„რეზონანსი“: ვინ რომელ მხარეს იქნება „ნაცმოძრაობის“ გაყოფის შემდეგ „რეზონანსი“: ინტერვიუ ზურაბ ბიგვავასთან: „ნაცმოძრაობის“ გაყოფის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მეტი მომხრე ეყოლება“ // „დიდი ნაწილი სააკაშვილისნაირ ქარიზმატულ და აგრესიულ ლიდერს ირჩევს და ასე ხდებოდა ყოველთვის…”
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „საქართველოში მოხდება ის, რაც დღეს რუსეთში ხდება – მხოლოდ ერთი პარტია იარსებებს”
„რეზონანსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მიშას გარეშე ამ პარტიას მხარდამჭერები არ ეყოლება“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ნიკა მელიასთან: „გიგა ბოკერიას ბერკეტი რომ ჰქონდეს, ალბათ, იზოლატორში გამომკეტავდა“
„რეზონანსი“: ინტერვიუ სერგი კაპანაძესთან: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენს გუნდშია“
„რეზონანსი“: რამდენად დააზარალებს „ნაცმოძრაობას“ ბოკერია-უგულავას ფრთის გამოყოფა? (გამოკითხვა)
——
„საქართველო და მსოფლიო“: მაოხრებელი მეკვლე და ნაკლებად ერთიანი „ნაცმოძრაობა“
——
„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „ის, რაც რატი გაჩეჩილაძესა და ნიკა გვარამიას შორის მოხდა, მიკვირს, ადრე რომ არ მოხდა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „გიგი უგულავას გამოშვება ბიძინა ივანიშვილს არაფერში სჭირდება“ // „ხალხს წარსულის გამოცდილება ახსოვს და ამიტომ ჰგონია, რომ სასამართლოს ვინმე მართავს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „მოსმენების საკითხზე მმართველ გუნდში წინააღმდეგობაა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „ლარის გამყარების ყველა რესურსი არსებობს“
——
„რეზონანსი“: რისთვის ამზადებენ რუსები წებელდას პოლიგონს
„რეზონანსი“: აფხაზეთის ჩაბნელება თითქმის გარდაუვალია // თებერვალ-მარტში ენგურჰესი ვეღარ გამოიმუშავებს იმდენ დენს, რამდენსაც სეპარატისტული რეგიონი მოიხმარს
———————–
„რეზონანსი“, 11 იანვარი, 2017 წელი
ვინ რომელ მხარეს იქნება „ნაცმოძრაობის“ გაყოფის შემდეგ
ბოკერია-ბაქრაძის ფრთა პარტიას ოფიციალურად 12 იანვარს გამოეყოფა
სალომე სარიშვილი
“ნაციონალური მოძრაობის” ორად გაყოფა უკვე გადაწყვეტილია. სხვადასხვა საშუალებით გავცრელებულ ცნობებს, რომ ხვალ, 12 იანვარს ბოკერია-ბაქრაძის გუნდი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად პარტიას ოფიციალურად გამოეყოფა და საზოგადოების წინაშე “ევროპული საქართველოს” სახელით გამოჩნდება, “რეზონანსის” წყაროებიც ადასტურებენ. შესაბამისად, პარლამენტშიც ახალი ფრაქცია შეიქმნება და მასში რამდენიმე ცნობილი დეპუტატი შევა. მიხეილ სააკაშვილის ფრთა კი პარლამენტში ახალი ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში კვლავ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით და, სავარაუდოდ, 6 დეპუტატით იმუშავებს.
რაც შეეხება დაპირისპირებულთა გადაჯგუფებას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდში შემავალ დეპუტატებსა და პოლიტიკოსებს შორის, გაცხადებული პოზიცია, ნიკა მელიასთან ერთად, დეპუტატ თინა ბოკუჩავას აქვს. “რეზონანსის” ინფორმაციით, ამავე ფრთაში მოიაზრებიან რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, გიორგი ტუღუში, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოფილ სახალხო დამცველზე, გიორგი ტუღუშზე მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა აზრი იმის შესახებ, თითქოს დეპუტატი პარლამენტში მანდატის დატოვებას აპირებდა, თუმცა “ნაციონალურ მოძრაობაში” აღნიშნული ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს.
მიხეილ სააკაშვილის გუნდში ასევე არიან ყოფილი დეპუტატები და ცნობილი სახეები – ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, აკაკი მინაშილი, ნუგზარ წიკლაური, ზაზა ბიბილაშვილი, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები.
საგულისხმოა, რომ ექსპრეზიდენტის გუნდის წევრების მიერვეა 20 იანვრის ყრილობის საორგანიზაციო კომისია დაკომპლექტებული, რომელსაც პეტრე ცისკარიშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც გიგა ბოკერიას გუნდი არალეგიტიმურს უწოდებს.რაც შეეხება უშუალოდ პოლიტსაბჭოს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს გამართვაზე ამჟამად პარტიაში საუბარი არ მიდის, ხოლო ბოკერია-ბაქრაძის გუნდი მაღალი ალბათობით, 12 იანვარს “ნაცმოძრაობას” გამოეყოფა.
რაც შეეხება ბოკერია-ბაქრაძის გუნდს, მასში ერთიანდებიან შემდეგი დეპუტატები: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, აკაკი ბობოხიძე, ლევან ბობოხიძე, ლაშა დამენია, ირაკლი აბესაძე, ზაზა კედელაშილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ოთარ კახიძე და გიგი წერეთელი. ასევე, 25 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
“რეზონანსის” წყაროს ცნობით, ამავე გუნდს მხარს უჭერს პოლიტსაბჭოს გარკვეული ნაწილი. მათ შორის, მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი (გოკა) გაბაშვილი.
აღსანიშნავია, რომ თუ გიგა ბოკერიას გუნდი “ნაციონალური მოძრაობიდან” წავა, რაც, პრინციპში, უკვე გადაწყვეტილია, ის “ევროპულ საქართველოში” გადაინაცვლებს, რომელიც პარლამენტში ენმ-სთან ბლოკით შევიდა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის მამას ეკუთვის. “ნაციონალურ მოძრაობას” კი ექნება თავისი ფრაქცია. ფრაქციის შესაქმნელად 6 დეპუტატია საჭირო, ამდენი დეპუტატი კი, ჩვენი ინფორმაციით, პარტიაში ისედაც რჩება.
„რეზონანსი“, 11 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ზურაბ ბიგვავასთან: „ნაცმოძრაობის“ გაყოფის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მეტი მომხრე ეყოლება“ // „დიდი ნაწილი სააკაშვილისნაირ ქარიზმატულ და აგრესიულ ლიდერს ირჩევს და ასე ხდებოდა ყოველთვის…”
სალომე სარიშვილი
სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ორად გაყოფის შემდგომ, მხარდამჭერთა რიცხვი ბოკერია-ბაქრაძის ფრთას უფრო მოაკლდება, ვიდრე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდს. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გიგა ბოკერიას გუნდი ინტელექტუალურ ელიტად მიიჩნევა, ამომრჩეველი არჩევანს მაინც მიხეილ სააკაშვილზე გააკეთებს, როგორც პარტიის ლიდერსა და ქარიზმატულ მმართველზე. ზურაბ ბიგვავა იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა გიგა ბოკერიას ჯგუფმა პოლიტიკა შეცვალოს და ეს ახალი ძალების მოსაზიდად გამოიყენოს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე მოვლენებსა და პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგებზე “რეზონანსი” ზურაბ ბიგვავას ესაუბრა.
- უკანასნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უახლოეს დღეებში ორად გაიყოფა. თქვენი შეფასებით, რომელ ფრთას ექნება საზოგადოების უფრო მეტი მხარდაჭერა და როგორ გადანაწილდება მათი ელექტორატი?
- პრინციპში, ის ნაწილი, რომელსაც ბოკერია-ბაქრაძის ფრთას უწოდებენ, ყველაზე კრეატიულ, განათლებულ და მოაზროვნე ჯგუფად მიიჩნევა და ამიტომაცაა, რომ მათ “ნაციონალური მოძრაობის” ელიტას ეძახდნენ. გასაკვირი არაა, რომ მათ იდეოლოგიურად მდგრად და ჩამოყალიბებულ ადამიანებად მოიაზრებენ. პრაქტიკულად, ეს ჯგუფი იყო პარტიის ლიდერთა ნაწილი და ამის მიზეზზე უკვე გესაუბრეთ.
თუკი ეს ადამიანები ცალკე გამოვლენ, რეალურად მათი მხარდამჭერები შესაძლოა შემცირდეს კიდეც, რადგან ისინი “ნაცმოძრაობასთან” ერთად წარმოადგენდნენ ელიტას. 500 ათას ამომრჩეველზე აპელირებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ხალხია, რომელიც მათ მხარდამჭერებად სულაც არ მიიჩნევიან, არამედ მიიჩნევიან მიშა სააკაშვილის ამომრჩევლებად, როგორც პარტიის მამისა და ლიდერისა.
თავის დროზე დიდ ლიდერებს ყველა ასე უყურებდა და მათ შორის, შევარდნაძესაც და გამსახურდიასაც. ასეა მიშას შემთხვევაშიც და შესაბამისად, ეს ხალხი იმ ადამიანების მხარდამჭერები უფრო იქნებიან, რომლებიც 7 ათასიან ყრილობას აკეთებენ. მიუხედავად ამ შეფასებისა, დიდი შანსია, რომ ბოკერიას ინტელექტუალური ფრთის გარეშე, ეს ხალხი დაიბნეს კიდევაც.
- ახსენეთ, რომ ბოკერიას ფრთა ინტელექტუალებით გამოირჩევა. თქვენი აზრით, ეს ფაქტორი არ იქონიებს გავლენას ახალი მხარდამჭერების მოპოვების თვალსაზისით?
- საერთოდ დიდ ელექტორატში ასეთ ინტელექტუალურ ელიტას ძალიან მცირე ადამიანთა რიცხვი უჭერს მხარს. საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილისნაირ ქარიზმატულ და აგრესიულ ლიდერს ირჩევს და ეს ასე ხდებოდა ყოველთვის. თუმცა შესაძლოა ეს მუხტი გაქრეს კიდეც, ვინაიდან თავად სააკაშვილს აქვს ცუდი პერიოდი და ის ნელ-ნელა ქრება. სიმართლე გითხრათ, ძალიან მებრალება სააკაშვილი, რადგან მას კარგი მომავალი არ უჩანს.
- ასეთ შემთხვევაში რა მოხდება, თუკი სააკაშვილი, როგორც ლიდერი გაქრება? რამდენად მოსალოდნელია მისი მხარდამჭერები მეორე ფრთისკენ გადანაწილდნენ?
- არანაირად, სააკაშვილის მომხრე არასოდეს გახდება ბოკერიას მხარდამჭერი, ისევე როგორც კირკიტაძისა ელენე ხოშტარიასი. მათ სხვადასხვა იდეოლოგია და მენტალობა გააჩნიათ. მათ მომხრეებს შორის არსებითი, იდეოლოგიური განსხვავებაა. ეს ამ მოვლენების მთავარი ფაქტორია და არა მათი საუბარი იმის შესახებ, რომ გარკვეულ საკითხებზე აქვთ აზრთა სხვაობა აქვთ. თუმცა, არაა გამორიცხული ბოკერიას ფრთამ სხვა გზა აირჩიოს და საამისოდ კურსი შეცვალოს. ამ ლოგიკით რესპუბლიკელებსაც ჰყავდათ ამომჩეველი, მაგრამ ხომ ხედავთ ახლა ოპოზიციაში გადავიდნენ. ესენიც ასე იქნებიან, ეს ორი ნაწილი ღრმა ოპოზიციურ პაექრობაში იქნება, თუმცა ეს ცუდი არაა. შესაძლოა ბოკერია-ბაქრაძის ნაწილმა სააკაშვილის მეთაურობით ჩადენილი შეცდომები გააცნობიეროს და მის კრიტიკაზე აგებით ახალი ძალა მოიზიდოს. საბოლოო ჯამში, ახალი ძალების მიზიდვამ შესაძლოა საკმაოდ ნორმალური ოპოზიციური ძალაც კი შემქნას, რომლის ლიდერიც ბოკერია იქნება. თუმცა, ეს ისევ და ისევ მათზე იქნება დამოკიდებული.
- საბოლოოდ, რომელ ძალას ექნება მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშა?
