globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 11 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 11th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „თუ რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს, საქართველოს მხრიდან პირდაპირი დიალოგის ინიციატივას აზრიც არა აქვს“

——

ახალი თაობა: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას არ გამოვრიცხავ“

ახალი თაობა: ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების შეცვლა არ სურს“

ახალი თაობა: რატომ მფარველობს „ქართული ოცნება“ ზვიად გამსახურდიას მკვლელებს? // ინტერვიუ ცოტნე გამსახურდიასთან: „ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას ეს ძალიან ძვირად დაუჯდება“ // პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე სტრასბურში წავა

——————-

„ინტერპრესნიუსი“, 11 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „თუ რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს, საქართველოს მხრიდან პირდაპირი დიალოგის ინიციატივას აზრიც არა აქვს

კობა ბენდელიანი, ინტერპრესნიუსი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ვინაიდან შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი, თქვენი აზრით, ჩვენი საშინაო პოლიტიკის უმთავრესი და ყველაზე დიდი პრობლემა რაში მდგომარეობს?

- რთული კითხვაა. მასზე მზა პასუხი, წესით, პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ, მათი საქმეა იმ პრობლემის პოვნა, რომლიდანაც სხვა პრობლემები გამომდინარეობს. ახლა, მყისიერად ის აზრი მიჩნდება, რომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემაა კომპეტენციის დეფიციტი. ეს, ერთის მხრივ, ბუნებრივია, რადგან დემოკრატიის პირობებში არ გვიცხოვრია და ახლა ვსწავლობთ. მეორეს მხრივ, კომპეტენციის, ანუ ცოდნის ხარისხი კლებულობს სკოლაში, მეცნიერებაში, სადაც ადრე შედარებით მაღალი დონე გვქონდა. ალბათ გამოსწორდება ეს მდგომარეობა, მაგრამ ამჟამად დასაფიქრებელია. მე მგონი, კომპეტენციის პრობლემა გვაქვს პოლიტიკაშიც, სადაც კომპეტენტურობა ყველაზე რთულია.

პოლიტოლოგია ყველამ შეიძლება ისწავლოს, მაგრამ პოლიტიკოსობა არ ისწავლება. ცოდნასთან ერთად პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს უნარი მოიპოვოს ხალხის ნდობა, რათა ამ გზით მოვიდეს ხელისუფლებაში. ბოლო არჩევნები, სოციოლოგიური გამოკვლევები, თქვენთან გამოქვეყნებული პარტიების შემოწირულობები, ყველაფერი მიუთითებს, რომ პარტიების მიმართ ნდობის ხარისხი დაბალია, ანუ პოლიტიკოსებს არ ჰყოფნით ნდობის მოპოვებისთვის საჭირო კომპეტენცია. ეს ყველაზე მეტად ითქმის ოპოზიციურ პარტიებზე. ”ნაცმოძრაობა” მხოლოდ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს თავის ერთგულ ამომრჩეველს, ამომრჩევლების რიცხვს ვერ ზრდის. დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს საპარლამენტო ბარიერის გადალახვა აქვს საოცნებო. „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც კომპეტენტურ პოლიტიკურ ჯგუფად ითვლება, 20 ლარი შესწირეს, ანუ 20-ლარად შეაფასა ეს პარტია გულშემატკივარმა. ეს მიუთითებს, რომ კომპეტენციის გაგებაა არასწორი.

დღევანდელმა ოპოზიციამ ხალხის ნდობა ვერ მოიპოვა მაშინაც კი, როცა ეს ხალხი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. ამას მოახერხება უნდა. მეტი რა არგუმენტი სჭირდება ოპოზიციას დაფიქრებისთვის. ამ დროს, ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციის ერთი და იგივე პოლიტიკოსები ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ სიტუაციის ცვლილების მიუხედავად, რაც ანელებს მათდამი ინტერესს. პოლიტიკოსი უნდა გრძნობდეს ამას და ცვლიდეს სტრატეგიას.

ოპოზიციის სისუსტე მარტო ოპოზიციის პრობლემა რომ იყოს, სალაპარაკო არ იქნებოდა. ამ სისუსტის შედეგად ქვეყანა რჩება ერთპარტიული მართვის პირობებში, რაც მოადუნებს ნებისმიერ სახელისუფლო პარტიას. სპრინტერმა თუ კონკურენტის სუნთქვა არ იგრძნო კეფასთან, თუ კონკურენტი ძალიან ჩამორჩება, თავად სპრინტერს აღარ აქვს წინსწრფვის მუხტი. იგივეა პოლიტიკაშიც. ოპოზიცია არ აღმოჩნდა კომპეტენტური, რითაც მმართველი პარტია დატოვა კონკურენციის გარეშე და ეს მიმაჩნია შიდა პოლიტიკის ცენტრალურ პრობლემად. წინ წამოსაწევია ახალგაზრდები. პოლიტიკაში ახალი თაობის მოსვლის და ახალი იდეების შემოტანის გარეშე ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება არ დამკვიდრდება. პარადოქსულია, მაგრამ პოლიტიკაში ახალი ძალების შემოყვანის ტენდენციას მმართველი პარტია უფრო ამჟღავნებს, ვიდრე ოპოზიციური პარტიები. ვნახოთ, ამ მხრივ რას შემოგვთავაზებს მომავალი არჩევნები.

- წლის პოლიტიკურ შედეგებზე სრულ და ამომწურავ პასუხებს ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მივიღებთ, მაგრამ ახლა, როცა პოლიტიკურ პარტიებს აქტიურად აქვთ დაწყებული ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება, ალბათ უპრიანიცაა, მათ ძირითადი პოლიტიკური ძალებისსპორტულ ფორმაშიყოფნაზე ვისაუბროთ. თქვენ დაკვირვებით, პოლიტიკური თვალსაზრისით როგორ სპორტულ ფორმაში არიან ქართული პოლიტიკური რუკის ძირითადი აქტორები?

