globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 10th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „ქართულ ოცნებაში“ უზარმაზარი შავი ფული ტრიალებს“ // „ახალი კონსტიტუცია ძველზე უარესია“

ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „თუ ალეკო ელისაშვილი მეორე ადგილზე გავა, კახა კალაძეს პრობლემები შეექმნება“ // „უფრო მეტ ამომრჩეველს რცხვენია თქვას, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს, ვიდრე სხვა პარტიას“ // „დებატებს აზრი მაშინ აქვს, თუ მას სოციოლოგიური კვლევა მოჰყვება“

ვერსია: გამოცხადებული არეულობის ქრონიკა // რის მიღწევას ცდილობს და რატომ აცხადებს ოპოზიცია არჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად

ვერსია: რაში ფლანგავს აფხაზეთის დევნილი მთავრობა საბიუჯეტო თანხას // აუდიტის სკანდალური დასკვნა – უშტატო თანამშრომლებზე გაცემული ფული, საბუღალტრო შეცდომები და დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში

ასავალ-დასავალი: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია!“

ასავალ-დასავალი: მიხეილ სააკაშვილის „არღნის ჩიტები“ – სოფო ნიჟარაძე და ნინო ჩხეიძე „თბილისობაზე“ დაბლოკეს

—————–

ახალი თაობა“, 10 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „ქართულ ოცნებაში უზარმაზარი შავი ფული ტრიალებს“ // „ახალი კონსტიტუცია ძველზე უარესია

„ახალი თაობის“ კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.

- ბატონო რომან, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ხელისუფლების პოზიციის სისწორე დაადასტურა ვენეციის კომისიისა და სხვა ექსპერტების შეფასებებმა. რამდენად სწორად გაიგო ეს შეფასებები მმართველმა გუნდმა?

- ჩვენ დავინახეთ, რომ არაფერი შეცვალა მმართველმა პარტიამ ამ კონსტიტუციაში და მთელი ამ თვეების განმავლობაში, ყოველდღიურად ეს კონსტიტუციური თემები იყო თითქოსდა განხილვისა და სრულყოფის საგანი.

- სინამდვილეში არაფერი იცვლებოდა?

- დიახ. ჩვენ ვამბობდით, რომ ხელისუფლება თვალთმაქცობს. მას უნდოდა, რომ მოსახლეობის თვალში გამოესწორებინა ეს გაფუჭებული იმიჯი, რადგან მათ კონსტიტუცია მოირგეს საკუთარ თავზე და შექმნეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში იქნება კრიზისების საფუძველი და ავტორიტარიზმის წინაპირობა. მათ, ამავე დროს, უნდოდათ პოლიტიკურ პარტიებში განხეთქილების შეტანა და კონსტიტუციასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიდგომის ჩამოყალიბება.

- ეს ვერ შეძლეს?

- რასაც ელოდნენ, ის არ მოხდა. ამ საკითხში ყველა ერთსულოვანია, როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე არასამთავრობო სექტორი და ისე, როგორც ვენეციის კომისია, რომელმაც თავის დასკვნაში პირდაპირ მიუთითა, რომ ეს კონსტიტუცია იყო ცუდი და ორ კვირაში უწევთ მისი გადაკეთება.

- მაშინ რა მოსწონს უმრავლესობას ვენეციის კომისიის შეფასებებში?

- ვენეციის კომისიას ესენი დაჰპირდნენ, რომ შეიტანდნენ იმ ცვლილების ზოგიერთ ნაწილს, რომელსაც ვენეციის კომისია ითხოვდა.

- და რა არის ეს ცვლილებები?

- აუქმებენ ბონუსებს და ტოვებენ ისე, როგორც დღევანდელ კონსტიტუციაშია. ბლოკების შექმნის უფლებასაც უტოვებენ პარტიებს. ამიტომ ვენეციის კომისიის ზოგიერთი დადებითი სიტყვა გაცემული იყო ავანსად.

- დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად შეცვლიან?

- ეტყობა, ხატზე დაიფიცეს, როგორც ყურანზე აფიცებენ ზოგიერთ რაიონებში, „ქართულ ოცნებას“ მიეცით ხმაო, ასევე ატერორებენ და აფიცებენ საბავშვო ბაღისა და სკოლის მასწავლებლებს, აიძულებენ, სპეციალური ნიშნებით შემოხაზონ “ქართული ოცნების“ კანდიდატები. მეორე მხრივ, ეფიცებიან ვენეციის კომისიას, რომ ამ ცვლილებებს აუცილებლად შეიტანენ. თუმცა არავინ იცის, შეიტანენ თუ არა.

- ანუ შესაძლოა მოატყუონ ვენეციის კომისია და არ შევიდეს ეს ცვლილებები?

- მათგან გასაკვირი არაფერია. ასევე რელიგიური თავისუფლების შესახებ ცვლილებაც დაიწუნა ვენეციის კომისიამ, თუმცა ენდო მათ სიტყვას, რომ დანაპირებს შეასრულებენ და ამ ცვლილებებს განახორციელებენ. თუმცა მთავარი მაინც რაც არის, ეს არის საარჩევნო სისტემა. ის, რომ დღევანდელი კონსტიტუცია მნიშვნელოვნად უარესდება. ვერც პრეზიდენტს ვირჩევთ პირდაპირ, მათ არ უნდათ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დღეს არ ემორჩილება ივანიშვილს, არის პრეზიდენტის ინსტიტუტი.

- ამიტომ ცვლიან კონსტიტუციაში ამ მუხლს?

- დიახ და პრეზიდენტს აირჩევენ ვიღაც ხმოსნები, ისევ ყურმოჭრილი მონები და საქართველოს პრეზიდენტად დაგვისვამენ რომელიღაც გლეხს. ასევე პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან არ გადავდივართ და ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ 7 წელი საქართველოს პოლიტიკისთვის, ასეთ მღელვარე სიტუაციაში მყოფი ქვეყნისთვის, ძალიან დიდი დროა. 7 წელიწადში ამ მთავრობის ზოგიერთი ჩინოვნიკი შესაძლოა შვიდჯერ აღმოჩნდეს ციხეში. ძალიან საინტერესოა, რომელი კონსტიტუცია ჯობია ამჟამინდელი თუ ახალი, რომელიც ამ ხელისუფლებამ გამოაცხო?!

