globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 10th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ახლა ძალაუფლების გაყოფა მიმდინარეობს…“ // ჩვენ, სამწუხაროდ, მთელი პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისის მოწმენი ვართ“ // „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ამ ორპოლუსიანმა ისტერიკამ არ დაუტოვა მესამე არჩევანის გაკეთების საშუალება“ // „პოლიტიკური სივრცე რომ გახსნილიყო, გვექნებოდა სხვა შედეგისულ ცოტა, 5-6 პარტია იქნებოდა პარლამენტში

——

„რეზონანსი//მთელი კვირა“: „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას უმიზნებს

„რეზონანსი//მთელი კვირა“: არჩევნების შედეგები: შუა გაკრეფილი ქვეყანა

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „მომავალი პარლამენტი იქნება „ისტორიაში ყველაზე ცუდი, საშინელი“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ გივი თარგამაძესთან: „ოცნების“ 50%-იანი მხარდაჭერა აბსოლუტური აბსურდია“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ნიკა მელიასთან: „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს არც ერთ ხმას არ დაუთმობს…“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ოცნება“ შეიძლება თავისსავე ხაფანგში გაებას და პოლიტიკური კრიზისი მიიღოს“ // „ამისთვის საკმარისია, “ნაცმოძრაობამ” პარლამენტში შესვლაზე უარი თქვას“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: საპროტესტო აქციებზე ბურჭულაძის პარტიაშიც ფიქრობენ

„რეზონანსი//მთელი კვირა“: აჭარის არჩევნებში “ოცნება”, “ნაციონალები”, “ალიანსი” და ბურჯანაძის პარტია ლიდერობენ

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა მდინარაძესთან: „ქართული ოცნება“ ერთადერთი გულწრფელი ძალაა და ამიტომაც გავიმარჯვეთ“ // „მე მიკვირს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის, თუმცა პატივს ვცემ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ამერიკა ნაციონალებს სიტუაციას არ აარევინებს“ // „მიხეილ სააკაშვილმა გარანტიები მიიღო“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ახალი პარლამენტი 4 წელი ვერ გაძლებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „არჩევნების შედეგები სააკაშვილმა და ივანიშვილმა ერთად დაგეგმეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: „თავისუფალი დემოკრატები ქუჩის აქციებს არ ვაპირებთ“

——————-

„კვირის პალიტრა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ახლა ძალაუფლების გაყოფა მიმდინარეობს“ // ჩვენ, სამწუხაროდ, მთელი პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისის მოწმენი ვართ“ // „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ამ ორპოლუსიანმა ისტერიკამ არ დაუტოვა მესამე არჩევანის გაკეთების საშუალება“ // „პოლიტიკური სივრცე რომ გახსნილიყო, გვექნებოდა სხვა შედეგისულ ცოტა, 5-6 პარტია იქნებოდა პარლამენტში

ნათია დოლიძე

საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მართალია, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგები ვიცით, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” იქნებიან პარლამენტში მნიშვნელოვნად წარმოდგენილი. საარჩევნო პროცესს ექსპერტ გია ხუხაშვილთან ერთად ვაფასებთ:

- თუ მთელ საარჩევნო პროცესს გადავხედავთ, არაერთხელ ითქვა უკვე, რომ ის ბევრად თავისუფალი გახლდათ, თუმცა მთელი ამ პროცესის განმავლობაში შეიმჩნეოდა როგორც “ქართული ოცნების”, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მისი ორპოლუსიანად გადაქცევის მცდელობა, რაც შედეგზეც აისახა. სამწუხაროდ, ეს ორი ძალა ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა და ცდილობს, ლამის მთელი სამყარო თვითონ შეავსოს. წინასაარჩევნო პერიოდშიც აკეთებდნენ ყველაფერს ამომრჩევლის დასარწმუნებლად, რომ პოლიტიკურ სპექტრში, მათ გარდა, სხვა არავინ იყო. ამგვარ მცდელობებს უშედეგოდ არ ჩაუვლია და ამან აშკარად გზა გადაუკეტა სხვა პოლიტიკურ ძალებს. ჩემთვის და ძალიან ბევრი მოქალაქ­ისთვის მოულოდნელია “ნაცმოძრაობის” ასეთი მაღალი მხარდაჭერა, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არჩევნების ამ შედეგში ლომის წილი შეიტანა “ქართულმა ოცნებამ”.

- რას გულისხმობთ?

- თავი დავანებოთ იმას, რომ 2012 წლის მარცხის შემდეგ “ნაცმოძრაობა” რეანიმაციას “ქართულ ოცნებას” უნდა უმადლოდეს. ვგულისხმობ საარჩევნო კამპანიის წარმართვას იმგვარად, რომ მთავარ ოპონენტად წარმოეჩინათ “ნაციონალური მოძრაობა” და შეექმნათ მისგან მტრის ხატი. არადა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური სივრცის გახსნა, ანუ არანეგატიური კამპანიის წარმართვა და იმის მტკიცება ამომრჩევლისთვის, მე თუ არ ამირჩიე, მაშინ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება და ყველას გაგისწორდებათო, არამედ ჯანსაღი პოლემიკა ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტთან, ვინც რეალურ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. “ქართულ ოცნებას” უნდა გაეხსნა მათთვის პოლიტიკური სივრცე იმ საჭირბოროტო საკითხებზე კამათისთვის, რაც რეალურად აქვს ქვეყნის მოსახლეობას. უნდა ეცადა, ამ მიმართულებით მეტ-ნაკლებად კონკურენტული გარემო მიგვეღო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. გარკვეულწილად პროცესის ასეთი განვითარება მოსალოდნელიც იყო.

ბიძინა ივანიშვილმა, სამწუხაროდ, ახლაც მოახერხა და გაკრიფა შუა. პოლიტიკური სივრცე რომ გახსნილიყო, გვექნებოდა სხვა შედეგი – სულ ცოტა, 5-6 პარტია იქნებოდა პარლამენტში. “ქართულმა ოცნებამ” შეცდომა დაუშვა, როდესაც საარჩევნოდ არ იზრუნა პოლიტიკურ პარტნიორებზე. ეს აუცილებელი იყო. სხვათა შორის, წინასაარჩევნო პროცესის მიწურულს მიხვდნენ, როგორც ჩანს, ამის აუცილებლობასა და გარკვეული გზავნილები გაახმაურეს, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო “თავისუფალი დემოკრატების” ერთგვარი რეკლამირება, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული იყო…

ისევ “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერის მაჩვენებელს რომ დავუბრუნდეთ, ეს განაპი­რობა იმანაც, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ მოახერხა მისი საქმიანობით იმედგაცრ­უებული ამომრჩევლის მობილიზება იმით მაინც, რომ საარჩევნო სივრცის გახსნით მათ მესამე არჩევანის საშუალება ჰქონოდათ და 8 ოქტომბერს შინ არ დარჩენილიყვნენ. სამაგიეროდ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეძლო თავისი ამომრჩევლის მობილიზება.

- როგორ შეაფასებთ უშუალოდ არჩევნების დღეს და ხმის მიცემის პროცესს?

- თავად კენჭისყრის პროცესი ნორმალურად წარიმართა, არა გვაქვს საფუძველი, ვილაპარაკოთ ტოტალურ გაყალბებაზე, რასაც დამკვირვებლებიც ამბობენ. ხმის მიცემა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, თუ არ ჩავთვლით მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას. ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი და სახიფათო ინციდენტი და არა მხოლოდ საარჩევნო დაპირისპირების ჭრილში. მოგეხსენებათ, ეს ინციდენტი მოხდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში, რაც შექმნილ კონფლიქტურ ვითარებას კიდევ უფრო ართულებდა. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ასეთი დაპირისპირებები შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს, ამიტომ ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებს დიდი სიფრთხილე მართებთ. იმედია, პროცესი დასრულებულია და გაგრძელება არ მოჰყვება.

რაც შეეხება სხვა ლოკალურ კონფლიქტებს, უფრო უარესის მოლოდინიც იყო, რაც, საბედნიეროდ, არ გამართლდა, თუმცა ყველა ამრევი თუ დამნაშავე უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს. წინ მეორე ტურებია, ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია ზომების მიღება, რათა პროცესები კიდევ უფრო არ დაიძაბოს. ამ ინციდენტების მიუხედავად, ჩემი აზრით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება არამართებულია, არ იყო ეს იმ მასშტაბის დარღვევები, მნიშვნელოვნად რომ ასახულიყო შედეგზე. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ახლა “ნაცმოძრაობას” ყველა კოზირი უჭირავს ხელში იმისთვის, რომ “ქართული ოცნებისგან” მაქსიმუმის მიღება სცადოს. ისინი ხმაურის ინსპირირებით შეეცდებიან არაერთი მიმართულებით გარანტიების მიღებას. თუ ვერ მიიღეს, ეს ძალა სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისზეც არის წამსვლელი.

“ნაცმოძრაობას” ჯერ კიდევ აქვს დიდი დიაპაზონი არჩევნების შედე­გე­ბის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დასაყენებლად. ეს არის ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის ნაწილობრივ განსაზღვრა, რადგან წინასწარი მონაცემებით, სწორედ ეს ორი ძალა შედის პარლამენტში მნიშვნელოვანი დეპუტაციით…

რომც შევიდეს “პატრიოტთა ალიანსი”, მათი წარმომადგენლ­ობა ისეთი მცირე იქნება, რომ თუ “ქართუ­ლი ოცნების” პარტნიორობა გადაწყვიტეს,­ ეს ბევრს არაფერს მისცემთ. არ დაგავიწყ­დეთ, რომ არც “პატრიოტთა ალიანსია” შედეგით კმაყოფილი და ისიც აქციებით იმუქრება. თქვენთან ინტერვიუში არაერთხელ მითქვამს, რომ თუ “ქართული ოცნება” და “ნაცმოძრაობა” დარჩებოდნენ პარლამენტში პირისპირ, არ იყო გამორიცხული, “ნაცმოძრაობას” პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით მოეხდინა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ინიცირება. ამის საფრთხე ახლაც დიდია, თუმცა მაინც მგონია, ვითარება უკიდურესად არ გამწვავდება.

ახლა ძალაუფლების გაყოფა მიდის. ეს ორი პარტია იმ ფაზაში შედის, როდე­საც სიძულვილი და დაპირისპირება­ განზე გადაიდება და გაიმართება პოლიტიკური ვაჭრობა, მით უფრო, რომ “ქართულ ოცნებაში” “ნაციონალური მოძრაობის” არაერთი ყოფილი წევრია. სავარაუდოდ, “ქართული ოცნება” გარკვეულ დათმობაზე წავა და შედეგად, პარლამენტში ანტაგონისტური, მაგრამ ერთმანეთით მოსარგებლე ორი პარტია გვეყოლება.

ამასთან, თამაშგარე დარჩენილი პოლიტიკური ელიტა, ღრმა ჩასაფრებაში გადავა და აქედან გამომდინარე, შემდგომი 4 წელი საკმაოდ მძიმე იქნება, რადგან პარლამენტს გარეთ დარჩენილი ძალები შეეცდებიან, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა არჩევნების შედეგების, შესაბამისად, ხელისუფლების არაღიარების მტკიცებით წარმართონ.

- ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა არჩევნებზე ამომრჩევლის 51%-ის მისვლა

- თითქმის ყველა წინასწარი კვლევა აჩვენებდა, რომ გადაწყვეტილება იმისა, თუ ვის მისცემდა ხმას, მიღებული ჰქონდა ამომრჩევლის 38-39%-ს. მათ შორის ისეთი კვლევებიც ცხადყოფდა ამას, რომლებიც არ გასაჯაროებულა. ეს 51% მივიღეთ იმ გადაუწყვეტელი ამომრჩევლისგან, რომლის ნაწილი შინ დარჩა, ნაწილი კი წავიდა არჩევნებზე. როგორც შედეგები აჩვენებს, ამ ნაწილმა არჩევანი სწორედ “ქართულ ოცნებაზე” შეაჩერა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში წარმოებული კამპანიის შედეგია. ვგულისხმობ “ქართული ოცნების”" მტკიცებას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რაღაც საშინელების” ჩადენას აპირებდა. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ამ ორპოლუსიანმა ისტერიკამ არ დაუტოვა მესამე არჩევანის გაკეთების საშუალება და იმის შიშით, მგელი არ მოსულიყო, ისევ “ქართულ ოცნებას” მისცეს მოქალაქეებმა ხმა. ისე კი, 51% კარგ აქტივობად შეიძლება მივიჩნიოთ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ნიჰილიზმის ხარისხი ძალიან მაღალი იყო.

