ მინდა ასე მოხდეს, თუმცა მე ვერ ვხედავ სხვა გზას. ვფიქრობ, რომ სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება.

- პოლიტიკურ პროცესებს შევეხეთ და მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას ვერ მალავს გიგი უგულავას გათავისუფლების გამო. საუბარია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესში შედიოდა. როგორია თქვენი შეფასებები?

- მოვლენათა მსვლელობის ლოგიკა პირდაპირ გვკარნახობდა ამას, რომ გიგი უგულავა უნდა გაეთავისუფლებინათ. ეს იყო ძალიან აშკარა. ზოგადად ხელისუფლების მიერ არჩეული გზა აჩვენებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები კიდევ იქნება.

- ამით რისი თქმა გინდათ?

- ყველა ხვდება, რომ გიგი უგულავას განთავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ყველა მიხვდა, რომ საზოგადოების ზურგს უკან მოლაპარაკება შედგა. ვითომ ზოგმა ჯონ მაკეინის ვიზიტს დააბრალა ეს ამბავი, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ეს გადაწყვეტილება მანამდე იქნა მიღებული. ეს ქართული პოლიტიკური ინტრიგების და სვლების შედეგია.

- მაინც რა ხდება?

- ამ გადაწყვეტილებების ავტორებს მიაჩნიათ, რომ გიგის გამოყენება ახლა ეფექტურად შეიძლება. მიდის ხალხის უკან ფუსფუსი, თუმცა ყველა ხვდება, რომ რაღაცას გატყუებენ, რომ პოლიტიკური არჩევანია გაკეთებული.

- ეს რისთვის სჭირდებათ?

- არის მცდელობა, რომ ეს ჯგუფი შეინარჩუნონ, როგორც მთავარი ოპოზიცია და არ მისცენ რეალურ პოლიტიკურ ძალებს განვითარების საშუალება. ამას ყველა ხვდება, ამიტომ გიგისგან სატელიტის გაკეთება რატომ არის სწორი არჩევანი ან მორალურად, ან პრაგმატულად, მე არ მესმის! ეს ხომ ბუნებრივ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს?! ეს ხომ არის ხელოვნური შეჭრა პოლიტიკურ პროცესში და ბუნებრივი განვითარების და ბუნებრივი კონკურენციის შეფერხება გიგის მაგვარი სატელიტით?! გიგის სიხარულით აცრემლებული შვილები დახვდნენ და მე მათიც მესმის, მაგრამ გიგიმ უნდა იცოდეს, როცა თვითონ ლობირებდა სხვების დაპატიმრებას, მათაც ჰყავდათ შვილები და ოჯახები! გიგისგან რომ ხელოვნურად ხდება მთავარი ოპოზიციონერის შექმნა, ეს ფაქტია, იმასაც ყველა ხვდება, ვინც აკეთებს ამას.

- ანუ იგეგმება, რომ მისგან შეიქმნას მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი?

- კი, რა თქმა უნდა! სწორედ ამის გამოა გამოყვანილი გიგი ციხიდან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. ხელისუფლება ძალიან მძიმე პოლიტიკურ ვითარებაშია, მის მიმართ ნდობა დაიკარგა. ბოლო ნდობის მანდატი ეს არჩევნები იყო. დღეს ყველაზე მარტივი და პრიმიტიული ტექნოლოგია არის სატელიტი პარტიების წინა პლანზე წამოწევა, რომლებიც ფარივით ჩადგებიან ხელისუფლებასა და რეალურ ოპოზიციას შორის. დარწმუნებით გეტყვით იმასაც, რომ გიგის დააყენებენ მერობის კანდიდატად. ის პოლიტიკურად აქტიურია და შეეცდებიან, წარმოაჩინონ გიგი და მისი ჯგუფი ერთ-ერთ მოწინავე ოპოზიციურ პარტიად. წლების განმავლობაში როგორც ხდება ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნება, იგივე პროცესი მიდის ახლაც. ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის ბოკერიას დაჯგუფება.

- ხელისუფლება გიგა ბოკერიას ფრთის გაძლიერებას და მიხეილ სააკაშვილის ფრთის შესუსტებას უწყობს ხელს?

- ეს არანაირად არ ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის დასუსტებას. ეს ჯგუფი შეეცდება სხვა ტიპის ხმების მობილიზებას. მიხეილ სააკაშვილის დასუსტებას, სამწუხაროდ, არავინ აპირებს.

- ანუ ნაციონალები იბრძოლებენ ორ ფრონტზე?

- დიახ, ზუსტად ასეა. რეალურ ოპოზიციას ყველანაირად უკეტავენ არხებს. ნაციონალური მოძრაობა ახლა ორად გაიყო და ორმაგად მოგვიწევს ბრძოლა.

- როდესაც გიგი უგულავას გათავისუფლებაზე საუბრობდით, თქვით, რომ პროცესი გაგრძელდება. ანუ ვანო მერაბიშვილის და დანარჩენების გამოსვლასაც უნდა ველოდოთ?

- მოვლენათა მსვლელობის ლოგიკა სწორედ ასე გვკარნახობს. თუ პოლიტიკურად მიზანშეწონილი გახდა, თუ ხალხისთვის ახალი გასართობი საშუალება და სანახაობა გახდება საჭირო, რათა ხალხს დაავიწყონ შიმშილი და ფასების ზრდა, ამაზეც წავლენ. ჩვენ ხომ ვხედავთ, დღეს მშიერი საზოგადოება რითი ერთობა. გიგი უგულავას განთავისუფლებაა ერთ-ერთი აქტუალური თემა. მეორე აქტუალური თემა კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები და იქ არსებული დაპირისპირებაა. ძალიან ბრძნული ნათქვამია ძველ რომში, რომ……

- პური და სანახაობა?

