globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 13 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 13th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობას მახინჯი ფორმა აქვს“ // „ის, რომ მიყურადება-თვალთვალის საკითხი ასეთი ღია მსჯელობის თემად იქცა ჩვენს ქვეყანაში, ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებს მხოლოდ აკვირვებს“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ დავით მათიკაშვილთან: „ჩანაწერების შინაარსი ნამდვილად ჰგავს „ნაცმოძრაობის“ ხელწერას“ // ინტერვიუ ინტერვიუ ნიკა მელიასთან: „ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ბევრი რამ დააშავა, დღეს „ქართული ოცნების“ რიგებში მაღალ თანამდებობებზე არიან“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ მანანა კობახიძესთან: „პროკურატურას ჩემს წინააღმდეგ ერთი სიტყვა ან ფურცელი რომ ეპოვა, არავინ დამინდობდა“ // „პოლიტიკაში მზაკვრული მეთოდია, კონკრეტულ პირს სკანდალი აუგორონ და შეტევა ორკესტრირებულად განახორციელონ“

კვირის პალიტრა: დავეწიოთ და გავუსწროთ მიზნობრივ ინფლაციას?!

კვირის პალიტრა: „ჩრდილოვანი ბიზნესი“: ტაქსაობა, ძიძები და რეპეტიტორები // თვითდასაქმებულთა დაუბეგრაობით ბიუჯეტი არაერთ მილიონს კარგავს გადასახადების სახით

კვირის პალიტრა: „მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი“ // რატომ მოექცნენ სასტიკად ისრაელელი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს?! // „როცა ისრაელში ჩასვლის მიზეზი ვუთხარი, მესაზღვრე ამიყვირდა, რა გოლგოთას მთა, არსადაც არ წახვალო“

კვირის პალიტრა: ქალი და ჯარი // სჭირდება თუ არა ქართულ არმიას მანდილოსნების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა?

——

რეზონანსი//მთელი კვირა: ქართული არმიის გადამზადების ახალი 3-წლიანი პროგრამა და ამერიკული საწვრთნელი ცენტრი // ექსპერტების აზრით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის უმჯობესია,ჯარი პირველ, რიგში გარე აგრესიასთან გამკლავებაში მომზადდეს

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ოცნება“ დღეს კარგავს ქუჩას, ხელისუფლება კი სწორედ ქუჩიდან იცვლება“ // „ახალგაზრდების აქციები მასობრივი სოციალური პროტესტის წინაპირობაა“

რეზონანსი//მთელი კვირა: რატომ გადაიდო მოსმენების კანონის კენჭისყრა // უმრავლესობა საკანონმდებლო პაკეტში ცალკეული ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს

რეზონანსი//მთელი კვირა: რვა რელიგიური ორგანიზაცია მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავს შეღავათებს ითხოვს

——

ახალი თაობა: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „გიორგი მარგველაშვილი „ოცნებისთვის“ სერიოზული პრობლემაა“ // „პრეზიდენტს აქვს ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისება – იგი არ მიდის კომპრომისზე“ //  გიორგი მარგველაშვილი და დავით უსუფაშვილი ძლიერი ტანდემი იქნება“

ახალი თაობა: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „პრეზიდენტი განწყობილია, რომ მოსმენების კანონს ვეტო დაადოს“ // „მას ამით პასუხისმგებლობის თავიდან არიდება სურს“

ახალი თაობა: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ქვეყანაში გარდაუვალია მასობრივი პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას წალეკავს“ // „საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვლავაც კორუფცია ყვავის“

ახალი თაობა: ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: „ეს ხელისუფლება დამთავრებულია“ // „ნაციონალური მოძრაობა“ პერმანენტულ აქციებს იწყებს

ახალი თაობა: „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ ლეონიდ თიბილოვი ავარიაში მოყვა

——

კვირის პალიტრა: ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან: „ალანია სამხრეთ კავკასიაში არასდროს ყოფილა“ // ლეონიდ თიბილოვმა პლებისციტი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის „ისტორიული“ სახელწოდების დაბრუნებას გულისხმობს, 9 აპრილს დანიშნა

რეზონანსი//მთელი კვირა: აფხაზეთში ინტერნეტცენზურა დაწესდა

რეზონანსი//მთელი კვირა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატრანსპორტო კორიდორები იხსნება

———————

კვირის პალიტრა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობას მახინჯი ფორმა აქვს“ // „ის, რომ მიყურადება-თვალთვალის საკითხი ასეთი ღია მსჯელობის თემად იქცა ჩვენს ქვეყანაში, ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებს მხოლოდ აკვირვებს

ნათია დოლიძე

საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დაახლოების გზების ძებნას შეუდგა. ვაშინგტონში პრემიერის მრჩევლის, თედო ჯაფარიძის, მნიშვნელოვანი ვიზიტის შემდეგ, აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეწვია, რომელიც ამერიკის სენატისა და ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ ჯანელიძე შეხვდა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს მაიკლ ფლინსა და ახალ სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს. “პოზიტიურად შეფასდა ყველა ის პროცესი, რომელსაც

საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში… რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. მივიღეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა. მათ აქვთ სურვილი, საქართველოს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდით ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ რექს ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ.

როგორ შეიძლება წარიმართოს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა დონალდ ტრამპის არაპროგნოზირებადი პრეზიდენტობის განმავლობაში? – ექსპერტ მამუკა­ არეშიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- მიუხედავად ასეთი მაღალი დონის შეხვედრებისა, თქვენს კითხვაზე საპასუხოდ რაიმეს დანამდვილებით თქმა გამიჭირდება­. ერთი რამ ცხადია – საგარეო საქმეთა მინისტრის ამ წარმატებული ვიზიტის მოსამ­ზადებლად ბოლო ერთი თვის განმავლობა­ში თედო ჯაფარიძემ, ჩვენს ელჩ დავით ბაქ­რაძესთან ერთად, ტიტანური სამუშაო გასწია. დანამდვილებით ვიცი, რა დონის შეხვედრები ჰქონდა მას და პოლიტიკური დიპლომატიის რა რთულ “სიმებს” შეეხო… ამ შეხვედრების შედეგებზე ჯერ პრინციპულად არ ვილაპარაკებ, რადგან ჩემთვის ინფორმაცია ბოლომდე ცნობილი არ არის, მით უფრო – ამერიკული მხრიდან. შეხვედრების ეს მაღალი დონე მახარებს და იმედიანად განმაწყობს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის მაღალი ხარისხი არათუ­ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აშშ რჩება ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.

რაც შეეხება ახალი ადმინისტრაციის პირველ ნაბიჯებს და აშშ-ში შექმნილ ვითარებას, ზუსტი შეფასებები აქაც რთულია, რადგან ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ დეკლარირებული ფრაზები, მაგალითად, სირიაში ამერიკისა და რუსეთის ჯარების ერთობლივი მოქმედების შესახებ, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ ჩანს… ერთადერთი, რაზეც შეგვიძლია მეტ-ნაკლებად დაზუსტებით ვილაპარაკოთ, ის არის, რომ ტრამპი არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ირანთან ურთიერთობის იმ ფორმის შენარჩუნებას, რომელიც ბოლო პერიოდში ობამამ დააწესა;

- პოლიტიკურად დაძაბული გამოდგა გასული კვირა. ჯერ იყო და, პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მიიღო, შემდგომ კი კიდევ ერთი ვეტოს კონტურები გამოიკვეთა. საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებათა იმ პაკეტს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი უწყებაოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო იქმნება. ისევე, როგორც არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციას, პრეზიდენტსაც პარლამენტის უმრავლესობისგან რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება აქვს, რის თაობაზეც მან საპარლამენტო ფრაქციებს კონსულტაცია შესთავაზა, რაზეც ქართული ოცნების უმრავლესობამ უარი განაცხადაკომიტეტებში ეს პაკეტი უკვე განიხილეს, მომავალ სასესიო კვირას მასზე უკვე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ

- იმას, რაც ხდება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, უკიდურესად უარყოფითად ვაფასებ. საზოგადოება დაიღალა ამ გაუთავებელი დავით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებს, განსაკუთრებით კი – პარლამენტის წინა თუ ამჟამინდელი მოწვევის უმრავლესობას შორის. ვერ შედგა ეს ურთიერთობა, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. არის თითქოს გამონათებები, რაღაც დაუჯდებათ ჭკუაში, შეთანხმდებიან, მაგრამ ამას არა აქვს სისტემატური ხასიათი. სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობას მახინჯი ფორმა აქვს. ის კი არა, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა იყოს, სწორედაც უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იგრძნობოდეს პერსონალიებს შორის უთანხმოება.ეს განსაკუთრებით პარლამენტის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ეტყობა.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ .. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზეხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ვერც ეს საკანონმდებლო ცვლილებები იძლევა ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას და რომ უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებულ ახალ სააგენტოში .. გასაღების არსებობა არსებითად არაფერს შეცვლის

- ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები ჯერ ისევ “ნედლია” და მუშაობას მოითხოვს, მხოლოდ ზოგადად თუ შემიძლია მათზე ლაპარაკი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საფრთხილო თემაა, რომლის ასეთი საჯარო განხილვა ლამის უკვე უნიკალური შემთხვევაა. ყურადღებით გადავხედე, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში როგორია ამ საკითხისადმი მიდგომა და ფარული მიყურადება-თვალთვალის თემა როგორ არის კანონის ჩარჩოში მოქცეული. ალბათ, მეტყვიან, რომ საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში და ა.შ. დემოკრატიის სხვა ხარისხია, შესაბამისად, საზოგადოების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მაღალია, რასაც მეც ვიზიარებ, მაგრამ ის, რომ მიყურადება-თვალთვალის საკითხი ასეთი ღია მსჯელობის თემად იქცა ჩვენს ქვეყანაში, ზემოთ ნახსენები ქვეყნების წარმომადგენლებს­ მხოლოდ აკვირვებს.