- თქვენ კი ბრძანებთ, რომ ამგვარი კონფიგურაცია განაპირობაქართული ოცნებისადანაცმოძრაობისერთგვარმა სიმბიოზმა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ საარჩევნოდ პოლიტიკური თუ მედიასივრცე გახსნილი იყო და პოლიტიკურ ძალებს ამომრჩევლამდე საკუთარი სათქმელის მიტანის პრობლემა არ ჰქონდათ

- როდესაც ამ სიმბიოზზე ვლაპარაკობ, ეს არ არის, რა თქმა უნდა, ამ შედეგის ერთადერთი მიზეზი. სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებიც არის. როდესაც პასუხისმგებლობას ვაკისრებთ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვა პოლიტიკური ელიტა ჯანსაღად გამოიყურება. ჩვენ, სამწუხაროდ, მთელი პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისის მოწმენი ვართ. მიუხედავად იმისა, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ძალაუფლება ქუჩაში ეგდო და მას მხოლოდ ხელში აღება უნდოდა, პოლიტიკურმა ელიტამ ვერ მოახერხა იმ მოთხოვნებზე ღირსეული პასუხის გაცემა, რაც ჰქონდა ამომრჩეველს, ვერ დაარწმუნა ისინი, რომ მათთვის ხმის მიცემა იყო ამომრჩევლისთვის სასარგებლო და ეს მათი პასუხისმგებლობის საქმეა. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ბანაკად იყო გაყოფილი მედია. ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობა, ვისაც გავლენის მოხდენა შეეძლო, ამ ორპოლუსიანი პროპაგანდის სამსახურში ჩადგა. მეტიც, მივიღეთ პოლიტიკურ ომში ჩართული სოციოლოგია, რომელიც დაპირისპირების იარაღად იქცა. ასეთი რამ აქამდე ჩვენს ისტორიაში არ ყოფილა. შედეგად, ვიხილეთ, ეგზიტპოლის განსხვავებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული მონაცემები.

- როგორც ჩანს, არაერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დაინიშნება. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?

- “ნაციონალურ მოძრაობას” ახლა აქვს დიაპაზონი და დროც იმისთვის, რომ დაგეგმოს პოლიტიკური ტაქტიკა ისე, რომ მაქსიმუმი მიიღოს. მას ექნება თავისი პირობები “ქართულ ოცნებასთან”. გამომდინარე იქიდან, რომ მათი ამოცანა არ იყო იმდენად არჩევნებში გამარჯვება, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ვერ მოიგებდნენ, მათი ამოცანა ყოველთვის იყო და დღესაც არის “ქართული ოცნების” დამარცხება, რაც შესაძლებელია მხოლოდ კრიზისის ინიცირებით, ანუ არჩევნების შედეგების დელეგიტიმაციით. მათ ეს მექანიზმი ჯერ კიდევ უჭირავთ ხელში. ზუსტად ეს მექანიზმია მათი მთავარი იარაღი.

წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და იმავდროულად, მთელი დანარჩენი პოლიტიკური ელიტა უკმაყოფილოა საარჩევნო შედეგით, არ აღიარებს მას და =აგრესიულია. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ეჭვქვეშ დააყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რაც შესაძლებელია გახდეს პოლიტიკური კრიზისი ინიცირების წინა პირობა, მით უფრო, გაითვალისწინეთ, რომ ამომრჩ­ევლის 50%-ზე ცოტა ნაკლები არ მისულა არჩევნებზე და ამ ხელისუფლებას არ მიიჩნევს­ თავის არჩეულად. “ნაცმოძრაობას” ქუჩაში პოლიტიკური პროცესის გადატანისა და მართვის დიდი გამოცდილება აქვს.

არ გამოვრიცხავ, კულუარულად დაიწყონ კიდევაც კონსულტაციები სხვა პარტიებთან, რათა მოსალოდნელი კრიზისის პირობებში მოხდეს, ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაცია. თუმცა მე ახლა ყველაზე უკიდურეს ვერსიაზე ვლაპარაკობ და დიდი იმედი მაქვს, რომ აქამდე საქმე არ მივა.

———————

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას უმიზნებს

ეკატერინე ბასილაია

“ქართული ოცნება” – 48%, “ნაციონალური მოძრაობა” – 27%, “პატრიოტთა ალიანსი” ბარიერის ზღვართანაა – 4.99%-ით. ამ შედეგებით პარლამენტი ორპარტიულია და პროპორციული 77 მანდატიდან პარლამენტში “ოცნება” მიიღებს – 48 ადგილს, “ნაციონალები” – 29-ს. მაჟორიტარული 73 მანდატიდან კი ჯერჯერობით 22 მანდატი “ოცნებამ” პირველივე ტურში გაინაღდა, “ნაციონალებმა” – ვერც ერთი. ჯამში – 150-კაციან პარლამენტში პირველივე ტურიდან შედის ხელისუფლების 70 დეპუტატი და “ნაციონალების” – 29.

მაჟორიტარების მეორე ტურში 53 მანდატისათვის იბრძვის “ოცნება” ყველგან და “ნაციონალები” 49 ოლქში და დიდი ალბათობაა, რომ მანდატების უმრავლესობას ისევ “ოცნება” მოიპოვებს. არცთუ მცირე ალბათობაა იმისა, რომ “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობის 113 ხმის მოპოვებაც შეძლოს. მას ამისთვის 44 მანდატი სჭირდება. “ნაციონალურ მოძრაობას” იმედი აქვს, რომ ოპოზიციის ხმები მას დაემატება და მეორე ტურში შანსი მას უფრო აქვს, ვიდრე ხელისუფლებას. თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ აბსოლუტურად ყველგან პირველ ტურში ლიდერი “ოცნებაა”.

თუკი პარლამენტი სამპარტიული იქნება და ბარიერის გადალახვას “პატრიოტთა ალიანსიც” შეძლებს, მაშინ “ალიანსი” მიიღებს 6 დეპუტატს და 3-3 ხმა დააკლდება პირველ-მეორე ადგილზე გასულ პარტიებს. “ოცნებას” დარჩება – 46 მანდატი, “ნაციონალებს” – 24. თუმცა, მაშინაც კი “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის შანსი რჩება. “ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასა და მეორე ტურში ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგებაში დარწმუნებულია.

ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისგან კი ჯერ არც მილოცვა ისმის და არც გაყალბების გამო საპროტესტოდ გამოსვლის შეძახილები.

ასეთი იყო კვირას, 9 ოქტომბერს პოსტსაარჩევნო სურათი, 8 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში დიდწილად მშვიდად ჩავლილი საარჩევნო კენჭის ყრისა და უკვე შუა ღამით რადენიმე უბნებზე ხმების დათვლის ჩაშლის შემდეგ.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნების ლეგიტიმურობის პრობლემა არ დგას და ცალკეული საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლისას აღმოჩენილი დარღვევები ვერ მოახდენს ზეგავლენას არჩევნების პროპორციული სისტემის ერთიან შედეგებზე.

თუმცა ა/ო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თვლის, რომ ეს არ იყო სამაგალითო არჩევნები და მისი ხარისხი 2013-2014 წლების არჩევნებთან შედარებით გაუარესებულია და მარნეულში ყიზილ-აჯლოს ერთი უბნის და ზუგდიდში ჯიხაშკარის 2 უბნის მონაცემების გაბათილებას ითხოვს.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (შკშ) შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები ძირითადად წყნარ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და როგორც ჩანს, ქართველი ამომრჩევლის ნება ასახა. ეგზიტპოლებზე კი ითქვა, რომ ის ზოგ შემთხვევაში არ იყო ჩატარებული პროფესიონალურად.

საგულისხმოა ის, რომ თუ მშვიდობიანი იყო დილის 8-საათიდან ღამის 8-საათამდე ხმის მიცემის პროცესი, მარნეულის ინციდენტის გამონაკლისით, სადაც ქვების სროლასა და უბნის დარბევისას ერთი პოლიციელი და ერთი მოქალაქე დაშავდა, ბევრად დაძაბული აღმოჩნდა რამდენიმე უბანზე ბიულეტენების დათვლა.

ხმების მოპარვაზე პირველი განცხადებები შუა ღამის 11 საათიდან დაიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ”. მათ განაცხადეს, რომ ზუგდიდში, ჯიხასკარში დაარბიეს ორი უბანი, უცხოელ ჟურნალისტებს კამერები წაართვეს და სცემეს, საიას დამკვირვებელმა კი ფანჯრიდან გაასწრო; ადგილობრივები დარბევაში “ქართული ოცნების” აქტივისტებს ადანაშაულებენ. შედეგად ჯიხასკარში ორი უბანი გაბათილდა.

შემდეგ ქუთაისში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს “ნაციონალების” კანდიდატ გიგი წერეთლისა და “ოცნების” კანდიდატ კობა ნარჩემაშვილის მომხრეები, თუმცა უბანზე არავინ შეჭრილა და ხმები დაითვალეს.

ამას დაემატა ის, რომ საარჩევნო უბნების დახურვიდან 5 საათზე მეტი იყო გასული, როდესაც ცესკომ 8 ოქტომბრის არჩევნების საერთო ხმების 11%-ის, პირველადი შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ბარიერს ორი პარტია ლახავდა: ქართული ოცნება – 53%; ნაციონალური მოძრაობა – 24%, ბოლო მონაცემებით კი, როდესაც უბნების 83%-ზე მეტია დათვლილი, “ოცნებას” 4% დააკლდა და 49%-ით ისევ პირველ ადგილზეა, მეორეზე “ნაციონალები” არიან, რომელთა ხმებმა 2%-ით მოიმატა და გახდა 26% და მესამე ადგილზე, ბარიერს ლახავს “პატრიოტთა ალიანსი” – 5%-ით. ბარიერთან ახლოსაა “თავისუფალი დემოკრატები” – 4,5%-ით.

“ნაციონალურმა მოძრაობამ”, იმ მიზეზით, რომ ცესკომ მათთვის საეჭვოდ გვიან გამოაცხადა პირველადი მონაცემები და რამდენიმე ოლქში (ოფიციალურად საუბარია მხოლოდ ზუგდიდზე), სადაც მათი დიდი უპირატესობით გამარჯვება სახეზე იყო, უბნები დაარბიეს, შუა ღამის 3 საათზე ცესკოსთან გამაფრთხილებელი მიტინგი გამართა.

პარტიის საარჩევნო პარტიის შტაბის უფროსმა ნიკა მელიამ ჯერ 4 ტელევიზიას – ჯი-დი-ესს, იმედს, მაესტროს და საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ისინი ივანიშვილის პირადი ტელევიზიები არიან და მათთან ურთიერთობას არ აპირებს. შემდეგ კი ისაუბრა იმაზე, რომ სადაც “ოცნება” მარცხდება, ხმების დათვლა იშლება და ეს ხელისუფლებას არ შერჩება. “მოვიგეთ და ამ გამარჯვებას არ გავუშვეთ ხელიდან,” – განაცხადა მელიამ და გიგა ბოკერიასთან ერთად მომავალი დიდი აქციები დაანონსა, თუმცა კვირას მთელი დღის განმავლობაში ამბობდა, რომ ჯერ მოფიქრებული არ აქვთ იქნება თუ არა აქცია და რა ფრომის.

დიდწილად მშვიდი არჩევნები – 8-დან 8-მდე

უბნები დილით 8 საათზე გაიხსნა. პრემიერმა, ორმა ექსპრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრებმა და ოპოზიციონერმა ლიდერებმა – ყველამ ხმა ტრადიციისამებრ კამერების თანხლებით დააფიქსირა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან ხმა მრავალპარტიულ პარლამენტს მისცა, რაც ირიბად იმაზე მიანიშნებდა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა არჩევანი ხელისუფლების სასარგებლოდ არ გააკეთა და არც მთავარ ოპოზიციურ ძალაზე.

ცესკო, რომელიც ბრიფინგს ყოველ 2 საათში აწყობდა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ მცირე დარღვევები იყო, თუმცა საერთო ჯამში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

ძირითადად, საუბარი იყო უბნის გარე პერიმეტრზე აგიტაციის მცდელობებზე და მცირე შელაპარაკებებზე, ასევე შემაჯამებელი ოქმების წინასწარი ხელმოწერებზე. იყო შემთხვევა, როდესაც ლაგოდეხის ერთ უბანზე დუშეთის ოლქის მაჟორიტარული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები მიიტანეს, რომელთა მეშვეობითაც რამდენიმე ამომრჩეველმა მისცა ხმა. ასევე გარდაბანში რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას იმგვარად ახევდა, რომ 31 ბიულეტენზე აღარ იყო დაფიქსირებული. რეგისტრატორი სხვა პირით ჩაანაცვლეს. ბლოკმა “ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის” ამის გამო უბნის გაუქმებაც მოითხოვა.

არჩევნებზე ორი უბედური შემთხვევაც მოხდა, როდესაც ქარელსა და ბათუმში გულის შეტევით 2 მოხუცი გარდაიცვალა.

პირველი ინციდენტი შუა დღისას თბილისში, საბურთალოზე დაიწყო, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელს ჯერ შელაპარაკების გამო საარჩევნო უბანი დაატოვებინეს, შედეგ კი 20-მდე ადამიანი აედევნა და სახლთან მას და მამამისს სცემეს. შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.

საღამის 5 საათისთვის კი სიტუაცია დაიძაბა მარნეულში, სოფელ ყიზილ-აჯლოში. აგრესიული ჯგუფი ერთ-ერთ უბანზე შეღწევას ძალით ცდილობდა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ,” თავდაპირველად ჩხუბის დაწყება “ქართულმა ოცნების” მხარდამჭერებს დააბრალა. “ოცნებამ” პირიქით, თქვა, რომ უბანს თავს “ნაციონალები” დაესხნენ და ქვების სროლა დაიწყეს. შემდეგ შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ უბანზე შეღწევას და ყუთის გატაცებას “ნაციონალები” და ბურჭულაძის ბლოკის წევრები ცდილობდნენ, ხოლო როდესაც მათ ამის საშუალება არ მისცეს, განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ, ფანჯრები ჩაამტვრიეს და ქვები პოლიციელებს დაუშინეს, რის გამოც მარნეულის პოლიციის უფროსის მოადგილე და ერთი მოქალაქე დაშავდა.

