globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 12 აგვისტო 2017 წელი

Posted by nanamaoglobal on Aug 12th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: „თავისუფალი დემოკრატები“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ // ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „ჩვენ 2020 წლისთვის მოვემზადებით“

ახალი თაობა: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „მიხეილ სააკაშვილის ჩვენება „ოცნებისთვის“ შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს» // „ხელისუფლება შეეცდება, რომ საქართველოში მიშიკოს ექსტრადიცია არ მოხდეს“ // რატომ მოატყუეს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი

ახალი თაობა: ვის გადააბარებს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ოცნებაში“ შიდაკლანური დაპირისპირებაა“

——————-

ახალი თაობა“, 12 აგვისტო, 2017 წელი

თავისუფალი დემოკრატები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ // ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „ჩვენ 2020 წლისთვის მოვემზადებით

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

- ბატონო შალვა, რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რა იყო მიზეზი, რომ უარი გეთქვათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მარტივი არ არის, პოლიტიკურმა პარტიამ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

- დიახ, მართლაც არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ პოლიტიკურად ეს უფრო მიზანშეწონილად მივიჩნიეთ და აგიხსნით, რატომაც: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიაში საკმაოდ მძიმე ვითარება შეიქმნა. პარტია ლიდერებმა, წევრებმა დატოვეს. ასეთი სერიოზული რყევების შემდეგ დადგა საკითხი, კარს მომდგარ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა. ფაქტობრივად, ამოცანა იყო პარტიის გადარჩენა-არგადარჩენა. ვინც პარტიაში დავრჩით, საკმაოდ სერიოზული შრომა გავწიეთ, რომ პარტია პოლიტიკურ სივრცეში დარჩენილიყო და ის ერთ-ერთი სოლიდური, დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ყოფილიყო ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, რადგანაც არჩევნებში მონაწილეობა საჭიროებს გარკვეულ ფინანსურ რესურსებს, ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს, რაც საკმაოდ პრობლემურია ჩვენს ვითარებაში, ჩვენ უარი ვთქვით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე.

სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ჩვენ საკმაოდ საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ, ვგულისხმობ რესპუბლიკელების შემოთავაზებას. ეს პროექტი რომ განხორციელებულიყო, მართლაც შესაძლებელი იქნებოდა ამ არჩევნებში სოლიდურად წარდგენა. ამ პროექტის პირველი საფეხური ითვალისწინებდა, რომ ჩვენ, თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს საარჩევნო ბლოკი შეგვექმნა. ამ ბლოკში სხვა პოლიტიკური ძალის შემოერთება გათვალისწინებული არ იყო, თუმცა სხვადასხვა მოსაზრება გვქონდა გარკვეულ საკითხებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენი საარჩევნო სია საზოგადოებრივ პლატფორმაზე ყოფილიყო და ჩვენი საარჩევნო სია არაპოლიტიკოსებით, მოქალაქეებით, ექსპერტებით, სპეციალისტებით დაკომპლექტებულიყო. ასევე მოგეხსენებათ, ჩვენი იდეა იყო, რომ ალეკო ელისაშვილისთვის დაგვეჭირა მხარი, როგორც დამოუკიდებელი, არაპარტიული კანდიდატისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პროექტის რეალიზება შესაძლებელი არ გახდა.

- რატომ, რა იყო მიზეზი?

- ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ამის მიზეზი არ ყოფილან არც თავისუფალი დემოკრატები და არც რესპუბლიკელები.

- მაშინ, რა იყო მიზეზი?

- ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ განხორციელდა ეს პროექტი, მაგალითად, ვერ მივაღწიეთ იმ ხარისხს, რაც საჭირო იყო საზოგადოების ჩართულობის თვალსაზრისთ საარჩევნო პროცესში. როგორც ჩანს, იმდენად საინტერესო არ გახდა საზოგადოებისთვის, რომ მართლაც საზოგადოებრივ პლატფორმად გადაქცეულიყო თუნდაც საარჩევნო სია. ადგილობრივი თვითმმართველობით დაინტერესებული არაპარტიული, არაპოლიტიკური პირები ამ პროცესში ვერ ჩავაბით. იყვნენ მსურველები, მაგრამ ეს ვერ შექმნიდა იმ სურათს, რომელიც საჭირო იყო ამ პროექტის რეალიზებისთვის.

