globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 12 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 12th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „დატოვოს ბიძინა ივანიშვილმა მიწის ნაკვეთი ქალაქის საკუთრებაში და ისე გააკეთოს ავტოსადგომი. ვინმე უშლის?!“ // „დეპუტატის საკრებულოში არშეშვება კანონის დარღვევაა“

ახალი თაობა: ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „როგორც მიხეილ სააკაშვილი იქცევა უკრაინაში, ისე იქცევიან მისი დამქაშები საქართველოში“ // „ნაციონალების უსაქციელობის წყალობით მოსახლეობამ გაიგო, რა სასარგებლო პროექტი ხორციელდება თბილისში“

ახალი თაობა: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „თუ მეორე ტურში ალეკო ელისაშვილი გავა, ნაციონალები მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს დაკარგავენ“ // „ხელისუფლების საწინააღმდეგო შავი პიარი არ მუშაობს“

„ვერსია“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: ვის რა შანსი აქვს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

—————–

ახალი თაობა“, 12 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „დატოვოს ბიძინა ივანიშვილმა მიწის ნაკვეთი ქალაქის საკუთრებაში და ისე გააკეთოს ავტოსადგომი. ვინმე უშლის?!“ // „დეპუტატის საკრებულოში არშეშვება კანონის დარღვევაა

საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე „ახალი თაობის“ კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.

- ბატონო მამუკა, პრემიერმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს რადიკალები და პროვოკატორები უწოდა. მისივე განცხადებით, პოლიციაც და საკრებულოს თავმჯდომარეც სრული კანონის დაცვით მოქმედებდნენ. რამდენად იყო ასე და რომელი მხარის მიერ დაირღვა კანონი?

- ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები იმას, რომ ეს ყველაფერი კანონის დაცვით იყო გაკეთებული, რადგან ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის დეპუტატებს აქვთ უფლება საკრებულოს დარბაზში შესვლის. ეს კანონშია ჩაწერილი. პირიქით, სახელმწიფომ დაარღვია კანონი, როდესაც ეს ადამიანები არ შეუშვა.

- დახურული სხდომა იყოო...

- ვისთვის დახურული, დეპუტატისთვის?! არ არსებობს ასეთი სხდომა!

- გაკეთდა შეფასებები, რომ ისინი იქ დებოშის ასატეხად და პროვოკაციის მოსაწყობად მიდიოდნენ...

- წინასწარ როგორ შეიძლება განსაზღვრო, დებოშის ასატეხად მიდის თუ რისთვის მიდის. პირიქით, სწორედ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ტეხდნენ დებოშს პარლამენტში. ყველას ახსოვს, მოჭიდავეები რომ ჰყავდათ და იყო სულ გაწევ-გამოწევა. ნაციონალური მოძრაობის ადვოკატი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ კანონი დაირღვა. დეპუტატი ხალხის მიერ არის არჩეული, მისი წარმომადგენელია, მისი ხმაა, რა უფლებით არ უშვებ?! ეს კანონის დარღვევაა.

- რამდენად ცდილობს ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში დესტაბილიზაციის სურათის შექმნას?

- შესაძლებელია, ყურადღების მიქცევას და საკუთარი თავის აქტუალიზებას ცდილობს არჩევნების წინ, ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ცუდი და მანკიერი არის სწორედ ის, რასაც თბილისის მერია და საკრებულო ჩადის.

- კერძოდ რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ერთ ლარად გასცემს მიწის ნაკვეთს ვიღაცაზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვისზე, ეს იქნება ნინო ბურჯანაძე, თუ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი. ეს დაიწყო ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან და ეს მანკიერება დღემდე ვერ მოიშორეს. ერთ ლარად გასხვისება სახელმწიფო ქონების, ხალხის ქონების, ეს არის ქვეყნის ძარცვის მანკიერი პრაქტიკა. ეს როდესღაც ხომ უნდა დამთავრდეს?! ხალხი აპროტესტებს სწორედ ამას და არა სხვა რამეს.

- კანონი დაირღვა ამ ქმედებით?

- არა, კანონი არ დარღვეულა, კანონით აკრძალული არ არის ამის გაკეთება, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როდესაც ქალაქის ცენტრში ასე ძვირადღირებულ მიწას ერთ ლარად გადასცემ შენ ვიღაცას, რა მნიშვნელობა აქვს, ის ვინ არის, ეს ამორალურია. ხალხსაც ხომ უნდა დაეკითხო? შეიძლება კანონი არ დაარღვიო, მაგრამ მორალური და ზნეობრივი ნორმები დაარღვიო. გამოდის, რომ ადამიანები აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენენ.

