„რეზონანსი“: „მაპ“-ის თემა კვლავ გაცოცხლდა // “თინა ხიდაშელმა დასავლეთს უთხრა, რომ მხოლოდ დაპირებები მოსაბეზრებელია და კონკრეტული პასუხი სჭირდება”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსი არ შეცვლილა, ნატოში კი საქართველოს არც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს უშვებდნენ“
„ალია: რატომ მოითხოვს ექსპერტი დემურ გიორხელიძე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნიდან გაძევებას? და რას მიიღებს ამით საქართველო?
———————-
„რეზონანსი“, 10 ივნისი, 2015 წელი
მაპ-ის თემა კვლავ გაცოცხლდა
“თინა ხიდაშელმა დასავლეთს უთხრა, რომ მხოლოდ დაპირებები მოსაბეზრებელია და კონკრეტული პასუხი სჭირდება”
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
თავდაცვის ახალი მინისტრის ამბიციები და მოლოდინი თუ გამართლდა, ერთ წელიწადში მაპ-ს მივიღებთ. ხიდაშელის თამამ განცხადებებს საქართველოში მიესალმებიან და ამბობენ, რომ ნატო-სთან დაახლოების მიძინებული საკითხის გამოცოცხლება ცალსახად პოზიტიური ფაქტია, თუმცა იმასაც დასძენენ, რომ ამის მიღწევა იოლი არ იქნება.
პოლიტოლოგები და სამხედრო ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას იმ საგარეო და საშინაოპოლიტიკურ ფაქტორებს აღნიშნავენ, რამაც შესაძლოა ტავდაცვის მინისტრის დასახულ მიზნებს ხელი შეუშალოს და ამბობენ, რომ თუ მომდევნო სამიტზე, ვარშავაში, ისევ მხოლოდ დაპირებებს და შექებებს მივიღებთ, ეს ქვეყნისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება.
როგორც ცნობილია, ნატოს მომდევნო სამიტი უმაღლეს დონეზე პოლონეთში, ვარშავაში 2016 წლის 8-9 ივლისს გაიმართება. თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრად დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ იგი სამიტზე „მაპ“-ის მიღებისათვის იბრძოლებს. „ჩვენ მზად ვართ სამიტამდე 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავოთ, რათა შედეგი მივიღოთ და მათი სკეპტიციზმი გავფანტოთ. დანარცენი ნატოს 28 წევრის ნებაზეა დამოკიდებული“.
(სტატიაში მოხსენიებულია გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ ამას წინათ გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქალი, რომელიც საქართველოსთვის მაპ-ს ეძებს“ და გადმოცემულია პუბლიკაციის მოკლე შინაარსი. დედააზრი ისაა, რომ დროა დასავლეთმა საქართველოს, დაპირებების ნაცვლად, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მისცეს. თინა ხიდაშელის მთავარი ციტატა სტატიიდან: „თუ ვარსავიდან უარყოფითი პასუხი იქნება, შეგიძლიათ ჩემი სიტყვა დაიმახსოვროთ, მე არ მიყვარს ამის თქმა, მაგრამ ამას არჩევნების შედეგებზე დაუყონებლივი გავლენა ექნება“).
ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ტავდაცვის მინისტრის ასეთი კონკრეტული განცხადება მისასალმებელია. მისი თქმით, თინა ხიდაშელმა დასავლეთს უთხრა, რომ მხოლოდ დაპირებების მოსმენა მომაბეზრებელია და ქვეყანა უკვე კონკრეტულ პასუხს ელოდება.. ამასთან, ირაკლი ალადაშვილი იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ მოლოდინი ერთია, რეალობა კი მეორე. „მუდმივად ისმის საუბარი იმაზე, რომ ნატოში გასაწევრიანებლად საქართველო მზად არ არის. მე ამ საკითხს ასე დავსვამდი: თვითონ ნატო თუ არის მზად საქართველოს მისაღებად?“.
რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მიუღებლობის მიზეზებს, ირაკლი ალადაშვილი უპირველეს მიზეზად რუსეთის ფაქტორს ასახელებს და შეხსენების მიზნით ამბობს, რომ ნატოს მთავარი პრინციპი კოლექტიური თავდაცვაა: თუ ვინმე ალიანსის ერთ-ერთ რომელიმე წევრს თავს დაესხმება, ეს მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს („ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის“). ამ დროს კი საქართველოს რუსეთთან კონფლიქტურ დამოკიდებულებაშია, ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთსი მიერ… სწორედ ამიტომ ალიანსი მზად არ არის საქართველოს მისაღებად თავის რიგებში.
„თუმცა ასე დიდხანს არ გასტანს და მარტო დაპირებებით საქმე წინ არ წავა. ვნახოთ, რა მოხდება 2016 წელს – როგორ განვიტარდება პროცესები და როგორ დაიძაბება ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის.
