„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გიორგი პაპუაშვილი არის მხარე და არა ნეიტრალური მოსამართლე“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „რას ვერ იყოფენ კახა კალაძე და კოკა გუნცაძე? // „ქართული ოცნება“ ნაც-ქოცებით აივსო“
„რეზონანსი“: ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „მომავალ პარლამენტში ალბათ, 3-4 პარტია შევა“
„რეზონანსი“: რომელი პარტიები დაუჭერენ მხარს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას
„რეზონანსი“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „დღეს რუსეთს არ აქვს ძალა, შექმნას რაიმე ალიანსი, ბლოკები, ღერძები და ა.შ.“
——————-
„ახალი თაობა“, 11 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „გიორგი პაპუაშვილი არის მხარე და არა ნეიტრალური მოსამართლე“
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რეალურად პოლიტიკური ბრძოლის მაგალითია. პოლიტოლოგის აზრით კი, ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ემსახუროს ერთი პარტიის ინტერესებს.
- ბატონო რამაზ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ წერილი გაავრცელეს, რომლის ადრესატებიც ქართველი საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსია. წერილში საუბარია, რომ მათ უნდათ ნაციონალური მოძრაობის სახე აჩვენონ, რომლებიც პოლიტიკურ იარაღად იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს. რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
- საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსი თავის დროზე ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებით.
- რას გულისხმობთ?
- შეუძლებელი იყო განსხვავებულად მოაზროვნე მოსამართლე გამხდარიყო მოსამართლე ან საკონსტიტუციო სასამართლოში, ან საერთო სასამართლოში. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და რამდენიმე წევრი მოსამართლე პირდაპირ კავშირში არიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ამდენად, საუბარი იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ნაციონალური მოძრაობისგან დამოუკიდებელი და თავისუფალია, ძალიან პირობითია.
- ხელისუფლებისგან არიან დამოუკიდებლები?
- ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები ნამდვილად არიან და ამის მაგალითის მოყვანაც შემიძლია, ეს ჩანს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში და იმ საქმეების დაჩქარებული წესით განხილვაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ინტერესშია. სხვა საქმეები, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ყოფილ ხელისუფლებასთან, როგორც ცნობილია, თაროზეა შემოდებული. აქამდე ვინმეს გახსენებია საკონსტიტუციო სასამართლო?! საერთოდ თუ არსებობდა ასეთი ინსტიტუცია, ეს ხალხს დავიწყებული ჰქონდა იქამდე, სანამ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი არ გახდა.
- დღეს საკონსტიტუციო სასამართლო არის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი?
- ეს აშკარაა, დიახ არის და ამას ნაციონალური მოძრაობა წარმატებით ახორციელებს. თავისუფალი სასამართლოს საფარქვეშ რომ თავისუფალ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს, ამ ლოზუნგით გათვლა კეთდება იმაზე, რომ შინ და გარეთ, საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები ნაციონალურმა მოძრაობამ როგორმე დაარწმუნოს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ხელყოფს ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუციას ქვეყანაში, ისეთ ინსტიტუციას და ისეთ ღირებულებას, როგორიც არის დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო. დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც არის ადამიანის იმედი ყველა ქვეყანაში. გათვლა კეთდება სწორედ ამაზე.
- თუ ასეა, რამდენად გამოუვათ?
- ქვეყნის შიგნით ნაკლებად გამოუვათ, რადგანაც ქართველმა ხალხმა იცის, გამოცდილი ჰყავს ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს აქ შეეცდებიან, რომ დაარწმუნონ ისინი, ამისთვის კარგადაც იმუშავებენ, მაგრამ ამას “ქართულმა ოცნებამ” სერიოზული არგუმენტაცია უნდა დაუპირისპიროს. მთელი ცხრა წლის განმავლობაში სასამართლო იყო ხელისუფლების პოლიტიკური ინსტრუმენტი. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ოპოზიციური პარტიის ხელში. პრაქტიკულად ეს დისკუსია საინტერესო არ არის, რადგან ხელის გულზე დევს ყველაფერი. გიორგი პაპუაშვილი აღიქმება, როგორც მხარე და არა ნეიტრალური მოსამართლე. ამაზე თავად ფაქტები მეტყველებს. ამას კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა და ამის შესახებ, არ მგონია, დიდი მუშაობა დასჭირდეს ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით, მაგრამ სერიოზული სამუშაო ექნება ჩასატარებელი ქვეყნის გარეთ.
- შეიძლება მიზანი წინასაარჩევნოდ სიტუაციის არევა იყოს?
