globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 10th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ეუთოს მისია კვლავ საქართველოში // “რუსეთის მაკონტროლებელი თვალის არსებობა ჩვენს ინტერესშია”

რეზონანსი: ჰიბრიდული ომის საფრთხე საქართველოსთვის // “ამერიკა ევროპისთვის ომს აგებს და ეს საქართველოსნაირ ქვეყნებს შეიძლება დიდ ტრაგედიად შემოგვიბრუნდეს”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსები ცხინვალსა და აფხაზეთში სერიოზული ჯგუფების შექმნას აპირებენ“

———————-

რეზონანსი“, 9 მარტი, 2015 წელი

ეუთოს მისია კვლავ საქართველოში

რუსეთის მაკონტროლებელი თვალის არსებობა ჩვენს ინტერესშია”

თაკო მათეშვილი

საქართველოში, შესაძლოა, ეუთოს მისია დაბრუნდეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმით მოხდება ეს, დაუშვებს მას საკუთარ ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, თუ მისია ისევ მხოლოდ ე.წ საზღვრამდე იმოქმედებს.

პოლიტოლოგები სიახლეს განსხვავებულს შეფასებებს აძლევენ. ნაწილის მოსაზრებით, ეს იქნება მისია მისიისათვის, რომელიც არავითარ შედეგს არ მოგვიტანს, ნაწილს კი ეუთოს ობიექტური დასკვნების იმედი აქვს და მიიჩნევს, რომ ჯობია რუსეთი კონტროლს გრძნობდეს.

განცხადება იმის შესახებ, რომ ეუთოს მისიამ თავისი საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე ისევ შეიძლება შეასრულოს, ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და დასძინა, რომ საამისოდ ახლა ისინი გზებს ეძებენ.

“ძალიან ვწუხვართ, რომ ამგვარი ვითარება გრძელდება. ვისურვებდით, რომ როგორც ევროპაში აღიკვეთა ყველანარი საზღვრები და ღობეები, აქაც ისევე აღიკვეთოს. ეს ყველაფერი ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ აღარ აქვთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება. უამრავი გზა არსებობს, რომ ამ პრობლემების გადაჭრას ვეცადოთ.

“მთავარი დიალოგია, როგორიცაა ჟენევა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მოლაპარაკებები. სამწუხაროა, რომ გალის ფორმატი აღარ მუშაობს და ვისურვებდით, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას. ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ ეუთოს ფარგლებში ჩვენი ყოფნა ადგილზე აღვადგინოთ, რათა ამ საკითხებზე მუშაობა უკეთესი და ხანგრძლივი ვადით შევძლოთ”, – განაცხადა ზანიერიმ.

იმისათვის, რომ ეუთოს მისიამ თავისი საქმე სრულყოფილად შეასრულოს, კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარის თანხმობაა საჭირო. როგორც ცნობილია, რუსეთის პოზიცია საკითხისადმი მკვეთრად უარყოფითია. შესაბამისად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მას აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას ისევ არ მისცემენ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ თუკი ეუთოს ყოფნა საქართველოში კვლავ აღდგება, ამით ფუნდამენტალურად არაფერი შეიცვლება, მაგრამ მაინც ჯობია იყოს, ვიდრე არ იყოს. ამბობს, რომ აფხაზეთიც და ოსეთიც სწორედ ეუთოს საქართველოში ყოფნის დროს დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს.

“რუსეთი ეუთოზე და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაზე უკვე დიდი ხანია აცრილია. 2008 წლის ომის წინა პერიოდში ეუთო კონფლიქტის ზონაში იყო, მაგრამ მთელი მათი მუშაობა შტაბბინაში დასკვნების გზავნით შემოიფარგლებოდა. დაწერდნენ – კოკოითი ქართულ სოფლებს ბომბავს და ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთო – მთელი მათი მოღვაწეობა ეს იყო. ასე რომ, იგი უკვე კასტრირებული ორგანიზაციაა, რომლისგანაც ბევრ ვერაფერ ხეირს მივიღებთ.

“თანაც, რუსები ამბობენ, რომ ეს აფხაზებს არ უნდათ. ასე რომ, თუკი ჩამოვლენ, ადრინდელივით მხოლოდ კომფორტულად იცხოვრებენ. ეგ იქნება და ეგ. არც აფხაზები და არც ოსები თავიანთ ტერიტორიაზე არ შეუშვებენ და რა აზრი აქვს? მათი პოზიცია საკმაოდ ხისტია, რადგან ეუთო მათ დამოუკიდებლობას არ სცნობს”, – ამბობს ცინცაძე.

