„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ ცდილობს, პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდეს!..”
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: სანდრა რულოვსი და ირაკლი ქადაგიძე – “ნაცმოძრაობის” ახალი სახეები?!
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დავით მაღრაძესთან: “მიღწევაა – ვინც გირგვლიანის მკვლელობის გაპროტესტებას ვერ ბედავდა, დღეს ხის გადარგვას აპროტესტებს… „ქართულ ოცნებას” კონკურენტი არა ჰყავს, რაც კარგი სულაც არ არის”
„კვირის პალიტრა“: “არასერიოზული კაცი” // შვიდჯერ გაჭრისა და ერთხელ გაზომვის პოლიტიკური ტრაგიკომედია?!
———
“ყოველკვირეული ალია”: ვაჟა ლელუაშვილის განთავისუფლების ფარული სპეცოპერაცია უკვე დაწყებულია „ქართულ ოცნებაში“ // ვაი, თქვე უბედურებო, ეს რა დღეში ხართ, „ქართული ოცნების“ ლიდერებო ეგეთი რა მიჰქარეთ, რომ ვეღარ თავისუფლდებით ჩადენილი დანაშაულისგან?!
“ყოველკვირეული ალია”: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: ვისზე გავრცელდება მორიგი ფარული ჩანაწერები?
“ყოველკვირეული ალია”: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „რაც თქვენთან ინტერვიუში მითქვამს, ასრულდა და ახლაც დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა“
———
„ვერსია“: რატომ გაწირეს ვასილ ლელუაშვილი და რატომ არ უპასუხა „ვერსიის“ კითხვებს ლევან მამალაძემ // რა გეგმები ჰქონდა კუდ-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - სკანდალური კულუარული ვერსიები
„ვერსია“: რა ღირს უკანონო თვალთვალი // „ოცნებას“ ვანო მერაბიშვილის ბრძანება არ გაუუქმებია - გათიშეთ შსს-ს გლობალური წვდომის სერვერი!
———
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: პაატა ბურჭულაძის ფონდი “ოცნებას” მათი შეხვედრების ჩაშლის ცდაში ადანაშაულებს
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: “ოცნება” ქუთაისში ჩემზე ძლიერ კანდიდატს ვერ იპოვის“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ფარული ჩანაწერების გამავრცელებლები პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: რატომ არ დააკავეს ვასილ ლელუაშვილი 2013 წელს? // “ის და მისი გუნდი რომ ასეთი რამის ორგანიზატორები იყვნენ, საზოგადოებისთვის 2012 წლის ზაფხულიდანაა ცნობილი”
„რეზონანსი//მთელი კვირა“: რამდენად დამაჯერებელია ვასილ ლელუაშვილისთვის წაყენებული ბრალდებები?
———
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ეს არჩევნები ყველაზე ბინძური იქნება… წინასაარჩევნო კამპანიას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ამომრჩეველი მერყეობს”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „არჩევნების წინ ყავით მომწამლეს… ვაჟა ლელუაშვილი პირდაპირ იბრძოდა ჩემ წინააღმდეგ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „ნაციონალები“, ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი იგორ გიორგაძის დავალებით მოქმედებენ”
„ახალი თაობა“: აფხაზეთი შეიძლება ანგოლამაც აღიაროს?
————————-
„კვირის პალიტრა“, 11 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილი უკვე მეორედ ცდილობს, პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდეს!..”
გიორგი კვიტაშვილი
რუსუდან შელია
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. თუმცა პოლიტიკური აჟიოტაჟი არჩევნების თარიღმა კი არა, იმან გამოიწვია, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თარიღის დასახელებასთან ერთად არჩევნების დანიშვნის ოფიციალური აქტი გამოსცა. კანონით კი, არჩევნების დანიშვნის აქტის ძალაში შესვლის დღიდან ქვეყანაში იწყება წინასაარჩევნო კამპანია თავის ამკრძალავ თუ შემზღუდავ რეგულაციებიანად. გამოდის, ქვეყანას 7 თვე ამ რეჟიმში უნდა ეცხოვრა. ეს ხარვეზი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გვიან აღმოაჩინეს და ასეთი გამოსავალი იპოვეს – ახალი ბრძანებულებით პრეზიდენტის საარჩევნო აქტი ძალაში 8 აგვისტოს უნდა შესულიყო. ამის შესახებ ახალი აჟიოტაჟი ატყდა – არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილის მტკიცებით, ზემოხსენებული დამატებითი ბრძანებულება კანონს ეწინააღმდეგება. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.
- ბატონო დავით, თქვენი აზრით, პრეზიდენტმა უნდა გაიწვიოს უკან აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, თუ პრემიერ-მინისტრმა არ უნდა მოაწეროს ხელი მარგველაშვილის ბრძანებას და უკან შენიშვნებით დაუბრუნოს?
- პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ არჩევნების თარიღი პრემიერისა და პრეზიდენტის შეთანხმების შედეგად გახდა ცნობილი. თუმცა, მეორე მხრივ, საარჩევნო კოდექსში გაწერილია, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება. შვიდი თვით ადრე კამპანიის დაწყება ქვეყანაში გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა და, როგორც ჩანს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში 8 აგვისტოც სწორედ ამიტომ გაჩნდა.
- საზოგადოების დიდი ნაწილიც სწორედ ამას კითხულობს – ამ “უხერხულობაზე” პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურისტები ინფორმირებული არ უნდა ყოფილიყვნენ?
- არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო და ვერც მისი ადმინისტრაციის ბრალეულობაზე ვისაუბრებ. მის კეთილ ზრახვებში ეჭვი არ მეპარება, თუმცა ასეთ ვითარებაში ყველა ნიუანსია გასათვალისწინებელი. არჩევნების თარიღის გამოცხადება პოლიტიკურად სწორია, სამართლებრივ საკითხებზე კი, იმედია, პრემიერი და პრეზიდენტი შეთანხმდებიან.
ხშირად დემოკრატიულ სისტემაში, როდესაც ერთ საკითხზე რამდენიმე ადამიანი მსჯელობს, კარგი მიზნებიც კი, შესაძლოა, არასწორად დაიგეგმოს.
- ის, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას, საზოგადოებისთვის დიდწილად მოულოდნელი იყო. კერძოდ, თქვენი და პრემიერის რამდენიმე კვირისწინანდელ შეხვედრაზე საუბრობდით “ქართულ ოცნებასა” და რესპუბლიკელებს შორის ორპარტიული შეთანხმების გაფორმებაზე, ცოტა ხნის შემდეგ კი გაირკვა, რომ არჩევნების წინ პარტიების გზები გაიყო. დროის ამ შუალედში რა იყო ყველაზე გადამწყვეტი მოვლენა, რომელმაც ორპარტიული შეთანხმებაც ჩაშალა და არჩევნებში კოალიციის სახით მონაწილეობის გეგმებიც?
- არა მხოლოდ პრემიერთან შეხვედრაზე, მანამდეც ბევრჯერ ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი და სურვილი – მოახლოვდა არჩევნები, ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, საერთო კანდიდატებითა და პროგრამით წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე თუ დამოუკიდებლად. “ქართული ოცნება” გვეთანხმებოდა, რომ ეს საკითხი გადასაწყვეტია, მაგრამ შიდაპარტიული ცვლილებების გამო დრო ისე გადიოდა, კონკრეტულ პასუხს ვერ ვიღებდით. პარტიების ნაწილი იმაზეც კი უკმაყოფილოა, რომ ექვსი თვით ადრე საარჩევნო თარიღი დასახელდა და რესპუბლიკელები ხალხი არა ვართ? ჩვენც
გვაქვს პარტიული დღის წესრიგი და ამოცანები. პრემიერთან თქვენ მიერ ნახსენები შეხვედრის შემდეგაც არაერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის პირადი მოსაზრებების მიუხედავად, მას პარტიის დანარჩენი წევრების დამოკიდებულებაც უნდა გაეთვალისწინებინა. ბოლო შეხვედრაზე კი პრემიერს ღიად ვუთხარით, რომ რესპუბლიკურ პარტიაში არჩევნებზე ცალკე გასვლის აზრი მომწიფდა. შეხვედრაზევე გაირკვა, რომ იგივე აზრი ჰქონდათ “ქართულ ოცნებაში”. ეს თვალსაჩინო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც კოალიციის ერთ-ერთ სუბიექტსა და რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის იდეური კონფლიქტი დაიწყო.
ეს საკითხი წყალგამყოფი აღმოჩნდა, რადგან ამ შემთხვევაში საქმე პიროვნულ დავასთან არ გვქონდა. ამას მოჰყვა იმავე სუბიექტისგან ბრალდება არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე. აბსოლუტურად არასწორი პოზიცია იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე ეს მხოლოდ ორპარტიული კონფლიქტია და პოლიტიკოსები ერთმანეთში უნდა მოვრიგდეთ. ამ ყველაფერმა დაგვარწმუნა, რომ ერთობის საარჩევნოდ შენარჩუნება შეუძლებელი იყო. მოკლედ, კოალიციაში ე.წ. მშვიდობიან, ევროპულ გაყრამდე მივედით. არსებობს გაყრა, როდესაც პარტნიორს ჩხუბის შემდეგ მიატოვებენ ხოლმე, რითაც საერთო სიკეთე ზარალდება, ჩვენ კი განსხვავებული გზა ავირჩიეთ და ვთქვით – კოალიციასთან ურთიერთობის მტრულ რეჟიმში გადაყვანა ქვეყანას დააზიანებს, ამიტომ კონკურენტები ვიქნებით სამომავლო ხედვებში და არა იმაზე, გუშინ ვინ რა გავაკეთეთ. ეს პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში აუცილებლად უნდა დაინერგოს. დემოკრატიულ ქვეყნებში მრავალპარტიული ხელისუფლების წევრები არჩევნებზე დამოუკიდებლად გადიან, მაგრამ მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას არ ანგრევენ. ქვეყანაში ასეთი კრიზისის შექმნა დაუშვებელია.
- თქვენ “მიტოვება” ახსენეთ… რჩება შთაბეჭდილება, რომ კოალიციის სხვა წევრებმა თავი “მიტოვებულად” იგრძნეს და მათთვის მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლად მოუწევდათ არჩევნებში მონაწილეობა. იყვნენ ისინი ინფორმირებული, რომ საქმე აქამდე მიდიოდა? აქვე შეგახსენებთ, რომ “ეროვნულმა ფორუმმა” კოალიციაც დატოვა და უმრავლესობაც…
- წლების განმავლობაში კოალიციაში გაერთიანებულ პარტიებთან ურთიერთობას ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდებოდი და მომავალშიც ასე იქნება. სხვები რამდენად დაიცავენ ამ ეთიკურ ნორმებს, მათი საქმეა. რესპუბლიკელებმა დიდი რესურსი დავხარჯეთ ერთიანობის შესანარჩუნებლად და სხვათა შორის, არაერთ კრიტიკულ ვითარებაში მისი გადარჩენა მოვახერხეთ. სამწუხაროდ, ეს “თავისუფალი დემოკრატების” შემთხვევაში არ გამოგვივიდა. მეტს აღარ დავაკონკრეტებ… თუ ჩვენს გადაწყვეტილებასთან ვინმეს კითხვა გაუჩნდა და მაინც აწუხებს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, მზად ვარ, ვესაუბრო და ავუხსნა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი იყო. პირდაპირ გეტყვით, სამთავრობო პასუხისმგებლობა რომ არ გვქონდეს, შესაძლოა, უფრო მარტივად გვესაუბრა უმრავლესობაში დარჩენისა თუ წასვლის საკითხზე, მაგრამ გააზრებული გვაქვს, რომ ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლებას არ ნიშნავს. კვირიკაშვილს ჩვენი ნდობა აქვს და ვიცი, რომ მას ქვეყნისთვის სიკეთე უნდა, შესაბამისად, ვრჩები მის გულშემატკივრად. მინდა, გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო საქმიანობასთან ერთად, პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად ჩაერთოს.
- ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მიღწევადია, რომ ორმა პარტიამ, რომლებიც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობენ, არჩევნებამდე მშვიდად შეძლონ ხელისუფლებაში გვერდიგვერდ თანამშრომლობა?
- ვერ გეტყვით, ჩვენი სურვილების რეალობაში განხორციელება რამდენად გამოგვივა, ეს როგორც საზოგადოებისთვის, ისე რესპუბლიკელებისთვისაც გაუკვალავი გზაა. არ გამოვრიცხავ, ერთი ან ორი თვე, ან თუნდაც რაღაც ეტაპამდე, პოზიციები შევინარჩუნოთ. თუმცა რესპუბლიკელ მინისტრებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტენ, თანამდებობიდან გადადგომა საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით აუცილებლად მოუწევთ. თუ თანაცხოვრება მაინც ვერ მოხერხდა, მაშინ ამომრჩეველს ვეტყვით, რომ რესპუბლიკელებმა ამის აღმოსაფხვრელად ყველაფერი გავაკეთეთ.
- როგორ განვითარდება მოვლენები, თუ თქვენსა და “ქართულ ოცნებას” შორის ოპონირება ბევრად მკვეთრი გახდება და კრიზისის პრევენცია ვერ მოხერხდება?
- ჩვენი ამოცანა არც “ქართულ ოცნებასთან” მეგობრობა ყოფილა და არც ამ პარტიასთან ოპონირება იქნება. ჩვენი მიზანია, ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავწიოთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ რამდენიმე მართლაც სერიოზული ნაბიჯი გადადგა. მთავარია, უკან არ დავცურდეთ და რაც მოვიპოვეთ, არ დავკარგოთ. ოპოზიციაში ვიქნებით თუ სადმე სხვაგან, ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის ეს იქნება. ბევრჯერ მსმენია, რესპუბლიკელები პრინციპულები არ არიან და გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენო… რა თქმა უნდა, კოალიციაში ყოფნა ყოველთვის თვითშეზღუდვას ნიშნავს, თანაც ჩვენთან ერთად მაგიდასთან სხვა პარტიებიც ისხდნენ – თუ მათ პოზიციებს ანგარიშს არ გავუწევ, ჩემ მიმართაც ანალოგიური დამოკიდებულება ექნებათ. ამ კინკლაობაში კი შედეგს ვერასოდეს მივიღებთ. სწორედ ამიტომ გარკვეულ საკითხებზე ზოგჯერ ერთი ტონით დაბლა, ზოგჯერ მოგუდულად და, რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ვსაუბრობდით. დღეს ვითარება იცვლება და რესპუბლიკელებიც და სხვებიც ჩვენს პრიორიტეტებზე თამამად ვისაუბრებთ. საბოლოოდ კი ყველა პოლიტიკურ ძალას კუთვნილ ადგილს ამომრჩეველი მიუჩენს და შემდეგ დავდებთ ისევ კოალიციურ შეთანხმებას, რაში ვთანხმდებით და რაში – ვერა.
- ანუ მიიჩნევთ, რომ შესაძლოა, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თქვენ “ქართულ ოცნებასთან” ან სხვა პოლიტიკურ ძალასთან ახალი კოალიცია შექმნათ?
- ჩვენ ვაცხადებთ, რომ საერთო არაფერი გვექნება იმ ადამიანებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნატოსთან ურთიერთობის გაწყვეტით, რუსეთი საქართველოსადმი დამოკიდებულებას შეიცვლის. ასევე, თანამშრომლობას გამოვრიცხავთ წინა ხელისუფლებასთან, რომელიც ძველ ლიდერთან და შეხედულებებთან დღემდე დარჩა. დანარჩენზე არჩევნების შემდეგ ვისაუბროთ, ვისთან მიგვესვლება და ვის მოესვლება ჩვენთან. არ ვფიქრობ, რომ მომავალი ხელისუფლება ერთპარტიული იქნება. შესაბამისად, პარტიებს ერთმანეთის ძებნა მოუწევთ.
- საინტერესოა, არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლა-არგასვლის თემაზე შიდაკოალიციურ კონსულტაციებში რა როლს თამაშობდა ბიძინა ივანიშვილი?
- როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაზე უარი განაცხადა, მიმაჩნდა, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მის მიერ შექმნილ სისტემას, საჯარო ინსტიტუტებსა და მისსავე ახალშექმნილ პარტიას მეტი გამაგრება სჭირდებოდა. ვხედავ, რომ კვირიკაშვილის პრემიერად არჩევის შემდეგ, პოლიტიკურ პროცესებზე ივანიშვილის როლი მინიმალურზე მინიმალურია.
- ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას ეს როლი დიდი იყო?
- კვირიკაშვილის პრემიერად არჩევის შემდეგ ეს განსაკუთრებით თვალში საცემია. როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის უკვე მეორე მცდელობაა, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდეს. ეს, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. ფაქტია, როდესაც თავის დროზე პოლიტიკიდან წავიდა, გარემოებებმა ამის საშუალება ბოლომდე არ მისცა – ის საჯარო განცხადებებს აკეთებდა და პოზიციებსაც აფიქსირებდა. არ უნდა შეიქმნას ქვეყანაში კრიზისი, რომ ივანიშვილს კვლავ პოლიტიკაში დაბრუნებამ მოუწიოს, ეს პოლიტიკური პროცესისთვის დამანგრეველი იქნება. კითხვაზე, წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ერთადერთი ეფექტური პასუხი დემოკრატიულად აწყობილი პარტია “ქართული ოცნება” იქნება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ პარტიაში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიმღები ლიდერები არიან, რომლებიც წარმატებასაც და წარუმატებლობასაც ერთნაირად უმკლავდებიან ეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ მოახერხა, რაც მათთვისვე გახდა დიდი პრობლემა და ცუდი იქნება, თუ “ქართული ოცნებაც” ვერ მოახერხებს. “ქართულმა ოცნებამ” უნდა დაგვარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მართლა წავიდა, დანარჩენი საუბარი არაფრის მომტანია.
- ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ თქვენ შემოგთავაზათ, წამოსულიყავით რესპუბლიკური პარტიიდან და დაგეკავებინათ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებაში” თქვენს გადაბირებას კიდევ შეეცდებიან…
- ბიძინა ივანიშვილი არაორდინარული ფიგურაა. მას ხშირად მოვლენების განვითარება ისე წარმოუდგენია, როგორზეც ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით. მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილის არჩევნების გზით შეცვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს მიზანი დაისახა და მიაღწია კიდეც. დიახ, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გავმხდარიყავი, მაგრამ თავადვე მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ასე არ ხდება, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც, მაგალითად, “მერსედეს ბენცის” მენეჯერი რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, “ეფლის” დირექტორი გახდეს.
- ანუ პოლიტიკა ბიზნესი არ არის?
- ეს ჩემი აკვიატება არ არის, უბრალოდ, შეუძლებელია, თუ ვიღაცამ ერთ პარტიაში კარგი მენეჯერული უნარები გამოავლინა, მან სხვა პარტიასაც უხელმძღვანელოს.
- პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სკანდალზეც მინდა გკითხოთ და იმაზე, რომ საზოგადოება უსწრაფესად ითხოვს ხელისუფლებისგან ამ საქმეზე წერტილის დასმას. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ 11 მარტს, როდესაც კადრები გავრცელდა, ხელისუფლების ზოგიერთმა წევრმა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური რეაქცია გამოავლინა. კერძოდ, თეა წულუკიანმა, გიორგი მარგველაშვილმა და თინათინ ხიდაშელმა აღიარებული შეცდომის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს“. პრეცედენტი, რომ თავისუფალ მედიასაშუალებას ბოიკოტს უცხადებდეს პრეზიდენტი ან იუსტიციის მინისტრი, ალბათ, არ დაფიქსირებულა დემოკრატიულ ქვეყნებში. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოგვიანებით თინათინ ხიდაშელმა თბილი ფეისბუკპოსტი მიუძღვნა სააგენტოს და საბოლოო ჯამში, მასთან თანამშრომლობა გააგრძელა…
- 11 მარტს შოკის მომგვრელი ვითარება შეიქმნა. შესაბამისად, ჩემი აზრით, მინისტრებმა და პრეზიდენტმაც პოლიტიკურად აფექტურ მდგომარეობაში მიიღეს გადაწყვეტილება. ამ საკითხზე მეორე დღეს პრემიერთან გვქონდა საუბარი, არც ის იყო აღფრთოვანებული ამ გადაწყვეტილებებით, მაგრამ მასაც ესმოდა, რომ ცხელ გულზე გააკეთეს ამ ტიპის განცხადებები. რა თქმა უნდა, მინისტრი მაღალი რანგის პოლიტიკოსია და მას უფრო მეტი მოეთხოვება, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ მედიასაც არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე მინისტრს ან პარლამენტის თავმჯდომარეს. საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა არ არის მთავრობის ექსკლუზივი. მაგალითად, შესაძლოა, ჩემს განცხადებას იმდენად დიდი ნდობა არ ჰქონდეს საზოგადოებაში, როგორიც “ინტერპრესნიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამიტომ ყველაფერი დეტალურად უნდა ავწონ-დავწონოთ.
- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ეს ხელისუფლება ფარული ჩანაწერების საქმის ბოლომდე მიყვანას?
- მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე იდგა, 2008 წელს მოხდა ომი და ეკონომიკური მდგომარეობაც არასახარბიელო იყო, საქართველოსთვის ფარული ჩანაწერები ამ საუკუნის ყველაზე დიდი ლაქაა.
რა არ მოუფიქრებიათ ტირანებს, დიქტატორებს – ადამიანების წამება, მკვლელობა, მაგრამ არც ერთი რეჟიმი არ მისულა იქამდე, რომ საწოლებში ჩამწერები დაემონტაჟებინა,
ინსცენირებისთვის მსახიობები დაექირავებინა და პოლიტიკოსებზე არასწორი ინფორმაცია ამ გზით შეეგროვებინა. რა თქმა უნდა, შანტაჟი ყოველთვის იყო, მაგრამ იმ მასშტაბის, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში იყო – არასოდეს. ათასობით ფაილის არსებობა ნიშნავს, რომ ათასობით კამერა, ასობით ადამიანი და ათეულობით მათი ხელმძღვანელი მუშაობდა. ამ “ინდუსტრიის” გამოძიება სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უნდა იქცეს. თუ კოალიციამ საამისოდ ცოტა გააკეთა, მომავალ მმართველს გაცილებით მეტი მუშაობა მოუწევს, რომ ჩანაწერების შემქმნელები და დამკვეთები ბოლომდე გამოააშკარაოს. შესაძლოა, ქუჩაში ყოველდღიურად ვხვდებით ადამიანს, რომელიც ამ სისტემის ნაწილი იყო და ამის შესახებ არც კი ვიცოდეთ. ეს დაუშვებელია!
მისასალმებელია, რომ პრემიერის აქტიურობის შედეგად, საქმეში ამერიკული მხარე ჩაერთო, მეტიც, ევროპელებიც მნიშვნელოვან დახმარებას დაგვპირდნენ.
„კვირის პალიტრა“, 11 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: სანდრა რულოვსი და ირაკლი ქადაგიძე – “ნაცმოძრაობის” ახალი სახეები?!
რუსუდან შელია
არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლა და პარტიის განახლება – ასეთია “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო გეგმა, რომლის დეტალებსა და ამასთან, სამთავრობო გუნდში მიმდინარე პროცესებზე “კვირის პალიტრასთან” საპარლამენტო უმცირესობის წევრი, მიხეილ მაჭავარიანი საუბრობს:
- კოალიციაში მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მმართველი გუნდი საზოგადოების პრობლემებს სრულად მოსწყდა – მათთვის მთავარ საკითხად შიდა ბრძოლა და სკამების გადანაწილება იქცა, ეკონომიკის გაუმჯობესებაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და იმ დაპირებების შესრულებაზე, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, არავინ ლაპარაკობს.
- ოთხი წელია გუნდის განახლებაზე საუბრობთ, მაგრამ რეალურად პარტიის ლიდერები დღემდე არ იცვლებიან…
- 2013 წელს პარტიიდან მე და “ძველი გვარდიის” სხვა წარმომადგენლები რომ წავსულიყავით, საზოგადოება იფიქრებდა, ოპოზიციაში ყოფნის შეეშინდათო. ამის ნაცვლად, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ახლა მზად ვართ, გუნდის 40% ახალი სახეებით შევავსოთ.
- ვინ განიხილება პარტიის განახლებულ საარჩევნო სიაში?
- ზაზა ბიბილაშვილის, ოთარ კახიძის, გიორგი ქადაგიძის, გიორგი ტუღუშის, ასევე ეკა ტყეშელაშვილისა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურები. მათთან მოლაპარაკებას პირადად არ ვაწარმოებ, თუმცა პარტია დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს. გვინდა, ჩვენთან ერთად ბრძოლაში სანდრა რულოვსიც ჩაერთოს.არა აქვს მნიშვნელობა, რომელ რეგიონში იქნება, მთავარია, ბრძოლაში ჩვენთან ერთად ჩაერთოს. ისეთ ადამიანებს ვეძებთ, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაცნობიერებას შეძლებენ და ბრძოლაში ბოლომდე გამოგვყვებიან.
- გიორგი ქადაგიძის “ნაციონალური მოძრაობის” სიაში შესაძლო მოხვედრა არ ნიშნავს, რომ ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებდა?
- გიორგი ქადაგიძის სიაში ყოფნა ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა, თუმცა “ქოცმაც” კი იცის, რომ რასაც მას აბრალებდნენ, სრული აბსურდი იყო. მთავრობის წევრებმაც კი აღიარეს, რომ ქადაგიძის გარეშე, ქვეყანა ფატალურ შედეგამდე მივიდოდა. საერთოდ, “ქართული ოცნების” მართვის სტილია, საკუთარი წარუმატებლობა სხვას გადააბრალოს.
