globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 11 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 11th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთს სირიაში ჯარის გადასასროლად საქართველოს გავლით სახმელეთო გზა დასჭირდება“

რეზონანსი: უსაფრთხოა თუ არა თურქეთის კურორტები ქართველებისთვის? // ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ ალანიაში მომხდარ ინციდენტს ქართული მედია ზედმეტად მწვავედ აშუქებს

„საერთო გაზეთი“: ინტერვიუ ზურაბ ხონელიძესთან: ბედისწერით ნაკარნახევი საქართველოს არჩევანი

———————-

„რეზონანსი“, 11 სექტემბერი, 20„15 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: რუსეთს სირიაში ჯარის გადასასროლად საქართველოს გავლით სახმელეთო გზა დასჭირდება

სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ “რეზონანსის“ ჟურნალისტ ელზა პაპოშვილთან ინტერვიუში სირიის ომზე და მასში რუსეთის მონაწილეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ ომში ღიად ჩართვა გადაწყვიტა, რაც დასავლეთისა და თურქეთის დაბნეულობას გამოიწვევს.

გთავაზობთ შემოკლებით:

“რუსეთი ასადის ხელისუფლებას იარაღით უკვე ერთი წელია ამარაგებს და ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. კრემლი ამაზე თავად საუბრობს. ისინი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დიდი პარტიის გადასროლას ირანის მეშვეობით ახორციელებენ. კრემლს სირიაში ასევე გაგზავნილი ჰყავს გემები, რომლებიც იქ რუსეთის ჯარის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ეს ოფიციალურად, მაგრამ არაოფიციალურად რუსმა არტილერისტებმა ლატაკის პროვინიაში შექმნეს ახალი სამხედრო ბაზა, რომელიც მუდმივი და ბრძოლისუნარიანია, რომელიც საბრძოლველად მუდმივ მზადყოფნაში იქნება“.

“ბაშარ ასადის ოპოზიციამ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს რუსული ბომბდამშენები სირიის საჰაერო სივრცეში – რა თქმა უნდა, პუტინი ყველანაირი შეიარაღების გამოყენებას აპირებს. მას ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. ის ნატოსთან ფაქტობრივად ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფება. სახეზე გვაქვს უკვე ღია დაპირისპირება. ეს არის ჯერ მხოლოდ ცივი ომის ფორმაში და ღმერთმა არ ქნას, რომ ცხელი ომის რეჟიმში გადავიდეს. მაგრამ პუტინი რამე სახის ვალდებულებას დასავლეთის მიმართ არ გრძნობს და შესაბამისად მათ არაფერში ანგარიშს არ გაუწევს. რუსებმა კარტები უკვე გახსნეს, რადგან თურქეთმა პირდაპირი ინტერვენცია განახორციელა სირიაში და ახლა უკვე ერაყში. შესაბამისად, ასადს ფიზიკური განადგურების რეალური საფრთხე შეექმნა და მისი თანამდებობიდან ჩამოგდების საშიშროება გაჩნდა. რუსეთმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ირანის ჩართულობა არ არის საკმარისი, რათა თავიანთი მხარდაჭერა ასადის მიმართ დააფიქსირონ“.

“ამერიკამ უკვე მიიღო ზომები და ნატოს ეგიდით სერბეთისა და ბულგარეთის საჰაერო სივრცე გადაკეტა. აქედან გამომდინარე. რუსეთს საჰაერო ფრენის საშუალება აღარ მიეცემა და სირიაში იარაღის გადასროლას ვეღარ შეძლებს. ალბათ ყველას ახსოვს, როდესაც ვამბობდი, რომ რუსეთი საოკუპაციო ზოლს თბილის-გორის ტრასასთან რომ აახლოებს, ეს სწორედ სირიის ფაქტორს უკავშირდება-მეთქი – მაშინ ყველა ფიქრობდა, რომ მე აბსურს ვსაუბრობდი. ახლა რუსეთის ღია ჩართვამ ჩემი ნათქვამი დაადასტურა, რომ რუსეთს სახმელეთო სატრანზიტო გზა სჭირდება, ამიტომაც მთელი აქცენტი საქართველოზე გადმოვა. სწორედ ამიტომაც არის, რომ რუსეთი სამხერო რკინიგზას აკეთებს, რომელიც ენგურის ხიდამდე უნდა მივიდეს, ხოლო ენგურიდან უკვე ზუგდიდი-თბილისი ხაზი არსებობს“.