- დიახ, პური და სანახაობა არის ძალიან ძლიერი ნაზავი ხალხის გასართობად. საზოგადოების დიდი და გულუბრყვილო ნაწილი ბედნიერია იმით, რომ სააკაშვილის გუნდი სუსტდება, არადა პირიქით ხდება. აქამდე ერთი ნაცმოძრაობა ჰყავდა ბუად ხელისუფლებას და ახლა ორი ეყოლება. ამასობაში ფასები კიდევ უფრო გაიზრდება და ასე ჩაარიხინებენ თვითმმართველობის არჩევნებსაც.

- ასე როდემდე გავა ფონს ეს ხელისუფლება?

- მანამ, სანამ არ შეიქმნება „ქართული ოცნების“ ალტერნატივა. მანამ, სანამ არ მოხდება ისეთი პოლიტიკური ძალების გაერთიანება, რომლებიც შეძლებენ, საზოგადოებას შესთავაზონ ივანიშვილის და სააკაშვილის ალტერნატიული ძალა. ეს როდის მოხდება, ამას ვერ გეტყვით. წარსული გამოცდილება არ მაძლევს განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს.

„ახალი თაობა“, 10 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა გვაძაბიასთან: „სოხუმის დაბრუნება ნატოში გაწევრიანებაზე გადის

დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია „ახალ თაობასთან“ აფასებს გადაწყვეტილებას, გაზაფხულზე თბილისში ნატოს არაწევრი ქვეყნების სამიტის ჩატარების თაობაზე და აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება დაანგრევს აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის რუსეთის მიერ აღმართულ კედელს.

- ბატონო მამუკა, იყო ინფორმაცია, რომ გაზაფხულზე საქართველოში ჩატარდება ნატოს არაწევრი ქვეყნების სამიტი. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ნატოს არაწევრი ქვეყნების სამიტის ჩატარებას საქართველოში?

- უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ნატოს არაწევრი ქვეყნების სამიტის ჩატარებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნატოს ნებისმიერი დონის ღონისძიების ჩატარება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლება ასეთი საკითხების კულტივირებას უნდა ახდენდეს საერთაშორისო მასშტაბით და არ უნდა პასიურობდეს, მათ შორის, საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებებზე დასწრების თვალსაზრისით. თავდაცვის მინისტრის პოზიციას მინდა შევეხო.

- რა კუთხით?

- თავდაცვის მინისტრი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ ნებისმიერი დონის ღონისძიებას დაესწროს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. მით უმეტეს, როცა საქართველოში ტარდება ასეთი ღონისძიება, რა თქმა უნდა, ამას მივესალმები.

- რამდენადაც მახსოვს, ლევან იზორიამ თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ ნატოსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას შემაკავებელი მნიშვნელობა აქვს საგარეო საფრთხეების ნეიტრალიზებისთვის...

- ნატო 1949 წელს შეიქმნა. მას შემდეგ ნატოში გაწევრიანდნენ და დამფუძნებლები იყვნენ რიგი დიდი თუ პატარა სახელმწიფოები. პატარა სახელმწიფოები გაწევრიანდნენ, რადგან ვერ უმკლავდებოდნენ იმპერიალისტურ ზრახვებს. იმპერიალისტური ზრახვები ჰქონდა საბჭოთა კავშირს, ანუ რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიას. ნატოში გაწევრიანება შემაკავებელი ფაქტორი იყო საბჭოთა იმპერიის თავდასხმისგან დასაცავად.

- ზოგს გული აუცრუვდა ნატოზე, როდესაც 2008 წელს ნატომ ვერ დაგვიცვა რუსეთის შემოჭრისგან. აქედან გამომდინარე, ნატომ შემაკავებელი როლი რამდენად შეასრულა?

- თუ ჩვენ, ქართული სახელმწიფო, ჩვენს დონეზე არ ვიქნებით, ჭახა-ჭუხს ჩვენ მაგივრად არავინ დაიწყებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს სიმაღლეზე.

- რა გაქვთ მხედველობაში?

- თქვენ მე ერთხელ გითხარით, როდესაც „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ძალიან სერიოზულ დონეზე ნატოს შესახებ საიდუმლო მასალები საქართველოს მეშვეობით რუსეთში ჟონავდა.

- გინდათ თქვათ, რომ ამ ფაქტმა საქართველოს სახელმწიფო დააზარალა?

- იმ ფაქტის გამო, რომ ნატოს შესახებ საიდუმლო ინფორმაციები და მასალები ჟონავდა რუსეთისკენ, რა თქმა უნდა, ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, დროის თვალსაზრისით, საქართველო დაზარალდა. მაშინ ის იყო ხელისუფლებაში, დღეს ეს არის, მაგრამ ნდობის ფაქტორია. ჩვენი პარტნიორები დარწმუნებული უნდა იყვნენ იმაში, რომ ჩვენ სანდო პარტნიორი ვართ. ან უნდა მივიღოთ თამაშის ის წესები, რასაც პარტნიორები გვთავაზობენ, ან უნდა შევქმნათ ჩვენი თამაშის წესები.

ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ. ამ ეტაპზე ჩვენი თამაშის წესებს ვერ ვქმნით, ამიტომ მათი თამაშის წესები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რაც ნიშნავს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებას.

- ერთ-ერთმა დეპუტატმა საკითხი ასე დასვა: რა გვინდა ჩვენ, სოხუმში შესვლა გვინდა თუ ნატოში? ანუ ზოგიერთი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ ნატოს გზით სოხუმსა და აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ...

