globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 10th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: სინოდმა მეუფე პეტრე დასაჯა – რა იქნება თუ მიტროპოლიტი განცხადებებს გააგრძელებს // „მეუფე პეტრე შეწყვეტს საუბარს – ეკლესია უფრო ჩაიკეტება“

რეზონანსი: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „საქმე გვაქვს პატრიარქის ლიკვიდაციის მომზადებასთან“ // „პროკურატურა დეკანოზის უკან მდგომ პირებზე გასვლას ერიდება“

რეზონანსი: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ეს საქმე საპატრიარქოს და ეკლესიის ძირგამოსათხრელად იყო დაგეგმილი, რაც მიღწეულია“ // „ეს არის შეთითხნული საქმე“

რეზონანსი: „უცნაური სიხარული“ პოლიტიზებული „რუსთავი-2“-ის თემის ირგვლივ

რეზონანსი: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ხელისუფლებას უნდა, კრიტიკული მედიის რაოდენობა ნულამდე დაიყვანოს“ // „ასეთი ტიპის ქმედებას აუცილებლად ექნება უკურეაქცია“

—-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს ბევრი მომხრე ჰყავს“ // „საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობაა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ირაკლი კობახიძეს, ეტყობა, თავში აუვარდა“// „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული ყველა მოსამართლე უნდა გადადგეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „ირაკლი მამალაძე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა იყოს“

—-

რეზონანსი: გაზი, შესაძლოა, 10 თეთრით გაძვირდეს // 45-თეთრიანი ტარიფი აღარ იარსებებს და ყველა ერთ ფასს გადაიხდის

რეზონანსი: ენგურჰესი ამუშავდა, სეპარატისტები დენის უფასოდ მოხმარებას აგრძელებენ

——————–

რეზონანსი“, 10 მარტი, 2017 წელი

სინოდმა მეუფე პეტრე დასაჯარა იქნება თუ მიტროპოლიტი განცხადებებს გააგრძელებს

მეუფე პეტრე შეწყვეტს საუბარსეკლესია უფრო ჩაიკეტება

ეკატერინე ბასილაია

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს პრობლემებზე საჯაროდ საუბრისთვის სინოდის წევრებმა დასაჯეს – ის პირადად პატრიარქი ილია ||-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” დირექტორობიდან გათავისუფლდა, ასევე მიეცა პირველი გაფრთხილება ეკლესიის კრიტიკის გამო და “ურჩიეს” თავი შეიკავოს მედიასთან ურთიერთობაზე, როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, ის “სიმართლისთვის დაისაჯა” და “ეს მიკერძოებული იყო”, თუმცა ის გადაწყვეტილებას “დაემორჩილება”.

როგორც აღმოჩნდა, საგანგებოდ შეკრებილ სინოდის 3-საათიან სხდომაზე მთავარი თემა იმ მიტროპოლიტის გაკიცხვა-დასჯა იყო, რომელმაც საპატრიარქო მწვავედ და ღიად გააკრიტიკა.

„პატრიარქის ამოცანაა გააჩუმოს, ერთი მხრივ, საკუთარი ჯარისკაცები, სასულიერო პირები და, მეორე მხრივ, მედიაში როგორმე მოკვდეს ეს თემა – ეკლესიის პრობლემების განხილვა”, – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, რომლის თქმითაც, ამ სხდომამ პირველი მიზანი უკვე შეასრულა, მეუფე პეტრე შეეცდება აღარ ილაპარაკოს და ახლა მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, მედიაც გაჩუმდება თუ არა.

თეოლოგების თქმით, წესით, სინოდის სხდომის მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ეკლესიაში არსებული შესაძლო დიდი კორუფცია, ნარკოტიკების რეალიზაციაში ჩართული სასულიერო პირები თუ სხვა დანაშაულებების გამოკვლევის აუცილებლობა.ასევე ის, როგორ და ვის მიერ ხდება ისეთი სასულიერო პირების კურთხევა, რომლებიც ამ ხარისხს არ შეესაბამებიან თავიანთი მოძველბიჭო, მომხვეჭელური აზროვნება-მეტყველებით, რაც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო თვალნათლივ აჩვენა, მაგრამ სინოდის განჩინებიდან გაირკვა, რომ არც ერთი ამ საკითხის განხილვა არც მომხდარა და ეს საგანგებო სხდომა მხოლოდ მამხილებელი მიტროპოლიტის დასასჯელად შეიკრიბა.

პირველი გაფრთხილება მიტროპოლიტ პეტრეს

47 მღვდელმთავრიდან მეუფე პეტრე ერთადერთი იყო, ვინც სინოდის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა და როგორც აღმოჩნდა, ეკლესიის შიდა პრობლემების მხილებაში 46 ეპისკოპოსიდან მას მხარი არც ერთმა არ დაუჭირა, ანუ მეუფე პეტრე ყველამ ერთხმად უარყო. „უწმინდესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიაში უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა ვინმე სხვამ, ჯერ არ ვიცი, ვინ… მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე“, – განაცხადა მეუფე პეტრემ. მისი თქმით, სინოდის სხდომაზე მისი ბოლოდროინდელი აქტიურობის გამო უსაყვედურეს და “სამართალი იყო მიკერძოებული”, რადგან არსებულ პრობლემებში მისი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი პრობლემა. „არის ასეთი სიბრძნე, თუ ადამიანმა დაკარგა თანამდებობა, არაფერი არ დაუკარგავს. თუ დაკარგა ფული ან ქონება, არაფერი არ დაუკარგავს. თუ ადამიანმა დაკარგა ჯანმრთელობა, არა უშავს, შეიძლება დიდხანს იცოცხლოს. მაგრამ თუ დაკარგა მადლი, ყველაფერი უკვე დაკარგული აქვს. ამას თვითონ უწმინდესი ქადაგებს ხშირად, მე ვცდილობ, მადლი არ დავკარგო, დანარჩენი არ არის პრობლემა”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა. მან ჟურნალისტებთან თქვა ისიც, რომ საეკლესიო წესების შესაბამისი გაფრთხილება მიიღო და ეს გაფრთხილება პირველია მისთვის. ასევე მას ურჩიეს, არ ისაუბროს მედიასთან და სჯობს “მოერიდოს” და ამ ეტაპზე “თავს შეიკავებს”. “შემდეგში კი, ქვეყანას როგორც დასჭირდება, ისე გავაკეთებ”, – დასძინა მეუფე პეტრემ.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრები ტრაპეზზე შეიკრიბნენ, მიტროპოლიტი პეტრე კი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ შენობაში მივიდა, სადაც მას თანამშრომლების ნაწილი ფოიეში ელოდებოდა. მოგვიანებით კი, თანამშრომლებმა საჯარო ერთობლივი განცხადებით პატრიარქს თხოვნით მიმართეს, მეუფე პეტრეს დატოვოს დირექტორად.

სინოდის გადაწყვეტილება

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოდან გამოსულმა ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადებიდან გახდება ცნობილი, რომელიც მალე გამოქვეყნდება და დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს. მან თქვა, მხოლოდ ის, რომ “სინოდმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო” და წინააღმდეგი არავინ ყოფილა. “თქვენ თუ გგონიათ, ძალიან ნიჭიერები ხართ და ისეთ შეკითხვებს მისვამთ, რომ რაღაცას მათქმევინებთ, ძალიან ცდებით, თქვენზე მეტი გამოცდილებაც მაქვს და თქვენზე მეტადაც ვიცი საქმის არსი”, – განაცხადა მეუფე ანტონმა. საუბარი არც სხვებმაც არ ისურვეს და ჯიპებში კომენტარის გარეშე ჩასხდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის დაწყებამდე განცხადებები უფრო მეტი იყო.

საგულისხმოა ისიც, რომ სხდომიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე მღდელმთავარმა თქვა, რომ “ციანიდის საქმეზე” მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა საღამოს გამოქვეყნდა წმინდა სინოდის სხდომის განჩინება, სადაც აღნიშნული იყო, რომ სხვა საკითხებთან ერთად მეუფეებმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სს საქმის თაობაზეც იმსჯელეს და სინოდი გამოძიებას ენდობა.

განჩინების მიხედვით, მთავარი თემა იყო ის, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და არის ცილისწამება.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ პატრიარქმა ილია ||-მ მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები, რაზეც სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს.

„მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის მომტანი როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის”, – ნათქვამია განჩინების ტექსტში. განჩინების თანახმად, მიტროპოლიტი პეტრე შეეცადა თავისი პოზიციების დაცვას და მღვდელმთავრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. მიეცა გაფრთხილება და ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს.

რა იქნება, მეუფე პეტრე თუ არ გაჩერდება

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილის განცხადებით, სინოდის სხდომის მთავარი მიზანი იყო მეუფე პეტრე გაეჩერებინათ და ეს მიზანი მიღწეულია, მიტროპოლიტის განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ის გაჩერდება – “მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, პროცესები ჩაფარცხვისკენ მიდის”. ხოლო თუკი გააგრძელებს მიტროპოლიტი კრიტიკას, მას შეიძლება პრობლემები საკუთარ ეპარქიაში შეუქმნან და, მაგალითად, სალხინოს რეზიდენციით სარგებლობის უფლება აეკრძალოს კიდეც. ასევე ეპისკოპოსობა დაუტოვონ, მაგრამ მიტროპოლიტის ხარისხი ჩამოართვან.

“რაც ყველაზე ცუდია, მეუფე პეტრეს ვეტო დაადო სინოდმა. სინოდის ოქმი კანონიკური ოქმია და მისი დარღვევა უკვე საეკლესიო სასჯელს ექვემდებარება. მისი დასჯისკენ წინ წაიწიეს. თუ მის დასჯას კანონიკური სამართლით გადაწყვეტენ, ამისთვის სინოდი ისევ რიგგარეშედ შეიკრიბება, ხოლო თუ ქონების წართმევაზე იქნება, ამას სინოდი არ სჭირდება. შესაძლოა, საპატრიარქომ განაცხადოს, რომ რეზიდენცია პატრიარქის ძალისხმევით აშენდა და მეუფე პეტრეს არ აქვს მისით სარგებლობის უფლება. ისე, როგორც რამდენიმე დღის წინ აბაშის გამგეობამ ჩამოართვა წლების წინ გადაცემული “ნივა”, რაც ძალიან კომიკური იყო. დაბალი ტიპის ფუნქციონერმა ჩათვალა, რომ მეუფე აღარ არის კარგი კაცი, რადგან პატრიარქის წინააღმდეგ რაღაც თქვა”, – აცხადებს მირიან გამრეკელაშვილი. მისი თქმით, ის, რომ მეუფე პეტრეს სინოდზე მხარი არავინ დაუჭირა, ეს მოსალოდნელი იყო.

