globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 12 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 12th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ბადრი ნაჭყებიასთან: „პარიზულმა სასაკლაომ ჩვენც უნდა დაგვაფიქროს… საქართველოში მსგავსი პრობლემებისა და საფრთხეების დამუშავება  სათანადოდ არ ხდება“

„რეზონანსი“: საქართველო, როგორც ტერორისტთა შესაძლო სამიზნე

„ახალი თაობა“: ემუქრება თუ არა საქართველოს ტერორისტული აქტები? // ისლამისტებმა თბილისში არსებული ფრანგული სუპერმარკეტის „კარფურის“ ვებგვერდი გატეხეს

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „რუსეთი ძირფესვიანად ტერორისტული სახელმწიფოა“

„ახალი თაობა“: ირმა ინაშვილი: „ახსენებ ქართულ ინტერესს? „ზნაჩიტ“, ანტიევროპელი ხარ!“

„კვირის პალიტრა“: რა სიურპრიზს უმზადებს ოფიციალურ თბილისს პოროშენკო?! // „ადეიშვილი – მურმანის ეკალი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში?!”

————————

„კვირის პალიტრა“, 12 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ ბადრი ნაჭყებიასთან: პარიზულმა სასაკლაომ ჩვენც უნდა დაგვაფიქროსსაქართველოში მსგავსი პრობლემებისა და საფრთხეების დამუშავება სათანადოდ არ ხდება

“საფრანგეთისთვის ტერორი სიახლე არ არის – საფრანგეთი ანტიტერორისტული ოპერაციების ფლაგმანია, რის გამოც ისლამისტებმა დაგეგმეს და განახორციელეს რამდენიმე ტერორისტული აქტი, თუმცა ასეთი მასშტაბის აქამდე არ ყოფილა. საფრანგეთის საზოგადოებაში კრიზისია, რაც უკვე თვალნათლივ ჩანს. ემიგრაციამ ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში, მიიღო ძალიან უკუღმართი ფორმა. საფრანგეთი ბოლო წლებში ცდილობს ამ პროცესების შეჩერებას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, ახლო აღმოსავლეთისა თუ აფრიკის სახელმწიფოებში, რომელთაგან ნაწილი საფრანგეთის ყოფილი კოლონიებია, სერიოზული კატაკლიზმები მოხდა. იქიდან წამოსულმა ემიგრაციამ ლამის წალეკოს ევროპული ქვეყნები და მათ შორის საფრანგეთიც” – აცხადებს ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში ბადრი ნაჭყებია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ცხადია, რომ “არაბული გაზაფხულის” დემოკრატიულმა რევოლუციებმა სასიკეთო არაფერი მოიტანა, უკვე სერიოზულად იწყება ლაპარაკი იმაზე, რომ მენტალურად ისლამური სახელმწიფოების მართვას აბსოლუტიზმი უფრო მიესადაგება. ამის კარგი მაგალითია არაერთი ქვეყანა, რომელთანაც აშშ-ს გადასარევი ურთიერთობები აქვს, მაგალითად: კატარი, საუდის არაბეთი, ბახრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ვფიქრობ, ამ რეალობის წინაშე მსოფლიო მალე დადგება ალბათ, ამ ეტაპზე გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადაიდგმება, თუმცა აუცილებლად დაიწყება ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა. სხვათა შორის, ამაში მონაწილეობას არა მხოლოდ ევროატლანტიკური ქვეყნები, ის სახელმწიფოებიც მიიღებენ, რომლებიც ახლო აღმოსავლეთთან არიან დაკავშირებული. ამ მხრივ 2015 წელი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება”, – ამბობს ნაჭყებია.

“რაც შეეხება რუსულ კვალს – არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არაერთი ფაქტი ვიცით, როდესაც კონკრეტული პრობლემის გადაფარვა ტერაქტით სცადეს. ახლაც გაჩნდა ვერსია, რომ რუსეთს ხელს აძლევდა უკრაინის მოვლენების მიჩუმათება. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ ტერაქტის უკან “ისლამურ სახელმწიფოსა” და “ალ-ქაიდას” შორის კონკურენცია უნდა ვეძებოთ”, – აცხადებს რესპონდენდენტი და შეკითხვას – “ამ პროცესების ჭრილში სად ხედავთ საქართველოს ადგილს? ერთი მხრივ ჩვენი სამხედროები მონაწილეობენ საერთაშორისო სამხედრო მისიებში, მეორე მხრივ კი ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან ისლამისტური სახელმწიფოს მხარეს…” – პასუხობს:

“აუცილებელია, დავიცვათ ბალანსი. პარიზულმა სასაკლაომ ჩვენც უნდა დაგვაფიქროს. ეს პრობლემა ძალიან სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში. როდესაც “ისლამურ სახელმწიფოზე” ვლაპარაკობთ, ძირითადად ვახსენებთ იქ წასულ პანკისელ ქისტებს, მაგრამ რა ვიცით სხვა მაჰმადიან ქართველებზე?! სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბაზა, უნდა ვიცოდეთ არიან თუ არა “ისლამურ სახელმწიფოში” მაჰმადიანი აჭარლები, ქართული წარმომავლობის თურქეთის მოქალაქეები, თურქი-მესხები ან ინგილოები. აუცილებელია კონტროლი საქართველოში შემოსულ საეჭვო ადამიანებზე, საქართველო აუცილებლად უნდა იყოს პლურალისტური, უნდა ვითანამშრომლოთ დასავლეთთანაც, მაგრამ, ვფიქრობ, ამ პროცესების ჭრილში ჩვენი და რუსეთის ინტერესებიც მნიშვნელოვნად ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ არ უნდა გამოვრიცხოთ თანამშრომლობა რუსეთთან, დღეს სიწყნარეა ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ მცირე ბიძგმაც შეიძლება იქ ანარქია გამოიწვიოს და ამ რეგიონის მცირე ავღანიზაცია მოხდეს”.

“ჩემი აზრით, საქართველოში საინფორმაციო-ანალიტიკური მუშაობა, ამ პრობლემებისა და საფრთხეების დამუშავება მაინცდამაინც სათანადოდ არ ხდება. რაც შეეხება ჩვენი სამხედროების საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობას, სულაც არ არის გამორიცხული, ამის გამო საქართველო ტერორისტთა ინტერესის სფეროში მოექცეს. ესპანეთში მომხდარი ტერაქტი მაგალითია იმისა, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციებში მცირე წვლილის შემტანი სახელმწიფოც შეიძლება იქცეს ტერორისტთა სამიზნედ. ყველა სახელმწიფო უნდა იყოს ფრთხილად, ხალხიც ფხიზლად უნდა იყოს. სავიზო რეჟიმი ბოლო ხანს გარკვეულწილად შეიზღუდა, რასაც მივესალმები, თუმცა საზღვრების დასაცავად უფრო ქმედითი ზომებია მისაღები. როგორც ვიცი, დღესდღეობით სასაზღვრო პუნქტების გვერდის ავლით არცთუ რთულია საქართველოში შემოღწევა. ამ მიმართულებით უნდა ვითანამშრომლოთ როგორც დასავლეთთან, ასევე რუსეთთან”, – დაასკვნის ბადრი ნაჭყებია.

„რეზონანსი“, 12 იანვარი, 2015 წელი

საქართველო, როგორც ტერორისტთა შესაძლო სამიზნე

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

იმ ფონზე, როდესაც “ალ-ქაიდას” ლიდერები საფრანგეთს მორიგი ტერორისტული აქტებით ემუქრებიან და “ათობით მოჯაჰედის დახოცვისათვის” საპასუხოდ ტერაქტების მთელი სერია უკვე დააანონსა სირიასა და ერაყში მოქმედმა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ”, უფრო და უფრო გააქტიურდა კითხვები – ამ გამოცხადებული ჯიჰადის ფონზე რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს საქართველოში, თანაც მაშინ, როდესაც “ისლამური სახელმწიფოს” საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი მეთაურები საქართველოდან წასული პანკისელი ქისტებიც არიან.

პანკისის ხეობის მოსახლეობა საქართველოში ტერორისტული აქტებისა და რაიმე არეულობების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხულად მიიჩნევენ – ამბობენ, რომ ასეთი რადიკალები ხეობაში არ არიან და მათზე, როგორც ტერორისტებზე საუბარი მიუღებელია: ქისტებს საქართველო ქართველებზე ნაკლებად არ უყვართ.

