globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 10th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: რუსები ქართული ინტერნეტის გაკონტროლებას აპირებენ // “ვიმპელკომი” ხელში ჩაიგდებს ყველაზე დიდ მაგისტრალს და ქვეყნის გარედან შემომავალ ზარებსა თუ მიმოწერას გააკონტროლებს”

რეზონანსი: გურჯისტანის ვილაიეთი // ისლამურმა ხალიფატმა საქართველო “მონიშნა”

რეზონანსი: ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან: „ჩემთვის დადასტუ-რებულია, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე ემუქრება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: „ირმა ინაშვილს არჩევნები წააგებინეს… პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან: „არ გვეგონა, რომ ასე მასშტაბურად გააყალბებდნენ არჩევნებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სერგო რატიანთან: „გაზპრომ“-ზე უნდა ვლაპარაკობდეთ და რუსთავი 2-ზე ვლაპარაკობთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „კიევში სააკაშვილის დაპატიმრებაზე ფიქრობენ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ეს ხელისუფლება ნაციონალებზე უკეთესი არაა“

„კვირის ქრონიკა“: დავუშვათ, ა-„გირჩ“-იეთ, მერე ვჭამოთ? ცოტა ხნის წინ „გირჩები“ ბიძინამაც შეგაქოთ, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგესო, დაიჯერეთ?

—————————-

რეზონანსი“, 10 ნოემბერი, 2015 წელი

რუსები ქართული ინტერნეტის გაკონტროლებას აპირებენ

“ვიმპელკომი” ხელში ჩაიგდებს ყველაზე დიდ მაგისტრალს და ქვეყნის გარედან შემომავალ ზარებსა თუ მიმოწერას გააკონტროლებს”

ელზა წიკლაური

ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, სასარგებლო წიაღისეულის, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის შემდეგ, რუსული ფული, შესაძლოა, ქართულ ინტერნეტ სივრცეშიც გამოჩნდეს. საუბარია “ვიმპელკომზე”, რომელსაც “კავკასუს ონლაინის” ყიდვის სურვილი აქვს, თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. “ვიმპელკომის” მიერ “კავკასუსის” შეძენის სურვილს “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ადასტურებს “კავკასუს ონლაინის” დამფუძნებელი მამია სანადირაძე, რუსულ კომპანიაში კი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

რუსული ფული და ქართული კომპანიები

რუსულმა კაპიტალმა ქართულ ბაზარზე ფეხი უკვე კარგად მოიკიდა. ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის ელექტროენერგია, წყალმომარაგება, მადნეული, მინერალური წყლები ინვესტიციების დიდი წილი რუსულ კომპანიებზე მოდის. “ინფორმაციის თავისუფლებისა განვითარების ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, 2015 წლის მდგომარეობით, კომპანია “ინტერ რაო”, რომლის აქციონერები რუსული სახელმწიფო კომპანიები არიან, ფლობენ საქართველოს ენერგოსადისტრობუციო კომპანია “თელასს”, თბოსადგურ “მტკვარი ენერგეტიკას”, “ხრამჰესი-1″-ს, “ხრამჰესი-2″-ს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს “ენერგიასაც”, რომელსაც ეკუთვნის დარიალიჰესი, ლარსიჰესი, შილდაჰესი. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ავანიჰესი, ალგეთი ჰესი, სკურდიდი ჰესი. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ “საქრუსენერგოსაც”, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გადამცემ სისტემას განკარგავს. ამასთან, რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ჟინვალჰესი, აგრეთვე თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია ნავთობკომპანიები “ლუკოილი”, “გალფი”, “ფოთის ნავთობტერმინალი”, ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანია “ერემჯი”, აგრეთვე მინერალური წყლების მწარმოებელი “ბორჯომი”, მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მწარმოებელი სს “ელმავალმშენებელი”, “ვითიბი ბანკი ჯორჯია” და ა.შ.

გარდა ბიზნესისა, რუსული ფული ტრიალებს არასამთავრობო სექტორშიც. როგორც ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ინიციატივის” კვლევაშია აღნიშნული, პრორუსული არასამთავრობოები და მათ დაქვემდებარებული მედიასაშუალებები საქართველოში საკმაოდ მრავლად არიან და აქტიურადაც საქმიანობენ. კვლევაში საუბრია “ევრაზიულ კავშირზე”, “ევრაზიის ინსტიტუტზე”, “ევრაზიულ არჩევანზე” და ა.შ. კვლევაში ასევე შესწავლილია რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ფონდის, გორჩაკოვის ფონდის და რადიო “სპუტნიკის” საქმიანობაც საქართველოში.

საქართველოში ოპერირებს რუსული “ვიმპელკომის” ჯგუფის წევრი “ბილაინი” (“მობიტელი”), რომელიც ქვეყანაში 2007 წელს შემოვიდა. “ბილაინი” საკუთარ აბონენტებს ფიჭური კავშირის მომსახურებას აწვდის. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, უკვე 2015 წლის სექტემბრისთვის “მობიტელის” საბაზრო წილმა, მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 24% შეადგინა. ამჟამად ქვეყანაში სულ არის 5 006 009 მობილურის აბონენტი, საიდანაც “ბილაინის” აბონენტთა რაოდენობა 1 201 628-ს შეადგენს.

რუსული აჩრდილი ქართულ ინტერნეტ სივრცეში

მობილური კავშირგაბმულობის შემდეგ რუსული ბიზნესი საქართველოში შემოსვლას უკვე ინტერნეტ ბაზარზეც გეგმას. “ბიზნესი-რეზონანსის” წყაროს ინფორმაციით, “კავკასუსი” და “ვიმპელკომი” კომისიაში განაცხადის შეტანას უახლოეს დღეებში აპირებენ. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად “ბიზნეს-რეზონანსი” “ვიმპელკომის” სათავო ოფისს დაუკავშირდა. კომპანიაში ქართულ პროვაიდერთან შესაძლო შერწყმის სურვილზე კომენტარი არ გააკეთეს. ამ ინფორმაციის კომენტირებისგან თავი შეიკავეს “კავკასუს ონლაინშიც”.

ჯერჯერობით განცხადება არ შესულა არც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში. როგორც მარეგულირებელში გვითხრეს, იმ შემთხვევაში თუ “ვიმპელკომი” “კავაკასუს ონალაინის” შეძენას გადაწყვეტს, მან მარეგულირებელ კომისიას აუცილებლად უნდა მიმართოს: “ნებისმერ შემთხვევაში, თუკი ხდება 5%-ზე მეტი წილის გასხვისება, საჭიროა წინასწარი თანხმობა, იქიდან გამომდინარე, რომ კომისიამ უზრუნველყოს ადეკტვატური კონკურეტუნცია ბაზრის ამ სეგმენტზე. კომისიამ ნებისმიერი ტრანზაქცია უნდა შეისწავლოს, რათა არ მოხდეს კონკურენციის დარღვევა”, – განუცხადეს “ბიზნეს-რეზონანესს” მარეგულირებელ კომისიაში.

ის, რომ “ვიმპელკომს” “კავკასუს ონლაინის” შეძენის დიდი სურვილი აქვს, ჩვენთან საუბრისას “კავკასუსის” დამფუძნებელმა მამია სანადირაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს გარიგება შედგა და ბაზარზე რუსული კომპანია შემოვიდა, მაშინ მისი ხელში აღმოჩნდება ის კაბელი, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს. ამით კი რუსეთს ყველა მიმოწერის, სატელეფონო ზარის გაკონტროლება შეეძლება.

საქმე ეხება 1200-კილომეტრიან კაბელს, რომლითაც საქართველო ინტერნეტს ევროპიდან იღებს და შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთსაც აწვდის, პოლიტიკურად დაინტერესებული მხარის ხელში, შესაძლოა, საინფორმაციო ნაკადებზე კონტროლის მძლავრი მექანიზმი გახდეს. აღნიშნული კაბელი შავი ზღვის ფსკერზე 2008 წელს ჩაიდო და ინტერნეტი უმოკლესი გზით, პირდაპირ ევროპიდან მიეწოდება. მისი მეშვეობით “კავკასუს ონლაინი” სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85%-ს, აზერბაიჯანში – 50%-ს, საქართველოში კი 55%-ს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანული მხარე ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე მისი გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.

“მაქვს ინფორმაცია, რომ “კავკასუს ონლაინის” შეძენას აპირებს “ვიმპელკომი”. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ რუსეთი ხელში ჩაიგდებს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მაგისტრალს და ქვეყნის გარედან შემომავალ ზარებსა თუ მიმოწერას გააკონტროლებს. “კავკასუს ონლაინში” კი დარჩება ის მოსასმენი აპარატურა, რომელიც ჩემი წამოსვლის შემდეგ დაამონტაჟეს ოჯახებში, ამით კი მოსმენას “ნაცმოძრაობა” და სააკაშვილი გააგრძელებენ”, – განაცხადა მამია სანადირაძემ.

საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ რუსულ კომპანიებთან ურთიერთობა ძალიან საფრთხილოა და ისინი დღემდე არასაიმედო პარტნიორებად მიიჩნევიან: „არსებობს გარკვეული დეტალები. მაგალითად, როდესაც შემოვიდა “ბილაინი”, მაშინდელი ხელისუფლების წევრები ამბობდნენ, რომ ამით კონკურენტუნარიანობა გაიზრდებოდა და მომხმარებლისთვის ბევრად უფრო დადებითად შეიცვლება პროცესები. პრაქტიკულად, ასეც მოხდა. “ბილაინის” შემოსვლის შემდეგ მომსახურების ტარიფები შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის რუსული კომპანია, მის გააქტიურებას საკმაოდ კარგი შედეგი მოჰყვა.

რაც შეეხება “ვიმპელკომს”, თუ ის შემოვა და კონკურენტულ გარემოს გააუმჯობესებს, ეს მისაღებია, მაგრამ თუკი კომპანია შემოვა, რომელიც შეიძლება, უბრალოდ, ნაწილობრივი მონოპოლისტი შეცვალოს და იმავდროულად მას პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებენ, ეს ცალსახად მიუღებელია. ახლა უფრო მეტი სიფრთხილე და გათვლაა საჭირო”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” არჩილ გამზარდიამ.

