globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 12th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The New York Times» (აშშ):დასავლეთთან ცივი ურთიერთობების ფონზე, რუსეთი აფხაზეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან თბება

«Актуальные комментарии» (რუსეთი): სამგზავრო მატარებელი „მოსკოვი-თბილისი“გასვლას აგვიანებს

«Независимая газета» (რუსეთი): ცხინვალი მოსკოვის მოკავშირე ვერ გახდა

«The Washington Post» (აშშ): რუსეთი – „სუპერდერჟავა“ თუ ჩვეულებრივი ნავთობსახელმწიფო?

———————–

«The New York Times» (აშშ), 12 მარტი, 2015 წელი

http://www.nytimes.com/2015/03/12/world/europe/western-relations-frosty-russia-warms-to-north-korea.html?_r=0

დასავლეთთან ცივი ურთიერთობების ფონზე, რუსეთი აფხაზეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან თბება

იმ დროს, როცა რუსეთის ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან გაურესებულია უკრაინის კრიზსის გამო, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყურადღებას აზიის ქვეყნებისაკენ მიმართავს: გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2015 წელი ჩრდილოეთ კორეასთან „მეგობრობის წლად“ გამოაცხადა, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – დევიდ ჰერშენჰორნი).

„რუსეთის საგარეო პოლიტიკის განსაკუთრებულობაზე მიანიშნებს ისისც, რომ გუშინვე რუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი, მინისტრი სერგეი ლავროვი თავის აფხაზ კოლეგას – ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდა. აფხაზეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს წარმოადგენს.

რუსეთი ერთ-ერთია იმ ოთხი სახელმწიფოთაგან (ვენესუელის, ნიკარაგუისა და ნაუარუს – წყნარი ოკეანის მცირე კუნძულის ჩათვლით), რომლებმაც აფხაზეთი დე-იურედ აღიარეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

უკრაინელთა ნაწილი შიშობს, რომ რუსეთმა საბოლოო ჯამში შეიძლება მეამბოხე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები მსგავს კვაზისახელმწიფოებრივ წარმონაქმნად გადააქციოს, შემდეგ კი ისინი აღიაროს და მათი დაცვა-მფარველობა გამოაცხადოს.

აფხაზეთი ძალიან არის დამოკიდებული რუსეთზე, განსაკუთრებით ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში – საქართველოსთან აფხაზეთის საზღვარს რუსეთის შეიარაღებული ძალები იცავენ. სერგეი ლავროვისა და ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვედრა ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ განიხილეს გასული წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზების მიმდინარეობა. ამ ხელშეკრულებით კიდევ უფრო გაფართოვდა რუსეთის გავლენა აფხაზეთზე ეკონომიკისა და სამხედრო სფეროში. ამ დოკუმენტის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთმა აფხაზეთის ანექსია ეფექტურად განახორციელა.

«Актуальные комментарии» (რუსეთი), 12 მარტი, 2015 წელი

http://actualcomment.ru/poezd-v-tbilisi-uydet-neskoro.html

სამგზავრო მატარებელი „მოსკოვი-თბილისი“გასვლას აგვიანებს

ანდრეი ტიხონოვი

(შემოკლებით)

როგორც ცნობილია, 11 მარტს მოსკოვში, რუსეთისა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვისა და ვიაჩესლავ ჩირიკბას ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს ჟურნალისტები აფხაზეთის რკინიგზის საკითხითაც დაინტერესდნენ. სერგეი ლავროვის თქმით, „რუსული მხარე კონსულტაციებისთვის მზადაა იმის გათვალისწინებით, რომ [კომპანია] „რუსეთის რკინიზები“ აფხაზეთის რკინიგზის ნაწილის ექსპლოატაციაში მონაწილეობს (სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების თანახმად), თუმცა ძირითადი გადაწყვეტილება მაინც აფხაზეთმა და საქართველომ უნდა მიიღონ. ამით, გასაგები მიზეზების გამო, ძალიან არის დაინტერესებული სომხეთი. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მოძრაობის აღდგენას, მაგრამ ვიმეორებ, პირობებზე, პირველ რიგში, სოხუმმა და თბილისმა უნდა მოილაპარაკონ“.

