„რეზონანსი“: წინასაარჩევნო წმენდა „ოცნებაში“ // „ეროვნული ფორუმი” და “მრეწველები” ბიძინა ივანიშვილს მიეტმასნნენ”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან: „გამოსავალი ორპალატიანი პარლამენტია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „ალეკო ელისაშვილს პარლამენტში ვიწვევთ“ // ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „ეკა ბესელიასთან დაბარებულზე მისვლას არ ვაპირებ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილი „რესპუბლიკელებმა“ და კახა კალაძემ ჩააჩოჩეს“
„ალია“: ინტერვიუ სოსო ჯაჭვლიანთან: „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება პიკს აღწევს
„ალია“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: რატომ ჩაფრინდნენ ჩვენი მინისტრები პანკისში სამი სამხედრო ვერტმფრენით?
„ალია“: აზერბაიჯანში დოლარის შესყიდვა შეიზღუდა // რატომ ელის ლარს კიდევ უფრო გაუფასურება?
„რეზონანსი“: შეიძლება საქართველო იაფმა იმპორტულმა საქონელმა წალეკოს // ექსპორტს პრობლემა შეექმნება, ამიტომ დღის წესრიგში ლარის კურსის საკითხიც დადგება
„რეზონანსი“: ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „გაზპრომზე“ დამოკიდებულებას გამოვრიცხავ”
„რეზონანსი“: როგორ აისახება საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაზე რუსული გაზის იმპორტი?
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან: „გაზპრომთან“ ურთიერთობა კითხვებს აჩენს“
—————————-
„რეზონანსი“, 12 იანვარი, 2016 წელი
წინასაარჩევნო წმენდა “ოცნებაში“
“ეროვნული ფორუმი” და “მრეწველები” ბიძინა ივანიშვილს მიეტმასნნენ“
თაკო მათეშვილი
სპორტსმენებისა და მსახიობების გარდა, “ქართულ ოცნებას” პოლიტოლოგები ზოგიერთი პარტიის გაშვებასაც ურჩევენ. ამ პარტიებში გოგი თოფაძის “მრეწველებსა” და გუბაზ სანიკიძის “ეროვნულ ფორუმს” გულისხმობენ და ამბობენ, რომ კოალიციაში მათი ყოფნით მმართველ გუნდს არათუ არაფერი ემატება, არამედ აკლდება კიდეც, რადგან ამ პარტიების წარმომადგენლების სკანდალური განცხადებები მთელი კოალიციის რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მმართველი პარტიის სია სახეშეცვლილი რომ იქნება, ამას უკვე თავად კოალიციაშიც არ უარყოფენ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წლებში ყველაზე კურიოზული განცხადებებითა და სანახაობრივი გამოსვლებით, ჩხუბებსა და დაპირისპირებებში ყველაზე ხშირი მონაწილეობით “ოცნების” სპორტსმენმა და ხელოვანმა დეპუტატებმა დაგვამახსოვრეს, თავი გასაკვირი არ იყო ცნობა იმის შესახებ, რომ მომავალ პარლამენტში ისინი ვეღარ მოხვდებიან.
ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა საბოლოოდ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში დაადასტურა. მისი თქმით, არსებული სიჭარბით მომავალ პარლამენტში მსახიობებსა და სპორტსმენებს აღარ ვიხილავთ.”არის გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო კუთხითაც. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარ გამოწვევას მომავალ პარლამენტში დეპუტატების მნიშვნელოვნად გადახალისება წარმოადგენს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.
კითხვაზე, იზიარებენ თუ არა მშვიდად მსგავს მიდგომას მსახიობები და სპორტსმენები, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადახალისება მტკივნეული პოროცესია, თუმცა თითოეული საკადრო საკითხის გუნდურად განხილვას გეგმავენ და დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი კონსტრუქციულად გაივლის.
საპარლამენტო უმრევლესობის წევრის, გუგული მაღრაძის თქმით კი, მომავალ პარლამენტში მოხვდებიან ადამიანები, რომლებიც საკანონმდებლო საქმიანობაში ეფექტური იქნებიან. “ყოველთვის უნდა მოხდეს გადახალისება. არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე უფრო საჭირონი იყვნენ პარლამენტში და მის საქმიანობაში. შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა. პარლამენტში უფრო სხვა ადამიანები არიან საჭირო”, – ამბობს გუგული მაღრაძე.
მოგეხსენებათ, სოსო ჯაჭვლიანის, ზურაბ ზვიადაურისა და სხვათა გამონათქვამებისა თუ ქმედების გამო მმართველი გუნდი საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ გახვეულა. თუმცა, არაპოლიტიკოს წევრებს არც პოლიტიკოსები ჩამორჩენიან. შესაბამისად, არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, კოალიციის რიგებში ცვლილება ამ კუთხითაც შევიდეს.
კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი გასულ წელს “მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძეც იყო, რომელიც საქართველოს საგარეო კურსთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და რუსეთთან დაკავშირებით მთავრობის ოფიციალური პოზიციისაგან მკვეთრად განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებდა.
განსაკუთრებით ხმაურიანი კი მისი განცხადება აღმოჩნდა იმის თაობაზე, რომ მალე სტალინის პორტრეტი ყველა კაბინეტში დაიკიდება. პარტია “მრეწველები” პარლამენტში 5 დეპუტატითაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება “ეროვნულ ფორუმს”, პარლამენტში მათ 6 დეპუტატი ჰყავთ. სკანდალური განცხადებებით ნაკლებად გამოირჩევიან, თუმცა პარლამენტში მძინარე გუბაზ სანიკიძის ფოტომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი ფოტო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თანაც კი დაჰქონდა და სხვადასხვა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას აჩვენებდა.
სიის გადახალისება რომ აუცილებელია, ამაზე პოლიტოლოგები თანმხდებიან, თუმცა ამას სხვადასხვაგვარად ხედავენ. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ საზოგადოებაში კოალიციისადმი მაინცადამაინც თბილი დამოკიდებულება არაა. ამიტომ, იგი ცოტა სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს. მისი თქმით, მოსალოდნელიც იყო, რომ სპორტსმენები და მსახიობები მომდევნო სიაში ვეღარ მოხვდებიან, ან მინიმალური დოზით იქნებიან წარმოდგენილნი. თუმცა, მიიჩნევს, რომ საკმარისი მხოლოდ ეს არ იქნება. აქვე იმასაც დასძენს, რომ კოალიციას სიის შესავსებად დიდი არჩევანი არ აქვს და თუ ამას მაინც მოინდომებს, მათ ისეთი ადამიანები სჭირდებათ, რომელთაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად იცნობს.
ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ სია ისეთი ადამიანებით იქნება სავსე, რომლებიც შესაძლოა, მართლაც ძალიან განათლებულები, მაგრამ საზოგადოებისათვის უცნობები იქნებიან, კოალიცია იმხელა მხარდაჭერას ვერ მიიღებს, რაც პროპორციული სიით დეპუტატების პარლამენტში გაყვანისთვისაა საჭირო.
“მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, რაც კოალიციაში შემავალ პარტიებს შორისაა, წინასაარჩევნოდ მისი დაშლა მართებული არ მგონია. შესაძლოა კვოტები სხვაგვარად გადანაწილდეს, მაგრამ დაშლა, ან გამოყოფა ნამდვილად არ მიმაჩნია სწორი. ამ კოალიციამ, ასე თუ ისე, იმუშავა და არ მგონია, ამომრჩეველი პარტიებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო დაეკარგათ. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრება და სიტუაციის შესწავლაა საჭირო. საკითხავია, რა უფრო მეტ შედეგს მოუტანს კოალიციას – დაშლა თუ ერთად ყოფნა? შესაძლოა, ამ პარტიებს, ცალ-ცალკე აღებულს ბევრი მხარდაჭერი არც ჰყავდეთ, მაგრამ აქ შედეგს ერთობა იძლევა. როცა ძალა ერთიანია, საზოგადოებას მისდამი სხვა დამოკიდებულება აქვს, ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე პარტიისადმი. სწორედ ესაა მთავარი. ამიტომ, თუ კოალიციას რომელიმე პარტია გამოეყოფა, ბუნებრივია, ის ოპოზიციურ ფლანგზე გადაინაცვლებს და ხმები უბრალოდ დაიქსაქსება. შესაძლოა, “ფორუმმა” ან “მრეწველებმა” იმდენი ხმა ვერ აიღონ, რომ ბარიერი გადალახონ, მაგრამ კოალიციას ეს ხმები მაინც მოაკლდება”, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. გარდა ამისა, მისი თქმით, თუკი კოალიციიდან რომელიმე პარტიის გაშვებას აპირებდნენ, ეს შემოდგომაზე, სექტემბერში უნდა გაეკეთებინათ. ახლა დაშლას ოპოზიცია წინასაარჩევნოდ სათავისოდ გამოიყენებს. ამიტომ, ეს ყველაფერი, ძაბირაძის აზრით, ასაწონ-დასაწონია. მისი თქმით, არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ კოალიციის დაშლა მოინელონ და ახალი რეალობაც შექმნან.
კოალიციის პროფესიონალებისაგან, ყველა თაობის მეცნიერებისაგან დაკომპლექტებას მოითხოვს პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა და ამბობს, სპორტსმენებსა და ხელოვანებს პარლამენტში არაფერი ესაქმებათ. თუკი იქ შედიან, ნათელია, რომ პირადი მიზნები ამოძრავებთ – საკუთარ ბიზნესს ლობირებენ და ა.შ.
“ეროვნულ ფორუმსაც” პატივს ვცემ და “მრეწველებსაც”, მაგრამ ფაქტია, რომ ცალკე ვერცერთი მათგანი ვერაფერს მიაღწევს. ეს პარტიები ბიძინა ივანიშვილს მიეტმასნნენ. მათი იდეოლოგია სხვადასხვაგვარია. ეს კი დაპირისპირებასა და მუშაობის პროცესში წინააღმდეგობებს იწვევს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ თავად პარტია “ქართული ოცნება” უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია და პარტიის სახე და ხასიათი მიიღოს. მერე კი დამოუკიდებლად იმოქმედოს”, – ამბობს იგი “რეზონანსთან” საუბრისას. აქვე იგორ კვესელავა იმასაც დასძენს, რომ ამ პარტიების კოალიციიდან გასვლას “ოცნებისათვის” არანაირი უარყოფითი შედეგი არ ექნება, რადგან მათი რეიტინგი დაბალია. “მათი მხარდამჭერების რაოდენობა 10 ათასს ალბათ არც აღემატება. ეს კი პროცენტულად არაფერს ნიშნავს. იმის გამო, რომ “მრეწველები” და “ფორუმი” კოალიციაში არ იქნებიან, ხელისუფლება 10 ათას ხმას დაკარგავს, მაგრამ 50 ათასს მიიღებს”, – აცხადებს პოლიტოლოგი.
„ახალი თაობა“, 12 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ კონსტანტინე გამსახურდიასთან: „გამოსავალი ორპალატიანი პარლამენტია“
ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას უერთდება და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ითხოვს შეხვედრას.
„ჩვენ გვინდა ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. თუ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას გადავხედავთ, არ არსებობს არჩევნები, რომელთაც არ მოჰყოლია უკმაყოფილება, დაპირისპირება. საგარეჯოში ჩატარებული არჩევნებიც ამის კარგი მაგალითი იყო. პირველი სამართლიანი არჩევნები 1990 წელს 28 ოქტომბერს ჩატარდა, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭო იქნა არჩეული. ეს იყო პირველი არაკომუნისტური, არასაბჭოური, მრავალპარტიული და თავისუფალი არჩევნები“, – ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.
- კომუნისტური პარტია რომ დამარცხდა, იმ არჩევნებზე საუბრობთ?
- დიახ, როდესაც კომუნისტები დამარცხდნენ და გაიხსნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის პერსპექტივა, რაც კიდეც განხორციელდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას შემდეგ ქვეყანა ბევრი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
- ის არჩევნები რა სისტემით ჩატარდა?
