„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „მაფიასთან ბრძოლა მხოლოდ ჩემნაირ პრინციპულ პოლიტიკოსს შეუძლია“ // „თავის დროზე მე გიჟსა და რუსეთის აგენტს მეძახდნენ. თვითონ არ არიან რუსეთის აგენტები, მიშას რომ გაემიჯნენ?“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ზაალ უდუმაშვილთან: „იპოდრომის ტერიტორიას გამოვისყიდი…“ // „მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პოლიტიკოსია და ამაში ეჭვი დღეს ყველაზე მწვავე ოპონენტსაც არ ეპარება“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „დღეს საქართველოში ნომენკლატურული კაპიტალიზმია!“ // [საარჩევნო შემოწირულებებისა] და ფინანსური გადარიცხვების კონტროლი ხელისუფლებისთვის ყოველთვის მიმზიდველია“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „არ გამოვრიცხავ მოსკოვისა და მიხეილ სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას“ თბილისი ნებისმიერი მმართველისთვის შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ტრამპლინიც და პოლიტიკური სამარეც…
——————
„კვირის პალიტრა“, 11 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: „მაფიასთან ბრძოლა მხოლოდ ჩემნაირ პრინციპულ პოლიტიკოსს შეუძლია“ // „თავის დროზე მე გიჟსა და რუსეთის აგენტს მეძახდნენ. თვითონ არ არიან რუსეთის აგენტები, მიშას რომ გაემიჯნენ?“
რუსუდან შელია
თბილისის მერობის ყველაზე პრინციპულ კანდიდატად მიიჩნევს თავს “თავისუფალი საქართველოსა” და “დემოკრატიული მოძრაობის” ერთობლივი წარმომადგენელი კახა კუკავა, რომელსაც თბილისელ ამომრჩეველთან ორი მთავარი სათხოვარი აქვს:
- თბილისელებს ვთხოვ, სანამ ვინმეს აირჩევენ, მათი ფავორიტი ორი წუთით მერის თანამდებობაზე წარმოიდგინონ და ამასთან, მათი საარჩევნო პროგრამების სამი გვერდი მაინც გადაიკითხონ. ნუ წამოვეგებით იმას, ვინ უფრო ხმამაღალი დაპირებებით გვკვებავს. მთავარია, ამომრჩეველმა სწორად გააანალიზოს, მყვირალა კანდიდატისგან რეალურად რას მიიღებს.
- თქვენგან რას მიიღებს ამომრჩეველი?
- თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ერთადერთი პრინციპული პოლიტიკოსი ვარ, რომელმაც ჯერ კიდევ 2004 წელს, როდესაც ვერავინ ბედავდა სააკაშვილის წინააღმდეგ ხმის ამოღებას, განვაცხადე, რომ ტოტალიტარული რეჟიმი მკვიდრდებოდა. ელენე ხოშტარიასა და გიგა ბოკერიას ამის გასაცნობიერებლად 12 წელი დასჭირდათ, არადა, თავის დროზე მე გიჟსა და რუსეთის აგენტს მეძახდნენ. თვითონ არ არიან რუსეთის აგენტები, მიშას რომ გაემიჯნენ? 2013 წელსაც მე ვამხილე ივანიშვილი ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრებაში. სად იყვნენ მაშინ ჩემი კონკურენტები? არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, დავით ნარმანიას წინააღმდეგ ხმის ამოღებასაც კი ერიდებოდნენ.
- „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ შექმნის დღიდან ლაპარაკობს ოლიგარქიულ მმართველობაზე, თუმცა თქვენი პოლიტიკური ბექგრაუნდიდან მხოლოდ განცხადებები ამომრჩევლისთვის საკმარისი იქნება? ვერც თქვენმა და ვერც ნინო ბურჯანაძის პარტიამ ბოლო არჩევნებზე 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი ვერ შეძლო...
- მშენებლობისა და ტრანსპორტის მაფიასთან ბრძოლა მხოლოდ ჩემნაირ პრინციპულ პოლიტიკოსს შეუძლია. აქ საქმე იმ ჯგუფთან დაპირისპირებას ეხება, რომელიც ასეულობით მილიონ ლარს კორუფციითა და გარიგებებით შოულობს. რაც შეეხება შანსს, კარგად მახსოვს, ნაძალადევის რაიონში ყველა მიწინასწარმეტყველებდა, ბოლო ადგილზე გახვალო, კვლევებშიც ყველა კანდიდატი ჩემზე უკეთეს პოზიციაზე იყო, თუმცა საბოლოოდ მეორე ადგილზე გავედი და 17%-იანი მხარდაჭერა მოვიპოვე. თანაც, არჩევნებამდე თვე-ნახევარია დარჩენილი, რაც ნიშნავს, რომ ჯერ თამაშის მხოლოდ პირველი ტაიმი ხურდება. დარწმუნებული ვარ, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევა, ამომრჩეველთან მისასვლელ ყველაზე ეფექტურ გზას სწორედ ჩვენ გამოვნახავთ.
- როგორ აპირებთ ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას?