- ადრე, როცა არჩევნების დროის ჩასმა სურდათ კონსტიტუციაში, დაიწყეს იმ პერიოდის ძებნა, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს საარჩევნო უბნამდე მისვლაში ხელს არ შეუშლიდა არც თოვლი და არც არდადაგები. ამ ნიშნით შეირჩა შუა შემოდგომა. ეს გადაწყვეტილება სხვა პრობლემებს აჩენს. რადგან წინ ზაფხულია, ყველა არჩევნებში საარჩევნო კამპანია, რეალურად, სექტემბრიდან იწყება. ანალოგიური მდგომარეობაა ახლაც.
კი იძლევიან კანდიდატები ინტერვიუებს, მაგრამ ამის გარდა არ იგრძნობა მარათონის დაძაბულობა. მე მგონი, ყველა სექტემბერს ელოდება. ამიტომ, სპორტული ფორმის განჭვრეტა სიცხით გათანგულ პოლიტიკოსებში, რომლებსაც ამომრჩეველიც არ ეგულებათ ადგილზე, ცოტა ძნელია. მედიაში აქტიურობით, მე მგონი, მაინც კალაძე გამოირჩევა, ის აშკარად საბრძოლოდ არის განწყობილი. მედიის მიხედვით ბრძოლის ჟინი ეტყობა ელისაშვილსაც. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თბილისის მერობის დანარჩენი კანდიდატები შემოდგომის დადგომას ელიან.

- თუ ვინ გახდება თბილისის მერი, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის აქტუალური თემაა, მაგრამ თუ იგივექართული ოცნებისწინასაარჩევნო აქტიურობას დავაკვირდებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდის სახელით პოლიტიკურ მოედანზე მხოლოდ კახა კალაძეა. არსად ჩანან რეგიონებშიქართული ოცნებისლიდერები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების ამბიციები უნდა ჰქონდეთ. წინასაარჩევნოდქართული ოცნებიდანპოლიტიკურ სცენაზე რატომ ჩანს მარტო კახი კალაძე? რატომ არ ცდილობსქართული ოცნებაგაგვაცნოს თავისი რეგიონალური ლიდერები, რომელთაც დაეკისრება პასუხისმგებლობა რეგიონებში თვითმმართველობის ორგანოების შემდგომ განვითარებაზე? წინასაარჩევნოდ სამხარეო ადმინისტრაციებში საკადრო ცვლილებას არ ვგულისხმობ

- მე მგონია, რომ მმართველი პარტიაც სექტემბერს ელოდება. ამავე დროს, ალბათ, გადაწყვეტილების მიღებაც უძნელდებათ, რადგან მმართველი პარტიისგან წარდგინების მსურველი ბევრი იქნება.

- ოპოზიციის ლიდერებმა მოუხშირეს საუბარს, რომ თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება, არჩევნებს ხელისუფლება მოიგებს. გასაგებია, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე არც ერთ პარტიას ხელისუფლებისთვის არჩევნების მარტო მოგების შანსი არ აქვს.
მაგრამ, გაუგებარია, იგივენაციონალებიდაევროპელი დემოკრატები”, ასევეგირჩიდა გიორგი ვაშაძისახალი საქართველოთუ რამ უნდა გააერთიანოს, ვინაიდან, ისინი დიდი ხანი არაა, რაც ერთმანეთს, მართალია, სკანდალების გარეშე, მაგრამ მაინც გაეყარნენ
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რომელსაც ახლა ადგილი აქვს იმ პოლიტიკურ ძალებში, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან აქტიურად არა მხოლოდ თანამშრომლობდნენ, არამედ აქტიურად უჭერდნენ მხარს? რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს განცხადებები გაერთიანების აუცილებლობის შესახებაც

- ადრეც ხშირად უთქვამთ და ახლაც გაიხსენეს, რომ „ძალა ერთობაშია“. ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ ეს პრინციპი არჩევნებში ყოველთვის არ ამართლებს. თქვენი მაგალითისა არ იყოს, „ნაციონალებს“ და „ევროპელ დემოკრატებს“ დღეს სხვადასხვა ამომრჩეველი ჰყავს, რომლისთვისაც მეორე პარტია მიუღებელია. ამ პარტიებმა თუ საერთო კანდიდატი წამოაყენეს, როგორც ერთის, ისე მეორის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი შეიძლება საერთოდ არ წავიდეს არჩევნებზე და ამომრჩეველთა რიცხვი გაზრდის მაგივრად შეიძლება შემცირდეს. გაერთიანება აზრს იძენს, თუ მოსახლეობისთვის კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტია და მისაღებია მისი კონკურენტი. ამგვარი სიტუაცია იყო 2012 წელს. დღეს ეს სიტუაცია არაა. საზოგადოების დიდ ნაწილში არც მმართველი პარტიაა მიუღებელი და არც ოპოზიციის მიმართ არის ნდობის მაღალი ხარისხი, მით უმეტეს – წინა ხელისუფლებასთან ადრე დაკავშირებული ოპოზიციის მიმართ. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ გაერთიანება ოპოზიციისთვის შედეგის მომტანი არ იქნება და ეს კიდევ უფრო დააგდებს მის რეიტინგს.

- თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა და ახლა თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებაზე უარი უთხრა. ოპოზიციას გაერთიანებაზე ასევე უთხრა უარიშენების მოძრაობისლიდერმა დავით უსუფაშვილმა. ბევრი მიზეზის გამო ორივეს უარი აბსოლუტურად გასაგებია.
ვითარებაში, როცა 62%- არ აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს, 37%- არც ერთი პარტიის სიმპათიები არ აქვს, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგად ქართულ პოლიტიკურ ველზე ახალი და ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურები გაჩდნენ. თუ პროცესები სწორედ ასე განვითარდა, თქვენ აზრით, პერსპექტივაში რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს?