- საით მიანიშნებთ, რომ ნაციონალების მიღებული კონსტიტუცია ჯობია ოცნების კონსტიტუციას?

- ამ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს პირდაპირ ირჩევს ხალხი, იმ კონსტიტუციით არ აირჩევს. დღეს ბლოკების შექმნა ნებადართულია, ახალ კონსტიტუციაში ნებადართული არ არის, დღეს სამართლიანად ხდება გადანაწილება გაუნაწილებელი მანდატებისა, გადალახული პარტიების ხმების პროპორციულად, ახალ კონსტიტუციაში ეს არ არის! სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, „ოცნება“ მხარს უჭერდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. დღეს ეს კონსტიტუციაში ასახული არ არის.

- რისი თქმა გინდათ, რომ ძველი კონსტიტუცია სჯობია ახალს?

- დღევანდელთან შედარებით ყველაფერი გაუარესებულია და როგორ შეიძლება, ამ კონსტიტუციას ჩვენ ვუწოდოთ კარგი?! ბუნებრივია, ვენეციის კომისია რაღაც რევერანსებს ყოველთვის ამბობს, მაგრამ მათ ქვეტექსტებში იკითხება, რომ საქართველოს მმართველმა ხელისუფლებამ მიიღო დოკუმენტი, რომელიც მორგებულია მხოლოდ და მხოლოდ მის პოლიტიკურ ინტერესებს. რაც ნიშნავს იმას, რომ წაართვა ხალხს არჩევანის უფლება! აი, ეს არის ამ ყველაფერში მთავარი!

- თქვენ საუბრისას ყურანზე დაფიცება ახსენეთ. რამდენად კანონიერად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და რამდენად ხშირია მსგავსი დარღვევები?

- პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან დიდ და სერიოზულ დარღვევებთან გვაქვს საქმე. „ოცნება“ ამას არ იმჩნევს, ვითომ არაფერი ხდება. უზარმაზარი შავი ფული ტრიალებს დღეს „ქართულ ოცნებაში“. ასევე სერიოზული ზეწოლებია სხვადასხვა მიმართულებით. ეს წინასაარჩევნო კამპანია ნამდვილად ვერ ჩაითვლება სამართლიანად.

- ბატონო რომან, პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. როგორ აფასებთ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს?

- ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალი 2 მილიარდით იზრდება. ქვეყანა ვალებში იძირება. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2017 წელთან შედარებით 950 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა პენსიებისა და მასწავლებლების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის. ფული უამრავ არაეფექტიან ხარჯზეა დაქსაქსული და რეალურად უზარმაზარი ზრდა არ აისახება ქვეყანაში სიღარიბის შემცირებაზე. სამწუხაროდ, მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის. ეს ბიუჯეტი და ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.

ახალი თაობა“, 10 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „თალეკო ელისაშვილი მეორე ადგილზე გავა, კახა კალაძეს პრობლემები შეექმნება // „უფრო მეტ ამომრჩეველს რცხვენია თქვას, რომ ხმას ქართულ ოცნებას აძლევს, ვიდრე სხვა პარტიას“ // „დებატებს აზრი მაშინ აქვს, თუ მას სოციოლოგიური კვლევა მოჰყვება

პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თბილისის მერის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეიტინგებზე საუბრობს.

- ბატონო რამაზ, წინასაარჩევნო რეიტინგებზე მინდა გკითხოთ: აქამდე არსებული შედეგებით, სახელისუფლებო კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს, თუმცა, რამდენად შეძლებს ის პირველივე ტურში მოგებას, ამ კვლევებზე დაყრდნობით რამდენად არის მეორე ტურის ალბათობა?

- სოციოლოგიური რეიტინგები თავის პიკანტურობას ყოველთვის სძენს ნებისმიერ არჩევნებს. რასაკვირველია, არც 21 ოქტომბრის არჩევნებია გამონაკლისი. ადრე რეიტინგებით „ენდიაი“ და „აირაი“ გვანებივრებდნენ. ბოლო დროს გამოქვეყნებული რეიტინგებიდან ერთი რამ არის თვალშისაცემი – გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტულმა მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიწია, დაახლოებით 20%-ია, რაც „ენდიაი“-სა და „აირაის“ მონაცემებით ყოველთვის მაღალი იყო და დაახლოებით 60%-ს შეადგენდა. ეს თავისთავად უკვე პოზიტიური ცვლილებაა. ეს 20% ბოლო წუთში ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ეს მაჩვენებელიც გარკვეულ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე.

- რომელიმე ერთი პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს ეს 20% არჩევანს?

- არა, გადანაწილდება. არ ვამბობ, რომ ეს ხმები პირდაპირ სახელისუფლებო კანდიდატს მიუვა. კიდევ ერთი, რაც გამოკვეთა ამ ბოლო კვლევებმა, იყო ის, რომ სახელისუფლებო კანდიდატს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ოპოზიციონერი კანდიდატები. ესეც ახდენს ბოლო წუთს გავლენას არჩევნების შედეგებზე.

- როგორ?

- ამომრჩეველს ენანება ხმის დაკარგვა და გამსვლელ კანდიდატს აძლევს ხმას, ღრმა პოლიტიკურ წიაღსვლებს არ აკეთებს, რა ჯობია დემოკრატიისთვის და ა.შ.

- მიუხედავად ამისა, კახა კალაძე შეძლებს პირველივე ტურში გამარჯვებას?

- მე მაინც მგონია, რომ კახა კალაძე გადალახავს 50%-იან ბარიერს და მეორე ტურამდე არ გადაიყვანს საქმეს. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა, მით უფრო – საარჩევნო პროგნოზის.

