globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 11 ივნისი 2017 წელი

Posted by nanamaoglobal on Jun 10th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ვერსია“: ოპოზიციის პოლიტიკური თამაშები // ვისთან მართავს ფარულ შეხვედრებს, რა კავშირი აქვს მოსკოვთან ელენე ხოშტარიას და რატომ ცდილობენ ნაცები ზაალ უდუმაშვილის გამერებას

——

ახალი თაობა: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია ბიძინა ივანიშვილის აზრი და არა ვენეციის კომისიის დასკვნა“

ახალი თაობა: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ნიკა გვარამიას „ევროპული საქართველო“ კარს არ დაუხურავს“ // „ნიკა გვარამიას მიმართ გულგრილი არავინ იქნება“

———————

ვერსია“, 9-11 ივნისი, 2017 წელი

ოპოზიციის პოლიტიკური თამაშები

ვისთან მართავს ფარულ შეხვედრებს, რა კავშირი აქვს მოსკოვთან ელენე ხოშტარიას და რატომ ცდილობენ ნაცები ზაალ უდუმაშვილის გამერებას

ნინო დოლიძე

წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მთავარი ინტრიგა უკვე გამოკვეთილია ანუ ლამის გადაწყვეტილია, რომ ყოფილმა მმართველმა გუნდმა თბილისის მერობის კანდიდატად შესაძლოა, ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი დაასახელოს. ყოველ შემთხვევაში, პარტიის ლიდერებს ასეთი სურვილი აქვთ, თუმცა, როგორც უკრაინიდან დაბრუნებულმა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ და „კურიერის“ წამყვანმა განაცხადა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ისე, ბოლო წუთამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნაცმოძრაობა 2014 წლის სცენარს გაიმეორებდა და საარჩევნო კორიდაზე ნიკანორ მელიას გამოიყვანდა, თუმცა ექსმმართველების ტაქტიკაში ბოლო წუთს, როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა. რატომ შეაჩერეს არჩევანი მაინცდამაინც უდუმაშვილზე? ამის თაობაზე მსჯელობა, ცხადია, მხოლოდ ვერსიის დონეზე შეიძლება. ჰოდა, ჩვენც ვერსიის დონეზე ვიმსჯელოთ, თუმცა მოდით, ჯერ ზოგადი პოლიტიკური სურათი აღვწეროთ.

საერთოდ, ისინი, ვინც პოლიტტექნოლოგიებში კარგად კი არა, ძალიან კარგად ერკვევა, ამბობენ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დიდ პოლიტიკურ მიწისძვრას ვერ გამოიწვევს, თუმცა ბიძგებმა ცალკეულ პოლიტსუბიექტებზე შესაძლოა, გარკვეული წარუშლელი კვალი დატოვოს. მოკლედ, როგორც „ვერსიას“ ეუბნებიან, წლევანდელი შემოდგომა ყველაზე დასამახსოვრებელი პარტია ევროპული საქართველოსთვის იქნება და ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ მიშასგან გამიჯნულები საარჩევნო კორიდაზე დამოუკიდებლად პირველად გამოდიან.

ვერ ვიტყვით, რომ ბოკერია-უგულავას „მერობის ფალავანი“ მასებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ყველა კონკურენტს დაამარცხებს, მაგრამ ელენე ხოშტარია ჩვენებურ პოლიტიკაში, ასე თუ ისე, მაინც ახალი სახეა. შესაბამისად, სავსებით ლოგიკური და გასაგებია, რომ მერობის კანდიდატად ამ პარტიამ სწორედ ქალბატონი ხოშტარია დაასახელა. სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და, ბოკერია-უგულავას პოლიტძალას კულუარებში ევროქოცებს ეძახიან და ამით ხაზს, ალბათ, იმას უსვამენ, რომ ექსნაციონალებს გარკვეული ფარული კავშირები მმართველ ძალასთან აქვთ. მეტიც, „ვერსიას“ კონფიდენტი ეუბნება, რომ ელენე ხოშტარიამ შეხვედრები, დახურულ კარსმიღმა, „ოცნების“ ყველაზე მთავარ ლიდერებთანაც გამართა.

