„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ თურქეთის ელჩთან: „ქრისტიანი მუსლიმანის წინააღმდეგ – ასეთი ხედვა არც ევროპაში გამოადგებათ და არც თურქეთში“ // „თურქეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს ქართულ მიწაზე! ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით!“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: იუსტიციის სამინისტრო ზურაბ ადეიშვილს გაურიგდა?! // „არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელია ვიხილოთ. მანკიერმა სისტემამ იმდენად გაიდგა ფესვი, რომ მათ თეა წულუკიანზე კარგი „შემსრულებელი“ სჭირდებათ, ეკა ბესელია კი საამისოდ იდეალური ვარიანტია“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტი „სასამართლოს მეგობარია // „სასამართლოს მეგობარი მეგობრულ რჩევას აძლევს, რომ უკეთესი გადაწყვეტილება გამოიტანოს“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: „ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ მარგველაშვილი დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: რა ხდება საკონსტიტუციო კომისიაში: ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება კომისიის შემადგენლობა დატოვოს
„რეზონანსი//მთელი კვირა“: რა ხდება საკონსტიტუციო კომისიაში: ვის აქეზებს გიორგი მარგველაშვილი? // ოპოზიცია და არასამთავრობოები პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისათვის წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ჯერ არ ვიცით, იცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა“ // „გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, არავისი იყოს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნატო იმნაძესთან: „თენგიზ კიტოვანმა წყალტუბოს პოლიციიდან, ფაქტობრივად, მომიტაცა“ // ვის დაავალა ასლან აბაშიძემ ნოდარ იმნაძის ოჯახის წევრების ჩაცხრილვა
„ახალი თაობა“: რატომ დაავალა შორენა თეთრუაშვილმა მამა გიორგი მამალაძეს გველის შხამის შეძენა // ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „ჩემს წინააღმდეგ უცნაური კამპანია დაიწყო“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „მამა გიორგის გველის შხამის შესაძენად შორენა თეთრუაშვილმა 500 დოლარი გადაუხადა“ // ახალი დეტალები დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ზაალ სარაჯიშვილთან: როგორ შეიძლება ლეგალურად დასაქმება ევროკავშირის ქვეყნებში?
„კვირის პალიტრა“: ქართველებთან ფიქციური ქორწინება – ევროპაში მოხვედრის მარტივი გზა? // „ამ სქემით ევროპაში მოხვედრას თურქეთის ის მოქალაქეები ისწრაფვიან, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან სხვადასხვა დარღვევის გამო დეპორტირებული არიან…“
——————–
„კვირის პალიტრა“, 10 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ თურქეთის ელჩთან: „ქრისტიანი მუსლიმანის წინააღმდეგ – ასეთი ხედვა არც ევროპაში გამოადგებათ და არც თურქეთში“ // „თურქეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს ქართულ მიწაზე! ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით!“
ვაჟა თავბერიძე
თურქეთი ისტორიული რეფერენდუმის მოლოდინშია, ამის პარალელურად კი არნახულად დაიძაბა ვითარება პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანსა და ევროპას შორის. რატომ მიიჩნევს დასავლეთი, რომ თურქეთი დემოკრატიის გზას უხვევს? დაიძაბა თუ არა ურთიერთობა ნატოსთან და არის თუ არა რეალური ერდოღანისა და პუტინის ალიანსი?
„კვირის პალიტრის“ შეკითხვებს თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზეკი ლევენთ გუმრუქჩუმ უპასუხა.
- მთავარი თემით – რეფერენდუმით დავიწყოთ. ამ რეფერენდუმს ლამის მთელ მსოფლიოში აკრიტიკებენ, აფასებენ, როგორც ავტორიტარულ ნაბიჯს, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის უფლებამოსილებებს განუზომლად გაზრდის, უწოდებენ, ასე ვთქვათ, პუტინურ სვლას პარლამენტის დასაკნინებლად და ა. შ. რას იტყვით?
- უპირველესად ვიტყოდი, რომ მთელ მსოფლიოში ნამდვილად არ გვაკრიტიკებენ, გვაკრიტიკებს გარკვეული წრეები დასავლეთში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი მოვლენებს არასწორად აღიქვამენ. პირველ რიგში, ეს პროცესი ხდება დემოკრატიულად. ვცვლით კონსტიტუციას და გადავდივართ საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტოზე, ამას მსოფლიოში უამრავი სხვა ქვეყანა აკეთებს, ეს ხალხის და სახელმწიფოს დემოკრატიული უფლებაა. ცვლილებები განსახილველად შევიტანეთ პარლამენტში, სადაც 2-კვირიანი დისკუსია მიდიოდა ამაზე, შემდეგ გავიტანეთ პლენარულ სესიაზე, შემდეგ ამას კიდევ 2-კვირიანი დისკუსია მოყვა, რასაც ტელევიზიით ვაჩვენებდით, რათა საზოგადოებას ჰქონოდა წარმოდგენა, რის გაკეთებას ვაპირებდით და რას მოუტანდა ეს მათ.
ახლა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა, ვაპირებთ, რეფერენდუმიც ჩავატაროთ, რათა სრულიად თურქმა ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ეს. რაც შეეხება ცვლილებების შინაარსს, საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლა ბუნებრივია. კი, საქართველო პირიქით აკეთებს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა ისეთ ეტაპზეა, როდესაც გვჭირდება უფრო სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღება. და ჩვენ არაფერს ვართმევთ პარლამენტს – პრეზიდენტი კვლავ ანგარიშვალდებული იქნება როგორც პარლამენტის, ასევე ხალხის წინაშე, ისევ ხალხი აირჩევს მას და ისევ 2 ვადით, ისე, როგორც, მაგალითად, აშშ-ში ხდება. არ მგონია, ამ სისტემაში რამე არადემოკრატიული იყოს. თანაც, ჯერაც არ ვიცით, როგორი იქნება რეფერენდუმის შედეგები – ყველა გამოკითხვა მეტ-ნაკლებად თანაბარ პოზიციებს გვიჩვენებს “დიახ” და “არა” კამპანიებს შორის. არავინ ახდენს ზეწოლას ხალხზე – რასაც ისინი გადაწყვეტენ, ჩვენც დავეთანხმებით. ასე რომ, ვფიქრობ, დასავლეთის კრიტიკა დაუსაბუთებელია.
- დასავლეთს არც პრეზიდენტი ერდოღანი რჩება ვალში – მაგალითად, გერმანელებს ფაშისტებს ეძახის, სხვა მძაფრ განცხადებებზე რომ არაფერი ვთქვათ. რა ხდება? რას ვერ იყოფთ ევროპასთან და ევროკავშირთან, რა არის უთანხმოების მთავარი მიზეზი?
- თქვენი შეკითხვიდან შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფიქრობთ, რომ ეს თურქეთი შორდება ევროპას და ერჩის მას, ევროკავშირი კი ყველაფერს აკეთებს, რათა თურქეთთან ურთიერთობა შეინარჩუნოს. ეს ასე ნამდვილად არ არის. თუ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობას დაუკვირდებით, ნახავთ, რომ სწორედ ევროკავშირი არ ასრულებს საკუთარ დაპირებებს.
- დაპირებების არშესრულებაში ლტოლვილების საკითხს გულისხმობთ?
- არამარტო. 2004 წელს თურქეთს და ხორვატიას კანდიდატი ქვეყნების სტატუსი მიენიჭათ – დღეს ხორვატია ევროკავშირის წევრია, ჩვენ კი მოლაპარაკებების 40-მდე ქვეთავიდან მხოლოდ 4-5 ზე დავიწყეთ დისკუსია და ვერც ერთზე ვერ მივაღწიეთ კონსენსუსს, სამეცნიერო თანამშრომლობაზეც კი. რატომ? იმიტომ, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური მოსაზრებების გამო ეს პროცესი გაყინა. ჩვენ, პირიქით, ვითხოვთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს – მიუხედავად იმისა, რომ წლებია, უარით გვისტუმრებენ. ასე რომ, როგორც კანდიდატ ქვეყანას, თურქეთს უსამართლოდ ექცევიან.
მაგრამ არსებობს კიდევ უფრო სახიფათო და სერიოზული ტენდენცია – მემარჯვენე განწყობების მომრავლება ევროპაში, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს შორის. ამას ვხედავთ საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ყველგან. რას ნიშნავს ეს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა თურქეთი და საქართველო, ქვეყნებისთვის, რომელთაც ევროპაში ინტეგრაცია უნდათ? ეს ნიშნავს ქსენოფობიურ, ისლამოფობ და ინტროვერტ ევროპას, რომელსაც აღარ ანაღვლებს საკუთარი სტანდარტები, პრინციპები და ღირებულებები, რომელთაც ერთ დროს ასე მონდომებით უზიარებდა მეზობელ რეგიონებს. ვფიქრობ, ეს ევროპას ძალიან დააზარალებს, რადგან ევროკავშირი კონტინენტის ყველაზე წარმატებული პროექტია უკანასკნელი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში – მას აერთიანებს არა გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ ზიარი ღირებულებები და პრინციპები. თუ ისინი ამ ყველაფერს ფანჯარაში გადაუძახებენ, ეს ყველას საფრთხეს შეგვიქმნის. ამიტომ თურქეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ევროპაში მომხდარ მოვლენებს და გასაგებია, რომ ზოგჯერ ემოციებსაც ვერ იკავებს. ევროკავშირის წევრობა ჩვენს სტრატეგიულ მიზნად რჩება, მაგრამ არა ქსენოფობიური ევროკავშირისა, რომელიც საკუთარ პრინციპებს უღალატებს. ერდოღანის ის განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ, მოჰყვა უმწვავეს დიპლომატიურ კრიზისს გერმანიას, ნიდერლანდებსა და ჩვენს შორის. არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მინისტრის ქვეყანაში არ შეშვება და დეპორტაცია უხეშად არღვევს ვენის 1963 წლის კონვენციას, რომელიც დიპლომატების პრივილეგიებს და იმუნიტეტებს განსაზღვრავს. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ მაინც საღი აზრი იზეიმებს.
- ისლამოფობია ახსენეთ, ახლახანს თქვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპას რელიგიური ომების დაწყება უწინასწარმეტყველა. რამდენად მოსალოდნელად მიგაჩნიათ ეს?
- ეს არ არის წინასწარმეტყველება და ეს ჩვენ ნამდვილად არ გვსურს. ეს უბრალოდ მეგობრული გაფრთხილებაა ჩვენი მხრიდან. თურქეთსა და ევროპას შორის ბევრად მეტია საერთო, ვიდრე განსხვავებები, რაც ერთმანეთისგან გვყოფს რელიგიური და კულტურული ნიშნის მიხედვით. სწორედ ამის თქმა უნდოდა მინისტრ ჩავუშოღლუსაც. მაგრამ თუ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები არ შეეშვებიან ერთმანეთის კულტურისა და რელიგიის ყოველდღიურ კრიტიკას, მაშინ ცივილიზაციების დაჯახება გარდაუვალი იქნება. ქრისტიანი მუსლიმის წინააღმდეგ – ასეთი ხედვა არც ევროპაში გამოადგებათ და არც თურქეთში. იმას უნდა ჩავეჭიდოთ, რაც გვაერთიანებს და არა იმას, რაც გვყოფს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა დავზარალდებით.
- გეთანხმებით, მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლების შემდეგ, არა მგონია, ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ისიც ამ პოზიციებს იზიარებს. ერდოღანმა უწოდა მერკელს „ფაშისტი“ და არა მერკელმა ერდოღანს – „ოსმალი“ ან რაიმე ასეთი. სად ჩანს აქ საღი აზრი?
- ვფიქრობ, მოვლენებს უფრო ფართო ჭრილში უნდა შევხედოთ – გავიმეორებ, ევროპა საკუთარ დაპირებებს არ ასრულებს და ამავდროულად, ბრალს გვდებს, რომ დემოკრატიულ სტანდარტებს ვარღვევთ. ამას ვერაფრით დავეთანხმებით. თურქეთს არ დაუწყია ევროპისთვის სახელების შერქმევა – ევროპა არ იყო, ერდოღანს დიქტატორი რომ უწოდა? იცით, რა მოხდა ერთი კვირის წინ შვეიცარიაში? ქურთების მუშათა პარტიამ, რომელსაც ნატო, ევროკავშირი, შტატები – ყველა ტერორისტულ ჯგუფად აღიარებს – პარლამენტის წინ დემონსტაცია გამართა და ააფრიალა ბანერი წარწერით – მოკალით ერდოღანი! როგორ ფიქრობთ, ვინმე დაისაჯა ამის გამო? რა თქმა უნდა, არა! და ეს ხდება შუაგულ ევროპაში! ვინ გაგვამტყუნებს, რომ ამაზე რეაქცია გვქონდა? ჩვენი გულწრფელი რჩევა ევროპისთვის, ჩვენი მეგობრული გაფრთხილება ასეთია: თუ დაუშვებთ, რომ ასეთი რამეები მოხდეს, მაშინ პრობლემები იქნება თურქეთსა და ევროპას შორის. არანაირ სიამოვნებას არ გვანიჭებს ის, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ასეთი ხისტი ფორმით გაკრიტიკება გვიწევს. ბევრად გვირჩევნია, ერთად ვიდგეთ და საერთო ინტერესებზე ვიმუშაოთ.