- ელენე ხოშტარიას და სხვების მსგავსად, თბილისელების ნდობის მოპოვებას ცრუ სოციალური დაპირებებით არ ვგეგმავ. ელენე ხოშტარიას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის საპენსიო ფონდი თბილისის ბიუჯეტზე დიდია, შესაბამისად, მისი დაპირების შესრულებას დედაქალაქის ფინანსური რესურსი ვერ გასწვდება. ეს დაახლოებით ისეთი დაპირებაა, შარშან რომ ვისმენდით, პენსიონერებს პენსიას 700 ლარამდე გავუზრდითო.
ასეთი არარეალისტური დაპირებებით არასოდეს არავის მოვატყუებ, თუმცა ვგეგმავ მედიკამენტების ფასების შესწავლასა და მონოპოლიური გარემოსგან თავისუფალი აფთიაქების გახსნას, სადაც წამლები რეალურ ფასად გაიყიდება.
იცით, რომ საქართველოში პირველადი მოხმარების მედიკამენტები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით რამდენჯერმე ძვირი ღირს? ამის მიზეზი კი ის არის, რომ წამლებზე ფასებს მონოპოლიური კომპანიები განსაზღვრავენ. მე ხელს შევუწყობ თავისუფალი ობიექტების შექმნას, რაც პენსიონერებს მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათს გაუწევს.
„კვირის პალიტრა“, 11 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ ზაალ უდუმაშვილთან: „იპოდრომის ტერიტორიას გამოვისყიდი…“ // „მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პოლიტიკოსია და ამაში ეჭვი დღეს ყველაზე მწვავე ოპონენტსაც არ ეპარება“
რუსუდან შელია
თუ თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებს გადავავლებთ თვალს, ძირითადად, სოციალური დახმარების დაპირებებს აღმოვაჩენთ – ზოგი დედაქალაქის მოსახლეობას გაზრდილ პენსიას ჰპირდება, ზოგი კი სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებს – დამატებით ყოველთვიურ დახმარებას. ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო პროგრამაში ფინანსური დახმარება სტუდენტებისთვისაც არის განსაზღვრული. რა განწყობით ხვდება ამომრჩეველი გამოცდილი პარტიის ახალ პოლიტიკურ სახეს და როგორ აპირებს ის ხმების გაყალბების თავიდან აცილებას?
„კვირის პალიტრის» კითხვებს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი უპასუხებს:
- პროგრამა, რომელიც ამომრჩეველს წარვუდგინე, მოიცავს პრობლემებს, რაც დედაქალაქში დაგროვდა, თუმცა მისი მთავარი არსია, ყურადღება გავამახვილოთ არა იმაზე, რა სჭირდება თბილისს, არამედ იმაზე, რა აუცილებლობის წინაშე დგანან თბილისელები. რაც მთავარია, ჩემი პროგრამა არ არის გათვლილი ოცნებებზე – ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა. უპირველესად, კომპლექსურად ვიმუშავებ სოციალური მიმართულებით, რადგან მოქალაქეების ეკონომიკურმა მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია
- ყოველი მესამე თბილისელი უმუშევარია, 170 ათასი ადამიანი სოციალურად დაუცველია და შემწეობას ითხოვს, 40 ათასი პირი კი უფასო სასადილოებში სადილობს. როცა ხალხი მშიერია, წარმოუდგენელია, წარმატებულ ქალაქზე ვილაპარაკო. ბიუჯეტიდან ასი მილიონი ლარი სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება – ისინი ყოველთვიურად დამატებით 50 ლარს მიიღებენ. თანხის გამოყოფას ვგეგმავ სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტებისთვისაც, რომლებსაც განათლების საზღვარგარეთ მიღებაშიც დავეხმარები. სკოლებისთვის დამატებით გამოვყოფ 50 ათას ლარს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ თანხა პედაგოგებსა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გაანაწილოს.
- თქვენი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას სწორედ სოციალური მიმართულებით კოლოსალური თანხის ხარჯვის გამო აკრიტიკებდა, ახლა ამბობთ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას სოციალურ საკითხებს მიაქცევთ. წინააღმდეგობრივი პოზიცია წინასაარჩევნო გათვლას დავუკავშიროთ?
- ბუნებრივია, მთელი ბიუჯეტი სოციალურ პროგრამებს არ უნდა მოხმარდეს, თუმცა ბოლო წლებში ყველაფერი ისე გაუკუღმართდა, ამ მიმართულებით აქტიური მოქმედება აუცილებელია. წარმოიდგინეთ, 7 ათას თბილისელს სოციალური დახმარება მხოლოდ იმის გამო მოუხსნეს, რომ სახლში პარკეტი ჰქონდა დაგებული ან სამზარეულოში ცარიელი მაცივარი ედგა. სოციალური მიმართულებით ფინანსების გამოყოფა საჭიროა, რომ მოსახლეობას საკვების ფული მაინც ჰქონდეს… საარჩევნო კამპანიისას რამდენიმე უფასო სასადილოს ვესტუმრე. საკვები არ ჰქვია იმას, რასაც მოსახლეობას სადილად სთავაზობენ. ამაზე პასუხისმგებლობა უპირველესად თბილისის მერიას ეკისრება, რომელიც მოქალაქის გამოკვებისთვის მხოლოდ ერთ ლარსა და 18 თეთრს იმეტებს. ჩემი პროგრამით, 50 მილიონს მხოლოდ სასადილოებში დავხარჯავ.