ვიდრე რუსული ფიჭური გიგანტი “ვიმპელკომი” “კავკასუს ონლაინის” ყიდვის სურვილს გაამჟღავნებს, “კავკასუსისთვის” საქართველოში ოპერირებული კომპანიები იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, ერთი მხრივ, “სილქნეტისა” და “კავკასუსის”, მეორე მხრივ კი “მაგთიკომისა” და “კავკასუსის” შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება აგვისტოში დაიწყო.

მარეგულირებელი კომისიის 11 აგვისტოს სხდომაზე ვადად განისაზღვრა სამი თვე და სხდომაც 2015 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. მოგვიანებით გაირკვა, რომ “სილქნეტისა” და “კავკასუს ონლაინის” შერწყმის საკითხი ჩაიშალა. კომისიამ კომპანიების ერთობლივი განცხადება წილების შერწყმის თაობაზე განუხილველად დატოვა. მიზეზი ისაა, რომ “სილქნეტმა” და “კავკასუსმა” შესაბამისი დოკუმენტაცია დროულად არ წარადგინეს, რისთვისაც მათ თითქმის 3 თვე ჰქონდათ.

ამ ეტაპზე კომისიაში უკვე “მაგთიკომისა” და “კავკასუს ონლაინის” შესაძლო შერწყმის საკითხს განიხილავენ. მარეგულირებელ კომისიაში აღნიშნული საკითხის მორიგი ზეპირი მოსმენა 12 ნოემბერს გაიმართება. სწორედ მაშინ გადაწყდება გაერთიანდება თუ არა ეს ორი კომპანია. აღსანიშნავია, რომ “კავკასუს ონლაინის” როგორც “მაგთიკომთან”, ასევე “სილქნეტთან” შესაძლო შერწყმას ეწინააღმდეგება “კავკასუს ონლაინის” დამფუძნებელი მამია სანადირაძე. მან მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განცხადებაც წარადგინა, რომლითაც მოუწოდებს კომისიას, არ მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის საკითხზე, ვიდრე “კავკასუსის” წილების დავა სასამართლოს გზით არ გადაწყდება. სანადირაძე აცხადებს, რომ კომპანია მას იძულების წესით დაათმობინეს, რის გამოც საჩივარი პროკურატურაში აქვს შეტანილი.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წილებზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, სანამ წილები დაყადაღებული არ არის, შერწყმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. გაითვალისწინებს თუ არა კომისია სანადირაძის განცხადებას, უცნობია.

რეზონანსი“, 10 ნოემბერი, 2015 წელი

გურჯისტანის ვილაიეთი

ისლამურმა ხალიფატმა საქართველო “მონიშნა”

თაკო მათეშვილი

ისლამურმა ხალიფატმა კავკასიაში კიდევ ერთი ვილაიეთი – გურჯისტანი (საქართველო) დააარსა, რომელიც ქვეყნის ძირითად ტერიტორიას მოიცავს. ამ ინფორმაციას სამხედრო ექსპერტები ავრცელებენ და ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში გავრცელდება ვიდეო, რომელშიც საქართველოდან “ისლამურ სახელმწიფოში” წასული ჯიჰადისტები მიიღებენ მონაწილეობას და ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც ცნობილი გახდება. მათი თქმით, გურჯისტანის ვილაიეთის მთავარი მიზანი ჩრდილო კავკასიასთან სატრანზიტო კომუნიკაციის უზრუნველყოფა იქნება და ამისათვის ელექტრონული ქსელი უკვე შექმნილია. ისინი ამ ყველაფერს ყველაზე სასტიკი ორგანიზაციის საქართველოში შემოსვლას არქმევენ და მოსალოდნელ ტერორისტულ აქტებზე საუბრობენ.

——–

მოგეხსენებათ, სირიისა და ერაყის შემდეგ ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” გააქტიურება ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო. გასულ ზაფხულს მან თურქეთის საზღვართან მდებარე სირიული ქალაქი კობანი დაიკავა და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი ვილაიეთი შექმნა, რომელიც დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთსა და კარაჩაის აერთიანებს. ივნისში „ისლამურმა სახელმწიფომ“ იქ მოქმედი მეამბოხეთა მთავარი ქოლგა-დაჯგუფების, “კავკასიის იმარატის” მებრძოლთა უმეტესობის გადამობირება-შეფიცვის შესახებ განცხადება გაავრცელა. ვილაიეთის მმართველად “იმარატის” დაღესტნის ფრთის ყოფილი მეთაური, 34 წლის აბუ მუჰამად ალ კადარი დაინიშნა, რომლის ნამდვილი სახელი რუსტამ ასელდეროვია. მან ისის-ს შარშან დეკემბერში შეჰფიცა ერთგულება და სწორედ ეს გახდა “ემირობიდან” მისი ჩამოქვეითების მიზეზი, რადგან “იმარატი” ისისის მოსისხლე მტერს, ალ-ქაიდას ემხრობა.”ვულოცავთ “ისლამური სახელმწიფოს” ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენს ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარს ნიშნავს კავკასიის მმართველად”, – დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალვ-ადნანის ეს განცხადება ინტერნეტში ივნისში გავრცელდა.

კავკასიის საკითხებში ექსპერტების თქმით, ბოლო პერიოდში ჩრდილო კავკასიაში “იმარატის” სტრუქტურა მოიშალა და თითქმის ყველა საველე მეთაური, მებრძოლების 80% “ისლამურ სახელმწიფოს” თანაუგრძნობს, ამიტომაც ისის-ის გააქტიურება მოსალოდნელიც იყო. ისინი იმთავითვე ამბობდნენ, რომ რაკი ჩრდილო კავკასიაში პროვინცია დააარსეს, ე.ი. ისის-მა რაღაც უნდა გააკეთოს. სულ მცირე, ეს იმას ნიშნავს, რომ სირიასა და ერაყში ჯგუფურად წასვლა არ მოხდება, ისინი ადგილზე დარჩებიან, რომ ადგილზე ერთგვარი წინააღმდეგობის ფრონტი შექმნან.

როგორც ჩანს, ხალიფატი მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას არ დასჯერდა და ახალი ვილაიეთის შექმნა უკვე საქართველოში გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია გვიდასტურებს და ამბობს, რომ ვილაიეთი უკვე არსებობს.

ვახტანგ მაისაიას თქმით, ვინაა მისი ხელმძღვანელი, ეს ჯერ უცნობია, თუმცა მალე საიდუმლო აღარც ეს ექნება. მისივე თქმით, ვილაიეთი გურჯისტანისათვის სპეცსამსახურიცაა შექმნილი. ასევე საკომუნიკაციო ელექტრონული ქსელი.

“მალე 10 წუთიანი კლიპიც გამოვა, სადაც საქართველოდან წასული ჯიჰადისტები წარმოჩინდებიან და სავარაუდოდ, მაშინ გახდება ცნობილი ვილაიეთის ხელმძღვანელის ვინაობაც. როგორც ჩანს, გურჯისტანის ვილაიეთის მთავარი დანიშნულება იქნება უზრუნველყოს სატრანზიტო კომუნიკაცია ჩრდილო კავკასიასთან, რომლის მიმართაც ისლამურ ხალიფატს საკმაოდ დიდი ინტერესი გააჩნია”, – ამბობს ვახტანგ მაისაია. მისივე თქმით, ხალიფატი საქართველოში სტრუქტურირებულ ქსელს ქმნის, რომელიც სავარაუდოდ, ქვემო ქართლს, პანკისსა და აჭარას მოიცავს, – არ გამორიცხავს, რომ მისი ცენტრი თბილისიც კი იყოს. “სტრუქტურა უკვე აწყობილი რომ არ იყოს, ასეთ რამეს არ დააანონსებდნენ”, – დასძენს იგი.

კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია საშიშროება, ვახტანგ მაისაია შემდეგნაირად გვპასუხობს: “ჯერჯერობით ისლამური ხალიფატი გაჩუმებულია, თუმცა თანამებრძოლების შემოკრებას და ძალების გაძლიერებას აგრძელებს. როგორ გამოიყენებს მომავალში ამ ძალებს, არავინ იცის. რამდენად რეალურია საშიშროება, ამის შესახებ დასკვნის გამოტანა თავად შეგვიძლია. საქართველო ისლამური ხალიფატის კოალიციის წევრია, ისლამური ხალიფატი კი საერთაშორისო საზოგადოების პირველი მტერია. ასე რომ, საშიშროება მკითხველმა შეაფასოს”, – აცხადებს ექსპერტი.

პაატა დავითაია მთავარ საფრთხედ ტერორისტულ აქტს ასახელებს რომელიც “რაღაც რაღაცებზე იქნება გათვლილი”. რაც შეეხება სხვა საფრთხეებს, როგორიც მაგალითად სეპარატისტული მოქმედებებია, igi ამბობს, რომ ასეთ რამეს ნაკლებად ელოდება: „არ მგონია საქართველოს წინააღმდეგ შეტევაზე გადმოვიდნენ და ის ბრძოლები, რაც სირიაში მიდის, აქეთ გადმოისროლონ. ამ ეტაპზე საშიშროებას მხოლოდ ტერორისტულ აქტებში ვხედავ. თუმცა, ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია და ამ აქტებში შესაძლოა, ის ადამიანები იყვნენ ჩართულნი, რომელთაც სირიაში უნდათ წასვლა საბრძოლველად. შესაძლოა, ისინი აქვე გამოიყენონ”, – აცხადებს დავითაია.

ამ ყველაფერთან საბრძოლველად, ექსპერტების თქმით, ხელიუფლებამ უკვე დაიწყო გარკვეული კონტრზომების მიღება. კერძოდ, დააკავეს რამდენიმე პირი, დაბლოკეს ისლამისტური საიტები, შეიზღუდა ჩვენი თანამემამულეების სირიაში წასვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათივე თქმით, ეს არაა სრულყოფილი მუშაობა, ვინაიდან ხელისუფლებას შეუძლია ბევრად ეფექტიანი იყოს იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც სავარაუდოდ, აქვთ.

პაატა დავითაია იმედს პირველ რიგში პარტნიორ ქვეყანა – ამერიკაზე ამყარებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით მასთან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა იყოს: “სახელმწიფოს ამის წინააღმდეგ ბრძოლა დროული და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებით შეუძლია. არ ვიცი, რა ოპერატიულ ღონისძიებებს დაგეგმავენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები და პირველ რიგში აშშ ამაში დიდ დახმარებას გვიწევენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სამართალდამცავებს ამერიკელ კოლეგებთან აქტიური კონსულტაციები და ინფორმაციის გაცვლა აქვთ. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა საკმაო შედეგის მომტანი იქნება. სულ ესაა ის, რისი განხორციელებაც პრევენციის თვალსაზრისით სახელმწიფოს შეუძლია”, – აღნიშნავს დავითაია.