- ამ ერთად დგომაზეც გკითხავთ. რუსულ მედიასა და ექსპერტულ წრეებში მუსირებს აზრი, რომ თურქეთს ნატოსთანაც დაეძაბა ურთიერთობა და შესაძლოა, ალიანსიც კი დატოვოს. რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია? ასევე მინდა გკითხოთ ნატოს გადაწყვეტილებაზე, გააძლიეროს შავი ზღვის უსაფრთხოება – ამ კუთხით, რა წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს?
- მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის ახლა მართლაც პრობლემური პერიოდია, ნატოსთან მიმართებაში სიტუაცია ცალსახად განსხვავებულია. როცა ნატოს ეხება საქმე, აქ ყველანი მოკავშირეები ვართ და ერთად ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასე რომ არა, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ თურქეთსა და ალიანსის სხვა წევრებს შორის. მინდა ვუთხრა ქართველ საზოგადოებას, რომ ყველა ის ისტორია, სადაც წერია, რომ თურქეთი ნატოს ტოვებს, ცალსახად სიცრუე და ჭორია და ამას ნუ დაიჯერებენ. რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, რეალობა ასეთია – 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში ომის შემდეგ, და მეტიც, ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსი დრამატულად შეიცვალა და ჩვენ ამით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატოს ახლებურ ხედვას შავ ზღვასთან მიმართებაში და როგორც ყოველთვის, მზად ვართ რეგიონალური თანამშრომლობისათვის. აქვე ყურადღებას გავამახვილებ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე – რაც არ უნდა გააკეთოს ნატომ შავ ზღვაში, ალიანსის მანევრები უნდა ჯდებოდეს მონტროს კონვენციის ფარგლებში, რომელიც თურქეთს სრუტეებზე სუვერენიტეტს ანიჭებს, არაშავიზღვისპირა ქვეყნების ხომალდებს კი დროისა და წყალწყვის ლიმიტებს უწესებს. არ მინდა ეს აღიქვათ, როგორც დაბრკოლება, უბრალოდ, ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩვენი სტრატეგიული უსაფრთხოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დოკუმენტია. რაც შეეხება საქართველოს წვლილს, ვფიქრობ, თქვენ ქვეყანას ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია, სწორედ ამიტომ, თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ნატოს ამ ოპერაციებში საქართველოსა და უკრაინის ჩართულობის საკითხი წინ წამოწია. საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქმედებები უნდა ემსახურებოდეს დაძაბულობის განტვირთვას და არა ახალი დაძაბულობის პროვოცირებას.
- დასავლეთში რეჯეფ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის ალიანსზეც ლაპარაკობენ…
- რაც შეეხება რუსეთს, შთაბეჭდილება იქმნება, რომ თუკი რატომღაც, ევროპას ვცილდებით, ე.ი. რუსეთს ვუახლოვდებით. ეს ასე არაა. თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები არ გამოდგება იმ ურთიერთობების ალტერნატივად, რომელიც თურქეთს ნატოსთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან აქვს. ეს ურთიერთობები ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის იმდენად ფასეულია, რომ ვერაფრით ჩავანაცვლებთ. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სხვა მხარეებთან, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებზე უარი ვთქვათ? რუსეთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ჩვენს რეგიონში – თურქეთისგან ამის იგნორირება სრული სისულელე იქნებოდა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ კონფლიქტების გადაწყვეტით და არა ახალი კონფლიქტების შექმნით. რეგიონში ამ კონფლიქტების გადასაწყვეტად კი რუსეთთან მუშაობაა საჭირო. ასე რომ ასეც ვიქცევით – იქნება ეს სირია, მთიანი ყარაბაღი, თუ ქართული კონფლიქტები. რუსებთან საუბრისას ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონსტრუქციულობისკენ მოვუწოდებთ.
- საქართველოში დროდადრო, ასე ვთქვათ, გარკვეული ძალების მიერ ხდება ანტითურქული თემების წამოწევა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ყარსის ხელშეკრულება – ხდება აპელირება, რომ თურქეთს გარკვეული ტერიტორიალური პრეტენზიები აქვს აჭარაზე, რომ მაგალითად, თუ აჭარას ავტონომიური სტატუსი აღარ ექნება, თურქეთს უფლება ექნება ჯარები შეიყვანოს და ა.შ. იქნებ მკითხველს ერთხელ და სამუდამოდ მკაფიოდ განუმარტოთ, სინამდვილეში როგორაა საქმე?
- სამი წელია საქართველოში ვარ და საუბედუროდ, ამ შეკითხვის მოსმენა იმდენად ხშირად მიწევს, რომ ეს უკვე უსიამოვნო სიურპრიზად იქცა. ასე რომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ: თურქეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს ქართულ მიწაზე! ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით! ყარსის ხელშეკრულება უდავოდ გაგრძელდა და მას სრულ პატივისცემას ვუცხადებთ – ყარსის ამ ხელშეკრულების მიხედვით კი ბათუმი და აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. და ეს არასოდეს შეიცვლება! მორჩა და გათავდა.
„კვირის პალიტრა“, 10 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: იუსტიციის სამინისტრო ზურაბ ადეიშვილს გაურიგდა?! // „არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელია ვიხილოთ. მანკიერმა სისტემამ იმდენად გაიდგა ფესვი, რომ მათ თეა წულუკიანზე კარგი „შემსრულებელი“ სჭირდებათ, ეკა ბესელია კი საამისოდ იდეალური ვარიანტია“
რუსუდან შელია
„სასამართლო სისტემაში კრიზისია“, – ასე შეაფასა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციაში არსებული პრობლემები პარლამენტის ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ გამოსავლის საძიებლად მაღალავტორიტეტული ევროპული ექსპერტების მისიის ჩართვაა აუცილებელი. მართლაც არის თუ არა კრიზისი, ვინ არის მასზე პასუხისმგებელი, “კვირის პალიტრას” უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ესაუბრა:
- სასამართლო სისტემაში კრიზისი წლების წინ დაიწყო და მის აღმოსაფხვრელად არც წინა და არც ამჟამინდელ ხელისუფლებას ნაბიჯიც არ გადაუდგამს. მთავარი მიზეზი კი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან ხანგრძლივი კოაბიტაციაა, რაც, დღეს აქტიურ ფაზაშია შესული. ის, რომ იუსტიციის სამინისტრო ვერ ახერხებს სტრასბურგის სასამართლოში კანდიდატურების წარდგენას და თარიღის გადავადებაც კი მოითხოვა, მეტყველებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არსებობენ. პროცესები კოაბიტაციის რეჟიმში რომ არ მიმდინარეობდეს, ევროსასამართლოში მოსამართლის წარდგენა ასე არ გაჭიანურდებოდა.
- ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მძიმე აღმოჩნდა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ახსნად ზურაბ ადეიშვილის კადრის დღემდე ევროსასამართლოში ყოფნა დასახელდა...
- „რუსთავი-2“-ის საქმეზე პრეცედენტული გადაწყვეტილების გარდა, სტრასბურგში მოქალაქეების უამრავი სარჩელია შესული, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთვის დიდი თავსატეხია. ეს უწყება ცდილობს, მოქალაქეებთან გარიგების სანაცვლოდ სტრასბურგში სარჩელების სტატისტიკა შეამციროს. ეს იციან ევროსასამართლოს მოსამართლეებმაც და საკუთარ დამოკიდებულებას მსგავსი გარიგებების მიმართ დაუფარავადაც აფიქსირებენ. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლოში თეა წულუკიანის შერჩეული სამი კანდიდატი არაკვალიფიციურად ჩათვალეს, უწყებამ გადაწყვიტა, სწორედ ზურაბ ადეიშვილთან გარიგებულიყო. ფიქრობენ, სანამ ახალი მოსამართლე გაერკვევა, უმჯობესია, არსებულთან მოვრიგდეთ და მისი საშუალებით ვცადოთ უხერხულობების მოგვარებაო. სხვა ახსნა არა აქვს იმას, რომ მოსამართლეების რეგისტრაციის თარიღმა გადაიწია – სტრასბურგში წოწორიასთან მოლაპარაკების პარალელურად, აქაც საკმაოდ არასასიამოვნო შიდა დინებებია. მაგალითად, ცნობილია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრ თამარ ალანიას სტრასბურგში მოსამართლეობის სურვილი აქვს, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილსა და მის ყოფილ მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილსაც. პაპუაშვილი და ვარძელაშვილი რასაც აკეთებდნენ წლების განმავლობაში, ყველამ იცის. ამავე ჯგუფს წლების განმავლობაში თამარ ალანიაც წარმოადგენდა. ასე რომ, ისინი, შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სახელით მოგვევლინონ.
- ამბობთ, რომ იუსტიციის სამინისტრო პაპუაშვილსა და ვარძელაშვილს გაურიგდა?
- მაქვს ინფორმაცია, რომ ამ სამ პირს კონკურსში ვიხილავთ, იუსტიციის სამინისტრო კი, დიდი ალბათობით, იმის მიხედვით იმოქმედებს, საკუთარი მიზნების მისაღწევად რომელ კანდიდატურას უფრო ეფექტიანად გამოიყენებს. თუ წინა წლების მუშაობას გადავავლებთ თვალს, მერწმუნეთ, მთელი ეს პროცესი ლოგიკურიც კი არის – რისთვის დასჭირდათ მურუსიძე და სხვა კიდევ არაერთი მოსამართლე, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ მითითებებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ასრულებდნენ? 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, სასამართლოში შიდა დინებები დაიწყო, რამაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა. ვფიქრობ, სასამართლო კრიზისში პრეზიდენტი სწორედ ამას გულისხმობდა.
- თავად პრეზიდენტის შერჩეული და წარდგენილი კანდიდატურაა დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. არ ფიქრობთ, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადება მისსავე ქმედებებს ეწინააღმდეგება?
- ასეც შეგვიძლია აღვიქვათ. ნინო გვენეტაძის გარდა, მან კიდევ რამდენიმე მოსამართლე შესთავაზა სასამართლოს, თუმცა სასამართლოს ვერც ნინო გვენეტაძე მართავს და ვერც რამდენიმე მოსამართლე. შიგნით მძლავრი ჯგუფი მუშაობს, რომელიც წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე თავს კომფორტულად გრძნობს. მაინც მინდა მქონდეს იმედი, რომ ერთ დღესაც იუსტიციის სამინისტროში მოვა ადამიანი, რომელიც ქვეყანაში არსებულ მწვავე პროცესებს ადეკვატურად შეაფასებს და ადეკვატურადვე იმოქმედებს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში იუსტიციის მინისტრად ეკა ბესელია ვიხილოთ. მან შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის არარსებობის მიუხედავად, ჩვენ თვალწინ თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა, ბევრიც “იბრძოლა” იმისთვის, რომ დაწინაურებისთვის მიეღწია.
- თუ თქვენი ინფორმაცია გამართლდა, რა პრინციპით ჩაანაცვლებს თეა წულუკიანს ეკა ბესელია?
- მანკიერმა სისტემამ იმდენად გაიდგა ფესვი, რომ მათ თეა წულუკიანზე კარგი “შემსრულებელი” სჭირდებათ, ეკა ბესელია კი საამისოდ იდეალური ვარიანტია.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 აპრილი, 2017 წელი
რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტი „სასამართლოს მეგობარია
„სასამართლოს მეგობარი მეგობრულ რჩევას აძლევს, რომ უკეთესი გადაწყვეტილება გამოიტანოს“
თიკო ოსმანოვა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენის კანონთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას პარლამენტის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუზიარებს. იგი ამას სასამართლოს მეგობრის სტატუსით გააკეთებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა გუშინ პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი მოქალაქეების, ყველა თქვენგანის, თქვენი თავისუფლებისათვის, კანონზე, რომელმაც ბოლო დროს ყველაზე მეტი ღელვა გამოიწვია, საზოგადოების აქტიურობიდან და ერთიანი სულისკვეთებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს და მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით – სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც შესაძლებლობას მომცემს, დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში“.
იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, სასამართლოს მეგობრის სტატუსით სარგებლობის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. „ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართოს, ანუ განმარტება მისცეს იმ საკითხზე, რომელიც განიხილება სასამართლოში. ამას აკეთებენ როგორც მხარეები ექსპერტული დასკვნისა და მოსაზრებისთვის, ისე ეს შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა პირმა. სასამართლოსთვის ეს სავალდებულო არ არის, მაგრამ მიეხმარება. ანუ, სასამართლოს მეგობარი მეგობრულ რჩევას აძლევს, რომ უკეთესი გადაწყვეტილება გამოიტანოს”, – ამბობს ლია მუხაშავრია „მთელ კვირასთან“ საუბრისას. მისივე თქმით, სასამართლოს არ აქვს ვალდებულება, პრეზიდენტის მოსაზრება გაითვალისწინოს, თუმცა იურისტი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ფარული მოსმენის კანონის რამდენიმე მუხლს არაკონსტიტუციურად ცნობს.
„სასამართლოს მეგობრის სტატუსი გადაწყვეტილებაზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, თუმცა ფართოდ გამოიყენება ევროსასამართლოში. ძალიან ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაციები ამ სტატუსით მიმართავენ ხოლმე ევროპულ სასამართლოს და თავის მოსაზრებებს აცნობენ. ეს ძალიან ეხმარება თავად სასამართლოს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ყველა საკითხს შეეხოს, რომ არ დარჩეს რაიმე საკითხი გადაწყვეტილების მიღმა“, – გვითხრა ლია მუხაშავრიამ.