- პირველი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. თავის დროზე, ეს პროგრესული იყო, რადგანაც არ იყო შესაძლებლობა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი არჩეულიყო. მაშინ დაუშვეს, რომ ერთი ნაწილი დეპუტატების მაჟორიტარული სისტემით არჩეულიყო, მეორე ნაწილი კი – პროპორციული, პარტიული სიებით. სწორედ პარტიული სიების შემოტანა იყო დიდი პროგრესი, ეს იყო არნახული რამ, რადგან კომუნისტური არჩევნები ყოველთვის მაჟორიტარული სისტემით ტარდებოდა და იმ არჩევნებში არანაირი პარტია არ იყო. ყველა ადამიანი იმ ერთი პარტიის – კომუნისტური პარტიის წევრი იყო.
მაშინ პროგრესული იყო შერეული სისტემა, მაგრამ ახლა ეს სისტემა სხვადასხვა ჯგუფებმა მოირგეს. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ბიზნესში მონოპოლიები აქვთ. სწორედ ესენი გვევლინებიან პარლამენტში მაჟორიტარებად. ისინი ნებისმიერი მმართველი პარტიის სალაროს და, გარკვეული თვალსაზრისით, ქვეყნის ბიუჯეტსაც ავსებენ. ამას კი სრული კარტბლანშითა და მონოპოლიით ახერხებენ. ეს არის ის სისტემა, რომელიც გვაქვს და რომელიც შეუძლებელია, რომ ჯანსაღი იყოს.
- მაჟორიტარული სისტემის მომხრეთა არგუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული მაჟორიტარული სისტემაა. რამდენად ადეკვატურია ეს არგუმენტი?
- ეს არის უსუსური არგუმენტი და სრულიად გაუმართლებელი, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ორპალატიანი სისტემაა. არსად, გარდა საქართველოსი, არ ირჩევა დეპუტატი მაჟორიტარული წესითა და პროპორციული სისტემით ერთდროულად. ეს დაშვებულ იქნა ჩვენთან 1990 წელს, რადგან მაშინ სხვა გზა არ არსებობდა და მოგიყევით, რატომაც იქნა დაშვებული. მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლება ამ დათმობაზე რომ წავიყვანეთ, ეს დიდი ამბავი იყო. ამას სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვა დასჭირდა და შემდეგ საბჭოთა კავშირის მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ბაკატინთან მოლაპარაკებები.
რაც შეეხება ამერიკას, იქ სენატი ირჩევა მაჟორიტარული წესით, კონგრესი კი _ პარტიული სიებით, პროპორციული სისტემით. საქართველოს კონსტიტუციაში იყო დათქმა, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ იქნება ორპალატიანი, ვიდრე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები არ დაგვიბრუნდება. თუმცა, ეს არ არის გადაულახავი პრობლემა: ჩვენ შეგვიძლია ორპალატიანი სისტემა შემოვიღოთ, მეორე პალატაში იყვნენ აფხაზეთიდან დეპუტატები არჩეულები და შეიძლება, მაგალითად, ზედა პალატა დარჩეს ქუთაისში და მეორე პალატა, პროპორციული სიით არჩეული დეპუტატები, თბილისში გადმოვიდნენ. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ამ გზით წავიდეთ.
- ორპალატიანი პარლამენტი გამოსავალი შეიძლება იყოს შექმნილი სიტუაციიდან?
- რასაკვირველია, ეს არის აბსოლუტური გამოსავალი, მაგრამ ჩვენ ეს ჩვენს განცხადებაში და მიმართვაში, გარკვეული პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, არ ჩავწერეთ.
- პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვთ. რა მოლოდინი გაქვთ?
- ახალი პრემიერი, ვფიქრობ, პროგრესული და მოწინავე სახეა, შესაძლოა, რომ მასთან შეხვედრა და დიალოგი მოხერხდეს.
- შეგხვდებათ?
- რასაკვირველია, ის იქნება თავის გუნდზე დამოკიდებული, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა მოხდება. რამდენად იქნება ნაყოფიერი, ამის თქმა კი მიჭირს, რადგან გუნდურობის პრინციპი მუშაობს და ალბათ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას.
- თუ არ შეგხვდათ?
- იმედი მაქვს, რომ შეგვხვდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
„ახალი თაობა“, 12 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „ალეკო ელისაშვილს პარლამენტში ვიწვევთ“
ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან: „ეკა ბესელიასთან დაბარებულზე მისვლას არ ვაპირებ“
პოლიტპატიმრების ირგვლივ აგორებული სკანდალი აქტუალურობას არ კარგავს და კვლავაც გრძელდება. პოლიტპატიმრები კითხვებზე პასუხს ალეკო ელისაშვილისგან მოითხოვენ და მას 15 იანვარს პარლამენტში მისვლას სთხოვენ. უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის ორგანიზებით, პოლიტპატიმრები თბილისის საკრებულოსთან შეიკრიბნენ, ალეკო ელისაშვილს ოფიციალური წერილი გადასცეს და პარლამენტში მისვლა სთხოვეს.
- ქალბატონო ნანა, პოლიტპატიმრები ალეკო ელისაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. ამ საკითხს კი ორგანიზებას თქვენ უკეთებთ. უფრო დეტალურად, რა ხდება ამასთან დაკავშირებით?
- იცის საზოგადოებამ, რომ ალეკო ელისაშვილმა შეწყალების კომისიაზე დაიწყო საუბარი, რომ თურმე შეწყალების კომისიაზე ხდებოდა ზეწოლა, პირადად მასზე ხდებოდა ზეწოლა და ელისაშვილს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამის უკან იდგა კორუფცია. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც არსებობდა კითხვები. ხოლო ეს კითხვები, რომლებიც ელისაშვილს გაუჩნდა, იყო გონივრულ ეჭვებზე დაფუძნებული.
- მისი მხრიდან მოხდა ამ ეჭვების დასაბუთება?
- დღემდე ვერ დაასაბუთა მან ეს ეჭვები. ვერც მედიასაშუალებებში გავიგეთ, რა იყო მისი ეს გონივრული ეჭვის საფუძველი, ვერც პროკურატურიდან გამოსულმა თქვა რაიმე კონკრეტული. აქედან გამომდინარე, პოლიტპატიმრები თვლიან, რომ ელისაშვილი არის დაკვეთილი კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე. ამ ხალხს გაუჩნდა სურვილი, რომ ელისაშვილისთვის დაესვა კითხვები.
- ეს ვერ მოხერხდა?
- პოლიტპატიმრებმა პრაიმტაიმის კლუბში ჩაატარეს პრესკონფერენცია და სთხოვეს ელისაშვილს, დასწრებოდა, თუმცა ის არ მოვიდა. ამის შემდეგ ელისაშვილი აცხადებდა, რომ ენდობოდა გამოძიებას და პროკურატურის იმედი ჰქონდა. მერე მოულოდნელად განაცხადა, რომ აღარც პროკურატურას ენდობა და ენდობა პარლამენტს. სწორედ პარლამენტში გვყავს მიწვეული ელისაშვილი 15 იანვარს პირველ საათზე.
- როგორია მისი პოზიცია? მოვა?
- ის თავად ითხოვს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას და ჩვენ მას ამიტომაც ვიწვევთ იქ. მოვიდეს და ილაპარაკოს იმ ეჭვების საფუძველზე, რაც მას გაუჩნდა პოლიტპატიმრების სიებთან დაკავშირებით.
- თქვენი საკრებულოში მისვლის მიზეზი რა იყო?
- ჩვენ კამერების თვალწინ წერილი ჩავაბარეთ კანცელარიას, რათა მან ვეღარ თქვას, რომ არ იცოდა. მობრძანდეს პარლამენტში, ან დაასაბუთოს ის, რა ეჭვებიც გააჩნია. მისი არ მოსვლის შემთხვევაში დასაბუთდება ის, რომ ის არის კონკრეტული კამპანიის მონაწილე და მას სწორედ ამ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.
- ანუ, პარლამენტში საკითხის ღიად განხილვა იგეგმება?
- დიახ. ასევე პოლიტპატიმრებს ხელისუფლების მიმართაც აქვს კითხვები, რატომ არ მოხდა რეჟიმის შეფასება და რატომ არ მოხდა პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვა. რატომ მიეცათ დღეს ელისაშვილებს და მისნაირებს საშუალება, რომ მანიპულირება მოეხდინათ პოლიტპატიმრების სიებით და ასეთი ტალახი შეესხათ მათთვის.
- რა იდგა ელისაშვილის განცხადებების უკან?
- ელისაშვილის განცხადების უკან იდგა ზუსტად ის, რაც იდგა ნაციონალების განცხადებების უკან, როდესაც ისინი ტალახს ასხამდნენ პოლიტპატიმრების სიებს. ეს იყო მიმართული სწორედ პროცესის დისკრედიტაციისკენ და არა იმისთვის, რომ ვიღაც ეძებდა კორუფციის წყაროს.
- ამ შემთხვევაში რა უნდა გაეკეთებინა ელისაშვილს?
- ალეკო ელისაშვილი არ დაინტერესებულა არც ერთი პოლიტპატიმრის საქმით. არ გამოუთხოვია არც ერთი პოლიტპატიმრის საქმე, არც პარლამენტიდან და არც სხვა ორგანოებიდან. ოჯახის წევრებსაც კი არ დაკავშირებია ელისაშვილი, ან მათ ადვოკატებს, რომ გაეგო, რეალურად რა ხდებოდა.
- ეს რაზე მიანიშნებს?
- როდესაც შენ არ გაინტერესებს, რა ხდება, არ ინტერესდები რეალური საქმით და პირდაპირ აკეთებ განცხადებას, ე.ი. შენც ხარ იმ პროცესის მონაწილე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აქამდე ეწეოდა.
- მათ თამაშს თამაშობს?
- რასაკვირველია. მას მტკიცებულებები არ აინტერესებს, ხან ენდობა პროკურატურას, ხან არა, ეს მისი მხრიდან არასერიოზულობის გამოვლინებაა. ჩვენ არ გვაინტერესებს, ელისაშვილი ვის ენდობა, ჩვენ გვაინტერესებს, ის პარლამენტში მოვიდეს და გაგვცეს პასუხები კონკრეტულ კითხვებზე. ასევე დასვას კონკრეტული კითხვები და ჩვენგანაც კონკრეტულ პასუხებს მიიღებს.
- როგორი იქნება ამ საქმის გაგრძელება?
- ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს. ყველა იმ პოლიტპატიმარს, რომელიც თვლის, რომ მისი ღირსება შეილახა, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ.
- მოვა ელისაშვილი პარლამენტში?
- იქ თუ არ მოვა, პრეზიდენტთან დავიბარებთ. სადღაც ხომ მაინც მოვა. ყოველ შემთხვევაში, ის პასუხების გაცემას ვერ გაექცევა. არ გასცემს და მისთვის უარესი. მაშინ პირდაპირ ექნება ის იარლიყი, რომ ის არის ბინძური კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე.
—————
აპირებს თუ არა ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მისვლას? ამ და სხვა საკითხებზე მას „ახალი თაობა“ ესაუბრა.
- ალეკო, ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ პოლიტპატიმრები 15 იანვარს პარლამენტში მისვლას გთხოვენ. აპირებთ მისვლას?
- არა, ნამდვილად არ ვაპირებ!
- რატომ?
- მე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ერთი განცხადება უკვე გავაკეთე და მორჩა და გათავდა! დღეს ჩემი მთავარი საქმე არის და ამ საქმეს ბოლომდე მივყვები, რომ დავადასტურო ბესელია-კობახიძის კორუფციული სქემები. ხოლო პოლიტპატიმართა ეს ჯგუფი რატომ აქტიურობს, ეს ჩემთვის ძალიან უცნაურია.
- რა არის ამაში უცნაური?
- აშკარად მათ უნდათ, რომ ჩემი ყურადღება გადაიტანონ ძირითადი საკითხიდან. ეკა ბესელიას კომიტეტში მიბარებენ და… ძალიან უცნაურად ჟღერს თავისთავად ეს ამბავი. მე პარლამენტში მაქვს ჩემი საქმე.
- რომელი საქმე?
- მე ველოდები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამდენად, პოლიტპატიმრებს ვურჩევ, რომ თავის საქმეს მიხედონ.
- კითხვები გვაქვს მასთან და ამიტომ უნდა მოვიდეს პარლამენტში და ამ კითხვებზე პასუხი გაგვცესო, აცხადებენ პოლიტპატიმრები და მაშინ ეს როგორ მოხერხდება?