„მეუფე პეტრემ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი მიაბა დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეს, რომლის უდანაშაულობასაც ამტკიცებს. თუმცა სინოდის სხდომის წინა დღეს პროკურატურამ გამიზნულად გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი, სადაც დეკანოზის დამნაშავეობის სამხილი არ ჩანს, მაგრამ ჩანს, რომ ის მთლად პირნათელი ადამიანი არ არის და ამ გამიზნულად გავრცელებულმა ვიდეომ დააბნია სინოდის წევრები”, – მიიჩნევს მირიან გამრეკელაშვილი. მისი განცხადებით, პრობლემაა ის, რომ პატრიარქის წარმოდგენით ყველაფერი შესანიშნავადაა, მის დროს ეკლესია აყვავდა და ამ ილუზიის დარღვევას ვერავინ ვერ გაბედავს. ამიტომაც არ მიეცა მეუფე პეტრეს საკუთარი განცხადებების დოკუმენტური ანგარიში წარედგინა, რადგან ეს ეკლესიის რეორგანიზაციას აშკარას გახდიდა და გამოსავალი სინოდმა მის დასჯაში იპოვა და არა პრობლემატიკის განხილვაში. ამ ყველაფრის შემდეგ კი უფრო ცუდი შედეგი მივიღეთ.

“მეუფე პეტრე შეწყვეტს საუბარს, ეკლესია უფრო ჩაიკეტება, პატრიარქი კი შეეცდება ერთპიროვნული მმართველობის მოდელი უფრო გაამყაროს, თუმცა ამ ყველაფრის ბოლო ტალღა იქნება, როდესაც გამოძიება დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით ბოლო დასკვნებს დადებს. აქ შესაძლებელია საპასუხო რეაქცია ჰქონდეს ეკლესიას. ახალ პატრიარქამდე არაფერი შეიცვლება, რადგან მოქმედი პატრიარქის კარიერა აგებულია დათქმაზე და შეთანხმებაზე, რომ ჩვენ ვბრწყინდებით, ვაშენებთ ტაძრებს, ვაკურთხებთ მღვდლებს, ვშოულობთ ჯიპებს და ფულს. თუმცა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ვინც უნდა მოვიდეს, უნდა ველოდოთ იმას, რომ ეკლესია მრევლის დიდ რაოდენობას დაკარგავს”, – დასძენს გამრეკელაშვილი.

რეზონანსი“, 10 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „საქმე გვაქვს პატრიარქის ლიკვიდაციის მომზადებასთან“ // „პროკურატურა დეკანოზის უკან მდგომ პირებზე გასვლას ერიდება

ნინო ქეთელაური

„სავარაუდოდ, პროკურატურა დეკანოზის უკან მდგომ პირებზე გასვლას ერიდება, რაც უფრო რთული “ქეისია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს. იგი განმარტავს, რომ ე.წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ეპიზოდები საკმაოდ ნათლად აჩვენებს, რომ “საქმე პატრიარქის ლიკვიდაციის მომზადებასთან გვაქვს”.

არჩილ გამზარდია: ის, რომ ეს ვიდეოები ფრაგმენტებია, პროკურატურამ 3-ჯერ გაიმეორა და განმარტა, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რისი გასაჯაროებაც ამ ეტაპზე ხელს არ შეუშლის გამოძიებას. რაც შეეხება მონტაჟს, იქ არის საკმარისი ეპიზოდები და პროცესის აღსაქმელად სავსებით დამაჯერებელია. ვიდეოში ჩანს პირი (ამ შემთხვევაში დაკავებული დეკანოზი), რომელიც საუბრობს რაღაც გეგმის შესახებ, სადაც მას პირადი დაინტერესება აქვს და ის ამ პროცესში მარტო არ არის, მის უკან არიან გარკვეული ადამიანები. ის ეძებს რაღაც ნივთიერებას, ამ შემთხვევაში ციანდიზე არის მსჯელობა, რომლის შეძენაც უნდა, რათა საკვებში შეურიოს და გადასცეს ისეთ პირს, რომელთანაც მას შეხება აქვს. ირკვევა ისიც, რომ ეს შხამი ტკბილ პროდუქტთან ნეიტრალდება და საუბარია იმ პირზე, რომელიც არ ეტანება ტკბილს. ეპიზოდებში ისიც კარგად ჩანს, რომ დაკავებულ დეკანოზს არ აქვს რამეს დადგენის შიში და ეს უნდა იყოს სიკვდილი, რომელიც ბუნებრივად ჩაითვლება. მე ვფიქრობ, ეს ეპიზოდები საკმაოდ ნათლად აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს პატრიარქის ლიკვიდაციის მომზადებასთან.

რაც შეეხება კიდევ ერთ ეჭვს, რომ ამის ჩამწერი პროვოცირებდაო, ნებისმიერმა ჩვენგანმა რა ტიპის პროვოცირებით შეიძლება გამოვთქვათ ის გეგმები და ინტერესები, რაც არ გაგვაჩნია?! ამიტომ ჩემთვის ეს ორი საზომი, მონტაჟისა და პროვოცირების შესახებ, ძალიან ხელოვნურად მოტანილია. თავიდან იყო საუბარი, რომ თითქოს ციანიდი საერთოდ არ არსებობდა. შემდეგ მიტოპოლიტმა პეტრემ თქვა, რომ ხატისთვის სჭირდებოდაო, მერე გაირკვა, რომ არც ხატწერისთვის უნდოდა და ციანიდი მართლაც არსებობდა. ამ ეტაპზე, დაცვის მხარე ცდილობს, რომ ტექნიკურ და პროცედურულ დეტალებზე ედავოს პროკურატურას. ხოლო იქ, სადაც სადავოა, რა თქმა უნდა, პროკურატურამ უნდა იდავოს და გასცეს შესაბამის კითხვებს პასუხები. მათ შორის იმასაც, თუ ვისგან შეიძინა ციანიდი, იმ ადამიანს რატომ ვერ მიაგნეს, თუ მიაგნეს, რატომ არ არის ის მხილებული და ა.შ.

- როგორ ფიქრობთ, პროკურატურა რატომ არ აკეთებს აქცენტს შესაძლო მის უკან მდგომ პირებზე?

- პირადად მეც მოვითხოვე, რომ საქმის კვალიფიკაცია გადავიდეს პატრიარქის მკვლელობის მომზადების ნაწილში და დაკავებული პირი დაიკითხოს უკვე იმაზე, თუ ვის გულისხმობს, როდესაც მრავლობითში საუბრობს და გარეული არიან თუ არა ამ საქმეში ის პირები, ვისი სახელები და გვარებიც მთელი ეს დრო ფიგურირებდა. იგივე პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ასევე, მიტროპოლიტი დიმიტრი, მიტროპოლიტი პეტრე, იგივე მიტროპოლიტი ანდრია, ან გერასიმე, რომელზეც იყო ეჭვები პატრიარქის ვიდეორგოლის მონტაჟთან დაკავშირებით. ამ პროცესში საქმე უნდა გადავიდეს უფრო არსებით ნაწილზე, ვიდრე დაკავებული პირისთვის ბრალის დაზუსტებაზე.

- როგორ ფიქრობთ, თუ შორენა თეთრუაშვილზე არ არის საუბარი, მაშინ რატომ არ ხდება საქმის გადაკვალიფიცირება?

- შორენა თეთრუაშვილის ფაქტორიც შეიძლება იყოს, როგორც ხელისშემშლელი პირი. ეს შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი, ვინც პატრიარქს მუდმივად ახლავს. მე ვფიქრობ, პროკურატურას ახლა იმიტომ არ გადააქვს საქმის კვალიფიკაცია, რომ ამ შემთხვევაში დეკანოზის უკან მდგომ მღვდელმთავრებზე უნდა გავიდეს. აი აქ უკვე კითხვის ნიშანი ჩნდება იმაზე, თუ რატომ იკავებს თავს პროკურატურა ამისგან.

ბუნებრივია, ნებისმიერი კადრის მიუხედავად, ეს ბრალეულობა სასამართლოზე უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ის, რომ დაკავებული დეკანოზი ამზადებდა კონკრეტული პირის ლიკვიდაციას და რომ შორენა თეთრუაშვილი მისი ხელიდან საჭმელს არ იღებდა, პატრიარქისგან განსხვავებით, ესეც ფაქტია. ამიტომ, პროკურატურა რას ელოდება და კვალიფიკაციას რატომ არ ცვლის – მე ასეთი ვერსია მაქვს, რომ პროკურატურა დეკანოზის უკან მდგომ პირებზე გასვლას ერიდება, რაც უფრო რთული “ქეისია” ვიდრე დეკანოზზე გასვლა. ამიტომ, პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და, საქმის უფრო რთულ რანგში გადავიდეს, სადაც შესაძლოა არაერთი მღვდელმთავარი აღმოჩნდეს პროცესის არამხოლოდ ფიგურანტი, არამედ მონაწილე.

თუ პროკურატურამ კვალიფიკაცია არ გადაიტანა, მაშინ შესაძლოა უფრო მეტი ეჭვი გაჩნდეს პროკურატურასა და შესაბამის მაღალ იერარქიის სასულიერო პირებს შორის ურთიერთგარიგების შესაძლებლობაზე. თუ დადასტურდა, რომ დაკავებული დეკანოზი ვინმეს ლიკვიდაციას ამზადებდა და მაღალი ალბათობით ეს პატრიარქი იყო, ვერავინ დაგვარწმუნებს, რომ დეკანოზის უკან სინოდის გარკვეული წარმომადგენლები არ იდგნენ.

- იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში, გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ საქმე ფინიშამდე მივა და კითხვებიც გაქრება?

