„რეზონანსი“: ვინ აფინანსებს პარტიებს // “ფული რუხი სქემებით შედის და ყველა ისე იქცევა, ვითომ ვერაფერს ვამჩნევთ”
„რეზონანსი“: ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: “ენ-დი-აის” კვლევის შედეგების, პარტიების რეიტინგისა და ფარული მოსმენების შესახებ
„რეზონანსი“: უვიზო ხაფანგი ტურისტებისთვის // დაკარგული თანხის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა არავის ეკისრება
———–
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ვიზალიბერალიზაცია რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო წამალია“
„ახალი თაობა“: ბიძინა ივანიშვილს დავი უსუფაშვილის გადაბირება სურს? // საარჩევნო სიაში მოსახვედრად ბრძოლა დაიწყო
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მოსახლეობა დასავლეთზე ორიენტაციას უჭერს მხარს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „დღევანდელი ხელისუფლება ზნეობისგან დაცლილი აღმოჩნდა”
————————-
„რეზონანსი“, 12 აპრილი, 2016 წელი
ვინ აფინანსებს პარტიებს
“ფული რუხი სქემებით შედის და ყველა ისე იქცევა, ვითომ ვერაფერს ვამჩნევთ”
თაკო მათეშვილი
საქართველოში პარტიების დამფინანსებელი ცოტაა, თუმცა ფულის შემტანი – ბევრი – ასე აფასებენ პოლიტოლოგები აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც პარტიების დაფინანსებას ეხებოდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად თემა აქტუალური ხდება და ისმის კითხვები თუ ვის ვინ და რამდენით აფინანსებს.
პარტიების მთავარი დამფინანსებლები, პოლიტოლოგების თქმით, მსხვილი ბიზნესმენები და კომპანიები არიან. თუმცა, იმის გამო, რომ მათი საქმიანობა კანონის ფარგლებში მოექცეს, ისინი ფიქტიური დამფინანსებლების წყალობით ახერხებენ პარტიებში იმაზე მეტი თანხის შეტანას, ვიდრე დაშვებულია.
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს მიღებული შემოწირულობით პარტიებს შორის “ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი” ლიდერობს. მან გასულ 3 თვეში 168 058 ლარი მიიღო.”გირჩის” შემდეგ შემოწირული თანხის რაოდენობით “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” მოდის 143,283.7 ლარით; მესამე ადგილზე “გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის” იყო 45 ათასი ლარით; მეოთხეზე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 30 ათასი ლარით; მას “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მოჰყვება 20 560 ლარით; შემდეგ “დევნილთა პარტიაა” 8 ათასლარიანი შემოწირულობით; სიაში მე-7 ადგილს “რესპუბლიკური პარტია” იკავებს 5 972 ლარით და მას პარტია “თავისუფალი დემოკრატები” მოჰყვება 4 ათასი ლარით.
აუდიტის ანგარიშში კიდევ 6 პარტიის დაფინანსებაა მოხვედრილი, რომელთა შემოსავალიც სამი თვის განმავლობაში 5 ლარიდან 1500 ლარამდეა. ჯამში, ქართული პარტიების დაფინანსება, სამი თვის განმავლობაში, 428 476 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 200-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული. მათ საქმიანობას 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული ორგანული კანონი არეგულირებს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”.
არსებული კანონმდებლობა პარტიებს უფლებას ანიჭებს მოიპოვონ დაფინანსება შემდეგი წყაროებიდან: საწევრო შენატანებისგან (პარტიის თითოეული წევრის საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს), სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებისგან (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებისათვის თანხის გადაცემის გზით), შემოწირულობებისა და პარტიის მიერ პარტიის სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენების, საჯარო ღონისძიებების და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხებისგან, რომლებიც არ ცვლის პარტიის არასამეწარმეო, არამომგებიან ხასიათს.
ის, რომ “გირჩს” უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი დაფინანსება აქვს, პოლიტოლოგ, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ბუნებრივად მიაჩნია. ამბობს, რომ ეს პარტია ახლა ყალიბდება და თანხების მოზიდვაც ახლა სჭირდება. ისევე, როგორც “პატრიოტთა ალიანსს”.
დანარჩენი პარტიები კი უკვე ფუნქციონირებენ, მათ უკვე ჩამოყალიბებული სტრუქტურები აქვთ. ასე რომ, ძაბირაძის აზრით, აქ მოულოდნელი არაფერია. რაც შეეხება იმას, თუ ძირითადად ვინ არიან პარტიების დამფინანსებლები საქართველოში, პოლიტოლოგი ამბობს, რომ დაინტერესებული ხალხი ყოველთვის ცდილობს, ხელისუფლებაში მათთვის საინტერესო პოლიტიკური ორგანიზაცია გაიყვანონ და ამიტომაც აფინანსებენ.
“ამ მხრივ საქართველოში რაღაცები უფრო განსხვავებულად ხდება, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. ჩვენთან მეგობრები, ნათესავები და ალხობლებიც კი აფინანსებენ პარტიებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიის იდეოლოგიას დიდად არ იზიარებდნენ. დაფინანსება ქველმოქმედება არაა. მითუმეტეს პარტიული დაფინანსება. იგი კანონის ფარგლებში უნდა იყოს.
“ყველა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ჯგუფი გაიყვანონ, რომელთანაც ურთიერთობა აქვთ და მათ ბიზნესსა თუ კერძო საქმიანობას ლობირებას გაუწევს. მათ შორის პირველ რიგში ბიზნესმენები და კერძო კომპანიები არიან. ჩვეულებრივ მოქალაქეს, როგორც წესი, არ აქვს დაინტერესება”, – ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება იმას, თუ საშუალოდ რა რაოდენობის თანხა სჭირდება საქართველოში პარტიას ფუნქციონირებისათვის ერთ თვეში, ძაბირაძე “გირჩის” მაგალითზე ამბობს, რომ სამ თვეში 168 ათასი, ანუ თვეში დაახლოებით 55 ათასი სრულებითაც არაა დიდი თანხა. მითუმეტეს, თუ გავითალისწინებთ, რომ “გირჩს” ახლა ყველა რაიონში ოფისის გახსნა და მისი ტექნიკურად აღჭურვა სჭირდება.
“ამიტომაც უსწრებს დაფინანსებით “გირჩი” დანარჩენ პარტიებს. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, როცა თამაშში ძირითადი მოთამაშეებიც ჩაერთვებიან, რა თქმა უნდა, იგი პირველ ადგილზე ვეღარ იქნება და უფრო უკან გადაინაცვლებს. წინასაარჩევნოდ პარტიების დაფინანსება ბევრად მოიმატებს”, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.