ამ რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე გერმანელ კოლეგებს ველაპარაკე. იქ კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის შემადგენლობაშია გათქვეფილი ეს მიყურადება-თვალთვალის სამსახური ისე, რომ ვერც გაიგებ კაცი, რომელ განყოფილებაშია. სისტემა ისეა გასაიდუმლოებული, რომ მის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რაც შეეხება ბრიტანეთს, იქ ისეთი მიდგომებია, რომ მიყურადება-თვალთვალის მასშტაბი ძალიან დიდია. იქ არაერთ უწყებას აქვს ამის უფლება, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი კონტროლის მექანიზმიც ძლიერია. უსმენენ არა მხოლოდ ტელეფონებს, არამედ მუდმივად აკვირდებიან სოციალურ ქსელებს,­ სხვადასხვა ვებგვერდს და ა.შ. და ეს ყველაფერი გამართლებულია ტერორიზმის მაღალი საფრთხით.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენთან ეს საფრთხე ნაკლებია, ძალიან ცდება. ამაზე ვლაპარაკობ უკვე რა ხანია, მაგრამ ჩვენში ხომ არავინ უსმენს იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეში ჩახედულია. 1995 წლიდან გავიძახი ერთსა და იმავეს. თუ მაშინ ვამბობდი, რომ პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები იყო საფრთხე, ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის ხუთ რეგიონში შეიძლება იყოს ამგვარი საშიშროების კერა… არ ვამბობ, რომ დღეს და ხვალ ვინმეს ააფეთქებენ, თუმცა ამის გამორიცხვაც არ შეიძლება… არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს ხვალინდელი პროცესებისთვის საფუძვლის მომზადება, რესურსის­ დაგროვება… აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მიყურადება-თვალ­თვალის სისტემა არის ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი, ამიტომ ამ კუთხითაც უნდა შეხედოს საკითხს იმ ხალხმა, ვინც მხოლოდ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობს.

ახალი სააგენტოს საქმიანობასა და მთელ ამ პროცესს ხუთი სახელმწიფო ორგანო გააკონტროლებს. არ ვიცი, ვიღაცამ შეიძლება მიიჩნიოს, რომ ამ ხუთმაგი კონტროლის ბარიერის დაძლევა შეიძლება, მაგრამ ეს – თეორიულად, პრაქტიკულად კი ხელისუფლება საკმაოდ რთულ სისტემას გვთავაზობს. საზოგადოებამ იმაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რომ ეს ხუთმაგი კონტროლი ზედმიწევნით ზუსტად და გასაგებად იყოს გაწერილი კანონში და მისი განხორციელება დაუბრკოლებლად მოხერხდეს. რაც შეიძლება ავტორიტეტულ და სანდო ადამიანებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ამ კონტროლის პულტზე. ჩვენ ადამიანების უფლებებზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ ისე არა, რომ მათი უსაფრთხოება დაგვავიწყდეს.

- საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კამპანია ეს შენ გეხებას საკონსტიტუციო სარჩელი და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობითშესაბამისად, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სვამენ კითხვას: თუ ახალი სააგენტო ისევ სუს- დაექვემდებარება, რომლის ხელში აქამდეც იყო ეს .. გასაღები, მაშ, რა აზრი აქვს ახალი უწყების შექმნას?

- ოპოზიცია და არასამთავრობოები გვთავაზობენ, რომ ეს ახალი სააგენტო აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყოს. რიგითმა მოქალაქემ ვითომ რატომ უნდა დაიჯეროს, რომ ამ დამოუკიდებელი სააგენტოს ხელმძღვანელი ბოლომდე თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენებისგან და ისევ არ მოხდება უკანონოდ მოსმენა?! ამ ძალიან საჩოთირო საკითხთან დაკავშირებული კანონი, სამწუხაროდ, აბსოლუტურად სრულყოფილი ვერ იქნება. რაღა დაგიმალოთ და, დღეს რიგით ადამიანებს ეს დავა არ აინტერესებთ. ეს არის ელიტების დავა. უბრალო ადამიანებისთვის დღეს უმთავრესი სოციალური პრობლემატიკაა, და წესით, ხელისუფლებისთვისაც მისი მოგვარება უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი.

- კიდევ ერთი საკითხია .. მოსმენების საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც უკვე კავშირგაბმულობის კომპანიების უკმაყოფილებას იწვევს. ახალ სააგენტოს, კანონპროექტის მიხედვით, მათი დაჯარიმების და აუდიტის განხორციელების უფლება შეიძლება ჰქონდეს

- როდესაც ვამბობდი, რომ საჭიროა ამ ცვლილებების დახვეწა, ერთ-ერთ საკითხად ამასაც ვგულისხმობდი. მიმაჩნია, რომ აქ, აშკარად, გაუგებრობაა. რატომ უნდა შეეძლოს საკომუნიკაციო კომპანიების შემოწმება ამ სააგენტოს, როდესაც ამისთვის მარეგულირებელი კომისია არსებობს?! ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიზღუდოს არც ეს ბიზნესი და არც ამ კომპანიების მუშაობის წესი. ვფიქრობ, აქ დაფიქრებაა საჭირო.

- კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გეგმაა, რომელიც ფართომასშტაბიან რეფორმას და ტელეკომპანიის ფაქტობრივ გაჩერებას გულისხმობს

- ჩემი ცხოვრების საუკეთესო 15 წელი გავატარე ამ ტელევიზიაში. დავიწყე მუშაობა რიგით რეჟისორად და დავასრულე “მოამბის” მთავარი რედაქტორის პოსტზე. კარგად ვიცნობ დღესაც ამ ტელევიზიას და მივიჩნევ, რომ მთლად კატასტროფული მდგომარეობა არ არის. ნამდვილად შეიმჩნევა სისტემური კრიზისის ნიშნები, მაგრამ ეს არ არის გამომდინარე შემოქმედებითი მხარიდან. ჩამოვთვლი ამ სისტემური კრიზისის კომპონენტებს: დავიწყოთ იმით, რომ ყველა პოლიტიკური, ძირითადად, მმართველი ძალა ცდილობდა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა. თუმცა საზმაუს კოლექტივი სულ ცდილობდა დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას. ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა. თუ პოლიტიკური ძალები ტელევიზიას ვერ იყენებენ, მის წინ მდებარე მოედნის გამოყენებას ცდილობენ ხოლმე. რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ ტელევიზიასთან გამართულ აქციას – მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბოლშევიკური ლოზუნგები სახიფათოა და იმედია, მალე კოლექტივიზაციასაც არ მოითხოვენ.

კრიზისის მეორე მიზეზი ის არის, რომ ტელევიზია ინფრასტრუქტურულად არის მოშლილი. შენობას, განსაკუთრებით კი მის პირველ კორპუსს, აქვს სერიოზული პრობლემები. თავის დროზე არასწორი გეოლოგიური გათვლების შედეგად იყო აშენებული. კატასტროფული მდგომარეობაა ტექნიკის თვალსაზრისით… და კიდევ ერთი – თანხები წლების განმავლობაში არასწორად იხარჯებოდა. 2000 წლიდან მოყოლებული, დაიწყო „საზმაუს“ ბიუჯეტის ხარჯზე პარაზიტობა და წლების განმავლობაში არნახული მასშტაბი მიიღო. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტელევიზია გახდა უამრავი ცნობილი ადამიანის ახლობლების თავშესაფარი. დღესაც ბევრია ტელევიზიაში ისეთი ადამიანი, რომლებიც არაფერს აკეთებენ და ამ არაფერში იღებენ ხელფასს. ალბათ, ნახევარზე ნაკლებია ისეთი, ვინც “საზოგადოებრივ მაუწყებელში” საქმიანობისთვის თავს დებს. იქ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ძალიან დაბალ ხელფასად მაღალი ხარისხის გადაცემებს ქმნიან. ეს განსაკუთრებით შეეხება “საზოგადოებრივ რადიოს”.

ყოველივე ამას სჭირდება სიღრმისეული რეფორმა, ქირურგიული ჩარევა. არ არის გამორიცხული, მეც, ვასილ მაღლაფერიძის მსგავსად, იგივე ნაბიჯი გადამედგა, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ყველაფერი გაკეთდეს ისე, რომ შეილახოს ტელევიზიის დამსახურებული მუშაკების ღირსება.

არც ტელევიზიის გაჩერება შეიძლება, რადგან გაჩერებული ტელევიზია ნიშნავს ყველაფრის ნულიდან დაწყებას, რაც ძალიან რთულია. მე დღევანდელი მენეჯმენტის ნაწილთან ერთად ამ რეფორმას არ წამოვიწყებდი. ამაში ვგულისხმობ იმ ხალხს, ვინც მონაწილე და მეტიც, ავტორია იმ უბედურებისა, რაც დღეს ტელევიზიაში ტრიალებს.

პოლიტიკური თვალსაზრისითაც ყოვლად გაუმართლებელია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გაჩერება. მაშინ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის თემა დადებითად გადაწყდა, ასეთ ხისტ გადაწყვეტილებებს ძალიან მწვავედ აღიქვამენ დასავლეთში. რეფორმის აუცილებლობაში ვეთანხმები ვასილ მაღლაფერიძეს, მაგრამ ფორმაში – ვერა. ვფიქრობ, მან ამ გეგმით ამ თემაზე დისკუსია გახსნა. სავარაუდოდ, ამ გეგმას არ უწერია ამ სახით განხორციელება, თუმცა იმედი მაქვს, მოიძებნება სიღრმისეული რეფორმის ოპტიმალური გზა.