- საკითხი ასე არ უნდა დაისვას. საკითხს ასე ვინც სვამს, ან გეოპოლიტიკის ანა-ბანა არ იცის, ან საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემების, ან არ უნდა იცოდეს. რამ დაანგრია ბერლინის კედელი, ვარშავის ბლოკის გაძლიერებამ თუ პირიქით მოხდა? ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. ენგურზე კედელს დაანგრევს საქართველოს ნატოში გაწევრიანება.

- მაინც რატომ?

- იმიტომ, რომ ნატო არის მსოფლიოში ნომერ პირველი უსაფრთხოების სისტემა, რომლის მსგავსი კაცობრიობის ისტორიაში დღემდე არ შექმნილა. უსაფრთხოების სისტემის შექმნა ნიშნავს ცხოვრების დონის ამაღლებას, მოქალაქეების შემოსავლების ზრდას და ა.შ. სწორედ ნატოში გაწევრიანებაზე გადის სოხუმის დაბრუნება.

- ნატომ, ჯერჯერობით, ვერ დაგვიცვა.

- ვერ დაგვიცვა კი არა, არ დაგვიცვა.

- ძლიერი რუსული სამხედრო შენაერთები დგას. ამიტომ ასკვნიან, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების გასაღები მოსკოვში დევს და არა - ნატოში...

- ეს არის რუსული ნარატივი და რუსული, შემსუბუქებული, მძიმე ძალის გავლენის მქონე პოლიტოკოსების გამონათქვამი და აზრი. მე აფხაზეთიდან ვარ და კარგად ვიცი, რა ხდება აფხაზეთში და რა ხდება სამაჩაბლოში. სხვა ამას ვერ მასწავლის, მაგრამ ასე იყო საბჭოთა პერიოდშიც. არავითარი განსხვავება არ არის, როცა დროთა განმავლობაში ყველაფერი მოირყა და ისე განვითარდა მოვლენები, როგორც უნდა განვითარებულიყო _ დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანია გაერთიანდა. ამას მოთმინება სჭირდება. ამას ძალიან ჩამოყალიბებული პოლიტიკის გატარება უნდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დღეს ვერ აკონტროლებს თავისი ტერიტორიის ნაწილს, ამ ვითარებაში უნდა შევიდეს ნატოში.

- ჩვენი ახლანდელი და გერმანიის მაშინდელი მდგომარეობა ერთმანეთს შეედრება? თანაწონად ვითარებაში ვიმყოფებით?

- როგორც სახელმწიფოები, გერმანია და საქართველო, არ არიან თანაწონადი, საქართველო პატარაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კავკასიის გეოპოლიტიკურ როლს მომავალი მსოფლიოს განვითარებაში, მომავალი მსოფლიოს გეოპოლიტიკაში, ენერგომატარებლების საჭიროებას, არ ვიტყვი, რომ ერთი ერთზე იქნებოდა გერმანიისა და საქართველოს თანაწონადობა, მაგრამ უახლოვდება იმ მნიშვნელობას, რაც ჰქონდა გერმანიას თავის დროზე.

- თქვენ იმედი გაქვთ, რომ რუსეთი შესუსტდება და ჩვენ ტერიტორიებს დავიბრუნებთ?

- ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. ეს რომ ასე არ იყოს, პირადად ჩემი პიროვნული ტრაგედია იქნებოდა.

- ამაში რა დადებითი როლის თამაში შეუძლია გაზაფხულზე დაგეგმილ ნატოს არაწევრი ქვეყნების სამიტის საქართველოში ჩატარებას?

- ეს სამიტი არის ერთი აგური კედელში. ნებისმიერი სამიტები, ნებისმიერი მსგავსი შეხვედრები (საქართველოში, მით უმეტეს), ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. რუსეთი არის ოკუპანტი და საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

- სრულიად გამორიცხავთ რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებას?

- მოლაპარაკებას არ გამოვრიცხავ. მოლაპარაკებაც არის საჭირო, დიალოგის წარმოებაც, მაგრამ ერთი ერთზე არა. მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეებით, საერთაშორისო შუამავლების მეშვეობითა და მათი მონაწილეობით. ერთი ერთზე რუსეთთან ჩვენ არათანაბარ და არათანასწორ მდგომარეობაში ვიქნებით.

————————-

„რეზონანსი“, 10 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთის რადიო-სალოკაციო სისტემები, შესაძლოა, აფხაზეთშიც განთავსდეს“ // ნატომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხო მოქმედება დაიწყო

ნინო ქეთელაური

“ახალი ცივი ომი უკვე შემდგარი ფაქტია და ჩვენ ვცხოვრობთ ამის პირობებში. ფაქტობრივად, კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ამოქმედება მოხდა, რაც ნატოს 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ აუმოქმედებია” – ასე აფასებს აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წარმომადგენლობის გაზრდას სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. იგი განმარტავს, რომ ამის პარალელურად საკუთარ ძალებს რუსეთიც აძლიერებს და ნატოსთან დასაპირისპირებლად დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორია ერთგვარი “პლაცდარმი” ხდება.

ვახტანგ მაისაია: აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წარმომადგენლობის გაძლიერება ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ხდება. მოქნილი თავდაცვის სტრატეგიის ფორმატში – საუბარია დაახლოებით, 3000 ბრიტანელი, კანადელი და ამერიკელი ჯარისკაცის განთავსებაზე. ეს არის, თუ არ ვცდები, მე-4 მოტორიზებული ბატალიონი, რომლის თანხლებითაც ჩავიდა საბრძოლო ტექნიკა, რათა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების და პოლონეთის თავდაცვისუნარიანობა განამტკიცოს. ეს ყველაფერი კი იყო პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, რომელსაც ის გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული ახორციელებდა. ანუ, ამოქმედდა კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, რომელიც მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

- აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წარმომადგენლობის გაზრდა როგორ იმოქმედებს რუსეთზე?