მოსკოვის დსთ-ის ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელმა მიხეილ ალექსანდროვმა კომენტარი გაუკეთა აფხაზეთის რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობას და განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია ქართული და აფხაზური მხარეების არაერთგვაროვანი პოზიციების გამო. მისი თქმით, აფხაზეთს თავის დროზეც არ გამოუხატავს მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმი აღნიშნულ სატრანსპორტო კომუნიკაციის შესაძლო ამოქმედების თაობაზე. „აფხაზები თვლიან, რომ მათ რკინიგზა არ სჭირდებათ, ხოლო ზოგიერთი აფხაზი პოლიტიკოსი იმასაც კი აცხადებს, რომ რკინიგზა საერთოდ [ქვეყნის განვითარების] ხელის შემშლელი ფაქტორია, რადგან შავი ზღვის სანაპიროზე ძალიან დიდი ადგილს იკავებს, პლიაჟების საზიანოდ. ამ რკინიგზის სანაცვლოდ კარგი საკურორტო ინფრასტრუქტურა შეიქმნებოდა“.

ექსპერტის აზრით, აფხაზეთს სურს საქართველოსთან მხოლოდ მინიმალური ურთიერთობა ჰქონდეს, სარკინიგზო ტრანზიტი კი მხოლოდ რუსეთს უნდა, სომხეთთან დასაკავშირებლად. „შეიძლებოდა სატრანსპორტო დერეფნის გახსნაც რუსეთიდან ირანის საზღვრამდეც, მაგრამ ეს საკითხი აფხაზ პოლიტიკოსებს არ აინტერესებდათ“, – განმარტა მიხეილ ალექსანდროვმა.

„დღეს, როცა რუსეთს ეკონომიკური პრობლემები აქვს და, არაა გამორიცხული, აფხაზეთს დახმარება შეუმცირდეს, სოხუმი, ალბათ, დამატებით შემოსავლებზე უნდა დაფიქრდეს და ამ ფაქტორმა შეიძლება ხელი შეუწყოს რკინიგზის რეანიმირებას. „მაგრამ აქ წინა პლანზე გამოდის საქართველოს პოზიცია, რომელიც ორაზროვანი იყო: თბილისი ხან აცხადებდა (უკვე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგ), რომ მზადაა რკინიგზის აღსადგენად, ხან კი რაღაც პოლიტიკური ხასიათის მქონე დამატებით პირობებს აყენებდა. ამჟამად გაურკვეველია, აქვს თუ არა ჩამოყალიბებული მტკიცე პოზიცია თბილისს. ჯერ-ჯერობით, ბოლო ხანებში, ქართველებს რკინიგზის მიმართ რაიმე აქტიურობა არ გამოუჩენიათ“, – აღნიშნა მიხეილ ალექსანროვმა.

ექსპერტის აზრით, ამ ეტაპზე ნაადრევია სიხარული იმის გამო, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის, სოხუმის გავლით, სარკინიგზო მოძრაობა მალე აღდგება. „არის დიდი საფრთხე იმისა, რომ ახლა, როცა შეიძლება აფხაზეთი დათანხმდეს, თბილისმა კიდევ რაღაც დამატებითი პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენოს. ერთადერთი, რამაც საკითხის გადაწყვეტაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, ესაა საქართველოსადმი გაწეული დასავლური დახმარების შესაძლო შემცირება. დასავლეთი მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას აგრძელებს, თუმცა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამის მკვეთრად წინააღმდეგია. ასეთ პირობებში არაა გამორიცხული დაპირისპირების გამწვავება საქართველოსა და დასავლეთს შორის, განსაკუთრებით უკრაინის კონფლიქტის ფონზე, რომელმაც აჩვენა, რომ დასავლეთი მზად არ არის [რუსეთის წინააღმდეგ] სამხედრო ძალა გამოიყენოს. შესაბამისად, საქართველო შეიძლება დათანხმდეს სარკინიგზო მიმოსვლის ნორმალიზებაზე. მოკლედ, საქმე დაიძრა, მაგრამ უმნიშვნელოდ“, – აღნიშნა მიხეილ ალექსანდროვმა.