- ვფიქრობ, ორივეს ექნება ოპოზიციური ძალის ნიშა, თუმცა ამას ერთმანეთში ვერ გაიყოფენ. საბოლოოდ კი, მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომელი უფრო მთავარი და წამყვანი ძალაა. არც ისაა გამორიცხული, არც ერთი ძალა არ წავიდეს წინ და ასპარეზზე სულ სხვა მოთამაშე გამოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს დაკარგავს. ამ გადმოსახედიდან კი როგორც გითხარით, სააკაშვილის მომხრეთა რიცხვი გაცილებით მეტია, იმ ადამიანებისა, რომელთაც მისი მმართველობის დროს უფრო მეტი სიკეთე დაინახა, დასაქმდა და ნეგატივი ვერ შეამჩნია.
„რეზონანსი“, 11 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „საქართველოში მოხდება ის, რაც დღეს რუსეთში ხდება – მხოლოდ ერთი პარტია იარსებებს”
თაკო მათეშვილი
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ ყველაფრით მოგებული მხოლოდ ხელისუფლება იქნება, რადგან მას კონკურენტუნარიანი ოპონენტი აღარ დარჩა. “ნაცმოძრაობისაგან” დარჩენილი ნაწილები კი, ცინცაძის აზრით, ვერანაირ წარმატებას ვეღარ მიაღწევენ და ეს 2017 წლის შუალედურ არჩევნებშიც გამოჩნდება.
მთავარი ოპოზიციის სტატუსის მქონე პარტიაში განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი ამბიციებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ წევრთა უმეტესობას თავი სააკაშვილის შემცვლელად წარმოუდგენია. რეალურად კი, მისი აზრით, გაყოფის შემდეგ პარტიისაგან დარჩენილი ნაწილების რეიტინგი ისე დაეცემა, რომ პარლამენტში შესვლას ვეღარასოდეს შეძლებენ.
“რეზონანსთან” ინტერვიუში სოსო ცინცაძე კვლავ გააქტუალურებულ ფარულ მოსმენებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის უინტერესოა.
სოსო ცინცაძე: დიდი ალბათობით, ძალოვან სტრუქტურებს ამ ე.წ “გასაღებს” ვერ წაართმევენ, ოღონდ კონტროლის მექანიზმი პარლამენტს გადაეცემა. ახლა დეტალებია გასარკვევი. პარლამენტში ვის გადაეცემა – მთელ პარლამენტს თუ კონკურეტულ ჯგუფს ან კომიტეტს? ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენად ჩაერთვებიან? პრლამენტისაგან კონტროლი რომ გამკაცრდება, ეს ზოგადი ნათქვამია. ქართული რეალობის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, ეს იმის მაქსიმუმია, რის გაკეთებასაც არასამთავრობო სექტორი შეძლებს. იდეალური, რასაკვირველია არ არის, მაგრამ რეალობა ასეთია.
- ანუ, საბოლოო ჯამში შედეგის ცვლილებას ნაკლებად ელით?
- მთავარი ისაა, რომ ჩვენი მოსახლეობის 99%-ს ეს პრობლემა აბსოლუტურად არ ადარდებს. არ აინტერესებთ, თუ ვის უსმენენ. მათგან მოსასმენი რა არის? ხალხი სატელეფონო საუბრისასაც იმაზე წუწუნებს, რომ ცხოვრება ძვირდება, ლარი უფასურდება, წამლების ყიდვა შეუძლებელი ხდება და ა.შ. ეს საიდუმლო ვისთვისაა? ამას ფარული მოსმენა რად უნდა? ამიტომაც არ აინტერესებს რიგით მოქალაქეს უსმენენ თუ არა. მადლობა ღმერთს, კრიტიკული აზრის გამოთქმისათვის დღეს ციხეში აღარავის სვამენ და ამიტომ არ აწუხებს ეს საკითხი ხალხს. იქნებ მეტად რომ მოუსმინონ ხალხს, ეგეც კი სჯობდეს. მერე იქნებ ჩვენი ნეტარმორწმუნე, თვითდაჯერებული “მეოცნებეები” აღარ გამოვიდნენ და აღარ თქვან, რომ მოსახლეობა კარგი ცხოვრებისაგან აღფრთოვანებულია.
- ანუ, მოსახლეობის მთავარი სატკივარი 2017 წელსაც სოციალური პრობლემები იქნება?
- დიახ, უმუშევრობა, ლარის კურსი, სიძვირე და ა.შ. ყველაფერი თვალსა და ხელს შუა ძვირდება. ასევე მოსახლეობის ის უნდობლობა მთავრობის მიმართ, რომელიც ყოველდღიურად კატასტროფულად იზრდება. ნდობის პრობლემა უკვე დგას. ანდა როგორ უნდა ენდოს ხალხი მთავრობას, როცა საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის და ამბობს, რომ ლარის დევალვაცია კარგია, რადგან ჩვენი ექსპორტი ამით უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ ლარი არ უფასურდება, რომ ეს ჭორი და ტყუილია. თითქოს მოსახლეობა დაბრმავდა და ყოველ ნაბიჯზე გახსნილ სავალუტო ჯიხურებთან გამოფენილ აბრებს ვერ ხედავს.
ასე რომ, მოსახლეობას ის კი არ ადარდებს უსმენენ თუ არა, არამედ ის, თუ რა ჭამოს. გრიპის ეპიდემია რომაა, ბავშვებს წამალი რითი უყიდოს. კარგია, რომ ოჯახის ექიმთან მისვლა უფასოა, ესეც შეღავათია, მაგრამ ექიმი წამალს რომ დაგიწერს, მის ყიდვას პენსიონერის ორი თვის პენსია სჭირდება. მოსმენები ხალხისთვის პრიორიტეტი ნამდვილად არაა, ამის ასე წარმოჩენას ხელოვნურად ცდილობენ. ხალხს სულ სხვა რამ აწუხებს.
- „ნაცმოძრაობის” გაყოფის სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია – 12 იანვარი. პარტია ისე დაიშალა, რომ მათ ერთობლივი ყრილობის ჩატარებაც კი ვერ შეძლეს. ელოდით, რომ მოვლენები ასე სწრაფად განვითარდებოდა?
- “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხარაკირი ჩაიტარა. ეს პარტია გაიყოფა და ეს მისი პარლამენტში ყოფნის უკანასკნელი წლები იქნება. ვეჭვობ, მომავალ არჩევნებში მისგან დარჩენილმა ნაწილებმა ბარიერი გადალახონ. არც ერთ მათ ლიდერს არ აქვს იმის რესურსი, რომ მომავალ არჩევნებში განახევრებულ პარტიას ბარიერი გადაალახვინოს.
- თქვენი აზრით, სააკაშვილის მხარეს დარჩენილებსაც აღარ ექნებათ იმის შანსი, რომ პარლამენტში მოხვდნენ?
- არა, მის მხარეს დარჩენილებს ამის შანსი მანამ არ ექნებათ, სანამ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას არ შეძლებს. პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მას ლიდერი უცხოეთიდან მართავდეს. მითუმეტეს საქართველოში, სადაც ყოველ მეორე პოლიტიკოსს ლიდერობის ამბიცია აქვს. “ნაცმოძრაობაშიც” ალბათ 50-60 ადამიანს მაინც სჯერა, რომ სააკაშვილზე უკეთესი ლიდერი იქნება. თუმცა, ქარიზმით არც ერთი გამოირჩევა. ამიტომ, ამ გაყოფით ვერც სააკაშვილის მომხრეები და ვერც მოწინააღმდეგეები ვერაფერს იხეირებენ.
“ნაციონალებს” რომ ჰკითხოთ, ნომერი პირველი პროდასავლური პარტია აქვთ. ის კი ავიწყდებათ, რომ პროდასავლური ცივილიზებულსაც ნიშნავს. მოუსმინეთ მათ – ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიან, შეურაცხყოფას აყენებენ და ა.შ. ესაა მათი პროდასავლური ფასეულობები და ღირებულებები? თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. 12-ის მერე ნახეთ, რა ეპითეტებით შეამკობენ ერთმანეთს.
- გიგი უგულავას ლიდერობის პოტენციალზე რას ფიქრობთ?
- არ ვიცი, როგორ მოევლინება გიგი უგულავა პარტიას – მეხანძრე იქნება თუ ამფეთქებელი, ანუ ხანძრის ჩასაქრობად გამოვიდა თუ გაყოფის დასასრულებლად და სიტუაციის ასაფეთქებლად. მესამე ვარიანტი აქ არ არსებობს. ის, რაც “ნაცმოძრაობაში” ხდება, მხოლოდ მმართველ პარტიას აწყობს. ესაა ძლიერი დარტყმა ქვეყნის სამომავლო დემოკრატიული განვითარებისათვის. საქართველოში კიდევ რომ იყოს ორიოდე პარტია მისი რესურსის მქონე, პარლამენტში ამიდენივე წარმომადგენელი ჰყავდეს და ა.შ. მაშინ ეს ტრაგედია არ იქნებოდა. არსებული რეალობის გათვალისწინებით კი, დღეს ერთადერთ ძლიერ ოპოზიციურ პარტიას ეღება ბოლო. საქართველოში ძლიერი ოპოზიციური პარტია აღარ იქნება.
- ანუ, ხელისუფლება ოპონენტის გარეშე რჩება?
- რასაკვირველია. მომავალ არჩევნებში ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია მაჟორიტარული სისტემაც გააუქმოს და უფრო ნორმალურადაც ჩაატაროს, შეკითხვები რომ აღარავის დარჩეს. ანუ, მოხდება ის, რაც დღეს რუსეთში ხდება – მხოლოდ ერთი პარტია იარსებებს. თუმცა, რუსეთში ერთპარტიულობა პუტინის “დამსახურებაა”, ჩვენთან კი – თავად “ნაციონალების”. განსხვავება ამაშია. მე “ნაციონალები”, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებიცა და მოწინააღმდეგეებიც, უფრო ჭკვიანები მეგონენ. დათო ბაქრაძეც უფრო მტკიცე ადამიანი მეგონა.
- რას გულისხმობთ?
- ამ გაწონასწორებულმა და ინტელექტუალმა კაცმა დემაგოგიის შიშს ვერ გაუძლო და უმცირესობის ლიდერობაზე უარი თქვა. არადა, ის უნდა ყოფილიყო მანამ, სანამ სააკაშვილი ჩამოვიდოდა და პარტიას კვლავ სათავეში ჩაუდგებოდა, თუკი ეს დრო ოდესმე დადგა. იმის შიშით, რომ დემაგოგები გალანძღავდნენ და სააკაშვილის მტერს დაუძახებდნენ, ბაქრაძემ ამაზე უარი თქვა, შინაგანი სიმტკიცე არ ეყო. ამან ხელი შეუწყო იმ ადამიანების ამბიციების კორიანტელს, რომელთაც ლიდერობის მონაცემები არ აქვთ.
- ვის გულისხმობთ?
- მთელი ჯგუფია ასეთი, ჩამოთვლა არ მინდა. ვინც დღეს აცხადებს, რომ გაყოფის ალტერნატივა არ არსებობს. გაყოფა იმიტომ უნდათ, რომ თავად იყვნენ ლიდერები. იგივე ხდება, რაც დანარჩენ ოპოზიციაში – 2-3 კაციანი პარტიები იმიტომ ვერ ერთიანდებიან, რომ ყველას ლიდერობა უნდა. წინა არჩევნების დროს იყო გაერთიანების შანსი, მაგრამ ლიდერზე ვერ შეთანხმდნენ. ესაა უსაფუძვლო ამბიციები. ჩვენთან 50-60 აქტიური პარტიაა და ყველას ლიდერი ჰყავს. თითოეული მათგანი არჩევნში 1%-საც ვერ აგროვებს, მაგრამ ლიდერები ხომ ჰქვიათ?! მთავრობისაგან კაპიკებს იღებენ. ვერ გეტყვით, ამბიციებს არიან გადაყოლილი თუ ეს კაპიკები მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ხდება.
“ნაცმოძაობასაც” იგივე ელოდება. ამ პარტიის ელექტორატის უმეტესობა პირადად მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველი იყო. მათში ფანატიკოსებიც არიან და მოაზროვნეებიც. მოაზროვნე ნაწილი ხედავს, რომ სააკაშვილის გარეშე პარტიაში ერთმანეთი უცებ დაჭამეს.
სხვათა შორის, “ოცნებაშიც” ქარიზმატული ლიდერების დეფიციტია. არავინაა ისეთი, ვისაც ხალხი გაჰყვება. ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური პოდიუმი მოიწმინდა. “ნაციონალების” ასეთი მოქმედება, თანაც ასეთი რადიკალური ფორმებით, ყველაფერს უსვამს ხაზს. ეტყობა, ვერ ფიქრობენ, თუ როგორ კარგავენ ხალხის თვალში ნდობას. იმ მინიმალურ ნდობასაც კი, რაც ჰქონდათ. ამას პირველივე არჩევნები დაადასტურებს.