„არ ვიცი, ჩემი ნათქვამის დამადასტურებელი ვიზუალური მტკიცებულებები არსებობს თუ არა, მაგრამ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე კვირის წინ, ქალბატონი ელენე, რომელიც იმთავითვე „ოცნებას“ ხმალამოღებული ებრძვის და თანამედროვე მაია წყნეთელობას ცდილობს, ხელისუფლებასთან აფირილებულ რამდენიმე სუბიექტს შეხვდა. ბუნებრივია, ამ შეხვედრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ მსგავსი აუდიენცია რეალურად გაიმართა, მაშინ პირადად მე, ეჭვიც არ მეპარება, რომ თბილისის მერობის არჩევნებზე მეორე ადგილს ელენე ხოშტარია დაიკავებს და ამით იმის დემონსტრირება მოხდება, რომ „ოცნების“ მთავარი ოპოზიცია „ნაცმოძრაობა“ კი არა, მიშას ყოფილი თანაგუნდელებისგან დაკომპლექტებული პარტია „ევროპული საქართველოსთვის“ არის“, – გამოთქვამს ვარაუდს „ვერსიის“ კონფიდენტი და აქვე დასძენს, რომ ყოფილი თუ მოქმედი ნაცებისგან ხელისუფლების რუსულ განწყობაზე აპელირება, მინიმუმ, სასაცილოა: ,,ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგივე ელენე ხოშტარიასაც განათლება რუსეთში აქვს მიღებული“.

სხვათა შორის, „ვერსია“ ამ ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა და ჰოი, საოცრებავ, ელენე ხოშტარიას წარსულში ჩრდილოეთთან შეხება, მართლაც, ჰქონია. არ გჯერათ?  კეთილი, მაგრამ შეგიძლიათ, „გუგლის“ საძიებო სისტემაში ამ ქალბატონის სახელ-გვარი ჩაწეროთ და შემდეგ ინფორმაციას ნახავთ:

„დაიბადა 1979 წლის 18 ნოემბერს თბილისში; პროფესიით პოლიტოლოგია… დამთავრებული აქვს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით. 2002 წელს იყო სტაჟიორი ადამიანის უფლებების „მოსკოვის ჰელსინკის გრუპსა“ და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული საქართველოს საელჩოში. ამასთან, სხვადასხვა დროს გახლდათ სხვადასხვა უწყებების საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, [საგარეო საქმეთა სამინისტროს] საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილე; 2004-2006 წლებში ეკავა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა; 2007 წელს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა და ამ პოსტზე 2012 წლამდე მუშაობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ანუ მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობამ სამთავრობო გავლენა დაკარგა, ქალბატონმა ელენემ საქართველოს რეფორმების ასოციაციაში გადაინაცვლა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი კენჭს „ნაცმოძრაობის“ ეგიდით, ვაკის მაჟორიტარად იყრიდა. მართალია, მაჟორიტარული არჩევნები ვერ მოიგო, მაგრამ პარტიული სიით დეპუტატი მაინც გახდა, თუმცა ყოფილ პრეზიდენტს ზურგი სხვა ნაცებთან ერთად აქცია და იმ პარტიის სტაფში მოგვევლინა, რომლის შექმნა-მშობიარობაც გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავასთან ასოცირდება“.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ელენე ხოშტარიას პოლიტიკოსობა, შეიძლება ითქვას, მემკვიდრეობით ერგო ანუ უფრო გასაგებად რომ გითხრათ, ის გოგი ხოშტარიას შვილია. ეს ის გოგი ხოშტარიაა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ქალბატონ ელენეს, როგორც მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან ირკვევა, მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს.