იმდენად დიდი იყო დაპირისპირება, რომ პოლიციასთან ერთად შეიარაღებული სპეცრაზმი მივიდა უბანზე და რამდენიმე ხნით ხის მიცემის პროცესიც შეჩერდა. გამოძიება სს 162-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 2-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი, აჰმედ იმამყულიევი აცხადებდა, რომ “ოცნებას” 48-ე უბანზე ხმების გაყალბების საშუალება ადგილობრივებმა არ მისცეს და ის ხელისუფლებისგან მთელ ოლქში დამარცხების აღიარებას ითხოვდა.

ასევე პაატა ბურჭულაძემაც გააკეთა განცხადება, რომ “მიმდინარეობს არჩევნების ტოტალური გაყალბება” და კვირიკაშვილს მიმართა, ვაჟკაცურად ეღიარებინა, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდა.

ამ დარბევის გარდა, კენჭის ყრის პროცესი დამკვირვებლების მიერ მეტწილად შეფასდა, როგორც მშვიდი.

საბოლოო ჯამში კენჭისყრაში მონაწილეობა 1,8 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 51%-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობდა 19 პარტია და 6 ბლოკი. სულ საქართველოში 3 645 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) 55 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა. ნიუ-იორკის უბანზე “ნაციონალებმა” გაიმარჯვეს, ავღანეთში კი ერთ უბანზე “ოცნებამ” და მეორეზე – “ნაციონალებმა”.

ორი ეგზიტპოლი და რეაქცია

ზუსტად 20 საათზე ორი განსხვავებული ეგზიტპოლი გამოქვეყნდა, ერთი რუსთავი 2-ზე ჯი-ეფ-კასი, მეორე 4 ტელეარხზე – საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ჯი-დი-ესზე, იმედსა და მაესტროზე – ტი-ენ-ესის. “რუსთავი 2″-ზე პალ-ის ეგზიტპოლით: ქართული ოცნება იყო – 39,9%; ნაციონალური მოძრაობა – 32%; თი-ენ-ესის ეგზიტპოლით: “ოცნება” – 53%; “ნაციონალები” – 19% და პატრიოტთა ალიანსი – 5%.

როგორც კი ეგზიტპოლები გამოცხადდა, “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში ზეიმი დაიწყეს, სადაც პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი. ისმოდა შეძახილები: “საქართველო”, “გილოცავთ”.

“მოთმინებით დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს, რომლითაც საბოლოოდ გამყარდება “ქართული ოცნების” ძალიან დიდი უპირატესობით მოგება,” – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მხარდამჭერებს და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი როლისთვის.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის “რუსთავი 2″-ის ეგზიტპოლებს არ ენდობა, ენდობა მეორეს და ეს შედეგი მან ადრე გამოაცხადა კიდეც.

ბლოკ “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა განაცხადა, რომ მათ 12%-იანი მხარდაჭერა აქვთ და ეს არის ორ ფრთას შორის პოლიტიკური პოლარიზაციის კიდევ ერთი მცდელობა.

20 საათზე რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები, რომლებიც ეგზიტპოლების გამოქვეყნებას შეძახილებით შეხვდნენ: “ძირს უნამუსო “ქართული ოცნება” და ფაშისტური “ნაციონალური მოძრაობა”.

“აქციებიც იქნება, საკნებიც იქნება და კიდევ ბევრი რამ იქნება. ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი, სრულიად მიუღებელი ტყუილი და გადაყვება ეს ხელისუფლება ამას,” – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა კვირას არსად გამოჩენილა.

“რუსთავი 2″-ის ეგზიტპოლის შედეგებიდან გამომდინარე “ნაციონალურმა მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ “ოცნებასა” და “ნაციონალებს” შორის სხვაობა მინიმალურია, მათი პარტია შედეგების მიხედვით პირველ ადგილზე გავა და ახლა მათი ასიათასობით ხმა უნდა დაიცვან.

სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძეც დარწმუნებით აცხადებდა, რომ გამოკითხვებისას პასუხზე უარის მთქმელი 33%-ის ხმების დიდი ნაწილი სწორედ მათი მხარდამჭერია და ამ ადამიანების ხმების ხარჯზე პირველ ადგილს დაიკავებდნენ. თუმცა “ნაციონალების” სიხარული ცესკოს შედეგებმა შეცვალა და უკვე მათ გაყალბებაზე და სამომავლო აქციებზე დაიწყეს ხმამაღალი განცხადებები.

მეორე დილით ასევე სამართლიანი არჩევნებისა მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც გამოქვეყნდა, სადაც “ქართული ოცნება” იყო – 48%-სა და 50%-ს შორის, “ნაციონალური მოძრაობა” – 25%-სა და 27%-ს შორის. მონაცემები არც ერთ ეგზიტპოლს არ დაემთხვა, ის უფრო ცესკოსთან მიახლოებული იყო.

ცესკოს შედეგი და ჩაშლილი უბნები

წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტია შედის. “ქართული ოცნება” 44%; “ნაციონალური მოძრაობა” 30%, “პატრიოტთა ალიანსი” 5%; “ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” 5%. საქართველოს პარლამენტში გადის მხოლოდ 2 პარტია “ოცნება” – 49% და “ნაციონალები” ც 26%. 73 მაჟორიტარული ოლქის დიდ უმეტესობაში კი მეორე ტურია მოსალოდნელი.

საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა ხმის დათვლა ზუგდიდსა და ქუთაისში. ზუგდიდში 2 უბანი ჩაიშალა. შსს-ს ცნობით, ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში პირთა ჯგუფი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეიჭრა, საარჩევნო ყუთი გატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ინვენტარი დააზიანეს და დამკვირვებლების კუთვნილი მობილური ტელეფონები გაიტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სს 162-ეს პრიმა (კენჭისყრის შენობაში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა ან ძალადობის მუქარა) და 163-ე მუხლებით (საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა) დაიწყო. შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებული და დაკავებულია დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე პირი. ასევე ხდება ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენა.

უცნობი პირები შეიჭრნენ სოფელ ჯიხაშკარის მეორე საარჩევნო უბანზეც, გატეხეს საარჩევნო ყუთი, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს ინვენტარი. ფაქტზე გამოძიება სს 163-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინციდენტი მოხდა ქუთაისშიც, სულხან-საბას გამზირზე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთმანეთს ორი პარტიის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაზიანდა რამდენიმე ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა. დაწყებულია გამოძიება.

მაჟორიტარულ ფლანგზე მონაცემები დაახლოებით ასეთია (თუმცა შეიძლება შეიცვალოს): 73 მაჟორიტარული ოლქიდან 54 ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი, თბილისის 22 ოლქიდან 18-ში და რეგიონების 51 ოლქიდან 36-ში.

“ქართულმა ოცნებამ” მოიგო 19 ოლქში, აქიდან 4 თბილისში. ერთგან, მთაწმინდაზე კანდიდატი არ ჰყავდა და იქ სალომე ზურაბიშვილი და “ნაციონალების” კანდიდატი გადავიდნენ მეორე ტურში.

დარჩენილ ყველა ოლქში კი “ოცნება” მეორე ტურშია გადასული და მის მოწინააღმდეგე “ნაციონალური მოძრაობა” იქნება, გამონაკლისია 4 ოლქი. გორი, სადაც “თავისუფალი დემოკრატებიდან” ირაკლი ალასანია და ხაშური, სადაც – “მრეწველებიდან” სიმონ ნოზაძე, ლანჩხუთში დამოუკიდებელი კანდიდატი აკაკი ჩხაიძე და მცხეთაში ასევე დამიუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი იქნებიან “ოცნების” კონკურენტები. ცესკოს ბოლო მონაცემები ასეთია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მონაცემები შეიცვალოს, რადგან ჯერ ყველა საარჩევნო უბნის მონაცემი არ არის დათვლილი.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

არჩევნების შედეგები: შუა გაკრეფილი ქვეყანა

მალხაზ გაგუა, მორიგე რედაქტორი

გუშინ ასრულდა ბიძინა ივანიშვილის ოცნება და, სავარაუდოდ, მომავალი პარლამენტი შუაში გაკრეფილი გამოვა, თან ისე გაკრეფილი, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ვერც ერთი პოლიტიკოსი, მიმომხილველი თუ ჟურნალისტი რომ ვერ წარმოიდგენდა. ასე “გაკრეფილი” არც ერთი პარლამენტი მანამდე არ ყოფილა. ახლა “ნაცმოძრაობამ” ბოიკოტი რომ გამოაცხადოს, რისი თეორიული ალბათობა ნამდვილად არსებობს, პრინციპში, ერთპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. რომ არ გამოაცხადოს – მაშინაც არსებითად საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება, რადგან “ოცნება” შეძლებს არა მარტო ნებისმიერი ნორმატიული აქტის გატანას, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში (რაც ასევე ფრიად რეალურია), აბსოლუტურად ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას და განხორციელებასაც.

უკვე დღესაც ნათელია, რომ არავითარი ბალანსი ხელისუფლებას მომავალი ოთხი წლის მანძილზე არ ექნება. ეს შეიძლება მავანისთვის “საოცნებო” კომფორტი იყოს. თუმცა თუ “გასაოცარი დემოკრატიის” ჭრილში განვიხილავთ, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელმაც ქვეყანას უახლოეს მომავალში, არ არის გამორიცხული, სერიოზული პრობლემა შეუქმნას.

ეს იქნება ყველაზე მორჩილი პარლამენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ისეთი, მიხეილ სააკაშვილსაც რომ არ მოსწრებია. ამიტომ მაშინ, როცა “ოცნება” და მისი კანდიდატები (რომელთა უმრავლესობა პოლიტიკურად საკმაოდ უღიმღამო ფიგურას წარმოადგენს) ზეიმობენ, ჩვენ, მოქალაქეებს, საკმარისი საფუძველი გვაქვს, ეს და მომდევნო ღამეები შფოთსა და “ბედი ქართლისას” ფიქრში გავატაროთ.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „მომავალი პარლამენტი იქნება ისტორიაში ყველაზე ცუდი, საშინელი

ვახტანგ შამუგია

“მივიღებთ ერთპარტიულ მმართველობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ვბრუნდებით უკან, საბჭოთა წარსულში. ცუდია, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა ღებულობს იმხელა ძალაუფლებას, რისი გამოყენების უნარი მას, უბრალოდ, არ შესწევს. შედეგად, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სრულიად უკონტროლო ხელისუფლებას,”-აცხადებს “მთელ კვირასთან” არჩევნების შედეგების კომენტირებისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც შიშობს, რომ მომავალი პარლამენტი შეიძლება იყოს “ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე ცუდი, საშინელი პარლამენტი”.

- კენჭისყრის პროცესს როგორ შეაფასებდით, რამდენად გამჭვირვალე იყო ხმათა დათვლა-შეფასების პროცესი?

- ხმის მიცემის პროცესისადმი სერიოზული შენიშვნები არ ყოფილა, თუმცა ხმათა დათვლის პროცესი დროში გაიწელა, რაც ალბათ შესაბამისი ტექნიკური ბაზის არქონისა და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების ბრალია. თუმცა საქართველოსნაირ ქვეყანაში ეს გასაკვირი არ არის და კარგი იქნება თუ მომავალში ამ კუთხით ყურადღება გამახვილდება და კადრებს ამ ცოდნის მისაღებად შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდებათ.

- რამ განაპირობა მოსახლეობის არცთუ ძალიან მაღალი აქტივობა?

- მოსახლეობის ნაწილის დაბალმა სამოქალაქო თვითშეგნებამ, იმან, რომ ბევრს უბრალოდ ეზარება ადგომა, საარჩევნო ყუთთან მისვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მათ ალბათ ურჩევნიათ შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში იწუწუნონ იმაზე, თუ რა ცუდი და უმაქნისი ხელისუფლებაა ქვეყნის სათავეში, იმას კი ვერ აცნობიერებენ, რომ არსებული არასახარბიელო რეალობის შექმნაში თავიანთი პასიურობითა და უპასუხისმგებლობით მათ ლომის წვლილი შეიტანეს.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ის, რომ მთელ რიგ ოლქებში მოსალოდნელია მეორე ტურის გამართვა?

- საოცრება ისაა, რომ მეორე ტური უფრო მეტ ოლქში არ არის. დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც კონკურენტუნარიანი გარემოა, კანდიდატებს პირველივე ტურში 50%-იანი ბარიერის გადალახვა უნდა უჭირდეთ. სწორედ ამიტომ მოხდა მეორე მეორე ტურის დაწესება. ამ იდეის ერთ-ერთი ინიციატორი რესპუბლიკური პარტია გახლდათ.

როგორც წესი, მეორე ტური უზრუნველჰყოფს მეტად კონკურენტუნარიან გარემოსა და რეალური შედეგის წარმოჩენას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურშიც აბსოლუტურ წარმატებას მიაღწევს “ქართული ოცნება”. ანუ, მივიღებთ ერთპარტიულ მმართველობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ვბრუნდებით უკან, საბჭოთა წარსულში. ცუდია, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა ღებულობს იმხელა ძალაუფლებას, რისი გამოყენების უნარი მას უბრალოდ არ შესწევს. შედეგად ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სრულიად უკონტროლო ხელისუფლებას.

