globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 10th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი//მთელი კვირა: შეიძლებოდა თუ არა აგვისტოს ომის მოგება

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „რუსეთმა ფსიქოლოგიური ომის ახალი ეტაპი დაიწყო“

„კვირის პალიტრა“: სანქცია, რომელსაც მალავდნენ?!

„კვირის პალიტრა“: რუსული ემბარგოს მოლოდინში // როგორ განვითარდება პროცესები ქართულ ეკონომიკაში, თუ რუსეთმა ღვინის ექსპორტი აკრძალა

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სოსო პავლიაშვილთან: “მე საქართველო არ შემირცხვენია”

———————

რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 აგვისტო, 2015 წელი

შეიძლებოდა თუ არა აგვისტოს ომის მოგება

ვახტანგ შამუგია

(შემოკლებით)

აგვისტოს ომმა საქართველოს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა. დამარცხება ქვეყანას ტერიტორიების ანექსიად, 150 000-მდე იძულებით გადაადგილებულ პირად, 400-მდე დაღუპულ მოქალაქედ დაუჯდა. რა იყო ამ ომში დამარცხების მიზეზი? რა შეცდომები იქნა დაშვებული ქართული პოლიტიკური თუ სამხედრო ელიტის მიერ? ამ და სხვა თემებზე “მთელ კვირას” სამხედრო მიმომხილველი გიორგი ინაური ესაუბრა.

- რამდენად შესაძლებელი იყო კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც იმ დღეებში მიხეილ სააკაშვილისა და დიმიტრი მედვედევის კაბინეტებში ისხდნენ და არსებულ ინფორმაციას სრულყოფილად ფლობდნენ. თუმცა ის, რომ რუსეთი აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე აძლიერებდა თავის სამხედრო ძალებს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, ფაქტია.

2008 წლის აპრილში რუსული გამანადგურებლის მიერ ოჩამჩირის თავზე ჩამოგდებული ქართული უპილოტო საფრენი აპარატის ისტორია ალბათ გახსოვთ. ეს აპარატი ზვერავდა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დამატებით, ყოველგვარი ხელშეკრულების დარღვევით შეყვანილი ძალების პოზიციებს, რათა მოპოვებული მტკიცებულებები რუსეთისათვის საერთაშორისო დონეზე წარედგინათ.

იგივე ვითარება იყო ცხინვალის რეგიონშიც, სადაც მოსკოვი თავის ე.წ. “სამშვიდობო ძალებს” სისტემატურად აძლიერებდა. აგვისტოს პირველ რიცხვებში რუსულ ტელეკომპანია ნტვ-ს გაეპარა კადრები, სადაც ჩანდა, თუ როგორ შედიოდნენ როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალში თვითმავალი საარტილერიო დანადგარები. ამ ტიპის იარაღის ქონის უფლება რუს სამშვიდობოებს არ ჰქონდათ, მაშასადამე ისმის კითხვა, სად და რისთვის მიდიოდნენ ეს დანადგარები ომის დაწებამდე რამდენიმე დღით ადრე? რუსეთი იმ დღეებში თბილისის ნერვებზე თამაშობდა, სამწუხაროდ, მას ეს გამოუვიდა და ქართული მხარე პროვოკაციაზე წამოაგო, თბილისს ნერვებმა უმტყუნა…

- რა იგულისხმება “ნერვებმა უმტყუნაში”?

- პირველ რიგში ის, რომ ცხინვალისკენ თითქმის მთელი ქართული არმია დაიძრა. დიახ, ოსი სეპარატისტები ბომბავდნენ ქართველი სამშვიდობოების პოზიციებსა და ქართულ სოფლებს და თბილისს უნდა ემოქმედა, ამასთან, თბილისს სრული იურიდიული უფლება ჰქონდა და ახლაც აქვს, რომ აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. მაგრამ ამის გაკეთება სხვაგვარადაც შეიძლებოდა. ქართველებს შეეძლოთ, მსხვილკალიბრიანი ნაღმმტყორცების რამდენიმე გასროლით სეპარატისტები დაედუმებინათ. ამას არც აუდიო და არც ვიზუალური ეფექტი ექნებოდა, განსხვავებით “გრადების” ზალპის იმ საშინელი კადრებისა, რომლებიც იმ ღამესვე გავრცელდა. რუსული პროპაგანდა ამ კადრებს დღემდე ჩვენ საწინააღმდეგოდ იყენებს. ფაქტია ისიც, რომ ცხინვალი ნახევრად დაცლილი იყო, მასზე ვერც “მძინარეს” იტყვი, რადგანაც ქართული სოფლები სწორედ მის ქუჩებში დაყენებული ნაღმმტყორცნებიდან იბომბებოდა.

- ომის წინანდელი ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობას როგორ შეაფასებდით?

- იმ პერიოდის ქართული არმია მოტივირებული, კარგად შეიარაღებული და დისციპლინირებული ძალა იყო. ჯარისკაცებს შესაშური სულისკვეთება ჰქონდათ. ძლიერი იყო ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, როგორიცაა ატრილერია. მან მტერს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. აღსანიშნავია, რომ რუსების თავის ტკივილად იქცნენ ქართველი სნაიპერებიც, რომლებიც დღისით თუ ღამით დიდი დისტანციიდან მაღალი სიზუსტით უხსნიდნენ ცეცხლს აგრესორ ჯარს. თუმცა კი არმია, რომელიც ვერ აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, არ შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულ ძალად. სამწუხაროდ, 2008 წლამდე ამ კუთხით რაიმე არსებითი ნაბიჯი არ გადადგმულა (თუ არ ჩავთვლით ებრაული და საბჭოური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეზღუდული რაოდენობით შეძენას). დღეს კი ომს იგებს ის, ვინც ქვეყნის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს. ის საშუალებები, რაც არმიას გააჩნდა, ან არაეფექტურად ან საერთოდაც ვერ იქნა გამოყენებული. შედეგმაც არ დააყოვნა… რომ არა რუსული ავიაციის დაუსჯელი ავიაიერიშები ქართველ სამხედრო კოლონებზე, ომის შედეგი უსათუოდ სხვაგვარი იქნებოდა.

- რას იტყვით მოწინააღმდეგეზე? რამდენად ორგანიზებული იყო მათი ძალები?