- მიუხედავად ამისა, დღემდე არ ემიჯნებით იმ პირებს, რომლებსაც ადამიანების წამებაში ედებათ ბრალი, ათიათასობით ფარულ ჩანაწერზეც არავის აუღია პასუხისმგებლობა…
- ყველას ვემიჯნებით, ვინც დანაშაულს სჩადიოდა, თუმცა ხელისუფლებამ დამნაშავეების დასჯის ნაცვლად აბსურდული ბრალდებების შეთითხვნა დაიწყო. მაგალითად, გიგი უგულავა იმ ბრალდებისთვის იხდის სასჯელს, რაზეც დავით ნარმანია ყოველდღიურად აღიარებით ჩვენებას აკეთებს – თურმე 50 ათასის მივლინებისთვის დახარჯვა არაფერია და არც პროკურორის შვილის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაა ნარმანიასთვის დანაშაული.
„კვირის პალიტრა“, 11 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ დავით მაღრაძესთან: “მიღწევაა – ვინც გირგვლიანის მკვლელობის გაპროტესტებას ვერ ბედავდა, დღეს ხის გადარგვას აპროტესტებს… „ქართულ ოცნებას” კონკურენტი არა ჰყავს, რაც კარგი სულაც არ არის“
ნათია დოლიძე
საქართველომ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მორიგი წლისთავი აღნიშნა. ეს ბრძოლა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა… დღეს საქართველო მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. არჩევნების თარიღი – 8 ოქტომბერი – უკვე ცნობილია, თუმცა მისი გამოცხადება ისეთ დროს და იმგვარი ფორმით მოხდა, პოლიტიკურმა სპექტრმა ჯერაც ვერ გაიგო, როდის უნდა დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა, ერთი ცხადია, ქვეყანა ნელ-ნელა ებმება საარჩევნო მარათონში, რომელიც, როგორც ჩანს, არცთუ მარტივი იქნება, მით უფრო, საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით. მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებს შევაფასებთ პოეტ დავით მაღრაძესთან ერთად, რომლის შემოქმედებამაც სულ ახლახან კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ბატონი დათოს წიგნი “ექო” რომში, დონ ლუიჯი დილიეგროს სახელობის ლიტერატურულ საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
- პარტია “ქართულმა ოცნებამ” დამოუკიდებლად გადაწყვიტა არჩევნებზე წასვლა. ელოდით მოვლენების ამგვარ განვითარებას და თქვენი აზრით, რომელ პოლიტიკურ ძალას რა პერსპექტივა აქვს არჩევნებზე?
- ვფიქრობ, კოალიციის დაშლა არც მოულოდნელია და არც საგანგაშო. პოლიტიკური გაერთიანებები დგება და იშლება, ეს არ არის სამუდამოდ, ასე ვთქვათ, ფიცვერცხლით შეფიცული საძმო. რაღაც ეტაპზე ორგანიზაციები ერთიანდებიან გარკვეული მიზნით თუ რიგი საკითხების გარშემო, მერე კი იშლებიან. მთავარი ისაა, რა მოხდა ამ კოალიციის საქმიანობისას. ჩემი აზრით, დემოკრატიის განვითარების გზაზე ქვეყანამ უდიდესი ნახტომი გააკეთა. გაიხსენეთ, სულ რაღაც 4 წლის წინ რა პრობლემატიკა იყო ქვეყანაში – ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ პირდაპირ ქუჩაში ჩადენილი მკვლელობები; სატელევიზიო დაწიოკებები და დაპატიმრებები; საზოგადოების დასაშინებლად და დასაჩაჩანაკებლად ტელეკამერების წინ გაუბედურებული ოჯახები; სისტემური წამების ფაქტები ციხეებში; ფეხქვეშ გათელილი სიტყვის თავისუფლება; ყაჩაღობა, ე.წ. ახევები ბიზნესის სამყაროში და ა.შ. დღეს კი ამ პრობლემატიკიდან მოვედით იქამდე, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ხის გადარგვაა.
უკლებლივ ყველა ტელევიზია ლაპარაკობს, ეს ხე გადარგეს თუ არ გადარგეს, როგორ გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე და ა.შ. აი, ასე, გაუპატიურებული პატიმრებიდან მოვედით ვითარებამდე, როდესაც ყველაზე მეტად ხის გადარგვა გვაწუხებს… დამეთანხმებით, თვალსაჩინო ნახტომია… ასევე დიდი მიღწევა მგონია ისიც, რომ ის პირები, ვინც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გაპროტესტებასაც ვერ ბედავდნენ, დღეს ხის გადარგვას აპროტესტებენ და საერთოდ, 9 წელი ხმა რომ არ ამოუღიათ, ახლა ყველაფერზე თამამად ლაპარაკობენ.
რაც შეეხება, ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალ არჩევნებზე, გამიჭირდება, ალბათ, პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მე ისე ვხედავ დღეს ვითარებას, რომ “”ქართულ ოცნებას” კონკურენტი არა ჰყავს, რაც კარგი სულაც არ არის. იმედი მქონდა, რომ რეალური ოპოზიცია ჩამოყალიბდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს. დამეთანხმებით, ადამიანთა წამებაში მხილებული ორგანიზაცია ვერავის კონკურენტი ვერ იქნება.
- თქვენი აზრით, კოალიციიდან ცალკე გასულ პოლიტიკურ ძალებსაც არა აქვთ კონკურენტულ ოპოზიციად ჩამოყალიბების შანსი?
- მეეჭვება, შეძლონ ამ მოკლე ხანში ისე ჩამოყალიბება, რომ სათანადო ოპონირება მოახერხონ. არადა, კრიტიკის მოსმენა ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის წამალია. ჯანსაღი კრიტიკით წამლობის გარეშე ნებისმიერი საზოგადოება იფიტება. თუ კვალიფიციური ოპონირება არ ხდება, საზოგადოების განვითარება ფერხდება. სამწუხაროდ, დღეს ეს ვითარება გვაქვს – “ქართულ ოცნებას” აქვს გამარჯვების დიდი შანსი, ყველა დანარჩენ ორგანიზაციას კი – ბარიერის გადალახვის პრობლემა, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობასაც”. რაც მათი აქციები ვნახე თავისი ჯაჭვებით და სამაჯურებით, ეს უფრო იყო ამ პოლიტიკური ძალის პანაშვიდი და არა რაიმე პერსპექტივის მქონე პარტიის ღონისძიება. ვისურვებდი, მომავალი პარლამენტი მრავალფეროვანი იყოს, თუმცა მეეჭვება, ასე მოხდეს.
- პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილის აზრით, პრევენციული ზომების დროულად მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას შეეძლო მათი გავრცელების თავიდან არიდება...
- ჩვენი ინტერვიუს დასაწყისში, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” “გმირობები” ჩამოვთვალე, გამომრჩა მათ მიერ დამკვიდრებული შანტაჟის სისტემა. ისინი ადამიანებს უთვალთვალებდნენ, იღებდნენ მათ პირად ცხოვრებას და მერე სხვადასხვა მიზნით აშანტაჟებდნენ. უტიფრობაა, როდესაც დღეს ისინი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ამაზრზენ საქმეში, ან მათი მეგობრების ხელით კეთდებოდა მსგავსი სიბინძურეები, გამოდიან და დიდაქტიკური ტონით გმობენ მომხდარს, ან სხვას ადანაშაულებენ…
სამწუხაროდ, მთელი ცხრა წელი ამ საშინელების მომსწრენი ვიყავით, ფაქტობრივად, ჩვენს თავზე გადაიარა ამ ყველაფერმა და გვახსოვს, ეს ადამიანები რა მშვენივრად თანამშრომლობდნენ სააკაშვილის რეჟიმთან. რაც შეეხება იმას, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ჩანაწერების გავრცელების თავიდან არიდება, არ ვიცი. მაშინ, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან მიმოწერაც არ არის დაცული, ალბათ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთი რამ მინდა ვთქვა: იმან, ვინც ამას ავრცელებს, ჩვენი გარყვნილების ხარისხი კარგად იცის. თუ დავუმტკიცებთ, რომ არა ვართ გარყვნილები, არ ვუყურებთ ამ ჩანაწერებს, დასხდნენ, აქვეყნონ და უყურონ თვითონ. ასე მიზანს ვერ მიაღწევენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ისეთი გადაცემებია რეიტინგული, აქედანაც ჩანს, რა ადვილია ამ ჩანაწერებით ხალხის დაინტერესება. ხომ ხედავთ, “რუსთავი 2″-ის პირდაპირი ეთერით იმართება კორიდა. ჯერ უშვებენ პიკადორებს პატარ-პატარა სიუჟეტებით, ბოლოს კი გამოდის წამყვანი ტორეადორი, უფრიალებს საზოგადოებას წითელ ნაჭერს და განგმირავს მას… რა ვიცი, ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ეს ჩანაწერები ვიღაცებს თურმე მთლად ტელეფონში აქვთ გადანახული. ტელეფონში რატომ უნდა მოგინდეს ამის შენახვა, ვინ არის ეს ხალხი, რა ინტერესები აქვთ, რა თვალსაწიერი?!
- ფარული ჩანაწერების გავრცელებიდან მოკლე ხანში დააკავეს წინა ხელისუფლების სამართალდამცავი უწყებების მაღალჩინოსნები. ამ ჩანაწერების არსებობის შესახებ ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა მოსვლის დღიდან, რატომ ვერ მოხერხდა დამნაშავეების აქამდე დაკავება?
- გამიჭირდება ამაზე პასუხი, ამ კითხვას, ალბათ, პროკურატურამ უნდა უპასუხოს. ამ ხალხის დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს სისტემური დანაშაული იყო. ეჭვმიტანილის დაკავებას მტკიცებულება სჭირდება, ალბათ, დააკავეს მაშინ, როდესაც მტკიცებულებები მოიპოვეს. ისევ წინა ხელისუფლების ცხრაწლიან მმართველობას რომ მივუბრუნდე, ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდა, დღევანდელ საზოგადოებაში საბჭოთა რეპრესიების დროს ვინ იქნებოდა ჯალათი, ვინ – მსხვერპლი და ვინ – ჯალათებთან ანგარებით მოთანამშრომლე.
- ვიდრე კოალიცია ერთიანი იყო, ისმოდა შეფასება, რომ ის საკუთარ თავშივე აბალანსებდა ქვეყნის საგარეო ვექტორებს, ახლა კი უკვე ბევრი კითხვა ისმის ხელისუფლების საგარეო კურსის შესახებ. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენში პრორუსული განწყობის მიზანმიმართული გაძლიერებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის გადახვევის საფრთხე რეალურია...
- ჩვენს პოლიტიკურ ისთებლიშმენტს ევროპაზე ძალიან ზერელე წარმოდგენა აქვს, ევროპარლამენტარების გაცნობით, ჰგონიათ, ევროპას მთელი თავისი ღირებულებებით იცნობენ, იმავდროულად, შეუძლიათ ამ ღირებულებებზე მაღალფარდოვნად ილაპარაკონ, თანაც პატიმრები აწამონ. თავის დროზე, ევროპული ღირებულებები განაპირობა ათენისა და იერუსალიმის სინთეზმა და ჰარმონიამ, რასაც მოჰყვა ევროპული რენესანსი, რომელმაც გაგრძელება პოვა საქართველოში… მაგრამ ამ ხალხმა ამის არაფერი იცის და არც აინტერესებს, თანაც ცდილობენ, დააჯერონ აშშ და ევროპა, რომ მათ გარეშე საქართველო მოსწყდება ევროპას და ჩრდილოეთისკენ წავა. მე ამის საფრთხეს ვერ ვხედავ! ჩემი აზრით, სწორედ ახალი ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბდა ქვეყნის საგარეო ევროპული კურსი, მანამდე ეს იყო მხოლოდ დეკლარირებული ლოზუნგები და ფრაზები, ეს იყო ქვეყნის სინგაპურიზაცია რუსეთთან ომის ფონზე.
ევროპას ძალიან საინტერესო სამყარო აქვს, ბევრი რამ შეიძლება მივიღოთ ევროპულ ქვეყნებთან და არა მხოლოდ ევროპარლამენტარებთან ურთიერთობით. სხვათა შორის, ხშირად ევრობიუროკრატია და პოლიტკორექტულობა ბევრად განსხვავდება მოსახლეობის განწყობებისგან. ჩვენში დასავლეთზე მოლაპარაკეთა ერთ ნაწილს ჰგონია, აშშ-ისა და ევროპისკენ სწრაფვა მათ მანიაკური ვნებების დაკმაყოფილების საშუალებას მისცემს, ნაწილს კი ჰგონია, ერთსქესიანთა ქორწინებაა ევროპა. მეტიც, მეტიჩარა ქართველებს რა დალევს და, ეს ხალხი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ევროპელებზე მეტად ევროპელები არიან და ლამის საერთოდ უსქესო ქორწინება მოითხოვონ. ზოგიერთი ქართველი ხელოვანი ისეა საკუთარი თავით გატაცებული, რომ არ არის გამორიცხული, თვითდამტვერვაზეც გადავიდეს და საკუთარ თავზე იქორწინოს. ესენი ვითომ ლიბერალები არიან, მეორე ნაწილი კი ის ხალხია, რომელთაც ასევე ევროპა ჰგონიათ ერთსქესიანთა ქორწინება, ოღონდ ამას ქრისტიანობის სახელით უპირისპირდებიან. მოკლედ, როგორიც ერთნი ლიბერალები არიან, ისე მეორენი – ქრისტიანები, ეს ხალხი ერთი ჯოხის ორი ბოლოა.
უკვე არაერთი წელია ვურთიერთობ ევროპაში მცხოვრებ ძალიან საინტერესო ხალხთან. ვხედავ, რამხელა შინაარსისა და სიღრმისაა ევროპის კულტურა, რა დონის საგანმანათლებლო სისტემებია ამ ქვეყნებში, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მათგან…
მავანისგან მომისმენია, რუსეთი მირჩევნია ისევ ევროპასო! ეს არის უღირსებო განცდა, ყმის პოზიციიდან ნათქვამი, რომელშიც გამოსჭვივის განწყობა, რომ ძველი ბატონი გვირჩევნია ახალს. ეს ყმის გაკეთებული არჩევანია. არა ვარ წინააღმდეგი რუსეთთან კულტურული ურთიერთობის, მაგრამ ევროპასთან სულიერი ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანია ახლა ჩვენი ქვეყნისთვის, თანაც სჯობს, თავისუფალი ადამიანის პიედესტალიდან გავაკეთოთ არჩევანი, ვიდრე შეზღუდული და დაბეჩავებული სულის გადასახედიდან. ამ ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი რამ მოხდა – შეხვდნენ რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი, ანუ კონსტანტინეპოლისა და რომის დიალოგის აღდგენას ეყრება საფუძველი. უნდა მოვახერხოთ და ახლა საქართველოს ადგილი ევროპასთან ურთიერთობაში როგორმე განსაკუთრებულად გამოვკვეთოთ. უნდა ვამცნოთ სამყაროს, რომ რუსეთი კონსტანტინეპოლის ერთადერთი მემკვიდრე არ არის. შეხედეთ ჯვრის მონასტერს და გაიგებთ, ვინ არის მემკვიდრე ბიზანტიისა. რომთან დიალოგში ჩვენი ნიშა უნდა მოვნახოთ. დიდი სიბრძნითა და სიდინჯით შეიძლება სწორი ნაბიჯების გადადგმა.
- ხელისუფლების ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყნის მნიშვნელოვანი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, ანუ ხელისუფლებას მართავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, ფაქტობრივად, პოლიტიკიდან წასულია...
- ხელისუფლებასთან არა მაქვს მჭიდრო ურთიერთობა და შიგნით რა ხდება, არ ვიცი, თუმცა ლოგიკურია, ივანიშვილს ჰქონდეს ხელისუფლებაზე გავლენა და მის აზრს ითვალისწინებდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილი არ მართავს მთავრობას. სწორედ ივანიშვილმა მოიყვანა ეს ხელისუფლება, მისი მორალური ავტორიტეტის წყალობით შეიცვალა სააკაშვილის დესპოტური რეჟიმი. ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა რამ არის, მაგალითად, ის, რომ ჩვენ გარშემო ყველგან ცეცხლია, საქართველომ კი, მგონი, პირველად მოახერხა, რომ ამ სიგიჟეში თავით არ გადაეშვა. ვიღაცებს ესეც არ მოსწონთ, ამის გამოც აკრიტიკებენ მთავრობას. მათგან ზოგიერთს აქ სირიის გადმოტანა სურდა, ვიღაცას – უკრაინის პრობლემების… საბედნიეროდ, ვერ ახერხებენ. მაგათ უტიფრობას საზღვარი არა აქვს. არადა, ეს ის ხალხია, ვინც მიწა-წყალი დაკარგა და მარტო გორი და თბილისი რომ შეენარჩუნებინათ, გორს დაარქმევდნენ ნიკოფსიას და თბილისს – დარუბანდს და იტყოდნენ, გავჭიმეთ საქართველო ნიკოფსიით დარუბანდამდეო… ეს ის ხალხია, რომლებიც 2008 წელს ყვიროდნენ, გავიმარჯვეთ, რადგან ხელისუფლება არ ჩამოიშალაო, არად მიიჩნიეს დაკარგული მიწა-წყალი. რომელი ერთი იყო ერეკლე მეორეზე თავგანწირული მებრძოლი, რომელსაც არსად უთქვამს, კრწანისის ბრძოლა მოვიგეო, თუმცა არ ვიცი, “რუსთავი 2″ და “რეალ TV” რომ ყოფილიყო იმჟამად, რა მოხდებოდა… საბედნიეროდ, დღეს “ისტერიკოსები” ვეღარ წერენ ისტორიას, მას ისტორიკოსები წერენ… კიდევ ერთიც, ხელისუფლებაზე თავისუფალი საზოგადოების რაც მეტ წევრს ექნება გავლენა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.
- რეზონანსული გახდა კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ კონცერტების სერიაში, რომელიც უცხოელი მუსიკოსების ჩამოყვანასაც ითვალისწინებს, 29 მილიონი დახარჯოს. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მორიგი საარჩევნო ხრიკია და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყანაში ამხელა თანხა არ უნდა იხარჯებოდეს…
- ამ კითხვაზე სჯობს კულტურის მინისტრმა უპასუხოს. როდესაც მე ვიყავი კულტურის მინისტრი, მაშინ სად იყო კონცერტების ფული. ერთ რამეში კი ვარ დარწმუნებული, ეს ხელისუფლება საკუთარი დანაშაულების, მკვლელობებისა და მიწა-წყლის დაკარგვის გადასაფარავად არ მოაწყობს კონცერტებს, თუმცა რაღა დაგიმალოთ და, მოჭარბებული კონცერტების ენთუზიასტი არ გახლავართ. ერთიც, ვიმედოვნებ, ამ კონცერტებს არჩევნების დემოკრატიულობას მიუძღვნიან. იცით, ამ ხელისუფლების მთავარ ნაკლად რა მიმაჩნია? – ის, რომ თავიანთი წრე ვერ გააფართოეს, არადა, პირდაპირ ევალებათ, რომ უკეთესი პროფესიონალები ეძებონ. ვურჩევ, თვალსაწიერი გააფართოონ და საპარლამენტო სიისთვის ადამიანები ეძებონ იქ, სადაც პატიოსანი, განათლებული, პატრიოტი და მაღალი კვალიფიკაციის საზოგადოებაა.
2012 წლის არჩევნები იყო ბრძოლა, კლასიკური გაგებით, ეს არჩევნები არ ყოფილა. იქ ბევრი ნაბიჯის გადადგმა უწევდათ იძულებით, როცა ბრძოლაა, სანგარში ადამიანს არ ეკითხებიან ბიოგრაფიას. ახლა კი აქვს საშუალება “ქართულ ოცნებას”, შეადგინოს ისეთი საარჩევნო სია, რომლითაც ღირსეულად წარდგება საზოგადოების წინაშე. ეს ევალებათ და მოეთხოვებათ კიდეც!
აუცილებელია, თვითგათავისუფლება მოხდეს საქართველოში. წინა ხელისუფლების დროს უმაღლესი სასწავლებლების საბჭოებში, სტუდენტურ თვითმმართველობებსა თუ სხვა დაწესებულებებში ადამიანების შერჩევა პოლიტიკური ლოიალურობის ნიშნით ხდებოდა. არ მინდა, ეს ხალხი ახლა “ქართული ოცნების” მომხრეებით ჩანაცვლდეს, მინდა გზა კვალიფიციურ ადამიანებს დაეთმოს.
„კვირის პალიტრა“, 11 აპრილი, 2016 წელი
“არასერიოზული კაცი”
შვიდჯერ გაჭრისა და ერთხელ გაზომვის პოლიტიკური ტრაგიკომედია?!
ლევან რაზმაძე
ერთი კარგად უნდა გავარკვიოთ, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია მოჯადოებულ ადგილას ხომ არ არის აშენებული. ვინც კი იქ დაიდებს ბინას, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად იქცევა.
არასერიოზულ და ქვეყნისთვის შოკის მომგვრელ განცხადებებში”ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილი იყო. მარგველაშვილი პრეზიდენტობის პირველ წლებში შედარებით წყნარად იყო, ალბათ, რეზიდენციაში აკლიმატიზაციას გადიოდა და ძირითადად, ირაკლი ღარიბაშვილს ედავებოდა – ვის რაზე უნდა მოეწერა ხელი და გაეროში ორი ქართული დელეგაცია უნდა წასულიყო თუ ერთი. თუმცა ამ ბოლო დროს მარგველაშვილმა წინამორბედ “ჩემპიონს”აუკრიფა”. ჯერ იყო და, მოსახლეობას ამცნო, მდიდარი სექსუალური ცხოვრებით ვცხოვრობდიო და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, რა კავშირი აქვს ფარული ჩანაწერების სკანდალს ქვეყნის პირველი პირის სექსუალურ თავგადასავლებთან. ახლა კი, აქეთ მთავრობა გააოგნა, იქით – პოლიტიკური პარტიები თუ არასამთავრობოები. იცით, დაახლოებით როგორ გამოვიდა? მაგალითად, აპრილში რომ გადაწყვიტოთ, ოქტომბერში ვქორწინდებიო, ოღონდ აპრილშივე რესტორანში რომ გააშლევინოთ სუფრა, სანამ ოქტომბერი მოვა, ოფიციანტებმა რამდენიმე დღეში ერთხელ გაფუჭებული საჭმელი ახლით შეცვალონ და თქვენ უზარმაზარი ხარჯების გაღებამ მოგიწიოთ. 5 აპრილს პრემიერი და პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. მარგველაშვილს შეეძლო, მოსახლეობისთვის მხოლოდ ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა ადგა და გამოსცა ოფიციალური აქტი არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობით კი, არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის აქტის ძალაში შესვლის დღიდან (ძალაში კი ეს აქტი გამოქვეყნებისთანავე შედის) იწყება წინასაარჩევნო პერიოდი თავის ხარჯებიანად, ამკრძალავი რეგულაციებით თუ საარჩევნო სიების უმოკლეს ვადაში წარმოდგენიანად; ანუ მარგველაშვილმა წინასაარჩევნო სუფრა არჩევნებამდე 7 თვით ადრე გაშალა. მარგველაშვილის გუნდში გამოსავლად ახალი ბრძანების გამოცემა მოიფიქრეს, რომლის თანახმად, პრეზიდენტის მიერ აპრილში გამოცემული აქტი ძალაში 8 აგვისტოს უნდა შესულიყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს კანონს ეწინააღმდეგება, იმაზე უკვე აღარავინ კამათობს, რომ არასერიოზულია ბრძანების გამოცემა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შევიდეს მეორე ბრძანება ძალაში.
დღეს მთავრობაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ეძებენ გამოსავალს, როგორ შეუნარჩუნონ სახე მარგველაშვილს. გამოსავალი ორია: ან პრემიერმა არ უნდა მოაწეროს ხელი აქტს, ან პრეზიდენტმა თავისი ბრძანება უკან უნდა გაიწვიოს: ორივე შემთხვევაში კითხვები ჩნდება პრეზიდენტთან. მთავარი კითხვა კი ის არის, მარგველაშვილმა ადმინისტრაციაში ერთი იურისტი ვერ იპოვა, რომ აზრი ეკითხა? დაავიწყდა, რომ მისი თანაშემწეა საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, რომელიც დააკვალიანებდა, როდის რა აქტი უნდა გამოცემულიყო. ზოგადად, ტენდენციაა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა უკუღმა გაიგო “შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის” პრინციპი. ერთხელ გაზომავენ და მერე შვიდჯერ კი არა, რატომ ორასჯერ არ ჭრიან, რომ უკუღმა გაზომილი როგორმე თარგს მოარგონ. ასეთი ქმედებებით საჯარო მოხელეები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს კი არა, ფილმ “არასერიოზული კაცის” პერსონაჟს ემსგავსებიან.
————————-
“ყოველკვირეული ალია”, 11 აპრილი, 2016 წელი
ვაჟა ლელუაშვილის განთავისუფლების ფარული სპეცოპერაცია უკვე დაწყებულია „ქართულ ოცნებაში“
ვაი, თქვე უბედურებო, ეს რა დღეში ხართ, „ქართული ოცნების“ ლიდერებო ეგეთი რა მიჰქარეთ, რომ ვეღარ თავისუფლდებით ჩადენილი დანაშაულისგან?!
ლევან ჯავახიშვილი
8 აპრილს პროკურატურამ ფარული კადრების საქმე ნაწილობრივ გახსნა და ვაჟა ლელუაშვილთან ერთად, რამდენიმე მაღალჩინოსანიც დააკავა:
„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან გამოძიებას მიემალა, ერთ პირს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. კერძოდ, პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი;
შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი მიემალა გამოძიებას, ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2012 წლებში, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები მაკომპრომეტირებელი მასალის შეგროვების მიზნით ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების წინასწარ შერჩევას, უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას.