- ხელისუფლების ოპონენტები ამას რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან ერთად განიხილავენ და აცხადებენ, რომ ეს არის დარტყმა ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ სიტყვაზე

- ეს ტყუილია. მათი თქმით, გამოდის, ხელისუფლებაში იმდენად იდიოტები არიან, რომ თავის თავს გამოუცხადეს ომი. “რუსთავი 2″-თან ბმაც არასწორია და ამაზე აპელირება მხოლოდ და მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” პროექტია. ქმნიან რაღაც საკოორდინაციო საბჭოს თურმე, და თავისუფალ სიტყვას იცავენ. სად იყო ეს ხალხი მაშინ, როდესაც “იბერიას” ხურავდნენ, “იმედს” არბევდნენ და “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” ხალხს პანტაპუნტით ყრიდნენ? ამას საქართველოს მოსახლეობა არ დაიჯერებს, თუმცა უცხოელებისთვის ეს ისეთი მგრძნობიარე თემაა, ვფიქრობ, ხელისუფლებამ ზედმიწევნით კარგად უნდა ახსნას, რა პროცესთან გვაქვს საქმე.

- როგორ აფასებთ სააპელაციო მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის, გარშემო აგორებულ სკანდალს? გავრცელებული ინფორმაციით, მილიონამდე თანხა და ქონება მიიღო მისმა ძმამ იმ ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაკარგა… “ნაციონალური მოძრაობაამტკიცებს, რომ ეს იყო რუსთავი 2-ის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფასური. მოვისმინეთ საწინააღმდეგო არგუმენტები, თუ არის ეს არგუმენტები თქვენთვის დამაჯერებელი?

- ჩემთვის ამ ყველაფერში გარკვევა საკმაოდ რთულია. თუ მართალია, რასაც ამბობენ, სამარცხვინო ამბავია და ამ პროცესის ყველა მონაწილე უნდა დაისაჯოს. სამწუხაროდ, ხელისუფლების, კერძოდ, მერიის მხრიდან ჩვენ დღემდე ვერ დავინახეთ გასაგებად დასაბუთებული პოზიცია და ეს მაღიზიანებს ყველაზე მეტად. ჯერ ვერ გავარკვიეთ, სად არის სიმართლე. ისევე, როგორც აბურდულია უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის თაობაზე აგორებული პროცესი… ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მოსამართლეებზე ზეწოლას ცდილობდნენ, მაგრამ სრულიად გაუგებარია ვითარება, რაც ამ საქმის ირგვლივ შეიქმნა… აქაც აბსურდამდე მივიდა საქმე, ისევ დაკარგა ხელისუფლებამ ინიციატივა, საზოგადოებისთვის კი კვლავაც გაუგებარი დარჩა, ვინ რა ჩაიდინა. არ ვიცი, როგორ ახერხებს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის თავის მართლების რეჟიმში ყოფნას…

კვირის პალიტრა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით მათიკაშვილთან: „ჩანაწერების შინაარსი ნამდვილად ჰგავსნაცმოძრაობისხელწერას“ // ინტერვიუ ინტერვიუ ნიკა მელიასთან: „ვინცნაციონალური მოძრაობისმმართველობისას ბევრი რამ დააშავა, დღესქართული ოცნებისრიგებში მაღალ თანამდებობებზე არიან

რუსუდან შელია

მთავარმა პროკურატურამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს – ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს შეტყობინებები გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის სახელით მიუვიდათ. სატელეფონო თუ საფოსტო წერილებში

საუბარია მოსამართლეებისთვის გარკვეული ქმედებების განხორციელების სანაცვლოდ გარკვეულ ფინანსურ თუ თანამდებობრივ სარგებელზე. გზავნილების გასაჯაროების მიუხედავად, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა სატელეფონო წერილები უკრაინული ნომრიდანაა გამოგზავნილი შესაბამისი უკრაინული კოდით +380. შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ამჟამად მიხეილ სააკაშვილთან ერთად, უკრაინის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული. “მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა”, – ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან წინასწარი გამოძიებისთვის ხელის შეშლის მუხლით გრძელდება. შეგახსე­ნებთ, რომ ამჟამად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს “რუსთავი 2″-ის საქმეს, რომლითაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშს.

დავით მათიკაშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

- პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვან საქმეზე სასამართლოს არ ეძლევა შესაძლებლობა, მშვიდად იმუშაოს. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებები ქმნის უარყოფით ფონს, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილების მიღება მშვიდად ვერ მოახერხონ. გავრცელებული ჩანაწერების შინაარსი და წერილების გაგზავნის პრაქტიკა ნამდვილად ჰგავს “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას და ყველას ლეგიტიმურად უჩნდება კითხვა, პირველ რიგში მათ ინტერესებში ხომ არ შედის მოსამართლეებზე ზეწოლა?

- და თუ ასე ხდება, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება იმის გამო, რომ მოსამართლის დაცვას ვერ ახერხებთ?

- ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა პრევენციულ ღონისძიებებს მიმარ­თავს, რომ მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირდეს, დაიცვას მოქალაქეები, განსაკუთრებით კი, მოსამართლეები. თუმცა ყოველთვის რთულია განსაზღვრო, რა მეთოდი შეიძლება გამოიყენოს ოპონენტმა, განსაკუთრებით კი “ნაციონალურმა მოძრაობამ” სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ დადასტურდება, რომ რეალურად კონკრეტული პირი ორ მოსამართლეზე ზეწოლას გეგმავდა და ახორციელებდა კიდეც, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ რევანშისტული მოწოდებები “ნაციონალურ მოძრაობას” არაერთხელ გაუჟღერებია – არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ უკანონო გზითა და ყველა ბერკეტის გამოყენებით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადოს. სწორედ ისე, როგორც წლების განმავლობაში მართავდნენ ხელისუფლებას მოქრთამვის, შანტაჟისა და დაშინების პრაქტიკით, თუმცა, მიუხედავად მთელი ამ კამპანიისა, სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე კიდევ ერთხელ დადგება და ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

——–

ნიკა მელია, “ნაციონალური მოძრაობისპოლიტსაბჭოს თავმჯდომარე:

- სამოქალაქო დაფასებას იმსახურებს ფაქტი, რომ სახელმწიფო ზეწოლის პირობებში მოსამართლეებმა გაბედეს და ზეწოლის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს. როდესაც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი დაცვის წევრისა და ამჟამად სუს-ის ხელმძღვანელის ზეწოლაზე მოსამართლეებისთვის ცნობილი გახდა, მათ პროკურატურას მიმართეს, თავის მხრივ კი, სუს-მა შეიმუშავა ხრიკი, რომ საზოგადოება შეემზადებინა აზრისთვის, თითქოს ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან კი არა, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერისგან მოდიოდა, რომლებიც რეალურად საქართველოში არც იმყოფებიან.

- თუ ეს მმართველი გუნდის ინტერესებში იყო, რა მოიგო დავით საყვარელიძის სახელით მოსამართლეებისთვის წერილის გაგზავნით?

- ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ სახელმწიფომ ერთ-ერთი მოსამართლე საბიუჯეტო რესურსით მოქრთამა. მამხილებელი დოკუმენტია, რომ თურმე ერთი მილიონი კი არა, სამი მილიონი ლარი გადარიცხეს ბიუჯეტიდან მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახში. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როდესაც ასობით სოციალურად დაუცველი მოქალაქე ოპერაციის დაფინანსებას, სახურავების შეკეთებას, დანგრევის პირას მისული სახლების აღდგენას ითხოვს და მერია უარით ისტუმრებს. ჩვენს ბრალდებებზე კონტრარგუმენტი ხელისუფლებას არა აქვს და უსუსურები გახდნენ, როდესაც წერილის გაგზავნით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს. ჩემი ან ნებისმიერი მოქალაქის ოჯახის წევრსაც შეეძლო მოსამართლისთვის წერილის გაგზავნა, მაგრამ ვინმე დაიჯერებს, რომ ანზორ მელია მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებდა?

- მაშინ რატომ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან დავით საყვარელიძე და რატომ ამბობს უარს დაკითხვაზე?

- აბსურდულ საქმეზე ვის უნდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან? არ მეგულება ათი ადამიანიც კი, ვისაც მიაჩნია, რომ მოსამართლეებს წერილი დავით საყვარელიძემ გაუგზავნა. ხელისუფლებას არ აქვს რწმენა, რომ მოსამართლეები ივანიშვილის საკეთილდღეოდ გამოიტანენ გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი მოსამართლეები სისტემაში ჯერ კიდევ არსებობენ და ხელისუფლებამაც სწორედ ამიტომ დაიწყო მათი შანტაჟი. ხელისუფლებას არ სურს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა “რუსთავი 2″-ის საქმეზე გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში მიიღონ.

- თავად თქვენ თუ აძლევთ მოსამართლეებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას, როდესაც უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას პოლიტიკური ლოზუნგების ფონზე ატარებთ?

- სხვა გამოსავალი ივანიშვილმა საზოგადოებას არ დაუტოვა – ერთი მხრივ, ეს იყო ივანიშვილისთვის გამაფრთხილებელი აქცია, რომ არ დავუშვებთ “რუსთავი 2″-ის ივანიშვილის ხელში გადასვლას. მერწმუნეთ, მშვიდობიანი აქციები მომავალშიც გაგრძელდება, სანამ საკუთარ განზრახვაზე ივანიშვილი ხელს არ აიღებს. ამასთან, ჩვენ აქციით სოლიდარობა გამოვუცხადეთ მოსამართლეებს, რომლებმაც მათზე ზეწოლის მცდელობაზე საჯაროდ ისაუბრეს. ვინმეს სჯერა, რომ ივანიშვილი არ ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლას ან მოქრთამვას? ქვეყანაში პოლიტიკური პარტია არ დატოვა, რომელიც არ იყიდა.

- თქვენი პარტიის ჩათვლით?

- ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გააუდაბნოოს პოლიტიკური ველი და ყველა ოპოზიციურად განწყობილ პარტიაზე საკუთარი გავლენა გაავრცელოს. რა მოხდა ჩვენს პარტიაში სულ ცოტა ხნის წინ, ამას დრო გამოაჩენს. ფაქტია, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები და პოლიტიკოსები საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან, რაც, ბუნებრივია, შემთხვევით არ მომხდარა.