- გამოქვეყნებული მონაცემებით, ალეკო ელისაშვილი მეორე ადგილზეა...

- თუ ალეკო ელისაშვილი მეორე ადგილზე გავა, მაშინ კახა კალაძეს პრობლემა ექმნება, რადგან ალეკო ელისაშვილი ბევრ სხვადასხვა ხმას აიღებს. მისი ამომრჩეველი არ არის სტრუქტურირებული ამომრჩეველი, მემარცხენე თუ მემარჯვენე.

- ალეკო ელისაშვილის ამომრჩეველი ალბათ უფრო ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც განაწყენებული ამომრჩეველია...

- სწორად აღნიშნეთ, ასეა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ალეკო ელისაშვილს საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმების მობილიზება შეუძლია. ამიტომ ვამბობ, რომ ეს შეუქმნის დისკომფორტს კალაძეს. რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს, მას აქვს პარტიული ხმები და მხოლოდ ამ ხმებს აიღებს, რადგან ის არის პარტიული კანდიდატი. თუ მეორე ადგილზე ზაალ უდუმაშვილი წამოიწევს არჩევნებზე და მეორე ტური გაიმართება კალაძესა და უდუმაშვილს შორის, მაშინ კალაძე უდუმაშვილს ადვილად დაამარცხებს. მოხდება ის, რაც მოხდა, მაგალითად, წინა არჩევნებზე ნარმანიას დროს.

დინამიკა, რომელიც ვითარდება, ადვილი პროგნოზირების შესაძლებლობას არ იძლევა, მით უფრო, როდესაც წინ გვაქვს გამოცდილება, როდესაც ამომრჩეველი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს საარჩევნო ურნასთან. სულ სხვა კანდიდატს ასახელებს სოციოლოგიურ კვლევებში და სულ სხვას აძლევს ხმას.

- რატომ, როგორ ფიქრობთ?

- მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა არ იყო პოპულარული პარტია, ადამიანები მას აძლევდნენ ხმას, მაგრამ ამას არ ამბობდნენ. შეიძლება დღესაც იგივე სურათი გვქონდეს. მაგალითად, „ქართულ ოცნებაზე“ დღეს ვერ ვიტყვით, რომ პოპულარული პარტიაა. უფრო მეტ ამომრჩეველს რცხვენია თქვას, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს, ვიდრე სხვა პარტიას.

- თბილისში მერის არჩევნები უფრო პიროვნებაზე, კანდიდატზე ორიენტირებული არჩევნები არ არის?

- სავსებით გეთანხმებით, მაგრამ პარტიაც ახდენს თავის გავლენას. ისე, რასაკვირველია, კანდიდატი, პიროვნება ძალიან მნიშვნელოვანია.

- ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა თბილისში მეორე ადგილია?

- ამ არჩევნებს ორი ინტრიგა აქვს: ერთი, დაიძლევა თუ არა 50%-იანი ბარიერი, დაინიშნება თუ არა მეორე ტური და მეორე, ვინ გავა მეორე ადგილზე, ელისაშვილი თუ უდუმაშვილი.

- ნაციონალური მოძრობის გაყოფის შემდეგ ეს მათთვის პირველი არჩევნები იქნება. აქამდე ისინი მეორე ადგილს იკავებდნენ. კვლავ შეინარჩუნებენ მეორე ძალის სტატუსს?

- ჯერჯერობით, რეიტინგებზე დაყრდნობით, მეორე პოზიციას ინარჩუნებენ. თუმცა, ეს არჩევნები მათთვის სერიოზული გამოცდა იქნება, სწორედ იქიდან გამომდინარე, რა მიზეზიც თქვენ დაასახელეთ. ისინი, უბრალოდ, გაიყვნენ. „ევროპულმა საქართველომ“ ჯერ თავისი ამომრჩეველი ვერ იპოვა, ძველი ამომრჩეველი კი დაკარგა. უფრო კორექტული რომ ვიყო – დიდი ნაწილი. ერთი სიტყვით, ეს გაყოფა მაინც გამოიწვევს ხმების გაყოფასაც, რაც აისახება იმაზე, იქნება თუ არა ნაციონალური მოძრაობა მეორე ძალა. ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველი არ ემატება, თუ არ აკლდება.

- ირმა ინაშვილის კანდიდატურა რამე კორექტივს შეიტანს ამ არჩევნებში? თავის დროზე სრულიად მოულოდნელი იყო ალიანსის პარლამენტში შესვლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ გადალახეს 5%-იანი ბარიერი...

- ირმა ინაშვილის პარტია მაშინაც ახლოს ტრიალებდა მაგ ზღურბლთან. მაშინდელი სოციოლოგიური კვლევებით, ხან უახლოვდებოდა და ხან შორდებოდა, ბოლოსკენ გაირკვა, რომ გადალახა. რაც შეეხება ამ არჩევნებს, დღემდე გამოქვეყნებული რეიტინგებით ინაშვილი ქვევით არის და ამიტომ არ მგონია, რომ ამ მცირე დროის განმავლობაში ირმა ინაშვილმა დიდი ნახტომის გაკეთება შეძლოს. ეს არჩევნები ირმა ინაშვილისთვის უფრო ვარჯიში იქნება, ვიდრე რეალური შედეგის მომტანი.

- ტრადიციულად, მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა ადგილობრივი არჩევნები. არც 21 ოქტომბრის არჩევნები იქნება გამონაკლისი?

- დიახ, ტრადიციულად, დაბალია ხოლმე აქტივობა ამ არჩევნებზე, მაგრამ ახლა ამან მეტისმეტად აზარტული სახე მიიღო. ცხადია, პოლიტიკურ აზარტს ვგულისხმობ, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ მაღალი იყოს, თანაც ამას დაემატება ნეიტრალური ამომრჩევლის გამოსვლა და არჩევნებში მონაწილეობა.

- წინასაარჩევნო დებატების კულტურა, რაც ლამის გადამწყვეტია, მაგალითად, აშშ-ში, ძალიან რთულად მკვიდრდება ჩვენთან. რამდენად შეუძლია კანდიდატებს შორის დებატებს გავლენის მოხდენა ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, თუ ამ კულტურისგან შორს ვართ?