- მე ვფიქრობ, ვიდეო თავიდან ბოლომდეც რომ აჩვენონ, კითხვები მაინც იქნება, რადგან გარდა ჩვეულებრივ დაინტერესბული ადამიანებისა, არსებობს მოტივირებული მხარეებიც, ვგულისხმობ პოლიტიკურს. მაგრამ, ბუნებრივია, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, არსებით დონეზე მაინც, იგივე პროცედურულ დარღვევებზე, უსაფრთხოებაზე, მის გადაყვანაზე და ა.შ. თუნდაც ის კითხვა, რაც თქვენც გაგიჩნდათ, თუ რატომ არ გადააქვს პროკურატურას კვალიფიკაცია და ა.შ. ამ ყველაფერზე პროკურატურამ უნდა უპასუხოს.

თავის მხრივ, საზოგადოებაც არ უნდა გაჩერდეს და პროკურატურას კადრების არსებითი ნაწილის გასაჯაროვება უნდა მოსთხოვოს. მას მერე, რაც დეკანოზი დაიკითხება, კადრებიც სრულად უნდა გასაჯაროვდეს, ეს რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს. არის მოარული ხმები, რომ ეს არის ბევრად უფრო რთული და მძიმე, ვიდრე ახლა ჩანს.

რეზონანსი“, 10 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ეს საქმე საპატრიარქოს და ეკლესიის ძირგამოსათხრელად იყო დაგეგმილი, რაც მიღწეულია“ // „ეს არის შეთითხნული საქმე

ელზა პაპოშვილი

იურისტ ლია მუხაშავრიას განცხადებით, იმისთვის, რომ პროკურატურამ საზოგადოება დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობაში დაარწმუნოს, გამოქვეყნებული ფარული აუდიოჩანაწერი საკმარისი მტკიცებულება არ არის. მისი აზრით, ეს საზოგადოების უპატივცემულობა უფრო არის, რადგანაც ამ ფარულმა აუდიო და ვიდეო ჩანაწერმა არ დაარწმუნა იმაში, რომ დეკანოზი ნამდვილად ვინმეს მოკვლას აპირებდა, მით უმეტეს მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირის. მას საქმის ირგვლივ უფრო მეტი კითხვა დაებადა, ვიდრე აქამდე ჰქონდა.

- პროკურატურამ .. ციანიდის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ფარულად არის ჩაწერილი. რა სამართლებრივ შეფასებას მისცემთ?

- სამწუხაროა, როდესაც ამხელა რეზონანსის მქონე საქმის ირგვლივ პროკურატურა ასეთი სახის მტკიცებულებებს აქვეყნებს. იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ნამდვილად ჰქონდა ადამიანის მოკვლის მცდელობა, მხოლოდ ასეთი მტკიცებულების წარმოდგენა ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ნამდვილი იმედგაცრუება იყო. ეს საზოგადოების უპატივცემულობა უფრო არის, რადგანაც ამ ფარულმა აუდიო და ვიდეო ჩანაწერმა არ დამარწმუნა, რომ დეკანოზი ნამდვილად ვინმეს მოკვლას აპირებდა, მით უმეტეს მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირის. უფრო მეტი კითხვა დამებადა, ვიდრე აქამდე მქონდა. თუმცა ეს გასაკვირი არ არის, რადგანაც მივეჩვიეთ, რომ პროკურატურა არაკვალიფიციურად მუშაობს. საქმე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ყურადღების საგანი ხდება და საზოგადოებას განცხადებებით მიანიშნებს, რომ შესაძლოა პატრიარქის მკვლელობაც კი იგეგმებოდა, ცოტა ნება უნდა იბოძო და ამაში დასარწმუნებლად უფრო სარწმუნო მტკიცებულებები წარმომიდგინო. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დეკანოზი ხუმრობს.

- როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ პროკურატურას დღემდე არ აქვს დადგენილი, საწამლავიციანიდი“, რომლითაც ის მდივან-რეფერანტის მოწამვლას გეგმავდა, სად და ვისგან შეიძინა. თუ ადამიანზე ოპერატიული თვალთვალი მიმდინარეობდა, პროკურატურამ ამის დადგენა რატომ ვერ შეძლო?

- ასეთი მასშტაბის დანაშაულს თუ ასე იძიებენ, საქმე მართლა კარგად გვქონია. მეჩვენება, რომ აქ ორმაგი აგენტის საკითხი დგას. ერთი, როდესაც პირი ამ ფარულ ჩანაწერს აკეთებს და პირი, რომელმაც მამა გიორგი მამალაძეს “ციანიდი” მიჰყიდა. მთელი ერთი თვის განმავლობაში პროკურატურამ ეს ჯერ კიდევ თუ ვერ დაადგინა, აბა რას იძიებენ? ვისგანაც ეს ნივთიერება შეიძინა, ის ადამიანი იქნებოდა საქმის უტყუარი მოწმე, რომლის შემდეგაც ამდენი კითხვები აღარ იქნებოდა. ამ მასალის გამოქვეყნების პარალელურად პროკურატურა გვეუბნება, რომ ჯერ ის პირი ვერ დაადგინეს, ვისგანაც “ციანიდი” იყიდა. უკაცრავად და, მაშინ ხელფასს რაში იღებენ? ამდენი ხანი რას აკეთებდნენ?

- შესაძლოა ვიფიქროთ, რომ პროკურატურაც შეცდომაშია შეყვანილი და ოპერატიული თვალთვალის შედეგად მათ ის მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს, რაც დეკანოზის დანაშაულს დაამტკიცებდა?

- მე რომ ვთქვა, რომ პრეზიდენტის მოკვლას ვაპირებ და ეს ვიღაცამ ფარულად ჩაწეროს, მერე რა? ამიტომ პასუხისგებაში უნდა მიმცენ? ამას სხვა მტკიცებულებები არ სჭირდება? იმ საუბრიდან ჩანს და მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ დეკანოზი მამალაძე მაღალი სასულიერო იერერქიის მქონე პირის მოკვლას აპირებდა? ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არ ჩანს. თუ უფრო მეტი მტკიცებულებები აქვთ და მალავენ, მაშინ ამის გამოქვეყნებას აზრი არ ჰქონდა. ხოლო თუ მხოლოდ ეს აქვთ, მაშინ ეს უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ასეთი საუბარი ნებისმიერ ორ ადამიანს შორის შეიძლება გაიმართოს, მაგრამ ეს მკვლელობის მომზადებას არ ნიშნავს.

თუ ადამიანს უთვალთვალებ, უსმენ და ამის მეტი ვერაფერი მოიპოვე, რა უფლება გაქვს გამოხვიდე და თქვა, რომ ქვეყანა დიდ ტრაგედიას გადაარჩინე? მეჩვენება, რომ ეს არის შეთითხნილი საქმე, რომელთა მტკიცებულებების ერთობლიობა, სასამართლოში უტყუარ სამხილად ვერ გამოდგება. თუ ასეთი მტკიცებულებები ჰქონდათ და კვალზე მისდევდნენ, მიეცათ ნება, ჩასულიყო გერმანიაში და ფაქტზე დაეკავებინათ. ამდენი კითხვები ხომ კიდევ არ იქნებოდა. მე მგონია, რომ ეს საქმე საპატრიარქოს და ეკლესიის ძირის გამოსათხრელად იყო დაგეგმილი, და ეს მიზანი მიღწეულია.

- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი-2-ის საქმის ირგვლივ ელოდით თუ არა და როგორ შეაფასებთ 9 ქართველი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებმაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა?

- მე მგონი, ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ გასაჯაროვებულა, რომ წავიკითხოთ, ამ ადამიანებმა რაზე დაყრდნობით მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ამიტომ ჩემი მხრიდან მათი საქციელის შეფასება ცოტა რთული იქნება.

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, როდესაც 39-ე წესი ამოქმედდება, ამ ღონისძიების განხორციელება ასე მარტივად არ ხდება. რა თქმა უნდა, რომ ეს გადაწყვეტილება გაგრძელდებოდა. ევროსასამართლომ 8 მარტამდე დრო საქართველოს ხელისუფლებას მისცა, რათა მას ჰქონოდა შანსი, რომ თავისი განმარტება წარედგინა, რათა ამ ღონისძიების გაუქმების შესაძლებლობა ყოფილიყო. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ ეს შანსი ან არ გამოიყენა, ან კიდევ ისეთი არაპროფესიონალურად გააკეთა, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეების დარწმუნება ვერ შეძლო.

ევროსასამართლო ყველაზე სერიოზულად მედიამასალებს ეკიდება და როგორც ჩანს, „რუსთავი-2“-მა სწორედ ასეთი მასალების კრებული გაუგზავნა, რაც ყველაზე მყარი მტკიცებულებები აღმოჩნდა. ჩვენი სასამართლო და მოსამართლეები კანონს ძალიან ვიწრო კუთხით უყურებენ და სასამართლოში ქიბარ ხალვაშის დარღვეული საკუთრების უფლება განიხილებოდა, მაშინ როცა ევროსასამართლო საქმეს ფართოდ განიხილავს. სტრასბურგის სასამართლოსთვის ჩვენი მაყურებლის უფლება, მიიღოს ის ონფორმაცია, რომელსაც „რუსთავი-2“ აწვდის, პრიორიტეტული აღმოჩნდა.

- გაკეთდა განცხადებები, რომ ევროსასამართლომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სუვერენიტეტი შელახა. თქვენ რას იტყვით ამაზე?

- არ ვფიქრობ, რომ ევროსასამართლომ საქართველოს სუვენერიტეტი შელახა. პირიქით, მათ ჩვენს მთავრობას ხუთი დღე მისცეს და ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს, რათა ხელისუფლებას თავისი არგუმენტები წარედგინა, რაც ფაქტია, რომ ვერ შეძლო.

რეზონანსი“, 10 მარტი, 2017 წელი

უცნაური სიხარულიპოლიტიზებულირუსთავი-2“-ის თემის ირგვლივ

სალომე სარიშვილი

„რუსთავი-2“-ის საქმეზე საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების ვნებათაღელვა ისევ არ ცხრება – მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ტელეკომპანიის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა, მმართველი გუნდისა და სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან აღნიშნულზე განსხვავებული შეფასებები კეთდება. გუშინ კი ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებების გაკეთება თავად უმრავლესობის წევრებსაც კი მოუწიათ. ოპოზიციაში კი მმართველი გუნდის შეფასებებს იაფფასიანი ტყუილი უწოდეს და მოქალაქეების შეურაცხყოფად მიიჩნიეს.