- დავიწყებ ოსი მოხალისეებით, ეს იყო სუსტად ორგანიზებული, მაგრამ რუსების წყალობით კარგად შეიარაღებული ძალა, რომელმაც ქართული ჯარი ცხინვალში შეიტყუა. მისი ფუნქცია ჩვენი არმიის ქალაქში შეყვანა, იქ ბრძოლების თავზე მოხვევა და რუსების მოსვლამდე მათი მოქანცვა იყო. ამას მათ თავი გაართვეს.

რაც შეეხებათ რუსებს, მათ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. დავიწყოთ იქიდან, რომ ელემენტარულად, კავშირგაბმულობა არ ჰქონდათ და ერთმანეთს ბრძანებებს მობილურებით გადასცემდნენ, რითაც ქართულ მხარეს შეეძლო ესარგებლა. მათი ჯავშანტექნიკა მეტწილად მოძველებული იყო. ხშირი იყო ე.წ. “მეგობრული ცეცხლი”, რაც კავშირგაბულობის ხარვეზის ბრალი იყო. ყოფილა შემთხვევა, როდესაც რუსებს და ოსებს ერთმანეთისათვის უსვრიათ, ეგონათ რა, რომ ქართველებს ებრძოდნენ. ხშირად რუსული ავიაცია შეცდომით რუსულ სამხედრო კოლონებს ბომბავდა, ქვეითების საპასუხო ცეცხლი კი ამ თვითმფრინავებს ან აზიანებდა, ან ანადგურებდა. ერთი სიტყვით, ქართული არმიის ნაცვლად რუსებს უფრო ორგანიზებული და გამოცდილი ძალა რომ დაპირისპირებოდა, შედეგი უთუოდ სხვაგვარი იქნებოდა.

- ანუ, საქართველოს ომის მოგების შანსი ჰქონდა?

- არა. რადგანაც მოწინააღმდეგემ დასავლეთ საქართველოში მეორე ფრონტი მალევე გახსნა. ამასთან, თუ ბრძოლები გაგრძელდებოდა, მესამე ფრონტის გახსნაც იგეგმებოდა. საქართველო-სომხეთის საზღვარზე გიუმრიში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის კუთვნილი ჯავშანტექნიკა უკვე იდგა. თუმცა ფაქტია, მეტი ორგანიზებულობა რომ ყოფილიყო, რუსებს ეს ომი გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ.

- რა შეცდომა დაუშვა ქართულმა მხარემ?

- დავიწყოთ იქიდან, რომ ჯარების შეყვანა მტრის ცოცხალი ძალით სავსე ქალაქში იყო სრული მარაზმი. ტანკი ურბანულ პირობებში არის ყველაზე დაუცველი და ადვილი სამიზნე. ამის ნათელი მაგალითია 1995 წელს რუსების მიერ ქალაქ გროზნოს აღების კატასტროფულად წარუმატებელი მცდელობაც. ამასთან, ქალაქში ოსებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მათ იცოდნენ ქალაქის ქუჩების განლაგება, ამასთან, ადგილობრივები მათ თანაუგრძნობდნენ…

შეცდომა იყო ის, რომ ავიაცია ქართულმა მხარემ მეტად არაეფექტურად გამოიყენა. ჯავის ნაცვლად როკის გვირაბიდან ცხინვალისაკენ მომავალ გზაზე არსებული ე.წ. “გალერები” და გუფთის ხიდი რომ დაეზიანებინათ, 58-ე არმია მთებში გაიჭედებოდა, რაც ქართველებს დამატებით დროს მისცემდა. შეცდომა იყო სენაკიდან მე-2 ბრიგადის ცხინვალთან გადმოსროლა და ამით დასავლეთის მიმართულების მოშიშვლება.

ყველაზე უპატიებელი შეცდომა მაინც გორისა და სენაკის სამხედრო ბაზების მიტოვება და მოწინააღმდეგისათვის საბრძოლო მასალის უზარმაზარი ოდენობის ჩაბარება იყო. საეჭვოა, რომ სურვილისა და ორგანიზებულობის შემთხვევაში ამ იარაღის გადამალვა ან განადგურება ვერ მოხერხებულიყო.

ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რისი მიზეზიც ალბათ სამხედროთა საქმეებში პოლიტიკოსთა ჩარევაც იყო.

- თქვენი ზრით, რამდენად სწორი დასკვნები გამოიტანა ქართულმა სამხედრო ელიტამ ამ კონფლიქტიდან?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასულ თვეს თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთში მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ქართული მხარე მიიღებს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფალნი მიხვდნენ საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობას. კარგია ისიც, რომ არსებობს “დელტა”, რომელიც აწარმოებს საბრძოლო ტექნიკასა და საბრძოლო მასალებს, მართალია, მცირე მასშტაბით, მაგრამ სახელმწიფომ მასზე უნდა იზრუნოს, რადგანაც ომისას ქვეყანას უნდა შეეძლოს სამხედრო სფეროში ავტონომიურობის შენარჩუნება და უცხო ქვეყნებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

ამასთან, საჭიროა დაბალი რგოლის ოფიცერთა პირადი შემადგენლობის მომზადება, რადგანაც უშუალოდ ბრძოლის ველზე ჯარისკაცს ჭკვიანი მეთაური სჭირდება. ამ მხრივ ვითარება ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

- და ბოლოს, თქვენი აზრით, რამდენად რეალურია საბრძოლო მოქმედებების განახლება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში?

- დღესდღეისობით ამის ალბათობა მინიმალურია, რასაც გარკვეულწილად ოფიციალური თბილისის წინდახედული და ფრთხილი პოლიტიკა განაპირობებს. თუმცა რუსეთის მეზობელ ქვეყანას არასოდეს არაფერი არ უნდა გაუკვირდეს. როგორც ნათვამია, თუ გვსურს მშვიდობა, უნდა ვემზადოთ ომისათვის. თუმცაღა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები და თავად რუსეთში არსებული სერიოზული ეკონომიკური კრიზისი ახალი ომის ალბათობას დიდად ამცირებს.