როგორც წესი, მეორე ტურში გაცილებით უფრო ნაკლები აქტივობა იქნება, ვიდრე პირველში.

- თქვენ ადრე “რეზონანსთან” საუბრისას ბრძანეთ, რომ ქვეყანას აუცილებლად ეყოლებოდა მრავალპარტიული პარლამენტი. რატომ არ მოხდა ეს ასე?

- ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო, თუმცა არ მოხდა, თუ რატომ, ამაზე პასუხი, დაე, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გაგვცენ, რომლებმაც არ მოიხადეს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი და არჩევნებზე არ მივიდნენ. ყველა ჩვენგანს რომ საკუთარი მოვალეობა ქვეყნის წინაშე პირნათლად შეესრულებინა, დარწმუნებული ვარ, დღეს პარლამენტის შემადგენლობა სულ სხვანაირი იქნებოდა.

- თუ ამ დროისათვის არსებული მონაცემები ძალაში დარჩა, როგორი იქნება 2016-2020 წლების პარლამენტი?

- ეს იქნება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე ცუდი, საშინელი პარლამენტი, რადგანაც ძალაუფლება მთლიანად ერთი პარტიის ხელში იქნება კონცენტრირებული. ძალთა ასეთი თანაფარდობა არცერთ წინა მოწვევის პარლამენტში არ ყოფილა. ამ პოლიტიკურ ძალას საკმაოდ ექსცენტრიული და არაპროგნოზირებადი პიროვნებები უდგანან სათავეში, რაც არსებულ რეალობას კიდევ უფრო ამძიმებს…

- არსებობს ვარაუდი, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამეტში პროტესტის ნიშნად არ შევა…

- შევლენ თუ არა, ეს მათი ნებაა, რა თქმა უნდა. თუმცა თუ არ შევიდნენ, მიმაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან არასწორი და არასერიოზული გადაწყვეტილება, რადგანაც, როგორც აღვნიშნე, ამ შემთხვევაში, საქმე გვექნება ერთი კონკრეტული ძალის დომინირებაზე. ასეთი ქცევა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისათვის გაუმართლებელი და უშედეგოა. ამასთან, “ქართულ ოცნებას” პროცედურულად, “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლა-არ შესვლა ხელს არ შეუშლის, რადგანაც მას აქვს დეპუტატთა მანდატების ის ოდენობა, რაც ფუნქციონირების საშუალებას ნებისმიერ შემთხვევაში აძლევს. შეგახსენებთ, წინა მოწვევის პარლამენტი ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გარეშე მუშაობდა და მუშა პროცესისათვის ამას ხელი არ შეუშლია.

- რით ახსნით რესპუბლიკური პარტიის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობას?

- მოქალაქეების გადაწყვეტილებით, როგორც ჩანს, ეს მოსახლეობის გადასაწყვეტი იყო, როგორც ჩანს, საარჩევნო ყუთებთან მისულებმა გადაწყვიტეს, რომ არ მოგვცენ ხმა, რა ვუყოთ, ეს მათი ნებაა… ჩვენი ერი ის ერია, რომელმაც ილია ჭავჭავაძეს, ვაჟა-ფშაველასა და ნიკოლოზ ბარათაშვილს ვერ გაუგო, დიდი ამბავი თუ რესპუბლიკურ პარტიას ვერ გაუგეს… ამ თემაზე ჩვენ არავისთან კამათს არ ვაპირებთ. თუმცა ეს პოლიტიკური ძალა აუცილებლად უნდა შესულიყო პარლამენტში, რათა ძალაუფლება ერთი კონკრეტული პარტიის ხელში არ აღმოჩენილიყო კონცენტრირებული. ეს ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გივი თარგამაძესთან: „ოცნების 50%-იანი მხარდაჭერა აბსოლუტური აბსურდია

სალომე სარიშვილი

“ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომელი ტელევიზია რომელ ეგზიტპოლს ატარებს. ისიც ვიცით, რამდენად აცდენილია ერთმანეთს მონაცემები და რატომ. ვფიქრობ, არავის ეპარება იმაში ეჭვი, რომ “ქართულ ოცნების” 50%-იანი მხარდაჭერა აბსოლუტური აბსურდია,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე, რომლის თქმითაც, გაუგებარია რას ზეიმობს “ქართული ოცნება”. თარგამაძის შეფასებით, ხელისუფლებისგან მართული პროპაგანდისტული არხების სამეული რეალობიდან აბსოლუტუდ აცდენილ ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს. “ეს იმდენად მოწყვეტილია რეალობიდან, რომ არ მგონია, თავად “ქართული ოცნებასაც” კი სჯეროდეს, ალბათ კორექტირებას “რუსთავი 2″-ის შედეგებზე დაყრდნობით გააკეთებს.

ცნობისთვის, არჩევნების შესაძლო შედეგებზე აზრი თარგამაძეს ჯერ კიდევ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ მომაცემებამდე ვკითხეთ, როცა პარტია მონაცემებს ცენტრალურ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად ელოდა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ახლოსაა ის მონაცემები ოფიციალურთან, რომელიც ამ დროისთვის ეგზიტპოლებით ვრცელდება და თქვენი აზრით, რატომაა ამხელა სხვაობა სხვადასხვა კომპანიების ეგზიტპოლებში?

- პირველ რიგში, ცესკო-ს მიერ ხმების დათვლას უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი, ეს რეალურ სურათს ასახავს თუ არა. “ქართულ ოცნებას” ვერ დავემსგავესები, რომ წინასწარ გაწერილ სცენარებზე ვლაპარაკობდეთ. სხვათაშორის, მეც ერთ-ერთ სცენარში მოვყევი და მიუხედავად იმისა, რომ ძლივს გადავრჩი, პრეტენზიები აქეთ ჰქონდათ. ჯერ კიდევ საკითხავია რას ზეიმობს “ოცნება”, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად იციან რეალური სურათის შესახებ. იმაზეც, რომ მათ მიერ მართული ტელევიზიების ეგზიტპოლებში რეალობა ასახული არაა. ყველამ იცის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ “რუსთავი 2″-ს ენდობა.

- ამ ეტაპზე რამდენად მისაღებია თქვენთვის ის მონაცემები, რომელიც ქვეყნდება და მარცხის შემთხვევაში აღიარებთ თუ არა შედეგებს?

- უკვე მოგახსენეთ, რომ “ოცნების” შესაძლო 50%-ზე მეტი ძალიან დიდი აბსურდია. ძალიან ბევრი რეგიონი მოვიგეთ, ვნახეთ რა მოჰყვა შემდეგ ამ ყოველივეს. ამ ეტაპზე ცხადია, ნორმალური შედეგი გვაქვს, თუმცა ვნახოთ რა იქნება ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებში. მე მაინც ვფიიქრობ, რომ წინასწარ მარჩიელობა საჭირო არ არის, ჯერ დაველოდოთ და შემდეგ ვისაუბროთ.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ნიკა მელიასთან: „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილს არც ერთ ხმას არ დაუთმობს…

სალომე სარიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია დანებებასა და საკუთარი ამომრჩევლების ხმების დათმობას არ აპირებს. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია თითოეული ხმის დაცვა, რომელიც ამომრჩეველმა როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქის მასშტაბით სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერად გააკეთა.

როგორი ფორმით გააკეთებს ამას პარტია, მისი თქმით, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, თუმცა ნათელია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემები, რეალობას აცდენიალია და მხოლოდ “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. “ნაცმოძრაობის” შტაბის ხელმძღვანელის თქმით, პარტიისთვის “ოცნების” მხრიდან ამგვარი უტიფარი ზეიმი მათთვის გასაკვირი არ ყოფილა და ამასაც აქვს მისი ახსნა.

ნიკა მელიას რამდენიმე შეკითხვა ცესკოს პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ პარტიის ცენტრალურ ოფისში ოფიციალურ შეკრებაზე დავუსვით.

- რამდენად სანდოა თქვენთვის ის შედეგები, რომელიც ცესკომ პირველადი მონაცემებით გამოაქვეყნა? როგორც ჩანს ის მკვეთრად განსხვავდება თქვენი პროგნოზისა და ეგზიტპოლების მონაცემებისგან…

- დასწყისისთვის უნდა დაველოდოთ შემაჯამებელი შედეგების გამოქვეყნებას, თუმცა თუკი ამ მომენტისთვის შევაფასებთ შედეგებს, რა თქმა უნდა, ის მხოლოდ “ქართული ოცნების” ზარ-ზეიმისთვისაა შექმნილი. მინდა ყველას ვუთხრა: თქვენი ზეიმი ნაადრევია, ბატონებო. ჯერ ყველაფერი წინ არის, “ნაციონალური მოძრაობა” დაიცავს ყველა ხმას, რომელიც საკუთარი ამომრჩევლისგან მიიღო და დამერწუნეთ, ასეთი ხმა ძალზედ ბევრია.

- ბრიფნგზე საუბრისას განაცხადეთ, რომ რეგიონების პირველადი მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობა” არაერთ უბანზე ლიდერობს. თქვენი ინფორმაციით, რომელ რეგიონებში გაიმარჯვეთ და როგორ აპირებთ საკუთარი ხმების დაცვას?

- გავისხენოთ მარნეულის შემთხვევა, სადაც მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, ჩვენ უპირობო გამარჯვებული გვყავს. ჯერჯერობით ჩვენც მონაცემებს ვუცდით, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ბევრ რეგიონში ვლიდერობთ. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არავის არ დავუთმობთ ჩვენს მხარდამჭერთა ძალისხმევას. ასიათასობით ხმა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიპოვა, ახლა დასაცავია და ამას გავაკეთებთ კიდეც.

- მართალია ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც გკითხავთ, რას უნდა ველოდოთ, როგორი ფორმით აპირებს პარტია ბრძოლას?

- ბევრ რეგიონში და არამარტო იქ მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება აუცილებლად დაცული იქნება და ამისთვის ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. არავის წავართმევინებთ იმას, რაც ჩვენ და ჩვენს ამომრჩეველს ეკუთვნის.

ამ წუთას “ქართული ოცნების” უტიფარი ზეიმი არავის უკვირს, მიზეზი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ვარწმუნებ ყველას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილსა და მის გაბატონებულ გუნდს არც ერთ ხმას არ დაუთმობს. თუ როგორი ფორმით ვიბრძოლებთ ამისთვის, ყველანი ერთად ვნახავთ.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ოცნება შეიძლება თავისსავე ხაფანგში გაებას და პოლიტიკური კრიზისი მიიღოს“ // „ამისთვის საკმარისია, “ნაცმოძრაობამ” პარლამენტში შესვლაზე უარი თქვას

თაკო მათეშვილი

არჩევნების შედეგებმა, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, “ქართულ ოცნებას” დელეგიტიმაციის საფრთხე შეუქმნა. ფიქრობს, რომ შედგება თუ არა პარლამენტი, ეს სათუო საკითხია და შეიქმნა კრიზისი, რომლის განჭვრეტაც წინასწარვე შეიძლებოდა. “რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ის კონფიგურაცია, რაც არჩევნების შედეგად მივიღეთ, “ქართული ოცნებისათვის” ყველაზე სახიფათოა, რადგან ახლა “ნაცმოძრაობას” შეუძლია პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადოს, გამოაცხადოს, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც ფაქტიურად მთელი პოლიტიკური ელიტა დაეთანხმება იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ,” – თქვა მან “მთელ კვირასთან” საუბრისას. მისი აზრით, პოლიტიკურ პარტიებს თავისუფლად შეუძლიათ პარლამენტის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენონ და “ოცნებამ” წინასაარჩევნო პერიოდში არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასე არ მომხდარიყო.

გია ხუხაშვილი: იმაზე, რომ “ქართული ოცნება” პირველ ადგილზე გავიდოდა, ყველა ვთანხმდებოდით. თქვენ წარმოიდგინეთ, ამის წინააღმდეგი “ნაციონალური მოძრაობაც” კი არ იყო. თუმცა, ამ პროცესის მთავარი ინტრიგა ის იყო, მოახერხებდა თუ არა “ოცნება” საკონტროლო პაკეტის აღებას. ანუ, შეძლებდა თუ არა უმრავლესობის დამოუკიდებლად შეკვრას. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც აგრეთვე პროგნოზირებადი იყო – ორი განსხვებული ეგზიტპოლი, რომლიდან ერთის მიხედვითაც “ოცნება” საკონტროლო პაკეტს იღებს, ხოლო მეორეს მიხედვით -ვერა. ორი განსხვავებული ეგზიტპოლი უკვე ძალიან გაუგებარ ვითარებას ქმნის. გარდა ამისა, ისევ ორპოლუსიანი პოლიტიკა მივიღეთ. “ნაცმოძრაობას” მოგების ილუზია არ ჰქონია და მათი ამოცანა არჩევნებში გამარჯვება არ ყოფილა. მათი ამოცანა სხვადასხვა სცენარით “ოცნების” დამარცხება იყო და არის.

რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ის კონფიგურაცია, რაც არჩევნების შედეგად მივიღეთ, “ქართული ოცნებისათვის” ყველაზე სახიფათოა, რადგან ახლა “ნაცმოძრაობას” შეუძლია პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადოს, გამოაცხადოს, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც ფაქტიურად მთელი პოლიტიკური ელიტა დაეთანხმება იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ. შედეგად, შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, როცა “ქართულ ცნებას” პოლიტიკური ლეგიტიმაციის შეძენა ძალიან გაუჭირდება.