„რეზონანსი“, 11 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მიშას გარეშე ამ პარტიას მხარდამჭერები არ ეყოლება“
თიკო ოსმანოვა
“ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირება პიკს აღწევს. დიდი ალბათობით, 20 იანვარს პარტიას ყრილობის გამართვა ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის გარეშე მოუწევს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარე პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებას ამ დღებში გააკეთებს. მანამდე კი ციხიდან ახლად გამოსული ქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა სააკაშვილთან საუბარს კიდევ ერთხელ შეეცდება.
როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რაიმე თარიღი იქნება შეთანხმებული, საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” გაყოფილი კი არა, დანგრეულია.
“ეს პარტია აღარ არის ერთიანი. ეს პარტია გაყოფის წინაშეა. როდესაც ადამიანები ერთმენთს გამარჯობას არ ეუბნებიან, ნიშნავს, რომ ფუნდამენტური პრობლემებია. პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი, პრაქტიკულად, აღარ არის. არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია. სამწუხაროდ, ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესში. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ახალი პარტია უნდა შეიქმნას და ის, რომ ჩვენმა თანამოაზრეებმა ახალი პარტია გავაკეთოთ რთული წარმოსადგენია და არ არის ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც შეუძლებელია წინსვლა და პროგრესი, მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, სად დარჩები – აირჩევ პროგრესს, თავისუფლებას, თუ გადაეშვები “ნაციონალურ”, პოპულისტურ დემაგოგიაში, რომელიც საზოგადოებას არაფერს მოუტანს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, კი სააკაშვილს გარეშე ყოფილ “ნაციონალებს” წარმატების არანაირი რესურსი არ გაჩნიათ. მისი თქმით, ე.წ ბოკერია-უგულავას ფრთა გიორგი ვაშაძისა და “გირჩის” ბედს გაიზიარებს.
“მთავარი ოპოზიციური ძალის ქვეშ ვგულისხმობდით იმ პარტიას, რომელსაც ოპოზიციურ ფრთაზე მანდატების მეტი რაოდენობა აქვს. ამჟამად მანდატების რაოდენობა რომელს აღმოაჩნდება უფრო მეტი, ჯერ უცნობია. საქართველო პარტიების დიდი სიჭარბით არ გამოირჩევა, მაგრამ მეეჭვება, რომ ბოკერია-ბაქრაძე-უგულავას ფრთამ მოახერხოს მომხრეების იგივე რაოდენობის მოკრეფვა, რაც ადრე პარტიაში ჰქონდათ. იმიტომ, რომ სააკაშვილის ქარიზმა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერებზე საკმაოდ ძლიერად მოქმედებს. ვნახეთ “გირჩი” და ვაშაძე, რომლის პოზიცია პრინციპულად იგივე იყო, რაც ადრინდელი “ნაციონალებისა” მაგრამ არჩევნებში შთამბეჭდავი შედეგი ვერ აჩვენეს. ასე რომ, მიშას გარეშე ამ პარტიას მხარდაჭერები არ ეყოლება, სავარაუდოდ, იმავე ბედს გაიზიარებენ,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“რეზონანსი” პარტიის დაპირისპირებულ ორივე მხარის წარმომადგენლებს, ნიკა მელიას და სერგი კაპანაძეს, დაუკავშირდა. გთავაზობთ მცირე ინტერვიუებს მათთან.
„რეზონანსი“, 11 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ნიკა მელიასთან: „გიგა ბოკერიას ბერკეტი რომ ჰქონდეს, ალბათ, იზოლატორში გამომკეტავდა“
თიკო ოსმანოვა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკანორ მელიას თქმით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 30 ნოემბერს მიიღო. მისი თქმით, ბოკერია ახლა ხელსაყრელ დროს ელოდება, რომ “პარტიის კარი ხმაურით გაიჯახუნოს”. მისი აზრით, ბოკერიამ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო – იცის, რომ ვერ შეძლებს პარტიის სათავეში ყოფნას.
ნიკა მელია: მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიას გუნდმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამართულ კენჭისყრაში წააგო და დარწმუნდა, რომ პარტიის მართვას ვეღარ შეძლებდა, დაიწყო დაკარგული ძალაუფლების არშეგუების პოლიტიკა. იციან, რომ 7 ათასი დელეგატით ყრილობაზე მათ მიერ დაყენებული ყველა საკითხი ჩავარდება, ამიტომ მიიღეს იძულებითი გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ. ახლა შესაბამის მომენტს ეძებენ, რომ კარები ხმაურით გამოხურონ. ამ ყველაფრის შემდეგ კი დაიწყეს უბრალოდ მავნებლობა, ცენტალური ოფისიდან გაათავისუფლეს ყველა ის ადამიანი და ასევე საპარლამენტო სიიდან ამოწერეს ყველას ის აქტიური წევრი, ვინც გიგა ბოკერის მხარს არ უჭერდა. ბოკერიას “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარეობოდან ჩემი გადაყენებაც სურდა, რადგან მას მხარს არ ვუჭერ, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.
ერთი სიტყვით, გიგა ბოკერიამ ჩაიდინა ყოვლად წარმოუდგენელი ქმედებები. ეს არის სწორედ ის, რაც საზოგადოებას არ მოსწონდა “ნაციონალურ მოძრაობაში”. მას სახელისუფლებო ბერკეტი რომ ჰქონდეს, ალბათ დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომკეტავდა.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოკერია და მისი თანაგუნდელები პარტიას ამ დღეებში დატოვებენ და ყრილობას აღარ დაელოდებიან…
- მათ უნდათ, რომ პარტია ყრილობამდე დატოვონ. 20 იანვარს გაიმართება ყრილობა, სადაც წარმოდგენილი იქნებიან დელეგატები ყველა რეგიონიდან და განისაზღვრება ამ პარტიის მომავალი – სწორედ ეს იქნება პარტიის ნამდვილი განახლება. გიგა ბოკერიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ ერთი მიზეზით – წააგო კენჭისყრა პოლიტიკურ საბჭოზე, დარწმუნდა, რომ პარტიას ვერ მართავს და ვერ იქნებოდა ადამიანი, რომელიც რასაც იტყოდა, ის გაკეთდებოდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის გუნდი, რომელიც ანგარიშვალდებულია 500 – ათასიანი ამომრჩევლის წინაშე და არა ბოკერიას წინაშე.
- გიგი უგულავამ და მიხეილ სააკაშვილმა რაზე ისაუბრეს, თუ გაქვთ ინფორმაცია?
- მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას შორის არანაირი შეთანხმება არ მომხდარა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გიგა ბოკერიამ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო. გიგი უგულავა კი გიგა ბოკერიას გუნდის წევრია და რა მოლაპარაკებაზე შეიძლება საუბარი, როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ?! ამიტომ ეს საზოგადოებისთვს თვალის ასახვევად კეთდებოდა. მათ ვუსურვებ წარმატებას იმ გზაზე, რომელსაც ისინი დაადგებიან.
- და თქვენი აზრით, სად ვიხილავთ თქვენს თანაგუნდელებს?
- ჩემი აზრით, მათ ექნებათ პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ვერანაირად ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობას. ჩემი ვარაუდით, მათ სერიოზული პრობლემა ექნებათ ბარიერის გადალახვისაც კი.
- რაც შეეხება პარტიის სახელს, როგორც ბრენდს, ამასთან დაკავშირებით შესაძლოა, პრეტენზიები გამოითქვას?
- 20 იანვარს “ნაციონალური მოძრაობა” ატარებს ყრილობას, რომელიც გადაწყვეტს ამ პარტიის ბედს და უკვე 21 იანვრიდან ახალ მიზნებსა და ამოცანებზე ვისაუბრებთ და დავიწყებთ შესაბამის მოქმედებას. სხვა ვერაფერს ვიტყვი.
„რეზონანსი“, 11 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ სერგი კაპანაძესთან: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენს გუნდშია“
თიკო ოსმანოვა
“ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობის აბსოლუტური უმრავლესობა არის ჩვენს გუნდში. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით, როგორც საპარლამენტო უმცირესობა და, ასევე, მთავარი ოპოზიციური ძალა”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას, ე.წ ბოკერია-უგულავას ფრთის მომხრე, პარტიის წევრი სერგი კაპანაძე.
სერგი კაპანაძე: ყველასთვის ცნობილია, რომ გიგი უგულავა, რაც გამოვიდა ციხიდან, ცდილობს სააკაშვილთან და მის მომხრებთან მოლაპარების წარმართვას იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა შანსი, რომ მოხდეს შეთანხმება და ერთიანობის შენარჩუნება.
თუ ეს ვერ მოხერხდება და, როგორც ჩანს მზადყოფნა არ არის, ასეთ შემთხვევაში იმ ჯგუფს, რომელსაც პრინციპული უთანხმოება აქვს როგორც სააკაშვილთან, ასევე მის მომხრეებთან, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – მოხდეს პარტიის გაყოფა.
- და როდის გადაწყდება ეს ყველაფერი საბოლოოდ – ყრილობაზე თუ მანამდე?
- ამ დღეებში გადაწყდება ეს ამბავი.
- თქვენ პირადად შეურთდებით გიგა ბოკერიას პარტიას თუ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ისე გააგრძელებთ პარლამენტში საქმიანობას?
- დამოუკიდებელი დეპუტატი არ ვიქნები. ამ გუნდს შევუერთდები.
- არის რაღაც შანსი, რომ მოხდეს ერთობის შენარჩუნება? რაზე ისუაბრეს მიხეილ სააკაშვილმა და გიგი უგულავამ?
- შანსი არ არის მაღალი, მაგრამ ვცდილობთ ამის გამოყენებსაც და მე მგონი, ამით არაფერი დაშავდება.
- და გაყოფის შემთხვევაში წარმატების რა შანსები გაქვთ, თქვენი აზრით?
- არ დაგავიწყდეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობის აბსოლუტური უმრავლესობა არის ჩვენს გუნდში. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ასევე მთავარი ოპოზიციური ძალა.
- პარტიის სახელს რაც შეეხება, გამოითქმება თუ არა ამაზე პრეტენზია?
- ამ დეტალებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან.
„რეზონანსი“, 11 იანვარი, 2017 წელი
რამდენად დააზარალებს „ნაცმოძრაობას“ ბოკერია-უგულავას ფრთის გამოყოფა?
არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები “ნაციონალურ მოძრაობას” 12 იანვარს დატოვებენ. როგორც პარტიის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, “ნაცმოძრაობა” ამ პროცესიდან უფრო გაჯანსაღებული და გაძლიერებული გამოვა. ამასთან, 20 იანვარს დანიშნულ ყრილობაზე პასუხი ბევრ კითხვას გაეცემა. “ნაციონალური მოძრაობის დაფუძნების დღიდან 17 წლის განმავლობაში ჩვენ გვინახავს მოსვლაც და წასვლაც. მთავარია, “ნაციონალური მოძრაობა” რჩება იმ იდეების და იმ ღირებულების ერთგული, რის ირგვლივაც შეიქმნა. 20 იანვარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა აუცილებლად ჩატარდება და ბევრი ადამიანის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ პარტია ამ პროცესიდან გამოვა უფრო მეტად გაჯანსაღებული და უფრო მეტად გაძლიერებული. აუცილებლად დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს საერთო სახალხო მოძრაობის წინა ხაზზე,” – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
რამდენად დააზარალებს ნაცმოძრაობას ბოკერია-უგულავას ფრთის გამოყოფა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ნანა კაკაბაძე (უფლებათდამცველი): ჩემი აზრით, სერიოზულად დაზარალდება ორივე მხარე. უგულავა-ბოკერიას ჯგუფმა უკვე იზარალა, რადგან ისინი ამ გამოყოფით ხელისუფლების მანიპულირებასთან გაიგივდნენ და ვფიქრობ, არანაკლებ იზარალებს მეორე მხარეც.
თემურ ნანეიშვილი (პოეტი): მგონი, დაზარალებული უკვე არის ზოგადად “ნაციონალური მოძრაობა” თავიის იდეოლოგიით და წარსულით. ასე რომ, დიდი არაფერი იქნება. გაიყოფა და შედარებით ინტელექტუალური ნაწილი წავა, დარჩებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც დიპლომატია აკლიათ, რითაც კიდევ უფრო დასუსტდება პარტია.
გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): განხეთქილება თავისთავად აზარალებს პარტიას. შესაძლებელია, გარკვეული ოპონირება ისევ გაუწიონ მმართველ ძალას, ძნელი სათქმელია რამდენი წავა და რამდენი დარჩება, მაგრამ, რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ უფრო მეტად დასუსტდება.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემი აზრით, ეს ყველფერი გაანადგურებს პარტიას. შეიძლება ითქვას, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ძალიან მძიმე იქნება. ბოკერია-უგულავას გამოყოფა პარტიას ყველა თვალსაზრისით ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
———————–
„საქართველო და მსოფლიო“, 11-18 იანვარი, 2017 წელი
მაოხრებელი მეკვლე და ნაკლებად ერთიანი „ნაცმოძრაობა“
ლუკა ნემსაძე
გიგი უგულავამ საპატიმრო დატოვა და აქტიურად ჩაერთო პარტიულ დაპირისპირებაში, თუმცა, ალბათ, აჯობებს, საუბარი ყოფილი მმართველი პარტიის დაშლაზე 1 იანვრის ეპიზოდიდან დავიწყოთ, როდესაც თბილისს სენატორი ჯონ მაკკეინი ესტუმრა. სოციალურ ქსელებში ბევრს ხუმრობდნენ იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება დაებედოს საქართველოს ესოდენ არასასურველი სტუმრის ვიზიტის შემდეგ. თუმცა ის ქვეტექსტი, რომელიც მაკკეინის შეხვედრებისა და განცხადებების უკან იკითხებოდა, ნაკლებად სასაცილოა და სერიოზულ დაკვირვებას საჭიროებს.
მტერი თუ მოყვარე?
რა განცხადებებიც უნდა გააკეთოს ჯონ მაკკეინმა და რამდენჯერაც უნდა ჩავიდეს კონფლიქტის ზონაში, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წინა ხელისუფლებას ებრძოდნენ, ის სამუდამოდ დარჩება ქართველი ერის მტრად, რადგან მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს და მის ძალადობას “აპრავებდა”. რამდენიც უნდა ილაპარაკოს ამერიკელმა სენატორმა საქართველოს თავისუფლების მხარდაჭერაზე, არავის დაავიწდება, რომ რეალურად მხარს “ნაცმოძრაობის” მიერ ქართველების დამონებას უჭერდა. დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება, ალბათ, შეიცვლებოდა, მაგრამ სენატორის ბოლოდროინდელმა ქცევამ ამის შესაძლებლობა გამორიცხა.
საქართველოში ჩამოსვლამდე ჯონ მაკკეინი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რომელიც ქართველი სამართალდამცავების მიერ იძებნება. ეს ნაბიჯი წარმოადგენდა ქართული სახელმწიფოს (და არა მმართველი პარტიის, როგორც ზოგს ჰგონია) მძიმე შეურაცხყოფას, მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ჯონ მაკკეინმა ის ფეხებზე დაიკიდა. საგულისხმო იყო ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის ფორმატიც – ამერიკელი სენატორები “ნაციონალებს” შეხვდნენ, მაშინ, როდესაც ასეთ დროს მიღებულია შეხვედრა ან სხვადასხვა (როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო) ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან, ან პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებთან. შეხვედრა მხოლოდ “ნაცმოძრაობასთან”, აგრეთვე, წარმოადგენდა მკაფიო მესიჯს, რომ ამერიკულ დელეგაციას აინტერესებს არა რეალური, არამედ მათ წარმოსახვაში არსებული საქართველო, რომელშიც მათი ძველი პარტნიორები “ნაცმოძრაობიდან” მთავარ როლს ასრულებენ.
როგორ მოიქცეოდნენ ასეთ სიტუაციაში მეზობელი ქვეყნის ლიდერები? როდესაც 2008-ში ილჰამ ალიევმა ჩათვალა, რომ ამერიკელები მის ქვეყანას სათანადო პატივისცემით არ ეპყრობიან, ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინის აეროპორტში არ დახვდა და პრემიერმინისტრის ნაცვლად იქ პირველი ვიცეპრემიერი მიავლინა. ამერიკელები იძულებულნი შეიქნენ, ეს “გადაეყლაპათ”. ჩვენ შემთხვევაში კი საუბარია გაცილებით დაბალი რანგის პერსონაზე; მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს მცირედი შეშფოთებაც კი არ გამოუხატავთ – ისინი აღტაცებულნი დახტოდნენ ამერიკელი სტუმრების გარშემო, როგორც კარგო-კულტის მიმდევარი პაპუასი ბელადები.
ვითარებას ართულებდა ის გარემოება, რომ ჯონ მაკკეინი და მისი თანამოაზრეები დაპირისპირებულნი არიან ახალ პრეზიდენტთან – დონალდ ტრამპთან და მის გუნდთან, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ერთ პარტიას წარმოადგენენ. საგარეო პოლიტიკაზე მათ დიამეტრულად განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ. მაკკეინი ჩამოვიდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტი დაამყარა და ამის გამო გარკვეული უხერხულობა შეიქმნა, რადგან მაკკეინი რუსეთის მიმართ მკვეთრად კონფრონტაციულ რიტორიკას იყენებდა, რომელიც ტრამპის პოზიციას ნაკლებად შეესაბამება. ამ სიტუაციამ შეიძლება მონღოლთა ბატონობის პერიოდი გაგვახსენოს, როდესაც საქართველოს მმართველები იძულებულნი იყვნენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოევლინათ ყაენისა და გავლენიანი ნოინების კონფლიქტის დროს. დღეს მაკკეინის განცხადებები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, რეალური ბერკეტები ათიოდე დღეში ახალი ადმინისტრაციის ხელში გადავა, მაგრამ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მაკკეინი და მისი თანამოაზრეები (ტრამპმა ლამის მთელი ამერიკული ისტებლიშმენტი გადაიმტერა) ახალ პრეზიდენტს მალე მოუწყობენ იმპიჩმენტს და ვაშინგტონში რუსეთთან მწვავე დაპირისპირების მომხრეები იმძლავრებენ. ყოველივე ეს ჩვენს ხელისუფლებას იძულებულს ხდის, გააკეთოს ისეთი განცხადებები, რომლებსაც ორივე მხარე მისაღებად ჩათვლის – შეზღუდული სუვერენიტეტის პირობებში ის სხვაგვარად ვერ მოიქცევა.
შეშლილი მარიონეტების თეატრი
ამერიკელი სენატორებისა და “ნაცმოძრაობის” ლიდერების შეხვედრის შემდეგ ძალიან ზოგადი განცხადებები გაკეთდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ისინი ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად შეეხებოდნენ ორ მნიშვნელოვან თემას _ “ნაცმოძრაობის” ერთიანობასა და “რუსთავი 2”-ის პრობლემებს. მათ შესაქმნელად ამერიკელებმა თავის დროზე ძალიან ბევრი რესურსი დახარჯეს და შექმნილი სიტუაცია, დიდი ალბათობით, აშფოთებთ.
“ნაცმოძრაობის” ყრილობამდე ათიოდე დღე რჩება. მას შემდეგ, რაც ამ პარტიის პოლიტსაბჭომ ყრილობის გამართვის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის იდეები გაიზიარა, “ბოკერიას ჯგუფი” შეეცადა, პროცედურულ ნიუანსებს ჩაბღაუჭებოდა, რათა შეეცვალა სააკაშვილისეული სცენარი ან, უკიდურეს შემთხვევაში, ყრილობის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დაეყენებინა. ჯერჯერობით არაფერი გამოსდით, მაგრამ მცირე დრო და რამდენიმე სათადარიგო ვარიანტი ჯერ კიდევ აქვთ. უგულავას გამოსვლამ ციხიდან წყალი ამ ჯგუფის წისქვილზე დაასხა, მან შეიძლება სერიოზულად შეცვალოს ყრილობის დრამატურგია. მხარეები ერთმანეთს მწვავედ უპირისპირდებიან და ხშირად მიუთითებენ პარტიის დაშლის რეალურ შესაძლებლობაზე, რაც მის რეიტინგზე უდავოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს. მათი ამერიკელი პარტნიორები რთულ მდგომარეობაში არიან _ მათ შეუძლიათ ხელოვნურად შეაფერხონ პარტიის რღვევის პროცესი, მაგრამ ძნელი სათქმელია, უღირთ კი ამის გაკეთება _ “სამოქალაქო ომი” “ნაცმოძრაობის” შიგნით მის ეფექტიანად მართვის შესაძებლობას გამორიცხავს და ელექტორალურ პერსპექტივებს ძალზე ბუნდოვანს ხდის. აშკარაა, რომ დანაკარგების გარეშე “ნაცმოძრაობა” ამ კრიზისიდან ვერ გამოვა და მისი ამერიკელი პარტნიორები თუ პატრონები, სავარაუდოდ, ზარალის მინიმიზაციაზე ფიქრობენ.
ყველაზე ნაყოფიერი კომუნიკაცია ჯონ მაკკეინთან და რამდენიმე ფიგურასთან მის გარშემო წლების განმავლობაში სწორედ ბოკერიას ჯგუფს ჰქონდა. გამორიცხული არ არის, რომ მათ დაარწმუნეს სენატორი, მხარი “ნაცმოძრაობის” რეკონსტრუქციის მათი გეგმისთვის დაეჭირა და დაემშვიდებინა სააკაშვილი, რომელიც დღეს მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ჩაახშოს ბუნტი პარტიაში და თან რაც შეიძლება დამამცირებლად მისი ორგანიზატორებისთვის – ზოგიერთი მისი მხარდამჭერი იქამდეც კი მივიდა, რომ თანაპარტიელებისთვის ყრილობაზე “სირცხვილის დერეფნის” მოწყობას გეგმავს და, შესაძლოა, ვერ აცნობიერებს, რა გამანადგურებელ გავლენას მოახდენს ეს პარტიის იმიჯზე. ნაკლებად სავარაუდოა, სააკაშვილმა “სამშვიდობო გეგმა” მიიღოს ან მისი ერთგული დარჩეს, თუნდაც შუამავლობა ჯონ მაკკეინმა იკისროს და ეს “ნაცმოძრაობის” დაშლის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიის დაშლის შემთხვევაში “ბოკერისტებს” დარჩებათ უფრო მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა პარლამენტში და მნიშვნელოვანი მედიარესურსი “სააკაშვილის პარტია” მაინც მასზე ძლიერი იქნება. ამიტომ მათ შეიძლება გაუჩნდეთ ცდუნება, ხელისუფლებასთან ერთად ორმხრივ სასარგებლო კომბინაცია გაითამაშონ, რომელიც შეიძლება “მიშისტების” “ჩარეცხვით” დასრულდეს.
არ გათეთრდების ყორანი
“ბოკერისტების” მთავარი პრობლემა რეიტინგული ლიდერების ნაკლებობაა, მაგრამ საპატიმროდან გიგი უგულავას გამოშვების შემდეგ მათი მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესდა, ხოლო ადგილობრივ არჩევნებზე, “მიშისტებთან” შედარებით, გარკვეულ უპირატესობას მოიპოვებენ და (“ნაცმოძრაობის” დაშლის შემთხვევაში) შესაძლებლობა მიეცემათ, ოდესღაც ერთიანი “ნაციონალური ელექტორატის” მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი პარტიისკენ მოიზიდონ. სააკაშვილს თბილისში უგულავას მსგავსი მერობის კანდიდატი არ ჰყავს _ ნიკა მელიასა და (მაგალითად) სანდრა რულოვსს ყოფილ მერთან კონკურენცია გაუჭირდებათ.
აძლევს კი ეს ხელს ხელისუფლებას? თუ ის დაეხმარება ბოკერიას ჯგუფს “მიშისტებთან” ბრძოლაში, ამით არა მხოლოდ “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერთა ხმების ფრაგმენტაციას მოახდენს, არამედ საქმეს გაურთულებს დემოკრატიული ოპოზიციის ჰიპოთეზურ ერთიან კანდიდატს (ან ძლიერ დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელსაც მხარს დაუჭერს რამდენიმე ოპოზიციური პარტია), დააახლოებით იმავე სცენარით, როგორც ეს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას მოხდა, როდესაც “ნაციონალების” (“ფრთას” მნიშვნელობა არ აქვს) შესაჩერებლად თბილისელი ამომრჩევლების უმრავლესობა სახელისუფლო პარტიის გარშემო გაერთიანდა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე, შესაძლოა, “მესამე ძალის” მხარდაჭერაზე ფიქრობდა.