«Независимая газета» (რუსეთი), 12 მარტი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-03-12/6_osetia.html

ცხინვალი მოსკოვის მოკავშირე ვერ გახდა

რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, რომელიც 11 მარტს უნდა მომხდარიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო“, – იუწყება „ნეზავისიმაია გაზეტა“ (სტატიის ავტორი – იური როქსი).

„კულუარული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტი ბოლომდე დაზუსტებული არ არის, ბევრი რამ დაუმუშავებელია, შეთანხმების ტექსტის დებულებები კონდიციამდეა მისაყვანი. ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა დღის წესრიგში შეიტანა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის პასუხისმგებლობის საკითხი. როგორც პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, მინისტრი  არასახარბიელოდ მუშაობს, ძალიან ცოტას აკეთებს სამხრეთ ოსეთის დიპლომატიის განვითარებისათვის, არ აღრმავებს კავშირებს ნიკარაგუასთან და ვენესუელასთან და „რაც მთავარია, მან დაარღვია სუბორდინაცია – პრეზიდენტთან და პოლიტიკურ საბჭოსთან შეუთანხმებლად, რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რუსეთთან ხელშეკრულების ტექსტის პროექტი გამოაქვეყნა, მით უმეტეს, რომ ეს მხოლოდ სამუშაო ვერსია იყო“.

როგორც ჩანს, მოსკოვში მომხდარი „ინციდენტი“ მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას, ცხადია, რომ ამ უწყების მუშაობას საერთაშორისო ვითარებაზე რაიმე გავლენის მოხდენა აბსოლუტურად არ შეუძლია და, შესაბამისად, ანატოლი ბიბილოვის განცხადება მხოლოდ „განტევების ვაცის“ ძიებას უფრო უნდა მივაწეროთ. ამით პარლამენტს სურს, რომ საზოგადოებას მომხდარი ფაქტი როგორმე აუხსნას.

რუსი ექსპერტი ალექსი მარტინოვის თქმით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გადადებით რაიმე კატასტროფული არაფერი მომხდარა. მან „ნეზავისიმაია გაზეტას“ აუხსნა, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე, თუმცა ვადები მოგვიანებით დაზუსტდება. „ასეთი მიდგომა არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ხელშეკრულების ტექსტი თავიდანვე უარყოფით განწყობას იწვევდა, ყველას სურდა რაღაც პოზიცია გამოეხატა, უნდოდათ შიგ „აქტუალური“ დებულებები ჩაწერილიყო… საბოლოო ჯამში, პროექტი არ აღმოჩნდა ისეთი დონისა, როგორიც საერთაშორისო დოკუმენტს შეეფერება. საერთოდ, ჩემი აზრით, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ახალი სამოკავშირეო და ინტეგრაციის ხელშეკრულების შემუშავება არარაციონალური ქმედებაა. ცხინვალსა და მოსკოვს შორის ურთიერტობა 2008 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, ეს დოკუმენტი უკვე გაფართოვდა უამრავი შეთანხმებითა და ორმხრივი აქტებით, ყველაფერი ეს ნორმალურად მუშაობდა. ახალი ხელშეკრულება, თავისი არსით, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობაში არაფერს ცვლის. ასე რომ, ზედმეტი მოძრაობებისათვის დრო არ უნდა დაიხარჯოს, დრო უფრო ეფექტურად უნდა იქნეს გამოყენებული“, – აღნიშნა ალექსი მარტინოვმა.