კერძოდ, დადგენილია, რომ 2012 წლის მაისში, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსს ირაკლი ყიფშიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 5 მაისს, ერთ-ერთი პოლიტიკოსი აპირებდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე სასტუმროში გაჩერებას. ამ ფაქტის შესახებ, მან შეატყობინა ვასილ ლელუაშვილს, რომლის დავალებითაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ჩაწერის მიზნით, დაიგეგმა სასტუმროს ნომერში ფარული გადამღები მოწყობილობის დამონტაჟება. დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2012 წლის 5 მაისს, ვასილ ლელუაშვილისა და ირაკლი ყიფშიძის დავალებით შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა თანამშრომლებმა ზურაბ პავლიაშვილმა და გიგლა შიოშვილმა ორგანიზება გაუწიეს სასტუმროს ნომერში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებას, რითაც უკანონოდ მოიპოვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
ამ ფაქტიდან ერთ თვეში, 2012 წლის 5 ივნისს, ვასილ ლელუაშვილის დავალებით, ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა რევაზ შიუკაშვილმა და მისმა მოადგილემ რომან ზაალიშვილმა ორგანიზება გაუწიეს ხსენებულ ბინაში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებას, რა გზითაც უკანონოდ მოიპოვეს ოპოზიციურად განწყობილი კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
ჩატარებული გამოძიებით, ასევე, გახსნილია ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებით განხორციელებული კიდევ ერთი დანაშაულებრივი ფაქტი, რომელიც ეხება 2013 წლის მაისში საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას. კერძოდ, 2011 წლის დეკემბერში ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ვასილ ლელუაშვილის დავალებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს უფროსმა გივი კაციტაძემ ორგანიზება გაუწია ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებასა და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მოპოვებას
შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე იქნენ დაკავებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“.
მთავარმა პროკურატურამ მხოლოდ ამ ინფორმაციის გასაჯაროება ჩათვალა საჭიროდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალების გახმაურებისგან ჯერ თავს იკავებს. თუმცა, შევეცდებით, მკითხველს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ, სავარაუდოდ, რა და როგორ მოხდა და ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ბრალდებულ ვაჟა ლელუაშვილის ძველი კავშირებიც გავიხსენოთ
განვმარტავ, რომ პროკურატურის განცხადებაში ნახსენები 2012 წლის 5 მაისს მოპოვებული ჩანაწერი, წელს, 14 მარტს გავრცელდა ინტერნეტსივრცეში და ერთ-ერთი მაშინდელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების შემცველი იყო. სავარაუდოდ, ეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული. ტელეკომპანია „იბერიით“ გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს სასტუმრო დუშეთის რაიონში მდებარე სასტუმრო „ბაზალეთია“. სავარაუდოდ, 203-ე ნომერი. მოკლედ, გამოძიებამ ამ ეტაპზე გამოავლინა გავრცელებული სკანდალური ვიდეოების ფარულად გადამღებები, ამ ვიდეოების შემნახავები, მაგრამ ვინ ატვირთა ეს ვიდეოები ინტერნეტში, ჯერ ამაზე გამოძიება დუმს
ამ ბინძური საქმის მთავარი მოთავე, ვაჟა ლელუაშვილი რამდენიმე საათის დაკავებული იყო, როცა მისმა მეუღლემ გაავრცელა ვაჟა ლელუაშვილის ვიდეო, რომელიც მის დაჭერამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. გთავაზობთ ვაჟა ლელუაშვილის ამ პრევენციულ განცხადებას სრულად:
„სანდო წყაროდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა აპირებს, დამაბრალოს დანაშაული, რომელიც მე არ ჩამიდენია. კერძოდ, პროკურატურა აპირებს, ჩამიდოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც მე არ მაქვს. ჩადება შეიძლება მოხდეს მეხსიერების ბარათზე, შეიძლება სიდი-დისკზე, შეიძლება კომპიუტერი წაიღონ და ჩაიწერონ, ან სულაც კომპიუტერში შეიძლება დისტანციურად ჩაწერონ კადრები, ასეთი ტექნიკური საშუალება შესაძლებელია. აგრეთვე, ცრუ მოწმეების გამოყენებით, პროკურატურა აპირებს, თითქოსდა მე ეს მასალები მოვიპოვე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩემთან არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, არასოდეს არაფერი არ გადამიღია, არც არაფერი შემინახავს, მით უმეტეს, არც გამივრცელებია“.
ეს ვიდეო ერთ რამეს ნათელს ხდის. პროკურატურის მიერ მოპოვებული უკანონო ფარული ჩანაწერები, რის გამოც ეს 5 კაცი დაიჭირეს, ვაჟა ლელუაშვილის სახლიდან ვერ იქნებოდა ამოღებული, ის, ალბათ, სხვა ბრალდებულთა სახლებში ნახა გამოძიებამ, რადგან, თუ ლელუაშვილს ინფორმაცია ჰქონდა, რომ მის დაჭერას აპირებდნენ და ეს სავარაუდოდ, ასეა, დანაშაულის მტკიცებულებებს სახლში არ შეინახავდა. ახლა, პროკურატურამ რომ განაცხადოს, ფაილები ლელუაშვილის სახლიდან ამოვიღეთ, ან მის კომპიუტერში იყოო, პირადად მე, ამას ვერ დავიჯერებ. შესაძლოა, მას მართლა არ გააჩნდა ვიდეოკომპრომატები სახლში, მაგრამ კუდ-ში მუშაობის პერიოდში პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებზე უკანონო ფარულ თვალთვალსა და მოსმენებს, ვიდეოგადაღებებსა და სხვა ამგვარ უბედურებას რომ ხელმძღვანელობდა, ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. ვაჟა ლელუაშვილის საკურატორო ზონები კუდ-ში და შესაბამისად, ამ განხრით, თბილისი, კახეთის რეგიონი და ქვემო ქართლი გახლდათ. თავის დროზე ამის შესახებ „ალიას“ „სახალხო კრების“ წევრი, ზურაბ ხუბულაშვილი ექსკლუზიურად მოუთხრობდა
ვაჟა ლელუაშვილი როცა სრულიად უდანაშაულო კაცად და მსხვერპლად ცდილობს თავის წარმოჩენას, ორი რამ ავიწყდება. ერთი, რომ უკვე წლებია, მის სახელთან ასოცირდება ეს ფარული მოსმენები და სხვადასხვა ვიდეოკომპრომატების გადაღება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, ამის შესახებ იმჟამინდელი ოპოზიციონერები ბევრს საუბრობდნენ. მეორეც, ლელუაშვილი 2012 წლის 18 ნოემბერს დააკავეს, ხუთი მუხლით წაუყენეს ბრალი: 158-ე – კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, 284-ე – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, 285-ე – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, 333-ე – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. და 187-ე – სხვისი ქონების განზრახ დაზიანება. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ ლელუაშვილი მის მიმართ წაყენებული 5 ბრალიდან სამს დაეთანხმა, კერძოდ, ლელუაშვილმა დანაშაული აღიარა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სხვისი ქონების დაზიანებასა და უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებაში.
მკითხველს შევახსენებ, რომ იმ დროს ვაჟა ლელუაშვილთან ერთად დაიჭირეს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და იმ დროს თბილისის მოქმედი ვიცე-მერი, შოთა ხიზანიშვილი. მასაც თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევაში დასდეს ბრალი. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოძიება შოთა ხიზანიშვილისა და ვაჟა ლელუაშვილს დაჭერით, ვანო მერაბიშვილსა და დათა ახალაიაზე გასვლას აპირებდა, ორივენი მზად იყვნენ, მათ წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება, ეთქვათ, რომ ფარულ მოსმენებს შს მინისტრისა და კუდ-ის უფროსის დავალებით ახორციელებდნენ. სასამართლომ შოთა ხიზანიშვილსა და ვაჟა ლელუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხვათა შორის, ხიზანიშვილს თავდებში უდგებოდა თბილისის იმჟამინდელი მერი, გიგი უგულავა, მაგრამ სასამართლომ მისი თავდებობა არ გაითვალისწინა და არც ის 20 000-ლარიანი გირაო, რასაც ხიზანიშვილი სთავაზობდა სასამართლოს თავისუფლების სანაცვლოდ. მოკლედ, ვაჟა ლელუაშვილი ციხეში იჯდა და სწორედ უკანონო ფარული ჩანაწერების გადაღების ბრალდებით, დღეს რასაც ედავებიან, ზუსტად იმ ბრალდებით, მაგრამ ამ კაცმა ციხეს თავი დააღწია, 4 ბრალი მოუხსნა გამოძიებამ და მხოლოდ ერთი დაუტოვა, ეს ბრალი კი სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან არ იყო დაკავშირებული. ამ მუხლსაც ამნისტია შეეხო და ამ უნიათო ხელისუფლების დამსახურებით, ლელუაშვილმა საპყრობილე დატოვა. ციხეს თავი შოთა ხიზანიშვილმაც დააღწია, ის მოგვიანებით 35 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს ციხიდან, მასაც ერთი ბრალი დაუტოვა გამოძიებამ, მაგრამ ამ მუხლსაც ამნისტია შეეხო. მოკლედ, პროკურატურამ, შეიძლება ითქვას, სრული უნიათობა გამოიჩინა და ვერც ხიზანიშვილსა და ვერც ლელუაშვილს ვერაფერი დაუმტკიცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხიზანიშვილმა და ლელუაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს, `ნაცმოძრაობის~ ლიდერებზე სერიოზული კომპრომატები მისცეს და ამიტომ გაათავისუფლეს. თუმცა, ეს ასე რომ იყოს, დღეს ლელუაშვილს ხელახლა, იმავე ბრალდებით, რითიც დაჭერილი იყო, აღარ დაიჭერდნენ. უფრო დამაჯერებელია ის ვერსია, რომ ვაჟა ლელუაშვილმა და შოთა ხიზანიშვილმა მაშინ ციხიდან თავი დააღწიეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ლიდერების დაშანტაჟების გზით. ამ ვერსიის თანახმად, ამ საქმის მოგვარება ციხეში ითავა ლელუაშვილმა, მან, კუდ-ს ყოფილი თანამშრომლების, მისი ყოფილი ხელქვეითების ხელით კონკრეტულ წონიან პოლიტიკოსებს გაუგზავნა მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ასევე, მათი კუდ-თან თანამშრომლობის დამადასტურებელი ვიდეო, აუდიო და სხვა სახის მტკიცებულებები და დაუმუქრა – თუ მას და შოთა ხიზანიშვილს ციხიდან სუფთად არ გამოუშვებდნენ, ეს მასალები გასაჯაროვდებოდა. ეს ვერსია მართლა დამაჯერებელია. თუნდაც იმიტომ, რომ დღეს პროკურატურა ამტკიცებს, ვაჟა ლელუაშვილმა გასცა ბრძანება, ორ ადამიანზე უკანონო ფარული გადაღებისო. ლოგიკურად, ლელუაშვილს ეს ფარული კადრები, ანუ შანტაჟის იარაღი ექნებოდა 2012 წლის ნოემბერში, როცა დაიჭირეს, რადგან გადაღებები ადრე მოხდა. ეს ორი ადამიანი კი ისინი გახლავთ, რომელთა სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა 11 და 14 მარტს. იმ მომენტში, როცა ლელუაშვილი და ხიზანიშვილი ციხეში ისხდნენ, ერთი მინისტრი იყო და მეორე – დეპუტატი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კადრების გავრცელების მუქარის შიშით, ისინი დაეხმარნენ დაკავებულებს ციხიდან გამოსვლაში და შესაძლოა, „ქართული ოცნების“ სხვა გავლენიანი ლიდერებიც.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაჟა ლელუაშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამ ორ ლიდერ ქალბატონზე ფლობდა მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას, რომელთა ფარული გადაღებისთვისაც დღეს დაკავებულია, არამედ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის მრავალ გავლენიან პოლიტიკოსზე (რაც შეეხება ჟურნალისტებზე კომპრომატების მოპოვებას, ეს საქმე, ასევე, მათი გადაბირება და და შანტაჟი, ამბობენ, რომ უკვე კუდ-ის უფროსის პირველი მოადგილის, სოსო თოფურიას კომპეტენცია იყო). ზურაბ ხუბულაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, რომ ვაჟა ლელუაშვილმა, არჩევნების შემდეგ, სწორედ ხელისუფლების ლიდერთა დაშანტაჟების გზით, პარლამენტის წევრი, მისი მეგობარი, თემურ ფეიქრიშვილი დაჭერას გადაარჩინა, რომელსაც წავკისსა და ტაბახმელაში ჰექტრობით მიწების უკანონო მითვისებას ედავებოდნენ. სხვათა შორის, თემურ ფეიქრიშვილი დღეს ზვიად ძიძიგურის ფრაქცია „კონსერვატორებისა“ და უმრავლესობის წევრია და იგივე ზურაბ ხუბულაშვილი „ალიას“ არწმუნებდა, რომ ფეიქრიშვილი ზვიად ძიძიგურმა ლამაზი თვალების გამო არ შეიფარა და, სავარაუდოდ, იმ მიწების დიდი ნაწილი მის ახლობლებს გადაუფორმა, ანუ ძიძიგურს მისცა, რის გამოც იჭერდნენ და რომელიც, მერე უნდა ჩამოერთმიათ.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა ლელუაშვილი შს მინისტრის მოადგილესთან, გელა ხვედელიძესთან ეშურებოდა საქმის დაჭერას, სურდა, მისთვის კომპრომატები გადაეცა და სანაცვლოდ, ხელშეუხებლობის გარანტია მიეღო. პირველ ეტაპზე, როგორც ჩანს, ეს არ გამოუვიდა და სწორედ ამის შემდეგ დაიჭირეს, მაგრამ ციხიდან, სავარაუდოდ, ამის გაკეთება მოახერხა, თუმცა, დროებით.
დღეს ვაჟა ლელუაშვილი ციხეშია და იმავეს ედავებიან, რასაც 4 წლის წინათ. „ოცნება“, ეს კაცი დაჭერილი არ გყავდათ იმ ფარული და უკანონო გადაღებებისთვის? რატომღა გამოუშვით? აა, შანტაჟის გზით გამოვიდა ციხიდან და შოთა ხიზანიშვილიც ხელს გამოაყოლა? თუ ეს მართალია, სად არის იმის გარანტია, რომ დღესაც იმავეს არ გააკეთებს და „ქართული ოცნების“ ახლა უკვე სხვა ლიდერთა დაშანტაჟების გზით, ციხეს თავს არ დააღწევს? მით უმეტეს, ვაჟა ლელუაშვილს სხვა საქმეებთან ერთად კუდ-ში სწორედ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების თვალთვალი, მათზე კომპრომატების შეგროვება ევალებოდა და არ არსებობს საქართველოს ხელისუფლებაში იმჟამინდელი ოპოზიციონერი, რომელზეც მას კომპრომატი არ ჰქონდესო. არ გამოვრიცხოთ, რომ ვაჟა ლელუაშვილის განთავისუფლების ფარული სპეცოპერაცია უკვე დაწყებულია „ქართულ ოცნებაში“ იმ პოლიტიკოსთა მიერ, ვისზეც მას კომპრომატები აქვს და შესაბამისად, პროკურატურაზე, ასევე, ფარული ზეწოლა განხორციელდეს მის გასაშვებად. ვაი, თქვე უბედურებო, ეს რა დღეში ხართ, „ქართული ოცნების“ ლიდერებო. ეს ვის ხელში ხართ ჩავარდნილები! ეგეთი რა მიჰქარეთ, რომ ვეღარ თავისუფლდებით ჩადენილი დანაშაულისგან?! დიდი ეჭვი მაქვს, თქვენ სიცოცხლის ბოლომდე ვაჟა ლელუაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მძევლები იქნებით და რასაც დაგიკვეთენ, იმას შეასრულებთ.
და კიდევ. ვაჟა ლელუაშვილის დაკავება გიორგი დგებუაძის, იგივე „მასტერას“, ჰოლანდიიდან ექსტრადიციას საეჭვოდ დაემთხვა. პროკურატურა იმთავითვე აცხადებდა, რომ „მასტერასთან“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღებაგავრცელებზეც ექნებოდა კითხვები, რადგან ეს კაცი წლების მანძილზე კუდ-ში ამ საქმით იყო დაკავებული და სწორედ ვაჟა ლელუაშვილის ხელქვეითი გახლდათ. პროკურატურის კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მასტერამ“ ჩაუშვა ვაჟა ლელუაშვილი და დანარჩენი 6 ბრალდებული, თავად კი „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეში მონაწილეობის გამო, რისთვისაც იძებნებოდა, მსუბუქ სასჯელს მიიღებს. მეორე ვერსიით კი, გამოძიებამ, უბრალოდ, ვაჟა ლელუაშვილი და მისი 2012 წელს დაკავების ფაქტი გაიხსენა, ადგნენ და აიყვანეს, მის წინააღმდეგ კი ჩვენებები ისევ იმ ხალხმა მისცა, ვინც 2012 წელს მზად იყო, იგივე გაეკეთებინა, მაგრამ მაშინ ეს აღარ გახდა საჭირო, ლელუაშვილმა ციხეს „ქართული ოცნების“ ლიდერთა დახმარებით თავი დააღწია…
“ყოველკვირეული ალია”, 11 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: ვისზე გავრცელდება მორიგი ფარული ჩანაწერები?
ნინო სამხარაძე
8 აპრილს საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა სქემა, რომლითაც მოხდა ქართველ პოლიტიკოსთა მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალების შექმნა. ამ საქმეზე დაკავებულია შსს-ს ყოფილი ჩინოვნიკი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი. პროკურატურის ინფორმაციით, კიდევ ერთი ჩინოვნიკი მიმალვაშია, ხოლო ერთს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. საბოლოო ჯამში, მასალების შექმნაში მხილებულია შვიდი ყოფილი ძალოვანი უწყების ყოფილი წარმომადგენელი.
ვაჟა ლელუაშვილი მოსიარულე კომპრომატი იყო, „ქართულმა ოცნებამ» ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე ხანში მოახერხა მისი დაპატიმრება, მაგრამ ლელუაშვილმა შეძლო თავის დახსნა. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ ის თანამშრომლობდა უმაღლეს თანამდებობის პირებთან. და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ ადამიანს კომპრომატებით ჰყავდა ყურებით დაჭერილი მაღალი თანამდებობის პირები, ეს უკვე ფაქტია და ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე ვიდეომასალა, საიდანაც, სავარაუდოდ, დგინდება, რომ ლელუაშვილი აშანტაჟებდა დეპუტატებს, მინისტრებს და ა.შ.
ერთადერთი ადამიანი იყო ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლებას მიუთითებდა, რომ ეს ადამიანი პასუხისგებაში უნდა მიეცა. ამის მტკიცებულებად გამოდგება გაზეთი „ალია“, სადაც მამუკა არეშიძე თითქმის ყველა ინტერვიუში დაჟინებით ითხოვდა ლელუაშვილის დაპატიმრებას. მას ამის მოტივი ჰქონდა, რადგან ლელუაშვილმა სამჯერ შეუქმნა მამუკა არეშიძეს დაპატიმრების საფრთხე, რადგან ის გარდაბნის რაიონში „ოცნების“ სიით მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, მისი კონკურენტი კი ლელუაშვილის უახლოესი მეგობარი „ნაციონალური მოძრაობიდან“, თემურ ფეიქრიშვილი იყო. 2012 წელს მამუკა არეშიძე კი არა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ბუჩქი, ხე თუ ნებისმიერი უსულო საგანი რომ წარგედგინათ „ნაციონალების» წინააღმდეგ, ხალხი მას მისცემდა ხმას. ლელუაშვილმა არეშიძეს ჯოჯოხეთის გზა გამოატარა და სამწუხაროდ, ამ გზაზე ლელუაშვილის იდეური თანამოაზრე აღმოჩნდა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, რომელსაც ბრალს სდებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლელუაშვილს მფარველობდა.
„ალია“ კონკრეტულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქვემო ქართლში „ნაციონალების“ გაპრავებაში დიდი წვლილი ზვიად ძიძიგურსაც მიუძღვის, ქვემო ქართლში ლელუაშვილს დიდი გავლენები ჰქონდა და ზვიად ძიძიგურმა მასთან კოაბიტაციით მოახერხა, ბიზნესსექტორებში საკუთარი ინტერესები ჩაედო. რესპონდენტები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ის დააცხრა ბიზნესებს და წილში ჩაჯდა ლელუაშვილის, ფეიქრიშვილისა და მათი გარემოცვის დახმარებით. ერთი პერიოდი იყო საუბარი, რომ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ფეიქრიშვილი, რომელიც უშუალოდ ლელუაშვილის დიდი ძალისხმევით გახდა მაჟორიტარი, აპირებდა „ნაცმოძრაობიდან“ ზვიად ძიძიგურის პარტიაში გადასვლას. სწორედ მაშინ მამუკა არეშიძე „ალიასთან“ მიცემულ ინტერვიუში ხელისუფლებას მოუწოდებდა, აზრზე მოსულიყო.
მამუკა არეშიძემ რკინის ქალამნები ჩაიცვა და კარდაკარ დაიწყო სიარული „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერებთან, რომ არ დაეშვათ მსგავსი სიბინძურე და არ გაეწევრიანებინათ ის მათ პარტიაში. ალბათ, ამიტომაც მოხდა ის, რომ ფეიქრიშვილმა დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქციაში გადავიდა და არ მოხდა მისი შერწყმა „კონსერვატიულ პარტიასთან“.
სამწუხაროდ, ეროვნულ ჩოხაში გამოწყობილი ზვიად ძიძიგური არ აღმოჩნდა ის პატრიოტი ლომი, როგორადაც ამომრჩეველს თავს წარუდგენდა. მის მიმართ რუსთაველებს ძალიან ბევრი პრეტენზია დაუგროვდა, მაგრამ ძიძიგურს ეს ამბავი საერთოდ არ აღელვებს, ახლა მისი ამოცანაა, როგორმე შეინარჩუნოს ადგილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში. რა თქმა უნდა, არც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს ლელუაშვილის მფარველობაში, რადგანაც ირკვევა, რომ მას ბევრი მფარველი ჰყავდა ამ ხელისუფლებაში, ვინც კი ოდესმე დაუშანტაჟებია. მედალს ორი მხარე აქვს და რაც ხდება, ეს არის სიბინძურე, მაგრამ მეორე მხრივ, ამომრჩეველი რწმუნდება იმ პოლიტიკოსების ნამდვილ სახეში, რასაც ისინი ნიღბის ქვეშ ატარებენ.
„ალიას“ კითხვებს პასუხობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
- ბატონო მამუკა, ამ ბინძური ჩანაწერების არსებობის შესახებ ინფორმაცია იცოდა ბიძინა ივანიშვილმა, რატომ არ მოხდა თავის დროზე ამ საქმის გამოძიება და თვითდინებით რატომ მიუშვეს პროცესები? თქვენ იყავით პირველი, ვინც ლელუაშვილს დანაშაულში ამხელდა, არჩევნებამდე სწორედ მან მოიტანა ჩემოდნით კომპრომატები და ის თქვენ დაინახეთ ხვედელიძის მისაღებში, რომელიც მაშინ „ოცნების“ უსაფრთხოებას კურირებდა. მოგვიანებით ლელუაშვილი თვალის ასახვევად დააკავეს და მაშინვე გამოუშვეს, რატომ?
- ალბათ, ეს იმიტომ გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ვიღაცამ ჩათვალა, ლელუაშვილის ხელთ არსებული კომპრომატები საჭირო იყო. ის, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და სასამართლო მიმდინარეობდა ძალაუფლების გადაჭარბების მუხლით, ფაქტია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ლელუაშვილი ორმაგ თამაშს თამაშობდა, ნაწილობრივ, ერთი მხრივ, ხელისუფლებას ინფორმაციებს აწვდიდა და მეორე მხრივ, ცდილობდა, ძველ ხელისუფლებასთან კონტაქტი არ შეეწყვიტა, რაც საბოლოოდ მისი დაპატიმრებით დასრულდა. როცა პირველად დააკავეს, ალბათ, ვიღაც ჩაუშვა, ან დააშანტაჟა, რის საფუძველზეც გამოუშვეს.
- როგორ ფიქრობთ, „მასტერამ“ გაიყვანა პროკურატურა ლელუაშვილის კვალზე?
- შემიძლია მაღალი ალბათობით ვთქვა, რომ ასეც იყო, მაგრამ მგონია, აგენტურულმა ქსელმა იმუშავა. არაერთ ადამიანს მიუთითებია, რომ ამ ტიპის ვიდეოების უკან იდგა ლელუაშვილი, ამის შესახებ თქვენი გაზეთით არაერთხელ მითქვამს. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ლელუაშვილი უკეთებდა ორგანიზებას ფარულ ჩანაწერებს…
- საინტერესოა, ვის ჩაუშვებს ლელუაშვილი და რომელი ყოფილი მაღალჩინოსნის გვარს დაასახელებს დამკვეთად. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეთ რამეს სააკაშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების ნებართვის გარეშე ვერ გააკეთებდა...
- პარადოქსულ რამეს გეტყვით, ის, რომ კონკრეტულ პიროვნებებზე კონკრეტული ოპერაციები წარმოებულიყო, ამას წყვეტდნენ მეორე რგოლის წარმომადგენლები. მაგალითად, ლელუაშვილმა ჩემს წინააღმდეგ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვალთვალის და მიყურადების ოპერაცია ჩაეტარებინა, რათა თავიდან მოვეშორებინე, როგორც კონკურენტი კანდიდატი გარდაბნის რაიონში. ეს გავარკვიე ზუსტად იმ პიროვნებისგან, ვინც ჩემთან მიმაგრებული კამერა შემოაგზავნა. მან მითხრა, რომ ამის გაკეთება ლელუაშვილმა დაავალა.
- ბატონო მამუკა, პროკურატურამ დაგკითხათ იმ სკანდალური ბრალდებების გამო, რასაც ლელუაშვილს უყენებდით?