- ბატონო შალვა, შეიძლება, რეალური მიზეზი იყო ის, რომ რესპუბლიკელებთან ვერ შედგა თანამშრომლობა, რადგანაც განსხვავებული მოსაზრებები გქონდათ სტრატეგიულ საკითხებზე

- არა, არავითარ შემთხვევაში, მსგავსი რამ არ ყოფილა. ის იდეა, რომელიც რესპუბლიკურმა პარტიამ მოგვაწოდა, ასეთი სახით ხომ არ გვეცადა ერთობლივად ამ არჩევნებში წარდგომა, ჩვენთვის საინტერესო იყო, ერთობლივად დავხვეწეთ კიდეც, მაგრამ ეს იდეა ვერ განხორციელდა და ამის მიზეზი არც ჩვენ ვყოფილვართ და არც რესპუბლიკელები. შემდეგ არჩევანის წინაშე დავდექით, გვიღირდა თუ არა ამ იდეის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა, გადავწყვიტეთ, რომ არ გვიღირდა. რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისთვის მაინც მიზანშეწონილია არჩევნებში მონაწილეობა.

- კონკრეტულად დაუჭერთ მხარს ვინმეს?

- კონკრეტულად არა, მაგრამ გულწრფელად წარმატებას ვუსურვებთ დასავლური ორიენტაციის, პრინციპულ კანდიდატს.

- ბატონო შალვა, გამოდის, რომ თავისუფალი დემოკრატები ტაიმაუტს იღებთ და პოლიტიკური სცენიდან გადიხართ?

- არავითარ შემთხვევაში. ჩვენ აქტიურ მონაწილეობას გავაგრძელებთ პოლიტიკურ პროცესებში, ეს იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები თუ საკანონმდებლო ინიციატივები საჭირბოროტო საკითხებზე. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შევთავაზეთ საკანონმდებლო ინიციატივა ოკუპანტ ქვეყანასთან ურთიერთობის რეგულირებასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია. ამ მხრივ ჩვენს კანონმდებლობაში თეთრი ადგილია დარჩენილი და ყველა სათავისოდ იყენებს თეთრ ადგილს. აქტიური ურთიერთობა გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ეს გაგრძელდება.

- თქვენი პარტიის მთავარი ორიენტაცია იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები?

- დიახ. ჩვენი მთავარი კონცენტრაცია სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისკენ იქნება მიმართული, რათა სოლიდურად ვიყოთ წარმოდგენილი პარლამენტში და მოვიდეთ ხელისუფლების შემადგენლობაში.

- და როგორ წარმოგიდგენიათ, დამოუკიდებლად თუ?

- ეს ჯერ წინ არის. მე მაინც ვფიქრობ, რომ თანდათანობით მოხდება პოლიტიკური სპექტრისა და ამომრჩევლის ორ ნაწილად გაყოფა. ვინ სად ხედავს საქართველოს მომავალს _ ერთნი ალბათ რუსეთთან დაბრუნების პერსპექტივაში და მეორენი _ დასავლეთთან და ცივილიზებულ სამყაროსთან ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება, შეიქმნას ერთიანი დასავლური ფრონტი ზოგადად რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგოდ. აქ რა კონფიგურაცია დალაგდება საბოლოოდ, რა სახეს მიიღებს ეს კონფიგურაცია, ვინ როგორ წარდგება, ამის თქმა ჯერ ძალზე რთულია. ვფიქრობ, ორი ბანაკი შეიქმნება: ერთი, რუსეთზე ორიენტირებული და მეორე დასავლეთზე, დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ბანაკი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არათუ ვიქნებით დასავლეთზე ორიენტირებული ბანაკის წევრი, არამედ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროდასავლური ძალების გაერთიანება მოხდეს.

