globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 12 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 12th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: არსებობს თუ არა ნატოს გაფართოების პერსპექტივა?

„ახალი თაობა“: იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს უახლოვდება“

„ახალი თაობა“: თინა ხიდაშელი: „ძლიერი ჯარი მშვიდობისათვის გვჭირდება“

რეზონანსი: ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ

რეზონანსი: ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: “რიგის სამიტზე ვერც უვიზო მიმოსვლას და ვერც ევროპერსპექტივას ვერ ვიღებთ”

რეზონანსი: „ჯარისკაცის მამა” სოხუმში ჩატეხილი ხიდის აღსადგენად? „სანამ გეოპოლიტიკა არ შეიცვლება, არაფერიც არ იქნება. სახალხო დიპლომატია არის ზღაპარი“

„ალია“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ევროგაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, დღესვე რომ მიგიღონ ევროგაერთიანებაში, თქვენს ეკონომიკას საშინელი დარტყმა მიადგება“

———————-

რეზონანსი“, 12 მაისი, 2015 წელი

რსებობს თუ არა ნატოს გაფართოების პერსპექტივა?

ლიკა ამირაშვილი

რაც მოხდა და ხდება უკრაინაში, ყველაზე კარგი დასტურია იმისა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები კიდევ უფრო მეტი სითამამით უნდა უყურებდნენ ნატოს გაფართოების არა თუ პერსპექტივას, არამედ აუცილებლობას, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმზე გააკეთა.

უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო აუცილებელი კომპონენტია მშვიდობიანი და სტაბილური ევროპისათვის. “საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობის წარმომადგენლებს არ დაგვიმალავს, რომ ნატოს უელსის სამიტიდან მეტს ველოდით, მაგრამ ახლა ჩვენ მობილიზებული ვართ იმის იმპლემენტაციაზე, რაც მივიღეთ. ამ პროცესში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია – მათ შორის, უშუალოდ ყოვლისმომცველი პაკეტის სხვადასხვა ღონისძიებებში მას კონკრეტული ფუნქციები დაეკისრა. გვსურს ვირწმუნოთ, რომ კითხვები, რომლებიც ძირითადად უკავშირდებოდა არა თავად საქართველოს მზაობას ნატოში სწრაფი ინტეგრაციისკენ, არამედ სხვა პროცესებს რეგიონში და მის მიღმა, იქნება ადეკვატურად შეფასებული, დასკვნები იქნება გაკეთებული არა იქეთკენ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად უნდა შეყოვნდეს, რადგან ეს რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის უფრო სწორია, არამედ პირიქით – პროცესი უნდა დაჩქარდეს. ეს უფრო ადეკვატური პასუხია იმ მოვლენების ფონზე, რაც რეგიონში განვითარდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით მეტი იმუშაოს და არგუმენტები კიდევ უფრო მეტად დაასაბუთოს.

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა ნატოს გაფართოების პერსპექტივა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): უახლოეს 1-2 წელიწადში ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მიმაჩნია, რომ ნატო არ გაფართოვდება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. 3-4 წლის შემდეგ რა იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ წუთას ვფიქრობ, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება.

ლაშა ჩხარტიშვილი  (უფლებადამცველი): ვფიქრობ, ნატოს გაფართოების პერსპექტივა არსებობს, თუმცა, თავისთავად მსოფლიოში პოლიტიკურ ბალანსზეა დამოკიდებული. ამის გარდა, ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი ვალდებულებები გვაკისრია, მათ შორის იმ ვალდებულებებს გამოვყოფდი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ეხება, რომელიც არამარტო ჩვენთვის, არამედ ნატოსთვისაც მნიშვნელოვანია.

ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო “სუფთა პოლიტიკა”): ნატოს გაფართოების პერსპექტივა არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება არსებობს, რომ მათ სურთ, ნატოს წევრები გახდნენ. მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენთან რუსული პროპაგანდა არსებობს, რომელსაც განეიტრალება სჭირდება, რასაც მხოლოდ ინდივიდები ვერ მოახერხებენ. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობა, იმისათვის, რომ რუსეთის ასეთი აგრესიული პროპაგანდა განეიტრალდეს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მესვეურების მხრიდან პასიურ მოქმედებებს ვხედავთ.

საბოლოო ჯამში ის ძალები, რომლებიც უფრო აქტიურად ცდილობენ, საქართველოში ევრაზიული კავშირის იდეა აამუშაონ, სასურველ შედეგს აღწევენ, ეს გამოკითხვებშიც აისახა.

თუ ქვეყნის მოსახლეობა მყარად არ იდგება იმ აზრის გარშემო, რომ ჩვენ ნატო გვინდა, მაშინ ეს გაერთიანებები ჩვენს მისაღებად არაფერს არ გააკეთებენ.

იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): ამ ეტაპზე ნატოს გაფართოების არავითარი პერსპექტივა არ არსებობს. მაღალ სტრუქტურებში, რომელთაც ნატოს სადავეები ხელთ უპყრიათ, არავითარი ნატოს გაფართოება არ იგეგმება. ევროპის წამყვანი ქვეყნები, დიდი ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა სახელწიფოები ჯერჯერობით თავს იკავებენ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს.

საქართველოს აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, რადგან ეს პრობლემა არსებობს და პრობლემის უკან რუსეთი დგას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებას შეეცდება, კონფლიქტია მოსალოდნელი, რადგან ძალისმიერი მეთოდების გარეშე ჩვენ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებას ვერასდროს ვერ შევძლებთ. თუ ასე დაბრუნება არ მოხდა, მაშინ ოსეთსა და აფხაზეთსაც უნდა დავემშვიდობოთ, აი, ასეთ პრობლემურ ქვეყანას, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა გართულებული აქვს, ნატოში არ მიიღებენ.

„ახალი თაობა“, 12 მაისი, 2015 წელი

იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს უახლოვდება“

სტატიაში, რომელიც ინფორმაციული ხასიათისაა, გადმოცემულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრების დეტალები.

როგორც მასალაშია აღნიშნული, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ერთობლივი საერთაშორისო მიზნები. გიორგი მარგველაშვილმა აქცენტი გააკეტა იმ პროგრესზე, რომელიც საქართველომ ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე განიცადა.  საუბრის თემა იყო აგრეთვე ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს, საოკუპაციო ზოლში მავთულხლართების ინსტალაციის გაგრძელებას და ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სეპარატისტულ ხელისუფლებებთან რუსეთის მიერ.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იენ სტოლტენბერგს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ნატო იჩენს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და ასევე იმ განცხადებებისათვის, რომლებიც ალიანსის გენმდივანმა ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმების შეფასებისას გააკეთა.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა  საქართველოს არმიის მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში  და მათ წვლილზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

როგორც ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პორეს-კონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო ნატოს უახლოვდება. ჩვენ ველით, რომ საქართველო ამ მიმართულებით სვლას გააგრძელებს. მისი თქმით, ნატო საქართველოს დაეხმარება, რათა ქვეყნის თავდაცვა უფრო მოდერნიზებული იყოს. „გასულ წელს ჩვენ უელსის სამიტზე ჩვენ საქართველოს შევთავაზეთ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი… ეს ინიციატივა ახლა უკვე ხორციელდება. ჩვენი სამხედროები საქართველოს რეფორმების გატარებაში ეხმარებიან, იქმნება აგრეთვე ერთობლივი საწრთვნელი ცენტრიც… ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს იმისთვის, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო ოპერაციებში.

ჩვენ მივესალმებით თქვენს ამბიციურ გეგმებს, მხარს გიჭერთ დემოკრატიული რეფორმების გაღრმავებაში, რომელიც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და სამართლის უზენაესობის დაცვის პრინციპებს ეხება, – განაცხადა ნატოს გენმდივანმა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას იმ გზაზე, რასაც ჰქვია ქვეყანაში ღირებულებებისა და ფასეულობების გამყარება. იმ ღირებულებებისა, რაზედაც ალიანსი დგას.

ნატიოს გენერალური მდივანი საქართველოს ალიანში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო: „საქართველო გახდება თუ არა ალიანსის წევრი, ეს მხოლოდ საქართველოსი და ნატოს წევრი 28 სახელმწიფოს გადასაწყვეტია“, – განაცხადა მან.

„ახალი თაობა“, 12 მაისი, 2015 წელი

თინა ხიდაშელი: „ძლიერი ჯარი მშვიდობისათვის გვჭირდება“

სტატიაში გადმოცემულია თბილისში, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დაწყებული ქართულ-ამერიკული სამხედრო წრთვნების ამსახველი ინფორმაცია, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრის განცხადებებზე.

„ვფიქრობ, რომ ეს სწავლება რამდენიმე მიზეზით არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გვყავს არა უბრალოდ პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით, არამედ ძალიან დიდი გულშემატკივარი და მეგობარი, რომელიც მზადაა ნებისმიერი სახით დაეხმაროს ქართულ სახელმწიფოს გაძლიერებაში. ჩვენ არავისთან ომს არ ვგეგმავთ, ჩვენ მშვიდობისათვის ვემზადებით. სწორედ ამიტომ გვჭირდება ძლიერი ქართული ჯარი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თინა ხიდაშელი შეეხო აგრეთვე რუსეთის შესაძლო გაღიზიანების საკითხს. მისი თქმით, რუსეთი გაღიზიანებულია იმით, რომ საქართველო არსებობს. „ეს ფურცელი უნდა დავხუროთ. რუსეთისთვის ისიც გამაღიზიანებელია, ახლა რა ენაზეც ვსაუბრობ.დღეს მნიშვნელოვანი დღეა და არაა საჭირო ხასიათი გაფუჭება რუსეთის რეაქციაზე ფიქრით“, – აღნიშნა მინისტრმა.