- დასასრულ, ფიქრობთ, რომ მედიის დაცვაზე საუბრისას თქვენი პარტია საზოგადოების გულწრფელ სოლიდარობას იმსახურებს? რამდენიმე დღის წინ მმართველმა პარტიამ გამოფინა ბანერი, სადაც მედიაზე ზეწოლის ამსახველი ფოტომასალა იყო...

- ვინც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას ბევრი რამ დააშავა, დღეს “ქართული ოცნების” რიგებში მაღალ თანამდებობებზე არიან. რაც კარგი იყო ჩვენი მმართველობისას, “ქართულმა ოცნებამ” საერთოდ აღმოფხვრა, მანკიერი პრაქტიკა კი იმ ხალხის მეშვეობით გააღრმავა, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ. მაგალითად, ჩინჩალაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს უზენაეს სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენელი იყო, დღესაც იმავე პოზიციაზეა “ქართული ოცნებიდან”.

კვირის პალიტრა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ მანანა კობახიძესთან: „პროკურატურას ჩემს წინააღმდეგ ერთი სიტყვა ან ფურცელი რომ ეპოვა, არავინ დამინდობდა“ // „პოლიტიკაში მზაკვრული მეთოდია, კონკრეტულ პირს სკანდალი აუგორონ და შეტევა ორკესტრირებულად განახორციელონ“ // „არ ვაპირებ გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიისა და პარტიული შეხედულებების მიხედვით

რუსუდან შელია

წინა მოწვევის ვიცე-სპიკერი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა – მმართველმა გუნდმა მას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, თუმცა იქნება თუ არა ის სწორედ პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით დამოუკიდებელი მოსამართლე, თანაც იმ პერიოდში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია მასშტაბური ცვლილებებისთვის ემზადება? ყველა ბრალდებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე ექსკლუზიურად “კვირის პალიტრასთან” საუბრობს:

- ოთხ წელიწადზე მეტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიყავი და პოლიტიკური თანამდებობის პირიც გახლდით, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ჩემს ახლანდელ მოვალეობებთან ეს ხელშემშლელ ფაქტორად უნდა აღვიქვათ. არ ვაპირებ გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიისა და პარტიული შეხედულებების მიხედვით. ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში – აშშ-ში უზენაესი სასამართლოს 30%-ზე მეტ მოსამართლეს პოლიტიკური წარსული აქვს. ანალოგიური პრაქტიკაა ევროპაშიც. საფრანგეთში საკონსტიტუციო საბჭოში ყოფილი პოლიტიკოსები არიან მოსამართლეებად, თუმცა საზოგადოებას იქ შეკითხვაც კი არ გაუჩნდება წარსულ პოლიტიკურ საქმიანობასა თუ გავლენაზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას.

- ფაქტია, რომ თქვენ მიერ მოყვანილი დემოკრატიული სახელმწიფოების მაგალითები ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატიის მქონე საქართველოში საზოგადოებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა, თანაც, იმ ფონზე, როდესაც აშკარად ავლენთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის მიმართ თქვენს პოლიტიკურ განწყობას...

- პრაქტიკის ანალიზი და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- სწორედ ამიტომ გეკითხებითდაანონსებული მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილებებისა და თქვენი პოლიტიკური განწყობების ფონზე, საზოგადოება რატომ უნდა გენდოთ, რომ თქვენივე განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ მიიღებთ?

- სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს როლის განსაკუთრებულობის შეფასებისას აქცენტი კონკრეტული მოსამართლის პრინციპულობასა და შინაგან დამოუკიდებლობაზე უნდა გაკეთდეს – პირადად მე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი აღნიშნული თვისების დეფიციტს არ განვიცდი. თუ მხოლოდ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, რა გარანტია გვაქვს, რომ თუნდაც მხოლოდ აკადემიური წრიდან არჩეული მოსამართლე პოლიტიკურად ანგაჟირებული არ იქნება და პოლიტიკურ ზემოქმედებასა თუ ზეწოლას არ დაექვემდებარება? ყველა მოქალაქეს აქვს პოლიტიკური განწყობა. თუ მოსამართლეებს არჩევნებში მონაწილეობაც ავუკრძალოთ, რადგან ისინი საარჩევნო ბიულეტენში კონკრეტულ პარტიას აძლევენ ხმას? ვიმეორებ – მოსამართლე უნდა იყოს შეუვალი და ზეწოლას არასოდეს დაექვემდებაროს.

ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიოგრაფია და ცხოვრებისეული გზა, პირადად მე ათი წლის განმავლობაში პედაგოგი გახლდით როგორც სკოლაში, ისე უმაღლეს სასწავლებ­ლებში, ასევე ათი წელი ვემსახურე ადამიანის უფლებების დაცვას და მხოლოდ მცირე პერიოდი პოლიტიკური ლიდერის სტატუსი მქონდა. ვფიქრობ, პოლიტიკური წარსული უფრო გამომადგება, რადგან კანონშემოქმედებითი გამოცდილება მომცემს შესაძლებლობას, უფრო ფართოდ დავინახო გასაჩივრებული ნორმა თუ ნებისმიერი აქტი.
პოლიტიკაშიც სწორედ იმ მიზნით მოვედი, რომ სასამართლო სისტემა გამართულიყო.

- და მიზანს მიაღწიეთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ წუთებშიც პროკურატურა ორი მოსამართლის საქმეს იძიებს, რომლებსაცნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერის სახელით ზეწოლის გზავნილები მიუვიდათ?

- ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა ვითარდება და არც ერთი მოსამართლე მათზე ზეწოლას არასოდეს დაუშვებს. ბუნებრივია, ძნელია მსგავს ფაქტებზე ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება, თუმცა არც იმის სურვილი მაქვს, პროკურატურაზე ზეწოლა მოვახდინო და გამოძიებამდე შევაფასო მოვლენები. დარწმუნებული ვარ, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.

- თავის მხრივ, ოპოზიციაც დიდი ხანია ლაპარაკობს სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მხოლოდნაციონალური მოძრაობისშესაძლო ზეწოლის შეფასებისას გიძნელდებათ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება?

- არ ვამბობ, რომ სასამართლოში იდეალური ვითარებაა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, რომ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი რთული რეალობიდან გამოვსულიყავით. წინა ხელისუფლების პერიოდში არ მახსენდება პრეცედენტი, მოსამართლეს საჯაროდ ეთქვას, ჩემზე ზეწოლას ახდენენო.

- ალბათ, საზოგადოების ნაწილი ასევე ხშირად შეგახსენებთ .. კოკაინის საქმესა და თქვენი ძმის მიმართ თანამშრომლების პროტესტსა და სკანდალურ განცხადებებსაც. ეს გარემოებები თქვენი კანდიდატურის შერჩევისას დამაბრკოლებელი არ ყოფილა?

- არა. პოლიტიკაში მზაკვრული მეთოდია, კონკრეტულ პირს სკანდალი აუგორონ და შეტევა ორკესტრირებულად განახორციელონ. მოგეხსენებათ, საქმეს პროკურატურა იძიებდა, თუმცა როდესაც დანაშაულის დამამტკიცებელი ვერაფერი იპოვეს, ძიება შეწყდა. პროკურატურას ჩემს წინააღმდეგ ერთი სიტყვა ან ფურცელი რომ ეპოვა, არავინ დამინდობდა. ასეც უნდა იყოს – თუ ვინმე კანონს არღვევს, პროკურატურამ პასუხი უნდა მოსთხოვოს. დღეს პოლიტიკიდან წავედი და მთლიანად სასამართლო სისტემაზე ვარ ორიენტირებული, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება – ფაქტია, ადრე გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა მაღალი იყო, დღეს კი ეს ტენდენცია შემცირებულია. შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობაც, რასაც მე კი არა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია დადებითად აფასებს.

- როგორ ფიქრობთ, გიგი უგულავას გათავისუფლება და .. კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალდების შეცვლა ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?

- დღეს სასამართლო სისტემა იმაზე დამოუკიდებელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. სხვათა შორის, ამას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კოტე კუბლაშვილიც კი აღიარებდა. ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლება, მით უმეტეს, ჩემთვის, როგორც ყოფილი უფლებადამცველისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. თუ პროკურატურა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია, გაასაჩივროს.

- როგორც ამბობენ, თქვენ მოსამართლედ საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ მას შემდეგ შესთავაზეთ გუნდს, რაც პარლამენტში მაღალი თანამდებობა ვერ მიიღეთ და ვიცე-სპიკერობის შემდეგ უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა შემოგთავაზეს, რაც, პრინციპში, პოლიტიკურ დაქვეითებას გულისხმობდა...

- როდესაც კონკრეტულ საპარლამენტო თანამდებობაზე უარი ვთქვი, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს წარდგენაზე ლაპარაკიც კი არ იყო. თუმცა მადლობას ვუხდი გუნდს, რომ არჩევანი ჩემზე გააკეთეს. ბუნებრივია, პოლიტიკიდან წასვლა ჩემი არჩევანის გარეშე არ მოხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ამაზე გუნდიც შეჯერდა – ახლა მაქვს შესაძლებლობა, საქართველოში კონსტიტუციური კანონიერებისა და მართლმსაჯულების დამკვიდრებას ვემსახურო.

კვირის პალიტრა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

დავეწიოთ და გავუსწროთ მიზნობრივ ინფლაციას?!

ემა ტუხიაშვილი

2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 2,9% შეადგინა. შარშანდელ იანვართან შედარებით კი სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9%-ით არის გაზრდილი. კიდევ უფრო თვალსაჩინოა ფასების შედარება 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან – ფასები მომატებულია 22,5%-ით.