„კვირის პალიტრა“, 10 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „რუსეთმა ფსიქოლოგიური ომის ახალი ეტაპი დაიწყო

“უპირველესად, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ახლობლებს, ვინც ამ ომს შეეწირნენ. ეს არის ტრაგიკული ფურცელი ჩვენი ერისა და ქვეყნის ისტორიაში. ჩემთვის, შეფასების თვალსაზრისით, ამ შვიდი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, ვრჩები იმავე აზრზე, რაც მაშინვე მქონდა. იმჟამად გამოქვეყნებულ სტატიაში აგვისტოს ურთულეს პროცესებს დავარქვი “ქართველთა სიბრიყვე და თვალთმაქცობა”. თუ სრულად გავიხსენებთ, რაც იმ პერიოდში ხდებოდა, 2008 წლის აგვისტოში ქართული პოლიტიკური ელიტის გადაწყვეტილებები იყო ზღვარს გადასული პოლიტიკური სიბეცე”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

გთავაზობთ შემოკლებით:

“უახლოესი ისტორიის მაგალითებით მაინც უნდა გვეხელმძღვანელა და გვეფიქრა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს მოჰყვებოდა რუსეთის ის პასუხი, რაც ვნახეთ. რუსეთს სწორედ ეს სურდა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაეთრია ფართომასშტაბიან ომში. საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყების სრული სამართლებრივი და კანონიერი უფლება ჰქონდა, თუმცა საფრთხე იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შევასკდებოდით რუსეთის არმიას, ცხადზე უცხადესი იყო. რომ არა დასავლეთის მკვეთრი რეაქცია, ვფიქრობ, ტანკები, რომელთაც, თუ ერთ-ერთ იმჟამინდელ მაღალჩინოსანს დავესესხებით, “ორჭოსანთან გადაუხვიეს”, აუცილებლად შემოვიდოდნენ თბილისში. ღრმად მწამს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციებს რომ არ წამოჰგებოდა და არ დაეწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე ლაპარაკი, ომს ავიცილებდით თავიდან, ყოველ შემთხვევაში, რუსეთი ჩვენკენ არ გამოიშვერდა ხელს, სამხედრო მოქმედებები საქართველომ დაიწყოო”, – აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

“როდესაც რუსი ე.წ. სამშვიდობოების ხელმძღვანელმა კულახმეტოვმა განაცხადა, ოს ბოევიკებს ვეღარ ვაკონტროლებთო, სწორედ ამას უნდა ჩავჭიდებოდით და ჩვენი აქტიურობით გვეიძულებინა მსოფლიო ახალი სამშვიდობო მანდატის შესაქმნელად. როდესაც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რუსები შემოდიოდნენ და სამხედრო მოქმედებები ქართველი მოსახლეობის გამოყვანის უზრუნველსაყოფად დავიწყეთო, ეს რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვოა, რადგან არანაირი გეგმა ხალხის გამოსაყვანად არ ჰქონიათ და არც გამოუყვანიათ. ვინც როგორ შეძლო, ისე დატოვა სახიფათო ტერიტორია. ეგ კი არა, ლამის უმეთაუროდ დარჩა ჯარი ბრძოლის ველზე, რეზერვი რომ აბსოლუტურად უაზროდ და ქაოსურად გაიწვიეს, ეს კიდევ სხვა საკითხია. ვიმეორებ, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოსაგებად და ეს არ გაუკეთებია პირველად. სამწუხაროდ, ვერა და ვერ ვსწავლობთ ჭკუას და მუდმივად ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ახალი ხელისუფლების რუსეთისადმი დამოკიდებულება ლოიალური სულაც არ არის. ზოგიერთი მუდმივად კი ცდილობს ეს დაამტკიცოს, მაგრამ ფაქტები სხვაზე მეტყველებს. ქვეყნის საგარეო კურსი არათუ არ შეცვლილა, დღევანდელი ხელისუფლება დასავლეთისკენ უფრო მეტ ნაბიჯს დგამს, ვიდრე ამას მისი წინამორბედი აკეთებდა, თუმცა შეიცვალა რიტორიკა, რომელიც ძველებურად აგრესიული არ არის. გადავხედოთ ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს: სწორედ მან გააფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რამდენიმე დღეში იხსნება ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრი, გაფორმდა ხელშეკრულება საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემების თაობაზე. სად ჩანს ამ ყველაფერში საგარეო კურსის ცვლილება?” – ამბობს ძაბირაძე.

შეკითხვას – “რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ნაწილობრივ აღდგა, მაგრამ როგორც ბოლო დღეებმა ცხადყო, ეს კიდევ ერთი ბერკეტია კრემლის ხელში საქართველოზე ზეწოლისთვის. გაირკვა, რომ საქართველო ჯერ კიდევ შარშან შეერთებია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ერთ-ერთ სანქციას, რომელიც ოკუპირებული ყირიმიდან და სევასტოპოლიდან პროდუქციის იმპორტს ზღუდავს…” – ვახტანგ ძაბირაძე ასე პასუხობს”

“აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კარგი იქნებოდა, ჩვენი საზოგადოებისთვის ამ სანქციის თაობაზე ინფორმაცია შარშანვე გამხდარიყო ცნობილი და არა ახლა. ჩემთვისაც კი ეს დიდი სიახლე იყო. სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ამიხსნია, რატომ არ გასაჯაროვდა ეს ინფორმაცია მაშინვე, მით უფრო, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მუდმივად საყვედურობდა და საყვედურობს რუსეთთან ვითომ ლოიალური პოლიტიკის გამო. ვფიქრობ, არ არის სამართლიანი, ქვეყნის მოსახლეობა ინფორმაციას იგებდეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამ სანქციის გამო ემბარგოთი დამუქრება დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ეს არის რუსეთისთვის მხოლოდ მოტივი. ეს სანქცია რომ არ ყოფილიყო, კრემლი სხვა მიზეზს მოიგონებდა. რა თქმა უნდა, ემბარგო თუ მართლაც დაწესდა, ეს მნიშვნელოვნად გააუარესებს ჩვენი ქვეყნის ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას, რუსეთი კი შეეცდება ეს გამოიყენოს ჩვენში ანტიდასავლური განწყობის გასაღვივებლად”.