“პატრიოტთა ალიანსიც” საკმაოდ დაძაბულია და არ ვიცით, როგორ მოიქცევა. ამ დღეებში ისინი აცხადებდნენ, რომ მატ ბევრად მეტის მოლოდინი ჰქონდათ. არაა გამორიცხული, ამ რედაქციით პარლამენტში შესვლაზე მათაც უარი განაცხადონ და არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადონ. აღარაფერს ვამბობ ბარიერსმიღმა დარჩენილ პარტიებზე. ანუ, “ოცნებამ” შეიძლება პოლიტიკური კრიზისი მიიღოს. არა ქუჩის აქციების სახით, არამედ პოლიტიკურ ელიტაში სრული დელეგიტიმაცია და უნდობლობა, რაც ძალიან უხნაურ ვითარებას შექმნის. ყველას ესმის, რომ ერთპარტიიანი პარლამენტი ვერ გვეყოლება. ასე რომ, ის ორპოლუსიანი ნეგატიური კამპანია, რასაც “ქართული ოცნება” აწარმოებდა, მისთვის ხაფანგი აღმოჩნდა, რომელიც შეიძლება დაიხუროს. წესით, ახლა “ოცნება” უნდა ლოცულობდეს, რომ რომელიმე პარტიამ, რომელიც მასთან თანამშრომლობს, პარლამენტში შეჰყვება და ფასადს შეუქმნის, ბარიერი გადალახოს. მაგალითად “თავისუფალმა დემოკრატებმა”, თორემ ახლა გამოდის, რომ “ოცნებას” უპატარძლო ქორწილი აქვს.

- რა რომ თამაშობს ამ კუთხით განსხვავებული ეგზიტპოლები?

- ბუნებრივია, “ნაცმოძრაობა” “რუსთავი 2″-ის ეგზიტპოლს უფრო ენდობა. შესაბამისად, ეს მას კრიზისის შექმნის საფუძველს აძლევს. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ ელიტას, ის არც ერთ ეგზიტპოლს არ ენდობა და ამით უკვე კრიზისის ფორმირების პლატფორმას იქმნის. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს – “ოცნების” მთავარი პრობლემა კი ამ შემთხვევაში ისაა, რომ თუკი ბარიერგადალახული პარტიები, ანუ, მისი საპარლამენტო ოპონენტები პარლამენტში შესვლაზე უარს განაცხადებენ, ამით მთელი საარჩევნო პროცესის პოლიტიკური დელეგიტიმაცია მოხდება.

- ქუჩის აქციებს არ ელოდებით?

- პრინციპში, ესაა სცენარი, რომელსაც ქუჩის აქციები დიდად არც სჭირდება. ეს არაა სცენარი, რომელსაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს. “ნაცმოძრაობა” შეხედავს რა საბოლოო სურათი ჩამოყალიბდება მაჟორიტარებში და ამის მიხედვით გადაწყვეტს თავის ტაქტიკას. “პატრიოტთა ალიანსიც” ჩამოყალიბდება.

- “პატრიოტთა ალიანსი”, თქვენი აზრით, იმდენად უკმაყოფილო შეიძლება იყოს, რომ პარლამენტში შესვლაზე ხელისუფლებამ ვერ დაითანხმოს?

- არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებასთან კონსულტაციები დაიწყონ და კომპრომისი მოიძებნოს, მაგრამ იმ მოცემულობიდან ამოვდივარ, რაც ბოლო დღეების მდგომარეობით გვაქვს – ბოლო დღეებში ისინი აცხადებდნენ, რომ ასეთი შედეგი დამაკმაყოფილებელი არ იყო. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, მოსაზრება შეცვალონ. მე არ ვამტკიცებ, რომ აუცილებლად ის სცენარი განვითარდება, რომელზეც გელაპარაკებით, უბრალოდ ასეთი სცენარის განვითარების რისკი გაჩნდა და ამ რისკების ჩამოყალიბებას ხელი თავისი არასწორი პოლიტიკით თავად “ქართულმა ოცნებამ” შეუწყო. პუტინსაც კი, რომელსაც ვიცით, როგორი დემოკრატია აქვს, ესმის მარტივი რაღაც – მას დემოკრატიული დასი სჭირდება. შეუძლია თავისი პარლამენტი ერთპარტიული, ან ორპულისიანი გახადოს, მაგრამ ამას არ აკეთებს. რამდენიმე პარტია ჰყავს, მართვადი ოპოზიცია, რომელიც რუსულ პოლიტიკას ჩემ მიერ ნახსენები რისკებისაგან აზღვევს. “ქართული ოცნება” კი ამას ვერ მიხვდა და მთლიანად ორპოლუსიანობაზე ითამაშა, რამაც, ჩემი აზრით, მას დელეგიტიმაციის საფრთხე შეუქმნა.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

საპროტესტო აქციებზე ბურჭულაძის პარტიაშიც ფიქრობენ

გვანცა ღვედაშვილი

საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს პაატა ბურჭულაძის გაერთიანება “სახელმწიფო ხალხითვის”. საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აქციებთან დაკავშირირებით მსჯელობას საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ დაიწყებენ და გადაწყვეტილებასაც ამის მერე მიიღებენ. მისივე თქმით, არჩევნებზე არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.

პარტიაში ყურადღებას განსაკუთრებით იმ ფაქტზე ამახვილებენ, რომ რამდენიმე უბანზე ამომრჩევლებს “ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ხმის მიცემა დაზიანებული ბიულეტინების გამო არ შეეძლოთ. მათი განცხადებით, რეგისტრატორი პროპორციული ბიულეტინების შეკვრიდან ბიულეტენს ამომრჩეველს ისე უხევდა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის პირველი ნომერი შეკვრის თავში რჩებოდა. კერძოდ, ასეთი ფაქტები თეთრიწყაროს 332-ე მაჟორიტარული ოლქის და სოფელ კარათაკლიის 360-ე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა. პარტიის განცხადებით, პროპორციული ბიულეტინების შეკვრა ამ უბანზე არსებული ბიულეტენების თითქმის 10%-ია, რაც ბუნებრივია არჩევნების შედეგზე გავლენას მოახდენს. ამიტომაც პარტიაში შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.

არჩევნების დღეს პარტიის ოფისში “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერები ეგზიტპოლების შედეგებს ჟურნალისტებთან ერთად ელოდებოდნენ. მიუხედვად მღელვარებისა, პარტიის შტაბში ეგზიტპოლების გამოცხადებამდე პოზიტიური და მეგობრული გარემო იყო. ლიდერები ერთმანეთთან სურათებს იღებდნენ, ცდილობდნენ ემოციები მაქსიმალურად მოეთოკათ, რათა ოფისში მყოფი ჟურნალისტებისთვის მათი ნარვიულობა შესამჩნევი არ ყოფილიყო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც 8 საათზე, არჩევნების დასრულებისთანავე, ტელეკომპანიებმა ორი განსხვავებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაცხადეს, და ბურჭულაძის პარტიისთვის სახარბიელო არც ერთი არ იყო, და პარტია საარჩევნო ბარიერს მიღმა რჩებოდა, გარემო შესამჩნევად შეიცვალა.

წუთიერი დუმილი – ასე შეიძლება შევაფასოთ პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” რეაქცია ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ. აშკარაა და პარტიის ლიდერის შეფასებაც ადასტურებს, რომ ბურჭულაძე აღნიშნულ შედეგს არ ელოდა და მონაცემებს თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ პარტიის წევრები ემოციების ზედმეტი გამოხატვისგან თავს ნამდვილად კარგად იკავებდნენ – არანაირი აგრესია არ გამოუხატავთ და არც მწვავე განცხადებები გაუკეთებიათ.

ლიდერებმა სიმშვიდე შეინარჩუინეს და ჟურნალისტებთან განცხადებებიც გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ შედეგები მათთვის არასანდო იყო და ცესკოს საბოლოო პასუხების გამოქვეყნებამდე ისინი არანაირ ნაბიჯს არ გადადგამდნენ.

პარტიის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ეგზიტპოლების გამოქვეყნებიდან მალევე ბრიფინგიც გამართა და აღნიშნა, რომ ეზიტპოლის შედეგები არასანდო იყო და დარწმუნებულია, რომ მათი პარტიის მონაცემები გაცილებით დიდია.

ბლოკის ლიდერის განცხადებით, ეგზიტპოლების შედეგებით “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” მოსახლეობის განწყობაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. მან მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ არჩევნების მეორე დღეს ცესკო სხვა მონაცემს დადებდა. მანვე აღნიშნა, რომ პარტიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მათი მხარდამჭერების რაოდენობა 12%-ს ცდებოდა, ამიტომ მათ მომხრეებს მოუწოდა ეგზიტპოლის მონაცემების გათვალისწინებით გული არ გაეტეხათ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით ეგზიტპოლის მონაცემები რადიკალურად განსხვდება რეალური შედეგებისგან. ამ მონაცემების გამოქვეყნების მიზანი არჩევნებში ადამიანების დემორალიზებაა. ბარიერის გადალახვა კი, მისი აზრით, იმაზეა დამოკიდებული, საარჩევნო უბნებზე არსებული დარღვევებიდან გამომდინარე რამდენ მათგანში გაუქმდება მონაცემები.

“ვფიქრობ, ამ ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი ეს არის ეგზიტპოლომანია და ზოგადად ეგზიტპოლებით მანიპულირება, რაც, სამწუხაროდ, არჩევნებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. რადგან, მაგალითად, ეგზიტპოლის შედეგებით თუ ჩვენი პარტია ბარიერს ვერ ვლახავდით, ეს იმ ადამიანების სრულ დემორალიზებას იწვევს, რომელბიც ჩართულნი არიან საარჩევნო საქმიანობაში. ამასთან, ეგზიტპოლის მონაცემები კარდინალურად განსხვავდება რეალური შედეგებისგან. ვხედავთ, რომ 2 სრულიად განსხვავებული ეგზიტპოლია.

“რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ჩვენი მხრივ ბევრი დარღვევაა დაფიქსირებული, რასაც მივყვებით პროცედურულად, რათა გარკვეულ უბნებზე შედეგები ბათილად იქნეს გამოცხადებული. ბარიერის გადალახვის შანსი, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ უბანში გაუქმდება შედეგები და როგორი იქნება საბოლოოდ დათვლა. სამწუხაროდ, ჩვენ კომისიის წევრები არ გვყავს, შესაბამისად ძალიან რთულია შედეგები მივიღოთ და შევაჯამოთ.

“რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ამაზე მსჯელობა სააბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ გვექნება, შესაბამისად გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ,” – უთხრა გიორგი ვაშაძემ “მთელ კვირას”.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

აჭარის არჩევნებში “ოცნება”, “ნაციონალები”, “ალიანსი” და ბურჯანაძის პარტია ლიდერობენ

თიკო ოსმანოვა

თბილისისგან განსხვავებით საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები მოსახლეობის დიდი აქტიურობით და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ბათუმის ვერცერთ ოლქში კანდიდატებმა ვერ შეძლეს 50%-იანი ბარიერის გადალხვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორ კვირაში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები ერთმანეთს კიდევ ერთხელ “შეერკინებიან”. რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, 21 მანდატისთვის 15 პარტია, მათ შორის 4 საარჩევნო ბლოკი იბრძოლდა და საბოლოოდ ბარიერის გადალხვა მხოლოდ 4 პარტიამ შეძლო.

წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმები ასე ნაწილდება: “ქართული ოცნება” – 44.77% , “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 30.01%, “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” – 5.87% და “პატრიოტთა ალიანსი” – 5.77%.

წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე ცნობილი ხდება, რომ ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის სია აჭარაშიც თითქმის მთლიანად განახლებულია. სიის პირველი ნომერი აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძეა. მოქმედი დეპუტატებიდან ათეულში მხოლოდ ერთი “კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენელი დავით ბაციკაძე მოხვდა, რომელიც 7 ნომერია. “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი კი როგორც ცნობილია ლევან ვარშალომიძეა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატის გარეშე დარჩა აწ უკვე ყოფილი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე, რომელიც კენჭს მურმან დუმბაძესთან ერთად იყრიდა და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს” სიის პირველი ნომერი დავით-თარხან მოურავია, მეორე-მესამე ადგილს კი ზაზა ოქუაშვილი და მერაბ ბლადაძე ინაწილებენ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა დაკარგული ჰქონდა.

ხმაურიანი არჩევნები აჭარაში

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ამ დროის მონაცემებით 40 საჩივარია შესული. ეს სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ აჭარაში მოქმედი 6-ივე საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესული დოკუმენტებია. საჩივრები ძირითადად პროცედურული სახის დარღვევებს ეხება. “სამართლიანმა არჩევნებმა” 8 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას 25-მდე პროცედურული დარღვევაა დააფიქსირა. “ძირითადად იყო პროცედურული სახის დარღვევები, რაც წილის ყრის პროცედურებს – ფუნქციების გადანაწილება, საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსებას უკავშირდება. ასევე იყო შემთხვევა კენჭის ყრის პროცესთან დაკავშირებით – მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტი.

“ხელვაჩაურში ხმის დათვლის პროცესში გამოიკვეთა ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა პროცესი დაიწყო ისე, რომ შესაბამისი დოკუმენტები არ იქნა დალუქული. შემდეგ აღმოჩნდა, რომ კენჭის ყრაში კომისიის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ საქართველოს პროპორციული სისტემით. მაჟორიტარ კანდიდატებზე ხმა არ მიაცემინეს, რითაც მათ შეეზღუდათ საარჩევნო ხმის უფლება, რაც მათ მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.