რეზონანსი“, 12 მაისი, 2015 წელი

ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ

“რბილი ძალა” და იდეოლოგიური ბრძოლა ტანკების სანაცვლოდ

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

რუსეთმა ტანკებით ბრძოლას იდეოლოგიური ომი დაუმატა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპასა და ამერიკაში აწარმოებს – ამ მოსაზრებას გამოთქვამენ პოლიტოლოგები ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას და დასძენენ, რომ ჰიბრიდული ბრძოლა ბევრად უფრო საშიში და ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი ომები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შორის არაერთხელ ვიხილეთ. ხმაურიანი 9 მაისის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართული პრო და ანტირუსული ძალების მიერ ორგანიზებული აქციების, რუსი ბაიკერების, “ღამის მგლების”, ვოიაჟებისა და, ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში მომძლავრებული ევრაზიული კავშირის მომხრეების შემხედვარე, სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული.

ხელისუფლების შეცვლა და მეტ-ნაკლებად თავისუფალი გარემო, მძიმე სოციალური ფონი და უკმაყოფილო მოსახლეობა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სკეპტიციზმი – სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს, მათი აზრით, პრორუსების, როგორც ალტერნატიული ძალების, აღორძინებას. მათ უკან კი, ექსპერტების აზრით, შესაძლოა, იდგეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე ძალა, რომლებიც, რა თქმა უნდა, რუსეთისაგან საზრდოობენ.

პოლიტოლოგ-ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძის თქმით, 2012 წლიდან დღემდე მათი აქტიურობა სულ უფრო მზარდია. “შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში ვიმყოფებით. მას რამდენიმე გამოკვეთილი ნიშანი ახასიათებს – საინფორმაციო ველის ფლობა და კონტროლი, რუსული პროპაგანდის გატარება, რომლის მთავარი მესიჯი ისაა, რომ დასავლეთი უვარგისია და საქართველოს მან ხელშესახები შედეგი არ მოუტანა და, ამასთანავე, უპერსპექტივოა, რომ იგი საქართველოს ტრადიციებსა და მორალს ებრძვის და ა.შ. მეორე ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, ეკონომიკური ხასიათისაა და მასაც რამდენიმე განშტოება აქვს – კულტურული, პოლიტიკური და ბიზნესელიტების მოსყიდვიდან დაწყებული, რისი ნიშნებიც საქართველოში აშკარად გვაქვს, აქციებით დამთავრებული, რომლებიც ცალკე აღებული შესაძლოა განსაკუთრებული საშიშროების მომტანი არ იყოს, მაგრამ კომპლექსში უკვე საშიშია. ისლამური ტერორიზმიც კი, რომელიც რუსეთსაც ემუქრება, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ხელში იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს – პანკისში სიტუაციის გართულება, ფუნდამენტური ისლამის ხელშეწყობა, ამ ნიადაგზე რელიგიური დაპირისპირების გამოწვევა და ა.შ. ეს ყველაფერი რუსეთის ხელში მასიური იარაღია,” – აცხადებს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა და საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი “რბილი ძალის” გამოყენებით გავლენის სფეროების გაფართოებას ცდილობს. ამბობს, რომ იგი პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპასაც ემუქრება. გერმანიაც კი, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში წამყვანი ქვეყანაა, ლაგაზიძის თქმით, ბიზნეს და პოლიტიკურ ინტერესებს შორის შიდა დაპირისპირებებით იხლიჩება. რუსეთის გააქტიურების შედეგია ის, რომ ევროკავშირში ისეთი შეუთანხმებლობაა, როგორიც აქამდე არასოდეს ყოფილა. დღეს ძნელია, ევროკავშირს ერთიანი ორგანიზმი უწოდო. ეს სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი მის შიგნით პარტნიორებსა და განხეთქილების ვაშლს აქტიურად ეძებს”, – აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

პრორუსი ძალების გააქტიურებაზე საუბრობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც და ამბობს, რომ ამას ხელს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი და პოლიტიკური სიტუაცია უწყობს. მისი თქმით, მოსახლეობაში საქართველოს სტრატეგიულ კურსთან დაკავშირებით გარკვეული პესიმიზმი იგრძნობა, რასაც პრორუსული ძალები როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ კარგად იყენებენ.