- ეს მაინცდამაინც ისეთი ძალა არ არის, რომ რუსეთის გაღიზიანებისთვის სერიოზულ კომპონენტს წარმოადგენდეს. მე-4 მოტორიზებული ბატალიონი არ არის ის სამხედრო ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია რამე ქმედება განახორციელოს. ეს არის ერთგვარი სიმბოლური და პოლიტიკური მხარდაჭერის აქცია, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობისთვის იქნება სიგნალი, რომ თუ ის ნატოს, ან მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ აგრესიულ სამხედრო პოლიტიკას გააგრძელებს, ნატომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ეს არის უფრო პრევენციული ქმედება, რომელიც როგორც გითხარით, მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების ფორმატში განხორციელდა, რაც 90-ანი წლებიდან მოყოლებული პირველად ამოქმედდა.

ერთხელ ამოქმედდა 2003 წელს, როცა ერაყი დაემუქრა თურქეთის სუვერენიტეტს, მაშინ ეს მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ამერიკელებმა აამოქმედეს და შესაბამისი საბრძოლო შენაერთები განათავსეს, რათა თავისი სტრატეგიული მოკავშირე დაეცვათ და ახლა უკვე ამოქმედდა აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვის.

- მომდევნო თვიდან აშშ-ს სამხედრო შენაერთების განთავსება პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებშიც დასრულდება. შეცვლის თუ არა ეს გეოპოლიტიკურ ვითარებას?

- ცვლის თუ არა, ცოტა რთული სათქმელია. ეს იმის დადასტურებაა, რომ ახალი ცივი ომი უკვე შემდგარი ფაქტია და ჩვენ ვცხოვრობთ ამის პირობებში. ფაქტობრივად, განხორციელდა რეალური კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ამოქმედება, რაც ნატოს 90-ანი წლებიდან მოყოლებული არ აუმოქმედებია. გაიგზავნა კონკრეტული მოკავშირე სახელმწიფოების შენაერთები და ბუნებრივია, რომ ნატოს მხრიდან ეს უკვე სერიოზული ნაბიჯებია.

- ითქვა ისიც, რომ ბრიტანეთის ავიაციამ შავი ზღვა უნდა გააკონტროლოს. საქართველოსთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია?

- ჯერჯერობით ეს საკითხი ასე კატეგორიულად არ არის განხილული. შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვა ბრიუსელის სამიტზე მოხდება, რომელიც მაისში იმართება, როდესაც ნატო ახალ შტაბბინაში გადავა. აღსანიშნავია, რომ საქართველო რატომღაც არ მონაწილეობს ამ სამიტში. ამას ხაზი უნდა გავუსვათ, ეს კიდევ ცალკე თემაა, რაზეც თქვენი გაზეთის საშუალებით უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება შავი ზღვის გაკონტროლებას, ბრიტანეთს საზღვაო კომპონენტი ყველაზე მეტად აქვს განვითარებული. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მან აიღოს საკუთარ თავზე და შავი ზღვის დაჯგუფებას სათავეში ჩაუდგეს. შესაბამისად, თავისი სამხედრო საზღვაო ძალების მეშვეობით, შავ ზღვაში ნატოს სამხრეთის ფლანგი გააძლიეროს. თუმცა, ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

- რუსეთისგან რა საპასუხო ნაბიჯებია მოსალოდნელი?

- რუსეთიც აძლიერებს თავის სამხედრო კომპონენტს. ის 2017 წელს მიიღებს 4 ტიპის ბირთვული ქობინით აღჭურვილ წყალქვეშა ნავებს, რომელიც შავი ზღვის ფლოტში განთავსდება. მან ასევე, გააძლიერა სანაპირო დაცვის სისტემები და საკმაოდ თანამედროვე ტიპის გემსაწინააღმდეგო სისტემა დააყენა. ეს არის ბასტიონი, რომელიც საკმაოდ ეფექტური და ძლიერი კომპონენტია. მას ფაქტობრივად სამხედრო საზღვაო დაჯგუფების განადგურება შეუძლია. ამიტომ, შავი ზღვის კონტექსტში განთავსება, ნატოს კუთხით საკმაოდ რთული ამოცანა იქნება, რადგან შავი ზღვა ეს არ არის ღია საზღვაო სივრცე, ის ჩაკეტილია და შესაძლოა ეს ერთგვარი სატყუარაც კი იყოს იმ გემებისთვის, რომელიც ზღვაში შემოვა.

მეორეც, აქ არის თურქეთის ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ ის არის ნატოს წევრი სახელმწიფო, დღეს ნატოს, თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობა გამწვავებულია უკიდურესად და ვარშავის სამიტზე შავი ზღვის აუზში ნატოს სამხედრო დაჯგუფების შექმნის ინიციატივა სწორედ თურქეთმა ჩააგდო. ამიტომ, ეს საკმაოდ სერიოზული თემაა. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც სირიასთან მიმართებით, თურქეთს, რუსეთსა და ირანს შორის დროებითი ზავის დადება და შეკვრა მოხდა. ამავე დროს, რუსეთი აძლიერებს რადიო სალოკაციო სისტემებს, რომლის ამოქმედებასაც 2017 წელს აპირებს.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ სისტემის ელემენტები დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზეც განათავსონ. ეს დაკავშირებულია იმასთან, გასაიდუმლოებულად ხდება აფხაზეთში სამხედრო ქალაქის მშენებლობა და გაერთიანებული საარმიო დაჯგუფების შექმნის ინიციატივა საკმაოდ ფორსირებული ნაბიჯებით ვითარდება, რაც ნატოს წინააღმდეგაა მიმართული და არა იმდენად საქართველოსა და სხვა ქვეყნების. ამიტომაც, რუსეთის ხელში, აფხაზეთის ტერიტორია ერთგვარი პლატცდარმი ხდება, ნატოსთან მიმართებით. ამას ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუმცა, ჩვენ არავინ გვეკითხება.