- არა, მე თვითონ მივედი პროკურატურაში არჩილ კბილაშვილთან და მას ვუთხარი, რომ არჩევნები გაყალბდა და სიმართლე გაერკვიათ. შევიტანე განცხადება ქვემო ქართლის პროკურატურაში, ასევე, სასამართლოში, მაგრამ რეზულტატი არ მოჰყოლია.
- 2012 წლიდან მოყოლებული, აფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ აუცილებლად მოხდებოდა სექსუალური ხასიათის ვიდეოების ატვირთვა სოციალურ ქსელში და „ქართული ოცნების» ქალბატონი მინისტრების თუ დეპუტატების დისკრედიტება. არც მაშინ დაგკითხეს? თქვენ ხომ კონკრეტულად ლელუაშვილს ადანაშაულებდით უკანონო მიყურადებასა და თვალთვალში?
- ამ საქმეზე პროკურატურას არც ერთხელ არ დავუკითხივარ.
- თქვენი დაჭერის ორგანიზება ლელუაშვილმა თავისი ინიციატივით მოაწყო, მაშინ დაჭერას რამ გადაგარჩინათ?
- ლელუაშვილმა დაიწყო ჩემს გარშემო ადამიანების განეიტრალება, ბრძოლა რამდენიმე ეტაპად დაყო და აწარმოა ჩემს წინააღმდეგ, ბუბა დვალს საარჩევნო კამპანიის დროს ქიმიური ნივთიერება შეასხეს და ორი კვირა დაბრმავებული იყო. ეს დანაშაული ჩაიდინა გარდაბნის პოლიციის უფროსის მაშინდელმა მოადგილემ, რომელიც ლელუაშვილის ხელის ბიჭი იყო. ჩემი მისამართით იგეგმებოდა პროვოკაცია, მან მოაგზავნა სოფელ სამგორის კოორდინატორი, რომელსაც კამერა ჰქონდა მიმაგრებული და ცდილობდა, დაეფიქსირებინა კადრში, თითქოს ვიღაცას ქრთამს ვაძლევდი. ეს ჩანაწერი ხელმძღვანელობამ დაიწუნა, კადრებში ნათლად ჩანდა, რომ კოორდინატორს ვაძლევდი კუთვნილ ფულს გაწეული სამუშაოსთვის. ამის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ, თუკი „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებდა არჩევნებში, მე მაინც დავეჭირე. ლელუაშვილს პირადად ჩემზე ჰქონდა შექმნილი მთელი დოსიე. არ მინახავს აუდიო და ვიდეოჩანაწერები, მაგრამ ვნახე სტენოგრამა, სადაც დეტალურადაა აღწერილი გვარები, სახელები, ვისთანაც კი კონტაქტი მქონია იმ პერიოდში როგორც პარტიის შიგნით, ასევე ყოფით ცხოვრებაში. უსმენდნენ ჩემს სატელეფონო საუბრებს და მისმენდნენ არა მარტო მე, არამედ იმ ადამიანებს, ვისთანაც კი თუნდაც ერთხელ დამირეკავს. როგორც შემდგომ გავარკვიე, ძალოვან სტრუქტურებში მითხრეს, რომ ამ ყველაფერს ლელუაშვილის დავალებით აკეთებდნენ და პირადად ის იყო დაინტერესებული ჩემი დაჭერით.
- დისკრედიტებულ პოლიტიკოსებს არჩევნებზე რა შანსები აქვთ?
- ქართველმა საზოგადოებამ მიუხედავად იმისა, რომ მწვავედ აღიქვა ეს ამბავი, იმ ტიპის შეფასება მაინც არ მიუცია, როგორც, ვიღაც გეგმავდა. საზოგადოების ერთი ნაწილის აგრესიულმა რეაქციამ და ჟურნალისტებმა გაანეიტრალეს ის ჩანაფიქრი, რაც ამ ტიპის ვიდეოების გავრცელებით იყო ჩაფიქრებული. პოლიტიკოსების დისკრედიტაცია იმ ფორმით, რაც ვიღაცას წარმოედგინა, არ მოხდა. რადგან ეფექტს ვერ მიაღწიეს, პორნოგრაფიული ვიდეოების ატვირთვით.
ვფიქრობ, ახლა გადავლენ მატერიალურ ვაჭრობაზე, იქნება ფულის კეთების მცდელობები, შეიძლება კიდევ გაავრცელდეს ისეთ პიროვნებაზე, ვინც დასახელდება მაჟორიტარ დეპუტატად, თბილისის რომელიმე რაიონში, ან რეგიონში. არ იქნება მსჯელობა, სახელმწიფოს დაარტყან, ატვირთონ ვიდეო მოქმედ პოლიტიკოსზე, როგორც ეს მოხდა ბოლო შემთხვევაში.
- გასულ კვირას „ქართული ოცნების ოფისში „გაზ-21“ „ვოლგით“ მივიდა ბიძინა ივანიშვილი. „ვოლგამ“ მომცელა, საბჭოთა კავშირის ნოსტალგია ხომ არ გაუჩნდა „ქართული ოცნების“ შემქმნელს?
- საბჭოთა კავშირის ნოსტალგია არა, მაგრამ, ალბათ, „ვოლგის“ ხასიათზე გაიღვიძა. ივანიშვილის იქ მისვლა ემსახურებოდა ერთ მიზანს, მის მიერ შექმნილი პარტიის წევრებისთვის ეჩვენებინა, რომ ის არ არის პროცესებს მოწყვეტილი, რადგან განწყობა შეიქმნა „ქართული ოცნების“ შიგნით, რომ ივანიშვილი გაემიჯნა პროცესებს. ამ უმთავრესი მიზნის გარდა, იქ იყო პოლიტიკურტაქტიკურ სვლებზე საუბარი პარტნიორ პარტიებთან და ა.შ.
და კიდევ, ითქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ „რესპუბლიკური პარტიის მინისტრები არ გადადგნენ, 8 სექტემბრამდე მიიტანონ თავი და შენარჩუნდეს დღევანდელი განწყობები. თუმცა ექსცესები არ არის გამორიცხული… მაქვს ინფორმაცია, რომ ვარშავის სამიტმა მშვიდობიანად არ უნდა ჩაიაროს და მანამდე მოხდეს ექსცესი. ამას რომ ვამბობ, მაინცდამაინც ნუ ვგულისხმობთ რუსეთს. გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ქვეყანას გაცილებით მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე მოყვარე. გაცილებით მეტია დაინტერესებული, ჩვენს ქვეყანაში იყოს არეულობა, ვიდრე სიმშვიდის მოსურნე.
“ყოველკვირეული ალია”, 11 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „რაც თქვენთან ინტერვიუში მითქვამს, ასრულდა და ახლაც დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა“
ნინო სამხარაძე
გასული კვირის პოლიტიკურ ქრონიკას გიგლა ბარამიძე აჯამებს და „ალიასთან“ ინტერვიუში იმ სქემაზე საუბრობს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას.
– გასულ კვირას საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მონაცემები, რამდენი ბავშვი შიმშილობს და რამდენი სულს ღაფავს გაჭირვებაში, ამ ფონზე კულტურის სამინისტრო გვამცნობს, რომ 29 მილიონს ხარჯავს ბიუჯეტიდან ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანაში. რას ფიქრობთ ამ თემაზე, რეალობას ასცდა ხელისუფლება და რის გამოც მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ, რატომ იმეორებენ?
– ჩვენ გვახსოვს „ისტერნ პრომოუშენი“, ასეთი ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელი იყო კულტურის დღევანდელი მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით აწყობდა კონცერტებს, ჩამოჰყავდა მომღერლები, იყო ტაშფანდური, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ, როდესაც საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციები აქვეყნებენ, რომ შენს ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა, ბავშვები შიმშილით გეხოცებიან და ნახევარი საქართველო უკიდურესად გაჭირვებულია, ამ ფონზე რა საჭიროა იგივე ვარსკვლავები ჩამოვიყვანოთ, რომელიც სააკაშვილს ჩამოჰყავდა. კულტურის მინისტრ გიორგაძეს ახლაც იგივე რანგში ჩამოჰყავს მომღერლები, ხაზს ვუსვამ, ეს ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 30 მილიონამდე ლარი. გვეუბნებიან, რომ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი სიმბოლურად 30 ლარი იქნებაო. ერთია, რომ კულტურის მინისტრის და მისი სამეგობროს ხელშია ფილარმონია, თითქოს, მათი კომერციული ობიექტი იყოს, მაგრამ მეორეა ის, რომ კულტურის მინისტრი ამ ხალხს დასცინის, თუ მისთვის სიმბოლურია 30 ლარი, ეს თანხა მოსახლეობისთვის ერთი კვირის საჭმლის ფულია… და თუკი ჩვენ ვიხდით ფულს ბიუჯეტიდან ვარსკვლავების ჩამოყვანაში, რომელიც ჩვენი ჯიბიდან გაღებული თანხაა, დამატებით ბილეთის ფული რატომ უნდა გადავიხადოთ?!. ყველაფერი იცით, რას მიანიშნებს? როგორ ვერ აზროვნებენ სახელმწიფოებრივად მინისტრები. არა შეჯდა მწყერი ხესაო, მათზეა ნათქვამი…
– გასული კვირა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ივანიშვილი გამოჩნდა „ქართული ოცნების“ ოფისში. რატომღაც ყველა ელოდა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრები მისი მისვლიდან რამდენიმე საათში გადადგებოდნენ. რა ინფორმაცია გაქვთ, რა ხდება ხელისუფლების კულუარებში?
– მეგონა, მუცლით მეზღაპრეობისა და პოლიტიკური ხელცქვიტობის კვირეული დაუმთავრდა ხელისუფლებას და გადავიდოდა საქმეზე არჩევნების წინ, მაგრამ მაინც უამრავ შეცდომას უშვებენ და ყოვლად გაუმართლებელ ნაბიჯებს დგამენ. რაც შეეხება ივანიშვილის მისვლას „ქართული ოცნების“ ოფისში, იმის მანიშნებელია, რომ იქ ბევრი მიმართულებით იყო საუბარი, მათ შორის, საკადრო მიმართულებითაც, რაც არ უნდა იძახონ „რესპუბლიკელებმა“, რომ ჩვენი ნებით მივდივართ კოალიციიდან, გეტყვით, რომ თავისი ნებით არავინ მიდის, მათ შორის, არც „ფორუმი“ წასულა საკუთარი სურვილით, ყველას მიუთითეს კარისკენ. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში იდგა საკითხი, შეეთავაზებინათ მათთვის მინისტრთა პორტფელების დატოვებაც, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი ღია დარჩა. რაც თქვენთან ინტერვიუში მითქვამს, ასრულდა და ახლაც დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, „რესპუბლიკელები“ იძულებული გახდებიან, ძალიან მალე დატოვონ მინისტრების პორტფელები, მათ გაჰყვებიან მოადგილეებიც, ეს არ მოხდება აგვისტოში, როგორც თვითონ აანონსებენ. მათგან მოვისმენთ კომენტარებს, რატომ გადაწყვიტეს აგვისტომდე გაცილებით ადრე პოსტებიდან გადადგომა.
– ითქვა, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტამდე თავდაცვის მინისტრის გადადგომა იქნებოდა ქვეყნისთვის საზიანო. ნატოს გენერალურმა მდივანმა გასულ კვირას თქვა, რომ ნატო ახალ წევრებს არ მიიღებს, მათ შორის, საქართველოს. ეს პოლიტიკური კალენდარი რას შეცვლის და რას ჩამოიტანს ხიდაშელი ვარშავიდან?
– დამერწმუნეთ, არაფერს ჩამოიტანს, ჩვენ ხომ ვიცით, რაც იქნება ვარშავის სამიტზე, ვინ ეკითხება ამათ რამეს, ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული, რა და როგორ უნდა იყოს. დიახ, გამოვიდა სტოლტენბერგი და განაცხადა, ამ ეტაპზე ნატო-ს გაფართოება არ იგეგმებაო. ამ „რესპუბლიკელებმა“ ინტელექტუალობა იმუნიტეტად და ინდულგენციად რომ აქციეს, თითქოს, წიგნები მათ გარდა არავის წაუკითხავს, ახლა ვარშავის სამიტი ამოიჩემეს, თითქოს, იქიდან მაპით დაბრუნდებიან. უბედურება იცით, რა არის? ამათ ჰგონიათ, რომ ვინმეს სჯერა მათი გადაყრილი საკენკის, არადა, მაქსიმალურად ცდილობენ, ხელისუფლებაში ყოფნა შეინარჩუნონ, შექმნან ილუზია, თითქოს რაღაც ძალას წარმოადგენენ, რომ ამასობაში იქნებ მოასწრონ თავისი ხალხის ჩასმა რეგიონალურ, რაიონულ, ცენტრალურ სტრუქტურებში არჩევნებისთვის. ძალიან კარგად იციან, რომ ეგენი „ოცნებაში“ არავის სჭირდებიან, ბიძინა ივანიშვილს აქვს ასეთი სტრატეგია, ჩუმად და გაწელვით აღწევს მიზანს; ყველამ იცოდა შიგნით, რომ „რესპუბლიკელებზე“ და „ფორუმზე“ დიდი ხნის წინათ ჯვარი იყო დასმული, მაგრამ ივანიშვილმა ეს საკითხი ეტაპობრივად გაწელა და მიზანს მიაღწია. ისინი მინისტრები, ფაქტობრივად, აღარ არიან, თავს იტყუებენ. ხიდაშელს კი წინასწარ ვეტყვი, ვარშავის სამიტიდან რითაც გამოუშვებენ. ტექსტია გამზადებული და იტყვიან, – ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ გაკვირდებით, ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელიო. ჰოდა, ხიდაშელმა და სხვებმა სახლში რომ ყავაზე დასხდებიან, ეგეთი ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ. ნუ ატყუებენ ადამიანებს.
– რას ფიქრობს არასაპარლამენტო ოპოზიცია იმ კანონპროექტზე, რომელიც სპეციალურად პრემიერ-მინისტრისთვის შეიქმნა, კვირიკაშვილი შეინარჩუნებს თანამდებობას და პარალელურად, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას ჩაუდგება სათავეში. არის თუ არა ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? აქვე გკითხავთ, იჩქარა თუ არა პრეზიდენტმა, როცა გამოაცხადა არჩევნების თარიღი – 8 ოქტომბერი?
– ჩვენ პრაქტიკულად ვიცოდით, რომ არჩევნები იქნებოდა ოქტომბერში, კონკრეტულ რიცხვს განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა, კოლეგიალობის თვალსაზრისით, ჭკუა ეკითხა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, მათგანაც მოესმინა მოსაზრებები. გამოჩნდა, რომ ცესკო, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობოები არ იყვნენ საქმის კურსში არჩევნების თარიღის გამოცხადების შესახებ. ყველაზე მთავარი, ჩვენ, ოპოზიციური პარტიებიც, არ ვიყავით საქმის კურსში. პრეზიდენტს მოუვიდა იურიდიული ლაფსუსი, იმდენად იჩქარეს, რომ ახლა მოუწევთ ამ საკითხის უკან წაღება. ესეც მათი არაპროფესიონალიზმის მორიგი დასტურია. პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ დოკუმენტი არ არის სრულყოფილი და უკან უნდა იქნას გამოთხოვილი. რაც შეეხება პრემიერს, ის გაურბის უმთავრესს, საზოგადოებას არჩევნებთან დაკავშირებით, გული აქვს გატეხილი, ოპოზიცია ითხოვს, შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი ისე, როგორც თვითონ დღევანდელი ხელისუფლება ითხოვდა ოპოზიციაში ყოფნის დროს და „ნაცმოძრაობა“ ამაზე არ თანხმდებოდა. დღეს კი ჩვენ არჩევნებზე გავდივართ „ნაციონალების“ მიერ საკუთარ თავზე მორგებული კანონით, დღეს „ოცნებას“ ეს კანონი აწყობს. იმის მაგივრად, რომ საარჩევნო კოდექსი შეეცვალათ, ყველაფერს აკეთებენ, რათა ადმინისტრაციული რესურსების ბერკეტები შეინარჩუნონ. როდესაც პრემიერ-მინისტრი არ ტოვებს თანამდებობას და პარალელურად არის პარტიული სიის სათავეში, სპეციალურად ცვლილებები შედის კანონში, ეს იმის მანიშნებელია, რომ იქნება ისევ და ისევ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც უკვე ვნახეთ საგარეჯოში. მაგალითად, მკვლელობები და სისხლიანი რეჟიმის მეთოდები არ იქნება გამოყენებული, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, ხმას როგორ მოიპარავ, კაცის მოტაცებით თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით. შესაცვლელი სხვა რამეა…
– ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, „ქართული ოცნება“ უმრავლესობით ვეღარ მოხვდეს პარლამენტში, თუ გავითვალისწინებთ ხალხის უკიდურეს უკმაყოფილებას. თქვენი ინფორმაციით, რა სქემით ფიქრობს ივანიშვილი უმრავლესობის შექმნას პარლამენტში?
– „ქართულ ოცნებას“ მძიმე დღეები უდგას, საზიზღარი კადრების გავრცელება, კოალიციის დაშლა, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, ივანიშვილს მორალურად გაემხნევებინა თავისი თანაგუნდელები, ამიტომაც, გამოჩნდა ის „ქართული ოცნების“ ოფისში. არავის ვაკნინებ, მაგრამ დაახლოებით ისეთი სიტუაციაა აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ქართულ ზღაპრებში – ზეცაში ფრინველი ვერ გაჭაჭანდება, მიწაზე – ქვეწარმავალი, თუ იმ ერთი კაცის ნება არ იქნება. ასე რომ, ივანიშვილის გარეშე ესენი ნაბიჯსაც ვერ გადადგამენ. ნურავინ იფიქრებს, კვირიკაშვილი არის ის ლიდერი, რომელსაც ძალუძს რაიმე ინიციატივის განხორციელება ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, ეს არის ნონსენსი. თქვენთან ინტერვიუში ექსკლუზიურად ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, თავისი უმრავლესობა შექმნას 2016 წლის პარლამენტში, ამ ხნის მანძილზე მან ბევრი პოლიტიკური გაკვეთილი მიიღო. იცის, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ და თავად მასაც რეიტინგი აქვს დავარდნილი, თუმცა აქვს ფინანსები, ადმინისტრაციული რესურსები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი „ოცნება“ უმრავლესობით ვერ მოვა, ივანიშვილი გამოიყენებს თავის ბერკეტებს, შექმნის გუნდს და პარლამენტში მოხვედრილი სხვადასხვა პარტიებიდან წამოიყვანს სამ-ოთხ პოლიტიკურ სუბიექტს. ჩვენ ვხედავთ, პოლიტიკურ იდეოლოგიას მისთვის მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ესა თუ ის პოლიტიკოსი აკმაყოფილებდეს მის სიმპათიას.
———————–
„ვერსია“, 11 აპრილი, 2016 წელი
რატომ გაწირეს ვასილ ლელუაშვილი და რატომ არ უპასუხა „ვერსიის“ კითხვებს ლევან მამალაძემ // რა გეგმები ჰქონდა კუდ-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - სკანდალური კულუარული ვერსიები
ნინო კომახიძე
რამდენიმე დღის წინ, 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება-შენახვის საქმეზე პროკურატურამ 6 ეჭვმიტანილი დაასახელა. აქედან 5 იმავე დღეს დააკავა, მეექვსე კი გამოძიებას მიემალა. 9 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალი ექვსივეს წაუყენეს და სასამართლომ ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ექვსი მაღალჩინოსიდან ყველაზე ცნობილი სამ ხელისუფლებაგამოვლილი ვაჟა ლელუაშვილია, რომელიც ბოლოს კუდ-ის უფროსის მოადგილე იყო. ასევე, დაკავებულნი არიან კუდ-ის თბილისის მთავარი სამმართველოს ექსუფროსი რევაზ შიუკაშვილი, მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი, ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე, ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი, მისი მოადგილე გიგლა შიოშვილი გამოძიებას მიემალა, ხოლო კუდ-ის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ეს პირები 2011-2012 წლებში, ოპოზიციონერების პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონო ჩანაწერებს აგროვებდნენ, ამ საქმის ორგანიზატორი კი სწორედ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი იყო, რომლის ორგანიზებითაც ჩაიწერეს პირადი ცხოვრების ამსახველი ის ვიდეოები, რაც ინტერნეტსივრცეში 2016 წლის მარტში და ასევე, 2013 წლის მაისში გავრცელდა. ვაჟა ლელუაშვილი ერთხელ უკვე დააპატიმრეს, თუმცა მაშინ, გიროს სანაცვლოდ მალევე გაათავისუფლეს. 2013 წელს, ჟურნალისტის წინააღმდეგ ატვირთული ვიდეოს გამო დააპატიმრეს და დარბაზიდან 1-წლიანი პირობითი მსჯავრით გაუშვეს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე, რომელსაც ასევე, ჰქონდა კავშირი ვაჟა ლელუაშვილთან… დაკავებულ ყოფილი ძალოვნებს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ვინ არის ლელუაშვილი და როგორ გახდა სამი ხელისუფლების ,,პირველი კაცი” ქვემო ქართლში?
ვაჟა ლელუაშვილმა კარიერა გარდაბნის რაიონის სოფელ წავკისის გამგებლობით დაიწყო, შემდეგ იყო ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თვითმმართველობებთან მუშაობის განყოფილების უფროსი, 1999 წლიდან კი – საქართველოს პარლამენტის წევრი მოქალაქეთა კავშირის სიით. ამ 4 წლის განმავლობაში, ლელუაშვილი, როგორც ამბობენ, ვანო მერაბიშვილს დაუახლოვდა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის აქციების სისხლიან დარბევებში მონაწილეობდა, 2003 წელს მას ფარულად ეხმარებოდა. შესაბამისად, ვანო მერაბიშვილმა, როგორც ჩანს, სამსახური დაუფასა და 2004 წლიდან შსს სისტემაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. კავკასიის საკითხების ექსპერტის, მამუკა არეშიძის ინფორმაციით, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც 2012 წელს, გარდაბნის არჩევნებში ლელუაშვილის მეთოდები საკუთარ თავზე იწვნია, ლელუაშვილს კავშირი მერაბიშვილის მარჯვენა ხელთან, ამირან მესხელთან ჰქონდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დღეს ლელუაშვილის წარსულზე არ საუბრობენ, თუმცა ფაქტია: ყველაზე დიდხანს ანუ 2003-დან 2012 წლამდე ლელუაშვილი სწორედ ნაციონალებს ემსახურა. 2012 წელს, როგორც აღვნიშნეთ, მამუკა არეშიძე კენჭს გარდაბანში ,,ქართული ოცნების” სახელით იყრიდა და ლელუაშვილი ჯერ ისე დაუპირისპირდა, როგორც ნაციონალი, არეშიძის დამარცხების შემდეგ კი თავად გახდა ,,ოცნების” გულშემატკივარი და მეტიც, შემდეგ არჩევნებში უკვე ,,ოცნებას” ეხმარებოდა. როგორ იცვლიდა ლელუაშვილი პატრონებს და იყო თუ არა მამუკა არეშიძის წინააღმდეგ ჩაწერილი ფარული ვიდეომასალის ავტორი სწორედ ლელუაშვილი?
მამუკა არეშიძე: „ლელუაშვილი ქვემო ქართლს არასოდეს შეშვებია. ის წარმოშობით კოჯორელია და მაშინ კოჯორი სწორედ ქვემო ქართლის ნაწილი იყო _ გარდაბნის რაიონში შედიოდა. ამიტომ თითქმის 20 წლის განმავლობაში, ქვემო ქართლში დამოუკიდებელი საფეოდალო სივრცე შექმნა, რომელსაც თავისი აგენტურის მეშვეობით მთლიანად აკონტროლებდა. ამიტომ ნებისმიერი არჩევნების ჩატარება იქ ძალიან ეფექტურად შეეძლო და ამას ახერხებდა კიდეც _ ყველა არჩევნებზე ლელუაშვილი ქვემო ქართლში პირველი კაცი იყო. 2012 წელსა, გარდაბნის რაიონში არჩევნები საშინლად გაყალბდა. ეს ამბავი არამხოლოდ ,,ოცნებისა” და ცესკო-სთვის იყო ცნობილი, არამედ _ ნაციონალებისთვის, რადგან ვისაც შევძელი, ხმა მივაწვდინე, თუმცა ყური არავის შეუბერტყავს. შევიტანე განცხადება სამხარეო პროკურატურაში, სასამართლოში, ცესკო-ში, ვესაუბრე მაშინდელ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, თუმცა შედეგი ნული იყო. გარდა იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა, ხდებოდა თავდასხმა ჩვენი შტაბის წევრებზე და ერთ-ერთი ზონის კოორდინატორმა, გუგა დვალმა, რომელსაც ლელუაშვილის ხალხმა სახეში მჟავა შეასხა, მხედველობაც დაკარგა. რაც შეეხება კადრებს და ჩემს წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციას, ლელუაშვილის დავალებით, ჩემთან სამგორის კოორდინატორი, სიბაშვილი მოვიდა, ჩანაწერი სწორედ მან გააკეთა და მისი ტირაჟირება დაიწყო. რაღაცის ჩაწერა და მერე შანტაჟი ლელუაშვილის ხელწერაა. ის ახლა ფარული კადრების ერთ თუ ორ ეპიზოდზეა დაჭერილი, რეალურად კი, ტოტალურად ყველა, მათ შორის, ნაციონალებშიც, ჩაწერილი და დაშანტაჟებული ჰყავდა. ჩემს წინააღმდეგ დატრიალებულ ჩანაწერზე საქმე საერთოდ არ აღძრულა. არჩევნების გაყალბების საქმეზე, რუსთავის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. ამის მერე ე.წ. კოაბიტაცია გამოცხადდა და დაახლოებით, 2012 წლის 10 დეკემბერს, ლელუაშვილი ,,ოცნების” ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კაბინეტთან რიგში მდგომი, ქეისით ხელში ჩემი თვალით ვნახე. იმ დღიდან მოყოლებული ვამბობ, რომ ეს კაცი მოსაშორებელია. ვფიქრობ, 2013 წელს დაჭერილი ლელუაშვილი ციხიდან იმიტომ გამოვიდა, რომ ,,ოცნებასთან” რაღაცაზე ივაჭრა. ხელისუფლება თავის გამოსადეგობაში დაარწმუნა”.