„ის, რომ თარხან ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რაიმე საფრთხე ემუქრება. თარხანი, პიორველ რიგში, პატრიოტი ადამიანია – ისევე, როგორც ყველა დანარჩენი ქართველი მუსულმანი. საქართველო ჩვენი სამშობლოცაა“, – ამბობს პანკისელი ქისტი, არსამთავრობო ორგანიზაცია „ვაინახები ადამიანის უფლებებისათვის“ დამფუძნებელი ჯოყოლა აჭიშვილი. მისი თქმით, „საფრანგეთში რაც მოხდა, ეს ძალიან ცუდია, თუმცა სხვა რელიგიას შეურაცხყოფა არასდროს არ უნდა მიაყენო“.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს და არც სხვა ქვეყნებს პანიკის ხეობიდან რაიმე საფრთხე არ ემუქრება: „საქართველოში არ არსებობს ისლამის ისეთი მიმდინარეობები, რომლებიც ტერორიზმს ახორციელებს. პირადად მე მსგავსი გადახრები არც პანკისელ „რადიკალებშიც“არ შემიმჩნევია“, – ამბობს იგი და იქვე დასძენს: „ჩემთვის მიუღებელია რომელიმე რელიგიისადმი შეურაცხყოფა. ასევე მიუღებელია რელიგიის გამო ადამიანების დახოცვა“.

ამის მიუხედავად, ექსპერტთა ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტებს მაინც არ გამორიცხავს. მათ ერთ-ერთ არგუმენტად ისიც მოჰყავთ, რომ რადიკალური ისლამის მიმდევართათვის სამშობლოს ცნება არ არსებობს, არის მხოლოდ რწმენისათვის თავგანწირვა.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელიც ტერორიზმის პრობლემატიკა კარგად იცის, ამბობს, რომ ახლა ფაქტობრივად, ომი ორ მძლავრ ალიანსს მიმდინარეობს – ნატოს ანტიხალიფატურ კოალიციასა და „ისლამურ ხალიფატს“ შორის, რომელშიც სხვადასხვა ზალებია გაერთიანებული, მათ შორის „ალ-ქაიდა“. „სამწუხაროდ, დღეს ტრაგიკული მოვლენებისაგან არავინ დაზღვეული არაა. „ისლამური ხალიფატის“ სტრატეგიის ზონებში სამხრეთ კავკასიაც შედის, სირიაში საქართველოდან წასულებიც იბრძვიან… როდესაც რადიკალურ ისლამზეა საუბარი, ამ დროს ეროვნება და ეთნიუკურობის ფაქტორი აღარ არსებობს… მე არ მინდა პანიკა დავთესო, მაგრამ მომხდარ ფაქტებს და მიმდინარე მოვლენებს საქართველოს მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. შესაძლოა, საქართველო ამ მხრივ ცხელი წერტილი გახდეს. აფხაზეთში უკვე გამოჩნდა სირიიდან რეპატრიანტების 40-კაციანი „ისლამური ხალიფატის“ კლასტერი… გარდა ამისა, არ მინდა კონკრეტულად ის ადგილი დავასახელო, სადაც გარკვეული რისკებია მოსალოდნელი, მაგრამ თუ ხელისუფლება იმ ადგილს ყურადღებას არ მიაქცევს, არ განახორციელებს სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს, მაშინ იქ შეიძლება სიტუაცია გამწვავდეს. თავისი მუშაობა უნდა გააქტიუროს განათლებისა და შერიგების სამინისტროებმა, მოსახლეობაში საგანმანათლებლო და იდეოლგიურ-სააგიტაციო მუშაობის წარმართვისათვის.

კიდევ ერთი ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ „ისლამური ხალიფატის“ შესახებ საუბრობს: „ისლამური ხალიფატის“ თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოზე ამჟამად სავარაუდო არ არის, მაგრამ ტერაქტი სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე და მათი მოქალაქეების მიმართ ყოველთვის შესაძლებელია… საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია პრევენციული ღონისძიებების გატარება. ამის მთელი ნუსხა არსებობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგს ვერ ვხედავ. ცუდია, თუ ხელისუფლებამ არ იცის, რა ზომები უნდა გატარდეს და არ მინდა დავიჯერო, რომ ამასაც ვერ ხვდებიან. მინდა ვურჩიო, რომ სასწრაფოდ შეკრიბონ საზოგადოების კომპეტენტური წარმომადგენლები  და მათი აზრებიც მოისმინონ“, – ამბობს მამუკა არეშიძე.