- თქვენს მიერ მოტანილი პროცენტები იმის განმტკიცებაა, რასაც ზემოთ ვამბობდი პარტიების მიმართ საზოგადოების სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე. დიდია იმის ალბათობა, რომ ეს სკეპტიკური ხმების დიდი ნაწილი ელისაშვილისკენ წავიდეს, რაც მას მართლაც გადააქცევს უფრო მეტად ანგარიშგასაწევ ფიგურად. ვნახოთ, ეს ერთეული შემთხვევა იქნება, თუ რეგიონებშიც გახშირდება უპარტიო კანდიდატები. თუ მათი რიცხვი დიდი იქნა და თუ ისინი მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევენ, შესაძლებელია მივიღოთ ახალი ტიპის პოლიტიკური სინამდვილე. ჯერ ამ სიახლეზე მკითხაობა ნაადრევი მეჩვენება.

რაც შეეხება უახლოეს პერსპექტივას, იგი მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადია. ადგილობრივი თვითმმართველობა იმდენად არის დამოკიდებული ცენტრალურზე, რომ უპარტიომ ან ოპოზიციური პარტიიდან გასულმა თანამდებობის პირმა ან უნდა ითანამშრომლოს მმართველ პარტიასთან, ან დაუპირისპირდეს მას და შეამზადოს რევოლუცია. რევოლუციური დაპირებები ისმის უდუმაშვილისგან, რაც მისი პოლიტიკური პლატფორმიდან გასაგებია, მაგრამ ამ დაპირისპირებაში საზარბაზნე ხორცად გადაიქცევა მოსახლეობა.

- პატრიოტთა ალიანსმაშემოდგომაზე აქციები დაანონსა, რომელთა მოთხოვნა იქნებანატო-საქართველო-რუსეთის ფორმატის შექმნა, პირდაპირი დიალოგი კრემლთან და კანონისოკუპაციის შესახებგაუქმება. ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონშიოკუპაციის შესახებცვლილებების შეტანას აპირებს, მაგრამ რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირ დიალოგსა და საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის ფორმატში რუსეთთან დიალოგს, – ამგვარი რამ არ იგეგმება. ”პატრიოტთა ალიანსისლიდერების მტკიცებით, გარდა იმისა, რომ საქართველოს არაერთ ქალაქში შემოდგომისათვის დაგეგმილი მათი აქციები მრავალრიცხოვანი იქნება, ისინი ამ აქციების ფარგლებში შიმშილობის აქციების დაწყებასაც არ გამორიცხავენ. დაახლოებით 30 წლის წინ ქართველები რუსული ტანკების გაყვანის მოთხოვნით მართავდნენ აქციებს. თქვენი დაკვირვებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის შემდეგ რუსეთთან დაახლოების მოთხოვნით აქციების გამართვა პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოების ნაწილის რა თავისებურებებზე იძლევა მინიშნებებს?

- საბჭოთა ცხოვრებაზე ნოსტალგიის მქონე ადამიანები არიან, მაგრამ ცოტანი. მათი ნოსტალგიაც იმ ძალისა არაა, რომ დროს და შიმშილს გაუძლოს. თანაც, ქართული პოლიტიკური ინსტრუმენტების ნუსხაში აქციები წამყვანი აღარაა, რადგან ხალხის დაყოლიება პოლიტიკოსებს უჭირთ. მიუხედავად ამისა, მცირე ზომის აქციაც შეიძლება გამოადგეს რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას იმის საჩვენებლად მსოფლიოსთვის, რომ ოკუპაციის მიუხედავად, ქართველებს უნდათ რუსეთი. ხოლო ჩვენებისთვის ვიზუალური შთაბეჭდილების შექმნისთვის აქციები საუკეთესო საშუალებაა. იმედია, „პატრიოტთა ალიანსი“ დაფიქრდება ამაზე და არ მოისურვებს გახდეს რუსული პროპაგანდის ბრმა იარაღი.

რაც შეეხება პირდაპირი დიალოგის მოთხოვნას, რამდენიმე მცდელობა იყო. რუსეთში წასულმა ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ ჩამოიტანა ამბავი, რისი დათმობა შეუძლია რუსეთს ამგვარი დიალოგის შემთხვევაში. თუ რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს, რაც საჯაროდ არაერთხელ განაცხადა,საქართველოს მხრიდან პირდაპირი დიალოგის ინიციატივას აზრიც არა აქვს და, თან, ისევ რუსული პროპაგანდის წისქვილზე დაასხამს წყალს.

- პენსის თბილისში ვიზიტს პრეზიდენტმა პუტინმა აფხაზეთში ვიზიტით უპასუხა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დაიცავს აფხაზეთის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. თქვენ როგორ აღიქვით პრეზიდენტ პუტინის ბიჭვინთაში განხორციელებული ვიზიტი და იქ გაკეთებული განცხადებები?