როგორც არეშიძე გვიამბობს, ლელუაშვილის წინააღმდეგ 5 საქმე იყო აღძრული და აქედან მხოლოდ ერთი საქმეა წარმოებაში, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებას შეეხება. მისი დანაშაულებია: არჩევნების გაყალბება, უკანონო ჩანაწერების გადაღება და ე.წ. ბიბლიოთეკის შექმნა, ქვემო ქართლის, კერძოდ კოჯრისა და წავკსის მიდამოებში მიწის უკანონო მითვისება, გასხვისება და გაყიდვა.
რაც შეეხება ლელუაშვილის ,,ოცნებასთან” დაახლოებას, 2012 წელს, გარდაბანში გამარჯვებულ კანდიდატთან, ფეიქრიშვილთან ერთად ცდილობდა ახალი პატრონების პოვნას. როგორც მამუკა არეშიძე ამბობს, ფეიქრიშვილმა, ლელუაშვილის ხელდასხმით, ზვიად ძიძიგურის პარტიაში მოინდომა შეძრომა ნაციონალების წევრ გარდაბნის ერთ ჯგუფთან ერთად და ყველანი კონსერვატორების ყრილობასაც დაესწრნენ, თუმცა ამას დიდი ამბავი მოყვა და საქმე დროებით ჩაიფარცხა. ფეიქრიშვილი ძიძიგურთან პარტიასა და ფრაქციაში შესვლას ცდილობდა, თუმცა ეს არ გამოუვიდა, სამაგიეროდ, პირად საუბრებში დღესაც აცხადებს, რომ ის და ძიძიგური მეგობრები არიან.
რა აკავშირებს ლევან მამალაძის ახალ პარტიასთან და რას გეგმავდა ლელუაშვილი 2016 წლის არჩევნებში?
ცნობილია, რომ ვაჟა ლელუაშვილი და ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე მოქკავშირის დროს დაახლოებული პირები იყვნენ. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლელუაშვილი ლევან მამალაძის მეჯინიბე იყო, რეალურად კი, მის ფინანსურ საქმეებს განაგებდა. მამალაძისა და ნაციონალების ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია _ ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ მამალაძემ ქვეყანა დატოვა, მისი მარჯვენა ხელი კი ახალმა ხელისუფლებამ შსს-ში დაასაქმა და, ალბათ, გასაგებია, ეს რასაც ნიშნავს ანუ არაა გამორიცხული, ნაციონალების კარზე ვაჟა ლელუაშვილი სწორედ მამალაძის წინააღმდეგ თანამშრომლობის შემდეგ დაწინაურებულიყო, თუმცა ამაზე ლევან მამალაძე, რომელსაც ,,ვერსიამ” რამდენიმე კითხვით მიმართა, არ საუბრობს. მისი დუმილის მიზეზი შეიძლება, ის იყოს, რომ ლელუაშვილის იმედი დღესაც აქვს და 2016 წლის არჩევნებში, ლელუაშვილ-მამალაძის ტანდემი ქვემო ქართლში ერთად გაბრწყინებას გეგმავდა.
პირველი, სადაც ლევან მამალაძის პარტია დაფუძნდა, რატომღაც, სწორედ გარდაბანი იყო. გარდაბანში ,,სახალხო ხელისუფლება” საკმაოდ აქტიურობდა. ლელუაშვილის მასთან კავშირის დამადასტურებელი კი შეიძლება, თავად ამ პარტიის პოზიცია იყოს _ პარტიამ, რომელიც 2016 წელს დამოუკიდებლად გეგმავს კენჭისყრას, გარდაბნის გამგებლის შუალედურ არჩევნებზე მხარი ,,ქართული ოცნების” კანდიდატ გოჩა ჯამარაულს დაუჭირა. როგორც ამბობენ, ჯამარაულის შტაბში არაოფიციალურად სწორედ ვაჟა ლელუაშვილი იყო, რომელმაც მას ქვემო ქართლში ლევან მამალაძის პარტიის მომხრეთა ხმები მოუტანა, თუმცა ,,ქართული ოცნება” ყველაფერ ამას კატეგორიულად უარყოფს და ჭორს უწოდებს.
ამ ვერსიას თავად ,,სახალხო ხელისუფლების” მიერ გავრცელებული განცხადება ადასტურებს, სადაც პარტიის თავმჯდომარე ზურაბ კობიაშვილი და გენდმივანი თამაზ ყარალაშვილი ამბობენ: ,,გარდაბნელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთობლივი გადაწყვეტილებით, მხარს ვუჭერთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატს გოჩა ჯამარაულს. ჩვენი მხარდამჭერების ხმები დაეხმარება მას გამარჯვებაში”. კიდევ რაში და როგორ აპირებდა ლელუაშვილის ყოფილი პატრონის, მამალაძის გუნდი ,,ოცნების” მიხმარება-დახმარებას და რის სანაცვლოდ, დღეს ეს სწორედ ვაჟა ლელუაშვილმა უნდა თქვას, რომელიც შესაძლოა, ამჯერად, ,,ოცნებისა” და მამალაძის შუაკაცად იქცა. არც ისაა გამორიცხული, ქვემო ქართლში მამალაძის კანდიდატების გაყვანას 2016 წლის არჩევნებზე გეგმავდა, რაკი ,,ოცნებასთან” საიმედო პოლიტთავშესაფარი ვერ იპოვა.
„ვერსია“, 11 აპრილი, 2016 წელი
რა ღირს უკანონო თვალთვალი
„ოცნებას“ ვანო მერაბიშვილის ბრძანება არ გაუუქმებია - გათიშეთ შსს-ს გლობალური წვდომის სერვერი!
მაია მიშელაძე
8 აპრილს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტისა (კუდ-ი) და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ის პირები გამოვლინდნენ, რომლებმაც მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა განახორციელეს. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამ დანაშაულში მონაწილე 6 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. იმ დღესვე, ტელეკომპანია ,,იბერიამ” სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა - პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას დუშეთის რაიონში მდებარე სასტუმრო ,,ბაზალეთში” იღებდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ სასტუმროს 203-ე ნომერში სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული. ,,იბერიის” გადამღები ჯგუფი სასტუმროს მფლობელსაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მის სასტუმროში პოლიტიკოსებიც დადიან და საზოგადოებისთვის ცნობილი პირებიც, თუმცა ,,საბანი არავისთვის გაუსწორებია” და არ იცის, ეს სათვალთვალო კამერა კუდ-ის მაღალჩინოსნებმა დაამონტაჟეს თუ არა.
კუდ-ის მაღალჩინოსნების დაკავებისა და ტელეკომპანია ,,იბერიის” სიუჟეტმა შს ექს-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ის ბრძანება გაგვახსენა, რომელიც ძალაში 2011 წლის 15 იანვარს შევიდა. ბრძანება სათამაშო ბიზნესის ყველა ტიპის დაწესებულებაში, აფთიაქებსა და სავალუტო ჯიხურებში ისეთი ვიდეოკამერების დამონტაჟებას ითვალისწინებდა, რომლებიც შსს-ს სერვერთან გლობალურ წვდომაში უნდა ყოფილიყო. სასტუმროებში მსგავსი კამერების მონტაჟს ხელისუფლების მაშინდელი წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფდნენ, მაგრამ დღეს უკვე აშკარაა, რომ ამაოდ.
ბიუჯეტიდან დაფინანსებული თვალთვალი
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, საინტერესოა, რა თანხით ფინანსდებოდა კუდ-ი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. უფრო ზუსტად, ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადების სახით, ჩვენივე ჯიბიდან რამდენს ვუხდიდით კუდ-ისა და თბილისის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსნებს, რათა ჩვენთვის უკანონოდ ეთვალთვალათ. სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ შსს-ს აქვს ცალკე კოდი _ 30.00 მინიჭებული, ამის შემდეგ გვხვდება სამინისტროს სსიპ-ებისა და პოლიციის აკადემიის კოდები. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტი პროგრამულია, კუდ-ის დაფინანსება წაშლილი მაინც არაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ,,ვერსიას” განუმარტეს, რომ შესაბამისი კითხვით ოფიციალურად უნდა მიგვემართა. ცხადია, ასეც მოვიქეცით და კანონით დადგენილ, 10 დღის ვადაში, შსს-დან პასუხს ველით, თუმცა შესაძლოა, სამინისტრომ გვიპასუხოს, რომ კუდ-ის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა.
მართალია, დაკავებული მაღალჩინოსნები უკანონო თვალთვალს 2011-2012 წლებში ახორციელებდნენ, მაგრამ ეს პროცესი, როგორც ამბობენ, 2008 წლიდან დაიწყო. 2008 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 731 780 200 ლარით დაფინანსდა, 2009 წელს _ 568 000 000 ლარით, 2010 წელს _ 550 085 600 ლარით, 2011 წელს _ 568 238 700 ლარით, 2012 წელს კი _ 541 205 400 ლარით. წლების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ეს მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიან დაფინანსებას ასახავს. ამიტომ იმის დადგენა, კონკრეტულად რა თანხა ხმარდებოდა კუდ-ს, ძნელია.
გლობალური წვდომა შსს-ს სერვერთან
5 წლის წინ, 2011 წლის 15 იანვარს, ძალაში შევიდა შს მაშინდელი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრძანება, რომლის საფუძველზეც, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში, კაზინოებში, სლოტკლუბებში, ტოტალიზატორებსა და აფთიაქებში ახალი ტიპის სათვალთვალო აპარატურა უნდა დამონტაჟებულიყო, რომელიც გლობალურ წვდომაში (ასე ეწერა ბრძანებაში) იქნებოდა შსს-ს სერვერთან. იმ პერიოდში, ,,ვერსიის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სათვალთვალო აპარატურის დამონტაჟებას საშუალო და მცირე სასტუმროების მეპატრონეებსაც მოსთხოვეს, თუმცა 2011 წელს, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდნენ. ცხადია, სავალუტო ჯიხურებში, კაზინოებში, სლოტკლუბებში, ტოტალიზატორებსა და აფთიაქებში ამ ტიპის სათვალთვალო აპარატურის არსებობა გამართლებულია, რადგან აქ ფულის გათეთრების, აფთიაქებში კი ნარკომანიის რისკი იკვეთება. სასტუმროებში დაცვის სისტემა ისედაც ფუნქციონირებს, მაგრამ მაშინ ისეთი ვიდეოკამერის მონტაჟს სთხოვდნენ, რომელიც შსს-ს სერვერთან უნდა ყოფილიყო წვდომაში. მერაბიშვილის ბრძანება ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას ეხებოდა:
,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების ორგანიზატორები ვალდებულები იქნებიან, ისეთი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები დაამონტაჟონ, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე (CD-ზე, ჩიპზე და ასე შემდეგ) გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე. გარდა ამისა, თუ აქამდე კამერის ჩაწერის ხარისხში ვიდეოგარჩევადობა 640ხ480 პიქსელი უნდა ყოფილიყო, ახლა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელი _ 2048X1536 უნდა იყოს, ხოლო დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას უნდა იძლეოდეს. სავალდებულოა, ვიდეოთვალთვალის აპარატურას ISO სერტიფიკატი ჰქონდეს”.
ვიდეომეთვალყურეობის სისტემა კაზინოში იმ ადგილზე უნდა დაემონტაჟებინათ, რომელსაც შსს შეარჩევდა. დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი ვალდებული იყო, რომ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა გლობალურ ქსელთან მიეერთებინა.
მერაბიშვილის ეს ბრძანება იმიტომ გავიხსენეთ, რომ 11 და 14 მარტს, ინტერნეტსივრცეში ცალკეული პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები უკანონოდ გავრცელდა. პროკურატურის მტკიცებით, კუდ-ის მაღალჩინოსნების ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული მასალა ერთ-ერთ სასტუმროში უკანონოდ გადაიღეს. არადა, ,,ვერსიამ” ჯერ კიდევ 2011 წელს შემოჰკრა განგაშის ზარი და მხოლოდ მაშინდელ ხელისუფლებას კი არა, მესამე სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებსაც მოვუწოდეთ, რომ პირადი ცხოვრება დაცული ყოფილიყო. მართალია, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაჟინებით გვიმტკიცებდნენ, რომ ვანო მერაბიშვილის ბრძანება სასტუმროებს არ ეხებოდა, მაგრამ დღეს უკვე საწინააღმდეგოში ვრწმუნდებით.
(…)
ვერაფრით გამიგია და გულწრფელად მაინტერესებს, რომელ საშტატო ერთეულს გამოყოფენ ვანო მერაბიშვილის უწყებაში, რომელსაც სხვა საქმე არ ექნება, იმის გარდა, რომ 24 საათის განმავლობაში, მხოლოდ სასტუმროებს დააკვირდეს. მერე, სად წაიღებენ ამ ჩანაწერებს, ერთმანეთზე გადააბამენ, ფილმებად აკინძავენ და რომელიმე ეროტიკულ საიტზე ატვირთავენ? იქნებ, ქართული კინოს აღორძინება უკვე იმდენად უიმედოა, რომ ამიერიდან მხოლოდ პორნოფილმების კეთებაში იქნება მისი ხსნა და საშველი?”
საინტერესოა, რის საფუძველზე მიიღო შს მაშინდელმა მინისტრმა ამ ტიპის გადაწყვეტილება? რა კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება ან კანონი უდევს საფუძვლად ვანო მერაბიშვილის ბრძანებას, რომელიც ძალაში 2011 წლის 15 იანვრიდან შევიდა? ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დებულებით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა მოქმედებდეს. სისტემა გარკვეულ პარამეტრებს უნდა შეესაბამებოდეს და ექსპლუატაციის წესების დაცვით უნდა დამონტაჟდეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებით, იგივე რეგულაციები გავრცელდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. რაც შეეხება აფთიაქებს, ამ სისტემის დამონტაჟება აუცილებელი იყო, რადგან ძალიან ხშირად, წამლები დამნაშავეთა სამყაროს სამიზნეს წარმოადგენს და ეს მხოლოდ ფსიქოტროპულ საშუალებებს არ ეხება. დამნაშავეები წარმატებით მოიხმარენ სხვადასხვა შემადგენლობის სამკურნალო საშუალებასაც, რაც ნარკომანების თავდასხმის მიზეზია. შესაბამისად, აფთიაქებიც რისკის ჯგუფს განეკუთვნება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო, რათა შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემები დაემონტაჟებინათ.
ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ,,ვერსიასთან” საუბრისას ვანო მერაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას იმით ამართლებდნენ, რომ ტოტალიზატორებში, კაზინოებსა და სლოტკლუბებში, დანაშაულთა ძალიან დიდი პროცენტი, სწორედ ამ ტიპის ვიდეომეთვალყურეობის სისტემების საშუალებით გაიხსნა:
,,რაც მთავარია, ეს დებულება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მას მხოლოდ დანაშაულის გახსნის მნიშვნელობა აქვს, რადგან მას პრევენციული ხასიათი აქვს. როდესაც ადამიანმა იცის, რომ მონიტორინგი ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენისგან თავს შეიკავებს… გარწმუნებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის ეს ბრძანება სასტუმროებს არ ეხება! რა თქმა უნდა, ადამიანის პირადი ცხოვრება და თავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა ნორმებით დაცული დებულებებია. მათი არც გამხელის უფლება აქვს ვინმეს, არც რამე ფორმით გამოყენების და ამას არავინ აპირებს. იმედია, არცერთი თანამდებობის პირი და უბრალო მოხელეც კი მსგავს ქმედებას თავში არ გაივლებს!”
2011 წელს, მთავრობის მაშინდელმა საპარლამენტო მდივანმა კატეგორიულად უარყო და დაგვარწმუნა, რომ მერაბიშვილის ბრძანება სასტუმროებს არ ეხებოდა, თუმცა როცა ავუხსენით, რომ წყარო ერთ-ერთიო სასტუმროს მფლობელი იყო, რომელსაც აღნიშნული ვიდეოსათვალთვალო აპარატურის დამონტაჟება მოსთხოვეს, ვერ დაუშვა, რომ ოდესმე რომელიმე მაღალჩინოსანი ამ ტიპის მასალას განასაჯაროვებდა. შინაგან საქმეთა ექსმინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრძანება, რომელიც 2011 წლის 15 იანვრიდან მოქმედებს, ახალ ხელისუფლებას არ გაუუქმებია. შესაბამისად, სავალუტო ჯიხურებში, კაზინოებში, სლოტკლუბებში, ტოტალიზატორებში, აფთიაქებსა და, რა თქმა უნდა, სასტუმროებში დამონტაჟებული ვიდეოკამერები ისევ გლობალურ წვდომაშია ანუ შსს-ს სერვერზეა მიერთებული.
5 წლის წინ, ,,ვერსიის” გაფრთხილებას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, ახლა მაინც დაგვიჯერეთ და შსს-ს გლობალური წვდომის სერვერი გათიშეთ!
———————-
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 11 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: პაატა ბურჭულაძის ფონდი “ოცნებას” მათი შეხვედრების ჩაშლის ცდაში ადანაშაულებს
ლიკა ამირაშვილი
sსაქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენლის, პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, მომავალ პარლამენტში უმრავლესობით ვერც ერთი პარტია ვერ მოხვდება. როგორც ხათუნა ლაგაზიძემ “მთელ კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა, ბარიერის გადალახვას მინიმუმ 3-4 პარტია შეძლებს, თუმცა შესაძლებელია უფრო მეტიც ვიხილოთ.
ხათუნა ლაგაზიძე: რა თქმა უნდა, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ რამდენიმე ძალას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი, თუმცა, მათგან ზოგს მეტად რეალური, ზოგს ნაკლები. ვფიქრობ, ბარიერის გადალახვას მინიმუმ 3-4 პარტია შეძლებს, თუმცა, შესაძლებელია პარლამენტში 6 პარტიაც ვიხილოთ. ეს 6 პარტია რომელი იქნება, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, დარჩენილ 6 თვეს ვინ როგორ გამოიყენებს.
პარლამენტში მოხვედრისა და ბარიერის გადალახვის პირველი პრეტენდენტი, რა თქმა უნდა, პარტია “ქართული ოცნებაა”, რაც რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ ფაქტორებიდან კი ორი უმთავრესი უნდა გამოვყოთ – ბიძინა ივანიშვილის ფინანსები და ადმინისტრაციული რესურსი, ასევე თავად უშუალოდ კვირიკაშვილის ფიგურა, რომელიც არჩევნებზე ერთგვარი ფარის როლში გამოვა და დანარჩენებს წაიყოლებს.
გარდა ამისა, ხელისუფლება ეცდება “ნაციონალური მოძრაობის” დროს ნაცადი მეთოდები გამოიყენოს, რაც უკვე გამოჩნდა. პაატა ბურჭულაძის “საქართველოს განვითარების ფონდს” დასავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებში შეხვედრები გვქონდა. იმერეთის რაიონებში საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებები პირდაპირ გააფრთხილეს, რომ ჩვენთან შეხვედრას არ დასწრებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფონდი ვართ და არა პოლიტიკური ორგანიზაცია. მაგალითად, კახეთში – ახმეტაში, ყარაჯალაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმ ავტობუსის ბლოკირება მოახდინა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენთან შესახვედრად უნდა წამოსულიყო. ეს უკვე შემდგარი რეალობაა, რომელიც ძალიან მძიმეა იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ხელისუფლებას, რომელიც სახელმწიფოს სათავეში სწორედ თავისუფლების ლოზუნგით მოვიდა.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2012 წლის საარჩევნო კამპანიისას “ქართული ოცნების” ლოზუნგი ადამიანის უფლებათა დაცვა და თავისუფლება იყო. ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებს თუ გადმოიღებს, ძალიან ცუდია, თუმცა ამას ორმაგი ეფექტი ექნება – ხელისუფლებისგან რაც უფრო მეტი ზეწოლა წამოვა, საზოგადოების მხრიდან მით უფრო მეტი წინააღმდეგობა შეხვდება. ეს ის საზოგადოება აღარ არის, რომელიც ჩვენ 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში გვყავდა, შედარებით დათრგუნული და დაშინებული, თუმცა სწორედ ამ შიშის წინააღმდეგ მისცა საზოგადოებამ 2012 წელს ხმა და “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებიდან გაისტუმრა. ამიტომაც დღევანდელ ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ ამ მეთოდებით სასურველ ეფექტს მიიღებს, ვფიქრობ, ცდება და შევეცდები აგიხსნათ რატომ.
ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩევლის დაახლოებით ნახევარი საკუთარ არჩევანში ჩამოყალიბებული არ არის და მათი ნაწილი საერთოდ არჩევნებზე მისვლას არც აპირებს. დღევანდელ სიტუაციაში ხელისუფლებას სწორედ ამგვარი ამომრჩეველი აწყობს, ანუ ისეთი ამომრჩეველი, რომელიც ნიჰილიზმშია გადავარდნილი და არაფერზე არ რეაგირებს, პოლიტიკურ სპექტრში არავინ არ მოსწონს, მათ შორის არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. თუმცა, ეს ხელისუფლებას არ ანაღვლებს, უფრო მეტად ხელს აძლევს, იმიტომ რომ ეს ქართული არჩევნების ანბანია – არჩევნებზე რაც უფრო ნაკლები ადამიანი მიდის, მით უფრო დიდი ფორა რჩება ხელისუფლებას გაყალბებისთვის.
ხელისუფლება თუ ეცდება, რომ კვლავ დაშინების მეთოდი გამოიყენოს, ეს საზოგადოების კიდევ უფრო კარჩაკეტილობას კი არ გამოიწვევს, პირიქით, წინააღმდეგობას გააღვივებს. შესაბამისად, ამომრჩეველს გამოაღვიძებს და გამოღვიძებული ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მიყვანა უფრო ადვილია, ვიდრე ძილს მიცემული ამომრჩევლის.
- თქვენ ახსენეთ, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. თქვენი აზრით, რომელ ძალებს ვიხილავთ მომავალ პარლამენტში?
- ყველა მონაცემებით, რაც გვქონდა საშუალება, რომ გვენახა, “ქართული ოცნებისა” და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას. ამ ეტაპისთვის განსაკუთრებით მცირე სხვაობაა “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. “ქართული ოცნება” 14-18%-მდეა, “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი 10-15%, ხოლო ალასანიას პარტია და “პატრიოტთა ალიანსი” – 5-10%. ამ მონაცემებით, “ქართული ოცნება” პარლამენტში ისეთი უმრავლესობით შესვლას ვერ შეძლებს, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობა ერთპიროვნულად მართოს, რაც ვფიქრობ, მომავალი პარლამენტის ყველაზე დიდი მიღწევა იქნება.
ზოგადად, მომავალი პარლამენტის სახე მრავალპარტიულობა იქნება. ეს პარტიებს განვითარების საშუალებას მისცემს და კონკურენციის გაცილებით მაღალი ხარისხი იქნება.
რაც შეეხება კოალიციის დანარჩენ წევრებს, მათ პარლამენტში მოხვედრის გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ. კოალიციიდან გამოსულ პარტიათა უმეტესობა პარლამენტში ვეღარ მოხვდება, მიუხედავად იმისა, თუ რა ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს მათ “ოცნება”, უშუალოდ ივანიშვილი, ან საარჩევნო კომისიები მათ მიმართ რამდენად კეთილგანწყობილი იქნება.
ახლა ისეთი სიტუაციაა, როცა “ქართულ ოცნებას” თავისი თავი გასჭირვებია და ცალკეული პარტიების პარლამენტში გაქაჩვაზე ვერ და არ იზრუნებს. ზოგადად, “ნაციონალური მოძრაობის” მიზანი იქნება, რომ მეორე საპატიო ადგილი შეინარჩუნოს, რაც შესაძლოა გაუჭირდეთ, თუ სხვა პარტიები კვალიფიციური წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას შეძლებენ. გარდა “ნაციონალური მოძრაობისა”, ყველა პარტიისთვის მთავარი პრობლემა კვალიფიციური პიარის წარმოება იქნება.
- როგორც თქვით, უმრავლესობას, სავარაუდოდ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიიღებს. ამ შემთხვევაში მოვლენები როგორ განვითარდება?
- ვფიქრობ, კოალიცია გარდაუვალი იქნება, თუმცა ხელისუფლება დღეს მაჟორიტარული სისტემის იმედზეა. როგორ წესი, ქართული ტრადიციისამებრ კენჭს იყრიან ხოლმე ბიზნესმენები, რომლებიც გამარჯვებას დიდძალი ფულით ცდილობენ ხოლმე და შემდეგ უკვე ამ ფულით ამომრჩეველთა კეთილგანწყობის შენარჩუნებას. ფაქტი ჯიუტია, რომ მაჟორიტართა დიდი ნაწილი ქართველ მილიონერთა კასტიდან არის. შესაბამისად, მოჟორიტარობა საკუთარი მილიონების გასამრავლებლად უნდათ. ამიტომაც ისინი ხელისუფლების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ.
საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარობის ასეთი ფორმა პარლამენტის როლის კასტრირებას ახდენს. ეს ადამიანები არასდროს არ ფიქრობენ საკანონმდებლო პროცესზე და ერის განვითარებაზე. მათი ერთადერთი ინტერესია საკუთრი ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ამიტომაც არის გაცხადებული ასეთი ბრძოლა მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგ და ხელისუფლება ამიტომაც ეჭიდება მას. თუმცა, მაჟორიტარებმა თუკი დაინახეს, რომ “ოცნებას” უჭირს და სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალა იკრებს ძალებს, ისინი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე “ქართული ოცნებიდან” სხვა პარტიაში გადაინაცვლებენ.
