globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 10th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ზოგიერთს ეშინია ხოლმე – არიქა, ტრამპი კავკასიას ხომ არ გაყიდისო…“ // „ბევრმა არ იცის, რომ აღმაშენებელზე არის ვაჰაბიტების რესტორანი! მფლობელსაც ვიცნობ. მართალია, ის არ არის ავტომატიანი ვაჰაბიტი, მაგრამ დღეს არ არის… და ხვალ რა იქნება, ვინ იცის?“

ახალი თაობა: ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „კახა კალაძეს თავისივე გუნდში ებრძვიან“ // „დაპირისპირებამ „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს“

ახალი თაობა: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს რუსეთის დავალებით ებრძვის“ // „ნაცმოძრაობა პრორუსული ძალაა, რომელიც კრემლის დაკვეთას ასრულებს“

ახალი თაობა: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ოპოზიციას შეუძლია, ნახევარი პარლამენტი ხელში აიღოს“

ახალი თაობა: ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი სომხეთის ხელში გადადის? // რაზე შეუთანხმდა თბილისი ერევანს

ახალი თაობა: პროკურორმა საკანში ირაკლი ფირცხალავას სცემა? // ზვიად კუპრავა: „მას უთხრეს, რომ თუ ირაკლი მამალაძეზე ჩვენებას არ შეცვლის, ციხეში ამოალპობენ“

——————-

კვირის პალიტრა“, 10 ივლისი, 2017 წელი

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/442286-qarthuli-presis-mimokhilva-10072017.html

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ზოგიერთს ეშინია ხოლმეარიქა, ტრამპი კავკასიას ხომ არ გაყიდისო…“ // „ბევრმა არ იცის, რომ აღმაშენებელზე არის ვაჰაბიტების რესტორანი! მფლობელსაც ვიცნობ. მართალია, ის არ არის ავტომატიანი ვაჰაბიტი, მაგრამ დღეს არ არისდა ხვალ რა იქნება, ვინ იცის?“

“მცოცავი ოკუპაცია” 2008 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, მუდმივ პროცესად იქცა. ცხადზე ცხადია, ეს, უპირველესად, ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია. ამ პროცესს დღევანდელი გეოპოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ძალას იკრებს რუსული სამხედრო წვრთნების – “კავკასია 2017″-ისთვის მზადება, რომელიც ყოველწლიურად, აგვისტოს დასაწყისში ტარდება. ამასობაში საქართველო მონაწილეობდა ორ სამხედრო წვრთნაში, რომლებიც ნატოსა და რეგიონული პარტნიორობის ეგიდით ჩატარდა – ვგულისხმობ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებს, რაც კრემლს არ ესიამოვნა…”, – აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში

“თან, ამჯერად ე.წ. საზღვარი გადმოსწიეს ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრის წინ. გაგახსენებთ, ამ პერიოდში ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯები რუსეთმა სხვადასხვა მიმართულებით გადადგა, მათ შორის – უკრაინასა და სირიაშიც. რაც შეეხება იმას, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ… რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია, გაუთავებლად ვილაპარაკოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე, უცხოელი პარტნიორები უფრო მეტად ჩარიოს ამ საქმეში და ა.შ., მაგრამ ობიექტურად თუ გავაანალიზებთ ვითარებას, დავინახავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ვერაფერი მოახერხა, რათა რუსეთი ეიძულებინა, შეესრულებინა 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული დოკუმენტი – სარკოზი-მედვედევის შეთანხმება. ამ დოკუმენტზე ხელმომწერები ჩვენ კი არ ვართ და თუ დასავლეთს უნდა რუსეთის დასჯა, რასაც ეკონომიკური სანქციებით მშვენივრად ახერხებს, მაშინ ამ შეთანხმების შესრულებაც უნდა მოითხოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკაცრად დასაჯოს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე მუდმივად უნდა მუშაობდეს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება – ეს არის ქვეყნის შიგნით საზოგადოებისა და ხელისუფლების კონსოლიდაცია, რასაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მიაქცევდით, ალბათ, ყურადღებას, რომ ბოლო ხანს თითქმის ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევისას ოკუპაციის პრობლემამ უკანა პლანზე გადაიწია. ეს უარყოფითი მოვლენაა, რადგან თუ ერი და ბერი არ გაერთიანდა, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვერასდროს აღვადგენთ… ამ პრობლემის გადასაწყვეტად საკმარისი არ არის არც კარასინი-აბაშიძის შეხვედრები და არც – ჟენევის ფორმატი. უნდა შეიქმნას სხვადასხვა ტიპისა და დონის მრავალარხიანი მოლაპარაკებების ფორმატი, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან, ასევე საზოგადოებრივ ჯგუფებთან, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“ვფიქრობ, პუტინისა და ტრამპის შეხვედრა იყო უფრო გაცნობითი. ტრამპი არის ბიზნესმენი, ის პოტენციურ მეტოქეს თუ პარტნიორს ბიზნესმენის თვალით აფასებს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს იყო მოთელვა. ყველა იმ თემაზე გამახვილდა ყურადღება, რომლებიც წინასწარ იყო ნავარაუდევი, ეს არის სირიის, უკრაინის, ჩრდილოეთ კორეის პრობლემები, ასევე – საერთაშორისო ეკონომიკური პროცესები… მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორსაათნახევარი ილაპარაკეს, ჩვენ ძალების დემონსტრირება არ გვინახავს, ეს უფრო ხასიათების მოსინჯვა იყო. სხვათა შორის, მათ ძალის დემონსტრირება ამ შეხვედრამდე სცადეს: პუტინმა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის – საქართველოშიც დესტრუქციული გააქტიურებით, ტრამპმა კი – შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, პოლონეთში, მკაცრი განცხადებებით. ამ შეხვედრის ერთადერთი შედეგი სამხრეთ სირიაში გავლენის ზონების თაობაზე მიღწეული შეთანხმებაა, რაზეც, როგორც ჩანს, მხარეები წინდაწინ იყვნენ შეთანხმებული. ეტყობა, არ სურდათ, მთლად უშედეგოდ წარმოჩენილიყო პრეზიდენტების პირველი შეხვედრა”, – განმარტავს ექსპერტი.