სასამართლოს მეგობრის სტატუსს ანალოგიურად განმარტავს იურისტი ლევან ალაფიშვილიც: „სასამართლოს მეგობარი არის მნიშვნელოვანი ნოვაცია მართლმსაჯულების სისტემასა და საკონსტიტუციო კონტროლის ისტორიაში. სასამართლოს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერ პირს შეუძლია გამოთქვას მოსაზრება სასამართლოს მეგობრის სტატუსით. ეს, რა თქმა უნდა, სასამართლოსთვის არ არის სავალდებულო, მაგრამ განხილვის დროს შესაძლოა, იქცეს ძალიან მნიშვნელოვნად. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უშუალო გავლენა სასამართლოს მეგობარს არ აქვს. მაგრამ თუკი სასამართლო გაითვალისწინებს მისი, როგორც პროფესიონალის, მოსაზრებას, შეუძლია, თავის გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საფუძვლად ეს მიუთითოს”, – გვითხრა ლევან ალაფიშვილმა.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: „ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ მარგველაშვილი დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს“
გვანცა ღვედაშვილი
“პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები ღირებულ პოლიტიკურ გზავნილებს არ შეიცავდა. ეს იყო რიგითი პოლიტიკური აქტი, თუ შეიძლება, მას ასე ვუწოდოთ. ამ გამოსვლით მარგველაშვილმა საკუთარ ოპოზიციურ პრეზიდენტობას დამატებითი შტრიხები შემატა”, – ასე აფასებს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და აქვე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ქმედებები, შესაძლოა, დამოუკიდებელი პოლიტური თამაშის დაწყების სურვილზე მიუთითებდეს.
“მთელ კვირასთან” ინტერვიუში პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს პრეზიდენტისა და უმრავლესობის დაპირისპირებასა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე.
ზაალ ანჯაფარიძე: ვფიქრობ, სირიაში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ჩვენ ერთი რამე დაგვანახა – რომ ბოლო წლებში მსოფლიოში, როგორც ჩანს, დომინანტად არის აღიარებული ძალისმიერი კომპონენტი და ერთგვარად უკანა პლანზე გადაიწია საერთაშორისო შეთანხმებებმა და ნორმებმა. როგორც იტყვიან, ძლიერნი ამა ქვეყნისა თავს უფლებას აძლევენ, გამოიყენონ ძალა იქ, სადაც ისინი თვლიან საჭიროდ ისე, რომ არ დაეკითხონ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამას აკეთებს შეერთებული შტატები იქ, სადაც საჭიროდ მიაჩნია, ამას აკეთებს რუსეთი და ეს ერთგვარად ცვლის იმ საერთაშორისო სტატუს-კვოს, რომელსაც ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში შევეჩვიეთ. ეს, ბუნებრივია, უარყოფით ზეგავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობაზე და ზრდის კონფლიქტის რისკებს.
რაც შეეხება თავად სირიის მოვლენებს, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პრესტიჟსა და იმიჯს სერიოზული ზიანი მიადგა. რუსეთმა ვერ შეძლო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მისი მოკავშირის, ბასარ ალ-ასადის დასაცავად და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა. ეს მიანიშნებს, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც მასზე აღმატებული ძალის წინაშე მზად არის, უკან დაიხიოს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს. თუმცა, სავარაუდოდ, რუსეთი გარკვეულ ასიმეტრიულ პასუხს გასცემს ამერიკელებს, კონკრეტულად რას, ამას უკვე მოვლენების დინამიკა გვიჩვენებს.
- შესაძლებელია, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს?
- ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდებიან. იქიდან გამომდინარე, თუ რა პოზიციას მოისმენს ტილერსონი რუსებისგან, შეგვეძლება ვივარაუდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ გადაწყდება კულუარული მოლაპარაკების შედეგად, რადგან ჯერჯერობით არცთუ ნათლად ჩანს, თუ რა პოზიციები აქვთ მხარეებს. მეორე მხრივ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ გამოძიება, თუ ვის ეკუთვნოდა ქიმიური იარაღი, დასრულებული არ არის. მართალია, ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ის ასადის არმიის მიერ იყო გამოყენებული, მაგრამ ამის მყარი ფაქტები მაინც არ არსებობს. უფრო უპრიანი იქნებოდა, გამოძიების დასრულების შემდეგ გვემსჯელა იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე,
- რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, გასულ კვირას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მორიგი საანგარიშო გამოსვლით წარდგა პარლამენტის წინაშე. თქვენთვის რისი მანიშნებელი იყო პრეზიდენტის გამოსვლა და რა გამოჩნდა ამით?
- პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და შემდგომ გამართულ დებატებს მაინცდამაინც დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ეს იყო, შეიძლება ითქვას, უბრალოდ, ორთქლის მორიგი გამოშვება მხარეების მიერ. პრეზიდენტის ამ გამოსვლით კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი დაპირისპირება “ქართულ ოცნებასთან” და შესაძლოა, ესეც იყო მარგველაშვილის მიზანი – რომ კიდევ ერთხელ გამოეხატა ოპონირება მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ. როგორც ჩანს, მას ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, თუკი ის დააპირებს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყებას და ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ პროცესები სწორედ აქეთ მიდის. სხვა მხრივ შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა და დებატები ღირებულ პოლიტიკურ გზავნილებს არ შეიცავდა და ეს იყო რიგითი პოლიტიკური აქტი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ. ამ გამოსვლით გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ ოპოზიციურ პრეზიდენტობას დამატებითი შტრიხები შემატა.
- მომავალ კვირას საკონსტიტუციო კომისია მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს წარმოადგენს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მისაღები იქნება მასში შესატანი საკითხები პოლიტიკური სპექტრისთვის და საზოგადოებისთვის და რა მოლიდინი გაქვთ თქვენ?
- ჩვენ ჯერ უნდა ვნახოთ ის დოკუმენტი, რომელსაც “ქართული ოცნება” წარადგენს. სწორედ მისი ნახვის შემედგ შეგვეძლება მსჯელობა, რამდენად საფუძვლიანია ოპონენტების კრიტიკა და გავიგებთ, მოარგო თუ არა “ქართულმა ოცნებამ” ეს ცვლილებები საკუთარ ინტერესებს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ განისაზღვრება ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა გადანაწილების პრინციპი, როგორი იქნება საბოლოოდ პრეზიდენტის არჩევის წესი და როგორ იქნება კონსტიტუციაში ასახული ადამიანის უფლებათა კომპონენტი. ამასთან, ვფიქრობ, მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება, შეასრულებს თუ არა მმართველი გუნდი თავის დაპირებას – რომ კონსტიტუციაში ასახოს ქორწინებისა და ოჯახის ახლებური განსაზღვრება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის მიმართ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ვენეციის კომისიას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. შესაბამისად, რადგან არ ვიცნობ კონსტიტუციის სამუშაო ვერსიას, მის ავკარგიანობაზე ვერ ვისაუბრებ. ამაზე საუბარი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც დოკუმენტი გასაჯაროვდება.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 აპრილი, 2017 წელი
რა ხდება საკონსტიტუციო კომისიაში: ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება კომისიის შემადგენლობა დატოვოს
სალომე სარიშვილი
საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტის შესახებ კომისიის შემადგენლობა და საზოგადოება ინფრომაციას, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს ან არაუგვიანეს მაისის დასაწყისში გაეცნობა. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი უკვე მეორედ აანონსებს, რომ აპრილის ბოლოსთვის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი განსახილველად მზად იქნება. მანამდე კი, 11 აპრილს კომისია მუშაობის ბოლო – მესამე ეტაპს იწყებს, რომლის დროსაც კომისიის წევრებმა უკვე შეთანხმებული ცვლილებების სამუშაო ვერსია უნდა განიხილონ და ბოლო კორექტივები შეიტანონ.
ოპოზიციის ნაწილს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა საბოლოო პროექტის წარდგენამდეც კი დატოვოს.
კომისიის დღის წესრიგი
ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტის შესახებ განცხადება კომისიის თავმჯდომარემ დაახლოებით ერთი კვირის წინ გააკეთა და თქვა, რომ ცვლილებების პაკეტი კომისიის პლენარულ სხდომას 10 აპრილის შემდეგ წარედგინება.
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დაახლოებით ერთი კვირის წინ განუცხადა, რომ ცვლილებების პროექტი საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომას 10 აპრილის შემდეგ წარედგინება.
„კომისიაში წარმოდგენილია 73 წევრი, მათ შორის ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია. მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში. კომისიას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის თანახმად, 10 აპრილის შემდეგ გაიმართება დისკუსიების მესამე რაუნდი, რის შემდეგაც ჩვენ არა მარტო ჩვენს მოსაზრებებს, არამედ უკვე კონკრეტულ პროექტს წარვუდგენთ კომისიის პლენარულ სხდომას. უკვე აპრილის ბოლოს კი დამტკიცდება საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ინიციატივის სახით იქნება შეტანილი საქართველოს პარლამენტში. ის დოკუმენტი გასცემს ყველა კითხვას პასუხს, რომელიც დასმულია. ყველა რეალურად კვალიფიციური პარტია წარმოდგენილია საკონსტიტუციო კომისიაში და მათ აქვთ სრული შესაძლებლობა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და ამ მოსაზრებების ძალიან დიდი ნაწილი უკვე ასახულია იმ პროექტში, რომელიც მუშავდება ამჟამად კომისიის სამდივნოში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის: საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა სამ თვეზე მეტია, მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობს, მათ შორის, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცაზე, მისი არჩევის წესზე, ქვეყნის ევროპულ ორიენტაციაზე კონსტიტუციაში შესაძლო ჩანაწერის შექმნაზე და ა.შ.
მსჯელობის დაწყებამდე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები პროგნოზირებდნენ, რომ დოკუმენტი მზად სამი თვის ვადაში იქნებოდა, რასაც შემდგომ საერთო სახალხო განხილვა მოჰყვებოდა. როგორც “მთელ კვირას” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა განუცხადა, მმართველ პარტიას სამუშაო პროცესზე დროის შეზღუდვა არ დაუწესებია და, შესაბამისად, ეს პროცესი უახლოეს კვირაში კვლავ გაგრძელდება. ხვალ, 11 აპრილს საკონსტიტუციო კომისია მორიგ სხდომას გამართავს, რითაც კომისიის მუშაობის ე.წ. მესამე რაუნდი დაიწყება. სამუშაოს დასრულებისა და საკონსტიტუციო ცვლილებათა საბოლოო პაკეტის საზოგადოებისათვის წარდგენის ზუსტი თარიღიც, შესაძლოა, სამშაბათს დასახელდეს.
„ჩვენ ვთქვით, რომ პირველ მაისამდე ცვლილებების პაკეტი მზად იქნებოდა და, შესაბამისად, მასზე სამუშაოდ 4 თვე ავიღეთ. სავარაუდოდ, აპრილის ბოლოსთვის პაკეტი მზად იქნება და საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება საბოლოოდ, რა პროექტს შეიმუშავებს კომისია,” – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას გიორგი კახიანი.
რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას
ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილსა და ამავდროულად კომისიის წევრებს კი სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ და ამბობენ, რომ მოსალოდნელ ცვლილებებზე სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობენ.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი და საკონსტიტუციო კომისიის წევრი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ სრულყოფილ ინფორმაციას არა მხოლოდ საბოლოო პაკეტის, არამედ მომავალში შესაძლო განსახორციელებელი ცვლილების შესახებაც კი არ ფლობს. იგი ამის მიზეზსაც განგვიმარტავს და ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” ცვლილებები უკვე წინასწარ აქვს მომზადებული და გეგმავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კომისიის სახელით დაამტკიცოს.
შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ ამ ფორმატით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა გაუმართლებელი და არაკეთილსინდისიერია. იგი “მთელ კვირასთან” საუბრისას ყურადღებას საქართველოში ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა სტუმრობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ უმრავლესობამ მათ მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მომზადებული დოკუმენტი ისე გადასცა, რომ კომისიის დანარჩენ შემადგენლობას ის არც გააცნო და არც საქმის კურსში არ ჩააყენა.
“როდესაც ვენეციის კომისია ჩამოვიდა, უმრავლესობამ მას უკვე დოკუმენტი (დრაფტი) გადასცა, ანუ მათ უკვე მოფიქრებული აქვთ, რა ცვლილებებს გაატარებენ, ჩვენ კი კომისიის წევრებს ისე ვხვდებოდით, რომ ეს დრაფტი ხელთ არ გვქონდა. მაშინ მოდერატორს მივმართე, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ამის შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინა, რადგან სხვა თუ არაფერი, ეს უხერხული იყო. დოკუმენტი, რომელზეც უნდა გვესაუბრა, მათ ხელთ ჰქონდათ, ჩვენ კი, კომისიის წევრებმა, არ ვიცოდით, რა ეწერა მასში. ვენეციის კომისიის წევრებმა კი ჩვენს მოთხოვნაზე ერთმანეთს გადახედეს. აი, ასეთი არაჯანმრთელი სიტუაციაა ამჟამად,” – აცხადებს შალვა შავგულიძე. მისივე თქმით, ეს იმისთვის კეთდება, რომ დანარჩენმა კომისიის წევრებმა რეაგირება ვერ მოასწრონ და თუ ოპონირება იქნება საჭირო, ესეც ვერ მოახერხონ, თავად კი მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველი ძალის ინტერესში შედის.