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი სიახლეს ცალსახად დადებითად აფასებს და ამბობს, რომ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, გადაწყვეტილების ბლოკირების გასაღები რუსეთის ხელში არ უნდა იყოს.

მისი აზრით, საქართველო ამით ხელშესახებ სარგებელს მიიღებს, ვინაიდან კონფლიქტურ ზონებში ყოველდღიურად პრობლემებია – მავთულხლართების გადაწევა-გადმოწევით დაწყებული, ადამიანების გატაცებით დამთავრებული.

“ასეთ მოვლენებს ამხელა გასაქანი ალბათ არ ექნებოდა რუსული მხარე მაკონტროლებელ თვალს რომ გრძნობდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ინტერესი არსებობდეს ასეთი თვალი, მითუმეტეს ეუთოს მონიტორინგის სახით. იგი საქართველოს თავისი ობიექტურობით ხშირად დახმარებია.

“დავუშვათ, მომხრე მხოლოდ საქართველოა, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე განლაგდებიან და სიტუაციას დააფიქსირებენ. ერთი მხრიდან კონტროლიც კონტროლია. ორმხრივი ჯობია, მაგრამ ცალმხრივიც არაა ურიგო”, – აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

რეზონანსი“, 10 მარტი, 2015 წელი

ჰიბრიდული ომის საფრთხე საქართველოსთვის

“ამერიკა ევროპისთვის ომს აგებს და ეს საქართველოსნაირ ქვეყნებს შეიძლება დიდ ტრაგედიად შემოგვიბრუნდეს”

თეა ბეჟიტაშვილი

(შემოკლებით)

“ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის”, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. მისივე თქმით, ევროპამ უკრაინის მაგალითზე საფრთხეებთან გამკლავება უნდა ისწავლოს.

დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი ერთ-ერთია იმ კრიზისებს შორის, რაც ევროპის უსაფრხოებას რისკის ქვეშ აყენებს, ამიტომაც ევროპამ და აშშ-მა ერთად უნდა იმოქმედონ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, სანქციები, როგორც რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ელემენტი, ძალაში რჩება, თუმცა სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით კონკრეტული კონსენსუსი მიღწეული არ არის.

“ამ მიმართულებით მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს და ყველა ქვეყნისთვის, რომელიც დღეს განსაკუთრებულ რთულ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ მიუხედავად ამისა აგრძელებს თავის ევროპულ და ევროატლანტიკურ სვლას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთის პარტნიორები იყვნენ ერთიანნი და თანმიმდევრულნი იმ არჩევანში, რომ მხარი დაუჭირონ ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ იმ ქვეყნებს, რომელთაც გააკეთეს თავისი არჩევანი”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარის, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ საქნციების გამკაცრების მოწინააღმდეგე ქვეყნების სიაში შედის: საფრანგეთი, გერმანია, იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

“თუ ჩვენ საფრანგეთის ახლანდელი და ყოფილი პრეზიდენტების განცხადებებს გავითვალისწინებთ, იოლი მისახვედრია, რომ ალბათ საფრანგეთი არის ამ სანქციების მოწინააღმდეგე ერთ-ერთი წევრი ქვეყანა. ასევე, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ იტალიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მოსკოვში, რომელსაც დიდი შეშფოთება მოჰყვა და ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში იტალიის პრემიერების პოზიციების დაახლოება რუსეთთან თვალსაჩინოა.

“ასევე, გერმანიაში ამ სანქციების გაფართოებას ძალიან გავლენიანი ბიზნეს და პოლიტიკური წრეებიც ეწინააღმდეგებიან, აღარაფერს ვამბობ ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის იგივე საბერძნეთი და ა.შ.” – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

მისივე თქმით, ის ძირითადი მიზეზი, რატომაც ვერ თანხმდებიან ევროპის ქვეყნები სანქციების ახალ ტალღაზე, არის ის, რომ უკრაინაში რუსეთსა და ამერიკას შორის ევროპისთვის ბრძოლა მიმდინარეობს: “ეს არ არის მარტო უკრაინისთვის ბრძოლა, ეს არის ევროპისთვის ბრძოლა, იმიტომ, რომ ამერიკის გავლენა ევროპაში, ევროკავშირში, ნატოში სულ უფრო სუსტდება.

“ამერიკის გავლენის შესუსტების პარალელურად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთის გავლენის ზრდა სულ უფრო საგრძნობია. ჰიბრიდული ომი, რომელზეც უკვე თვეებია მსოფლიო ღიად საუბრობს, მიმდინარეობს არა მარტო საქართველოსნაირ ქვეყნებში, არამედ ევროპის შუაგულშიც და უპირველესად, რუსული იდეოლოგიის მიერ საინფორმაციო სივრცის დაპყრობასა და ბიზნეს და პოლიტიკური ელიტების პირდაპირ მოსყიდვას ითვალისწინებს, რისი შედეგიც არის ის სურათი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ.

