globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 12 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 12th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ყველა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილება // რა სიახლეები იქნება შეტანილი საქართველოს კონსტიტუციაში

რეზონანსი: ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: „არსებულ პროექტში 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არსად არ წერია“

რეზონანსი: კონსტიტუციიდან, სავარაუდოდ, ქუთაისის საპარლამენტო სტატუსს ამოიღებენ

რეზონანსი: საჭიროა თუ არა პარლამენტის თბილისში დაბრუნება? (თვალსაზრისები)

რეზონანსი: ტაში, ხმაური და მძვინვარება – დავით ნარმანიას გამოსვლა საკრებულოში

„ახალი თაობა“: ეკა ბესელია: „იუსტიციის მინისტრობას არ ვაპირებ“ // რა ცვლილებები იგეგმება მთავრობაში

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „საქართველოში საპარლამენტო მოდელი არ გაამართლებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ოცნება“ ბოკერია-უგულავას გუნდის გარდა არავის ცნობს“ // „ოპოზიციამ საკონსტიტუციო კომისია უნდა დატოვოს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: რა კომპრომატები აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე ვლადიმირ პუტინს // „როგორც კი სამაჩაბლოსთვის სახელის შეცვლაზე დაიწყო საუბარი, ჩვენ ჩეჩნეთის, ჩერქეზეთის და თათრეთის დამოუკიდებლობა უნდა გვეღიარებინა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთსა და ამერიკას შორის უშუალო დაპირისპირებაა მოსალოდნელი”

——-

რეზონანსი: საწვავის გაიაფებაზე ფიქრი წარსულს ჩაბარდა // ლარის გამყარება ერთადერთი ფაქტორია, რაც გაძვირებას აფერხებს

რეზონანსი: ცემენტის, ბეტონისა და სხვა სამშენებლო მასალების შემოწმება იწყება // „მონოპოლისტები არ უნდა ამოწმებდნენ სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ცემენტის ვარგისიანობას“

——————–

რეზონანსი“, 12 აპრილი, 2017 წელი

ყველა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილება

რა სიახლეები იქნება შეტანილი საქართველოს კონსტიტუციაში

გვანცა ღვედაშვილი

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ნაწილს, რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” კომისიის წევრებს გააცნო, არ ეთანხმებიან როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.

“რეზონანსი” კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების იმ ნაწილს წარმოგიდგენთ, რომლებიც უკვე ცნობილია.

იცვლება:

- პრეზიდენტის არჩევის წესი და მას არა ხალხი, არამედ წარმომადგენლობითი სახით 300 დელეგატი აირჩევს.

- პრეზიდენტის არჩევაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით შერჩეული პირები.

- პრეზიდენტის ასაკობრივი ცენზი იზრდება 35 წლიდან 40 წლამდე, ქვეყანაში ცხოვრების ვალდებულება კი – 5-დან 15 წლამდე.

- პრეზიდენტს აღარ ექნება კავშირი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებთან, გაუქმდება პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო.

- პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ეროვნული თავდაცვის საბჭო მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიკრიბება.

- პრეზიდენტი აღარ იქნება ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში.

- პრეზიდენტს აღარ ექნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების კანდიდატების წარდგენის უფლება. მათ, პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს.

- ასაკობრივი ცენზი 40 წლამდე იზრდება საკონსტიტუციოს მოსამართლეებისთვისაც.

- 21-დან 25 წლამდე იზრდება პარლამენტის წევრის მინიმალური ასაკი. ამასთან სავალდებულოა, რომ ასარჩევ პირს საქართველოში მინიმუმ 10 წელი ჰქონდეს ნაცხოვრები.

- მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზი იზრდება 30 წლამდე.

- მხოლოდ ერთი ვადით აირჩევა სახალხო დამცველი. უფლებამოსილების ვადა უცვლელი რჩება და ხუთწლიანი იქნება.

- არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სიით და გადაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიეკუთნება.

- იკრძალება საარჩევნო ბლოკების შექმნა.

- აღარ შეიცვლება პარლამენტის ადგილმდებარეობა და საკანონმდებლო ორგანოს ადგილად კვლავ ქალაქი ქუთაისი დარჩება.

- განისაზღვრება ქორწინების ცნება, როგორც “ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”.

- გადასახადების დაწესებისთვის ან მათი გაზრდისთვის საჭირო გახდება რეფერენდუმის ჩატარება.

- კონსტიტუციაში აღარ ჩაიწერება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის შესახებ. ის მხოლოდ ორგანული კანონით დარეგულირდება და შეიქმნება ახალი კანონი მიწის შესახებ.

„ჩემთვის სადავოა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევის შესახებ შემოთავაზებული წესი. ასევე ვერ ვხვდები, რატომ უნდა განისაზღვროს პრეზიდენტის ასაკობრივ ცენზად მაინცდამაინც 40 წელი. 35 წელი საკრალური ციფრია და თითქმის ყველგან ან აღნიშნული ციფრია დასახელებული, ან საერთოდ არ არის დადგენილი. 35 წლისთვის პრეზიდენტი ან პრეზიდენტობის კანდიდატი ფსიქო-ფიზიოლოგიურად უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა. გააჩნია ცხოვრებისეული გამოცდილება, ამასთან, საკმაოდ დიდი დროა პროფესიული საქმიანობისთვისაც. სადავოა ასევე, საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება და გაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება.

ამასთან, სასურველი იქნებოდა, ყოფილიყო ორპალატიანი პარლამენტი და ტერიტორიული მოწყობის რაღაც ნაწილი ყოფილიყო ასახული. დღეს ეს საკითხები კონსტიტუციაში საერთოდ არ არის ასახული. დანარჩენი საკითხებიდან ზოგი სადავოა, ზოგი ჯერ კიდევ განსახილველია,” – განაცხადა “რეზონანსთან” საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

რეზონანსი“, 12 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: „არსებულ პროექტში 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არსად არ წერია

ეკატერინე ბასილაია

“თუ დარჩა ის საარჩევნო სისტემა, რომელიც შემოთავაზებულია, 5%-იანი ბარიერით, გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასულისთვის მიცემითა და ბლოკების აკრძალვით, “ქართულ ოცნებას” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისევ ექნება შესაძლებლობა, კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს,” – აცხადებს საკონსტიტუციო კომისიის წევრი ავთანდილ დემეტრაშვილი. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის დაპირების მიუხედავად, 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე უკვე არსებულ პროექტში საუბარი არსად არაა და მხოლოდ ის წერია, რომ პრეზიდენტი აირჩევა კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით.

- პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა. პირადად თქვენთან თუ ყოფილა კონსულტაცია ამ საკითხზე ან თუ გსმენიათ, რომ მსგავსი რამ ხდებოდა?

- ირაკლი კობახიძეს უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა, რა ინფორმაციას ეყრდნობა, რა წყაროა ასეთი სანდო, რომ ასე თამამად აცხადებს პრეზიდენტისგან დაწყებულ კონსულტაციებზე. ერთადერთი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთან დაახლოებულ არასამთავრობოებთან მსგავსი კონსულტაციები საერთოდ არ ყოფილა. ვკითხე ხალხს, იმავე ვახუშტი მენაბდეს და ეკა გიგაურს და კონსულტაციები არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, შესაძლოა, კომისია დატოვონო.

- ოპოზიციის მოთხოვნაა, გადაუნაწილებელი მანდატები ბარიერგადალახულ პარტიებზე გადანაწილდეს თანაბრად, დაიწიოს 5%-იანი ბარიერი და არ აიკრძალოს ბლოკები. თქვენ ემხრობით ამ მოთხოვნებს და თუ ოპოზიცია დატოვებს კომისიას, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ?

- მე ვემხრობი ოპოზიციის ამ წინადადებებს, თუმცა კომისიას არ დავტოვებ. მთლიანად პროექტს მხარს არ დავუჭერ და არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის გამო, არამედ იმის გამოც, რომ ჩემი წინადადება ორპალატიანი პარლამენტსა და ტერიტორიულ მოწყობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განსაკუთრებული სტატუსის თაობაზე კომისიამ არ გაიზიარა. გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასულისთვის მიკუთვნება არ არის სამართლიანი. ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურა. ყველაზე სამართლიანი იქნება, რომ გადაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდეს თანაბრად, თუ გვინდა, რომ პოლიტიკური პლურალიზმი იყოს დაცული და მრავალპარტიული პარლამენტი გვყავდეს. თუ უნდათ ასეთი, მაგრამ მე ვხედავ, რომ მმართველ პარტიას ასეთი რამ არ უნდა.

- რა უნდა მმართველ პარტიას?

- მას უნდა, ისევ დომინანტური როლი ჰქონდეს პარლამენტში, ერთპარტიული მმართველობა იყოს.

- გამოდის, ქართული პოლიტიკა ვერ გასცდა მმართველი ძალის მიერ კონსტიტუციის სათავისოდ მორგებას?

- ყველა ხელისუფლება ცდილობს თავისი გავლენის გაძლიერებასა და ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას. მთავარია, სამოქალაქო საზოგადოება რამდენად შეეწინააღმდეგება ხელისუფლების არამართლზომიერ მონოპოლიზაციას. სამოქალაქო საზოგადოებაზეა დამოკიდებული და მათში პოლიტიკურ პარტიებსაც ვგულისხმობ.

- დღეს, როდესაც ოცნებას» საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რისი შეცვლა შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას?

- არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, რასაც ცდილობს პრეზიდენტი, უნდა მოხდეს აპელირება. თუ საკონსტიტუციო კომისიას არასამთავრობოები დატოვებენ, ეს იქნება ძლიერი პროტესტი, რასაც მმართველმა პარტიამ ანგარიში უნდა გაუწიოს. თქვენ ერთი რამ არ ახსენეთ. თავიდან მმართველი პარტია ამბობდა, რომ პრეზიდენტის არჩევნები 2018 წელს უნდა იყოს პირდაპირი და მხოლოდ მომდევნო, 2023 წელს უნდა მოხდეს საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი არჩევა. საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც ჩვენ უკვე დაგვირიგდა, გარდამავალ დებულებებს არ ითვალისწინებს, საერთოდ არ არის და 70-ე მუხლში არაპირდაპირი არჩევნებია უკვე დაფიქსირებული.

- ოპოზიცია ამბობს, რომ 2016 წელს არჩევნებიოცნებისშემუშავებული საარჩევნო ცვლილებით რომ ჩატარებულიყო, “ოცნებამიიღებდა 30%-ის მანდატებს, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მხოლოდ 3%-იანი ხმები რჩება გადასანაწილებელი. რომელი მხარე ტყუის?

- ჩვენ თუ გავითვალისწინებთ იმას, რა სახის პოლიტიკური სისტემა გვაქვს, როდესაც პარტიები ჩამოუყალიბებელია, 5%-იანი ბარიერის გადალახვა ძალიან ბევრს გაუჭირდება. თან საარჩევნო ბლოკების აკრძალვაც არის განზრახული, ამიტომ ბლოკების გარეშე “ოცნების” გარდა რომელი პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს.

-ოცნებისწევრმა გიორგი კახიანმა თქვა, ევროპაში, სადაც საპარლამენტო მოდელია, ბლოკები არსად არ არსებობს და ჩვენ ამ გზით მივდივართო. ასეა?