ვფიქრობ, საინტერესო პროცესები გველის. ძირითადი ფაქტორები, რომელიც ამ არჩევნებზე გავლენას მოახდენს, ეს არის მოისურვებს თუ არა ხელისუფლება მასობრივად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, მათ შორის შიშის ფაქტორის ამოქმედებას, რასაც ცალსახად ვეწინააღმდეგები. არ გამოიყენებს ამ რესურსს და ძალიან ცოტა ხმას აიღებს, ამ გზით წავა და გამოფხიზლებულ ამომრჩეველს მიიღებს. ის პერიოდი, რომელიც “ოცნებას” ამომრჩეველზე უნდა ემუშავა, ფაქტობრივად ხელიდან გაუშვა.
- ფონდის გეგმები როგორია. პარტიად ჩამოყალიბებას თუ გეგმავს?
ხ.ლ.: ამ ეტაპზე ფონდის პარტიად ჩამოყალიბებაზე საუბარი ნაადრევია, იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი იყო და რჩება საქართველოს განვითარების ხედვის გაგება. მთავარი კითხვები ჩნდება ხოლმე, თუ რატომ იხსნება ოფისები რეგიონებში და რატომ ვხვდებით ინტენსიურად მოსახლეობას. პასუხი ძალიან მარტივია – მოსახლეობას იმიტომ ვხვდებით, რომ ქვეყნის განვითარების ხედვის გაგება არსებული პრობლემების შესწავლის გარეშე შეუძლებელია, პრობლემები კი კაბინეტებიდან არ ისწავლება. პრობლემების სწავლა შეიძლება მხოლოდ ხალხთან მხოლოდ უშუალო ურთიერთობაში. ამით არის განპირობებული ჩვენი ინტენსიური გასვლები და საზოგადოებასთან შეხვედრები, რის საფუძველზეც ჩვენ პრობლემების იდენტიფიცირებას, თავმოყრას და სისტემატიზაციას ვახდენთ.
გამოწვევებზე სათანადო პასუხების შემუშავება, ხედვების დადება, ამ ეტაპზე ვფიქრობთ, ჩვენი ფონდის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას სრულად შეესაბამება. რა იქნება ხვალ – ამას მომავალი გვიჩვენებს, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ ფონდის ფორმატში დასახული მიზნების რეალიზაციას.
- ხალხის პრობლემების გადასაჭრელად საპარლამენტო ტრიბუნა არ დაგჭირდებათ?
- ამ ეტაპზე ეს ფორმატი ჩვენთვის სრულიად საკმარისი და დამაკმაყოფილებელია. ფონდის წევრებიდან რამდენიმეს ტრიბუნის ნაკლებობა არ აქვს, იქნება ეს სატელევიზიო ეთერი, არც მედიის და არც საზოგადოებასთან შეხვედრის თვალსაზრისით, შესაბამისად, ამის დეფიციტი არ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ფონდის მიზნების მიღწევა ამ ფორმატში შესაძლებელია. თუ არ იქნება შესაძლებელი, შემდეგ უკვე მომავალი გვიჩვენებს, რა გადაწყვეტილებაზე ვიფიქრებთ.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 11 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: “ოცნება” ქუთაისში ჩემზე ძლიერ კანდიდატს ვერ იპოვის“
ელზა წიკლაური
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ ჯერ ზუსტი პასუხი არ იცის, იქნება თუ არა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა, თავად ამის დიდი სურვილი აქვს. მისი თქმით, ამ საკითხზე თანაგუნდელებთან საუბარიც ჰქონდა, მაგრამ მათგან პასუხი ჯერ არ მიუღია.
ომარ ნიშნიანიძე ფიქრობს, რომ ქუთაისში ის ყველაზე ძლიერი მაჟორიტარი იქნება და ეს შანსი “ოცნებამ” ხელიდან არ უნდა გაუშვას. დეპუტატს სჯერა, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებში კვლავ უმრავლესობით მოვა. თუმცა, თუ ასე არ მოხდა, ნიშნიანიძე ოპოზიციურ პარტიებთან ალიანსს არ გამორიცხავს.
- იქნებით თუ არა “ოცნების” მაჟორიტარი?
- ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით. თუმცა, ჩემი დიდი სურვილია, რომ არჩევნებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი ვიყო. ამ საკითხზე საუბარი გუნდში მქონდა და სურვილი ღიად დავაფიქსირე, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ვნახოთ, ალბათ დრო გვიჩვენებს. პარტია საარჩევნო სიის წევრებზე ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და მოფიქრების რეჟიმშია. საბოლოო გადაწყვეტილება ალბათ უახლოეს დროში იქნება მიღებული. ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” ქუთაისში ჩემზე ძლიერ კანდიდატს ვერ იპოვის. მე თავად ამ ქალაქიდან გახლავართ და ამასთანავე უნივერსიტეტის პროფესორიც ვარ.
- ფიქრობთ, რომ პარტიამ ქუთაისში თქვენი კანდიდატურა აუცილებლად უნდა წარადგინოს, თუ ამ ოლქში არჩევნების მოგება სურს?
- მე ამ ეტაპზე ყველაზე დიდი უპირატესობა მაქვს, მაგრამ ვნახოთ, მხოლოდ ჩემს სურვილზე დამოკიდებული არ არის. უბრალოდ იქაურ მოსახლეობასთან ყველაზე მეტი კონტაქტი და კომუნიკაცია მე მაქვს. ასევე ალბათ სანაცნობო წრეც და მხარდამჭერებიც მყავს. შესაბამისად, ამ რესურსის გამოყენება “ქართული ოცნების” მხრიდან აუცილებლად უნდა მოხდეს.
- “ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ძირითადად რა ტიპის კანდიდატებზე გააკეთებს აქცენტს? პრიორიტეტს კვალვ ცნობად სახეებს მიანიჭებს?
- ძირითადად აქცენტს კანდიდატის პროფესიონალიზმზე და სუფთა წარსულზე გააკეთებს. ახალი სახეები იქნება ალბათ უფრო ეკონომისტები, იურისტები და უცხო ენების სპეციალისტებით დაკომპლექტდება. თუმცა, მე ეს საკმარისად არ მიმაჩნია და ეროვნულობას, პატრიოტიზმსაც ყურადღებას მივაქცევდი. მე პირადად ცნობადი სახეების პარტიაში ყოფნის მომხრე ვარ და ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებზეც წარმოდგენილი უნდა იყვნენ. ახალი სახე შეიძლება კარგი სპეციალისტი იყოს, მაგრამ დარჩენილ ხუთ თვეში საზოგადოებისთვის მათი გაცნობა ძალიან გაგვიჭირდება. ვფიქრობ, ამომრჩეველთა მოზიდვის თვალსაზრისით მომგებიანი არ იქნება.
- ვრცელდება ხმები, რომ “ქართული ოცნებიდან” რამდენიმე დეპუტატი საკუთარი ნებით მიდის. ხომ ვერ გვეტყვით, ვინ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება?
- ვერ გეტყვით, ზუსტად არ ვიცი. ალბათ ასეთებიც იქნებიან. გუნდში ამაზე საუბარი არის. რამდენიმე ჩვენი დეპუტატი პარლამენტში მოღვაწეობის გაგრძელებას აღარ აპირებს, რადგანაც საკუთარი სპეციალობით მუშაობა სურთ. შეიძლება დიდი რაოდენობით არა, მაგრამ ასე 10 კაცი შეიძლება წავიდეს. ვნახოთ, ამაზე ალბათ თავად მათ უნდა ისაუბრონ. ჩემი მხრიდან მათი სახელების დასახელება ცოტა არაკორექტული მგონია.
- თქვენი აზრით, შეძლებს თუ არა “ქართული ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას?
- ვფიქრობ, ერთადერთი ძალა, რომელსაც კვალვ უმრავლესობაში მოსვლის შანსი აქვს, “ქართული ოცნებაა”. ახალა ამ შესაძლებლობას რამდენად გამოვიყენებთ, ეს უკვე პარტიაზე და მის წევრებზეა დამოკიდებული, საარჩევნო კამპანიას როგორ და რა ფორმით წარვმართავთ. აუცილებელია, რომ ჩვენს მოსახლეობას 4 წლის მანძილზე გაკეთებული საქმეების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. ხალხმა უნდა იცოდეს, რა გავაკეთეთ და რისი გაკეთება ვერ მოვასწარით. მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ კიდევ უკეთესი საქმეების გაკეთება შეგვიძლია.
- მაგრამ თუ მაინც ვერ შეძლებთ უმრავლესობაში მოსვლას, ვინ მიგაჩნიათ პარლამენტში თქვენს პოტენციურ პარტნიორად?
- კარგით, დავუშვათ, რომ ვერ მოვიდეთ უმრავლესობაში. რა თქმა უნდა, თანამშრომლობა ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან შესაძლებელია “ნაციონალური მოძრაობის” გარდა. შეიძლება ამ პარტიებთან სრული თანხვედრა რაღაცა საკითხებთან მიმართებაში არ გვაქვს, მაგრამ რაღაცაზე მაინც ვთანხმდებით. შესაბამისად, საერთო ენის გამონახვა შეიძლება.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 11 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ფარული ჩანაწერების გამავრცელებლები პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ“
თაკო მათეშვილი
“ფარული ჩანაწერები დღეს ლამის უკვე მშრალ ხიდზეც იყიდება” – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და აცხადებს, რომ მანამ, სანამ პროკურტურა ამ კადრების გამავრცელებლებს არ დააკავებს, ქვეყანაში სიტუაციის არევის შანსი ყოველთვის იარსებებს.
ჩანაწერების შექმნის ბრალდებით 5 პირის დაკავებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ ისინი ამაში მართლაც დამნაშავეები იქნებიან. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებას მოსვლისთანავე უნდა დაეკავებინა, რადგან მათი დანაშაულის შესახებ იმთავითვე ცნობილი იყო. ამით, ხუხაშვილის თქმით, ბოლოდროინდელ მოვლენებსაც ავცდებოდით.
“მთელ კვირასთან” ინტერვიუში ხუხაშვილი “რესპუბლიკელი” მინისტრების დაანონსებულ გადადგომასაც ეხმაურება და ამბობს, რომ მათ ხელისუფლება აგვისტომდე, ვარშავის სამიტის შემდეგ გადააყენებს.
გია ხუხაშვილი: როგორც ჩანს, რესპუბლიკელ მინისტრებს სიაში ყოფნა უნდათ. კანონის შესაბამისად, არჩევნებამდე 2 თვით ადრე დეპუტატობის კანდიდატმა საჯარო სამსახური უნდა დატოვოს. ალბათ ეს ლოგიკა ჩადეს თავიანთ გადაწყვეტილებაში. თუმცა, წმინდა საარჩევნო ლოგიკის თვალსაზრისით, მათი გადაწყვეტილება აბსურდია და რაიმე ტიპის ხედვას საერთოდ აცდენილი. გაუგებარია ასეთ ვითარებაში საქართველოსნაირ ქვეყანაში “რესპუბლიკურმა პარტიამ” საარჩევნო კამპანია როგორ უნდა აწარმოოს. მარტივ კითხვას ვსვამ – თუკი “რესპუბლიკური პარტია” მზადაა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ფაქტობრივად ბოლო დღემდე გაინაწილოს პასუხისმგებლობა, მაშინ რომელ ამომრჩეველზე აკეთებს გათვლას? ვინ უნდა გახდეს მისი ამომრჩეველი, თუკი ის ხელისუფლებისაგან არ დისტანცირდება? ბევრი მხარდამჭერი ისედაც არ ჰყავთ და ამ აბსურდის გამო იმ 1-2 ადამიანსაც დაკარგავენ.
გარდა ამისა, ისედაც არ მგონია, ამ ხელისუფლებამ “რესპუბლიკელი” მინისტრები ბოლომდე შეინარჩუნოს. წმინდა პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, დღეს “რესპუბლიკელი” მინისტრების გაშვება “ქართული ოცნებისათვის” წამგებიანი იქნებოდა. ვარშავის სამიტი მოდის და მერე, თუკი ქართული დელეგაცია იქიდან ხელცარიელი ჩამოვა, “რესპუბლიკელები” იტყვიან – თინა ხიდაშელის განთავისუფლების გამო შეიქმნა პრობლემებიო. შესაძლებელია “ოცნება” ამისგან იზღვევს თავს და დიდი ალბათობით, ვარშავის სამიტის შემდეგ თინა ხიდაშელი მინისტრი აღარ იქნება.
- ანუ, ფიქრობთ, რომ მათ აგვისტომდე გაანთავისუფლებენ და საკუთარი ნებით წასვლას არ აცდიან?
- მიმაჩნია, რომ დიდი ალბათობით, ასე მოხდება.
- თქვით, რომ ვერ წარმოგიდგენიათ, თუ როგორი უნდა იყოს “რესპუბლიკელების” საარჩევნო კამპანია. თქვენი აზრით, ოპოზიციის რანგში უნდა მოგვევლინონ და ხელისუფლების ნეგატივზე ააგონ კამპანია, თუ ეს მათთვის წამგებიანი იქნება?
- ჯერჯერობით საქართველოში პოზიტიური საარჩევნო კამპანია არ წარმოებს. “რესპუბლიკური” პარტია მენტორის როლს კი თამაშობს და ლექციებს გვიკითხავს, რომ ეს ევროპაში ხშირად ხდება, მაგრამ ევროპაში ხშირად იმიტომ ხდება, რომ იქ ამომრჩეველი პოზიტიურ არჩევანზეა ორიენტირებული. იქ პარტიები სხვებს კი არ აკრიტიკებენ, არამედ იმაზე საუბრობენ, თუ რის გაკეთებას აპირებენ თავად. საქართველოში ეს ასე არაა. შესაბამისად, მათი მხრიდან ჭკუის სწავლება სიტყვების რახარუხია და მეტი არაფერი.
სინამდვილეში, თუკი მათ ხმების მოპოვება უნდათ, ხელისუფლება რაღაც დოზით მაინც უნდა აკრიტიკონ, რათა ხალხმა ისინი “ქართული ოცნებისაგან” განასხვავოს. თუკი ამომრჩეველს ამის შანსი არ მისცეს, მაშინ რატომ უნდა მისცენ ხმა? რა მიზეზით უნდა დაუჭიროს მხარი ადამიანმა “რესუბლიკურ პარტიას”? რა გამოარჩევს მათ სხვებისგან? პროდასავლელობა? ასეთი პარტია ისედაც ბევრია, თანაც ისინი ხელისუფლებისაგან უფრო კარგად არიან დისტანცირებულები. ლიბერალური ფასეულობები? ამ ქვეყანაში ყველა პარტია უკვე ეგეთია. ასე რომ, მათ ამომრჩეველი ისედაც არ ჰყავთ და თავიანთი აბსურდული პოლიტიკური ტაქტიკით საქმეს კიდევ უფრო ირთულებენ.
- ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ისინი ხელისუფლების ქმედებებს ვერ გაემიჯნებიან და გასულ 4 წელზე პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნიან?
- თუ უნდათ, რომ გაემიჯნონ, მაშინ ისე უნდა იქცეოდნენ, როგორც “ფორუმი” მოიქცა. მათ არათუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ დაიკავეს ადგილები, საპარლამენტო თანამდებობებიც კი დატოვეს. მთავრობა სოლიდარული პასუხისმგელობის ორგანოა და მთელი მთავრობის ნამოღვაწარზე პასუხისმგებლობას ნებისმიერი მინისტრი იზიარებს.
- თქვნი აზრით, გადალახავენ ბარიერს?
- “რესპუბლიკური პარტიის” პარლამენტში ყოფნა დიდი კითხვის ქვეშ დგას.
- გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მოვლენა შალვა რამიშვილის დადანაშაულება იყო სექსუალურ შევიწროებაში. რას ფიქრობთ ამაზე?
- არ მგონია აქ რამე დიდი პრობლემა ყოფილიყო. ყველამ კარგად ვიცით, რა ტიპია შალვა რამიშვილი. მოდავე მხარეც არ ამტკიცებს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს. შესაძლებელია საკმაოდ უხეშად ეკეკლუცებოდა და შავი იუმორის სტილში მოითხოვდა რაღაცას. ეს დასაშვებად მიმაჩნია, მაგრამ ძალადობა ნაკლებად სავარაუდო მგონია. შალვა ასეთი ადამიანია. მისდამი სიმპათიით არ ვარ განწყობილი. ის თვითონვე ამბობს, რომ ოდიოზური ადამიანია, რომელსაც მორალური პრინციპები არცთუ მყარი აქვს. ეს დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია და თავადაც არ დებს თავს მორალურ სიწმინდეზე. შესაბამისად, მას მოსდის ის, რაც მოსდის. იმ მორალური კრიტერიუმებით, რითაც ჩვენ სტანდარტულად ადამიანებს ვუდგებით, შალვას ვერ მივუდგებით. მას მორალზე დიდი ხანია ხელი ჩაქნეული აქვს. ეს მოცემულობაა.
- პროკურატურამ ფარული ჩანაწერების შექმნის საქმეზე ხუთი ადამიანი დააკავა. ფიქრობთ, რომ დამნაშავეთა სია ამ ხუთი ადამიანით შემოიფარგლება?
- ამ საქმეში დამნაშავე სამი მხარეა – ვინც იწერდა, ვინც ინახავდა და ვინც ავრცელებდა. იქიდან გამომდინარე, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს სისტემური დანაშაული იყო, მაღალი ალბათობით, დაკავებულ ადამიანებს კადრების ჩაწერასთან და შენახვასთან შეხება მართლაც აქვთ, თუმცა, არა გავრცელებასთან.
ვინ გაავრცელა და გავრცელება ვინ დაუკვეთა, ეს კიდევ ცალკე თემაა. კარგია, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა. სხვათა შორის, ამ ადამიანების დაჭერას პრევენციის მნიშვნელობაც აქვს – მათი დაპატიმრება სხვებისათვის გაფრთხილება იქნება, რომ მათაც იგივე გზა არ გაიარონ.
პროკურატურა ამ მიმართულებით რომ გააქტიურდა, კარგია, მაგრამ ეს ადამიანები ამას რომ აკეთებდნენ, ეს ხელისუფლების შეცვლის დღიდან ცნობილია. 4 წელი იყო ამ ადამიანების დასასჯელად საჭირო? ჩვენ რომ ეს ხალხი მაშინვე დაგვესაჯა, შესაძლოა დღეს ეს საზიზღრობა, რაც ხდება, აღარ მომხდარიყო. ეს პრევენცია იქნებოდა და ბევრ უბედურებას ავცდებოდით.
- ამბობთ, რომ სავარაუდოდ, ისინი გამავრცელებლები არ იქნებიან. რატომ გგონიათ ასე? დაინტერესება არ აქვთ?
- მათ მხოლოდ გადაღების ორგანიზებაში ედებათ ბრალი. არსად ჩანს, რომ გამავრცელებლებიც არიან. კადრების გამავრცელებლებს პოლიტიკური ინტერესი აქვთ. შესაბამისად, გამავრცელებლები პოლიტიკაში, ან პოლიტიკასთან ახლოს უნდა ვეძებოთ.
- ანუ, მოქმედ პოლიტიკოსებში?
- დიახ. მოქმედ პოლიტიკურ ძალებში, ან იმ ძალებში, რომელთაც ხელისუფლება ცოტა ხნის წინ დატოვეს. რატომაც არა – შესაძლოა შურისძიების მიზნით აკეთებდნენ. ასე რომ, დაინტერესებული მხარე შეიძლება ძალიან ბევრი იყოს. დღვანდელი რეალობის უბედურება ესაა. მიშას დროს რამე ასეთი საზიზღრობა თუ მოხდებოდა, ზუსტად ვიცოდით, რომ ამას მიშა აკეთებდა და დამკვეთის იდენტიფიცირება პრობლემა არ იყო. დღეს კი ყველაფერი გაუგებარია, იმდენი დაინტერესებული მხარეა, რომ დამკვეთი არაერთი შეიძლება იყოს, მათ შორის უცხოეთის სპეცსამსახურებიც. დღეს ეს კადრები ლამის უკვე მშრალ ხიდზეც იყიდება.
- ელოდებით, რომ არჩევნებამდე ჩანაწერები კიდევ გავრცელდება?
- თუ ამ კადრების გამავრცელებელი ვერ ვიპოვეთ და დაუსჯელობის სინდრომი თუ გამეფდა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ამ მიმართულებით ვითარება კიდევ უფრო გართულდეს. ღირსებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია კადრების გამავრცელებელი დააპატიმრონ. ამ ხუთი ადამიანის დაკავებაც კარგია ხელისუფლებისათვის. ამით ის პოლიტიკურ ნებას აჩვენებს და ეს მას პოზიტიურად წაადგება.
- ჩვენს მეზობლად, ყარაბაღში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. ელით თუ არა, რომ კონფლიქტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს?
- დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კონფლიქტი სრულმასშტაბიან დაპირისპირებაში არ გადაიზრდება. ის, რაც ყარაბაღში ხდება, ჩემი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ასეთი ტიპის კონფლიქტების გრძელვადიანი კონსერვაციის შედეგია. ასეთი პრობლემების ცხელ ფაზაში გადასვლა ერთადერთ რამეს ნიშნავს – როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელსაც თავის თავზე მედიატორის ვალდებულება აქვს აღებული, მხოლოდ წაყრუებით კმაყოფილდება, ამით ნელი მოქმედების ნაღმები იდება. ისინი სხვადასხვა დროს ფეთქდება და საბოლოო ჯამში ყველა ზარალდება.
ახლაც დაახლოებით იგივე მოხდა. ეს ყველასთვის, პირველ რიგში კი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ კონფლიქტის გაყინვა მის გადაწყვეტას არ ნიშნავს. მათ ხშირ შემთხვევაში ასე ჰგონიათ, რაც ძალიან დიდი შეცდომა.
განვითარებას რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც ანალოგიური პრობლემა გვაქვს, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაში თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. ეს მისი ტერიტორიებია. დღეს ის თავის ტერიტორიებს ვერ აკონტროლებს, ისე, როგორც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ტერიტორიებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ჩვენ ერთ გეოპოლიტიკურ კვანძზე ვართ და ჩვენი პრობლემები ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. ისევე, როგორც სომხეთშია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმშვიდე.
ვისურვებდი, რომ ტერიტორიების მთლიანობის პატივისცემის ფარგლებში ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილიყოს და კავკასიაში მეტ-ნაკლები მშვიდობა დამყარებულიყოს, რადგან ამ პროცესში სომხეთიც ძალიან ბევრს კარგავს. ის ყველა რეგიონული მასშტაბური პროექტის თამაშგარე რჩება. ვფიქრობ, რომ ისინი სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ კონფლიქტის დასრულებაზე, რასაც დიდი კომპრომისები დასჭირდება.
- თქვენი აზრით, რა კუთხით და რამდენად მასშტაბურად შეიძლება შეეხოს ეს კონფლიქტი საქართველოს?
- ძალიან მასშტაბურად შეიძლება შეეხოს. სომხეთის მოკავშირეობის მიუხედავად, რუსეთი ცდილობს აზერბაიჯანთანაც დაბალანსებული ურთიერთობები ჰქონდეს. ისინი აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას აგრძელებენ. რუსეთის ინტერესებში ამ კონფლიქტის კონტროლიდან გამოსვლა არ შედის, მაშინ როცა, ზოგიერთი ქვეყნის ინტერესებში ეს შეიძლება შედიოდეს. თუნდაც იმისათვის, რომ რადგან თავად სიტუაციას ვერ აკონტროლებს, უნდა რეგიონი მთლიანად არიოს. ყარაბაღის ომი საქართველოში აუცილებლად გადმოვა. საქართველო ამაში აუცილებლად ჩათრეული აღმოჩნდება, თუნდაც ლოჯისტიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 11 აპრილი, 2016 წელი
რატომ არ დააკავეს ვასილ ლელუაშვილი 2013 წელს?
“ის და მისი გუნდი რომ ასეთი რამის ორგანიზატორები იყვნენ, საზოგადოებისთვის 2012 წლის ზაფხულიდანაა ცნობილი”
თიკო ოსმანოვა
ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება, დაკავებულები კი ბრალს არ აღიარებენ. ერთ-ერთმა მათგანმა კი დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების “ჩადებაზე” საუბრობს და მის დაკავებას აანონსებს. ანალიტიკოსები კი ინტერნეტში მორიგი ჩანაწერების გავრცელებას არ გამორიცხავენ.
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს მთავარმა პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე კუდ-ის 6 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა.
დაკავებული არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის (კუდ) დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი.
შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი კი გამოძიებას მიემალა, თუმცა მოგვიანებით ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროს გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.
ცნობისთვის, დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ერთ-ერთი დაკავებულის ვასილ ლელუაშვილის მეუღლემ მისი ქმრის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც დაკავებამდე ორი დღით ადრეა ჩაწერილი. მიმართვაში ლელუაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების “ჩადებაზე” საუბრობს და თავის დაკავებას აანონსებს.”სანდო წყაროდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა აპირებს დამაბრალოს დანაშაული, რომელიც მე არ ჩამიდენია”, – ამ სიტყვებით იწყებს ვიდეომიმართვას ვასილ ლელუაშვილი.
“პროკურატურა ჩემთვის აპირებს ჩამიდოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც მე არ მაქვს. ჩადება შეიძლება მოხდეს მეხსიერების ბარათით, შეიძლება სიდი დისკზე, შეიძლება კომპიუტერი წაიღონ და ჩაიწერონ, ან სულაც კომპიუტერში შეიძლება დისტანციურად ჩაწერონ ასეთი კადრები ასეთი ტექნიკური საშუალება შესაძლებელია.
“აგრეთვე ცრუ მოწმეების გამოყენებით პროკურატურა აპირებს მტკიცებას, თითქოსდა მე ეს მასალები მოვიპოვე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩემთან არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, არასოდეს არაფერი არ გადამიღია და არც არაფერი შემინახია, მითუმეტეს არ გამივრცელებია,” – აცხადებს ლელუაშვილი ვიდეომიმართვაში.