პოლიტოლოგის აზრით, ამას ემატება ისიც, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში უპრობლემოდ მუშაობს, განსაკუთრებით ხელისუფლების შეცვლის შემდგომ. ისინი განსაკუთრებით წარმატებით მუშაობენ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და თუ მათ მიერ მიღწეულ შედეგებს გადავხედავთ, მათში პრორუსულად მოაზროვნე ადამიანების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია.

“იგივე ეხება საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასაც და თუნდაც ტვშ-ს კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 31% ევრაზიულ კავშირში შესვლის წინააღმდეგი არ არის. ფაქტია, რომ მთლიანობაში ეს რუსეთის ინტერების საქართველოში განხორციელებას ხელს უწყობს. პრორუსული ძალები მომავალი არჩევნებისათვის საკმაოდ ნაყოფიერ ნიადაგს იმზადებენ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი გარკვეულწილად გაიხლიჩოს. რასაც რუსეთმა თუნდაც 2008 წლის ომის შემდეგ ვერ მიაღწია”, – აღნიშნავს კაკაჩია. მისივე თქმით, მხედველობაში მისაღებია უსაფრთხოების ფაქტორიც, კერძოდ კი ის, რომ როცა მოსახლეობა ხედავს, თუ როგორი დაუცველია უკრაინა და რომ დასავლეთი მას რეალურად ვერ ეხმარება, ფიქრობს – ხომ არ ჯობია, საქართველომ რუსეთთან მიმართებაში ე.წ. მიტმასნების პოლიტიკა აწარმოოს და დაპირისპირების ნაცვლად ნაკლებად შედარებით დამთმობი პოლიტიკა გაატაროს. იმის გათვალისწინებით კი, რომ რუსულმა “რბილმა ძალამ” უკვე ევროპულ და ამერიკულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრშიც შეაღწია, კაკაჩია ამბობს, რომ იქ უკვე დიდი ხანია მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ დაუპირისპირდნენ რუსულ პროპაგანდას. ბოლოდროინდელ განხილვებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დასავლეთში ამაზე უკვე დაფიქრდნენ. როგორც ვიცი, ამისათვის რამდენიმე მილიონიცაა გამოყოფილი. მათ შორის რუსულენოვან სატელევიზიო მაუწყებლობაზეცაა საუბარი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის რუსულენოვან მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას გადასცემდა”, – აღნიშნავს იგი.

პრორუსული ძალების გააქტიურებაში ხელისუფლების “წვლილს” ხედავს “კავკასიური სახლის” დირექტორი გიორგი კანაშვილი და ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მათ წინააღმდეგ რეპრესიულ მეთოდებს არ იყენებს, რაც წინა ხელისუფლების დროს ნამდვილად ხდებოდა.

“ეს ჯგუფები, მისი თქმით, მანამდეც არსებობდნენ, მაგრამ გამოჩენას ვერ ბედავდნენ. შედარებით დემოკრატიული ხელისუფლებისა და უშუალო საფრთხეების არარსებობის ფონზე კი გააქტიურდნენ. ეს, მისი თქმით, ბუნებრივი პროცესია. ჩვენი დაკვირვებით, ისინი განსაკუთრებულ ძალას არ წარმოადგენენ. არც განსაკუთრებული დაფინანსება აქვთ. უბრალოდ ისინი არიან მარგინალური ჯგუფები, რომლებიც განვითარებულ ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ. ეს ჯგუფები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთთან მაინცადამაინც მჭიდრო კომუნიკაციაში არ არიან. რუსეთიდანაც შესაძლოა სხვადასხვა ძალებისაგან ფინანსდებოდნენ.

ამას შეიძლება იდეოლოგიური ბრძოლა დავარქვათ და “რბილ ძალას” დავუკავშიროთ, რომელსაც დასავლეთიც იყენებს. ვფიქრობ, ამ ძალების წარმატება ან წარუმატებლობა მხოლოდ ერთ სვლასთან და მხოლოდ მათ აქტივობასთან არაა დაკავშირებული. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებული იქნება ზოგადად საქართველო. რამდენად დაინახავს საქართველოს მოსახლეობა დასავლეთთან ინტეგრაციის სიკეთეებს. თუ ვიზალიბერალიზაციით და სხვა საკითხებში დასავლეთთან ურთიერთობა წინ არ წაიწევს და მოსახლეობა ამ პროგრესს არ დაინახავს, შეიძლება ეტაპობრივად ქვეყანაში მართლაც გაჩნდნენ ძალები, რომლებიც მოსახლეობაში ფართო დასაყრდენს მოიპოვებენ. ზოგი ისედაც ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ხსნა ევროპასთან კი არა რუსეთთან უკეთეს ურთიერთობასა და ვაჭრობაშია. ასე რომ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი მხრივ, იმაზე, თუ ჩვენ როგორ ვიმუშავებთ და, მეორე მხრივ, იმაზე, თუ რამდენად წარმატებულები ვიქნებით დასავლეთთან ინტეგრაციაში”, – აღნიშნავს გიორგი კანაშვილი.