“ეს იმისთვისაა, რომ პოტენციურად ოპოზიციურად განწყობილი კომისიის წევრები დროის ცაიტნოტში აღმოჩნდნენ და საკითხების გააზრება, ოპონირება ვერ მოასწრონ, თუნდაც იმით, რომ პროტესტის ნიშნად კომისია დატოვონ. არსებობს რაღაც წითელი ხაზები, რომლის გადალახვის შემდეგაც ჩვენ ამ პროდუქტზე პასუხისმგებლობას არ ავიღებთ,” – აღნიშნავს კომისიის წევრი.
შალვა შავგულიძის შეფასებით, “ქართულ ოცნებას” კომისიის არაკეთილსინდისიერი ორგანიზების ფორმით საკუთარ ინტერესზე მორგებული კონსტიტუციის მიღება სურს, რომელსაც შემდგომ საერთო სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას დაარქმევს.
„დასაწყისშივე, როცა უმრავლესობამ მუხლობრივად მუშაობის ფორმა შემოგვთავაზა, პირველსავე სხდომაზე ვთქვით, რომ ასეთი ფორმატით მუშაობა არაპროდუქტიული იქნება. მაშინაც ვთქვი და ვიმეორებ, რომ კონსტიტუციას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ კონსტიტუცია არ არის სიმინდის ყანა, რომ მიადგე და რიგების მიხედვით, პირველი მუხლიდან ბოლო მუხლამდე გათოხნო და გადაუარო. აქ საკითხი სხვანაირად დგას – რადგან უმრავლესობამ, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება აქვს, გადაწყვიტა, რომ კონსტიტუცია რეფორმას საჭიროებს, მაშინ წარმოგვიდგინოს ჩვენ და უპირველესად საზოგადოებას, თუ რა კონცეპტუალურ ცვლილებებს ხედავს საჭიროდ. კომისიამ ამ კონცეფციის ირგვლივ უნდა იმსჯელოს, შემდეგ კონსენსუსის მიღწევა მოხდეს, მისი მუხლობრივი ასახვა კი იურიდიული ტექნიკის საქმეა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება პასუხისმგებლობას აიღებს იმაზე, თუ რა ცვლილებების გატარებას აპირებს და, შესაბამისად, ყველასთვის ნათელი გახდება, თუ რა ცვლილებებზეა საუბარი. მმართველ ძალას სწორედ ამის დაფარვა სურს. ხოლო იმ ცვლილებების გატარება, რასაც ხელისუფლება აპირებს, მის ყველა ინსტიტუტზე გავლენის გაძლიერებას ემსახურება და უპირველესად პრეზიდენტზე, რაც წლების განმავლობაში ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ გვთავაზობენ ასეთ ფორმატს, რომ შემდეგ ეს ცვლილებები კომისიის სახელით გავიდეს, რაც სინამდვილეში ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ცვლილებები იქნება, ოღონდ საკონსტიტუციო კომისიის სახელით,” – ამბობს შალვა შავგულიძე.
მას აშფოთებს ის ფაქტი, რომ მუშაობა ასეთ ფორმატში გრძელდება. მიიჩნევს, რომ ესაა წინა ხელისუფლების მეთოდის კალკირება – ხელისუფლების უზურპაცია, შემდგომ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება, შემდეგ საარჩევნო სისტემის თავის თავზე მორგება და ა.შ. „ვის გაუგია ასეთ ფორმატში თუნდაც ნებისმიერ კანონზე მუშაობა?! ყველამ ვიცით, შედეგად ამას რა მოჰყება. გარდა ხელისუფლების დაკარგვისა, ზოგიერთი პოლიტიკოსი მერე საზღვარგარეთ გარბის და ზოგიერთი ციხეში მიდის, იმდენი აქვს დაშავებული. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება, კულტურულ და ცივილიზებულ ქვეყნად ვიქცეთ?” – განუცხადა “მთელ კვირას” შალვა შავგულიძემ.
საკონსტიტუციო კომისიის კიდევ ერთი წევრი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ საბოლოო პაკეტის შესახებ “ევროპულ საქართველოს” ინფორმაცია ჯერ არ აქვს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ამ კვირაში კონკრეტული შემოთავაზებები უკვე მზად იქნება.
“ყოველ შემთხვევაში, რაც აქამდე მოვიკითხეთ და ყოველდღე ვკითხულობთ, ჯერ პროექტი მზად არაა. რაც შეეხება ვენეციის კომისიისთვის მიწოდებულ ინფორმაციას მოსალოდნელ ცვლილებებზე, ეს დოკუმენტი ჩვენ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, დაახლოებით ვიცით, რაზეა აქ საუბარი, რადგან კომისიის წევრებს ჩვენც შევხვდით და კონტრარგუმენტები წარვუდგინეთ, თუმცა თავად ეს დოკუმენტი ჩამოყალიბებული ფორმით ნანახი არ მაქვს,” – გვითხრა სერგი კაპანაძემ.
მმართველი გუნდის პასუხი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და კომიის წარმომადგენელი გიორგი კახიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ უმრავლესობამ ვენეციის კომისიას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დოკუმენტი წარუდგინა. კახიანის თქმით, ეს ვერც მოხდებოდა, რადგან პროექტი ჯერ მზად არაა. „ვენეციის კომისიას ჯერ არანაირი პროექტი არ წარდგენია. პროექტი არც შემუშავებულა და რა წარედგინებოდა? ეს მოხდება მას შემდეგ, რაც პროექტი საბოლოოდ იქნება შემუშავებული, ხოლო როდის იქნება ეს, ამაზე უკვე გიპასუხეთ. იმ პირობებში კი, როცა ჯერ საბოლოო პროექტი არაა შემუშავებული, ბუნებრივია, ვერც ვერაფერი წარედგინებოდა,” – ამბობს იგი.
რაც შეეხება ოპოზიციის შენიშვნას იმის შესახებ, რომ მმართველი ძალა საბოლოო დოკუმენტის შესახებ კომისიის დანარჩენ წევრებს ინფორმაციას არ აწვდის, დეპუტატი ამას ასე პასუხობს: „როგორც ჩანს, ბატონი შალვა სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს არ ესწრება, ან მხოლოდ ერთის წევრია და სხვებში არ მონაწილეობს. ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი. მას აქვს შესაძლებლობა, ყველა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. შეუძლებელია, ვინც ამ ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობს, წარმოდგენა არ ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის პროექტებია წარმოდგენილი.
“რაც შეეხება საბოლოო პროექტს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს დოკუმენტი ჯერჯერობით მზად არაა. რა თქმა უნდა, ალტერნატივები, რაც ამ 3 თვის განმავლობაში სხვადასხვა ინიციატორების მხრიდან იყო წარმოდგენილი, არსებობს, მაგრამ ეს არც საბოლოო და არც შუალედური პროექტი არ არის,” – გვითხრა გიორგი კახიანმა.
“რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 აპრილი, 2017 წელი
რა ხდება საკონსტიტუციო კომისიაში: ვის აქეზებს გიორგი მარგველაშვილი?
ოპოზიცია და არასამთავრობოები პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისათვის წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ
თიკო ოსმანოვა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დასასრულს უახლოვდება. დღეს და ხვალ ბოლო – მესამე ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რომელთაც, დიდი ალბათობით, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები სრული შემადგენლობით დაესწრებიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, ვინ გააგრძელებს კომისიაში მუშაობას და ვინ – არა.
კომისიის დატოვება-არდატოვებასთან დაკავშირებით რომ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს როგორც ოპოზიციაში, ისე არასამთავრობო სექტორში, ამას არც მალავენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ ამ საკითხზე პრეზიდენტთან კონსულტაციების გამართვას. შესაბამისიდ, მათვის გაუგებარია პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებები პრეზიდენტის ადმინისტრაციისადმი. ამბობენ, რომ კომისიას იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ არ მოხდება მათი პოზიციების გაზიარება, ამ ეტაპზე კი ამასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდიბი აქვთ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან კონსულტაციებს მართავს, რათა მათ საკონსტიტუციო კომისია დატოვონ.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ატარებენ ღია კამპანიას საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, მე დაახლოებით 1 კვირის წინ მომაწოდეს სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონსულტაციები იმართება ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პარტიებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დატოვონ კომისიის რიგები. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია და იმედია, რომ ასეთ შედეგს ჩვენ არ ვიხილავთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თუმცა ვინ მიაწოდა ირაკლი კობახიძეს ეს ინფორმაცია, ამის შესახებ არაფერი იციან საპარლამენტო უმრავლესობაში. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მან ამის შესახებ პირველად პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლიდან გაიგო. ოპოზიცია და არასამთავრობოები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების გამართვას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა კომისიის დატოვება ზოგადად დღის წესრიგში რომ დგას, ამას ადასტურებენ. ამ ეტაპზე კი კონსტრუქციულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და ეცნობიან კონსტიტუციის პროექტს, რომელიც კომისიის წევრებს 7 აპრილს გადაეგზავნა.
“მთელი კვირის” ინფორმაციით, კონსტიტუციის პირველად პროექტში პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზეა საუბარი. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, როგორც ცნობილია, ხელისუფლება ნაწილობრივ დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნას და მზადაა, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის თქმით, კომისიის მუშაობის ორი ეტაპის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მოხდა ზოგიერთი მოსაზრების გაზიარება და ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოსაზრებების გაზიარების იმედი აქვს.
„მსგავსი კონსულტაციები არ გამართულა და არც მსმენია, რომ ვინმესთან გაემართოთ. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, სხვა შემთხვევაში თვითონ ხელისუფლება დაადასტურებს, რომ ჩვენს ჩართულობას მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა. ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი საკითხია საარჩევნო რეფორმა, ანუ როგორი საარჩევნო წესი გვექნება საპარლამენტო არჩევნების დროს. ამაზე ერთიანი აზრია ოპოზიციაში და ხელისუფლებაში, რომ არსებული სისტემა შესაცვლელია, მაგრამ მიუღებელია ის მოდელი, რომელსაც უმრავლესობა გვთავაზობს. ვნახოთ, როგორ წარიმართება დისკუსიები მესამე რაუნდში. რაღაც მოსაზრებები გაზიარებული იქნა, თუმცა მნიშვნელოვანი მოსაზრებების გაზიარების იმედი ჯერ კიდევ გვაქვს. ვნახოთ”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას ანა ნაცვლიშვილი.
კომისიის დატოვებას არ აპირებს და არც მსგავსი კონსულტაციების გამართვას ადასტურებს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი და კომისიის წევრი დავით ასათიანი, ასევე “სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე. მეტიც, ბენიძის თქმით, სამოქალაქო სექტორი, პირიქით, ითხოვდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან, რომ შეეწყვიტათ პროტესტი და ისინიც ჩართულიყვნენ კომისიის მუშაობაში.
„მსგავსი კონსულტაციების შესახებ არაფერი მსმენია, პირველად გავიგე. თუმცა ჩვენ გვქონია პრეზიდენტთან საუბარი მისი მხრიდან კომისიის ბოიკოტირებაზე და, სხვათა შორის, პირიქით, გამოვხატეთ მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა, კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ ჩართული. საბოლოო ჯამში, ეს წაადგებოდა მთლიანად პროცესს და შეიძლება ჩვენი პოზიციების მხარდამჭერიც ყოფილიყო. ჩვენი ჩართულობით რაღაც კონკრეტულ საკითხებზე შეჯერება მომხდარა. რიგი ფორმულირებები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელი იყო, შეიძლება ითქვას, შეცვლილა. რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა მოსაზრება გათვალისწინებული არ ყოფილა და გვაქვს განცდა, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რათა უკეთ ასახულიყო სამოქალაქო პოზიციები, მაგრამ პროცესი გრძელდება და უმჯობესია კონსტრუქციულ რეჯიმში დარჩენა და მუშაობის გაგრძელება”, – გვითხრა მიხეილ ბენიძემ და არ უარყო, რომ, ზოგადად, კომისიის დატოვების საკითხი დღის წესრიგში იდგა.
„რა თქმა უნდა, სხვადასხვა დროს მოქმედების სხვადასხვა გეგმა განიხილებოდა, მაგრამ საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ჩვენ გვქონდა პოზიცია, რომ თუ უმრავლესობა არაფერს გაითვალისწინებდა, მაშინ, ბუნებრივია, დარჩენას აზრი არ ექნებოდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რიგ საკითხებზე მოხდა გაუმჯობესება. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები დავიცვათ კიდევ უფრო მეტად. ვნახოთ, ბოლო შეხვედრები როგორ დამთავრდება”, – გვითხრა მიხეილ ბენიძემ.
არასამთავრობოების მსგავსად, პრეზიდენტთან კომისიის დატოვებაზე კონსულტაციას არც ოპოზიციურ პარტიებში ადასტურებენ.
„თუკი საკონსტიტუციო კომისია ასცდება ამ მთავარ მიზანს და საუბარი გვექნება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცაზე, სხვადასხვა ინსტიტუტზე “ქართული ოცნების” პოლიტიკური გავლენის გაძლიერებაზე და ამის კონსტიტუციურ პრინციპებში ასახვაზე, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიფიქრებთ, გავაგრძელოთ თუ არა მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიაში,” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე. თუმცა იგი ამბობს, რომ მსგავსი სახის კონსულტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და “ევროპული საქართველოს” წევრებს შორის არ შემდგარა.