_ ამერიკაშიც გვიან გაჩნდა კანდიდატებს შორის დებატების კულტურა. როდესაც პოლიტიკურმა ელიტამ აღმოაჩინა, რომ მოსახლეობა ყურს არ უგდებს პოლიტიკურ პროგრამებს და უფრო ზედაპირულ ფაქტორებზე იძლევა რეაქციას, მაშინ შემოიტანეს დებატები. დებატებში იკვეთება პოლიტიკური პოზიცია, რა პროგრამით მოდის ესა თუ ის კანდიდატი. დებატებს მართლაც დიდი როლი აქვს ამერიკაში. ჩვენთან ასეთი დატვირთვა, რა თქმა უნდა, არ აქვს.

დებატები კარგია, რასაკვირველია, უნდა დამკვიდრდეს, მაგრამ მას აუცილებლად უნდა დაემატოს სოციოლოგიაც. ამის გარეშე, უბრალოდ, აზრი არ ექნება. ამერიკაში მთავრდება თუ არა გადაცემა, მაშინვე სოციოლოგიური კვლევის შედეგები იდება. ამერიკელმა ამომრჩეველმა მეორე დილას იცის, რომელ კანდიდატს რა მისცა ამ დებატებმა. სოციოლოგია იქნება სწორედ ის მექანიზმი, რომელიც პოლიტიკოსებს დაანახვებს, რა არის მომგებიანი და რა – არა. ხშირად ჟესტიკულაციაც, ჰალსტუხისა თუ პერანგის ფერიც კი არის გადამწყვეტი. ასეთ დონეზეა ამერიკაში კანდიდატებს შორის დებატების კულტურა.

ვერსია“, 09-11 ოქტომბერი, 2017 წელი

გამოცხადებული არეულობის ქრონიკა

რის მიღწევას ცდილობს და რატომ აცხადებს ოპოზიცია არჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად

ნინო დოლიძე

ყველას ან თითქმის ყველას, ვინც ბოლო წლების ქართულ პოლიტიკას თვალს ადევნებს და აკვირდება, ალბათ, ერთგვარი „დეჟა ვუს“ განცდა აქვს. ყოველ შემთხვევაში, იმის მიხვედრას, რომ ვიღაცები 2003 წლის სცენარის გათამაშებას ცდილობენ, დიდი მარჩიელობა არ სჭირდება ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, როგორც მაშინ, ახლაც იქმნება ფონი, რომ არჩევნები უეჭველი გაყალბდება, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვა.
ცალკეულ უბნებზე შესაძლოა, გაყალბება მართლაც დაფიქსირდეს – ზოგადად, ასეთი ექსცესებისგან დაზღვეული პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი არა, თვით მაღალი დემოკრატიის ქვეყნებშიც არ არიან, მაგრამ წინასწარ იმის მტკიცება, კენჭისყრის შედეგები, გინდა თუ არა, რეალობის ამსახველი არ იქნებაო, პოლიტიკური ანალიტიკოსების ნაწილში გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ არასახელისუფლებო ძალები რაღაცისთვის ემზადებიან.

ისე, თავად ოპოზიციაც არ უარყოფს, რომ 21 ოქტომბრის შემდეგ შესაძლოა, ქუჩაში გავიდეს და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყოს. ძნელი სათქმელია, აქციები მასშტაბური იქნება თუ არა, მაგრამ პოლიტიკურ ტექნოლოგებში ცნობილი მეთოდია – რაღაცაზე, სანამ ეს რაღაც მოხდება, საზოგადოებრივი აზრი მიზანმიმართულად უნდა შეიქმნას. კომუნისტები ამას პროპაგანდას ეძახდნენ, დემოკრატიულ ქვეყნებში კი მსგავს მანიპულაციას მასების მართვას უწოდებენ.
ერთი სიტყვით, შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ოპოზიცია – საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო, რომელსაც ცასა და დედამიწასავით განსხვავებული პლატფორმა აქვს, ერთგვარი შეთქმულებისთვის ემზადება.

ამასთან, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ჯერარჩატარებული არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება პოლიტიკური შანტაჟის ხერხია და მეტი არაფერი.

ზოგადად, პოლიტიკაში შანტაჟი აპრობირებულია, პოლიტიკური ოპონენტები თუ პარტნიორები ერთმანეთს ხშირად აშანტაჟებენ და საამისოდ, როგორც წესი, კომპრომატებს იყენებენ.

საუბარს ამ კუთხით თუ გავაგრძელებთ, საქართველოში ყველაზე გაყიდვადი პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებია – ამა თუ იმ პოლიტიკოსზე შესაძლოა, მოწინააღმდეგე გუნდს ფარული კადრები ჰქონდეს. ვინაიდან და რადგანაც საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, საბჭოეთში კი, მოგეხსენებათ, სექსი არ არსებობდა და ის ვითომ დამოუკიდებლობის აღმართზე შემდგარ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაშიც დიდ ცოდვად ითვლება.

ამიტომაც, პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურ ტიპებს ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, ემანდ, ვინმემ „ლოგინის ამბები“ არ ამოუქექოს. ჰოდა, როცა კონკრეტული პიროვნების მართვა სჭირდებათ, კონკურენტები თუ სპეცსამსახურები სწორედ „ლოგინის თემას“ იშველიებენ ხოლმე, თუმცა ეს შანტაჟის მაინც ლოკალური ფორმაა.

აი, ის კი, რისი მომსწრენიც ახლა ვართ, შეგვიძლია, ფართომასშტაბიან შანტაჟად მივიჩნიოთ ანუ მთელი თუ არა, ნახევარი ოპოზიცია კუნთებს ათამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებისადმი არაკეთილად განწყობილთა ნაწილი უკვე ქუჩაშია გასული და შიმშილობს, მეორე ნაწილი კი იგივეს გაკეთებას 21-ის მერე აპირებს.