ახალი თაობა“, 12 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „მიხეილ სააკაშვილის ჩვენება ოცნებისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს» // „ხელისუფლება შეეცდება, რომ საქართველოში მიშიკოს ექსტრადიცია არ მოხდეს“ // რატომ მოატყუეს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი

რა განიზრახა გიორგი მარგველაშვილმა, რატომ ვერ შეუკერეს მიხეილ სააკაშვილს საქმე, რისი ეშინია ხელისუფლებას, რა შუაშია განათლებასთან ვაშლი? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტდევნილი, დემოკრატიული მოძრაობის წევრი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, შემოდგომიდან ბავშვებს სკოლაში ვაშლებს დაურიგებენ. ეს ინიციატივა საყოველთაო ქილიკის საგანი გახდა. თქვენ რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე?

- საქართველოს სირცხვილია, რომ ასეთ ადამიანს აბარია მეცნიერება და განათლება. ჩვენ იძულებულნი ვართ, მაგის მორიგ სისულელეებზე გავაკეთოთ კომენტარები. კარგი იქნება, თუ ნაცარქექიასთან და კომბლესთან მებრძოლი ჯეჯელავა აგვიხსნის, რატომ ვერ უზრუნველყო ის, რომ ელემენტარული განათლების მიღმა არ დარჩენილიყო რამდენიმე ათასი ახალგაზრდა. კომბლებსა და ვაშლებს თავი დაანებოს და იმაზე გვიპასუხოს, რატომ ჩაიჭრა გამოცდებზე ამდენი ახალგაზრდა. ასეთი ჩავარდნა რომ აქვს, რა ნამუსით რჩება განათლების მინისტრის თანამდებობაზე?! ასევე აგვიხსნას, რატომ არღვევს კონსტიტუციას ბატონი მინისტრი და არ უზრუნველყოფს, საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო ენა იცოდნენ. ამ დღეებში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებში ვიყავი, მოსახლეობასთან მქონდა შეხვედრები. სხვებთან ერთად სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეებსაც გავესაუბრე და ჰოი, საოცრებავ, ამ ბავშვებმა ერთი სიტყვა არ იციან ქართულად. ამას ფიგურალურად არ ვამბობ, მართლა არცერთი ქართული სიტყვა არ იციან.

- რა ასაკის ბავშვებზეა საუბარი?

- მეორე, მესამე და მეხუთეკლასელ ბავშვებს გავესაუბრე, თან გაითვალისწინეთ, რომ ეს დასახლება თბილისის შემადგენლობაში შედის. ბავშვებთან ერთად მათ მასწავლებლებსაც გავესაუბრე და ქართული ენა არც მათ იცოდნენ. როდესაც ვკითხე, რატომ არ იცით ქართული-მეთქი, მიპასუხეს, არ გვჭირდება, არავინ გვთხოვს ქართული ენის შესწავლასო.

სახელმწიფო ენას რომ არ ასწავლი შენს მოქალაქეებს, განათლების მინისტრმა ამაზე პასუხი არ უნდა გაგვცეს? ანდა სად წავიდა ის 140 მილიონი დოლარი, ამერიკამ რომ გამოგვიყო განათლების სისტემისთვის. იმის მაგივრად, რომ ზოგადი განმარტებები გაეკეთებინათ, სპეციალური სამსახურები შექმნეს ამ მილიონების გასახარჯად.

იმის მაგივრად, რომ ეს თანხა განათლების სფეროს გაუმჯობესებას მოხმარდეს, ის ვიღაცების კაბინეტების მოწყობაზე იხარჯება. განათლების მინისტრმა იმაზეც გაგვცეს პასუხი, რატომ იხოცებიან ახალგაზრდები ნარკოტიკებით, რატომ მიდის ნარკომანიის პროპაგანდა და რატომ არაფერს უპირისპირებს ამას. როგორც უკვე გითხარით, ამ კაცის განათლების მინისტრობა მთელი საქართველოს სირცხვილია. ჩვენდა საუბედუროდ, მას არც სხვა მინისტრები ჩამოუვარდებიან. აი, ეს კომენტარი შეიძლება გავაკეთო ამ ბანკის ტრენერზე. ჯეჯელავა ერთ ცნობილ ბანკში ტრენინგებს ატარებდა, მერე უცბად მოჰკიდეს ხელი და მინისტრად დასვეს.