იანვარში წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასები გაზრდილია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე: ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 22,4%-ით, ხილსა და ყურძენზე 8,9%-ით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე 3,1%-ით, ზეთსა და ცხიმზე 3,1%-ით, თევზეულზე 2,8%-ით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 2,5%-ით. ფასები ასევე მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (10,1%-ით) და შეძენაზე (4,9%), რასაც ექსპერტები ნაწილობრივ 1-ლი იანვრიდან რამდენიმე პროდუქტზე აქციზის ზრდას უკავშირებენ.

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

“ბუნებრივია, ინფლაციის უპირველესი მდგენელი აქციზის განაკვეთია. როცა გასული წლის ბოლოს ამ თემებზე ვსაუბრობდით, მათ შორის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები თუ პოლიტიკოსები, ფაქტობრივად, ყველას გვქონდა ინფლაციის მოლოდინი. ერთი მხრივ, საბიუჯეტო დეფიციტის დასაფარავად აქციზის განაკვეთის მატებას ვიყენებთ, მაგრამ ყველასთვის ისიც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ აქციზის განაკვეთის მატება, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებზე, პირდაპირ აისახებოდა მომსახურებისა და პროდუქციის ფასებზე. ეს არის აქციზის ეფექტი, თანაც ნავთობპროდუქტის მიმართ ინფლაცია ყველაზე მეტად მგრძნობიარეა. ნავთობპროდუქტს მოიხმარს აბსოლუტურად ყველა, ჩვენც გაგვიძვირდა ავტომობილით გადაადგილება და ბიზნესსაც გაუძვირდა სატრანსპორტო ოპერაციები.

ფაქტობრივად, ჯერ მხოლოდ 1 თვეა გასული და იანვრის მაჩვენებლებით უკვე გვაქვს თითქმის 4%-იანი ინფლაცია, მაშინ, როცა წლიური სამიზნე კარგა ხანს იყო 5% და დღეს უკვე 4%-ია. ეს ნიშნავს, რომ წინ ძალზე რთული წელიწადი გვაქვს.

სამწუხაროდ, ფასწარმოქმნა არ განისაზღვრება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. დიდწილად საერთაშორისო ბაზრებზე ვართ დამოკიდებული. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ქცევა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე დოლართან დაკავშირებული საკითხები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ამერიკის პოლიტიკა დოლართან დაკავშირებით იცვლება და, სავარაუდოდ, მისი კურსის შერბილების პოლიტიკა წარიმართება. რა თქმა უნდა, ჩვენთან ინფლაციურ პროცესებზე ეს პირდაპირ გავლენას არ ახდენს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დოლარის შერბილება დიდ გავლენას მოახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში.

ასევე განმსაზღვრელი ფაქტორია საბიუჯეტო ხარჯვითი პოლიტიკა საქართველოში. ის დღეს მაქსიმალურად სტაბილურია და სავალუტო ბაზარზე ბიუჯეტი არ მოქმედებს, როგორც უარყოფითი ფაქტორი. თუმცა ინფლაციასთან დაკავშირებით აქვე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი რისკის შესახებ – მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ტენდენცია, რომელიც აქამდე არსებობდა, დღეს შეცვლილია და ის ნელ-ნელა იზრდება. ჯერ არ ვიცით, შენარჩუნდება თუ არა ნავთობის გაძვირების ტემპი, მისი ზრდა ჩვენთვის ერთ-ერთი რისკ­ფაქტორია. შესაბამისად, ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ წლეულს ინფლაცია მიზნობრივ 4%-ზე მეტი გვექნება”.

კვირის პალიტრა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ჩრდილოვანი ბიზნესი“: ტაქსაობა, ძიძები და რეპეტიტორები

თვითდასაქმებულთა დაუბეგრაობით ბიუჯეტი არაერთ მილიონს კარგავს გადასახადების სახით

ემა ტუხიაშვილი

ტაქსის მძღოლი, ძიძა, რეპეტიტორი – საქართველოში ამ და სხვა საქმიანობით მილიონზე მეტი კაცი ირჩენს თავს. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, ჯამურად ამ ბიზნესებში წელიწადში 200-300 მილიონი ლარი ბრუნავს და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას კანონი საშემოსავლო გადასახადის გადახდას აკისრებს, ბიუჯეტში შენატანს, ფაქტობრივად, არავინ აკეთებს. ხელისუფლება წვრილ “ჩრდილოვან ბიზნესს”, სადაც ჯამში მილიონები ბრუნავს, არ არეგულირებს, რადგან მას უფრო სოციალური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური.

საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა, 2 021 000-კაციანია. “საქსტატის” ბოლო მონაცემებით, აქედან დასაქმებულია 1 779 900, საიდანაც 753 400 დაქირავებულია, ხოლო 1 018 100 – თვითდასაქმებული. 2015 წელს ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადის სახით 2,05 მილიარდი ლარი მიიღო, 2016 წლის სამ კვარტალში კი – 1,49 მილიარდი. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშემოსავლო გადასახადს, ძირითადად, დაქირავებით დასაქმებულები იხდიან, ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი სწორედ მათ ხარჯზე ივსება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაურეგულირებელ სფეროში წელიწადში დაახლოებით 200-300 მილიონი ლარი ტრიალებს, გამოდის, თვითდასაქმებულთა დაუბეგრაობით ბიუჯეტი არაერთ მილიონს კარგავს გადასახადების სახით.

“ტაქსაობა” საქართველოში თვითდასაქმების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა. ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტთა შეფასებით, საქართველოში 50 ათასამდე ტაქსი მოძრაობს. უმეტესობა ფიზიკურ პირებს ეკუთვნის, რომელთა საქმიანობას სახელმწიფო არ არეგულირებს. თუმცა ცნობილია, რომ თბილისის მერია მუშაობს ტაქსების რეგულირების სქემაზე, რის შემდეგაც ამ საქმიანობით დაკავებულ პირთ განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ, არ არის გამორიცხული, მოსაკრებელიც დაუწესდეთ. სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს ტაქსების ზუსტი აღრიცხვა, სტანდარტული ტარიფი ან დადგენილი სამუშაო საათები, ძნელია თქმა, საშუალოდ რამდენს გამოიმუშავებს ერთი ტაქსის მძღოლი, მაგრამ სრული დატვირთვის პირობებში ყველა ხარჯის გათვალისწინებით, ყოველდღიური მინიმალური მოგება, საქმეში ჩახედული ადამიანების თქმით, 20-30 ლარია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ ამ ბიზნესის “ჩრდილში” წელიწადში ასეულ მილიონ დოლარზე მეტი ტრიალებს.

რეპეტიტორობა, მასობრივი უმუშევრობის პირობებში, ბევრისთვის იქცა შემოსავლის ერთადერთ წყაროდ. აქაც რთულია დათვლა, რამდენი ადამიანი ირჩენს თავს ამ საქმიანობით, ზოგისთვისაც ეს დამატებითი შემოსავლის წყაროა. მასწავლებლების საკმაოდ დიდი ნაწილი არასამუშაო საათებში მოსწავლეებს ამზადებს და ამაში დამატებით შემოსავალს იღებს. რეპეტიტორების აღრიცხვის მსგავსად, ძნელია მათი საშუალო შემოსავლების დათვლა, რადგან ეს დამოკიდებულია საგანზე, რომელშიც ამზადებენ მოსწავლეს, პედაგოგის ავტორიტეტსა და მის კვალიფიკაციაზე და იმაზეც კი, თბილისის რომელ უბანში ამზადებს მოსწავლეებს რეპეტიტორი. ბევრისთვის ეს საქმიანობა იმდენად სარფიანი აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების მისაღებად ცალკე ფართობიც იქირავეს და მიღებული შემოსავლით იჯარასაც იხდიან და მოგებაც სოლიდური რჩებათ.

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული საქმიანობა საქართველოში ძიძად ან ოჯახში მომვლელად მუშაობაა. კარგ ძიძაზე იმდენად დიდია მოთხოვნა, წინასწარ უნდა შეუთანხმდე, რომ ბავშვების გაზრდის შემდეგ შენთანაც გადმოვიდეს სამუშაოდ და ამაში სოლიდური გასამრჯელოც გადაუხადო.

დღეს ძიძების ხელფასი, დატვირთვის მიხედვით, 300-400 ლარიდან იწყება და 1 000 ლარსაც აჭარბებს. მთავრობა არც ამ ბიზნესს არეგულირებს, შესაბამისად, არავინ იცის, რამდენი ადამიანი იღებს შემოსავალს საქართველოში ამ საქმიანობით. ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, თვითდასაქმების ყველაზე გავრცელებული სახეებია საქართველოში, თუმცა დღეს ადამიანები თავს ასევე ირჩენენ სახლების დალაგებით, მზარეულობით, ძაღლების გასეირნებით, ხელსაქმით, მიწის დამუშავებითა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით. რა თქმა უნდა, კანონი საშემოსავლო გადასახადის გადახდას ყველა მათგანს არ აკისრებს და ამ ტვირთისგან გათავისუფლებულია, მაგალითად, ის, ვისი შემოსავალიც წელიწადში 3.000 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, აქაც გასათვალისწინებელია, თვითდასაქმებასთან გვაქვს საქმე თუ შენიღბულ უმუშევრობასთან. ამისთვის კი დეტალური და სიღრმისეული კვლევაა საჭირო, რათა შეფასდეს თვითდასაქმებულის შემოსავლები, ცხოვრების დონე და ა.შ.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

„ეს პრობლემა ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლია. თვითდასაქმებულების ფისკალური ეფექტი საკმაოდ მცირეა, მაგრამ მათ აქვთ სხვა, მეორე ფუნქცია, უფრო მნიშვნელოვანიც კი. ეს გახლავთ ოჯახების კეთილდღეობის მიღწევა. იქ, სადაც სახელმწიფო და მსხვილი ბიზნესი ვერ ახერხებს დასაქმებას, ადამიანები საკუთარი რისკისა და ენერგიის ფასად ცდილობენ, მონახონ თავიანთი ნიშა საბაზრო ეკონომიკაში, მიიღონ შემოსავალი და ამ სახსრებით ოჯახები არჩინონ.