- ასე არ არის. გერმანიაში ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი ყოველთვის ქრისტიანულ-სოციალურ კავშირთან ერთად გადის არჩევნებზე. „თავისუფალი დემოკრატებიც“ შეიძლება, გაერთიანდნენ მათთან. გერმანიაზე მეტი საპარლამენტო რესპუბლიკა რა გინდათ? მეორეც, განვითარებული პოლიტიკური სისტემა არ არის ჩვენთან, განვითარებადი ქვეყანა ვართ და ამ ეტაპზე როგორ შეიძლება ბლოკების აკრძალვა?!

- გამოდის, რომ ოცნება საკონსტიტუციო საკითხებზე ბევრ ტყუილს ამბობს?

- პირდაპირ როგორ გითხრათ, რომ ტყუის?! შეიძლება ან არ იციან, ან იციან და შეგნებულად არ ამბობენ. ასეთი ბრალდებები არ შემიძლია წავუყენო, მით უმეტეს, რომ კობახიძემ დისერტაცია ჩემი ხელმძღვანელობით დაიცვა.

- ირაკლი კობახიძემ თქვა ისიც, რომ კონსტიტუციის ახალი მოდელი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას პრაქტიკულად გამორიცხავს. ეს სიმართლეა?

- წინასწარ პროგნოზირება ძალიან ძნელია, მაგრამ თუ დარჩა ის საარჩევნო სისტემა, რომელიც შემოთავაზებულია, 5%-იანი ბარიერით, გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასულისთვის მიცემითა და ბლოკების აკრძალვით, “ქართულ ოცნებას” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისევ ექნება შესაძლებლობა, კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს. ეს გამორიცხული სულაც არ არის. მით უმეტეს, შემოთავაზებული პროექტით საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4-ის (113 მანდატი) ნაცვლად უნდა გახდეს 2/3 (100 მანდატი).

რეზონანსი“, 12 აპრილი, 2017 წელი

კონსტიტუციიდან, სავარაუდოდ, ქუთაისის საპარლამენტო სტატუსს ამოიღებენ

თიკო ოსმანოვა

ახალი კონსტიტუციის პროექტით, პარლამენტის ადგილსამყოფელი ქვეყნის უმაღლესი კანონით განსაზღვრული აღარ იქნება, რაც იმის ალბათობას ზრდის, ის თბილისში დაბრუნდეს, რაც დეპუტატების უმრავლესობის სურვილია. თუმცა საკონსტიტიციო კომისიის წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით ძალიან მწვავე დებატები იყო და საბოლოოდ ჯერდებიან იმაზე, რომ პარლამენტი შენარჩუნდეს როგორც ქუთაისში, ისე თბილისში.

„ხელისუფლება გამოდის მხოლოდ იმ ინტერესიდან, რომ არ გაანაწყენოს არც ქუთაისი და არც თბილისი. ადრე „ოცნებას“ უნდოდა პარლამენტის გადმოტანა თბილისში, თუმცა, როგორც ჩანს, უმრავლესობა ცვლის თავის დამოკიდებულებას. ითქვა, რომ უმრავლესობის შიგნით ამ საკითხზე იყო ძალიან მწვავე დებატები, მაგრამ საბოლოოდ ჯერდებიან იმაზე, რომ პარლამენტი შენარჩუნდეს როგორც ქუთაისში, ისე თბილისში და რეგლამენტით განსაზღვრონ, როდის უნდა ჩაატარონ სხდომები თბილისში და როდის – ქუთაისში,” – ეს “რეზონანსს” უთხრა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც პარლამენტის თბილისში გადმოტანის მომხრეა. ამ პოზიციას იზიარებს საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძეც. მისი თქმით, პარლამენტი უნდა მდებარეობდეს იქ, სადაც განლაგებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები.

„უპირველესად ყოვლისა, პარლამენტი და მთავრობა ერთსა და იმავე ქალაქში უნდა იყოს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მსოფლიოში, პრაქტიკულად, ყველგან პარლამენტი და მთავრობა სახელმწიფოს დედაქალაქშია. შესაბამისად, კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იყოს ნორმა, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი. კონსტიტუციაში ან უნდა ჩაიწეროს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია დედაქალაქი, ან საერთოდ არაფერი არ უნდა ეწეროს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფში შეთანხმება მიღწეულია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ ხმალაძემ.

“დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ გავიარეთ. უმეტესობის აზრი იყო, რომ პარლამენტის ადგილსამყოფლად ჩაწერილიყო ქალაქი თბილისი ან – საერთოდ არაფერი და აღნიშნული საკითხი პარლამენტის რეგლამენტით მოწესრიგებულიყო. საერთო სულისკვეთებაა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობაზე ჩანაწერი კონსტიტუციიდან საერთოდ იყოს ამოღებული ისე, როგორც არაფერია კონსტიტუციაში ნათქვამი პრეზიდენტისა და მთავრობის ადგილსამყოფელზე. ამ აზრს მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკითხი მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტას საჭიროებს, არსებითად კი გადაწყვეტილია,” – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.

განსხვავებული პოზიცია აქვს ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნარჩემაშვილს. მისი აზრით, პარლამენტის ადგილსამყოფლად კონსტიტუციით ორი ქალაქი – თბილისი და ქუთაისი – უნდა განისაზღვროს. ამასთან, ნარჩემაშვილის ცნობით, პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ის კენჭისყრით გადაწყდება.

რეზონანსი“, 12 აპრილი, 2017 წელი

საჭიროა თუ არა პარლამენტის თბილისში დაბრუნება?

გვანცა წულაია

გუშინ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა ის საკითხი განიხილეს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ჩანაწერი საერთოდ არ უნდა იყოს. ამ ცვლილების მიხედვით, კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერს ამოიღებენ, სადაც პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისია განსაზღვრული.

საჭიროა თუ არა პარლამენტის თბილისში დაბრუნება? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ქეთი ბექაური იურისტი): ბევრი მიზეზის გამო, მგონი უნდა დაბრუნდეს. მთავარი მიზეზი ბიუჯეტის ხარჯებია. ერთი ვიცი, რომ ეს გარკვულწილად მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. პარლამენტის თბილისში დაბრუნება არაფრით არ დააკნინებს ქუთაისის მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს. ქუთაისის პარლამენტის შენობა კეთილშობილური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის დიდი დინსტანცია არ უნდა იყოს. ამიტომ ორივე მათგანის ადგილი დედაქალაქშია. ის ხარჯები, რომელიც პარლამენტარების ქუთაისში შესანახად და დეპუტატების დასაბინავებლად იხარჯება, სჯობს, სოციალური პრობლემებისთვის იქნას გამოყენებული.

გოგი თორაძე (რეჟისორი): პარლამენტი სადაც არ უნდა იყოს, ერთი და იგივე შედეგი იქნება. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და პარლამენტი ყველგან დედაქალაქშია. ალბათ, თბილისში უფრო მისაღებია, რადგან დანარჩენი სამინისტროები აქ არის. ასევე კომუნიკაციისა და ოპერატიულობისთვის თბილისი უფრო მისაღებია.

ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): არავითარ შემთხვევაში. იმ იდეას ვუჭერ მხარს, რომ საქართველოში თბილისი ერთადერთი ცოცხალი ქალაქი არ იყოს. თეატრის გამო ხშირად მიწევდა ქუთაისში ყოფნა და ვხედავდი, როგორი ცოცხალი ცხოვრება იყო. ქუთაისში პარლამენტის ყოფნით შეიქმნა ბევრი რამ იმისთვის, რომ რამდენიმე ადამიანს შემოსავლის მცირე სახის წყარო ჰქონდეს. მესმის იმ დეპუტატების, რომელთაც უნდათ, რომ პარლამენტი თბილისში იყოს. სხვა ქალაქში ცხოვრება, როდესაც ოჯახი თბილისში გყავს, არ არის იოლი ისევე, როგორც დეპუტატობა. ამიტომ, თუ უნდათ, რომ დეპუტატები იყვნენ, პირადი კომფორტის გარდა სხვა პირობებიც შეითავსონ.

ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): აუცილებელია. ამ უცოდინარებმა, დედაქალაქის განმარტება რა არის, წაიკითხონ. ესაა: პარლამენტი, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ასევე დიპლომატიური კოპრუსი. დედაქალაქი არის თბილისი და პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს. არსებობს გამონაკლისები, სამხრეთი აფრიკა და ჰოლანდია. მიზეზი მათი სიღრმისეული ისტორიაა. ასე რომ, აუცილებელია, პარლამენტი მშობლიურ დედაქალაქს დაუბრუნდეს. გარდა ამისა, დასათვლელია ასევე ხარჯებიც.

ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი): აუცილებელია და ხელისუფლება თავს რატომ იკავებს, არ ვიცი. ჯერ ერთი, წინ და უკან სიარულში უამრავი თანხა იხარჯება. თბილისი პოლიტიკური ცენტრია, ამიტომ პარლამენტი აქ უნდა იყოს.

რეზონანსი“, 12 აპრილი, 2017 წელი

ტაში, ხმაური და მძვინვარებადავით ნარმანიას გამოსვლა საკრებულოში

ნინო ქეთელაური

თბილისის მერის, დავით ნარმანიას გამოსვლა საკრებულოში ხმაურის, ტაშისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. დედაქალაქის მერმა დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა, სადაც უკვე განხორციელებულ თუ სამომავლო პროექტებზე ისაუბრა და ოპოზიციის კრიტიკული შენიშვნებიც მოისმინა.

დავით ნარმანიას თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე “მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას”, რითაც მერიის დისკრედიტაციას ცდილობენ და ამის კონკრეტული მაგალითები გაიხსენა.

“უსაფუძვლო იყო სპეციალურად შექმნილი აჟიოტაჟი მიკროავტობუსით მგზავრობის ტარიფთან დაკავშირებით. ძირითადი ტარიფი, 80 თეთრი, შენარჩუნებულია, ხოლო მოკლე მანძილზე მგზავრობის საფასური გაუთანაბრდა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების ტარიფს: 40 თეთრი გაიზარდა 10 თეთრით და 2017 წლის 8 მარტიდან გახდა 50 თეთრი,” – განაცხადა დავით ნარმანიამ, რომელმაც ასევე ოპონენტების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი უწოდა ნაზღაიძის საქმეს.

დავით ნარმანიას თქმით, სინამდვილეში, ეს არის მოქალაქე ჩოხელის საქმე, რომელიც დაზარალდა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად.

“ჩვენ შესაბამისი წესებისა და პროცედურების დაცვით მივიღეთ გადაწყვეტილება მართლაც ძალიან დაზარალებული მოქალაქის ტერიტორიის მონაცვლეობასთან დაკავშირებით და არსებული სხვაობის კომპენსირებასთან დაკავშირებით. ის, რომ მას სხვა ვინმესთან რაიმე ვალდებულებები, პასუხისმგებლობები ჰქონდა, არის მეორე საკითხი და არსებითად მნიშვნელოვანი ჩვენთვის არ ყოფილა,” – განაცხადა დავით ნარმანიამ, რომელიც შეეხო დედაქალაქში მიმდინარე ყველა ძირითად პროექტს, მათ შორის – თბილისის გენგეგმასაც და თქვა, რომ მასზე მუშაობა 2017 წელს დასრულდება, თუმცა კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია. მისივე თქმით, თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, 12 სხვადასხვა არეალი გამოიყო და 40 სახეობის ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა იქნება.