- მე, ისევე, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს, გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ სიებში მოხვდა ბევრი კრიმინალი და დამნაშავე და ეს ადამიანები თავის თავზე რატომ იღებენ ამ განცხადებებს, მე ეს მაინტერესებს. გამოძიება მიდის ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში და პროკურატურას მიმართონ, თუ ძალიან აინტერესებთ. მე არაფერ შუაში ვარ.
- როგორ არ ხართ, სწორედ თქვენ არ გააკეთეთ ამაზე ხმამაღალი განცხადებები?
- მე ვთქვი, რომ გონივრული ეჭვი მაქვს-თქო და ახლა ყურადღების გადატანა უნდათ და მხოლოდ მე მერჩიან, როცა ათასი ადამიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია იძახის, რომ იქ რაღაცები უცნაურად იყოო. ღარიბაშვილი ამბობდა ამას და ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ უცნაურობები ხდება პოლიტპატიმართა სიებთან დაკავშირებითო. რატომ იმათ არ იბარებენ და არ ეკითხებიან?! ამ შემთხვევაში მე შემეშვან! მე ჩემი საქმე მაქვს და მას უნდა გავყვე. ნუ მიტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ყურადღება გადააქვთ და ვიღაცის დავალებებს ასრულებენ. ასე რომ, ეკა ბესელიასთან დაბარებულზე მისვლას ნამდვილად არ ვაპირებ!
- გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და მას რამდენად ენდობით?
- გამოძიებას არ ვენდობი!
- მაშინ რა გზა რჩება, რა ზომებს უნდა მიმართოთ?
- ველოდები საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში!
- ამაზე რა პასუხი გაგცეს?
- არ გამცეს. ჯერ არ დაწყებულა საგაზაფხულო სესია და ველოდები პირველივე სხდომას პარლამენტში.
„ახალი თაობა“, 12 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილი „რესპუბლიკელებმა“ და კახა კალაძემ ჩააჩოჩეს“
ვინ ამზადებს ფონს „ნაციონალების“ დასაბრუნებლად, ვინ უმალავს ინფორმაციებს ივანიშვილს, ვინ და რატომ ავრცელებს ხმებს ღარიბაშვილის სამომავლო გეგმებზე? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ თავმჯდომარე ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
„ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობიდან ამაყად და გამარჯვებული წავიდა. ასე წასული ადამიანები, როგორც წესი, არ იკარგებიან და არც ყოფილი პრემიერი დაიკარგება. ის აუცილებლად დაბრუნდება და ეს მოხდება მაშინ, როდესაც ქვეყანას კრიტიკული მომენტი დაუდგება. ეს ხელისუფლება აუცილებლად ჩავარდება ცუდ დღეში და ღარიბაშვილის დაბრუნება აუცილებელი გახდება“, – ამბობს ლადო სადღობელაშვილი.
- პრემიერად დაბრუნდება?
- არ ვიცი. შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი.
- არის ვარაუდი, რომ ის წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პარტიით მიიღებს მონაწილეობას...
- მსგავსი არაფერი იგეგმება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს არის შეგნებულად გავრცელებული ტყუილი.
- ვინ ავრცელებს ამ შეგნებულ ტყუილს?
- ისევ და ისევ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ყველას კარგად მოეხსენება, რომ საზოგადოებაში ყველაზე მეტი სიყვარულით და პატივისცემით ყოფილი პრემიერი სარგებლობდა. ახლა ამ ხმებს იმიტომ ავრცელებენ, რომ არ სურთ ამ ელექტორატის დაკარგვა. ამ ჭორების გავრცელებით იმის დამალვასაც ცდილობენ, თუ რატომ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილი.
- და რატომ წავიდა?
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მან თავის სამეგობრო და სანათესაო არ გაწირა. ამ კაცური მიდგომის გამო ირაკლი ღარიბაშვილი გაწირეს. ის იმ ადამიანებმა გაწირეს, ვისაც ყველაზე მეტად სურდა მისი ჩაჩოჩება.
- შეგიძლიათ მათი ვინაობის დასახელება?
- რატომაც არა. ირაკლი ღარიბაშვილის ჩაჩოჩების სურვილი ყველა არაეროვნულად განწყობილ ძალას ჰქონდა. ამ მხრივ გამორჩეული როლი შეასრულა რესპუბლიკურმა პარტიამ. მათ მხარი აუბა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც. ის დღედაღამ იმაზე ოცნებობდა, როგორმე ჩაეჩოჩებინა და მოეშორებინა ღარიბაშვილი.
- რაში უშლიდა მას ღარიბაშვილი ხელს?
- ეტყობა, ბევრ რამეში უშლიდა ხელს. ახლა უფრო ფრთებგაშლილი იქნება. როდესაც ღარიბაშვილს პრემიერის პოსტი ეკავა, იმ დროს ყველა მინისტრი მეორე და მესამე პლანზე იყო გადასული. მთავარი ყურადღება ექსპრემიერისკენ იყო მიმართული, რაც ვიღაც-ვიღაცებს აღიზიანებდა. მოქმედი პრემიერის პირობებში ყურადღება სხვა პერსონებზე გადავა. გიორგი კვირიკაშვილი, წინამორბედისგან განსხვავებით, მებრძოლი არ არის. ის ბუნებით უფრო რბილი ადამიანია და უკვე წავიდა რაღაც დათმობებზე.
- რა დათმობებზე წავიდა?
- ოპოზიციას უთხრა, დავსხდეთ, დავილაპარაკოთო. საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალასანიას თანაპარტიელი დააბრუნა. კვირიკაშვილი ინიციატივებისგანაც თავს შეიკავებს. ღარიბაშვილი კი სხვანაირი იყო და ამიტომაც გაუშვეს სახლში. ახლა ის წასულია და მისი მოწინააღმდეგეები თავისუფლად იმოქმედებენ. უფრო თამამად იმოქმედებენ ის პირებიც, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ნაციონალების წისქვილზე ასხამდნენ წყალს. ასეთი ადამიანები მაღალ თანამდებობაზე არიან.
- ვინაობას დაასახელებთ?
- დავასახელებ, ეს გახლავთ სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი. მისი წყალობით ქვეყანა იმ საფრთხის წინაშე დადგა, რასაც ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება ჰქვია. ეს ინფორმაციები ბიძინა ივანიშვილამდე არ მიდის. ამას გოგაშვილი ბლოკავს. რამდენიმე წლის წინ ის ხორცის დისტრიბუციით იყო დაკავებული და საკუთარი ხორცის მაღაზია ჰქონდა.
- ნიჭიერი კაცი ყოფილა თუ ხორცის მაღაზიის მეპატრონეობიდან ასეთ მაღალ თანამდებობაზე მოხვდა...
- ნიჭიერი კი არა, ინტრიგანია და ფარული ჩანაწერების გაკეთების ოსტატია. ამ ჩანაწერებით დღემდე ახორციელებს შანტაჟს. დაინიშნა თუ არა სუს-ის მოადგილედ, ეს უწყება ეგრევე გახვია შარში. პირველი კრახი სუს-მა გასული წლის ოქტომბერში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე განიცადა. ის არჩევნები რომ ისე ულამაზოდ წარიმართა, სულ გოგაშვილის დამსახურებაა. არჩევნების დღეს, გამთენიისას დაიჭირეს ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი, რამაც არჩევნების შედეგზეც იქონია გავლენა. ამ ყველაფრის მოწყობა მაშინ კახა კალაძეხ დაბრალდა და ჯოხი მასზე გადატყდა. ყველაფერში დამნაშავე კი გოგაშვილი იყო.
- მას რა ინტერესი უნდა ჰქონოდა?
- შესაძლოა, ის თავის მხრივ ეკონტაქტებოდა კალაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მან მოიმოქმედა. ამას მოჰყვა რუსთავი 2-ის გარშემო დატრიალებული ამბები. სუს-მა მასზე კონტროლის დაწესება მოინდომა, თუმცა შედეგი მივიღეთ საპირისპირო. ახლანდელი რუსთავი 2 წინა წლის რუსთავი 2-ზე ბევრად უფრო ძლიერია. ისინი ბევრად უფრო გაბედულად ლაპარაკობენ, რადგან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უდგას გვერდში, აღარაფერს ვამბობ აშშ-ის საელჩოზე. სუსი ჩაერია რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებშიც, რომელიც იანვრის ბოლოს უნდა გაიმართოს. რაგბის კავშირში სუს-მა აურია. გოგაშვილის სახელს უკავშირდება შარშან შუალედურ არჩევნებში მომხდარი სკანდალი. საგარეჯოში არჩევნები ხელოვნურად მოაგებინეს თამარ ხიდაშელს. რასაც მე ნაციონალების გამარჯვებად მივიჩნევ.
- რანაირად არის ეს ნაციონალების გამარჯვება?
- რანაირად და თამარ ხიდაშელი რესპუბლიკელია. რესპუბლიკელები კი ნაციონალური მოძრაობის დასაყრდენს წარმოადგენენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, ახლა გოგაშვილი აპირებს, რომ არჩევნები მან ჩაატაროს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მას უკვე კახა კალაძე დაეჯახა. ყველამ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ სტრუქტურული ერთეულები ვიცე-პრემიერს აბარია. გოგაშვილი ცდილობს, რომ რაიონებში პარტიის თავმჯდომარეებად და მოადგილეებად თავისი ხალხი წარადგინოს, რაც პარტიაში დაძაბულობას იწვევს. ამას აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ხალხი გაიყვანოს პარლამენტში და შემდეგ მთელი ძალაუფლება ნაციონალებს გადასცეს.
- თუ გოგაშვილი ასეთ რაღაცებს აკეთებს, ხელისუფლებას სძინავს? რას აკეთებს თუნდაც სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური?
- მე როგორც ვიცი, გოგაშვილი გომელაურს საქმის კურსში არ აყენებს და მის ზურგს უკან აკეთებს რაღაც საქმეებს.
- სუს-ის უფროსმა არ უნდა იცოდეს, რა ხდება მის ზურგს უკან?
- იმედია, გაიგებს. პირადად მე ვაპირებ, რომ მასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გავასაჯაროო. როგორ შეიძლება ნაციონალებს რამეში დაეთანხმო, მაგრამ რასაც გოგაშვილზე ეგენი წერენ, არის სიმართლე.
- ნაციონალები მასზე ძალიან ცუდ რაღაცებს წერენ, თქვენ კი ამბობთ, რომ ის მათზე მუშაობს. ეს როგორ უნდა გავიგოთ?
- ნაციონალები მას იმიტომ ლანძღავენ, რომ რაღაცები არ გაიშიფროს. გოგაშვილის მიზანი ხელისუფლებაში მათი დაბრუნებაა. ჩემთვის ყოფილი ხელისუფლებაც და სუს-ის უფროსის მოადგილეც ერთნაირად მიუღებელია.
- თქვენ არასდროს დაგიმალავთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს უჭერდით მხარს. ეს გოგაშვილი მის კადრად რომ ითვლება, ამაზე რას იტყვით?
- არ არის გოგაშვილი ღარიბაშვილის კადრი. ეს ხმებიც შეგნებულად არის გავრცელებული. სუს-ის უფროსის მოადგილემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილი პრემიერი გზიდან ჩამოეშორებინა. ვის და რა ინფორმაციებს აწვდიდა ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ამას ეტაპობრივად გავასაჯაროებ.
ინტერვიუ სოსო ჯაჭვლიანთან: „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება პიკს აღწევს
ნინო სამხარაძე
ფაქტობრივად, სიტუაცია ზედმიწევნით აღწერა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ, ლამისაა ტყვიამფრქვევები დაუშინონ ერთმანეთს იმის გამო, ვინ მოხვდება სიაში… პარტია “ქართული ოცნების” ერთერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური უფრო შორს წავიდა და სკანდალური განცხადება გააკეთა. იგი „ქართული ოცნების“ დაშლის ინიციატივით გამოდის და აცხადებს: „იმისთვის, რომ ყველა პარტიამ მიიღოს თავისი დამსახურების შესაბამისი და არა იმდენი, რამდენიც ამბიცია აქვს, აჯობებს, განსაკუთრებით დიდი ამბიციების მქონე პარტიებმა დამოუკიდებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ამით განისაზღვრება მათი რეალური რეიტინგი…”.