იმას, რომ “გირჩის” დაფინანსება სხვა, თუნდაც წამყვანი პარტიების დაფინანსებას ბევრად აღემატება, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი განსხვავებულად ხსნის. მისი აზრით, “გირჩი” უბრალოდ თავის შემოსავალს არ მალავს და ყველაფერს ღიად აჩვენებს, დანარჩენები კი ამისგან თავს იკავებენ.
იგი დარწმუნებულია, რომ “ნაცმოძრაობას” და “ქართულ ოცნებას” “გირჩზე” უფრო გულუხვი დამფინანსებლები ჰყავს, მაგრამ ამას მალავენ და ცდილობენ, თავისი აქტივობები “რუხი სალაროებიდან მართონ”.
გვახსენებს, რომ ადრე მსგავს ანგარიშებში სწორედ ეს ორი პარტია ლიდერობდა და ამბობს, რომ დღევანდელი უცნაური სურათი სწორედ მის მიერ დასახელებული მიზეზით აიხსნება.
“არ მგონია, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ფულს საერთოდ არ ხარჯავდნენ. მთავარი კითხვა კი ისაა, თუ რატომ არ ჩანს ეს ოფიციალურ მონაცემებში.
“იქიდან გამომდინარე, რომ “გირჩი” ახლა რეგიონული ოფისების ფორმირების ფაზაშია, ბუნებრივია, მათ ახლა, პირველ ეტაპზე მეტი ხარჯი ექნებათ, ვიდრე შემდგომ. ვფქრობ, რომ ეს თანხა წინასაარჩევნო სამუშაოებისათვის დიდი ნამდვილად არაა.
“უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვები “გირჩზე” მეტს თუ არა, ნაკლებს არ ხარჯავენ და რატომ არ ჩანს, ესაა საკითხავი. ძალიან მეეჭვება, რომ ეს პარტიები ენთუზიაზმზე მუშაობდნენ. მათ ენთუზიაზმი დიდი ხანია დავიწყებული აქვთ”, – ამბობს ხუხაშვილი.
რაც შეეხება დამფინანსებლებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ისინი ძირითადად ბიზნესმენები არიან, მაგრამ ეს თანხები, კანონიდან გამომდინარე, მერე კერძო პირებზე ნაწილდება და პარტიების ბიუჯეტში მათ შეაქვთ.
“მწარე სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ – სპონსორები ცოტანი არიან, მაგრამ ფულის შემტანებს აბევრებენ, რათა ეს პროცესი კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. მათ ფულის რუხი სქემებით შეწირვა უწევთ და ყველა ისე იქცევა, ვითომ ამას ვერ ვამჩნევთ.
“ეს დიდი პრობლემაა და ამ დანაშაულს სისტემური ხასიათი აქვს მიღებული. კარგი იქნება, აუდიტის სამსახურმა ყურადღება ამასაც მიაქციოს. თუ სხვანაირად შეუძლებელია, ჯობია, კანონი შევცვალოთ, ვიდრე ყველამ თვალი დავხუჭოთ კანონდარღვევაზე. დღეს, სამწუხაროდ, კანონდარღვევაზე ყველა თვალს ხუჭავს”, – დასძენს პოლიტოლოგი.
„რეზონანსი“, 12 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: “ენ-დი-აის” კვლევის შედეგების, პარტიების რეიტინგისა და ფარული მოსმენების შესახებ
თიკო ოსმანოვა
“არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ფარული მოსმენა, თვალთვალი აღარ გრძელდება. შეიძლება შემცირებულია, მაგრამ ზოგადად, რომ მიმდინარეობს, უდავოა. რამდენი კომისიაც გინდა შექმენი, რამდენი ველოსიპედიც უნდა გამოვიგონოთ, თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ შეაჩეროს ეს სიბინძურე და ერთხელ და სამუდაოდ წერტილი დაუსვას, მანამდე არაფერი გვეშველება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.
ვიქტორ დოლიძე: “ენ-დი-აის” კვლევამ აბსოლუტურად ობიექტური სურათი აჩვენა, რეალურად, რაც ხდება ქვეყანაში. იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან რთულადაა, სოციალური ფონი არ არის გაუმჯობესებული.
სამუშაო ადგილები არ გაზრდილა, ხალხი გაღარიბებულია და ამას ყველა კარგად ვხედავ, როგორ აისახა, ეს ყველაფერი საზოგადოებაზე, იგივე ლარის დევალვაცია, ფასების ზრდა და სხვა. ამიტომ მეჩვენება, რომ ამ მხრივ ეს კვლევა რეალობას ასახავს. საინტერესო მონაცემებია საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების მხრივაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად ევროპაზეა ორიენტირებული, თუმცა ვისურვებდი, რომ “ევრაზიულ კავშირში” გაწევრიანების მომხრე 20%-ც არ ყოფილიყო. მეჩვენება, რომ ეს ცოტა მეტია, მაგრამ ბუნებრივია რუსული პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს და ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ადეკვატური რაღაცები. ახლა დეველოდები პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს, რომელიც ჩემთვის ძალიან საინეტერესო იქნება.
- ამ მონაცემებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, როგორ გადანაწილდება პარტიების რეიტინგები?
-არ მგონია, რომ ხელისუფლებას რეიტინგი მომატებული ჰქონდეს, ალბათ უფრო დაკლებული ექნება. იმიტომ, რომ საზოგადოებაში ერთი მხრივ ასეთი განწყობა იყოს და მეორე მხრივ რეიტინგი მომატებული ჰქონდეს, მე მგონი არალოგიკური იქნება. “თავისუფალ დემოკრატებს” რაც შეეხება, იმედია მატება დაფიქსირდება. რამდენადაც მახსოვს, ამის ტენდენცია ჩანდა წინა კვლევებში და ვნახოთ რა იქნება.
ჩვენი რეიტინგი არის ხალხთან ურთიერთობა, მათთან საუბარი, სიახლოვე და არა გაუცხოვება, ისე როგორც “ქართული ოცნების” შემთხვევაში მოხდა. აქედან გამომდინარე, მომატებული უნდა იყოს რეიტინგი, თუმცა ვნახოთ.
- ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კუდის ყოფილი თანამშრომლები დააკავა. როგორ ფიქრობთ, სწორ კვალზე დგას გამოძიება?