“პუტინი ძალიან ჭკვიანურად თამაშობს და მაღალ დონეზე მანევრირებს – ის დასავლეთს ფაქტის წინაშე აყენებს, ხდება საერთაშორისო კოალიციის წევრი და ამ კუთხით ცდილობს მათთან რაღაც გარკვეული ურთიერთობების დამყარებას.ამით ის მათ ეუბნებათ – თუ ჩვენ სქართველოსა და უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება გვაქვს, მეორე მხრივ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში საერთო ინტერესები გვაქვსო. თუმცა აქაც განსხვავებაა იმ მხრივ, რომ პუტინი ასადის მომხრეა, ხოლო აშშ მის ჩამოგდებას ცდილობს. მაგრამ “ისლამურ სახელმწიფოსთან” მიმართებით კონსენსუსი გააჩნიათ. ამიტომაც რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი “მეორე ფრონტი” იხსნება – ერთი არის ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე არსებული დაპირისპირების კერა, ხოლო ახალი ფრონტი აღმოსავლეთშია ანუ სირიაში”.

“რუსების მხარეს დაიკავებენ ქურთები, რადგან მათ ასადის ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობა აქვთ – ქურთების მუშათა პარტიას სამხედო დახმარებას ასადი უწევდა. პუტინმა თუ ისინი არაფერში გამოიყენა, ის მაინც ეცოდინება, რომ ხელს არ შეუშლიან. თუმცა თუ დასჭირდა, მათ გამოყენებას აუცილებლად შეეცდება თურქეთისა და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყანა კი პუტინს სირიაში ჯარის და სამხედრო ტექნიკის გადასასროლად დასჭირდება. მით უმეტეს, რომ ნატომ საჰაერო კორიდორი სირიის მიმართულებით რუსეთს უკვე გადაუკეტა”, – მიიჩნევს მაისაია და შეკითხვას – “როგორც თქვით, რუსეთს სირიაში აუცილებლად დასჭირდება სახმელეთო სატრანზიტო გზა – საქართველო-სომხეთი-ირანი-სირია. როგორ ფიქრობთ, აშშ თბილისს ურჩევს, რომ რუსეთმა ამ გზით ისარგებლოს და საქართველოს ხელისუფლებამ რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას?”.

“მე არ ვიცი, ამაზე პასუხი არ მაქვს. დამერწმუნეთ, რომ თავად ამერიკამაც არ იცის, ამ შემთხვევაში რა ქმედებას განახორციელებს. ეს საკითხი ამ ეტაპზე ღიაა. მაგრამ თუ ასეთი მოთხოვნა რუსეთის მხრიდან იქნება, ეს ფაქტობრივად ამერიკის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას ნიშნავს. როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენა არ მაქვს. ფაქტია, რომ რუსეთს სატრანზიტო გზა დასჭირდება. კი, მართალია, კასპიის ზღვით ჯარის გადასროლა შეუძლიათ, მაგრამ ეს ძალიან ძვირი ფუფუნება იქნება. ძალიან დიდი თანხებზეა საუბარი, რაზეც პუტინი და მისი გარემოცვა არ წავა”.

რეზონანსი“, 11 სექტემბერი, 20„15 წელი

უსაფრთხოა თუ არა თურქეთის კურორტები ქართველებისთვის?

ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ ალანიაში მომხდარ ინციდენტს ქართული მედია ზედმეტად მწვავედ აშუქებს

სტატია ეხება თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში ნაციონალისტებსა და ქურთებს შორის მომხდარ შეტაკებას და ამ ფონზე იქ მყოფ ქართველი ტურისტების მდგომარეობას. გამოთქმულია პროგნოზები და ვარაუდები (ავტორი – გვანცა ღვედაშვილი).