“როდესაც ეკონომიკური ურთიერთობის განახლება და რუსული ბაზრის გახსნა დაიწყო, თუ საქართველოს ხელისუფლებაში ვინმეს ჰქონდა იმის ილუზია, რომ ამას რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აღარ გამოიყენებდა, ძალიან გულუბრყვილო ყოფილა. თუმცა მეეჭვება, ასე ვინმეს ეფიქრა. ჯერ ერთი, იმ ეტაპზე საქართველოს სჭირდებოდა ეს ბაზარი, მით უფრო იმ მძიმე ეკონომიკური მემკვიდრეობის ფონზე, რაც წინა ხელისუფლებისგან მიიღეს, და მეორე – ეს იყო შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა, თუნდაც დროებით. რუსეთი ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში იყო და რჩება ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხედ. ჩვენს ისტორიაში ამ საფრთხეს აქვს აქტიური და პასიური პერიოდები. ესეც რუსული სტრატეგიის ნაწილია. სამწუხაროა, რომ რუსულ პოლიტიკასა და ამ ქვეყნის სტრატეგიულ გეგმებზე მხოლოდ ფრაგმენტულად ვლაპარაკობთ და ჩვენში ამას სერიოზულად არ იკვლევენ”, – თვლის ექსპერტი.

“ვიმეორებ, ჩვენ გარკვეულ ეტაპზე მოგვეცა შანსი, რომ რუსულ ბაზარზე გასვლით ეკონომიკური სარგებელი გვენახა და ეს შანსი გამოვიყენეთ. ჩემი აზრით, მომავალშიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ოღონდ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დროებითი პროცესია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაბათ ჩვენი ეკონომიკა რუსეთის ბაზარს. ყველა კომპანიამ, მეწარმემ, ვისი პროდუქციაც შედის რუსეთში, ეს კარგად უნდა გაისიგრძეგანოს და მუდმივად ეძებოს გასაღების ახალი ბაზრები, მით უფრო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ამის კარგ საშუალებას გვაძლევს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ლომის წილი მოდის ხელისუფლებაზე, რომელმაც უნდა შექმნას სათანადო პირობები და მოახერხოს მეწარმეების რისკებისგან დაცვა. ამ ეტაპზე მეეჭვება, მაგრამ ხვალ-ზეგ შესაძლოა მართლაც აკრძალონ ჩვენი პროდუქცია, ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რადგან რუსეთზე ვლაპარაკობთ, მრავლისმეტყველია ის, რომ რუსმა სამხედროებმა აფხაზეთის რკინიგზის ერთი მონაკვეთის გაწმენდა დაიწყეს. სხვათა შორის, 2008 წელსაც დაიწყეს ამ რკინიგზაზე ლაპარაკი და იქ რაღაცების გაკეთება. არ მინდა, ვინმე დავზაფრო, რომ ისევ სამხედრო მოქმედებამდე მივა საქმე, უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი ამასაც ზეწოლისთვის იყენებს”, – განმარტავს ვახტანგ ძაბირაძე.

“აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ბოლო ხანს გახშირდა ლაპარაკი, მაგრამ აქ არის ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი: თუ რკინიგზა აღდგა, სად უნდა იყოს სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტი, ენგურზე თუ ფსოუზე? ჩვენთვის პასუხი ცალსახაა, თუმცა არა მგონია, ეს პასუხი რუსეთისთვის მისაღები იყოს. ამიტომ მთელი ეს მითქმა-მოთქმა ფუჭი მგონია. რუსეთმა რკინიგზის გაწმენდით თუ ბანერების დადგმით ფსიქოლოგიური ომის ახალი ეტაპი დაიწყო. ამით ახერხებს ჩვენთან თემის აჟიტირებას და დაძაბულობის კერების შექმნას, ასევე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებას. ვფიქრობ, კრემლი ახალ პოლიტიკურ სვლებს აპირებს არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით. აქ რაც მეტი არეულობა და დაპირისპირება იქნება, ეს კრემლს აწყობს, ამიტომ საჭიროა მეტი სიფრთხილე. ზედმეტი ემოციურობა და მკერდზე ხელის ბრაგუნი სიკეთეს ვერ მოგვიტანს. როდესაც ომზე ვლაპარაკობდით, უკვე ვთქვი, რომ რუსეთი მუდმივად ახერხებდა ჩვენს წამოგებას პროვოკაციაზე, ამ პროვოკაციებს მეტად ნუღარ წამოვეგებით!”- დაასკვნის რესპონდენტი.

„კვირის პალიტრა“, 10 აგვისტო, 2015 წელი

სანქცია, რომელსაც მალავდნენ?!

ნათია დოლიძე

ევროკავშირის ვებსაიტზე 28 ივლისს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთს სანქციები 2016 წლამდე გაუგრძელდა. სწორედ ევროკავშირის ვებსაიტიდან შეიტყო საქართველოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომ საქართველო 2014 წლის ივნისში შეერთებია 12-დან ერთ-ერთ სანქციას – ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას. ევროკავშირის განცხადებას ფეხდაფეხ მოჰყვა პუტინის მუქარის შემცველი განცხადებები კონტრსანქციებზე. ამჯერად კლანჭი საქართველოსაც გაჰკრეს: “როსპოტრებნადზორსაც” უცებ აღარ მოეწონა­ ქართული ღვინის ხარისხი.

რატომ გაიგო საქართველოს მოსახლეობამ ერთი წლის დაგვიანებით, რომ რუსეთისთვის დაწესებულ ერთ-ერთ სანქციას შევუერთდით?

როგორც ირკვევა, ამის შესახებ ინფორმ­აცია საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია. რატომ გაახსენდა ეს სანქციები რუსე­თს მაინცდამაინც ახლა და რატომ დაიწყო კონტრზომებზე ლაპარაკი?

საინფორმაციო საშუალებების არქივში იძებნება საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადება, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეეხება. “საქართველოს არ შეუძლია, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს, რადგან ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის”. საინტერესოა, რომ ექსმინისტრმა ეს 2014 წლის აგვისტ­ოში განაცხადა, ანუ მაშინ, როდესაც, როგორც დღეს ირკვევა, საქართველო უკვე იყო ერთ-ერთ სანქციას მიერთებული.

ისმის კითხვა: რას ემსახურებოდა ფანჯიკიძის ეს განცხადება?