„პროტესტის გრძნობასაც კი იწვევდა ჩემში, რომ მინისტრის შვილი ვიყავი. მართალია, მამა ცოტა ხანს იყო მინისტრად, მაგრამ მაშინდელი განცდა მაინც მახსოვს, ამით მაინცდამაინც ბედნიერი არ ვიყავი… მამასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა და საუბრები ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან მქონდა. როდესაც ამის დრო ჰქონდა, ისიც სიამოვნებით მიზიარებდა თავის შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე და მეც მეკითხებოდა აზრს… მიტინგები, დარბევა, რუსეთი, რა პრობლემა ჰქონდა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში _ დიახ, ბავშვი ვიყავი, მაგრამ ასეთ რთულ თემებზე ვლაპარაკობდით, რადგან ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო, რადგან მაშინდელი მოსწავლეები აქტიურად ვიყავით ჩართული 9 აპრილის მიტინგებში და შემდგომ პროცესებში… მერე, რაღაც პერიოდი მამაჩემი სიტუაციას გაერიდა და შემდეგ ისევ დაბრუნდა. საფრთხე და წნეხი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაც გაგრძელდა. მახსოვს, მამაჩემს ძალიან ხშირად იჭერდნენ და ისევ ათავისუფლებდნენ, უბრალოდ, რამდენიმე საათით იბარებდნენ პოლიციაში, დაკითხვაზე, ჩვენს ოჯახში პოლიციის თანამშრომლების სიარულს ბოლო არ უჩანდა. მოზარდი ვიყავი, მაგრამ პოლიციისა და სახელმწიფოში არსებული უსამართლობის მიმართ დიდი პროტესტი მქონდა და ეს განცდა ემოციურად მახსოვს. თუმცა, ასე მხოლოდ ჩვენი ოჯახის მიმართ არ ხდებოდა… სკოლის დამთავრების შემდეგ, საოჯახო საბჭო დიდხანს მსჯელობდა, სად უნდა გამეგრძელებინა სწავლა. რახან გერმანულს კარგად ვფლობდი, გერმანიაში წასვლა დავაპირე, მაგრამ არ გამოვიდა, სხვა მიზეზებთან ერთად, ფინანსური პრობლემებიც გვქონდა. მამაჩემთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ სწავლის მოსკოვში გაგრძელება გადავწყვიტე. მოსკოვს, მარტივად რომ ვთქვათ, მტრის ბანაკად აღვიქვამდით, მაგრამ სხვა არჩევანი, უბრალოდ, არ მქონდა… ერთი სიტყვით, შევთანხმდით, რომ მამასთან მუდმივი კონტაქტი მექნებოდა, საბჭოთა იდეოლოგიით ტვინს არ გამომირეცხავდნენ, მაგრამ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, რადგან მაშინ ეს ჩემთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო. თუმცა ბედნიერი არც წასვლამდე ვყოფილვარ და არც წასვლის შემდეგ“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ელენე ხოშტარია.

ერთი სიტყვით, ელენე ხოშტარიას, როგორც მერობის კანდიდატს, მეტ-ნაკლებად კარგი ბეგრაუნდი აქვს საიმისოდ, რომ ხალხთან მივიდეს და ელაპარაკოს. მოსახლეობა მის სიტყვას დაიჯერებს თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, წლევანდელი თვითმმართველობის არჩევნები ქალბატონი ხოშტარიასთვის, უფრო სწორად, მისი პარტიისთის შესაძლოა, ერთგვარ ტრამპლინად იქცეს და ამ „ტრამპლინმა“ ნაცმოძრაობას წერტი საბოლოოდ დაუსვას, მით უმეტეს, თუ დავიჯერებთ კონფიდენტის ნათქვამს, რომ ევროქოცები გარკევულ ფარულ მიმოსვლას ხელისუფლებასთან მართავენ.

რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს, მას ფართო საზოგადოება შორეული 90-იანი წლებიდან იცნობს – იმხანად მაშინდელ პირველ არხზე დილის გადაცემა „ალიონი“ მიჰყავდა. „ვარდების რევოლუციის“ ეპოქიდან მოყოლებული კი „რუსთავი 2“-ის სახეა და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ეს ტელეკომპანია გულზე მაინცდამაინც არ „ეხატება“, უდუმაშვილის მიმართ საზოგადოება მტრულად ნამდვილად არაა განწყობილი. ამასთან, მასზე არც კომპრომატები არსებობს. ნაცმოძრაობის ბოსებმაც, როგორც ჩანს, ყველაფერი ეს გაითვალისწინეს და ჟურნალისტს მერობის კანდიდატობა ამიტომაც შესთავაზეს.