ანალოგიურ პოზიციაზეა “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე შალვა შავგულიძე. მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტს ახლა ეცნობა და თუ ნახავს, რომ არ ღირს მასზე პასუხისმგებლობის აღება, მაშინ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მსგავსი კონსულტაციები არ გამართულა, არავითარი ასეთი მოწოდება პრეზიდენტის მხრიდან არ ყოფილა. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილ პარტიებსა და არასამთავრობოებს არაერთხელ განგვიცხადებია, რომ თუ საკონსტიტუციო კომისია არ გაითვალისწინებს არანაირ განსხვავებულ მოსაზრებას და საბოლოოდ პროდუქტს შექმნის მხოლოდ უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ დამაზიანებელ პროდუქტზე, რომელსაც შექმნის კომისია. თუ ცვლილებები მოემსახურება არა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესებს, არამედ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების სრულ უზურპაციას, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით, დავტოვოთ კომისია, რათა არ გავიზიაროთ პასუხისმგებლობა. ამ დოკუმენტს ახლა ვკითხულობ. ვნახავ. თუ ღირს მასზე პასუხისმგებლობის აღება, რა თქმა უნდა, ავიღებ. კომისიის დატოვება თვითმიზანი არ არის”, – გვითხრა შალვა შავგულიძემ.
„ახალი თაობა“, 10 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ჯერ არ ვიცით, იცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა“ // „გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, არავისი იყოს“
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო დაელოდება, თუ რა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დადებს ხელისუფლება.
- ბატონო მამუკა, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. თქვენ რა გზავნილები წაიკითხეთ?
- სხვა დანარჩენ გამოსვლებთან შედარებით, პრეზიდენტის წლევანდელი მიმართვა პარლამენტისადმი კომპაქტური, მოკლე იყო. პრეზიდენტი შეეხო ყველა საკითხს, თუმცა, ის არ იყო ყოვლისმომცველი. მეტი დეტალიზაცია, მით უფრო, როდესაც დებატები დაინიშნა, არ იქნებოდა ურიგო. პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს და ახერხებს, რომ არ იყოს რომელიმე პოლიტიკური მხარე. გასაგებია, რომ სახელისუფლებო პარტია განაწყენებულია და კმაყოფილი არ არის პრეზიდენტის ამ პოზიციით, არ მოსწონთ, რომ პრეზიდენტი აკრიტიკებს. პარალელურად განაწყენებულია ოპოზიცია, რადგან ისინი ხელისუფლების მიმართ მეტ კრიტიკას ელოდნენ პრეზიდენტისგან, თუმცა მარგველაშვილმა ყველას აუხსნა, რომ ის ცდილობს, არავისი არ იყოს და იყოს ყველასი.
- პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძემ პრეზიდენტს სერიოზული ბრალდება წაუყენა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არასამთავრობოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გადაბირებას ცდილობს, რომ მათ დატოვონ საკონსტიტუციო კომისია. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- მე ძალიან მარტივი და ნათელი პოზიცია მაქვს ამ საკითხზე: მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო კომისია სათავისოდ დააკომპლექტა და ჩაკეტა, ასევე გააგრძელა ჩაკეტილი მუშაობა კომისიაში, ბუნებრივია, გაჩნდა და თანდათანობით გროვდება ეს უკმაყოფილება პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის მხრიდან.
- კონკრეტულად რით გამოიხატება უკმაყოფილება?
- იმით, რომ ისინი ვერ ხედავენ საკუთარი პოზიციების გათვალისწინებას. როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ უკვე იცის, რომ არ ასცდება მარტო დარჩენა და ამიტომ ახლა ცდილობს, ჯოხი პრეზიდენტზე გადატეხოს. ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ თუ ხელისუფლება შეუვალ პოზიციაზე დარჩება და არ გაითვალისწინებს ოპოზიციის არანაირ წინადადებას, იქ ანტურაჟის პოზიციაზე ყოფნას არავინ აპირებს. ხელისუფლებას სურს, ამ პროტესტს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული დაარქვას. არ არის რთული იმის ამოცნობა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გაახმოვანა. თუ ვინმე საკონსტიტუციო კომისიას დატოვებს, „ოცნებამ“ ეს პრეზიდენტს კი არა, საკუთარ კარჩაკეტილობას უნდა დააბრალოს.
პრეზიდენტს ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა, რადგან ჩვენ ამ კომისიაში არ ვართ, თუმცა მე კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოში ყოველთვის ვაცხადებ, რომ თუ შეუვალი იქნება „ქართული ოცნება“ თავის პოზიციაში და შეეცდება მის შენარჩუნებას, მაშინ ის მარტო უნდა დარჩეს საკონსტიტუციო კომისიაში, ყველას დასანახად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამას მე ორგანიზებასაც კი გავუწევ. ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდება, ვინ რას აკეთებს.
- ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება. არ გჯერათ?
- ჯერ არავინ არაფერი იცის, თუ რა იცვლება. ეს იციან მხოლოდ ჩაკეტილ კარს მიღმა მყოფმა „ქართული ოცნების“ წევრებმა. თუ იცვლება ისე, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს, მაგრამ პროპორციული სისტემით მოხდეს იგივე, მოიპარონ მანდატები, მაშინ, პირდაპირ ვამბობ, არაფერი არ იცვლება. ასეთი ცვლილების აზრს ვერ ვხედავ. მაჟორიტარული სისტემით მოიპარავ მანდატს თუ პროპორციულით, რა განსხვავებაა? აქედან გამომდინარე, ჯერ ნახოს დღის სინათლე იმ პროექტმა, რომელიც კაბინეტებში მიდი-მოდის და შემდეგ ვისაუბროთ, რა იცვლება და როგორ.
„ახალი თაობა“, 10 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ ნატო იმნაძესთან: „“თენგიზ კიტოვანმა წყალტუბოს პოლიციიდან, ფაქტობრივად, მომიტაცა“ // ვის დაავალა ასლან აბაშიძემ ნოდარ იმნაძის ოჯახის წევრების ჩაცხრილვა
მომავალ კვირას ხმაურიანი სასამართლო პროცესი გაიმართება. ასლან აბაშიძის მიერ მოკლული ნოდარ იმნაძის ოჯახი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს 104-ე მუხლი 107-ე მუხლით შეუცვალა.
„ახალი თაობა“ უკვე წერდა, თუ რა მოხდა 1991 წლის 30 აპრილს ნოდარ იმნაძის კაბინეტში. მისი ქალიშვილი ნატო იმნაძე, რომელიც მამის მკვლელობის თვითმხილველია, გვიყვება, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი აბაშიძის სამუშაო ოთახში, ვინ გადაარჩინა მისი ოჯახის წევრები და როგორ დატოვა უზენაესი საბჭოს შენობა.
- ნატო, რატომ მიხვედით მამასთან ერთად ასლან აბაშიძესთან? წინა ინტერვიუში თქვენ გვითხარით, რომ ამ მკვლელობამდე მათ შორის სიტუაცია დაძაბული იყო...
- 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველო დაზარალდა. ქვეყნის მასშტაბით მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად რამდენიმე შტაბი შეიქმნა. ცენტრალური შტაბი იყო ქუთაისში. შტაბი ბათუმშიც შეიქმნა, რომელიც უზენაესი საბჭოს შენობაში განთავსდა. მამაჩემი, ნოდარ იმნაძე, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, გვარდიის დამფუძნებელი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ქუთაისის შტაბში გამოიძახეს, სადაც ზვიად გამსახურდიას უნდა შეხვედროდა. ქუთაისში გამგზავრებამდე მამამ 15-20 გვარდიელის მობილიზება მოახდინა და გავეშურეთ ბათუმის გასასვლელისკენ. მეც მათთან ვიყავი. მოულოდნელად ნოდარის მანქანა გამოეყო მანქანების კოლონას და მივედით უზენაესი საბჭოს შენობასთან. ჩვენთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ გვარდიის უფროსი მონიავა და მისი სიძე ჩხაიძე. მანქანა გაჩერდა უზენაესი საბჭოს შენობის წინ.
- მამამ არ გითხრათ, რატომ დაბრუნდა ქალაქში ან ვისთან მიდიოდა უზენაეს საბჭოში? ეს ამბავი უცნაურად არ მოგეჩვენათ?
- მანქანაში არ ყოფილა საუბარი, თუ სად, ვისთან და რისთვის მიდიოდა ნოდარ იმნაძე. ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან უზენაესი საბჭოს შენობაში იყო მიწისძვრით დაზარალებულთა შტაბი. მანქანიდან გადმოვედით მე და მამა. მამამ სთხოვა მონიავასა და ჩხაიძეს, არ გაჰყოლოდნენ. უზენაესი საბჭოს შესასვლელთან შეგვხვდნენ ხელვაჩაურის პრეფექტი ბესო ბიბინეიშვილი და მისი მოადგილე არსენ სურმანიძე. მამამ რამდენჯერმე სთხოვა, არ აჰყოლოდნენ ზემოთ. მას სურდა, მარტო შევსულიყავით. ისინი არ მოეშვნენ და მაინც ამოგვყვნენ კიბეებზე, სადაც მამამ მათი ჩამოშორების მიზნით ჭერში გაისროლა.
ასლან აბაშიძის კაბინეტის კარი გავაღე და პირველი შევედი. ჩვენ წინ იდგა ასლან აბაშიძე, მარცხნივ – ანზორ ჯაიანი, მარჯვნივ, ფანჯარასთან, იატაკზე იმალებოდა მურმან ომანიძე. როგორც კი შევედი, პირველად მათი მხრიდან მოხდა გასროლა. მალევე შემოვიდა მამა და დაიწყო ორმხრივი სროლა. მამა ისროდა იატაკის მიმართულებით. გარკვეული დროის შემდეგ ნოდარმა სროლა შეწყვიტა, ავტომატი ასწია ჭერის მიმართულებით და უკუსვლით გავიდა ასლან აბაშიძის სამუშაო ოთახიდან. მამას სწრაფი ნაბიჯით გაეკიდა იარაღმომარჯვებული ასლან აბაშიძე.
- თქვენ ოთახში დარჩით?
- მეც გამოვედი მდივნის ოთახში და შევჩერდი კართან, რადგან ჩემ წინ მამა და აბაშიძე იდგნენ. ნოდარი გავიდა მდივნის ოთახში და უკუსვლით მიუახლოვდა მდივნის მაგიდას. აბაშიძე მივიდა მამასთან, მოჰკიდა პერანგში ხელი და სახის არეში რამდენჯერმე ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. მამამ მოახერხა, თავი დაეღწია, რის შედეგადაც აბაშიძე წაბორძიკდა. მამამ დაკარგა წონასწორობა და, მძიმედ დაჭრილს, ხელიდან გაუვარდა ავტომატი, რომელიც დავარდა ასლან აბაშიძის სამუშაო ოთახის ღია კართან და ბარბაცით, მძიმედ დაჭრილი, დიდი ნაბიჯებით გავიდა დერეფანში. ნოდარის მიერ დავარდნილი ავტომატი აბაშიძემ ხელში აიღო და იარაღმომარჯვებული გაეკიდა ნოდარს. დერეფანში გასვლისას დავინახე, რომ კიდევ ერთხელ დაუმიზნა ავტომატი და გაისროლა. მე აღარ გავყევი მათ და შევბრუნდი აბაშიძის სამუშაო ოთახში, სადაც დამხვდნენ ომანიძე და ჯაიანი. რაღაც დროის შემდეგ შემოვიდა აბაშიძე თავის სამუშაო ოთახში, იარაღი მომადო გულ-მკერდის არეში და მითხრა: `რაო, შე ძაღლისშვილო, ვერ მომკალით?!~ ამ დროს შევნიშნე, რომ ასლან აბაშიძეს პერანგის საყელო ჰქონდა მორღვეული და საყელოსთან ერთად ასევე ახეული ჰქონდა კანი. ამ დროს მომვარდა ანზორ ჯაიანი, აბაშიძეს აუკრა ხელი, შალითიდან ამომიღო იარაღი, ხელი მკრა და ასლან აბაშიძის სამუშაო ოთახიდან გამომაგდო.
- ასლან აბაშიძე არ გამოგყოლიათ?
- არა. კაბინეტიდან გამოსული, გავიქეცი დერეფანში და წამოვკარი ფეხი ნოდარის სხეულს, რომელიც იყო სისხლის გუბეში. მამა უკვე მკვდარი იყო და ყვირილით ჩამოვედი პირველ სართულზე, ვიძახდი, რომ მამა მომიკლეს. კატეგორიულად მოვითხოვდი, სასწრაფოდ დამეტოვებინა აჭარის ტერიტორია, რადგან მე მკვლელობის მოწმე ვიყავი და იყო დიდი საშიშროება ჩემი და ჩემი ოჯახის ლიკვიდაციისა. მე, დედა და ჩემი მეუღლე თემურ ქობალავა ქუთაისისკენ წამოვედით. ვიცოდი, რომ იქ პრეზიდენტი გველოდებოდა.