ერთ-ერთი ვერსიით, რაკი ხელისუფლება რუსეთთან ურთ­იერთობის ნორმალიზებას ცდილობს, ამ ინფორმაციის გახმაურებას მოერიდა, მით უფრო, რომ სანქცია აშკარად ფორმალურია, არს­ებითად არაფერს ცვლის და რუსეთსაც არაფრით აზიანებს. მეორე­ ვერსიით, “თავისუფალი დემოკრატების” ჯგუფმა, რომელიც იმჟამად სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა და სწორედ მათი წარმომადგენლები თავკაცობდნენ­ როგორც საგარეო საქმეთა, ასევე­ ევროინტეგრაციის სამინისტროებს, დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით მიიღო ეს გადაწყვეტილება და მთავრობის სხვა წევრებისთვის ეს მოგვიან­ებით გახდა ცნობილი.

ჩვენ დავუკავშირდით საგარეო­ საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძეს:

- როდესაც საერთ­აშორისო­ ორგანიზაციები აპირებენ რაიმე განცხადების გაკეთ­ებას, რეზოლუციის მიღებას თუ სანქციის დაწესებას, ყოველთვის უკავშირდებიან წევრ და პარ­ტნიორ ქვეყნებს კითხვით: შეუერთდებიან თუ არა ამა თუ იმ გადაწყვეტილე­ბას. არის გადაწყვეტილებები, რო­მელთა მიღების დროსაც საქა­რთველოს პოზიცია ცალსახაა და არ სჭირდება­ ფართო მსჯელობა­ მთავრობაში­. არის საკითხები, რომლებიც სამთ­ავრობო განხილვის საგანი ხდება. ეს საკითხი სწორედ ამგვარი იყო. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ სანქციის თაობაზე. მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და გადაწყდა, რომ ჩვენ ამ სანქციას შევუერთდებოდით.

- ეს ფაქტი ფარ­თო საზოგადო­ებისთვის ერთი წლის შემდეგ გახდა ცნობილი. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ ამას ხელისუფლება მიზანმიმართულად მალავდა.

- ინფორმაცია ამგვარი გად­აწყვ­ეტილებების თაობაზე ვერ იქნ­ება დამალული, თვითონ საერთ­აშორისო­ ორგანიზაციები აქვეყნებენ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც ამა თუ იმ სანქციას შეუერთდნენ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, რაც გულისხმო­ბს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ეს სანქცია არის პოლიტიკური საკითხი და ჩვენ გავიზიარეთ ევროკავშირის პოზიცია. კიდევ ორი მიზეზი რატომაც შევუერთდით ამ სანქციას არის ის, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ამასთან, ამ სანქც­იას რომ არ მივერთებოდით, ეს იქნებოდა არაადეკვატუ­რი, რადგან ჩვენც ოკუპა­ციის რეჟიმში ვართ.

- პრობლემა ის არის, რატომ არ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია საგა­რეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე შარშანვე?

- ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ ვებგვერდზე ყველა ინფორმაცია არ ხვდება ხოლმე.

- ბრძანეთ, რომ საე­­­­აშ­­­­ისო ორგანიზაციები ასეთი­ სანქ­ციების მიღებისას, როგორც წევრ, ისე პარტნიორ ქვეყ­ნებსაც ეკით­­ებიან, ეთანხმებიან თუ არა გად­აწყვეტილებას. მაშინ 2014 წლის აგვისტოში რატომ განაცხადეთ: “საქართველოს არ შეუძლია ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს, რადგან ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის“. უცნაურია ეს განცხადება, რადგან ამ დროს საქართველო ერთ-ერთ სანქციაზე უკვე ყოფილა მიერთებული

- ჩვენ ევროკავშირის ამა თუ იმ გადაწყვეტილების გაზიარების ვალდებულება არა გვაქვს, შეიძლება გამოვიჩინოთ ნება და განსაზღვრული საკითხები გავიზიაროთ. ჩემი განცხადება სწორედ ამას ნიშნავდა (?!).

——————-

მაია ფანჯიკიძის 2014 წლის აგვი­სტოში გაკეთებული განცხადება გაუგებრად მიაჩნია ექსპერტ მამუკა არეშიძეს: – დარწმუნებული ვარ, რუსეთმა ყველაფერი მშვენივრად იცოდა შარშანვე და საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა პასუხი ახლა გაეცა? ამ საკითხის წამოწევა და მასზე სავარაუდო ემბარგოს მიბმა, სასაზღვრო ბანერების დამ­ონტაჟება, აფხაზეთში რკინიგზის გაწმენდა, ეს ყველაფერი იარაღის ჟღარუნზემიუთითებს. რამდენიმე დღეში ჩვენთან საქართველო-ნატოს სასწავლო ცენტრი გაიხსნება­ და ეს რომ მოსკოვს არ უხარია, ფაქტია. რუსეთი აშკარად შეფიქრიანებულია თურქეთში შექმნილი ვითარებითა და ირანისა და დასავლეთის ურთიერთობის გააქტიურებით. თურქეთის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ის პროცესები, რაც იქ მიმდინარეობს, წარმოშობს ვარაუდს, რომ მისი იმიჯი, როგორც ენერგეტიკული ჰაბ­ისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ჩნდება შესაძლებლობა, რომ ირანულმა გაზმა და ნავთობმა აზერბაიჯანის გავლით საქართველოზე გაიაროს და სწორედ ქართული პორტებით გადაიზიდოს ევროპაში. ეს ნიშნავს რუსული ენერგომატარებლების ევროპის ბაზარზე კიდევ უფრო შემცირებას. რუსეთი­ ბუნებრივია, შეეცდება, გამოიყენოს ემბარგო საქართველოს წინა­აღმდეგ და ამის მიზეზად მოიდოს ეს სანქცია, რომელიც მას არაფერს უშავებს. თუმცა, არა მგონია, ემბარგო ფართო მასშტაბით აამუშაოს, რადგან ამ ბერკეტის სრულად დაკარგვა ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ხელს არ აძლევს.