- ადრეც იყო რუსულ პრესაში ლაპარაკი, რომ აფხაზეთში ბევრი პრობლემა დაუგროვდა რუსეთს და პუტინის ჩასვლა იქნება საჭირო. რუსეთს უყვარს ამერიკასთან ჯიბრი და ახლა პენსის ვიზიტს დაამთხვიეს პუტინის ვიზიტი, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის მოსათვინიერებლად უნდოდა, ალბათ, რუსეთს ეს ვიზიტი. რუს ტურისტებზე გახშირებული თავდასხმების მიზეზით გადაწყდა, რომ წესრიგსაც ერთად დაიცავენ აფხაზები და რუსები. ეს იმის გადაწყვეტასაც ნიშნავს, რომ მომავალში აფხაზებს დამოუკიდებელი შეიარაღებული ჯგუფები ლეგალურად აღარ ეყოლება და იარაღიან აფხაზ ჯარისკაცს და პოლიციელს განკარგავს რუსი. ამით რუსეთი გარანტიას იქმნის, რომ აფხაზები ვერ შეძლებენ რუსული პოლიტიკისთვის ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევას. პუტინის ამ ვიზიტით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა აფხაზების დამოუკიდებლობის შეზღუდვისთვის. მწარედ დასცინის ბედი აფხაზებს.

- მას შემდეგ რაც აშშ- პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საკმაოდ მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს ხელი მოაწერა, ცხადი გახდა, რომ რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას ევროპის გარდა ვაშინგტონიც გაამკაცრებს. თუ აშშ- ვიცე-პრეზიდენტ პენსის მიერ თბილისში გაკეთებულ განცხადებებსაც გავიხსენებთ, სულ უფრო ცხადად დავინახავთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში 2008 წელთან შედარებით სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია. მნიშვნელოვნად შეცვლილი მსოფლიოს პირობებში, უპირველესად მხედველობაში მაქვს რუსეთთან დაკავშირებით მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი მოთამაშეების დამოკიდებულების შეცვლა, თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული საზოგადოება?

- მართლაც, ძნელია საერთაშორისო ურთიერთობების ანალოგიური კონფიგურაციის გახსენება. ერთი ფაქტორიც განასხვავებს დღევანდელობას 2008 წლიდან. მაშინ რუსეთი ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა, დღეს იგი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ახალი სანქციები კიდევ უფრო დაამძიმებს ამ მდგომარეობას. ბევრი უცხოელი ექსპერტი შიშობს, რომ კედელთან მიყენებულმა რუსეთმა შეიძლება სადმე ომი გააჩაღოს იმისთვის, რომ მის მოსახლეობაში აღარ გაჩნდეს ეკონომიკური პრეტენზიები. ეს შიში საფუძვლიანია.

ჩვენ რუსული აგრესიის საფრთხე, ალბათ, არ გვემუქრება, რადგან რუსეთს ხანგრძლივი ომი ესაჭიროება, ხოლო საქართველოს ერთ საათში აიღებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ოღონდ, სხვისი დასარტყმელი ჯოხი რომ ჩვენ არ მოგვხვდეს, საჭიროა სიფრთხილე და მეთოდურად იმ კურსის გაგრძელება, რასაც ვადგავართ, რადგან თუ მომავალში რუსეთში სტაბილურობა მოირღვა, დასავლეთის მხარდაჭერა უფრო მეტად დაგვჭირდება.

ახალი თაობა“, 11 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას არ გამოვრიცხავ

პოლიტოლოგი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო გია, ცოტა ხნის წინ გუბერნატორების მოულოდნელი მოხსნა რეალურად რას შეიძლება უკავშირდებოდეს. შეიძლება ეს იყოს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან კავშირში? მაგალითად, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც გუბერნატორები საარჩევნო პროცესში უხეშად ერეოდნენ.

- ეს განცხადება, მარტივად რომ ვთქვა, ლოგიკურობის სრული ნონსენსია. ირაკლი კობახიძე ცდილობს, რომ პირდაბანილმა ილაპარაკოს, მაგრამ სწორედ ამაშია მისი განცხადების ნონსენსი და აგიხსნით, რატომ: ეს ნათქვამი ნიშნავს, რომ გუბერნატორები იმიტომ გაათავისუფლეს თანამდებობებიდან, არჩევნებში არ ჩაერიონ, მაგრამ გუბერნატორები არჩევნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში ერევიან, თუ ამის მითითება არის უმაღლესი ხელისუფლებიდან. ეს ხომ ყველამ იცის. ამიტომ ვამბობ, რომ ეს განცხადება ლოგიკას არის მოკლებული. შესაბამისად, ეს ფარისევლური რიტორიკა, ცხადია, არადამაჯერებელია.

რაც შეეხება რეალურ მიზეზს, აქ შეიძლება მიზეზი სწორედაც წინასაარჩევნო იყოს, მაგრამ სრულიად სხვა კუთხით: კონკრეტული გუბერნატორები, თავიანთ რეგიონებში მოსახლეობაში შეიძლება იმდენად დისკრედიტებულები იყვნენ, რომ ხალხის ზედმეტად გაღიზიანება რომ არ გამოიწვიონ და ხალხთან მისასვლელი პირი რომ ჰქონდეთ, ამისთვის შეიცვალნენ. ახალი გუბერნატორები ნაკლებად დისკრედიტებულები იქნებიან. მე ვფიქრობ, ეს არის მიზეზი. ისე, ირაკლი კობახიძისთვის თავდაყირა ლოგიკით არის საუბარი დამახასიათებელი. რასაც აკეთებს, იმას საპირისპირო არგუმენტაციით ფუთავს. `ჩემი, შენ გითხარის~ პრინციპით ცდილობს, ესა თუ ის გადაწყვეტილება შეფუთოს.

- შეიძლება უფრო მეტი სახელისუფლებო ცვლილებები ვიხილოთ, თუნდაც მინისტრთა კაბინეტში სწორედ წინასაარჩევნოდ?