“ევროპა დიდი ხანია აღარ არის ისეთი ერთიანი, როგორიც იყო, დავუშვათ, ათი წლის წინ. გასაგებია, რომ არსებობს ობიექტური ფაქტორები და ეკონომიკაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უკუეფექტი, რომელიც ევროპის ქვეყნებს ბუმერანგივით, ნაწილობრივ მაინც უბრუნდება, ვიცით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე რუსეთის მხრიდან დაწესებულია ემბარგო, მაგრამ ევროპის დღევანდელი ლიდერების აბოსლუტურ უხერხემლობას ეს არ ამართლებს.

“საკუთარ ქვეყანაში წააგო საინფორმაციო ომი რუსეთთან, ეს იმის წინაპირობაა, რომ სხვა ტიპის ომშიც შესაძლოა დაუთმო რუსეთს, იმიტომ, რომ აქ საუბარია ელემენტარულ საინფორმაციო სტრატეგიაზე. მთავარია, როგორ წარმოაჩენენ ევროპის ლიდერები დღეს რუსეთთან ურთიერთობას საკუთარი მოსახლეობის თვალში”, – ამბობს ლაგაზიძე.

როგორც ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, თუ ევროპის ქვეყნების ლიდერები შეძლებენ საკუთარ მოსახლეობას რუსეთი დაანახონ არა მარტო სოციალურ-ეკონომიკური საფრთხე, არამედ როგორც მათი სიცოცხლისთვის პირდაპირი საფრთხე, ასეთ შემთხვევაში, ევროპის ქვეყნის ამომრჩეველი დაფიქრდება, სანამ არჩევანს გააკეთებს.

“როგორც ჩანს, ხალხს გასაგებად არავინ ეუბნება, რომ შეიძლება დღეს რუსეთის სანქციების გამო სოციალურ-ეკონომიკურად გიჭირდეს, მაგრამ ხვალ თუ ამ სანქციებმა შედეგი არ გამოიღო, შეიძლება ევროპის შუაგულში რუსეთის სამხედრო აგრესია პირდაპირ იხილო.

“თუ ამ სურათს ნათლად არ დაანახებენ, მაშინ ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელები იძულებულები იქნებიან საკუთარი მოსახლეობის განწყობას ჩაყვნენ, მოსახლეობის განწყობა კი ასეთია – ათწლეული ნებიერი ყოფისგან განებივრებულ ევროპას, უბრალოდ არ სურს დაინახოს საკუთარი ქვეყნებისა და საკუთარი სიცოცხლისთვის პირდაპირი საფრთხე, იმ რეალობის მიღმა, რაც უკრაინაშია.

“ევროპის ქვეყნების ლიდერები ვერ ან არ ახერხებენ გასაგებად აუხსნან საკუთარ მოსახლეობას, რომ რუსეთი არამარტო უკრაინისთვის არის საფრთხე, არამედ მათთვისაც, ისეთივე დოზით, რა დოზითაც უკრაინისთვის”, – ამბობს ლაგაზიძე.

მისივე თქმით, თუკი რუსეთი დაინახავს, რომ ევროპის ქვეყნების ბიზნეს და პოლიტიკური ელიტის გავლენიან ნაწილზე გამარჯვება მოიპოვა და ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის მისი იდეოლოგია დამაჯერებელია, სხვა ტიპის გავლენების გაფართოებაზე უკან აღარ დაიხევს.

“ეს ნებისმიერი იმპერიის დამახასიათებელი თვისებაა. რეალურად, დღეს უკრაინაში ევროპისთვის მიმდინარე ომს, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, აგებს. ვნახოთ როგორი იქნება ხვალინდელი რეალობა.

ბერლინის კედლის დანგრევიდან სულ რაღაც 25 წელიწადში, ამერიკა ევროპისთვის ომს აგებს და ეს საქართველოსნაირ ქვეყნებს შეიძლება ძალიან დიდ ტრაგედიად შემოგვიბრუნდეს”, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

„ახალი თაობა“, 10 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსები ცხინვალსა და აფხაზეთში სერიოზული ჯგუფების შექმნას აპირებენ

ინტერვიუში სამხედრო-პოლიტიკურ ექსპერტი ვახტანგ მაისაია „ახალი თაობის“  ჟურნალისტ გულიკო ბალაძესთან ვრცლად საუბრობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებზე, რუსეთის სამხედრო წრთვნებზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული ბაზების ჩათვლით, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე…

გთავაზობთ ამონარიდებს:

ბატონო ვახტანგ, საქართველოს ტერიტორიის, ოკუპირებულ ნაწილში რუსული სამხედრო ძალების გაძლიერებული წვრთნები მიმდინარეობს. პარალელურად უკრაინაში ბრძოლები თითქოს შენელდა. რუსები თითქოს ასრულებენ შეთანხმებას. უკრაინაში ვითარების ერთგვარი დამშვიდების კვალობაზე რუსეთი კავკასიაში ხომ არ გააქტიურდება?

– სანამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, მინდა მწუხარება გამოვთქვა ამერიკაში ჩვენი სამხედრო კურსანტების ტრაგიკული დაღუპვის გამო. ისინი საზღვაო ძალების კურსანტები იყვნენ. მათი დაღუპვა დიდი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის.

რუსეთს საქართველოსკენ გადმოსანაცვლებლად საკმაოდ ძლიერიბერკეტები გააჩნია. უკრაინაში მისი გაძლიერებული ინტერესების გადატვირთვა რომც არ მოახდინოს, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში შესულია თეზისი, რომ რუსეთი ორი ან სამი კონფლიქტის მონაწილეობის შესაძლებლობას იტოვებს. ამ კუთხით რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული ძალა გააჩნია. საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული სამხრეთის ე.წ. ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა, რომლის პოტენციალშია დაახლოებით სამხედრო დაჯგუფება, რომლის შემადგენლობაშია 200-300 ათასი ადამიანი და სამი არმია – 58-ე, 49-ე და 48-ე,48-ე არმია ახალი შექმნილია. ასე რომ, რუსეთის კადრირებული შენაერთები შექმნილია. შექმნილია ასევე არმიების მართვის შტაბი დაღესტანში, დერბენდში. ე სამი არმია, ფაქტობრივად, მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ. ამას პლუს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 10 და 15 ათასიანი დაჯგუფების შექმნა სავსებით საკმარისი იქნება. აფხაზეთში 15-ათასიანი, ხოლო ცხინვალის რეგიონში – 19-ათასიანი საარმიო ჯგუფია შექმნილი, რაც სავსებით საკმარისია საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად. აგვისტოს ომის პერიოდში რუსებმა თავისი შეიარაღებული ძალებიდან გამოიყენეს 15 ათასი ადამიანი, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები ორ დღეში დაესრულებინა. ახლა, მით უმეტეს, ამ კუთხით რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად 25 ათასიანი დაჯგუფება სავსებით ადეკვატური ძალა იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო პოლიტიკური და სამხედრო ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე.

ჩვენ რამდენათასიანი სამხედრო დაჯგუფების მოგერიება შეგვიძლია?

– საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება რომ არ გამომივიდეს, ციფრებით არ ვისაუბრებ. სამწუხაროდ, ჩვენი ძალები ამ ეტაპზე მთლად ადეკვატური არ არის. ამხელა ძალის მოგერიება საკმაოდ რთულია. ეს კარგად ჩანს მცოცავი ოკუპაციის ფონზე, როდესაც რუსები თანდათან აქტიურად იწევენ ჩვენკენ, იპყრობენ ჩვენს ტერიტორიას, ჩვენ კი თითსაც ვერ ვაკარებთ იმის გამო, რომ…

მასშტაბურ ომში არ გადაიზარდოს?

– ადეკვატური პასუხი რომ გავცეთ და მათ თავხედობას წერტილი დავუსვათ, ამის უფლება გვაქვს. რუსეთი ემზადება და მასშტაბურ წვრთნებს ატარებს იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ამოქმედდა რუსებსა და აფხაზებს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება; ცხინვალის რეგიონშიც იგივე ხდება. მორეც – ეს არის რეალური მზადება და რეალური საფუძველი, რომ რუსები აპირებენ სერიოზული ჯგუფების შექმნას ცხინვალსა და აფხაზეთში. წვრთნებს ატარებენ იმის გასარკვევად, რამდენად ეფექტური იქნება ეს ნაწილები. ფაქტობრივად, რეალური სამზადისი და საფუძველია იმის საფიქრებლად,რომ რუსები აპირებენ გაარკვიონ, როგორ იმოქედებენ კოორდინაციაში. ე.ი. მათი მთავარი მიზანია, ამ ჯგუფებში შემავალ ნაწილებს შორის კოორდინაცია. შესაბამისად, შეეცდებიან გაზარდონ ამ ჯგუფების საბრძოლო პოტენციაწი, შექმნან ჯგუფებს შორის კოორდინაცია, და შესაბამისად, გაზარდონ ამ ჯგუფების საბრძოლო პოტენციალი. ეს არის არაგეგმური წვრთნები და არ შედიოდა რუსების გეგმებში.