- ისევ ხალხისთვის კეთდება ეს ავტოსადგომიო...

- მაშინ გვაჩვენონ, რას აკეთებენ. აჩვენონ ხალხს, რა არის დაგეგმილი. 30 მანქანის ავტოსადგომი?! ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა! ავტოსადგომის გაკეთება თუ უნდათ, ეს გათვლილი უნდა იყოს რამდენიმე ასეულ მანქანაზე! ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ხალხსაც დაეკითხე, მის მიერ რომ ხარ არჩეული და გააკეთე ისე, რომ ამით მოსახლეობამ ნახოს სარგებელი და არა _ პირადად შენ!

- ნაციონალური მოძრაობა აქციებს აანონსებს, რამდენად გადაინაცვლებს პროცესები ქუჩაში?

- არჩევნები კარს მოგვდგომია, ცხადია, რომ ეს პოლიტიკური პარტია შეეცდება, გარკვეულად დაძაბოს და გაახუროს სიტუაცია, რათა არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს. ეს აბსოლუტურად ნორმალურად მიმაჩნია. მეორე საკითხია, რომ ეს ყველაფერი კანონს ფარგლებს გარეთ არ უნდა გავიდეს. ეს თემა, რის გარშემოც ატეხილია ამხელა ხმაური, თავისთავად ძალიან არასასიამოვნოა. პირადად მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, საკუთარ თავს ვგრძნობ ძალიან შეურაცხყოფილად. იმიტომ, რომ ჩემი ქალაქის გულში, ამხელა ტერიტორია, ვიღაცამ ერთ ლარად უნდა წაიღოს.

- და თუ მართლა მოსახლეობისთვის კეთდება?

- თუ ამ ადამიანს მართლა ქალაქისთვის უნდა სიკეთის გაკეთება, მაშინ კეთილი ინებოს, დატოვოს ეს მიწის ნაკვეთი ქალაქის საკუთრებაში და ისე გააკეთოს ეს ავტოსადგომი. ვინმე უშლის?! ან იქირაოს ეს ტერიტორია, ესეც აბსოლუტურად გასაგები და მისაღები იქნება, მაგრამ როდესაც საკუთრებაში მიაქვს მიწა, ეს უკვე სხვაგვარად უნდა შეფასდეს.

- მაინც როგორ?

- პირადად მე ვთვლი, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, არის სრულიად ამორალური პიროვნება.

- მას რაღას ერჩით?

- მას რომ კაცობა ჰქონდეს, უბრალოდ დაწერდა განცხადებას და გადადგებოდა! ივანიშვილის ყურმოჭრილი მონები არიან და მის ნება-სურვილზე დადიან. ეს არის ჯიბის ხელისუფლება, დავით ნარმანიას თამადობით. ნარმანიაზე აღარ ვისაუბრებ, ისედაც ყველამ კარგად იცის, ვინც არის.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით ნარმანიას დაუფასეს ერთგულება და გერმანიაში ელჩად უშვებენ...

- ამაზე უბრალოდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. არ ვიცი, რა ვთქვა. გერმანია არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა და იქ უნდა წავიდეს ისეთი ადამიანი, რომელმაც, სხვა თუ არაფერი, გერმანული ენა იცის კარგად.

- დავით ნარმანიასაც სცოდნია...

- კარგით რა… ასევე, იქ წასულ ელჩს დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, როგორც დიპლომატს. გერმანია არ არის სლოვენია იქნება თუ სლოვაკიის მსგავსი ქვეყანა, სადაც შეიძლება ნაკლებად გამოცდილი ადამიანის გაშვება. გერმანია არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანა. დავით ნარმანიაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ვისურვებდი, რომ იქ მეტად პროფესიონალი პირი წასულიყო. ბოლოს და ბოლოს, გერმანიაა, იქ ძალიან გამოცდილი ელჩი უნდა გვყავდეს.

ახალი თაობა“, 12 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „როგორც მიხეილ სააკაშვილი იქცევა უკრაინაში, ისე იქცევიან მისი დამქაშები საქართველოში“ // „ნაციონალების უსაქციელობის წყალობით მოსახლეობამ გაიგო, რა სასარგებლო პროექტი ხორციელდება თბილისში

აქტუალურ საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის ფრაქცია `კონსერვატორების~ თავმჯდომარე გიგა ბუკიას.