- შეიძლება ვიხილოთ, შეიძლება არ ვიხილოთ. თუმცა, ეს არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი. ცდილობენ, რომ პირი დაიბანონ და არჩევნებში მაქსიმალურად ისეთი ხალხი ჩართონ, რომლებიც ნაკლებად არიან კომპრომეტირებულნი. ეძებენ `სუფთა ფურცლიდან~ ადამიანებს, რათა ახალი მოლოდინები და იმედები გააჩინონ ხალხში, მაგრამ ეს ხომ ბევრს არაფერს შეცვლის?! ცხადია, რომ არ შეცვლის. სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ იმდენად სახელისა და გვარის პრობლემა არ გვაქვს, რამდენადაც სისტემური ცვლილებების პრობლემა გვაქვს. მათ შორის ვგულისხმობ არჩევნებისადმი მიდგომის პრობლემას. დღეს ხელისუფლების რიტორიკა ასეთია: ერთი მხრივ – წავიდა ის დრო, როდესაც საარჩევნო პროცესებში ვიღაცები ერეოდნენ და, მეორე მხრივ, არ სრულდება ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება, მაგალითად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ასეთია მოცემულობა. გასაგებია, რომ ეს არის გადაულახავი წინააღმდეგობა.

- ბატონო გია, ამ არჩევნებთან დაკავშირებით ივანიშვილის პოზიცია გასაგებია. როგორც ჩანს, ის დისტანცირებას აპირებს. როგორი შეიძლება იყოს პრემიერ კვირიკაშვილის პოზიცია, რადგან ასეთი ხმებიც გავრცელდა, რომ თავის დროზე კვირიკაშვილი კალაძეს სთავაზობდა პარლამენტის თავმჯდომარეობას...

- გიორგი კვირიკაშვილი, ვერავის ვერაფერს შესთავაზებდა.

- რატომ?

- რადგანაც ქვეყანაში ასეთი სერიოზული საკითხების გადაწყვეტა მის კომპეტენციას სცილდება. კვირიკაშვილი თავისი რიტორიკით, ქმედებით მუდმივად ადასტურებს, რომ ის არ ერევა პოლიტიკაში. პოლიტიკა არ არის ის სფერო, სადაც მისი კომპეტენცია ვრცელდება. მისი ფუნქციაა, ისაუბროს სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე, სუფრაზე სადღეგრძელოები შესვას, ამ ბოლო დროს ისაუბროს რელიგიაზე და ცოტაც ეკონომიკაზე თავისი მოკრძალებული სიტყვა თქვას, გარდა ამისა, შეასრულოს საქორწილო გენერლის როლი, რომელსაც უცხოელი სტუმრების დახვედრისა და ხელის ჩამორთმევის კომპეტენცია აქვს.

რეალური პოლიტიკური საკითხები მას არ ეხება და სურვილიც არ აქვს. მხოლოდ ის კი არა, რომ ვიღაც ამას უკრძალავს – არა, თავად სურვილი არ აქვს და არც ამბიცია.

- ბატონო გია, სახელმწიფოს ხომ უნდა მართვა, მაშინ ვინ მართავს?

- დღეს კონსოლიდირებული ძალის ცენტრი არ არსებობს. პროცესი ისევ ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე დაყრდნობით მიდის. მიუხედავად იმისა, ერევა თუ არა პროცესში ბიძინა ივანიშვილი და საჯაროდ ჩანს თუ არ ჩანს, იმავე ინერციით, მისი ნიშნით მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. ნამდვილად იგრძნობა, ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი პროცესებისგან გარკვეულწილად დისტანცირებულია. ვხედავთ, რომ ხელისუფლება დეზორიენტირებულია. არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების ერთიანი ცენტრი. ამიტომაც ხდება ის მინიკრიზისები ბოლო პერიოდში, რომელიც ვნახეთ, თუნდაც რეპერების საქმე, ნარკოტიკების ჩადებისა და შემდეგ გამოშვების ფაქტი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დღისით, მზისით უცნაური გაუჩინარება. ეს ის ფაქტებია, სადაც ნამდვილად არ იგრძნობოდა ბიძინა ივანიშვილის ხელწერა. თუმცა, ივანიშვილი პროცესებისგან დისტანცირებული რომ არის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მასზე არ დგას ეს ყველაფერი.

ამომრჩეველმა ბიძინა ივანიშვილისგან რომ მოახდინოს `ქართული ოცნების~ დისტანცირება, მაშინ ეს პარტია შიგნიდანაც დაიშლება და არც არავინ ხმას არ მისცემს. შეიძლება ამომრჩეველს ბიძინა ივანიშვილი მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ მასში სტაბილურობის გარანტს ნამდვილად ხედავს. ამიტომაც არის ხალხის მთელი ორიენტაცია მასზე და სხვა არავისზე. `ქართულმა ოცნებამ~, როგორც პარტიამ, ვერ მოახერხა რეალური ლიდერების გენერირება, შექმნა.

ბიძინა ივანიშვილს `ქართული ოცნება~ ახლა ტესტირების რეჟიმში ჰყავს, ისე, როგორც ნებისმიერ მამას თავისი თინეიჯერი შვილი, რომელსაც აძლევს თავისუფლებას და აკვირდება, შეძლებს ის? ვფიქრობ, ეს ექსპერიმენტი მთლად კარგად არ მიმდინარეობს. ეს თინეიჯერი როგორი უმწიფარიც იყო, ისეთივე უმწიფარია, ხშირ შემთხვევაში დეგრადირებს კიდევაც.

- თუ ასეა, მაშინ რამდენად უშვებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სრულიად ღიად, საჯაროდ მოახდინოს ქართული ოცნებისგან დისტანცირება?

- არა, ამ შესაძლებლობას არ ვუშვებ, რადგან მამისა და შვილის მაგალითი ტყუილად არ მომიყვანია. არცერთი ქართველი მამა საკუთარ შვილს სახლიდან არ აგდებს. მე მეორე ვარიანტს უფრო ვუშვებ, შესაძლებელია, ბიძინა ივანიშვილი, უფრო სერიოზული კრიზისის ჩამოყალიბების შემთხვევაში, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდეს.