მოდი, შევაბრუნოთ პრობლემა და საკითხი სხვაგვარად დავსვათ. ეს ადამიანები მხოლოდ სახელმწიფოს იმედად რომ ყოფილიყვნენ აქამდე და ხელი არ გაენძრიათ, მაშინ ეს მილიონზე მეტი, რომელთა უკან ასეულათასობით ოჯახი დგას, უზარმაზარი თავის ტკივილი და ტვირთი იქნებოდა, რასაც ვერც ერთი ბიუჯეტი ვერ გაუძლებდა. შესაბამისად, ამ საკითხს მხოლოდ ფისკალური კუთხით ნუ შევხედავთ, არამედ შევხედოთ სოციალური დატვირთვისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ ადამიანებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თუმცა ჩვენ, როგორც მატერიალისტები, ეკონომისტები და საბაზრო ეკონომიკის პირობებში მცხოვრებნი, ვალდებული ვართ, ამ საკითხს სახელმწიფოს ინტერესებიდანაც შევხედოთ. ჯერჯერობით, თვითონ ამ თვითდასაქმებულების კონტინგენტი საკმაოდ არაორგანიზებულია, ხოლო მათი წვლილი ბიუჯეტის ფორმირებაში – მოკრძალებული. მეორე მხრივ, სახელმწიფო ვერ იღებს, ან ბოლომდე არა აქვს აღებული პასუხისმგებლობა მათ დასაქმებაზე, მაგრამ სახელმწიფოს არც უარუყვია, რომ აქვს ამ კონტინგენტისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ განსაზღვრული სოციალური პასუხისმგებლობა, მათი განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოებისა და რიგი სხვა ასპექტების გამო. ფაქტობრივად, რა გამოდის? – მათი წვლილი საზოგადოებრივი დოვლათის ფორმირებაში მინიმალურია, ხოლო მოხმარების მხრივ ისინი ძალიან აქტიური და შეიძლება ითქვას, საშუალოზე უფრო მაღალი დონის მომხმარებლები არიან, იმის გათვალისწინებით, რომ თვითდასაქმებულთა კონტინგენტის ერთი ნაწილის ასაკი საკმაოდ მაღალია. აი, ამგვარ პარადოქსს ვაწყდებით.

ქართველები კი გამოვირჩევით იმით, რომ გადასახადების გადახდის დიდი მოყვარული და სანიმუშო არა ვართ, მაგრამ არც გამონაკლისს წარმოვადგენთ. სხვათა შორის, ათენში ყველა, ვისაც სახლში აუზი აქვს, ვალდებულია, დამატებითი გადასახადი გადაუხადოს სახელმწიფო ბიუჯეტს. გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ დეკლარირებული იყო აუზის მქონე 200-მდე კაცი, აეროგადაღებით კი აღმოჩნდა, რომ ათენში თითქმის 60 ათასამდე ოჯახს ჰქონდა აუზი. იმავე საკითხზე ვესაუბრე აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს ერთ-ერთ ხელმძღვანელს და მისი მონაცემებით, ამერიკაში ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს უმალავენ მთლიანი შიდა პროდუქტის 4-5%-ს. შესაბამისად, როცა ასეთ საკითხებს ვეხებით, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ სასწორის ერთ პინაზე დევს ფისკალური ეფექტი ბიუჯეტში და მეორეზე – სოციალური სტაბილურობა. სახელმწიფო კი უპირატესობას იმას ანიჭებს, რაც უფრო ძვირად უღირს მოცემულ მომენტში”.

კვირის პალიტრა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი“ // რატომ მოექცნენ სასტიკად ისრაელელი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს?! // „როცა ისრაელში ჩასვლის მიზეზი ვუთხარი, მესაზღვრე ამიყვირდა, რა გოლგოთას მთა, არსადაც არ წახვალო

ნანა ფიცხელაური

საქართველოს მოქალაქეები ისრაელის მესაზღვრეებს არაადამიანურ მოპყრობასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ 28 იანვარს ისრაელში ჩასული ოცდაათამდე ქართველი მგზავრის უფლებები დაირღვა, მეტიც, მათ სამი დღით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები არიან. იურისტი, შშმ ბავშვთა უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია “ნათელი მომავლის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი მარიამ მენაბდიშვილი­ ისრაელის მესაზღვრეებს უკანონო დაკავებასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ისრაელში დაგეგმილი ჰქონდა საქმიანი შეხვედრა, რომელიც შშმ ბავშვებისთვის საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას ეხებოდა.

მარიამ მენაბდიშვილი:

- კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო­ ჩემსა და ებრაელ მოქალაქეს შორის, რომელმაც საქართველოში შშმ პირებისთვის­ სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა ააშენოს. როდესაც სალაროში პასპორტი მივაწოდე,­ ბილეთი და დაზღვევა მომთხოვეს. ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა, მაგრამ ერთი საათი მაინც ოთახში მაცდევინეს. შეფერხების მიზეზის განმარტებას ვითხოვდი, მითხრეს, რომ უნდა მელაპარაკა მხოლოდ ივრითზე. ამის შემდეგ შემიყვანეს სხვა ოთახში, სახესთან ახლოს კამერა მომიტანეს და მითხრეს, მეთქვა, რა მიზნით ვიყავი ჩასული ისრაელში. შეამოწმეს ჩემი დოკუმენტ­აცია და ნახეს, რომ ვიყავი არასამთავრობო­ ორგანიზაციის აღმასრულებ­ელი დირექტორი. არ მიჯერებდნენ, რომ ისრაელში სამუშაოდ არ მივდიოდი. ავუხსენი,­ რომ ამის მიზეზი არ მქონდა, რომ საქართველოში მაქვს ბინები, არ ვარ დევნილი, მყავს მცირეწლოვანი შვილები, მეუღლე, რომელსაც აქვს სამსახური და მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის მიუხედავად, მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი, მოსამსახურე და უნდა დავეგდო იქ, სადაც მიმითითებენ. შემდეგ ჩამომართვეს საფულე, რომელშიც 1.000 დოლარი მედო, ამიხვიეს თვალები, სხვა ქართველ მგზავრებთან­ ერთად ჩამსვეს ავტომანქანაში, ჩამოგვართვეს მობილურები… მერე შეგვიყვანეს შენ­ობაში – ფაქტობრივად, თავისუფლება­ აღგვიკვეთეს, არ მოგვცეს ოჯახებთან დაკავშირების საშუალება. გვიყვიროდნენ, შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. მერე შემოიტანეს­ მჟავე და ვადაგასული საკვები, ჩაყარეს ხელ-პირის საბან ნიჟარაში და გვითხრეს, გვეჭამა. ორლიტრიანი პლასტმასის ჭურჭლით დასალევად მოგვიტანეს თბილი და ჭუჭყიანი წყალი.

ვიღაცამ ჩაი მომიტანა, ფინჯანში ჩამიფურთხა და მიბრძანა, დალიეო. ამასობაში მაგიდას შევავლე­ თვალი და პლასტმასის კოვზი დავინახე. ავიღე­ და ვუთხარი, თუ არ მომეშვებით, ამ კოვზით ვენებს გადავიჭრი-მეთქი. ხელები გადამიგრიხეს და უფანჯრო ოთახში შემაგდეს, 270 დოლარი გადაიხადე და შენს სამშობლოში გაფრინდებიო… აეროპორტში მივედით, 300-300 დოლარი ჩამოგვართვეს და საქართველოში სხვადასხვა რეისით გამოგვამგზავრეს. ჯერ – კიევში, შემდეგ კი თბილისში ჩამ­ოვფრინდი, ჩემი საბუთები საქართველ­ოში დამხვდა, ჩემოდანი კი – კიევის თვითმფრინავში. ანალოგიურ მდგომარეობაში იყვნენ სხვებიც. იქ იყვნენ შოუბიზნესის წარმომადგენლებიც, რომელთაც ოქროული მოჰპარეს. გვეუბნებოდნენ, თქვენს ხელისუფლებას მოსთხოვეთ იმაზე პასუხი, რაც ხდებაო.

ვაპირებთ საჩივრის შეტანას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ერთადერთი კითხვა მაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან: რა ჰქვია ამას და რა იყო მიზეზი, რომ ამ ქვეყანაში­ არ უნდა შევსულიყავი? ამ მდგომარეობაში 30-მდე ადამიანი აღმოვჩნდით. როგორც მითხრეს, ქართველებს­ ხშირად უწევთ ასეთი შეურაცხყოფის­ ატანა ისრაელის მესაზღვრეებისგან. ვითხოვთ, ხელისუფლებამ მსგავს ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს. დავიწყებთ მასობრივ აქციებს და გამოვა ყველა ქართველი, ვინც ამ უკანონობის მსხვერპლია.

კობა ხაჩიძე, მგზავრი:

- ისრაელში­ მივდიოდი როგორც ტურისტი. ჩაფრენისთანავე ქართველებს ჩამოგვართვეს პასპორტები, შეგვიყვანეს ოთახში და გამოგვკითხეს, სად და რატომ მიდიხართო. როცა ისრაელში ჩასვლის მიზეზი ვუთხარი, მესაზღვრე ამიყვირდა, რა გოლგოთას მთა, არსადაც არ წახვალო. შემდეგ მანქანებში შეგვყარეს, წაგვიყვანეს და საკნებში ჩაგვკეტეს. უმძიმეს სიტუაციაში ვიყავით. გვში­ოდა და არ გვაჭმევდნენ, ბოლოს ძლივს მოიტანეს თევზის ჰამბურგერი. წყალი დღეში ერთხელ მოჰქონდათ. უფანჯრო ოთახში სამი ღამის გათევამ მომიწია. შემდეგ წაგვიყვანეს აეროპორტში, ჩაგვსხეს თვითმფრინავში, ჩვენი პასპორტები პილოტს გადასცეს და საქართველოში გამოგვაფრინეს. პასპორტში უკან შემოსვლის ბეჭედი არც ჩაგვირტყეს… გვეუბნებოდნენ, საქართველოდან აქ ჩამოსულები არ დაგინახოთ… ამას სხვებიც დაადასტურებენ. კამერაში შვიდი კაცი ვიყავით. ზედა სართულზე ქალები ჰყავდათ, მათ შორის ინვალიდებიც იყვნენ. როგორ გვექცეოდნენ, ამის დამადასტურებელი კადრებიც მაქვს გადაღებული. ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ამბობს, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა ქვეყნის ღირსების საკითხია…

10 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ისრაელის ელჩს, შაბთაი ცურის შეხვდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე და აღინიშნა, რომ აუცილებელია ყველა ასეთი შემთხვევის გამოკვლევა და შემდგომი პრევენცია…

იმის გასარკვევად, რით შეიძლება იყოს გამოწვეული ასეთი სასტიკი დამოკიდებულება ქართველების მიმ­ართ, პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას მივმართეთ.