ამ ბანკზეც მინდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა – აღმოჩნდა, რომ ყველა კარგი მენეჯერი, წარმატებული ბიზნესმენი, ინტელექტუალი აქ ყოფილა თავმოყრილი. სპეცსამსახურებიც კი ამ ბანკის თანამშრომლებით დააკომპლექტეს. რომელი ჰარვარდი, ოქსფორდი და იელის უნივერსიტეტი ეს ბანკია. უნივერსიტეტი ვახსენე და ახლო მომავალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ, სარეკრეაციო ზონაში რამდენიმე თივის ძნა უნდა მივიტანო, ერთი პატარა კოცონი გავაჩაღო ტელეკამერების თანდასწრებითა და ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რომ სერიოზული ხანძარი არ გაჩნდეს.

- ამ კოცონით ვისი ყურადღების მიპყრობა გინდათ?

- ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მერობის კანდიდატების ყურადღება უნდა მივიპყრო. ეგენი ხომ ცეცხლთაყვანისმცემლები არიან და მხოლოდ ცეცხლის წინ და ცეცხლის უკან აკეთებენ კომენტარებს. იმედია, ეს ცეცხლის ალიც მიიზიდავს ცეცხლთაყვანისმცემლებს და ნახავენ, რა ხდება უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნადგურდება სარეკრეაციო ზონა და ბეტონის უზარმაზარი კონსტრუქციებით რესტორანი შენდება.

ძვირფასო მერობის კანდიდატებო, ხან მურს რომ წაისვამთ სახეზე და ხან ვედროთი ისხამთ თავზე წყალს, ქალაქისთვის ასეთი დამაშვრალი ვარო, რატომ არ ინტერესდებით ამ საკითხით? ცეცხლს მე დაგინთებთ, მოდით და მის ფონზე თქვით, რომ ქალაქის ცენტრში სარეკრეაციო ზონის განადგურება არ შეიძლება.

სამაგიეროდ, მერობის ერთი კანდიდატი დედაქალაქში ღამის ცხოვრების განვითარებას გეგმავს. შე დალოცვილო, სანამ ღამის ცხოვრებას მიხედავ, იქნებ ჯერ დღის თბილისი ამოასუნთქო. მეორემ კანდიდატურა მანამდე ვერ წარადგინა, სანამ სააკაშვილმა პირჯვარი არ გადასწერა. ახლა დარბის და ყველას მუშტებს გვიქნევს. კი მაგრამ, შენი ხელისუფლება არ იყო 9 წელი ქვეყნის სათავეში, რატომ არ მიხედეს ქალაქს?!

მერობის კანდიდატები იქით იყვნენ და პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეც უსინდისოდ მოიქცნენ. მათ მთელი ქვეყანა მოატყუეს, ხალხს უთხრეს, მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოსთვის არნახული შედეგით დასრულდაო. საინტერესოა, შედეგში რას გულისხმობენ? ალბათ იმას, ხინკალი რომ მიირთვა.

- თქვენი აზრით, ამ ვიზიტს არანაირი შედეგი არ მოუტანია?

- საქართველოდან წასული მაიკ პენსი მანილაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდნენ, ისაუბრეს სირიაზე, უკრაინაზე, ყირიმზე, დონეცკზე, დიპლომატიურ კრიზისზე, სანქციებზე, საქართველო კი ერთი სიტყვითაც არ უხსენებიათ. არადა, წინა დღეებში მაიკ პენსმა თბილისიდან მიმართა რუსეთს, საქართველოში საქართველოში საზღვრებს არ გადმოგაწევინებთო. თუ ეს კაცი ამას პირში არ ეტყოდა სერგეი ლავროვს, აბა, რას ფაფხურობდით, თქვე გაჭირვებულებო, რისთვის მოიღრიცეთ კისერი და გაუმართავი ინგლისურით რისთვის მოიჩლიქეთ ენა? მეც მინდოდა, ეს ვიზიტი შედეგიანი ყოფილიყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და ხალხის მოტყუებას თავი დაანებეთ.