- თბილისის საკრებულომ მიწის ნაკვეთების გამოყოფასთან მიღებული გადაწყვეტილებები, ყველაფრის მიუხედავად, მიიღო. გაუგებარი დარჩა, რატომ მისცა მმართველმა პარტიამ ნაცმოძრაობას და „ევროპულ საქართველოს“ საპროტესტო აქციების გამართვის საფუძველი. არ ჯობდა, ეს საკითხები არჩევნების შემდეგ განეხილათ?

- საქმე ისაა, რომ ასეთ აჟიოტაჟს და დადგმულ ვანდალურ სპექტაკლებს არავინ ელოდა. მილიარდიანი პროექტი დედაქალაქში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, ახლა არ შესულა საკრებულოში.

- პანორამა თბილისს ადრე ასეთი წინააღმდეგობა არ ჰქონია?

- არ ჰქონია. ყველამ იცოდა, რომ ეს პროექტი დაიწყო და ის ბევრ რაიმეს მოიცავს. მათ შორისაა ავტოსადგომი პუშკინის სკვერთან. პარკინგი დედაქალაქში სერიოზული პრობლემაა და ამ ადგილას ეწყობა მიწისქვეშა სადგომი 160 მანქანისთვის.

- აქამდე საუბარი იყო 30-ადგილიან სადგომზე...

- სადგომი გათვალისწინებულია 160 ავტომობილისთვის. ამასთან, ზედა ინფრასტრუქტურა უცვლელი იქნება. იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამაზე ვაი-უშველებელი ატეხა, ხალხმა პროექტის დეტალები გაიცნო. ნაციონალების უსაქციელობის წყალობით მოსახლეობამ გაიგო, რა სასარგებლო პროექტი ხორციელდება თბილისში. საუბედუროდ, ამით მედიაც არ ინტერესდება და ადამიანები ასეთ ამბებს სკანდალების შემდეგ იგებენ. რას ჰგავდა ნაციონალების საქციელი 10 ოქტომბერს საკრებულოს შიგნით ან გარეთ? ისიც კი იკადრეს, რომ მანდილოსნის შემოგზავნა უნდოდათ.

- ეს მანდილოსანი თქვენი კოლეგაა, კანონით, პარლამენტის წევრებს სათათბირო ხმის უფლებაც კი აქვთ თვითმმართველობის ორგანოებში...

- ამაზე იურიდიული განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან აღნიშნა, რომ კანონის ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. დეპუტატს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ჩაერიოს საკრებულოს საქმიანობაში. კანონის ამ მუხლს კარგად იყენებდა და ახლაც იყენებს ნაციონალური მოძრაობა. ის ამ გზით აკონტროლებს საკრებულოებს. ამასთან, აცხადებს, რომ ძლიერი თვითმმართველობა უნდა. ეს არანაირი დემოკრატიის სტანდარტი არაა, როცა თან ნამდვილი თვითმმართველობა გსურს და თან მის საქმეებში ერევი.

- პოლიციის ამ რაოდენობით თავმოყრა აუცილებელი იყო საკრებულოს შიგნით და გარეთ?

- ცოტა ხნის წინ, როცა ეს საკითხები საკრებულოსა და მერიაში წყდებოდა, აქციებს მართავდა ნაციონალური მოძრაობა. იქ პოლიცია მინიმალური რაოდენობით იყო წარმოდგენილი. ამას შედეგად მოჰყვა ინფრასტრუქტურის დაზიანება და დანგრევა. ეს ხალხი რას არ აკეთებს, რომ მიიპყროს თავისი გურუს – სააკაშვილის ყურადღება! 20 კაცი რომ შეიკრიბება, მაშინაც ზიანს აყენებენ ქონებას, რომელიც ყველას საერთო საკუთრებაა. ამ ინფრასტრუქტურის შექმნაზე დიდი თანხებია დახარჯული, მაგრამ მას ვანდალურად ექცევიან. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მეტი პოლიციელის მობილიზება მოხდა. ეს საჭირო იყო წესრიგის დასაცავად და ვანდალიზმის თავიდან ასაცილებლად. ნაცმოძრაობის პოლიტიკური კულტურა პანდუსების გაფუჭებაა. ნაცმოძრაობამ თავისი სახე კიდევ ერთხელ აჩვენა.

- მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ. იგი საქართველოს პოლიტიკას არ ეშვება. რას ელოდებით მისგან მომავალში?

- ძალიან რთული კითხვა დამისვით. ქართული გამოთქმაა, გიჟი მიუშვი ნებასაო. ისინი, ვისაც მსოფლიოს ამა თუ იმ ნაწილში სააკაშვილთან საქმე ჰქონია, მას სერიოზულად აღარ აღიქვამენ. ის გადაიქცა მსოფლიო მასხარად. იგი ვერ იქნება სერიოზული პოლიტიკოსი ვერც უკრაინაში და ვერც საქართველოში. მერჩია, რომ როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სოლიდურობა და სიდინჯე გამოეჩინა და არ გამხდარიყო ყველას დასაცინი. ნაცმოძრაობა მას ბელადად თვლის და საქციელში ბაძავს. როგორც სააკაშვილი იქცევა უკრაინაში, ისე მისი დამქაშები იქცევიან საქართველოში. ეს ნაცმოძრაობის წევრების არჩევანია.

- მიხეილ სააკაშვილს მომხრეები მესიასავით ელიან. კეთდება პროგნოზები იმაზეც, რომ მას, სწორი გათვლის შემთხვევაში, მიმდევრების რაოდენობა მოემატება...

- მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მოლოდინს ვერავის დავუშლით. მომხრეების რაოდენობის გაზრდისა კი არ მოგახსენოთ! ვინც ამას ვარაუდობს, მას არასწორი წარმოდგენა აქვს ჩვენს ხალხზე. საზოგადოება თავის არჩევანში თითქმის არასდროს ცდება. ვინც ასეთ პროგნოზს აკეთებს, საამისო საფუძველი არ აქვს. ხალხი მომავალშიც ოპტიმალურ, რეალისტურ და სწორ არჩევანს გააკეთებს.

ახალი თაობა“, 12 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „თუ მეორე ტურში ალეკო ელისაშვილი გავა, ნაციონალები მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს დაკარგავენ“ // „ხელისუფლების საწინააღმდეგო შავი პიარი არ მუშაობს

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

- ბატონო ვახტანგ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო კამპანიას ხმაურის ფონზე წარმართავს და ამაში მას, ასე თუ ისე, ხელს უწყობს ხელისუფლება?

- ცხადია, ხელისუფლება ცდილობს, იგივე კარტი გაათამაშოს, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გათამაშდა. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს, მის მოპირდაპირედ იყოს ნაციონალური მოძრობა და არა სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია. შესაბამისად, ეს დაძაბულობა ორივეს წისქვილზე ასხამს წყალს.

რასაც ვუყურებთ, საკრებულოს შენობის წინა განვითარებულ მოვლენებს, ცოტა ხნის წინ მერიასთან განვითარებულ მოვლენებს, ამით ნაციონალური მოძრაობა თავისი ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობს. ხელისუფლებას კი ეს ნაბიჯი აწყობს იმდენად, რამდენადაც მოსახლეობაში ნაციონალური მოძრაობის მიმართ დამოკიდებულება ანტაგონისტურია და მან კარგად იცის, რომ თუ კვლავ შეახსენებენ ნაციონალები თავს ამომრჩეველს, ამით მხოლოდ ისინი მოიგებენ და არა _ ნაციონალები. ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ მისი მთავარი მეტოქე ნაციონალური მოძრაობა იყოს და სხვა არავინ.

- ამ შემთხვევაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, ნაკლები მობილიზება სჭირდება?

- რასაკვირველია. ეს ძალიან მარტივად ახსნადია. სანამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ საპირწონე პარტია ნაციონალური მოძრაობა იქნება, „ქართული ოცნება“ მუდამ იქნება ხელისუფლებაში. შეიძლება საზოგადოებაში არის გულგატეხილობა „ქართული ოცნებისადმი“, მაგრამ ის, რომ ნაციონალებისადმი იყოს მოთხოვნა, ეს ნამდვილად ასე არ არის. თუ არჩევანის წინაშე დადგება მოსახლეობა – „ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“, მერწმუნეთ, მოსახლეობა არჩევანს ისევ „ქართული ოცნების“ მიმართ გააკეთებს.