- არაფერი არ არის გამორიცხული. თუმცა, როგორი იყო ჩანაფიქრი, რთული სათქმელია. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიების დასრულება და რეალური შედეგების დადება. თუ პაპუაშვილის განცხადება ზეწოლასთან დაკავშირებით უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, მაშინ ეს იქნებოდა ხელისუფლების სერიოზული მინუსი როგორც ამომრჩევლებში, ისე დასავლეთში. ეს ხელს უფრო შეუწყობდა ამომრჩეველში ნიჰილისტური განწყობების გამძაფრებას, „ისევ იგივე გრძელდება“, „არაფერი გვეშველება“ და ა.შ. ამას ემატება ისიც, რომ არჩევნების შემდეგ თუ რამე მოხდა, მოხდეს სწორედ ამ ჭრილში, რომ თავისუფალ სასამართლოს და თავისუფალ მედიას, იგულისხმება „რუსთავი-2“, დაუპირისპირდა ხელისუფლება. სწორედ ეს რიტორიკა გამოიყენონ პირველ რიგში დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის დროს.
თავისუფალი მედიისა და თავისუფალი სასამართლოს ლოზუნგის ქვეშ რეალურად არის პოლიტიკური ბრძოლა და რა არის ამ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი აზრი, რომ სასამართლო და ტელევიზია ხელისუფლების გავლენებისგან სრულად იყოს თავისუფალი, მაგრამ არ იყოს თავისუფალი და ერთგულად ემსახუროს ერთი პარტიის ინტერესებს.
- ეს პოლიტიკური ჭიდილი წინასაარჩევნო გარემოზე გავლენას მოახდენს?
- მე უფრო დავფიქრდებოდი არა წინასაარჩევნო პერიოდზე, არამედ არჩევნების შემდგომ პერიოდზე. საინტერესოა, რა მოხდება არჩევნების შემდეგ. ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის ბრძოლის ინსტრუმენტები არის „რუსთავი-2“ და საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. საერთაშორისო მხარდაჭერა კი მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე გაგრძელდეს ზეწოლა, რათა ყოფილი ხელისუფლების სამართალდარღვევები ნელ-ნელა შეჩერდეს. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ნაციონალებმა ხელისუფლება დაიბრუნონ. თუ აჩუქებენ, აიღებენ, მაგრამ ხელისუფლებაში დაბრუნება არ არის მთავარი მიზანი, მიზანი არის ციხეს გადარჩნენ.
თუ ნაციონალური მოძრაობა კვლავ მეორე ადგილზე გავა 8 ოქტომბრის არჩევნებზე, მაშინ მიზანი მიღწეული იქნება და ნაკლებად იხმაურებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ ყიჟინს ატეხენ.
„ახალი თაობა“, 11 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „რას ვერ იყოფენ კახა კალაძე და კოკა გუნცაძე? // „ქართული ოცნება“ ნაც-ქოცებით აივსო“
რატომ გაივსო „ქართული ოცნება“ ნაციონალებით, რაზე მიდის ჩხუბი მმართველ გუნდში და ვისთან ერთად გაისტუმრებს მათ ხალხი პოლიტიკურ სანაგვეზე? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ორგანიზაცია `თავისუფალი თაობის~ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
- თქვენ ჩვენთან საუბარში არაერთხელ გისაუბრიათ იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი რიგები ნაციონალებით გაავსო, მაგრამ ალბათ არც თქვენ ელოდით ამდენ ყოფილ ნაციონალს თუ წარადგენდნენ მაჟორიტარად?
- სანამ „ოცნებაში“ პორტირებულ ნაცებზე ვისაუბრებდე, მინდა ირაკლი სესიაშვილის სამარცხვინო განცხადებაზე გავაკეთო კომენტარი. ამ ადამიანმა განაცხადა, რომ თურმე ის ბიზნესმენები, რომლებიც ნაციონალების დამფინანსებლები იყვნენ და ახლა „ოცნებაში“ არიან, იძულებული იყვნენ ნაციონალებთან ეთანამშრომლათ. წესით, პარტიაში ამ განცხადების გამო, მას სერიოზულად უნდა მოსთხოვონ პასუხი. თანაც ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სესიაშვილი სამარცხვინო და ანტიხალხურ განცხადებებს აკეთებს. რამდენიმე თვის წინ მან საზოგადოებას პირდაპირ უთხრა, რომ სამართლიანობის აღდგენა არის შეუძლებელი, რადგანაც ამისთვის დიდი თანხებია საჭიროო.
მივმართავ ირაკლი სესიაშვილს, სამართლიანობის აღდგენისთვის თუ ფული გჭირდებათ, მაშინ ერთი კარგად დაფერთხეთ ნაცები, მოატანინეთ მოპარული ფულები და ქონებაწართმეულებს გადაეცით. ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დასაყრდენი ძალა ნაციონალების დროინდელი ბიზნესმენები იქნებოდნენ, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, რომ მათ მაჟორიტარებადაც დაასახელებდნენ. ის, რაც დღეს მაჟორიტარებთან დაკავშირებით ხდება, ეს სხვა არაფერია, თუ არა ნაციონალურ მოძრაობაზე „ქართული ოცნების“ დამყნობა.
- დამყნობის მიზანი რა არის?