ამასთან, პოლიტოლოგმა ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, აფხაზეთთან მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმება ნამდვილად აუცილებელი ნაბიჯი იყო რუსეთის მხრიდან, საერთაშორისო სიტუაციისა და იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც ეს შავიზღვისპირა რესპუბლიკა აღმოჩნდა. „ცხინვალსაც ანალოგიური დოკუმენტის გაფორმება მოუნდა, მაგრამ ოსები რეალობას ანგარიშს არ უწევენ. რასაკვირველია, მათ შეიძლება გავუგოთ, მაგრამ ცხინვალის სურვილის გაზიარება, „გვინდა  ჩრდილოეთ ოსეთს შევუერთდეთო“, არ გამოვა, რადგან ეს რუსეთის ინტერესებში არ შედის“, – განუცხადა „ნეზავისიმაია გაზეტას“ ალექსი მარტინოვმა. მისი აზრით, სწორედ ხელშეკრულების პროექტის დებულებებისადმი სხვადასხვა დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რომ დოკუმეტზე ხელმოწერა გადაიდო.

სხვათა შორის, ექსპერტთა წრეებში გაჩნდა ვერსია, რომლის თანახმად, თითქოსდა  მოსკოვმა უარი იმიტომ თქვა ხელმოწერაზე, რომ თავიდან აეცილებინა დასავლეთის კიდევ უფრო დიდი ზეწოლაო, რადგანაც სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილად არის მიჩნეული. ამ კონსპიროლოგიური ვერსიის მომხრეები მიუთითებენ იმაზე, რომ ამ დღეებში თბილისში ეუთოს გენმდივანი ლამბერტო ზანიერი იყო ჩასული და შეხვედრების დროს საქართველოს ყოფილ ავტონომიებთან რუსეთის ურთიერთობის საკითხიც იქნა განხილული. თუმცა თბილისი სკეპტიკურად მიიჩნევს ვერსიას, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დასავლეთის ზეწოლით გადაიდო: როგორც „ნეზავისიმაია გაზეტას“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა, ლამბერტო ზანიერის თბილისში ვიზიტსა და მოსკოვში შეთანხმებაზე ხელმოწერის გადადებას ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვთ. „ყველა შემთხვევაში, მას ხელი ახლა მოეწერება თუ მოგვიანებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ასეთი ხელშეკრულება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული არ იქნება. დოკუმენტს სამართლებრივი აქტის ძალა არ ექნება, რადგან მისი ერთი მხარე [სამხრეთ ოსეთი] საქართველოს ოკუპირებული რეგიონია, მეორე მხარე კი ის ქვეყანა, რომელმაც ოკუპირება მოახდინა. საოკუპაციო რეჟიმის მოქმედება ლეგიტიმური არ არის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გუშინ, ხელშეკრულების ხელმოწერამდე, საინფორმაციო სააგენტოებში გაკრთა ცნობა ვლადიმერ პუტინის შეუძლოდ ყოფნის  შესახებ და ამ ფონზე გამოითქვა მოსაზრება, რომ სწორედ პრეზიდენტის ავადმყოფობის გამო გადაიდო გაფორმებაო (ასტანაში დაგეგმილი ევრაზიული კავშირის სამიტის ჩათვლით), თუმცა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა უარყო ინფორმაცია რუსეთის მეთაურის ავადმოყოფობის შესახებ.

«The Washington Post» (აშშ), 11 მარტი, 2015 წელი

http://www.washingtonpost.com/blogs/monkey-cage/wp/2015/03/09/to-understand-russia-think-of-it-as-an-ordinary-petrostate-as-opposed-to-an-extraordinary-superpower/

რუსეთი – „სუპერდერჟავა“ თუ ჩვეულებრივი ნავთობსახელმწიფო?