ახლა საკითხი ასე დგას, რომ ნაციონალებმაც და „ოცნებამაც“ ამომრჩეველი მიიყვანონ არჩევნებზე. ხელისუფლება ეცდება, თავისი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს იმით, რომ თუ არ მივლენ არჩევნებზე, მაშინ ნაციონალები გაიმარჯვებენ. მე ვერ ვიტყვი, რომ საკრებულომ ეს გადაწყვეტილება დაამთხვია წინასაარჩევნო პროცესს, მაგრამ ის პროცესი, რომლის მოწმენიც ვართ, ხელისუფლებისთვის მომგებიანია.

- ეს თემა რომ ძალიან ყვირის? ერთ ლარზეა აპელირება, რომ ტერიტორიის, სკვერის გადაცემა ხდება ინვესტორისთვის...

- არც ისეა საქმე, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა იმის, რასაც ნაციონალური მოძრაობა ეუბნება, რომ ივანიშვილისთვის ხდება ტერიტორიების ჩუქება. ამ პროექტის მიმართ არ მგონია ასეთი ანტაგონისტური განწყობა იყოს. მართლაც ხომ ხდება ინვესტიციების ჩადება?! მითხარით, რამდენი თბილისელი იქნება ნამყოფი თაბორის მთაზე?! მოსახლეობის 99%-მა არც კი იცის, საით არის თაბორის მთა. მსგავსი თემები ყოველთვის ნოყიერია საიმისოდ, რომ პოლიტიკოსებმა გამოიყენონ შავი პიარისთვის, მით უფრო წინასაარჩევნოდ.

- ხელისუფლება რამდენად არის დამაჯერებელი?

- ამბობს, რომ ინვესტიცია შემოდის. აქ, კიდევ ერთი რამ არის საინტერესო: ვის სჯერა ნაციონალური მოძრაობის გულწრფელობის, როდესაც ის ამბობს: ვიღაცას ერთ ლარად გადაეცა, მაშინ როდესაც კარგად გვახსოვს, როგორ გადაეცა სააკაშვილის დედას შენობა, როგორც გვითხრეს, უნივერსიტეტისთვის.

- არ იმუშავებს მსგავსი პიარი?

- რა თქმა უნდა, ვერ იმუშავებს და არც მუშაობს.

- ტელედებატები გაიმართა დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ვუყურე ამ დებატებს. შეიძლება ეს არ იყო ბრწყინვალე დებატები, მაგრამ საკმაოდ კარგი დებატები გაიმართა.

- ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ თუ მეორე ტური იქნება და მეორე ტურში კალაძეს ელისაშვილი დაუპირისპირდება, მაშინ კალაძეს პრობლემები შეექმნება. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- პირველი, რაც ჩანს, არის ის, რომ კალაძე გავა პირველ ადგილზე და გაიმარჯვებს, რადგან მას რეალური კონკურენტი არ ჰყავს. თუ მეორე ადგილზე გავა ზაალ უდუმაშვილი, მაშინ კახა კალაძე გარანტირებულად, უპრობლემოდ, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე გაიმარჯვებს. თუ იქ ელისაშვილი იქნება კალაძის კონკურენტი, უფრო მეტი დაძაბულობა იქნება არჩევნებში შეტანილი. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ელისაშვილის გამარჯვების შანსი დაბალია. ოპოზიციური ხმები არ წავა ალეკო ელისაშვილთან, მით უფრო არ წავა ნაციონალური მოძრაობის ხმები. ნაციონალურ მოძრაობას სულაც არ აწყობს, რომ ელისაშვილისგან ახალი პოლიტიკური ფიგურა შექმნას.

თანაც, არჩევნებს ორგანიზებულობაც, პარტიული დისციპლინაც იგებს, რეიტინგთან და ფულთან ერთად. თბილისში 400-ზე მეტი საარჩევნო უბანია, ამ უბნებზე ერთგული ხალხი თუ არ გყავს, რამდენი ხმაც არ უნდა მიიღო, რთული იქნება ამ ხმების დაცვა. კიდევ ერთი ფაქტორია, მეორე ტურში გაცილებით ნაკლები ამომრჩეველი მოდის. ელისაშვილის ამომრჩეველი არის გულწრფელი ამომრჩეველი, კალაძის ამომრჩეველი კი არის სახელისუფლო, ორგანიზაციული ამომრჩეველი, რომელიც აუცილებლად მიდის მეორე ტურზე. ხელისუფლება მეორე ტურზე ამომრჩევლის მობილიზებას აუცილებლად მოახერხებს, მაგრამ რამდენად შეძლებას ამას ალექსანდრე ელისაშვილი?!