- ახალი ჯიშის გამოყვანა უნდათ, რომელსაც პირობითად ნაც-ქოცები ერქმევა. დამყნობაზე საუბრით „ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი გავაღიზიანე და ისინი ამის გამო მაკრიტიკებენ კიდევაც. მე გაჩერებას არ ვაპირებ და მხილებას ვაგრძელებ. ამის გამო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მომავალში აუცილებლად მადლობას მეტყვიან. მითხარით, როგორ გავჩერდე, როცა დღეს მმართველ ძალაში ისეთი ხალხი მოხვდა, რომელთა მსგავსი ნაციონალი თავის დროზე ყოფილ ხელისუფლებაში ერთი თუ ორი იყო მხოლოდ.
- მაგარ ნაციონალობაში რას გულისხმობთ?
- ნაციონალები ორ ტიპად იყოფოდნენ. ერთნი სულ ტელევიზიებში ისხდნენ, ხოლო მეორენი პარტიას აფინანსებდნენ, ხალხს აშინებდნენ, არჩევნებს აყალბებდნენ, ზონდერებს ხელმძღვანელობდნენ. „ქართულ ოცნებაში“ ორივე კატეგორიის ნაციონალები მოხვდნენ. გოდერძი ბუკია, ირაკლი ხახუბია, ელგუჯა გოცირიძე, გიორგი თოთლაძე, სოსო მაკრახიძე, კახა ოქრიაშვილი, გოჩა ენუქიძე, ენზელ მკოიანი. ეს გახლავთ არასრული სია „ოცნებაზე“ დამყნობილი ნაციონალებისა. ისინი დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მმართველი ძალის სახელით იყრიან კენჭს. მინდა ისინი შეძლებისდაგვარად დავახასიათო, რათა მოსახლეობა მიხვდეს, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ჩამოთვლას ენზელ მკოიანით დავიწყებ. ეს ის პიროვნება გახლავთ, რომელიც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ქვებით დასდევდა.
- სად დასდევდა ქვებით?
- სამცხე-ჯავახეთში. ეს კაცი 1999 წლიდან მოყოლებული სულ ახალქალაქის მაჟორიტარია. ახლაც ამ რაიონში წარადგინა „ოცნებამ“. არადა, ვიმეორებ, ოთხი წლის წინ ის „ქართულ ოცნებას“ ქვებით დასდევდა. რამდენჯერმე ძლივს გამოასწრეს „მეოცნებეებმა“ ენზელ მკოიანს. სამცხე-ჯავახეთი ვანო მერაბიშვილის მშობლიური რეგიონია და ენზელ მკოიანი წლების მანძილზე იქ ვანოს მანქურთი იყო. ახლა „ოცნება“ აპირებს, რომ ვანო მერაბიშვილის ხელის ბიჭს კიდევ ერთხელ ჩაუგდოს ეს რეგიონი ხელში. რამდენადაც მე ვიცი, ეს ადამიანი საქართველო-სომხეთის საზღვარსაც აკონტროლებს და პატარა ასლან აბაშიძეა.
ანალოგიური სიტუაციაა ხობის მაჟორიტარობის კანდიდატის, გოდერძი ბუკიას გარშემოც. ამ პიროვნებას მე ხობელი გრიშა კაკაჩია შევარქვი. გოდერძი ბუკია ხობის რაიონს 1995 წლიდან აკონტროლებს. მანამდე რამდენიმე თვით იყო რუსეთში საქართველოს ელჩი. ახლაც იმას ამტკიცებს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის. თავისი ამ განცხადებებით ის გიორგი კვირიკაშვილის ორმაგ სტანდარტებს ასაჯაროებს.
- გიორგი კვირიკაშვილი აქ რა შუაშია?
- პრემიერს თავი მოაქვს იმით, თითქოს პრორუსული ორიენტაციის ადამიანებთან საქმეს არ იჭერს. მინდა გიორგი კვირიკაშვილს ვუთხრა რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ხობში გოდერძი ბუკია 1990-1995 წლებში რუსეთში ბიზნესით იყო დაკავებული. ეს ის პერიოდია, როცა რუსეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში იშოვიდი ფულს, თუ კაგებეს მიერ იყავი დავერბოვკებული ან კრიმინალებთან თანამშრომლობდი. გოდერძი ბუკიას მოხდილი აქვს ნაციონალად ყოფნის სერიოზული „სროკი“. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა ინფორმაციასაც ახლა მოგაწვდით. პატივცემული გოდერძი ბუკია ერეკლე კოდუას ნათლია გახლავთ. მისი შვილის ნათლია კი ჭუტა იგივე ავთო წერეთელია, რომელიც თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის დაუძინებელი მტერია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პრემიერმა ავთო წერეთელთან იოლად გამონახა საერთო ენა. ალბათ, არც ისაა უმნიშვნელო დეტალი, რომ გოდერძი ბუკიას მეუღლე, ქალბატონი მანანა, გვარად კვირიკაშვილია.
- პრემიერის ნათესავია?