- არ ვიცი. გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს. ეს უფრო ფუნდამენტური პრობლემაა. 70 წელზე მეტი ვიცხოვრეთ საკუთარი პირადი ცხოვრების ხელის ფათურში, მოსმენაში თვალთვალში და ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ. რამდენი კომისიაც გინდა შექმენი, რამდენი ველოსიპედიც არ უნდა გამოვიგონოთ, თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ შეაჩეროს ეს სიბინძურე და ერთხელ და სამუდაოდ წერტილი დაუსვას, მანამდე არაფერი გვეშველება. ამიტომ ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც ვფიქრობ, უნდა გავერთიანდეთ, გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები და რეალურად მაშინ გადავალთ ევროპულ, ცივილიზებულ, დასავლურ რელსებზე.
- და ამისთვის არსებობს პოლიტიკური ნება?
- დღეს რომ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება, ნათელია. რაზე ვლაპარაკობთ იმის შემდეგ, რაც მოხდა ბოლო პერიოდში. ხელს არავისკენ გავიშვერ, ეს არასწორია, მაგრამ უფრო მეტს ველოდები ხელისუფლებისგან.
- წინასაარჩევნოდ ელოდებით თუ არა კიდევ მსგავსი კადრების გავრცელებას?
- რა გითხრათ აბა, დაცულობის განცდა არ მაქვს ნამდვილად. ისეთ რაღაცებს უყურა ხალხმა, რომ აღარაფერი გამიკვირდება. ვნახოთ დრო გვაჩვენებს მე პირადად არაფერს გამოვრიცხავ.
- თქვენი აზრით, ახლაც გრძელდება თუ არა ფარული მოსმენა?
- არ მინდა ვიღაცას ხელი დავადო, მაგრამ ის, რომ ამასთან დაკავშირებით “თავისუფალ დემოკრატებთან” ჰქონდათ პრობლემა, ამაზე ვთქვით, ამიტომ არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღარ გრძელდება. შეიძლება შემცირდა, მაგრამ რომ მიმდინარეობს, უდავოა.
„რეზონანსი“, 12 აპრილი, 2016 წელი
უვიზო ხაფანგი ტურისტებისთვის
დაკარგული თანხის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა არავის ეკისრება
მარი ჩიტაია
საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ქვეყნებში მოგზაურობისას პრობლემა ხშირად ექმნებათ. განსაკუთრებით ისრაელში, სადაც ყოველი 10 ქართველი მოგზაურიდან 8-ს უკან აბრუნებენ. კონტროლი გამკაცრებულია ბელორუსსა და უკრაინაში წამსვლელთათვისაც, თუმცა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ მგზავრთა უმეტესობა საზღვრის გადაკვეთას მეტ-ნაკლებად ახერხებს.
ისრაელში კი, როგორც ტურისტულ კომპანიებში განმარტავენ, დეპორტაციისთვის საბაბიც არ სჭირდებათ. ბევრ მოგზაურს აძევებენ საზღვრიდან ისე, რომ მიზეზსაც არ ასახელებენ. პასუხისმგებლობას იხსნიან ტურისული კომპანიებიც, რომელთა დახმარებითაც ეს ხალხი ქვეყნიდან გადის. ხალხს ელემენტარულად არ აქვს დაზღვევა და დაკარგული თანხის დასაბრუნებლადაც ყველა კანონიერი გზა მოჭრილი აქვთ.
რატომღაც ყველას ჰგონია, რომ დასვენების მიზნით მოგზაურობისას პრობლემა არ შეექმნება და ბევრი სასტიკად ცდება. უამრავი შემთხვევაა, როცა ქართველ ტურისტს, ნანატრი დასვენების ნაცვლად, რამდენიმედღიანი “პატიმრობა” და საქართველოში გამობრუნება შერჩება ხელთ.
პრობლემაზე საუბრობენ ტურისტულ კომპანიებში, მაგრამ აქვე დასძენენ, რომ მათ გამოძევებული მგზავრების წინაშე არანარი ვალდებულება არ აქვთ, რადგან ხელშეკრულებაში ასეთი პირობა არ დევს.
“უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებში მიმავალ მგზავრებს არ აქვთ გარანტია, რომ დაუბრკოლებლად შეძლებენ გასვლას, თუნდაც საბუთები წესრიგში ჰქონდეთ და ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებდნენ. ამ მხრივ უკიდურესად გამკაცრებულია ისარელში მგზავრობა, მათ შორის წმინდა მიწაზე მომლოცველთათვისაც. ფაქტობრივად, ყოველი 10 მგზავრიდან 8-ს უკან აბრუნებენ. საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკაა. ტურისტს, რომელიც 5 დღით მიდის, ისე აძევებენ, რომ ახსნა-განმარტებასაც არავინ იძლევა.
საკმარისია, ვინმეს თვალში არ მოუხვიდე, შეუძლია, სუბიექტური მოსაზრებითაც უკან გამოგიშვას. ამასობაში კი ადამიანს გაწეული აქვს ფინანსური ხარჯი – სასტუმროს, ბილეთის ფული და სხვა, რაც ასეთ დროს სრულად ეკარგება. ტურისტული სააგენტოები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, მით უმეტეს, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ აგვარებს ამ პრობლემს. ჩვენ დაზარალებული მოქალაქის სასარგებლოდ ვერაფერს ვაკეთებთ. ასეთ ვალდებულებას არც კლიენტთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს”, – განმარტავს თინათინ გოგუაძე, კომპანია “ფრი თრეველის” წარმომადგენელი.
სასაზღვრო პოლიციასა და საამიგრაციო სამსახურებს გამკაცრებული აქვთ პირობები უკრაინასა და ბელორუსშიც, თუმცა ამ ქვეყნებში მოგზაურებს პრობლემა ნაკლებად აქვთ. მთავარია მგზავრი სავალდებულო პირობებს აკმაყოფილებდეს.
დაზარალებული მოქალაქეების ძებნა “ბიზნეს-რეზონანსს” არ გასჭირვებია. უამრავი ადამიანი ჩივის, რომ სრულიად დაუსაბუთებლად არის საზღვრიდან გამოგდებული. განასკუთრებით კი, სამსახურის საძებნელად წასულებს ექმნებათ პრობლემა.