ცნობისთვის: რუსთავი-2-ის თემას იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას პრემიერი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რუსთავი-2-ის საქმე ორ კერძო სუბიექტს შორის დავა იყო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც ეს საქმე ამ ჭრილში გაგრძელდება. ეს საკითხი თავიდანვე იყო გაზვიადებული და პოლიტიზებული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესია, რომელშიც ამჟამად პროცესუალურად საქართველოს იუსტიციის სამინისტროა ჩართული.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, გუშინ ამ თემაზე კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უცნაური სიხარული, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს შორის შეინიშნება, მალე დასრულდება. ზუსტად ამ კომენტარს მოჰყვა გუშინ ერთგვარი გაღიზიანებაცა და მმართველი გუნდის სხვა დანარჩენი წევრების მხრიდან დამატებითი განმარტებების გაკეთებაც. “რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში და გარკვეულ ჯგუფებს შორის შეინიშნება, მერწმუნეთ, რომ მომდევნო თვეში ეს ყველაფერი დასრულდება. ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, საქართველოში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არანაირი უკუსვლა არ იქნება. “ჩვენ გვაქვს გაცილებით კარგი მდგომარეობა, ვიდრე საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ჰგონიათ. გვაქვს 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე ვიზალიბერალიზაცია. იწყება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და გველოდება გადატვირთული ტურისტული სეზონი, რომელიც კიდევ უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას. ეს არის ის მოცემულება, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში”, – აღნიშნა მან.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით ვერანაირი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობას ვერ შეცვლის. “ვერანაირი ჩარევა ამ სფეროში ვერ მოხდება და, ბუნებრივია, შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიღებულიყო, მე არ ველოდები ამ მიმართულებით რამე ცვლილებას. ყველა ჟურნალისტი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს დამოუკიდებლად პროფესიულ საქმიანობას. საქართველოს სჭირდება ობიექტური მედია. მედია, რომელსაც აქვს მაღალი სტანდარტები. ხელისუფლებას სჭირდება კრიტიკული მედია, რომ გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რაც მის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს. საქართველოს არანაირი უკუსვლა არ ექნება მედიის თავისუფლების თვალსაზრისით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ამ განცხადებას, გუშინვე გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის სხვა დეპუტატები და მისი განცხადების შინაარსი განმარტეს. ზოგიერთმა ისიც კი თქვა, რომ არჩილ თალაკვაძის განცხადება არასწორად იქნა აღქმული და ამასთან, ის ინტერპრეტირებულიც იყო.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, არავინ იცის დასრულდება თუ არა მომავალ თვეში სტრასბურგის სასამართლოში “რუსთავი 2″-ის საქმის განხილვა. მისივე განცხადებით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იუსტიციის დასაშვებობის საკითხი მარტის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. მსგავსი ინფორმაცია მომავალ თვეში დასრულდება თუ არა, არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასე არ უნდა აღქმულიყო ეს განცხადება, მგონია, რომ თქვენი ინტერპრეტაციაა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და თვის ბოლომდეა ვადა, როდესაც დასაშვებობის საკითხი უნდა გადაწყდეს, შესაძლებელია იყოს ამაზე საუბარი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„რუსთავი-2“-ის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადება გუშინ პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება – მწვანეების თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გაბუნიამაც შეაფასა და თქვა, რომ არჩილ თალაკვაძე ბუნებით დემოკრატია და ის მედიას ამ განცხადებით თავს არ დასხმია.

„რუსთავი-2“-ის ირგვლივ უცნაური სიხარული შეიცვლება, არ ნიშნავს „რუსთავი-2“-ის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას. ბევრი განცხადება კეთდება „რუსთავი-2“-ის ირგვლივ და მათ შორის ყველა გაზიარებული ვერ იქნება. ასე რომ, ნუ მიიღებთ ამას, როგორც თავდასხმას. ასეთი განზრახვა არც იმ განცხადებაში არ იკითხება”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ და იქვე დასძინა, რომ თალაკვაძის განცხადება მაღალი ეკონომიკური მაჩვენებელის შესახებ რეალურია და ეს ასეა. მმართველი გუნდის განცხადებებს

მწვავე კრიტიკა მოჰყვა გუშინ როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ისე სამოქალაქო სექტორში. “რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარე

ხათუნა სამნიძემ მმართველი გუნდის ლიდერების მიერ „რუსთავი-2“-ის საქმეზე გაკეთებული განცხადებები ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართულ შეფასებად მიიჩნია და თქვა, რომ “ეს არის მდარე, იაფფასიანი ტყუილი და შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოქალაქეებს.” ხათუნა სამნიძის თქმით, ევროპამ ხელისუფლებას არაერთი გაფრთხილება მისცა, თუმცა მმართველი ძალა ამ მიმართვებს ყურადღებას არ აქცევს.

“იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ საღი გონებით წაიკითხოს ეს მიმართვები, აღიქვას ეს რეალურად და არა ისე, როგორც აბსოლუტური ძალაუფლების ხიბლში ჩავარდნილი ხელისუფლების გონებით, საღად შეხედოს ამ პროცესს. პრემიერ-მინისტრისგან გვესმის აბსოლუტურად დროში აცდენილი განცხადება, რომ დავა არის ორ სუბიექტს შორის, ის დარჩა წარსულში. გვესმის სპიკერის მხრიდან, უმრავლესობის მხრიდან მდარე, იაფფასიანი, შეურაცხმყოფელი განცხადებები, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ თურმე „რუსთავი-2“ საქართველოს, სახელმწიფოს ებრძვის”, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ამგვარი განცხადებები ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად მიზანმიმართულ ქმედებაა. სამნიძე მიიჩნევს, რომ მმართველმა გუნდმა კარგად იცის, როგორ, რა სახელით განიხილება სტრასბურგის სასამართლოში დავები.

“ინდივიდები იმარჯვებენ სასამართლოში, მაგრამ ამ ადამიანებს არ უწოდებენ სახელმწიფოს მოღალატეებს. ისინი იგებენ სასამართლოში დავას იმიტომ, რომ ისინი დაჩაგრა იმ ქვეყნის ხელისუფლებამ”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ. რესპუბლიკელის აზრით, „რუსთავი-2“-ის დახურვა ბიძინა ივანიშვილის აკვიატებაა.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნიკა რურუას შეფასებით კი, მთავრობის მეთაურის და ამ შემთხვევაში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება არა მხოლოდ უსაფუძვლო, არამედ არაადეკვატურიც იყო: „უბრალოდ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს აბსურდულობას იმ მოდელის მმართველობის, რომელიც ოლიგარქმა მოახვია ქვეყანას. არ არსებობს არანაირი დემოკრატიული ანგარიშვალდებულება”, – განაცხადა ნიკა რურუამ. იგი გუშინ უმრავლესობის ლიდერის განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “მას ეს წამოსცდა და შემდეგ შეეცადა ამის გადღაბნას, რაღაცნაირად სხვა თემებზე გადატანას“. „მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეტევები „რუსთავი-2“-ზე დამთავრდა. ეს აუცილებლად გაგრძელდება. ოლიგარქი ვერ მოისვენებს მანამ, სანამ თავისას არ გაიტანს”, – განაცხადა ნიკა რურუამ.

საგულიხმოა, რომ გუშინ ტელეკომანიის თემაზე განცხადება საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემაც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საქართველო დღეს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში წარმატების საუკეთესო მაგალითად განიხილება და დასანანი იქნება თუ ქვეყნის იმიჯი დაზარალდება. „ისევე, როგორც 2007 წელს საერთაშორისო საზოგადოება, ევროკავშირით დაწყებული, გვერდით ედგა ტელეკომპანია „იმედს“, დღეს, ჩვენ ვდგავართ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ მედიაპლურალიზმი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ელჩმა.

დიპლომატის განცხადებით, აზრის გამოხატვის და მედიის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია:

„რუსთავი-2“-ის შესახებ, ჩვენ გასულ კვირას ვნახეთ საელჩოების განცხადებები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ საქართველოს სურს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება. ვფიქრობ, მესიჯი მკაფიოა: ჩვენ გვსურს გადავცეთ ის მესიჯი, რომ საქართველო დღეს განიხილება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში წარმატების საუკეთესო მაგალითად და დასანანი იქნება, თუ საქართველოს იმიჯი დაზარალდება, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველო დარჩება დემოკრატიულ ქვეყანად, რომელიც ყოველდღიურად გააუმჯობესებს ამ სტატუსს”, – განაცხადა პასკალ მენიემ.

რეზონანსი“, 10 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ხელისუფლებას უნდა, კრიტიკული მედიის რაოდენობა ნულამდე დაიყვანოს“ // „ასეთი ტიპის ქმედებას აუცილებლად ექნება უკურეაქცია

გვანცა ღვედაშვილი

„21-ე საუკუნეში საქართველოს ტიპის ქვეყანაში რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ხელოვნურად აცხოვრო მოსახლეობა შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეში. ხელისუფლება შეცდომებს უშვებს მედიასთან მიმართებაში, რადგან ასეთი ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოჰყვება უკურეაქცია, რაც კარგად გამოჩნდა “იმედის” დახურვის დროს”, – აღნიშნული შეფასება “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ “რეზონანსთან” საუბრის დროს გააკეთა.

- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რუსთავი-2-ის საქმესთან დაკავშირებით, მიუთითებს თუ არა, რომ რეალურად არსებობს პოლიტიკური ინტერესი?