ხელისუფლებისა და ბოკერიას ჯგუფის ინტერესების თანხვედრა შეიძლება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებითაც მოხდეს, თუ “ბოკერისტები” მის გადაცემას ქიბარ ხალვაშისთვის მხოლოდ სიმბოლურ წინააღმდეგობას გაუწევენ. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ივანიშვილს დასახული მიზნის მიღწევაში, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებლობას მისცემს ბოკერიას ჯგუფს, ქუჩაში დარჩენილი თანამშრომლები თავის მედიასაშუალებებში წაიყვანოს. მათი გავლენა მიზნობრივ აუდიტორიაზე დღეს არც ისე დიდია, მაგრამ მკვეთრად გაიზრდება, თუ სააკაშვილი საქართველოში თავის მთავარ მედიარესურსს დაკარგავს, რაც, დიდი ალბათობით, რევოლუციური სცენარისკენ უბიძგებს, ეს კი “მიშისტურ ფრთას” საბოლოოდ დაასამარებს. “ბოკერისტები” ამ შემთხვევაში ძველი “ნაცმოძრაობის” ერთადერთ “კანონიერ მემკვიდრეებად” დარჩებიან.
აქ, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდეთ “ნაცმოძრაობის” ამერიკელი პარტნიორების როლს – მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, უღირთ თუ არა სააკაშვილის გადაყვანა სათადარიგოთა სკამზე ან (რაც უფრო სავარაუდოა) მისი გაყვანა თამაშიდან, რადგან ის ბოლო პერიოდში არაადეკვატურად იქცევა; მისი წვლილი “ნაცმოძრაობის” საარჩევნო მარცხსა და მის ფაქტობრივ დაშლაში ძალიან დიდია. საქმე ის არის, რომ ამას ვერ გადაწყვეტს რამდენიმე მაღალჩინოსანი სახელმწიფო დეპარტამენტში და მით უმეტეს ჯონ მაკკეინი, ამ საკითხზე აუცილებელია კონსენსუსის მიღწევა ახალი ადმინისტრაციის ხედვის საფუძველზე, თუმცა, სანამ ეს მოხდება (და თუ მოხდება) სააკაშვილს არაერთი შესაძლებლობა მიეცემა, ყოფილ თანაპარტიელებს სერიოზული პრობლემა შეუქმნას.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ძნელი სათქმელია, უღირს თუ არა მას “ბოკერისტებთან” ფარულ ტაქტიკურ ალიანსზე წასვლა. ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სააკაშვილის გაყვანას თამაშიდან და “ნაცმოძრაობის” მკვეთრ დასუსტებას. მაგრამ, მეორე მხრივ, ივანიშვილის ხელისუფლებამ შეიძლება დაკარგოს შესაძლებლობა “ნაციონალების” ეს ჯგუფი სააკაშვილის რეჟიმის სადისტურ პრაქტიკას დაუკავშიროს, რაც მას წარსულისგან ერთგვარი გათავისუფლების, შესაბამისად, პოლიტიკური იზოლაციის გარღვევის და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსის შექმნის შესაძლებლობას მისცემს. ეს კი ივანიშვილს მომავალში სხვა ტიპის პრობლემებს შეუქმნის და შესაძლებელს გახდის პროდასავლური ოპოზიციის ერთიანი ფრონტის შექმნას, რომელსაც, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ ამერიკელები, რომელმაც ქართველი პოლიტიკოსების ამ ნაწილში შეიძლება “ფერადი რევოლუციის” მოწყობის სურვილი და შესაბამისი ილუზიები გააჩინოს.
———————–
„ახალი თაობა“, 11 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ დავით ლორთქიფანიძესთან: „ის, რაც რატი გაჩეჩილაძესა და ნიკა გვარამიას შორის მოხდა, მიკვირს, ადრე რომ არ მოხდა“
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი დავით ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ ნაციონალებში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
- ბატონო დავით, მიმდინარეობს ნაციონალების დაშლისა თუ გაშლის პროცესი. როგორ ფიქრობთ, ნაციონალების დაშლით ქართულ პოლიტიკურ სპექტრს რაიმე დააკლდება?
- „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, გაიშლება თუ აიშლება, ქართველი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ამ ე.წ. პოლიტიკურმა ძალამ ძალიან ბევრი ნეგატივითა და დანაშაულით დაგვამახსოვრა თავი. ახლა ვინ რომელ მხარეს დადგება, ვინ უფრო მეტი იქნება, ვინ – ნაკლები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ნაცმოძრაობა არანაირი პერსპექტივის მატარებელი პოლიტიკური ძალა არ არის და ვერც იქნება. ქვეყანაში სერიოზული ოპოზიციური ძალა უნდა ჩამოყალიბდეს, მაგრამ ნაციონალები სერიოზულ ოპოზიციურ ძალად ვეღარ ჩამოყალიბდებიან.
- ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მუშაობს თავისი მორჩილი ოპოზიციის შექმნაზე. იგულისხმება მომავალში ნაცმოძრაობის განაყოფისგან მორჩილი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბება. ამაზე რა შეგიძლიათ თქვათ?
- „ნაციონალურ მოძრაობაში“ კომიკური სიტუაციაა შექმნილი. ერთი ნაწილი ამბობს, რომ მეორე ნაწილს ბიძინა ივანიშვილი მართავს. მეორე ნაწილიც ამბობს, რომ პირველ ნაწილს ბიძინა ივანიშვილი მართავს. ყველაფერი აბსურდის თეატრს ემსგავსება. ოც იანვარს ყრილობაზე ვინ ვის დაამარცხებს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარ თავში უნდა მოძებნონ ძალა, ერთმანეთთან დალაპარაკება შეძლონ, რათა ამომრჩეველმა დაინახოს, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანებისთვის მიცემული ხმები საზოგადოებისთვის არ იქნება ჰაერში გაბნეული. სამწუხაროდ, არსებობს ზოგიერთი ძალა, რომელსაც ნაციონალებთან თანამშრომლობის რეჟიმში წარმოუდგენია თავი. ქვეყანაში რეალური ოპოზიციური ძალა უნდა იყოს.
- ასე მწვავედ რატომ უპირისპირდებიან ერთმანეთს ერთ დროს შეხმატკბილებული სააკაშვილის პარტიის წევრები?
- თითოეული ცდილობს, რომ ის ნიშა, რომელიც აქვს ნაცმოძრაობას, მას დარჩეს. ახლა არის ლიდერის გამოჩენის მცდელობა. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. მას აღარ აქვს საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის კანონიერი უფლება, ამიტომ ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, იყვნენ ამ ძალაზე აღმოცენებული ოპოზიციური ძალის ლიდერები. მათ უნდათ სიკეთეები, ბიუჯეტიდან დაფინანსება და სხვ. ამას სასიკეთო საქმეებისთვის რომ არ აკეთებენ, უდავოა. იქიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში რაც გააკეთეს, ორივე ნაწილი ძალიან დაზიანებულია.
- დაზიანებული?
- დიახ. გიგა ბოკერია იქნება თუ სხვა, გაკეთილშობილებას რომ ვერ მოახერხებენ, ფაქტია. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებში არის პაატა ლეჟავა, რომელიც ვანის მაჟორიტარი დეპუტატი იყო ნაცებიდან, ჩართული იყო 26 მაისის აქციის დარბევისას ჯალათურად მოკლული სულიკო ასათიანის ოჯახის შანტაჟსა და ტერორში. ოჯახმა ამასთან დაკავშირებით მოკრძალებულად გააკეთა რეაქცია, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, სულიკო ასათიანის მეუღლემ ამის თაობაზე პროკურატურას ჩვენება მისცა. ამიტომ ლეჟავას მსგავსი ტიპები რომელ მხარეს იქნებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს? დამნაშავე დამნაშავეა.
- ნაცმოძრაობის დაშლას, ალბათ, ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ნატრობდა. თქვენ ნაცმოძრაობის დაშლაში ბიძინა ივანიშვილის როლს გამორიცხავთ?
- „ნაცმოძრაობის“ დაშლაში ბიძინა ივანიშვილის როლს ვხედავ, იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბერში განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან.
- იმ დღიდან დაიწყო ნაცმოძრაობის დაშლა?
- იმ დღიდან დაიწყო ნაცმოძრაობის დამარცხება. ახლა ნაცმოძრაობა მიდის იმ დასასრულისკენ, რომელიც მას ეკუთვნის, მაგრამ დროის საკითხია. მოგეხსენებათ, 2011 წელს რა პროცესები მიმდინარეობდა. ახლა ნაცმოძრაობა ცდილობს, გაკეთილშობილებულად წარმოგვიდგეს. მე 11 ნოემბერს შევიტანე „ქართუ ბანკში“ თანხა. გახსოვთ, ალბათ, ლარი და 2 ლარი რომ შეჰქონდათ მოქალაქეებს. „ნაცმოძრაობის“ გაკეთილშობილებას ცდილობენ, 2011 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, მაგრამ 2012 წელს იმისთვის, რაც მათ გააკეთეს, ქართველმა ხალხმა პასუხი გასცა. „ქართული ოცნების“ სულისჩამდგმელი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის როლი ამაში რომ გამოვრიცხოთ, სწორი არ იქნება.
- დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას საყვედურობენ სამართლიანობის აღდგენის ნელი ტემპის გამო. ამ კონტექსტში ახლახან რატი გაჩეჩილაძესა და ნიკა გვარამიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას კომენტარი მინდა გავიხსენო. ის თავის გენპროკურორად მუშაობის პერიოდსა და მის მიერ ჩადენილ საქმეებს მოღვაწეობას უწოდებს. ამას როგორ აფასებთ?
- ნიკა გვარამია ყოველთვის იყო ნაცმოძრაობის სახე. ის იყო ავტორი და რეჟისორი მათი დანაშაულებრივი საქმეებისა. გვარამია არის გენდირექტორი ტელევიზიისა, რომლის ნაცმოძრაობის სამსახურში ჩაყენებას მაქსიმალურად ცდილობს. მე მის საქმიანობას მოღვაწეობას ვერ დავარქმევ. ის, რაც რატი გაჩეჩილაძესა და ნიკა გვარამიას შორის მოხდა, მიკვირს, ადრე რომ არ მოხდა.
- საზოგადოება ძალადობას გმობს. საშიშია, თვითონ ადამიანებმა არ დაიწყონ სამართლიანობის აღდგენისთვის მოქმედებები...
- ძალადობის წინააღმდეგი ყველა ვართ, მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოკლე მეხსიერება არ გვაქვს, თან სამხრეთელი ხალხი ვართ, ცხელსისხლიანი ხალხი, შეურაცხყოფასა და წყენას ადვილად არ ვივიწყებთ. რაც ნაცებმა დამართეს საქართველოს, იმის დავიწყება ჭირს. ამიტომ ნაცმოძრაობის ძველი და ახალი სახეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად გაჩეჩილაძეებთან. კნინობით ფორმაში პიროვნების მოხსენიება ადამიანზე მოქმედებს. რატი არ არის საჯარო პირი და არ აქვს თმენის ვალდებულება. არ გახლდით თბილისში, თორემ სასამართლო პროცესზე აუცილებლად მივიდოდი ჩემი პოზიციის დასაფიქსირებლად. მე ვემიჯნები ნაცმოძრაობის თავხედურ საქციელს, როგორც იქცეოდნენ მთელი წლების განმავლობაში და დღევანდელ კეკლუცობას, რითაც ახლა არიან დაკავებული. დიდი ხანია, დრო მოვიდა, ბოდიში მოუხადონ ქართველ საზოგადოებას, თუმცა, მე მათი ბოდიში არაფრად მიჩანს. ჩემნაირი ასიათასობით ადამიანია საქართველოში, რომლებსაც ნაცების ბოდიში არაფრად მიაჩნიათ.
- თქვენ პაატა ლეჟავა გააიგივეთ ნაცებთან...
- ნაცმოძრაობის ლიდერები გაიგივებული არიან სისხლიან ტერორთან. ლეჟავას შესახებ საზოგადოებას არ გაუგია, მაგრამ ისიც კი ასეთი საქმეებით იყო დაკავებული.
- ყველა გასვრილია, ვისაც ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ნაცების დროს?
- დიახ, ყველა გასვრილია, მაგრამ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია. ლეჟავების მსგავსი პირებით არის გავსებული ნაცმოძრაობა. ისინი ფარულად უფრო მეტ ბოროტებას ჩადიოდნენ.
- საზოგადოებაში ხშირად ისმება კითხვა, რატომ არ არიან დამნაშავეები დაკავებული. 3 კაცი დააკავეს, აქედან ერთი უკვე გამოუშვეს, გიგი უგულავა...