რეზონანსი“, 10 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან: „ჩემთვის დადასტურებულია, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე ემუქრება

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

“კარგად გვახსოვს, საქართველოს ისტორიაში, რა დაემართათ ხელისუფლებებს, რომლებმაც მსგავსი ქმედებები ჩაიდინეს. ესეც აბსოლუტურად ეწერება იმავე სცენარში. უფრო მეტიც, ყველაფერი ხდება ისე, როგორც ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” დროს, როდესაც ღამით, უჩუმრად მიდიოდა ქონებების გადაფორმება-წართმევა და ა.შ.

„ზუსტად იგივე პრაქტიკას იყენებს „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, ამ, ხელისუფლებასაც იგივე ბედს ვუწინასწარმეტყველებთ, – ისეტს, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი მაია ფანჯიკიძე. იგი „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით აცხადებს, რომ „გზა, რომელიც აირჩია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ტელეკომპანიასთან ბრძოლაში არის ძალადობისა და სამოქალაქო დაპირისპირების გზა. ის იგივეა, რაც საქართველოში 2012 წლის ოქტომბრამდე ხდებოდა. ხელისუფლება ცდილობს დაზაბოს პოლიტიკური ვითარება. მის მიერ გადადგმული ნაბიჯები საფრთხეს უქმნის არა მარტო მედიის ტავისუფლებას, არამედძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ხელყოფს დემოკრატილი სახელმწიფოს საფუძვლებს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან არ დაუშვას ძალადობრივი სცენარით სიტუაციის განვითარება და გააცნობიეროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს მას აკისრია, დადგეს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და უზრუნველყოს ძალის არგამოყენება“.

- როგორ აფასებთ დღევანდელი გადასახედიდან ერთი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას გადადგომის თაობაზე?

როცა დღეს თავისუფალი სიტყვის წინააღმნდეგ ასეთი პროცესები მიმდინარეობს, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ გადაგომის გადაწყვეტილება სწორი იყო და დროული. დღეს ჩემთვის დადასტურებულია, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე ემუქრება. იმ დროს შენელების კურსი იგრძნობოდა, ორი დღის წინ მომხდარმა მოვლენებმა კი დაასტურა, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე შეექმნა. ეს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვისაც საფრთხის ტოლფასია.

- აშშ და საერთოდ, დასავლეთი ყურადღებით აკვირდება „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, გამოთქმულია შეშფოთება… თქვენი აზრით, რამდენად გაართულებს ეს ყველაფერი საქართველოს ურთიერთობას დასავლეთთან?

- ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ იყენებდა მსგავს მეთოდებს წინა ხელისუფლება – „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა ქონების ჩუმად გადაფორმება-წართმევა და ა.შ. ახლა ზუსტად იგივე პრაქტიკას იყენებს „ქართული ოცნებაც“, შესაბამისად, იგივე მასაც ბედს ვუწინასწარმეტყველებთ, როგორიც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა.

- თქვენი აზრი ფარული აუდიოჩანაწერების თაობაზე, რომელიც უკრაინულმა მასმედიამ გაავრცელა? საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას სპეცნოტა გაუგზავნა და საქმის გამოძიებაში თანამშრომლობა სთხოვა, მაგრამ ოფიციალური კიევი აქტიურად მასში არ ჩაერთო. როგორ ფიქრობთ, ორი ქვეყნის ურთიერთობას საფრთხე ხომ არ ემუქრება?

- თავისთავად ნოტის გაგზავნა არანაირ დაძაბვის გამომწვევი არ უნდა იყოს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ღრმა და ინტენსიური ურთიერთობა, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. ბოლო ერთი წელია მუდმივად გვესმის, რომ უკრაინაში საქართველოს პრემიერის ვიზიტი მზადდებაო, მაგრამ ვერა და ვერ განხორციელდა. არც უკრაინიდან არავინ, არცერთი მაღალი დონის დელეგაცია ჩამოსულა საქართველოში. ეს, რასაკვირველია, ურთიერთობას ძაბავს. ფაქტობრივად, ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილია და ეს შემაშფოთებელია.

- და რა არის ამის მიზეზი – საქართველო პასიურობს თუ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ურთიერთობის დაძაბვას?

- ეს არის პასიური დიპლომატიური მუშაობის ბრალი ეს პასიურობა იმ დროს ხდება, როცა უკრაინას ომი აქვს და მას ჩვენი თანადგომა და დახმარება ჭირდება. ეს აშკარად საქართველოს ბრალია. საერთოდ, საქართველომ საგარეო პოლიტიკაში პასიური როლი შარსან აიჩია და ეს არა მხოლოდ უკრაინის  მიმართ გამოიხატება, არამედ საერთოდ: შემცირდა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური და სახელმწიფო ვიზიტების რაოდენობა უცხოეთში და ეს საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე დადებითად არ აისახება.

- ანუ თქვენ ეთანხმებით განცხადებას, რომ საქართველო [დასავლეთის} რადარებიდან გაქრა?

- გარკვეულწილად ვეთანხმები. სამწუხაროა, რომ საქართველო ბოლო წელს საერთაშორისო არენაზე სწორედ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების გამო ჩანდა, ანუ ნეგატიურ ჭრილში. ვისურვებდი, რომ საქართველო პოზიტიურად ჩანდეს დასავლურ პრესაშიც, რაც, სამწუხაროდ, ბოლო ხანს ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

- ანუ თქვენ არ მოგწონთ საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მუშაობა?

- გიორგი კვირიკაშვილის მუშაობის შეფასება ჯერ ნაადრევია, რადგან იგი მხოლოდ ორი თვეა მინისტრის თანამდებობაზე. მას, როგორც კოლეგას, მაშინაც ვაფასებდი, როცა ეკონომიკის მინისტრი იყო, მომწონდა მისი თამამი განცხადებები, რომელსაც შეიძლება არ ეთანხმებოდეს მთავრობის დანარჩენი წევრები. იმედი მაქვს, იგი ღირსეულად გააგრძელებს იმ საქმეს, რომელიც მე დავიწყე და იგი წარმატებული იქნება.

”"„ახალი თაობა“, 10 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ნუგზარ წიკლაურთან: ირმა ინაშვილს არჩევნები წააგებინესპატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ

შორენა მარსაგიშვილი

რა შეიცვლება პარლამენტიდან გოგი თოფაძის წასვლით, ვისთან ითანამშრომლებენ „ნაციონალები“, რა შემთხვევაში დაბრუნდებიან პარლამენტში, რა საერთო აქვთ გიორგი მარგველაშვილთან? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ესაუბრება.

- ბოლო დღეებში აქტიურად დაიწყო საუბრები იმის თაობაზე, რომ ნაციონალებმა, მარგველაშვილმა, თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა შესაძლოა, ალიანსი შექმნან. თქვენ რას გვეტყვით ამაზე?

- ამ მიმართულებით არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გახლავთ თვითკმარი პარტია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სხვა პარტიებიც გაიზიარებენ იმ შეხედულებებს, რომლებიც ჩვენ ყოველთვის მყარად გვქონდა ჩამოყალიბებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმესთან ალიანსს შევქმნით. საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით 12 პოლიტიკურ სუბიექტთან გვაქვს კონსულტაციები, მოვაგროვეთ 200.000 ხელმოწერა. სიტყვის თავისუფლების კუთხითაც ბევრ პარტიასთან ვთანამშრომლობთ. ასეთი ურთიერთობები, ცხადია, იქნება, მაგრამ რესპუბლიკელებთან და თავისუფალ დემოკრატებთან საარჩევნო ბლოკის შექმნა გამორიცხულია.

- არც გიორგი მარგველაშვილთან აპირებთ რამე ალიანსს? ბოლო დროს ნაცმოძრაობა ძალიან დაუახლოვდა პრეზიდენტს და მას ქართული ოცნების წევრებზე ხშირად ხვდებით.

- პრეზიდენტთან არაერთ საკითხზე გვქონდა კონსულტაცია, მაგრამ არც მასთან გაერთიანებაზე მიდის საუბარი. მომავალ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა ცალკე სუბიექტად წარდგება. რიგ საკითხებში სხვადასხვა ძალებთან ვითანამშრომლებთ. ყველა პარტია ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში დიქტატურის დამყარება არ უნდა დავუშვათ.

- საინტერესო დამთხვევაა, რომ დიქტატურის დამყარების წინააღმდეგ ნაციონალებთან ერთად პატრიოტთა ალიანსიც იბრძვის. მართალია, დღეს ერთმანეთის გვერდით არ დგახართ, მაგრამ ხვალ რა შეიძლება მოხდეს მათთან თანამშრომლობის კუთხით?

- პატრიოტთა ალიანსის მიერ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას კონკრეტული მიზეზი აქვს. ისინი შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდნენ. ამ ძალის ადვოკატად და მხარდამჭერად ვერ გამოვდგები, მაგრამ, როგორც ჩანს, საგარეჯოში მათ არჩევნები გაუყალბეს. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საგარეჯოში სასწრაფოდ იქნა გადასროლილი სამხედრო შენაერთი. ამ სამხედროებმა ხმა რატომღაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცეს და თამარ ხიდაშელმა მათი 100%-იანი მხარდაჭერა მიიღო. სწორედ ამ ფაქტორმა იქონია გადამწყვეტი როლი არჩევნების შედეგების ფორმირებაში. თვალშისაცემი იყო ისიც, რომ მინისტრები და მინისტრების მოადგილეები ჩადიოდნენ საგარეჯოში და სრულიად დაუფარავად უჭერდნენ მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატს.

ხელისუფლებამ წინასწარ იზრუნა იმ შედეგების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც სხვა შემთხვევაში, დიდი ალბათობით, არ იქნებოდა. აქედან გამომდინარე ჩემთვის სრულიად გასაგებია ირმა ინაშვილის პროტესტი, ის ნამდვილად დაჩაგრეს. მასთან ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ფუნდამენტური განსხვავება გვაქვს, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ – მას არჩევნები წააგებინეს.