ქუთაისის შესასვლელთან ქუჩა იყო გადაკეტილი, პიკეტზე ქუჩას ანათებდა პროჟექტორები და რამდენიმე ათეული მილიციელი იდგა. მანქანა გავაჩერეთ, გადმოვედით და მათ ჩვენი ვინაობა ვაცნობეთ. იქ იდგა მამაკაცი, რომელსაც მილიციის ფორმა არ ეცვა, ჩემკენ თითი გამოიშვირა და იყვირა, აი, ეს არის მკვლელიო. ამის შემდეგ თემური და დედა სხვა მანქანაში ჩასვეს, ხოლო მე – სხვაში და ცემით მიმიყვანეს ქუთაისის პოლიციაში. იქ მოვიდა სამტრედიის პრეფექტი ზვიად ძიძიგური. მისი მოსვლის შემდეგ გაირკვა ჩვენი ვინაობა და სიტუაცია განიმუხტა. ძიძიგური რომ არა, შეიძლება, ჩავეცხრილეთ.
- ვის უნდა ჩაეცხრილეთ, ასლან აბაშიძის ხალხს?
- ასლან აბაშიძის ხალხს, როგორც იმნაძის მკვლელები. მოგვიანებით ამის შესახებ ასეთ რამეს ყვება თენგიზ სიგუა: „ბათუმიდან დაირეკა და ითქვა, ესა და ეს მანქანა მოდის და გააჩერეთ, თუ არ დაგემორჩილებათ, ჩაცხრილეთ, რადგან ისინი ნოდარ იმნაძის მკვლელები არიანო. კიდევ კარგი, ზვიად ძიძიგურმა მოუსწრო ამ სიტუაციას და, როგორც დეპუტატმა და სამტრედიის პრეფექტმა, დაუდასტურა, რომ ისინი იყვნენ იმნაძის ოჯახის წევრები და ჩამოიყვანა წყალტუბოში“. თენგიზ სიგუა მიწისძვრასთან დაკავშირებით თათბირს ატარებდა. ჩვენ მაინც შეგვხვდა და მოგვისმინა, მერე თათბირის ჩასატარებლად წავიდა, რის შემდეგაც ერთად უნდა წავსულიყავით თბილისში. თენგიზ სიგუა თათბირზე რომ წავიდა, მისი ტელეფონით გვარდიის სარდალ თენგიზ კიტოვანს დავუკავშირდი, ვუთხარი, რომ ჩემი ოჯახის ლიკვიდაციის საშიშროება იყო და ვთხოვე დახმარება.
თენგიზ კიტოვანი ჩემთან რამდენიმე საათში ჩამოვიდა, მაგრამ მანამდე წყალტუბოს პოლიციის უფროსის მოადგილე მოვიდა და პოლიციის შენობაში გადამიყვანა.
- რატომ გადაგიყვანეს განყოფილებაში?
- მითხრეს, ბათუმიდან საფრთხე გელით და ჩვენ თქვენი დაცვა გვაქვს ნაბრძანებიო. რამდენიმე საათის შემდეგ თენგიზ კიტოვანიც ჩამოვიდა. მას იმდენად ბევრი გვარდიელი ახლდა, რომ პოლიციის შენობა თავისთავად ალყაში მოექცა. კიტოვანი ცალკე მესაუბრა. მოვუყევი, ბათუმში რაც მოხდა. მითხრა, ჩემთან მიმყავხარო. პოლიციის უფროსის მოადგილე გამოვიდა და კიტოვანს უთხრა, იმნაძის გოგოს ვერ წაიყვანთო. კიტოვანმა ჰკითხა: რატომ, დააპატიმრეთო? არა, მაგრამ, მე რომ გაგატანოთ, თავს წამაცლიანო.
- ვინ წააცლიდა თავს?
- არ ვიცი, თქვა, ხაბულიანის ბრძანებააო. ხაბულიანი მაშინ შს მინისტრი იყო. რადგან დაპატიმრებული არ ვიყავი, კიტოვანმა თბილისში წამომიყვანა და საკუთარ სახლში შემიფარა. სწორედ კიტოვანის სახლში მოხდა ჩემი პირველი დაკითხვა. წყალტუბოს პოლიციაში მომხდარი ამბავი მოგვიანებით ზვიად ძიძიგურმაც დაადასტურა. მან განაცხადა, პოლიციის უფროსის მოადგილე, გვარად ნიჟარაძე, ხაბულიანის ნათესავი იყო და მისი ბრძანებით არ უშვებდა ნატო იმნაძესო.
- თენგიზ სიგუამ რა თქვა, მას არ უნდა წამოეყვანეთ თბილისში?
- თენგიზ სიგუამ არ იცოდა, რომ პოლიციის განყოფილებაში ხაბულიანის დავალებით გადამიყვანეს. ამის შესახებ მას კიტოვანმა უთხრა. კიტოვანმა, ფაქტობრივად, მომიტაცა. ის რომ არა, არც კი ვიცი, რა მოხდებოდა. მე მკვლელობის მოწმე ვიყავი და დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ჩემი ლიკვიდაცია მომხდარიყო.
„ახალი თაობა“, 10 აპრილი, 2017 წელი
რატომ დაავალა შორენა თეთრუაშვილმა მამა გიორგი მამალაძეს გველის შხამის შეძენა //
ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „ჩემს წინააღმდეგ უცნაური კამპანია დაიწყო“
„ციანიდის საქმეში“ კიდევ ერთი ახალი დეტალი გაჩნდა. პროკურატურას აქვს მტკიცებულება, რომლის თანახმად, მამა გიორგი მამალაძე ციანიდის შეძენას ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში ცდილობდა. ამას კატეგორიულად უარყოფენ ადვოკატები.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ მოწმეს, რომლის ჩვენებაც პროკურატურას უდევს, მამა გიორგიმ არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შეძენა სთხოვა.
ვისთვის და რატომ ყიდულობდა მამა გიორგი გველის შხამს, ვინ არის ახალი მოწმე, რა ინტრიგა იხლართება ადვოკატის მიმართ? ამის შესახებ მიხეილ რამიშვილი „ახალ თაობას“ ესაუბრება.
- გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურას აქვს მტკიცებულება, საიდანაც ჩანს, რომ მამა გიორგი მამალაძე ციანიდის შეძენას ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში აპირებდა. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
- ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ მამა გიორგიმ ციანიდის შეძენა გასული წლის ზაფხულში სთხოვა, როგორც მტკიცებულება, ისე წარმოგვიდგინეს. ისე უნდათ საქმის წარმოჩენა, თითქოს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა შარშან დაიწყო ციანიდის შოვნაზე ზრუნვა. ეს არის ტყუილი და ახლავე გეტყვით, რატომაც. მოწმეს გასული წლის ზაფხულში მამა გიორგიმ არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შოვნა სთხოვა შორენა თეთრუაშვილის დავალებით.
- შორენას რად უნდოდა გველის შხამი?
- შორენას მუხლზე რაღაც ტრავმა აქვს და აწუხებს. ვიღაცას უსწავლებია, რომ ამის სამკურნალოდ გველის შხამზე დამზადებული მალამოა კარგი. შორენამ გველის შხამის შოვნა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს სწორედ მალამოს დამზადების მიზნით დაავალა. ამასთან დაკავშირებით მამა გიორგის ჩვენებაც აქვს მიცემული პროკურატურისთვის. ის ამბობს, რომ იმ კაცს, რომელსაც შხამის შოვნა სთხოვა, შუა აზიაში ჰყავს მეგობრები. მოწმე დაჰპირდა, რომ მათგან გაიგებდა ყველაფერს.
- შუა აზიაში იშოვება გველის შხამი?
- იქ ამპულების სახით შეიძლება ამ შხამის შოვნა და მას დამზადება სჭირდება, ამასთან, საკმაოდ ძვირი ჯდება. ამათ რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს იყო ოპერაცია „ციანიდი“. მოწმეც ჯიუტად აცხადებდა, რომ მამაომ ციანიდის შოვნა სთხოვა. ჩატარდა მისი მიწერ-მოწერის, სატელეფონო საუბრების ექსპერტიზა და დადგინდა, რომ საუბარია გველის შხამზე. ექსპერტიზის შედეგად, მიმოწერიდან გაირკვა, რომ მოწმე თავის მეგობრებს ეკითხება, როგორ შეიძლება თქვენთან ამის ყიდვა ან რა ღირს. იქიდან მოვიდა პასუხი, რომ ამის შეძენა არც ისე იოლი საქმეა და ამისთვის კონტრაქტის გაფორმებაა საჭირო.
- მოწმეს რაში დასჭირდა ასეთი ტყუილის თქმა?
- არ ვიცი, შეიძლება, თავად მოისურვა, შეიძლება, პროკურატურაში ურჩიეს ასე. პროკურატურა ამბობს, რომ მამა გიორგის ჩვენება მათ მტკიცებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის. როგორ შეიძლება, წინააღმდეგობაში მოდიოდეს, როცა მამა გიორგი პირველივე ჩვენებაში ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილმა ერთხელ გველის შხამის შოვნა სთხოვა წამლის დასამზადებლად, ხოლო მეორედ ციანიდის შოვნა სთხოვა ნაცნობი ოქრომჭედლისთვის. გველის შხამის შესაძენად შორენამ მამაოს 500 დოლარი მისცა.
- უშოვეს შორენას გველის შხამი, ბოლოს და ბოლოს?
- ვერა. შუა აზიიდან პასუხი მოვიდა, რომ ამისთვის 900 დოლარი იყო საჭირო.
- თქვენ არ დაგისახელებიათ მოწმის ვინაობა, რომელიც შუა აზიაში თავის მეგობრებს ამ ნივთიერების შეძენას სთხოვდა. ეს მოწმე ირაკლი მამალაძეა თუ სხვა ვინმე?
- არანაირი ირაკლი მამალაძე. ეს არის სულ სხვა ადამიანი. ის საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ ორჯერ დაკითხა, პირველად – თებერვალში, მეორედ – მარტში.
- თქვენ ხომ იცით მისი ვინაობა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ მის ვინაობას ვერ დავასახელებ. სხვა მხრივ ჩემს თითოეულ სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი. ბოლო რამდენიმე დღეა, ჩემ წინააღმდეგ უცნაური რაღაცები ხდება.
- რას გულისხმობთ?
- ეს დღეებია, ჩემს კოლეგას ეუბნებიან, რომ მე მიგზავნილი ვარ რაღაცა ჯგუფისგან და ვცდილობ, მამა გიორგი არ ვალაპარაკო. თურმე მის მაგივრად მე ვლაპარაკობ. მარტივად გამოსაცნობია, თუ რატომ დაიწყო ჩემ წინააღმდეგ ასეთი კამპანია – მე გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი მოწერილი არ მაქვს. ამათ ყველას ერთი რამე ავიწყდებათ – მიხეილ სააკაშვილის დროს სანდრო გირგვლიანის დამცველი ვიყავი და იქ ვერ მომიხერხეს ვერაფერი. ასე რომ, ასეთ რაღაცებზე მხოლოდ ირონიულად მეცინება. სირცხვილია, ხალხო!
- მამა გიორგის გამოცხადებული აქვს შიმშილობა. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- მამა გიორგის 10 აპრილს მოვინახულებთ. შაბათ-კვირას ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენ, მამა გიორგის ადვოკატები, სხვა ბევრ უფლებასაც მოკლებულნი ვართ რატომღაც. საპატრიარქოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მამა გიორგი კი არ შიმშილობს, არამედ მარხვაზეა. ადრეც ვთქვი და ახლაც იმავეს ვიტყვი, თუ ეს არის მარხვა, მაშინ ყველამ კეთილი ინებოს და ასე იმარხულოს. მართლმადიდებელი ვარ და საკმაოდ კარგად ვიცი, მარხვა რაც არის. ეს არ არის მარხვა. ადამიანი მარხვის დროს პურს ყოველთვის იღებს. მამა გიორგისთან რა კვების რაციონიც შეაქვთ, იგივე რაოდენობა გამოაქვთ უკან მისი ხელმოწერით. მამაომ წამლების მიღებაც შეწყვიტა, არადა, მას გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და წამლის მიღება მისთვის აუცილებელია.
„კვირის პალიტრა“, 10 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „მამა გიორგის გველის შხამის შესაძენად შორენა თეთრუაშვილმა 500 დოლარი გადაუხადა“ // ახალი დეტალები დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში
თეა ხურცილავა
ბრალდებული საპატრიარქოს მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მამა გიორგი თევდორაშვილმა ხარების დღესასწაულზე მოინახულა და ჟურნალისტებს განუცხადა, მამა გიორგი კი არ შიმშილობს, მკაცრად მარხულობსო. იგივე მოსაზრება აქვს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერ იოანე გორელიშვილსაც: “შეიძლება ის მძიმედ მარხულობდეს, ადვოკატები ამ საკითხში ვერ გაერკვნენ და ჰგონიათ, შიმშილობს… რატომ უნდა შიმშილობდეს? სანამ გამოძიება არ დასრულდება, მასთან შეხვედრისგან თავს ვიკავებთ. ეს არის ხელისუფლებისა და პატრიარქის თხოვნა და სინოდის მოწოდებაც. მამა გიორგის მოვუწოდებთ, არ არის აუცილებელი პატრიარქს მოუყვეს სრული სიმართლე, ჯობია, მოუყვეს პროკურატურას”.