როგორც აღმოჩნდა, “უვიზო ქვეყანაში” გამგზავრება სრულებითაც არ ნიშნავს, რომ შენ იქ კარგად მიგიღებენ. ამის ილუზია ნურავის ექნება. ტურისტულმა კომპანიებმა თავიანთ სასიკეთოდ მოიწყვეს საქმე, რადგან ხელშეკრულებაში ჩადებული ერთ-ერთი პირობით პასუხისმგებლობა მოიხსნეს. ისინი არც მაშინ არიან ვალდებულნი, როცა მათ მიერ გაწეული მომსახურების შემდეგ ადამიანები მოგზაურობისთვის განკუთვნილ მთელ თანხას “პატიმრობისას” ხარჯავენ და ჯიბეცარიელი ბრუნდებიან უკან. ამ დანაკარგს მათ არავინ უნაზღაურებს.
38 წლის ლიანა კერესელიძე ამბობს, რომ თვენახევრის წინ ისრაელში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა, იპოვა კიდეც შუამავალი, მაგრამ საზღვრიდან უკან დააბრუნეს და გადახდილი თანხაც დაკარგა.
“100%-იანი გარანტია თუ არ აქვს ადამიანს, ისრაელში წასლაზე ფიქრიც არ ღირს. ასეთი გარანტია კი არ არსებობს. წინასწარ გავურიგდი ერთ-ერთ ნაცნობს, 2000 დოლარი გადავიხადე, მაგრამ საზღვრიდანვე მომაბრუნეს. მიზეზი ახლაც უცნობია, ცხადია, ვერც გადახდილი ფულის დაბრუნება შევძელი. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ამერიკაშიც კი და ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ისრაელში წასვლა ასე გამიჭირდებოდა. ვინც მუშაობს, არაადამიანურ შრომას ეწევა და თვეში 1000 დოლარსაც ვერ იღებს. აღარც მინდა ამ ქვეყნისკენ გახედვა”, – ამბობს დაზარალებული.
თბილისელი გიორგი ქასრაძე იხსენებს, თუ როგორ გაჭირდა გამგზავრება საშობაოდ. საზღვრიდან ჯგუფებად მიმავალ ხალხსაც კი აბრუნებდნენ უკან.
“თავიდანვე რისკია ისრაელის ტურში ფულის ჩადება. საშობაოდ ვიყავი წასული, გამიმართლა და გამიშვეს, თუმცა საკუთარი თვალით ვნახე ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც უმიზეზოდ აბრუნებდნენ. როგორც შემდეგ გავიგე, ბევრი არ ბრუნდება უკან და რჩება ისრაელში, ამიტომ წინასწარ იღებენ ზომებს. ამასობაში უამრავი მოქალაქე ზარალდება”, – ამბობს გიორგი ქასრაძე.
თბილისელი ჯული გელოვანის თქმით, მგზავრი, ფაქტობრივად, ისეთივე პროცედურებს გადის, რაც მაგალითისთვის, ამერიკის საელჩოში უნდა გაიაროს. განსხვავება მხოლოდ ფრაზაშია: “უვიზო რეჟიმი”.
“მოქალაქეები დიდ რისკს ეწევიან. ზოგს უმართლებს და მიდის, მაგრამ უმეტესობას ტურში გადახდილი მთელი ფული ეკარგება. იანვარში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ უკან მომაბრუნეს. მესაზღვრე პოლიციელს ხეირიანად პასპორტიც არ უნახავს. ამხედ-დამხედა, თქვა, რომ დავლოდებოდი. 5 წუთში მობრუნდა და მომახალა, რომ ვერ შევიდოდი ქვეყანაში. ჩემთან ერთად 7 ქართველი მოაბრუნეს. ამ დროს სასტუმროს ფოლიც დაჯავშნილი მაქონდა და ფული არავინ დამიბრუნა. დასვენების ნაცვლად, ვიზარალე. მგონი, ყველაზე მკაცრი კანონები ისრაელს აქვს შესვლასთან დაკავშირებით, უვიზო რეჟიმი მხოლოდ ქაღალდზეა”, – ამბობს დაზარალებული.
ესაა მცირე ნაწილი იმ დიდი პრობლემის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის გარეთ, უვიზო რეჟიმის პირობებში აწყდებიან. მოქალაქეების ფული იკარგება და არც პასუხისმგებლობის ვალდებულება არსებობს. ფაქტია, რომ ანალოგიური შემთხვევები გახშირდება, როცა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა ძალაში შევა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ისრაელში უვიზოდ შესვლის უფლება ნებისმიერი პირისთვის ქვეყანაში შესვლის უფლების გარანტიას არ ნიშნავს. უვიზოდ შესვლის უფლება არ ვრცელდება სასწავლებლად ან სამუშაოდ მიმავალ პირებზე. ამ კატეგორიის ადამიანებმა კვლავაც უნდა მიიღონ ვიზა დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
ისრაელის ტერიტორიაზე უცხოელების შეშვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მესაზღვრე ოფიცერი იღებს, რომელსაც უფლება აქვს, უარი უთხრას უცხოელს ქვეყანაში შესვლაზე გარკვეული მიზეზების საფუძველზე. მისი გადაწყვეტილება, უმეტეს შემთხვევაში, სუბიექტურია, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი მოქალაქეების უფლებები აბსოლუტურად დაუცველია.
——————————-
„ახალი თაობა“, 12 აპრილი, 2016 წელი
ბიძინა ივანიშვილს დავი უსუფაშვილის გადაბირება სურს?
საარჩევნო სიაში მოსახვედრად ბრძოლა დაიწყო
საქართველოს დედაქალაქი შესაძლოა უპატრონოდ დარჩეს. გავრცელებული ინფორმაციით, მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნები საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ზოგიერთ მათგანს „ქართული ოცნების“ ბოსები სიაში ჩასვამენ, ზოგს კი მაჟორიტარულ ოლქებში მოუწევს გამარჯვებისთვის ბრძოლა. მეოცნებეთა სიაში შესაძლოა დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაც ვიხილოთ. ამ უკანასკნელმა ეს ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ ფაქტიურად დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით უარყო.