„კვირის პალიტრა“, 10 აგვისტო, 2015 წელი

რუსული ემბარგოს მოლოდინში

როგორ განვითარდება პროცესები ქართულ ეკონომიკაში, თუ რუსეთმა ღვინის ექსპორტი აკრძალა

ეკა ლომიძე

რუსეთი ქართული ღვინის ინდუსტრიაზე ახალი ემბარგოთი იმუქრება, თუმცა ექსპე­რტების აზრით, 2006 წლისგან განსხვავებით, რუსული ბაზ­რის დაკეტვა არა მხოლ­ოდ ღვინის წარმოებაშიქართულ ეკონომიკაშიც ბევრს ვერაფერს შეცვლის.

დემურ გიორხელიძე, ეკონ­ომიკის ექსპერტი: “ეკონომიკა ისედაც კომაშია, ღვინის ექსპორტი რუსეთში კი იმ მასშტაბისაა, ცალ­კე­ულ ფირმებს თუ დააზიანებს, თორემ ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არა აქვს… თუ ემბარგო განმეორდება, ქართველ ბიზნესმენ-მეღვინეებს მოუწევთ მაღალ სტანდარტებთან დაბრუნება­. ჩვენებურ ქსელშიც კი ღვინის პრ­ოფანაცია იყიდება, თითო-ოროლა სახის ღვინის გამოკლებით.

რუსული ბაზრის შემყურე ქართველი ინერციით საბჭ­ოთა წარმოების კულტურას არ სცდება და ეს აფერხებს ქართულ ეკონომიკას.

რომც გადაიკეტოს­ რუსული ბაზ­არი, ვერ ვხედავ ტრა­გედიას. ტრაგედიაა პრიმიტი­ული დეინდუსტრიალიზებული ეკონომიკა, რომელიც კუმშავს საკუთარ წარმ­ოებას და კლანურ-ჯგუ­ფურ ინტე­რესებზე­ აგებულ ეკონომიკას უყ­რის საფუძველს, სპობს განვითარ­ების პერსპექტივას. რუსული ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში, ერთადერთ გზად რჩება, საკუთარი­ კონკურენტუნარიანი სფეროების, იმპორტჩამნაცვლებელი წარმო­ების განვითარება და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე გასვლა”.

ლევან დავითაშვილი, სოფ­ლის მეურნეობის მინისტრის მოა­დგილე:­ “რუსეთი გამოაცხად­ე­ბდა თუ არა აკრძალვას, ქართული­ ალკოჰ­ო­ლ­უ­რი სასმელების გაყიდ­ვ­ებმა­ ისედაც იკლო. რუსეთში მძიმე­ ეკონ­ომიკური მდგომარეო­ბის გამო მსყიდველობითუნარ­ია­ნ­ობა დაეცა.­ კარგა ხანია, ვცდილ­ობთ ალტერნატიული ბაზრის მოძიებას. თუმცა, როდესაც საქმე­ ეხება ქართულ ღვინოსა და რუსეთის ბაზარს, “ალტერნატიული­ ბაზარი” მცდარი ტერმინია, რადგან­ რუსეთის ჩამნაცვლებელი ვერ იქ­­ნება ალტ­ე­რნატიული. ღვინო­ ბრენდული პროდუქტია და მისი რეალიზაცია დამოკიდებულია ბევრ ემოციურ ფაქტორზე – რუს­ეთში­ ქართული ღვინის წარმატება დამყარებულია 200-წლიან ცნობადობაზე, უცხო ბაზრებზე კი ახლა გვეცნო­ბიან. შესაბამის­ად­­,­ შედეგი ვერ გვექნება ერთ კვირაში, ერთ თვეში­ ან თუნდაც ერთ წელიწადში. თუმცა პროგრესი გვაქვს. შედეგს მივაღწიეთ აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთსა და პოლონეთში, ყაზახეთში გაიზარდა მოთხოვნა, ჩინეთში უკვე მილიონი ბოთლი გაიყიდა”.

იაგო ბიტარიშვილი, მეღვ­ინე:­ “რუსული ემბარგოს მოხსნამ გამო­ი­წვია ყურძნის ფასის გაზ­რდა, რის შემდეგაც გლეხმა ახალი ვენა­ხების გაშენება დაიწყო­. მოთხოვნიდან გამომდინარე, გაძვირდა ნერგი, მავთული, ბოძი და ვენ­ახიც საკმაოდ ძვირი დაჯდა… ახლა ემბ­არგო გააძნელებს­ ყურძნის შეძენას და პრობლემებს გაა­ჩენს ისედაც­ მძიმე ეკონომიკაში. თუმცა, სახელმწიფო ცდილობს დაეხმაროს მეღვინეებს. ვფიქრობ, კერძო კომპანიებს უფრო გათვლილად უნდა ემოქმედათ, მხოლოდ რუსულ ბაზარს არ უნდა დაჰყრდნობოდნენ… ძნელია სხვა ბაზარზე შესვლა, მაგრამ სხვა გამოსავალი არა გვაქვს. ყველა­ აღიარებს, რომ 2006 წლის ემბარგოს შემდეგ გაიზარდა ქართული ღვინის ხარისხი, რადგან სხვა ბაზრებზე უფრო მაღალი­ მოთხოვნები იყო. მარკეტინგიც უფრო მოქნილი უნდა გახდეს იმ ბაზრებზე, სადაც დამკვიდრება გვინდა”.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი­ თევზაძე: “შესაძლო ემბა­რგოს შემთხ­ვ­­­ევაში ღვინის ინდუსტრიას ის კომპანი­ები გამოეთიშებიან, ვინც ბოლო პერიოდში კონკრეტუ­ლად რუსული­ ბაზრისთვის მუშაობდა­ (2012 წელს, როგორც კი რუსუ­ლი ბაზარი გაიხსნა,­ გაჩნდნენ მხოლოდ ამ ბაზარზე მორგებული­ კომპანიები).­ მათ უმართებულო სტრატეგია აირჩიეს. ასეთი კომპანიები აქც­ენტს არ აკეთებენ მაღალხარისხიან, კო­მპლექსურ ღვინოებზე, ასხამენ ჩვეულებრივ ღვინოებს, რომლებსაც დიდი ღირებულება არა აქვს.  დიდმა­ კომპა­ნიებმა – “თელავის ღვინის­ მარანი”,“”თელიანი ველი”, “ჯივიესი”, “თბილღვინო” – მოახერხეს დივერსიფიცირება­ და მხოლოდ რუსეთის ბაზარზე­ აღარ არიან დამოკიდებული. დივერსიფიკაცია შედეგიანი იქნება ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე დაყენებული ღვინოებით, ქვევრის ღვინით, რომელზეც მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე მიწოდება. ქვევრის ღვინოს მწარმოებლები რუსულ და უკრაინ­ულ ბაზრებზე არც კი შედიან და შეკვეთით აწარმოებენ პროდუქციას, რომელ­იც ლონდონში, ტოკიოსა და სხვა მნიშვნელოვან ქალაქებში იყიდება. მილიონობით ბოთლზე არ მუშაობენ, მაგრამ მომგებიანი ბიზნესი აქვთ.