- დედაქალაქში უფასო სასადილოების რაოდენობის გაზრდა კვალიფიციურ დაპირებად გეჩვენებათ?
- 50 მილიონ ლარს უფასო სასადილოების რაოდენობის გასაზრდელად კი არ დავხარჯავ, რაციონის გასაუმჯობესებლად გამოვიყენებ. გარდა ამისა, ყველა შეხვედრაზე თბილისელები გაუსაძლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ლაპარაკობენ და შვილებისთვის პარკებისა თუ მწვანე ზონის მოწყობას ითხოვენ. დღეს ევროპაში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქში ვცხოვრობთ, თუმცა მას შემდეგ, რაც იპოდრომის ტერიტორიას გამოვისყიდი და ცენტრალურ პარკს გავაშენებ, ამასთან, ზოოპარკის ტერიტორიასა და ორთაჭალაში მოსასვენებელ ზონებს მოვაწყობთ, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. პარალელურად, საცობების პრობლემის გადაჭრაზეც ვიმუშავებთ, რაც ეკოდაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია – საცობების განსატვირთად ზუსტად ვიცი, სად უნდა ავაგოთ ესტაკადები თუ გვირაბები.
- რამდენად მაღალია თქვენი გამარჯვების შანსი, თუ გავითვალისწინებთ, რომ “ნაცმოძრაობას” თბილისში გამარჯვების მოპოვება ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი უჭირდა? ამასთან, ბოლო კვლევების მიხედვით, ალეკო ელისაშვილს თქვენზე მაღალი რეიტინგი აქვს…
- NDI-ს კვლევა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯერ ოფიციალურ კანდიდატად წარდგენილი არ ვიყავი. უახლოეს მომავალში კიდევ გამოქვეყნდება კვლევები და სურათიც შეიცვლება. ყოველდღიურად დაახლოებით 200 ოჯახს ვხვდები და მათი კეთილგანწყობა მარწმუნებს გამარჯვებაში. ახლა მთავარია, ხელისუფლებას გაყალბების შესაძლებლობა არ მივცეთ, რისთვისაც გაყალბების საწინააღმდეგო შტაბი შევქმენით. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ, რომ დიღომში, იქ, სადაც სკვერია, ფურცლებზე შვიდი ფიქტიური კორპუსია მითითებული. წარმოგიდგენიათ, რამდენ ყალბ ამომრჩეველს დაარეგისტრირებს ამ არარსებულ კორპუსში “ქართული ოცნება”? ინფორმაცია ცესკო-ს უკვე გავუგზავნეთ და რეაგირებას ველოდებით. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. ხელისუფლებას მსგავსი არაერთი მეთოდი აქვს.
- ასეთი მრავალმხრივი საარჩევნო კამპანიის ფონზე ხელისუფლებას გაუჩნდა კითხვა: მხოლოდ 5000-ლარიანი შემოწირულობით როგორ ახერხებთ, ყველაფერს გასწვდეთ?
- ფული არ გვაქვს. მოსახლეობასთან შეხვედრებისას საკუთარი ხარჯით დავდივარ, დანარჩენს კი სახელმწიფოსგან კანონიერად მიღებული ფულით ვაკეთებთ.
- წინასაარჩევნოდ კვლავ აქტიურდება სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი. თუ გაქვთ განსაზღვრული, რა გავლენას მოახდენს მისი ფაქტორი არჩევნების შედეგებზე?
- მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პოლიტიკოსია და ამაში ეჭვი დღეს ყველაზე მწვავე ოპონენტსაც არ ეპარება. რაც შეეხება მის გეგმებს, ის, ძირითადად, უკრაინას უკავშირდება, თუმცა, სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობა საქართველოშიც ყოველთვის მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნოდ კონკრეტული სტრატეგია არ დაგვისახავს. როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, ისე მოიქცევა. ერთადერთი, რაც გუნდში ყველამ იცის, ის არის, რომ თბილისი და სრულიად საქართველო რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაბრუნოთ განვითარების რელსებზე, რადგან ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ.
„კვირის პალიტრა“, 11 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „დღეს საქართველოში ნომენკლატურული კაპიტალიზმია!“ // [საარჩევნო შემოწირულებებისა] და ფინანსური გადარიცხვების კონტროლი ხელისუფლებისთვის ყოველთვის მიმზიდველია“
რუსუდან შელია
2017 წლის აგვისტოში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიღებულმა შემოწირულებებმა 4.869.215.92 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი შემოწირულება – 4.555.993.00 ლარი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, მეორე ადგილზე 287.440 ლარით “ევროპული საქართველოა”, დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი კი 9.770 ლარით მესამე პოზიციას იკავებს. აგვისტოში 7.000 ლარი მიიღო ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩმა”, “ნაციონალური მოძრაობისთვის” შეწირული თანხა კი მხოლოდ 5.330 ლარია.”