„ამგვარი შეხვედრების წინ ჩვენში ზოგიერთს ეშინია ხოლმე – არიქა, ტრამპი კავკასიას ხომ არ გაყიდისო… ეს ლაპარაკი რას ჰგავს, იცით? ადამიანი არაფრის გამკეთებელი რომ არ არის და ეშინია, პატრონმა სხვაში არ გაცვალოს. სულ ამას ვამბობ, ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებზე დაყრდნობით, ისეთი რეგიონული პოლიტიკა უნდა გვქონდეს, რომელიც დამოუკიდებლად უფრო მეტის გაკეთების საშუალებას მოგვცემს. არ შეიძლება, სულ სხვებს შევყურებდეთ. რასაკვირველია, ზურგს უკან უნდა ვგრძნობდეთ ძალას, მაგრამ სულ ამ ძალის იმედად არ უნდა ვიყოთ. სახელმწიფო ინსტიტუტების, უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება – ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა და ამაში, ტრამპი იქნება თუ სხვა ვინმე, შეიძლება დაგეხმაროს, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ვერ იტყვის. საჭიროა ქვეყნის შიგნით მუშაობა, რასაც სახელისუფლებო კონსოლიდაცია სჭირდება! მთავარი გზავნილები მხარეებმა, როგორც უკვე ვთქვი, შეხვედრამდე გააკეთეს. თუ ამ გზავნილებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ აშშ-ს ხელისუფლება სტრატეგიულ კომპრომისზე – არა, მაგრამ ტაქტიკური კომპრომისების შესაძლებლობაზე ფიქრობს. რუსეთის ხელისუფლების მდგომარეობა კი საკმაოდ რთულია და ის დამოკიდებულია აშშ-ის პოზიციაზე, რათა კრემლმა შემდგომ მოახდინოს რეაგირება. დაწესებულმა სანქციებმა, ეკონომიკური თვალსაზრისით, უკვე ისეთი დიდი პრობლემები შეუქმნა რუსეთს, რომ ის აშშ-სთან ურთიერთობაში პროცესების მოკარნახედ ვერ გამოდგება”, – დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა იმ უკონტროლობით, რაც საქართველოში შემოსული უცხოელების აქ დამკვიდრებას უკავშირდება. წინააღმდეგი ვარ, რომ უცხოელების საქართველოში შემოსვლა კანონით შეიზღუდოს, მაგრამ კონტროლის მექანიზმი, რა თქმა უნდა, ძლიერი უნდა იყოს. თუ პოლონეთის ან უნგრეთის ხელისუფლებას შეუძლია მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის გატარება, რატომ არ შეუძლია იგივე საქართველოს… ოღონდ დეპორტირებული ადამიანი არ უნდა აღმოჩნდეს იმ დღეში, როგორშიც ის ორი ინდოელი ჩავარდა, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინ საქართველოში არ შემოუშვეს. თუ საჭიროა, არ უნდა შემოუშვა, მაგრამ დეპორტირებულს როგორ მოექცევიან – ეს უკვე სხვა საქმეა – არ შეიძლება შეურაცხმყოფლად, ღირსების შემლახავად მოქცევა, ისე, როგორც ხშირად ებრაელი მესაზღვრეები ექცევიან ქართველებს”, – ამბობს რესპონდენტი.

“ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე რაც ხდება, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს ქუჩა, ფაქტობრივად, მოსწყდა ქალაქს, იქ არაფერი ქართული აღარ არის. გეგონება, სხვა ქვეყანაში ხარ. არ მინდა, საქართველოში ბევრი ადგილი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თბილისიდან კარგად არ ჩანს, რა ხდება ბათუმში, მაგრამ კარგად ჩანს, რა ხდება აღმაშენებლის გამზირზე. არ შეიძლება, ეს ქუჩა ნელ-ნელა იქცეს ჩამოსულთა რაიონად. მე ვიცი ასეთი რაიონები ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში, სადაც დღეს შესვლას ვერც სამართალდამცავები და ვერც ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ახერხებს. აი, ამას ვგულისხმობ უკონტროლობაში…მე ჩამოსულების მოწინააღმდეგე კი არა ვარ – თბილისი ყოველთვის მრავალეროვანი ქალაქი იყო, აზიისა და ევროპის გზაგასაყარი, მაგრამ თბილისში არ მინდა მოლენბეკი. მოგეხსენებათ, ეს არის ბრიუსელის გარეუბანი, რომელიც ტერორიზმის ბუდედ იქცა, სადაც, პარიზის ტერაქტის შემდეგ, სამართალდამცავები, არმიასთან ერთად, ძლივს შევიდნენ სპეცოპერაციის ჩასატარებლად. მართალია, ასეთი პრობლემა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ კაცმა არ იცის, დროთა განმავლობაში რა იქნება… ბევრმა არ იცის, რომ აღმაშენებელზე არის ვაჰაბიტების რესტორანი! მფლობელსაც ვიცნობ. მართალია, ის არ არის ავტომატიანი ვაჰაბიტი, მაგრამ დღეს არ არის და ხვალ რა იქნება, ვინ იცის…”, – მიიჩნევს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე – “ბოლო ხანს ხშირად ახსენებთ იდეოლოგიური ტერორის საფრთხეს…” – პასუხობს:

“ჩემი პროფესიის წყალობით, ვიცი, რა ხდება საქართველოში. აქ უკვე არსებობს რამდენიმე ათეული რელიგიურ-ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომლებიც კონკრეტული უცხოური პოლიტიკური თუ რელიგიური ძალის დაკვეთას ასრულებენ. საქართველოში ხდება ძალიან უცნაური რამ, მაგალითად, ჩვენთან ორი თურქული ჯგუფი ებრძვის ერთმანეთს. ესენი არიან გიულენისტები და ერდოღანისტები. ეს ბრძოლა, კარგა ხანია, გრძელდება და ამას ქართველი საზოგადოება მანამდე ვერ ხედავდა, ვიდრე შაჰინის სკოლა არ დახურეს და დემირელის სკოლის ერთ-ერთი მენეჯერი არ დააპატიმრეს. გარდა ამისა, შიიტური ორგანიზაციებიც არის, რომლებიც გავლენისთვის ერთმანეთს საქართველოს ტერიტორიაზე ებრძვიან. ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ გარდა ერთმანეთთან დაპირისპირებისა, ეს ძალები აქტიურად და ეფექტიანად მუშაობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით – აზერბაიჯანელებთან… ჩვენი სპეცსამსახურები სწორი მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობენ, მაგრამ საქართველოს მდგომარეობის გამო, მათი ბრძოლა ხმალამოღებული ვერ იქნება. გარდა ამისა, უკეთესი მუშაობისთვის წლების გამოცდილებაა საჭირო”.

“კონსტიტუციონალისტი არ გახლავართ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცამ ვითარება არაპროფესიონალიზმისა და ერუდიციის დეფიციტის გამო ისე არია, ქვეყნის იმიჯი დარტყმის ქვეშ დააყენა. ამას ერთი ადამიანი ვერ მოახერხებდა, სავარაუდოდ, ეს, სახელისუფლებო ჯგუფის ერთი ნაწილის დიდი შეცდომის ბრალია. გამაოგნებელია ბუკიკიოს განცხადება – სხვა დოკუმენტი გვაჩვენეს, დასკვნა დაგვაწერინეს და მერე სხვა მიიღესო… ამაზე კომენტარიც ზედმეტია. შეიქმნა უკიდურესად უხერხული სიტუაცია, რაც იმის ბრალია, გამოუცდელ და ამბიციურ ადამიანებს რომ შეყრიან ხოლმე პარლამენტში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ანდობენ. ასეა თუ ისე, როცა ქვეყნის პრესტიჟის პრობლემა დგას, პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი მეათეხარისხოვანია, ამიტომ კეთილი ინებონ და გააკეთონ ყველაფერი, რათა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საყვედურის თქმის საფუძველი არ ჰქონდეთ. ვიღაც ორ-სამ ვითომ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, ქვეყნის იმიჯს ასეთი საფრთხე შეუქმნას”, – დასძენს მამუკა არეშიძე.