„ახალი თაობა“ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით უკვე წერდა, რომ მან თანამდებობის დატოვებაზე თანხმობა განაცხადა, ოღონდ ამის სანაცვლოდ სიის ათეულში ჩასმა მოითხოვა. სიის ათეულში ძალიან ბევრი ითხოვს ჩასმას, ნარმანიას, ეტყობა, ადგილი ვერ უპოვეს და ის ისევ გაჯიუტდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მერის ვადამდელი არჩევნები საპარლამენტოს პარალელურად ჩატარდება. თბილისელებს საკრებულოს წევრების არჩევაც მოუწევს. „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების ცნობით, ხელისუფლებას მერობისთვის რამდენიმე კანდიდატი ჰყავს შერჩეული. ამ პოსტზე ვიცე-პრემიერ კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილება, რომელსაც სასტიკად არ სურს ენერგეტიკის მინისტრის პოსტის დატოვება. მერის გარდა, საარჩევნო სიაში შესაძლოა თბილისს ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძეც ვიხილოთ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მათ სიაში „20/30“-ის ექსპერტებსაც ვიხილავთ. პარლამენტში შესვლის შანსები მიხეილ დონდუას და ლევან კალანდაძეს გაუჩნდათ.
ეკონომიკური ექსპერტები ამ ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ მათთან ამ თემაზე არავის უსაუბრია.
„მე არ მაქვს ინფორმაცია, „ქართული ოცნება“ განიხილავს თუ არა ჩემს კანდიდატურას, შესაძლებელია განიხილავს კიდეც. ამ თემაზე ჯერ ჩემთან არავის უსაუბრია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ლევან კალანდაძემ. იგივეს ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მთავარი მაკრიტიკებელი მიხეილ დონდუაც: „ამ თემაზე ჩემთან არავის უსაუბრია“.
საარჩევნო სიაში მოხვედრის შანსები ჰქონდა ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას. ამის შესახებ შარშან ზაფხულში მიდიოდა საუბარი, თუმცა მაშინ „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერმა ყველაფერი გააკეთა, რომ ივანიშვილს მასზე წარმოდგენა შესცვლოდა და ის სიაში არ მოხვედრილიყო. მისია სანახევროდ იქნა შესრულებული. გამზარდია 20/30-დან გაუშვეს, თუმცა ივანიშვილმა ის, შესაძლოა, მაინც ჩასვას სიაში.
„20/30“-დან სიაში მოხვედრას ვასილ მაღლაფერიძესაც უწინასწარმეტყველებენ. ეს ინფორმაცია რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. წყაროები და ნაკადულები ამტკიცებდნენ, რომ ის სიის ათეულში იქნებოდა. მაშინ მაღლაფერიძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებდა.
საარჩევნო სიაში ჩასმას უკვე შეგუებული არიან მინისტრები. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ცნობა, რომ სიაში დავით სერგეენკოს, თამარ სანიკიძეს და ნოდარ ჯავახიშვილს ვიხილავთ.
მინისტრებიდან სიაში მოხვედრას ყველაზე გაგებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეკიდება. ჯერ ისევ მინისტრის პოსტზე მყოფი ამბობს, რომ წინასაარჩევნო ეტაპი წინ არის და გამორიცხული არაფერია.
დავით სერგეენკოს თქმით, ის საარჩევნო კონსულტაციებში არ მონაწილეობს და საარჩევნო სიებთან დაკავშირებით არაფერი იცის. „წინასაარჩევნო ეტაპი წინ არის და გამორიცხული არაფერია. ასე მოხდა, რომ 2012 წლის ოქტომბერში მე ავიღე ვალდებულება ჩემი ქვეყნის წინაშე, რომ ვყოფილიყავი სახელმწიფოს სამსახურში. ვცდილობ, შევასრულო ის ამოცანა, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.
განსხვავებულად უყურებს საარჩევნო სიას ნოდარ ჯავახიშვილი. პარლამენტში მოხვედრა მისი ოცნება არ არის. „მე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ვარ, დამისვით ნებისმიერი კითხვა ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. რატომ გგონიათ, რომ ჩვენ ახლა არჩევნებზე ვმუშაობთ?! თქვენ გგონიათ, ეს ჩემი ოცნება ან მიზანია?! შეიძლება ჰკითხოთ ახალგაზრდა ადამიანს, მოხვდება თუ არა უნივერსიტეტში იმიტომ, რომ ეს მისი ოცნებაა და რატომ გგონიათ, რომ მე საარჩევნო სიაზე ვოცნებობ?! თქვენ მეკითხებით მომხსნიან თუ არა თანამდებობიდან?! არა, ბატონო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ნოდარ ჯავახიშვილმა.
საარჩევნო სიაში რამდენიმე სპორტსმენსაც ვიხილავთ. ბოლო წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ყველა მოწვევის პარლამენტში ერთი ოლიმპიური ჩემპიონი მაინც უნდა იყოს. მეოცნებეები ალბათ წლევანდელ ოლიმპიადას დაელოდებიან და იქედან შეარჩევენ რომელიმე ახალგაზრდა ათლეტს.
უკვე დადასტურებულია, რომ ჩუღურეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს რიმა ბერიძე, რომლის განცხადებები არაერთხელ გამხდარა ხმაურიანი სკანდალების მიზეზი. ყველაზე გამორჩეული მათგან 1.18 ლართან გაკეთებული განცხადება იყო. საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, რომ უფასო სასადილოებში ერთი ადამიანის გამოსაკვებად დღეში 1.18 ლარია საჭირო. მოგვიანებით დეპუტატმა განმარტა, რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
მაჟორიტარებად იქნებიან გამწესებული ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნიაც. ისინი პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატებში იმყოფებოდნენ.
მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაწყებულია რეგიონებშიც. ტყიბულის მაჟორიტარობისთვის განათლების მინისტრის მრჩეველი ოთო აბესაძე იბრძოლებს. მას რომ ამისთვის ამზადებდნენ, ამის შესახებ ერს გასულ წელს ტყიბულის მოქმედმა მაჟორიტარმა ელისო ჩაფიძემ აცნობა.
დუშეთს, თიანეთს და ყაზბეგს წელს ერთი მაჟორიტარის არჩევა მოუწევს. ამ ფრონტზე, სავარაუდოდ, ირაკლი ტრიპოლსკის გაუშვებენ. არც ისაა გამორიცხული, რომ სამი რაიონის მოსახლეობის გულის მოსაგებად თამაზ მეჭიაურის კანდიდატურაც იქნას წამოყენებული. მასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო ინფორმაციაც ვრცელდება. მავანი ამტკიცებს, რომ ის შავ სიაშია შეტანილი და პარლამენტში ვეღარ მოხვდება, თუმცა ამ ინფორმაციის „ქართულ ოცნებაში“ ნაკლებად სჯერათ, რადგან მეჭიაური ივანიშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება.