“კვირის პალიტრის” ინფორმაციით, აუდიტის სახელმწიფო სამსახურში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და შემომწირველების გამოკითხვა იგეგმება. როგორც შევიტყვეთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის პარტიის ფინანსური მდგომარეობა საეჭვოა. ინფორმაციის შემოწმება სახელმწიფო აუდიტში ვცადეთ, თუმცა, როგორც მთავარი აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ლომჯარიამ განგვიმარტა, ამ საკითხზე მედიასთან კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და უახლოეს დღეებში პრესკონფერენციის გამართვას აპირებს. რატომ სწირავენ მილიონებს მმართველ პარტიას და რამდენად შესაძლებელია საარჩევნო კამპანიის მიზერული თანხებით წარმართვა?
„კვირის პალიტრასთან“ ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:
- საარჩევნო შემოწირულობა, დიდი ხანია, მმართველი ძალის მიერ ხარკის აკრეფას ჰგავს. ბიზნესმენების უმრავლესობა, რომლებსაც სოლიდური თანხა სააკაშვილის სალაროში შეჰქონდათ, ახლა ფულს “ქართულ ოცნებას” ურიცხავს. აგვისტოში სახელისუფლებო პარტიის შემომწირველთა შორის უმრავლესობა სწორედ ის ადამიანია, ვინც “ნაცმოძრაობას” წლების განმავლობაში აფინანსებდა. ნებისმიერი უცხოელი ექსპერტი გეტყვით, რომ დღეს საქართველოში კლასიკური ნომენკლატურული კაპიტალიზმია, ანუ ვითარება, როდესაც მმართველი ძალა ბიზნესის დირექტორია და მისი თანამშრომლები არიან ბიზნესმენები, რომლებიც მას ხარკს უხდიან და ფულის სხვაგან წაღებას ვერ ბედავენ. გარდა იმისა, რომ ასეთი ვითარება არაკონკურენტულ გარემოს ქმნის, კორუფციული საფრთხეც დიდია.
- ანუ, შესაძლოა, შესაწირი რეალურად ე.წ. ატკატიც კი იყოს კონკრეტული ბიზნესსარგებლის ლობირებისთვის?
- რა თქმა უნდა! ფულს არაფრისთვის არავინ იხდის. საარჩევნო შესაწირი იმისთვის მაინც არის აუცილებელი, რომ კონკრეტული ბიზნესისადმი ხელისუფლებას კეთილგანწყობა გაუჩნდეს. უამრავი მაგალითია, როდესაც ამ გზით ბიზნესი ხელშეუხებლობისა და საბიუჯეტო ეკონომიკურ აქტივობებში საკუთარი წილის მოპოვებასაც ახერხებს. შესაწირით ბიზნესის დიდი ნაწილი ყიდულობს ბილეთს ტენდერებსა თუ სხვა მსხვილ საბიუჯეტო პროექტებში ჩასართავად.
ბიზნესმენები დანაშაულებრივ მეთოდებსაც არ ერიდებიან – როდესაც მათ უჩნდებათ ვალდებულება ხელისუფლების წინაშე და ეს ვალდებულება სცილდება შესაწირი თანხის კანონით განსაზღვრულ ოდენობას, ე.წ. ფინანსების გაყოფის მექანიზმი ირთვება: ნომინალური ადამიანების საშუალებით ბიზნესმენები მილიონებს ანაწევრებენ და მათი საშუალებით პარტიის ანგარიშზე რიცხავენ. თუნდაც აგვისტოს მონაცემები რომ გავაანალიზოთ, მასში აუცილებლად ვიპოვით სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებსაც შემოსავალი არ გააჩნიათ, მაგრამ რატომღაც მმართველ პარტიას 30-40 ათას ლარს სწირავენ. ამ მაქინაციებისას ჩნდება კითხვა: როდესაც პარტია ხელს აწერს ასეთი მეთოდებით სალაროს შევსებას და შავი ფულის ნაკადებით საზრდოობს, ის არჩევნების შემდეგ რატომ იტყვის უარს უფრო მასშტაბურ ფინანსურ კრიმინალზე?!
- ოპოზიციას რამდენად მიუწვდება ხელი შავ ფულზე და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომელმაც მიანიშნა, რომ “ნაცმოძრაობისთვის” შეწირული მიზერული თანხა წინასაარჩევნოდ ბევრ კითხვას ბადებს?