- საზოგადოებას აქვს უფლება, ასეთი კითხვები ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ მათივე მეთოდებით ვერ ვიმოქმედებთ, ადამიანებს რომ აშანტაჟებდნენ, ან ციხე, ან ჩვენებაო. ეს არის პროცესი, რომელიც დროშია გაწელილი. ვინმეს ჰგონია, რომ უგულავა პოლიტპატიმარია? ამ ადამიანმა სასამართლო პროცესზე თვითონ აღიარა, რომ 8 ათასამდე თავისი აქტივისტი თურმე შეცდომით უზრუნველყო ანაზღაურებით. ფაქტობრივად, მან სასჯელი მოიხადა. მან იმ დანაშაულისთვის პასუხი აგო, რაც ჩაიდინა. სხვა საკითხებზე მიმდინარეობს გამოძიება და საუბრები იმაზე, რომ უგულავა პოლიტპატიმარი იყო, ფუჭია.
- როგორი სიხარულით უყრიდნენ ფულებს ბანკომატებიდან, ხომ გვახსოვს?
- ეს უნდა შევახსენოთ ადამიანებს, რადგან ავიწყდებათ. ამიტომ საშიშროება არსებობს, ერთ დღეს ის ადამიანები, რომლებიც დამნაშავეები არიან, პატიოსნები აღმოჩნდნენ, ისინი კი, ვინც მათ ვებრძოდით, დამნაშავეებად გამოგვიყვანონ.
„ახალი თაობა“, 11 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „გიგი უგულავას გამოშვება ბიძინა ივანიშვილს არაფერში სჭირდება“ // „ხალხს წარსულის გამოცდილება ახსოვს და ამიტომ ჰგონია, რომ სასამართლოს ვინმე მართავს“
მიმდინარე პროცესებზე „ახალი თაობა“საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელს, ფრაქცია კონსერვატორების ლიდერ გიგა ბუკიას ესაუბრა.
- პარლამენტში თავის ფრაქციას ქმნის ნაციონალების სხვა ნაწილისაგან გამიჯნული ნიკა მელია. რითი იქნება ეს ფრაქცია ნაციონალების დანარჩენი ორი ფრაქციისგან განსხვავებული?
- მელია სააკაშვილის აქტიურ მომხრედ მოგვევლინა. ამიტომ მისი ფრაქციის საქმიანობა ისეთივე რადიკალური იქნება, როგორ განცხადებებსაც აკეთებდა სააკაშვილი წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ. ფრაქციის შემადგენლობის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, მაგრამ ზუსტად მაინც არ ვიცით, ვინ შევა მასში. ნებისმიერ შემთხვევაში, მელია ეცდება, მიიპყროს სააკაშვილის მომხრეების ყურადღება. ნაცმოძრაობის ეს ნაწილი შეეცდება, შთაუნერგოს მომხრეებს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება. ცხადია, სააკაშვილი ამას ვერ შეძლებს არჩევნების გზით. მას საამისოდ აპრობირებული გზები აქვს შემუშავებული.
- ნიკა მელიას ფრაქცია შეეცდება, არ დაკარგოს მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველი?
- დიახ. ეს ადამიანები დანერგავენ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაიბრუნებს ძალაუფლებას. ეს არარეალურია. არჩევნების წინ სააკაშვილმა დიდი ძალისხმევით მოახდინა თავისი მომხრეების მობილიზება. ის ამ მიზნით ხან გვირაბს თხრიდა და ხან მოცურავდა. ამ მეთოდებით ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ხმები. სააკაშვილს უნდა, რომ არ გაქრეს პოლიტიკური სცენიდან. უკრაინაში მან სრული ფიასკო განიცადა. იქ მას მომხრეები არ ჰყავს. სააკაშვილის მიზანია, არ გაქრეს საქართველოს პოლიტიკიდან.
- ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი მას საქართველოში ჩამოსვლის და 20 იანვარს ნაცმოძრაობის ყრილობაზე დასწრების უფლებას მისცემს...
- ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი გულწრფელი იყო. მისი პრეზიდენტობისას ყველა სტრუქტურა და ორგანო მისი ნებით და მითითებით მოქმედებდა. პიროვნების ჩამოსვლა, გათავისუფლება, თუ დასჯა მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ დღესაც ასეა და მისი საქართველოში ჩამოსვლა რომელიმე ერთი ადამიანის მითითებით მოხდება. ამით მოხდა მისი თვითლუსტრირება. მიხეილ სააკაშვილი ძებნილია. სამართლებრივი საქმეები პროკურატურისა და სასამართლოს სფეროებს მიეკუთვნება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უზრუნველყოფს პროკურატურის დამოუკიდებლობას. ჩვენ ვახორციელებთ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღას. ეს იმისთვის ხდება, რომ ერთი ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი არ წყვეტდეს სამართლებრივ საკითხებს.
- აღნიშნეთ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. ამ დღეებში საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ამაში ეჭვი შეეპარა. ადამიანები დარწმუნებული არიან, რომ გიგი უგულავა ვადამდე ციხიდან არა სააპელაციო სასამართლომ, არამედ, ბიძინა ივანიშვილმა გამოუშვა...
- საზოგადოებას ახსოვს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, როცა ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა და სასამართლოსაც ის აძლევდა დავალებებს. ხალხსაც უჭირს იმის დაჯერება, რომ სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს.
- საუბარია გარიგებაზე გიგი უგულავას გამოშვების თაობაზე...
- სასამართლოს საქმეში ჩარევა და გიგი უგულავას გამოშვება ბიძინა ივანიშვილს არაფერში სჭირდება. არჩევნებიც ჩავლილია. წინასაარჩევნო პერიოდი რომ იყოს, შეიძლებოდა ეს ვინმეს პოლიტიკურ ჟესტად მოენათლა.
- არსებობს აზრი, რომ გიგი უგულავასაგან ოპოზიციონერი ლიდერის შექმნა უნდათ...
- თუ ვინმეს ეს უნდა, მაშინ ის ციხეში უნდა დაეტოვებინა. საპატიმროში ყოფნა პოლიტიკურ ლიდერს ყოველთვის მომგებიან პოზიციაში ამყოფებს. ეს ლიდერს ქულებს მატებს. უგულავას ლიდერობა რატომ უნდა შედიოდეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში? სასამართლომ ის თავის დროზე დააპატიმრა კონკრეტული დანაშაულის გამო. დღეს სასამართლომ მას სასჯელი შეუმცირა.
- დაცარიელებულ პოლიტიკურ ველზე ცვლილებები არ ჩანს. ახალი ძალები, ჯერჯერობით, ნაცმოძრაობის შემადგენლობიდან იქმნება. სიახლეები იქნება?
- ცარიელი ადგილი თავისუფალი დიდხანს არ დარჩება. ის, ალბათ, შეივსება. არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობამ არ გამოუცხადა ნდობა ოპოზიციურ პარტიებს. როგორც ჩანს, ოპოზიციისგან ადამიანებს უნდათ კონკრეტული საქმეები, წინადადებები და არა მჯიღის ცემა. ალბათ, ოპოზიციაში მოხდება გადაჯგუფებები, ხედვების მკაფიოდ წარმოჩენა. ამას მოჰყვება ცვლილებები.
- დავით უსუფაშვილი მალე აპირებს თავისი პოლიტიკური გეგმების წარმოდგენას...
- დავით უსუფაშვილს აქვს პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსი, რომ სიახლეები შესთავაზოს საზოგადოებას. ის შეეცდება თავისი მომხრეების დაინტერესებას. მასშტაბური იქნება თუ არა ეს დაინტერესება, ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის იმაზე, თუ ვისთან აპირებს ის გაერთიანებას.
„ახალი თაობა“, 11 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „მოსმენების საკითხზე მმართველ გუნდში წინააღმდეგობაა“
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს, თუ სად უნდა იყოს მოსმენების გასაღები.
- ბატონო ლევან, ფარული მოსმენების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორი სიკეთე, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოება არ უნდა დაზარალდეს. სად უნდა იყოს მოსმენების გასაღები?
- 4 წელია, პრაქტიკულად, ვუყურებთ პროცესს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს სპეცსამსახურის სპეციალურ ფუნქციებზე ბერკეტი. 2013 წელს აქტიურად ვლობირებდი საპოლიციო და სპეცსამსახურების ფუნქციების გამიჯვნის საკითხს.
დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, მაშინდელი შს მინისტრის მოადგილე, ბატონი იზორია, გვიმტკიცებდა, რომ პოლიციის დეპოლიტიზება უკვე მოხდა და გაყოფა არ იყო საჭირო. შეგახსენებთ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბატონმა ვერშბოუმ საქართველოში ვიზიტის დროს ღია გზავნილი გააკეთა, რომ ნატო არათუ დამკვირვებლის როლში იქნება, არამედ აქტიურად იქნება ჩართული შს სამინისტროსა და უშიშროების, სპეცსამსახურების რეფორმაში. ჯერ კიდევ 2013 წელს ჩვენ ვამბობდით, რომ ცალკე უნდა მომხდარიყო მოსმენების განმახორციელებელი სუბიექტის გამოყოფა, რომელიც არცერთი პოლიტიკური შტოს კონტროლქვეშ არ იქნებოდა.
- სად უნდა იყოს?
- ფართო საზოგადოებრივ და სასამართლო კონტროლქვეშ. შესაძლებელია, ეს იყოს კანონით დადგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეყოლება საზოგადოებისგან ფორმირებული სამეთვალყურეო საბჭო და რომელიც თავის ყოველდღიურ საქმიანობას, ფარულად ინფორმაციის მოპოვებას განახორციელებს მხოლოდ სასამართლო კონტროლითა და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში, როგორც ეს ყველა ევროპულ ქვეყანაშია.
- დღეს ხელისუფლებას არ ეთმობა მოსმენები?
- დიახ, რა თქმა უნდა. ეს არის ცდუნება, განსაკუთრებით პოსტსაბჭოური საზოგადოებისთვის, სადაც ყველა ხელისუფლება ცდილობს, სწორედ სპეცსამსახურების მეშვეობით იქონიოს გავლენა საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებსა თუ კონკრეტულ ინსტიტუტებზე.
მმართველ პოლიტიკურ ბლოკში იყვნენ ჯერ კიდევ რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, რომლებიც ღიად საუბრობდნენ, რომ სპეცსამსახურები პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევიან. ყველას კარგად ახსოვს ამ პარტიების ლიდერების განცხადება, რომ ადგილობრივ არჩევნებზე სიებს სპეცსამსახურები ადგენდნენ. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიებიც არ იყო მათი მონაწილეობით შედგენილი. პოლიტიკა და სპეცსამსახური სადაც არ არის გამიჯნული, ის საზოგადოება არადემოკრატიულობისკენ არის მიდრეკილი. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს ამ სისტემის შენარჩუნებას, განწირულია მძიმე პასუხისმგებლობისთვის.
- თუმცა, ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, რომ მსოფლიოში მომძლავრებული ტერორიზმის ფონზე სწორედ ეს არის დაცულობის კუთხით ერთ-ერთი ბერკეტი ხელისუფლების ხელში. რამდენად ადეკვატური არგუმენტია?
- პოლიტიკოსები და ხელისუფლება ცდილობენ, შეიძლება გლობალურად რეალური, მაგრამ საქართველოსთვის ჰიპოთეტური საფრთხით, ეს თემა გააბუქონ და რაც შეიძლება მუქ ფერებში დახატონ. ცხადია, ადამიანის უსაფრთხოებას ალტერნატივა არ აქვს, ასევე ცხადია, რომ ტერორიზმი რომელიღაც ერთი ქვეყნის საფრთხე არ არის და ის გლობალური საფრთხეა, მაგრამ ეს არგუმენტი, იცით, როდის იქნებოდა რეალური? როდესაც ვიტყოდით, რომ ჩვენ სწორედ ამ სისტემის გამოყენებით აღვკვეთეთ ესა და ეს საფრთხე, თავიდან ავაცილეთ ჩვენს საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოსალოდნელი ტერაქტი, მაგრამ ასეთი განცხადება რატომღაც არ მომისმენია.
თუკი არსებობს კონკრეტული მონაცემი, მაშინ რა უშლით ხელს, რომ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიმართონ დამოუკიდებელ ინსტიტუტს და მოიპოვონ წვდომა ფარულ სატელეფონო მოსმენასა თუ სხვა კორესპონდენციაზე?! დღეს, 21-ე საუკუნეში, არა მგონია, ოპერატიულობის პრობლემა იდგეს. ბუნებრივია, გადაუდებელ შემთხვევაში, კანონშიც ასეა გაწერილი, რომ უნდა არსებობდეს დადგენილება არა ოპერატიული თანამშრომლის დონეზე, არამედ ზემდგომი ინსტანციის დონეზე, თანაც დასაბუთებული, თუ რატომ არის საჭირო წვდომის აუცილებლობა.