რეზონანსი“, 12 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ვიქტორ დოლიძესთან: “რიგის სამიტზე ვერც უვიზო მიმოსვლას და ვერც ევროპერსპექტივას ვერ ვიღებთ”

იაგო ნაცვლიშვილი

(შემოკლებით)

“სამწუხაროდ, რიგის სამიტზე პროგნოზი დამაიმედებელი აღარ არის. გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ 15 პუნქტიანი მოთხოვნიდან კარგად მხოლოდ შვიდი შეასრულა. დარჩენილი 8 მოთხოვნიდან ოთხი ნაწილობრივ არის შესრულებული და ოთხი ნახევრად. იცით, რომ ნახევრად შესრულებული მოთხოვნები ევროკავშირს არ აკმაყოფილებს.

„რეზონანსს საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე ესაუბრება.

(…)

ახლოვდება რგის სამიტი. რას ელოდებით სამიტზე ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში?

– სამწუხაროდ, პროგნოზი დამაიმედებელი აღარ არის. გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ 15-პუნქტიანი მოთხოვნიდან კარგად მხოლოდ შვიდი შეასრულა. დარჩენილი 8 მოთხოვნიდან ოთხი ნაწილობრივ არის შესრულებული და ოთხი ნახევრად. იცით, რომ ნახევრად შესრულებული მოთხოვნები ევროკავშირს არ აკმაყოფილებს. ეს ძალიან ცუდია.

რა მიმართულებით ვერ შეძლო დაკისრებულ ამოცანაზე თავის გართმევა ხელისუფლებამ?

– ეს უკავშირდება მიგრაციის პოლიტიკას, ტრეფიკინგს, ნარკოტიკისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის სამოქმედო გეგმის წარდგენას. ეს ეხება როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს ოთხი საკითხია, სადაც სერიოზული პრობლემებია, საჭიროა დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ამ პესიმიზმის მიუხედავად, ბრძოლის შეწყვეტა არ შეიძლება. ნუ ვიტყვით იმას, რომ ამით ყველაფერი მთავრდება. ცუდია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გადაიდო, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. შეიძლებოდა ბევრად მეტის მიღწევა, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და იძახიან, რომ ეს რიგის სამიტზე არ გვქონდა დაგეგმილიო. მაგრამ მათ ძველ განცხადებებს რომ გადახედოთ, დაინახავთ, რომ ვიზალიბერალიზაციას რიგის სამიტზე ელოდნენ.

ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი „თავისუფალ დემოკრატებს აბრალებს-ხოლმე, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისინი აკეთებდნენ ასეთ პროგნოზებსო…

– თუ ჩვენ გვაბრალებენ, სწორს აკეთებენ. ის ფუნდამენტი მოვამზადეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ წამოვედით ხელისუფლებიდან და, სამწუხაროდ, ეს გზა შენელდა.

შეგიძლიათ თქვათ, ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყავით, მაშინ ეს პუნქტებიც შესრულდებოდა?

– არ მიყვარს ყოყლოჩინობა. რა იქნებოდა და როგორ, ამას ვითარება აჩვენებდა. მე ვიცი ერთი, რომ გნებავთ ნატოს, გნებავთ ევროკავშირის მიმართულებითა ჩვენ მყარი ნიადაგი მოვუმზადეთ. არ ვიცი, ამაზე მეტი რა უნდა გაგვეკეთებინა. შედეგი კი არც თუ სახარბიელოა. ვერ ვიღებთ ვერც უვიზო მიმოსვლას და ვერც ევროპერსპექტივას. მაგრამ იმაზე საუბარი, ჩვენ რომ ვყოფილიყავით, როგორც იქნეოდა, არასწორად მიმაჩნია. მგონია, რომ ჩვენი ყოფნის შემთხვევაში ყველაფერი უკეთ იქნებოდა.

მე მიყვარს კონკრეტიკა, გახსოვთ, რომ ამ თემაზე ორჯერ გავმართე ბრიფინგი, სადაც ვისაუბრე მიგრაციის და თვშესაფრის პრობლემებზე, ანუ იმ საკითხებზე, რაზეც დღეს ევროკავშირი საუბრობს. გამოჩნ:და, რომ მაშინ მართალი ვიყავი. მინდა გითხრათ, რომ ეს არ მახარებს. პირველი მე ვიქნები, ვინც ამ ხელისუფლებას ტაშს დაუკრავს ევროპასთან დაახლოებით გზაზე. მაგრამ არ არის და თავს ხომ არ მოვიტყუებ.

თქვენმა ყოფილმა თანაპარტიელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ჩვენ შთამომავლობას დავუტოვებთ ინსტიტუციურ დემოკრატიასო. ხედავთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით?