რა თქმა უნდა, მეჭიაური, პირველ რიგში, „რესპუბლიკურ პარტიას“ გულისხმობდა, რომელიც ფაქტობრივად, „ქართული ოცნებას“ თავზე მოაჯდა. ამიტომაც იყო, რომ ვერ მოხერხდა მინისტრთა კაბინეტის ცვლა ახალი პრემიერის წარდგენის პირობებში, რადგან კულუარული ინფორმაციით, „რესპუბლიკური პარტია“ ოთხი სავარაუდო მოსახსნელი მინისტრის პორტფელს ითხოვდა. ეს კი უკვე მეტისმეტი იყო, რაც ნიშნავს, რომ ყოველგვარი ბრძოლისა და თავგანწირვის გარეშე ისინი აბსოლუტური რევანშით იღებდნენ ხელისუფლებას.
რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ხელისუფლებაში ივანიშვილის ავტორიტეტით მოვიდნენ, მაგრამ პოლიტიკა – ეს არის ყველაზე ბინძური სფერო და ამავდროულად, ყველაზე ბინძური ბიზნესი, რომელმაც თავისი რეიტინგით ლამის გადაუსწრო ბინძური ბიზნესების ჩამონათვალს, როგორიც არის ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობა. ერთადერთი შემთხვევაა, როცა მეჭიაურის განცხადება მოსაწონია, რეალური სიტუაცია კი ასეთია: თუკი „რესპუბლიკური პარტია“, „ფორუმი“, ან სხვა გათითოკაცებული პარტიები, რომლებიც დღეს კოალიციაში არიან, შეძლებენ, დამოუკიდებლად გადალახონ ბარიერი, კოალიციის შეკვრას პარლამენტში წინ არაფერი უდგას. როგორც მეჭიაური ამბობს, ეს იქნება სამართლიანი და თუკი სიებზე შეთანხმება ვერ შედგა, მაშინ ეს არის გამოსავალი, დაიშალოს კოალიცია, ცალ-ცალკე გამოვიდნენ არჩევნებზე და ბარიერის გადალახვით შეკრან კოალიცია.
კვოტებიც იმის მიხედვით გაინაწილონ ხელისუფლებაში, ვინ რამდენ ხმას მიიღებს არჩევნებში. ის, რომ მეჭიაური ამ განცხადებას ერთპიროვნულად არ გააკეთებდა, ფაქტია. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილთან იყო საუბრები ამ თემაზე. არ არის გამორიცხული, საარჩევნო კამპანიის ფინიშის წინ ზუსტად ის პოლიტიკური კომბინაცია ვიხილოთ, რასაც მეჭიაური ახმოვანებს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა სიას წარადგენს პარტია „ქართული ოცნება“ და რამდენად საინტერესო სახეები ეყოლება ამ სიაში.
სიის სკანდალის ავტორი ამ შემთხვევაში არის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელიც კატეგორიულად აცხადებს მომავალ პარლამენტში „ოცნების“ რიგებში ასეთი სიჭარბით მსახიობები და სპორტსმენები აღარ იქნებიან, აქცენტი გამოცდილ, დარგის პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდებაო. ეს განცხადება არ იყო შეთანხმებული პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, იმ სპორტსმენებთან და მსახიობებთან, ვისაც ირაკლი კობახიძე გულისხმობდა. ფაქტობრივად, ეს მიანიშნებს, რომ გუნდური თამაში ამ ძალისთვის უცხოა, არ არსებობს ერთმანეთისადმი პატივისცემა და „ქართული ოცნება“ წარმოადგენს რაღაც გაურკვეველ ჯოგს, ვინ საით მიერეკება, არავინ იცის. პოლიტიკის კეთებისგან ეს ძალა ისევე შორსაა, როგორც დედამიწა მარსისგან. მინიმუმ უხერხულია, როცა შენ თანაპარტიელებს პრესის ფურცლებით აგებინებ, რომ აღარ იქნებიან მომავალ საარჩევნო სიაში და ადამიანი ერთჯერადი გამოყენების მიზნად არ უნდა აქციო, რომელმაც თავისი ბრძოლით, სისხლით, წამებით მოგიყვანა აქამდე, სხვა საკითხია, რომ სპორტსმენებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა და ასევე პროფესიონალმა პოლიტიკოსებმა მმართველ ძალაში ყოფნით არ გაამართლეს და ისინი კომიკურ ფიგურებად გამოიყურებიან.
ასეთი სუსტი პარლამენტი საქართველოს ნამდვილად არ ჰყოლია, მაგრამ მეორეა, ადამიანს ღირსება არ უნდა შეულახო. უნდა შეგეძლოს იმდენი პოლიტიკური ლავირება, რომ ჯერ საკუთარ გუნდთან გაიარო კონსულტაცია და პრესით მერე ისაუბრო…
უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ირაკლი კობახიძეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს: ირაკლისა და სხვებს ვურჩევდი, ნაჩქარევ განცხადებებს ნუ გააკეთებენ, კანდიდატი პროფესიის მიხედვით კი არ ფასდება, არამედ ინტელექტუალური მონაცემების გათვალისწინებით… და რაც მთავარია, არ შეიძლება რაღაც დაპირისპირების ატმოსფერო შექმნა, ეს პოლიტიკურად სწორი არ არისო. მოკლედ, „ქართულ ოცნებაში” კულისებსმიღმა დაწყებული სამკვდროსასიცოცხლო ბრძოლა უკვე ღია და საჯარო ხდება და უნდა ველოდოთ მოვლენების მეტად დრამატიზებას.
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი „ალიასთან“ ინტერვიუში აღშფოთებას ვერ მალავს. ის საკმაოდ გულნატკენი, განაწყენებული პასუხობს ჩვენს კითხვებს და რაც მთავარია, „ალიასთვის” ცნობილი ხდება, რომ კონკრეტულად სოსო ჯაჭვლიანი 2016 წლის საპარლამენტო სიაში ვეღარ მოხვდება. ასევე, ვეღარ მოხვდება ლუკა კურტანიძე, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიადაური და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, სანდო წყარო ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კატეგორიულად გააფრთხილა პარტიის ხელმძღვანელობა, „არც ერთი სვანი და არც ერთი სპორტსმენი არ დამანახოთო“.
ეს კონკრეტული ფრაზები გარდაბანში გამგებლობის კანდიდატის დასახელების დროს ყოფილა ნათქვამი, ვინაიდან გარდაბანში სვანების გაკონტროლება რთულია, ამიტომ შეარჩიეთ ნეიტრალური კანდიდატიო და ჯამარაული, მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენია, შეირჩა იმ ნიშნით, რომ არ არის სვანი, არის ადგილობრივი და თანაც, მისი კანდიდატურის შერჩევა მოხდა ცაიტნოტში და მას პროტექციას უწევდა კახი კალაძე. აქვე კი ვიტყვი, რომ კახი კალაძის გავლენები ისევ ძლიერდება.
„ალიას“ კითხვებს სოსო ჯაჭვლიანიპასუხობს:
- სოსო, ირაკლი კობახიძე ძალიან კატეგორიული იყო, რომ სპორტსმენები და მსახიობები სიაში ვეღარ მოხვდებიან, თითქოს, საპარლამენტო მუშაობა და ამ ხელისუფლების უნიათობა თქვენი ბრალია…
- რა განცხადებაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, აქედან ჩანს, რომ ის არის ძალიან ახალგაზრდა და წინ გარბის. ასეთი ჩანაფიქრი რომც იყოს, არ უნდა ეთქვა, თუკი მას პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია. იცით, რატომ არ უნდა ეთქვა? მაშინ, როცა საქართველოს 80% ერთ ადგილას იყო შემძვრალი, როცა ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, სააკაშვილის ერთი ნაკლი გვითხარითო, ყველა რომ იმალებოდა და პასუხს ვერ სცემდა და ახლა კი ყველამ ენა ამოიდგა… ადამიანს დიდ თავისუფლებას რომ მიანიჭებ და ლოიალური იქნები, ხომ იცი, მერე სიტყვა გაექცევა. უსინდისობაა, იმ სპორტსმენების, მსახიობების განაწყენება, ვინც თავისი სისხლით და ოფლით მოიტანა ეს ქვეყანა. სოსო ჯაჭვლიანი ცხოვრებაში არასდროს ყოფილა მსახიობი, ოღონდ ამას გულწრფელად ვლაპარაკობ. ჩემს თავს მსახიობად არ ვთვლიდი, მსახიობები პარლამენტში მახვევიან 90 პროცენტი, მსგავსი მსახიობები დედამიწის ზურგზე არსად არ მინახავს, თან უნიჭო მსახიობები არიან, საქართველოს კი პოლიტიკოსებით არავინ არ იცნობს, საქართველოს იცნობდნენ ყოველთვის დიდი მსახიობებით, დიდი სპორტსმენებით, მეცნიერებითა და რეჟისორებით.
ბოლოს და ბოლოს, რა შეიყვეს თითი ერთ ადგილას, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ კვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტში არის 120-მდე იურისტი, ეკონომისტი, ბიოლოგი და ა.შ. ამ იურისტებმა და ეკონომისტებმა გაასწორეს მიწასთან საქართველო ბოლო 25 წლის განმავლობაში. ე.ი. რა, ჩვენ ვუშლით მსახიობები და სპორტსმენები ხელს?! და თუ ჩვენ ვუშლით ხელს, პირადად ჩემს თავზე ვიტყვი, არავის ძალით არ შევტენივარ, ასი წელი არავისთან არ მივალ და არ შევეტენები და ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს ჩვენი ფრაქციიდან, მას გაახსენდება. ერთი ფაქტი, დროს არ დავასახელებ, მაგრამ ამ შეხვედრას ყველა ესწრებოდა. ფრაქციის წევრებს შორის იყო კამათი და ივანიშვილს ვუთხარი, – „მე რომ თაფლად ვიქცე, ამათ ჩემთვის ვერდიქტი მაინც აქვთ გამოტანილი“. იცით, რა მიპასუხა? შენ ხომ არ გავიწყდება და ხომ არ გეშლება, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ხარო. მაშინ ვუთხარი, – მე კი არ მეშლება, ამათ ავიწყდებათ, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვარ-მეთქი. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ადამიანია ივანიშვილი, ვისთანაც საუბარი მიადვილდება.
ფრაქციაში მიდის ყველანაირი დონის კამათი, მაგრამ როცა შენი გუნდი გეტყვის, არ გვჭირდებიო, რა დონის ნაძირალა უნდა იყო, თავი დააძალო. მეტი საქმე არა აქვს სოსო ჯაჭვლიანს. მანამდე უფრო კარგი სახელი მქონდა, ვიდრე პარლამენტში შემოვიდოდი. რაც ამ ხნის განმავლობაში ხდება, ის რომ არ აღდგა სამართლიანობა, არის უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირე, ადამიანები სამსახურს ვერ შოულობენ, ამ ყველაფერზე ხალხი გაგიჟდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის” გამოკითხვაში კარგად წერია, რომელ მაჟორიტარს რა პოზიცია უკავია. ნახონ, იქნებ, რაიმე გაიგონ, საერთოდ რაზე ლაპარაკობენ, რა პროფესიონალიზმის ნიშნით უდგებიან ესენი, გამაგებინეთ, ამ ეკონომისტებმა და იურისტებმა ხომ ააშენეს ქვეყანა. პარლამენტი ხომ წარმომადგენლობითი ორგანოა. 2004 წელს ზვიადაური რომ ჩემპიონი გახდა, მთელი საქართველო ხომ ტიროდა? მარტო მისი ავტორიტეტი გადაწონის მთელ პარლამენტს, იმდენი სიხარულის ცრემლი დაიღვარა მის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელა და მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანა. დანარჩენებს უკვე აღარ ჩამოვთვლი. როგორც ჩანს, ვიღაცებს უნდათ, რომ ეს ერთგული ადამიანები პარტია „ქართულ ოცნებას“ ჩამოაშორონ.
- ვინ ურევს „ქართულ ოცნებაში“ სიტუაციას, კონკრეტულად გვითხარით.