- ინგლისურ ენაზე საუბარი ახსენეთ და რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, რომ ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართულ ჯარს ინგლისურ ენაზე მიმართა?

- ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მარგველაშვილს ერთი წიგნით მეტი აქვს წაკითხული. ეს ადამიანი ხშირად საუბრობს ბრეჟნევის ეპოქაზე, რაც მას თურმე „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილმა გაახსენა. კი მაგრამ, თავად პრეზიდენტად ბრეჟნევის ეპოქის სტილში არ დასვეს? თუ, ნაციონალების მსგავსად, რაც შენ გინდა, ის დემოკრატიაა და, რაც არ მოგწონს, დემოკრატიის დარღვევაა. კომუნისტების დროს ხალხს საყველპუროდ მაინც ეკითხებოდა, ესა და ეს ადამიანი ხომ არ დავნიშნოთ ამ თანამდებობაზეო. მარგველაშვილი აიღეს და პირდაპირ დასვეს პრეზიდენტად. ბრეჟნევის დროს ამაზე უარესები კი არ ხდებოდა. 2013 წელს დედის რძესავით რომ შეირგო ეს ქმედება, ახლა რატომ უკვირს რაღაცები? „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები, მაგრამ გიორგი მარგველაშვილმა კულულებიან კობახიძეს ბრეჟნევის დრო არ უნდა გაახსენო.

გიორგი მარგველაშვილისაც კარგად მესმის, პრეზიდენტად დასმის დღიდან ცდილობს, საკუთარი თავისგან პოლიტიკური ფიგურა შექმნას.

ახლა რაც შეეხება მის ინგლისურ მიმართვას, მესმის, რომ გვერდით აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ედგა, მაგრამ ქართული ჯარისთვის ქართულად რომ მიემართა, პენსი სცემდა თუ მისი ცოლი აუწევდა ყურს?

ამან ერთი საინტერესო ისტორია გამახსენა: საქართველოში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე იყო ჩამოსული. ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები იმაზე ბჭობდნენ, რა ეთხოვათ მეფისთვის. ერთი ფრთა ითხოვდა, მოდით, სამხედრო სასწავლებლის გახსნა ვთხოვოთო, მეორე ფრთას უნივერსიტეტი უნდოდა. მაშინაც კაი სირცხვილი ვჭამეთ, სტუმარს რომ კარგი დრო გაეტარებინა, ლამაზ ქალს ურჩევდნენ. გასართობად ბოლოს ერთი ცნობილი ქალი შეარჩიეს. მერე იმაზე ატყდა ამბავი, საქართველოში თანამედროვე საწმერთულები არ იშოვებაო და სომეხი ვაჭარი თურქეთში გააქანეს მის საყიდლად. შემდეგ ამ საწმერთულში გამოაწყვეს ქალბატონი და შეუგორეს მეფეს.

გიორგი მარგველაშვილს შეეძლო, ამერიკისთვის რაღაც მნიშვნელოვანი ეთხოვა, მაგრამ მან ახალი „ნამესტნიკის“ – აშშ-სთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა მოითხოვა, თითქოს ელჩი საკმარისი არ იყოს.

- ყოფილ პრეზიდენტზეც მინდა გკითხოთ: სააკაშვილს მოქალაქეობა წართმეული აქვს, მაგრამ თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში. საქართველოს ხელისუფლება ისევ მის შესაძლო ექსტრადიციაზე საუბრობს. თქვენი აზრით, დააკავებენ ნაცმოძრაობის ლიდერს?

- პროკურატურა, სპეცსამსახურები და იუსტიციის სამინისტრო რომ უსუსურების გაერთიანებაა, ამაზე მიხეილ სააკაშვილის ამბავიც კარგად მეტყველებს. რამდენ ქვეყანაშიც ჩავა მიხეილ სააკაშვილი, იმდენჯერ დაკნინდება საქართველოს ხელისუფლება.