ქართული ტურისტული კომპანიები აცხადებენ, რომ თუ ალანიაში მყოფ ქართველ ტურისტებს საფრთხე დაემუქრებათ, ისინი მათ უკან დაბრუნებას უპრობლემოდ უზრუნველყოფენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.

ალანიაში მომხდარ შეტაკებაზე „რეზონანსთან“ კომენტარს აკეთებს კავკასიის საკითხების ექსპერტი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, ქართველი ტურისტებისათვის ისეთი ნაცნობი ადგილები, როგორებიცაა ანტალია, ალანია და სხვა კურორტები, საფრთხეს არ წარმოადგენენ. იგი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ქართულმა მასმედიამ გადაჭარბებულად მწვავედ გააშუქა.

„თურქეტში ქართველი დამსვენებლებისათვის ისეთი ცნობილი ადგილები, როგორებიცაა ანტალია და ალანია, ქურთების განსახლების ძირიტადი არეალი არ გახლავთ. მართალია, ქურთები იქ ცხოვრობენ და გარკვეულ ბიზნესსაქმიანობასაც ეწევიან, მაგრამ ისისნი დიდი რაოდენობით არ არიან და ამიტომაც თურქი ნაციონალისტებისადმი ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევისაგან თავს შეიკავებენ.

ქურთები ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ – დიარბექირის პროვიციაში. სწორედ აქ ხდება შეიარაღებული დაპირისპირება თურქეთის ხელისუფლებასა და ადგილობრივ ნაციონალისტურად განწყობილ ორგანიზაციებს შორის. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ქურთისტანის ტერიტორიაზე გადის ყველა ის მილსადენები და მაგისტრალები, რომელთა მეშვეობითაც კასპიის ნავთობისა და გაზის ექსპორტი ხდება (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-არზრუმია). არცთუ ისე იშვიათად ხდება ტერორისტული აქტები, დივერსიები. ამას წინათ ბაქო-თბილისი-არზრუმის გაზსადენიც აფეთქდა. ამ მხრივ, ბუნებრივია, ასეთმა მოვლენებმა შეიძლება საქართველოს ეკონომიკაც დააზარალოს“, – ამბობს მამუკა არეშიძე. მისივე თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირებები საქართველოდან ჩასულ ტურისტებს ნაკლებად ეხებათ, მაგრამ იგი მაინც მოუწოდებს ქართველებს, რომლებიც იქ გამგზავრებას აპირებენ, თავი აარიდონ კონფლიქტებს და დაპირისპირებას.

თურქეთის ამბებთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ოფიციალური განცხადება გააკეთა. საელჩო მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ თურქეტში საქართველოს საელჩოს.

„საერთო გაზეთი“, 10-17 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ზურაბ ხონელიძესთან: ბედისწერით ნაკარნახევი საქართველოს არჩევანი

თამარ შველიძე

„საერთო გაზეთის“ სტუმარია კონცეფცია „სამხრეთ-კავკასია – გეოპოლიტიკური სივრცის“ („რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატის“) ავტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე:

– ბატონო ზურაბ, რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნა. მისი თქმით, მხოლოდ ერთი მიმართულებით – დასავლეთის გარდა, ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთში მიმდინარე ახალ პროცესებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამ საკთიხზე განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. თქვენ როგორ შეაფასებთ აღნიშნულს?