“ასევე შემაჯამებელი ოქმი აღნიშნულ უბანზე შედგა დილის 9 საათზე და თანაც ბალანსი არ იყო გამოყვანილი – კერძოდ მიცემული ხმებისა და ბათილი ბიულეტინების რაოდენობა აღემატება კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, როგორც პროპორციულ ასევე მაჟორიტარულ ოქმში. ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაიწერა 25-მდე საჩივარი. პირველ უბანთან დაკავშირებით დაიწერა 5 საჩივარი, როგორც უბანზე ასევე ოლქში და ვითხოვთ პირველი უბნის შემაჯამაბელი ოქმის ბათილობას და შედეგების გადასინჯვას”, – უთხრა “მთელ კვირას” “სამართლიანია არჩევნების” რეგიონალურმა კორდინატორმა მადონა ბერიძემ.

რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ სხვადასხვა უბნებთან მობილიზებული იყო “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც სპეციალურ სიებში აღნიშნავენ ამ უბანზე გამოცხადებულ და არგამოცხადებულ ამომრჩევლებს, რათა შემდგომში დააშინონ ისინი:

“ნაციონალურმა მოძრაობამ” დააკანონა ეს მახინჯი პრაქტიკა, ასეთი ჯგუფები იდგა მაშინაც უბნებთან, სიებით ხელში, ურეკავდნენ ტელეფონზე და აშინებდნენ ამომრჩევლებს. ეს პრაქტიკა გადმოიტანა “ქართულმა ოცნებამ”. ის ხალხი რომლებიც ახლა სხედან ფურცლებით, აღწერენ, ვინ არ მოვიდა ამ უბნის ამომრჩევლებიდან, ვის რა პრობლემა აქვს, ამ პრობლემას გადაუჭრიან თუ გაურთულებენ. ზუსტად ისე იქცევიან, როგრც ნაციონალური მოძრაობის წევრები იქცეოდნენფ – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

8 ოქტომბრის ქრონოლოგია ბათუმში

ბათუმში მთელი დღის განმავლობაში პროცესი ურთიერთბრალდების ფონზე მიდიოდა. პროვოკაციებისა და ე.წ კარუსელის მოწყობაში მმართველი გუნდი და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს ადანაშაულებდა.

“26-ე უბანზე, არიან მობილიზებული ადამიანები, რომლებიც ეკითხებიან ხალხს, თუ ვის აძლევენ ხმას. ამ პროცესში, რეგისტრატორები არიან ჩართული. ასევე, 41-ე საარჩევნო უბნის შესასვლელთან, აქ არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ სიებით არიან მობილიზებული და კონკრეტულ ადამიანებს აძლევენ მითითებებს და შემდეგ აღნიშვნებს აკეთებენ, ამ სიებში. ეს ხდება, უშუალოდ უბნის შესასვლელთან.

“არსებითი დარღვევა იყო, 90-ე უბანზე, სადაც დაფიქსირდა კარუსელის შემთხვევა. ამ უბანზე იყო, სამართალდამცავების სრული მობილიზაცია. აქ იდგა თემურ მახარაძე, რომელიც არის პოლიციელი, ერთ-ერთი განყოფილების უფროსი და იმ უბნის ამომრჩეველი არ არის. მასთან ერთადაა, სამმართველოს უფროსის მოადგილე, მოსიძე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები საარჩევნო უბანზეც იმყოფებოდნენ”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა პეტრე ზამბახიძემ.

ხმაურით გაიხსნა 69-ე ოლქის პირველი უბანი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აგიტაციასა და ხელის შეშლაში დადანაშაულა. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც.

პოლიციის გამოძახება გახდა და თანაც 2 ჯერ საჭირო ბათუმში 69-ე ოლქის 103-ე უბანზე. საპატრულო პოლიცია ამომრჩეველთა მაღალი აქტივობითა და რიგების დაუცველობის გამო გამოიძახეს. უბნის თავმჯდომარის თეონა გასპარიანის ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია უბანზე სიმშვიდის დასამყარებლად გამოიძახეს.

ინციდენტი მოხდა მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანთან, სადაც 85 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მან ხმის მიცემის შემდეგ უბანი დატოვა და კიბეზე ჩამოსვლის შემდეგ წაიქცა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს იგი გარდაცვლილი დახვდა.

“მამაკაცი 85 წლის იყო. როგორც გვითხრეს, ავადმყოფობდა,” უთხრეს “ბათუმელებს” სასწრაფო სამედიცნო დახმარების სამსახურში.

ქობულეთში კი სიის მიღმა დარჩენილი ამომრჩეველი ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც უთხრეს, რომ იგი სიაში არ იყო. მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ქალბატონის თქმით, იგი ყოველ არჩევნებზე აძლევდა ხმას, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა ამ უბნის ამომრჩეველი.

პოლიტიკური შეფასება და მანდატის გარეშე დარჩენილი ახვლედიანი

“ოცნებამ” ახლა იმხელა ლუკმა მიითვისა და გადაყლაპა, რომ ამის მონელებას ვეღარ შეძლებს და გადაყვება,” – ასე აფასებს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნების” ყოფილი საბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი.

მისი თქმით, არჩევნები ბათუმში და ზოგადად მთელ საქართველოში ანომალიურ წინასაარჩევნო გარემოში ჩატარდა.

“არჩევნები ბათუმშიც და მთელ ქვეყანაშიც ძალიან უცნაურ, ანომალიურ წინასაარჩევნო გარემოში ჩატარდა. ეს განსაკუთრებით ეხება ბათუმს, სადაც ხელისუფლება ყველანაირად ცდილობა, ჩემთვის ხელი შეეშალა, რაც მოახერხა კიდეც.

“არ მქნოდა მეტ-ნაკლებად ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებაც კი, მაშინ, როცა ხელისუფლების მხარეს იყო შეუზღუდავი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი. არჩევნების დღე ასევე სავსე იყო ანომალიური, არადემოკრატიული დარღვევებით-ყველაფერი აღნუსხულია!” – უთხრა “მთელ კვირას” ახვლედიანმა. მისივე თქმით, საზოგადოებამ “ოცნების” სასარგებლოდ არჩევანი იძულებით გააკეთა: “ბათუმშიც და მთელ საქართველოშიც ერთმანეთს უპირისპირდებოდა ორი პოლიტიკური მონსტრი. ეს ის ძალებია, რომლებმაც მოახერხეს და პოლიტიკური და საზოგადოებრივი ველი, პრაქტიკულად განადგურების პირას მიიყვანეს. “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” მეტ-ნაკლებად თანაბრად აგებენ პასუხს, რომ ამ დღეში ჩააგდეს ჩვენი ამომრჩეველი და მას არ დაუტოვეს რეალურად, არჩევანი პარტიებს შორის! ხალხი იძულებული გახადეს არჩევანი გაეკეთებინათ ცუდსა და უარეს შორის.

“ბათუმში საზოგადოების დიდი ნაწილი უკიდურესად უკმაყოფილო იყო “ოცნების” პოლიტიკით, მაგრამ როგორც არაერთხელ ითქვა – სწორედ, იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ შეგრძნება, საფრთხე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების, გააკეთეს არჩევანი “ოცნების” სასარგებლოდ. ანუ ეს იყო იძულებითი არჩევანი!

“ოცნებამ” ახლა იმხელა ლუკმა მიითვისა და გადაყლაპა, რომ ამის მონელებას ვეღარ შეძლებს და გადაყვება კიდეც თავის სიხარბეს!” – გვითხრა ახვლედიანმა.

——————–

„ახალი თაობა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა მდინარაძესთან: „ქართული ოცნება ერთადერთი გულწრფელი ძალაა და ამიტომაც გავიმარჯვეთ“ // „მე მიკვირს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის, თუმცა პატივს ვცემ

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქში მამუკა მდინარაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში არჩევნებსა და მის შედეგებს აფასებს.

- ბატონო მამუკა, მოელოდით ამ შედეგებს? ქართული ოცნებისთვის რამდენად არის მიღებული შედეგები დამაკმაყოფილებელი?

- უფრო მაღალ პროცენტულ მაჩვენებელსაც ველოდი. ჩემი ეს მოლოდინი გამომდინარეობს იმ განწყობებიდან, რომლებსაც ადამიანებისგან პირადად ვისმენდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. ამ კამპანიის პერიოდში 7-8 ათასამდე ადამიანს შევხვდი. კამპანიის დასაწყისში არც კი მეგონა, თუ ამხელა მუხტი და იმედიანი განწყობა იყო.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მასმედიიდან გარკვეული ნეგატივი მოდიოდა, თითქოს ხალხში სულ სხვა განწყობებია, მაგრამ, პირადად როდესაც ვხვდებოდი ადამიანებს, მივხვდი, რომ მათ რეალური განწყობა აქვთ. ისინი ხედავენ პროგრესს და რეალურად აფასებენ შესაძლებლობებსაც, თუმცა მე არ ვიტყვი, რომ ადამიანები ვერ ხედავენ შეცდომებს ან ამაზე თვალი აქვთ დახუჭული. ასე ნამდვილად არ არის. ისინი ხედავენ ყველაფერს და თავის სახელსაც არქმევენ, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ არ დაუშვია ისეთი შეცდომა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნებოდა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ვერ მოინელებდა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან.

- რატომ გაიმარჯვა კვლავ `ქართულმა ოცნებამ~? ამ გამარჯვების მთავარი ფაქტორი რა იყო?

- ადამიანები ქუჩაში მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი გულწრფელი ძალაა და ამიტომაც გავიმარჯვეთ. ეს იყო მთავარი მიზეზი, ასევე ის შეკრული და ერთიანი გუნდი, რომელიც ნამდვილად არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ამას ნახავს ჩვენი ამომრჩეველი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ასევე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცივილიზებული, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩაგვეტარებინა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომელიც ამომრჩეველს არჩევნებს ჰპარავდა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში გახდა მიზეზი, რატომაც მოგვანიჭა უპირატესობა ამომრჩეველმა.

ჩვენი ამოცანა იყო, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩაგვეტარებინა, რათა ერთხელ და საბოლოოდ წარსულისთვის ჩაგვებარებინა ის ცუდი გამოცდილება, რომლითაც გვიცნობდა დასავლეთი, სამწუხაროდ. 8 ოქტომბრის არჩევნები იყო პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ხელისუფლებისგან ჩაურევლად, თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარდა.

- თქვენი კონკურენტები, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა, ასე არ ფიქრობს.

- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთი ხმაც კი არ დაკარგულა, რომელიც ყუთში ჩავარდა, ყველა თავის ადრესატს მიუვიდა. არჩევნებს ნებისმიერ ქვეყანაში ახლავს გარკვეული ვნებათაღელვა და მცირედი დარღვევები, ამას ვერ გავექცევით, მთავარია, ამან პროცესებზე ვერ მოახდინოს გავლენა. მე ხომ ძალიან კარგად ვიცი, რა განწყობა იყო გუნდში.

- და რა განწყობა იყო?

- რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩაგვეტარებინა და რეალობა ასახულიყო, არცერთი ხმა არავის არც დაჰკლებოდა და არც მომატებოდა. მიხარია, შინაგანად ბედნიერი ვარ, რომ გუნდში ვისმენდი შიდა საუბრებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და ამას გავაკეთებთ, რაც უნდა იყოს. ასეთი საუბრების მოსმენის შემდეგ ნამდვილად ვიყავი ხოლმე ამაღლებულ განწყობაზე.

- არჩევნების დღეს მარნეულის საარჩევნო ოლქში პროვოკაციის მცდელობა იყო, ასევე სამეგრელოს ერთ-ერთ ოლქში მოხდა უბნის დარბევა. ამას როგორ აფასებთ?

- ეს ფაქტები თავად მეტყველებს იმაზე, რომ მმართველ ძალას, `ქართულ ოცნებას~ არაფერში აწყობდა სიტუაციის ასე დაძაბვა. ყველაფერი კადრებზე ჩანს, ყველაფერი არის ნათელი, თუ ვინ და როგორ ცდილობდა დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იმიჯის გათელვას, მოსპობას. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ქვეყანა და მისი სახელი, მისი პრესტიჟი. ჩვენ მოწოდებული ვიყავით, რომ ყველაფერი დემოკრატიული სტანდარტებით ყოფილიყო. ყველა თათბირი საარჩევნო შტაბში იწყებოდა იმით, რომ ჩვენი თავმოყვარეობაც კი ვაჩუქოთ ჩვენს ქვეყანას. აქტივისტებს ვეუბნებოდით, ვინმემ რომც გაგინოთ, ხმა არ ამოიღოთ, მოითმინეთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ დავაზარალოთ. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, ასეთი მოწოდება გვქონდა, რადგან არეულობა არ გვაწყობდა არაფერში.

- ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის პირისპირ დარჩა. მხოლოდ ამ ორ ძალას აქვს შესაძლებლობა, არსებული მონაცემებით, პარლამენტში იყოს წარმოდგენილი. ეს რამდენად მისაღებია?