- არ ვარ დარწმუნებული, რომ “ნაცმოძრაობა” საარჩევნო კამპანიას 5.000 ლარით წარმართავს. გასაგებია, რომ “ნაციონალური მოძრაობისთვის” ფულის გადარიცხვა სახიფათოა და ბიზნესი ვერ ბედავს, ამ ოპოზიციურ პარტიას დაეხმაროს, რადგან სპეცსამსახურების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს – ფინანსური გადარიცხვების კონტროლი ხელისუფლებისთვის ყოველთვის მიმზიდველია, ითვლება, რომ თუ პარტიის ფულს აკონტროლებ, პოლიტიკური ძალაც გამოჭერილი გყავს – თუმცა ვფიქრობ, შესაბამისმა უწყებებმა “ნაციონალური მოძრაობის” შავ ფულს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს ან მიაგნეს, მაგრამ კანონდარღვევად ვერ ჩათვალეს. ალბათ, საარჩევნოდ ხელისუფლება შეეცდება, ეს საკითხი ამოატივტივოს და “ნაციონალური მოძრაობის “შავ ფულზე” გაამახვილოს ყურადღება. მთავარია, ამაში წინამორბედს არ დაემსგავსონ და ისეთი უკონტროლო ვითარება არ მივიღოთ, როგორიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო. ყველას გვახსოვს, შეთითხნილი გადაცდომის ბრალდებით ბიძინა ივანიშვილს ათეულობით ჯარიმას რომ უწერდნენ.
„კვირის პალიტრა“, 11 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „არ გამოვრიცხავ მოსკოვისა და მიხეილ სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას“ თბილისი ნებისმიერი მმართველისთვის შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ტრამპლინიც და პოლიტიკური სამარეც…
ნათია დოლიძე
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, დიდი სამზადისი არც საზოგადოებასა და არც პოლიტიკურ სპექტრში არ შეიმჩნევა. მეტიც – გასულ კვირას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი განცხადებები და 10 სექტემბრისთვის დაანონსებული უკრაინაში ჩასვლა უფრო საინტერესო აღმოჩნდა ქართული საინფორმაციო საშუალებებისთვის, ვიდრე მმართველი პარტიის მიერ სხვადასხვა რეგიონში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენა. ექსპრეზიდენტმა ახალი თამაშის წამოწყება სცადა. სწორედ ამის შეფასებით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:
- აშკარაა, სააკაშვილის უკრაინაში შესვლის მცდელობის მთავარი მიზეზი აჟიოტაჟის ატეხა იყო, რაც ნაწილობრივ მოახერხა კიდეც, თუმცა, გამიჭირდება შეფასება, რამდენად მასშტაბურია უკრაინაში ამ ყველაფრის რეზონანსი… ერთი კი ცხადია – საქართველოში “რუსთავი 2″-მა ლამის რევოლუციური ფონი შექმნა, რაც ძალიან გადაჭარბებულია – იქ მსგავსი არაფერი ხდებოდა. სააკაშვილის განცხადება, თითქოს უკრაინის საზღვრის ქვეითად გადაკვეთა იმიტომ გადაიფიქრა, რომ პროვოკაციას მოერიდა, სასაცილოა, რადგან მისი ყველა მოქმედება უკიდურესად პროვოკაციულია. უკრაინის ხელისუფლებას კი პროვოკაციის მოწყობა რომ ეცადა, ამას მატარებლით მისი მგზავრობისასაც მოახერხებდა.
ვფიქრობ, მატარებლით წასვლა თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული, რადგან ასე პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას შეძლებდა. უკრაინაში შეკრებილი სააკაშვილის მხარდამჭერები იმდენი ნამდვილად არ იყვნენ, რომ პოროშენკოს მთავრობას შეშინებოდა. მთავარია, უკრაინელებმა სააკშვილი მიიჩნიონ ჩაგრულად, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება – ამ ხმაურიანი ვოიაჟით სააკაშვილი სწორედ ამას გეგმავდა. დასკვნის გაკეთება რთულია, რადგან ჩვენი ინტერვიუს მსვლელობისას პროცესი ისევ გრძელდება…
მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს ავანტიურისტულ მოქმედებებს, ისევე როგორც აკეთებდა ამას საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის აგვისტო, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა სააკაშვილის ავანტიურა, რასაც ქვეყნის მშვიდობა შესწირა.
განსხვავება ის არის, რომ იმჟამად ის ხელისუფლებაში იყო და ამ ავანტიურისთვის სახელმწიფო სტრუქტურები გამოიყენა… ის, ფაქტობრივად, რუსულ პროვოკაციას წამოეგო. დღევანდელ მის მოქმედებებს, მის პროვოკაციულ განცხადებებს განსხვავებული მიზანი აქვს და ემსახურება არეულობის პროვოცირებას, დესტაბილიზაციას როგორც უკრაინაში, ისე – საქართველოში. მისი საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ქვეყანაში ნამდვილად გაჩნდება დაძაბულობის კერა, ეს იქნება რეზონანსული და მძიმე პროცესი ქვეყნისთვის და უპირველესად – ხელისუფლებისთვის…
ისევ მივდივართ რუსულ ინტერესებამდე… დღეს არეულობის, დესტაბილიზაციის პროვოცირება უკრაინაშიც და საქართველოშიც მხოლოდ და მხოლოდ კრემლს აძლევს ხელს. ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ სააკაშვილს კავშირი აქვს რუსეთთან, თუმცა არ გამოვრიცხავ ოფიციალური მოსკოვისა და სააკაშვილის ინტერესების თანხვედრას. სააკაშვილს არასტაბილური გარემო პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, რუსეთს კი სხვა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს.