- მე რომ ვიცოდე, ზუსტად ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ხელებს ცუდად აფათურებს და სიტუაციას ურევს პარტიაში, კონკრეტულ გვარებს გეტყვით, მაგრამ მოდით, მეორენაირად დავსვათ საკითხი, ვთქვათ და ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ სპორტსმენები და მსახიობები აღარ მოხვდებიან სიაში, შენ, პარტიის აღმასრულებელი მდივანი რომ ხარ, ამას რატომ ახმოვანებ პრესით?!. თუ შენ არ გინდა, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ” რეიტინგი საბოლოოდ დაკარგოს, ამ ხალხს რატომ აღიზიანებ?!. ჯერ პარტიის წევრებთან უნდა დაჯდე და გვითხრა, – ბიჭებო, წადით სახლში. სოსო ჯაჭვლიანი რა, ის კაცია, რომ ვინმეს შეეტენოს?!.
- ბიძინა ივანიშვილმა წლის შემაჯამებელ ინტერვიუში განაცხადა: ადამიანები, ვინც ვეღარ მოხვდებიან „ქართული ოცნების“ სიაში, ჩვენი გუნდის წევრებად დარჩებიან და აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაწილდებიანო. მაინტერესებს, თუ გქონიათ საუბარი ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან?
- გასაგებია, გუნდია და მისი ერთგული უნდა დარჩე, მაგრამ ასეთი რამ გაგიგია, რომ მთელი გუნდი „ჩალიჩობდეს“, როგორ გადაგკიდონ შენი თანამებრძოლები. ჩემი შტაბის უფროსიდან დაწყებული, რომელიც გლდანის მაჟორიტარულ არჩევნებზე მყავდა, ჩემი დედმამიშვილებით დამთავრებული, არავისთვის მითხოვია დასაქმება, 9 წელი უმუშევრები იყვნენ და ახლაც ასე არიან, ალბათ, ასეც იქნებიან. ჩემი თანამებრძოლები, ვინც ატესტაციები გაიარეს, 100 ქულიდან 99 ქულა აიღეს, სამსახურებში ვერ მოხვდნენ. ადამიანები, ვინც თავი გაწირეს „ოცნების“ გამო. ხოლო ისინი, ვინც ბუჩქებში იმალებოდნენ, დასაქმებულები არიან. ასეთი მხდალი ადამიანები დღეს თანამდებობაზე არიან. აი, ამას აკეთებს ჩემი გუნდი, მაგრამ ჩემი თანამებრძოლები განა იმისთვის იდგნენ ჩემ გვერდით, რომ გამარჯვების შემდეგ პირში პონჩიკს ჩავუდებდი, მათ თავი გაწირეს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და რა მიიღეს? – წიხლი!.. უბრალოდ, ვერ ვხსნი, რა ხდება, შეიძლება, რომ ატესტაცია რამდენჯერმე გაიაროს ერთმა და იმავე ადამიანმა, მიიღოს უმაღლესი ქულა, მის ადგილას ვიღაც უსაქმური, ჩირგვებში დამალული მიიყვანონ და დასვან იმიტომ, რომ ვიღაცის პროტეჟეა… 2012 წელს ბუსუსებიანი პრეზერვატივების შესახებ კანონპროექტზე საუბარი რომ დაიწყეს, მთელი საქართველო „ღადაობდა“. დღეს ამათ შემთხვევით ხომ არ უნდათ ამ ბუსუსებიანი პრეზერვატივის როლში გამოიყვანონ ისინი, ვისზეც საუბრობენ, მაგრამ ხომ იცით, ვინც გადაწყვეტს, პატიოსნება, ერთგულება და სიმართლე იხმაროს, ის დარჩება იქით ნახმარი. აი, ეს არის ჩემი პასუხი.
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: რატომ ჩაფრინდნენ ჩვენი მინისტრები პანკისში სამი სამხედრო ვერტმფრენით?
ლევან ჯავახიშვილი
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურის მინისტრის მრჩეველი ქეთი დუმბაძე ორი დღის წინ პანკისის ხეობას ესტუმრნენ და ომალოსა და დუისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ომალოში, „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ დახმარებით შექმნილ ელექტროშემდუღებლის კურსის მოსწავლეებს, კურსის ხელმძღვანელსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. დაათვალიერეს თექის დამუშავების სახელოსნო.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის» ბიბლიოთეკას საჩუქრად თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნები გადასცა. ამ ინფორმაციაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი 3 მინისტრი და სხვა ჩინოვნიკები ხეობაში ვერტმფრენებით ჩაფრინდნენ. დიახ, ვერტმფრენებით და არა ერთი ვერტმფრენით. ამ ამბავს სოციალური ქსელში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა.
„უნახავმა რა ნახაო“ – აი, ზუსტად ეგრეა ამ ადამიანების საქმე, რომლებმაც პანკისში ვერტმფრენებით გაისეირნეს და თექის დამამუშავებელი საამქრო დაათვალიერეს. შე დედააფეთქებულო, რომელიღაცა მინისტრი გდიხარ, ქვეყანა თავზე გემხობა, ხალხი შიმშილითა და უწამლობით იხოცება, ქვეყანას 14 მილიარდი დოლარი საგარეო ვალი აქვს, ადექი რა, ჩაეგდე მანქანაში და მანქანით ჩადი იმ პანკისში. რომელი მიუვალი გზები მანდეთ არის, რომ მანქანით ვერ ჩახვიდე? „ჯიპები» ხომ ემსახურებათ და პანკისში კი არა, იმის იქითაც წავიდოდნენ, რომ მოენდომებინათ. მაინტერესებს, დათვალეს ამ მინისტრებმა, რამხელა ზიანი მიაყენეს პანკისში ამ ერთი გასეირნებით ბიუჯეტს? დათვალეს ის სხვაობა, ვერტმფრენებზე უარი რომ ეთქვათ, მანქანებით წასვლის შემთხვევაში, რას მისცემდა ბიუჯეტს? არა მგონია, ამათ ბიუჯეტი ფეხებზე ჰკიდიათ, ამათთვისაც და სხვა მინისტრებისთვისაც, ბიუჯეტი გართობისა და კომფორტული ცხოვრების საშუალებაა, ბიუჯეტისა და ჯიბის ფული ერთია და არა ხალხის მიერ ნაკოწიწები ფული, რომელიც იმავე ხალხის ინტერესებს უნდა მოახმარო.
ჩვენი ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლებმა, კვირა არ გავა, ისეთი რამ არ გააკეთონ, ხალხს სულში არ ჩააფურთხონ, თავიანთი საქციელით არ უთხრან, ბიუჯეტი ჩვენს ხელშია, როგორც გვინდა, ისე დავხარჯავთ და სულ ფეხებზე გვკიდიხართო. უკვე ამოვიდა ყელში თქვენი ამაზრზენი საქციელი, რა, უკვე ვეღარ გიტანთ ხალხი. ისეთ უნამუსობებს სჩადიხართ და ეს ხალხი გიტირებთ მალე დედას…
ამ მაღალჩინოსნების თავგასულობაზე „ალიას“ ექსპერტი, ვახტანგ მაისაიაესაუბრა:
- ბატონო ვახტანგ, რას იტყვით ჩვენი მინისტრების მიერ პანკისში ვერტმფრენებით გასეირნებაზე?
- ამ ფაქტით ძალიან აღშფოთებული ვარ. ეს იყო პოლიტიკურად არაკორექტული ნაბიჯი ჩვენი მინისტრების მხრიდან. რა ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავია. რა უნდოდათ პანკისის ხეობაში სამხედრო ვერტმფრენებით, მართლა ვერ გავიგე.
- სამივე საბრძოლო ვერტმფრენი იყო?
- რა თქმა უნდა და საზოგადოებამ ამის შესახებ ნაკლებად იცის. სამივე ვერტმფრენი „იროკეზის“ ტიპისა იყო. ამ ვერტმფრენებით ვიეტნამის ომის დროს, ჰაერიდან სახმელეთო ჯარების საცეცხლე მხარდაჭერას ახორციელებდნენ ამერიკელები. პანკისის ხეობა რომელი კონფლიქტური რეგიონია, რომ სამხედრო ვერტმფრენებით ჩადიხარ? სამოქალაქო ვერტმფრენებით რომ ჩასულიყვნენ, დავუშვათ, კიდევ ჯანდაბას. თუმცა, არც ამას ექნებოდა გამართლება.
- ან სამოქალაქო ვერტმფრენებით რატომ უნდა ჩაფრენილიყვნენ პანკისში? არ ეკადრებოდათ ჩვენს მინისტრებს, მანქანებში ჩამსხდარიყვნენ და ისე ჩასულიყვნენ?
- მართალია, ამდგარიყვნენ და მანქანებით წასულიყვნენ. პანკისში იმ დღეს არც მოყინული გზა იყო, რომ მანქანით წასვლა პრობლემა ყოფილიყო და ეს კუთხე პირიქითა ხევსურეთი არ არის, სადაც სამანქანო გზა არ გადის. ამდგარიყვნენ და ბარემ ტანკებით ჩასულიყვნენ, ტანკების კოლონით წასულიყვნენ.
- ბატონო ვახტანგ, ეს იყო, როგორც რუსები იტყვიან, „ხამობა“. თქვენ აცხადებთ, არაპოლიტკორექტული იყო მათი საქციელიო, მაგრამ, მგონი, უფრო მკაცრ შეფასებას იმსახურებენ...
- მე ვცდილობ, კორექტულობის ფარგლებს არ გავცდე ამ ფაქტის შეფასებისას და ვულგარული არ ვიყო, თორემ კი იმსახურებენ უფრო მკაცრ და უფრო ვულგარულ ლექსიკასაც. ენა ჩამივარდა, როცა ეს ამბავი გავიგე, თავიდან არ ვიჯერებდი, მეგონა, ხუმრობა იყო. არა, ამ მინისტრების საქციელს გამართლება არ აქვს, ეს ფაქტია, მაგრამ საინტერესოა, ვის თავში მომწიფდა ესა „გენიალური იდეა“, რომ მინისტრები სამხედრო ვერტმფრენებით გაემგზავრებინათ პანკისის ხეობაში. კარგი, განათლების მინისტრის ჩასვლას გამართლება აქვს, მაგრამ თავდაცვისა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრების ვიზიტი ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები რომ ჩასულიყვნენ, ჰა და ჰა, კიდევ ჯანდაბას, მაგრამ თავდაცვის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მინისტრებს ისეთი რა საქმე ჰქონდათ პანკისის ხეობაში, რომ სამხედრო ვერტმფრენებით ჩაფრინდნენ. რაც მე ინფორმაცია ვნახე ამ ვერტმფრენებით „გასეირნებასთან“ დაკავშირებით, განსაკუთრებული ვიზიტი ეს არ ყოფილა პანკისში. ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო მინისტრებისთვის და ამ სამუშაოს შესასრულებლად სამხედრო ვერტმფრენები არ არის საჭირო.
- დაახლოებით რამდენით აზარალეს ჩვენმა მინისტრებმა ბიუჯეტი, ხომ ვერ გვეტყვით?
- მე ჩემი «გოლფ-4“-ით ჩავდივარ ხოლმე პანკისში და 10 ლარის საწვავი მყოფნის. ჩვენი მინისტრები ორ ამდენ საწვავს მაინც დახარჯავდნენ, „ჯიპებით რომ ჩასულიყვნენ და ამით ბიუჯეტს დიდი ზარალი ნამდვილად არ მიადგებოდა. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც 3 სამხედრო საბრძოლო ვერტმფრენებით ჩაფრენა და ჩამოფრენაა. ზუსტად ვერ გეტყვით, რა თანხის საწვავს დახარჯავდნენ, მაგრამ ვიცი, რომ ძვირად ღირებული საწვავი სჭირდება ამ „იროკეზის“ ვერტმფრენებს, დაახლოებით სამჯერ მეტი ღირს მისი საწვავი, ვიდრე სამოქალაქო ვერტმფრენებისა. „იროკეზის“ თითოეული საბრძოლო გაშვება საკმაოდ ძვირი ჯდება, ეს ცნობილია. მოკლედ, ეს მოგზაურობა ძალიან ძვირი დაუჯდებოდა ბიუჯეტს და იმედია, ამას გავიგებთ
აზერბაიჯანში დოლარის შესყიდვა შეიზღუდა
რატომ ელის ლარს კიდევ უფრო გაუფასურება?