თბილისის მერობისთვის, არსებული მონაცემებით, კიდევ ერთი ჟურნალისტი იბრძოლებს – ალეკო ელისაშვილი, რომელიც „დიდ ავიაციას“ ანუ ჟურნალისტობას ნაწილობრივ „შეშვებულია“ და 2014 წლიდან თბილისის საკრებულოში მოღვაწეობს. მის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება. ყველაზე გახმაურებული კი ე.წ. შეწყალების საქმეა, რომელიც წელიწადნახევრის წინ „გასკდა“ – მოგეხსენებათ, ალეკო ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არათუ კორუფციულ გარიგებებში, არამედ, ზეწოლაშიც ამხელდა. წლევანდელ არჩევნებზე ელისაშვილი, დიდი ალბათობით, გაერთიანებული თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მერობის კანდიდატი იქნება.

ზოგადად, ჟურნალისტების გაპოლიტიკოსება საქართველოში ერთგვარი მოდაა – ავიღოთ, მაგალითად, ირმა ნადირაშვილი, რომელიც თავის დროზე „რუსთავი 2“-ის სახე იყო. ასევე, ჟურნალისტია ქრისტიან-დემოკრატების ექსლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელიც 2012 წლის შემდეგ, პრაქტიკულად, გამქრალია. ერთხანობა პოლიტიკაში ბედი ინგა გრიგოლიამაც მოსინჯა, მაგრამ თავის საქმეს ანუ ტელევიზიას მალევე დაუბრუნდა…

ასე და ამგვარად, მართალია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ჯერ ოფიციალურად არ დასახელებულა, მაგრამ უდავოა: ქართული პოლიტიკური თამაშები ახალ ფაზაში შედის, თუმცა შემოდგომაზე ვნახავთ, ვინ აღზევდება. ამასთან, ისიც გამოჩნდება, პოლიტიკური თამაშების სურვილი სამუდამოდ ვის დაეკარგება. ასე რომ, დაველოდოთ…

—————–

ახალი თაობა“, 10 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „ქართული ოცნებისთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის აზრი და არა ვენეციის კომისიის დასკვნა

ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აფასებს.

- ბატონო რომან, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა უკვე ცნობილია. ამბობენ, რომ არის კონკრეტული შენიშვნებიც. თუ გაეცანით და როგორია თქვენი შეფასებები?

- თუ ჩვენ რა პრეტენზიებიც გვაქვს, იმას გამოასწორებს საკონსტიტუციო კომისია, მაშინ ჩვენც ვიტყვით, რომ მოვიწონებთ კონსტიტუციას. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ეს კომისია კარგია, თუ ამ შენიშვნებს გამოასწორებთ. ეს შენიშვნები პირდაპირ წერია კომისიის დასკვნაში და ეს ერთი ერთში ემთხვევა ჩვენს წუხილებს.

- რა არის თქვენი წუხილი და შენიშვნები?

- პირდაპირ წერია, რომ არანორმალურია, 5%-იანი ბარიერი იყოს, ამის შემდეგ ბლოკები გააუქმო, უამრავი პარტია დარჩეს გარეთ, დარჩეს სპეციალურად, იმიტომ, რომ მათ ბლოკებში გაერთიანება არ შეუძლიათ, გამსხვილება არ შეუძლიათ, ცალ-ცალკე გავლენ, ყველა მათგანი მიიღებს ნახევარ პროცენტს, 1%, შემდეგ ეს შეიკრიბება, გამოვა უზარმაზარი პროცენტი და ამას მერე საჩუქრად მიიღებს გამარჯვებული პარტია.

- ამაზე რა თქვა ვენეციის კომისიამ?

- ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ეს არის ნონსენსი! ხელისუფლება კი გაჯიუტებულია, ისინი უკვე აკეთებენ განცხადებებს, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ, რეალურად შეცვლიან წვრილმანებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაც კი არ უნდათ. ვენეციის კომისიამ სამი ძირითადი რჩევა მისცა ხელისუფლებას, მაგრამ მესამე ნამდვილად არ არის კარგი,

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- იგულისხმება ის, რომ ჯანდაბას, გამარჯვებულმა პარტიამ წაიღოს გარეთ დარჩენილი პარტიების ხმები, ოღონდ არ წაიღოს ბევრი. იქ საუბარია იმაზეც, რომ ყველაზე თანაბრად თუ გადანაწილდება, ეს არის ყველაზე გონივრული, მაგრამ ჩათვალეს, რომ ესენი არ არიან გონიერი ადამიანები და შესთავაზეს, წაიღეთ, ოღონდ არა ბევრი.