ემბარგოს განმეორების შემთხვევაში, კრიზისი ძალიან მწვავე ვერ იქნება, მაგრამ უდავოა, ვისაც ამ ბიზნესში დარჩენა სურს, დივერსიფიკაციაზე ზრუნვა, ხარისხის გაუმჯობესება დასჭირდება, ბევრი მოთამაშე კი გაანებებს თავს ღვინის წარმოებას”.

„კვირის პალიტრა“, 10 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო პავლიაშვილთან: “მე საქართველო არ შემირცხვენია

მანან გაბრიჭიძე

რუსეთ-საქართველოს გამწვავებულ ურთიერთობაზე თავისი დამოკიდებულება რუსეთში მოღვაწე ცნობილმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა გაგვიზიარა:

- თქვენი გაზეთისთვის დავ­უშვი გამონაკლისი, თორემ საუბარი აღარ მსურს, რადგან დიდი ხანია, მივეჩვიე გამონათქვამებს­, ჭკუას ნუ გვასწავლიო! ის ხალხი, ვინც ამას ამბობდა, მიდის და მოდის, პრობლემა კი რჩება…­ საქართველოში ქართველებს ერთმანეთის ესმოდათ, უხაროდათ ერთმანეთის სიკეთე საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც. სამწუხაროდ, ბოლო ათი წლის განმავლობაში­ ისე მოხდა, რომ რუსეთში მცხოვ­რები ქართველი საქართველოს მტერი და მოღალატეა. არადა, დღემ­დე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ქართველმა გლეხმა ღვინო რუსეთში შეიტანოს. ყველაზე დიდი არენა­ ქართველი გლეხისთვის რუსეთის ბაზარია.

- რუსეთი ისევ ემბარგოთი გვემუქრება

- ეტყობა, პოლიტიკური ვითარება ისევ შეიცვალა. როცა ჩემზე ხარ დამოკიდებული და ამასთან, ხელს მიშლი, ჩემგანაც იმავეს­ უნდა ელოდე, რადგან ხელს მიშლი დიდ პოლიტიკაში! რუსეთს თავისი ინტერესები აქვს… საქართველო გამოიყენა სხვა დიდმა ქვეყანამ­, რომელიც ჩვენი მეგობარი გვეგონა… ჩვენ, ქართველები, მეგობრები უნდა ვიყოთ და ერთმანეთზე ვიფიქროთ! ამის სანაცვლოდ, ერთმანეთის დედის გინებისა და წყევლა-კრულვის მეტს არაფერს ვაკეთებთ. ერთი ხელისუფლება მოიყვანეს და გააგდეს, მეორე მოიყვანეს, ისიც გააგდეს, ასეა სულ… ჯერ ხელში აყვანილი მოგვყავს, მერე ან იარაღით ვაგდ­ებთ, ან ცოცხით ვგვით.­ ქვეყანა არ არის ერთიანი…

ერთი რამ ნამდვილად ვიცი: რუსეთი არასოდეს მოგვცემს უფ­ლებას, მის საზღვართან სხვისი­ რაკეტები განთავსდეს. რაც ხდება­, ეს ხომ საქართველ­ოს თამაში არ არის? რუსეთ-ამერიკის თამაშია! Aამერიკას უნდა სამყაროს­ მმართველი გახდეს. შეცდომებს ყველა უშვებს და ამას კარგად ვხედავ.­ მე რუსეთის ადვო­კა­ტი არა ვარ, უბრალოდ, იმას ვამბობ­, რაც კარგად ვიცი. სადაც ამერ­იკა თავისი “დემოკრატი­ით” შევიდა, იქ მილიონობით ადამიანი გაიჟლიტა… თავად რუსეთიც 1991 წლიდან ამერიკიდან იმართებოდა. ამერიკა ნიშნავდა რუსეთში მინისტრებს, სად რომელი გუბერნატორი უნდა ყოფილიყო…

ამერიკამ გააგიჟა ულამაზესი და აყვავებული ქვეყანა უკრაინა­ და რა მერე? ხომ ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. ამერიკას სურს სამყა­როს მმართველობა და დღეს ვინც ხელს უშლის, ეს რუსეთია…

მე პირადად არ მინდა, საქართ­ველოში­ გეიპარადები იმართებოდეს… “ნაციონალებმა” კარგად დაიწყეს, მაგრამ ძალიან ცუდად დაამთავრეს. სძულდათ ხალხი, დემოკრატია არისო და სინამდვილეში ტირანია იყო. ქართველებს რომ ვხვდებოდი საზღვარგარეთ, საუბრისას ტელეფონებს შლიდნენ, იმდენად იყო ხალხი დაშინებული… ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა. მე რუსეთს კი არ ვიცავ, იმას ვამბობ, რომ საქართველოს ისტორიულად აქვს იმდენი ინტელექტი, რომ თავ­ისი საქმე უფრო კარგად წაიყვანოს. ამისთვის ქართველების გაერთ­ი­ანებაა საჭირო. ჩვენდა საუბედუროდ, 90-იანმა წლებმა­ ძალიან ცუდი კვალი დატ­ოვა. სკოლ­ები და ინსტიტუტები მოიშალა და ამან თაობების აღზრდაზე იმოქმედა. საბედნიეროდ, ახლა აშკარად ჩანს, რომ უკეთესი­ თაობა მოდის. სულ ვამბობ, რომ წინა ხელისუფლებამ მოიტანა ქვეყანაში შუქი, გაზი… თუმცა, როგორც ვიცი, საქართველოს ენერგეტიკა რუსეთს მიჰყიდეს და რა დამოუკიდებლობაზე­ იყო საუბარი? როგორც ვიცი, ქვეყნის მიწები მუსლიმანებზეა გაყიდული… დღეს რომ უამრავი თურქია აჭარაში, ამას საშინელი შედეგი მოჰყვება. მუსლიმ­ანებს თავიანთი გეგმები აქვთ… შეხედეთ, რა ხდება აღმოსავლეთში. დააფინანსეს ოპოზიცია და მიუშვეს ასადის წინააღმდეგ­. ამას ვეღარ აჩერებენ, ჯინს რომ ამოუშვებ ბოთლიდან, ზუსტად ისეა, ყველას დაერივნენ. მხოლოდ ქრისტიანებს კი არ სჭრიან თავს, ისეთი მუსლიმანი თუ არ არის, როგორიც მათ სურთ, ძირში კვეთენ თავს. და ეს ხდება  XXI საუკუნეში!..