- მე რამდენადაც ვიცი, ნათესავები არიან. უკეთესი ვითარება არც ფოთში არ არის. აქ თავიდან ეკა ბესელიას კანდიდატურა უნდა წარედგინათ, მაგრამ ამ ქალბატონს სხვადასხვა გზებით სახელი შეულახეს. „ოცნება“ იძულებული გახდა, სხვა კანდიდატი მოეძებნა. ფოთის მაჟორიტარად ეკა ბესელიას კადრი ირაკლი ხახუბია დაასახელეს, რომელიც წლების მანძილზე თანამშრომლობდა კრიმინალებთან.
- ვინ კრიმინალებთან?
- ნაციონალების დამფინანსებელი იყო. 7 ნოემბრის და 26 მაისის შემქმნელების დაფინანსება კრიმინალებთან თანამშრომლობაზე მეტია. ასეთივე პიროვნებაა ტყიბულის და თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე, რომელიც ზოგიერთებმა ძალიან საყვარელ ადამიანად მოიხსენიეს. როგორ შეიძლება საყვარელი უწოდო იმ ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე სანდრა რულოვსს დაჰყვებოდა კუდში. ის გახლდათ ნაციონალების ერთ-ერთი სპონსორი, რომელიც ჩაიჯიბა „ქართულმა ოცნებამ“.
დმანისსა და წალკაში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ამ პიროვნებას ყველა იცნობს. საქართველოში ბავშვებმაც კი იციან, რომ ის ყოფილი ხელისუფლების ყულაბა იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კახა ოქრიაშვილს დღეს სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი „კრიშავს“. ამ პიროვნებამ ხალხის ხარჯზე და ნაციონალების დახმარებით უამრავი ფული იშოვა. იმდენი ფული იშოვა, რომ წალკასა და დმანისში 1.000 კოორდინატორი ყავს. ამ კოორდინატორების ხელფასი 300-დან 600 ლარამდე მერყეობს.
გორსა და ქარელში წარდგენილი მაჟორიტარებიც ჩვეულებრივი ნაციონალები არიან. ამ ადამიანებზე „ახალ თაობაში“ ისედაც ბევრი ვისაუბრე და მათზე საუბრით აღარ შევაწყენ ხალხს თავს.
გოჩა ენუქიძის სახელიც ბევრ კითხვას სცემს პასუხს. წლების მანძილზე ისიც ნაციონალებს აფინანსებდა. ახლა კი „ოცნების“ ჯიბეში ზის და მათი მაჟორიტარობის კანდიდატია.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარებად ნაციონალების ყულაბები არ იკმარა და ოდეერებიც გამოიყენა. სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბერაია სამეგრელოში სუსის ანალიტიკური სამსახურის უფროსი იყო. ასეთი სამსახურიდან პოლიტიკაში შემთხვევით, როგორც წესი, არ მიდიან.
ამ ნაც-ოცების ჩამოთვლის შემდეგ მინდა მკითხველს ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებები გავახსენო. კალაძემ სიამაყით განაცხადა, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ პოლიტიკაში წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილიაო. თან ეს განცხადება, იცით, სად გააკეთა? ახალციხეში, სადაც კანდიდატებად ენზელ მკოიანი და სხვები დაასახელეს. ვეკითხები ამ უსირცხვილო ვიცე-პრემიერს, ვინ არის წესიერი და პატიოსანი ბუკია თუ ოქრიაშვილი? მარტო ამ განცხადების გამო უნდა გააგდო კალაძე მთავრობიდან. პარტიაში მისმა და კოკა გუნცაძის პაექრობამ ლამისაა მთელი საქართველო გადაიყოლოს.
იგივე კალაძე მათ მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარებს ახალი ტიპის ლიდერებს უწოდებს. რა ახლი ტიპის ლიდერი ხალხო, ასეთი გაცვეთილი სახეები ქართულ პოლიტიკაში ბევრი არ არის. ამათ შეჭამეს და გადაყლაპეს საქართველო. აშკარაა, „ქართული ოცნება“ ხალხს ეკაიფება.
- თქვენ ახსენეთ, რომ გუნცაძესა და კალაძეს შორის პაექრობამ მთელი ქვეყანა გადაიყოლაო. უფრო დეტალურად შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდება?
- მათი დაპირისპირების შესახებ უკვე ყველა საუბრობს. როგორც გაირკვა, გიორგი კვირიკაშვილს პარტიაში თავის მარჯვენა ხელად კოკა გუნცაძე წარუდგენია, რომელიც რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. პრემიერმა მას დაავალა სიის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება.
კახა კალაძემ ვერ აიტანა, რომ პარტიაში ვიღაც კოკა გუნცაძე „გაიჩითა“ და სიტუაციის დალაგებას შეუდგა. კალაძის პერსონა საერთოდ არ აინტერესებს გუნცაძეს და სერიოზულად არიან ერთმანეთთან დატახებულები. ერთმანეთს ცოცხლად ჭამენ და მედიაში ერთმანეთზე უბედურებებს აქვეყნებენ. ამ ერთმანეთის ჭამას გადააყოლეს მთელი საქართველო.