ამ თვეების განმავლობაში მეჭიაური თავისი კურსელის მოსაზრებებს ახმიანებდა. პირველმა მან თქვა, რომ კოალიციაში შემავალმა ყველა პარტიამ ცალკე უნდა იყაროს კენჭი. საქმეში ჩახედულმა ხალხმა მაშინვე თქვა, რომ ეს ივანიშვილის პოზიცია იყო. იგივე ხალხი ახლა იმას ამბობს, რომ მეჭიაური ისევ იქნება სიაში. ისევე, როგორც ივანიშვილის კიდევ ერთი მეგობარი თემურ ჭკუასელი. სიაში კარგ ადგილზე მოხვედრის შანსები ექნებათ გია ვოლსკის და ზვიად კვაჭანტირაძესაც.
მართალია, ოფიციალურად არ აღიარებენ, მაგრამ კულუარულ საუბრებში ადასტურებენ, რომ მეოცნებეებმა ივანიშვილისგან გარანტიები მიმდინარე წლის 14 იანვარს გამართულ ქეიფზე მიიღეს. ბიძინა ივანიშვილი თავისი გუნდის წევრებს მაშინ დაჰპირდა, რომ ისე არავის დატოვებს. ზოგიერთი მათგანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს. ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატ მირიან წიკლაურს ჯანდაცვის სამინისტროში დაასაქმებენ. იუსტიციის სამინისტროში შეიძლება ვიხილოთ ზაქარია ქუცნაშვილი.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიდის დავით უსუფაშვილთანაც. ივანიშვილს ძალიან უნდა თურმე მისი გადაბირება. ყოფილმა პრემიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის იდეალური კანდიდატურაა. ამ მოსაზრებას სხვა დეპუტატებიც ეთანხმებიან.
დავით უსუფაშვილი, სავარაუდოდ, არ უარყოფს თავის პარტიას. შესაბამისად, მეოცნებეებს სასპიკეროდ სხვა კანდიდატურის მოძებნა მოუწევთ. პრესაში არაერთხელ გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი თავის ყოფილ მრჩეველ თამარ ჩუგოშვილს განიხილავს. თამარ ჩუგოშვილს სიის ათეულში მოხვედრა გარანტირებული აქვს.
მართალია, „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ სიაში მარტო სუფთა სისხლის მეოცნებეები არ იქნებიან. პოლიტიკურ არენაზე ხმა დადის, რომ “ოცნების“ სიაში ზურაბ ტყემალაძის ვაჟი – გიორგიც მოხვდება. რომელიც ახლა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.
———-
„ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა იქნება. ორივე პარტიის წარმომადგენლები ასე თვლიან, თორემ ოქტომბერში შესაძლოა სულ სხვა სურათი მივიღოთ.
არჩევნებისთვის „ნაციონალებიც“ საგულდაგულოდ ემზადებიან და ხალხის შერჩევაზეც სერიოზულად მუშაობენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიშა მაჭავარიანმა რამდენიმე თვის წინ „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადა, რომ მათ სიაში სულ ახალი სახეები იქნებიან. დეპუტატმა მაშინ კონკრეტული პიროვნებების დასახელება არ ისურვა, თუმცა არ გამორიცხა, რომ მათ სიაში გიორგი ქადაგიძეს და ნიკა მელიას ვიხილავდით.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, „ნაციონალებმა“ შესაძლოა სიაში ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში შეიყვანონ. მის გარდა, სააკაშვილის პარტიაში, სავარაუდოდ, ზაზა ბიბილაშვილს, ელენე ხოშტარიას, ეკა ტყეშელაშვილს და ოთო კახიძესაც ვიხილავთ.
„ახალი თაობა“, 12 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ვიზალიბერალიზაცია რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო წამალია“
საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, საქართველო კი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, პირველ ნაბიჯებს დგამდა. 1992 წელს ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო 1995 წელს ევროკომისიამ თბილისში წარმომადგენლობა გახსნა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა 2014 წლის ივნისში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით, საქართველო ევროკავშირს მიუახლოვდა.
პოლიტიკური ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდა და შემუშავდა თანამშრომლობის დღის წესრიგი, რომლის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის პოზიცია ამ საკითხის მიმართ. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 77% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში მხოლოდ 61% იყო ამის მომხრე. ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი ხვდება ევროპასთან დაახლოების მნიშვნელობას და აუცილებლობას, თუმცა რაღაც ნაწილი ისევ ევროპის წინააღმდეგია.
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე „ახალ თაობასთან“ საუბარში ევროკავშირში შესვლის მსურველთა მნიშვნელოვან ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. „ესენია ევროკავშირში ექსპორტის მატება, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და პრორუსული ძალების სისუსტე და გაუნათლებლობა“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.
- მოსახლეობის რაღაც ნაწილი ისევ წინააღმდეგია ევროკავშირში გაერთიანების. რა მიზეზები აქვთ მათ, რომ რუსეთს მიემხრონ და ევროპაზე უარი თქვან?
- ისევ ბნელი პროპაგანდის გავლენა, მაგრამ მათი რიცხვი მოიკლებს, მით უმეტეს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ.
- ანუ ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზისკენ სვლას?
- კი, ყველაზე უკეთესი წამალი იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.
- რამდენად სანდოა „ენდიაი“-ს კვლევები და რამდენად რეალურად ასახავენ ისინი მოსახლეობის უმრავლესობის აზრს?
- მე ვენდობი. „ქართული ოცნება“, ალბათ, არ ენდობა არც „ენდიაი“-ს, არც „აირაი“-ს. ჰკითხეთ, ვის ენდობიან, იმედია, არა – „ედინაია როსიას“.
- რამდენად რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება და რა არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები?
- განათლების დაბალი დონეა ალბათ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი. სწორედ ამას მოაქვს სიღარიბე და ცხოვრების დაბალი დონე, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან ვერ მოდის. განათლების დეფიციტითა და სიღარიბით ვხსნი დემოკრატიის დაბალ დონესაც. ამის გამო ღარიბი ხალხის მოტყუება და მოსყიდვა გაცილებით იოლია, რის შემდეგაც ხელისუფლების სათავეში მოდიან არცთუ პროგრესული ძალები, რომლებიც ხელისუფლებას არ თმობენ და დემოკრატიულ პროცესს ამუხრუჭებენ. ამის მაგალითს სწორედ დღეს ვხედავთ, რადგან ხელისუფლება არაფრით თმობს არადემოკრატიულ საარჩევნო კოდექსს.