„რეზონანსი“, 10 იანვარი, 2017 წელი

რამდენიმე წელიწადში ქართულ მიწებს უცხოელები დაეპატრონებიან!

ერთ თაობაში ქვეყნის მიწის მთელი ფონდი გადავა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში

მარი ჩიტაია

უახლოეს რამდენიმე წელიწადში, თუკი მთავრობა განსაკუთრებულ ზომებს არ მიიღებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უცხოელი მოქალაქეების საკუთრებაში გადავა. იმის ნაცვლად, რომ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს გაუფრთხილდეს, მთავრობა გულგრილ დამოკიდებულებას იჩენს და ქართულ მიწის უცხოელებზე გაყიდვას არხეინად განაგრძობს ისე, როგორც ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ხდებოდა.

მართალია, ორიოდე წლის წინ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოში მიწის შეძენაზე მორატორიუმი დაწესდა, მაგრამ შეზღუდვამ მხოლოდ ერთ წელიწადს გასტანა. 2016 წლის თებერვალში მორატორიუმი გაუქმდა და საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაძენად უცხოელებს გზა გაეხსნათ. სპეუიალისტების აზრით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მიწის მიმართ ხელისუფლების გულგრილობას და საბოლოოდ ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ყველაფერი იყიდება. მთავარია, მიწა გასხვისდეს და არა აქვს მნიშვნელობა რა ფასად და ვინ ჩაიგდებს ხელში მას. ასეთ უპრეცედენტო შესაძლებლობას უცხოელებს ქვეყნის კანონმდებლობა ანიჭებს.

არსებულ რეალობას აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი ქართული სოფლის გადაგვარების ტოლფასად აფასებს. მისი განცხადებით, უკვე სრულიად რეალურია საფრთხე იმისა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდეს.

“დღეს ქართველი გლეხკაცი, როგორც მიწის მესაკუთრე და მისი პოტენციური მყიდველი, მომხმარებელი, მფლობელი და გაჭირვების გამო გამყიდველი, არაკონკურენტუნარიანია მრავალ სხვა სუბიექტთან მიმართებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლოა, ქართული მიწები სულ სხვა, არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის უნდოდეთ – აგარაკების აგებით დაწყებული, ხრიოკ ქვეყნებში წასაღებად მიწის ნაყოფიერი ზედაფენის მოჭრით დამთავრებული. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს მთავრობა, რბილად რომ ვთქვათ, ჭარბად ავლენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სურვილს, რის გამოც აშკარად იგრძნობა ტენდენცია, რომ უცხოელ მეწარმეს გაცილებით უკეთესი პირობები აქვს საქმის წამოწყებისთვის, ვიდრე ადგილობრივს. ეს კატეგორიულად დაუშვებელია, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ და მოწყვლად დარგში, როგორიც სოფლის მეურნეობაა.

გარდა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა (მემცენარეობა), არ არის ინვესტიციატევადი დარგი და იქ ინვესტორის წახალისების პოლიტიკა ყველაფრის ფასად არ უნდა ტარდებოდეს. ეს დარგი არა მარტო ეკონომიკური აქტივობის მიმართულებაა, არამედ ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი უმძლავრესი ინსტრუმენტიცაა”, – აცხადებს პაატა კოღუაშვილი. მისი თქმით, იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბება სრულიად რეალურ საფრთხეს ქმნის იმისას, რომ უახლოეს მომავალში ქართული მიწების დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდება. განსაკუთრებით აზიის ქვეყნები (ჩინეთი, ინდოეთი, არაბული სახელმწიფოები, ისრაელი) უკვე გამოხატავენ ქართული მიწით დაინტერესებას, გამოირჩევიან უმწვავესი ჭარბმოსახლეობით და მცირემიწიანობით.

“ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის არც ერთი კონკურენტუნარიანი საქართველოს მოქალაქე, პრაქტიკულად, ნიშნავს ერთ თაობაში ქვეყნის მიწის მთელი ფონდის გადასვლას უცხოელების ხელში. საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე დარჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება იწანწალოს მთელ მსოფლიოში უპრესტიჟო დროებითი დასაქმების საძიებლად. ამის განჭვრეტას არ სჭირდება არც სპეციალური და არც ზოგადი განათლება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ დღესდღეობით ქვეყნის მმართველ ინსტანციებში დასაქმებულთა შორის (მათ რიცხვში არიან ცოლშვილიანი მამაკაცები და ქმარშვილიანი ქალბატონები) ისეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც მზად არიან საქართველოს მთელი მიწა გაყიდვის საგნად აქციონ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათ შთამომავლობას (ძალიან მცირე გამონაკლისით) სამშობლოს გარეთ პერსპექტივა არ ელით, საქართველოში კი არანაირი წონისა და არანაირი გავლენის შენარჩუნების იმედი არ შეიძლება ჰქონდეთ”, – აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

აყოფილი დეპუტატი, საკონსტიტუციო კონგრესის დამფუძნებელი თენგიზ დიხამინჯია ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვას ქვეყნისა და ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულად აფასებს. მისი განცხადებით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტოტალური გადასვლა უცხოელთა საკუთრებაში ისეთი საშიშროება, რომლისგანაც დაცვა “აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას” წარმოადგენს.

“სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხელების ხელში გადასვლა ქვეყანას კატასტროფულ შედეგს მოუტანს, მით უმეტეს, როცა კონკურენცია ელემენტარულად არ არსებობს. ქვეყანაში საშუალო ფენა არ არის შექმნილი და კონსტიტუციის მუხლები საკუთრებასა და უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ბუნდოვანია. საქართველოში მიწის საკუთრების საკითხი, სააკაშვილის მმართველობიდან მოყოლებული, საშიშ მასშტაბს იღებს. როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებასაც მემკვიდრეობით გადმოეცა იგი და თავი და ბოლო არ უჩანს.

პრობლემაა, რომ ქვეყანაში მიწის კანონი არ არსებობს და გადაწყვეტილებები თვითნებურად არის მიღებული. როცა კონკურენცია არ არის, ფული არ ტრიალებს და ვერ შეიქმნა ქართული ბურჟუაზია, ამ სიტყვით კარგი გაგებით, ბუნებრივია, ქვეყნის მატერიალური რესურსი უცხოელების ხელში აღმოჩნდება. ამიტომ დიდია საფრთხე, რომ ჩვენი მიწა-წყალი სამომავლოდ უცხოელებმა განკარგონ. ამით ქართული ნაციონალური იდეა და ერის არსებობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება”, – აცხადებს დიხამინჯია და დასძენს, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და აკრძალოს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გაყიდვა, რისი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

“სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვით რომ ბიუჯეტი არ შეივსება ეს ისედაც გასაგებია. როგორც სააკაშვილი გადაჰყვა თავის ბოროტმოქმედებას, ისე გადაჰყვება დღევანდელი ხელისუფლებაც, თუკი ქართული მიწის საკითხს სახალხო განხილვის არეალში არ მოაქცევს. გადაწყვეტილება დიდი განსჯის, აწონ-დაწონვისა და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად უნდა იქნას მიღებული. ჩვენი შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად საჭიროა მიწის კანონმა მიიღოს თანამედროვე, ცივილიზირებული ფორმა, რაც მოხდება მხოლოდ დიალოგისა და მოწინავე აზრის გათვალისწინებით.

მთელი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას. დემოკრატიული მსოფლიო მიწათსარგებლობის თემას უკიდურესი სიფაქიზით ეკიდება. სხვა დამოკიდებულება მხოლოდ ხელისუფლების ჰორიზონტის შეზღუდულობაზე, უპასუხისმგებლობაზე და უპერსპექტივობაზე მეტყველებს. ამდენად პასუხისგება არავის აცდება. ეს არის არა მხოლოდ პროგნოზი, არამედ საქართველოს მოსახლეობის მყარი ნება”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას დიხამინჯიამ.

მიწის უცხოელებზე გაყიდვას ქვეყნისთვის გადაულახავ პრობლემად მიიჩნევს პროფესორი ბადრი რამიშვილი.

“კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, რომ მიწა სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე გაიყიდოს. ფინანსურად ის შედეგს ვერ მოიტანს, რადგან სოფლის მეურნეობა არ არის ინვესტიციებისთვის მნიშვნელოვანი დარგი, განსაკუთრებით, მემცენარეობა. 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე შეიძლება განხორციელდეს მაქსიმუმ 1500 ლარის ინვესტიცია, რაც ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად არის საჭირო, ცოტა მეტი – მრავალწლიანი კულტურების მოსაშენებლად. ამდენად, ფინანსურად ეს არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება.

ფული უჭირს ამ ხელისუფლებას და რატომღაც ჩათვალეს, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვა გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს, თუნდაც ლარის გამყარების მიმართულებით. მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც რომ გავიტანოთ ბაზარზე გასაყიდად, 1 მლრდ დოლარზე მეტს ვერ მივიღებთ. ამაზე ბევრად მეტი რეზერვი აქვს ეროვნულ ბანკს და ვერ აჩერებს ლარის დევალვაციას, მიწის გაყიდვა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ის არის მხოლოდ საფრთხე, რაც ხელისუფლებამ შეიძლება დაუძლეველ, გადაულახავ პრობლემად აქციოს”, – აცხადებს ბადრი რამიშვილი.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, სპეციალისტების განმარტებით, ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში, სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში. ირლანდიის კანონმდელობის მიხედვითაც, ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო იმისათვის, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების (ფრანგი ერის სიამაყის საგანი) და განსაკუთრებით დიდი ფართობის მიწის შეძენა. აშშ-ში 1978 წელს მიიღეს ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში საზღვარგარეთული კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია, მისი მიხედვით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.

„რეზონანსი“, 10 იანვარი, 2017 წელი

ლარის კურსის სამთავრობო პროგნოზს აღარავინ ენდობა

„სამი წელია გაიძახიან, რომ ლარის გაუფასურება მოკლევადიანია და ეს მოკლე ვადა აღარ დასრულდა

მარი ჩიტაია

მთავრობის წევრთა თანმიმდევრულ განცხადებებს, რომ სავალუტო რყევა მოკლევადიანია, საზოგადოების მხრიდან ნდობა არ აქვს. სპეციალისტების და ექსპერტთა გარდა, ნაკლებად ისმის საუბარი პრობლემაზე, რომელიც ლარს გრძელვადიან პერიოდში ემუქრება. სხვადასხვა დროს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას იმეორებს ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი გახარია, რომლის შეფასებითაც, სავალუტო რყევა არის მოკლევადიანი და გრძელვადიან პერიოდში ლარი გამყარების გზას დაადგება.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა და “განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოლოდინი მძაფრია, ხდება გადამეტებული რეაგირება ლარის კურსზე”. დეკემბერ-იანვარში გაუფასურების შემდეგ, მოხდა ლარის კურსის გამყარება და დღევანდელი მონაცენებითაც, ეროვნული ვალუტა მყარდება.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რყევა არის მოკლევადიანი, გრძალვადიან პერპექტივაში ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ლარის კურსი უფასურდებოდეს. ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხანგრძლივ ვადაში ლარი გამყარდება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამისთვის გასაკეთებელია ბევრი რამ. პირველ რიგში, ეს გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომლის განსახორციელებლად შექმნილია 4-პუნქტიანი გეგმა”, – განაცხადა გახარიამ.