პროტესტის თუნდაც უკიდურესი ფორმის, ესე იგი, შიმშილობის უფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ამ ლოგიკით, ქუჩაში გასვლას ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ დღევანდელი ქართული პროტესტის კვალი, შესაძლოა, შანტაჟამდე მიდიოდეს ანუ ცალკეული ოპოზიციონერები მმართველ გუნდს აშანტაჟებენ, თუ არჩევნებში ხუთპროცენტიან ბარიერს ვერ გადავლახავ, მაშინ ქვას ქვაზე არ დავტოვებ და რევოლუციასაც მოვაწყობო.

სხვა საკითხია, ხელისუფლება ამ შანტაჟს წამოეგება თუ არა, მაგრამ ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო, თან ერთი წლის მერე საქართველოში ისევ არჩევნებია – პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ, რასაც საპარლამენტო არჩევნებიც მოჰყვება. ჰოდა, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ხელისუფლებას არეულობა არ უნდა აწყობდეს, თან ამ არეულობას, უფრო სწორად, არეულობის მუქარას უფრო საგარეო მოხმარების სუნი ასდის.
კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ იგივე საერთაშორისო არენაზე შეიქმნება განცდა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს, ამით პრობლემები მმართველ ძალას კი არა, ქვეყანას შეექმნება – მაგალითად, შეწყდება საგარეო გრანტები, ტრანშები და შესაძლოა, საქმე იქამდეც კი მივიდეს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგეს.

ხელისუფლება, რომელსაც საგარეო მხარდაჭერა არ აქვს, მინიმუმ, წელში გამართული ვერ იქნება და ამას, სხვა თუ არაფერი, 90-იანი წლების დასაწყისიც მოწმობს. ყოველ შემთხვევაში, დღემდე აქტუალურია მოსაზრება, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ კრახი იმიტომ განიცადა, რომ მას ზურგი დასავლეთმა აქციაო.

დასავლეთმა ეროვნულ მთავრობაზე გული რომ აიცრუა, ამას აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის სიტყვებიც მოწმობს, რომლის თანახმადაც, ზვიად გამსახურდია, როგორც ქვეყნის მმართველი, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა.

ახლა არც 90-იანი წლებია და არც _ 2000-იანი, შესაბამისად, სისხლიანი თუ უსისხლო რევოლუციის ალბათობა არცთუ დიდია, მაგრამ შანტაჟი მაინც საუკეთესო საშუალებაა, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ ამბიცია დაიკმაყოფილოს და თბილისის თუ არა, საქართველოს რომელიმე დიდი ქალაქის საკრებულოში საკუთარი წარმომადგენლობა შექმნას.

ისე, ამბობენ, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო. ამ აქსიომიდან გამომდინარე, 2003 წლის ქრონიკის განმეორებას არც ჩვენი პოლიტელიტა უნდა ცდილობდეს, მაგრამ რას იზამთ – სამთავრობო სკამი ადამიანებს ანდამატივით იზიდავს, თან ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობა დაუსაქმებელია. ჰოდა, ზოგმა მარტივ გამოსავალს მიაგნო – პოლიტიკოსობას იბრალებს – პოლიტიკა სამუშაოდ გაიხადა და ფიქრობს, ხელისუფლებაში თუ ვერ მოვალ, შანტაჟით ფულს მაინც ვიშოვიო.

ყველაფერი ეს პოლიტიკური თამაშები კი არა, წმინდა პოლიტიკური თაღლითობაა, რომელიც წესით, დასჯადი უნდა იყოს, მაგრამ რომელ პოლიტიკურ კრიმინალის დასჯაზეა ლაპარაკი, როცა ნამდვილი თაღლითებიც თავს მშვენივრად გრძნობენ!

რაც შეეხება გამოცხადებული არეულობის ქრონიკას და 2003 წელთან პარალელს, მაშინაც, დღევანდელის მსგავსად, ნაციონალები აცხადებდნენ, არჩევნები გაყალბდებაო _ 2003 წლის 2 ნოემბრის მერე, როცა ცხონებული ზურაბ ჟვანია მაშინდელ მოქკავშირს დაემუქრა, თუ გინდა რევოლუცია, მიიღებ და ქუჩაში მილიონ გაბრაზებულ ადამიანს გამოვიყვანთო, მოსახლეობა არეულობისთვის მზად იყო. ჰოდა, როგორც ჩანს, ვიღაცები ახლაც მსგავსი ფონის შექმნას ცდილობენ, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, უკვე სხვა დროა. კი ბატონო, აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში არცთუ შორეულ წარსულში ხელისუფლება რევოლუციით შეიცვალა, მაგრამ საქართველოში არაარჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა მაინც ფანტასტიკის სფეროა, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხალხს მშვიდი ცხოვრება მოენატრა და ქუჩაში სირბილისთვისაც არ სცხელა!

ვერსია“, 09-11 ოქტომბერი, 2017 წელი

რაში ფლანგავს აფხაზეთის დევნილი მთავრობა საბიუჯეტო თანხას

აუდიტის სკანდალური დასკვნა - უშტატო თანამშრომლებზე გაცემული ფული, საბუღალტრო შეცდომები და დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებში

მაია მიშელაძე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე სახელმწიფო უწყების აუდიტი ჩაატარა. სახელმწიფო აუდიტორებმა 2016 წლის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობა დევნილთა საქმეების, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპარტამენტებში შეისწავლეს და უამრავი ფინანსური ხარვეზი გამოავლინეს. შტატგარეშე თანამშრომელთა ხარჯზე, კანონდარღვევით გაბერილი შტატები და უმიზნოდ გახარჯული საბიუჯეტო სახსრები, დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებსა და უხეში შეცდომები საბუღალტრო აღრიცხვებში _ ეს იმ ფინანსური დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა აღმოაჩინეს.