შუალედურმა არჩევნებმა ნათლად დაგვანახა ისიც, რომ ხელისუფლება 2016 წელს, არჩევნების ნაცვლად, არჩევნებად წოდებული ფარსის ჩატარებას აპირებს. საგარეჯოს არჩევნებმა იმაშიც დაგვარწმუნა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებასაც არ მოერიდება. იმისთვის, რომ ხელისუფლებამ სასურველ მიზანს არ მიაღწიოს, უნდა მოვახერხოთ საარჩევნო სისტემის შეცვლა და მაჟორიტარების გაუქმება. მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანაც, რომლებიც არჩევნების გაყალბებას ხელს შეუშლიან. გაყალბებული არჩევნები ქართულ დემოკრატიას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

- თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და ამის წინაპირობად საგარეჯოში გამართული შუალედური არჩევნები მოგყავთ. ამ ერთი მაგალითით შეიძლება წინასწარი დასკვნის გაკეთება?

- ხელისუფლებას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. არჩევნების გაყალბების გარეშე ისინი ქვეყნის სათავეში ვეღარ მოვლენ. 2 წლის წინ მათ მოსახლეობის 60%-იანი მხარდაჭერა ჰქონდათ. ამხელა ნდობა გაფლანგეს და 14%-ზე ჩამოვიდნენ. ასეთი ვარდნა პოსტსაბჭოურ სისტემაში არც ერთი პარტიის მიმართ არ დაფიქსირებულა. ენდიაის კვლევებზე ბევრი იცინეს და უნდობლობაც გამოუცხადეს, საგარეჯოს არჩევნებმა კი გამოაჩინა, რომ მათი რეიტინგი სერიოზულად არის შელახული.

- არჩევნებამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი. დროის ამ მონაკვეთში ვერ შეძლებენ მოსახლეობაში დაკარგული ნდობის აღდგენას?

- საამისოდ რესურსი აღარ აქვთ, მათი არც ერთი საარჩევნო დაპირება არ შესრულებულა. ხალხი იმედგაცრუებულია. ასეთ ვითარებაში, როგორც ყველა უპასუხისმგებლო ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებასაც“ გაყალბების სურვილი უჩნდება. ამ გაყალბებამ ქვეყანაში შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს. საუბარია როგორც სამოქალაქო დაპირისპირებაზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი იმიჯის საბოლოო განადგურებაზე.

- თქვენ ორჯერ ახსენეთ, პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები არ ვართო, მაგრამ მათსავით საუბრობთ არჩევნების გაყალბებაზე. თუნდაც მოსალოდნელი გაყალბების საწინააღმდეგო აქციაზე შესაძლოა, ნაციონალები და პატრიოტთა ალიანსი ერთად გიხილოთ?

- ასეთ აქციაზე ჯერ საუბარი არ მიმდინარეობს, სამაგიეროდ, აქტიური მუშაობა მიდის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდეთ, გაერთიანებულიყვნენ იმ ჯგუფში, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივისთვის საჭირო 200.000 ხმის შეგროვებაზე მუშაობდა. არც პატრიოტთა ალიანსი და არც ირმა ინაშვილი მის მუშაობაში არ მონაწილეობდნენ. ეს არ გახლავთ პოლიტიკური იდეოლოგიის საკითხი, ის ყველა პარტიის ინტერესში შედის, რათა არჩევნებზე მათი ხმები დაცული იყოს. პატრიოტთა ალიანსი იქ რომ მოსულიყო, ამას არავინ შეეწინააღმდეგებოდა.

- რატომ არ მოვიდა ინაშვილი?

- იმ პერიოდში ის საგარეჯოს შუალედური არჩევნებისთვის ემზადებოდა. ჩემი აზრით, მას იმედი ჰქონდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მის მიმართ შესაძლოა უფრო ლმობიერი ყოფილიყო და მას მოეგო არჩევნები. 31 ოქტომბერს ყველაფერი ნათლად დაინახა და მმართველი გუნდის მიმართ განწყობა შეეცვალა. სავსებით მოსალოდნელია, რომ ახლა ის საარჩევნო კოდექსის გარშემო გამართულ კონსულტაციებს შეუერთდეს.

ამ თემაზე არც პარტიაში გვისაუბრია და არც პოლიტსაბჭოზე, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხში ყველასთან, მათ შორის, პატრიოტთა ალიანსთანაც, უნდა ვითანამშრომლოთ. თუ ირმა ინაშვილი მოისურვებს ჩვენთან მოსვლას, მივიღებთ, ერთად მართლა შეგვიძლია, საარჩევნო სისტემა უფრო უკეთესი გავხადოთ.

- გასული კვირის დამლევს თქვენმა კოლეგა გოგი თოფაძემ პარლამენტიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. ის თავისი განცხადებებით ხშირად უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა კოალიციას. ის მართლაც საკუთარი ნებით მიდის თუ ამის გაკეთება აიძულეს? მისი წასვლის შემთხვევაში თუ გადარჩება კოალიციის დასავლური კურსი?

- გოგი თოფაძის წასვლის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დასავლური იმიჯი მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ნატოს საწინააღმდეგო განცხადებებს „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც გამოხატავენ. ზოგიერთი არც რუსეთის მიმართ მალავს ღია სიმპათიებს. გოგი თოფაძე ოდიოზური განცხადებებით მართლაც გამოირჩეოდა, მაგრამ არა მგონია, მისთვის ვინმეს წასვლა მოეთხოვა. უბრალოდ, თავად მიხვდა, რომ მისმა განცხადებებმა უკვე კომიკური სახე მიიღო და ამაზე პოლიტიკური წრეების გარდა, ხალხიც იცინოდა. სავარაუდოდ, ამან უბიძგა, პარლამენტიდან წასვლის შესახებ განცხადება გაეკეთებინა. შემდეგ იყო საუბარი, რომ მას მისი დისშვილი ჩაანაცვლებდა. ზაზა ჭილაძემ პარლამენტში შემოსვლაზე უარი განაცხადა. ცოტა ხნის წინ გამოვიდა ზურაბ ტყემალაძე და განაცხადა, შესაძლოა, თოფაძის გადაწყვეტილება საბოლოო არ იყოსო.

- ეს იმას ნიშნავს, რომ თოფაძემ შესაძლოა წასვლა გადაიფიქროს?

- შესაძლოა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მას ერთი თვის ვადა აქვს და რა მოაფიქრდება ამ ერთ თვეში გოგი თოფაძეს, ნამდვილად ვერ გეტყვით. მე ის ვიცი, რომ გოგი თოფაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია. ეს გუნდი კი ჩემთვის ქვეყნის ეკონომიკურ დაღმასვლასთან არის დაკავშირებული. მისი წასვლის შემთხვევაში არაფერი შეიცვლება.

- ამ კვირაში პარლამენტში სხდომები გაიმართება. დაუბრუნდებით სხდომებს თუ ბოიკოტის რეჟიმში დარჩებით?

- წინა სასესიო კვირაში ქუთაისში ჩასვლა ვერ მოვახერხეთ და ეს ჩვენი ბრალი არ არის. სწორედ მაშინ მოხდა ხელისუფლების მიერ მოსყიდული მოსამართლის დახმარებით „რუსთავი-2“-ზე თავდასხმა. ჩვენ სხდომაზე დასწრებას სიტყვის თავისუფლების დაცვა ვარჩიეთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ამ კვირაშიც გაგრძელდება, დანიშნულია დროებითი მმართველი და კაცმა არ იცის, რას იზამს ხელისუფლება. თუ სიტუაცია კიდევ გამწვავდა, ქართული დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუ თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე დავდგებით. საპარლამენტო მუშაობის ჩაშლა ჩვენი ბრალი არ არის, ამაში ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელმაც თავისუფალ სიტყვას ბრძოლა გამოუცხადა. ამან ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულიად სამართლიანად აღაშფოთა.

- რუსთავი-2-თან დაკავშირებით ამერიკის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას დიდი ამბები მოჰყვა ქართულ ოცნებაში. რამდენიმე ლიდერს აშშ-ს ელჩი მძაფრად შემოეკრიტიკა. მათი შეფასებით, იან კელი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაერია. ამაზე რას ფიქრობთ?

- ცივილურ სამყაროში არ არსებობს მხოლოდ ერთი ქვეყნის საშინაო საქმეები. პოლიტიკური სამყარო ახლა უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული წლის წინ იყო. საქართველო აცხადებს, რომ იზიარებს ევროპულ ფასეულობებს და სურს ევროკავშირის წევრობა. აქ არსებობს გარკვეული პირობები. ერთ-ერთი უმთავრესი ის გახლავთ, რომ არ უნდა მოხდეს თავისუფალი და გასხვავებული აზრის დახშობა. კრიტიკულად განწყობილ ადამიანს პირში ბურთი არ უნდა ჩასჩარო და ლაპარაკი არ უნდა შეაწყვეტინო. ჩვენ რუსეთის პირისპირ ვდგავართ და ამ ვითარებაში აუცილებელია ჩვენი მეგობრების რჩევების გათვალისწინება. რას ჰქვია ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა? ცივილური სამყაროს ნაწილი როცა ხარ, უნდა იცოდე, რომ სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებაზე ყველა ხმას ამოიღებს. ჩრდილოეთ კორეად თუ გვინდა გადაქცევა, მაშინ, კი ბატონო, დავხუროთ გაზეთები და ტელევიზიები, ეს კი იმით ავხსნათ, რომ ეს ჩვენი საშინაო საქმეა და ის არავის ეხება. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები საშინაო საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით, კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. ეს ის ხალხია, ვისაც თანამედროვე სამყაროს სპეციფიკა საერთოდ არ ესმის. ისეთი განცდა მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ იმ პრივილეგიების შენარჩუნებით სულდგმულობს, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შედეგად მოიპოვეს.

„ახალი თაობა“, 10 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან: არ გვეგონა, რომ ასე მასშტაბურად გააყალბებდნენ არჩევნებს

მარიამ მჭედლიშვილი

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი განაგრძობს პროტესტს შუალედური არჩევნების შედეგების გადახედვის, ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და გაყალბებაში მონაწილე მოხელეების გადაყენების მოთხოვნით. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ამ მიზნით შიმშილობა გამოაცხადეს ირმა ინაშვილმა, ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა. გუშინ მათ დაემატნენ ლევან თედიაშვილი და გიორგი ლომია.

„ახალი თაობა“ ესაუბრა პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დედაქალაქის საკრებულოს წევრს მანუჩარ მაჩაიძეს

- საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ თქვენს პარტიას არ უნდა მიეღო მონაწილეობა შუალედურ არჩევნებში, რომელსაც დანარჩენმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.

- არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში გაყალბდა. პარტიები არჩევნებში მაინც მონაწილეობდნენ. საქართველოს პატრიოტთა ალიანსმაც მიიღო მონაწილეობა 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში. არ მოველოდით, რომ დარღვევები არ იქნებოდა, მაგრამ არ გვეგონა, ასე მასშტაბურად თუ გაგვიყალბებდნენ არჩევნებს. ეს ეხება მარტვილსაც და საგარეჯოსაც. განსაკუთრებულად საგარეჯოში გამოიყენეს ყველა უკანონო ხერხი. რეალურად, ჩვენი კანდიდატი ირმა ინაშვილი გამარჯვებულია. გასაჩივრებამ ამ ეტაპზე შედეგი არ მოიტანა.

- აქამდე ნაციონალურ მოძრაობას ებრძოდით, ქართული ოცნების მიმართ დადებითად იყავით განწყობილი.

- 2012 წელს მთელმა საქართველომ ბიძინა ივანიშვილს გამოუცხადა ნდობა და მისი ხათრით აირჩია „ქართული ოცნება“. დღეს აშკარა გახდა, რომ `ქართულმა ოცნებამ~ არ გაამართლა. ჩვენ მართლაც ვებრძვით სააკაშვილის პარტიას. უფრო სწორად, მის დამნაშავე ლიდერებს და არა – რიგით წევრებს. საუბედუროდ, სხვები ასე არ იქცევიან. იმის მაგივრად, რომ პასუხი მოეთხოვათ, წამებაში მონაწილეები, საქმეების გამყალბებლები დააწინაურეს კიდეც.

- რომელ სტრუქტურებში?

- პროკურატურა და სასამართლო დამნაშავე ნაციონალებითაა სავსე. საერთოდ, ძალოვან უწყებებში თანამდებობებზე დატოვეს ან დააწინაურეს ისინი, ვისთვისაც პასუხი უნდა მოეთხოვათ.

- თქვენი პარტიელები უფრო მეტად რესპუბლიკურ პარტიას აკრიტიკებენ.

- ეს გასაგებია, იმიტომ, რომ პოლიტიკა ამ ხელისუფლებაში რესპუბლიკურ პარტიას მიჰყავს. რესპუბლიკელების იდეოლოგიით იმართება ქვეყანა. რესპუბლიკელები ის ადამიანები არიან, ვისაც ღმერთი არ სწამს, ვისაც სამშობლოს ცნება არ ესმის. მათ ხელში ქართველი ერი გადასარჩენია. ამას ემატება ის, რომ რესპუბლიკელები ალიანსში არიან ნაციონალურ მოძრაობასთან.

- ამას რის საფუძველზე აცხადებთ?

- გამოქვეყნებული ჩანაწერების საფუძველზე. არაფერს ვიგონებ. ნაციონალების ლიდერების საუბრებიდან პირდაპირ იკვეთება მათი კავშირი რესპუბლიკურ პარტიასთან. ნაციონალების გეგმებიც ჩანს. იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი გამოიძიონ, ჩვენ გვებრძვიან და გვიპირისპირდებიან.

- თავად აღნიშნეთ, პოლიტიკა რესპუბლიკურ პარტიას მიჰყავსო. თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, რომელთა გადაყენებას მოითხოვთ, რესპუბლიკელები არიან. ასე ადვილია მათი გადაყენება?

- ადვილი არ არის. მათ უცხოეთში ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. ისინი საგარეჯოში არჩევნების გაყალბების ორგანიზატორები იყვნენ და დანაშაული ჩაიდინეს. ეს რომ სხვა ქვეყანაში მომხდარიყო, მინისტრები გადადგებოდნენ.

- შიმშილობას ექნება შედეგი?

- უნდა ჰქონდეს. აქედან ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. ბოლოს და ბოლოს, უნდა შეიქმნას სამართლიანი, თანასწორი საარჩევნო გარემო. ამაში ყველა ოპოზიციური პარტია ერთიანი ვართ. ვფიქრობ, საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს.

- შუალედური არჩევნების პროცესში კონკურენტები ხშირად ახსენებდნენ პატრიოტთა ალიანსის პრორუსულობას.

- ეს აბსურდული იარლიყია. პირადად მე მთელი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვი. ასე არიან ჩვენი სხვა წევრებიც. რუსეთი აგრესორი და დამპყრობელია. ამას არავინ უარყოფს, მაგრამ საჭიროა რუსეთთან დალაპარაკება. ჯობია, რუსეთს დაელაპარაკონ საქართველოს პატრიოტები და არა აგენტები და რეზიდენტები. ასეთები იყვნენ მოქალაქეთა კავშირში და ნაციონალურ მოძრაობაში. დღეს ჩვენ რუსეთუმეობას გვაბრალებენ ორმაგი აგენტები და რეზიდენტები. მათგან ასეთ ბრალდებას არაფრით არ მივიღებთ.

”"„ახალი თაობა“, 10 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სერგო რატიანთან: „გაზპრომ“-ზე უნდა ვლაპარაკობდეთ და რუსთავი 2-ზე ვლაპარაკობთ

ნათია ხურცილავა

„ახალი თაობა“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ეერთ ლიდერს, პარლამენტის წევრს  სერგო რატიანს ესაუბრება.

დეპუტატის თქმით, „რუსთავი-2თან დაკავშირებულმა მოვლენებმა მძიმე შედეგები გამოიწვია საერთაშორისო ასპარეზზე. ამ პროცესის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ყველა ერთხმად, მთელი დიპლომატიური კორპუსი გამოსულიყო და საქართველოს მთავრობისთვის ეთქვა, რომ ის არასწორად იქცევა. დიპლომატიური კორპუსი ხელისუფლების პოზიციებს ფაქტობრივად გმობს და ვინც დიპლომატის განცხადებას კითხულობს, მან კარგად იცის, რასაც ნიშნავს ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები. მეორე მხრივ, 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქვეყნის სამთავრობო გუნდს ასეთი ანტიდასავლური განცხადებები გაეკეთებინოს.

- კონკრეტული შემთხვევა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დღის განმავლობაში სამჯერ აკეთებს განცხადებას, მოგვიანებით მისმა მოადგილემ გააკეთა განმარტება. ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ ამ ყველაფერს ღრმა პოლიტიკური შედეგი ექნება. ეს მოახერხა საქართველოს მთავრობამ, რომ დიდი ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე.

- მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ში სპეცრაზმით არ შევარდნილა, რომ არც არავინ დაურბევია. დამფუძნებლები და ახლანდელი მფლობელები სასამართლოში დავობენ...

- ეს არის მე-8 კლასის თემა: „ტარიელისა და ავთანდილის შედარებითი დახასიათება“, რაც სრულიად უაზროა ამ მდგომარეობაში. აქ საუბარია ფაქტებზე, იმ ფაქტზე, როდესაც ხელისუფლება ხურავს „რუსთავი-2“-ს და ანადგურებს, როგორც კრიტიკულ მედიას.

- ხომ არ დაუხურავს?

- აქითკენ მიდის ყველაფერი. სხვა კი არაფერია სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის არა მხოლოდ მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ სასამართლოს წინააღმდეგ ბრძოლა. ამას უთითებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. სასამართლოსა და ოპოზიციის პოლიტიკური დევნის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთს არის დაქვემდებარებული.

- რუსეთის კვალს სად ხედავთ? 2012 წლის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის მთავარი მესიჯი იყო, რომ რუსეთი მოდის, მაგრამ ამან არ გაამართლა, რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო. დღესაც აქტუალურია ეს გზავნილი?

- პირველ რიგში, ეს არის აქტუალური. ჩვენ რომ ვლაპარაკობთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, რომელიც ძალიან სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის, ვნახეთ, ამ მიმართულებით რა დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ქვეყნისთვის ამ ხელისუფლებას. ამ საკითხზე უნდა ვსაუბრობდეთ, მაგრამ საუბარი გვიწევს მედიაზე, საიდანაც სწორედ უნდა ისმოდეს ამ საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე თავისუფალი ხმა. „გაზპრომ“-ის თემაც კი გადაფარა „რუსთავი-2“-ის საკითხმა. ის რეჟიმი, რომელსაც ივანიშვილი აყალიბებს, არის პოსტსაბჭოთა, რუსული ტიპის რეჟიმი, რომელსაც არაფორმალური მმართველი ჰყავს. ეს ნიშნავს ისეთი ქვეყნის ჩამოყალიბებას, რომელიც ვერ იქნება დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, შესაბამისად, მას მხოლოდ რუსეთის პარტნიორობა რჩება. ჩვენ ხომ ძალიან პატარა სასიცოცხლო სივრცე გვაქვს, ჩვენი ქვეყანა ან მიდის წინ დასავლეთისკენ, ან უკან ვდგამთ ნაბიჯს და ეგრევე გადავდივართ რუსეთის სასიცოცხლო სივრცეში.

- როგორც ჩანს, არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს. რუსთავი 2-ის შენობასთან დგანან თქვენი პოლიტიკური ძალა და რუსთავი 2-ის მხარდამჭერები. სანამდე შეიძლება ეს პროცესები გაგრძელდეს და განვითარდეს?

- პასუხი ძალიან მარტივია: ჩვენ ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას. ეს ხელისუფლება საკონსტიტუციო ჩარჩოდან არის გასული. ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ხელისუფლება კონსტიტუციის ჩარჩოში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კონსტიტუცია უნდა დავიცვათ. როდესაც ქვეყნის საზღვართან ჯარი აღარ დგას, რომელიც კონსტიტუციურ მოწყობას იცავს, მაშინ ადამიანები მიდიან საზღვართან. სხვა ალტერნატივა არ რჩება.

”"„ახალი თაობა“, 10 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „კიევში სააკაშვილის დაპატიმრებაზე ფიქრობენ

შორენა მარსაგიშვილი

რა ფირების გამოქვეყნებას აპირებს უკრაინული მედია, რას ფიქრობენ კიევში სააკაშვილზე, რისთვის დაიქირავეს ნაციონალებმა ხაკერები? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება.