რაც შეეხება ოპონენტების განცხადებებს, ნარმანიას თქმით, ის, რომ ამით საფრთხე შეექმნება თბილისის ზღვის წყალს, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„დავით, ჩვენ ერთ დროს ვმეგობრობდით და მივცემ ასე მომართვის უფლებას ჩემს თავს – მთავარი არ გაკეთდა, მთავარ პრობლემებს დაემალე და გაექეცი“, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერს. მისი განცხადებით, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს პარკინგი და ჰაერის დაბინძურება. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მუნიციპალურ ტრანსპორტზე და განაცხადა, რომ „ჩვენდა სამარცხვინოდ, მეცხრამეტე საუკუნეს რომ შეესაბამება, ისეთი ტრანსპორტი ჰყავს დედაქალაქს“.

„წვიმის დროს განსაკუთრებით ვიცით, რა ხდება. ვერც მანქანით გაივლი და ვერც ფეხით, იმიტომ, რომ მანქანები არის შუა გზაზეც, ტროტუარზეც, სადარბაზოშიც და ლამის სახლშიც. ამ მანქანების გამო არის საშინლად შხამიანი ჰაერი. ძალიან მარტივად ვამბობთ, რომ 4-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას ჰაერის დაბინძურება. ეს არის შხამი, რომელიც გვანადგურებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკმაოდ კრიტიკული იყო სხვა ოპონენტების გამოსვლებიც.

„თბილისის ისტორიაში თქვენ შეხვალთ, როგორც ყველაზე მონურად მორჩილი დამნაშავე მერი“,” – ამ სიტყვებით საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიკა დათუკიშვილმა მიმართა თბილისის მერს. მის ამ განცხადებას უმრავლესობის წევრების მხრიდან პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. ასევე ხმაურითა და შეძახილებით დასრულდა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძის შეფასებითი გამოსვლა საკრებულოს სხდომაზე.

„ბოტანიკური ბაღის გარშემო ატეხილი ამბები თქვენი მერობის კიდევ ერთი შავი ლაქა იქნება“, – ასე მიმართა ფრაქციის “მოძრაობა თავისუფლებისათვის – თბილისის” თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა დავით ნარმანიას.

მამუკა ახვლედიანმა მერის მიერ წარმოდგენილი ანგარიში შეაფასა და ბოტანიკური ბაღის 30 ჰექტარი ტერიტორიის აუქციონის გაყიდვის შესახებ ისაუბრა.

„მავნებლობაა, როდესაც ქალაქის ცენტრში მოხდა 30 ჰექტარი ლანდშაფტური რეკრეაციული სივრცის მიკუთვნება 6 ლარად ერთდღიან აუქციონზე ერთი ადამიანისთვის, რომელიც სავარაუდოდ შემოღობავს და თავის ახალ რეზიდენციას ააშენებს. პიესა “მილიონი ხის დარგვა” გსმენიათ ალბათ. მისი ავტორი თქვენ ბრძანდებით. სამაგიეროდ 1 300 ხე მოჭერით კრწანისი-შინდისის შემაერთებელი გზის მშენებლობისათვის მხოლოდ იმიტომ, რომ შეგესრულებინათ ერთი ადამიანის ახირება და მის საკუთრებაში გადაგეცათ ის ტერიტორია, სადაც ხეები მოჭრილი იყო და გზის მშენებლობაც – დაწყებული,” – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

ამაზე მერმა უპასუხა, რომ თითოეული ხმელი ხის მოჭრაზე ნებართვა გაიცემა და სტატისტიკაც კეთდება. „მაშინ, როდესაც თქვენ დროს ერთ ღამეში იჩეხებოდა თბილისში არსებული გამწვანებული ტერიტორიები, ჩვენ თითოეული ხმელი ხის მოჭრაზეც გავცემთ ნებართვას და ვაკეთებთ სტატისტიკას,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღსანიშნავია, რომ სხდომათა დარბაზში მერის გამოსვლას გარეშე პირებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მერის გამოსვლას ტაშით, ხოლო ოპონენტების კრიტიკას შეძახილებით ხვდებოდნენ.

„ახალი თაობა“, 12 აპრილი, 2017 წელი

ეკა ბესელია: იუსტიციის მინისტრობას არ ვაპირებ

რა ცვლილებები იგეგმება მთავრობაში

მთავრობაში მოსალოდნელ კარუსელზე უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებები აღდგომის შემდეგ განხორციელდება.

როგორც სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, მთავრობაში პრემიერის ჩათვლით ყველა შეიცვლება. ცვლილებები ვახტანგ გომელაურსა და ირაკლი შოთაძეს არ შეეხება მხოლოდ. სუს-ის უფროსიც და მთავარი პროკურორიც ამ თანამდებობებზე გარკვეული დროით არიან არჩეული.

გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო შემცვლელად უკვე რამდენიმე კანდიდატურა სახელდება. ერთ დროს ყველაზე აქტიურად პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურა განიხილებოდა. ეს თემა იმდენად აქტუალური იყო, რომ გარკვეულმა ძალებმა მას ბიძინა ივანიშვილთან საქმე გაუფუჭეს და პრემიერობის შანსი მოუსპეს. ამ თანამდებობაზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც მოიაზრებოდა. შემდეგ ის „ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად შეარჩია, თუმცა არც ეს საქმეა ბოლომდე გადაწყვეტილი.

პრემიერის პოსტზე ირაკლი რუხაძეც მოიაზრება. პატარკაციშვილების ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენის გვარი ადრეც რამდენჯერმე ახსენეს. გაიჟღერა კახა კახიშვილის გვარმაც, მაგრამ ამის შესაძლებლობა თავად სასჯელაღსრულების მინისტრმა გამორიცხა. ახლა ამბობენ, რომ ის შესაძლოა შს მინისტრად ვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ კახა კახიშვილი ერთადერთი მინისტრია, რომელიც საზოგადოებაში დადებით რეაქციას იწვევს. მის წინააღმდეგ ყველაზე აგრესიული ნაციონალებიც კი არ გამოდიან.

კახა კახიშვილის გარდა შს მინისტრის პოსტზე ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურაც განიხილება. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ბიძინა ივანიშვილმა ადრეც შესთავაზა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავება, მაგრამ ანზორ ჩუბინიძე ვერ დაითანხმა.

საპარლამენტო კულუარებში მოსალოდნელ ცვლილებებზე ბევრს საუბრობენ. თუმცა საჯაროდ ამ ინფორმაციას არავინ არ ადასტურებს. არადა აღმასრულებელ ხელისუფლებაში რამდენიმე დეპუტატს უპირებენ გადაყვანას.

იუსტიციის მინისტრის პოსტზე აქამდე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურა განიხილებოდა. ახლა ამ თანამდებობაზე ეკა ბესელიას გვარიც გაჟღერდა. ამ ინფორმაციას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ ადასტურებს. „იუსტიციის სამინისტროს ჰყავს ძალიან კარგი მინისტრი, მეც არ მგონია, ამ ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტის ცუდი თავმჯდომარე ვიყო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, ამ თემაზე არათუ საუბარი, მინიშნებაც კი არ ყოფილა. სახელისუფლებო კულუარებში კი სულ სხვა რამეს ამტკიცებენ.

„ახალი თაობა“, 12 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: საქართველოში საპარლამენტო მოდელი არ გაამართლებს

პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობა“-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საპარლამენტო მოდელში მთავარია ძლიერი, განვითარებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საქართველოში არ არსებობენ.

- ბატონო რამაზ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის სამუშაო ვარიანტი უკვე ცნობილია. ახალი რედაქციის მიხედვით, პრეზიდენტს ამრჩევთა კოლეგია ფარული კენჭისყრით ირჩევს. მეორე ცვლილება კი საარჩევნო სისტემას ეხება, მაჟორიტარული არჩევნები უქმდება და პროპორციულზე გადავდივართ. როგორ შეაფასებთ ამ ცვლილებებს? პრეზიდენტმა თქვა, რომ რეფერენდუმზე უნდა გატანილიყო.

- რეფერენდუმი მიღებული ფორმაა საერთოდ კონსტიტუციის ლეგიტიმურობის პროცესში. ბევრ ქვეყანაში კონსტიტუცია ჯერ რეფერენდუმზე გადის და შემდეგ ხდება მისი პარლამენტის მიერ იურიდიულად დამტკიცება და უზენაეს კანონად ქცევა. მე, ცხადია, მომხრე ვიქნებოდი, ამ ცვლილებების გატანა მომხდარიყო რეფერენდუმზე, მაგრამ არა ცალკე გატანილიყო პრეზიდენტის არჩევის წესი. არ ვთვლი, რომ ეს პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში. არსებობს საპარლამენტო ქვეყნები, სადაც პირდაპირი წესით ირჩევენ პრეზიდენტს, მაგრამ, არსებობს ქვეყნები, სადაც არ ირჩევენ, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში დედოფალი, რომელიც საერთოდ მემკვიდრეობით იღებს ძალაუფლებას. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ლოგიკური აუცილებლობა არ არსებობს, ქვეყანაში სუსტი ძალაუფლების მქონე თანამდებობის პირი საერთო სახალხო წესით აირჩიო.

- მაღალ ლეგიტიმაციაზეა საუბარი.

- რა საჭიროა მაღალი ლეგიტიმაცია?!

- თუ უფლებამოსილებები ადეკვატური არ იქნება?

- დიახ, სად არის აქ ლოგიკა. ამ მხრივ ზედმეტ ძალისხმევად მიმაჩნია იმაზე მთელი აქცენტირება, რომ, გინდა თუ არა, საერთო-სახალხო გზით უნდა იყოს არჩეული. სახალხო არჩევნებით თუ ავირჩევთ პრეზიდენტს, მაშინ ხალხს შესაბამისი მოტივიც უნდა ჰქონდეს.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ პარლამენტის არჩევნებზე ამომრჩევლის რამდენი პროცენტი იყო მისული?! რატომ იყო დაბალი აქტივობა? ხალხს არ აქვს მოტივაცია. ამ დროს პარლამენტი მთავრობას აყალიბებს და ლამის მთელ სახელმწიფოს განაგებს, იღებს კანონებს და ა.შ. პრეზიდენტი, რომელიც არსებითად არაფერს განაგებს, მის არჩევნებზე ხუთი კაცი რომ მივიდეს, სირცხვილი არ იქნება?!

- ირაკლი კობახიძის კონცეფცია, როგორც კონსტიტუციონალისტის, რომელიც კონსტიტუციის ახალ რედაქციაშია ჩადებული, კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ არის საპარლამენტო მოდელზე გადასვლა. რამდენად მისაღებია საპარლამენტო მოდელი ჩვენნაირი ქვეყნისთვის, გაამართლებს?

- მე ვიცნობ და მისაუბრია კომისიის იმ წევრებთან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო მმართველობა საუკეთესო მოდელია ჩვენი ქვეყნისთვის. მე მათ გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, თუ გამოგიტყდებით, რომ საპირისპიროს ვფიქრობ, ალბათ, არც ისინი შეიტანენ ჩემს გულწრფელობაში ეჭვს. თუმცა, მე შემიძლია დაგისაბუთოთ, რატომ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მაინცდამაინც სახარბიელოდ არ გამოიყურება.