„ახალი თაობა“, 12 იანვარი, 2015 წელი

ემუქრება თუ არა საქართველოს ტერორისტული აქტები

ისლამისტებმა თბილისში არსებული ფრანგული სუპერმარკეტის „კარფურის“ ვებგვერდი გატეხეს

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკლებით)

ისლამისტებმა თბილისში არსებული ფრანგული კომპანია „კარფურის“ ჰიპერმარკეტის ვებ-გვერდი გატეხეს და მასში ასეთი ტექსტი გამოფინეს: „ჩვენ ვართ მუსლიმები, ყურანი ჩვენი წიგნია, ღმერთი გვწამს და მისთვის ვმუშაობთ. წყეულიმც იყოს „შარ4ლი ებდო! ისლამი და ისლამისტები მუდამ დომინანტები იქნებიან. ამირომ არის ისლამი ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგია“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „კარფურს“ მისთვის არ მიუმართავს, თუმცა ფაქტის შესახებ გამოძიება დაწყებულია.

ქართველი ექსპერტი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ფრანგული ჟურნალის „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ სპეცსამსასხურის ალ-მუჰაბარათის“ ნახელავია. იგი მომხდარ ტერაქტს მხოლოდ კარიკატურებს არ უკავშირებს და თვლის, რომ ამგვარი ქმედებები უპირველეს ყოვლისა, მიმართულიაანტიხალიფატური კოალიციის ქვეყნების წინააღმდეგ, ამ კოალიციას კი მხარს საქართველოც უჭერს. შესაბამისად, ვახტანგ მაისაია საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გაძლიერების აუცილებლობისაკენ მოუწოდებს. მისი აზრით, აუცილებელია შემუშავდეს პოლიტიკური რეკომენდაციები, რომლებიც რეგიონულ დონეზე ხელს შეუწყობს უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას და ტრანსეროვნული გამოწვევების თავიდან აცილებას. საჭიროა ტერორიზმის წინააღმდეგ მიღებული კანონის გადასინჯვა და მისი სრულყოფილება.

ექსპერტი ოთარ კვირიკაშვილი, რომელიც ახმეტელია და კარგად იცნობს პანკისის ხეობაში შექმნილ ვითარებას, ამბობს, რომ იქ სიტუაცია ისევ მძიმეა და ახალგაზრდების გადინება ხეობიოდან, კანონის გამკაცრების მიუხედავად, მაინც არ შეწყდება: „პანკისელები სირიაში ფულის გამო კი არა, რწმენის გამო იბრძვიან“. „კანონის გამკაცრება ან ახალი კანონის მიღება სიტუაციას ვერ გამოასწორებს. ვთქვათ, სისრიაში წამსვლელები არ გაუშვი და ხეობაში გამოიკტენენ. ამით შეიძლება მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებმა ისარგებლონ, მით უმეტეს, რომ ახმატის რაიონი სასაზღვრო რაიონია და მეზობელ სახელმწიფოს (რუსეთს) არ გაუჭირდება ათასგვარი პროვოკაციების მოწყობა“.

ექსპერტ ზაალ კასრელიშვილის ინფორმაციით, საქართველოს წინა ხელისუფლების დროს, ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ თბილისის მეტროში, ტერორისტული აქტი უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ამგვარი საშინელება საქართვლოს მოსახლეობას დოკუ უმაროვმა აარიდა. სამწუხაროდ, იგი დღეს ცოცხალი აღარ არის. კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ლიდერმა ზაალა კასრელიშვილი ამბობს, რომ ამ სავარაუდო ტერაქტის განხორციელება რადიკალურ ისლამისტებს სურდათ: „ტერაქტის აღკვეთაში დიდი როლი ჩვენმა ორგანიზაციამ შეასრულა. მოვიძიეთ და გავედის ტერაქტის შესაძლო ორგანიზატორებზე. ამ საქმეში დიდი დახმარება დოკუ უმაროვმა გაგვიწია. ისინი აღმოჩნდნენ არაბი შეიხი და კავკასიელი ემირი. ჩვენს შეხვედრას დოკუ უმაროვიც ესწრებოდა. მან თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არავის არ უნდა ჩამოუვარდეს თმის ღერიო, საქართველო ყველას უნდა უყვარდესო. მან ისლამისტ მებრძოლებს საქართველოს ტერიტორიაზე რაიმეს მოწყობა კატეგორიულად აუკრძალა. ყოფილი ხელისუფლება, რასაკვირველია, საქმის კურსში იყო, მაგრამ მას არაფერი გაუკეთებია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანას მსგვასი საფრთხეები თავიდან ააცილოს“.