გელა ზედელაშვილი
ქართველი და უცხოელი ექსპერტები უკვე აქტიურად ალაპარაკდნენ ჩვენს რეგიონში შექმნილ საგანგაშო სიტუაციაზე. როგორც ჩანს, აზერბაიჯანში დაწყებული ფინანსური კრიზისი მალე ჩვენც მოგვწვდება. როგორც ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია ამბობს, აზერბაიჯანმა ორიოდე კვირის წინ მანათის კურსი „თავისუფალი ცურვის“ რეჟიმში გადაიყვანა, რომელმაც ვერ გაუძლო დაცემულ ნავთობის ფასის ზეწოლას და ახალი შეზღუდვები დაუწესა სავალუტო კონვერტაციას:
„სააგენტო „ბლუმბერგმა» პლატფორმიდან დროებით მოხსნა დოლარის მანათზე პირდაპირი კვოტირების მაჩვენებელი, ხოლო კომერციულმა ბანკებმა, ფაქტობრივად, დაკეტეს დოლარის კონვერტაციის ყველა ლეგალური არხი. ყოველმა პირმა, ვინც 500 დოლარზე მეტი თანხის გადახურდავებას მოინდომებს, უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. რეალურად კომერციულმა ბანკებმა შეწყვიტეს დოლარისა და ევროს გაყიდვა. მანათის კურსი დოლართან მიმართებაში მიმდინარე კვირას 1.5626 დაფიქსირდა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდვისთანავე გაჩნდა მეორე, შავი კურსი – 2.000. ბუნებრივია, აზერბაიჯანში გაჩენილი პანიკა და დოლარზე მოთხოვნა საქართველოსაც გადმოსწვდება – აზერბაიჯანის ბიზნესი ეცდება, საქართველოში გადაახურდაოს მანათი მყარ ვალუტაზე და ეს გაზრდის დოლარზე მოთხოვნას… სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საგანგებო საბჭო ხელისუფლების სხვადასხვა შტოების, ბიზნესწრეებისა და ექსპერტების მონაწილეობით, რათა თავიდან ავირიდოთ საფინანსო ზვავი, რომლის საშიშროება რეგიონში დღითი დღე იზრდება“.
თითქმის ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ აზერბაიჯანი ვალუტაზე მოთხოვნას შესყიდვის მიზნით საქართველოში გააკეთებს და დოლარი გაქრება. რომ არა შარშანდელი გამოცდილება, შეიძლება გვეფიქრა, რომ ჩვენ საშიშროება არ დაგვემუქრებოდა, მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ ლარის დევალვაციას სწორედ აღნიშნული ფაქტორები იწვევდა – ქვეყნიდან უცებ გავიდა დოლარის დიდი მასა.
მაინც, რას შეიძლება ველოდოთ ახლო მომავალში?
ეკონომიკის ექსპერტის, დემურ გიორხელიძის თქმით, იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს ჩრდილოვანი ეკონომიკა და მისი მომსახურება ძირითადად უცხოურ ვალუტაში, ანუ დოლარში ხდება, ყველაფერია მოსალოდნელი:
„ყველაფერი ღირებული ქვეყანაში, საცხოვრებელი ბინები და ავტომობილები დოლარში იყიდება, თუმცა, კანონით ეს აკრძალულია და დასჯადი უნდა იყოს. იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკი დოლარის მიმოქცევას ზღუდავდეს ქვეყნის შიგნით და კანონს იცავდეს, ხელს უწყობს უცხოური ვალუტის ჩართვას ფულის მასაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, სადაც უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტების შეფარდება 30%-ზე მეტია, მაღალ დოლარიზებულ ქვეყნებად ითვლება. 2015 წლის ბოლოსთვის საქართველოში დოლარიზაციის კოეფიციენტი თითქმის 70%-მდე ავიდა“.
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა ჩვენ აღარ გვეკუთვნის. ერთი სიტყვით, აზერბაიჯანში რომ მანათს დედა ეტირა და თურქული ლირაც უფასურდება, ამის შესახებ ჩვენს მთავრობაშიც იციან და პარლამენტშიც, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე გეგმა ან დამცავი მექანიზმების შემუშავების ინიციატივა არ არსებობს.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ამბობს „ალიასთან“, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, ეს საქართველოზე, კერძოდ, ლარის კურსზეც აისახება, მაგრამ ჯერ არავინ იცის, როგორ და რა დოზით.
არსებობს თუ არა რაიმე სახის კონკრეტული პროგნოზი ხელისუფლებაში? ამაზე თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ სწორედ ამ საკითხს არკვევს და ამ დღეებში დეტალურად ეცოდინება, რა ხდება ამ მიმართულებით.
რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, რაც გასულ წელს დაგვემართა? მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანმა მიიღო საგანგებო ზომები და ვალუტის გადაცვლის ჯიხურებიც კი დახურა დროებით, რათა არ მოხდეს დოლარის ქაოსური შესყიდვა და არ შეიქმნას უფრო მეტი დეფიციტი. გამკაცრებულია სიტუაცია გადარიცხვების მხრივაც. 2015 წლის თებერვალში, როცა ერთდროულად დაიწყო მანათისა და ლარის გაუფასურება, მაშინ ზოგიერთი სპეციალისტი სხვადასხვა ფაქტორებს ასახელებდა და ამტკიცებდა, მანათის გაუფასურება ნავთობის გაიაფებამ გამოიწვია, ხოლო საქართველოში ეს ხდება საგარეო ფაქტორების გავლენით, ანუ რუსული და თურქული ფაქტორებითო. ასევე, ასახელებდნენ ქართულ ფაქტორს, ანუ იმას, რომელ ქვეყნებთან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები, ვინაიდან აზერბაიჯანი თავის შიდა ბაზარს მკაცრად იცავს, ჩვენი ქვეყანა ამ ფაქტორისგან დაცულიაო. აი, დადგა დრო, როცა აზერბაიჯანი თავის შიდა ბაზარს მკაცრად კი არა, საერთოდ ვეღარ იცავს და მანათი გაექცა ხელიდან. არადა, ამ ქვეყანასთან ჩვენ მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს _ თურქეთის შემდეგ მეორე სავაჭრო პარტნიორია. 2015 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების 35% აზერბაიჯანზე მოდის. ექსპერტების თქმით, უახლოეს მომავალში აუცილებლად შემცირდება აზერბაიჯანული ინვესტიციები და სავაჭრო ბრუნვა. თუ რას ნიშნავს ინვესტიციებისა და სავაჭრო ბრუნვის შემცირება, ეს უკვე ვნახეთ.
დემურ გიორხელიძის თქმით, ამას უნდა დავუმატოთ საქართველოს საგარეო ვალი, რაც 2015 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით, 14,4 მილიარდი დოლარია. მისივე თქმით, კომაში მყოფი ეკონომიკისა და გაუაზრებელი შიდა პოლიტიკის პირობებში სახარბიელო მონაცემები ნამდვილად ვერ არის 2016 წლისთვის.
ამას წინებზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, 2017 წლიდან დაიწყება აღმავლობის პერიოდი და საქართველო იქნება ლიდერიო: „ეს არის საერთო პრობლემა, რომელიც მოხდა რეგიონში და ევროპაში. 2016 წელი ისევ იქნება რთული. იმედია, დასრულდება ეს კრიზისი და 2017-დან დაიწყება აღმავლობის პერიოდი. მინდა მოსახლეობას შევახსენო ჩემი გამონათქვამები, რომ მეორე წელიწადი იქნება გასაგები, მესამე იქნება ძალიან კარგი და შემდგომი უფრო კარგი. მხედველობაში მქონდა ის, რომ ძირითადი ფუნქცია, რაც უნდა შეასრულოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებით განვითარდეს, ინვესტიციები შემოვიდეს, ჩვენ ეს ყველაფერი დავაფუძნეთ. ბიზნესი არის თავისუფალი, კერძო საკუთრება არის დაცული, კრიმინალი შემცირდა, კანონები იხვეწება. მე რაც მაძლევდა საფუძველს იმის თქმისას, რომ საქართველოს ეკონომიკა იქნება წარმატებული, იყო ის, რომ ჩვენ იმ თამაშის წესებს ვაფუძნებთ, რის ხარჯზეც სხვა ქვეყნები გახდნენ წარმატებულები. დასრულდება კრიზისი რეგიონში, ევროპაში და საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული ქვეყანა. რაც შეეხება ლარის დევალვაციას, ეს არ იყო და არ არის მთავრობის ცუდი მუშაობის შედეგი. ამის მიზეზია რეგიონში მომხდარი პრობლემები, ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, ევროპაში პრობლემები. საქართველო ამას ვერ გადაურჩებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ქმედება არ იყო თანმიმდევრული და დროული, თუმცა ეს არ არის ძირითადი სიმძიმე. ეროვნულმა ბანკმაც შესაძლოა, ზედმეტად ჭარბად მოახდინა ლარის დევალვაცია, თუმცა ამის გათვლა ძალიან რთულია“.
როგორც ხედავთ, ივანიშვილიც საკმაოდ პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს – 2016 წელი იქნება რთული და 2017 წლიდან დაიწყება აღმავლობაო. დაპირების მეორე ნაწილი უკვე ლირიკაა, ივანიშვილმა კი არა, ჯერ არავინ იცის, როდის დასრულდება (საერთოდ, დასრულდება კი?) კრიზისი. მართალია, ჯერ ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი გეგმა, მაგრამ ექსპერტების თქმით, მკაცრადაა გასაკონტროლებელი ჩვენი საფინანსო და საბანკო სისტემა, ასევე, საჭიროა დოლარიზაციის მკვეთრი შემცირება, სხვა გზებით ინვესტიციების მოზიდვა და მონეტარული პოლიტიკის მზადყოფნაში მოყვანა, თუკი რაიმე სახის რეზერვები გაგვაჩნია. რაც მთავარია, უნდა ჩატარდეს სწორი და საფუძვლიანი კვლევა, რა ხდება ჩვენს რეგიონში, ანუ კიდევ რა უბედურება შეიძლება დაგვემართოს.
„რეზონანსი“, 12 იანვარი, 2016 წელი
შეიძლება საქართველო იაფმა იმპორტულმა საქონელმა წალეკოს
ექსპორტს პრობლემა შეექმნება, ამიტომ დღის წესრიგში ლარის კურსის საკითხიც დადგება
ელზა წიკლაური
რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, ქართულ ექსპორტს დამატებითი ბარიერები შეუქმნის. ადგილობრივ ბაზარზე დემპინგური ფასით იმპორტირებული პროდუქტის შემოტანაც არ არის გამორიცხული, რაც ქართულ წარმოებას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ნეგატიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად ეკონომისტები მთავრობას საგანგებო საბჭოს შექმნისკენ მოუწოდებენ.
“მეზობელ ქვეყნებში არაორდინარული სიტუაციაა და ჩვენმა მთავრობამ ამაზე უნდა იფიქროს. აუცილებელია შეიქმნას საბჭო, რომელიც იმუშავებს ოპერატიულად და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად მიიღებს. ეს უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავირიდოთ საფინანსო ზვავი, რომლის საშიშროება რეგიონში დღითიდღე იზრდება”, – აცხადებს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია.
გაიაფებული ნავთობის გამო სამეზობლოში ვალუტები მკვეთრად გაუფასურდა. ყველაზე მეტად დაეცა აზერბაიჯანული მანათი, რომელიც 1 წლის განმავლობაში 100%-ით გაუფასურდა. რუბლი შარშანდელი იანვრიდან მოყოლებული 35%-ით დაეცა, თურქული ლირა კი – 32%-ით. ნავთობის გაიაფებამ მნიშვნელოვნად გააუფასურა ყაზახური ტენგეც. ამ ქვეყნებში ვალუტის შეკავება, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება.
აზერბაიჯანის უმსხვილესმა ბანკებმა შეწყვიტეს დოლარისა და ევროს გაყიდვა, რის მიზეზადაც უცხოური ვალუტის დეფიციტის დასახელდა. პრობლემა დაკავშირებულია ბანკების მიერ ვალუტის დარეზერვებასთან. მისი მოცულობის გაზრდის აუცილებლობა უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირების გამო დადგა. რუსეთმა კი რუბლის “დასაცავად” და უცხოური ვალუტის მოსაზიდად პროდუქციის რუბლებში გაყიდვა გადაწყვიტა, რამაც საექსპორტო ნაწარმი მნიშვნელოვნად გააიაფა.
რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურმა მოვლენებმა, შესაძლოა, ქართულ პროდუქციას დამატებითი ბარიერი შეუქმნას. გამორიცხული არ არის, რომ პარტნიორი ქვეყნებიდან მკვეთრად გაიაფებული პროდუქტი შემოვიდეს, რაც ადგილობრივ წარმოებას არაკონკურენტულ გარემოში ჩააყენებს.
ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ აზერბაიჯანული მანათის დაცემა და იქ არსებული პანიკა საქართველოზეც აისახება. აზერბაიჯანული ბიზნესი ეცდება საქართველოში გადაახურდაოს მანათი მყარ ვალუტაზე, რაც ლარისთვის დამატებითი პრობლემაა.
საქართველოზე უარყოფითად აისახება რუსული რუბლის კურსის დაცემაც. იქ ყველა საქონელი იყიდება რუბლებში, რაც ძალზე იაფს ხდის რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელს. ანალოგიურად იაფდება თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტიც, რა თქმა უნდა, გაუფასურებული ლირას გამო.
“იაფი იმპორტირებული საქონლის ტალღამ, შესაძლოა, გაზარდოს დოლარზე მოთხოვნა საქართველოში. კონკურენცის პირობები დაირღვევა ქართველი მეწარმეებისათვის. ეს კი ემუქრება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც და ინვესტიციების შემოდინებასაც.
ერთ მაგალითს მოვიყვან: ახლა რუსეთში ერთ ტონა არმატურა შეგიძლიათ შეიძინოთ 400 დოლარად, რაც ძალიან იაფია. ასევე ძალიან შემცირდა სხვა პროდუქტის ფასიც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს იაფი რუსული საქონელი წალეკავს და პროდუქტი დემპინგურ ფასშიც გაიყიდება. რუსეთი ცდილობს, ნებისმიერი გზით გაფართოვოს სავალუტო ნაკადების მიღების არხები და ამიტომ ყიდის ყველაფერს იაფად. ერთის მხრივ, თითქოს კარგია, რომ საქართველო იაფ საქონელ მიიღებს, მაგრამ მშენებლებმა თუ გაიაფებული არმატურის გამო აქ მშენებლობა არ გააიაფეს, ეს საქართველოს ეკონომიკას არანაირ შედეგს არ მოუტანს.
ასევე მოხდება თურქეთიდანაც. ლირის ვარდნის გამო, იქიდან უამრავი იაფი პროდუქტი შემოვა. ქართული წარმოება კი არაკონკურენტულ პირობებში აღმოჩნდება. ამიტომ, აუცილებელია სასწრაფოდ შეიქმნას საგანგებო საბჭო, სადაც უნდა შევიდნენ როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, ასევე ეროვნული ბანკის, პარლამენტის, სასამართლოს წარმომადგენლებიც კი. ასევე საბჭოში უნდა მოხვდნენ ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები.
უწყებრივი გადაბრალება უნდა დასრულდეს. ეს უნდა გავაკეთოთ იმიტომ, რათა თავიდან ავირიდოთ საფინანსო ზვავი, რომლის საშიშროება რეგიონში დღითი დღე იზრდება”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ეკონომისტმა ემზარ ჯგერენაიამ.
საქართველო არ არის დიდი რეზერვების ქვეყანა, რომ მსოფლიო საფინანსო ბაზარზე და საფონდო ბირჟებზე არსებულ კრიზისს გაუძლოს:
“ჩინეთს დიდი რეზერვი აქვს და შეიძლება გადარჩეს, მაგრამ საქართველოს მსგავსმა პატარა ქვეყანამ მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს პროცესებზე. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები ქართულ ექსპორტს დიდ პრობლემას შეუქმნის და ამის გულგრილად ყურება არ შეიძლება”, – ამბობს ჯგერენაია.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მეზობელ ქვეყნებში თუ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებს დოლარის გაძვირებით ხსნის. ამერიკაში უპრეცედენტოდ დაბალმა უმუშევრობის მაჩვენებელმა, მიზერულმა ინფლაციამ და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდამ მსოფლიოში დოლარის დეფიციტი შექმნა. ზოგ ქვეყანაში დოლარის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე შეიზღუდა კიდეც, განსაკუთრებით, საქართველოს სამეზობლოში.
რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ეროვნული ვალუტის კურსი. თუ სხვა ვალუტებისგან განსხვავებით ლარი არ გაუფასურდა, ამან, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა შეუქმნას ქართულ ექსპორტს და ზოგადად წარმოებას.
“როდესაც საგარეო ვაჭრობაზე და შემცირებულ ექსპორტზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ნეგატივი არ უნდა დავინახოთ. მაგალითად, 2015 წლის 11 თვეში ჩვენ ნავთობპროდუქტებში გადავიხადეთ 230 მლნ დოლარით ნაკლები. მართალია, საქართველო თანდათანობის თმობს ავტომობილების რეექსპორტის პოზიციას, მაგრამ იზრდება ნავთობპროდუცქტების რეექსპორტის მოცულობა, მაგალითად, 11 თვეში 27-დან 81 მლნ დოლარამდე გაიზარდა ნავთობპროდქტების რეექსპორტი.
ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს მარცვლეულის შეძენის თვალსაზრისით. რუსული რუბლის დაცემის გამო, შარშან 11 თვეში 26 ათასი ტონით მეტი მარცვლეული შევიძინეთ და 13 მლნ-ით ნაკლები გადავიხადეთ. ამიტომ ამას თავისი პოზიტიური შედეგიც აქვს”, – აღნიშნა არჩვაძემ.
რაც შეეხება საფრთხეს, ის არსებობს და აუცილებელია, რომ პრობლემა თავშივე აღმოიფხვრას. “რეალობა არის ის, რომ ლარი ადრე თუ გვიან მცირედით მაინც გაუფასურდება. თუ ეს არ მოხდა, აღმოვჩნდებით იგივე პრობლემის წინაშე, როგორშიც აზერბაიჯანი აღმოჩნდა და მანათის მკვეთრი დევალვაცია მოუწია. იმისათვის, რომ შავი ბაზრის პრეცედენტი გამოირიცხოს, მოგვიწევს ლარის დევალვაცია და ალბათ, შორს არ არის ის დრო, როცა ლარი ისტორიულ, “რეკორდულ” მაჩვენებელს მიაღწევს, როცა დოლარი 2,45 ლარი ღირდა. მართალია, მოგვიწევბს დევალვაცია, მაგრამ მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობას იმპორტირებული პროდუქტი თითქმის არ გაუძვირდება. რაც შეეხება ექსპორტს, პრობლემები იქნება, მაგრამ მარტო მისი შემცირება ეკონომიკის საერთო მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს და შევინარჩუნოთ ისეთი კურსი, რომელიც ექსპორტს დამატებით ბარიერს არ შეუქმნის; ანუ ჩვენც იგივე რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა, რომ გაცვლითი კურსი იყოს იმ პროპორციებში, რა პროპორციებიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა”, – განაცხადა არჩვაძემ.
ამასთან, ეკონომისტის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა შეფასდეს არა მარტო ეროვნული ვალუტის კურსით, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობით და მათი მსყიდველობითი უნარით.
“შარშანდელთან შედარებით ფასების ინდექსი 6%-ით არის გაზრდილი მაშინ, როცა ლარი დაახლოებით 40%-ით არის გაუფასურებული. კურსი ფულად-საკრედიტო სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაა საჭირო, ხოლო ქვეყნის შიგნით კეთილდღეობა განისაზღვრება სამომხმარებლო ფასების საერთო ჯამით და მისი დინამიკით. თუ ქვეყანა სწორ პოლიტიკას გაატარებს, შევძლებთ, რომ ასეთ პირობებშიც კი გავზარდოთ მოსახლეობის კეთილდღეობა”, – დასძინა არჩვაძემ.
„რეზონანსი“, 12 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: “გაზპრომზე” დამოკიდებულებას გამოვრიცხავ“
თიკო ოსმანოვა
“გარწმუნებთ, რომ არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც საქართველოს “გაზპრომზე” დამოკიდებულს გახდის. პრინციპულად გამორიცხულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი და დასძენს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებების გასაიდუმლოება კომერციული საკითხების გამო ხდება.
ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძისა და “გაზპრომის” ხელმძღვანელის ალექსეი მილერის მოალაპარაკებების მოსალოდნელ შედეგებზე და დასავლეთის რეაქციაზე “რეზონანსი” დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.
დავით ზურაბიშვილი: როდესაც დაიწყო ამ მოლაპარაკებებზე საუბარი, რომ თითქოს გაზის დივერსიფიცირება უნდა მოხდეს, მაშინ “რესპუბლიკურმა პარტიამ” ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი აზრი – “გაზპრომი” აზერბაიჯანული გაზის დივერსიფიცირების ალტერნატივა არ არის. მაშინ ეს ცალსახად ითქვა და დღემდე ეს პოზიცია გვაქვს.
ამასთან დაკავშირებით ფრაქცია “რესპუბლიკელებმა” ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური წერილიც გაუგზავნა, ცალსახად გვიპასუხეს, რომ სომხეთ-საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენთან დაკავშირებით ყოველწლიურ მოალაპარაკებებზე იყო საუბარი, სადაც ხელშეკრულების განახლება ხდება. სხვა სერიოზული მოლაპარაკება, რომ სერიოზულად შემოვიდეს რუსული გაზსადენი, თეორიულადაც არ განიხილება.
ბოლო დროს კი ამ საკითხის აქტუალიზება გამოიწვია იმან, რომ იყო მოლაპარაკებები ირანთან გაზის მოწოდებაზე და როგორც გაირკვა, ეს ხდება “გაზპრომის” მეშვეობით და ამის თაობაზე მერე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ თავად თქვა, რომ თუ ირანულ გაზს შემოვიტანთ, ესე იგი “გაზპრომთან” გვექნება ფინანსური ვალდებულებებიო. მას არ უთქვამს, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთო, უბრალოდ აღნიშნა, თანაც ირანის გაზსადენი პრაქტიულად არ ფუნქციონირებს და ეს მხოლოდ და მხოლოდ თეორიული ვარიანტებია.
ის ვარიანტი, რომ რაღაცნაირად რუსეთის “გაზპრომზე” ვიყოთ დამოკიდებული, აბსოლუტურად გამორიცხულია.
“რეზონანსი“: მაშინ რატომ ხდება ამ მოლაპარაკებების გასაიდუმლოება?
- არაფრის გასაიდუმლოება არ ხდება. პირველი კონტაქტები რომ იყო, მაშინ ჩვენც ასე გავიგეთ და ჩვენი შეკითხვაც სწორედ ამან გამოიწვია და ამიტომაც მივწერეთ სამინისტროს ოფიციალური წერილი. პრინციპში ეს იმის გამო მოხდა, რომ პრაქტიკულად აზერბაიჯანი მონოპოლიურ სიტუაციაში გვყავს. მას ეკუთვნის გაზსადენიც, გადაზიდვებიც და ტერმინალებიც. აქ იყო კომერციული ურთიერთობა და სწორედ ამიტომაც არ ახმაურებდნენ ამას, თუმცა ასეთი რაღაცები არ იმალება. უბრალოდ დეტალებზე ვერ ილაპარაკებენ, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა – ენერგეტიკის სამინისტრო, კონკრეტულად კალაძე ვერაფერს ვერ მოაწერს ხელს. გარწმუნებთ, რომ არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც საქართველოს “გაზპრომზე” დამოკიდებულს გახდის. პრინციპულად გამორიცხულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
- და მაინც, რატომ გახდა ახლა გაზის ექსპორტის დივერსიფიცირება აუცილებელი?