ჩვენთვის ეს ვარიანტი მიუღებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას ამ კონსტიტუციით სურს, ყველანაირი მექანიზმები შექმნას იმისთვის, რომ თუნდაც ნახევარპროცენტიანი უპირატესობით გაიმარჯვონ და გარეთ დარჩენილი პარტიების მანდატები მოხვეტონ და წაიღონ.

- პრეზიდენტის არჩევის წესზე როგორია ვენეციის კომისიის წინასწარი შეფასებები?

- მათ თქვეს ის ელემენტარული, რასაც ამბობს ყველა. პრეზიდენტის არჩევის წესი ზოგ ქვეყანაში შეიძლება იყოს პირდაპირი და ზოგ ქვეყანაში – არაპირდაპირი და არანაირი იურიდიული პრობლემა ამაში არ არის. პრობლემა არის ქვეყნის ტრადიციაში, პოლიტიკურ ვითარებაში. რატომ უნდათ ამ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა და რატომ უნდათ ხალხისთვის ამ უფლების წართმევა?! იმიტომ უნდათ, რომ ეს უნდა ივანიშვილს!

- ბიძინა ივანიშვილს რატომ უნდა პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა?

- იმიტომ, რომ მას უნდა შურისძიება! შემდეგ რომ თქვას, არ გამოვიდა ავლაბრის რეზიდენციიდან გიორგი მარგველაშვილი და არ ჩამოვიდა ათონელზე? ჰოდა, მე მაგას დავსჯი. ეს არის ჯიუტი ქურდული პრინციპი, რომ ბოლოს მაინც მე ჩემი გავიტანო. არადა, უამრავი დადებითი ქმედება განახორციელა პრეზიდენტმა ამ წლებში.

- კერძოდ?

- იგივე ვეტოს დადება და თუნდაც მისი საკმაოდ ხისტი პოზიცია, თუნდაც იგივე ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. აქ არის მხოლოდ პიროვნული ფაქტორი. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ პრეზიდენტის არჩევნები, თუნდაც პარლამენტის დონეზე, უმრავლესობას არ უნდა აძლევდეს გარანტიას, რომ მთელი ცხოვრება უმრავლესობამ დანიშნოს თავისი პრეზიდენტი.

- აღნიშნული ვარიანტით პრეზიდენტს არ ექნება მაღალი ლეგიტიმაცია?

- დღეს, როდესაც ეს ხმოსნები იკრიბებიან, მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი ვერ იქნება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე. ხმოსნებს ვინ ირჩევს? ისევ უმრავლესობა! მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვთ, პლუს ადგილობრივი თვითმმართველობებიდან კანდიდატების შერჩევა ხდება. ამ ხმოსნებში არცერთი ოპოზიციონერი არ მოხვდება, რადგან გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა და მთელი ეს ხმოსანთა გუნდი იქნება სახელისუფლებო! ალტერნატიული პრეზიდენტის კანდიდატურის დაყენების უფლებაც კი არ აქვს ოპოზიციას, სიმბოლურად რომ დააყენო კანდიდატურა, ამისთვისაც კი ძალიან დიდი კვორუმია საჭირო. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკულია.

ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში ვიმყოფებოდით. ჩვენ შევხვდით სლოვაკეთის პრეზიდენტს. მას გაცილებით ნაკლები უფლებამოსილება აქვს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მას ირჩევს ხალხი. გაცილებით მეტი უფლებამოსილება აქვს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ასევე საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან სლოვაკეთის პრეზიდენტსა და პრემიერს, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჩვენთან.

- ამით რის თქმა გსურთ?

- იქ არასდროს ხალხს არ უთქვამს, რომ ამის გამო პრეზიდენტი უნდა დანიშნოს მმართველმა პარტიამ, რათა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის იყოს ჰარმონიული ურთიერთობა. პირიქით, ვენეციის კომისიამ ცალსახად თქვა, რომ აუცილებლად საჭიროა ბალანსისა და წონასწორობის დაცვა ხელისუფლების შტოებს შორის. სწორედ ეს წინააღმდეგობა ქმნის ბალანსს და საზოგადოებაში არ იძლევა ერთი რომელიმე აზრის დომინირებისა და ერთი რომელიმე ჯგუფის მიერ პოლიტიკის უზურპაციის საშუალებებს. ეს არის მთავარი!