(…)
თინა ხიდაშელის აქტიურობაზე საუბრობს პოლიტოლოგი, სამხედრო ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძეც და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და მისი ადგილი მინდია ჯანელიძემ დაიკავა, ნატოსთან დაახლოება და „მაპ“-ის მიღება სულ უფრო არარეალური ხდებოდა. თინა ხიდაშელის მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვალა.
„საქართველო ნატოს ბოლო წლების განმავლობაში რომ ჩამოშორდა, ამაში საშინაო და საგარეო პოლიტიკური ფაქტორები განაპირობებდა. საშინაოში იმას ვგულისხმობ, რომ თავდაცვის სამინისტროში გაურკვეველი ხალხი მოვიდა და საქართველოს ნატოში ინტეგრირების მცდელობა, წინა წლებთან შედარებით, შეზღუდული იყო. ახლა ეს ფაქტორი დიდწილად მოიხსნა. როგორც ჩანს, თინა ხიდაშელისათვის საკუთარი პოლიტიკური ზრდა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების განმტკიცება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ იბრძვის, რომ როგორმე ქვეყანამ „მაპ“-ი მისი მინისტრობის პერიოდში მოიპოვოს. თუმცა საკითხავი ისიც არის, თუ რამდენად შეეწყობა ხელი მას ქვეყნის შიგნით, ანუ სხვა მინისტრების ქმედებები თუ განცხადებები რამდენად იქნება თანხვედრაში მის განცხადებებთან. შესაძლოა, სხვების ნაბიჯებმა თინა ხიდაშელის ბრძოლასა და ოპტიმიზმს საფუძველი გამოაცალოს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ „მაპ“-ის მიღება მხოლოდ თინა ხიდაშელის პოზცია არ იყოს და სხვა მინისტრებმა საკუტარი [საპირისპირო] განცხადებებით დასავლეთი შოკში არ ჩააგდოს“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
ხელისშემშლელ ფაქტორრებზე საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე საგარეო ფაქტორებსაც ეხება და აცხადებს, რომ „მათი მოგვარება უფრო რთულია, რადგან ჩვენზე არაა დამოკიდებული. ამ ყველაფერში კი იგი, პირველ რიგში, რუსეთის ფაქტორს გულისხმობს, რომლის გამოც ნატო ათასჯერ დაფიქრდება, ვიდრე საქართველოსათვის გაწქევრიანების სამოქმედო გეგმის მინიღების საკითხს გადაჭრის“.
სწორედ ამიტომ, ხათუნა ლაგაზიძის აზრით, დასავლეთში იმაზე მსჯელობენ, „მაპ“-ი უსაფრთხოების გარანტიაა თუ საფრთხის მაპროვოცირებელი. სწორედ ეს იყო, მისი თქმით, 2008 წელს „მაპ“-ის მოცემის უარის მიზეზი. „მაპ“-ი წევრობას არ ნიშნავს და მისი მოცემით ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი – კოლექტიური თავდაცვის პრინციპი – არ ამოქმედდება. ამან შესაძლოა რუსეთი კიდევ უფრო გააღიზიანოს. დარწმუნებული ვარ, ამ არგუნმენსტ დასავლეთში დღეს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ადრე“.
„გლობალურ პოლიტიკაში კონტექსტიდან ამოგლეჯილად არაფერი განიხილება. ნატოს წევრების დარწმუნება იმაში, რომ მათ საქართველოსთვის „მაპ“-ის მინიჭება უნდა უღირდეთ და რომ ეს მათთვის ნაკლები საფრთხის მომტანი იქნება, უზარმაზარ სამუშაოს წარმოადგენს, რისი სესრულება თავდაცვის სამინისტროსა და დიპლომატიურ უწყებას მოუწევს“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
„ახალი თაობა“, 10 ივნისი, 2015 წელი
ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსი არ შეცვლილა, ნატოში კი საქართველოს არც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს უშვებდნენ“
„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი უკრაინაში, ოდესელი მესაზღვრეების მიერ ამ ორიოდე დღის წინათ საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტზე საუბრობს. მათ გაჩხრეკვისას კომპიუტერული ჩიპი (ე.წ. „ფლეში“) უპოვეს, რომელიც, როგორც შემოწმებისას გაირკვა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტებსა და მასალებს შეიცავდა.