- „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ დესტაბილიზაციისთვის და ამას ისინი თავიანთ განცხადებებში ღიად აფიქსირებდნენ. რაც შეეხება პირისპირ დარჩენას, ვერ გეტყვით, რომ ეს მახარებს, პირიქით, მაგრამ ისინი ცოტანი იქნებიან, ჩვენ – ბევრნი და ეს კარგია. ნაციონალური მოძრაობის ეს პროცენტული მაჩვენებელი განსაკუთრებულ სიხარულს ნამდვილად არ მგვრის, მაგრამ, რა ვქნათ, ასე აფიქსირებს ქართველი ამომრჩეველი, თუმცა არც იმის თქმას გავურბივარ, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი ამომრჩეველი ჰყავს. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ მე მიკვირს მათი. როგორც ჩანს, ადამიანები მართლა ადვილად ივიწყებენ წარსულს, თუმცა ჩვენი ქვეყნის პროგრესი მათ ოჯახებსაც გამოადგება და მათ ოჯახებშიც შევა.

- მოელოდით, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ მთავარი ოპოზიცია იქნებოდა?

- გადაუწყვეტელი, ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი, როგორც ჩანს, მაინც არ მივიდა არჩევნებზე და ნაციონალური მოძრაობის 15%-იანი მხარდაჭერა ამიტომ გაიზარდა. ეს არის და ეს. ამიტომ იყო ჩვენი მოწოდება ამომრჩევლისადმი, რომ ეაქტიურათ.

- თუმცა ფაქტია, რომ 2012 წლის არჩევნებზე დაფიქსირებულმა თქვენი მხარდამჭერების რიცხვმა იკლო...

- ეს განაპირობა გარკვეულმა ფაქტორებმა. იყო ადამიანთა ჯგუფი, რომელიც განაწყენდა სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად, ზოგი სამსახურიდან გაუშვეს, ზოგიც ვერ დასაქმდა ისე, როგორც მოელოდა და ა.შ. შესაბამისად, იყო გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელიც სახლში დარჩა.

„ახალი თაობა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ამერიკა ნაციონალებს სიტუაციას არ აარევინებს“ // „მიხეილ სააკაშვილმა გარანტიები მიიღო

რატომ ვერ გაბედავს ნაცმოძრაობა არეულობის მოწყობას, რაზე შეთანხმდებიან რუსეთი და ამერიკა, რატომ არის მართალი ის ხალხი, რომელიც არჩევნებზე არ წავიდა, ვინ უნდა აგოს პასუხი მეორე ტურზე? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

ზაალ კასრელიშვილი:

- სამი თვის წინ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, რომ პარლამენტში მაქსიმუმ 3 პარტია მოხვდებოდა. ვთქვი ისიც, რომ მესამე ძალა პატრიოტთა ალიანსი იქნებოდა. ისინი ბარიერის გადალახვის ზღვარზე დგანან, რადგან პარლამენტში ამინდს ვერ შექმნიან, ჩავთვალოთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ნაციონალები და „ქართული ოცნება“ მოხვდნენ. მე ადრეც გითხარით და ახლაც გაგიმეორებთ, რომ მხოლოდ ამ ორ პარტიას აქვს მხარდამჭერების გამოყვანისა და არჩევნებზე მიყვანის რესურსი. საბოლოო ჯამში, არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა და, ის რამდენიმე არაფრისმომცემი ექსცესი რომ არა, ყველაფერი კარგად იქნებოდა.

- მარნეულის ინციდენტს გულისხმობთ?

- ქუთაისის, ჯიხაშკარისა და მარნეულის ინციდენტებს. მათგან ყველაზე მასშტაბური იყო მარნეულში მომხდარი ინციდენტი. ამ საზღვრისპირა რეგიონში ასეთი დაპირისპირება კარგად არ დასრულდება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ხალხს უნდა მოეთხოვოს, რომლებმაც მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატს გაუწიეს რეკომენდაცია. რეკომენდატორებზე ჩამოვარდა საუბარი და მივმართავ „ოცნებას“, პასუხი მოსთხოვოს ყველა იმ რეკომენდატორს, რომლის შერჩეულმა კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ მოახერხა გამარჯვება.

- პასუხი რატომ უნდა მოსთხოვონ, სავალდებულო იყო, პირველივე ტურში მოეგო?

- სავალდებულო არ იყო და ძალიან კარგია, მეორე ტურები რომ არის, მაგრამ სახელმწიფოს დახმარებითაც რომ ვერაფერს აკეთებს ადამიანი, ამაზე დაფიქრებაა საჭირო. და კიდევ ერთი – ამ მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილს პირზე გასაღები არა აქვს და ეს ამბავიც გასათვალისწინებელია.

- რას ნიშნავს, პირზე გასაღები არა აქვთ?

- დადიან და ღიად აცხადებენ, ამდენი და ამდენი გადავიხადე, მაჟორიტარად რომ წარვედგინეო. ფული, ალბათ, რეკომენდატორებს გადაუხადეს, ჰოდა, მათ მოსთხოვონ პასუხი.

- თქვენ ამბობთ, რომ არჩევნები, საბოლოო ჯამში, კარგად ჩატარდა. ნაციონალები და პატრიოტთა ალიანსი გაყალბებაზე საუბრობენ და აქციებით იმუქრებიან...

- რაც უნდა ილაპარაკონ და დაიმუქრონ, არაფერი შეიცვლება. ამ არჩევნებზე ყველა პარტიამ თავისი მაქსიმუმი აჩვენა, მათ შორის `ოცნებამაც~, ნაციონალებმაც და ალიანსმაც. შედეგად მივიღეთ ორპარტიული პარლამენტი.

- კარგია ორპარტიული პარლამენტი?

- ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოში 2 ან 3 პარტია იქნება წამყვანი პოლიტიკური ძალა. მეორე საკითხია, რამდენად აკმაყოფილებს ამომრჩევლებს ან `ოცნება~, ან ნაცმოძრაობა.

- თქვენი აზრით, აკმაყოფილებს?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის ნახევარზე მეტი არ მივიდა, მოსახლეობის დიდ ნაწილს არცერთი პარტია არ აკმაყოფილებს. შესაბამისად, 4 წელი ძალიან სერიოზული პროცესები გველოდება. პარლამენტში გასული პარტიები კიდევ უფრო დაკარგავენ მოსახლეობის ნდობას. მათი ნებისმიერი განცხადება თუ გადაწყვეტილება ხალხს გააღიზიანებს. გარე ძალები, რომლებიც საქართველოში რამდენიმე პარტიაზე ამყარებდნენ იმედებს, იძულებული გახდებიან, ამ 2 პარტიაზე გააკეთონ აქცენტი. მათ შორის დაპირისპირება გამძაფრდება. ამას დავამატოთ გარეთ დარჩენილი პარტიები, რომლებიც ძალიან აგრესიულად მოიქცევიან და მიმართავენ პოლიტიკურ პრესინგს. ასე რომ, მომდევნო 4 წელი დიდი დაძაბულობა გველოდება.

- დარწმუნებული ხართ, რომ 8 ოქტომბერს არჩეული პარლამენტი 4 წელს გაქაჩავს?

- სირთულეები და გადადექი-გადადექის ძახილი იქნება, მაგრამ ამით დამთავრდება ყველაფერი.

- სააკაშვილს უკან რომ არ დაეხია და სარფში მაინც ჩამოსულიყო არჩევნების დღეს, შედეგი ისევ ასეთი იქნებოდა?

- სააკაშვილს უკან არ დაუხევია. ის არც აპირებდა წინა ხაზზე გამოსვლას და, თუ ვინმეს ამის ილუზია ჰქონდა, ძალიან შემცდარა.

- ხომ თქვა 5 ოქტომბერს, 3 დღეში გადმოვცურავ ზღვასო?

- ეგ ისე თქვა, მერე დააზუსტა, არ ჩამოვდივარო. მას ამისთვის თანაპარტიელები აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს. მას საქართველოში აღარაფერი ესაქმებოდა, რაც უნდა გაეკეთებინა, გააკეთა – საშოვნელი იშოვა და წავიდა. მარტო იმიტომ, რომ საქართველოს პრობლემური ტერიტორიები, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით, ჩამოაშორა, ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.

- ვისგან მიიღო ეს გარანტიები, რუსეთისგან თუ ამერიკისგან?

- როგორც მოტყუებულ, მასხრადაგდებულ და ტრაბახა ქართველებს ჩიტებმა ამბავი მოგვიტანეს, მოლაპარაკება ორივე მხარესთან მიდიოდა. 2008 წლის ომამდე რუსებისგან აიღეს ფული, ომის შემდეგ – ამერიკელებისგან. რა ჰქვია ამას, დახმარება თუ გასამრჯელო, მნიშვნელობა არ აქვს. სააკაშვილი აქ ჩამომსვლელი არ არის და ნაციონალური მოძრაობა სულ ტყუილად იმუქრება აქციებით.

- რადგან სააკაშვილი ვერ ჩამოვა, მის გარეშე ვერაფერს გახდებიან?

- ჩვენი აზრით, ნაცმოძრაობის პატრონები ამ შედეგით კმაყოფილი უნდა იყვნენ ერთი მარტივი მიზეზის გამო – ამ პარტიას მეტი ამომრჩეველი ფიზიკურად არ ჰყავს. მეტსაც გეტყვით – მათ ასეთი კარგი შედეგი 2012 წლის არჩევნების შემდეგ არ ჰქონიათ. მინდა, კარგად იცოდნენ ნაციონალებმა – მათ ამერიკა აქ სიტუაციას არ აარევინებს. აქ არეულობა არც რუსეთს აწყობს. დღეს ამ ორ სახელმწიფოს არაფერში აწყობს საქართველოში არეულობა.

- მხოლოდ იმიტომ არ იქნება არეულობა, რომ რუსეთსა და ამერიკას არ უნდათ?

- არეულობისთვის საფუძველი არ არსებობს. კიდევ გეუბნებით, ნაციონალების პატრონები შედეგით კმაყოფილნი არიან. ნაციონალებმა რევოლუციის მოწყობა რომც მოინდომონ, ამისთვის ხალხი არ ჰყავთ.

- პარლამენტში შესვლაზე უარს თუ იტყვიან?

- ამას დასავლეთი და ნაციონალების პატრონები არ დაუშვებენ.

- გამოდის, რომ აქ ყველაფერს ისე იქნება, როგორც ეს რუსეთს ან დასავლეთს უნდა?

- რუსეთსა და ამერიკას კიდევ 2 ქვეყანა და მავანთა კორპორაციული ინტერესები დაუმატეთ. ყველაფერი ისე ხდება, როგორც მათ უნდათ. არჩევანს კი ვაკეთებთ, მაგრამ არჩევანის შედეგები მათ ყულაბაში მიდის. შემდეგ ისინი ჭადრაკის დაფაზე თავიანთ ინტერესებსა და ჩვენს შედეგებს ისე ალაგებენ, როგორც მათ სჭირდებათ.

- გამოდის, რომ ის ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, სწორად მოიქცა...

- ეს არის შეგნებული ამომრჩეველი, რომლისთვისაც არცერთი წარმოდგენილი ძალა მისაღები არ იყო. ეს ხალხი აუცილებლად იტყვის გადამწყვეტ სიტყვას პოლიტიკაში.

„ახალი თაობა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: ახალი პარლამენტი 4 წელი ვერ გაძლებს

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია აფასებს.

- ჯონდი, როგორ შეაფასებდით საპარლამენტო არჩევნებს? რამდენად სამართლიანად ჩატარდა ის? ან თქვენი შედეგები რით არის განპირობებული?

- არჩევნები სამართლიანად ნამდვილად არ ჩატარებულა, იმიტომ, რომ იყო უთანასწორო გარემო. ორი პოლიტიკური ძალის ხელში იყო თავმოყრილი მთელი ფინანსური რესურსი და სრული ტოტალური კონტროლი ჰქონდა ორივე ძალას მედიარესურსზე.

- არ მოხდა პოლიტიკური პარტიების გაერთიანება. ამან არ იმუშავა თქვენ წინააღმდეგ?

- პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც შეგვილია, ახალი სიტყვა ვთქვათ პოლიტიკაში, ვერ მოვახერხეთ გაერთიანება. სწორედ ამის გამო, რომ ჩვენ ალტერნატივაც ვერ შევთავაზეთ ქართველ საზოგადოებას, ჩვენ, ქართულმა დასმა, გადავწყვიტეთ, არ მიგვეღო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში ვმონაწილეობდით.

- ორპარტიული პარლამენტი გვეყოლება?

- კი, ასე იქნება და ეს პროგნოზირებადი იყო! ჩემს კოლეგებთან საუბარში ამას ყოველთვის ვამბობდი. სამწუხაროდ, ვერცერთმა ჩემმა კოლეგამ ვერ გამოიჩინა წინდახედულობა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.

- ანუ ოპოზიციის წვლილიც დიდია ამაში?

- ჩვენშიც არის პრობლემა, რადგან ალტერნატიული შედეგი ვერ შევთავაზეთ ქართველ საზოგადოებას.

- ნაციონალები 30%-ს უახლოვდებიან. გამოდის, რომ ისინი მაინც მოსწონს ამომრჩეველს?

- ქვეყანაში, სადაც ტოტალური სიღარიბეა, ფინანსურ რესურსს ენიჭება ძალიან დიდი, თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა. ფული ყველგან მუშაობს. არჩევნებში ფული აუცილებელია. სხვანაირად არჩევნებში მონაწილეობის მიღება წარმოუდგენელია. ღარიბ ქვეყნებში კი ფულის მნიშვნელობა და როლი განსაკუთრებულად იზრდება! ტელევიზიებსაც მთლიანად ეს ორი ძალა აკონტროლებდა.