- თქვენ, როგორც ყოფილი მრჩეველი, დღეს ბიძინა ივანიშვილს ამ რეკომენდაციას აძლევთ?

- არათუ ვურჩევ, ეს არის ობიექტური აუცილებლობა. ეს გადაწყვეტილება სწორიც და სამართლიანიც იქნებოდა ხალხის მიმართ. ამ რეკომენდაციისგან თავს შევიკავებდი, საქმე მხოლოდ ერთ პარტიას რომ ეხებოდეს. საქმე ქვეყანასა და რამდენიმე მილიონ ადამიანს ეხება.

ახალი თაობა“, 11 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების შეცვლა არ სურს

„ახალი თაობის“ კითხვებს ყოფილი დიპლომატი, ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.

- ბატონო მამუკა, ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისა და პრაიმერის გზით ერთიანი კანდიდატის გამოვლენისკენ მოუწოდეთ, თუმცა ამას პარტიების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია. გიგი უგულავამ ისიც განაცხადა, რომ ისინი მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. რატომ არ წამოვიდა ოპოზიცია ამ ინიციატივაზე?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ძალიან ლოგიკურია. აქ არის ერთი ასეთი მომენტი: ერთია, როდესაც შენ გადიხარ მარტო არჩევნებზე და შემდეგ იმის იმედით, რომ მეორე ტურში ვიღაცა გავა, იმას მისცემ ხმას და ასე შემდეგ… ისტორია გვიჩვენებს, რომ არცერთხელ მეორე ტურში გასულ არცერთ კანდიდატს, რომელიც პირველ ტურში დამარცხდა, არ მოუგია!

ყოველთვის იგებს ის, ვინც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. ყველა ვარიანტში ეს დამარცხების ტოლფასია, თან ყველამ კარგად ვიცით, ეს ის ხელისუფლება არ არის, რომელიც უარს იტყვის ისეთ ხერხებზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსი. შესაბამისად, ოპოზიციას აქვს ძალიან მცირე შანსი.

- იქნება კი მეორე ტური?

- ესეც საკითხავია, შესაძლოა მეორე ტურამდე სულაც არ მივიდეს საქმე, სათუოა, იქნება თუ არა მეორე ტური. ისიც საკითხავია, მეორე ტურში რომელი ოპოზიციონერი გავა, ეს იქნება ელენე ხოშტარია თუ ზალიკო. ჯერჯერობით ყველაზე კარგი მაჩვენებელი ალეკო ელისაშვილს აქვს.

- როგორც ცნობილია, ის პრინციპულად არ აპირებს, შეუერთდეს რომელიმე ოპოზიციურ ძალას...

- დიახ, ასეა. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ვთქვათ, გაიმარჯვა ზალიკომ, მას ელისაშვილის ხმები დააკლდება. ელისაშვილის მომხრეები მას ხმას არ მისცემენ. რეალურად უკვე წინასწარ გადაწყვეტილია მეორე ტურის ბედიც. ამიტომ, რასაც ჩვენ ვთავაზობდით, ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური. ჩვენ ვთავაზობდით, მოდით, ყველა გავერთიანდეთ, შევქნათ მთლიანობის შეგრძნება, სინერგიის ეფექტი. ყველაზე მეტი საშიშროება არის ის, რომ ხალხს არ უყვარს ადგილობრივ არჩევნებზე მოსვლა. როდესაც არ იქნება დიდი აქტივობა, უფრო დიდი შანსი იქნება იმისა, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს. შესაბამისად, ამ გაერთიანებით შესაძლებელი იყო რაღაცა ინტერესის გაძლიერება ხალხში. რაც მთავარია, ხალხს იმედი გაუჩნდებოდა. ეს უარი კი ჩემში სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

- რა კითხვებს იწვევს ოპოზიციის უარი?

- მე მაქვს კითხვა – გვაქვს თუ არა მიზნად ხელისუფლების შეცვლა?! გვინდა ხელისუფლების შეცვლა თუ არ გვინდა?! ის, ვინც არ მოდის ამაზე ან უბრალოდ ვერ ხვდება ამ გაერთიანების შინაარსს, ან გვაქვს ის მდგომარეობა, რომელიც ახლაა, პირველი ოპოზიციონერის, მეორე ოპოზიციონერისა და მესამის რაღაცა საეჭვო სტატუსი და ამ სტატუსით კმაყოფილია. ის ხელისუფლების შეცვლაზე არ ფიქრობს. მე ეს მოსაზრება მიჩნდება.

- ანუ თუ მეორე ტური გახდა საჭირო, შესაძლოა მეორე ტურში კახა კალაძე და ალეკო ელისაშვილი ვიხილოთ?

- ჩვენ რაც ვნახეთ „ენდიაი“-ს კვლევები, შესაძლოა იქ არის გარკვეული ცდომილება, მაგრამ ეს კვლევები დღესდღეობით აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურ კანდიდატებში აქვს ელისაშვილს. მართალია, ჯერ კიდევ არ დასახელებულა ყველა კანდიდატი, ჯერ კიდევ წინ არის, როგორი იქნება წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა დღევანდელი შედეგებით ასეა.

- იმ ოთხ სუბიექტს, რომლებიც ერთად აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას, ერთიანი მერობის კანდიდატი გეყოლებათ?

- ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით, ერთიანი კანდიდატი გვყავდეს. ჩვენ დავაანონსეთ გაერთიანების შექმნა. მომავალ კვირაში საზოგადოებას მოვახსენებთ ამ ერთობის მიზნებსა და გეგმებს, გავაკეთებთ პრეზენტაციას, ერთიანი კანდიდატის წარდგენას და ასე შემდეგ.

- ითქვა, რომ ამ გაერთიანების კანდიდატად გიორგი ვაშაძე მოიაზრება. ასეა?