ვეკითხები ხელისუფლებას: თქვენ თუ მართლა ეძებთ სააკაშვილს და მართლა გინდათ მისი დასჯა, თუ ორი კოსტიუმის მიღმა მართლა გაქვთ მის წინააღმდეგ მასალები, როგორ ახერხებს ეს ადამიანი აქეთ-იქით სიარულს? ის ხომ ჩვენს მეგობარ ქვეყნებში დადის და რატომ არ მიმართავენ იმათ ხელისუფლებებს, ხომ ამბობენ, რომ არნახული მხარდაჭერა აქვთ ევროპაში. გამუდმებით იმაზე საუბრობთ, რომ მან შექმნა სისტემური რეჟიმი. რატომ არ გინდათ მისი პასუხისგებაში მიცემა? იქნებ არ გინდათ, რომ მან რაღაც ისეთი თქვას? ამასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს.

- რა ეჭვები, ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას მისი დაჭერა არ უნდა?

- მიხეილ სააკაშვილი იყო ის კაცი, რომლის წყალობითაც საქართველო ტუსაღების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე იყო. მან მიჰყიდა რუსებს ქართული მიწები და თანამედროვე შეიარაღება, ათასი უბედურება მოუტანა ქვეყანას და ამ კაცს მარტო ორი კოსტიუმი ამოუქექეს. „ქართული ოცნება“ შეეცდება, საქართველოში მიშიკოს ექსტრადირება არ მოხდეს. მათ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი არ აწყობთ. მისი ფსიქოტიპი რომ ვიცი, ხელი არ ექნებათ მოკიდებული, რომ ყველაფერს დაფქვავს და ყველას ჩაუშვებს. სააკაშვილის ჩვენება „ოცნებისთვის“ შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ხელისუფლების დიდი ნაწილი „ნაციონალებთან’ ურთიერთობაშია გასვრილი და, არ გამოვრიცხავ, საერთო ბიზნესიც ჰქონდეთ. ხელისუფლება სააკაშვილის დაპატიმრებით რომ ყოფილიყო დაინტერესებული, ამ თემაზე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან ისაუბრებდნენ და მის წინააღმდეგ არსებულ მასალებს გადასცემდნენ.

- თქვენ რამდენიმე თვის წინ განაცხადეთ, რომ საკრებულოში ხელისუფლება მხოლოდ ნაციონალებს გაიყვანდა

- ახლაც იმავეს გავიმეორებ, საკრებულოში მოხვდებიან „ოცნება“, „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო“ და მათთან დაახლოებული პირები. საქართველოში მყოფი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტიც მხოლოდ მათ შეხვდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არჩევნები ასეთი შედეგით დასრულდება. პარტიები, რომლებიც ვიცეპრეზიდენტს უნდა შეხვედროდნენ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ შეარჩია. მე თავად დიპლომატი ვარ და ასე არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ბატონმა ელჩმა თავისი ხელისუფლება მოატყუა. მან ვიცეპრეზიდენტს საქართველოში არსებულ ვითარებაზე სწორი ინფორმაცია არ მიაწოდა და იმ პარტიების წარმომადგენლებს შეახვედრა, რომლებიც ხალხის ნდობით არ სარგებლობენ. ამის შესახებ ამერიკულმა ტაიმსმაც დაწერა და გერმანულმა ბილდმაც.

იან კელის გადაწყვეტილება „ოცნებისთვისაც“ მისაღები აღმოჩნდა. მათ ოპოზიციად მხოლოდ ნაციონალები და მათი განშტოებები აწყობთ. ამათ შორის თითქმის ყველა ზღვარი წაშლილია.

ახალი თაობა“, 12 აგვისტო, 2017 წელი

ვის გადააბარებს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ოცნებაში შიდაკლანური დაპირისპირებაა

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა აფასებს.

- ბატონო კახა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბუკიკიოს შემოთავაზებაზე, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ბრიუსელში მიაღწიონ შეთანხმებას, აცხადებს, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს, თუ შეთანხმება ჩვენთან მოხდა. რის თქმა სურდა ამით კობახიძეს, ისევ დიალოგზე იწვევს ოპოზიციას?