- პოლიტიკური პროცესი რომ არის, ამაზე, მგონი, ორი აზრი არ არსებობს. „რუსთავი-2“ არის სიმპტომი, რომელიც ამ პრობლემას აჩვენებს. ამხელა ამბავი არ ატყდებოდა, სხვა სიღრმისეული პრობლემები რომ არ არსებობდეს. პირველი – ეს არის ის, რომ ქვეყანაში რეალურად არ არის მედიის თავისუფლება. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა პოლიტიკური გადაცემები: ჯერ იმედზე “რეაქცია”, შემდგომ “მაესტროზე” დაიხურა ყველა პოლიტიკური გადაცემა, რაც ის “იმედმა” იყიდა. “ჯიდიესიც” მის ხელშია და ახლა პირველ არხზეც ვუყურებთ თუ რა ხდება. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში არის მედიის თავისუფლების პრობლემა, თორემ ზოგადად რომ ყვაოდეს სიტყვის თავისუფლება და ჩვენც სხვა არხებზე ვუყურებდეთ პოლიტიკურ დებატებს, თოქ-შოუებს და ა.შ. “რუსთავი 2″-ის საკითხი ასეთი აქტუალური აღარ იქნებოდა.

ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, მედიასთან მიმართებაში, რადგან ასეთი ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოყვება უკურეაქცია, რაც კარგად გამოჩნდა “იმედის” დახურვის დროს. 21-ე საუკუნეში საქართველოს ტიპის ქვეყანაში რთულად წარმომიდგენია, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურად აცხოვრო მოსახლეობა შეზღუდულ საინფორმაციო სივრცეში. „რუსთავი-2“-იც რეალურად არ არის თავისუფალი ტელევიზია, ის უფრო თავისუფლების იმიტაციაა და თუ „რუსთავი-2“-იც არ იქნება, ეს ხელისუფლებას შესაძლოა ცუდად შემოუტრიალდეს.

- როგორ შეაფასებდით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მედიაომბუდსმენის შექმნასთან დაკავშირებით?

- ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომელიც პრემიერის ინიციატივის შეფასებების დროს გამოთქვეს – ეს არის სიმპათიური ბრეჟნევი, რომელსაც ყველა საკითხზე ერთმანეთზე უაზრო ინიციატივები აქვს. გახსოვთ, საბჭოთა პერიოდში რაც უნდა მომხდარიყო, ერთადერთი ფრაზა იცოდა ქვეყნის ხელმძღვანელობამ, რომ უნდა შექმნილიყო კომისია – სხვა არაფრის გამკეთებლები არ ყოფილან. ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნება თუ ჯგუფი, ამაში კი არ არის საქმე, არამედ იმაში, თუ რამდ?ენად არის ხელისუფლება მზად, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია შეიქმნას.

ეს ყველა ხელისუფლებას უჭირდა, თუმცა მდგომარეობა უფრო მძიმდება, თუ შევარდნაძის დროს იყო 5 არხი დამოუკიდებელი, სააკაშვილის დროს ასეთი 2-3 იყო და ახლანდელ ხალისუფლებას უნდა, რომ საერთოდ ნულამდე დაიყვანოს ეს რიცხვი.

- როგორ შეაფასებდით პარლამენტის თავჯდომარის განცხადებას, რომლის თქმითაც, თუ მარგველაშვილი “კარგად არ მოიქცევა”, შესაძლოა, უკვე მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდეს?

- მიხარია, რომ კობახიძემ გაამართლა ჩემი იმედები, როცა მის კონსტიტუციონალისტობას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი. მისი განცხადების ეს მონაკვეთი შეგიძლიათ თარგმნოთ და ნებისმიერ ევროპულ უნივერსტიტეტში გაგზავნოთ და თუ სადმე იტყვიან, რომ ეს ჰგავს იურისტისა და კონსტიტუციონალისტის განცხადებას, თქვენ თვითონაც ნახავთ. პრეზიდენტი თუ ჭკვიანად მოიქცევა, ჩავატარებთ არჩევნებს, თუ არადა არ ჩავატარებთ, ეს თქვას ადამიანმა, რომელსაც იურისტობასა და კონსტიტუციონალისტობაზე აქვს პრეტენზია, იმაზე მიუთითებს, რომ ის ძალიან შორს დგას განათლებისგან.

———————-

„ახალი თაობა“, 10 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს ბევრი მომხრე ჰყავს“ // „საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობაა

კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.

- ბატონო ვახტანგ, პრეზიდენტი 10 მარტიდან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრებს იწყებს. თქვენი შეფასება როგორია ამ საკითხზე?

- ჯერ კონსტიტუციის პროექტი არ შექმნილა და მე არ ვიცი, რა საკითხზე აქვს პრეზიდენტს შეხვედრები დაგეგმილი. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით მუშაობა კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფებში მიმდინარეობს. სხვადასხვა საკითხზე გაიმართა დისკუსია. ახლა ის ეტაპია, როდესაც ჯგუფები წარმოადგენენ წინადადებებს, ვინ უჭერს მხარს ამ წინადადებებს და ვინ არა. ორმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა მეორე წრეზე უკვე დაასრულა, ორ სამუშაო ჯგუფს ჯერ არ დაუსრულებია. ეს სამუშაოები მომავალი კვირიდან გაგრძელდება. მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფებში დასრულდება მეორე წრეზე განხილვა, უკვე პროექტი მომზადდება. პროექტის ორი ვარიანტი იქნება წარმოდგენილი: ერთი ვარიანტი იქნება, რომელზეც კომისიის წევრთა ფართო შეთანხმება მოხდა, მეორე იქნება ალტერნატიული წინადადებები. ამის შემდეგ მთლიანად პროექტი საკონსტიტუციო კომისიას წარედგინება, შემდეგ კომისიამ უნდა იმსჯელოს, პარლამენტს წარუდგინოს პროექტი ალტერნატივებით თუ ალტერნატივების გარეშე.

- აპრილის ბოლომდე მოესწრება მუშაობის დასრულება?

- არ ვიცი და ამიტომ ვერ გეტყვით, თუმცა ვიცი, რომ სამუშაო ჯგუფებში, ყოველ შემთხვევაში, იმ ორ ჯგუფში, რომლის წევრიც მე ვარ, სამუშაოები გრძელდება, სანამ ჯგუფის თითოეულ წევრს აქვს სათქმელი. ამდენად, დროში შეზღუდვა ჩვენ არ გვაქვს.

- ახლა რა ეტაპზე ხართ?

- ჯერ პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, საუბარია კონსტიტუციის თავებზე, მუშაობა მეორე წრეზე დასრულებული არ არის. ამიტომ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა პირდაპირ გამიჭირდება, მოესწრება თუ არა აპრილის ბოლომდე. შეიძლება, მოესწროს, შეიძლება, ვერ მოესწროს.

- კანონი ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვას. ამ საკითხზე არაერთგვაროვანი პოზიციებია, თუ რას გულისხმობს საჯარო განხილვა. ასეთი შეფასებაც კი გაკეთდა: რა, კომისიის წევრები მეტროში ჩავლენ და იქ აუხსნიან ხალხს, რა ცვლილებებზეა საუბარი? რეალურად რას გულისხმობს საჯარო განხილვა?

- ნურავინ წარმოიდგენს, რომ საერთო-სახალხო განხილვა ნიშნავს, თითქოს მთელი საქართველო შეიკრიბება და ერთად განიხილავს კონსტიტუციის პროექტს. ეს ხომ აბსურდია. კომისიის წარმომადგენლები სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფს ხვდებიან. მათ შორის არიან: პოლიტიკური პარტიები, პროფესიული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი. შეხვედრები იქნება იმ წრეებთან, რომლებიც სამართლებრივ საკითხებზე მუშაობენ. შეხვედრები ტარდება რეგიონებში, როგორც წესი, რეგიონულ ცენტრებში. ამ შეხვედრებში მონაწილეობენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მთელ ამ პროცესში არის მედია, როდესაც დისკუსიები იმართება პროექტის ირგვლივ. ასევე ტარდება ინტერაქტიული გამოკითხვები და ა.შ. ასეთია პროექტის საერთო-სახალხო განხილვა.

- რამდენად შეიძლება, ძალაში დარჩეს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით? ამ საკითხზე დიდი ვნებათაღელვაა. საუბარია, რომ 2018 წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით მოხდეს, შემდეგ კი გადავალთ არაპირდაპირ არჩევნებზე...

- ეს ვნებათაღელვა სრულიად უსაფუძვლოა. გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია წარმოდგენილ წინადადებებში, ვიდრე ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი. სრულიად პოპულისტურ დონეზე ხდება ამ საკითხზე მსჯელობა იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც სწორედ ამ საკითხს განიხილავს, რომ ამ წინადადებას საკმაო რაოდენობის მომხრე ჰყავს.

- პირდაპირი წესით არჩევნებს?

- არა, 2018 წელს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს პირდაპირი წესით და შემდეგ 2023 წელს გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე.

- საარჩევნო სისტემაზე რა დონეზე არსებობს შეთანხმება, რომ სრულად მოხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა?

- სამუშაო ჯგუფში სრულიად აშკარაა, რომ თითქმის ყველა უჭერს მხარს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას.

- მმართველი გუნდის პოზიცია როგორია?

- ამ „ყველაში“ სწორედ „ქართული ოცნების“ წევრებიც ვიგულისხმე, თუმცა სამუშაო ჯგუფში არის ერთი წევრი უმრავლესობიდან, რომელიც მხარს ისევ მაჟორიტარულ არჩევნებს უჭერს. ის ამბობს, რომ მაჟორიტართა ნაწილს მიაჩნია, რომ მაჟორიტარული წესი უნდა დარჩეს.

- ვისზე საუბრობთ?

- დეპუტატ კახა ოქრიაშვილზე.

- კახა ოქრიაშვილი ამას ღიად ამბობს...

- დიახ. თავად „ქართულ ოცნებაში“, ისევე, როგორც სამუშაო ჯგუფში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საკონსტიტუციო კომისიამ რაც უნდა თქვას, გადაწყვეტილებას საბოლოოდ პარლამენტი იღებს. პარლამენტში კი საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. გადამწყვეტი იქნება, „ქართულ ოცნებაში“ რა პროპორციით დალაგდება მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა.

- შიგნით არის უთანხმოება?

- დიახ, რაზე შეთანხმდებიან, ეს არის მნიშვნელოვანი. თუ ნაწილი მხარს დაუჭერს მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, მაშინ `ქართულ ოცნებას~ ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება პარლამენტში, რომ საკითხი გაიტანოს. ოპოზიცია კი მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. შესაბამისად, ყველაფერი იქნება დამოკიდებული, ვინ უფრო მეტი იქნება ჯამში, მომხრეები თუ მოწინააღმდეგეები. გადაწყვეტილების მიღებას კი სამი მეოთხედი სჭირდება.