„ახალი თაობა“, 12 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „რუსეთი ძირფესვიანად ტერორისტული სახელმწიფოა“

ინტერვიუში სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე საუბრობს საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შესახებ, კომენტარს უკეთებს ფრანგული საზოგადოების მეტალიტეტს მუსულმანების მიმართ და აცხადებს, რომ რელიგიურ და ეთნიკურ დაპირისპირებებს მსოფლიოს ხელმძღვანელი ძალები წარმართავენ (ესაუბრება ჟურნალისტი გულიკო ბალაძე).

ნოდარ ნათაძის აზრით, საერთაშორისო მოვლენებს „მსოფლიო მთავრობა“ წარმართავს, რომელსაც რუსული პროპაგანდა „მასონებს“ უწოდებს, დასავლური კი – გლობალისტურ ძალებს. სინამდვილეში ეგრეთ წოდებული „მსოფლიო მთავრობა“ რომ არ არსებობდეს, ეს შეუძლებელია.

შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება რუსეთი, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში, დასავლეთის სახელმწიფოების გვერდით დადგეს, როცა მოსკოვს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებზე არაერთი მსგავსი აქტი აქვს ჩადენილი (მაგ. უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდება), ნოდარ ნათაძე პასუხობს:

„რუსეთი ძირფესვიანად ტერორისტული სახელმწიფოა, რომელიც ძალიან მონდომებულია მსოფლიოში ევროპელის როლი ითამაშოს. ვლადიმერ პუტინმა თავისი მოქმედებით ტერორიზმის ისტორიაში ახალი სიტყვა თქვა. ანგელა მერკელს ზალიან სურს ვლადიმერ პუტინს უშველოს, მაგრამ არაფერი გამოუვა“.

„ახალი თაობა“, 12 იანვარი, 2015 წელი

ირმა ინაშვილი: „ახსენებ ქართულ ინტერესს? „ზნაჩიტ“, ანტიევროპელი ხარ!“

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენმდივანის ირმა ინაშვილის მიერ ფეისბუქის გვერდზე გაკეთებული განცხადებები, რომლებიც, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საერთაშორისო ინტერესებს და საგარეოპოლიტიკურ ორიენტირებსაც ეხება. მისი აზრით, ახალი პოლიტიკური სეზონი საქართველოში ნაციოინალთა მიერ ათვისებული ახალი ტაქტიკითა და ახალი იდეოლოგიით დაიწყება:

„ნაციონალთა“ ახალი ტაქტიკის თანახმად, მოვლენები ასე განვითარდება: ახსენებ ქართულ ინტერესს? „ზნაჩიტ“, არაევროპელი ხარ და უნდა გაგგმონ! ახსენებ ფრაზას – „საქართველოს ინტერესები უნდა დავიცვათ ამერიკაშიც, რუსეთშიც, ირანშიც და ყველგან“, „ზნაჩიტ“, ანტიდასავლელი ხარ, ბნელი, ჩამოჩენილი და ნატოს მოწინააღმდეგე. თითქოსდა ბარაკ ობამას არ უთქვამს, რომ არანაირ ნატოში არ მიგიღებთ, უბრალოდ, ნატოს კარი ღიაა და მორჩაო“.

ირმა ინაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მას უკვე ანტიდასავლური კონტექსტში ახსენებს, ხოლო პრეზიდენტი კი ყოფილი მმართველი პარტიის მიმართ ლოილურობას იჩენს.

„კვირის პალიტრა“, 12 იანვარი, 2015 წელი

რა სიურპრიზს უმზადებს ოფიციალურ თბილისს პოროშენკო?!

ადეიშვილიმურმანის ეკალი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში?!”

ვახო ბერიძე

პეტრე პოროშენკო საზოგადოებას საკადრო სიურპრიზს ჰპირდებაკულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, უკრაინის ახალ მთავრობაში ინტერპოლის ძებნილი ზურაბ ადეიშვილი გამოჩნდეს.