საპარლამენტო მოდელში ხარვეზს ვხედავ არა იმდენად იურიდიული, რამდენადაც წმინდა პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. კონსტიტუციაც კი, კანონიც კი არ არის მხოლოდ იურიდიული, სამართლებრივი აქტი. კანონი ქაღალდზე დაწერილი დარჩება, თუკი მას ხალხი, მისი მენტალიტეტი არ მიიღებს და უარყოფს. ჩვენ ვიცით საპარლამენტო რესპუბლიკები, სადაც წლების განმავლობაში ერთისა და იმავე გვარის წარმომადგენლებს ირჩევდნენ. ინდოეთის მაგალითი შეიძლება დავასახელო და ამას ხალხი აკეთებდა, სხვა არავინ. შეიძლება, ქაღალდზე დემოკრატიის ნორმები სრულად იყოს დაცული, მაგრამ საზოგადოება არ იყოს დემოკრატიული, ამიტომ პოლიტიკური კულტურა თამაშობს ამ დროს გადამწყვეტ როლს.

- თქვენ ამბობთ, რომ ჩვენთან პოლიტიკური კულტურა საპარლამენტო რესპუბლიკის ადეკვატური არ არის?

- ნაკლებად არის და გეტყვით, რატომ: ჩვენი საზოგადოება ერთი პარტიისკენ, ერთი ადამიანის არჩევისკენ არის ორიენტირებული და ის ნაკლებად ცნობს დანარჩენებს.

- ყველა პრეზიდენტი მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ავირჩიეთ.

- დიახ, ასევე – ყველა პარტია, რომლებიც შემდეგ მმართველ პარტიებად იქცნენ. თანაც ამას ემატება ის, რომ ამ ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად, პოლიტიკური სპექტრი არ არის. თითქოს პოლიტიკური პარტიები გაქრნენ. ვინც არიან, მათი პლატფორმები კი თითქმის ერთნაირია, მათი განმასხვავებელი მხოლოდ პოლიტიკოსის გვარია, რომელიც ხშირად არჩევნების წინ პარტიის დასახელებას უძღვის. ასეთი რამე, რაც ამ ბოლო დროს ხდება, საერთოდ არ მინახავს. ამიტომ მოსახლეობისთვისაც სულ ერთია, ვის მისცემს ხმას და აძლევს ერთ პარტიას.

- ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე.

- დიახ. ამ დროს ნიჰილისტური განწყობები მოდის წინა პლანზე. რა არის ერთ_ ერთი მთავარი საპარლამენტო მოდელში?! რა თქმა უნდა, მრავალპარტიულობა, ძლიერი და განსხვავებული პლატფორმის, იდეოლოგიის, შეხედულებების მქონე პარტიები. ჩვენთან ძლიერი პარტიები, უბრალოდ, არ არსებობენ. ამ პირობებში საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა ნიშნავს, რომ სულ იქნება მთელი ძალაუფლება ერთი პარტიის ხელში. დაახლოებით მოხდება ის, რაც ხდებოდა 70 წელი კომუნისტების პირობებში – ერთი პარტიის დიქტატი. საპარლამენტო რესპუბლიკის სპეციფიკა იმაშია, რომ ის აყალიბებს მთავრობას, შესაბამისად, ის ერთი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას, პარლამენტშიც იქნება გადამწყვეტი და ა.შ. ამიტომ ვამბობ, რომ საფრთხეები არის და ეს საფრთხეები რეალურია.

- თუმცა, საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკამ არ გაამართლა. არ ეთანხმებით?

- რაც შეეხება საპრეზიდენტო რესპუბლიკას, არ გვიცხოვრია. პრეზიდენტები ერქვათ იმ ადამიანებს, რომლებიც გვყავდნენ პრეზიდენტებად, მაგრამ ისინი არ იყვნენ გამართული საპრეზიდენტო მმართველობის პრეზიდენტები. მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია პრეზიდენტის ხელში ხვდებოდა. ამერიკულ მოდელს თუ გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ხალხი მთავრობის მეთაურად ირჩევს პრეზიდენტს და, ამავე დროს, ირჩევს პარლამენტს. პრინციპი არის დამოუკიდებლობა. პრეზიდენტი არ არის კონგრესთან შეზრდილი, პირიქით, დამოუკიდებელია.

ჩვენთან, როდესაც საპრეზიდენტო მმართველობა გვქონდა, ოდესმე იყო პრეზიდენტი თავისი პარტიისგან დამოუკიდებელი?! მეტიც, ის პარტიის ლიდერი იყო ხშირად. პარტიის კუთვნილებისგან დამოუკიდებელი მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ვერცერთხელ ვერ მოგვეცა. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ არ გვიცხოვრია საპრეზიდენტო რესპუბლიკაში. რაშიც ვიცხოვრეთ, ის არ იყო რეალურად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ყველა ეს ხარვეზი უნდა აღმოფხვრილიყო, უნდა გასწორებულიყო კონსტიტუცია ისე, რომ ამგვარი ხარვეზების შესაძლებლობა არ დაეტოვებინა.

- თქვენ მხარს საპრეზიდენტო მოდელს უჭერთ?

- მე მომხრე ვიქნებოდი, ამერიკული მოდელის შესწორებები მოეხდინა კომისიას და ეს მოდელი ამოქმედებულიყო. ეს უფრო ახლოს არის ჩვენს მენტალიტეტთან და იმ რეალობასთან, რომელშიც ვცხოვრობთ. ახალი ვარიანტი, რომელიც შემოგვთავაზეს, არის ერთპარტიული სისტემისკენ სვლა. ვინც იქნება მმართველი პარტია, სწორედ მას ექნება მთელი ძალაუფლებაც. სააკაშვილმა ტყუილად ხომ არ შემოიტანა საპარლამენტო მოდელი? რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ნაციონალურ მოძრაობას ვერავინ გააგდებინებდა ხელიდან ძალაუფლებას. ახლა დიდი შანსია, რომ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო რესპუბლიკაში გაუხანგრძლივდეს არსებობა და მისი ალტერნატივა ნაკლებად გამოჩნდეს. დასავლეთში 10 წელი, შეიძლება, ერთი და იგივე პრემიერი ჰყავდეთ, მაგრამ იქ სისტემა აწყობილია, საპრეზიდენტო მმართველობაში კი პრეზიდენტი მხოლოდ ორი ვადით ირჩევა.

„ახალი თაობა“, 12 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „ოცნება ბოკერია-უგულავას გუნდის გარდა არავის ცნობს“ // „ოპოზიციამ საკონსტიტუციო კომისია უნდა დატოვოს

„ახალი თაობის“ კითხვებს ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია პასუხობს:

- ბატონო ჯონდი, თქვენ ადრეც საუბრობდით, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიაში ბუტაფორიის როლს ასრულებს და მოუწოდებდით, დაეტოვებინათ კომისია. ეს პროცესი უკვე დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარე ამ პროცესში პრეზიდენტს ადანაშაულებს, რომ მან პარტიების გადაბირება შეძლო. რას იტყვით თქვენ?

- დღეს პრეზიდენტს იმდენი გავლენა და ავტორიტეტი ნამდვილად არ აქვს, რომ პოლიტიკური პარტიების გადმობირება მოახერხოს. უბრალოდ, პოლიტიკური პარტიების რაღაცა ნაწილი, ცოტა გვიან, მაგრამ მიხვდა იმას, რასაც მე თავიდანვე ვამბობდი.

- რას? იმას, რომ არაფრის მომცემი იყო მათი ამ კომისიაში ყოფნა?

- რომ მათ დემოკრატიული დეკორაციის, ბუტაფორიის ფუნქცია მიანიჭეს და ცდილობენ ამ პროცესისგან გამიჯვნას. ხელისუფლება ამ კომისიის შექმნით ცდილობდა, შეექმნა ერთგვარი, თითქოსდა პლურალისტური პროცესი, სადაც კონსტიტუციას თავის პოლიტიკურ ინტერესებზე დაჭრიდა და შეკერავდა. რა მთავარი ამოცანა აქვს დღეს ხელისუფლებას?!

- რა? მაინც რა არის მათი მიზანი?

- პირველი, რა მიზნითაც ეს კომისია შეიქმნა, ეს არის საპრეზიდენტო ინსტიტუტის არჩევითობის გაუქმება! ამ შემთხვევაში რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობს ხელისუფლება. რაც მთავარია და რისკენაც მიისწრაფიან, არის ის, რომ ერთი არჩევნებით ხელისუფლება დააკომპლექტებს საპარლამენტო, აღმასრულებელ და საპრეზიდენტო ხელისუფლებას. ანუ ერთი არჩევნებით, ძალაუფლების სამ შტოს იგდებს ხელში ქართული ოცნება. აქედან ჩანს, რომ მას არა აქვს სურვილი, ბევრი არჩევნები ჩაატაროს და ბევრჯერ მოუწიოს ხალხის გულის მოგება და მათი დარწმუნება, რომ მათ დაუჭირონ მხარი. არის კიდევ მეორე მომენტიც… დღეს ჩვენ გვაქვს ოთხწლიანი ციკლი არჩევნებსა და არჩევნებს შორის. ხოლო ამ ოთხ წელიწადში სამი არჩევნებია: ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო და ერთიც – საპრეზიდენტო. თითქმის ყოველ წელიწადში ერთი არჩევნები უწევს, რაც ძალიან კარგია ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის და არაკომფორტულია ნებისმიერი ტიპის მმართველი ძალისთვის, რომელსაც სურვილი აქვს, რომ წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულოს და ისე მართოს ქვეყანა. თუ საპრეზიდენტო არჩევნებს ამოვაგდებთ, არჩევნებსა და არჩევნებს შორის ვადა გაიზრდება და, შესაბამისად, ხელისუფლებას უფრო მეტი დრო ექნება, რომ თავის პირად ინტერესებზე იზრუნოს! ანუ ხელისუფლებას უფრო ნაკლებად დასჭირდება ხალხის გულის მოგება.

- როგორც ყველა ხელისუფლება, ესენიც ცდილობენ, კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგონ?

- ნამდვილად ასეა. მეორე მთავარი მომენტი ამ პროცესში, ხელისუფლებას უნდა, რომ კონსტიტუციაში ჩაწეროს ასეთი რამ, რომ არჩევნებში გადაუნაწილებელი მანდატები, გადაულახავი პროცენტები გადაინაწილოს მთლიანად თვითონ და აი ამის პირდაპირ ამ სახით ჩაწერა უნდა კონსტიტუციაში. ეს რამდენად სამართლიანია, მითხრას ვინმემ?! რატომ ეკუთვნის ხელისუფლებას ის პროცენტები, რომელიც სხვა პარტიებმა აიღეს?! ესეც არის სურვილი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ უკანონოდ და სრულიად უსამართლოდ. ამ პროცესში დანარჩენი საკითხები არის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის.

- არ იზიარებთ ამ ცვლილებებს?

- ის, რომ კონსტიტუციას ცვლილება სჭირდება, მე ამას ვიზიარებ, მაგრამ არა იმ მიმართულებით, რომ გავაუქმოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ერთ არჩევნებში მერე პარლამენტმა დანიშნოს პრეზიდენტი. დანიშნული პრეზიდენტი ვერანაირი არბიტრი ვერ იქნება! დანიშნული პრეზიდენტი ვერანაირ ვეტოს უფლებას ვერ გამოიყენებს. დანიშნული პრეზიდენტი, ვერანაირი ურთიერთობის დამლაგებელი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ძალაუფლებებს შორის ვერ იქნება!