თუ საიდან ჰქონდა ლელუაშვილს ეს ინფორმაცია, უცნობია. “მთელმა კვირამ” მის მეუღლესთან დაკავშირება ვერ მოახერხა. მისი უფლებადაცველის მამუკა ჭაბაშვილის თქმით კი, როგორც მას ლელუაშვილმა უთხრა, პროკურატურა დაკავებამდე მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ.
“როგორც მან მითხრა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხალხს აწუხებდნენ, რომ ვაჟა ლელუაშვილისთვის დაედოთ ხელი. მას ეშინოდა, რომ ჩანაწერები არ ჩაედოთ მისთვის. დანარჩენი არ ვიცი, რა ხდება”, – უთხრა “მთელ კვირას” ჭაბაშვილმა.
საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ კი დაადასტურა, რომ მოწმეები იყვნენ კუდ-ის როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლები.
კოტრიკაძის თქმით, მას არ შეუძლია მოახდინოს მოწმეთა იდენტიფიცირება, თუმცა საქმეში არსებობს პირდაპირი ჩვენებები და ნივთმტკიცებები, რაც ქმნის საფუძველს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.
“მოწმეების იდენტიფიცირება ჩემ მიერ ვერ მოხდება, არის მოწმეების პირდაპირი ჩვენებები და არის ნივთმტკიცებები, რაც ერთობლივად ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რაც საჭიროა როგორც ბრალის წარსადგენად, ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ვადასტურებ, რომ არიან როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომლები,” – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით კი, ლელუაშვილს მის შესაძლო დაკავებაზე ინფორმაცია პროკურატურის ძველმა კადრებმა მიაწოდეს, რომლებიც მრავლად მუშაობენ ძალოვან უწყებებში.
“ვასილ ლელუაშვილმა ინფორმაცია მიიღო იმ “მეხუთა კოლონისაგან”, რომელიც დარჩენილია ძალოვან სტრუქტურებში და არ გაუწყვეტიათ კონტაქტი ყოფილ პატრონებთან. ასეთი ადამიანები ყველგან არიან – პროკურატურაში, თავდაცვისა და შს სამინისტროებში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ლელუაშვილის და მისი გუნდის მიერ შექმნილი კომპრომატებით იმართებიან”, – გვითხრა მამუკა არეშიძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს არა კონკრეტული დანაშაულის პასუხისგებაზე, არამედ სისტემური დანაშაულის პასუხისგებაზე. თუმცა, არეშიძე ამბობს, რომ პროკურატურა სწორ კვალზე დგას. მისივე თქმით, ლელუაშვილი და მისი გუნდი არის რგოლის ძირითადი ნაწილი.
“ის, რომ წინასაარჩევნოდ გააქტიურდებოდა ფარული ჩანაწერების დემოსნსტრირება, ამას ვვარაუდობდი ჯერ კიდევ შარშან და ვამბობდი კიდეც, რომ ხელისუფლებაც უფრო რადიკალურად მიუდგებოდა. ანუ, ეს არის გარკვეული წინასაარჩევნო ციებ-ცხელების ნაწილი, რასაც აკეთებს გამავრცელებელი და დამკავებელიც. თუმცა, პროკურატურა სწორ კვალზე დგას, იმიტომ, რომ ლელუაშვილი და მისი გუნდი რომ ასეთი რამის ორგანიზატორები იყვნენ, საზოგადოებისთვის 2012 წლის ზაფხულიდანაა ცნობილი. ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი რგოლი. მაგრამ აქ ერთი ფაქტორია – ეს ადამიანები დაკავებულები არიან ერთ კონკრეტულ დანაშაულზე. ვფიქრობ, ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს არა კონკრეტული დანაშაულის პასუხისგებაზე, არამედ სისტემური დანაშაულის პასუხისგებაზე. ლელუაშვილმა და მისმა გუნდმა პასუხი უნდა აგონ ყველაფერზე, რომელიც სისტემურ დანაშაულს განეკუთვნება”, – უთხრა “მთელ კვირას” მამუკა არეშიძემ.
სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას თქმით კი, პროკურატურა ლელუაშვილის კვალზე გიორგი დგებუაძის, ანუ “მასტერას” დახმარებით გავიდა, თუმცა ამბობს, რომ ეს ჯაჭვის ერთი რგოლია და შესაბამისად, იგი ინტერნეტში მორიგი ფარული ჩანაწერების გავრცელებას არ გამორიცხავს.
“რა თქმა უნდა, ამით საქმე არ დამთავრდება. კიდევ მოხდება ჩანაწერების გავრცელება. ეს მხოლოდ ერთი ნაწილია. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც დააკავეს, ვაჟა ლელუაშვილის თამადობით აქამდე უნდა დაეკავებინათ. იგი იყო ერთი დაჯგუფების – კონსტიტუციური დეპარტამენტის მხარე, რომელიც ახორციელებდა ასეთ ჩანაწერებს. თუმცა, ანტიტერორისტული, კონტრდაზვერვის დეპარტამენტები, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი და პლუს სამხარეო პოლიციის და სხვა სტრუქტურის წარმომადგენლები კიდევ ცალკე აწარმოებდნენ ასეთი ტიპის ჩანაწერებს. ასე რომ, ლელუაშვილის დაკავება არის ჯაჭვის ერთი რგოლი. იგი იდენტიფიცირებული იყო საკმაოდ დიდი ხნის წინ. თუმცა, ცნობილია, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მაღალ დონეზე კეთდებოდა და ამას აკონტროლებდა ამირან მესხელის, ვანო მერაბიშვილის და ახალაიების კლანი. ასე რომ, “საინტერესო” ფარულ ჩანაწერებს კიდევ ვიხილავთ. ამ უწყებებს ყველას ცალ-ცალკე ჰყავდათ საკუთარი კინოოპერატორები და ანალიტიკოსები და დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. მეტსაც გეტყვით – თავის დროზე ამაში ჩართული იყვნენ “ნაციონალური” ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებიც ახორციელებდნენ საერთო პროექტებს, მაგალითად, ასე შეიქმნა ფილმი “ენვერი”. ასე რომ, არ გამოვრიცხავ ფარული ჩანაწერები ასევე ჰქონდეთ “ნაციონალური მოძრაობის” იმდროინდელი ტელევიზიების ხელმძღვანელებს, მაგალითად “რუსთავი 2″-ს და სხვებს”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას ვახტანგ მაისაია.
ანალიტიკოსის თქმით, ფარულ ჩანაწერებზე სამი კლანი მუშაობდა და ამ ეტაპზე პროკურატურა “მასტერას” დახმარებით მერაბიშვილის კვალზე გადის.
“პროკურატურა სწორად მიდის, თუმცა დრო დაკარგეს. ლელუაშვილი უნდა დაეკავებინათ ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა ყველამ ყველაფერი იცოდა. ასევე უნდა დაეჭირათ ამირან მესხელი, რომელიც შესაძლოა უკვე მკვდარია, რადგან ასეთ ადამიანს ცოცხალს არავინ დატოვებდა. ამ ჩანაწერებზე საერთოდ 3 ჯგუფი მუშაობდა – ერთი სასჯელაღსრულების, რომელიც ციხეში ახორციელებდა ჩანაწერებს, მეორე ვანო მერაბიშვილი და მისი გარემოცვა, მესამე ბაჩო ახალაიას ჯგუფი. როგორც ჩანს, “მასტერამ” მერაბიშვილის მიმართულება გახსნა, რადგან ლელუაშვილი სწორედ მისი დაჯგუფების წევრია. თუმცა, არ მგონია, კიდევ ვინმე დააკავონ – ამათ შეაწმენდენ ხელს”, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
მის მსგავსად ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილიც ფიქრობს, რომ შოთაძის უწყებამ ჯაჭვის ერთი რგოლი დააკავა და აქვე ხელისუფლების შეცდომებზეც მიუთითებს
“პირადი ცხოვრების მონაცემების ასე უპრაგონოდ გამოყენება, მითუმეტეს ყოველგვარი სამართლებრივი სანქციების გარეშე არცერთ ქვეყანას არ გაუბედავს. აქედან გამომდინარე, საზოგადოების დიდი სურვილი იყო, რაც შეიძლება სწრაფად დაეკავებინათ დამნაშავეები და როგორც ჩანს, პროკურატურამ ამ ჯაჭვის პირველი რგოლი დააკავა. ახლა მთავარია, რომ მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, გამოძიებამ დაიწყო ჯაჭვების გახსნა. მთავარი კიდევ წინ არის. გასარკვევია, რატომ ხდება, რისთვის, ვისი განკარგულებით. არ მინდა ვივარაუდო და ეჭვებზე ვილაპარაკო, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუმცა, ძალიან სერიოზული შეცდომები აქვს დაშვებული ამ ხელისუფლებას. როდესაც ჩაიბარეს თანამდებობები, საინტერესოა, მაშინდელმა შს მინისტრმა, როცა უწყებაში მივიდა, გადაბარებისას აღწერა თუ არა ჩანაწერები”, – განუცხადა “მთელ კვირას” გია მეფარიშვილმა.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 11 აპრილი, 2016 წელი
რამდენად დამაჯერებელია ვასილ ლელუაშვილისთვის წაყენებული ბრალდებები?
სალომე სარიშვილი
(შემოკლებით)
რამდენად დამაჯერებელია ლელუაშვილისთვის წაყენებული ბრალდებები? – ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.
ნიკა ჩიტაძე (პოლიტოლოგი):“ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მაინც გამოძიებას უნდა დაველოდოთ. თუმცა, მეორე მხრივ, ისმის კითხვა – რამდენადაა პროკურატურა დამოუკიდებელი და თავისუფალი. ცხადია, ამ მხრივ პრობლემები არსებობს, რადგან არ შეიძლება დღეს პროკურატურა დამოუკიდებლად მივიჩნიოთ. საბოლოო ჯამში, ალბათ ბატონი ლელუაშვილის ბრალეულობას ან სიმართლეს სასამართლო დაადგენს. ამავდროულად მივიჩნევ, რომ სულაც არაა გამორიცხული, ფარული ჩანაწერები ხელისუფლებას უკავშირდებოდეს. აქედან გამომდინარე, არც ისაა გამორიცხული, ვინმეზე და მითუმეტეს, კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანზე გადაბრალება მომხდარიყო, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ლელუაშვილს მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონოდა და ამ ვიდეომიმართვით ერთგვარად თავი დაიზღვია. რა თქმა უნდა, ორივე ვერსია დასაშვებია, თუმცა, საერთო ჯამში გამოძიების დასრულებამდე წინასწარ რაიმეს თქმა ან შეფასება მაინც რთულია.”
არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): “ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჩემი პოზიცია მტკიცებითი ვერ იქნება, თუმცა, მოსაზრების დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდება დამაჯერებელია, ვინაიდან შესაძლოა ბრალდებულმა წინასწარ იყნოსოს, რომ მის კვალზეც გადიან და შესაბამისად, ასეთი რაიმეს გაკეთება წინასწარ გათვალოს. პირადად ჩემთვის ეს ჩანაწერი არაფრის მომცემია, ისევე როგორც ამ ადამიანის დაკავება ან გასამართლება. რასაკვირველია, ამ ყველაფრისთვის გამოძიება და სასამართლოა საჭირო, სხვა შემთხვევაში ჩემთვის ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არაა.”
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):“ცხადია, კონკრეტულ გვართან დაკავშირებით არაფერი მაქვს სათქმელი, თუმცა, ხელისუფლებაში გარკვეულ გარიგებებზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვსაუბრობდი. ახლაც იგივეს თქმა შემიძლია – ეჭვიც არ მეპარება, რომ ბინძური გარიგებები ხელისუფლებაში, მათ შორის ასეთ საქმეებში ისევ გრძელდება და სახელსა და გვარს უკვე მნიშვნელობა არ აქვს.”
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): “წინაწარ ვიდეომიმართვის გაკეთება აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. მანამდე უამრავი ინტერვიუ ვნახეთ, სადაც კონკრეტულ შანტაჟზე და ვიდეოების ატვირთვაზე მაღალჩინოსნები საუბრობდნენ. ამდენად, მან წინასწარ იცოდა, რომ მასაც მიადგებოდნენ და ეს გარდაუვალი პროცესი იყო. კუდ-ში ნამუშევარმა ადამიანმა როგორ უნდა მოატყუოს ვინმე, ეს კიდევ საკითხავია. ისიც გამოსარკვევია, როგორ აღმოჩნდა ეს ვიდეო სხვის ხელში.”
——————————-
„ახალი თაობა“, 11 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ეს არჩევნები ყველაზე ბინძური იქნება… წინასაარჩევნო კამპანიას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ამომრჩეველი მერყეობს”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების შანსებზე საუბრობს.
„წინასაარჩევნო კამპანიის კლასიკაა, რომ პოლარიზებულ საზოგადოებაში მნიშვნელობა არ აქვს წინასაარჩევნო კამპანიას, რადგან ამომრჩეველს იმთავითვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვის მისცეს ხმა. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია ის ვაი-უშველებელი, რაც მოჰყვა არჩევნების თარიღს, რომ აგვისტოში წინასაარჩევნო კამპანიას ვეღარ ჩაატარებენ. რაც უნდა არწმუნოს სხვამ, მაგალითად, ნათელაშვილის ელექტორატი, ის იმ სხვას არ მისცემს ხმას. წინასაარჩევნო კამპანიას აზრი აქვს მაშინ, როდესაც ელექტორატი მერყეობს და გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული“, – ამბობს სოსო ცინცაძე.
- სოციოლოგიური კვლევებით ვიცით, რომ 60%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვის დაუჭერს მხარს...
- ეს არის ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელსაც არჩევნები საერთოდ არ აინტერესებს, რომელიც ნიჰილისტურად არის განწყობილი და რომელიც არც აპირებს არჩევნებზე წასვლას. ეს ძალიან ცუდია. იმედგაცრუება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ყველაზე დიდი მტერია. ეს არის საერთო პრობლემა და ამის გამოსასწორებლად ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს.
- ამ არჩევნებზე დაბალი აქტივობა იქნება?
- მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ კრიტიკულად დაბალი არ იქნება და ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბანზე, რადგან საზოგადოებას კარგად აქვს გაცნობიერებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა. საპარლამენტო არჩევნები არის ის არჩევნები, სადაც სწორედაც ქვეყნის მომავალი მთავრობა, ზოგადად ხელისუფლება ირჩევა. ამიტომ ეს არ გახლავთ რიგითი არჩევნები. ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება.
- ვის რა შანსები აქვს ამ არჩევნებზე? ვის გაუჭირდება ბარიერის გადალახვა?
- ბარიერს გადალახავენ „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, ირაკლი ალასანიას პარტია.
- „რესპუბლიკელები“?
- „რესპუბლიკელებიც“, ალბათ, გადალახავენ. მათ მარჯვედ გამოიყენეს ეს 4 წელი. რეგიონებში წარმომადგენლობები შექმნეს, რადგან მათ თბილისში ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე რეგიონებში და ეს ანალიზი გააკეთეს. „რესპუბლიკელების“ მიმართ ანტაგონიზმი განსაკუთრებით ძლიერია თბილისში. აქ ხალხს მათი ნეოლიბერალიზმი აცოფებს.
- რეგიონებში არა?
- რეგიონებში ბევრმა არც იცის იდეოლოგია, ლიბერალიზმი და ნეოლიბერალიზმი. აქცენტები რეგიონებში უფრო სხვა რამეზე კეთდება, ვიდრე იდეოლოგიაზე.
- ნინო ბურჯანაძის პარტია და პატრიოტთა ალიანსი?
- დიდი ალბათობით, გადალახავენ. ალბათ, ამ ფლანგზე საარჩევნო ბლოკს ვიხილავთ.
- „მრეწველები“ მიანიშნებენ ირმა ინაშვილთან საერთო ღირებულებებზე. ისინი დაჯგუფდებიან?
- აქ მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად შეთანხმდებიან კვოტებზე. ირმა ინაშვილს თავისი აქტივი ჰყავს, „მრეწველებს“ – თავისი, ამიტომ მოლაპარაკების საგანი იქნება, ვის რამდენი ადგილი ერგება. წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ძალებს შორის სწორედ ეს არის უმთავრესი მოლაპარაკების საგანი – ვის რამდენი ადგილი ექნება და ვინ რამდენს გაიყვანს. თუ ვერ შეთანხმდებიან, ასეთი ერთობა ვერ შედგება. ალბათ, ბარიერს გადაალახვინებენ ბურჭულაძეს, მაგრამ, არა მგონია, პაატა ბურჭულაძე თვეობით იჯდეს პარლამენტში და სისულელეები ისმინოს.
- ძალიან ბევრის საუბრობენ იმაზე, რომ არჩევნებში გამარჯვებული ძალები დააკომპლექტებენ სამთავრობო კოალიციას...
- მე ასე არ ვფიქრობ, რადგან ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვის რა პროცენტული მაჩვენებელი ექნება. ვინც გაიმარჯვებს, სწორედ ის გადაწყვეტს, რა და როგორ იქნება. ალბათ, ფასეულობები ისევ უკანა პლანზე გადაიწევს და მოვლენებიც პირადი სიმპათია-ანტიპათიით განვითარდება.
კიდევ ერთი: პარტიები გვეუბნებიან, რომ საარჩევნო სიებში ცნობადი სახეები არ იქნებიან და აქცენტი პროფესიონალ იურისტებზე, ეკონომისტებზე გაკეთდება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ამ ცდუნებას ვერ გაუძლებენ და ისევ გვეყოლებიან მუსიკოსი, მსახიობი დეპუტატები. პარლამენტი ყველა არჩევნების შემდეგ უარესდება. პარლამენტის შემადგენლობა გაცილებით უკეთესი იყო, მაგალითად, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს. ცხადია, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ვგულისხმობ.
- ბატონო სოსო, რა გავლენას იქონიებს საარჩევნო პროცესზე ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტები და შემდეგ უკვე პროკურატურის მიერ კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება?
- პროკურატურამ რამდენიმე პირი უკვე დააკავა, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არ არის გამავრცელებელი. პროკურატურის მხრიდან ეს არის სიგნალი, მაგრამ ჯერ არ შეიძლება ვთქვათ, რომ საქმე ბოლომდეა მიყვანილი. სანამ არ გაირკვევა, ვინ იყო დამკვეთი, რატომ აკეთებდნენ ასეთ უკანონო ჩანაწერებს და ვინ გაავრცელა, კითხვის ნიშნები იქნება და მათ პასუხები უნდა გასცეს შესაბამისმა უწყებამ. მთავარმა პროკურატურამ საზოგადოებას ყველაფერი უნდა აუხსნას. აქ არ გამოადგებათ ისეთი პასუხი, როგორიცაა „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით“. რა დოზითაც შეიძლება ინფორმაციის მიწოდება, მიწოდებულ უნდა იქნეს ხალხისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ არჩევნების კონტექსტშიც. საზოგადოება მსგავს სისაძაგლეზე ადეკვატურად რეაგირებს. ეს არჩევნები იქნება ყველაზე არაჯენტლმენური და ბინძური, რადგან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იქნება ჩართული. რაც აქამდე გამოქვეყნდა, მხოლოდ ყვავილებია. ნაყოფი იქნება მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია ეშხში შევა.
- ამ დაკავების შემდეგ კიდევ უნდა ველოდოთ ასეთ ჩანაწერებს?
- თუ ჩვენმა უშიშროებამ გავრცელების წყარო აღმოაჩინა და შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა, მაშინ, ალბათ – არა.
„ახალი თაობა“, 11 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „არჩევნების წინ ყავით მომწამლეს… ვაჟა ლელუაშვილი პირდაპირ იბრძოდა ჩემ წინააღმდეგ“
ვინ და რატომ მოწამლა მამუკა არეშიძე არჩევნების წინ? რატომ აპირებდნენ მის დაპატიმრებას? რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ვაჟა ლელუაშვილს? – „ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს ექსპერტი მამუკა არეშიძე პასუხობს.
- ბატონო მამუკა, თქვენ არაერთხელ გითქვამთ ჩვენი გაზეთის საშუალებით, რომ ხელისუფლებას ვაჟა ლელუაშვილი გვერდით არ უნდა დაეყენებინა. რატომ დააპატიმრეს მაინცდამაინც ახლა? ეს წინასაარჩევნოდ დასჭირდათ?
- არ გამოვრიცხავ, რომ ეს წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არ მიკვირს. მე ამასაც ვპროგნოზირებდი, რომ მოხდებოდა როგორც ფარული ჩანაწერების დემონსტრირება, ისე გააქტიურდებოდა რეპრესიები დამნაშავეების მიმართ. ეს ნურავის გაუკვირდება, რადგან ყველგან, ყველა ქვეყანაში, არჩევნების წინ მმართველი ძალა ცდილობს შესრულებას იმ მოთხოვნებისა, რომლებსაც საზოგადოება მის წინაშე აყენებს.
- გამოდის, ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის გარეული იყო ამ საქმეში?
- რასაკვირველია. რაც შეეხება თვითონ ლელუაშვილს, მან თავის დროზე ხელისუფლებას შესთავაზა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის ეს მაკომპრომეტებელი მასალა, მაგრამ…
- მაგრამ რა?
- როგორც სჩვევია ლელუაშვილს, ის ორმაგ თამაშს თამაშობდა. როგორც ჩანს, უყურეს ამ სიტუაციას, აცადეს და ბოლოს რომ მიხვდნენ, ეს არის ორმაგი თამაშის სპეციალისტი, ზუსტად იქ მოხდა მისი დაკავება. მართალია, ვითომ კონკრეტულ ფაქტზე ანუ 2012 წლის 5 მაისის ამბავთან, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მოთმინების ფიალა აივსო.
- „მასტერას“ ექსტრადირებას საეჭვოდ დაემთხვა ვაჟა ლელუაშვილის დაკავება. ამ ორ ფაქტს ერთმანეთს თუ უკავშირებთ?
- შესაძლებელია, ლოგიკა არსებობს იმისა, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთს დავუკავშიროთ. კი, შესაძლებელია, მასტერამ დამატებითი ინფორმაცია მისცა პროკურატურას ვაჟა ლელუაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ მე მგონია, ისედაც საკმარისი ინფორმაცია ჰქონდა პროკურატურას ამ პიროვნებაზე და აქედან გამომდინარე მოხდა მისი დაკავება.
- ანუ ამ ვერსიას გამორიცხავთ?
- არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, საბოლოო ჯამში, შედეგია მთავარი. ის, რომ ვაჟა ლელუაშვილიც და „მასტერაც“ დღეს არიან იზოლატორში, მნიშვნელოვანი და კარგი გადაწყვეტილებაა. ხელისუფლებას ეს ნაბიჯი თავის დროზე რომ გადაედგა, ლელუაშვილთან დაკავშირებით მაინც, ბევრად უფრო წყნარ სიტუაციაში ვიქნებოდით თუნდაც წინასაარჩევნო თვალსაზრისით.
- როდესაც ვაჟა ლელუაშვილი დააკავეს, თქვენმა გვარმაც გაიჟღერა. ჟურნალისტი ელისო კილაძე წერდა სოციალურ ქსელში, 2012 წლის არჩევნების წინ მე გავაფრთხილე მამუკა არეშიძე, რომ მისი დაკავება იგეგმებოდაო. რამდენად ადასტურებთ ამ ფაქტს?
- ელისო კილაძემ მართლა გამაფრთხილა ამის თაობაზე და მე ვიცოდი, რომ ასეთი რამ ხდებოდა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ შექმნილიყო ეს ფონი. გადაიბირეს სოფელ სამგორის კოორდინატორი, გარდაბნის რაიონისა და ეს პიროვნება დამაგრებული კამერით შემოვიდა ჩემთან კაბინეტში, როდესაც მე კოორდინატორებს ფულს ვურიგებდი სამუშაოს მიხედვით და ეს ჩაწერა. სწორედ ეს იყო დაპატიმრებისთვის მოსამზადებელი სამუშაო.
- მერე, რატომ არ დაგაპატიმრეს?
- როგორც ჩანს, ამან არ გაჭრა, რადგან დაპატიმრების სანქცია არ გაიცა. მაშინ ლელუაშვილს შეუთვალეს, რაღა კოორდინატორს უგზავნიდი, სხვას გაეკეთებინა ვინმესო, რადგან კოორდინატორისთვის თანხის გადახდა ლოგიკურია. ვიღაც სხვა რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა მოსყიდვა. მას ოპერაცია დაუწუნეს და ამიტომ არ შედგა ეს ამბავი. ლელუაშვილი პირდაპირ იბრძოდა ჩემ წინააღმდეგ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ფეიქრიშვილი გაეყვანა, მისი მარჯვენა ხელი. იმას, რომ ზეწოლა ხდებოდა იქაურ მოსახლეობაზე, ჩემს აქტივისტებზე, უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ. მხოლოდ ორ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას.
- რა ფაქტებზე?
- არჩევნების წინ, სექტემბრის შუა რიცხვებში, ყავით მომწამლეს. ორი დღე ვიმყოფებოდი ინფექციურ საავადმყოფოში და ამის გადამოწმება ძალიან მარტივია.
- ეს აქამდე არ გითქვამთ?
- არ მითქვამს და ასევე ჩვენი შტაბის ერთ-ერთ მთავარ წევრს, ბუბა დვალს, შეასხეს ქიმიური ნივთიერება თვალებში. ის არჩევნებამდე დაბრმავებული იყო. ამ ფაქტზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, დადგენილიც იყო, ვინ გააკეთა.
- ვინ?
- ეს იყო გარდაბნის პოლიციის უფროსის მოადგილე. ის პიროვნება საერთოდ გაუჩინარდა. არჩევნების შემდეგ ამ სისხლის სამართლის საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია. ასევე ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს, 6 შვილის მამას, მანქანის მუხრუჭი გადაუჭრეს. მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ, ტყვიას ვერ მესროდნენ.