მარია სნეგოვაია,

კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი

უკრაინის კონფლიქტში კრემლის მონაწილეობის მოტივაციის თაობაზე სპეციალისტთა თვალსაზრისი სხვადასხვანაირია: ითვლება თუ არა რუსეთი ხარბ სახელმწიფოდ, რომელიც თავისი იდეოლოგიის შესაბამისად, ტერიტორიების გასაფართოებლად (მისატაცებლად) ისწრაფვის და არის თუ არა რუსეთი სუსტი ქვეყანა, რომელიც NATO-საგან  თავდაცვას ცდილობს?

ექსპერტ-რეალისტები (მაგალითად, ჯონ მირშმაიერი და სტივენ უოლტი) თავიანთ ბოლო ანალიტიკურ სტატიებში ამტკიცებენ, რომ რუსეთ-უკრაინის დღევანდელი კონფლიქტი პროვოცირებულია NATO-ს გაფართოების მცდელობით, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოსა და უკრაინის ალიანსის წევრად მიღებას ითვალისწინებს (ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის გავლენის ზონაში შედიოდნენ). ოპონენეტები კი, რეალისტებისაგან განსხვავებით, როგორც წესი, კონფლიქტში რუსეთს ადანაშაულებენ. როგორც ირკვევა, მათ შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას მეთოდოლიგიური ხასიათი აქვს: საგარეოპოლიტიკურმა ანალიტიკურმა ჟურნალმა Foreign Affairs-მა სპეციალისტთა შორის გამოკითხვა ჩაატარა თემაზე – „ვინაა დამნაშავე უკრაინის კრიზისში”. როგორც ცნობილი გახდა, საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემებზე მომუშავე სპეციალისტებმა NATO დაასახელეს, რეგიონულ პრობლემებზე მომუშავეებმა კი – რუსეთი.

ზოგიერთმა გამოკითხულმა რეალისტების (იმავე ჯონ მირშმაიერის) მსჯელობაში ბევრი არასწორი მომენტი შეამჩნია, მათ შორის ისიც, რომ აღნიშნული ავტორების პუბლიკაციებში არაფერია ნათქვამი იმ გარემოებაზე, თუ როდის, რა დროში დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში. საყურადღებოა, რომ 2004 წლიდან, როცა ალიანსი ბალტიის ქვეყნებით გაფართოვდა, რუსეთის სახმელეთო საზღვარი მათთან ორჯერ უფრო გრძელი აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოსთან, მაგრამ, ამის მიუხედავად,  მოსკოვმა რატომღაც ლოდინი ამჯობინა და ალიანსის მიახლოებაზე რეაგირება მხოლოდ 2008 წელს მოახდინა. იმავეს წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლიც: ხუთი წლის განმავლობაში მრავალრიცხოვანი შეხვედრების დროს არც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და არც პრემიერ დიმიტრი მედვედევს  NATO-ს გაფართოების გამო რაიმე შეშფოთება არ გამოუხატავთ, საკითხიც კი არ დაუყენებიათ. უფრო მეტიც, ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დროინდელი რუსეთი ალიანსის მრავალ პროექტში მონაწილეობდა (მათ შორის სამხედრო წვრთნებსა და სამშვიდობო ოპერაციებში) და, როგორც ჩანს, სრულიადაც არ აქცევდა ყურადღებას იმას, რომ ალიანსის მხრიდან თითქოსდა საშიშროება ემუქრებოდა.