———————–

ახალი თაობა“, 10 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „კახა კალაძეს თავისივე გუნდში ებრძვიან“ // „დაპირისპირებამ ქართულ ოცნებაში შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს

„ახალი თაობის“ კითხვებს გლობალური კვლევების ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი პასუხობს.

- ქალბატონო ნანა, პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ შეიკრიბონ და იმსჯელონ იმ საკითხებზე, თუ როგორ მივიდნენ კონსენსუსამდე. ოპოზიციასთან დიალოგს მმართველი გუნდიც აანონსებს. რას ელოდებით, გამოვა აქედან რამე?

- კონსტიტუცია ყოველთვის არის ერთგვარი თანხმობის დოკუმენტი, რომელზეც ყველა თუ არა, თითქმის ყველა უნდა იყოს შეთანხმებული, რომ აღიარებს და მზად არის, ამ ძირითადი დოკუმენტის მიხედვით იცხოვროს. ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის, იმიტომ, რომ ძალიან იჯიუტა მმართველმა ძალამ და, ფაქტობრივად, არავისი აზრი არ გაითვალისწინა. ეს კონსტიტუცია შეიძლება გახდეს დაპირისპირების საგანი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს გარკვეულ საპროტესტო მოვლენებში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, აქაც, იმავე საკონსტიტუციო პროცესში, თითქმის არაფერი გაითვალისწინა მმართველმა ძალამ. ამ ფონზე გამოდის და აცხადებს, პირიქით, წამგებიან მდგომარეობაში ჩავიყენეთ თავიო. რამდენად წამგებიანია, ესეც ნათლად ჩანს.

- პრემიერ-მინისტრიც, პარლამენტის თავმჯდომარეც აცხადებს, რომ მზად არიან დიალოგისთვის, რათა შედგეს კონსენსუსი. არის იმის შანსი, რომ რამე შეიცვალოს ამ პროცესში?

- შეცვლის შანსი ყოველთვის არის, როცა მმართველ ძალას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. მთავარია, გქონდეს ამის პოლიტიკური ნება. რას შეცვლიან და როგორ, ამას უახლოესი მომავალი დაგვანახებს.

- ორი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციაში შევა სერიოზული ცვლილებები?

- მესამე მოსმენისას, სარედაქციოს გარდა, ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანენ. მაშინ თავიდან უნდა აღძრან პროცესი.

- თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებაო. ამაზე რას იტყვით?

- როგორ ატყობთ „ქართულ ოცნებას“, ეგენი ჩაიყენებენ თავს იმ მდგომარეობაში, რომ პრეზიდენტის ვეტოს გამო გახდნენ იძულებული, თავიდან დაიწყონ განხილვა?! მაშინ რატომ მიიყვანეს აქამდე საქმე? ვფიქრობ, სერიოზული ცვლილებები აღარ შევა. თუ არადა, სრულიად სხვა საფუძველი და სხვა მიზეზი უნდა მოძებნონ საამისოდ.

- რა შეიძლება იყოს ეს?

- რაღაც კარდინალური საკადრო ცვლილებები შიგნით პარლამენტში, რომ ეს გახდეს საფუძველი რაღაცა პროცესის თავიდან დაწყების.

- ხედავთ საამისო მიზეზს? სულ გვესმის შეფასებები, რომ შიგნით, ჯგუფებს შორის სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს, არსად ჩანს ბიძინა ივანიშვილი. ის არ გამოჩნდა არც კალაძის წარდგენისას. რას იტყვით თქვენ?

- არჩევნების წინ, როდესაც პოზიციები გისუსტდება მმართველ ძალას, ყოველთვის ცდილობ, ვიღაცაზე ჯოხი გადატეხო, რომ ვიღაც იყოს დამნაშავე ამ პროცესში და არა _ მთლიანობაში მმართველი ძალა. ამიტომ ხშირად ყოფილა, რომ არჩევნების წინ ყოფილა საკადრო ცვლილებები, გადანაცვლებები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჯგუფებს, ყველა მმართველ ძალაში არის გარკვეული სიმძიმის ცენტრები, რომლებიც უპირისპირდებიან ერთმანეთს და ცდილობენ, მოიპოვონ უპირატესი მდგომარეობა. იგივე პროცესებია „ქართულ ოცნებაშიც“. ყოფილა პრეცედენტები, როცა ამგვარ შიდა დაპირისპირებას გამოუწვევია პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში.

- შესაძლოა, მსგავსი რამ მივიღოთ?

- სრულიად შესაძლებელია! რაც შეეხება ივანიშვილის პასიურობას, ის აქტიურობით არც აქამდე გამოირჩეოდა. ახლა, უბრალოდ, მისი ფაქტორი სჭირდებათ ისევ შიდა ჯგუფებს, რომ სათავისოდ გამოიყენონ. როგორც ჩანს, ის არ აპირებს პარტიის შიგნით რომელიმე მხარის დაჭერას, თუმცა, თუ სიტუაცია მოიტანს, ის ისევე მოულოდნელად შეიძლება გამოჩნდეს არენაზე, როგორც არაერთხელ გაუკეთებია და ისევ ყველას დაანახვებს, რომ მისი ფაქტორია გადამწყვეტი.

- ჯერ ვერ ხედავს ამის საჭიროებას?

- ჯერჯერობით არჩევნებამდე დროა. ის თუ გამოჩნდება, გამოჩნდება კრიზისულ სიტუაციაში, კრიტიკულ მომენტში.

- ანუ ჯერ ოცნებას არ უჭირს საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაერთოს პროცესში?

- „ოცნებას“ კი უჭირს, მაგრამ ივანიშვილი არ მიიჩნევს საჭიროდ ჩარევას.

- თქვენ თუ იზიარებთ მოარულ ხმებს მისი ავადმყოფობის შესახებ და ეს ხომ არ არის მისი პასიურობის მიზეზი?

- არა მგონია, ასე იყოს. ჯანმრთელად იყო და მაინცდამაინც გამოჩენით თავს არ იწუხებდა. რამდენი ხანია, აღარ გამოჩენილა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ჭმუნვას იმ ადამიანებისგან, ვისაც ბიძინა ივანიშვილი მკვდარი უნდა, რომ ნახოს, ნამდვილად ვერ გავიზიარებ.

- პარტიებმა ძირითადად დაასახელეს თბილისის მერობის კანდიდატები. როგორ აფასებთ მათ შესაძლებლობებს?

- უკვე თავისთავად ის, რომ ყოფილი ნაციონალური მოძრაობიდან ორი კანდიდატია, მეტყველებს მათ ღრმა კრიზისზე. ისინი ერთმანეთს წაართმევენ ხმებს, ზაალ უდუმაშვილი და ხოშტარია. ეს, უბრალოდ, არის მცდელობა ამ ორი განაყოფისგან, რომ საკუთარი თავი დააფიქსირონ და აჩვენონ უფრო მაღალი შედეგი. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან. რომელი რომელს აჯობებს, თორემ პირველობისთვის ბრძოლა რომ სისულელეა მაგათი მხრიდან, ეს თავადაც მშვენივრად იციან.

- ალეკო ელისაშვილზე რას იტყოდით? მანაც დააყენა თავისი კანდიდატურა...