ტრისტან წითელაშვილის აზრით, არაა გამორიცხული, რომ ეს ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნული მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილი ხრიკი იყოს. „უკრაინასთან ახლო კავშირები მაქვს და კარგად ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული. ეს კაცი არის ოდიოზური ფიგურა და სადაც წყლის ამღვრევაა საჭირო, ის იქ გადაჰყავთ ხოლმე“, – ამბობს ინტერვიუში ტრისტან წითელაშვილი და დასძენს, რომ უკრაინაში, კერძოდ, ოდესაში საქართველოს სიტუაციის არევის მიზნით სპეციალური შტატები შექმნა, იქ სამუშაოდ მიიწვია ძებნილის სტატუსის მქონე თავისი თანამოაზრეები.
რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობასთან შესაძლო დაპირისპირებას, ტრისტან წითელაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას და ბიზნესმენებს მასთან შუღლის ჩამოგდება არ აწყობთ. სხვაგვარად იქნებოდა საქმე, მას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან რომ არ ჰქონოდა მხარდაჭერა.
„მიხეილ სააკაშვილს აქეთ-იქით რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები დაატარებენ“, – აცხადებს ტრისტან წითელაშვილი. „მიხეილ სააკაშვილი არის ორმაგი აგენტი, ის მუშაობს რუსეთზეც და დასავლეთზეც. ასეთი რამ [საერთაშორისო პრაქტიკაში] ხშირად ხდება.
ტრისტან წითელაშვილი ინტერვიუში ეხება აგრეთვე ყოფილი მინისტრების მიერ შექმნილ ორგანიზაცია „ივერიელს“ (საექსპერტო ორგანიზაცია, რომელსაც ვებ-გვერდიც აქვს) და ამბობს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მასალები საქართველოს ხელისუფლების წინაარმდეგ არის მიმართული. ისინი ხალხს იმაშიც არწმუნებენ, რომ საქართველომ საგარეოპოლიტიკური კურსი შეიცვალა – აცხადებენ, რომ ნატომდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვიკლია და ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ დგამს.
„სად არის მერე ეს შეცვლილი კურსი? საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსი არ შეცვლილა, ნატოში კი საქართველოს არც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს უშვებდნენ. ახლა ეს ნამინისტრალი ადამიანები მოსახლეობაში უკმაყოფილებას აღვიებენ“, – აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.
რატომ მოითხოვს ექსპერტი დემურ გიორხელიძე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნიდან გაძევებას? და რას მიიღებს ამით საქართველო?
გელა ზედელშვილი
(შემოკლებით)
ეკონომიკის ექსპერტს, დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ყოფნა საქართველოში, სახელმწიფოს აკნინებს:
„რაც მალე დატოვებს სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი საქართველოს და რაც მალე დავიწყებთ მათთან თანამშრომლობას, როგორც ცივილიზებული ქვეყანა, მით უკეთესი. უნდა დამთავრდეს მათი ძიძაობა. ჩვენ ეს არ გვჭირდება იმიტომ, რომ ასე საქართველოს მთავრობა სულ იმის შიშში იქნება, რას იტყვის ესა თუ ის მისია და როგორ შეაფასებენ მის საქმიანობას. არანაირი ტრანში სავალუტო ფონდისგან და მსოფლიო ბანკისგან საქართველოს არ სჭირდება. ეს ნარკოტიკული თრობა იაფი, მუქთი ფულისგან საქართველოს ხელისუფლებამ 25 წლის შემდეგ მაინც უნდა დაასრულოს“.
მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის დირექტივები მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უკვე ყელში აქვს ამოსული. ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩვენში ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დასაწყისში გამოჩნდნენ – კერძოდ, იყო ასეთი ადამიანი, შადმან ვალავი, რომლის გამოხტომები ჯერ კიდევ მაშინ ძალიან ბევრს აღიზიანებდა. გადის დრო, იცვლება მთავრობები, არ იცვლება სავალუტო ფონდის მესვეურთა მიდგომები ჩვენ მიმართ. მაგალითად, 1997 წელს ამ ორგანიზაციამ ასეთი განცხადება გააკეთა: „სავალუტო ფონდმა უაღრესად დადებითად შეაფასა განხორციელებულ რეფორმათა სიღრმე და ლიბერალური შინაარსი. საქართველო სამაგალითოა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რეკომენდაციათა განუხრელი შესრულებისა და მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით“.
ამ განცხადებამდე ორი კვირით ადრე შადმან ვალავიმ მრისხანე წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტს და კატეგორიულად მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეკრებილიყო ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და გაეუქმებინა მის მიერვე მიღებული საგადასახადო კოდექსის ის მუხლები, რომლებიც დღგ-სგან ზოგიერთი სახის შემოსავლის განთავისუფლებას ეხებოდა. ვალავი დაიმუქრა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკრედიტო ხაზს დაგიბლოკავთო.