მინისტრი მიიჩნევს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა.

“ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სავაჭრო ბალანსი, რომელიც გვერგო მემკვიდრეობით და ამ სავაჭრო ბალანსის გასწორება ერთ დღეში, ერთ და ორ წელიწადში შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმის ძირითადი მიზანია, მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, გავასწოროთ სავაჭრო ბალანსი და შევქმნათ ისეთი ბიზნეს გარემო, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში კიდევ უფრო პროგრესული იქნება”, – განაცხადა გახარიამ, რითაც ეკონომისტების ნაწილის კრიტიკა იწვნია კიდევაც.

თსუ-ს პროფესორი დავით ასლანიშვილი “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობის წევრთა განცხადებებს არ ენდობა ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რომელთა ფინანსური მდგომარეობაც ლარის გაუაფსურებამ მნიშვნელოვნად შეარყია.

“საქართველოს მთავრობისთვის მოკლე ვადა არ დასრულდა. 3 წელია გაიძახიან, რომ ლარის გაუფასურება მოკლევადიანია. ამიტომაც, ნდობის ფაქტორი მთავრობის წევრთა მიმართ დაბალია, როცა ისინი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ. მესმის მათიც, მთავრობის პოზიციიდან საპირისპირო აზრს ვერ მოვისმენთ, მაგრამ ვადა მაინც უნდა დააზუსტონ. მოკლე ვადა მაქსიმუმ რამდენიმე თვეს მოიცავს და არა რამდენიმე წელიწადს.

მთავარი ფაქტორი, რაც ძირს უთხრის ლარის სტაბილურობას, არის მთავრობის მიერ ბოლო წლებში საკითხისადმი დამოკიდებულება. სებ-ის და კომერციული ბანკების მტაცებლური პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის საზიანოდაა მიმართული. რეფინანსირების სესხი უკვე იქცა ბანკების მუდმივმოქმედ სესხად, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში ქრონიკულად რთული ვითარებაა.

მოურჩენელი დაავადება სჭირს საბანკო სექტორს და ამიტომ გადარჩენის ინსტიქტით ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ბიზნესი ჩაიგდოს ხელში და კიდევ უფრო გამსხვილდეს. ფინანსური პირამიდა ადრე თუ გვიან ჩამოინგრევა და ძალიან ცუდად შემოუტრიალდება როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე მის ყველა მოქალაქეს”, – აცხადებს ასლანიშვილი.

სხვადასხვა მიზეზზე, თუ რატომ უფასურდება ბოლო პერიოდში ლარი და რა პროგნოზების გაკეთებაა შესაძლებელი, ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ჩარგეიშვილმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, წინასაახალწოდ ფულის მასის შეკავებას მოხდა. გარდა ამისა, ამას დაემთხვა ფოთის პორტთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნების ეკონომიკაზე. იმ პერიოდში ტვირთბრუნვა, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

“ბოლო პერიოდში ქვეყანაში საქონლის შემოსვლამ დააგვიანა. შესაბამისად, ფულის გაჩერება ეკონომიკის გაჩერებას ნიშნავს. ეს ცალსახად გასათვალისწინებელი ფაქტორია იმ ერთიანობასთან, რაც გვაქვს”, – განუცხადა “კომერსანტს” ჩარგეიშვილმა და დასძინთ, რომ ლარის კურსის პროგნოზირება რთულია, ფასების მატება კი, რომელიც უკვე დაწყებულია, თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

„რეზონანსი“, 10 იანვარი, 2017 წელი

მთავრობას ეკონომიკური კუთხით ურთულესი წელი ელოდება

ყრუ კედელი აქვთ აშენებული და შედეგიც ექნებათ შესაბამისი

ნათია ლომიძე

2017 წელს საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს სპეციალისტები გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. ეკონომისტების უმთავრესი რჩევა ეროვნული ვალუტის დასტაბილურება და სოციალური უკმაყოფილების აღმოფხვრაა. ისინი შარშანდელის მსგავსად, 2017 წელსაც რთულად მიიჩნევენ. ამიტომ მთავრობას პრობლემების დასაძლევად გაათმაგებული მუშაობა მოუწევს.

სპეციალისტთა ნაწილი ეროვნულ ბანკსა და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას და სოციალური უკმაყოფილების განეიტრალებას ურჩევს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია ისეთი ჯგუფის შექმნა, რომლის მთავარი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. საამისოდ ეკონომისტები და ფინანსისტები პოლიტიკური გავლენისგან უნდა გათავისუფლდნენ, რაც აუცილებლად შედეგის მომცემი იქნება.

“განურჩევლად პოლიტიკური სიმპატიებისა, უნდა შევძლოთ, რომ ამ თემაზე გაიმართოს პროფესიონალთა მსჯელობა, მედიის ჩართვის გარეშე. ვფიქრობ, ჟურნალისტურ სივრცეში ეს თემა პოლიტიკასთან მჭიდროდ გადაჯაჭვული გახდა, რაც ვნებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას, არამედ სახელმწიფოებრიობასაც. თუ გააშუქებენ, გააშუქონ ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენის გარეშე. ზედმეტი არც ჩარევა და არც ჩაურევლობა ვარგა.