- ოცნების მიზანია, რომ მისგან მართული პრეზიდენტი ჰყავდეს?

- კი, ეს მიზანია, მაგრამ მას შეუძლია მართული და მისი თანაგუნდელი პრეზიდენტი ჰყავდეს პირდაპირი არჩევნების გზით, რაც სავსებით კანონიერი იქნებოდა. ახლა ხელისუფლებას უნდა, რომ პარლამენტმა დანიშნოს და შემდეგ, როცა უნდა მოხსნას და გაათავისუფლოს! ეს აბსოლუტურად არარაციონალური, აუხსნელი, დაუსაბუთებელი მოთხოვნაა ხელისუფლების მხრიდან!

- გიორგი მარგველაშვილი ხომ მათი თანაგუნდელი იყო, მაგრამ ვნახეთ, როგორ განუდგა და ოპოზიციაში ჩაუდგა. ამისგანაც იზღვევენ თავს, როდესაც პირდაპირი არჩევის წესს აუქმებენ?

- საქმე აქეთკენ მიდის, უნდათ, რომ თავის დასმული პრეზიდენტი ჰყავდეთ. გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის ხათრით არჩეული იყო, მაგრამ რადგანაც ის [მოსახლეობამ აირჩია], მასზე კონტროლი დაიკარგა, ის ვეღარ გადააყენეს. სწორედ ეს უნდათ, რომ კონტროლირებადი პრეზიდენტი ჰყავდეთ!

- ბერკეტი ჰქონდეთ მისი გადაყენების?

- რა თქმა უნდა, პარლამენტის დანიშნულს პარლამენტივე გადააყენებს! აი, საით მიისწრაფის, გასაგებია?! ოპოზიციას კი ამ პროცესში თავიდანვე დემოკრატიული ბუტაფორიის როლი ჰქონდა. კვოტები ისე გადანაწილდა, რომ ოპოზიციას, გარდა აზრის გამოთქმისა, სხვა ინსტრუმენტი არა აქვს. მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ კომისიის შექმნას?! კომისია იქნება იმისთვის, რომ მაღალი პლურალისტური გარემო შეიქმნას და მაღალი კონსენსუსი იყოს. თუ კომისიაში უმრავლესობა ისევ ქართული ოცნება იქნება, ასეთ უმრავლესობა მათ პარლამენტშიც აქვთ და მაშინ პარლამენტში წარმართულიყო ეს პროცესი. აზრი კომისიის შექმნის იყო ის, რომ ყოფილიყო თანაბარი გარემო და მაქსიმალურად შეთანხმებული კონსტიტუციის პროექტი დადებულიყო. მე საერთოდ არ ვიცნობ ამ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც კომისია დატოვა, მაგრამ ფაქტია, სხვაზე მეტი გონიერება და ოპერატიულობა გამოიჩინა.

- ანუ, თქვენ იზიარებთ იმ პოზიციას, რომ ოპოზიციამ უნდა დატოვოს საკონსტიტუციო კომისია?

- როდესაც ეს კომისია შეიქმნა, მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ოპოზიციას უარი უნდა ეთქვა ამ კომისიის წევრობაზე. მოგვიანებით სწორედ თქვენი გაზეთის საშუალებით განვაცხადე, რომ უნდა დაეტოვებინათ კომისია და ხელისუფლება დაეტოვებინათ მარტო! ოცნება ცდილობს, რომ კონსტიტუცია თავის ინტერესებს მოარგოს. ყველა ვხედავთ ამას. რაც მათ სჭირდებათ, სწორედ ისეთი პროექტის შექმნას და გატანას ცდილობენ. მერე ევროპაში რომ იტრაბახონ, დემოკრატიული პროცესი იყო, მრავალი პარტია მონაწილეობდაო, ამის საშუალება რატომ უნდა მისცე ხელისუფლებას?! რა თქმა უნდა, ამაში მონაწილეობას არ უნდა ღებულობდეს ოპოზიცია!

- უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად დატოვებს კომისიას…

- მე არა მგონია, ყველამ დატოვოს. მათ ჰყავთ თავისი სატელიტი პარტიები და რაღაცა რაოდენობა მაინც დარჩება. გიგა ბოკერია, გირჩი და ასე შემდეგ, ეს ამ ხელისუფლების პარტიებია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მწვავე და რადიკალურები იქნებიან, მაგრამ მაინც დარჩებიან. მე მაინც არა მგონია, რომ საკონსტიტუციო კომისია ასე დაიშალოს. რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას, არ ვიცი, რამდენად ცდილობდა პრეზიდენტი პარტიების გადაბირებას, ამას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ მთავარი შეცდომა, რასაც ხელისუფლება უშვებს, არის ის, რომ ისინი პარტიებს არ ელაპარაკებიან.

პარლამენტის თავმჯდომარეს ვურჩევდი, რომ ნუ აწარმოებენ კარჩაკეტილ პროცესს. [„ქართული ოცნების“ დეპუტატები] თვითიზოლაციის გზას დაადგნენ. ერთადერთ სალაპარაკო პარტნიორად აირჩიეს „ნაცმოძრაობა“ და მათივე სატელიტი ბოკერია-უგულავას გუნდი და სხვას არავის ცნობენ! ასევე „გირჩი“. შედეგი კი ასეთი იქნება ყოველთვის.

- ბოკერია-უგულავას ფრთა ოცნების სატელიტია? თქვენ ასე თვლით?

_ რა თქმა უნდა. ეს ისედაც ყველამ იცის. მაგალითად, პოლიტიკური პარტია გირჩი, ასრულებს ხელისუფლების ერთი ნაწილის დაკვეთას და ტესტავს საზოგადოებრივ აზრს, რამდენად დაეთანხმება საზოგადოება, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია, მისი დათესვა და მოყვანა მოხდეს. ვიღაცას აქვს თავში აზრად, რომ ნარკოტიკების ვაჭრობით ხელი მოითბოს! სწორედ ამ მიზნით ალაპარაკებენ გირჩს!

- რატომ ფიქრობთ, რომ მაინცდამაინც ხელისუფლება ალაპარაკებს? იქნებ მათი იდეაა?

- „გირჩი“ რომ ხელისუფლების სატელიტია, ეს ყველამ იცის! ამ პარტიის წარმომადგენლები გამოვიდნენ და 84 ქოთანი ნარკოტიკი დათესა, რაც ძალიან მძიმე დანაშაულია, თითქმის უვადო პატიმრობამდე მიდის და საგამოძიებო მოქმედებებიც კი არ ჩაუტარებიათ მათ წინააღმდეგ.

- ანუ ხელისუფლების ინტერესები გაატარეს ამით თუ საით მიანიშნებთ?

- თქვენ სხვანაირად ფიქრობთ?! სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს პირდაპირ ეთერში! 7 წლიდან იწყება სასჯელი ასეთი დანაშაულისთვის! არავინ დაუჭერიათ და რატომ?! გირჩის კი არ ეშინიათ?! უბრალოდ, ეს მათ ინტერესში შედის და იმიტომ. ვიღაცა საწყალს რომ დაიჭერენ ქუჩაში და ერთი გრამიც რომ უპოვონ, ხომ ვხედავთ, რამდენს უსჯიან და მათი ქმედებით საერთოდ არავინ დაინტერესებულა. ხელისუფლებაში არსებობს ერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობს ნარკობიზნესით გამდიდრებას. საზოგადოებრივი აზრის დატესტვას კი ახორციელებინებს ამ პარტიას, რომელსაც პირდაპირ ეთერში ათესინებენ 84 ქოთან მარიხუანას. ვიღაცამ ამ ბიზნესით დიდი ფულის შოვნა გადაწყვიტა. ეს პროცესი კი ჩვენს ქვეყანას, მის მოსახლეობას მთლიანად გაანადგურებს. განა არ გიკვირთ, ამ მთავრობის ნარკოტიკს ტელეშოუებს რომ უძღვნიან?! სიგარეტის მოწევას კრძალავენ, სკოლებთან ახლოს არ ყიდიან და ნარკოტიკები როგორ უნდა დათესო და მოიყვანო, ამაზე ტელეგადაცემს ვუყურებთ! დავიჯერო, სიგარეტი უფრო მავნებელია, ვიდრე ნარკოტიკი?!

„ახალი თაობა“, 12 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: რა კომპრომატები აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე ვლადიმირ პუტინს // „როგორც კი სამაჩაბლოსთვის სახელის შეცვლაზე დაიწყო საუბარი, ჩვენ ჩეჩნეთის, ჩერქეზეთის და თათრეთის დამოუკიდებლობა უნდა გვეღიარებინა

რატომ არ რეაგირებს რუსეთის პროვოკაციებზე ოფიციალური თბილისი, როგორ დაალაგა მოსკოვმა სოხუმსა და ცხინვალში კარტები, რა კომპრომატებს ფლობს რუსეთის ხელისუფლება? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

- ცხინვალის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი თიბილოვის გვარის კაცს უჭერდა მხარს. მოსახლეობამ დიდი უპირატესობით გვარად ბიბილოვი აირჩია. თქვენი აზრით, რა მოხდა, ოსებს ერთი ასო შეეშალათ, პუტინის წინააღმდეგ წავიდნენ თუ რაიმე სხვა ამბავია?

- განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ მოიგო არჩევნები ცხინვალში. გამარჯვებულმა კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია წარმართა კორუფციასთან ბრძოლისა და აღმშენებლობის ლოზუნგით. რაც მისი ინიციატივა არ იყო. კრემლში არის ძალა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზეც ახორციელებს მსგავს ცვლილებებს – გუბერნატორად ნიშნავენ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლის პირობას იძლევიან.  რუსეთის ფედერაციაში კორუფციის წინააღმდეგ გამოცხადებულია ბრძოლა და ეტყობა ამ ჯგუფის ინტერესებში მოჰყვა ბიბილოვიც. თიბილოვს რაც შეეხება, მისთვის ხელი არავის შეუშლია.

- ხელი არ შეუშალეს, მაგრამ არც შეუწყვეს...

- როგორც ჩანს, კრემლს სურდა, ცხინვალის რეგიონში ხალხის რეალური განწყობა გაეგო. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ხელი თიბილოვს ჩამოართვეს, მაგრამ ფსონი გამარჯვებულზე ჰქონდათ დადებული. მოსკოვისთვის ასეთი რამეები უცხო არ არის.  მთლიანობაში რაც ცხინვალში მოხდა, აფხაზეთში დაწყებულის გაგრძელებაა. აქაურ პარლამენტში ვერც ერთმა ძალამ ვერ მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება. აქ ადგილები ისე გადანაწილდა, რომ პარლამენტის გაკონტროლებას და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას ვერავინ შეძლებს. იგივე ვითარება შეიქმნა ცხინვალშიც. ერთგანაც და მეორეგანაც კონკრეტული დაჯგუფება სხვასთან გარიგების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სხვა ძალებთან გარიგება კი მხოლოდ კრემლის მეშვეობით მოხდება. კრემლმა კიდევ უფრო მეტი ბერკეტები აიღო ხელში ამ რეგიონების გასაკონტროლებლად, რაც პირდაპირ უკავშირდება ზაფხულში დაგეგმილ პუტინ-ტრამპის შეხვედრას.