მაშინ საქართველოს პარლამენტმა ბრძანება უსიტყვოდ შეასრულა და მივიღეთ კიდეც „ბრწყინვალე“ შეფასება. 1997 წლის შემდეგ ზუსტად 18 წელი გავიდა, დღეს შადმან ვალავის ადგილზე აზიმ სადიკოვი ზის, რომელიც, ასევე, „წარმატებით“ ერევა საქართველოს საშინაო საფინანსო საკითხებში და გვარწმუნებს, რომ ლარის კურსის დაცემა კარგია.
როგორც ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია ამბობს, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფენ აშშ-ის ჰეგემონიას მსოფლიო ფინანსებზე მის მოკავშირებთან ერთად…
(…)
ბევრმა განვითარებულმა თუ განვითარებადმა ქვეყანამ სცადა სავალუტო ფონდისა თუ მსოფლიო ბანკის მარწუხებიდან თავის დაღწევა, მაგრამ ჯერჯერობით არავის გამოუვიდა, რადგან ყველა გაბმულია საკრედიტო ხაფანგში.
რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ იმისთვის, რომ ეს მარწუხები შედარებით მოიშვას? „ალიას“ ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე ესაუბრება:
- დაუსრულებელი მისია ბუნებაში არ არსებობს. როდესაც გამოუცდელი იყო ქვეყანა და უნდა მომხდარიყო ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მაშინ საჭირო იყო დახმარება და არა ჩარევა. კი, ბატონო, რაღაცნაირად დაგვეხმარნენ, დიდი მადლობა, მაგრამ ეს ჩარევები ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს? ხომ არ შეიძლება, მუდმივად უპასუხისმგებლობის პირობებში მუშაობდეს საქართველოს ხელისუფლება და ელოდოს, რას მოუწონებს სავალუტო ფონდი თუ მსოფლიო ბანკი და რას არ მოუწონებს.
თუ გვეტყვიან, ბიუჯეტი კარგიაო, ტაშს ვუკრავთ. თუ ჩვენ ასეთ უპასუხისმგებლობას გავაგრძელებთ, მაშინ ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ ქვეყნის მართვას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ისეთი მეცნიერები გვყავდნენ, რით ვერ ისწავლეს ეს ეკონომიკა თაობებმა? პრინციპში, რას გეკითხებით? ვერ ისწავლეს, რადგან რასაც უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებს უტენიან თავში, ეს არის მხოლოდ საწყისი ეტაპი. დღეს ფინანსების სფეროში პოლიტიკას ქმნიან ასეთი „ნასწავლი“ ადამიანები.
- ბატონო დემურ, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ და აქედან ჩვენ რას მივიღებთ?
_ მე ძალიან კარგად ვიცი, ამ ორგანიზაციების ფინანსური შესაძლებლობები, ამიტომ ისინი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ურთიერთობისთვის, კადრების აღზრდისთვის, ინფორმაციის მიღებისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ საკუთარი ქვეყანა უნდა ვმართოთ ჩვენ. მე ვარ ნამყოფი სავალუტო ფონდის მთავარ ოფისში, ვაშინგტონში. მათთან მქონდა სერიოზული პროფესიული საუბარი. ჩემი პრეტენზიები იყო იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ისინი ატარებდნენ საქართველოში. პრინციპში, ისინი დამეთანხმნენ, მაგრამ დღემდე იგივეს აგრძელებენ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ პანღური ამოვარტყათ და ისე გავყაროთ, მადლობა გადავუხადოთ დახმარებისთვის და თვითონ მივხედოთ ამ ქვეყანას. თუ რამეში დაგვჭირდებიან, მივაკითხავთ, ფულსაც ვთხოვთ და სხვა რამესაც. ამაში ცუდი რა არის?
- თქვენი კოლეგა ლია ელიავა ამბობს, რომ მათ ფინანსური ინტერესები აქვთ, გატანილი აქვთ ჩვენი სავალუტო რეზერვები და დიდ ფულს აკეთებენ.
- მე რასაც ვხედავ, ზედმეტი აქტიურობა უკავშირდება იმას, რომ მათ აქვთ ინტერესები გარკვეული ფინასური ჯგუფის მიმართ. სანამ ეროვნულ ბანკში წესიერი აუდიტორული კვლევა არ ჩატარდება, მანამდე არ გვეცოდინება ამ სავალუტო რეზერვების შესახებ. კი, არსებობს ეჭვი, მაგრამ ეს უნდა დაამტკიცონ შესაბამისმა ორგანოებმა.
- სხვათა შორის, ბევრ ქვეყანაში სცადეს ამ ორგანიზაციების გაძევება, მათ შორის, თურქეთშიც, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
- კი, ამ ორგანიზაციებს გარკვეული პერიოდის შემდეგ შეექმნათ პრობლემები, რადგან ყველაფერს აქვს საზღვარი.
(…)