– მოვისმინე თეას ეს განცხადება, გამიხარდება, თუ ამას მოახერხებს, მითუმეტეს იუსტიციის მინისტრს აქვს მყარი ბერკეტი, რომ ინსტიტუციური აღმშენებლობის თვალსაზრისით თავისი კვალი დატოვოს. მაგრამ რომელ ინსტიტუტებზე ვსაუბრობთ, როდესაც ერთპიროვნული მმართველობაა. ინსტიტუციური დემოკრატია ამ ვითარებაში არ შენდება.

რეზონანსი“, 12 მაისი, 2015 წელი

ჯარისკაცის მამასოხუმში ჩატეხილი ხიდის აღსადგენად?

სანამ გეოპოლიტიკა არ შეიცვლება, არაფერიც არ იქნება. სახალხო დიპლომატია არის ზღაპარი

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონშიც აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით სოხუმში გაიმართა ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც ნაჩვენები იყო “ჯარისკაცის მამის” ფერადი ვერსია. ამის შესახებ „რეზონანსს“ მოძრაობის – „დაბრუნება“ წევრმა ლევან ფიფიამ აცნობა.

(…)

საზოგადოების ნაწილის მხრიდან ამას დადებითი შეფასება უკვე მოჰყვა – ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის დათმობაზეც ალაპარაკდნენ, თუმცა თავად გალელები ამას გამორიცხავენ.

სახალხო დიპლომატიას ზღაპარს უწოდებს მოძრაობის – „დაბრუნებას“ წევრი ლევან ფიფია. მისი თქმით, სანამ რუსეთსა და საქართველოს შორის გეოპოლიტიკა არ შეიცვლება, მანამდე აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხიილ ხიდი არ აღდგება.

„ფილმის ჩვენება ადრევე იყო დაანონსებული და მას ხაჯიმბას განკარგულებაც არ დასჭირვებია, უბრალოდ 9 მაისთან დაკავშირებით მისი დემონსტრაცია მოხდა. რეზო ჩხეიძე ნამდვილად იყო მიწვეული, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

„ურთიერთობის დათბობა გამორიცხულია. რომ ამბობენ, თითქოს ჩვენ მათთვის ვიქნებით მიმზიდველები, ზღაპარია. სანამ გეოპოლიტიკა არ შეიცვლება, არაფერიც არ იქნება. ვგულისხმობ რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკას, სახალხო დიპლომატია არის ზღაპარი“, – გვითხრა ფიფიამ.

(…)

გალში გამარჯვების დღე ნაკლები პომპეზურობით აღნიშნეს, როგორც „რეზონანსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა უთხრა, დე-ფაქტო ადმინისტრაციამ მხოლოდ ვეტერანებს უმასპინძლა და მათ პატარ-პატარა საჩუქრები გადასცა.

„ჩვეულებრივი აღვნიშნეთ, როგორც წინა წლებში ხდებოდა. როგორც ვიცი, ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლები შეხვდნენ ომის ვეტერანებს და პატარ-პატარა საჩუქრები გადასცეს – ანუ ელემენტარული ყურადღება გამოხატეს. ამბობენ, რომ სოხუმში უფრო გრანდიოზულად აღნიშნეს, თუმცა ზუსტად რა ხდებოდა, ვერ გეტყვით“, – გვითხრა ადგილობრივმა და გალში არსებულ სხვა პრობლემებზეც გვესაუბრა: „ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ე.წ. საზღვარზე გადასვლა გართულებულია. გალელები შემოვლითი გზითაც კი ვეღარ ვახერხებთ გადაადგილებას. ე.წ. საზღვარზე ახლა უკვე რუსი „მესაზღვრეები“ დგანან და ატარებენ იმათ, ვისაც წითელი საბჭოთა დროინდელი პასპორტები აქვთ. მოგეხსენებათ, 90-იანი წლების შემდეგ ეს აღარ გაიცემა, შესაბამისად, ახალგაზრდებს არცერთს არ აქვს“. მისი თქმით, აფხაზებსა და ქართველე:ბს შორის ურთიერთობის დათბობა გამორიცხულია და ეს უახლოეს ხანში მოსალოდნელი არ არი.

„ურთიერთობის დათბობა მოჩვენებითია, იმიტომ, რომ ფილმის ჩვენებით ურთიერთობა არ დალაგდება. მისი ელემენტბი ჯერჯერობით არ შეინიშნება და არც უახლოეს ხანში, მგონია, ეს მოგვარდეს, ძალიან რთული ვითარებაა, რუსეთი ყველაფერში ხელს გვიშლის“, – გვითხრა მან.