ორიოდე სიტყვით კიდევ ორ კანდიდატს უნდა შევეხო. მარნეულში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარად წარადგინა თამაზ ნავერიანის კანდიდატურა. რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და მთხოვა, რომ ამ პიროვნებაზე არაფერი მეთქვა, არადა სათქმელი ბევრია. მინდა ყველამ იცოდეს, რომ თამაზ ნავერიანი 2012 წელს ლადო ვარძელაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდა ზონდერებს. საუბარია ძიუდოისტებით დაკომპლექტებულ ჯგუფზე. 2012 წელს ამბაკო ავალიანი ოფიციალურად განუდგა მაშინდელ ხელისუფლებას. მაშინ თამაზ ნავერიანმა ერთი ამბავი ატეხა, გინდა თუ არა, მას დისკვალიფიკაცია უნდა მივცეთ და ნაკრებიდან გავაგდოთო. ეს კაციც ჩვეულებრივი ნაციონალი იყო.
- „ოცნებას“ როდის დაუახლოვდა?
- 2014 წელს. ის კახა კალაძის კადრად ითვლება. თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატიც დიდი საოცრებაა. კვირიკაშვილმა მისი წარდგენისას სიამაყით გვითხრა, ეს კაცი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურს ხელმძღვანელობდაო. ის კი აღარ უთქვამს, რომ ეს ადამიანი მამალი ნაციონალის, ლევან ბეჟაშვილის ქვისლია.
თბილისსა და აჭარაში ხელისუფლებას მაჟორიტარობის კანდიდატები ჯერ არ წარუდგენია და სიურპრიზებიც არ მოგვაკლდება. „ოცნების“ ამ საქციელს ხალხი სათანადოდ შეაფასებს და მათ ნაციონალებთან ერთად გაისტუმრებს პოლიტიკურ სანაგვეზე.
„რეზონანსი“, 11 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „მომავალ პარლამენტში ალბათ, 3-4 პარტია შევა“
ია აბულაშვილი
“საარჩევნო პროცესის გააქტიურებას 5 სექტემბრიდან უნდა ველოდოთ, 15 სექტემბრიდან კი საარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაში შევა და მაშინ უკვე გამოკვეთილი იქნება, რომელ პოლიტიკურ ძალას გამარჯვების რა შანსი აქვს” – აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც “რეზონანსი” მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
იგორ კვესელავა: ყველა პარტიას აქვს ინტერესი და ცდილობს, ამ ინტერესის გათვალისწინებით ააგოს თავისი საარჩევნო ტაქტიკა, რომელმაც მას გამარჯვება უნდა მოუტანოს; თუმცა დღეს ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობა მხოლოდ პარლამენტში შესვლისთვის იბრძვის. ერთადერთი ალბათ “ქართული ოცნებაა”, რომელიც პარლამენტში უმრავლესობით მოსვლისთვის იბრძვის.
ვფიქრობ, რომ ეს სწორი კურსია. თუ შეძლო, დამაჯერებლად მიიტანოს თავისი მიზნები და შესაძლებლობები ამომრჩევლამდე, მაშინ უმრავლესობით მოსვლა გარანტირებული აქვს. თუ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, ანუ უმრავლესობით ვერ მოვიდა პარლამენტში, მაშინ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ყოფნა პოლიტიკაში აზრს კარგავს.
- “ოცნება” წინასაარჩევნოდ დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. გარდა მაჟორიტარი კანდიდეტების წარდგენისა რაიონებში, მისი მხრიდან სხვა ტიპის აქტიურობა არ შეიმჩნევა. საზოგადოება “ოცნების” განახლებულ სიასაც დიდი ხანია, ელოდება…
- მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაც მათი მხრიდან სწორი გათვლა იყო და რატომ, მოგახსენებთ: “ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატებად რაიონებში ძირითადად წარადგინა ადგილობრივი ადმინისტრაციების წარმომადგენელები: გუბერნატორები, გამგებლები და ის ადმიანები, ვისაც ამ ოთხი წლის განმავლობაში უშუალო შეხება ჰქონდა ამ ადამიანების პრობლემებთან, ვინც ახლა მათ ხმა უნდა მისცეს. ანუ, ამ არჩევნებზე გამოჩნდება, ისინი საქვეყნო საქმეს აკეთებდნენ თუ მთლიანად გაფლანგეს ამომრჩევლის ნდობა. რაც შეეხება ახალი საპარლამენტო სიის გამოქვეყნებას, აჭიანურებენო, რომ ამბობენ, ალბათ როგორც დასრულდება რეგიონებში მაჟორიტარების წარდგენის პროცესი, “ოცნება” ახალ სიას გამოაქვეყნებს; ჯერ დრო აქვს და არც კანონს არღვევს.
- ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი რამდენად დაეხმარება “ოცნებას” ამ არჩევნებში?
- ივანიშვილის რეიტინგის რომ არ ეშინოდეთ, ასე წამდაუწუმ ხომ არ ახსენებდნენ “ნაციონალები” მის სახელს? ეტყობა, მართლაც ეშინიათ, საარჩევნო პროცესში არ ჩაერთოს. ბიძინას ჩამოცილებაა დღეს “ნაციონალების” ყველაზე დიდი წუხილი.