ტრისტან წითელაშვილი:

- ცოტა ხნის წინ ნაციონალების დაქირავებულმა ხაკერებმა გატეხეს უკრაინული ვიკილიქსი, რომელიც ამათ ბნელ ზრახვებზე ინფორმაციებს აქვეყნებდა. როგორც ჩემი უკრაინელი მეგობრები მატყობინებენ, სააკაშვილმა ეს ხაკერი უკრაინაში სპეციალურად ჩაიყვანა და მას დიდი ფულიც გადაუხადეს. ამის შედეგად დაიბლოკა ის გვერდი, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას შიშის ზარს სცემდა. მათი მონდომების წყალობით, ეს მედიასაშუალება მხოლოდ ცოტა ხნით გაჩერდა. ახლა მან მუშაობა განაახლა. ახლო მომავალში, შესაძლოა ამ კვირაშიც, უკრაინული ვიკილიქსი სკანდალურ კადრებს გამოაქვეყნებს. ჩემთვის უკვე ცნობილია, რა ფირები აქვთ მათ მომზადებული. სხვათა შორის, სწორედ ამის გამო დაიბლოკა ის საიტი.

- რა ფირებია ამისთანა, ბატონო ტრისტან?

- როგორც ჩემი უკრაინელი კოლეგები მაუწყებენ, უკრაინულ ვიკილიქსს ხელთ ჩაუვარდა სერგო თეთრაძის წამების ამსახველი კადრები. ასევე გამოსაქვეყნებლად არის მზად ის საშინელება, რომელიც ქუთაისის ციხეში მოხდა. ამ არაადამიანმა ჯალათებმა პატიმარი მამის თვალწინ პატარა გოგონა გააუპატიურეს. ამ ფირების გამოქვეყნება ნაციონალებისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება. მათ თავიანთი აგენტურული ქსელით შეიტყვეს, რომ ამის გამოქვეყნება იგეგმებოდა და საიტის დასაბლოკად უზარმაზარი თანხები დახარჯეს.

- ბატონო ტრისტან, თქვენი უკრაინელი მეგობრები საიდან გებულობენ, რის გამოქვეყნებას აპირებს ვიკილიქსი?

- ჩემი მეგობრები აქტიურად არიან ჩართული სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში. ისინი მეგობრობენ ადგილობრივი ვიკილიქსის თანამშრომლებთან და იციან, რაც უნდა გამოქვეყნდეს. ისინი ამის შესახებ მე მაწვდიან ინფორმაციას. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ მე საქართველოში ყველაზე ადრე ვიცი, რაც უნდა გამოქვეყნდეს. ჩემი ინფორმაციები რომ სიმართლეა, ამაში ალბათ ყველა დარწმუნდით, როცა ნაციონალების სატელეფონო საუბრები მოისმინეთ. რაც ეგენი ხელისუფლებიდან წავიდნენ, სულ ვამბობ, გადატრიალებას ამზადებენ-თქო, მაგრამ არავინ მისმენდა. სათანადო ორგანოებს არაერთხელ მივაწოდე სკანდალური დოკუმენტები, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყეს. ამაში მთავარი დამნაშავე თავისუფლების ინსტიტუტში გამოჩეკილ-გამოზრდილი გიორგი მარგველაშვილია.

- სათანადო ორგანოები თუ საქმეებს არ იძიებდნენ, გიორგი მარგველაშვილი რა შუაშია?

- შუაში კი არა, თავშია. გამუდმებით კოაბიტაციაზე საუბრობს და დამნაშავე ნაციონალები კალთის ქვეშ შეიფარა. ამ სკანდალური ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგაც კი მათ მფარველ ანგელოზად რჩება.

- ამ აუდიო-ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ თქვენი დაკითხვა ხომ არ მომხდარა? როგორც ამბობთ, გადატრიალების თემაზე სათანადო ორგანოებს დოკუმენტაცია მიაწოდეთ.

- დაკითხვაზე, იმედია, დამიბარებენ, ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება შემიძლია მათთვის. ისედაც ბევრი მასალა მივუტანე. არაერთხელ მივმართე პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. სათანადო დოკუმენტაცია გადავეცი ახლად შექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც. როგორც იქნა, მოხდა სასწაული და ნაციონალებზე გამოძიება დაიწყო, იმედია, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება, შესაძლოა, უკრაინამ დაგვასწროს.

- უკრაინამ რატომ უნდა დააპატიმროს მიხეილ სააკაშვილი, ამ ჩანაწერების გამო?

- უკრაინაში სააკაშვილმა საკმარისზე მეტი დააშავა საიმისოდ, რომ ციხეში წავიდეს.

- ეს თქვენი ვარაუდია თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ?

- ჩემი უკრაინელი კოლეგების ინფორმაციით, ახლო მომავალში მის წინააღმდეგ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

- ვინ აღძრავს ამ საქმეს? უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი მისი მეგობარია. მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე მისი თანამებრძოლია. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად კიდევ ერთი მისიანი ხატია დეკანოიძე დაინიშნა, დავით საყვარელიძე კი გენპროკურორის მოადგილეა.

- ვერც არსენ ავაკოვი, ვერც ეკა ზღულაძე, ვერც ხატია დეკანოიძე მას ვეღარ უშველიან. პირადად მე ძალიან მენიშნა უკრაინის პრემიერ არსენ იაცენიუკის სიტყვები. მან განაცხადა, რომ სააკაშვილი კარგი რეფორმატორი რომ ყოფილიყო, საქართველოში დაბრუნდებოდაო. თავიდან მასაც სჯეროდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იქ რეფორმებს გაატარებდა. რეფორმების გატარების ნაცვლად, ნაციონალებმა მთელი უკრაინა ააწიოკეს. დაერივნენ იქაურ ბიზნესმენებს და ფულს ართმევენ. უკვე დაიწყეს ხალხის გატაცება და ქონებების გადაფორმება. უკრაინელები ამის მოთმენას არ აპირებენ, მის წინააღმდეგ სერიოზული კამპანია დაიწყო და მალე საქმეც აღიძვრება. ერთ მშვენიერ დღეს მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინულ ციხეში ვიხილოთ. მის დაპატიმრებაზე კიევში უკვე სერიოზულად ფიქრობენ.

”"„ახალი თაობა“, 10 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: ეს ხელისუფლება ნაციონალებზე უკეთესი არაა

ნონა ცაბაძე

2016 წლის ბიუჯეტში პენსიის მატებისთვის თანხები არ არის გათვალისწინებული. „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ ეს უპრინციპობის კიდევ ერთი მაჩვენებელია – მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების წინ პენსიების გაზრდას ჰპირდებოდნენ მოსახლეობას, დღეს ამაზე უარს ამბობენ.

- რა არის ამის მიზეზი?

- პენსიის ზრდისთვის რესურსი არსებობს, უბრალოდ, ეს რესურსი იხარჯება პარლამენტის და მთავრობის შენახვაზე. მსოფლიოს არც ერთი მთავრობის შენახვა არ ჯდება ისეთი ძვირი, როგორც საქართველოს მთავრობისა.

- მაინც რა თანხებზეა საუბარი?

- 2013 წელს მთავრობის შენახვა ბიუჯეტის 43% ჯდებოდა და ამჟამად ეს ციფრი გაიზარდა 46%-მდე. 2015 წელს 220 მილიონით გაიზარდა მთავრობის შენახვის ხარჯები. აი, აქ არის რესურსი, ბატონებო! ახლა რომ პენსია გაიზარდოს, 210 ლარამდე, დამატებით ამას დასჭირდება კიდევ 420 მილიონი. თუმცა ამათ 220 მილიონი თავისთვის დაიმატეს. საკუთარი ჯიბეებისთვის რომ მოეკლოთ ეს თანხა, 210 ლარამდე იყო შესაძლებელი პენსიის გაზრდა ყველა პენსიონერისთვის!

- იმის თქმა გინდათ, რომ ნაციონალების დროსაც არ იყო ამხელა პრემიები და დანამატები, რაც ოცნების მთავრობას აქვს?

- არა, მე ამას არ ვამბობ. რა თქმა უნდა, ნაციონალების დროს ეს იყო, მაგრამ ეს არ იყო გაპიარებული, მაშინ ამაზე ლაპარაკს ვერავინ გაბედავდა. თუმცა `ოცნება~ ხომ უნდა განსხვავდებოდეს ნაციონალური მოძრაობისგან. პენსიების თემა და ეს გაუმართლებელი ხარჯები კარგი ლუსტრაციაა ამ ხელისუფლების, ნათელი მაჩვენებელია მათი პრინციპების.

- კიდევ რას ერჩით ხელისუფლებას?

- რას ვერჩი? ხალხს ჰპირდებოდნენ, ტარიფები შემცირდებაო, განახევრებას ჰპირდებოდნენ, ამ დროს რა მოხდა?! 35%-ით გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი. იგეგმებოდა გაზის ტარიფის გაზრდა. ჩვენ რომ არ გვებრძოლა, ისიც აუცილებლად გაიზრდებოდა. თუმცა კომერციულ ორგანიზაციებს გაუძვირეს საფასური.

- საარჩევნო წელი დგება, შემოიჭერს ხელისუფლება ქამრებს? იქნება მოსახლეობისთვის შეღავათები? თუ მხოლოდ კომპრომატების გამოქვეყნებით გააგრძელებს მოსახლეობის გამოკვებას?

- შესანიშნავ მომსახურებას უწევს ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა. დღეს რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობდეს, ეს ხელისუფლება არჩევნების გზით დაემხობოდა. ნაციონალური მოძრაობა იმდენად ეზიზღება ხალხს, რომ მათი აქტიურობა ფარავს ამ პრობლემებს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ რომ არ გაგვეხსენებინა პენსია და ტარიფები, შეიძლება დღეს ეს არც არავის ახსოვდეს. ეს იმიტომ, რომ მთელი ყურადღება გადატანილია ამ „ბოროტი“ სააკაშვილის და „ბოროტი“ „რუსთავი 2“-ის დამხობაზე. ხალხი ჯერ კიდევ ელოდება ამათ დამხობას. ხელისუფლებას კი იმდენი ჭკუა ნამდვილად აქვს და სწორედ ამიტომ არ ამხობს ამათ.

- შეუძლია, მაგრამ არ ამხობს?

- რასაკვირველია. ნაცმოძრაობა ხელისუფლების შენარჩუნებულია. როდესაც კრიზისია ქვეყანაში, შესანიშნავი საშუალებაა, რომ ყურადღება ამ თემებზე გადაიტანო.

ჯონდი ბაღათურია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება იმ შეთქმულებების გამო, რომელთა ჩანაწერები ვრცელდება, არავის დააკავებს.

- რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?

- აღდგომა და ხვალეო, თქვენც მალე დარწმუნდებით. გამორიცხულია, რომ ვინმე ამის გამო დააკავონ.

- მაშინ რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი?

- არავის დაიჭერენ და რატომ, იცით? ესენი ამ სცენარისთვის სჭირდებათ, ბუად! იმისთვის, რომ შუა გაიკრიფოს. ასე იკინკლავებენ არჩევნებამდე.

- ამას ვერ მიხვდება საზოგადოება?

- ხალხი აღარ ფიქრობს იმაზე, რომ შია, სცივა, შიში აქვთ, რომ ნაციონალები არ მობრუნდნენ, ამიტომ დანარჩენ პრობლემებზე თვალს ხუჭავენ. ყველამ ვნახეთ შაბათს გოგა ხაინდრავას შესანიშნავი ისტორიული ფილმი, რომელმაც თავიდან ბოლომდე აჩვენა სააკაშვილის და მისი ბანდის მთელი სიბოროტე.

- შეახსენეს საზოგადოებას სააკაშვილის სახე?

- გასაგებია, რომ ხალხს ამის დაბრუნება აღარ უნდა, მაგრამ მე ვსვამ შეკითხვას, ამას რომ ხალხი აკეთებდა და შენ რომ იმასთან კოაბიტაციაში ხარ და ჩუმჩუმად ფუსფუსებთ და ქვეყნის მთელი ბიზნესი და ეკონომიკა რომ გადაინაწილეთ, ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, უკეთესია ნაციონალურ მოძრაობაზე?!

ოპოზიციონერი აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლებას მოტივაცია არ აქვს, დაპირებები შეასრულოს. იმიტომ, რომ არ არსებობს დამსჯელი პოლიტიკური ძალა, ანუ კონკურენტი პოლიტიკური ძალა.

- მერე სად არის ეს ალტერნატივა, სად არის რეალური ოპოზიცია?

- ალტერნატივა არ არის! ჩვენ ვერ ვქმნით ალტერნატივას ორი მიზეზის გამო. ერთი ის, რომ ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეავსოს საინფორმაციო ველი და მთლიანად თვითონ დაიკავოს ნაციონალებთან კინკლაობით. ნაციონალების არ ეშინიათ, იციან, რომ ხალხის მხარდაჭერას ვეღარ მოიპოვებენ. მათთან კინკლაობით კი გზას უღობავენ რეალურ ოპოზიციას განვითარებისკენ. თუმცა ვერც ჩვენ ვახერხებთ ერთიანობას. ჩვენც ცალ-ცალკე ვნიშნავთ მიტინგებს. არ გვაქვს ერთმანეთთან ისეთი კოორდინაცია, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენს განვითარებას. ყველა რესურსი ჩაკეტილია ჩვენთვის, როგორც მედია რესურსი, ისე ფინანსური. აბა, როგორ უნდა განვვითარდეთ?!

- ანუ სახარბიელო პერსპექტივა არ არის?

- ასე იყო შევარდნაძის დროსაც, მაგრამ დაგროვდა წნევა და ამოხეთქა რევოლუციის სახით, იგივე გაიმეორა სააკაშვილმა და 2012 წელს კვლავ ამოხეთქა. სწორედ რომ რევოლუციის შედეგი იყო 2012 წლის 1 ოქტომბერი. 2007 წელს დაიწყო ეს ბრძოლა და 2012-ში დასრულდა. ოპოზიცია ყოველთვის ახერხებდა, რომ ამ დაგროვებული ენერგიის სათავეში მოქცეულიყო და ახლაც ასე იქნება.

ჯონდი ბაღათურია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროზე მოეგოს გონს.

- ინაშვილს არჩევნები უსინდისოდ გაუყალბეს. ერთი ინაშვილის შესვლა რომ არ დაუშვა პარლამენტში ხელისუფლებამ, ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამს 2016-ში? ის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და გააყალბებს კიდეც. ოპოზიციას კი არ აქვს იმის რესურსი, რომ ძალით დაეჯახოს არჩევნების გაყალბებას.

- გამოდის, რომ საშველი არ არის?

- არის, როგორ არ არის. ხალხი არავის პატიობს არჩევნების გაყალბებას და ეს ხალხი გამოვა ქუჩაში! ეს ძალიან მარტივი და პრიმიტიული ლოგიკაა, რომელიც ერთხელ ვნახეთ, ორჯერ, სამჯერ და ასე უნდათ? კარგი, მეოთხედაც ვნახოთ!

”"„კვირის ქრონიკა“, 9 ნოემბერი, 2015 წელი

დავუშვათ, -გირჩ-იეთ, მერე ვჭამოთ? ცოტა ხნის წინ „გირჩები ბიძინამაც შეგაქოთ, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგესო, დაიჯერეთ?

გელა ზედელაშვილი

ამ დღეებში ისტორიული მოვლენის მოწმენი გავხდით, ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი ე.წ. ცენტრი შეემატა, აქამდე იყო 299 პოლიტიკური პარტია, გახდა 300. როგორც იქნა, დამრგვალდა, ხალხო, დამრგვალდა! ისე, ყოფილ „ცოცხმენებს“ („ნაციონალებს“), ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი მელაძეს, პავლე კუბლაშვილსა და გოგა ხაჩიძეს თავიანთი პოლიტიკური ცენტრისთვის რომ 300 (მეტ ამომრჩეველს მაინც ვერ მოაგროვებენ) გირჩიანელი დაერქმიათ, უფრო კარგად ჩაჯდებოდა ლოგიკაში. არადა, როცა ახალ პოლიტიკურ მოღვაწეობას შეცდომით იწყებ, ეს არ არის კარგის ნიშანი – საერთოდ, ბოტანიკურ ლიტერატურაში სწორ ფორმად დამკვიდრებულია „გირჩა“ და არა „გირჩი“. მოკლედ, სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ, მოდით, ვნახოთ, რა უნდათ ჩვენგან გირჩიანელებს, რას გვატყუებენ და რას გვირჩიან“: ესე იგიო, თუ ფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკა დაჭაობდა, პოლიტიკოსები სამუზეუმო ექსპონატებად გადაიქცნენ და საკუთარი ამბიციებითა და არაკომპეტენტურობით აქცევენ ქვეყანას, ძირითადად მოქალაქეების ფულის ფლანგვით არიან დაკავებული, მაშინ შემოგვიერთდითო. თქვე მართლა პალიკოებო, ასე რომ ვფიქრობდით, სწორედ ამიტომ არ ვცადეთ თქვენი მოშორება 2012 წელს? დიახ, ვცადეთ, მაგრამ ჩემი ფეხები, ვერ მოგიშორეთ ვერც თქვენ და ვერც თქვენნაირები!

წავედით „დალშე“: პალიკოები გვიმტკიცებენ, პოლიტიკაში სიახლის, ახალი ადამიანების, მეტი გამჭვირვალობისა და სიმართლის დროა… თუ მოგბეზრდათ ურაპატრიოტიზმი პოლიტიკაში, ჰაერიდან მოტანილი, ტყუილი დაპირებები, მედროვეობა, მლიქვნელობა და უპრინციპობა, ჯოს-ჯოს ძახილი, ბელადის ძებნა, ადამიანების დანიშვნა-დაწინაურება ნათესაობისა და ახლობლობის მიხედვით, დაშტამპული, ყავლგასული, ზოგადი საუბრები დემოკრატიაზე, ჰალსტუხით დაბადებული პოლიტიკოსები, კონსტიტუციისა და საარჩევნო სისტემის მუდმივად საკუთარ თავზე მორგება, აგერ ვართ ახალი ადამიანები, აგერ ვართ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები, ყავლგაუსვ ლელები, უჰალსტუხოები, შემოგვიერთდითო. თქვე „გირჩისთავებო“, ახლა აღარ მოგწონთ ჰალსტუხი? რათა, თქვენმა „ქინძისთავმა“ 2008-ში რომ ღეჭა, იმათა? ჰაერიდან მოტანილი ტყუილები და დაპირებები თქვენი ხელობა იყო 9 წლის განმავლობაში, ახლა სხვა სისხლი გადაისხით თუ გენე ტიკური კოდი შეიცვალეთ? უცებ ისე ალაპარაკდით, გეგონება, „მიშა მაგარია“ ჩემი დაწერილია!

შემდეგი სადგური: თუ მოგბეზრდათ შავი ჯიპებით, სირენებითა და 500-კაციანი დაცვით, ახლად გახსნილი ობიექტების წინ პოლიტიკოსების პოზიორობა, არათანმიმდევრულობა და პოპულიზმი, ახლობელი ბიზნესების რიგითი მოქალაქეების ხარჯზე მხარდაჭერა, წინასაარჩევნოდ გაჭირვებული ადამიანების მოსყიდვა, ჩინოვნიკების პრივილეგიები და ლოჟებში ჯდომა, გაზულუქებული ადამიანების მიერ ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვა პრემიებსა და დანამატებზე, ზიზღის თესვა და ადამიანების დაყოფა ჩვენიანებად და მტრებად, პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ქედმაღლობა და მათგან ჭკუის დარიგება, უკანონო მოსმენები, ჩხრეკა და მოსაშარდად გადაყვანა, უპრინციპო ადამიანების ქეიფი და მოგზაურობა ბიუჯეტის ხარჯზე, ტელევიზორში გამოსაჩენად ფარისეველი პოლიტიკოსების ეკლესიებში სიარული და სანთლით ხელში პოზირება. ნუ ელოდებით ახალ ბელადს და ახალ პოლიტიკურ ძალას, ახალი ძალა ხართ თქვენაოოოო! გვაღადავებთ, ტოოო?!. რაც ზემოთ ჩამოთვალეთ, ყველაფერი ერთიერთზე ჯდება თქვენს წარსულთან, სანთლით ხელში პოზირება „მიშმაკაკური“ სექტის წარმომადგენლების ხელობა იყო, იდექით და პოზირებდით, ხან სანთლის ანთებაც კი გავიწყდებოდათ ეკლესიაში და ერთ ადგილს იფხანდით. რაც შეეხება ახლობელთა ბიზნესებს, კუ ბლაშვილები მომიკითხეთ ტყიბულის მიმართულებით!