- ამ ყველაფრის ორგანიზატორი ლელუაშვილი იყო?
- ამის უკან ძალოვანი სტრუქტურები იდგნენ. პირდაპირ ლელუაშვილისკენ ხელის გაშვერა არ არის სწორი, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ქვემო ქართლსა და განსაკუთრებით გარდაბანში ყველაფერი ლელუაშვილის კონტროლის ქვეშ ხდებოდა, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ყველაფერი მის მიერ იყო გაკეთებული. ვაჟა ლელუაშვილი თავიდან არ ჩანდა. რომ შეხედეს, მე ვიმარჯვებდი, სწორედ მაშინ ჩართეს ლელუაშვილი. მე არჩევნების შემდეგ კბილაშვილსაც შევხვდი, საჩივარიც შევიტანე, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყვა. მივხვდი, რომ ძალოვან უწყებებზე მეხუთე კოლონის გავლენა დიდი იყო და საერთოდ შევეშვი.
- ახალმა ხელისუფლებამაც გამოიყენა ლელუაშვილის კავშირები, ბევრი შავი საქმე გააკეთებინესო. ასე არ არის?
- კი ბატონო, ასეც იქნებოდა, რადგან გადაბირება სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდოლოგიაა. ეს არ მიკვირს, რადგან ცივი გონებით ვუყურებ ამ ყველაფერს და მესმის, რომ ლელუაშვილისგან ინფორმაცია ამოსაღები იყო. თქვენთვისაც მითქვამს, რომ ჩემი თვალით მყავს ლელუაშვილი ნანახი ოქტომბრის პირველ რიცხვებში „ქართული ოცნების“ ოფისში, როგორ ცდილობდა ის ხვედელიძესთან შეხვედრას და როგორ არ მიიღო ხვედელიძემ.
- რა გამოდის, ხელისუფლებამ ჯერ გამოიყენა ლელუაშვილი და მერე დააპატიმრა?
- ბოლომდე ვერ გამოიყენა. უარეს შემთხვევაში, ვერ გამოიყენა, უკეთეს შემთხვევაში, არ გამოიყენა. ხელისუფლებას არ ვამართლებ, ხელისუფლებას ისეთი ადამიანების გამოყენების მცდელობაც არ უნდა ჰქონოდა, როგორიც ლელუაშვილია. ის დაპატიმრებული უნდა ყოფილიყო და პროცედურული ნორმების დაცვით უნდა მიეღოთ მისგან ინფორმაცია. თუმცა ძალოვანი უწყების ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია ეს ფორმა, რომ ის ყოფილიყო გადმობირებული და ასე მიეღოთ ინფორმაცია. ჯერ დააკავეს, მერე გამოუშვეს, საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ის, რომ ლელუაშვილმა მოახდინა ხელისუფლების კომპრომეტაცია.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ დღეს გამოდის ნაციონალური მოძრაობა და ლაპარაკობს, გარდაბანში გამგებლის არჩევნებში ლელუაშვილი ლამის შტაბის უფროსი იყოო. ასე არ ყოფილა. მე კარგად ვიცი გარდაბნის მეორე არჩევნები. იქ ლელუაშვილის ხალხი მოქმედებდა და, პირველ რიგში – ფეიქრიშვილი. თვითონ ლელუაშვილი ორმაგ თამაშს აწარმოებდა, ერთი ხელით ვითომ კულუარებიდან ეხმარებოდა „ქართულ ოცნებას“ და მეორე ხელით ეხმარებოდა ნაციონალებს. ქართულ სოფლებში „ოცნებას“ ეხმარებოდა, რადგან ხალხის განწყობა იცოდა, ხოლო აზერბაიჯანულ სოფლებში – ნაციონალებს.
- „მასტერასა“ და ლელუაშვილის დაკავების ფონზე, უნდა ველოდოთ ახალ დაპატიმრებებს?
- რასაკვირველია, ასე იქნება. ყველა ის პირი, ვინც ამ ბოლო დღეებში დააკავეს, კონკრეტულ საქმეებზეა დაკავებული. ასეთი დაპატიმრებები, შესაძლოა, კიდევ მოხდეს სხვა კონკრეტულ საქმეებზე, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, სამართლიანობის აღდგენის პროცესი გააქტიურდეს, საჭიროა სისტემასთან ბრძოლა და არა – კონკრეტულ ფაქტებთან. სამართლებრივი დევნა მხოლოდ იმათ მიმართ კი არ უნდა დაიწყოს, ვინც ბრძანება გასცა, არამედ მათ მიმართაც, ვინც ეს დანაშაულებრივი ბრძანება შეასრულა! დღეს ერთ მნიშვნელოვან დეტალს ვხედავ. ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ხელი მთლიანად ლელუაშვილს შეაწმინდოს, განტევების ვაცად გამოიყვანოს. სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ მან თურმე არაფერი იცოდა, ასევე დანარჩენებისაც, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას აკეთებდა ლელუაშვილი, ორი რამის მანიშნებელია – ერთი, რომ თურმე სახელმწიფო არ გვქონია და პრეზიდენტი არ გვყოლია. თურმე არავინ არაფრის აზრზე არ ყოფილა და მეორე _ ტოტალური მიყურადება იყო, ტოტალური მოსმენა და ტოტალური დოსიეების შექმნა. მე ჩემი დოსიე მაქვს ნანახი, არა ვიდეო ან კომპრომატები, დოსიე მაქვს ნანახი, თუ ვისთან მქონდა კონტაქტები და ეს ყველაფერი ლელუაშვილის კანტორაშია გაკეთებული.
„ახალი თაობა“, 11 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „ნაციონალები“, ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი იგორ გიორგაძის დავალებით მოქმედებენ”
ვისთან აპირებს „პატრიოტთა ალიანსი“ თანამშრომლობას, რა პროვოკაციისთვის ემზადებიან რუსეთ-ამერიკის მიერ კონტროლირებადი ძალები, ვინ აფინანსებს ყოფილ ხელისუფლებას, რატომ უნდა დააკვირდნენ სპეცსამსახურები პოლიტიკოსებს? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ესაუბრება.
- საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ისინი მომავალში ალიანსთან და ბურჯანაძის პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. თქვენ მზად ხართ მათთან სათანამშრომლოდ?
- ვოლსკი ჭკვიანი კაცია და სწორ განცხადებებს აკეთებს. მისი ეს განცხადება მისასალმებელია. ამის მიუხედავად, წინასწარი პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, იმას კი ვიტყვი, რომ ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც თავისი ქვეყნის პატრიოტია.
- „ნაციონალები“ ამბობენ, რომ გია ვოლსკიმ ხელისუფლების გეგმა გააჟღერა და „ქართული ოცნება“ პარლამენტში ალიანსისა და ნინო ბურჯანაძის გაყვანას აპირებს...
- რა სჭირს „პატრიოტთა ალიანსს“ ვინმეს გასაყვანი? ან როგორ შეიძლება, „ნაციონალების“ განცხადებებზე რომ კეთდება კომენტარები? მთელი საქართველო იმას ვიძახით, რომ ეგენი ფაშისტების მსგავსად უნდა გასამართლდნენ და მაინც მაგათ ვუგდებთ ყურს. ჩემი აზრით, მაგათ ლაპარაკს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. არც მე მინდა მათ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მკითხეთ და კითხვის უპასუხოდ დატოვება უხერხულია. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომელ პარტიას რა რეიტინგი აქვს და რომელი პარტიები მოხვდებიან პარლამენტში. ზოგიერთ რეგიონში ჩვენ რეიტინგით „ქართულ ოცნებასაც“ ვუსწრებთ. ყველას უნდა იმ ძალასთან თანამშრომლობა, რომელიც ხალხის სიმპათიით სარგებლობს. ჩვენთან ალიანსის შესაქმნელად ნაციონალებიც დიდი სიამოვნებით წამოვიდოდნენ, მაგრამ მათ ახლოს არ ვიკარებთ და არც არასდროს გავიკარებთ.
- ჰქონდათ „ნაციონალებს“ ალიანსთან ახლოს მიკარების მცდელობა?
- როგორ არ ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი კარი მაგათთვის, „რესპუბლიკელებისთვის“, ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ოქრუაშვილისთვის ყოველთვის დაკეტილი იქნება. ჩვენს გაერთიანებას „პატრიოტთა ალიანსი“ ჰქვია და უხერხული იქნება, აქ ქვეყნის გამყიდველები შემოვიყვანოთ. ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვემსახურებით, ეგენი კი უცხოელების დაკვეთას ასრულებენ.
- „პატრიოტთა ალიანსი“ პრორუსულ ძალად მოიაზრება, თქვენ მიერ ჩამოთვლილი პარტიები კი პროდასავლურ ძალებად არიან მიჩნეული. ამიტომ ხომ არ არის თქვენი კარი მათთვის ჩაკეტილი?
- მოიცა, მოიცა, რომელია პროდასავლური ძალა – „ნაციონალები“ და „რესპუბლიკელები“ თუ ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი? ეგენი იმიტომ უწოდებენ საკუთარ თავს პროდასავლურს, რომ რუსული საქმე აკეთონ.
- ალიანსის პრორუსულობაზე რას იტყვით?
- ჩვენ ყველანაირ „პრო“-ზე ვამბობთ უარს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ „პრო“-ზე ძალიან ცუდი სიტყვები იწყება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ ვართ პატრიოტები და მთავარ ამოცანად ქართული საქმის კეთება გვაქვს დასახული. ამის გამო ბევრი მტერი გვყავს.
- ზემოთ გვითხარით, „ნაციონალებს“ ახლოს არ ვიკარებთო და საარჩევნო კოდექსის შეცვლას მათთან ერთად რომ ითხოვთ, ამაზე რას იტყვით?
- საარჩევნო კოდექსის შეცვლას მთელი ოპოზიცია ითხოვს. იქ ჩვენც ისე მივდივართ, როგორც სხვები და სხვის ტერიტორიაზე ვერაფერს ავკრძალავთ. ჩვენს ტერიტორიაზე ისინი ფეხს ვერ შემოადგამენ. კარგი ადამიანები ნაცმოძრაობაშიც არიან და, თუ მათ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, თოფი არავისთვის უსვრიათ და დუბინკა არ ჩაურტყამთ, არაფერს ვერჩით. პარტიას თუ დატოვებენ და ხალხს სიმართლეს ეტყვიან, დაველაპარაკებით.
- თავის დროზე ნაციონალებზე სიმართლე თქვა და არც თოფი უსვრია ვინმესთვის ლევან ბერძენიშვილს. მას თუ გაუღებთ კარს?
- ლევან ბერძენიშვილს რომ ნასროლი აქვს, ეგეთი „ნაციონალებსაც“ კი არ აქვთ გაკეთებული. რასაც ეგ კაცი ქართველებსა და საქართველოზე ამბობს, თოფის სროლაზე უარესია. თოფით შეიძლება ერთი კაცი მოკლა, მაგის სიტყვები კი მთელ ერს ანადგურებს. მაგის სიტყვები მასობრივი განადგურების იარაღია. ასეთი ანტიქართულები რომ არ ყოფილიყვნენ, ასე რადიკალურად არ ვიქნებოდი „რესპუბლიკელების“ მიმართ განწყობილი, მით უმეტეს, რომ თავის დროზე მათ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნას ხელი მოაწერეს, რაც მოგვიანებით ლევან ბერძენიშვილმა მაგრად დამამადლა. კიდევ კარგი, მათი ხელმოწერით არ გამოვედი გარეთ. თავის დროზე რომ არ გამომიშვეს ციხიდან, ეგ „რესპუბლიკელებისა“ და „ნაციონალების“ დამსახურებაა. ეგენი აკონტროლებდნენ სპეცსამსახურებს.
- სპეცსამსახურებზე ჩამოვარდა სიტყვა და თქვენც გითვალთვალებენ? ირაკლი ალასანია ამბობს, რომ მასზე თვალთვალი მიმდინარეობს. ეს ჩივილები სხვა პოლიტიკოსებსაც აქვთ...
- ამ თემაზე ირაკლი ალასანიამ ხმა არ უნდა ამოიღოს. წლების განმავლობაში უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო და თვალთვალი მაშინ იყო, თუ იყო. ისე, მაგის პარტიაში ძალიან კარგი ბიჭები არიან და გული მწყდება, რომ იქიდან არ მოდიან. რაც შეეხება თვალთვალს, ამაზე დიდი პრეტენზიები არ მაქვს.
- გასაგებია, რომ პრეტენზიები არ გაქვთ, მაგრამ გითვალთვალებენ თუ არა?
- დისტანციურად არიან ჩემთან, ტელეფონს მითიშავენ ხოლმე ხანდახან საუბრის დროს.
- პრეტენზია რატომ არ გაქვთ ამაზე, მაინც ვერ გავიგე...
- სპეცსამსახურები იმისთვის არსებობს, რომ მათ ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვან. პოლიტიკოსებს ბევრი ცუდის ჩადენა შეუძლიათ და ამის აღკვეთა აუცილებელია. მე არ ვამბობ, რომ ჩვენს პირად ცხოვრებაში უნდა შემოიხედონ, მაგრამ რაღაცის აზრზე უნდა იყვნენ. ვინმეს რამე საეჭვოს თუ შენიშნავენ, ნებართვა უნდა აიღონ და თვალთვალი განახორციელონ. ამ თვალთვალზე დიდი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ კომპიუტერზე მექმნება პრობლემები. 9 აპრილს რაღაცის დაწერა მინდოდა ფეისბუქზე და სტატუსის გამოქვეყნება არ მაცალეს. ასეთ მნიშვნელოვან დღეებში სულ ასე ვარ. დავწერ რაღაცას, ის-ისაა, სტატუსი უნდა გამოვაქვეყნო, რომ ჩემს გვერდს პრობლემა ექმნება. ეს უკვე რამდენიმე თვეა, რაც გრძელდება.
- მეორედ რომ სცადოთ დაწერა?
- მეორედ რანაირად უნდა ვცადო? ის იმ წამში ნაფიქრია, პოეტი ხომ არ ვარ, ეს მუზები ყოველ წუთს მოვიდნენ. აი, ამაში ნამდვილად მიშლიან ხელს.
- გამოდის, რომ მუზებს გიფრთხობენ?
- მუზებს მიფრთხობენ, თან რა მუზებს! იცით, რა გულწრფელ რაღაცებს ვწერ ხოლმე და ესენი კი მიშლიან.
- ხელისუფლება ყველაფერს ნაციონალებს აბრალებს და თქვენს ფეისბუქ-სტატუსებსაც ეგენი ხომ არ შლიან?
- რაის „ნაციონალები“, თუ ღმერთი გწამს. მართლა ეგენი თუ აკონტროლებენ სპეცსამსახურებს, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. გამოდის, რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. ამ ბრალდებებით ყოფილი ხელისუფლების ავტორიტეტს ვზრდით. ფეისბუქზე რომ შევდივარ, გული მისკდება, სულ მაგათზე მიდის საუბარი. აბა, ერთი თვე არ ვახსენოთ, ნახავთ, როგორ გაქრებიან. ანდა რას გაქრებიან, ამერიკა და რუსეთი მატროსოვივით არიან მათზე გადაფარებული.
- ორივე ერთნაირად რანაირად უნდა იყოს გადაფარებული?
- რანაირად და ჩვეულებრივად. ეს ორი ქვეყანა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დახმარებით იყოფს. საბედნიეროდ, ხალხს ეს ყველაფერი გაშიფრული აქვს.
- ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ თქვენ მოითხოვეთ, რომ ხელისუფლებამ სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში კონტროლი გააძლიეროს. რამე პრობლემები შეიქმნა?
- ამ ეტაპზე არანაირი პრობლემა არ შექმნილა, მაგრამ, ხვალ რა მოხდება, არ ვიცით. დღეს ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავება ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოგვეყენებინა. დღეს თავდაცვის მინისტრად დათო რომ ყოფილიყო თევზაძე, ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებდა. ის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას მოითხოვდა და ამას გააკეთებდა კიდევაც. საქართველოს თავდაცვის სისტემა შვეიცარიულ მოდელზე უნდა გადავიდეს. მერე აქ ვერავინ ვეღარ შემოყოფდა ცხვირს, მაგრამ ამის გაკეთება აწყობს ვინმეს? 9 აპრილს ფეისბუქზე ჩემი ნააზრევი არ დამაწერინეს და სხვების პოსტების წაკითხვა მომიხდა. ბევრი ლამაზ-ლამაზი სიტყვა იყო, წერდნენ, მართალია, სისხლი დავღვარეთ, მაგრამ თავისუფლება ხომ მოვიპოვეთო. 1991 წლის 9 აპრილს მართლაც გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ რამდენი ხანი გასტანა ამან? თუ ვინმეს ჰგონია, რომ ახლა დამოუკიდებლები ვართ, ძალიან შემცდარა.
- დამოუკიდებლები რატომ არ ვართ?
- ამერიკის ელჩი რომ გეყოლება ცეკას მდივნის შემცვლელად, ესაა დამოუკიდებლობა? იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ ერთი პატრონი მეორით ჩაგვენაცვლებინა? დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ ყველასგან დამოუკიდებელი უნდა იყო.
- მოდით, ისევ სომხებისა და აზერბაიჯანელების თემას დავუბრუნდები. ქვემო ქართლის რეგიონში ორივე ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ და რამდენად ვართ დაცული, რომ მათ შორის კონფლიქტი არ მოხდება?
- ჯერჯერობით აქ სიმშვიდეა და არა მგონია, რაიმე გართულებას ჰქონდეს ადგილი. სამაგიეროდ, შიდა ქართლი და კონკრეტულად გორის რაიონი ხდება ცხელი წერტილი.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ სპეცსამსახურები გორში ირაკლი ოქრუაშვილს, ირაკლი ალასანიასა და „ნაციონალებს“ აძლიერებენ. ახლა გეკითხებით, ვინ ჩააბარა კოდორი და ახალგორი? ეს სამეულია ამაში გარეული. გორი კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მდებარეობს და ამ საეჭვო ხალხის გაძლიერება შემთხვევითი ამბავი არ არის. ირაკლი ოქრუაშვილმა გორზე ფაქტიურად კონტროლი დაამყარა, რაზეც ნაციონალებს ხმა არ ამოუღიათ. არადა, მათ შორის თითქოს დიდი დაპირისპირება იყო. ახლანდელი პროცესები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ და მათი დაპირისპირება იყო სპექტაკლი, ისევე, როგორც ალასანიასა და რესპუბლიკელების უთანხმოება სააკაშვილთან. ეს პარტიები მოსკოვიდან იმართებიან, ნაციონალური მოძრაობა კი სულაც მოსკოვში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა შექმნა.
- მის ვინაობას დაასახელებთ?
- რა დასახელება უნდა, იგორა გიორგაძეა. ეგ აფინანსებს რესპუბლიკურ პარტიას და ეგვე კურირებს ალასანიას პარტიასაც. თავისუფალი დემოკრატების წევრთა 98%-მაც კი არ იცის, რომ მათი პარტიის რეალური ლიდერი არა ალასანია, არამედ იგორ გიორგაძეა. ვისაც ვისთან უნდა, იმასთან ითანამშრომლოს, ამის აკრძალვას ვეწინააღმდეგები, მაგრამ ერთი მოთხოვნა მაქვს – თანამშრომლობა იყოს ღია.
- თუ იტყვიან, გიორგაძესთან ვთანამშრომლობთო, პრობლემა მოიხსნება?
- მოიხსნება. გეცოდინება, ვინ ვისთან თანამშრომლობს და რისკებსაც გაითვალისწინებ. ფარულად როცა ეთანამშრომლები ვიღაცას, მისი აგენტი გამოდიხარ. აგენტებს კი საზიზღრობებს აკეთებინებენ. როგორც კი რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე დაიწყება საუბარი, იგორ გიორგაძე ნაციონალებს ააყვირებს ხოლმე და ყველაფერი იშლება. საქართველოსა და რუსეთს შორის თუ ვინმეს არ სურს ურთიერთობების მოგვარება, ეს გიორგაძეა.
- წესით, ეს ყველაზე მეტად უნდა შედიოდეს მის ინტერესებში...
- მის ინტერესებში მოსკოვსა და თბილისს შორის გამუდმებული კონფლიქტია. როგორც კი ურთიერთობები მოგვარდება, იგორა რუსეთში არავისთვის საჭირო აღარ იქნება. ამიტომ აყვირებს ხოლმე ასე მწარედ ნაციონალებს, რესპუბლიკელებსა და ალასანიას. ახლა ოქრუაშვილმაც მოიმაგრა პოზიციები და ისიც აჰყვება ამათ. მაგათი მფარველები და გეგმები გაშიფრულია და მე ახლა იმის მეშინია, საქართველო ორად არ გაიყოს. ეს გეგმა დიდი ხანია აქვთ რუსებს. ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთი ჩართულია და საჭირო თუ გახდება, ჯარებსაც შეიყვანს. დაბომბვით, კასპიის ზღვიდანაც შეუძლიათ სასურველი ტერიტორიების დაბომბვა, მაგრამ სახმელეთო ოპერაციაზეც არ იტყვიან უარს. სომხეთში რომ მოხვდნენ, საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაიარონ.
ცხინვალში აქვთ სამხედრო ბაზა და გადმოისვრიან თავიანთ მე-18 თუ რაღაც 58-ე არმიას და გაჭრიან საქართველოს შუაზე. ისედაც ავტობანამდე არიან ჩამოსული. ამერიკა რომ მაგათი გამჩერებელი არაა, ეს ყველამ კარგად იცის. მოსკოვისა და ვაშინგტონის მთავარი მიზანი საქართველოს შუაზე გაყოფაა. ჩვენ ამას უნდა დავაღწიოთ თავი და მართლა დამოუკიდებელი ქვეყანა ავაშენოთ.
„ახალი თაობა“, 11 აპრილი, 2016 წელი
აფხაზეთი შეიძლება ანგოლამაც აღიაროს?
საერთაშორისო თანამეგობრობა ატარებს არაღიარების პოლიტიკას და ანექსირებულ აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, აფხაზეთი სახელმწიფოდ არცერთ სახელმწიფოს არ უცვნია. აქედან გამომდინარე, აფხაზეთში ოფიციალური დელეგაციები არ ჩადიან. ეს წესი ცოტა ხნის წინ ანგოლამ დაარღვია, როცა ანგოლის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური ოლქის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი სიმაო ვალა აფხაზეთს ეწვია. მან აფხაზეთი რამდენჯერმე მოიხსენია სახელმწიფოდ.
„ძალიან მომეწონა თქვენი ქვეყანა. აუცილებლად კიდევ ჩამოვალ. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნიდან იქნებიან ოფიციალური დელეგაციებიც. ჩვენ უნდა გავამყაროთ ურთიერთობები. თქვენი ქვეყანა მოცულობით პატარაა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს სახელმწიფოა. ჩვენი მეგობრული ურთიერთობები მხოლოდ იკიდებს ფეხს“, – განუცხადა ანგოლის სამხედრო მაღალჩინოსანმა საოკუპაციო რეჟიმის პრემიერ-მინისტრ არტურ მიქვაბიას.
არტურ მიქვაბიამ, თავის მხრივ, გაიხსენა, თუ რა სიძნელეები გადაიტანა ანგოლამ, მაგრამ მან მოახერხა სამოქალაქო შედეგების დაძლევა და ახლა დინამიკურად ვითარდება. „ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდება“, – აღნიშნა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
ეს შეხვედრა რომ უფრო ადრე შემდგარიყო, აფხაზეთის რეჟიმი უვიზო მიმოსვლას ანგოლის მოქალაქეებთანაც დააწესებდა. 1 აპრილიდან აფხაზეთში სავიზო რეჟიმი შემოიღეს. გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ იმ ქვეყნებისა და წარმონაქმნებისთვის, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ან რომლებთანაც გაფორმებულია შესაბამისი შეთანხმებები. ესენია: რუსეთი, ნიკარაგუა, ტუვალუ, სამხრეთ ოსეთი, ასევე დნესტრისპირეთი, დონეცკი და ლუგანსკი.
ადრინდელი ინფორმაციით, უვიზო მიმოსვლა უნდა ყოფილიყო ასევე ნიკარაგუასთან, ვენესუელასთან და ნაურუსთან. აფხაზეთში ვიზის მისაღებად მოქალაქეს შეუძლია, ელექტრონული ფოსტით გააგზავნოს განაცხადი დე ფაქტო საგარეო საქმეთა საკონსულო სამსახურში. ვიზის მისაღებად მაქსიმუმ ერთი კვირაა საჭირო.
ვიზების დაწესების პარალელურად, აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას ცდილობენ. არსებობს მთელი წლის განმავლობაში ტურისტების მოზიდვის ინიციატივა. აფხაზეთის ახლანდელი ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ აფხაზეთს ტურიზმის სფეროში თავისი ნიშა უნდა ჰქონდეს _ ბალნეოლოგია და კურორტოლოგია.
დღემდე აფხაზეთში დასასვენებლად მხოლოდ რუსეთიდან ჩადიან. საკურორტო სეზონი დაახლოებით 3 თვე გრძელდება. ზამთარში დამსვენებლების მიღება ძალიან შორეული პერსპექტივა უნდა იყოს. სხვა ქვეყნებიდან აფხაზეთში ჩასვლა გართულდა როგორც ტურისტების, ისე დროებითი სამუშაოს მაძიებლებისთვის.
რაულ ხაჯიმბამ ჯერჯერობით ვერ შეძლო დანაპირების შესრულება ტურიზმის სფეროს აყვავების თაობაზე.
აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებში აცხადებენ, რომ მოსკოვი ხაჯიმბას აღარ ენდობა და მის შესაცვლელად ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას იყენებს. ამ კამპანიის ნაწილია რეფერენდუმის მომზადება. ამომრჩეველმა რეფერენდუმზე უნდა გამოხატოს აზრი, უნდა თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.