მიხეილ სააკაშვილი სახელისუფლებო რესურსებს ვერ განაგებს, თუმცა აქვს გავლენა როგორც უკრაინელ, ასევე ქართველ საზოგადოებაზე და ამ გავლენით ცდილობს მანიპულირებას. არ ვიცი, სააკაშვილს რა ჰგონია, რა ილუზიები აქვს. დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის როგორც სააკაშვილი, ისე “ნაციონალური მოძრაობა” უფრო საფრთხეა, ვიდრე მხსნელი. როგორც ჩანს, სააკაშვილს იმედი მიეცა, რადგან “ქართული ოცნების” რეიტინგი ეცემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ყოფილი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შეცვალა, პირიქით, შესაძლოა, ნეგატიური დამოკიდებულება გამძაფრდა კიდეც. ბევრის აზრით, დღეს “ნაციონალური მოძრაობა” რომ ისევ პოლიტიკურ ასპარეზზეა, ეს მხოლოდ “ქართული ოცნების” დამსახურებაა, რასაც დიდ შეცდომად უთვლიან.
- თუ მიხეილ სააკაშვილი მართლაც აღმოჩნდება საქართველოში საბრალდებო სკამზე, როგორ ფიქრობთ, მოხერხდება, დაუმტკიცონ მას ყველა დანაშაული, რასაც ედავებიან? შეგახსენებთ, ზოგიერთი ყოფილი ჩინოსნის შემთხვევაში პროკურატურას ეს ძალიან გაუჭირდა. თუ ყოფილი პრეზიდენტი გამართლდა, გმირად ხომ არ იქცევა?
- სააკაშვილი საქართველოში გმირად ვეღარასდროს იქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ ის არჩევნების გზით და მოსახლეობის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლებაში ვეღარასდროს მოვა, ანუ ძალაუფლებას ლეგიტიმური გზით ვეღარასდროს დაიბრუნებს, თუმცა არეულობისა და დესტაბილიზაციის გზით, შესაძლოა, მოახერხოს. მაგრამ თუ ხელისუფლება კატასტროფულ შეცდომას არ დაუშვებს, მას ამის ბერკეტი ჯერჯერობით არ აქვს. ერთიც არის – თუ სააკაშვილი მართლაც დაჯდა საბრალდებო სკამზე და გამართლდა, ეს, შესაძლოა, ძალიან ცუდად შეუბრუნდეს მასაც და “ნაციონალურ მოძრაობასაც”. არ არის გამორიცხული, საზოგადოების ნაწილის აღშფოთებისა და აგრესიის შეკავება ძალიან გაჭირდეს. თუ ხელისუფლებას რამე ჰქონდა დასამტკიცებელი, აქამდეც უნდა დაემტკიცებინა. სამწუხაროდ,”"ოცნების” ხელისუფლებამ, სამართლებრივ მხარეს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილის ხელისუფლების ცხრაწლიანი საქმიანობა პოლიტიკურადაც კი არ შეაფასა. ამას სჭირდებოდა ნება, რომ შექმნილიყო ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა ხელისუფლებისა და არა ცალკეული პირების მოქმედებებს და დასკვნას, კრიტიკულ ანალიზს გამოაქვეყნებდა. ესეც კი არ გაკეთდა… არ გამოვრიცხავ, ჩვენს ხელისუფლებას სააკაშვილის საქართველოში თუნდაც ბრალდებულის სტატუსით ჩამოსვლა იმიტომაც არ უნდოდეს, რომ არ აქვთ მისი ბრალეულობის რეალური მტკიცებულებები.
- მართალია, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ არსებითი ცვლილებების იმედი არა მხოლოდ ქართულ ოპოზიციას, ვენეციის კომისიასაც გადაეწურა. პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი საზოგადოებას უკვე მოულოცა „კარგი კონსტიტუციის მიღება“…
- სამწუხაროდ, გაგრძელდა ის ნეგატიური ტრადიცია, რაც ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა – კონსტიტუციურ ცვლილებებს, ძირითადად, ახორციელებს ხელისუფლება და ცდილობს, ეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს. შეგვიძლია ამ ახალ ცვლილებებში რამდენიმე კარგი გადაწყვეტილებაც გამოვარჩიოთ, მაგალითად, მთავრობისადმი ნდობისა თუ უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი უკეთესად არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს…
სამწუხაროდ, ამ ცვლილებების მიუხედავად, რჩება სისტემა, რომელსაც რევოლუციურსაც კი დავარქმევდი, რადგან ის მშვიდ, ნორმალურ გარემოში ხელისუფლების ცვლილების შანსს, ფაქტობრივად, არ ტოვებს.
ამიტომაც წლების განმავლობაში ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელი ხდებოდა რევოლუციური პროცესი. დემოკრატიულ ქვეყანას კონსტიტუცია სჭირდება, ძირითადად, ორი რამისთვის: პირველი – ჩამოაყალიბოს დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურები და მეორე – ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მშვიდობიანად მოაგვაროს. თუ ვერც ერთს და ვერც მეორეს კონსტიტუცია ხელს ვერ უწყობს, ესე იგი ის ქვეყნის რეალობას არ მიესადაგება. სწორედ ეს ნაკლი აქვს ამჟამად მოქმედ კონსტიტუციას და ამ ცვლილებების მიღების შემდეგაც ექნება. შესაძლოა, კონსტიტუცია კარგია, მაგრამ ეს საქართველოს კონსტიტუცია არ არის!