დღესდღეობით არ არსებობს ისეთი ავტორიტეტის მქონე ფინანსისტი საქართველოში, რომლის ნათქვამსაც ცალსახად გაიზიარებენ, ერთმანეთთან მუდმივი დაპირისპირების რეჟიმში მყოფი სპეციალისტები. სანამ პოლიტიკური ვალდებულებებისგან არ გათავისუფლდებიან ეკონომისტები და ფინანსისტები, სანამ არ შექმნიან ისეთ ჯგუფს, რომლებსაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სამშობლოსთვის ექნებათ თავი გადადებული და არა კარიერული წინსვლისთვის, მანამ მდგომარეობა უცვლელი დარჩება.

ისეთი რეცეპტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას წაადგება, შეიძლება შეიქმნას ერთი თვის განმავლობაში, დაუღალავი მუშაობის პირობებში. შედეგს უნდა ველოდოთ მხოლოდ იმ ვადის შემდეგ. ეს ჯგუფი უნდა იყოს მხოლოდ საზოგადოების ინტერესების გამტარებელი”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” სოსო ცისკარიშვილმა.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი 2017 წელს მძიმე წლად მიიჩნევს და ეკონომიკაში რამე ტიპის წარმატებას არ ელოდება. ასე გაგრძელდება, სანამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდება და ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი ბალანსი არ შემცირდება. ამის მისაღწევად კი აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება აუცილებელია.

“იმისათვის, რომ დასტაბილურდეს მდგომარეობა და სოციალური რისკიც იქნას დაზღვეული, ასეთი მოკლევადიანი გეგმა, უბრალოდ, არ არსებობს. ერთადერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რაც გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს, ეს არის უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაქსიმალურად შემცირება. ამის მისაღწევად კი საჭიროა აგრესიული ეკონომიკური რეფორმის გატარება, თუმცა ხელისუფლება, როგორც ჩანს, ამის გაკეთებას არ აპირებს. მეტსაც გეტყვით, იდეასაც არ ეთანხმება.

მთავრობა არა ეკონომიკის რეალურ სექტორზე, არამედ ფულის ნაკადების მოძრაობაზეა ორიენტირებული და იქ ეძებს გამოსავალს. ჩემი აზრით, ეს არის უპერსპექტივო სიტუაცია. არა მგონია, რჩევების მიცემას, თუ როგორ წარმართონ სწორად ეს წელი, რამე აზრი ჰქონდეს. ყრუ კედელი აქვთ აშენებული და შედეგიც ექნებათ შესაბამისი. რამე ტიპის წარმატებაზე ლაპარაკი ახლო პერიოდში აზრს მოკლებულია.

2017 საკმაოდ რთული წელი იქნება. სოციალური რისკი არის ძალიან მაღალი და მისი დაზღვევის მექანიზმს, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ. დღეს, საშუალო ქართველის სოციალური მდგომარეობა თუნდაც 2012 წელთან შედარებით, არის საგრძნობლად დამძიმებული. იმისათვის, რომ სოციალური თვალსაზრისით დავუბრუნდეთ 5 წლის წინანდელ ნიშნულს, ამას დაჭირდება დიდი დრო. მიუხედავად იმისა, რომ ვგულშემატკივრობ კვირიკაშვილს, ვფიქრობ, მისი ოპტიმიზმი რეალურ საფუძველს მოკლებულია”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

სოციალური მიმართულების გააქტიურებას უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს ექსპერტი პაატა აროშიძე. მისი აზრით, თუკი ხელისუფლებას სურს 2017 წელი შარშანდელთან შედარებით წარმატებული იყოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა იზრუნოს ლარის დასტაბილურებაზე. ასევე აუცილებელია ქვეყნის ჩართვა სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებში.

“ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, რაზეც საქართველოს მთავრობამ უნდა იმსჯელოს, ეს არის სოციალური სფერო. ყველა ის პროგრამა თუ ინიციატივა, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს, უნდა იყო განვითარებადი. ყველაზე ცუდი, რაც საზოგადოებაშია გამეფებული, ეს არის ნიჰილიზმი და “სულ ერთიას” პრინციპით ცხოვრება. ამ წრიდან უნდა გამოვიდეს ხალხი.

ეროვნული ბანკის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს რაც შეეხება, 2017 წელს უნდა მოხერხდეს კურსის დასტაბილურება. არ უნდა იყოს ისე, რომ დღეს რაღაც კურსია, ხოლო შემდეგ რამდენიმე ერთეულით ერთბაშად დაეცემა. როდესაც კურსი მერყევია, ეს მოსახლეობაში თესავას შიშს. ძალიან ბევრს კრედიტი დოლარში აქვს აღებული და არასტაბილურობა აფრთხობს ინვესტორებსაც.

მთავარი მიმართულება ხელისუფლებისთვის არის სოციალური კუთხით ქვეყნის მოწერიგება, დასაქმების უზრუნველყოფა. მეორე – ეროვნული ბანკის მიერ გასატარებელი პოლიტიკა, რომელიც ლარის სტაბილურობას უზრუნველყოფს. მესამე – ქვეყნის ჩართვა საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში და საქართველოს პოტენციალის კიდევ მეტად გამოყენება, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, იქნება ეს ენერგეტიკული პროექტების ამუშავება თუ სატრანზიტო მიმართულება. მთავარია, ხალხს გარკვევით წარუდგინონ ის პროექტები, რაც იგეგმება და რაც ამ წლის გეგმაში გაიწერება”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას პაატა აროშიძემ.

Comments are closed