აუდიტით გაირკვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, შტატით მომუშავეთა ფაქტობრივი რაოდენობა 46 ერთეული იყო. 2016 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი ამ დეპარტამენტში 16 შტატგარეშე მომუშავე დაასაქმეს და მათთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 85 085 ლარის ხელფასი გასცეს. აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციით, შტატგარეშე მომუშავეებს გრძელვადიან პერიოდში, დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად ასაქმებდნენ, თუმცა დეპარტამენტს დამატებითი საშტატო ერთეულის გამოყოფის მოთხოვნით, ზემდგომი ორგანოსთვის არ მიუმართავს.

,,მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით, ან შრომითი ხელშეკრულებით, მხოლოდ გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. მოპოვებული მტკიცებულებებით, შტატგარეშე მომუშავეებს არა დროებით, არამედ ხანგრძლივი პერიოდით, მუდმივი ხასიათის სამუშაოების შესასრულებლად ასაქმებდნენ. აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, შტატგარეშე მომუშავეთა დასაქირავებლად გახარჯულ სახსრებს ეკონომიური, ეფექტური და პროდუქტიული მართვის მაგალითად ვერ მივიჩნევთ”, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

ანალოგიური დარღვევა გამოვლინდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტშიც, სადაც შტატით მომუშავეთა რაოდენობა 23 ერთეული იყო, მაგრამ 2016 წლის მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ დეპარტამენტში 12 შტატგარეშე თანამშრომელი იყო დასაქმებული. მათზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51 218 ლარის ხელფასი გასცეს. სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციით, შტატგარეშე მომუშავეთა დასაქმება განპირობებული იყო სხვა, დამატებითი ფუნქციების შესასრულებლად. იუსტიციის დეპარტამენტმა ზემდგომ უწყებას ანუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საშტატო რაოდენობის 3 ერთეულით გაზრდის თხოვნით მიმართა. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ საპასუხო წერილით, ზემდგომმა უწყებამ საშტატო რიცხოვნობის ზრდა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
აუდიტით ასევე გაირკვა, რომ იუსტიციის დეპარტამენტში 8 შტატგარეშე პირი 2016 წლის მთელი პერიოდის განმავლობაში (12 თვე) აიყვანეს და მათთვის 34 767 ლარის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 400-600 ლარი გასცეს. ამასთან, ოთხი მათგანი მთელი პერიოდის განმავლობაში ასრულებდა თავდაპირველად დაკისრებულ მოვალეობებს, დანარჩენ ოთხს კი გარკვეული პერიოდულობით, ფუნქციებს უცვლიდნენ.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით, ,,შრომის ანაზღაურების” მუხლით, 2016 წელს გაწეული ხარჯი თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის, 2015 წლის საკასო ხარჯზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაციის ფუნქციები და კომპეტენცია არსებითად არ გაზრდილა, 2016 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა შტატით მომუშავეთა შრომის ანაზღაურება 4%-ით გაზარდა.

აუდიტის პერიოდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში, გამარტივებული შესყიდვით, 10 731 ლარის ღირებულების სარემონტო მასალები და 6 433 ლარის ღირებულების მომსახურება შეიძინეს. იმის გამო, რომ თითოეული, CPV კოდით შესყიდული ობიექტის ჯამური თანხა დადგენილ მონეტარულ ზღვარს არ სცდებოდა და საჭიროებიდან გამომდინარე, ოფისის სარემონტო სამუშაოები მუდმივად იცვლებოდა, დეპარტამენტმა ტენდერის გამოცხადების ნაცვლად, გამარტივებული შესყიდვები გამოიყენა. სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ბაზარს უშუალო დათვალიერებისა და ზეპირი გამოკითხვის გზით იკვლევდნენ, რაც ოფიციალურად (დოკუმენტურად) ვერ დასტურდება:

„ამ დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სათანადო და საკმარისი ღონისძიებების განხორციელებას ვერ ასახავს. ეს გულისხმობს შესყიდვების წლიური გეგმისა და შესყიდვის ობიექტების სპეციფიკაციების პროექტის პირველადი საჭიროებების მკაფიოდ განსაზღვრას ანუ საჭიროებების დაკმაყოფილების ალტერნატივების განხილვას და ყველაზე მისაღების შერჩევას; ბაზრის სრულყოფილი კვლევის მიზნით, შესყიდვის ობიექტების მიმართ წაყენებული მოთხოვნების მოკლე აღწერასა და სავარაუდო პრეტენდენტებისათვის შესაბამისი წერილების გაგზავნას (ოფიციალური კორესპონდენცია). ეს ყველაფერი მოქმედი კანონმდებლობისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს დაგეგმვის ეტაპზე. ამდენად, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვაში არსებულ პრობლემებზე, ასევე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს, რაც ფაქტობრივად არ იძლევა შესყიდვების უფრო გამჭვირვალედ და რაციონალურად განხორციელების შესაძლებლობას“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში, სახელმწიფო შესყიდვების 22 შემთხვევაში, შესრულება-შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაფორმებულა. ერთიანი ელექტრონული სისტემის ჩMღ მოდულში, 70 შესრულება-შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ატვირთულა, ვადის დარღვევით კი 6 ხელშეკრულება, 5 შესრულება-შეუსრულებლობის დამადასტურებელი და გადახდის დამადასტურებელი 14 დოკუმენტი იყო ატვირთული; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, 2016 წელს შეძენილი 375 ლარის ღირებულების არამატერიალური აქტივი (ვებგვერდი), რომელიც საკუთარი შინაარსიდან გამომდინარე, მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივია, შეცდომით აღიარეს ძირითად აქტივად და ცვეთაც დაარიცხეს; 2016 წელს შესყიდული 2 234 ლარის ღირებულების ,,გრძლვადიანი მცირეფასიანი აქტივების” შეძენისა და ხარჯებში ჩამოწერის ოპერაციები კი ბალანსის დანართ ფორმა #5-ში არ ასახულა; ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში საწყის ნაშთად არ დაფიქსირებულა 2015 წლის 31 დეკემბერს, შპს „რომპეტროლ საქართველოსგან” მიღებული 1 146 ლარის ღირებულების საწვავის (780 ლიტრი) ტალონები; პრაქტიკულად გახარჯული 720 ლარის ღირებულების (490 ლიტრი) ტალონების საფასური 2016 წლის 8 თებერვალს გადაიხადეს, დარჩენილი 426 ლარის ღირებულების (290 ლიტრი) საწვავის ტალონები კი, შესაბამისი გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების გარეშე, შპს „რომპეტროლ საქართველოს” დაუბრუნეს. ტალონების შეძენისა და ხარჯვის ოპერაციები 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-სა და ბალანსის დანართ ფორმა #5-ში არ ასახულა. აქედან გამომდინარე, 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, არაფინანსური აქტივების აღრიცხვისა და ხარჯვის კუთხით წარმოდგენილი ინფორმაცია, რეალურ მდგომარეობას უტყუარად (სწორად), სრულად და საიმედოდ ვერ ასახავდა.