– შეგახსენებთ გამონათქვამს: „ხანდახან ადამიანებს არ სურთ სიმართლის მოსმენა, რადგან არ სურთ ილუზიები დაემსხვრეთ“. იქნებ, იმიტომ, რომ ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. ბატონი კვირიკაშვილის მოსაზრებაში დავინახე, რომ მან, პოლიტიკური დღის წესრიგის შეუცვლელად მთლიანობაში, ლოგიკურად წარმოიდგინა ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. ამასთან, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გადაკვეთაზე ჩამოყალიბებული ახალი პარადიგმული მიდგომა ჩვენს ევროოპიმიზმს ცალსახად ამართლებს. პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბუნებრივია ვიზიარებ ქვეყნის ორიენტირს – ევროინტეგრაციას, როგორც მოდერნულობის წყაროს, ცივილიზაციის განვითარების არეალს, პროგრესის, პოლიტიკური სოც-ეკონომიკური ალტერნატივებისა და ადამიანის უფლებების მედროშეს. მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური, რეგიონული და კულტურული გეოეკონომიკური იდენტიფიკაცია კვლავ პრობლემად რჩება. თუ ამ რეალობას უარვყოფთ, მაშინ ჩვენთვის ჭეშმარიტება არ იარსებებს. ისიც აშკარაა, რომ ფიზიკური გეოგრაფიის პოზიციიდან, პატარა ევროპა შეზრდილია გიგანტურ აზიასთან და ევრაზიის კონტინენტს ერთად ქმნიან თავისი ორი კონტინენტური ნაწილით ევროპითა და აზიით. უნდა დავინახოთ ეს მთლიანობა და ცხოვრებას ჰარმონიულად ასე ვაქცევთ, სხვაგვარად ყოველთვის გაუცხოებული დავრჩებით. განგებამ საქართველოს ევრაზიის კარიბჭის ადგილი მიუჩინა, იმ ევრაზიის კონტინენტისა, რომელიც ბატონმა გიორგიმ იგულისხმა და რომელიც მსოფლიოს გეო-პოლიტიკური ღერძია. სწორედ, ევრაზიის დამაკავშირებელი ხიდის, მისი გასაღების ფუნქციამ საქართველოს ისტორიული ბედი ძირეულად განსაზღვრა. შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ეს მოსაზრება, ჩვენი მუდმივი მოცემულობა? რა თქმა უნდა, არა. თვით დასავლეთისთვის საქართველო მისაღები და მიმზიდველია საერთო ფასეულობათა სისტემისა და ამ მდგომარეობისადმი გვაქვს კი უფლება უარვყოთ აღმოსავლეთი ჩვენი საერთო ისტორიული ფესვებიდან გამომდინარე? – რა თქმა უნდა, არა! მივესალმები საგარეო უწყების პირველი პირის პოზიციას, რომელიც ნაკარნახევია მაღალი კომპეტენციით, სტრატეგიული აზროვნებით, ობიექტური აუცილებლობით და რაც სისტემური ხედვის დამკვიდრებისა და ამ თვალსაზრისით, აზროვნების მოწესრიგების წარმატებული მცდელობაა.

– ბატონო ზურაბ, თქვენ, საქართველოს უახლეს ისტორიაში გავითარებული მოვლენების არამხოლოდ ერთ-ერთი მონაწილე არამედ, ის გამონაკლისი დიპლომატი და მეცნიერ-პრაქტიკოსი ბრძანდებით, რომელიც ქვეყანას შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავალს სთავაზობს. თქვენი პროექტი, რომელიც რეგიონალური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ეფუძნება, „ხონელიძის პრ0ექტითაა“ ცნობილი, რომლის წარდგენასაც ამჯერად საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ რეგიონში სამეგრელო-ზემო სვანეთში გეგმავთ. როგორია თქვენი მოლოდინი?

– დიახ, 80-იანი წლების მიწურულიდან დღემდე არაერთი ტრაგიკული პროცესის მონაწილე გავმხდარვარ, თანაც, არა როგორც უბრალო დამკვირვებელ, ნეიტრალურ პოზიციაზე მყოფი მეთვალყურე, არამედ ადამიანი, რომელიც არსებული თუ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ უმაღლეს ხელისუფალთ ყოველთვის ვაფრთხილებდი, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ვთავაზობდი, რომელიც სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებებმა ყურად არ იღეს. ამიტომ, ქვეყანაში ახლადჩამოყალიბებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩავთვალე – ჩემი ნააზრევი სახელისუფლოდან საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამომეტანა, საერთო განსჯის საგნად მექცია, რათა გამოსავლის ძიებაში ხელისუფლებაც და საზოგადოებაც უფრო აქტიურად იყოს ჩართული. ამ მიზნის რეალიზაციას ემსახურებოდა დღემდე გამართული ყველა შეხვედრა დაწყებული საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიიდან, უმაღლესი სასწავლებლების, ბათუმის და ჩემი მშობლიური ქალაქ ფოთის ჩათვლით. ამჯერად, პროექტს სამეგრელოს გულში, ქალაქ ზუგდიდში წარვადგენ. რატომ ზუგდიდში? – არა მგონია აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს, მითუმეტეს, მათთვის ვისაც ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირების პროცესში სამეგრელოს ისტორიული როლი, მნიშვნელობა და ფუნქცია ესმის.