ვახტან მაისაია: პრობლემა გამოწვეული უნდა იყოს სამი ფაქტორით. პირველი – უსაფრთხოება, მეორე – არალეგალური მიგრაცია და მესამე – რუსულენოვანი მიგრანტების მხრიდან ნაციონალისტური გამოხდომები. ისრაელმა გაამკაცრა საზღვრები, ვინაიდან პალესტინასთან დაძაბულია სიტუაცია, ხდება ტერორისტული აქტები, ამას ემატება “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან საფრთხის ელემენტები. ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, ალყაშია, ეროვნული უსაფრთხოების გარემო არის მყიფე­ და მოწყვლადი და ისიც ადეკვატურად ცდი­ლობს რეაგირებას. როცა ქვეყანაში­ დიდი რაოდენობით ტურისტი ჩადის, ამიტომაც აქვთ ასეთი რეაქცია. ისრაელში არა­ლეგალურად ჩასული დაახლოებით 8 000 ქართველია. რუსულენოვან ებრაელებს­ დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკაზე, ხელისუფლებაშიც ჰყავთ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, საკმაოდ ძლიერი რუსული პარტიაა შექმნილი, რომელიც, ფაქტობრივად, მმართველი პარტიაა. შესაძლოა, რუსული გავლენაც უკავშირდება ქართველების მიმართ დამოკიდებულებას…

ჩვენ ებრაელ ხალხთან არასდროს გვქონია დაძაბული ურთიერთობა. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია ანტისემიტური გამოხდომები.

კვირის პალიტრა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ქალი და ჯარი

სჭირდება თუ არა ქართულ არმიას მანდილოსნების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა?

ირაკლი ალადაშვილი

საზოგადოების ნაწილი გასულ კვირას აქტიურად განიხილავდა თემას – გენდერული თანასწორობის მიზნით მიღებული უნდა იყოს თუ არა კანონი ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ. ერთმა ქალბატონმა პარლამენტში შეიტანა ამ საკითხთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა.

სჭირდება თუ არა ქართულ არმიას ქალი-სამხედროები და თვითონ ქალბატონებს თუ სჭირდებათ ჯარში სამსახური? რა თქმა უნდა, ქალბატონების მონდომება, მამაკაცების გვერდით დაიცვან სამშობლოს უსაფრთხოება, მისასალმებელია, ოღონდ აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ჯარში ქალებისა და მამაკაცების ფუნქციები.

ქართულ არმიაში, წლებია, ათასამდე ქალბატონი მსახურობს, მაგრამ ისინი თავიანთი სურვილით, კონტრაქტის საფუძველზე მოხვდნენ არმიაში. სულ სხვა საქმეა, თუკი სახელმწიფო ქალების ჯარში გაწვევას სავალდებულოს გახდის. ეს ბევრ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული, კერძოდ, საჭირო იქნება წვევამდელი ქალბატონებისთვის ცალკე ინფრასტრუქტურის (ყაზარმები, საშხაპეები და ა.შ.) შექმნა, რისი თანხაც დღეს არმიას არა აქვს.

რაც შეეხება გენდერული თანასწორობის დაცვას, ამაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს­ ნამდვილად ვერავინ დაადანაშაულებს, რადგან გარდა ათასამდე სამხედრო ქალბატონისა, საქართველო პირველი ქვეყანა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლის თავდაცვის მინისტრი ქალბატონი გახდა, დღეს კი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეც ქალბატონია. მაგალითად ხშირად მოჰყავთ ისრაელი, სადაც ქალებს მამაკაცების თანასწორად იწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. მართლაც, ისრაელის არმია ცახალი 18 წლის მამაკაცებს – სამი, ხოლო გოგონებს – ორი წლით იწვევს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებულ ქალბატონებს ჯარში სავალდებულო გაწვევა არ ეხებათ.

ისრაელის მაგალითი საქართველოს არ გამოადგება, ისევე, როგორც ქურთი ქალებისა, რომლებიც სირიაში, “კალაშნიკოვებით” ხელში, თავიანთ ღირსებასა და სიცოცხლეს იცავენ “ისლამური სახელმწიფოსაგან”. საქართველოში, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არიან მამაკაცები, რომლებიც შეძლებენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ჩვენი მანდილოსნების დაცვას. ყველა, ვისაც ომის საშინელებები უნახავს, დამეთანხმება, რომ ომი ქალის საქმე არ არის…

——-

P.S. ქართულ არმიაში ბევრი პრობლემაა, მათ შორისბოლო საკადრო ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ამიტომაც ხომ არ აჯობებდა, პარლამენტს ქალების ჯარში სავალდებულო გაწვევის საკითხის ნაცვლად, არმიის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტაზე ემსჯელა? ჩვენ სხვა წინადადებას შევთავაზებთ ჯარში ქალების სავალდებულო სამსახურისა და გენდერული თანასწორობის მომხრეებსმოითხოვეთ, სავალდებულო გახდეს მანდილოსნებისთვის (და მამაკაცებისთვისაც) პირველადი სამედიცინო დახმარების ხანმოკლე კურსების გავლა, რაც მათ ოჯახშიც გამოადგებათ და სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციაშიც.

————————

რეზონანსი//მთელი კვირა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ქართული არმიის გადამზადების ახალი 3-წლიანი პროგრამა და ამერიკული საწვრთნელი ცენტრი // ექსპერტების აზრით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის უმჯობესია,ჯარი პირველ, რიგში გარე აგრესიასთან გამკლავებაში მომზადდეს

გვანცა ღვედაშვილი

საქართველოში მასშტაბური ამერიკული სამხედრო ცენტრის გახსნა იგეგმება, რომელიც გერმანიაში, არსებული საწვრთნელი ბაზის ანალოგი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, ექსპერტების ნაწილი სამხედო საწვრთნელი ბაზის სავარაუდო აშენების ადგილად ვაზიანის დასახლებას მოიაზრებს, ნაწილისთვის კი არსებული ცენტრების მოიდერნიზება უფრო მისაღებია. მათივე შეფასებით, უმჯობესი იქნება, თუ ყურადღება ჯარისკაცებისთვის თავდაცვითი ბრძოლების შესწავლაზე გამახვილდება და არა -ანტიტერორისტულ მიმართულებებზე, რადგან ჩვენი არმიის ძირითადი მიზანი გარე აგრესიისგან ქვეყნის დაცვაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება 2016 წლის დეკემბერში გაფორმდა. ორიოდე დღის წინ კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც ის და ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაბა ჰოჰენფელზში, აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზას ესტუმრნენ, რომლის დროსაც, ამერიკელმა გენერალმა ქართველ სამხედროებს სანდო პარტნიორები უწოდა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი მოიწონა.საქართველო ჯერჯერობით არ ახმაურებს აღნიშნული ხელშეკრულების დეტალებს. “მთელი კვირის” მიერ დასმულ კითხვებზე, დაწყებულია თუ არა და სად იგეგმება წვრთნელი ცენტრის მშენებლობა, რამდენი ჯარისკაცი მიიღებს მომზადებაში მონაწილეობას და ა.შ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა გვიპასუხა, რომ საქმის კურსში არ არის და რომც იყოს, მინისტრის ჩამოსვლამდე ვერაფერს გვეტყოდა.

“არ ვარ დეტალების საქმის კურსში. რომც ვიცოდე, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. მინისტრის ჩამოსვლის შემდეგ ვაპირებთ გარკვეული პრეზენტაციების ჩატარებას, რომლის შემედგ ცნობილი გახდება გარკვეული საკითხები. სავარაუდოდ კი ყველა იმ დეტალზე საჯაროდ საუბარი, რომელზეც თქვენ გსურთ, იქამდე არ იქნება, ვიდრე პროცესი არ დაიწყება, ხოლო როდის დაიწყება, ეს ჯერ არ ვიცი”, – გვითხრა ირაკლი სესიაშვილმა.

აღნიშნული სწავრთნელი ბაზის შესახებ “მთელი კვირა” სამხედრო ჟურნალ “არსენალის” მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა, რომლის შეფასებითაც, აღნიშნული ბაზებისთვის ყველაზე მოსაღები ვაზიანის დასახლებაა. ხოლო რაც შეეხება წვრთნების ეფექტურობას, მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის, თუ რა მიმართულებით მომზადდებიან ქართველი სამხედროები.