- სამწუხაროდ, ჩვენ პრაიმერს ვერ ჩავატარებთ შიგნით. უბრალოდ, ეს უაზრობა იქნება. ყველაზე დიდი რეიტინგი მართლა ვაშაძეს აქვს და, აქედან გამომდინარე, ალბათ ვაშაძე იქნება. დიდი ალბათობით, ასე იქნება.

- დიდი სამზადისი აქვს ოცნებასო, მიმდინარეობს გუბერნატორების, რწმუნებულების ცვლა. ეს ყოველივე რასთან არის დაკავშირებული? რას გეგმავს ოცნება?

- როგორც ჩანს, უფრო ერთგული ადამიანების დანიშვნა უნდათ, ისეთი ადამიანების, რომლებიც ადგილებზე არჩევნების დროს შეძლებენ, მაქსიმალურად მათთვის გამოსადეგნი იყვნენ.

- რეგიონებში შედარებით უჭირთო. თქვენც ასე ფიქრობთ?

- მე არ ვფიქრობ ასე. რეგიონებშიც მშვენივრად აქვთ მომზადებული ყველაფერი. იცით, რაშია საქმე? აქ არის ერთი ძალიან მარტივი რაღაც: ადგილობრივ არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი არის ძალიან მძლავრი იარაღი, ბევრად უფრო მძლავრი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე. ამ ადგილებზეც წარდგენილი იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული რესპექტი აქვთ საზოგადოებაში. წესით, არ გაუჭირდებათ. ისიც მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი ყოველთვის ცდილობს, ხელისუფლებას დაუდგეს მხარში. ამიტომ მე არა მგონია, ხელისუფლებას საერთოდ სადმე გაუჭირდეს.

- თბილისზე რას იტყვით?

- რაც შეეხება თბილისს, თბილისში მართლა ძალიან ძლიერი კანდიდატი ჰყავთ, ადამიანი, რომელმაც კარგად იცის პიარის ანაბანა, მშვენივრად, ბევრად უკეთ, ვიდრე სხვა კანდიდატებმა. პოპულარულია ეს ადამიანი საზოგადოებაში და ამის არდანახვა არ შეიძლება! მე ეს მომწონს თუ არ მომწონს, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, ძალიან ძლიერი კანდიდატია.

ახალი თაობა“, 11 აგვისტო, 2017 წელი

რატომ მფარველობს ქართული ოცნება ზვიად გამსახურდიას მკვლელებს?

ინტერვიუ ცოტნე გამსახურდიასთან: „ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას ეს ძალიან ძვირად დაუჯდება“ // პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე სტრასბურში წავა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება 24 წელზე მეტია გრძელდება. ამ პერიოდში ქვეყანამ რამდენიმე მთავრობა გამოიცვალა, მაგრამ საქმის გამოძიებას საშველი არ დაადგა.

ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ გასაგები მიზეზების გამო ამ საქმის გამოძიება არ ისურვა. პირველი პრეზიდენტის საქმის გახსნის დიდი სურვილი არც ნაციონალებს ჰქონიათ. წინამორბედებს არც „ქართული ოცნება“ ჩამორჩა და ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე კვლავ თაროზე დარჩა შემოდებული. 2015 წელს საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. ამის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებას საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია. ამის გარდა, პროკურატურა უარს აცხადებს, გამსახურდიას ოჯახის წევრები გარდაცვლილის უფლებამონაცვლედ ცნოს.

ცოტნე გამსახურდია უკვე წლებია ითხოვს, მამის მკვლელობის საქმეში დაზარალებულად ცნონ, რაც მას საშუალებას მისცემს, საქმეში არსებულ მასალებს გაეცნოს. მართალია, ბრძოლას აგრძელებს, მაგრამ ცოტნე გამსახურდიას იმედი აღარ აქვს, საქართველოში სამართალი იპოვოს.

რატომ აპირებს სტრასბურში წასვლას, რატომ ჭიანურდება ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება, საქმის რა დეტალებია ოჯახისთვის ცნობილი, რას ყვებიან მოწმეები, რა პირობა მისცა ბიძინა ივანიშვილმა? ამის შესახებ „ახალ თაობას“ ცოტნე გამსახურდია ესაუბრება.

„რამდენიმე წლის წინ თავად ბიძინა ივანიშვილი შემპირდა, რომ ამ საქმის გამოძიებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკური ციკლებიდან გამომდინარე, გვატყუებდნენ – მთავარი პროკურატურა პერიოდულად აქტიურდებოდა, გვიქმნიდნენ ცრუ მოლოდინებს. სხვათა შორის, გვაშანტაჟებდნენ კიდევაც, გვთხოვდნენ, რომ ჩვენი ადვოკატები მათთვის სასურველი ადვოკატებით ჩაგვენაცვლებინა. ითხოვდნენ, რომ ამ საქმეზე საჯაროდ პროტესტის გამოთქმა შეგვეწყვიტა“, – ამბობს ცოტნე გამსახურდია.

- გვაშანტაჟებდნენო, ამბობთ და ცოტნე გამსახურდიას დაშანტაჟება ასეთი ადვილია ვითომ?

- ადრე ვერ ხვდებოდნენ, რომ ჩემთან ეს მეთოდები არ გამოუვიდოდათ, ახლა მიხვდნენ, ვისთანაც აქვთ საქმე. ფაქტი ის არის, რომ ეს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე თაროზეც არ არის შემოდებული. დღეის მდგომარეობით, არანაირი უფლებები არა გვაქვს, არ შეგვიძლია, საგამოძიებო ქმედებების საქმის კურსში ვიყოთ, დავიცვათ ჩვენი კანონიერი უფლებები. ამას მათ პირდაპირ ავალდებულებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ასევე ევროსასამართლოს პრაქტიკა. მოგეხსენებათ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც.