- როგორია რუსეთში თქვენი ცხოვრება, თქვენი მეუღლისა და შვილების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ?

- შარშან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო დარბაზში სოლო კონ­ცერტი გავმართე, გადაჭედილი იყო იქაურობა, რამდენჯერმე ადგა ხალხი ფეხზე. თუ რომელიმე ქართულ ტელევიზიას სურვილი გაუჩნდება, დიდი სიამოვნებით ვაჩუქებ კონცერტის ჩანაწერს. თუმცა, რუსეთში თუ რამეს აკეთებ, გსაყვედურობენ, მოღალატე ხარო. მათ ვეტყოდი, რომ ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის. ღმერთმა ყველა ჩემზე ბედნიერად ამყოფოს, ჩემი რომ აღარ შეშურდეთ… ჩემს კონცერტზე მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა სიმღერაზე “სამშობლო”. ახლახან მქონდა კონცე­რტი იალტაში და იქაც ამ სიმღერაზე დარბაზი ფეხზე დადგა. სადაც “სამშობლოს” ვასრულებ, ყველგან ასეა, ყველგან ისმის “ნასტაიაშჩი გრუზინ”… ჩემი მეუღლე და შვილებიც ამაყობენ საქართველოთი. ბავშვებს რომ შეხედავ, აშკარად ქართველები არიან და რომც მოიტყუონ, არა ვართო, არავინ დაუჯერებს. საქართველოა მთავარი ჩვენთვის და არ გვინდა, გაითელოს. ამის ძალიან მეშინია.

- რას გულისხმობთ?

- ამერიკის რაკეტები რომ განთავსდეს, ღმერთმა დაგვიფაროს და, პატარა ომი მოხდეს, პირველი ბომბი სად ჩავარდება? ამაზე ვიფიქროთ! “ლილიპუტინსა” და “სლავა უკრაინას” კი ნუ გავიძახით, “საქართველოს გაუმარჯოს” ვიყვიროთ. არავის არაფერს ვასწავლი, ყველა ქართველი ჩემზე ჭკვიანია, მაგრამ როცა ადამიანს არაფრის მოსმენა არ სურს, პირჯვარს გადავიწერ და ვიტყვი, ღმერთო, კარგად ამყოფე-მეთქი… პოლიტიკოსებს მეტი წინდახედულობა მართებთ. არ შეიძლება ის ტოტი მოჭრა, რომელზეც ზიხარ. გლეხებს ჰკითხონ, რა დღეშიც ჩაცვივდნენ, როცა პირველად ემბარგო დაწესდა და მერე რომ გაიხსნა, როგორ ამოისუნთქეს… ის ჯობდა, ვენახი რომ აჩეხეს და საზამთრო დათესეს? ცხოვრებაში არ მითქვამს და არ ვიტყვი, რუსეთის ჩექმის ქვეშ ვიყოთ-მეთქი. 25 წელზე მეტია აქა ვარ და არავის ქვეშ არ შევმძვრალვარ. უბრალოდ, ერთი რომ მეორის წინააღმდეგ გიყენებს,­ შენ აუცილებლად წაგებული დარჩები, რადგან პატარა ხარ და უღონო. რა ხდება უკრაინაში? ამდენი ხალხი დაიღუპა და ვინ არის მართალი? არც არავინ!

ყველაზე მეტად მსურს დევნილების დაბრუნება აფხაზეთში. სულ ამას ვყვირი და ვიდრე შემეძლება, ყველგან ვიტყვი. თუმცა საქართველოდან მითვლიან, შენი საქმე არ არის, ნუ ერევი და ჭკუას ნუ გვარიგებო. Mმე არავის საქმეში არ ვერევი და არც არავის ჩავრევ ჩემს საქმეში! ეს ჩემი მოვალეობაა და როგორც გადავწყვეტ, ისე გავაკეთებ. მე საქართველო არ შემირცხვენია და არც არასდროს შევარცხვენ.

მე ის ვიცი, რომ რუსეთს ომით ვერ აჯობებ და არც უნდა სცადო ასეთი სისულელე! მე საქართველოს პატარა ნაწილაკი ვარ და ვემსახურები ჩემს ქვეყანას. საქართველოდან არაფერი წამიღია ჩემი სახელის, გვარისა და განათლების გარდა. ეს სახელი ათმაგად და ასმაგად დავუბრუნე ჩემს ქვეყანას და კიდევ ბევრს მოვუტან! დიდხანს ვაპირებ ცხოვრებას, რომ რაც შეიძლება მეტად გამოვადგე ჩემს სამშობლოს!

ყველამ ვილოცოთ, რომ ჩვე­ნმა პატრიარქმა დიდხანს იცოცხ­ლოს! მე ყოველდღე ეკლესიაში დავდივარ და ამ ადამიანზე ვლოცულობ. თუ უწმინდესს მოვუსმე­ნთ, ყველაფერი კარგად იქნება! პატრიარქი გვევედრება, არ გადავ­გვარდეთ, ერთმანეთი გვიყვა­რდესო… ქართველები უნიკალური ერი ვართ სიკეთეშიც და სიძულვილშიც…

ვისაც აზრს შევეკითხები, ეს საქართველოს პატრიარქია, ჩემი მშობლები და ჩემი ერთი ძმაკაცი. მათ სჯერათ ჩემი, ამით ბედნიერი და ძლიერი ვარ! ვერაფერი გამაჩერებს საქართველოსთვის, საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ საქართველოსთვის!

Comments are closed