– ბატონო ზურაბ, გავიხსენოთ, როგორ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის აღდგენა, მას შემდეგ რაც საბჭოთა იმპერიიდან გამოვედით, კანონის მიზანმიმართული უგულველყოფით ხომ? განდევნეს კანონიერი ხელისუფლება, რითაც წონასწორობა დავარღვიეთ და დღემდე ამ გზით მივდივართ. დარღვეული წონასწორობის საფუძველზე კი სახელმწიფოს შენება დავიწყეთ, შედეგად უკარო, უსაზღვრო, უფანჯრო სივრცეში აღმოვჩნდით. სად იმალება პრობლემის გასაღები, რატომ ვერ ვითარდება ქართული სახელმწიფო?

– შეგახსენებთ, საბჭოთა რეჟიმის 25 წლიანი უსისტემო დემონტაჟის შედეგებს: მეტიც, ქვეყანამ შიდა და გარე დესტრუქციული ძალების ქმედებით ნგრევა განიცადა, საზოგადოებამ – დეგრადაცია, ტრადიციულმა ღირებულებებმა – დევალვაცია, დაიკარგა სახელმწიფო ტერიტორიის საუკეთესო 1/5, დაახლოებით, 1/10 საკუთარი მიწაწყლიდან განდევნილი და სამშობლოში იძულებით გადაადგილებულ პირად, დევნილად იქცა. საერთო მოსახლეობის 1/3-მა ქვეყანა დატოვა, ხოლო დარჩენილის 2/3 სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ყოველი მეორე ადამიანი უმუშევარია. საზოგადოებაც დაბნეულია. ფაქტობრივად, გარდამავალი, ანუ დეპრესიული პერიოდი გაგვიხანგრძლივდა. მეიც, ახალი ქართული სახელმწიფო ვერ შედგა. აი, ასეთი მძიმე მემკვიდრეობა ერგო დღევანდელ ხელისუფლებას.

– შექმნილი მდგომარეობიდან რა საშველს ხედავთ? და სადაა საშველი?