უკაცრავად, მაგრამ დოქსოპულოებო, თქვენ მშობლები (განსაკუთრებით დედა და მამა), მეზობლები, ან მეგობრები გყავთ? თუ გყავთ და ამდენ ხალხში ერთიც არ გამოჩნდა ისეთი, რომ ჭკუაზე დაერიგებინეთ, მაშინ იძულებული ვარ, მე გითხრათ სიმართლე ქართველი ერის სახელით… თუმცა, ძვირფასო მკითხველო, სანამ ამას გავა კეთებდი, მინდოდა, ჩემს „მეგობარ“ გოგა ხაჩიძეს გავსაუბრებოდი ჭეშმარიტ დემოკრატიაზე, სინდისზე, ნამუსზე, ადამიანობაზე, ქართველობაზე სარწმუნოებასა და კიდევ ათას რამეზე (გოგასთან სასაუბროს რა გამოლევს?), მაგრამ მან არ ისურვა ჩემთან საუბარი. პრინციპში, მესმის მისი – როცა გარემოს დაცვის მინისტრი გახლდათ, ნოველებისა და ლექსების წერა დაიწყო. ერთხელ გავაკრიტიკე, „ნაწარმოებები“ დავუწუნე, გამწარდა და „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, ამ ჟურნალისტს ჩემს კაბინეტში მოვიწვევ, მივაჩმორებ, ყველაფერს გადავიღებ და გამოვაქვეყნებო. გამოწვევა მივიღე, მივედი, ვიდეოკამერა შესასვლელშივე დამახვედრა, ყველაფერი გადაიღო, 2 საათი „ვიჭიდავეთ“, ბოლოს მეხვეწე ბოდა, თავი დამანებე, კალამს ხელს აღარ მოვკიდებო. იმ ჩანაწერს დღესაც ვეძებ, მინდა, მე თვითონ გამოვაქვეყნო, მაგრამ საგულდაგულოდ მალავს. ჰოდა, ახლა ეს სადღეგრძელოც რომ პირისპირ გავურჩიო და მივაჩმორო, აწყობს? რა თქმა უნდა, არ აწყობს, ეგრევე შემოეშლება თავისი „ტუფტა“ პოლი ტიკური ცენტრი. გეუბნებით, გოგა ხაჩიძეს ჩემი პათოლოგიური შიში აქვს, შეიძლება ვეზიზღები კიდეც… რა ვიცი, ამ „ცოცხმენებს“ რას გაუგებ? მე ჩემი პროფესიული ვალი მაინც მოვიხადე, დავურეკე, არ მიპასუხა, მივწერე: „ბატონო გოგა, ყველაფერი მომბეზრდა, მინდა, ახალ ადამიანად ჩამოვყალიბდე, რა ტომ არ მპასუხობთ“? ისევ დავურეკე, გამითიშა, არ მოვეშვი, გამითიშა, ისევ მივწერე: „კარგი, ნუ მიპასუხებთ, თქვენს გარეშე გავარჩევ თქვენ მიერ დაწერილ სადღეგრძელოს და მერე პრეტენზია ნუ გექნებათ“. „ფეის ბუკშიც“ მივწერე, აშკარად მემალება, უკვე გითხარით, პათოლოგიურად ეშინია-მეთქი. გოგა ხაჩიძის უახლეს ბიოგრაფიაში არსებობს კიდევ ერთი საჩოთირო მომენტი, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა „გირჩის“ დაფუძნება: ამა წლის 30 მაისს ის „ნაცებმა“ მიძუყნეს. ეს მოხდა გია ბარამიძის ახალ სახლში, ჭავჭავაძის № 83-ში. მათ პრეტენზიები ჰქონდათ, თუ ჩვენგან წახვედით, პარლამენტიც და ტოვეთო. გოგას წამოარტყეს გივი თარგამაძემ და მისმა ძმამ – ნიკამ. მართალია, ხაჩიძემ მაშინ უარყო, ჩემი მომრევი ჯერ არ დაბადებულაო, მაგრამ ის მაინც უნდა ახსოვდეს, გივია თარგამაძე რომ დაემუქრა, თუ ჩვენზე რამე ისეთს იტყვი, გირჩს გაგიკეთებ ერთ ადგილასო. ახლა ხვდებით, საიდან იწყება „გირჩის“ დაარსების ისტორია?

ახლა იმაზეც ვთქვათ, რას გვპირდებიან ეს „გირჩისთავები“ და ბოლოს ქართველი ერის სახელით სიმართლესაც მივახლი პირდაპირ:

„ჩვენ გვწამს ადამიანის გონიერების. გონიერი ადამიანების ნებაყოფლობითი თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლოა“. ანუ გვეუბნებიან, თქვენ ხომ ხართ გონიერები, მაგრამ ჩვენ კიდევ „ვაბშე“, „უგონიერესები“ გახლავართ და ეს ურთიერთსასარგებლო იქნებაო.

„ადამიანს ღიად და თავისუფლად უნდა შეეძლოს, თავი მიაკუთვნოს ნებისმიერ რელიგიურ კონფესიას, გამოთქვას აზრი საჯაროდ (საკუთარი ხარჯით), არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი მოსაზრების, რელიგიური კუთვ ნილების, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერი უმრავლესობისგან განსხვავებული ნიშან-თვისების გამო“. საჯაროდ აზრის გამოთქმა საკუთარი ხარჯით როგორ მოგწონთ? ესე იგიო, თუ ხმას მოგვცემთ არჩევნებში და გავიმარჯვებთ, თქვენ უფლება გექნებათ, აზრი საჯაროდ გამოთქვათ, ოღონდ საკუთარი ხარჯებითო. ახლა ხომ ფულს იხდით, მერე ეს ყველაფერი უფასო იქნებაო.

„სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში საკუთრების დაცვაში მოქალაქეების დახმარებით და დავების გადაწყვეტით უნდა შემოიფარგლოს. მთავრობას უნდა აეკრძალოს ეკონომიკურ სფეროში ჩარევა – ვაჭრობის კონტროლი, ხელფასის, პროდუქციის ფასის, იჯარის, მოგებისა და საპროცენტო განაკვეთის დადგენა ან კონტროლი. მთავრობას უნდა აეკრძალოს ადამიანების ნებაყოფლობით შეთანხმებებში ჩარევა“.

აბა, ბებიები დაიფიცეთ, ეს რომ 2012 წლამდე გეთქვათ, ხომ აგიგებდათ სააკაშვილი საფერფლით ანდერძს? ახლა მოგინდათ სრული იდილია და თავისუფლება? მთავრობას უნდა აეკრძალოს ეკონომიკურ სფეროში ჩარევაო, გააჩნია ჩარევას, ბარემ დაგეწერათ, პენსიების დარიგებაც აეკრძალოსო.

„ქართული სახელმწიფო უნდა ესწრაფოდეს მშვიდობიან თანაცხოვრებას სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოს დასავლეთზე ორიენტაციასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე მიმართული ძალისხმე ვა ერთადერთი სწორი საგარეო პოლიტიკაა“. უი, ყველაში რუსეთი არ ახსენოთ, თუთბერიძე და ჩერგოლეიშვილი რუსეთუმეობას დაგწამებენ. ისევ ევროატლანტიკური, ისევ ნატო და ჩემი ფეხები, ეს ხომ ზეპირად ვიცით, თქვენი ჩიჩინი რაღაში გვჭირდება?

„ახალი პოლიტიკური ცენტრი გთავაზობთ: აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას: ღია და თავისუფალ სიას 2016 წლის საპარლა მენტო არჩევნებისთვის, სადაც არ დაგხვდებათ წინასწარ ჩამოწერილი ხალხი. თქვენი იდეებისა და ინიციატივების საპარლამენტო მხარდაჭერას მომდევნო 1 წლის განმავლობაში; მედიამხარდაჭერას; სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას; მხარდაჭერას საარჩევნო გამოცდილებით როგორც წინასაარჩევნოდ, ისე არჩევნების დღეს; საარჩევნო პროგრამას ტყუილი დაპირებების გარეშე; საოფისე მხარდაჭერას რეგიონულ ცენტრებში; რესურსებით მხარდაჭერას წინასაარჩევნო პერიოდში. ვის არ ვიღებთ და არ ვეხმარებით: ფაშისტებს, ჰომოფობებს, ქსენოფობებს პროოკუპანტებს. ჩვენ შევქმნით პირველ პარტიას საქართველოში, რომელიც პარლამენტში ძირითადად თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შევა“.

ისევ შეცდომები – ჯერ ერთი, საქართველოში ფაშისტები არ არსებობენ და მეორეც – ვის რაში სჭირდება „გამოპალიკოებული“ ადამიანების რჩევა-დარიგებები?

აი, უკვე დადგა დრო, ქართველი ერის სახელით გითხრათ სრული სიმართლე: თქვენ, ყოფილი „ცოცხმენები“ მიშასაც კი აღარ იმსახურებთ, თქვენი შეფი უნდა იყოს ხათუნა გოგორიშვილი! თქვენ დიდი მიქარვის შემდეგ ვითომ გამოსწორების გზას დაადექით, მაგრამ ამას აღარავინ ჭამს… ააა, ქინძობა აღარ გინდათ და ახლა სხვა სახელით გვეტენებით?! არ გამოვა ეგ საქმე! დავუშვათ, ა-გირჩი-ეთ, მერე გირჩები ვჭამოთ?! ცოტა ხნის წინ ბიძინამაც შეგაქოთ, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგესო, დაიჯერეთ?! თქვენ გვაბოლებთ, გირჩი განახლების სიმბოლოაო. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ განახლების სიმბოლო არის კვერცხი და პენისი, გააჩნია, რომელ ჯგუფს მიეკუთვნები, ძუძუმწოვრებს თუ კვერცხუჯრედიანებს. ეჭვი მაქვს, რომ თქვენ ძუძუმწოვრები ხართ!

დაბოლოს… ერთ წინადადებას მაინც სერიოზული ტონით გეტყვით – თქვენ ქართველ ხალხს შეაზიზღეთ სიტყვა „ნაციონალიზმი“, ახლა გინდათ, გული გვერეოდეს გირჩებსა და ნაძვებზე (ეს ახალი წელი მაინც გადასულიყო). თქვენ აპირებთ, გააუპატიუროთ გირჩა, რომელიც გამოყენებულია რომის პაპის კვერთხში და წმინდა ნაყოფად ითვლებოდა ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთსა თუ ეთიოპიაში. ასე გინდათ ნატოსა და ევროკავშირში შესვლა? ვაი, თქვენს პატრონს!

Comments are closed