ვლადიმირ პუტინი დამატებითი ბერკეტებით ცდილობს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. ის შეეცდება აშშ-ის პრეზიდენტის დარწმუნებას, რომ კავკასიაში კონფლიქტების გასაღები მის ხელშია.

- ეს ხომ ისედაც ყველამ იცის, მეტი რა ბერკეტი სჭირდებოდა ამისთვის?

- მან გაცილებით ნოყიერი ნიადაგი მოიმზადა.

- რისთვის მოიმზადა ნიადაგი?

- თუ შეერთებული შტატები და დასავლეთი პუტინთან მისთვის სასურველ დათმობებზე წავა, მაშინ აფხაზეთსა და ცხინვალში ძალიან იოლად მოგვარდება პრობლემა. კრემლი ძალიან მარტივად აიძულებს ოსებს და აფხაზებს ქართველებთან დიალოგის დაწყებას.

- და თუ არ იქნა ისეთი დათმობები, როგორიც პუტინს უნდა, მაშინ რა ხდება?

- თუ სასურველი შედეგი ვერ მიიღო, მაშინ ამ ბერკეტებს აიღებს ხელში და კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებს ოკუპირებულ რეგიონებს.

- უფრო მეტად როგორ, მიიერთებს?

- სიამოვნებით მიიერთებდა, მაგრამ ამაზე ახლა თავს შეიკავებს. საყოველთაო საერთაშორისო რისხვისა და სანქციების შემდეგ, ამ რეგიონების მიერთება მეტისმეტი იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.

- საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო ყირიმის მიერთებაც, მაგრამ მიიერთა…

- ყირიმი მიიერთა და სანქციებიც მიიღო. აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიერთების შემთხვევაში ეს სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. მე ამის იურიდიულ გაფორმებაზე ვსაუბრობ, თორემ ეს რეგიონები რუსეთს კარგა ხანია რაც ფაქტიურად მიერთებული აქვს.

- 9 აპრილს ცხინვალში ჩატარდა რეფერენდუმიც, რომლის შედეგების მიხედვით, ისტორიულ სამაჩაბლოს, რომელსაც ჯერ სტალინმა დაარქვა სამხრეთ ოსეთი, ალანია ეწოდა. ამაზე საქართველოს ხელისუფლებას რეაქციაც კი არ ჰქონია. გასაგებია, რომ რუსეთს ხელს ვერ შეუშლიდნენ, მაგრამ პროტესტის გამოხატვა მაინც ხომ შეიძლებოდა?

- ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ჩვენს ხელისუფლებას რუსეთისთვის ხელის შეშლა არ შეეძლო. როგორც კი მათ სამაჩაბლოსთვის სახელის შეცვლაზე დაიწყეს საუბარი, საქართველოს ხელისუფლებას ჩეჩნეთის, ჩერქეზეთის და თათრეთის დამოუკიდებლობის ასაღიარებლად უნდა მოემზადებინა საბუთები.

- ეს ვითარებას შეცვლიდა?

- როგორც კი საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, რუსეთში შიდა პროცესები აჯაფსანდალივით აირევა. ამას მოჰყვება სხვა რეაქციები. ნურავის დაავიწყდება, რომ დამოუკიდებელი თათრეთის მთავრობა ჯერ კიდევ არსებობს და მუშაობს.

- სად მუშაობს დამოუკიდებელი თათრეთის მთავრობა?

- ერთ-ერთ დიდ დასავლურ ქვეყანაში. მათთვის სპეციალურად შენობაც კი არის გამოყოფილი. მე არ ვამბობ იმას, რომ ამ აღიარებით ფაქტობრივად რაიმე შეიცვლება, მაგრამ დასავლეთი ამაზე დიდ ყურადღებას გაამახვილებს და, შესაძლოა, ამ მიმართულებით დაიწყონ მოძრაობა. ასეთ შემთხვევაში რუსეთის სახელმწიფოებრიობას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება.

- ბატონო ზაალ, თქვენ გჯერათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩეჩნეთის ან თათრეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გაბედავს? მათ ისტორიული სამაჩაბლოსთვის სახელის გადარქმევაც კი არ გააპროტესტეს...

- სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის რეგიონალურ-კავკასიური პოლიტიკა. იმდენსაც ვერ ხვდებიან, რა მნიშვნელობა მიენიჭება ამ რეგიონს მომავალში. მათ არა აქვთ კავკასიაში სათანადო კავშირები და რომც ჰქონდეთ, არ ენდობიან. და რაც მთავარია, ჩვენს ხელისუფლებას მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების მხარდაჭერა აღარ აქვს. მხარდაჭერა კი იმიტომ დაიკარგა, რომ ჩვენ ხელისუფლებას არ სურს მათთან მეგობრობა.

- როგორ არ მეგობრობენ, სულ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აკერიათ პირზე...

- საუბრით ამას საუბრობენ, მაგრამ საქმით სხვას ამტკიცებენ. იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სერიოზულ გართულებაზე წახვიდე, დასავლეთთან უფრო სერიოზული კავშირებია საჭირო. ესენი კი, როგორც გითხარით, დიდი ოცეულის ქვეყნებთან არ მეგობრობენ. თავს იმით იმართლებენ, რომ ასე ჩუმად და გართულებების გარეშე ჯობია მიზნამდე მისვლა. ამიტომაც არ იღებენ ხმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

- რამდენ ხანს უნდა იყვნენ ასე ჩუმად?

- გააჩნია, როგორია მათი გეგმა. შესაძლოა ამ დუმილმა წლები გასტანოს.

- ამასობაში დასავლეთსაც დაავიწყდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამაზე არავის უფიქრია?

- მადლობა ღმერთს, რომ დასავლეთში უფრო ახსოვთ აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყარაბაღი. მადლობა ღმერთს, რომ დასავლეთსა და მოსკოვს შორის დაძაბულობაა და ის კიდევ უფრო გაღრმავდება. დასავლეთი რუსეთს ყოველთვის შეახსენებს, რომ ის დამპყრობელია.

- თქვენ გგონიათ, რომ რუსეთს თუ დამპყრობელს უწოდებენ, შერცხვება? იქ დღემდე ველიკაია დერჟავას აღდგენაზე ოცნებობენ...

- რუსეთს არასდროს არაფრის არ შერცხვენია და არც ახლა შერცხვება, მაგრამ სანქციები თავისას გაიტანს. კარგი იქნება, თუ დასავლეთი სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებს. ეს აუცილებლად აიძულებს კრემლს დათმობებზე წასვლას.

- დარწმუნებული ხართ, რომ სანქციები დათმობაზე წასვლას აიძულებს?

- აიძულებს, აიძულებს. თავის დროზე საერთაშორისო ზეწოლის შედეგად დათმო ბერლინის კედელი, აღმოსავლეთ ევროპა, სოციალისტური ბანაკი… არც ისე დიდი ხნის წინ კურილიის კუნძულებიც დათმო, ოღონდ ეს დათმობა ოსტატურად შეფუთა _ ის იურიდიულად რუსეთის შემადგენლობაში დარჩა, მაგრამ ფაქტიურად იაპონელ ბიზნესმენებს გადაეცათ სარგებლობისათვის.

- ესენი დათმო, მაგრამ კავკასიას დათმობს? იქნებ ამ ყველაფრის სანაცვლოდ კავკასია დაიტოვა?

- დასავლეთი თუ ქანჩების მოჭერის პოლიტიკას გააგრძელებს, მოსკოვი კავკასიასაც დათმობს. დროა მსოფლიომ შეიგნოს, რომ რუსეთს ყველა ქმედებაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს. გადამწყვეტი სიტყვა დასავლეთზეა, მაგრამ არც ჩვენი ხელისუფლება უნდა იჯდეს გულხელდაკრეფილი. ისინი მთელს მსოფლიოში უნდა აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ამის ნიშნები არ ჩანს. შეიძლება მათ რაღაც სხვა გეგმა აქვთ.

- ამ გეგმაზე უკვე მეორედ საუბრობთ და რა გეგმაა, გაგებით მოკიდების პოლიტიკა?

- შესაძლოა ისეთივე გეგმაა, შევარდნაძეს რომ ჰქონდა. მთელი 11 წლის მანძილზე გვიმტკიცებდა, რომ ჰქონდა რაღაც გეგმა, რომლითაც საქართველოს ააყვავებდა და ამ ტყუილით ამდენი ხანი შეინარჩუნა თანამდებობა. ქვეყანა გაყვლიფა და ხელისუფლებაში მისთვის სასურველი ოპოზიცია მოიყვანა. ამათაც ალბათ ასეთი გეგმა აქვთ, რაღაცას ელოდებიან და პროცესებს ჩუმად მიჰყვებიან.

- მაინც რას ელოდებიან, ჩინური სიბრძნე ხომ არ წაიკითხეს - ყვითელი მდინარის პირას თუ დიდხანს იჯდები, მდინარე შენს მტრებს ჩამოატარებსო. იქნება სჯერათ, რომ პუტინს ჩამოატარებს ყვითელი მდინარე...

- შეიძლება მართლა ამას ელოდებიან, მაგრამ მეეჭვება, ამათ ყვითელ მდინარესთან დაჯდომის წესები იცოდნენ. პუტინის ჩამომტარებელ მდინარეს სახელად დასავლეთი ერქმევა. ამიტომ უმჯობესია, ჩვენი ხელისუფლება თუ დასავლეთთან ითანამშრომლებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაში ჩაიხედავს კარგად, რომელსაც ვიღაცები ქართველობის წართმევას ეძახიან.

- თქვენი აზრით, სექსუალური უმცირესობების დაცვა რატომ არის ქართველობის წართმევა და იგივე ხალხი რატომ არ კარგავს ქართველობას მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს?

- ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ, საქართველოში ძალიან ბევრია ყოფილი კომკავშირელი, კომუნისტი და კაგებეს თანამშრომელი. მათმა ნაწილმა გულწრფელად აქცია ზურგი რუსეთს, დიდი ნაწილი კი ისევ მის გვერდით დარჩა. თქვენი აზრით, ასეთი ხალხი გააპროტესტებს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. ისინი იმაზეც დათანხმდებიან, თუ რუსეთი საქართველოს შეიერთებს. ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სიამოვნებით შეხვდებოდა იმასაც, თუ საქართველო კრასნოდარის მხარის ნაწილი გახდებოდა. ისინი უფრო ამაყად იმსახურებდნენ ამ მხარეში.

- ეს ცოტა დაუჯერებელია, რატომ უნდა გინდოდეს რომელიღაც ქვეყანაში შემავალი მხარის ხელისუფლებაში იყო, როცა შეგიძლია დამოუკიდებელი ქვეყნის მინისტრი ან დეპუტატი გახდე?

- ეს ადამიანზეა დამოკიდებული. წესით, ბოზობაც არავის არ უნდა უნდოდეს, მაგრამ ამ გზას ირჩევენ. ასევეა პოლიტიკაშიც. ქართულ პოლიტიკაში ბევრია ისეთი, რომლებსაც რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიად ყოფნა ურჩევნია დამოუკიდებლობას. მათ სურვილებს რომ თავი დავანებოთ, რუსეთის ხელისუფლებას და, კონკრეტულად ვლადიმირ პუტინს, ძალიან ბევრი კომპრომატი აქვს ჩვენს ბუდარია პოლიტიკოსებზე. ამ კომპრომატების წყალობით მას ბევრი რამის მიღწევა შეუძლია.