- თუ ეს ცვლილებები განხორციელდა, უკეთესი კონსტიტუცია გვექნება?

- გააჩნია, რა ცვლილებები შევა რეალურად. ამიტომ ასე ცალსახად დღეს ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. სურვილია, უკეთესი კონსტიტუციური მოდელი შეიქმნას. მნიშვნელოვანია, რამდენად მოხერხდება შეთანხმების მიღწევა. ის ნორმები, რომლებზეც შეთანხმება, პრაქტიკულად, მიღწეულია, გააუმჯობესებს კონსტიტუციის ტექსტს, უფრო დახვეწს და შტოებს შორის დაბალანსებას ხელს შეუწყობს, თუმცა, არის ისეთი წინადადებებიც, რომლებიც კი არ გააუმჯობესებს, არამედ გააუარესებს ან იმავე მდგომარეობაში დატოვებს.   საბოლოოდ რა სახის პროექტი ჩამოყალიბდება, მიჭირს თქმა. ვნახოთ, საბოლოო შეფასებებს პროექტის დადების შემდეგ გავაკეთებ.

„ახალი თაობა“, 10 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ირაკლი კობახიძეს, ეტყობა, თავში აუვარდა// „რუსთავი-2-თან დაკავშირებული ყველა მოსამართლე უნდა გადადგეს

ბოლო დროს განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის. „ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.

- ბატონო თორნიკე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს დაემატა ახალი მუქარა _ აკრძალვა, ესაუბროს საკუთარ ხალხს საკონსტიტუციო საკითხებზე. თქვენ როგორ გაიგეთ კობახიძის მიმართვა, პრეზიდენტს მართლაც აკრძალვებს უწესებს უმრავლესობა?

- როგოც ჩანს, შიდა კულუარებში უფრო დაძაბულია სიტუცია. რაც გარედან ჩანს, ეს ყველაფერი იღებს აბსურდის სახეს, რადგან პრეზიდენტს აქვს ყველაზე მეტი პოლიტიკური ლეგიტიმაცია საქართველოში, რადგან ის პირდაპირი წესით არის არჩეული. ეს ფაქტია და ამას ვერავინ წაუვა! ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსზე გაცილებით მეტი ლეგიტიმაცია აქვს პრეზიდენტს! ეს აკრძალვები, შეზღუდვები თუ მუქარები სრული აბსურდია. ეს გაცილებით მომგებიან სიტუაციაში აყენებს პრეზიდენტს და წამგებიანში – უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარეს.

- უმრავლესობას სხვა პოზიცია აქვს. იგივე დეპუტატი მდინარაძე აცხადებს, რომ დეპუტატები დღეს უნდა იყვნენ პლენარულ სხდომაზე და არა - პრეზიდენტის მორიგ სპექტაკლზე. სპექტაკლია საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა?

- როგორც ჩანს, მდინარაძეს თავი მიაჩნია ყველაზე სერიოზულ პოლიტიკოსად ამ ქვეყანაში. ორი დღის წინ მან დააანონსა კიდევ ერთი სისულელე – „რუსთავი-2“ სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ ნაციონალები სახელმწიფოს წინააღმდეგო. ეს არის კატასტროფული თავად „ქართული ოცნებისთვის“. საქმის მსგავსი ფორმულირება არ შეიძლება. ეს კიდევ უფრო გააღიზიანებს სტრასბურის სასამართლოს და კიდევ უფრო შემოატრიალებს „ოცნების“ წინააღმდეგ. როდესაც მდინარაძე დარტყმას აყენებს საკუთარ პარტიას საკუთარი ინიციატივებით, არა მგონია, რომ მისმა განცხადებებმა პრეზიდენტს დააკლოს რამე. ამით უფრო გაუმყარებს პრეზიდენტს პოზიციებს.

- თქვენ როგორ აფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებს, რომელსაც ამხელა კრიტიკა მოჰყვა?

- სიმართლე გითხრათ, კობახიძისგან მსგავსი განცხადებები ძალიან გამიკვირდა. თავიდან პარლამენტის თავმჯდომარე იქცეოდა ძალიან კონსტრუქციულად. ამას ოპოზიციაც აღიარებდა. მერე რა მოხდა, რატომ გამოვიდა წყობიდან, რატომ გააკეთა ეს განცხადებები, ჩემთვის გაუგებარია. ეტყობა, თავში აუვარდა საკუთარი თანამდებობა, თანაც იმ დოზით, რომ ეს ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია.

- მართლა უშლის ხელს პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას? რატომ არ უნდა უმრავლესობას ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობა?

- თავის დროზე, როდესაც საუბარი მიდიოდა ჩართულობაზე, რომ კომისიაში წარმოდგენილი ყოფილიყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მათ უარი თქვეს.

- რატომ თქვეს უარი?

- ეტყობა, ჩათვალეს, რომ მათი მონაწილეობა იქნებოდა არაფრის მომტანი, არაფერს შეცვლიდა და საბოლოო ჯამში მათ მოუწევდათ დათანხმება იმ კონსტრუქციაზე, რომელსაც მიიღებდა „ქართული ოცნება“. სწორედ ამიტომ თქვეს უარი თავის დროზე.

- ახლა რა შეიცვალა?

- ამის შემდეგ „ქართული ოცნება“ ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში სხვადასხვა ფაქტების გამო, მათ შორის „რუსთავი-2“-ის გარემოების გამო. ასევე გაურკვეველი ციანიდის საქმე და ასე შემდეგ. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ უფრო აქტიური პოზიცია დაიკავოს ამ პროცესში, „ქართული ოცნებამ“ კი გააძლიერა დარტყმა პრეზიდენტზე, ცდილობს, მისგან შექმნას მტრის ხატი, რომ ჯოხი მასზე გადატეხოს.

- რამდენად იჩენს პრეზიდენტი პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას, როგორც ამას პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს?

- გიორგი მარგველაშვილის მხრიდან იყო ერთი განცხადება, სადაც მან საკმაოდ მკვახე ფორმით ილაპარაკა საკონსტიტუციო კომისიაზე, თუმცა პრეზიდენტის ეს განცხადება მაშინვე გადაფარა ირაკლი კობახიძის კიდევ უფრო მძიმე განცხადებამ. არაკორექტულობა უმრავლესობის მხრიდან უფრო ხშირად ისმოდა პრეზიდენტის მისამართით.

- რას უპირებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს?

- როგორც ჩანს, არ უნდათ დაუშვან პრეცედენტი, რომ ვიღაცას ჰქონდეს თუნდაც იმდენი ლაპარაკის უფლება, როგორც ამას გიორგი მარგველაშვილი აძლევს თავის თავს. ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომაა. ეს არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი. ერთი პერიოდი, „ქართული ოცნების“ ხელში სიტუაცია თითქოს გამოსწორდა, ამას მე ვამბობ ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, თუმცა ეს არა იმდენად „ქართული ოცნების“ დამსახურება იყო.

- აბა ვისი დამსახურება იყო?

- დამსახურება იყო სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიის და ასე შემდეგ. დღეს „ქართულ ოცნებას“ საქმე მიჰყავს იქით, რომ მთელი ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ეს არის რეალობა, რაც ძალიან სამწუხაროა. დღეს ესენი ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის შეცდომების გამეორებას. როგორც წესი, ჭკვიანი ხალხი სწავლობს სხვის შეცდომებზე, ამათ უნდა ესწავლათ სააკაშვილის შეცდომებზე, მაგრამ მის შეცდომებს უფრო მძიმე ფორმებით იმეორებენ.

- რაში გამოიხატება ეს სიმძიმე?

- ძალიან ბევრ რამეში. ჯერ ერთი, საზოგადოებას უნდა უფრო მეტი თავისუფლება, ვიდრე ეს ჰქონდა სააკაშვილის დროს და სწორედ ამ მიზეზით აირჩია `ოცნება~. ასე რომ, საზოგადოება ამათ უფრო არ აპატიებს, ვიდრე არ აპატია სააკაშვილს. მეორე ვადით არჩევა საქართველოში ყოველთვის ხდება, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ირჩევენ მეორე ვადით, ეს ინერციით ხდება. ზუსტად ასე მოხდა „ქართული ოცნების“ შემთხვევაშიც. ისინი ინერციით აირჩიეს და თან ნაციონალების მობრუნების შიშით. ახლა თუ ფიქრობენ, რომ მესამე ვადითაც დარჩნენ და ამიტომ ყველაფერს ახშობენ და ყველაფერზე ამყარებენ კონტროლს, ეს პირველ რიგში მათ არ მოუტანს კარგს. ნებისმიერი ნაბიჯი, აკრძალვისკენ გადადგმული, უკურეაქციას იწვევს.

- ოცნება აცხადებს, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი ასე გააგრძელებს, მაშინ 2018-ში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა აღარ მოხდება...

- ამ აბსურდით მარგველაშვილს ვერაფერს დააკლებენ. ისევ საკუთარ თავს დაიზიანებენ. თუნდაც „რუსთავი-2“-ის საქმეც რომ გავიხსენოთ, ვინ წააგო საბოლოო ჯამში, ვინ დაზარალდა?!

- შეილახა ხელისუფლების იმიჯი ევროსტრუქტურებში?

- ძალიან შეილახა. იმიტომ, რომ როცა იღებ ვიზალიბერალიზაციას და მეორე დღეს უცებ 9 მოსამართლე რამდენიმე საათში წერს, რომ „რუსთავი-2“ უნდა დაუბრუნდეს ვითომ „კანონიერ“ პატრონს, მაშინ როცა საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშის არ არის და არც მისი ფულია ჩადებული. როდესაც საკითხებს უღრმავდებიან, ისინი შეურაცხყოფილები რჩებიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისინი მოატყუა და გადააგდო. სტრასბურის გადაწყვეტილებამ ასევე სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართული მართლმსაჯულების სისტემას. სტრასბურმა უთხრა ქართულ მართლმსაჯულებას, რომ სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება აჩენს სერიოზულ ეჭვებს. ამაზე მეტი ცუდი რა უნდა მოხდეს?! დღეს პრაქტიკულად დანგრეულია ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა. მე გამოსავალს ვხედავ ერთ რამეში.