- ხელისუფლებამ თვითონაც არ იცის, რა უნდა. მართალია, ოკუპანტის ენაა, მაგრამ ძალიან უხდება საკონსტიტუციო ცვლილებებს `ი ხოჩიტსია, ი კოლიტსია~. ჩამოყალიბდეს ხელისუფლება, რა უნდა! თუ არ უნდათ დათმობებზე წასვლა, მაშინ შეთანხმებაც არ იქნება. ისე, რომ დათმობებზე არ წავიდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ, ეს არის შეუძლებელი! ამიტომ პოლიტიკური თვისება, პოლიტიკური გუნდის თვისება და თუ თავიანთი თავი მიაჩნიათ რაიმე ძალად, მაშინ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, მათ შორის მძიმე და არაორდინარულიც. დღეს ხელისუფლება ნამდვილად ჰგავს 18 წლის გოგოს, რომელსაც „ი ხოჩეტსია, ი კოლეტსია“.

- ანუ ხელისუფლება უარს ამბობს ბუკიკიოს შემოთავაზებაზე?

- დღეს ჩვენთან ხელისუფლება ამორტიზებულია, ძალიან მძიმე ვითარებაში ჩაიგდეს თავი, ისევე, როგორც შევარდნაძემ მმართველობის ბოლო წლებში. დღეს ოცნებაში აღარ არის ერთი ცენტრი, ძალაუფლების ერთი წრე, არის რამდენიმე ცენტრი. ეს ცენტრები ერთმანეთთან კონკურენციის რეჟიმში არიან. ის, რომ რაღაცა უნდა კალაძეს, სულაც არ ნიშნავს, რომ იგივე უნდა ვოლსკის. პირიქით, ვოლსკი არის ჩასაფრებულ პოზიციაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოაჯდეს მის ადგილს. არსებობს ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ღარიბაშვილის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და მუდმივად იმით არიან დაინტერესებული, რომ კვირიკაშვილს მოუწყონ სხვადასხვა ობსტრუქცია. ძალიან რთულია, რაიმე საკითხზე თქვა, რომ ხელისუფლებას ეს უნდა ან არ უნდა!

- იმის თქმა გინდათ, რომ შიდაკლანური ბრძოლები მიმდინარეობს?

- რასაკვირველია, შიდაკლანური ბრძოლები მიმდინარეობს. ეს აისახება კონსტიტუციური რეფორმის პროცესზე. ცალკეული ჯგუფები ხელისუფლების შიგნით აცნობიერებენ იმას, რომ მესამე მოსმენით ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება იქნება სრული კატასტროფა „ქართული ოცნებისთვის“, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიწყება ლუკაშენკოს მსგავსი იზოლაცია. ლუკაშენკო უძლებს ამ იზოლაციას, იმიტომ რომ ხალხი კარგად ჰყავს დაპურებული. ამას საქართველოს ხელისუფლება ვერ გაუძლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ძალიან სწრაფად, 2020 წლამდე დაამთავრებენ ძალიან ცუდად! მათ არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, სამაგიეროდ, აქვთ პოლიტიკური სიხარბე და მიაჩნიათ, რომ არ უნდა დაუთმონ ოპოზიციას ან საარჩევნო სისტემა, ან ბარიერი, ან ბლოკები. ისევ ცდილობენ იმას, რომ ყველა არჩევნებში მიიღონ ხმების 50%-ზე მეტი, რაც აბსოლუტურად არარეალისტური ოცნებაა და ეს ოცნება დაღუპავს მმართველ პარტიას.

- თქვენ ვოლსკი და კობახიძე ახსენეთ და დადგება დღის წესრიგში საკითხი, რომ არჩევნებამდე შეიცვალოს პარლამენტის თავმჯდომარე?

- ეს საკითხი დღის წესრიგში უკვე დგას. თუმცა კობახიძეს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც და ხელისუფლების შიგნით ნებისმიერი ცვლილება იწვევს ამ წონასწორობის დარღვევას ანუ ხელისუფლება არ არის იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც იყო თუნდაც წინა ხელისუფლება, როდესაც მათ შეეძლოთ, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მიეღოთ საკადრო გადაწყვეტილება. ეს ხელისუფლება კი უფრო ჰგავს შევარდნაძის რეჟიმს, ნებისმიერი ერთი საკადრო გადაწყვეტილება იწვევს თანასწორობის რღვევას. ამიტომ, თუ კობახიძეს მოხსნიან, მაშინ კალაძის ჯგუფს, რომელსაც წარმოადგენს კობახიძე, უნდა გადაუხადონ შესაბამისი კომპენსაცია, მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ან სხვა რაღაცა.