- გინდათ თქვათ, რომ ვლადიმირ პუტინი ჩვენს პოლიტიკოსებს კომპრომატებით აშანტაჟებს?

- შანატაჟი სხვა რამეა, ამ შემთხვევაში ვლადიმირ პუტინი ამათ კომპრომატებით აშინებს.

- თქვენ იცით იმ ადამიანების ვინაობა, რომლებზეც რუსეთის პრეზიდენტს კომპრომატები აქვს?

- მათი ვინაობაც ვიცი და ბევრი სხვა რამეც. ჩვენი ორგანიზაცია, კავკასიის ხალხთა კონფედერაცია, ბევრ ინფორმაციას ფლობს.

- ის ხალხი, ვისზეც რუსეთის პრეზიდენტს კომპრომატები აქვს, ხელისუფლებაში არიან?

- ისინი ყველგან არიან. გვარებს არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ. მათი გამოცნობა ქართულ სპეცსამსახურებს არ უნდა გაუჭირდეს. ასეთი ხალხი პოლიტიკას სასწრაფოდ უნდა ჩამოაცილონ. ისინი საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ დააკარგვინებენ, მაგრამ ბევრ პრობლემას შეუქმნიან.

- დამოუკიდებლობას რატომ ვერ დააკარგვინებენ?

- იმიტომ, რომ დასავლეთი ამის ნებას არ მისცემს. ჩვენი ბუდარია პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, დასავლეთისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ბევრად მნიშვნელოვანია.

„ახალი თაობა“, 12 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთსა და ამერიკას შორის უშუალო დაპირისპირებაა მოსალოდნელი”

ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ახალ თაობასთან“ სირიასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას აანალიზებს.

- ბატონო ვახტანგ, სირიაში აშკარად დაუპირისპირდა ერთმანეთს რუსეთისა და ამერიკის ინტერესები. ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამერიკამ კი დაბომბა. ტრამპის განცხადებების ფონზე ეს ცოტა გასაკვირიც იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკული სახელმწიფო მანქანა კარგად მუშაობს. როგორ ფიქრობთ, სადამდე წავა ეს დაპირისპირება?

- რთულია საუბარი, სადამდე წავა დაპირისპირება, მაგრამ ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთი ახალი ცივი ომის არეალად გადაიქცა. ადრე თუ ახალი ცივი ომის ძირითადი ცენტრები ბალტიის ზღვის აკვატორია და შავი ზღვის აკვატორია იყო, ახლა ნატოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების არეალი ახლო აღმოსავლეთში გადმოვიდა. დაპირისპირება აშკარაა.

- რა შეიძლება გამოიწვიოს ამ დაპირისპირებამ?

- ძნელი სათქმელია. ორივე მხარე გადავიდა სამხედრო დაპირისპირების ფაზაზე. კონკრეტული ფორმულაა ომის წარმოების ფაზები გროსსტრატეგიის დონეზე. ამ ფორმულის მიხედვით, მხარეები გადავიდნენ ბოლოს წინა ფაზაზე, კუნთების დემონსტრირებისა და მუქარების დონეზე. თუმცა, ამერიკის მუქარები პირდაპირ არ იყო რუსეთის წინააღმდეგ მიმართული.

- ასადის პოზიციების დაბომბვა რუსეთის მუქარად არ აღიქმება?

- პირდაპირ არა, მაგრამ ამერიკული მხარე დაინტერესდა, რუსეთს რა წვლილი ჰქონდა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში.

- მიუხედავად ასადის ბოლოდროინდელი დანაშაულისა, რომელიც ჩაიდინა მან ქიმიური იარაღის გამოყენებით, ლავროვმა განაცხადა, რომ ისინი აუცილებლად იბრძოლებენ ასადის შესანარჩუნებლად…

- ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთი ასადს არ მიატოვებს. რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო, მთლიანად დაფაროს სირიის საჰაერო სივრცე. ამ ეტაპზე რუსეთს ჰქონდა დაფარული ხმეინისა და ტარტუსის სამხედრო ბაზებით.

- ბოლო დროს ამერიკა არავითარ ქმედებებს აღარ ახორციელებდა ახლო აღმოსავლეთში. ასადმა რატომ გამოიყენა ქიმიური იარაღი? რაში სჭირდებოდა მას ქიმიური იარაღის გამოყენება?

- ასადს სურს რამდენიმე მიზნის მიღწევა. მას ჰქონდა გარკვეული მიზანი. ჯერ კიდევ ბაშარ ასადის მამამ ქიმიური იარაღი ორჯერ გამოიყენა – 1976 და 1982 წლებში, როდესაც იყო აჯანყება, გამოსვლა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მუსლიმანი ძმების ეგიდით. შესაბამისად, აჯანყება ჩაახშო. ასადის რეჟიმის მთავარი მიზანი იყო, როგორმე სწრაფად დაემთავრებინა, ჯიჰადისტებისა და მისი მოწინააღმდეგეებისაგან გაეთავისუფლებინა იდლიბის პროვინცია, რომელიც ხომსის პროვინციისა და ალეპოს დაკავების შემდეგ დაპირისპირების მეორე მთავარი ცენტრია. ამდენად, ასადის რეჟიმი გადავიდა იდლიბის პროვინციაში. ასადის რეჟიმის მთავარი იდეა იყო ქიმიური შეტევის განხორციელებით თავისი მოწინააღმდეგეები ფსიქოლოგიურად და მორალურად დაეშინებინა, შესაბამისად, გაენადგურებინა ისინი იმავენაირად, როგორც ეს მოხდა ხომსისა და ალეპოს მიდამოებში. ამ შემთხვევაში მეორე პროვინციის დაკავებაზეა საუბარი. ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღის გამოყენებითა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულით, ფაქტობრივად, საერთაშორისო საზოგადოება გამოიწვია, აღნიშნული ქმედებით ერთგვარი დაუმორჩილებლობა გამოავლინა. რადგან რუსეთი და ირანი მის გვერდით არიან, ასადის რეჟიმს ეგონა, გააკეთებდა იმას, რაც მოესურვებოდა.

- ქიმიური იარაღის გარეშე იდლიბის პროვინციას ვერ დაიკავებდა?

- ქიმიური იარაღის გარეშე მეორე პროვინციის დაკავება ცოტა რთული იქნებოდა. პროცესი გაიწელებოდა. შესაბამისად, ამ პროცესის გაწელვა არ აწყობდა არც ბაშარ ასადს, არც – კრემლს. შესაბამისად, ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთის ინტერესებიც იყო. უნდოდათ, ფსიქოლოგიური ზეწოლით მოწინააღმდეგეები გაეტეხათ, რაც მოახდინეს ალეპოს აღების დროს.

- რეალურად, დაიკავეს ტერიტორია ან ამ შემთხვევაში მიზანს მიაღწიეს?

- ქიმიური იარაღის გამოყენება, რა თქმა უნდა, იწვევს პანიკის დათესვას მოწინააღმდეგეებში და დემორალიზაციას. ასადის რეჟიმის მიზანი იყო, სიტუაცია საბოლოო კაპიტულაციამდე მიეყვანათ. ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ ამერიკელებმა განახორციელეს დარტყმა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ _ ხომსის რაიონში სამხედრო-საჰაერო ბაზა დაბომბეს. როგორც ჩანს, ქიმიური იარაღის მარაგები ასადის რეჟიმს შემონახული ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს რუსეთმა და ამერიკამ მიაღწიეს შეთანხმებას, სირიიდან ქიმიური იარაღი გაიტანეს და გაანადგურეს.

- შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქიმიური იარაღი ასადს რუსეთმა მიაწოდა?

- ასადისთვის რუსეთს ქიმიური იარაღის მიწოდება არ დასჭირდებოდა. მას ჰქონდა ქიმიური იარაღის დიდი მარაგი.

- ამერიკამ რამდენად ძლიერი დარტყმა განახორციელა?

- ამერიკელების დარტყმა მოუმზადებელი იყო. გასროლილი ფრთოსანი რაკეტები დაიკარგა, სამიზნემდე ვერ მიაღწიეს.

- ამერიკელების მოუმზადებლობა რით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული?

- ამერიკელები არ აპირებდნენ ასადის წინააღმდეგ ბრძოლას. საერთო მიზანი იყო ისლამური სახელმწიფოს განადგურება, ქიმიური იარაღის გამოყენებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება. დაპირისპირების შედეგად რუსეთი და ამერიკა გადავიდნენ ახალი ცივი ომის რეჟიმში.

- ასადის რეჟიმის ქმედებების შედეგად მომხდარი დაპირისპირებით ისლამური სახელმწიფო გაძლიერდა?

- რა თქმა უნდა, გაძლიერდა და გადავიდა კონტრშეტევაზე _ ტერაქტები განახორციელა ასტრახანში, სანკტ-პეტერბურგში, ეგვიპტეში და სხვაგან. ფაქტობრივად, ისინი კიდევ უფრო გააქტიურდნენ რუსეთისა და ევროპის მიმართულებით.

- როგორ ფიქრობთ, ასადის ქმედება რუსეთთან იყო შეთანხმებული?

- შეთანხმებული იყო, რა თქმა უნდა. არ არის გამორიცხული, სირიაში ქიმიური იარაღი რუსებმა გამოიყენეს და ასადის რეჟიმმა თავის თავზე აიღო. რუსებსა და ბაშარ ასადს უნდათ სირიაში ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნა და მოქმედების გეგმის შემუშავება.

- რუსეთს არ ესმოდა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ასადის რეჟიმი შესუსტდებოდა? მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება, რუსეთს სჭირდებოდა და შეგნებულად გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რომ შექმნილ ვითარებაში საფუძველი მისცემოდათ თავიანთი სამხედრო ძალების ახლო აღმოსავლეთში მობილიზებისა და ახალი სტრატეგიის შემუშავებისა?

- ამერიკის რეაქციით რუსული მხარე დაბნეულია. ასეთ რეაქციას არავინ მოელოდა. თუმცა, ამერიკელების დარტყმაც საკმაოდ მოუმზადებელი იყო. დარტყმა განხორციელდა უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარე, ვიდრე სამხედრო ტექნიკური ძლიერების საჩვენებლად.

- რუსეთისა და ამერიკის უშუალო დაპირისპირება მოსალოდნელია?

- რუსეთ-ამერიკის უშუალო დაპირისპირება მოსალოდნელია, თუმცა, იმედია, მხარეები აქამდე საქმეს არ მიიყვანენ.

რეზონანსი“, 12 აპრილი, 2017 წელი

საწვავის გაიაფებაზე ფიქრი წარსულს ჩაბარდა

ლარის გამყარება ერთადერთი ფაქტორია, რაც გაძვირებას აფერხებს

მარი ჩიტაია

საქართველოში საწვავის გაიაფების ტენდენცია გამოირიცხა. საერთაშორისო ბაზრებზე ფასი ლამის ყოველდღიურად მატულობს. ბოლო ორ კვირაში ნავთობპროდუქტები 12%-ით არის გაძვირებული. მიუხედავად ასეთი ტენდენციისა, ადგილობრივ ბაზარზე საფასო პოლიტიკა არ შეცვლილა. იმპორტიორებს ლარის კურსმა მისცა შესაძლებლობა, ამ ეტაპზე შედარებით დაბალი ფასი შეენარჩუნებინათ.