ლოგიკური იყო, რომ ბოლოს ხელისუფლებამ უარი თქვა ვენეციაში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე, რადგან ყველაფერი ისედაც აქეთ მიჰყავდათ. ოპოზიციას რა უნდოდა, ხელისუფლებამ მანამდე იცოდა, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დაიწყებოდა და ბოლოს ოპოზიციისგან ამ წინადადებების წერილობით მოთხოვნა და იმის მტკიცება, ვერ გავიგეთ, რა უნდა ოპოზიციასო, ცოტა არ იყოს, სასაცილო იყო.
ცინიზმია ისიც, რომ დღეს კონსტიტუციის დემოკრატიულობისთვის მებრძოლი ყველაზე გავლენიანი ძალები “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფი არიან, რომელთაც ეს კონსტიტუცია 2010 წელს მიიღეს ისევე ერთპარტიულად, როგორც დღეს აკეთებს”"ოცნების” ხელისუფლება. 2010 წელს “ნაციონალებმა” არ იცოდნენ, როგორ კონსტიტუციას იღებდნენ?! ეს ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტის კრიზისის კულმინაციაა… პრობლემაა ისიც, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა სულაც არ მიიჩნევს, თითქოს კონსტიტუციით უნდა ვიცხოვროთ. ეს სამართლებრივი ნიჰილიზმი მემკვიდრეობით მოგვყვება. ამიტომაც ვერ იქცა ეს თემა ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგნად.
როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, ქართველი საზოგადოება მიიჩნევდა, რომ იმჟამინდელი კონსტიტუცია და კანონები მისი არ იყო და თუ მას გვერდს აუვლიდა, სწორედ ეს იქნებოდა ეროვნული და კეთილშობილური საქმე…. ეს სამართლებრივი ნიჰილიზმი ინერციით გაგრძელდა და აღარ დასრულდა, რადგან საზოგადოების სკეპტიციზმს უკვე ახალმა, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებებმაც შეუწყვეს ხელი. ჩვენში ქუჩის საპროტესტო ტალღაზე მოდიან ხელისუფლებაში, თავდაპირველად იქმნება გარდამავალი მთავრობა, რამდენიმე წელში კი იწყება ხელისუფლების კრისტალიზაცია, რის შედეგადაც ვიღებთ ერთპარტიულ მმართველობას. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ისევ ქუჩამდე მიდის. ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში ეს ჯადოსნური ციკლი მეორდებოდა და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ისევ გამეორდება.
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების აგვისტოს შემოწირულობებზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. თანხის უმეტესობა მმართველ პარტიაზე მოდის. აგვისტოში შემოწირულობებმა სულ 4 869 215 ლარი შეადგინა, საიდანაც “ქართულმა ოცნებამ” 4 555 993 ლარი მიიღო. “ოცნების” შემდეგ ყველაზე მეტი შემოწირულობა “ევროპულ საქართველოს” ერიცხება – 287 439 ლარი. 9 769 ლარია ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულობა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი მხოლოდ 5 330 ლარი მიიღო. შეიძლება ითქვას, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრდა ტენდენცია, რომ მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით ყოველთვის მეტ დაფინანსებას იღებს. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- მართალი ბრძანდებით. გაგახსენებთ, როცა “ნაციონალური მოძრაობა” იყო ხელისუფლებაში, მისი შემოწირულობა ყოველთვის რამდენჯერმე აღემატებოდა მთელი ოპოზიციის შემოწირულობას. ახლა “ქართული ოცნების” შემთხვევაშიც იმავეს ვხედავთ. საქმე ის არის, რომ სახელისუფლებო პარტია კი შეიცვალა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი და სახელმწიფო მართვის სისტემა არ შეცვლილა… ამიტომ შედეგიც ასეთი გვაქვს.