– პასუხის გაცემის მცდელობა იმით უნდა დავიწყოთ, თუ ვინ რას გულისხმობს საშველის დადგომაში. ქვეყნისთვის და ქართველი კაცისთვის საშველი სხვა რამეს ნიშნავს, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიდი ნაწილისთვის კი სხვას. მაგრამ სად არის ამ გლობალურ სამყაროში თავად ქვეყნის ადგილი – ვერც ერთი ვერ დაკმაყოფილდა. არ არსებბს უპასუხო კითხვა, ოღონდ, გააჩნია ვინ უპასუხებს ამ კითხვას. მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებებს: პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის ზღურბლზე საქართველოს ვერცერთმა ხელისუფალმა ქვეყანას თავისი ბუნებრივ-ისტორიული ფუნქციის შესაფერისი ადგილი ვერ მოუპოვა და ვერც დროის მოთხოვნის ადეკვატური ნაბიჯი გადადგა. ასევე, ვერ შ ეძლო საქართველოს მომავალ ბედში უმთავრესი შიდა ფაქტორის – საზოგადოების რეალური (არა მოჩვენებითი) ჩართულობის უზრუნველყოფა, ტრადიციული გარე ფაქტორების, თანდაყოლილი კონფრონტაციული ძალებისა და მათი ინტერესების იდენტიფიცირება; თანამედროვე ეტაპზე ორი გეოპოლიტიკური ცენტრის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის როლისა და ინტერესების მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში გათვალისწინებით აუცილებლობა; ვერ გაითავისა, რომ საქართველოს ტერიტორია, დომინანტი ძალების წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე, ინტერესთა თანხვედრისათვის არასაკმარისი სივრცეა, მით უფრო, მათი ქართულ სახელმწიფო ინტერესებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. როცა ქვეყანაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ ადამიანების მსგავსად, მასაც თავისი ბედი აქვს. ქვეყნის ბედი გეო-პოლიტიკაში მდგომარეობს, ესაა დრო და სივრცე. რატომ არის საქართველოსადმი ინტერესი? – სწორედ, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური თვალსაზრისის გამო. საქართველო გზაჯვარედინს წარმოადგენს, რომელიც ერთმანეთთან ცენტრალურ აზიას, ახლო აღმოსავლეთს, წინა აზიას და ევროპას აკავშირებს. აქ დიდი აბრეშუმის გზა გადის, რომელიც ჩინეთიდან შუა აზიისა და რუსეთის გავლით ევროპას უკავშირდებოდა. დროთა განმავლობაში ამ გზის ფუნქცია კიდევ უფრო გაიზარდა იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივი რესურსების კონტროლის, საერთაშორისო ბაზრების ფლობისა და სივრცობრივი ექსპანსიის გამო ბრძოლა გამძაფრდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველო, კულტურათა დიალოგის მისაბაძ პარადიგმას წარმოადგენს, სადაც ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად თანაარსებობენ განსხვავებული მენტალობისა და კონფესიების ხალხები. ტოლერანტობის და სრულშემწყნარებლობის თვალსაზრისით, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება თანამედროვე მსოფლიოსათვის უდავოდ გასაზიარებელია. საქართველო, მთლიანად სამხრეთ-კავკასია წინა აზიაში, მუდამ, ევროპის უკიდურეს ფორპოსტს წარმოადგენდა, საიდანაც იგი ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს უკავშირდებოდა. ამ ავანპოსტის სათანადო შეუფასებლობა და შესუსტება ბიზანტიის იმპერიისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. აღმოსავლეთის მიმართულებით, ევროპული და საერთოდ, დასავლური ღირებულებების ადაპტირება და დანერგვა ისტორიულად სწორედ, აქედან იწყებოდა. ეს პროცესი დღესაც ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენი რეგიონი კატალიზატორია, რომელიც ყველაზე უკეთ აჩვენებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის აქსიოლოგიური, კულტუროლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, რელიგიური ცივილიზაციათა შორის და ა.შ. თანამშრომლობისა და კოორდინაციის დინამიკის აუცილებლობას.

(,,,)

სამწუხაროდ, დროს, ღვთისაგან ბოძებულ ამ უძვირფასეს საჩუქარს, ვერ ვიყენებთ. დრო არ მოდის, დრო მიდის. თუ მას არ მოვერგებით, განწირული ვიქნებით წარუმატებლობისთვის. ამდენად, აუცილებელია საქართველომ იპოვოს საკუთარი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და დღევანდელობის შესაფერისი ადექვატური ადგილი, რაც მას საერთაშორისო ფუნქცას შესძენს. თუ ქართული ეროვნული სახელმწიფოს ძირითად მიზანში ვთანხმდებით, აუცილებელია სისტემური ანალიზის შედეგად ჩამოვაყალიბოთ მისი მიღწევის – მსოფლმხედველობრივი და გარემოპირობების შესაბამისი ერთიანი კონცეფცია, მასზე დაფუძნებული ეროვნული იდეოლოგია. სწორედ, ამ სიახლეს გთავაზობს პროექტი „სამხრეთ-კავკასია“ – ერთიანი გეო-პოლიტიკური სივრცე“.