- ივანიშვილის ტერმინი რომ ვიხმაროთ, შუა ისევ გაიკრიფა?

- სწორედ შუის გაკრეფის მიზნით `ქართულ ოცნებასა~ და ნაციონალებს შორის მოხდა გარიგება.

- გარიგება რასთან დაკავშირებით?

- იმისთვის, რომ დაეშინებინათ ამომრჩეველი. მიშას ყოველი ბღავილი ოდესიდან იყო დამატებითი სტიმული ამომრჩევლისთვის, რომ ამდგარიყო, მისულიყო და ხმა მიეცა „ქართული ოცნებისთვის“!

- ამ ყველაფერს წინ უძღოდა ფარული ჩანაწერები, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება, საუბარი იმის თაობაზე, რომ დესტაბილიზაცია მოხდება. ამან ვის სასარგებლოდ იმუშავა?

- ამან იმუშავა სწორედ ამ ორი პარტიის სასარგებლოდ. ეს იყო მიზანმიმართული პროცესი. ხომ დამთავრდა არჩევნები? მიშა სააკაშვილი დღეში სამჯერ ხომ გაიძახოდა, ჩამოვდივარო. სად არის, რატომ არ ჩამოვიდა, მეტყვის ვინმე?!

- რატომ არ ჩამოვიდა? ან რაზე იყო ეს ყველაფერი გათვლილი?

- ყველა განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩამოვა და ბიძინას დაამხობს, აძლევდა ახალ სტიმულს იმ ამომრჩეველს, რომელიც არ აპირებდა, `ქართული ოცნებისთვის~ მიეცა ხმა, მისულიყო და ხმა მიეცა მიშას შიშით „ქართული ოცნებისთვის“! ანუ მიშასგან შექმნეს ბუა და ეს შეთანხმებით მოხდა.

- ანუ აწყობდა ოცნებას, რომ ისევ ნაციონალები ჰყოლოდა ოპონენტად პარლამენტში?

- რა თქმა უნდა! ეს ერთი პატრონის ორი დაჯგუფებაა. მათ ერთი მმართველი ჰყავთ.

- კითხვის ნიშნებს ხომ არ გააჩენს ახალი პარლამენტის ლეგიტიმურობა?

- ახალი პარლამენტის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ, არა მგონია, დადგეს, თუმცა ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ ამ პარლამენტმა ოთხი წელი გაძლოს. რამდენიმე თვეში ხალხი მიხვდება, რომ მწარედ მოატყუეს და ეს ყოველთვის ქმნის ქუჩაში პროცესების გადმოტანისთვის ნოყიერ ნიადაგს. პარტიების კრიტიკულზე მეტი რაოდენობა დარჩა გარეთ. ეს კი არ მოიტანს პოზიტიურ შედეგს. პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზი არის პარლამენტი. როდესაც პოლიტიკური ცხოვრების ასპარეზი გადმოდის ქუჩაში, მაშინ ქვეყნის განვითარება ფერხდება. როდესაც პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი რჩება პარლამენტს გარეთ, მაშინ პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება ქუჩაში. აი, ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეცდომაა, რაც ამ ორმა პარტიამ ერთმანეთთან გარიგებით დაუშვა.

„ახალი თაობა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „არჩევნების შედეგები სააკაშვილმა და ივანიშვილმა ერთად დაგეგმეს

არჩევნების შედეგებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში კახა კუკავა აფასებს.

- ბატონო კახა, როგორ აფასებთ 8 ოქტომბრის არჩევნებს?

- მივიღეთ ის, რასაც ველოდით. მე ამის შესახებ განსაკუთრებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრს ვსაუბრობდი, რომ იგეგმებოდა ორ პოლიტიკურ ძალას შორის შედეგების გაყოფა საქართველოს პარლამენტში და ასეც მოხდა. ჩვენ მივიღეთ იგივე შედეგი, რომელიც მივიღეთ ყველა წინა არჩევნებზე. საქართველოს პარლამენტში არ არის წარმოდგენილი ქართველი ხალხის ნება.

- აბა, რა არის წარმოდგენილი?

- მასში წარმოდგენილია მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსები და ფინანსური ოლიგარქია.

- პატრიოტთა ალიანსი ბარიერის გადალახვის ზღვარზეა. არის შანსი, რომ მოხვდეს პარლამენტში?

- კი, ამის შანსი არის. პირადად მე ვერ მოვხვდები, თუმცა პატრიოტთა ალიანსი შესაძლოა შევიდეს პარლამენტში.

- ეს რამდენად შეცვლის მოცემულობას?

- გარკვეულწილად – კი, მაგრამ, იმდენად გამოკვეთილია ორი პარტიის დომინირებული პოზიცია, რომ უკვე არაკონკურენტული გარემოა შექმნილი. მე ხშირად ვამბობდი, რომ თუ ჩვენ გვინდოდა ევროპული პარლამენტი, ეს უნდა ყოფილიყო 5-6 პარტიული პარლამენტი, სადაც არავის ექნებოდა 50%. რამდენად შეიძლება, მრავალპარტიული ვუწოდოთ სამ პარტიულ პარლამენტს, სადაც ამ სამიდან ორს ხმათა 90% ექნება, ეს რთული სათქმელია.

- როგორ მოახერხა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ ამხელა მხარდაჭერა მიეღო?

- ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდაჭერით, მათ შორის სერიოზული ფინანსური მხარდაჭერით.

- ანუ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და შეთანხმებული?

- რა თქმა უნდა. ეს იყო ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთშეთანხმებული გეგმა. მათ ერთად დაგეგმეს წინასაარჩევნო კამპანია, ერთად გამოიგონეს სახელმწიფო გადატრიალება, ერთად გამოიგონეს, თითქოს სააკაშვილი საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილი რომ საქართველოში არ ბრუნდება, ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა სააკაშვილმა და თქვენ ნახავთ, რომ არც არანაირი გადატრიალების შესახებ პროკურატურა გამოძიებას არ გააგრძელებს.

- ანუ წინასწარ იყო დაგეგმილი ეს ყველაფერი?

- ისევე, როგორც შევარდნაძემ და აბაშიძემ ერთად დაგეგმეს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები, სააკაშვილმაც და ივანიშვილმაც ერთად დაგეგმეს ამ არჩევნების შედეგები.

- წინასაარჩევნოდ ხომ ნაცმოძრაობის დისკრედიტაცია მიდიოდა, რომ ისინი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. ამან მათ საწინააღმდეგოდ არ იმუშავა?

- პირიქით, ამით მიდიოდა ნაციონალების წისქვილზე წყლის დასხმა, იმიტომ, რომ ის იყო გამოყვანილი, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა. რაც შეეხება იმას, რომ გადატრიალებას გეგმავს, ნაციონალურ მოძრაობას ძირითადად ხმას აძლევენ ამ ხელისუფლების შეურიგებელი მოწინააღმდეგეები და მათთვის ბიძინა ივანიშვილის დამხობა სულაც არ არის რაიმე ნეგატიური მოვლენა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველს დააკარგვინებდა.

- პატრიოტთა ალიანსი საპროტესტო აქციებს აანონსებს. ეს აქციები შეცვლის მოცემულობას?

- ჩვენ ველოდებით ოფიციალურ შედეგებს, გავმართავთ კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რის შემდეგაც მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.

- გადაინაცვლებს პროცესები ქუჩაში?

- ამისი ძალიან მაღალი რისკი არსებობს, ოღონდ, ეს მოხდება ახლავე თუ გარკვეული პერიოდის შემდგომ, დამოკიდებულია ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე. მე, პირადად, მხარს ვუჭერ მასობრივ აქციებს, მაგრამ ყველა ოპოზიციური ლიდერი ასე არ ფიქრობს. ამ არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის ძალიან დიდი მუხტი ჩაიდო. მოხდება ის, რაც 2008 წელს მოხდა _ პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს. ამის ძალიან დიდი რისკია, თუმცა, საქმე ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მართულია.

- ვისგან?

- აქ არსებობს ორი სუბიექტი, რუსეთი და ამერიკა. ქართველი ხალხი, როგორც სუბიექტი, არ არსებობს.

- ეს არჩევანი ქართველმა ამომრჩეველმა გააკეთა. ეჭვქვეშ არავინ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას…

- მე მგონია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგება.

- ფიქრობთ, რომ არჩევნები გაყალბდა?

- რა თქმა უნდა! მე ვფიქრობ, რომ მილიონ სამასი ათასი ხმა იქნა ჩაყრილი საარჩევნო უბნებზე!

- ეს როგორ მოხერხდა?

- ისე, როგორც ხერხდებოდა მოქალაქეთა კავშირისა და ნაციონალური მოძრაობის დროს.

- ვის სასარგებლოდ ჩაიყარა ეს ხმები?

- “ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ!

„ახალი თაობა“, 10 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: „თავისუფალი დემოკრატები ქუჩის აქციებს არ ვაპირებთ

რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი არჩევნებზე? მიმართავენ თუ არა საპროტესტო აქციებს თავისუფალი დემოკრატები, თუკი პარლამენტში ვერ შევლენ? რატომ ვერ მიიღეს მოსახლეობის მხარდაჭერა? – „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე პასუხობს.

- ბატონო ვიქტორ, არჩევნები დასრულდა. საზოგადოების დიდი ნაწილი შედეგებით კმაყოფილი არ არის. არც ის არის გამორიცხული, რომ ორპარტიული პარლამენტი მივიღოთ. როგორია თქვენი შეფასებები და პროგნოზები?

- იმ ინციდენტების მიუხედავად, რაც მოხდა, არჩევნებმა ჩაიარა ღიად, გამჭვირვალედ, თავისუფალ გარემოში.

- თქვენი შეფასებები მაინც დადებითია?

- დიახ, რადგან იყო თავისუფალი არჩევანის საშუალება. ჩვენს ამომრჩეველს მიეცა საშუალება, გაეკეთებინა თავისუფალი არჩევანი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- რით ხსნით თქვენს წარუმატებლობას? რატომ ვერ მოხიბლეთ ამომრჩეველი, სად დაუშვით შეცდომები?

- ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი და ანალიზი უნდა გავაკეთოთ მას შემდეგ, როდესაც გვექნება საბოლოო მონაცემები. ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე არ მინდა, გავაკეთო ზედაპირული განცხადება.

- ოპოზიციური პარტიების ნაწილი ქუჩაში გამოსვლებითა და საპროტესტო აქციებით იმუქრება. როგორი იქნება თქვენი პარტიის პოზიცია?

- ალბათ, ნაციონალურ მოძრაობაზე გაქვთ საუბარი.

- პატრიოტთა ალიანსიც აანონსებს აქციებს.

- ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ვფიქრობთ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში სტაბილური, ნორმალური, ღია საარჩევნო გარემო იყო. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს დადებითი გარემო და ქვეყანა უნდა წავიდეს წინ. ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს წინასაარჩევნო გარემო ყველა წინასაარჩევნო გარემოსგან თვისობრივად განსხვავებული იყო. მასმედია მაქსიმალურად შეეცადა, ჩვენთვის, პოლიტიკოსებისათვის, მოეცა საშუალება, რომ ამომრჩევლისთვის საკუთარი ხედვები გაგვეცნო. დღეს ჩვენი ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის და ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს. არა მგონია, არეულობა ან ხელისუფლებას აწყობდეს, ან რომელიმე პოლიტიკურ ძალას.

- ნაციონალურ მოძრაობას თუ აქვს ამის თქმის საფუძველი და აქციებითაც იმუქრება?

_ ნაციონალური მოძრაობა მადესტაბილიზებელი ფაქტორი იყო ამ ქვეყანაში, მათ შორის, ხელისუფლებაში ყოფნის დროს. დღეს ნაციონალების განცხადებები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩემთვის დღეს ყველაზე მთავარია, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა ხმის დაცვა, სახელმწიფომ უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ქვეყანაში და იმის საფუძველი, რომ წინსვლა იყოს სახეზე ჩვენი ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. მე ნამდვილად ვერ ავყვები ვიღაცებს. თუკი რაიმე საფუძველი იქნება ამისა, ბუნებრივია, რეაგირება უნდა გააკეთოს ყველამ. თუმცა ამ ეტაპზე მე არ მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ ამა თუ იმ ინციდენტმა რაიმე ზეგავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.

- ანუ არ გაქვთ იმის თქმის საფუძველი, რომ არჩევნები გაყალბდა?

- ამ წუთას არა მაქვს, თუმცა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურებიც წინ არის. ბევრი მეორე ტური იქნება.

- რამ განაპირობა ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ასეთი მაღალი შედეგი აჩვენა?

- ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ, რა გითხრათ… მე მომწონს ეს, არ მომწონს, ვიღაცამ ეს მიიჩნია სამართლიანად თუ პირიქით. რას ვიზამთ, ეს არის ის მოცემულობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზეც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაცია, რისიც ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით. თუ ამის მცდელობა არსებობს, ეს ხელისუფლების დამსახურებაა. ჩვენ ისრები არ გადაგვაქვს არავის მიმართულებით, უბრალოდ, ასეა. რას ვიზამთ, პატივს ვცემთ ჩვენი თანამოქალაქეების თავისუფალ არჩევანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრიობისთვის.

Comments are closed