- რამდენად გაითვალისწინებს ხელისუფლება ვენეციის კომისიის რჩევებს?

- ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი, მაჟორიტარული არჩევნები გაუქმდება თუ არა! ახლა მიდის შიდა ბუნტი მაჟორიტარული გუნდიდან. მოკლედ, ჯერ კიდევ არავინ იცის, ეს კონსტიტუცია რა ფორმით იქნება წარმოდგენილი. ეს იცის მხოლოდ ერთადერთმა ადამიანმა.

- ვინ არის ეს ადამიანი?

- ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ კონსტიტუციას ხალხს კი არ აცნობდნენ, ეს ყველაფერი იყო თამაშის ნაწილი.

- რომელი თამაშის?

- დღეს შიდა დაპირისპირება მიმართულია იქითკენ, ვინ უფრო მიაწვდენს ხმას ბიძინა ივანიშვილს ანუ ამ შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში რომელი ფლანგი გაიმარჯვებს. ბრძოლა ხალხის გულის მონადირებაზე კი არ მიდის, ან ვენეციის კომისიას კი არ აწონებენ თავს, ისინი ელოდებიან ბიძინა ივანიშვილის დასკვნას. მათთვის ვენეციის კომისიის დასკვნაზე მნიშვნელოვანი ივანიშვილის დასკვნაა! არავინ იცის, რა დასკვნას დადებს ივანიშვილი და ამიტომ არის, ყველა სხვადასხვა განცხადებას რომ აკეთებს. თუ რა იქნება, ამის გადაჭრით თქმა `ოცნებაში~ არავის შეუძლია.

ახალი თაობა“, 10 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ნიკა გვარამიას ევროპული საქართველო“ კარს არ დაუხურავს“ // „ნიკა გვარამიას მიმართ გულგრილი არავინ იქნება“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „რუსთავი-2“-ში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

- ბატონო დავით, რუსთავი-2-ში განვითარებულ მოვლენებზე რა კომენტარს გააკეთებთ?

- რა გითხრათ, ვერაფერს გეტყვით, რადგან არსებითი ინფორმაცია არ მაქვს.

- გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამია პოლიტიკაში მიდის...

- გამოჩნდება, ვნახოთ, წავა თუ არა პოლიტიკაში.

- არადა, ინფორმაცია გავრცელდა, რომ სწორედ იმ პარტიაში მიდის, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, «ევროპულ საქართველოში“. ასე რომ განვითარდეს მოვლენები, რა რეაქცია გექნებათ?

- ადამიანები თავიანთ არჩევანში თავისუფალნი არიან. თვითონ ნიკა გვარამიამ უნდა დაადასტუროს თავისი მომავალი გეგმები, რას აპირებს. ამაზე თავად უნდა ისაუბროს, მე არ ვარ უფლებამოსილი. ისე, პარტიის კარი ყველასთვის ღიაა.

- ნიკა გვარამია შენაძენი იქნება თქვენი პარტიისთვის?

- მე მგონი, ძალიან ნიჭიერი ადამიანია. არავინ მის მიმართ გულგრილი არ იქნება. ზოგს უყვარს, ზოგს არ უყვარს, გააჩნია, რა პოლიტიკური სიმპათიები ან ანტიპათიები აქვთ. უდავოდ ნიჭიერი ადამიანია, თანაც ასაკიც არ უშლის ხელს, რომ წარმატებული იყოს პოლიტიკაში.

- ის უკვე იყო პოლიტიკაში.

- „ევროპული საქართველო“ არავის, მით უმეტეს ნიკას, არ დაუხურავს კარს. ნიკა გვარამიას აღმოაჩნდა საკმაოდ სერიოზული უნარი, რომ ბევრი რამე გადაეფასებინა, ბევრი რამისთვის ახლებურად შეეხედა და თავისი თავი ახალ ამპლუაში ეპოვა. ეს უნარები მას პოლიტიკაში დაბრუნებაშიც დაეხმარება. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია. მე მგონია, რომ მას პოტენციალი გააჩნია.

- ევროპული საქართველოდან“ შეთავაზება მიიღო?