რუსეთის სამზადისი, აფხაზეთსა და ცხინვალში სამხედრო წვრთნები და გააქტიურება შავ ზღვაში ნატოს სამხედრო გემების შემოსვლას ხომ არ უკავშირდება?

– გარკვეულწილად ესეც არის, მაგრამ ამ წვრთნების მთავარი მიზანი ის არის, რაც გითხარით.

(…)

დასავლეთმა უკრაინის მიმართულებით რუსეთის შეჩერება საქართველოს ხარჯზე მიიღო. ნატოს გაფართოების შეჩერებაზე განცხადებები რა შედეგის მომტანი იქნება ჩვენთვის?

– თქვენ გამოიტანეთ დასკვნა. რა შედეგის მომტანი უნდა იყოს, როცა ისეთი ქვეყანა, როგორიც საფრანგეთია, აცხადებს, რომ ნატოს გაფართოებას და საქართველოს მიღეა არ იგეგმება. ეს მომენტი სერიოზულია.

განცხადება შეიძლება ვინმეს დასამშვიდებლად იყოს განკუთვნილი, მაგრამ საკითხავია საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ალბათ, ხელს შეუშლის?

– ხელს რომ არ შეუწყობს, ფაქტია. თუ საფრანგეთმა ვეტო დაადო, ჩვენი და უკრაინის ხელშემწყობი არ იქნება. ნატოს გაფართოების გეგმაში საქართველო მოიაზრებოდა, მაგრამ როცა აცხადებს, რომ ნატოს გაფართოება აღარ იგეგმება, ეს პირდაპირ ჩვენ გვეხება. უელსის სამიტზე საუბარი იყო საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაზე.

ჩვენი გაწევრიანება ნატოში, რეალურად, მოსალოდნელი იყო?

– ჩვენ ვიყავით ამ ჯგუფში და გაფართოების მორიგ ტალღაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანება მოიაზრებოდა. უელსის სამიტის დოკუმენტებში ეს დაფიქსირებულია. ჩვენ მოვხვდით გაწევრიანებისა და ინტეგრაციის კალათში. ამ ჯგუფში უკრაინაც კი ვერ მოხვდა. მაშინ ევროატლანტიკური ალიანსის მიდგომები მყარი არ იყო. როდესაც ოლანდი ამბობს, რომ გაფართოების შედგომი ტალღა არ იქნება, ეს იმას ნიშნვს, რომ ჩვენ ვრჩებით ნატოს გარეთ. თუმცა, ოლანდის განცხადება ცოტა ეწინააღმდეგება იმ გეგმას, რომლითაც მომავალ წელს ნატოში ბოსნია-ჰერცოგოვინას მიღება უნდა მოხდეს. საუბარი იყო ჩერნოგორიის, ბოსნია,ჰერცოგოვინის, საქართველოსა და მაკედონიის ნატოში მიღებაზე. ჩერნოგორიის მიღება გადაწყვეტილია. ოლანდის განცხადება ეწინააღმდეგება უელსის სამიტის დოკუმენტებს. საქართველოს თუ ვერ მიიღებდა, ჩერნოგორიის მიღებას მაინც აპირებდა. ჩერნოგორია მზად არის, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. ოლანდის განცხადებით, გამოდის, რომ ჩერნოგორიის საკითხიც ღიადაა დარჩენილი.

(…)

არ უშვებთ იმ ვარიანტს, რომ შეიძლება ჩერნიგორია, ბოსნია-ჰერცოგოვინა და მაკედონია მიიღონ ნატოში და საქართველო არ მიიღონ?

– არ ვიცი. ოლანდის განცხადება ამ სამ ბალკანურ სახელმწიფოსაც ეხება იმიტომ, რომ გაფართოების შეზღუდვა გაფართოების შეზღუდვაა. თუ ნატოს გაფართოება არ შედის ევროპული სახელმწიფოების ინტერესებში, მაშინ ევროპელი ლიდერების განცხადებები ნიშნავს, რომ ბალკანურ სახელმწიფოებსაც არ უნდა ჰქონდეთ ნატოში გაწევრიანების იმედი. როგორც ჩანს, ოლანდი გამოხატავს რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს პოზიციასაც. ეს ეწინააღმდეგება იმ ჯგუფის ინტერესებს, რომლებიც ევროინტეგრაციის მომხრეები არიან. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე სპეპტიკოსების იდეები უფრო აქტიურდება.

Comments are closed