———
მიხეილ რამიშვილი, მამა გიორგის ადვოკატი:
- რა ბრძანება აქვთ ასეთი, ან რა რეკომენდაცია მისცა უშიშროებამ, რომ არ მიდიან მამა გიორგისთან. ამბობენ, მარხულობსო, თუ ამას მარხვას ეძახიან, მაშინ თვითონაც ასე იმარხულონ. ის წამალს არ იღებს, ოპერაციის შემდეგ კი ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველდღე შეაქვთ საკვები, მაგრამ ხელს აწერს მამა გიორგი და საკვები უკან გამოაქვთ. წყალსაც კი მცირე რაოდენობით სვამს. ეს მარხვაა? თუ ასე გაგრძელდა, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. დეტალური ჩვენება მისცა გამოძიებას და მეტი რა თქვას? ან რატომ გახდა მისი ზიარება პრობლემა? ახლა მითხრეს, მამა რევაზ სიხარულიძე მოინახულებს და გადაწყვეტს, აზიარებს თუ არაო. სინოდის წევრები კი ამბობენ, მოვილაპარაკებთ, შევალთ თუ არაო. მამა გიორგი დაუძლურებულია. დრო არ ითმენს, შეხვდნენ და მოუსმინონ…
- პროკურატურა აცხადებდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ადრეც ცდილობდა სხვა პირისგან ციანიდის შეძენას, დაკითხულია ეს მოწმეც..
- ეს მოწმე რომ ცრუობდა, ექსპერტიზის დასკვნით გამოჩნდა. პროკურატურა მისი დახმარებით ცდილობდა ბრალის გამყარებას, თითქოს ამ საქმეში მხოლოდ ირაკლი მამალაძე კი არ ამხელს, ვითომ ადრეც სცადა ციანიდის ყიდვა. არადა, მამა გიორგი ჩვენებაში წერს, რომ შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა გველის შხამის შოვნა. უთხრა, მალამოების დასამზადებლად მჭირდებაო და 500 დოლარი მისცა. ეს მოხდა მაშინ, როცა შორენა ბათუმში იყო – 2016 წლის ზაფხულში. მამა გიორგი შეეცადა, ეშოვა და დაუკავშირდა კაცს, რომლის ვინაობას ახლა ვერ დაგისახელებთ. სწორედ ეს პირი დაასახელა მამა გიორგიმ ჩვენებაში და ამის შემდეგ დაჰკითხა ის გამოძიებამ. მაშინ მას ჰკითხა მამა გიორგიმ, გველის შხამი სად ვიყიდოო? ლაპარაკი იყო ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებზე… გაშიფრულია მამა გიორგის სატელეფონო საუბრები, მიმოწერა და მეილი. რუსულად არის მიმოწერა, სადაც გველის შხამზეა ლაპარაკი. ის კაცი სწერს, იყიდება, მაგრამ ოფიციალური პროცედურებია საჭირო, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეიძLლება ყიდვაო. სთხოვა შორენამ და მამა გიორგიმაც გაიკითხა, მაგრამ ვერ უშოვა გველის შხამი.
- თუ გველის შხამზე იყო ლაპარაკი, პროკურატურამ რატომ განაცხადა, ციანიდის შეძენას ცდილობდა და ამას მოწმე ადასტურებსო?
- პროკურატურის სტრატეგია იყო, მოწმე მამა გიორგის წინააღმდეგ გამოეყენებინა, მაგრამ არ გამოუვიდა… ის პირი ჩვენებაში წერდა, ციანიდის შეძენა მთხოვაო, მაგრამ არ დადასტურდა. მერე ისევ დაჰკითხეს და ჩვენება შეცვალა, გველის შხამი და ციანიდი ერთი და იგივე მეგონა და ამიტომ ვთქვი ციანიდიო.
- მამა გიორგიმ 500 დოლარი შორენას დაუბრუნა?
- არ დაუბრუნებია, რადგან შორენამ ციანიდის შეძენა სთხოვა და უთხრა, ის ფული მაგაში გამოიყენეო.
———-
გიორგი ფანცულაია, ადვოკატი:
- არ არსებობს მოწმე, რომელიც იტყვის, რომ მამა გიორგიმ შეიძინა ციანიდი, მას ჩაუდეს. ნონსენსი იქნება, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი რომ გამოიტანონ. მამა გიორგის ჯანმრთელობისთვის კატეგორიულად მიუღებელია შიმშილობა. წყლის გარდა, არაფერს იღებს, სასულიერო პირები კი გამოვიდნენ და თქვეს, ეს მკაცრი მარხვააო. მაშინ თქვან, რომელი მათგანი არ იღებს საერთოდ საკვებს. მათი სულიერი ძმა ციხეშია, შიმშილობს, ითხოვს, მოდით, ჩემი სათქმელიც მოისმინეთო და არავინ მიდის.
მამა გიორგი უნდობლობას უცხადებს გამოძიებასაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო მასალები გადმოგვეცა. აშკარად ჩანს, რომ გამოძიება მიკერძოებულად მიდის. მას მიაჩნია, რომ სასამართლომ უკანონოდ გაუგრძელა პატიმრობის ვადა და უნდობლობას უცხადებს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს. სასამართლო სხდომა დახურეს, ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა არ მოგვეხსნა, მამა გიორგი ხალხთან ვერ კონტაქტობს, სასულიერო პირები არ შედიან და მხოლოდ ეს გზა დარჩა – შიმშილობით ამცნობს საზოგადოებას, საქმე ობიექტურად გამოიძიონ.
- იყო ლაპარაკი, რომ მამა გიორგის თავდებად დაუდგებოდნენ ცნობილი ადამიანები ან სასულიერო პირები, მაგრამ როცა აღმკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილებოდა, შუამდგომლობა არ დამდგარა. თქვენ გირაო შესთავაზეთ სასამართლოს, რატომ?
- ჩვენ არავისთვის გვითხოვია თავდებობა, ეს სურვილი თავად უნდა გასჩენოდათ, მაგრამ… სინოდის უმრავლესობას სჯერა მამა გიორგის, მაგრამ რაღაცას უფრთხიან… მაინც მაქვს იმედი, რომ ამ ნაბიჯს გადადგამენ. თუ ვინმე თავდებად დაუდგება, მივესალმებით. მამა გიორგი არავის აგდებს უხერხულ მდგომარეობაში, მას არ უნდა, სხვას პრობლემები შეექმნას. 3000-გვერდიანი საქმე შეკერეს და ისევ აგრძელებენ ფურცლების დამატებას, მაგრამ სამხილი არა აქვთ. ირაკლი მამალაძე ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევა. საჯარო განცხადებები რადიკალურად აცდენილია მის ჩვენებებს…
- როგორც ამბობდნენ, საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ…
- მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, ისინი მტკიცებულებებზე ვერ იმსჯელებენ. მგონი, მამა გიორგიც დავარწმუნე ამაში. მოსამართლე იურიდიულად შეაფასებს ყველაფერს და დარწმუნებული ვარ, დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას. ჩვენ ამ საქმით სტრასბურგში წავალთ, თუმცა მაინც მგონია, გონიერება ეყოფათ მოსამართლეებს.
- მამა გიორგის მოთხოვნით ოჯახს დაცვა დაენიშნა, თუმცა დღეს მის მოხსნას ითხოვს…
- მამა გიორგი ორი თვე გაიძახოდა, ჩემი ოჯახი დაიცავითო და ახლა პირიქით ამბობს. არადა, პირდაპირ ეთერში თქვა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა, რომ ოჯახს დაცვა დაუნიშნეს, მოსამართლემ კი ამ საფუძვლით დახურა სხდომა. სასამართლოს გახსნაზე მოსამართლემ იმ მოტივით გვითხრა უარი, მამა გიორგის ოჯახს დაცვა იცავს და ეს საზოგადოებამ არ უნდა გაიგოსო. მორიგი სხდომაც ამ მოტივით რომ არ დაიხუროს, მამა გიორგი ოჯახის დაცვაზე უარს ამბობს. მას უნდა, პროცესები საჯარო იყოს. მის ძმას უკვე მოეხსნა დაცვა და ოჯახსაც მოეხსნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კიდევ უამრავ მეთოდს მიმართავენ, რომ დახურონ სასამართლო პროცესები, რადგან მტკიცებულებები არა აქვთ.
- დაცვა ჰყავს მოწმე ირაკლი მამალაძესაც...
- ირაკლი მამალაძის დაცვას ვერ მოვახსნევინებთ, თუმცა სასამართლოს წარვუდგენთ მის საჯარო განცხადებებს, სადაც ამბობს, რომ დაცვა ჰყავს. კანონში კი წერია, თუ პირს დაცვა ჰყავს და ეს გასაიდუმლოებულია, შეუძლიათ დახურონ სასამართლო პროცესი. კიდევ ერთი დეტალი – საქმეში არ დევს აეროპორტში მამა გიორგის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. ჩვენ ვითხოვდით სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, კერძოდ, სად იყო ამდენი საათი მამა გიორგის ბარგი, დაილუქა თუ არა მაშინვე, როგორ ეპყრობოდნენ მამა გიორგის დაკავებისას. ეს ლუსტრაციისთვის ყველაზე კარგი საშუალება იქნებოდა, პროკურატურამ კი ჩანაწერები არ ამოიღო, საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ გამოიყენებდა?!
მივმართეთ აეროპორტის ადმინისტრაციას და 10 დღის ნაცვლად, 28 დღის შემდეგ უარი გვითხრეს მასალის მოწოდებაზე. გავასაჩივრეთ და საქალაქო სასამართლოს პასუხი გამაოგნებელი იყო, ჩვენ რა ვიცით, აეროპორტში არის თუ არა კამერებიო. ესეც გავასაჩივრეთ სააპელაციოში, იქიდანაც მოვიდა გამაოგნებელი პასუხი, გამოძიების მასალებში საეჭვო ვერაფერი ვნახეთ და არ ვთვლით, რომ ვიდეოჩანაწერების გადამოწმებაა საჭიროო.
სამი კვირაა დარჩენილი სასამართლომდე და ვფიქრობ, პროკურატურას არ ექნება საქმის გადადების საფუძველი. ახლა კიდევ ექსპერტიზები დაინიშნა. აქამდე რატომ არ დანიშნეს? ეს რომ იყოს ჩვეულებრივი საქმე და ამის უკან პოლიტიკა არ იდგეს, მოსამართლე წინასასამართლო სხდომაზე შეწყვეტდა.
„კვირის პალიტრა“, 10 აპრილი, 2017 წელი
ინტერვიუ ზაალ სარაჯიშვილთან: როგორ შეიძლება ლეგალურად დასაქმება ევროკავშირის ქვეყნებში?
ეკა ასათიანი
უამრავ ქართველს სურს დასაქმება ევროკავშირის ქვეყნებში. რას ცვლის მათთვის უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა, რამდენად შესაძლებელია ლეგალურად დასაქმება? ამისთვის რა პირობების დაცვაა აუცილებელი? – ამ საკითხებზე დიასპორული ინვესტიციების მხარდაჭერის ასოციაციის პრეზიდენტი, ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ზაალ სარაჯიშვილი გვესაუბრება.
- საქართველოს მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების უფლების მოპოვება როგორ შეუძლია?
- 90 დღის განმავლობაში ის შეძლებს, მოიძიოს მისთვის მისაღები სამუშაო, რა დროსაც პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრების საშუალებაც ექნება. თუ შეთანხმდებიან, გააფორმებენ ხელშეკრულებას და შრომითი ნებართვის ასაღებად ამა თუ იმ სტრუქტურას მიმართავენ… ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქე დატოვებს ევროკავშირის ტერიტორიას და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, რაც შრომითი ნებართვა ექნება მუშაობის დასაწყებად.
- ესე იგი, მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება საკმარისი არ არის...
- დიახ, შრომის ნებართვის მისაღებად საჭიროა დამქირავებლისა და დაქირავებულის განცხადებული თანხმობა შესაბამისი სამუშაოს შესრულებასა და სამუშაო პირობებზე, რაც დამქირავებელმა დოკუმენტის სახით უნდა წარადგინოს ნებართვის გამცემ ორგანოში.
- ევროკავშირის ქვეყნებში ფუნქციონირებს საშუამავლო კომპანიები ან საადვოკატო ბიუროები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს შრომითი ნებართვის აღებაში დაეხმარებიან?
- დამქირავებელთან ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებს პირადადაც იოლად შეუძლიათ. დღეისათვის ტექნოლოგიები კარგად არის განვითარებული, ინტერნეტითაც შესაძლებელია დამსაქმებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება, შემდეგ ევროპაში უვიზოდ ჩასვლა და სამუშაო პირობების უკეთ გაცნობა. ეს საქართველოს მოქალაქეს გაუგებრობას თავიდან აარიდებს.
- აუცილებელია, შრომითი უფლების მოსაპოვებლად შესაბამის უწყებას დაქირავებულმაც და დამქირავებელმაც ერთად მიმართონ?
- მთავარია, დამქირავებელმა კომპანიამ, სამეწარმეო სუბიექტმა ან ფიზიკურმა პირმა მოამზადოს ის დოკუმენტაცია, რაც არის ამა თუ იმ ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განსაზღვრული. მაგალითად, შესაძლოა, ოჯახს სჭირდება ძიძა, მოხუცის მომვლელი და ა.შ., მაშინ მან უნდა მიმართოს შესაბამის სტრუქტურას, რომ სურს, დაიქირაოს ესა თუ ის მუშაკი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ისეთი დოკუმენტების წარდგენა, როგორიცაა საქართველოს მოქალაქესთან გაფორმებული ხელშეკრულება, დაქირავებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სამუშაო გამოცდილების და განათლების შესახებ ინფორმაცია. ზოგიერთი ქვეყანა ითხოვს დაქირავებულის ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც და ზოგჯერ დამატებითი შემოსავლების ჩვენებასაც კი.