- “ნაციონალების” განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მარტო პარლამენტში კი არა, ხელისუფლებაში მოსვლის გარანტიას აძლევენ ამომრჩეველს…
- “ნაცმოძრაობის” საკითხი გადაწყვეტილია, 8 ოქტომბერს მათი “გედის სიმღერა” იქნება, დიდი-დიდი სულ 8-10 კაცი გაიყვანონ მომავალ პარლამენტში, მეტი შანსი მათ არ აქვთ. რატომ უნდა მისცეს ქართველმა ამომრჩეველმა გაკოტრებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას ხმა და თანაც ისეთს, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს კითხვა არ გებადებათ?
- სხვა პოლიტიკურ ძალებს გამარჯვების რა შანსი აქვთ?
- “რესპუბლიკელები” პარლამენტში ვერ მოხვდებიან, ამას პირდაპირ ვაცხადებ. ალასანიას და ბურჭულაძის პარტიებს აქვთ შანსი, თუმცა ბურჭულაძეს, გარდა იმისა, რომ ამომრჩეველი უნდა დააჯეროს, რომ ის დამოუკიდებელი პარტიაა, სერიოზული მუშაობა მოუწევს იმ ამომრჩეველთან, ვინც არც მმართველ გუნდს უჭერს მხარს და არც სხვა რომელიმე პარტიას. აქედან შეიძლება რაღაც ხმები წამოიღოს. “პატრიოტთა ალიანსს” კი პრობლემა არ ექნება, სერიოზულად იყოს წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობას”, ცალკე აღებული გაუჭირდება არჩევნებში გამარჯვება, თუ არ შექმნა კოალიცია რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან.
- სავარაუდოდ, რამდენი პარტია მოხვდება მომავალ პარლამენტში, ჭრელი პარლამენტი ხომ არ გვექნება?
- ჭრელი პარლამენტის დრო დამთავრდა საქართველოში, ეს შევარდნაძის დროს იყო, როცა ყველა პარტია პარლამენტში შეიყვანა, ქუჩაში არ უნდოდა რომ დარჩენილიყვნენ. დღევანდელი მოცემულობით, ალბათ სულ 3-4 პარტია იქნება მომავალ პარლამენტში.
“ქართული ოცნება” კონსტიტუციური უმრავლესობით თუ ვერ მოვიდა, მაშინ იძულებული იქნება, შექმნას კოალიცია მის იდეოლოგიასთან მიახლოებულ პოლიტიკურ ძალასთან. როგორ წავა საარჩევნო პროცესი და ვის აქვს შანსი, იმუშაოს მომავალ საკანონმდებლო ორგანოში, ეს გამოიკვეთება 15 სექტემბრის შემდეგ, როცა საარჩევნო მარათონი აქტიურ ფაზაში შევა. აქამდე იმიტომ ვერ დაიწყო ეს პროცესი, მიზეზი ალბათ მატერიალური რესურსის ნაკლებობაა, ანუ პარტიებს მატერიალური რესურსი არ ეყოფოდათ. დღეს ეს რესურსი აქვს მხოლოდ “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”.
„რეზონანსი“, 11 აგვისტო, 2016 წელი
რომელი პარტიები დაუჭერენ მხარს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას
ნინო ქეთელაური
ქორწინების განსაზღვრების მომხრე საინიციატივო ჯგუფი, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციებს აანონსებს. როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, აქციებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მიმდინარეობს, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა” და რესპუბლიკური პარტიისა.
“პრეზიდენტმა რეფერენდუმზე უარის თქმით, ქართველ ხალხს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება წაართავა. განცხადება, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდება მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, არის სრული უმეცრება. აუცილებლად დავიწყებთ აქციებს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ეს აქციები იქნება მასშტაბური, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა” და “რესპუბლიკური პარტიისა”. ასევე შეთავაზება გაეგზავნება “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
“ჯერჯერობით ვერ დავასახელებ კონკრეტული პარტიების ვინაობას, თუმცა საზოგადოებისთვის ალბათ რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს ის, ვინ უჭერდა ამ იდეას მხარს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაწბილებული დარჩა, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა,” – განაცხადა “რეზონანსთან” საუბრისას საინიციატოვო ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, ზვიად ტომარაძემ. მისი თქმით, ორი პარტიისგან მხარდაჭერა უკვე მიღებული აქვთ და მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი საკუთარ არგუმენტებს ოფიციალური დოკუმენტის სახით გააცნობს საზოგადოებას, აქციებიც დაიწყება.