ექსპერტ-რეალისტების მსჯელობაში უფრო სერიოზული შეცდომა იმაშია, რომ ისინი „რუსეთს”, „კრემლს” და „პუტინს” მონოლითურად და დროში უცვლელად გამოხატავენ, თუმცა არც რუსეთი და არც პუტინი ბოლო 15 წლის განმავლობაში უცვლელი და მონოლითური არ ყოფილა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ: რუსეთი რომ [პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით] მტკიცე და მთლიანი ყოფილიყო, მაშინ საბჭოთა კავშირი არ დაიშლებოდა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი შთამომავლობით მხოლოდ „ნავთობის ქვეყანაა” და არა „საშიში სუპერსახელმწიფო”. როგორც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, „ნავთობსახელმწიფოები” მაშინ ხდებიან აგრესიულები მეზობლების მიმართ, როცა ნავთობის ფასი მატულობს. სწორედ ეს დაადასტურა პოლიტოლოგმა კალენ ჰენდრიქსმა 153 ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კვლევისას: ენერგონედლეულის ექსპორტიორი სახელმწიფოები უფრო აგრესიულობას ამჟღავნებენ ხოლმე მოსაზღვრე ქვყენებთან, ვიდრე ნავთობ-გაზის არმქონე სახელმწიფოები.

ცოტა უფრო ფართოდ ამ საკითხთან დაკავშირებით:

ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფ კოლგანმა ანალიზი გაუკეთა სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტებს 170 ქვეყანაში 1945 წლიდან 2001 წლის ჩათვლით და გაარკვია, რომ ის სახელმწიფოები, რომელთა სუფთა მოგება ნავთობის ექსპორტისაგან საერთო შიდა პროდუქტის 10 პროცენტს შეადგენს, მსოფლიოში ყველაზე მეომრული ქვეყნები არიან.

ასეთმა ნავთობიანმა სახელმწიფოებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საშუალოდ უფრო მეტჯერ გამოხატეს მზადყოფნა სამხედრო ძალის გამოსაყენებლად და 50%-ით უფრო მეტად იყვნენ ჩაბმულები შეიარაღებულ კონფლიქტებში, ვიდრე ნავთობის არაექსპორტიორები. ამის დამადასტურებელია, მაგალითად, ბოლივიასა და ვენესუელას მიერ აშშ-ის ელჩების ქვეყნიდან  გაძევება, ვენესუელას მიერ არმიის მობილიზების ფაქტი კოლუმბიასთან ომის მიზნით, ირანის მხარდაჭერა ჰამასისადმი ისრაელის წინააღმდეგ ნავთობის ფასების პიკის დროს (2008 წელს). სწორედ ნავთობდოლარების უხვად მიღების პერიოდში განახორციელა ერაყმა შეტევა ირანის წინააღმდეგ (1980 წელს), ხოლო ლიბიის ჯამაჰირია არაერთხელ თავს დასხმია მეზობელ ჩადის რესპუბლიკას ნავთობზე მაღალი ფასების პერიოდში (1970 და 1980 წლებში). ამგვარი მოვლენების მექანიზმი ძალიან მარტივია: ნავთობით მიღებული მაღალი შემოსავლების დონე ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით ხელისუფლების პირადი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონის შესუსტებას, საგარეო არენაზე კი ავანტიურიზმის გაძლიერებას განაპირობებს. ნავთობით მიღებული შემოსავლები ხელს უწყობს აგრეთვე ქვეყნის მილისტარისტული პოტენციალის ზრდას, რადგანაც დიდი რაოდენობით ფინანსები სამხედრო სფეროს ხმარდება.

ამ თვალსაზრისით, როგორც ზემოთ ვახსენეთ, რუსეთი „სუპერდერჟავა” (ზესახელმწიფო) ნამდვილად არაა, ის სწორედაც რომ ტიპიური, გრძელვადიანი გეგმების არმქონე ნავთობსახელმწიფოა, რომელიც აგრესიულ-ამბიციური ხდება მხოლოდ ფულის დაგროვების შემდეგ. ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ერთი ბარელი ნავთობი მხოლოდ 25 დოლარი ღირდა, ვლადიმირ პუტინი აშშ-ის მეგობარი იყო და NATO-ს გაფართოების მიმართ, 2004 წლისათვის, რაიმე ნეგატიური დამოკიდებულება არ გააჩნდა. იმავე კალენ ჰენდრიქსის გამოკვლევის თანახმად, სწორედ ასე მშვიდად და კეთილშობილურად გამოიყურებიან ქვეყნები მაშინ, როცა ნავთობზე ფასი დაბალია, ანუ საშუალოდ 33 დოლარზე ნაკლები. ჯერ კიდევ 2002 წელს, როცა Urals-ის მარკის საწვავის ფასი დაახლოებით 20 დოლარს შეადგენდა, ვლადიმირ პუტინი თავის მიმართვაში ფედერალური კრებისადმი რუსეთისათვის პრიორიტეტულ მიზნად ევროპული უსაფრთხოების განმტკიცებას მიიჩნევდა და ევროკავშირთან ერთობლივი ეკონომიკური სივრცის შექმნას ასახელებდა, 2014 წელს კი, როცა ნავთობის ფასი 110 დოლარს აღწევდა, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ახალი ხელისუფლების დასასჯელად – იმ ხელისუფლებისა, რომელიც ევროკავშირთან ერთობლივი ეკონომიკური სივრცის შექმნას ცდილობს!