- ბევრი პოლიტიკური პარტია მაინც აეტორღიალა ალეკო ელისაშვილს. ვისაც თავისი კანდიდატი არ ჰყავს გამსვლელი, ამბობენ, რომ მხარს დაუჭერენ ალეკო ელისაშვილს. იმ პარტიების მხარდაჭერა, რომლებიც თვითონ ვერ იგებენ არჩევნებს, დიდი ვერაფერი ბედენაა! მეორე მხრივ, ალეკო ელისაშვილი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, გავიდა საკრებულოში იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი არ შეუშალა. ახლა, როცა „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი ჰყავს, ასე იოლად არ გაატარებს. ეს ალეკო ელისაშვილსაც ძალიან კარგად ესმის, მაგრამ, მეორე მხრივ, ის ფიქსირდება თავისი ამბიციით თბილისის მერობაზე, თუმცა შანსი ნაკლები აქვს.

- კახა კალაძეს რა შანსები აქვს?

- საზოგადოდ ყოველთვის მმართველ ძალას აქვს უპირატესი მდგომარეობა, ვინაიდან ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლით. ამის გარდა, კალაძეს თავისი დამოუკიდებელი ფინანსური რესურსიც საკმაოდ სერიოზული აქვს. ამიტომ მისი შანსები მაღალია, თუ `ოცნებაში~ ეს დაპირისპირება არ გაღრმავდა და თვითონ „ოცნებამ“ არ დაუწყო მას ბრძოლა. აი, ამ მომენტში შეიძლება გამოჩნდეს ბიძინა ივანიშვილი და გადამწყვეტი სიტყვა თქვას.

- რის თქმა გინდათ, რომ შიგნით გუნდშივე კახა კალაძეს ებრძვიან?

- ეს ჩანს კიდევაც. ყველაფერი სიტყვით ხომ არ უნდა ითქვას მაინცდამაინც. არც ის დაგავიწყდეთ, რომ იურიდიულად ოფიციალური წარდგენის ვადა ჯერ კიდევ შორს არის.

ახალი თაობა“, 10 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს რუსეთის დავალებით ებრძვის“ // ნაცმოძრაობა პრორუსული ძალაა, რომელიც კრემლის დაკვეთას ასრულებს

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ახალ თაობასთან“ ცხინვალის რეგიონში განახლებული მცოცავი ოკუპაციის მიზეზებს აანალიზებს.

- ბატონო ვახტანგ, მსოფლიოში არსებული ახალი თუ ძველი გააქტიურებული კონფლიქტური კერებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, დასავლეთს, ამერიკასა და ევროპას უკრაინასა და საქართველოში კონფლიქტებისთვის არ სცალიათ. რუსეთი მოქმედებს ისე, როგორც მოესურვება. ამ დღეებში ცხინვალის რეგიონში მან კვლავ გააგრძელა მავთულხლართების გაბმა და ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევა. თქვენ როგორ აფასებთ რუსეთის ქმედებებს?

- როდესაც ხდება ამერიკის ჰეგემონობის დაკნინება და შემცირება, ამგვარი რამ რუსეთისგან მოსალოდნელია.

- ვისი მხრიდან ხდება ამერიკის ჰეგემონობის დაკნინება?

- საერთოდ, ამერიკამ შეცვალა თავისი პოლიტიკური პროექტები. ის უფრო ჩაკეტილი გახდა. ტრამპს აქვს გლობალური ლიდერის ამბიციები. რუსეთი, ფაქტობრივად, პოსტსაბჭოთა სივრცეში თავის დომინანტობას აძლიერებს, ცდილობს, ჩამოიშოროს მისთვის არასასურველი პოლიტიკური ძალები და მოიყვანოს რუსეთისადმი ლოიალური ძალები. მოლდოვაში მათ შეძლეს პოლიტიკური გადატრიალება და ისეთი პოლიტიკური ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, რომელიც პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. დონბასში ბრძოლები გრძელდება და ცდილობენ, პოროშენკოს ძლიერი ოპოზიციური გუნდი შეუქმნან. სწორედ ამ თამაშებშია ჩართული მიხეილ სააკაშვილი. როგორც ჩანს, სააკაშვილი ასრულებს კრემლის დაკვეთას, რადგან ის პირდაპირი უპირისპირდება პოროშენკოს და მისი პოლიტიკური მტერია.

- რუსი პოლიტოლოგები ვლადიმერ პუტინს ამტყუნებენ იმაში, რომ მან უკრაინასთან დაკავშირებით იჩქარა და ვერ შეძლო ძლიერი დასაყრდენი ძალის შექმნა (პრორუსული პოლიტიკოსების სახით), რომელიც ომის გარეშე უზრუნველყოფდა უკრაინის რუსეთთან დაახლოებას. როგორც ჩანს, ახლა ქმნიან ძლიერ პრორუსულ ძალას...

- დიახ, ახლა ქმნიან ძლიერ პრორუსულ ძალას და ამ კუთხით მიხეილ სააკაშვილი ძალიან აქტიურობს. სხვათა შორის, მოსკოვში მომრავლდა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლო სტატიები. მას ნახევარსაათიანი პირდაპირი ჩართვა ჰქონდა კრემლის მიერ კონტროლირებად რუსულ ტელეკომპანია „ორტ“-ს ეთერში. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ლუსტრაცია. ფაქტობრივად, იგი გახდა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მოსკოვის მიერ დაგებული ხაფანგის ერთ-ერთი მთავარი აქტორი.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოშიც ითამაშა პრორუსული კარტი, ყველა შედეგით. მოსკოვმა საქართველოში გაცილებით უფრო გაიძლიერა პოზიციები, ვიდრე მას ედუარდ შევარდნაძის პერიოდში ჰქონდა. იგივე ცხინვალის კონფლიქტში ქართული მხარის დამარცხება და ტერიტორიების ოკუპაცია სააკაშვილს უკავშირდება, ისევე, როგორც სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსული სახელმწიფო კორპორაციებისათვის.

მიხეილ სააკაშვილის დროს ძალიან დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა ერთ-ერთი ოლიგარქი სერგეი გენერალოვი, რომლის ბიზნესპარტნიორი იყო მიხეილ ფრადკოვი, რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფი. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, მადნეულის გადამამუშავებელი ქარხანა იყო იმ ოლიგარქის ხელში.

- საქართველოში ხელისუფლებას ოპოზიციისაგან პრობლემები შეიძლება შეექმნას?

- ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. „ნაცმოძრაობა“ იქცა რუსული ძალის აპოლოგეტად. დღეს უკვე ჩანს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“ უფრო მეტად ახორციელებს რუსული საგარეო პოლიტიკის ნარატივს.

- როგორ ახორციელებს?

- თუნდაც ის, რომ ბოლო პერიოდში რუსთავი 2-მა გაუშვა ანტიამერიკული სიუჟეტი და დააბრალა საქართველოს, რომ საქართველომ იარაღი მიჰყიდა ამერიკას, ოღონდ ეს იარაღი გადასცა სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს. თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, ვის წისქვილზე დაასხა წყალი „რუსთავი-2“-მა საიდუმლო ინფორმაციის გაჟღერებით?