- დავაზუსტოთ, რომელ ქვეყნებში რომელი უწყებები გასცემენ შრომით ნებართვებს?
- ზოგიერთ ქვეყანაში შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემს, ზოგან თვითმმართველობის ორგანოები ან სხვა სპეციალური შრომითი ინსპექციები (მაგალითად, საბერძნეთში თვითმმართველობის ორგანოები გასცემენ, ესპანეთში კი შრომითი ინსპექციები). ასე რომ, მართალია, ვიზალიბერალიზაციით პირი შრომით უფლებას ვერ მოიპოვებს, მაგრამ ეს გარემოება გარკვეულ ჩარჩოებში სვამს შრომით მიგრაციას. იმედი მაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს თანამემამულეების ლეგალურად დასაქმებას. ხელშეკრულებების ოფიციალურად დარეგისტრირებით საქართველოს მოქალაქეების დასაცავად სამართლებრივი და სოციალური მექანიზმებიც ამოქმედდება, ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხებიც მოგვარდება. შემცირდება საქართველოს მოქალაქეების იძულებით შრომაში ჩართულობაც.
- თუმცა შრომითი მიგრაციის მიმართ სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. თქვენი აზრით, სად უფრო იოლი იქნება ქართველების დასაქმება?
- როგორც დავაკვირდი, საკმაოდ ხშირად სამხრეთ ევროპის ქვეყნები – ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, იტალია – არალეგალებთან უფრო ლოიალური არიან. თუკი მათ მხოლოდ სავიზო რეჟიმი აქვთ დარღვეული და კრიმინალური ქმედება არა აქვთ ჩადენილი, ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევენ. ვფიქრობ, ზემოთ დასახელებულ ქვეყნებში ქართველების დასაქმება გაიოლდება. რასაკვირველია, ყველა ქვეყანა ცდილობს დაიცვას შრომითი ბაზარი, მაგრამ არის მომენტები, როცა დამატებით მუშახელზე ჩნდება მოთხოვნა. მაგალითად, ერთხანს ესპანეთსა და საბერძნეთში სამშენებლო ბუმი იყო და მუშახელზე დიდი მოთხოვნის გამო არალეგალური სტატუსის მქონეები ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას იოლად იღებდნენ. როგორც ვიცი, საბერძნეთი აპრილის მიწურულიდან იწყებს პროცედურების გამარტივებას იმ მუშაკებისთვის, რომლებიც არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებიან და არ ჩაუდენიათ დანაშაული. სავარაუდოდ, გაზაფხულზე მათთვის ამნისტიის პერიოდი გამოცხადდება.
- რომელ ქვეყნებში შეიძლება გართულდეს ქართველების დასაქმება?
- იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ევროპაში ხდება, ემიგრაციულ და ეკონომიკურ პროცესებს ვგულისხმობ, დასაქმება ცენტრალური ევროპის ქვეყნებში უფრო გაუჭირდებათ. იქ, სადაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადია შესული, დასაქმება გაჭირდება. სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან დევნილები შრომით ბაზარზე დამკვიდრებას უკვე ცდილობენ. შესაბამისად, ისინი ჩვენს თანამოქალაქეებს კონკურენციას გაუწევენ. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ქართველებმა მათ კვალიფიკაციით და განათლებით აჯობონ. ნებისმიერ დამქირავებელს უნდა, სამსახურში განათლებული და საჭირო უნარ-ჩვევების მქონე ადამიანი აიყვანოს. მეამაყება ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც მიზეზთა გამო ევროპის ქვეყნებში არალეგალებად ითვლებიან. მათთან მქონია ურთიერთობა და უმრავლესობა ცდილობს, ევროპაში ლეგალური ცხოვრების ნებართვა მოიპოვოს. ეს ჩვენი თანამოქალაქეების სამოქალაქო განათლებაზე მიუთითებს.
- ალბათ, არიან ისეთებიც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ გადასვლის შემდეგ იქ დარჩენას მოისურვებენ...
- რასაკვირველია, იქნებიან, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები მიგრაციის მონიტორინგს უფრო გაამკაცრებენ.
- ესე იგი, ასეთ პირებს ქვეყანას დაატოვებინებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში 5 წლის განმავლობაში ვეღარ შევლენ?
- ამ შემთხვევაში ყველა ქვეყანა თავისი კანონმდებლობით განსაზღვრავს, სავიზო რეჟიმის დამრღვევს ადმინისტრაციული ჯარიმა დაუწესოს თუ სხვა სახის სასჯელი დააკისროს. საჯარიმო სანქციები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. საყურადღებოა, რომ უვიზო მიმოსვლის პირობებთან ერთად, განისაზღვრა სამართლებრივი სანქციები იმ შემთხვევისთვის, როცა მოქალაქე პირობებს არღვევს, რაც შესაძლოა, იყოს ევროკავშირში 5 წლამდე შესვლის აკრძალვა ან ფინანსური ჯარიმა 3.000 ევროს ოდენობით.
- ადრე ბიზნესადაც კი იყო ქცეული ევროკავშირის ქვეყანაში წასასვლელად მოქალაქეებისთვის ვიზისა და დასაქმების შეთავაზება. თქვენი აზრით, ასეთ ჯგუფებს „ბიზნესსაქმიანობა“ ჩაუვარდებათ?
- ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეს გაუჩნდა შესაძლებლობა, უვიზოდ ჩავიდეს ამა თუ იმ ქვეყანაში, თავად შეარჩიოს სამუშაო ადგილიც, დამსაქმებელიც და შრომითი ნებართვის მიღებას დაელოდოს, რაც გაცილებით ნაკლები თანხა დაჯდება, ვიდრე თქვენ მიერ ხსენებულ ჯგუფებთან ფინანსური გარიგებები.
„კვირის პალიტრა“, 10 აპრილი, 2017 წელი
ქართველებთან ფიქციური ქორწინება – ევროპაში მოხვედრის მარტივი გზა?
„ამ სქემით ევროპაში მოხვედრას თურქეთის ის მოქალაქეები ისწრაფვიან, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან სხვადასხვა დარღვევის გამო დეპორტირებული არიან…“
ლალი პაპასკირი
საქართველოში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ემოციებით დატვირთული პირველი ნაკადი დაბრუნდა… როგორც ირკვევა, ვიზალიბერალიზაციის ეს ისტორიული პროცესი სიკეთესთან ერთად ბევრი სირთულის მომტანიცაა – თუ ადრე საქართველოს მოქალაქეები ბინადრობის ან მოქალაქეობის მისაღებად უცხოელებთან ფიქციურად ქორწინდებოდნენ, ახლა თურქეთის მოქალაქეები ცდილობენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქართველებთან ფიქციური ქორწინება გააფორმონ და ქართული პასპორტით ევროპაში მოხვდნენ. ეს სქემა სახიფათოა, რადგან ამ გზით ევროპაში მოხვედრას თურქეთის ის მოქალაქეები ისწრაფვიან, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან სხვადასხვა დარღვევის გამო დეპორტირებული არიან…
ვლადიმერ წითელაშვილი, თურქეთში მცხოვრები ქართველი:
- უკვე რამდენიმემ მთხოვა, იქნებ მაპოვნინო ქართველი ქალი, ხელს მოვაწერ და მოქალაქეობის მიღების შანსი მექნებაო… აქამდე ამ საქმეს მოლდაველებთან ვაგვარებდით, მაგრამ ისინი 10.000 დოლარს ითხოვდნენ. ახლა ამბობენ, საქართველოს გავლით ევროპაში მოხვედრის იაფი გზა გამოჩნდაო. თურქებმა კარგად იციან, როგორ უჭირთ საქართველოში და ფიქრობენ, რომ ქართველი ქალის მოძებნა არ გაუჭირდებათ. მე უარი ვუთხარი, ამ საქმის შუამავლად ვერ გამოვდგები-მეთქი, მაგრამ აქ იმდენი ქართველი ქალი მუშაობს, მიზანს მიაღწევენ.
- რა თანხას სთავაზობენ ქალებს?
- ერთმა მითხრა, ხელმოწერამდე 200 დოლარს გადავუხდი, შემდეგ კი, როდესაც პასპორტს ავიღებ, 2.000 დოლარს მივცემო. მითხრა, რომ ეს თანხა გადაიხადა ერთმა თურქმაც, თუმცა ევროპის გამო კი არა, ბათუმში ბინის შეძენა უნდოდა. მას შემდეგ, რაც თურქეთსა და ევროპას შორის ურთიერთობა დაიძაბა, თურქეთის მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ და ძალიან რთულად აძლევენ თანხმობასევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე. არიან ისეთებიც, ვინც დარღვევის, ქურდობის ან სხვა მიზეზის გამო ქვეყნიდან გააძევეს. თურქები მიჩვეული არიან, რომ წლების განმავლობაში ქართველი ქალები თურქ მამაკაცებთან ხელის მოწერას ცდილობდნენ, რათა წლების შემდეგ თურქეთის პენსია აეღოთ… არსებობს ევროპაში მოხვედრის კიდევ ერთი გზა – აფხაზური პასპორტის აღება… წლებია, თურქებს აფხაზეთში ბიზნესი აქვთ და იქაურ კანონმდებლობაშიც კარგად ერკვევიან… ეტყობა, გარკვეულ ინფორმაციას უკვე ფლობენ – რუსეთში ჩავლენ და შემდეგ ფსოუს საზღვრიდან აფხაზეთში შემოვლენ, ერთხანს გაჩერდებიან, შემდეგ კი 250 დოლარად ერთ კვირაში აფხაზურ პასპორტს აიღებენ (როგორც ცნობილია, უვიზო რეჟიმით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებნიც შეძლებენ სარგებლობას, მათ შორის ცხინვალის რეგიონიდანაც). აფხაზური პასპორტის აღების შემდეგ, ისინი ქართულ მხარეს მიმართავენ, რათა საქართველოს პასპორტი მიიღონ. ეს კი ევროპულ ქვეყნებში მოსახვედრი გზაა.
ჩვენ დავინტერესდით, შერეული ოჯახის შემთხვევაში, რამდენ ხანში ეძლევა უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა. ამის გასარკვევად სახელმწიფო განვითარების სერვისების ცენტრს მივმართეთ. მათი ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვმართოს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე და მნიშვნელობა არა აქვს, არის თუ არა ეს პირი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებაში. მოქალაქეობის მიღება ყველაზე სწრაფად შესაძლებელია 30 კალენდარულ დღეში და ამის საფასური 500 ლარია.
ნინო ცხოიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “დიასპორის ცენტრი საქართველოში” თანათავმჯდომარე:
- თურქი კაცების ქართველ ქალებთან ხელმოწერისა და ამ გზით ევროპაში გასვლის ლოგიკური საფუძველი არსებობს, რადგან თურქებს ბოლო დროს ევროპაში შესვლაზე პრობლემები ექმნებათ… ადრეულ წლებში მსმენია ქართულ-თურქული ოჯახების შექმნის შესახებ, ზოგჯერ ეს ჩვეულებრივი შეუღლება იყო, ზოგჯერ – ფიქციური, კომერციული ან სხვა ინტერესებიდან გამომდინარე. ხშირად ამის წინა პირობა ქართველი ქალებისთვის თურქეთში მუშაობაზე შეზღუდვის მოხსნა იყო, თავის მხრივ, ეს თურქებს საქართველოში ბიზნესის წარმოებას უადვილებდა. ასე რომ, ეს ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იყო.
ციცინო ცხვედიანი, იურისტი, ადვოკატი:
- უკვე წამოიჭრა საკითხები, რის მოგვარებასაც ბერკეტები სჭირდება. შესაძლოა გამოიყენონ საგამონაკლისო წესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებაში მყოფ უცხოელს 30 დღეში ენიჭება მოქალაქეობა და სწორედ ამით ისარგებლონ ევროკავშირის ქვეყნებში გასასვლელად. თუმცა, ამის გამო ქორწინების აკრძალვაც არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, ის მართლაც რეალური იყოს. ახლანდელი მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მისანიჭებლად, უცხოელი 5 წელი რეგულარულად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში, უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას, იცნობდეს ქვეყნის ისტორიასა და სამართლის საფუძვლებს; არსებობს მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესიც – საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენამდე 2 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ იცის სახელმწიფო ენა, ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. თუმცა ეჭვი მეპარება, ამას ვინმეს სთხოვდნენ. რაც შეეხება საგამონაკლისო წესს, საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, მოქალაქეობას ანიჭებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
- ევროპაში როგორ არის საკითხი დარეგულირებული? კანონიერ და ფიქციურ ქორწინებებს ვგულისხმობ...
- როგორც ვიცი, არსებობს ცალკე უწყება, რომელიც ამას რეგულარულად ამოწმებს. ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, ხელს აძლევდეს კიდეც ხალხის შედინება, თუმცა არა მგონია, ასეთი ქვეყნების სიაში საქართველო შედიოდეს… ეს საფრთხე უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ და კონტროლის მექანიზმი დააწესოს, რამდენად კანონიერი და რეალურია ქორწინება.