შეიძლება დღეს ბიზნესი ისე არ იზღუდება, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ფულიან ხალხს იარაღით აღარავინ ართმევს ქონებას, მაგრამ გავლენა და ხელისუფლებისადმი ბიზნესმენთა დამოკიდებულება კვლავაც ფრთხილია, ანუ ბიზნესს არ აქვს გარანტია, რომ თუ დამოუკიდებლად იმოქმედებს, დღეს თუ არა, ხვალ პრობლემები არ შეექმნება. ამიტომაც ამჯობინებენ, სარისკო ნაბიჯები არ გადადგან და ვინც ხელისუფლებაშია, იმას ემსახურონ. ბიზნესმენთა კიდევ ერთი ნაწილი უნდა გამოვყოთ, რომელიც შემოწირულობების სანაცვლოდ ტენდერებში იმარჯვებს, ახალ ბიზნესსაქმიანობას იწყებს და ა.შ. მოკლედ, ბიზნესი უფრო დაცულად გრძნობს თავს, როდესაც ხელისუფლების ორბიტაზე ტრიალებს და ამაში ხელისუფლებაც ხელს უწყობს.ერთ-ერთი ფაქტორია ისიც, რომ ოპოზიციურ ფლანგზე არ არის ძალა, რომელსაც ბიზნესი თავისიანად თვლის…
- ამ ყველაფრის შედეგად კი ოპოზიცია არის ძალიან სუსტი და მომავალ არჩევნებზე “ქართული ოცნება” კვლავ უკონკურენტოა…
- გეთანხმებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მმართველი პარტია პირველივე ტურში ყველგან გაიმარჯვებს. ამ არჩევნებზე მისი მთავარი კონკურენტი ისევ “ნაციონალური მოძრაობა” იქნება თავის განაყოფით, რაც ჯერ კიდევ საფრთხობელაა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, თუმცა ვფიქრობ, ეს ბოლო არჩევნები იქნება, როცა “ქართული ოცნება” მეტ-ნაკლებად კიდევ მოახერხებს ყოფილი სახელისუფლებო ძალით ამომრჩევლის შეშინებას…
“ქართული ოცნება”, ალბათ, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. თუ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მმართველობითი სისტემის საფუძვლიანი რეორგანიზაცია, 2020 წლისთვის ძალიან გაუჭირდება, პროცესების სტაბილური განვითარება შეინარჩუნოს. ასე თუ გაგრძელდა, მისი რეიტინგი კატასტროფულად დაეცემა. ვფიქრობ, 2020 წლისთვის გამოიკვეთება რეალური ოპოზიციური ძალის კონტურებიც.
ქართული ოპოზიცია ახლაც უამრავ შეცდომას უშვებს. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს ოპოზიციას არ ჰყავს თბილისის მერობის არც ერთი რეალური კანდიდატი. არც ერთ მათგანს საზოგადოება მხარს არ უჭერს, ისინი მხოლოდ პარტიული მხარდაჭერის ამარა არიან. ასეთ სიტუაციაში ოპოზიციის მიერ კანდიდატების დასახელება მხოლოდ პარტიული კეკლუცობის მაჩვენებელია. ოპოზიციას ეს ყველაფერი რომ გაეთვალა და მართლაც ეფიქრა რეალურ ბრძოლაზე, უნდა მოეხსნათ კანდიდატურები და ყველას ელისაშვილისთვის დაეჭირა მხარი. ეს მომგებიანი იქნებოდა ოპოზიციური პარტიებისთვისაც და თბილისის მერობისთვის ბრძოლაც რეალური გახდებოდა. ელისაშვილმა სწორად თქვა, რომ მას პარტიების მხარდაჭერა არ სურდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პარტიებს ასეთი ინიციატივა არ გამოეჩინათ.
- ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს ყველაზე დიდ ინტრიგას სწორედ თბილისის მერის არჩევნები ინარჩუნებს. თქვენი აზრით, დედაქალაქში მეორე ტური გახდება საჭირო?
- ვეთანხმები ბოლო კვლევების შედეგებს და ვფიქრობ, რომ იქნება მეორე ტური, რომელშიც კალაძე და ელისაშვილი გავლენ, მაგრამ ჩვეულებრივ, არჩევნების მეორე ტურს იგებს ხელისუფლება. საქმე ის არის, რომ მასში ნაკლები ამომრჩეველი მონაწილეობს და ამ დროს ხელისუფლება უკეთ ახერხებს საკუთარი მხარდამჭერების, რესურსის მობილიზებას, ვიდრე ოპოზიცია. ვფიქრობ, კალაძე გახდება თბილისის მერი. დღეს მას ალტერნატივა არ ჰყავს.
იმასაც ვიტყვი, რომ თბილისი ურთულესი ქალაქია, მისი მართვა ყოველთვის ჭირდა, კომუნისტების დროსაც კი. დღეს ყველაფერი უფრო გართულებულია, რადგან ეს არის ქალაქი-თავკომბალა, სადაც ძალიან ბევრი დიდი თუ პატარა ინტერესი კვეთს ერთმანეთს. შესაბამისად, უამრავი პრობლემაა, რომელთა გადაჭრისადმი ორგანიზებული მიდგომა ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე არ ყოფილა. ყველა ხელისუფალი ქალაქის განვითარებას თავიდან იწყებდა, რაც, რა თქმა უნდა, მეტ პრობლემას ქმნიდა. ამ პრობლემების მოგვარებას სჭირდება დიდი ფინანსური დახმარება, ორგანიზებულობა, მიზანსწრაფულობა და ა.შ.
სწორედ ამიტომ, თბილისი ნებისმიერი მმართველისთვის შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ტრამპლინიც და პოლიტიკური სამარეც… აქ საშუალო არ არსებობს. რას შეძლებს კალაძე, ვერ გეტყვით. ალბათ, მას უფრო შორეული პოლიტიკური მიზნები აქვს და ეცდება, ეს თანამდებობა ტრამპლინად აქციოს. რა გამოუვა, არ ვიცი.