ისე, აქვე უნდა ვთქვა, რომ თუ მეორე ტური იქნება და მეორე ტურში ალეკო ელისაშვილი გავა, ეს ნამდვილად კარგი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის, პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რადგან მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს დაკარგავს ნაციონალური მოძრაობა.

„ვერსია“, 11-13 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: ვის რა შანსი აქვს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

თათია გოჩაძე

არჩევნებამდე 10 დღე რჩება და საარჩევნო კამპანიაც გადამწყვეტ ფაზაში შედის. განსაკუთრებული მუხტი, როგორც ყოველთვის, დედაქალაქში იგრძნობა, ოპოზიციური პარტიები კი მეორე ტურით იმუქრებიან. რატომ იბრძვის ოპოზიცია მეორე ადგილისთვის და რა შანსები აქვთ პოლიტიკურ სუბიექტებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე? ვერსიამ ამ კითხვებით, ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს მიმართა.

- ქალბატონო ხათუნა, თქვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე, კანდიდატებისთვის დემოკრატიული გარემოა შექმნილი?

- პოლიტიკური კონკურენციისთვის ასეთი ღია გარემო ქართულ არჩევნებზე იშვიათად მახსოვს. ხელისუფლებისგან ისეთი ფონია შექმნილი, პოლიტიკურ სუბიექტებს ყველა პირობა აქვთ, საარჩევნო კამპანია წარმატებით წარმართონ. ხაზგასასმელია, რომ ამ არჩევნებზე არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უკადრიათ, არ მიუმართავთ „შავი პიარისთვის“. სივრცე ღიაა ყველა სუბიექტისთვის და თუ ვინმე საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ავლენს, მხოლოდ თავისი ურესურსობის ბრალია.

- თბილისში რომელ კანდიდატს, ქვეყნის მასშტაბით კი რომელ პარტიას აქვს გამარჯვების შანსი?

- ეს არის არჩევნები, სადაც ხელისუფლების გარდა, ყველა პოლიტიკური სუბიექტი რეალურად დამარცხებისთვის მიდის და მეორე საპატიო ადგილისთვის იბრძვის, რაც ცუდია პოლიტიკური სივრცის განვითარებისთვის. ეს დიაგნოზი, საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური სპექტრის შეფასებას ეფუძნება. თავად პარტიებიც რეალურად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობას – საზოგადოების ძალიან დაბალი ნდობიდან გამომდინარე, მათ, გამარჯვების შანსი, ფაქტობრივად, არ აქვთ.

- ოპოზიცია რეალურად მეორე ადგილისთვის რა მიზეზით იბრძვის?

- მთავარი პრობლემა პოლიტიკური სპექტრის ფინანსური და უპირველესად, ადამიანური რესურსის არქონაა – ფინანსების შემთხვევაშიც, პოლიტიკური სპექტრი საკუთარი შედეგს არსებითად ვერ გააუმჯობესებდა, რადგან ფული ვერ შველის ინტელექტუალურ სიმწირეს.

- ინტელექტუალურ სიმწირეს მხოლოდ ოპოზიცია განიცდის თუ ხელისუფლებაც?

- ორივე, მაგრამ ხელისუფლებას ამას უბალანსებს ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსები, შედარებით მაღალი მხარდაჭერა, რაც ხელისუფლებაში მისი ყოფნითაა განპირობებული. მმართველ ძალას ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც დასაქმებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში და მისივე ინტერესშია, დღევანდელმა ამ ძალამ ხელისუფლება შეინარჩუნოს. არის ამომრჩევლის მეორე სეგმენტიც, რომელსაც დღემდე აქვს შემორჩენილი ნაცმოძრაობის რეინკარნაციის შიში და ამიტომ აძლევს ხმას „ოცნებას“. ამ ფონზე, ხელისუფლებისთვის ნაკლებად დამანგრეველია ინტელექტუალური სიმწირე. ოპოზიციას კი, ეს სეგმენტები არ ჰყავს და არჩევნებში ხელისუფლება უდავოდ გაიმარჯვებს. არადა, ძლიერი ოპოზიციის შემთხვევაში, ხელისუფლების დამარცხება ადვილი იქნებოდა.

- თბილისში მერობის კანდიდატების შანსები როგორია?