იგივე სახის დარღვევები აღმოჩნდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტშიც, სადაც ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, საწყის ნაშთად არ დაფიქსირებულა 2015 წლის 31 დეკემბერს, შპს „რომპეტროლ საქართველოსგან” მიღებული 565 ლარის ღირებულების საწვავის (385 ლიტრი) ტალონები:
,,ტალონების შეძენისა და ხარჯვის ოპერაციები 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-სა და ბალანსის დანართ ფორმა #5-ში არ ასახულა; ბალანსის დანართ ფორმა #3-ში, ანგარიშზე ,,7 300 _ ძირითადი კაპიტალის მოხმარება”, ცვეთის თანხა _ 15 132 ლარი არ იყო დაფიქსირებული; ,,საქონელი და მომსახურების მუხლიდან” შეძენილი 798 ლარის ღირებულების მატერიალური მარაგების, მათ შორის, 565 ლარის ღირებულების 385 ლიტრი საწვავის ტალონი და 6 575 ლარის ღირებულების მცირეფასიანი აქტივების მიღება-გასვლა, ბალანსის დანართ ფორმა #5-ში არ აუსახავთ; 668 ლარის ღირებულების დანაკლისები ანუ 2011 წელს მოპარული ლეპტოპები (?!), ბალანსის დანართ ფორმა #7-ში არ აუსახავთ. შესაბამისად, 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, არაფინანსური აქტივებისა და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვის კუთხით წარმოდგენილი ინფორმაცია, რეალურ მდგომარეობას უტყუარად (სწორად), სრულად და საიმედოდ ვერ ასახავდა!“.

სახელმწიფო აუდიტორებმა თითქმის იგივე დარღვევები გამოავლინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტშიც ანუ ამ დეპარტამენტებშიც 2016 წელს 375 ლარის ღირებულების არამატერიალური აქტივია (ვებგვერდი) შეძენილი, რომელიც საკუთარი შინაარსიდან გამომდინარე, მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივია, მაგრამ თურმე, შეცდომით ძირითად აქტივად აღიარეს და ცვეთაც დაარიცხეს; ,,საქონელი და მომსახურების მუხლიდან” შეძენილი 1 997 ლარის ღირებულების მატერიალური მარაგების, მათ შორის, 882 ლარის ღირებულების 600 ლიტრი საწვავის ტალონის მიღება-გასვლა ასახული არ იყო ბალანსის დანართ ფორმა #5-ში; ,,საქონელი და მომსახურების მუხლიდან” შეძენილი 798 ლარის ღირებულების მატერიალური მარაგების, მათ შორის, 565 ლარის ღირებულების 385 ლიტრი საწვავის ტალონი და 6 575 ლარის ღირებულების მცირეფასიანი აქტივების მიღება-გასვლა ბალანსის დანართ ფორმა #5-ში არ აუსახავთ; 12 773 ლარის ღირებულების დანაკლისები, რაც ზემო აფხაზეთში დარჩენილ ქონებას წარმოადგენს, ბალანსის ფორმა #7-ში არ აუსახავთ. შესაბამისად, 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, არაფინანსური აქტივებისა და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვის კუთხით წარმოდგენილი ინფორმაცია, რეალურ მდგომარეობას უტყუარად (სწორად), სრულად და საიმედოდ ვერ ასახავდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა, სსიპ ,,გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს” კვარტლური და წლიური ბალანსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ დაამტკიცა.

ასავალ-დასავალი“, 09-16 ოქტომბერი, 2017 წელი

http://kvira.ge/355786

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე მდიდარია!“

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივანიშვილს კომპენსაციის სახით ხალხისათვის თავისი ქონების დარიგება მოუწევს. „სააკაშვილი ივანიშვილის ექსპროპრიაციით ემუქრება?“ – აღნიშნული კითხვით „ასავალ-დასავალმა“ ყოფილ პოლიტდევნილს, მეცნიერებათა დოქტორს და „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიგლა ბარამიძეს მიმართა:

„მე ივანიშვილის ვექილად ვერ გამოვდგები, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ სააკაშვილისა და მისი ბანდას, სხვის ფულზე და კორუფციაზე ლაპარაკის უფლება არა აქვთ. ივანიშვილი ბიზნესმენია და ეს უდღეური სააკაშვილი, რომელიც მთელი ცხოვრება „კეტებით“ დადიოდა, საიდან გახდა მილიარდელი?!

თქვენ ამას სრულიად სერიოზულად აცხადებთ?

- მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილზე მდიდარია! იგი 9 წელი ძარცვავდა საქართველოს, 4 მილიარდი დოლარი დახმარების სახით მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ შემოუვიდა ქვეყანაში და აქედან ნახევარზე მეტი ჯიბეში ჩაიდო. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დანაშაულია, რომ სააკაშვილი და მისი სექტის წევრები, იმის ნაცვლად, რომ ისინი „ციხის ბალანდას“ მიირთმევდნენ, დღეს კიდევ დიდგულზე არიან.