2007 წელს, როცა ნავთობის ფასმა პირველად გადააჭარბა 75 დოლარს, ვლადიმირ პუტინმა მიუნხენის ცნობილ კონფერენციაზე მრისხანე სიტყვა წარმოსთქვა, რომელშიც მან მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ჰეგემონია, თუმცა ჯერჯერობით მაინც იმედი გამოხატა ვაშინგტონთან და ბრიუსელთან კონსტრუქციული ურთიერთობის თვალსაზრისით. 2014 წელს, როცა ნავთობის ფასი 100 დოლარია, ვლადიმირ პუტინი სრულიად უარყოფს აშშ-სთან კონსტრქუციული ურთიერთობის შესაძლებლობას.

1979 წელს, როცა საბჭოთა კავშირი ავღანეთში შევიდა, ერთი ბარელი ნავთობის ფასი იმ დროისათვის მაქსიმალურ ნიშნულზე იყო – 101 დოლარი ღირდა. 2008 და 2014 წლებში, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიების დროს, ნავთობის ფასებმა 1980 წლის ნიშნულს გადააჭარბეს… ყველაფერი მოხდა იმ თეორიის შესაბამისად, რომელიც ნავთობიანი ქვეყნების პოლიტიკას განსაზღვრავს. NATO-ს უმოქმედობამ კი ფაქტობრივად ხელი შეუწყო რუსული ამბიციების გაღვივებას.

გარეშე დამკვირვებელს რუსეთი, შესაძლოა „დაბერებული და კლებადი მოსახლეობის, სუსტი ეკონომიკის” მქონე ქვეყნად ეჩვენება, მაგრამ კრემლის ელიტა, რომელსაც უდიდესი რეზერვები აქვს დაგროვილი, აშკარად ასე არ თვლის. პირიქით, მათთვის რუსეთი მსოფლიოს ზესახელმწიფოთა სამეულის წევრია, ამერიკასთან და ჩინეთთან ერთად. ისინი მუდმივად აცხადებენ, რომ რუსეთი ენერგეტიკული სუპერსახელმწიფოა, რომ მეორე ქვეყანაა იარაღის წარმოება-ექსპორტის დარგში და ასე შემდეგ. კრემლს დაქვემდებარებული ტელეკომპანიების ეთერში რეგულარულად მიანიშნებენ იმაზე, რომ რუსეთის არმიას ბერლინამდე, პარიზამდე და ლონდონამდე მისასვლელად სულ რამდენიმე დღე დასჭირდება.

კარგადაა ცნობილი რობერტ ჯერვისის გამონათქვამი: სახელმწიფოს მეთაურთა პირად წარმოდგენებს, რომლებიც დამახინჯებულია და სინამდვილისაგან შორს არიან, იმაზე უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გვგონიაო. აშკარაა, სინამდვილის დამახინჯებული აღქმის საკითხი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ნავთობსახელმწიფოთა ლიდერებთან მიმართებით – იმის დამოუკიდებლად, რა სურს და რას ფიქრობს NATO.

Comments are closed