„ახალი თაობა“, 12 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მოსახლეობა დასავლეთზე ორიენტაციას უჭერს მხარს“
ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ენდიაის მიერ თებერვალ-მარტში ჩატარებული კვლევის შედეგებზე საუბრობს.
- „ენდიაი“-ს კვლევებით გამოჩნდა, რომ ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მომხრეების კლებაა და გაზრდილია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა მაჩვენებელი. გამოკითხულთა 77% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. რით ხსნით ამ მოცემულობას?
- ის 20%, რომელიც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა, გადაჭარბებული მაჩვენებელია. დიდი ეჭვი მეპარება, რომ ბევრმა საერთოდ იცოდეს, რა არის ევრაზიული კავშირი და ისე ბრმად გასცა დადებითი პასუხი, რადგან ევრაზიული კავშირის თემა რუსეთშიც დაივიწყეს. კვლევებით მიღებული შედეგები აიხსნება სახელმწიფო პოლიტიკის პროდუქტიულობით, რაც გამოვლინდა ვიზალიბერალიზაციაში და ეს ამ კვლევებში ხაზგასმულია. იქ, სადაც დასავლეთთან ურთიერთობა შედეგიანია, პროპაგანდისტული მანქანა აღარ არის საჭირო, მოსახლეობა დასავლეთზე ორიენტაციას უჭერს მხარს. ეს დასავლეთისთვის შეიძლება დადებითი სიგნალიც იყოს.
- ევროკავშირში გაწევრიანების მსურველების პროცენტული მაჩვენებლის გაზრდა ვიზალიბერალიზაციასთან არის ბმაში?
- დიახ და ეს არც არის გასაკვირი. დასავლეთმა საქართველოს რაღაც ნაბიჯები დაუფასა და ადეკვატური რეაგირებაც მოახდინა. ეს საქართველოს მოქალაქეებზე დადებითად აისახა.
- ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა კლება რამდენად შეიძლება კავშირში იყოს რუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალების მხარდამჭერთა კლებასთან?
- ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება რუსული გავლენის შეფასება საქართველოში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ადამიანებმა, ვინც ამ კითხვებს პასუხები გასცა, გამოიარეს 90-იანი წლები, 2008 წლის აგვისტო. ეს ყველაფერი უკვალოდ არ ქრება. ომი ყოველთვის ტოვებს თავის კვალს. ამიტომ ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ვიღაც შეიძლება რუსული პროპაგანდის, რუსული გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თავად დასავლეთი, ევროკავშირი და ნატო _ რამდენად იქნებიან ისინი ადეკვატურები და დაუტოვებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ნიჰილისტურ განწყობებს, რომ დასავლეთთან რეალური დაახლოება არის აუხდენელი ოცნება.
- თქვენ ამბობთ, რომ არა რუსული გავლენისა და ორბიტის ქვეშ დაბრუნებაზე, არამედ ყოფით დონეზე ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა საუბარი?
- სწორედ ასეა. ადამიანები დაიღალნენ მუდმივი კონფრონტაციით, მუდმივად ომის მოლოდინში. ადამიანი ფიქრობს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე და არა _ მის გავლენაში ყოფნაზე. დღევანდელი ხელისუფლებაც, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ პოლიტიკას ატარებს. კითხვაზე, არის თუ არა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება საჭირო, პასუხი არის დიახ. ხოლო კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი საფრთხის შემცველი, პასუხი არის ასევე დიახ.
- ამ კვლევაში ტერიტორიული მთლიანობის საკითხი უკანა პლანზეა გადაწეული და მთავარ პრობლემად მიჩნეულია უმუშევრობა, სოციალური მდგომარეობა, ინფლაცია და ა.შ. პოლიტიკოსების ნაწილმა ეს საშიშ სიგნალად აღიქვა. თქვენც ასე ფიქრობთ?
- სულაც არა, რადგან ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ იყოს ჯერ დაპურებული და შემდეგ იფიქროს იმაზე, თუ როგორ აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მე არ ვთვლი, რომ ეს საგანგაშოა, ეს არის სრულიად ბუნებრივი. ჯერ სწორედ ეკონომიკური პრობლემები უნდა გადაიჭრას, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს, რომ ჩვენ გადავჭრათ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა.
- გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ენდიაი“-ს კვლევებს უნდობლობის შლეიფი ახლავს. მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს თუ არა სოციოლოგიური კვლევის შედეგები თავის საქმიანობაში თუ უგულებელყოს და თქვას, რომ არ ენდობა?
- მე ვარ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ უნდობლობის შლეიფს ვაღვივებდი, რადგან კონკრეტული კვლევის ბევრი დეტალი ხშირად ეჭვის საფუძველს იძლევა. თუმცა, სოციოლოგიური კვლევები, როგორც ასეთი, პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელია. სამწუხარო ის არის, რომ დღემდე ვერ მოვახერხეთ გამართული, სანდო, ჩვენი შიდა სოციოლოგიური კვლევების კომპანიის შექმნა. მეტი პროფესიონალიზმია საჭირო.
„ახალი თაობა“, 12 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „დღევანდელი ხელისუფლება ზნეობისგან დაცლილი აღმოჩნდა”
რა შეცდომები დაუშვა :ქართულმა ოცნებამ: თავის დროზე? რატომ დაიწყო ახალი დაპატიმრებების სერია? ითანამშრომლებს თუ არა ლელუაშვილი გამოძიებასთან? რატომ ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ხელი ვაჟა ლელუაშვილს შეახოცონ?
უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „ახალ თაობასთან“ საუბარში ამბობს, რომ დღეს არა მარტო ვაჟა ლელუაშვილის დაკავებაა დაგვიანებული, საერთოდ დაგვიანებულია ყველა ის პროცესი, რომელიც სამართლიანობის აღდგენასთან არის დაკავშირებული.
- რატომ არის დაგვიანებული?
- ისინი ამ დაპირებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ეს მთავარი დაპირება არ შეასრულეს. დღეს მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ არჩევნების წინ თუ არ დაიწყეს ამ დანაპირების შესრულების ილუზიის შექმნა მაინც, ძალიან გაუჭირდებათ გამარჯვება და უმრავლესობაში მოსვლა.
- დღეს სააკაშვილი აცხადებს, რომ მან არაფერი იცოდა და ლელუაშვილი საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა. ამაზე რას იტყვით?
- იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ეს პროცესები არ შეაფასა, მათ არ მისცა შეფასება, რომ ეს იყო სისტემური დანაშაულებები, სააკაშვილი იქიდან აკეთებს ასეთ განცხადებას. ამას რომ ჰქონოდა შესაბამისი კვალიფიკაცია, ბუნებრივია, ის ამას ვეღარ გაბედავდა. სააკაშვილი ამ განცხადებით ცდილობს ეს გამოიყვანოს არა როგორც სისტემური დანაშაული, არამედ კონკრეტული ჩინოვნიკის თავნებობა და კანონიდან გადახვევა.
- რამდენად დაუშვებთ, რომ სააკაშვილს არაფერი სცოდნოდა?
- ეს ხომ წარმოუდგენელია?! ეს მისი პოლიტიკა იყო და მისი პოლიტიკის აღმსრულებლები იყვნენ ყველანი, ვინც დაპატიმრებულები არიან და ვინც არ არიან დაპატიმრებულები. ვინაიდან ხელისუფლებამ სათანადოთ არ შეაფასა, დღეს სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები ბედავენ იმაზე ლაპარაკს, რომ ეს ყოფილა თურმე ლელუაშვილის დანაშაული და არა – მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. საზოგადოებას როგორი მიუღებლობა ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობი“ს მიმართ და ესენი რას აკეთებენ?!
- რას აკეთებენ?
- ხალხი ამ ყველაფერს რომ უყურებს, სერიოზული იმედგაცრუებაა. ხალხი საარჩევნო ყუთებთან აჯანყდა ნაციონალების წინააღმდეგ, რევოლუცია მოაწყო და ეს ყველაფერი არც გაიგო დღევანდელმა ხელისუფლებამ. ისინი ურთიერთობებში არიან ერთმანეთთან, გადაინაწილეს ბიზნესები, სათავისოდ გამოიყენეს ისეთი დამნაშავეები, თუნდაც როგორიც ლელუაშვილი იყო. ზნეობისგან დაცლილი აღმოჩნდა დღევანდელი ხელისუფლება.
- წინა ხელისუფლების შედარებით ქვედა რგოლების ჩინოსნების დაპატიმრება „ოცნებას“ ვეღარ უშველის?
- ნამდვილად ვერ უშველის! ამ ოთხი წლის მანძილზე მათ ისეთი შეცდომები აქვთ დაშვებული ნაციონალების არგასამართლების და მათი პოლიტიკიდან არჩამოშორების მიმართულებით, რომ დღეს სამართლიან არჩევნებზე ხათუნა გოგორიშვილი საუბრობს, დემოკრატიაზე – გივი თარგამაძე, ლელუაშვილი კი ლამის ადამიანის უფლებებზე გველაპარაკება! ეს შექმნა დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი დანაშაულებრივი მიდგომით ამ ძალის მიმართ და ახლა ამ ფონზე რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ის გახდეს დამაჯერებელი და მისაღები დღევანდელი ამომრჩევლისთვის!
- არის უკეთესი არჩევანი?
- საქმეც ეგაა, დღევანდელ ფონზე მიუღებელია ეს ხელისუფლება საზოგადოებისთვის, მაგრამ კიდევ უფრო მიუღებელია ოპოზიცია! აი, ასეთი არჩევანის წინაშე დგას დღეს ქართველი საზოგადოება.
- ალაპარაკდება ვაჟა ლელუაშვილი, ან თუნდაც „მასტერა“?
- რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამას ხომ ლელუაშვილიც, „მასტერაც“ და დანარჩენებიც ხედავენ – ამათ უხერხემლობას და ამათ გარიგებულობას ნაციონალებთან. ისინი უფრო გრძნობენ. მათი მოტივაცია ძალიან დაბალია, რომ ალაპარაკდნენ და გამოძიება წავიდეს სწორი მიმართულებით.
- ძალიან ბევრი ჰყავდათ ჩართული ამ საქმეებში, სასტუმროებში ნომრები ჰქონდათ აღებული, სადაც ხორციელდებოდა ფარული გადაღებები. მეპატრონეებთან შეთანხმების გარეშე შეძლებდნენ ამის გაკეთებას?
- დღეს გაიგო ამ ხელისუფლებამ, სასტუმროები რომ იყვნენ ჩართული ამ სიბინძურეში?! იმ ფირებს რომ ანადგურებდნენ, იქ რომ სასტუმროები იყო და მათი იდენტიფიცირება იყო შესაძლებელი, ეს არ იცოდნენ?! ესენი კი კანონზე უფრო მაღლა დადგნენ და გაანადგურეს ამდენი მასალა. სააკაშვილი მეტს კი არაფერს აკეთებდა, კანონზე მაღლა აყენებდა თავის თავს. სწორედ ეს სასტუმროები იყო იმ ფირებზე აღბეჭდილი და გამოძიებაც იქიდან უნდა დაწყებულიყო! ეს რომ გაეკეთებინათ, სულ მინიმუმ, ეს კადრები არ დაიდებოდა ინტერნეტ სივრცეში! ღიად უნდა თქმულიყო, რომ ამაში ჩართული არიან სასტუმროები და იქ ხდებოდა გადაღება! შემდეგ მოხდებოდა ამ მეპატრონეების დაკავება, მათგან ჩვენებების აღება, ვინ დაუკვეთა და ასე შემდეგ.
- დადგება სასტუმროების მეპატრონეების პასუხისმგებლობის საკითხი? მათაც მიადგებიან?
- ლოგიკურად უნდა მიადგნენ. დღეს ხელისუფლებას სხვა გზა აღარ აქვს. დღეს ამ კადრებით ხელისუფლების დაშანტაჟება უფრო ხდება, ვიდრე ამ კადრებში ასახული ადამიანების. სწორედ ხელისუფლებაა დაშანტაჟებული. თუმცა გამოძიების ბერკეტები აქვთ ხელიდან გაშვებული. დღეს ასჯერ მეტი უნდა დაუჯდეს სახელმწიფოს ამ ყველაფრის გამოძიება, ვიდრე მანამდე დაუჯდებოდა. დღეს საერთოდ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩემთვის გაუგებარია! ნუთუ აღარავინ არსებობს, ვინც სწორ ანალიზს გააკეთებს?! ასეთი დანაშაულების ერთადერთი პრევენცია ხომ გამოძიებაა! ამათ კი რა გამოიძიეს, რა გააკეთეს? პირიქით, ყველა სამხილი გაანადგურეს! ეს უმძიმესი დანაშაულია!