ბაზარზე ჯერ კიდევ არსებობს შედარებით ნაკლებ ფასში შემოტანილი პროდუქტის ნაშთი. ადგილობრივ მომხმარებელს საწვავი უახლოეს პერიოდში არ გაუძვირდება, მაგრამ გაიაფებაზე საუბარიც კარგა ხნით გადაიდო.

ბოლო პერიოდში უცხოურ ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ღირებულებამ 70 დოლარით მოიმატა. “პლატცის” მიხედვით, 1 ტონა ბენზინი ამჟამად 570 დოლარის ფარგლებშია, ხოლო დიზელი – 492 დოლარის დიაპაზონში.

უცნაურია, რომ საერთაშორისო ბირჟებზე საწვავის გაძვირება დოლარის გამყარების პარალელურად მიმდინარეობს, რაც, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე. სპეციალისტების შეფასებით, ფასზე გავლენა პოლიტიკურმა მდგომარეობამ მოახდინა, კერძოდ, სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა.

რაც შეეხება ნავთობპროდუქტების ფასს საქართველოში, ჩვენთან ჯერჯერობით სტაბილურობაა. ამ ეტაპზე “სოკარის” ქსელში “სუპერი” 2.44 ლარი ღირს, “პრემიუმი” 2.31 ლარად იყიდება, “ევრორეგულარის” ფასი 2.11 ლარია. “ლუკოილის” ქსელში “ევროსუპერი” 2,34 ლარი ღირს, “ევრორეგულარის” ფასი 2.04 ლარია და ამდენივე ღირს ევროდიზელიც.

იმპორტიორები არ გამორიცხავენ, რომ საწვავის გაძვირება გარკვეული პერიოდის შემდეგ ადგილობრივ ბაზარზეც აისახოს, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არსებული ფასების შენარჩუნება სავსებით შესაძლებელია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკური პროცესის გარდა, საერთაშორისო ფასზე გარკვეული გავლენა ლიბიის მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებამაც მოახდინა.

“საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატება სირიაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან არის დაკავშირებული. ამასთან, სერიოზული გავლენა იქონია ლიბიის გადაწყვეტილებამაც, რაც მოპოვების შემცირებას უკავშირდება. ლიბია გახლავთ ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა და მან მოპოვება საკმაოდ შეამცირა. ამ ორმა პროცესმა განაპირობა ის, რომ საწვავი გაძვირდა. ამიტომ გარკვეულ პერიოდში ფასმა დაიწყო ზრდა. როდესაც ფასი მატულობს, საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის კურსი მცირდება, თუმცა ამ კონკრეტულ პერიოდში ჩვენ არ გვაქვს ასეთი რეალობა. შეიძლება ითქვას, 2017 წლის განმავლობაში ნავთობის ფასი იყო არაპროგნოზირებადი. ამჟამად 1 ბარელი ნავთობი 56 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საწვავის ღირებულება 2 თვის წინანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა. დაახლოებით ამდენი ღირდა საწვავი იანვარ-თებერვალში. შესაბამისად, “პლატცის” ფასი, რომელზეც ჩვენ ვართ დამოკიდებული, მატულობს”, – განმარტავს ვნო მთვრალაშვილი.

ძირითადი ფაქტორი, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირებას აფერხებს, ლარის კურსია. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში მომხმარებელს საწვავი არ გაუძვირდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ფასი მატულობს, ჯერჯერობით კორექტირება არ იგეგმება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია ლარის კურსი, რომელიც გარკვეული დოზით აკომპენსირებს არსებულ ვითარებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უცხოურ ბაზრებზე ცვლილება მოკლე პერიოდში მოხდა. დიდი დრო არ გასულა და კომპანიებს აქვთ შედარებით იაფად შეძენილი პროდუქტის ნაშთები, რის გამოც ფასის შენარჩუნება ხერხდება. შემიძლია ვთქვა, რომ დღის წესრიგში არ დგას ნავთობპროდუქტების გაძვირება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ასევე კონკურენციის ფაქტორი. ახლა გადამწყვეტია, საით წავა ფასი უცხოურ ბაზრებზე და ტენდენცია რამდენ ხანს გაგრძელდება”, – განუცხადა “რეზონანსს” ვანო მთვრალაშვილმა.

იმპორტიორებს საფასო ცვლილებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევად მიაჩნიათ. როგორც კომპანია “სენტას” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე განმარტავს, ბოლო ორ კვირაში საწვავი 12%-ით გაძვირდა.

“საწვავის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ლამის ყოველდღიურად იზრდება. ბევრი ნაცნობი და უცნობი მიზეზია, აბსოლუტური სიზუსტით ვერავინ იტყვის, რა თამაშია და კონკრერტაულად რა განაპიროებებს ცვლილებას. ამჯერად გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ კურსი სტაბილურია და ფასის დაბალანსება ხერხდება. ეს ფაქტორი უდავოდ დადებითია, მაგრამ – ნაკლებად პროგნოზირებადი. არ ვიცით, ლარს სამომავლოდ რა ელოდება”, – აღნიშნა ზაალ იაკობიძემ.

რეზონანსი“, 12 აპრილი, 2017 წელი

ცემენტის, ბეტონისა და სხვა სამშენებლო მასალების შემოწმება იწყება

მონიპოლისტები არ უნდა ამოწმებდნენ სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ცემენტის ვარგისიანობას

ნათია ლომიძე

ბაზარზე ცემენტის ვარგისიანობის შემოწმება დაიწყება. კვლევას ისეთი კომპანიები აწარმოებენ, რომლებიც ბაზარზე დომინირებენ. სპეციალისტების შეფასებით, ცემენტის შემოწმება მისასალმებელია, თუმცა მას არ უნდა იკვლევდეს ორგანიზაცია, რომელსაც იმავე დარგში კერძო ინტერესი გააჩნია.

ცემენტის ასოციაციამ ბაზრის კვლევა დაიწყო და შედეგებს მაისში წარადგენს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში კვლევა 30 ნიმუშს ჩაუტარდება, რომლებიც ბაზარზე შეიძინეს ბრმა ტესტირებისთვის. ექსპერტიზის პასუხებს მინიმუმ 28 დღეს სჭირდება. ასოციაცია ცემენტის ხარისხს ყოველ სამ თვეში შეამოწმებს და შესაბამისი ხარისხის ნიშნებს მიანიჭებს. “ჯიბისის” ინფორმაციით, ერთი წლის შემდეგ, ცემენტის გარდა, ბეტონისა და სხვა სამშენებლო პროდუქციის ხარისხსაც შეამოწმებენ.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ პირველადი ვიზუალური დათვალიერებითაც ჩანს, რომ პროდუქციის ნაწილი ხარისხს არ აკმაყოფილებს. ცემენტის ასოციაცია “კავკაზ ცემენტმა” და “ჰაიდელბერგცემენტმა” ერთად დააფუძნეს. მასში გაწევრიანება ნებისმიერ ადგილობრივ მწარმოებელს შეუძლია.

ცემენტის ხარისხის შემოწმებას მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციის “მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე, თუმცა იქვე ხარვეზზეც ამახვილებს ყურადღებას. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, შემოწმებას უნდა ახორციელებდეს ისეთი კომპანია, რომელსაც ამ ბიზნესში თავადაც არ ექნება მზარდი ინტერესი, რადგან დიდია მიკერძოების ალბათობა.

„ძალიან კარგია, თუ დაადგენენ ცემენტის ხარისხს. ბოლო პერიოდია, შემოწმებისთვის ყველა რეგულაცია მოხსნილია. იურიდიულად არ გაქვს უფლება, შეხვიდეთ კომპანიებში და როგორც მათი საქონელი, ასევე საწარმოს პროცესი გამოიკვლიოთ. თუ ამ რეგულაციას აღადგენენ, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ზოგიერთ მცირე ფირმას არ აქვს საშუალება, რომ თავად შეამოწმოს საკუთარი პროდუქცია. ეს კიდევ უფრო ზრდის მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის აუცილებლობას. არსებობს გარკვეული წინააღმდეგობაც. თუ ბაზარს “ჰაიდელბერგისა” და “კავკაზ ცემენტის” მიერ დაფუძნებული ასოციაცია გამოიკვლევს, ინტერესთა კონფლიქტი წარმოიქმნება, რადგან ისინი უშუალოდ კონკურენციაში არიან მცირე საწარმოებთან. რასაკვირველია, ყველანაირ შემოწმებას მივესალმები, თუმცა არ უნდა დაიჩაგროს სხვა კომპანია. „ჰაიდელბერგი» ბაზრის მონიპოლისტია და ის არ უნდა ამოწმებდეს სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ცემენტის ვარგისიანობას. მათი საბოლოო კვლევა მიკერძოებული იქნება. ამისთვის საჭიროა, ნეიტრალურმა ასოციაციამ მოახდინოს ხარისხის კონტროლი.

მნიშვნელოვანი საკითხია ცემენტის სიმტკიცესა და მარკიანობაზე შემოწმება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მისი ნორმალური სისქელე, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას (ცემენტს უნდა ჰქონდეს მინიმალური წყალმომთხოვნელობა). როდესაც მას ყიდულობს მომხმარებელი, მარკასთან ერთად მითითებული უნდა იყოს სისქელის მაჩვენებელი. ამას ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს. არადა, მნიშვნელოვანი საკითხია”, – განუცხადა “რეზონანსს” ანზორ საკანდელიძემ. მანვე ასევე ბეტონის ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დეველოპერები ხშირად არღვევენ მისი სწორად გამოყენების წესს. მშენელობის დროს ბეტონის არასწორად მოხმარება ნაგებობების სისუსტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

„ყველაზე მეტი საშიშროებაა, როდესაც ბეტონი მიდის ობიექტზე ტუმბოებით და ხდება ობიექტზე მისი გადატუმბვა. ქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობაა, თუმცა რაც უფრო მაღალია კორპუსი, ბეტონთტუმბო ვერ უმკლავდება შესქელებულ ბეტონს და სწორად ვერ მიაქვს სიმაღლეზე ის მასა, რაც ვარგისია მშენებლობისთვის. როდესაც ბეტონი მიაქვთ მზიდებს, ადგილზე აქვთ წყლის ავზები და უმატებენ წყალს. ეს კატეგორიულად არ შეიძლება. ბეტონი, რომელიც ქარხნიდან წავიდა, ხელუხლებლად უნდა გამოიყენონ. როდესაც მას დაემატება წყალი, სიმტკიცე მაშინვე იკლებს.

როდესაც ყალიბში ასხამენ ბეტონს, აუცილებლად უნდა გამოიყენონ სპეციალური გამამკვრივებელი ხელსაწყოები, რომ თანაბრად მოხდეს მისი დაბეტონება. საქართველოში ამ აპარატს არავინ იყენებს, პირდაპირ ხდება ბეტონის ჩასხმა და “დახიშტვა”. გამკვრივების გარეშე ყალიბში დაბეტონება მას უკარგავს სიმტიკეს. აი, ეს არის სუსტი მშენებლობების ერთ-ერთი მიზეზი და ესეც ცალკე შემოწმებას მოითხოვს”, – აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ.

Comments are closed