(…)

– თქვენ ამბობთ, რომ ქართული სივრცე ამ ინტერესებისთვის საკმარისი ტერიტორია არაა და აქცენტს სამხრეთ-კავკასიასა და მის მნიშვნელობაზე აკეთებთ. მაშინ სად, რა გზით და რა საშუალებებითაა შესაძლებელი საერთო ინტერესების თანხვედრა? ამაში საქართველოსთვის საერთაშორისო ფუნქციის შეძენის აუცილებლობა იგულისხმეთ?

– გეთანხმებით, საქართველოსათვის, დღემდე გარედან ხელოვნურად თავსმოხვეული ფუნქციის მატარებელი ქვეყნისთვის დამატებითი საერთაშორრისო ფუნქციის შეძენას, შეუძლებლად ნუ წარმოვიდგენთ. მისი მიღწევის ერთადერთი გზა არსებობს, რომელიც რეგიონზე გადის. ანუ, საქართველოს რეგიონული ფუნქცია გულისხმობს საერთაშორისო ძალების თანამონაწილეობით (მათი საერთო ინტერესების გათვალისწინებიდან გამომდინარე) სამხრეთ-კავკასიის ერთიანი სივრცის ფორმირებას და ამ სივრცის ჩამოყალიბებაში საქართველოს საჭიროებას. რამდენად მისაღებია ეს საქართველოსთვის? – რა თქმა უნდა, მისაღებია იმიტომ, რომ ეს იმავდროულად, ჩვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო ფუნქციად იქცევა. თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია ქვეყანამ მით უფრო, იმ გეო-პოლიტიკურ გარემოში, როგორიც საქართველოა, დამოუკიდებლად, თვითიზოლაციით, ეფექტურად აკონტროლოს ყველა შიდა და გარე საფრთხეები. აღნიშნული ფუნქციის შეძენის გზად გვესახება საქართველომ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ინტეგრირებით, საკუთარი საარსებო სივრცის (და არა ტერიტორიის) გაფართოების, სხვა ერებთან მშვიდობიანი თანაარსებობის, გლობალურ პოლიტიკაში ძირითადი რეგულატორის – დამატებითი ინტერესისა და მსოფლიოს მომწესრიგებელ ძალთა წონასწორობის დაცვის გზით. ასეთ რეგიონულ სივრცედ ვგულისხმობთ სწორედ სამხრეთ-კავკასიას, სადაც მაორგანიზებელი ცენტრის პრიორიტეტული მნიშვნელობა ოდითგანვე საქართველოს ენიჭებოდა. გამოვრიცხავ ყოველგვარ კავშირს, მით უფრო ფედერაციას ან კონფედერაციას. ვსაუბრობთ მხოლოდ იმ შესაძლებლობების გამოყენებაზე, რომელსაც ერთიანი უსაფრთხო სივრცე იძლევა თავისიმარადცოცხალი და უნიკალური თავისებურებებით.

– რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მისი რეალიზაცია?

– ჩვენი ხედვის თეორიულ-მეთოდოლოგიური პოსტულატია გლობალური,  რეგიონული და ნაციონალური ინტერესების „ბედნიერი მორიგების სივრცე – არენა“. ეს არაა თამამი ოპტიმიზმი, იგი რეალობაა, რომელსაც აქვს ისტორიული, ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანი ფესვები და სამყაროს თანამდეროვე ტენდენციების განვითარების ლოგიკას, დომინანტ ძალთა დაბალანსებული ინტერესების, რეგიონის ქვეყნების – აზერბაიჯანის და სომხეთის, უპირველესად კი, საქართველოს ისტორიულად ჩამოყალიბებული როლის გათანამედროვების აუცილებლობის გაგებას ეფუძნება. როგორ მოვერგოთ დროს და არ აღმოვჩნდეთ გლობალიზაციასთან, როგორც ობიექტურ პროცესთან წინააღმდეგობაში? თავად დრო გვკარნახობს – მსოფლიო ცივილიზაცია გლობალიზაციიდან რეგიონალიზაციისაკენ მიისწრაფვის. ჩემი აზრით ყველაზე სასურველი მოდელი სამხრეთ-კავკასიაა.

(გაგრძელება იქნება)

Comments are closed