- კონკრეტულად რაში?

- ყველა მოსამართლე, ვინც გახვეული იყო ამ ისტორიაში, წავიდეს თავისი ნებით თანამდებობიდან და ამითი ააცილოს ქართულ სახელმწიფოს ის სირცხვილი, რომელი მათ აჭამეს! მე მგონი, სხვა გამოსავალი არ არსებობს. „ოცნებას“ ჯერ კიდევ აქვს შანსი სიტყუაციის გამოსწორების, უბრალოდ, მათ ერთი რამ უნდა გაიაზრონ, რომ ისინი პასუხს აგებენ არა საკუთარი ლიდერის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე. კონსტიტუციაში წერია, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი და არა – ერთი ადამიანი, რაც უნდა მდიდარი და გავლენიანი იყოს! ვურჩევდი მათ, რომ კონსტიტუცია ხშირად გადაიკითხონ. სამწუხაროდ, კონსტიტუცია ბევრ მათგანს არ აქვს წაკითხული და გააზრებული.

„ახალი თაობა“, 10 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „ირაკლი მამალაძე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა იყოს

პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების ნახვისას გამოცდილი თვალი აუცილებლად დაინახავს ძალიან ბევრ საეჭვო დეტალს, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს დანაშაულებრივი, ორგანიზებული ჯგუფის არსებობასთან.

- ბატონო დიმიტრი, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც მეუფე პეტრე ტელეკომპანია ერთსულოვნების დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. როგორ აფასებთ ბოლო დროს საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მოვლენებს?

- მთელ რიგ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ეკლესიის წიაღში უნდა წარმართულიყო პოლემიკის, გარჩევისა და განსჯის დონეზე, სამწუხაროდ, მიმდინარეობდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ყველაზე პრაიმტაიმური დროის ეთერში, რაც არ იყო სწორი და ეწინააღმდეგებოდა საეკლესიო სამართალს. დღეს სამართალმა პური ჭამა, რადგან სინოდის სხდომაზე ძალიან ბევრი საკითხი გაირჩა. ზოგიერთმა სულიერმა იერარქმა ისიც კი განაცხადა, რომ მათ მიიღეს საყვედურები რაღაც პერიოდში ზედმეტი აქტიურობის გამო. ამავე დროს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“ აღარ უხელმძღვანელებს მეუფე პეტრე. ამაში გარკვეულ კანონზომიერებას ვხედავ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ამ ტელევიზიიდან წლების განმავლობაში თავისუფალი აზრი არ ისმოდა ხოლმე. იყო შემთხვევები, როდესაც დარღვეული უფლებების საკითხზე აუცილებელი იყო თქმულიყო. პირადად მე არასოდეს ვყოფილვარ ამ ტელევიზიის ეთერში. ვერ ნახავთ სიუჟეტს, სადაც მე ვარ წარმოდგენილი უფლებადაცვითი სფეროს საკითხებზე.

- ფიქრობთ, რომ ერთსულოვნების ეთერიდანაც უნდა ისმოდეს ის, რაც შეიძლება ზოგიერთი ტელევიზიის ეთერიდან იბლოკება?

- როდესაც სარედაქციო პოლიტიკა საშუალებას იძლევა, პოლიტიკური გვერდი გაშუქდეს, მით უმეტეს, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, გადაცემა არ შეიძლება იყოს ცალმხრივი და დაუბალანსებელი. ის პოზიცია, რომელიც ეხებოდა დარღვევის ფაქტებს, ეთერს მიღმა რჩებოდა. ბევრი რამ შუქდებოდა პოზიტიურ ჭრილში უშუალოდ მიშა სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ერთხელაც არ მახსოვს, ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ ეთერი ჩემამდე მოსულიყო მაშინ, როდესაც დიმიტრი შაშკინი და ბაჩანა ახალაია პოლიტიკურ რუბრიკაში ყოველდღე იყვნენ.

- ერთსულოვნებას აქვს პოლიტიკური რუბრიკები?

- ახლა არ აქვს, თორემ იმ წლებში, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ბოგინობდა, როდესაც როლანდ ახალაიას წმინდა გიორგის ორდენი გადასცეს, პოლიტიკური რუბრიკები ჰქონდა. როლანდ ახალაიას წმინდა გიორგის ორდენით აჯილდოებდნენ, ციხეში კი ხალხს ხოცავდნენ – ციხეში ყოველ მესამეს კლავდნენ. ამაზე ექსპერტიზის დასკვნა დევს. ყოველ მესამე გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, რომელიც ქირურგიულ მანიპულაციებთან დაკავშირებული არ იყო. ეს არის ზეწოლისა და უშუალო ფიზიკური ზემოქმედების შედეგი. მე გახლდით ციხის მონიტორინგის წევრი და ციხიდან ისეთი ინფორმაციები გამომქონდა, პირველ რიგში, „ერთსულოვნება“ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული.

- ბატონო დიმიტრი, ბოლო დროს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა თქვენ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ?

- პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ მოწმის უსაფრთხოება, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდების მოწმედ გვევლინებიან. უპირველესად, ირაკლი მამალაძე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა იყოს. როგორც ჩანს, დანაშაულში, რომელშიც მამა გიორგი მამალაძე ბრალდებულის სტატუსს ატარებს, არაერთი პირი მონაწილეობს.

- ანუ?

- შესაძლოა, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ძალიან მალე გამოიკვეთოს დანაშაულებრივი ჯგუფი და ორგანიზატორები. ამის თაობაზე უკვე ალაპარაკდა ძირითადი მოწმე ირაკლი მამალაძე, რომელიც, ფაქტობრივად, ასახელებს იმ გარემოებას, თუ საიდან ელოდებოდა მამა გიორგი მამალაძე თანხას ციანიდის შესაძენად, აცხადებს, რომ ის თანხას ზემდგომი პირებისგან ელოდებოდა, იმასაც ამბობს, რომ ის პირები, შეიძლება, მონაწილეობდნენ მამა გიორგისთან ერთად საქმეში, რომელიც ასევე უკავშირდება პატრიარქის გარემოცვას.

- ზოგი ამბობს, რომ ამ ჩანაწერებიდან არც არაფერი ჩანს. იგივე აზრი გამოხატეს ბრალდებულის ადვოკატებმაც. გამოქვეყნებულ ჩანაწერებში თქვენ, როგორც იურისტმა, დანაშაულის ნიშნები დაინახეთ?

- გამოცდილი თვალი აუცილებლად დაინახავს ბევრ საეჭვო დეტალს, რომლებიც შეიძლება კავშირში იყოს დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის არსებობასთან. ამაზე მეტს ახლა არაფერს ვიტყვი. ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლევა ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ წარმოდგენილ ჩანაწერებში, რომ გარკვეული დანაშაული მზადდებოდა და ციანიდის შეძენა არ იყო დაკავშირებული სამეურნეო-შემოქმედებით საქმიანობასთან, არამედ პირდაპირ იყო მიმართული ადამიანის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ეჭვის საფუძველი იმისა, რომ მზადდებოდა დანაშაული ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ, სრულიად ლეგიტიმურია.

- გიორგი მამალაძის დაპატიმრების ფაქტის გახმაურებისას აცხადებდნენ, რომ მზადდებოდა პატრიარქის მოწამვლა. შემდეგ თითქოს უარყვეს ეს ფაქტი, მაგრამ ქვეცნობიერად საზოგადოებას მაინც ის აზრი რჩება, რომ ჯგუფის ქმედებები, რომელზეც საუბარია, პატრიარქამდე მიდიოდა. თქვენ რას ფიქრობთ?

- საეჭვო, რაც მომეჩვენა გიორგი მამალაძის საუბარში, გახლავთ ის, რომ ბრალდებული მიუთითებს გარკვეულ ჯგუფზე და აცხადებს, ისინი დაინტერესებული არიან, მე შიგნით შევიდეო. შიგნით შეღწევაში ის გულისხმობს საპატრიარქოში დიდი თანამდებობის დაკავებას. სამი თანამდებობა, რომლებსაც ის ასახელებს, არის ის თანამდებობები, რომლებიც უკავიათ მამა მიქაელ ბოტკოველს, მამა დავით ჭინჭარაულსა და მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვიღაც ჯგუფი დაინტერესებული იყო, მამა გიორგი მამალაძე რაც შეიძლება ახლო ურთიერთობაში ყოფილიყო პატრიარქთან.

რა კავშირშია ეს ციანიდის შეძენის ფაქტთან, რა კავშირშია გარკვეული დანაშაულებრივი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანასთან, ამაზე გამოძიებამ უნდა გაგვცეს პასუხი. რა თქმა უნდა, გარკვეული დეტალების შეფასება არ უნდა გვაძლევდეს საშუალებას, უკვე დასრულებულ, ანუ შემდგარ დანაშაულზე ვისაუბროთ, მაგრამ მალე კვლავ უნდა ვიხილოთ გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც ძირითადი მტკიცებულებების სახით ბრალდებას საფუძვლად დაერთვება.

———————-

რეზონანსი“, 10 მარტი, 2017 წელი

გაზი, შესაძლოა, 10 თეთრით გაძვირდეს

45-თეთრიანი ტარიფი აღარ იარსებებს და ყველა ერთ ფასს გადაიხდის

მარი ჩიტაია

ბუნებრივი აირის გადასახადი ძველი და ახალი აბონენტებისთვის გათანაბრდება. ცვლილება მას შემდეგ მოხდება, რაც გაზის ტარიფები სემეკის სრულ რეგულირაციაში დაბრუნდება. მოსალოდნელია, რომ ძველი მომხმარებლებისთვის ტარიფი გაიზრდება, რასაც სპეციალისტები ვარაუდობენ კიდეც. მარეგულირებელ კომისიაში გაზის გადასახადის გაძვირების შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო სექტორში გაზის ტარიფების სრულ რეგულირებაში დაბრუნების საკითხი განიხილება. ირინა მილორავას განცხადებით, ეს იქნება ერთგვარი წინგადადგმული ნაბიჯი, რამდენადაც ბუნებრივი გაზის ტარიფების გადაანგარიშებისას, ე.წ. ახალი აბონენტების რეგულირების მიღმა დატოვება სრულიად გაუმართლებელი იყო.