- ანუ საქართველო დაადანაშაულეს ბაშარ ასადის ოპოზიციასთან თანამშრომლობაში?

- დიახ. ეს ინფორმაცია იმ დღესვე აიტაცა რუსულმა მედიამ, თითქოს ისინი ელოდებოდნენ მსგავსი სიუჟეტის გაშვებას. შესაბამისად, მათ ეს თემა ძალიან კარგად გამოიყენეს ანტიქართული სიუჟეტების გასაკეთებლად.

- რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამგვარი საიდუმლო ინფორმაციის გახმოვანებას?

- ამას მოჰყვა უკვე შედეგი – მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს მიმართ სამხედრო მუქარის განხორციელება. ეს არის ფაქტები, რომლებსაც პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი გააჩნიათ.

- ცოტა ხნის წინ რუსეთი აფხაზეთში ატარებდა წვრთნებს

- დიახ, რუსეთმა წვრთნები ჩაატარა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ცხინვალში ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი სიღრმეში გადმოიტანეს.. აი შედეგი. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ „რუსთავი-2“-ის მთავარი მფლობელი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პროამერიკულ პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებას ებრძვის, ხოლო აქ „რუსთავი-2“ ანტიამერიკული სიუჟეტების გაშვებით არის გართული, თქვენ გამოიტანეთ დასკვნა.

- ნაციონალები მუდამ აცხადებენ, რომ პროდასავლელები და პროამერიკელები არიან...

- „ნაცმოძრაობა“ პროდასავლურ ძალად უკვე აღარ განიხილება. მათ გამოეყო პროდასავლური ფრთა. მათ ცალკე პარტია შექმნეს, „ევროპული საქართველო“.

- არც მათ დაეჯერებათ...

- არც მე მჯერა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ სხვა ნარჩენებისგან განსხვავებით, ისინი უფრო ჩანან ამ ფლანგზე. მიხეილ სააკაშვილი კი გახდა რუსული საქმის გამკეთებელი უკრაინაში. სააკაშვილს აქვს დიდი რაოდენობით თანხა და აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას, ბრძოლას პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ, რაც ძალიან საინტერესოა.

- მიხეილ სააკაშვილს უნდა, უკრაინაში ძლიერი სახელისუფლებო ძალა იყოს?

- ბუნებრივია. ამიტომაც არის, რომ ამერიკელებმა და დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება მოახდინეს. ფაქტია, რომ ნაცმოძრაობა გადაიქცა პრორუსულ ძალად, რომელიც ასრულებს კრემლის დაკვეთას.

- ამ ფონზე პეტრო პოროშენკოს საქართველოში ჩამოსვლა როგორ შეიძლება შეფასდეს?

- პეტრო პოროშენკო საქართველოში ჩამოდის იმისთვის, რომ გააძლიეროს გეოპოლიტიკური ღერძი სუამ-ის ფორმატში, დემოკრატიული ჩართულობის ინიციატივის ფორმატში. შესაბამისად, ორი ქვეყანა, როგორც რუსეთის პირდაპირი აგრესიის მსხვერპლი, გაერთიანდეს საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ დროს პოროშენკოს რომ ებრძვი, ვის წისქვილზე ასხამ წყალს? ქართველი საზოგადოება ჭკვიანია და ხვდება, რომ დღეს უკვე აშკარად მოხდა მიხეილ სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის ლუსტრაცია.

ახალი თაობა“, 10 ივლისი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ოპოზიციას შეუძლია, ნახევარი პარლამენტი ხელში აიღოს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

- ბატონო რამაზ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კომპრომისი არ იქნა მიღწეული, ოპოზიცია დიდი აქციების გამართვით იმუქრება. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

- ოპოზიცია ამბობს, რომ ქუჩაში გამოვა და აქციებს გამართავს, მაგრამ საპროტესტო აქციები ნიშნავს, როდესაც გაბრაზებული ხალხი გამოდის ქუჩაში და მას ოპოზიცია უწევს რეგულირებას. დღევანდელი ოპოზიცია გამოიყვანს ხალხს ქუჩაში? ან რამდენს გამოიყვანს?

- ვერ გამოიყვანს?

- როგორ გამოიყვანს, როდესაც ხალხისა და ოპოზიციის მოთხოვნები ერთმანეთს არის აცდენილი. ოპოზიციის მოთხოვნები დღეს მოსახლეობის მოთხოვნებთან კავშირში არ არის. ისინი პარტიული ინტერესებიდან გამოდიან. პარტიული ინტერესების დასაცავად, არა მგონია, მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდეს. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ პარტიებს არ აქვთ დიდი რეიტინგები საქართველოში.

- ხელისუფლება წავა დათმობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და რაზე იქნება ეს დამოკიდებული?

- თუ ხელისუფლება წავა დათმობაზე და, მე არ გამოვრიცხავ, რომ გონივრული ნაბიჯი გადადგას ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება დასავლეთის ხათრით გაკეთებული დათმობა და არა – ოპოზიციის ხათრით. თქვენ მკითხეთ, რაზე იქნება ეს დამოკიდებული? ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, პირველ რიგში, ხელისუფლებამ დასავლეთს უნდა დაანახოს, რომ მისთვის სულ ერთი არ არის, რომ ის ანგარიშს უწევს პირველ რიგში მის მიერ დადებულ პირობას, ასევე ანგარიშს უწევს იმას, რომ კონსტიტუცია ეკუთვნის არა რომელიმე ერთ პარტიას, არამედ ყველას, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ასევე ეს პროცესი დამოკიდებული იქნება არა გაჯიუტებაზე, არამედ რეალურად იმაზე, რისი კულტურაც ჩვენ არ გვაქვს.

- პოლიტიკურ კონსენსუსს გულისხმობთ?

- დიახ, სწორედ ასეა. ვერა და ვერ გაიზარდა საქართველოს პოლიტიკური ელიტა იქამდე, რომ ამაზე გარედან არ მიგვითითონ. თუმცა, როდესაც ბუკიკიო კონსენსუსზე მიგვითითებს, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ არის სიტუაციები, როდესაც კონსენსუსი სრულიად შეუძლებელია.

- რატომ? ასეთი მნიშვნელოვანია, მაჟორიტარული არჩევნები იქნება თუ არა?

- ოპოზიციას არ სურს კონსენსუსი. ოპოზიცია ვერ აცნობიერებს, თორემ მას უფრო უნდა აწყობდეს დღეს მაჟორიტარული სისტემა, ვიდრე ხელისუფლებას. თუ მოინდომებს, ოპოზიციას შეუძლია, ნახევარი პარლამენტი ხელში აიღოს.

- როგორ?

- მაჟორიტარული არჩევნებით ოპოზიციას შეუძლია, თითო-თითო კაცი შეარჩიოს, რომელიც პოპულარული იქნება და გაიმარჯვოს, რასაც ვერ შეძლებს პროპორციული სისტემით, რადგან დღეს ოპოზიციური პარტიების რეიტინგი დაბალია. ოპოზიციას პარტიული სიით პარლამენტში მოხვედრა გაუჭირდება. ამას ან ვერ აცნობიერებს, ან თვალს ხუჭავს. „ქართული ოცნება“ დათმობაზე წავიდა, როდესაც საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დასწია.