- მე ასეთ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჯობია, ამაზე ილაპარაკოს მინისტრმა. აზერბაიჯანული გაზი შეიძლება რაღაცას აკმაყოფილებს – შეიძლება არა, მაგრამ ახალი წყაროების ძიება, რომელიც ჩვენ პოლიტიკურად არ დაგვაზარალებს, თავისთავად ცუდი არ არის. უბრალოდ პრაქტიკულად რთულია და თითქმის შეუძლებელია ამის განხორციელება. მაგალითად, თურქმენულ გაზს, რომელიც ხარისხითაც უკეთესია, აზერბაიჯანი გზას არ უხსნის და, შესაბამისად, ვერ შემოვა. სხვა მხრივ არის “გაზპრომი,” ამას კიდევ პოლიტიკური რისკები ახლავს თან, ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში. მაგრამ როგორც გითხარით, “გაზპრომზე” დამოკიდებულებას პრინციპულად გამოვრიცხავ, ეს არ მოხდება.
- თქვენი აზრით, დასავლეთი როგორ აღიქვამს ამ მოლაპარაკებებს?
- “გაზპრომთან” ურთიერთობას დასავლეთი არ აღიქვამს კარგად არასდროს. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, “გაზპრომი” ამ ბერკეტს პოლიტიკურად გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო რუსეთისთვის გაზსადენის მიყიდვა. ბატონი კახა ბენდუქიძე გამოდიოდა და ამბობდა, რომ რა მოხდა მერე – მივყიდოთო. შემდეგ ამაში ამერიკელები ჩაერივნენ ძალიან მკვეთრად და თქვეს, რომ ამის მიყიდვა დასავლეთისა და საქართველოს ურთიერთობას დააზარალებს და სწორედ ამის გამო ითქვა უარი. ახლა რა მოლაპარაკებებიც “გაზპრომთან” მიდის, ძალიან გაბერილია “ნაციონალური მოძრაობის” და ზოგიერთი ექსპერტის მხრიდან და ხდება მოწოდებები საზოგადოების მისამართით. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ კომერციული საკითხების გამო ვერ ლაპარაკობს ხელისუფლება დეტალებზე. იმიტომ, რომ შეიძლება მიდიოდეს მოლაპარაკებები ვაჭრობაზე, რომ აზერბაიჯანს ფასი დააკლებინონ, ამას ბუნებრივია, მთავრობა ვერ იტყვის. ამიტომ არიან ჩუმად. დარწმუნებული ვარ, რომ აჟიოტაჟი ტყუილადაა ატეხილი.
„რეზონანსი“, 12 იანვარი, 2016 წელი
როგორ აისახება საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაზე რუსული გაზის იმპორტი?
ნინო ქეთელაური
რუსეთიდან საქართველოში გაზის იმპორტს საერთაშორისო ექსპერტების ნაწილი უარყოფითად აფასებს. როგორც აღინიშნა, საქართველოს რუსული გაზის იმპორტის მიზეზი არ აქვს და ეს მხოლოდ ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს დააზარალებს.
“რა ტრაგედიასაც “გაზპრომთან” დაკავშირებით ე.წ. ექსპერტები ხატავენ, არის მარაზმი და არასწორი”, – ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ “გაზპრომთან” დაკავშირებით გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის “გაზპრომთან” ურთიერთობის პირველი წელი და არსებული ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება.
“თუმცა ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის, შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები – გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე, ანუ ჩვენ მიერ გატარებული 10-პროცენტიანი მოცულობის მაგივრად გადაგვიხადონ თანხები. ეს მოლაპარაკებები დიდი ხანია, დაწყებული გვაქვს.
“რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ გაუგებარ განცხადებებს ე.წ. ექსპერტების მხრიდან. თუ ვინმეს მართლა აქვს სერიოზული სურვილი, გაიგოს დეტალები, ენერგეტიკის სამინისტრო, პირადად მე მზად ვარ, ამ ადამიანებს შევხვდე – მოვიდნენ და მივაწვდით ყველა რეალურ ინფორმაციას”, – განაცხადა კალაძემ.
რუსული გაზის იმპორტი როგორ აისახება საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაზე? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლაშა ჩხარტიშვილი (დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): “უპირველეს ყოვლისა, ჯერ ის არის გასარკვევი, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი. მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. აქ ერთი რამაა მთავარი, საქართველო არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ მომწოდებელზე, სწორედ ეს არის სახიფათო.
რუსეთი საკმაოდ სახიფათო პარტნიორია და საკუთარ ბერკეტებს ძალიან კარგად იყენებს პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ. კარგი იქნება, რომ ყველაფერი იყოს გასაჯაროვებული და საზოგადოებამ იცოდეს, რა მოლაპარაკებებზეა საუბარი. ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება საბოლოო დასკვნების გაკეთება.”
მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი): “რუსული გაზის იმპორტი საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება. მაშინ, როდესაც ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები ემბარგოს უწესებენ რუსეთს და ეკონომიკური სანქციებით ზღუდავენ, ბოლო-ბოლო პრინციპის საკითხია, რომ რუსეთისგან გაზი არ უნდა ვიყიდოთ.
მითუმეტეს, რომ ამის აუცილებლობა არ დგას ქვეყანაში. სხვა გზა რომ არ იყოს, კიდევ ხო, მაგრამ როცა ქვეყანამ ძალისხმევა არ დაიშურა, რომ განთავისუფლებულიყო რუსეთის ენერგოდამოკიდებულებისგან, ეხლა ისევ უკან თავის შეყოფა – უარესია, ვიდრე ღალატი.”
რეზო მიშველაძე (მწერალი): “მე ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკური კავშირების გაფართოვება რამე კატასტროფას არ ნიშნავს და არც ჩვენი დასავლელი კოლეგებისთვის უნდა ნიშნავდეს. ხომ ფაქტია, რომ იზოლირებულად და მხოლოდ ევროკავშირზე მიბმით საქართველოს საშველი არ დაადგება.
რა ქვეყანა დაიქცევა, თუ საქართველო რუსეთისგან მცირეოდენ გაზს შეისყიდის და ამით ჩრდილოელ მეზობელთან უფრო მრავალფეროვანს გახდის სამომავლო ურთიერთობას? ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ სამუდამოა უფსკრული რუსეთსა და საქართველოს შორის, ღრმად ცდებიან. ჩვენი ხელისუფლების ეს ერთი ნაბიჯი დასავლეთმა საწყენად არ უნდა მიიღოს. მე ეს კატასტროფად ნამდვილად არ მიმაჩნია.”
ირმა სოხაძე (მომღერალი): “არ მგონია, რომ ეს დასავლეთთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს, იმიტომ, რომ სხვა ენერგორესურსები ყველას აქვს. თუკი სარგებლობა გვექნება, რატომ არ უნდა მივიღოთ?! რუსეთი ახლა იმ ჭკუაზე არ არის, რომ გაგვითიშოს, ან რამე სახის დივერსიები მოგვიწყოს. მე მგონია, რომ რუსეთმაც გარკვეულწილად ჭკუა ისწავლა. ასე რომ, ამაში მე რამე საფრთხეს და დასავლეთისთვის საწყენს ვერაფერს ვხედავ.”
„ახალი თაობა“, 12 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან: „გაზპრომთან“ ურთიერთობა კითხვებს აჩენს“
საზოგადოებაში გამოითქმის პროტესტი იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან.
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე აცხადებს, რომ ისეთ სახელმწიფოსთან ნებისმიერი კონტაქტი, როგორიც რუსეთია, ნებისმიერ შემთხვევაში მიბმულია პოლიტიკასთან, რაც საშიშია.
„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნებისმიერი თემა და სფერო, სპორტითა და ბიზნესით დაწყებული, ხელოვნებით დამთავრებული, უკავშირდება პოლიტიკას. გაზპრომის საკითხიც მიბმულია პოლიტიკასთან. ხელისუფლებისგან ბევრჯერ მოგვისმენია ფრაზები რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე. ისიც ირკვევა, რომ გაზპრომის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები ფარული იყო. თუ ეს მოლაპარაკებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, მაშინ რატომ არ მიეწოდება ამის თაობაზე ინფორმაცია საქართველოს საზოგადოებას? ეს აჩენს ეჭვებს – ხომ არ მზადდება ისეთი რამ, რაზეც მოლაპარაკებების სუბიექტებმა წინასწარ იცოდნენ?“, – ამბობს მამკა გიორგაძე.
- არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ პრემიერის შეცვლაც ამას უკავშირდება...
- საქართველოში გადაწყვეტილებებს ძირითადად ერთი პირი იღებს. არა მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მის მიმართ დაუმორჩილებლობა გამოეხატა და ის ამის გამო გაეშვათ. არც ის მგონია, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწეროს იმას, რასაც თითქოს ხელი არ მოაწერა ღარიბაშვილმა. როცა ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არაა, როცა ყველაფერი ბელადის ნება-სურვილით კეთდება, პრემიერის გადადგომა შეიძლება ნებისმიერ საკითხს დაუკავშირო.
- მინისტრების ნაწილიც უნდა შეიცვალოს...
- მინისტრების შეცვლა არ აისახება ქვეყნის განვითარებაზე. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს ჯანსაღი ვითარება, არ არსებობს პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. სამაგიეროდ, ძალიან დიდია ერთი პიროვნების უფლებები, როლი და ფუნქცია. არსებობს ბელადი და მისი მომსახურე პერსონალი, რომელსაც შეცდომით უწოდებენ პოლიტიკურ ელიტას. ამ სიტუაციაში მინისტრების ცვლას არაფერი მოაქვს. ესაა კარის ინტრიგები, რომლებიც შედეგის მომტანი შეიძლება იყოს მმართველის ახლობლებისთვის. ასეთი მანკიერი სისტემა დამანგრეველია ქვეყნისათვის. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ქვეყნის განვითარება დაეფუძნა პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას და არა _ პიროვნებების საქმიანობას.
- პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შესაქმნელად პოლიტიკოსები არ არიან საჭირო? პოლიტიკაში არაპოლიტიკოსები მოდიან...
- ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვეშლება ადამიანური თვისებები და პროფესიონალიზმი. ფეხბურთში ფეხბურთელს ხომ არ ვაფასებთ იმით, რომ ის კეთილია, იუმორის გრძნობა აქვს ან კარგად ცეკვავს? ფეხბურთში არ მოგვყავს ისინიც, ვინც კალათბურთს თამაშობდა. პოლიტიკაც ასეა. გამოჩნდნენ თავის სფეროში განთქმული ადამიანები კარგი პიროვნული თვისებებით. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს მათ ღირებულებით სისტემაზე. ყოფილი მსახიობი რეიგანი ნამდვილად იყო გამორჩეული პრეზიდენტი, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა. იგი ადრეც აქტიურად ჩაბმული იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში. რეიგანს ჩამოყალიბებული ხედვები და პროგრამები ჰქონდა. საქართველოში ღირებულებათა სისტემა უკანა პლანზეა გადაწეული და ყველაფერი ემყარება პიროვნებებს. გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი ყოველმხრივ განსხვავებული პირები იყვნენ და არიან, მაგრამ მათ არ შეცვალეს ბელადებზე აწყობილი საბჭოთა სისტემა. თითოეულის გარშემო იკრიბებოდა პირადი ინტერესებით შეპყრობილი ჯგუფი და არა _ თანამოაზრეთა გუნდი.
- თქვენ ღირებულებებისა და ხედვების ნაკლებობას არ განიცდით. რატომ ვერ ახერხებთ თანამოაზრეებთან გაერთიანებას?
- მრავალი წელიწადია, სწორედ იმიტომ გვებრძვიან, რომ ჩვენი ჩამოყალიბებული ფასეულობები გვაქვს. ამიტომ, არ ვჯდებით დამკვიდრებულ საბჭოურ-ბოლშევიკურ მოდელში. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ბელადომანიას კარგი არაფერი მოაქვს. სტალინის დაღუპვის შემდეგ ვერავის წარმოიდგენდა, რომ მის შემდეგ იქნებოდა ბელადი, მაგრამ მალე ბელადად იქცა ხრუშჩოვი, შემდეგ – ბრეჟნევი და ასე შემდეგ.
ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ თანამოაზრეთა გუნდი შევქმნათ. ამ მუშაობას არ შევანელებთ. მეორე მხრივ, საზოგადოებამაც მხარი უნდა დაუჭიროს პროგრამებს, ღირებულებებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ სფეროში რაღაც გაუკეთებიათ. სხვანაირად, სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს და ქვეყნის განვითარებას საშველი არ დაადგება.