რამ გამოიწვევს ასეთი გადაწყვეტილება? აბონენტთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ამჟამად კომუნალური ტარიფი 45 თეთრია, 2008 წლის აგვისტოდან ქსელზე მიერთებულთათვის კი – 55-59 თეთრი (მათ პირდაპირ გამანაწილებელი კომპანია უწესებს ტარიფს). ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ძველი აბონენტებისთვის გადასახადი გაიზრდება და ახალი აბონენტებისთვის განსაზღვრულ ტარიფს გაუთანაბრდება? ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ზაფხულიდან 1 კბ/მ გაზი 55-60 თეთრამდე გაძვირდეს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გოჩა შონია აცხადებს, რომ ყველა აბონენტისთვის განაკვეთის წესი ერთნაირი იქნება. ჯერჯერობით ეს მხოლოდ სემეკის პოზიციაა. იგი იმედოვნებს, რომ ენერგეტიკის სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სემეკის მოსაზრებას გაითვალისწინებს.

“ჩვენი მიზანია, რომ სამომხმარებლო სექტორში დერეგულირების მექანიზმი გაუქმდეს. შესაბამისად, კომისია ყველა კატეგორიის მომხმარებელს დაუდგენს ტარიფს, რაც იქნება ერთი მთლიანი რეგულირებული სექტორი. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ერთნაირი განაკვეთის წესი იმოქმედებს. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ გაძვირდება, ვიღაცისთვის შეიძლება გაიაფდეს კიდეც. ძნელი თქმა, სანამ ამ სექტორის აბონენტებისთვის ტარიფის მთლიანად გადათვლა არ მოხდება. ეს არის ჩვენი მოსაზრება. დერეგულაცია სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტით მიღებული გადაწყვეტილებაა და მისი შეცვლის უფლება ასევე სამინისტროს ხელეწიფება. ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, თუ როგორი უნდა იყოს სწორი მიდგომა”, – აღნიშნა გოჩა შონიამ “რეზონანსთან” საუბრისას.

როგორც “ყაზტრანსგაზ-თბილისში” განმარტავენ, ახალი ტარიფში აისახება მათ მიერ ბოლო წლებში გაწეული ხარჯი და დამატებითი ინვესტიციებიც, რასაც კომპანია სამომავლოდ გეგმავს. კომპანიის სპეციალურმა მმართველმა მამუკა კობახიძემ სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ, გუშინვე განაცხადა, რომ ბუნებრივი გაზის ახალ ტარიფში ლარის გაუფასურებისა და ინვესტიციების გათვალისწინებას ელოდება. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფები არ გადათვლილა, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორები ახალ ტარიფზე გავლენას მოახდენს.

„წლების განმავლობაში კომპანიამ მომხმარებლების გაზიფიცირების სრულყოფისთვის ინვესტიცია განახორციელა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, კიდევ დამატებითი ხარჯია გასაწევი, რადგან მიმდინარეობს როგორც ქსელის გაუმჯობესება, ასევე ახალი აბონენტების გაზიფიცირება. როგორც ინვესტიციები, ასევე გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია დოლარში, შესაბამისად, კურსი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს”, – განაცხადა მამუკა კობახიძემ და აღნიშნა, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისი” წელს ქსელის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 25 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

უცნობია, ახალი ტარიფი კონკრეტულად როგორი იქნება. ალბათ, მასზე ლარის კურსიც იმოქმედებს. სპეციალისტები არ მალავენ, რომ გადასახადის გაზრდა, რა მაჩვენებლითაც არ უნდა დაფიქსირდეს, მომხმარებლისთვის მტკივნეული იქნება. მით უმეტეს, იმ მდგომარეობის ფონზე, რაც ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების გამო შეიქმნა.

პარლამენტის დეპუტატი, ენერგეტიკოსი რეზო არველაძე ეთანხმება სემეკის მოსაზრებას დერეგულაციის გაუქმების თაობაზე. მისი განცხადებით, გაზის ტარიფების სრული რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან გონივრული გადაწყვეტილება იქნება.

“ტარიფში მცირეოდენი ცვლილებაც კი, თუ ის გაძვირებისკენაა მიმართული, უარყოფით განწყობას იწვევს მომხმარებელში. ცხადია, ეს არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში სოციალური ფონი ისედაც მძიმეა. დეტალებში გარკვეული არ ვარ, კონკრეტულად რა დოზით გაიზრდება გადასახადი, ჩემთვის უცნობია. უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიცვლება გადასახადი ძველი აბონენტებისთვის და დიდი ალბათობით გაიზრდება. ერთი კომპონენტია ლარის კურსი, მაგრამ, ცხადია, უკვე განხორციელებულ ინვესტიციებსა და სამომავლო ხარჯებსაც გაითვალისწინებენ. 2006 წლიდან ტარიფები არ გაზრდილა გაზის სექტორში. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ნაწილობრივად დერეგულირებული ტარიფის არსებობაც გაუმართლებელია. ამ საკითხს ვაყენებდი ყოველთვის. ახლაც ამ პოზიციაზე ვრჩები და სემეკს აბსოლუტურად ვეთანხმები”, – აცხადებს რეზო არველაძე.

შეგახსენებთ, იმ პირებისთვის, რომლებიც ბუნებრივი გაზის ქსელში 2008 წლის 1-ლი აგვისტოს შემდეგ ჩაერთნენ, მიწოდების ტარიფებს სემეკი არ ადგენს და მოხმარებული ბუნებრივი გაზის ფასი მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ტიპიური ხელშეკრულების საფუძველზე განისაზღვრება.

რეზონანსი“, 10 მარტი, 2017 წელი

ენგურჰესი ამუშავდა, სეპარატისტები დენის უფასოდ მოხმარებას აგრძელებენ

ნათია ლომიძე

ორკვირიანი გაჩერების შემდეგ ენგურის ჰიდროელექტროსადგური სრული დატვირთვით ამუშავდა. წყალსაცავი სრულად ივლისის ბოლოს შეივსება. სადერივაციო გვირაბის დათვალიერების მიზნით ჰესი 19 თებერვალს გაჩერდა და მისი ამუშავება დათქმულ ვადაში მოხერხდა. დენის მიწოდება სრულიად აღუდგა აფხაზეთს. ენერგეტიკოსები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საჭიროა აფხაზეთმა აანაზღაუროს ის ელექტროენერგია, რასაც მოიხმარენ.

მთელი ორი კვირის განმავლობაში აფხაზეთი რუსეთის ენერგოსისტემიდან მარაგდებოდა, ხოლო დეფიციტის დაფარვას საქართველოს ენერგოსისტემა საკუთარი წყაროებით უზრუნველყოფდა. აფხაზეთი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რომლის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში, სეპარატისტების მხარესაა.

თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველომ აფხაზეთს 1,797.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიაწოდა, რაც საქართველოს მთლიანი მოხმარების 17.31%-ს შეადგენდა; 2014 და 2013 წლებში აფხაზეთს 1,638 მლნ კვტ/სთ (16.11%) და 1,605 მლნ კვტ/სთ (16.57%) მიეწოდა.

ესკო-ს მონაცემებით, შარშან აფხაზეთმა 1,927 მლნ კვტ/სთ მიიღო. აქედან ნათლად ჩანს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, ხოლო ანგარიშსწორება დღემდე არ ხორციელდება.

ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ენგურჰესის ჩართვა დათქმულ ვადაში მოხერხდა და დათვალიერების პროცესში არავითარი შემაფერხებელი გარემოება არ გამოკვეთილა. ამ ეტაპზე სრულად აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზებისთვის და ისინი აღარ არიან დამოკიდებული რუსეთიდან მიწოდებულ ენერგიაზე. ჭითანავა დასძენს, რომ აუცილებელია აფხაზებმა მოახდინონ გახარჯული დენის საფასურის დაფარვა.

“გათვალისწინებული იყო ენგურჰესის ორკვირიანი გაჩერება. რაც დათქმულ ვადაში შესრულდა და ოპერატიულადაც განხორციელდა, კიდევ უფრო ნაკლებ დროში. ჰიდროლოგიურმა პირობებმაც ძალიან შეუწყო ამ პროცესის დაჩქარებას ხელი (მოხდა გვირაბის დაცლის პერიოდში ფილტრაციული ნაკადის შემოდინების შემცირება). აქედან გამომდინარე, სპეციალისტებს ჰქონდათ შანსი დაეთვალიერებინათ გვირაბი, დაინტერესებულთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში.

კონსტრუქციულად გვირაბი შენარჩუბეულია და გეომეტრიული პარამეტრები დარღვეული არ არის. მისი დათვალიერება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, მაგრამ ბოლო 11 წელია არ შემოწმებულა, რაც ყოვლად დაუშვებელია”, – აცხადებს ჭითანავა.

უკვე დაიწყო წყალსაცავის შევსება და ჰესი ექსპლოატაციაშია. ახლა ჰიდროსადგური მუშაობს მოდინებით რეჟიმში. უახლოეს პერიოდში გაქტიურდება თოვლის დნობის პროცესი და საბოლოოდ, ივლისის ბოლოსთვის ენგურის წყალსაცავი მთლიანად შეივსება.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, იგი აღდგენილია როგორც აფხაზებისთვის, ასევე ყველა მომხმარებლისთვის, ვინც კი დამოკიდებულია ენგურზე. მათ კვლავ აღუდგათ ჰესიდან ელექტროენერგიის მიწოდება ძველი რეჟიმით.

“ყველას კარგად მოგეხსენებათ ის პროცენტული რაოდენობა რითაც მარაგდება აფხაზეთი ენგურჰესის მეშვეობით (საუბარია 40%-ზე), რომელსაც სეპარატისტები სრულიად უსასყიდლოდ მოიხმარენ. ზამთრის პერიოდში ჰესის წარმოებული ელექტროენერგია მთლიანად ხმარდება აფხაზეთს და დანარჩენი საქართველოსთვის არაფერი რჩება. ეს არის საკითხი, რომელიც ორ მხარეს შორის სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. უნდა დავიცვათ ბალანსი და აფხაზებმა გადაიხადონ მიღებული ელექტროენერგიის საფასური. ენგურჰესი არის მთელი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვანი”, – განუცხადა “რეზონანსს” ანზორ ჭითანავამ.

Comments are closed