- თბილისში მაღალი კონკურენციაა, კანდიდატებიც უფრო საინტერესონი არიან. ოპოზიციიდან პირველ ადგილზე გასვლის რესურსი არც ერთს აქვს, მაგრამ ერთად შეძლებენ ხელისუფლება მეორე ტურში გამოიწვიონ. ალეკო ელისაშვილს, ოპოზიციურ კანდიდატებთან შედარებით, შეიძლება საზოგადოების შედარებით მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს არაა საკმარისი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის ყველაზე დიდი ნაწილი, მზადაა, მას მხარი დაუჭიროს. ეს ის ამომრჩეველია, რომელმაც 2012 წელს „ოცნებას“ მისცა ხმა, შემდეგ იმედი გაუცრუვდა, მაგრამ კატეგორიულად არ არის ნაცმოძრაობის ან მისი რომელიმე ფრთის მხარდამჭერი. თუმცა ამ სიმპათიის ხმად გადაქცევაც რთულია. პირველ რიგში, მან უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ გამარჯვების, ანუ მეორე ტურში გასვლის უნარი აქვს. მეორე პრობლემა საარჩევნო უბნებში ამომრჩევლის ორგანიზებულად მიყვანაა, რასაც უდიდესი საორგანიზაციო რესურსი სჭირდება. უპარტიო ელისაშვილს გონიერი გუნდი ჰყავს, თუმცა პოლიტიკაში რამდენად გამოცდილები არიან, არ ვიცი. ამ საკითხში შეიძლება მას ზაალ უდუმაშვილმა აჯობოს. მისი მესამე პრობლემა მიღებული ხმების დაცვაა, რაც კომისიებში წარმომადგენლების არყოლით ძალიან რთულდება. თუმცა, მას შეუძლია, არაფორმალურად მოელაპარაკოს პარტიებს, რომლებსაც წარმომადგენლები ჰყავთ, მაგრამ რეალური შედეგის მიღწევის შანსი არ აქვთ. ახლა გამოჩნდება, რამდენად აქვს ელისაშვილს ორგანიზებულობის უნარი.

- ზაალ უდუმაშვილი უკვე ახსენეთ. მას აქვს მეორე ადგილზე გასვლის შანსი?

- მის მხარეს ის პლუსებია, რაც მინუსებად შეიძლება ექცეს ალეკო ელისაშვილს – ორგანიზებულობა, რასაც „ნაცმოძრაობას“ ვერ დავუკარგავთ. ამომრჩევლის იდეური ერთგულება ამ პარტიას უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. ორგანიზაციული უნარი და საარჩევნო გამოცდილება შეიძლება იყოს ფაქტორი, რომელიც უდუმაშვილს მეორე ადგილზე გაიყვანს. რეალურად, უდუმაშვილი და ელისაშვილი ამ ეტაპზე თითქმის თანაბარ პოზიციაზე არიან. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მერი იქნებოდა ელენე ხოშტარია თავისი ინტელექტით, განათლებით, შემართებით… ის ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული კანდიდატია, მაგრამ მეორე ადგილზე გასვლის შანსი უფრო მოკრძალებულია.

- ამ შანსს მისი პარტია ამცირებს?

- პარტია, ამ შემთხვევაში, მისი ტვირთია.

- პოლიტიკური წარსული ტვირთად გიორგი ვაშაძესაც ექცევა?

- ყველაზე ამბიციური და თანამედროვეობის მოთხოვნებზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამა ვაშაძეს აქვს. დანარჩენების პროგრამები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, ისინი ჩაიკეტნენ ვიწრო სამეურნეო-ინფრასტრუქტურულ ჩარჩოში და ამით თბილისელ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენეს. ვიღაცებს ჰგონიათ, გზების, კანალიზაციის, პენსიისა და მსგავსი პრობლემების გარდა, თბილისელებს არაფერი ანაღვლებთ. რა თქმა უნდა, მერობის კანდიდატი დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემას უნდა ხედავდეს. მათ შორის, ეკოლოგიურ პრობლემასაც, რომლის გამოც სიმსივნით დაავადებული ახალგაზრდების საშინელი სტატისტიკა გვაქვს, მაგრამ ამის იქით თბილისის რესურსი, ვაშაძის გარდა, საარჩევნო პროგრამაში არავინ გამოიყენა.

- რომელ რესურსს გულისხმობთ?

- თბილისს, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, აქვს რესურსი, გახდეს ერთ-ერთი ღერძული ქალაქი აღმოსავლეთ-დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის გზაგასაყარზე. მას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, იყოს კულტურულ-საგანმანათლებლო, თანამედროვე ტექნოლოგიური მექა, საგანმანათლებლო ნაკადების შემკრები ღერძი. გული მწყდება, ვაშაძის გარდა, ასეთი ვიწრო ხედვა აქვთ თბილისის მერობის კანდიდატებს.