რატომ იქცა უკრაინა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების – მით უმეტეს, მძიმე დანაშაულისთვის საერთაშორისო ძებნაში მყოფი ზურაბ ადეიშვილის კომფორტულ თავშესაფრად?

ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მარცხზე მიუთითებს: „უკრაინაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა არის საქართველოს ხელისუფლების მარცხი, რადგან უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის კადრების დანიშვნის გადაწყვეტილებას დასავლეთის ჩარევის გარეშე ვერ მიიღებდა“.

გია ხუხაშვილის უკრაინელი კოლეგა დიმიტრი გრომაკოვი “კვირის პალიტრასთან” საუბრისას არ გამორიცხავს, რომ პოროშენკოს დაანონსებული სიურპრიზი მართლაც ზურაბ ადეიშვილის თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირდებოდეს.

დიმიტრი გრომაკოვი, ექსპერტი: საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსვლა უკრაინის მთავრობაში ბიძგს მისცემს უკრაინულ რეფორმებს, რათა სწრაფად განხორციელდეს წარმატებული პროექტები. ჩემი აზრით, ეს არ გააფუჭებს ურთიერთობებს არც ხალხსა და არც პოლიტიკურ წრეებს შორის. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, მე კონკრეტული კორუფციული საქმეების შესახებ არაფერი ვიცი და ამიტომ ამ თემაზე რამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში არსებობს პრეცედენტები, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსს ბრალს უყენებენ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ სამართალდამცველები ცდებოდნენ. გაგახსენებთ თუნდაც საფრანგეთის პრეზიდენტის მაგალითს. უკრაინის მთავრობაში ადეიშვილის დანიშვნაში რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ.

- საქართველოში იანუკოვიჩი ან მისი მთავრობის წევრები რომ მაღალ პოსტებზე დანიშნონ, როგორ აღიქვამს ამას კიევი?

- თუ თქვენ იანუკოვიჩს საქართველოში შემოუშვებთ, როგორც მენეჯერს, კი ბატონო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ გამოგადგებათ. უფრო მეტიც, თუ ის ოდესმე გახდება რუსეთის პრეზიდენტი, ამით უკრაინა არაფერს დაკარგავს.

- 14 იანვარს პრეზიდენტი პოროშენკო დაასახელებს ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელსროგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა ეს ადეიშვილი?

- ამის ალბათობა არის 50/50-ზე. სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე მაინტერესებს, რა გეგმებით მივა ის უწყებაში. მას, ალბათ, ექნება პროგრამა, რომელიც კორუფციის მასშტაბს შეამცირებს.

———

თუ უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო ძებნაში მყოფ ზურაბ ადეიშვილს მაღალ თანამდებობაზე წარადგენს, რა იქნება ქართული მხარის საპასუხო ნაბიჯი? ამ კითხვით მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის წევრს გია ვოლსკის მივმართეთ.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, „ადეიშვილის და სხვა ძებნილი პირების დანიშვნა სიკეთეს არ მოუტანს არც  საქართველო-უკრაინის ურთიერთობას და არც უკრაინას. როდესაც ერთი ქვეყანა კრიმინალური დანაშაულისთვის ეძებს პიროვნებას და მას მეორე ქვეყანაში მაღალ თანამდებობაზე ნიშნავენ, ეს, ორი ქვეყნის ურთიერთობას სასიკეთოდ არ წაადგება. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რა იქნება ჩვენი საპასუხო ნაბიჯი.

როგორც გგონიათ, ჩვენი ელჩი რომ მისულიყო პოროშენკოსთან და ეთქვა, არ მიიღო ასეთი გადაწყვეტილებაო, რამე შეიცვლებოდა?

რაც შეეხება გია ხუხაშვილის განცხადებას, იგი ცდება, თუ ჰგონია, რომ დასავლეთი ასეთ დონეზე ერევა უკრაინის საკადრო პოლიტიკაში. გია ხუხაშვილს არასდროს არც ერთ საერთაშორისო წარმომადგენელთან ან საელჩოს წარმომადგენელთან არ ჰქონია შეხვედრა. აქედან გამომდინარე, ეჭვი მეპარება, რომ მან იცოდეს, რა ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში“.

Comments are closed