- ბატონო რამაზ, თქვენ ერთხელ ინტერვიუში მითხარით, რომ შევარდნაძემ საარჩევნო ბარიერი მინიმუმამდე დასწია იმიტომ, რომ ყველა შესულიყო პარლამენტში, რათა პროცესები ქუჩიდან შიგნით შესულიყო...

- დიახ, სწორედ იმ პარლამენტის წევრი გახლდით, მართლაც ასე იყო, მახსოვს, ორკაციანი პარტიები შევიდნენ პარლამენტში. შევარდნაძის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ იმუშავა, აბობოქრებული პოლიტიკა მართლაც შევიდა შენობაში. 90-იანი წლები იყო, მოგეხსენებათ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, თუმცა გადაწყვეტილება მართლაც გონივრული იყო და გაამართლა. მაშინ ყველაფერი მიტინგამდე იყო დასული, სხვანაირი პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენელი იყო. ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში იყო და მიტინგებს მართავდა, საინფორმაციო მიტინგს უწოდებდა, რომ ხალხთან ელაპარაკა. თუმცა, ჩვენ ეს ეტაპი გავიარეთ. დღეს სულ სხვა ვითარებაა. მაშინ მოიხსნა ეს ტრადიცია, რადგან პარლამენტი გახდა პოლიტიკოსების არენა და ასეც უნდა იყოს.

- ოპოზიცია ამბობს, რომ თუ ხელისუფლება არ დათმობს, აქციებს გამართავს. საპროტესტო აქციებით ოპოზიცია შედეგს ვერ მიაღწევს?

- ამ თაობის პოლიტიკოსებმა კარგად არ იციან, რას ნიშნავს საპროტესტო აქცია, რომელიც შედეგს დადებს. ეს შედეგი რომ მიიღო, ძალიან ახლოს უნდა იყოს შენი მოთხოვნები ხალხის სურვილებთან. რა, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება ან პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ახლოს არის ხალხის მოთხოვნებთან?!

- დემოკრატიულ პროცესებს ექმნება საფრთხე, ევროპისკენ მიმავალ გზაზე სერიოზული მუხრუჭი შეიძლება იყოს. ასეთია მათი გზავნილები...

- დემოკრატიას საფრთხე ექმნება ამერიკის შეერთებულ შტატებში ან დიდ ბრიტანეთში? იქ მთლიანად მაჟორიტარული სისტემაა. სამწუხაროდ, ოპოზიციას, მის მჭექარე განცხადებებს დამაჯერებლობა აკლია. ერთსა და იმავე შეცდომებს იმეორებენ. ეჭვი მეპარება, რომ ამ მოცემულობაში მათ ხალხი გვერდით დაუდგეს. ეს რთულად დასაჯერებელი იქნებოდა.

ახალი თაობა“, 10 ივლისი, 2017 წელი

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი სომხეთის ხელში გადადის?

რაზე შეუთანხმდა თბილისი ერევანს

საქართველოში საზღვრებთან დაკავშირებით ახალი სკანდალი გორდება. სომხურ მხარესთან მიღწეული შეთანხმების გამო საქართველოს ხელისუფლება სერიოზულ სკანდალში გაეხვევა.

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. როგორც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, 2017 წლის 1 სექტემბრისთვის ეს პროცესი ოფიციალურად დასრულდება.

ოფიციალურ ერევანთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი სომხეთის დაქვემდებარებაში გადავა. სამონასტრო კომპლექსის გარდა, სომხურ მხარეს გადაეცემა არპის ნაციონალური ტყე-პარკიც.

ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდინარე ფოლადაურის ხეობაში, ზღვის დონიდან 1.019 მეტრზე, ამჟამად ახქერფის სახელით ცნობილი უძველესი ქართული სოფლის მახლობლად მდებარეობს, რომელიც მარნეულის რაიონში შედის, ძველად კი შედიოდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელსაც ბოლნისის ხევი ეწოდებოდა.

სომხეთთან და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენას რომ დიდი სკანდალი მოჰყვებოდა, ამის შესახებ „ახალ თაობასთან“ საუბარში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა სომხეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიგლა ბარამიძემ.

ამ მიმართულებით სკანდალებს ელოდება ექსპერტი სასაზღვრო საკითხებში გელა ხუციშვილიც. სახელმწიფო საზღვრების დადგენაზე ის წლების განმავლობაში  მუშაობდა, სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილე იყო და ამ სფეროში ძალიან კარგად არის ჩახედული.

„ახალ თაობასთან“ საუბარში გელა ხუციშვილი აცხადებს, რომ სომხეთთან ამ საკითხის განხილვა სწორედ ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსის გამო შეწყდა. მისი თქმით, ოფიციალურმა ერევანმა ამ ტერიტორიაზე პრეტენზია 1992 წელს წამოაყენა.

„1993 წლიდან სწორედ ამ პრეტენზიების გამო შეჩერდა სომხეთთან სადემილიტაციო-სადემარკაციო კომისიების მუშაობა. ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსის გარდა, მათ სხვა ტერიტორიებზეც ჰქონდათ პრეტენზია, თავიანთი ქვეყანა უფრო სხვა განზომილებაში ესახებოდათ“, – ამბობს გელა ხუციშვილი. მისი თქმით, 2000 წლამდე ამ საკითხზე არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. 2000 წლის შემდეგ მოლაპარაკებები განახლდა.

გელა ხუციშვილის აზრით, სადემილიტაციო კომისიამ სომხეთთან მიღწეული შეთანხმება უნდა გაასაჯაროოს. „აუცილებლად უნდა გვითხრან, როდის განიხილეს ხუჯაბთან დაკავშირებული საკითხი. უნდა გვითხრან, სად გაიმართა შეხვედრა და რა შემადგენლობით იყო საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი. აგვიხსნან ისიც, რის საფუძველზე მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება“, – აღნიშნავს ექსპერტი სასაზღვრო საკითხებში. მისი განცხადებით, საქართველოს იქით უნდა ჰქონდეს სხვებთან ტერიტორიული პრეტენზიები. „საქართველო, მართალია, შეეგუა იმას, რომ 1991 წლის მდგომარეობით გვაქვს საზღვრები დადგენილი, თუმცა ვიცით, რომ 1921 წლიდან პარტბიუროს მიერ ინდულგენციები აქეთ ზაქათალისა და იქით ლორე-თაშირის მიმართულებით გაიცემოდა. იქაც კი სამართლებრივი ლაფსუსებია, რაზეც შეგვეძლო გვედავა. ამის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას ვაგრძელებთ“, – აცხადებს გელა ხუციშვილი. იგი კანონმდებლებს მოუწოდებს, სადემილიტაციო კომისიისგან ანგარიშის წარდგენა მოითხოვონ. ხუციშვილის თქმით, კომისიას დუმილი ძალიან გაუგრძელდა.