- თუმცა ამბობენ, რომ ვაშაძის თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროგრამა გაუგებარია. საზოგადოება არის მზად ამგვარი სიახლეებისთვის?

- ერთი კვირის წინ დავბრუნდი ჩინეთიდან, რომელიც ტექნოლოგიური მიღწევებით სხვა გალაქტიკაზეა. ჩინეთის ქალაქების ეკონომიკა წლიურად 18%-ით იზრდება. ამ ქალაქებში ინოვაციები იდგამს ფეხს და ამ დროს ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, კანალიზაცია ორი მეტრით ღრმად გაითხაროს თუ უფრო ფართო მილები გაიყვანონ. ასეთი მიდგომა უბრალოდ დამანგრეველია. პოლიტიკური სპექტრის მოვალეობაა, საზოგადოების მოთხოვნების, განათლების დონის გაზრდაზე იზრუნოს. თუ მარტო კუჭის პრობლემების ამარა დატოვებენ ხალხს, ის მართლაც არ გაიხედავს ამის მიღმა. თუმცა ამგვარი პროგრამისთვის, საზოგადოება უნდა შეამზადო, რასაც ერთი და ორი თვე არ ყოფნის. ამასთან, ხალხის მხარდაჭერას პოლიტიკური წარსულიც განსაზღვრავს. ნაცმოძრაობის წევრობა, თუნდაც წარსულში, ისევე როგორც ხოშტარიასთვის, მისთვისაც უდიდესი ტვირთია.

- ქალბატონო ხათუნა, ოპოზიცია ერთ კანდიდატზე რომ შეჯერებულიყო, ხელისუფლებას რეალურ კონკურენციას გაუწევდა?

- ყველაზე კარგად სწორედ სახელისუფლებო კანდიდატს შეეძლო დაენახვებინა ამომრჩევლისთვის თბილისის როლი და მნიშვნელობა. მას შეეძლო ეთქვა, მიზნად ვისახავ, თბილისი შევიყვანო ევროპის ჩემპიონ ქალაქთა ლიგაშიო და რა თქმა უნდა, ფეხბურთს არ ვგულისხმობ. როცა შეიძლება თბილისი 5-10 წელიწადში ერთ-ერთი უსწრაფესად მზარდი ქალაქი იყოს რეგიონში, ეს ამბიციური გეგმა უნდა დადო და არა ის, კანალიზაციებს გააფართოვებ თუ გზებზე ასფალტს დააგებ, რაც მე-19 საუკუნის გამოწვევებია.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვერ ვიტყვი, რომ ერთ კანდიდატზე შეჯერების შემთხვევაში, მეორე ტურის შანსი უფრო მაღალი იქნებოდა. მეორე ტურში ნაციონალების კანდიდატის გასვლის შემთხვევაში მის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება არარეალურია. ელისაშვილი უპარტიოა. თუ მას მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში ენმ დაუჭერს მხარს, ხელისუფლების მთავარი პიარი იქნება, ყველანი დავუპირისპირდეთ მას, როგორც ნაცმოძრაობის ახალ საფრთხესო. ასე რომ, ნაცმოძრაობა ,,ოცნების” მაშველ რგოლად, ზოგადად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კი, განახლების დიდ ბარიერად დღემდე რჩება. ამ შემთხვევაში, ყველაზე რეალურია კახა კალაძის გამარჯვება. თუ რაიმე საოცრება არ მოხდა, სწორედ ის იქნება თბილისის მერი.

- ისე, ხშირად გქონიათ არჩევნების წინ ასეთი განწყობა, როცა წინასწარ იცოდით, რა შედეგი დადგებოდა?

- კი.

- ეს კარგია თუ ცუდი?

- ძალიან ცუდია. ამ საარჩევნო კამპანიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დავით უსუფაშვილის მესიჯი იყო, როცა გამოაცხადა, პოლიტიკაში ახალი თაობის შემოყვანას და მათთვის გამოცდილების გაზიარებას ვაპირებთო.

- კი, მაგრამ თენგიზ შერგილაშვილი ახალი თაობის წარმომადგენელი რომ არ არის?

- ზოგადად, მათი პარტიის ხედვასა და მომავლისადმი მეტ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ და იმედია, ეს მხოლოდ განცხადებად არ დარჩება.

Comments are closed