„ალია“, 12 მაისი, 20015 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ევროგაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, დღესვე რომ მიგიღონ ევროგაერთიანებაში, თქვენს ეკონომიკას საშინელი დარტყმა მიადგება

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაციას არ მოგვანიჭებენ იმის გამო, რომ საქართველო ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს. არის პოლიტიკური დევნა და ისეთი პრეტენზიები, რაც აშორებს ჩვენს ქვეყანას ევროპასთან.

„ალია“ გთავაზობთ ინტერვიუს კანცელარიის ყოფილ უფროსთან, პეტრე მამრაძესთან, რომელიც მუდმივ კონტაქტშია ევროპელ დიპლომატებთან. მაშ ასე, რა ინფორმაციებს ფლობს იგი რიგის სამიტთან დაკავშირებით…

- რიგის სამიტთან დაკავშირებით, არცთუ სახარბიელო მოლოდინებია, ამ კუთხით რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ?

- დიდი შეცდომაა, რომ „განაცებული“ „ქოცები“ აჰყვნენ „ნაცების“ ტყუილებს და თავიდანვე არ ახსნა ხელისუფლებამ ადეკვატურად, რა არის ჩვენი მიზნები ევროპასთან ინტეგრაციის მხრივ. რას უნდა ველოდოთ რეალურად ამისგან? მოკლედ, ამ ყველაფრის ნაცვლად, განაგრძეს ამ თემის საშინელი გაზვიადება. ერთ მაგალითს მოვიყვან, ჩვენ კარგად გვახსოვს, რა აჟიოტაჟი იყო ევროგაერთიანებასთან, ასოცირებასთან და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, ეს დაიწყო ამ ამაზრზენი კინკლაობით პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, სადაც პრეზიდენტი დამნაშავე იყო, სხვათა შორის, ვიდრე პრემიერი, რადგან ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა სწორედ პრემიერის პრეროგატივა იყო და არა პრეზიდენტის. საბოლოო ჯამში, „შალახოს“ თანხლებით ხელი მოეწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამას მოჰყვა განცხადებების ტალღა, არიქა, ევროპაში შევდივართ, ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების წერილი, სერგი კაპანაძის, ლევან ბოძაშვილის, ესენი პროფესიონალები არიან და წერილში წერდნენ, თუ პარლამენტი თავის დონეზე არ აღმოჩნდება და ზომებს არ მიიღებენ, შესაძლოა, ძალიან ცუდად განვითარდეს პროცესიო.

შარშან აგვისტოდან მოყოლებული ათობით მილიონ დოლარს კარგავს საქართველო სწორედ ამ ხელშეკრულების გამო, იმის გამო, რომ ვაჭრობის სფეროში გადასახადებიდან განთავისუფლდა მხოლოდ მეორე მხარე. ჩვენგან მაინც არაფერი გადიოდა, არც გადის და ვზარალდებით ჩვენ. პროფესიონალი დიპლომატების რეკომენდაციაში შავით თეთრზე წერია, ახლა უკვე სხვა გზა არ არის და საქართველოს მთავრობამ უნდა სთხოვოს ევროგაერთიანებას, რომ ცალმხრივად მაინც შეაჩერონ ეს ხელშეკრულება, თორემ ძალიან დავზარალდებით. ევროგაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, დღესვე რომ მიგიღონ ევროგაერთიანებაში, თქვენს ეკონომიკას საშინელი დარტყმა მიადგება, მე ვკითხულობ, ჯერ ჩვენი ეკონომიკა რა დღეშია და მერე კიდევ საშინელი დარტყმა რომ მიადგეს, რა იქნება?

თუმცა ევროპელები გვამშვიდებენ და გვეუბნებიან, რომ, სულ ცოტა, 10 წელიწადში ევროკავშირი გაფართოებას არ აპირებს, არათუ საქართველოზე ფიქრობს. აი, ამ ფონზე რა გაჭირდა იმისთანა, რომ ხელისუფლებამ ხალხს პატიოსნად უთხრას, დიახ, ჩვენ უნდა ავიმაღლოთ დონე, შევცვალოთ კანონები, რომელიც ევროპულ კანონებთან ჰარმონიაში მოვა. მოვსპოთ მონოპოლიები, განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და ასე ეტაპობრივად ავიდეთ ევროპულ სტანდარტებზე. ამის ნაცვლად მსჯელობაა იმაზე, მივიღებთ თუ არა რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაციას. პირადად ჩემი ინფორმაციით, რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაციას არ მოგვცემენ. თუმცა, მე ანგარიშს ვუწევ შტაინმაიერის განცხადებას, ნუ ხართ სკეპტიკურად განწყობილი, გელით რაღაცა კარგი სიურპრიზიო. იქნებ, მართლაც მოხდეს სასწაული, ეს იქნება მართლაც ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება უნარი, ეს ჩვენთვის სასიკეთოდ გამოვიყენოთ, რადგან როგორც ვნახეთ, ევროპასთან ასოცირებული ხელშეკრულების ზარზეიმით ხელმოწერის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ჩვენ ათეულობით მილიონს ვკარგავთ ყოველთვიურად, ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამო. უფრო სწორად იმის გამო, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჩვენ ვერ ვიყენებთ. მე ამ ხელშეკრულებას კი არ ვაკნინებ, პირიქით, ისრაელს აქვს ზუსტად მსგავსი ხელშეკრულება, როგორც ებრაელები ამბობენ, სულ ცოტა, 15 მილიარდი დოლარი მოგება აქვთ წელიწადში, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე…