„კონსტიტუციის თანახმად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა საზღვრების თემა. სადემილიტაციო კომისია ვალდებულია, პარლამენტს მუშაობის ანგარიში ჩააბაროს. პარლამენტში მოსმენილ უნდა იქნეს სადემილიტაციო კომისიის ანგარიში. გვითხრან, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ. რა საფუძველი აქვს იმას, რომ ხუჯაბი და მასთან ერთად სარეკრეაციო ზოლი სომხეთის მხარეს დაუთმეს. სამწუხაროდ, 2013 წლიდან დღემდე სადემილიტაციო კომისიის ანგარიში არავის მოუსმენია. არც არაფერი ვიცით მათი მუშაობის შესახებ – ინფორმაცია საჯარო არ არის. ამიტომაც მე ამ კომისიას უნდობლობას ვუცხადებ“, – ამბობს ექსპერტი. მან ჯერ არ იცის, რითი დასრულდება ეს ამბავი. იმედი აქვს, რომ პარლამენტი ამ დოკუმენტის რატიფიცირებას არ მოახდენს. ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ასეთი საკითხების მიმართ ყურადღება არ მოადუნოს.

გელა ხუციშვილის თქმით, სომხეთს სხვა ტერიტორიებზეც აქვს პრეტენზია: „ჩვენს მეზობელს სხვა მიმართულებებითაც აქვს თავისი პრეტენზიები. ჯერ კიდევ 1918 წლიდან ითხოვენ ახალქალაქსა და ბორჩალოს. ამასთან დაკავშირებით სომხეთთან ომიც კი გვქონდა. ამ ამბის ასე ბედის ანაბარა მიტოვება არ შეიძლება“.

გელა ხუციშვილი საზღვრებთან უდიერ დამოკიდებულებასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს. ექსპერტის თქმით, მას მეზობელი ქვეყნისთვის ტერიტორიების გადაცემის უფლება არ ჰქონდა.

„პრემიერს დიდ პატივს ვცემ, ძალიან ზომიერი კაცია, მაგრამ თურქეთის მონაკვეთზე 6 ჰა ფართობის გადაცემით კონსტიტუცია დაარღვია. კონსტიტუციის მეორე მუხლი პირდაპირ გვეუბნება, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა საზღვრების მონაცვლეობა და ტერიტორიების გადაცემა“, – აცხადებს გელა ხუციშვილი. მისი თქმით, ამ მიმართულებით თურქეთს პრეტენზიები აღარ ჰქონდა: „მდინარე ჭოროხზე სასაზღვრო ნიშნულები დატანილია ღრმა და თვალსაჩინო მიმართულებით. 1992 წელს საქართველოსა და თურქეთს შორის სასაზღვრო ხელშეკრულება გაფორმდა. თურქებს მაშინ პრეტენზიაც კი არ ჰქონიათ. ამის შემდეგ ვიგებთ, რომ პრემიერმა დაუტოვა მათ 6 ჰექტარი. ეს პარლამენტს უნდა განეხილა“.

გელა ხუციშვილი იხსენებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთს პრეტენზიები 1979 წელს ჰქონდა, თუმცა ეს ამბავი მაშინვე დასრულდა და აღარ გაგრძელებულა.

ექსპერტი შიშობს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრების დადგენასაც სკანდალები მოჰყვება.

გელა ხუციშვილი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ საზოგადოების მთავარი ყურადღება [შიდა ქართლში] სადემარკაციო ხაზის მიმართ არის მიპყრობილი. იგი 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს. ეს ხელშეკრულება კი, მისი თქმით, შემდეგი მიზეზებით უნდა გასაჯაროვდეს: „ყველას ვთხოვ, ნუ ამბობენ, რომ საზღვრის გადმოწევა მოხდა. ეს არ არის საზღვარი. ეს სადემარკაციო ხაზია. ამ ხაზის გავლება ორ მხარეს მშვიდობის დამყარების შემდეგ იქნა გავლებული. ამ საკითხზე მეტი რომ გავიგოთ, საჭიროა 2008 წლის მედვედევი-სარკოზი-სააკაშვილის შეთანხმების გასაჯაროება. ამ დოკუმენტით გავიგებთ, რატომ ხდება სადემარკაციო ხაზის გადმოწევა ან სადამდე გაგრძელდება ეს პროცესი“.

გელა ხუციშვილი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას მხოლოდ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ აპირებს.

——-

სადემარკაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვაა. ხელისუფლებასა და მის მომხრეებს ნაზი საპროტესტო განწყობა აქვთ. რადიკალურად განწყობილებს ისინი პოპულიზმს სდებენ ბრალად.

ოფიციალური ცხინვალის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ხელისუფლება ინფორმირებული იყო, რომ სადემარკაციო ხაზის გადმოწევა იგეგმებოდა.

„ქართველები ცდილობენ, ახალი სკანდალი გაბერონ და იძახიან, თითქოსდა სასაზღვრო ბანერი 4 ივლისს დავამონტაჟეთ. არადა, ბანერი 19 ივნისს იქნა დაყენებული და ამის შესახებ ევროკავშირის სამშვიდობო მისია წინასწარ იყო გაფრთხილებული“, – ნათქვამია ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ ჯერ კიდევ თებერვალში შესთავაზეს ქართულ მხარეს, ერთობლივად მოეხდინათ საზღვრის დემარკაცია, რათა ადგილობრივ მოსახლეობას სცოდნოდა, რომელი მიწების გამოყენება შეეძლო. „ქართველებმა ჩვენი წინადადების იგნორირება მოახდინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი თაობა“, 10 ივლისი, 2017 წელი

პროკურორმა საკანში ირაკლი ფირცხალავას სცემა?

ზვიად კუპრავა: მას უთხრეს, რომ თუ ირაკლი მამალაძეზე ჩვენებას არ შეცვლის, ციხეში ამოალპობენ

რამდენიმე კვირის წინ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გაავრცელა. მისი ინფორმაციით, პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურების აგენტპროვოკატორია და მას ჟურნალისტებთან, სასულიერო პირებთან და „ლგბტ“ თემის წარმომადგენლებთან მუშაობა ევალებოდა. ამ განცხადების გამო ირაკლი მამალაძემ ფირცხალავას სასამართლოში უჩივლა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა კი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკითხვა მოითხოვეს. ადვოკატების განმარტებით, ფირცხალავას ხელთ არსებულმა ინფორმაციამ შესაძლოა მთელი საქმე თავდაყირა დააყენოს.

პროკურატურა თავიდან ამბობდა, რომ ფირცხალავას განცხადებას საქმესთან კავშირი არ ჰქონდა, მერე მაინც გადაწყვიტეს დაკითხვაზე წასვლა, თუმცა სულ სხვა მიზეზით.

დაკითხვა საკმაოდ მძიმედ დასრულდა. პროკურორების წასვლის შემდეგ თანამესაკნემ ირაკლი ფირცხალავა უგონო მდგომარეობაში იპოვა. იმ დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურორებმა ყოფილ მაღალჩინოსანს სცემეს.

რა მდგომარეობაში იპოვა ირაკლი ფირცხალავა მისმა თანამესაკნემ, რა დაზიანებები აღმოუჩინეს მას, რით დაემუქრნენ პროკურორები? ამის შესახებ „ახალ თაობას“ სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება.