- ანუ ირაკლი კობახიძე კახა კალაძის კადრია?

- დიახ, კობახიძე კალაძის კადრია და მან მოიყვანა „ქართულ ოცნებაში“. კობახიძე წარუმატებელი სპიკერია, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების დიდი უმრავლესობა. ყველა მათგანი შერჩეულია ნეპოტიზმის და არა პირადი პროფესიული ნიშნით.

- ვოლსკი ვისი კადრია?

- ვოლსკი დღეს უკვე არავის კადრი არაა. ის წარმოადგენს ფრაქცი განაწყენებულებს, დავარქვათ ვოლსკის დეპუტაცია, რომლებსაც მეტი გავლენა ჰქონდათ წინა პარლამენტში. ამ პარლამენტში მათ ეს გავლენა დაკარგეს, მაგალითად, ნუკრი ქანთარია, რომელიც აკრიტიკებს კონსტიტუციის პროექტს, განა იმიტომ, რომ ჩვენს მოსაზრებებს იზიარებს და კონსტიტუცია არ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ვერ ბედავს კობახიძის ღია კრიტიკას და, კონსტიტუციას როცა აკრიტიკებს, გულისხმობს კობახიძეს.

- ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს კობახიძის ადგილას?

- მსურველები ძალიან ბევრი არიან, ისევე, როგორც ჟვანიას გადაყენების შემთხვევაში, მაგრამ მაშინ არავინ ელოდა, რომ ნინო ბურჯანაძე გახდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე. მეც ასევე შემიძლია ვთქვა, რომ კობახიძის გადაყენების შემთხვევაში შეიძლება ვოლსკის უნდა ეს ადგილი, მაგრამ, რთული სათქმელია, რა მოხდება და ვინ დაიკავებს ამ პოსტს.

- პოლიტიკური ძვრები და ცვლილებები ადგილობრივი არჩევნების შემდეგ არის მოსალოდნელი?

- უფრო არჩევნების შემდეგ არის მოსალოდნელი, მაგრამ დღეს ხელისუფლება იმ ვითარებაშია, როდესაც ეს ცვლილებები არჩევნებამდეც არ არის გამორიცხული.

- ამ სიტუაციაში, როდესაც ვამბობთ, რომ ხელისუფლებას სერიოზული კრიზისი აქვს, ჩაერთვება ბიძინა ივანიშვილი პროცესებში?

- ამ წუთას გაურკვეველია, ბიძინა ივანიშვილის როლი რა არის „ქართული ოცნების“ შიდა სტრუქტურაში. სრულიად აშკარაა, რომ ის საჯაროდ არ მონაწილეობს პროცესებში. თუმცა საარჩევნო კამპანია ჯერ კიდევ ორი თვე გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, ის ჩაერთოს ცოტა უფრო მოგვიანებით, თუმცა, მე შემიძლია გითხრათ და ამაზე 100%-ით პასუხს ვაგებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ემზადება როგორც პოლიტიკის, ასევე საქართველოს დატოვებისთვის.

- ეს ადგილობრივ არჩევნებამდე მოხდება?

- ეს შესაძლოა არ მოხდეს ადგილობრივ არჩევნებამდე, მაგრამ აუცილებლად მოხდება 2020 წლამდე. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, შეინარჩუნოს თავისუფლება და მილიარდები. ის დღეს ამ რეჟიმშია.

- თუმცა ექსპერტთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ივანიშვილი მესამე ვადითაც მოვა. თქვენ ამას გამორიცხავთ?

- შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი თავიდან ამას ფიქრობდა, მაგრამ ბოლო ერთი წელია, შეეგუა აზრს, რომ 2020 წელს მოუწევს ხელისუფლების გადაბარება. დღეს ივანიშვილი მშვიდი და უმტკივნეულო გადაბარებისთვის ემზადება.

Comments are closed