ჩნდება კითხვა, რატომ არ აწყობთ ამ საქმის გამოძიება. აქ მე ერთი პასუხი მაქვს: როდესაც რაღაცას არ იძიებენ, შესაბამისად, რაღაცას მალავენ.

- თქვენი აზრით, რას ან ვის მალავენ?

- მალავენ ამ საქმის შემსრულებლებს, გარკვეულ დაჯგუფებებს, რომლებთანაც დღემდე მჭიდრო კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. მე ვგულისხმობ შევარდნაძის დროინდელ ფინანსურ და პოლიტიკურ ე.წ. ელიტებს. სწორედ მათ აფარებენ ხელს. ხელის დაფარება მიდის რუსეთის სპეცსამსახურებზეც, რომელთა აქტიური მონაწილეობითაც განხორციელდა ეს ყველაფერი. ჩვენ არაოფიციალურად ვიცნობთ ამ საქმეს და ვიცით, რა დევს იქ. იქ დევს საშინელი მტკიცებულებები. ამის მიუხედავად, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისა და მისი მიმდინარეობის არანაირი უფლება არა გვაქვს.

- რა მტკიცებულებებზეა საუბარი?

- საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება და სამხილი იმისა, რომ ეს იყო მკვლელობა. იქ არის ტერორიზმის ფაქტებიც – ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლების ცოლ-შვილის მძევლად აყვანა, მათ კვალზე გასვლის მიზნით. არის მკვლელობები, ცხედრების განადგურება, უამრავი სხვა დანაშაულია. ესენი კი ამას არ იძიებენ, არ ატარებენ შესაბამის ექსპერტიზას და არ ითვალისწინებენ ალტერნატიული ექსპერტიზის მიწოდებულ დასკვნებს. მოკლედ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს საქმე დაიშალოს.

- ხელისუფლებისთვის ის ფაქტი არაფერს ნიშნავს, რომ საქმე ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობას ეხება? შესაძლოა ზვიად გამსახურდია არ მოგწონდეს, მაგრამ ამ საქმის გამოძიება ქვეყნისთვის პრესტიჟის საკითხია...

- რა თქმა უნდა, ეს მათთვის არაფერს ნიშნავს. როცა პირველი პრეზიდენტის საქმეზე ასეთი ამბავია, რომელი სხვა საქმის გამოძიების იმედი უნდა გქონდეს. სამართლებრივი წყობა ჩვენ არა გვაქვს და საქმის გამოსაძიებლად აუცილებელია პოლიტიკური ნება.

- ამ საქმის გამოძიების პოლიტიკური ნება არ არის, მაგრამ რატომ არ აქტიურობს საზოგადოება, ხალხი რატომ არ არის დაინტერესებული, რომ პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე გამოიძიონ?

- მე ვერ ვიტყვი, რომ ეს საქმე ყველასთვის სულ ერთია. ხალხი ითხოვს ამ საქმის გამოძიებას.

- თუმცა ამ მოთხოვნით მე ქუჩაში გამოსული არავინ მინახავს. არადა, ძალიან ბევრ საკითხზე გამოდიან ქუჩაში...

- საზოგადოების მოტივებზე ვერ ვილაპარაკებ, ახლა ამაზე საუბარი საჭიროდ არ მიმაჩნია. ჩვენი საზოგადოება რომ უფრო ადრე გამოსულიყო ქუჩაში, უფრო ადრე დაეცვა თავისი უფლებები, უკეთესი იქნებოდა. ჩვენ ერთი რამე ვერ გაგვიგია, რომ სხვისი უფლებების დაცვა საკუთარის დაცვასაც ნიშნავს. მე, პირადად, მთელი ცხოვრება ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. როდესაც ხმას არ იღებ, როცა ხედავ, რომ სხვას სახელმწიფო მანქანა ცუდად ექცევა, მერე ნუ გაგიკვირდება, თუ თავადაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდები.

- თქვენმა ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმე ევროსასამართლოში წავა. აქ სიმართლის პოვნის იმედი აღარ გაქვთ?

- როცა აქ ყველა ინსტანციას მოვივლით, საქმე აუცილებლად წავა სტრასბურში. ივანიშვილის პროკურატურა და სუსი, გარდა იმისა, რომ ამ საქმეს არ იძიებენ, საქმის დაშლას ცდილობენ. გითხარით, რომ არაოფიციალურად ვიცნობთ ამ საქმეს და გვაქვს გარკვეული მასალები, გვაქვს ამონარიდები და ამონაწერებიც, რასაც საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდი ხოლმე. წინასწარ მინდა იცოდეთ, რომ იქ უმძიმესი ეპიზოდებია.

ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, ეს იყო სწორედ მკვლელობა და დევნის ოპერაცია. ეს ოპერაცია შევარდნაძის ბანდებმა და რუსეთის სპეცსამსახურებმა ერთობლივად ჩაატარეს. ამის დასამტკიცებლად აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება არსებობს, უბრალოდ, პროკურატურა იგნორირებას გვიწევს.

მიმდინარე წელს მთავარ პროკურორს მეხუთედ მივმართე. ეს მიმართვები მის კაბინეტშია, მაგრამ საქმის წარმოება დღესაც არ არის მიწერილი საქმის წარმოება პროკურორზე, რის შემდეგაც ისინი ვალდებული არიან, 48 საათში გაგვცენ პასუხი.

ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი სიტუაციაა, რომ საქართველოში სამართლის პოვნა შეუძლებელია. ამიტომაც ბრძოლა გაგრძელდება ევროსასამართლოში. ძალიან, ძალიან ძვირი დაუჯდება ბიძინეს და მის გოშიებს ეს ყველაფერი.

Comments are closed