„ირაკლი ფირცხალავა მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე და მას საიდუმლო ინფორმაციებზე ჰქონდა დაშვება, აქედან გამომდინარე, ბევრი რამე იცის. პროკურატურის მთავარ მოწმესთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თუ დადასტურდა, ციანიდის საქმე თავდაყირა დადგება. მოგეხსენებათ, ციანიდის საქმე მთლიანად მოწმე ირაკლი მამალაძის ჩვენებაზეა აგებული. ციანიდზე მამა გიორგი ამბობს, რომ ჩაუდეს. პროკურატურას კი დღემდე არა აქვს იმის მტკიცებულება, თუ სად და რა ვითარებაში შეიძინა დეკანოზმა ციანიდი. არადა, მამა გიორგიზე თვალთვალი იყო დაწესებული და მისი ყველა ნაბიჯი კონტროლდებოდა. აქედან გამომდინარე, თუ დადასტურდა, რომ ირაკლი მამალაძე აგენტია, მისი, როგორც მოწმის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

კარგად მესმის პროკურატურისაც, რომელმაც, ნაცვლად იმისა, რომ სიმართლე დაედგინა, ფირცხალავას წინააღმდეგ ცრუ დასმენის ბრალდებით აღძრა საქმე. მისი დაკითხვა სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი.

უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა თვითონ მოითხოვა. მან თქვა, გამომძიებლებს არ ვენდობი და ჩვენებას მხოლოდ მაგისტრ მოსამართლეს მივცემო. მისი მოთხოვნა სავსებით ლეგიტიმურია, რადგან ის არის პოლიტპატიმარი. ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი და ასე ფიქრობს თავადაც. სასამართლომ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა და ირაკლი ფირცხალავა დაიბარა დაკითხვაზე“, – ამბობს ზვიად კუპრავა.

- თუმცა ის სასამართლოში არ მისულა...

- სანამ სასამართლოში მიუსვლელობის მიზეზებზე ვისაუბრებ, აუცილებლად უნდა ვთქვა, ვინ არის მოსამართლე. ეს არის მოსამართლე კოჭლამაზიშვილი, რომელმაც ყოფილ მაღალჩინოსანს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება სასამართლოში მიუსვლელობას, იმ დროისთვის, როცა დაკითხვა უნდა გამართულიყო, ფირცხალავას 5 დღის გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა. ექიმმა მას სასამართლოში წასვლისა და ჩვენების მიცემის უფლება არ მისცა. ამიტომაც პროკურორები მოსამართლესთან ერთად თავად მივიდნენ მატროსოვზე.

- სასჯელაღსრულების სამინისტრომ რატომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფირცხალავა სასამართლოში გახდა ცუდად?

- უწყების წარმომადგენლებმა, უბრალოდ, იცრუეს. მათ თავიანთ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფირცხალავა სასამართლოში დაკითხვის პროცესში გახდა ცუდად. იმ დღეს ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოში არავის წაუყვანია. ინციდენტი მატროსოვზე მოხდა.

- თავად ინციდენტი როგორ მოხდა?

- ეს ყველაფერი ასე მოხდა. მასთან ერთად საკანში ზის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე. 8 ივლისს მან დარეკა ოჯახში და თქვა, ფირცხალავას სცემეს პროკურორებმა, მას გული წაუვიდა, აღენიშნება დაზიანებები და არის ძალიან ცუდადო. როგორც მე მითხრეს, ცააძე ძალიან გამწარებული ხმით რეკავდა. ამ ამბის შესახებ მე ცააძის მიერ განხორციელებული ზარიდან 2-3 წუთში მაცნობეს. მისი ოჯახის წევრებმა დამირეკეს. მათვე გააგებინეს მედიასაშუალებებსაც. გიორგი ცააძის ზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ფირცხალავასთან ერთად ერთ საკანში ზის და, შესაბამისად, ითვლება სანდო წყაროდ.

- თუმცა თვითმხილველი არ არის...

- თვითმხილველი არ არის. როდესაც პროკურორები დაკითხვაზე შევიდნენ, მათი მოთხოვნით გიორგი ცააძე სხვა საკანში გაიყვანეს. შესაბამისად, ის ცემის ფაქტს ვერ შეესწრებოდა. ცააძის არყოფნისას საკნიდან ხმაურის ხმა გამოვიდა. რაღაც დროის შემდეგ ის საკანში დააბრუნეს. როდესაც შემოუყვანიათ, დაინახა, რომ ფირცხალავა ეგდო ძირს, თავზე ჰქონდა კოპი, წვივის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ ამბის გახმაურების შემდეგ ფირცხალავასთან შევიდნენ მისი ადვოკატი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. ისინი მას მომხდარის შესახებ ესაუბრნენ.

- ფირცხალავამ დაადასტურა ცემის ფაქტი?

- არაფერი არ დაუდასტურებია, მაგრამ არც არაფერს უარყოფს. ფირცხალავა ამბობს, რომ არაფერი ახსოვს, თქვა, რომ დაკითხვის დროს გონება დაკარგა, მაგრამ არ იცის, რა ვითარებაში მოხდა ეს. მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. ამ ინციდენტის მიუხედავად, შიმშილობას მაინც აგრძელებს.

- იქნებ შიმშილობის გამო წაუვიდა გული?

- ფირცხალავა საკმაოდ ძლიერია და არა მგონია, ამის გამო გამხდარიყო ცუდად. სამწუხაროა, რომ არც სახალხო დამცველის აპარატი და არც ადვოკატი არაფერს ამბობენ. შესაძლოა, ეს დაცვის მხარის სტრატეგიაა. როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი მატროსოვის ციხიდან გამოვიდა, თქვა, ადვოკატს დაველაპარაკებიო. ერთი რამე დადასტურებულია – ფირცხალავას სთხოვდნენ, შეეცვალა ჩვენება და არ ეთქვა, რომ აგენტ-პროვოკატორია ირაკლი მამალაძე, იგივე „პრესა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოალპობდნენ ციხეში.

- ამას ადასტურებს ვინმე?

- ამას ადასტურებს თავად ირაკლი ფირცხალავა და ამას აცხადებს მისი ადვოკატიც.

- ეს როდის უთხრეს?

- დაკითხვის დღეს. მეტი ამაზე არაფერი ვიცი, კითხვა კი ძალიან ბევრი მაქვს. იმაში დაუჯერებელი არაფერია, რომ ადამიანს გული წაუვიდა, მაგრამ, ისე როგორ დაეცა, რომ კოპი ამოუვიდა? ის მაღლიდან ვერ ჩამოვარდებოდა. დაკითხვის მომენტში ან იჯდებოდა, ან იდგებოდა. ამ ამბავზე კიდევ ბევრი კითხვა არსებობს და, თუ მართლა არაფერი მომხდარა, პროკურატურას ძალიან მარტივად შეუძლია ამ მითქმა-მოთქმის დასრულება. მან უნდა წარმოადგინოს დაკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. მატროსოვზე, სადაც პოლიტპატიმრები სხედან, დამონტაჟებულია კამერები. ყველა საკანში ვიდეოკამერაა. იწერება საუბრები. პროკურატურას ეს ჩანაწერი იმ დღესვე უნდა წარმოედგინა, როცა გიორგი ცააძემ ეს ინფორმაცია გააჟღერა.

Comments are closed