თამარ ჩუგოშვილმა, ვიცე-სპიკერმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ მოსმენის სისტემის გარეთ გატანა უმთავრესი ამოცანაა. ვინც ასე არ ფიქრობს მმართველ გუნდში, გაემიჯნონ ქალბატონ თამარს. მმართველ გუნდში პოზიციათა წინააღმდეგობა მოსმენების საკითხზე უკვე სახეზეა, მაგრამ მათ მოუწევთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა მიზეზი, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგში დამდგარიყო...
- დიახ, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ორი გასაღების სისტემაც კი არ არის კარგი, კონსტიტუციის შესაბამისი, რაც თავის დროზე არასამთავრობო სექტორმა წარადგინა და რაზეც წავიდა ხელისუფლება მაშინ. ახლა ხელისუფლებას მოუწევს თანამედროვე სტანდარტების სისტემის შექმნა. სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფერს მთელი 4 წელი დასჭირდა.
„ახალი თაობა“, 11 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „ლარის გამყარების ყველა რესურსი არსებობს“
„ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს.
- ბატონო დემურ, აქციზების გაძვირებამ ფასების მატება გამოიწვია. რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ხელისუფლების მხრიდან?
- თავისთავად რაიმე მიმართულებით, მით უმეტეს აქციზზე ფასების ზრდა, არასდროს რჩება რეაქციის გარეშე, რადგან ეს სწორედ ის გადასახადია, რომელიც ცვლის მეწარმეების გეგმებს. ამიტომ ბუნებრივი რაღაც მოხდა, აქციზის ზრდამ ფასების ზრდა გამოიწვია. ახლა მთავარია, რა მოჰყვება ამას.
- რა შეიძლება მოჰყვეს?
- პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მთავრობა რაღაც რეჟიმზე გადის. ჯერჯერობით ინფორმაცია ცოტაა. გეტყვით იმასაც, რომ უფრო ნეგატიური მოლოდინებია, ვიდრე დადებითი, რადგან ჯერჯერობით რეალური საქმე, რეალური რეფორმები არ ჩანს.
- ეკონომიკის მინისტრი ამ ფონზე აცხადებს, რომ საპანიკო არაფერია, ლარი აუცილებლად გამყარდება. ამაზე რას იტყვით?
- ჯერჯერობით ყველა რესურსი არსებობს იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს, ანუ მოხდეს ლარის სტაბილიზაცია და ლარის კურსი შესატყვისი იყოს იმ ამოცანებთან, რომლებსაც მთავრობა ისახავს. კერძოდ, ეს არის ერთ-ერთი უალტერნატივო, უპირველესი, რაც ქვეყნისთვის გარდაუვალია – სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ამიტომ ლარის კურსი ვერ იქნება ეკონომიკური პოლიტიკისგან იზოლირებული. ჩვენ გვაქვს ცენტრალური პრობლემა.
- რაში მდგომარეობს ის?
- ფულის მასა ძალიან მცირეა. მისი ხელოვნურად გაზრდა არ შეიძლება, მაგრამ ლარიზაციის პროცესი და ეკონომიკის სწრაფი ზრდის პოლიტიკა ფულის გაზრდის საშუალებას მოგვცემს. ლარის ასეთი უთავბოლო რყევა იმითაც არის გამოწვეული, რომ ჩვენი მწირი ეკონომიკა 18%-ით არის მხოლოდ ფულით გადაფარული, რაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ არის უკმარისი ფული, შევსებულია დოლარით და იმიტომ არის დოლარის არანორმალური ბრუნვა ქვეყანაში, რაც ქართულ ეკონომიკას უპერსპექტივოს ხდის.
- ექსპერტების შეფასებით, როდესაც გაუქმდა მოგების გადასახადი, ხელისუფლება იმიტომ წავიდა ასეთ არაპოპულარულ ნაბიჯზე, რომ არსებული სხვაობა დაებალანსებინა. ეს სწორი სვლა იყო?
- მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი, რომელიც არანაირ სერიოზულ ეფექტს არ გამოიწვევს, არის სანახევრო ღონისძიება, რომელიც კომპენსირებას მოითხოვდა და სწორედ ეს მოხდა. ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან ასობით მილიონი ლარის დანაკლისი რაღაცით უნდა შევსებულიყო.
- ეს არ იყო სწორი ნაბიჯი?
- დიახ. ჩვენ არასწორ აქცენტს ვაკეთებთ, როცა ვფიქრობთ, რომ გადასახადების გაზრდით შეიძლება ბიუჯეტის პრობლემების მოხსნა. ბიუჯეტის პრობლემები ქართულ ეკონომიკაშია და ყველაფრის პრობლემა ქართულ ეკონომიკაშია! ამიტომ მთავარია, მას უმკურნალოს ხელისუფლებამ. ჯერჯერობით ცუდი მკურნალობა გამოსდით.
- იზრდება ავტომობილების განბაჟებაც. ამ საკითხმაც ააღელვა მოსახლეობის ნაწილი.
- ეს კერძო ბიზნესია. გასაგებია, რომ ფასის ზრდა ბიზნესზე გავლენას მოახდენს, მაგრამ ეს მაინც არ არის ის ბიზნესი, რომელიც შეიძლება სამომავლო იყოს. უბრალოდ, თუკი რაიმე ნიშა არსებობს, ყველა თავისი ინიციატივის ფარგლებში უნდა ვითარდებოდეს. ეს ბიზნესი გადაფასებული იყო. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში უაზრო პოლიტიკის გამო საქართველოში გაჩნდა ამის პირობები. როგორც კი მოწესრიგდება გვერდით სახელმწიფოებში საგადასახადო პოლიტიკა, ეს ბიზნესი ჩაქრება ან ძალიან მცირე იქნება, ძირითადად შიდა ბაზარზე გათვლილი.
- როგორია თქვენი გათვლები, რას მივიღებთ სამომავლოდ?
- დღეს ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობის პოლიტიკაზე. თუ სწორი პოლიტიკა იქნა, ძალიან კარგი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი დეკლარაციები დარჩება დეკლარაციების დონეზე. ჯერჯერობით პერსპექტივები არსებობს, საქართველოში ამ ეტაპზე არის ყველანაირი რესურსი, რომ განვითარების პროცესი დაიწყოს. ჯერჯერობით საკუთარი ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსები უმოქმედოა და ჩვენ ვხედავთ არასწორ პოლიტიკას, რომელმაც მიგვიყვანა ასეთ მძიმე შედეგებამდე.
- ითქვა, რომ ამ არასწორ პოლიტიკას ეკონომიკური გუნდი შეეწირება. უშველის ეს ჩვენს ეკონომიკას?
- ეკონომიკური გუნდის შეცვლაზე საუბარი სწორი არ არის. ჩვენი კონსტიტუციით, მთავარი აღმასრულებელი ორგანო მთავრობაა. ვერანაირი ცალკეული მინისტრი დამოუკიდებლად ვერანაირ პოლიტიკას ვერ შეიმუშავებს და ვერ განახორციელებს. ამიტომ ასე დაყოფა გუნდებად არ არის სწორი. სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი ყველანაირი პროცესისგან გათიშულია და ეს არის უმოქმედო ორგანო. წინა ოთხი თვის განმავლობაშიც არაფერი დადებითი, სერიოზული პარლამენტს არ გაუკეთებია. ჯერჯერობით პარლამენტი არ ასრულებს თავის ფუნქციას და ამ დროს ჩვენ სასაცილო მდგომარეობაში ვართ!
- რატომ ვართ სასაცილო მდგომარეობაში?
- გვეუბნებიან, რომ საქართველო თურმე საპარლამენტო რესპუბლიკაა. მაშინ მთლად უარესად არის საქმე. არანაირი საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის, რადგან პარლამენტი არის მეორეხარისხოვანი წარმონაქმნი საქართველოში უკვე დიდი ხანია. ასე რომ, პრობლემები სერიოზულია და ვნახოთ, რა როგორ გაკეთდება.
——————-
„რეზონანსი“, 11 იანვარი, 2017 წელი
რისთვის ამზადებენ რუსები წებელდას პოლიგონს
ეკატერინე ბასილაია
აფხაზეთში კულტურის ძეგლების განადგურება გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მოსაწყობად ყ|ყ საუკუნის ნახევრად დანგრეული საყდარი და სასაფლაო ბულდოზერით მიწასთან გაასწორეს. საუბარია იმაზეც, რომ პოლიგონის ახლოს მდებარეობს წებელდას ისტორიული ციხესიმაგრე, რომელსაც ასევე განადგურება ემუქრება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილი მინისტრის, პაატა დავითაიას თქმით, აფხაზეთში ქართულ ისტორიულ ძეგლებს სეპარატისტები მუდმივად ერჩიან და ცდილობენ ქართული წარწერები და ქართული კულტურის ნიშნები წაშალონ და გადააკეთონ. თუმცა აქ ტაძრის დანგრევის გარდა პრობლემატური ისაა, რომ წებელდაში არსებული პოლიგონის გაფართოება ხდება და შემდეგ ასევე მოხდება სამხედრო ბაზის მშენებლობაც, რითაც რუსები და აფხაზები ცდილობენ, ყაბარდო-ბალყარეთის მიმართულებით სამხედრო გზის მშენებლობა დაიწყოს.
“ამით მოხდება რუსეთთან დაკავშირება. სამხედრო თვალსაზრისით საუბარია იმაზე, რომ ეს გზა არა მარტო სოხუმის მიმართულებით ჩაიყვანს რუსებს, არამედ კოდორს ხეობიდან პირდაპირ ზუგდიდის მიმართულებით. ეს გზა სტრატეგიული მიმართულებისაა და შემოვლით შესაძლებლობა მიეცემათ პირდაპირ ზუგდიდს დაადგნენ თავზე. დღეს რუსი ზუგდიდში რომ ტანკით შემოვიდეს, ჯერ სოხუმში უნდა შევიდეს, შემდეგ უნდა ავიდეს მთაში და მთიდან ჩამოვიდეს. ეს გზა როცა გაიხსნება, გზას იმოკლებს და სოხუმში შესვლის გარეშე მთიდან პირდაპირ მოკლე გზით ჩავა ზუგდიდში,” – აცხადებს პაატა დავითაია.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ როგორც ჩანს, რუსები ცდილობენ ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარი შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაზარდონ და განახორციელონ ის აგრესიული გეგმა, რომ ეს ტერიტორია არა მარტო საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ნატო-ს წინააღმდეგაც გამოიყენონ. ამიტომაც იგივე ეკლესიის დანგრევა და პოლიგონის გაფართოება და ასევე სამხედრო ინფრასტრუქტურების კიდევ უფრო განვითარება აქტიურად დაიწყეს.
“რუსები წმენდენ ტერიტორიას, რომ იქ შესაბამისი ახალი სამხედრო პოლიგონი განათავსონ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებაც კი მოსთხოვონ და გადაასახლონ სხვაგან. სხვათა შორის, სერგეი შოიგუმ 2016 წლის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წელს მოწინააღმდეგეებისთვის ახალი და მნიშვნელოვანი სიურპრიზებით აღსავსე გეგმების განხორციელება მოხდება. როგორც ჩანს, გეგმების ერთ-ერთი პოლიგონი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია იქნება,” – აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.
ცნობისათვის: “ეხო კავკაზას” ცნობით, 3 იანვარს სოფელ წებელდაში ბულდოზერით სრულად მიწასთან გაასწორეს მე-19 საუკუნის ნახევრად დანგრეული ეკლესია და პოლონელების სასაფლაო. ეს ტერიტორია 2011 წელს დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, რათა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებები ჩაეტარებინათ. მოგვიანებით ტერიტორია მესაზღვრეებს გადაეცათ, რომლებმაც სამხედრო პოლიგონის მშენებლობა დაიწყეს. სწორედ ამ მიზნით 3 იანვარს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა გაიგზავნა და დაიწყო ნგრევაც.
სოფელ წებელდას დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილობრივები ამ ტერიტორიას წმინდა ადგილად მიიჩნევენ და ცდილობდნენ დაეცვათ ის. ნანგრევების ნახვის შემდეგ კი აღშფოთებული არიან და მათი დაჟინებული მოთხოვნით სამუშაოები შეწყდა. ადგილზე კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც გამოიძახეს. თუმცა ექსპერტების აზრით, ეკლესია და სასაფლაო უკვე დანგრეულია და მისი აღდგენა შეუძლებელია.