- არა მგონია, შეთავაზებაზე იყოს საუბარი. ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რა და როგორ.

- გავრცელებული ხმებით, რუსთავი-2-ში მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც გვარამია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და სააკაშვილმა მას პრეტენზიები წაუყენა, რომ ტელეკომპანია უფრო მეტ სიმპათიებს ევროპული საქართველოს“ მიმართ გამოხატავს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მიმართ

- ამის შესახებ უნდა ისაუბრონ, ერთი მხრივ, ნიკა გვარამიამ და, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა, იყო მათ შორის მსგავსი საუბარი თუ არა.

- თუმცა ბოლოდროინდელი რუსთავი-2 უფრო აქცენტირებულია ევროპული საქართველოს“ აქტივობების მიმართ, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ

- ვინ დაადასტურა ეს ან ვინ ჩაატარა ეს კვლევები. მე ზოგჯერ მეჩვენება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკმაოდაც არის წარმოდგენილი „რუსთავი-2“-ზე. ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულ მიკერძოებულობას „ევროპული საქართველოს“ მიმართ. თუ ვინმე ასე ხედავს, ეს მან უნდა თქვას და დაასაბუთოს კიდეც.

- რუსთავი-2-ში განვითარებული მოვლენები მხოლოდ სასამართლო დავას უკავშირდება თუ პოლიტიკური მდგენელიც მოქმედებს? რამდენად დიდია პოლიტიკური გავლენები ამ ყველაფერზე?

- პირველი და უმთავრესი ის სასამართლო დავაა, რომელიც მიმდინარეობს. პირველ რიგში, პოლიტიკა იქ არის გამოკვეთილი. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ხალვაშის მოქმედება იქ იყო პოლიტიკოსების ნება-სურვილით განპირობებული. თავიდანვეც ასე იყო და ახლაც ასეა. წმინდა მედიასიყვარულით ან თუნდაც მერკანტილური, კომერციული უსამართლობის განცდით არ იყო ნაკარნახევი. ხალვაში პოლიტიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე მოქმედებს, ამ შემთხვევაში – ბიძინა ივანიშვილის სურვილისამებრ. ეს არის პოლიტიკა.

- მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მოთხოვნებს სრულად გამორიცხავთ? ასეთი მოსაზრებაც არის, რომ რუსთავი-2 მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ ვერ გაიყვეს...

- გიგა ბოკერიას რა წილი შეიძლება ჰქონდეს? ეს ახალი [ჭორია]. მიხეილ სააკაშვილს დღენიადაგ აბრალებენ, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მინახავს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ნიკა გვარამიას გარკვეული სიმპათიები აქვს ან არ აქვს გიგა ბოკერიას მიმართ, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს აქვს სიმპათია ან ანტიპათია. თუმცა, ის, რომ გიგა ბოკერიასი იყო „რუსთავი-2“, სიახლეა.

- სწორედ ამ სიმპათიებზეა საუბარი

- გასაგებია, მაგრამ მე არ ვიცი ამ სიმპათიის შესახებ.

- ზაალ უდუმაშვილმა თუ კენჭი იყარა თბილისის მერის პოსტზე, ამ გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებთ?

- თუ ფინანსური კრიზისი იყო „რუსთავი-2“-ში, ასევე ამას დაემატა მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური, იდეური უთანხმოება და მაინც უნდა წასულიყო, მაშინ გასაგებია. სხვა მხრივ ეს ადამიანი ჩემთვის, პირველ რიგში, ჟურნალისტია. რომ გითხრათ, დიდი მოწონებით ვუყურებ ჟურნალისტების პოლიტიკაში წასვლას, ასე ნამდვილად არ არის, თუმცა ეს ყველაფერი თავად ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. შეიძლება წარმატებული პოლიტიკოსი აღმოჩნდეს. პოლიტიკოსობა არ არის სპეციალური პროფესია, რომელსაც განსაკუთრებული, წინასწარი განათლების მიღება სჭირდება. პოლიტიკური ალღოსთვის სულ სხვა რაღაც არის საჭირო. ყველას შეუძლია ცადოს, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ უდუმაშვილი თავის ამპლუაში უფრო წარმატებულია. თუმცა, მე რას ვფიქრობ, ეს სხვა საკითხია.

———————-

Comments are closed