“ორი პარტია უკვე მზად არის, რომ გვერდით დაგვიდგეს, როგორც სამართლებრივ ბრძოლაში, ისევე აქციებში. თუმცა მათ ვინაობას ვერ დავასახელებ მანამდე, სანამ სრული სპექტრი არ შეიკრიბება. ჯერჯერობით პრეზიდენტისგან ველოდებით ოფიციალურ პასუხს. ის, რომ მან განცხადება გააკეთა, არ არის საკმარისი, მან არგუმენტირებული, ფურცელზე გაწერილი პასუხი უნდა გააცნოს საზოგადოებას და ამის მერე ჩვენ სამართლებრივ პროცედურებსაც დავიწყებთ. ვგულისმობ სასამართლოს და დავიწყებთ აქციებს მისი გადადგომის მოთხოვნით,” – ამბობს ზვიად ტომარაძე და კითხვაზე, ვისგანაც მხარდაჭერა უკვე მიიღეს, არიან თუ არა საპარლამენტო პარტიები, ამბობს, რომ არ არიან.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გუგული მაღრაძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ საინიციატოვო ჯგუფისთვის ოფიციალური პასუხის გასაცემად “ქართული ოცნება” უნდა შიკრიბოს და ერთად გადაწყვიტონ, მაგრამ თავად გამოსვლების მიზეზს ვერ ხედავს.
“ქართულმა ოცნებამ” საკმაოდ ნათლად განაცხდა, რომ პარლამენტში შესთვლისთანავე, თუ ეს საკითხი ისევ აქტუალური იქნება, მიეცემა საშუალება, გადაწყდეს პარლამენტის გზით და რეფერენდუმების ჩატარების აუცილებლობა ნამდვილად არ არის. მე მგონია, რომ ეს უფრო წინასაარჩევნო აჟიოტაჟია და გარკვეულ პარტიებს უნდათ თავის გამოჩენა. “ქართულმა ოცნებამ” თავად მოახდინა ამის ინიცირება და რადგანაც მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შეგროვდა, ეს საკითხი ახალ პარლამენტში გადავიდა.
მე ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ გვექნება ისეთი უმრავლესობა, რომ ჩვენ და კიდევ რამდენიმე პარტიამ აღნიშნულ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ. რა გამოსვლებზეა საუბარი, არასერიოზულად მიამჩნია ეს ამბავი. ჯერ ერთი, რეფერენდუმიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, მის გარეშე მაინც არ გადაწყდება ეს ამბავი. მეორეც, როდესაც მმართველი გუნდი ამბობს, რომ ამ წინადადების წინააღმდეგი არ არის და ამ პრობლემის გადასაწყვეტად სთავაზობს სამართლებრივ გზას, მაშინ ეს გამოსვლები არის ხელმოცარული პარტიების საშუალება, რათა მოსახლეობას გაახსენონ, რომ არსებობენ. ამ წინასაარჩევნო პერიოდში ნამდვილად არ არის აჟიოტაჟის ატეხვის აუცილებლობა და ეს არანაირ სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ დგას,” – ამბობს გუგული მაღრაძე.
„რეზონანსი“, 11 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „დღეს რუსეთს არ აქვს ძალა, შექმნას რაიმე ალიანსი, ბლოკები, ღერძები და ა.შ.“
ია აბულაშვილი
“იმ ფონზე, როდესაც სოციალურ-ეკონომიკური ვთიარება იძაბება რუსეთსა და თურქეთში, როცა ორივე ქვეყნის მმართველები უპირისპირდებიან დასავლეთს, პუტინი და ერდოღანი ისევ საჭირონი გახდნენ ერთმანეთისთვის და ეს ვიზიტიც ამის დემონსტრირებაა,” – ასე აფასებს პუტინი-ერდოღანის შეხვედრას ექსპერტი პეტრე მამრაძე, რომელსაც “რეზონანსი”, ასევე, ბაქოს სამმხრივი სამიტის შედეგებზე გაესაუბრა.
- სამი დღის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი სამი ქვეყნის თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტებს შეხვდა. გუშინ მოსკოვში გაიმართა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრა; თქვენი აზრით, რის დემონტსრირებას ახდენს პუტინი?
- პუტინს სჭირდება ყოველდღე ამტკიცოს, რომ რუსეთი რჩება ზესახელმწიფოდ და მით უფრო უძლიერეს სახელმწიფოდ რეგიონში. კრემლის პროპაგანდა კი პუტინის ნებისმიერ ნაბიჯს, როგორი საზიანოც არ უნდა იყოს რუსეთისათვის, მისი სიბრძნის, შორსმჭვრეტელობის ნიმუშად და მორიგ გამარჯვებად ასაღებს. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი მოჩვენებითია, ვინაიდან ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთი, საბოლოო ჯამში, არაფერს იღებს. გაიხსენეთ პუტინის უნაყოფო მცდელობა ჩინეთთან ალიანსის დამყარებისა და სხვა; ასევე იქნება ახლაც.
- ექსპერტთა გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი მუშაობდეს ახალი პოლიტიკური ღერძის შექმნაზე, ერდოღანმაც პუტინთან შეხვედრამდე მოსკოვი-ანკარა-თეირანის შესაძლო ალიანსი ახსენა. თქვენი აზრით, ამ შეხვედრების შემდეგ იცვლება თუ არა კონფიგურაცია რეგიონში?