თუმცა დე ფაქტო კულტურის მინისტრის მოადგილე ბათალ კობახია აცხადებს, რომ საფრთხე ემუქრება ასევე პოლიგონის მახლობლად მდებარე წებელდას ისტორიულ ციხესიმაგრესაც და მისი შენარჩუნებისთვის რამე უნდა იღონონ. იგი ასევე ამბობს იმასაც, რომ სამუშაოები ჩატარდა სადღესასწაულო დღეებში, რაც თავის მხრივ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქ დარღვევებია და ამ ადამიანებს კარგად ესმოდათ, რომ სპეციალური ნებართვის გარეშე ისტორიულ და მომორიალურ ობიექტებს ანადგურებდნენ.
უფრო მეტიც, ბათილ კობახია აცხადებს, რომ ამ ტერიტორიაზე დიდი ხანია იმართება სამხედრო წვრთნები, რომელსაც სოფლის მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი უსიამოვნება მოაქვს და საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას. ხშირია მოკლული შინაური პირუტყვები და სროლებისგან დაბზარულია საცხოვრებელი სახლის კედლები. მათ არაერთხელ საჩივრით მიმართეს რაიონის ხელმძღვანელობას, მთავრობას, სამხედროებს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა.
ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების გამო აღშფოთება გამოთქვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მას შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი უწოდა.
გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მოახდინონ მათზე შესაბამისი რეაგირება.
საგულისხმოა ის, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურის ძეგლებს ერჩიან. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ასე რუსულ სტილზე შეღებეს და გადააკეთეს ბედიის, ილორისა და დრანდის ტაძრები, რის გამოც გაანადგურეს ფრესკები, მათ შორის ბედიის ტაძარში განადგურდა ბაგრატ მესამის ფრესკაც. ასევე ხშირია “შავი არქეოლოგია” და ხატების გატანა.
“წებელდაში ამჯერად საუბარია ტაძრის ნანგრევების სრულად განადგურებაზე რუსების მხრიდან. ამით ქართული კვალის წაშლა ხდება და ამიტომაცაა, რომ ეს აფხაზებს არც ანაღვლებთ. პირიქით, აფხაზებს უხარიათ, რომ კოდორის ხეობის მიმართულებით სამხედრო ბაზა იქნება,” – ამბობს პაატა დავითაია, რომელიც იმ ხიფათებზე საუბრობს, რომელიც ამ პოლიგონის გაფართოებას მოჰყვება. მისი თქმით, აფხაზეთში რუსული სამხედრო კონტინგენტი იზრდება, განსაკუთრებით ეს ეხება კოდორის ხეობის მიმდებარედ, თუნდაც იმავე გულრიფშის რაიონს და ეს კითხვებს აჩენს.
“რატომ იზრდება კონტიგენტი კოდორის ხეობაში, რა ხდება? იქ ლანდშაფტი მძიმეა, ზამთარში გზები იკეტება და რა უნდ იქ ჯარს, თუ ის რაღაც მიზნებისთვის არ მზადდება? რუსებს რომ დაჭირდეთ და ჯარების გადაადგილება თუ დაიწყება, წებელდაში სამხედროების განლაგებისა და ასევე ყაბარდო-ბალყარეთის გზის მშენებლობის შემდეგ უმოკლესი გზით მთიდან წაადგებიან ზუგდიდს. წებელდაში არა მარტო პოლიგონი ფართოვდება, არამედ სამხედრო ბაზის მშენებლობაც იგეგმება. ეს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტად გადაიქცევა,” – ამბობს დავითაია.
ის ამბობს, რომ დღეს სამხედრო ბაზები ყველაზე მეტად გალში შენდება. უკვე არის 4 სამხედრო ბაზა და მას კიდევ 5 უნდა დაემატოს, ასევ შენდება სამხედრო აეროდრომიც. გულრიფში კი არის ეფ-ეს-ბეს სასაზღვრო ზოლი და განლაგებულია ჯარი, თუმცა ჯერჯერობით სამხედრო ბაზა არ არის. ახლა კი სამხედრო ბაზაც შენდება.
ვახტანგ მაისაიას განცხადებით, საუბარია იმაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 – ათასიანი რუსული საარმიო დაჯგუფება უნდა განთავსდეს და ამიტომაც არაერთი სამხედრო პოლიგონის თუ ბაზის მშენებლობა-გაფართოება ხდება.
“გამორიცხული არ არის, რუსებმა ბაზების მახლობლად მოსახლეობა გაასახლონ. იმიტომ, რომ რუსებმა უკვე მოახდინეს კულტურული ძეგლის განადგურება ყოველგვარი აპელაციის გარეშე და ასევე ვიცით, რუსებმა როგორ გაანადგურეს ჩვენი სოფლები ცხინვალის რეგიონში, თამარაშენისა და ლიახვის ხეობის სხვა სოფლები როგორ გადაწვეს და შემდეგ ნამოსახლარებზე რაც ააშენეს, იქიდან გამომდინარე ვაკეთებ შედარებას. თამარაშენში აშენებულია სამხედრო აეროდრომი და განთავსებულია საზენიტო შენაერთი და სამხედრო ქალაქის განთავსება ცხინვალში უკვე მიმდინარეობს. დაახლოებით იგივე გეგმა არსებობს გალის რაიონის მიმართაც. რომც არ გაასახლონ ადგილობრივები, პოლიგონებზე წვრთნების გამო მოსახლეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნება,” – მიიჩნევს ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, როგორც ჩანს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც ვერ აკონტროლებს რუსეთის ქმედებას, რუსების მიმართ წნეხის ბერკეტი არ გააჩნია არც საქართველოს, ამიტომაც რუსებმა სრული კარტ-ბლანში მიიღეს და როგორც მოეპრიანებათ, ისე მოქმედებენ.
“ჩვენ ამ ტერიტორიას ვერ ვაკონტროლებთ და ელემენტარული ბერკეტიც არ გაგვაჩნია. ერთი, რაც შეგვიძლია, ისაა, რომ იუნესკო-ს მივმართოთ, რომ მათი ექსპერტები ჩამოვიდნენ და ჩაერთონ პროცესში. ისტორიული ობიექტების მიმართ არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც ყველა მხარემ უნდა შეინარჩუნოს. მხოლოდ ეს მიმართვა შეგვიძლია. რუსეთზე ზეწოლის სხვა ბერკეტი არ არსებობს. დასავლეთს ეკონომიკური სანქციები ისედაც გამოცხადებული აქვს და ამაზე იქით ისინი არ მიდიან. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ რუსეთზე წნეხის რეალური საშუალება გამოლეულია,” – დასძენს მაისაია.
„რეზონანსი“, 11 იანვარი, 2017 წელი
აფხაზეთის ჩაბნელება თითქმის გარდაუვალია
თებერვალ-მარტში ენგურჰესი ვეღარ გამოიმუშავებს იმდენ დენს, რამდენსაც სეპარატისტული რეგიონი მოიხმარს
მარი ჩიტაია
სეპარატისტულ აფხაზეთს “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არ ყოფნის. ამის მიზეზი დენის მოხმარების არანორმალურად გაზრდილი მაჩვენებელია, რის შეკავებაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ტენდენცია თუ გაგრძელდება, აფხაზეთის ჩაბნელების საფრთხე გარდაუვალია.
ქართველი ენერგეტიკოსები ემხრობიან აზრს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით. სანამ სპეციალისტები ელექტროენერგიის მიწოდების მექანიზმზე ბჭობენ, მხარეები სამთავრობო დონის შეხვედრას გეგმავენ. ელექტრომომარაგების საკითხზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგნელს შეხვდება.
როგორც შპს “ენგურჰესის” დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, შეხვედრა 14-დან 20 იანვრამდე შედგება და კონკრეტული თარიღი უახლოეს დღეებში დაზუსტდება. მთავარი თემა აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდილი მაჩვენებელი იქნება, რაც უნდა დასტაბილურდეს.
“აფხაზების მხრიდან შეხვედრისთვის მზადყოფნა არის, რადგან თვითონაც ესმით, რომ მძიმე მდგომარეობაა”, – აღნიშნა მებონიამ.
მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა უახლოეს პერიოდში გამწვავდება. “ამ თვეში ჯერჯერობით არის საკმარისი წყალი, თუმცა თებერვლის ბოლო და მარტის პირველი ნახევარი კრიზისული იქნება”, – განუცხადა “ბიზნესკოტრაქტს” მებონიამ.
როგორც წესი, “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთზე ნაწილდება, ხოლო 60% საქართველოს ენერგოსისტემაში რჩება. თუმცა, ზამთარში ვითარება კარდინალურად იცვლება და სეპარატისტებს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის მთლაიანდ მიაქვთ. ამ დროს საქართველოს ენერგოსისტემას ყოველთვის დეფიციტი აქვს და იძულებულია, თბოსადგურების ძვირი დენი და იმპორტი მოიშველიოს.
როგორც 2016 წლის ნოემბრის ენერგობალნსიდან ჩანს, “ენგურჰესმა” გამოიმუშავა 234 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, აქედან 196 მლნ კვტ/სთ სეპარატისტებმა წაიღეს. შემოდგომის ბოლო თვე კრიზისული არ არის, რასაც ვერ ვიტყვით ზამთრის თვეებსა და მარტზე. ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ცხადია, რომ სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაცილებით მეტი იქნება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თებერვალ-მარტში ენგურის წყალსაცავში წყლის დონე ეცემა და ჰესი უფრო და უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს ჩანს კიდევაც წინა წლის იანვრის მონაცემიდან. თუკი 2016 წლის იანვარში ენგურჰესმა 205 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, თებერვალში იმის გამო, რომ წყლის დონე შემცირდა, გემომუშავება 139 მლნ კვტ/სთ-მდე ჩამოვიდა. მარტში ეს მაჩვენებელი 155 მლნ კვტ/სთ-ს არ აღემატებოდა.
ფაქტია, რომ ზამთარში ქვეყნის მთავარ ჰესზე ელექტროენერგიის გამომუშავება მცირდება, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებლებს მოხმარების მადა უძლიერდებათ. ამგვარი ტენდენცია თუ გაგრძელდება, აფხაზეთის ჩაბნელება გარდაუვალია.
როგორც ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა “რეზონანსთან” აცხადებს, აფხაზები მდგომარეობის შეცვლას არც მოინდომებენ, რადგან ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო არ გააჩნიათ და ვერც შექმნიან.
“არავითარი შანსი არ არსებობს, რომ საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის გარეშე რამე მოახერხონ. ერთადერთი გამოსავალია, რომ რუსეთიდან განახორციელონ იმპორტი, მაგრამ მაშინ დენის ყიდვა მოუწევთ, ჩვენგან კი უფასოდ იღებენ.
როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ აფხაზეთს ელექტროენერგიის გადასახადი დაუწესდეს. ეს, თავის მხრივ, მოხმარებას შეამცირებს და მათთვის ენგურჰესიდან მიწოდებული ელექტროენერგია საკმარისი იქნება. ჩემი აზრით, ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის უნდა მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით. ზამთარში გამომუშავებულ ელექტროენერგიას მთლიანად დე ფაქტო ტერიტორია წაიღებს, ზაფხულში კი – გაიყოფა”, აცხადებს ჭითანავა.
ენერგეტიკოსი დარწმუნებულია, რომ სწორი მოხმარების შემთხვევაში, აფხაზეთს საკმარისი დენი ექნება.
“დისტრიბუცია უნდა ამუშავდეს, მოხდეს გამრიცხველიანება და გაჩნდეს პასუხისმგებელი ორგანიზაცია, რომელიც ამოიღებს მოსახლეობისგან ფულს. ეს გახდება საფუძველი იმისა, რომ მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის ანგარიშგება მოხდეს”, – დასძენს ანზორ ჭითანავა.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ენგურჰესიდან უფასო ელექტროენერგიას იღებს, მოსახლეობა გადასახადს მაინც იხდის. ამისთვის დე ფაქტო რეგიონში სტანდარტული ტარიფი მოქმედებს და ყოველთვიურად თითო ოჯახზე 15 ლარით განისაზღვრება. 3 წლის წინათ ეს გადასახადი 5 ლარი იყო. არასაკმარისი ელექტროენერგია, რომელზეც ქართული მხარე საუბრობს, დიდწილად მოსახლეობის მხრიდან მოხმარების დაუდევრობას უკავშირდება.
დამაფიქრებელია სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 2016 წელს, 2007 წელთან შედარებით, დაახლოებით 55%-ით არის გაზრდილი.