ჩვენ, რიგითი მოკვდავები, გლდანში გასასვლელად ბენზინის ფულს ვითვლით, ეს საერთაშორისო მაწანწალა სააკაშვილი კი მსოფლიოს გარშემო დატლაშუნობს და ფეშენებელურ სასტუმროებში, ბარებში, რესტორნებსა თუ ბორდელებში ასობით ათას დოლარს ხარჯავს. ვინაა ისეთი მიამიტი, ვისაც ჰგონია სააკაშვილს ის კონგრესმენები და სენატორები, ევროპარლამენტარები თუ მსოფლიო მედიის ლიდერები ლამაზი თვალების გამო უჭერენ მხარს? ეს ყველაფერი მიშიკოს მილიონობით დოლარი უჯდება – სწორედ იმ ფულიდან, რომელიც მან ქართველ ხალხს მოჰპარა!” – წერს გამოცემა.

ასავალ-დასავალი“, 09-16 ოქტომბერი, 2017 წელი

http://kvira.ge/355768

მიხეილ სააკაშვილისარღნის ჩიტები“ – სოფო ნიჟარაძე და ნინო ჩხეიძეთბილისობაზედაბლოკეს

„თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე რამდენიმე მომღერლის „დაბლოკვა“ სოციალურ ქსელსა და ტელემედიაში აჟიოტაჟის საგნად იქცა. კერძოდ, საუბარია სააკაშვილის ფავორიტ სოფო ნიჟარაძესა და „ნაცების“ აქტიურ მხარდამჭერ ნინო ჩხეიძეზე, რომლებიც ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ.

გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ „ასავალ -დასავალიდან“:

„სააკაშვილის რეჟიმისადმი განსაკუთრებული ლოიალობითა და გულთბილი დამოკიდებულებით სწორედ სოფო ნიჟარაძე და ნინო ჩხეიძე გამოირჩეოდნენ. თანაც, ამ უკანასკნელს საკუთარი თანამეცხედრე – ვანო მერაბიშვილის ფავორიტი ბიზნესმენი, გიორგი კორახაშვილი უმაგრებდა ზურგს, რომელიც, ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, „ნაცმოძრაობის“ ზონდერჯგუფებსაც უწევდა კოორდინაციას. სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეზე დაწვრილებით საუბარი აღარ ღირს, რადგან ეს თემა უკვე გაცვეთილია, ხოლო თბილისის იერსახეს დღესაც ღრმა ჭრილობად ამჩნევია რიყეზე წამოჭიმული ორი მახინჯი „ტრუბა“ – ე.წ. საკონცერტო დარბაზი, რომლის მშენებლობაც სააკაშვილმა სწორედ სოფიკოსთვის წამოიწყო. ნინო ჩხეიძეს რაც შეეხება, იგი დღემდე „ნაცების“ გულდამწვარი ჭირისუფალია, მისი ქმარი გიორგი კორახაშვილი კი „ფეისბუქში“ ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს. შესაბამისად, იმან, ვინც ნაცმომღერლები – სოფო ნიჟარაძე და ნინო ჩხეიძე „შავ სიაში“ შეიყვანა, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტზე არ ამღერა, ძალიან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ნამდვილად არ არის იმ სუბიექტების ადგილი, რომლებიც ქართველი ხალხის სისხლში გათხვრილ სააკაშვილს ეტრფიან და ოცნებობენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს „ჯიბის ჰიტლერი“, რომელმაც საქართველოში სიკვდილის ესკადრონები ჩამოაყალიბა და ქართველის ბიჭების მწამებელი და გამაუპატიურებელი სისტემა შექმნა. ვინც სააკაშვილს უმღეროდა და დღემდე უმღერის, მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ქართველ ხალხს უმღეროს. სოფო ნიჟარაძემ და ნინო ჩხეიძემ იციან, რომ სააკაშვილი „ჯიბის ჰიტლერია“, მაგრამ დღემდე მას მისტირიან, რადგან სააკაშვილი მათ კარგად ექცეოდა.

ერთი სიტყვით, მიხეილ სააკაშვილის „არღნის ჩიტებს“: სოფო ნიჟარაძესა და ნინო ჩხეიძეს არც უნდა ჰქონოდათ იმის პრეტენზია, რომ ნასააკაშვილარ საქართველოში სცენაზე გამოვიდნენ და ხალხს უმღერონ! დაე, სოფო ნიჟარაძემაც და ნინო ჩხეიძემაც შეიგრძნონ ის, რასაც წლების განმავლობაში გრძნობდნენ და განიცდიდნენ „ნაცრეჟიმის“ მიერ „შავ სიაში“ შეყვანილი ნიჭიერი ქართველი მომღერლები: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ზურა მანჯავიძე, ზურა ხაჩიძე და სხვები! თუ, „ნაცრეჟიმის“ „არღნის ჩიტობა“ ნიჟარაძესა და ჩხეიძეს არ ეპატიებათ, მაშინ არც სხვებს- ანრი ჯოხაძეს, ნინი ბადურაშვილს და სტეფანე მღებრიშვილს უნდა ეპატიოთ, რომლებიც გუშინ „ნაცმოძრაობის“ მხადრამჭერ პარტიულ კონცერტზე მღეროდნენ, დღეს კი ბადრი პატარკაციშვილის დაფუძნებული და „ქართული ოცნების“ სატელიტი „იმედის“ ტელესახეები არიან. დღევანდელ ხელისფლებას ქართველი ხალხის თვალში ფასი მაშინ დაედება, როცა სააკაშვილის ნარჩენებისგან მთლიანად გათავისუფლდება და თავის რიგებში პორტირებულ ნაცებს ისევ ძველ საბუდარში – სააკაშვილის „ნაცში“ შერეკავს. საქართველოს პრობლემა ის არის, რომ დღევანდელი „ქოცები“ გუშინდელ „ნაცებთან“ ხმაშეწყობილად მღერიან, თორემ ნიჟარაძე და ჩხეიძე „თბილისობაზე“ იმღერებენ თუ არა, ეს თბილისსაც და საქართველოსაც სულ ვიოლინოზე ჰკიდია“.

Comments are closed