- დღეს, რუსეთს არ აქვს ძალა, შექმნას რაიმე ალიანსი, ბლოკები, ღერძები და ა.შ. ერთადერთი, რაც ახლა ხდება, არის ის, რომ ამგვარი შეხვედრების დროს სხვა ქვეყნები ხეირობენ. პუტინთან ურთიერთობის პასუხად ისინი გარკვეულ პირობებს აყენებენ, პირველ რიგში ეკონომიკურს. ანუ გამოდის, რომ, მიუხედავად რუსეთში ეკონომიკური გაჭირვებისა, პუტინი დიდ სახსრებს ხარჯავს მხოლოდ იმისთვის, რომ იზოლაციაში არ იყოს, ანგარიში გაუწიონ, თუნდაც ფორმალურად. რეალური ნაბიჯი მის მოქმედებას არ აქვს და ვერც ექნება.
- რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის პოლიტიკურ დათბობაზე რას იტყვით?
- ის, რაც ახლა ხდება, ე.წ. რეალური პოლიტიკის გააქტიურებაა. თურქეთის რუსეთთან დაახლოება-დათბობა, რომელიც ადრე არსებობდა შეცვალა სირიაში რუსეთის გააქტიურებამ, რაც ერდოღანის გეგმების საწინააღმდეგო იყო. რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება თურქეთის მიერ დემონსტრირება იყო იმისა, რომ თურქეთი რუსეთსაც არ მოუთმენდა იმაში ჩარევას, რაც თავის საქმედ მიაჩნდა. მოგეხსენებათ, რუსეთი სირიაში რეალურად დამარცხდა და ახლა უკვე თურქეთთან მოლაპარაკება მას აწყობს სახის შენარჩუნებისათვის.
რუსეთის პროპაგანდას კი საქმე ისე გამოჰყავს, რომ პუტინმა სრული პირადი გამარჯვება მოიპოვა ერდოღანზე, აიძულა იგი, ბოდიშიც მოეხადა და მთხოვნელის პოზიციაშიც ჩააყენა. ახლა, როგორც ძლიერი ლიდერი, გულმოწყალედ პატიობს ერდოღანს და, ისევ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავ აგრძელებს ურთიერთობას; ამიტომ, პირველი, ვინც ერდოღანს დაურეკა და მხარი დაუჭირა პუტჩის მცდელობის ჩაშლის შემდეგ, პუტინი იყო.
რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტს, პუტჩის მცდელობის ჩახშობის შემდეგ ერდოღანმა დაიწყო ნამდვილი წმენდა. დაპატიმრებულია 20 ათასზე მეტი ადამიანი. აშშ ღიად საყვედურობს მას ამის გამო; ერდოღანი კი საჯაროდ აცხადებს, რომ დასავლეთის გარკვეული ძალები დგანან ამის უკან. ამ ფონზე, როდესაც სოციალურ-ეკონომიკური ვითავრება იძაბება როგორც თურქეთში, ისე რუსეთში, როცა ორივე ქვეყნის მმართველები უპირისპირდებიან დასავლეთს, ამ პირობებში პუტინი და ერდოღანი ისევ საჭირონი გახდნენ ერთმანეთისათვის და ეს ვიზიტიც, რომელიც მართლაც დაგეგმილი იყო პუტჩამდე, ამის დემონსტრირებაა.
ორივეს, პუტინსაც და ერდოღანასაც, ესმის, რომ სახის შესანარჩუნებლად საჭიროა მოლაპარაკებები. მიუხედავად იმისა, რომ არავითარი ალიანსი არ შეიქმნება, პუტინი და ერდოღანი მჭიდროდ ითანამშრომლებენ იმ საკითხებზე, რაც აინტერესებთ, ეკონომიკური პროექტების ჩათვლით. ანუ, თურქეთი ისეთს არაფერს მოიმოქმედებს, რომ რუსეთი გააღიზიანოს.
- თქვენი კოლეგა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ რუსეთი შეეცდება, ზეგავლენა მოახდინოს ანკარაზე, რათა მან დაიოკოს თავისი ამბიციები კავკასიაში. თქვენი აზრით, რეგიონში დღეს არსებული სიტუაცია როგორ აისახება საქართველოსთან მიმართებაში და რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს ხელისუფლებამ?
- სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამი მძლავრი ბაზაა განთავსებული და თურქეთი ისეთს არაფერს მოიმოქმედებს, რომ რუსეთი გააღიზიანოს. რაც შეეხება საქართველოს, აქ არც ერთ მხარეს არსებითი ინტერესი არ აქვს. რუსეთი ხელს არ შეუშლის თურქეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას საქართველოსთან.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, უაღრესად დროული და საჭირო იყო პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის რეაგირება პუტჩზე და ის, რომ იგი ჩავიდა თურქეთში. ეს ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანი წარმატება იყო საქართველოსთვის. კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო თურქეთის მნიშვნელოვანი მეზობელია.