- მაშინ ჩვენთვის ამ ხელშეკრულების ხელმოწერას რა აზრი ჰქონდა, ეს ხომ ცალმხრივი სარგებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და ჩვენ მილიონებს ვკარგავთ.

- ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ ეს არის პიარი. „ოცნება“ ფიქრობს, ამ გზიდან რომ გადავუხვიოთ და ხელი არ მოვაწეროთ ასეთი ტიპის დოკუმენტებს, მაშინ „ნაცები“ იტყვიან, რომ ჩვენ გადავუხვიეთ ევროპული გზიდან და იწყება ეს იდიოტური შეჯიბრი.

(…)

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიგის სამიტის შემდეგ შესაძლოა, მინისტრთა კაბინეტში მოხდეს კიდევ ერთი ცვლილება და თამარ ბერუჩაშვილი გადააყენონ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან, რადგან ის ვერ შეძლებს რიგიდან ჩამოიტანოს ვიზა-ლიბერალიზაცია,ნაციონალებიაცხადებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მზადდება არასახარბიელო დოკუმენტი, სადაც საუბარი იქნება პოლიტიკურ დევნაზე, საარჩევნო კოდექსზე და შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

- აი, ხომ ხედავთ, მთლიანად ჩართულები არიან ამ პროცესში `ნაციონალები~, ეს მე პირადად ვიცი უცხოელი დიპლომატებისგან, თუ როგორ ამძიმებენ ფონს და როგორ უტეხენ სახელს, ისედაც სახელგატეხილ საქართველოს მთავრობას. რაც შეეხება ბერუჩაშვილის მოხსნას, თუ რიგის სამიტზე ჩვენ ვერ მივიღებთ იმას, რაც გაპიარებულია, მას, ალბათ, მოუწევს დატოვოს თანამდებობა, მაგრამ, მეორე მხრივ, რომ ვთქვათ, ვიზა-ლიბერალიზაცია რომ მივიღოთ, მერე რა, ეს ხომ ფიქციაა? ტაშ-ფანდურით მივიღეთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და ახლა სპეციალისტები წერენ, რომ ცალმხრივად შევაჩეროთ ხელშეკრულების მოქმედება. ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი რა, ვინმემ დათვალა რას მოუტანს საქართველოს? მე კი არ ვამბობ, რომ ცუდია, არა, ბატონო, მე ვამბობ, რომ ეს არ არის ის თემა, რომელიც გადაგვარჩენს. მაგრამ აქვე მინდა ერთი რამ გითხრათ, „ქოცებმა“ შეძლეს შეუძლებელი, აი, მართლაც მოხერხება სჭირდებოდათ ამის, მათ არ აღადგინეს სამართლიანობა ქვეყანაში. ამავდროულად მიაღწიეს იმას, რომ მსოფლიოს მიაჩნია, თითქოს აქ პოლიტიკური დევნაა, ხომ გეყოფათ ორ ხელზე თითები, ჩამოთვალოთ დაპატიმრებული ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, ვინც დანაშაულს სჩადიოდა, იქ, სააკაშვილი ყვირის მასობრივ რეპრესიებზე, თითქოს აქ ასობით ადამიანია დაპატიმრებული და ა.შ. ამათ კი შექმნეს ის იმიჯი, რომ ახალაია, მერაბიშვილი და უგულავა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არიან. უცხოელი დიპლომატები მეუბნებიან, წინა ხელისუფლება ჭარბი ძალაუფლებით გამოირჩეოდა, ესენი კი საპირისპირო მდგომარეობაში არიან. რაც ხდება, ეს ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ „ქოცებმა“, ერთ გიორგი კანდელაკს „ქოცების“ ხელისუფლება რომ ვერ აჯობებს, როცა თვითონ ვერ ამბობენ იმ სიმართლეს, რაც სააკაშვილის დროს იყო ჩადენილი და ამის ნაცვლად ჩვენ ვისმენდით უსუფაშვილისგან, რომ უნდა გადავარჩინოთ „ნაციონალური მოძრაობა“. რატომ თქვა ეს? ეგონა, უცხოელებს მოეწონებოდათ, მაგრამ მათ ეს მიზანი შეასრულეს.

Comments are closed