“ყველაზე მომგებიანი ადგილი სტრატეგიული და ტაქტიკური თვალსაზრისით, ალბათ, ვაზიანის დასახლებაა, რადგან მას გააჩნია თავისი აეროდრომი, პოლიგონი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ჯარისკაცისა და ოფიცრის მომზადებაა შესაძლებელი სამი წლის განმავლობაში, ეს ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული. თავად ვაზიანის ტერიტორია იძლევა საშუალებას, რომ ჯარისკაცები მომზადნენ არა მხოლოდ უდაბნოს პირობებში ბრძოლისთვის, არამედ მთაგორიან და ქალაქის პირობებში საბრძოლველადაც.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ცენტრში ყურადღება ქართული არმიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის მომზადებას დაეთმობა, რომ თავდაცვითი ბრძოლების წარმოება სხვადასხვა მიმართულებით შეეძლოთ, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. პრობლემები იყო, რომ ქართული დანაყოფები, რომლებსაც ვაგზავნიდით ერაყსა და ავთანეთში, ემზადებოდნენ ანტიტერორისტულ ოპერაციებში, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ღმერთმა არ ქნას და ჩვენ რომ კიდევ ომი მოგვიწიოს რუსეთთან, მთელი უპირატესობა მას ექნებოდა და ჩვენ პარტიზანული წესით მოქმედება მოგვიწევდა. ხოლო თუ სწავლა გაგრძელდა იმაზე, როგორ ჩავატაროთ კონვეირება, როგორ შევქმნათ საგუშაგოები და ა.შ., ეს, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ის არ იქნება, რაც ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება”, – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა. მისივე თქმით, ამ ცენტრის გახსნას ბუნებრივად მოჰყვება რუსეთის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. „რუსეთის რეაქცია როგორც ყოველთვის უარყოფითი იქნება. რუსეთი ნატოსა და ამერიკასთან საქართველოს კავშირს ყოველთვის უარყოფითად განიხილავს, რადგან რუსეთს დღემდე სურს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, ყველა გადაწყვეტილებას კრემლის გავლით ღებდეს”, – გვითხრა ალადაშვილმა.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე კი “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ახალი ცენტრის აშენების ნაცვლად, ის არსებული ცენტრების მოდერნიზების მომხრეა. ამასთან აღნიშნულ საწვრთნელ ბაზაზე, მისია აზრით, აქცენტი ოფიცრების მომზადება-გადამზადებაზე უნდა გაკეთდეს.

“ადგილების შერჩევა შესაძლებელია, თუმცა მე უფრო არსებული ცენტრების მოდერნიზების მომხრე ვარ. ახალი ცენტრის აშენებაზე ამ ეტაპზე დიდი თანხების გამოყოფას მოვერიდებოდი. დღეს რესურსები შეიარაღების და ტექნიკის აღდგენაზე, საბრძოლო მარაგებისა და საბრძოლო მომზადების ინტენსიობის გაზრდაზე უნდა იყოს მიმართული. რთული სათქმელია რას გეგმავს თავდაცვის სამინისტრო. ჩვენ ამ საკითხებში ჩართულები არ ვართ და ინფორმაციაც მწირად ვრცელდება. ჩემი მოსაზრებით, ძირითადი აქცენტი ოფიცრების მომზადება-გადამზადებაზე უნდა გაკეთდეს. წლებია ჩვენი ოფიცრების ძირითადი დატვირთვა ავღანეთის მისიაზე მოდის. საბრძოლო მოქმედებები კი სხვა ვითარებაში მოგვიწევს”, – გვითხრა ამირან სალუქვაძემ.

რაც შეეხება გერმანიაში არსებულ საწვრთნელ ცენტრს, რომლის ანალოგიც საქართველოში უნდა გაკეთდეს, სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით, ცენტრის ინფრასტრუქტურა იმ ავღანურ ქალაქს შეესაბამება, სადაც ჩვენები სამხედრო მისიას ასრულებენ. თუმცა, მისივე თქმით, ჩვენი არმიის ძირითადი ფუნქცია არა ავღანეთში სამხედრო ოპერაციების ჩატარება, არამედ ქვეყნის დაცვაა გარე აგრესიისგან.

“როგორც ინფორმაციაშია გაშუქებული, ეს ცენტრი ავღანეთის მისიაში ქვედანაყოფების მოსამზადებლადაა განკუთვნილი. ცენტრის ინფრასტრუქტურა შეესაბამება ავღანურ ქალაქს, რომელშიც ჩვენი სამხედროები მისიას ასრულებენ. რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ცენტრის აშენება საქართველოში? რამდენ ხანს ვაპირებთ ავღანეთის მისიაში მონაწილეობის მიღებას? რას შეგვმატებს ასეთი ცენტრი? ავღანეთში ვითარების დამშვიდებას პირი ჯერ არ უჩანს, მაგრამ ეს ხომ არ არის ჩვენი არმიის ძირითადი ფუნქცია? ამიტომ რესურსების მიმართვა, როგორც აღვნიშნე, იქითკენაა საჭირო, რაც ევალება შეიარაღებულ ძალებს – ესაა ქვეყნის დაცვა გარე აგრესიისგან. ამიტომ სასწავლო ცენტრების ინფრატრუქტურა საქართველოს, კერძოდ შესაძლო კონფლიქტების რაიონებთან უნდა იყოს მიახლოებული”, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ და აღნიშნა, რომ სამხედრო სფეროში აშშ-სთან ჩვენ თანამშრომლობასაც სწორი საინფორმაციო დიპლომატიური მხარდაჭერა ესაჭიროება, რადგან რუსეთს ყველაფერზე, რაც ჩვენი არმიის განვითარებას ეხება, უარყოფითი რეაქცია აქვს.

“ამ რეაქციებს აქტიური საგარეო პოლიტიკა და აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის სწორი ახსნა უნდა დავუპირისპიროთ, რითაც უნდა შევამციროთ საფრთხეები. სამხედრო სფეროში ამერიკასთან ჩვენს თანამშრომლობასაც სწორი საინფორმაციო და დიპლომატიური მხარდაჭერა ესაჭიროება. ახალი პრეზიდენტის პირობებში რუსეთი თვითონაც საკმაოდ აქტიურად ცდილობს, თეთრ სახლთან ურთიერთობები დაათბოს. ჩვენც იგივეს ვაკეთებთ.

მე ხშირად აღვნიშნავ და თითქმის წელიწადია ვწერ, რომ 2017 წელი შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. ერთი მხრივ, თუ რუსეთი-აშშ-ის მოლაპარაკებები რუსეთისთვის წარმატებით წარიმართა და ორ სახელმწიფოს შორის პოზიციების დაახლოება დაიწყო, რუსეთი შეეცდება კავკასიაზე ივაჭროს და გავლენის სფეროდ “დაიკანონოს”. ამ მხრივ იმედის მომცემია ჩვენი საგარეო უწყების ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტი, რომელიც ძალიან სწრაფად შედგა. მეორე მხრივ, თუ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რუსეთისგან საფრთხე გაცილებით მატულობს. მერწმუნეთ, რუსეთი საქართველოს მიმართ არ გაგრილდება. მათ გარკვეული გეგმები ჩვენთან მიმართებაში ყოველთვის აქვთ”, – განაცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ გარკვეული საფრთხის შემცველია ის ფაქტორიც, როცა თავდაცის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სხვადასხვა ვიზიტებში ერთად დადიან, რადგან არსებობენ თანამდებობის პირები, რომლებმაც ქვეყანა ერთდროულად არ უნდა დატოვონ.

რადგან საფრთხეები ახსენეთ, ერთ გარემოებას გავუსვამდი ხაზს. ამ ბოლოს ვაკვირდები, რომ თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ერთად დადიან სხვადასხვა ვიზიტები. სახელმწიფოში არსებობს თანამდებობების პირები, რომლებიც ერთდროულად ქვეყნის ფარგლებს არ უნდა ტოვებდნენ. მაგალითად, პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის სპიკერი. უმჯობესია სამიდან ორი თუ არა, ერთი მაინც იყოს ადგილზე. ასევეა თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსის დროსაც. საფრთხის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისიც და გენერალური შტაბიც მოადგილეების იმედზე არ უნდა რჩებოდნენ”, – გვითხრა ამირან სალუქაძემ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ოცნებადღეს კარგავს ქუჩას, ხელისუფლება კი სწორედ ქუჩიდან იცვლება“ // „ახალგაზრდების აქციები მასობრივი სოციალური პროტესტის წინაპირობაა

სალომე სარიშვილი

„ეს არ გახლავთ ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაცამ რაღაც გააპროტესტა. ეს გახლავთ მომწიფებული საპროტესტო მუხტი, რომელიც გამოვლენას ხან ტელევიზიაში იწყებს და ხანაც რუსთავის აზოტში, რაც პერმანენტულ ხასიათს სხვადასხვა ადგილებში მიიღებს. ტელევიზია კი ამ შემთხვევაში მხოლოდ საბაბი იყო,” – ამბობს „საზოგადოებრიც მაუწყებელში“ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისივე თქმით, ამ ფონზე აუცილებელია ხელისუფლებამ შეცვალოს პოლიტიკა და პროცესი ახლებურად წარმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტოლოგის ვარაუდით, ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ. იგი ამბობს, რომ ახალგაზრდების გამოსვლები მასობრივი სოციალური პროტესტის წინაპირობაა, რომელიც პოლიტიკური საბურველით შემოსილი არაა და მეტად ყურადსაღებია.

“მთელი კვირა” ვახტანგ ძაბირაძეს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე გაესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე: მემგონი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკითხი ორად უნდა გავყოთ, რადგან ერთია „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და მასთან დაკავშირებული პრობლემები და მეორეა აქციები, რომლიც თითქოსდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით გაიმართა. ალბათ სიახლეს არ წარმოადგენს და ფაქტის კონსტატაციაა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეიტინგი ფაქტობრივად ნულის ტოლია, ეს ყველასთვის გასაგებია. გასაგებია ისიც, რომ საჭიროა რეორგანიზაცია, ოღონდ საუბარი იმაზეა, როგორ უნდა მოხერხდეს ეს. მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტური იქნება ის გეგმა, რასაც საზოგადოებას ახალი მენეჯმენტი სთავაზობს.

როცა საუბარი „საზოადოებრივ მაუწყებელის“ დაბალ რეიტინგზეა, არგუმენტები სხვა მხრიდან მოჰყავთ – გადაცემის ხარისხი ერთია და მეორეა მისი შინაარსი. გასარკვევია ვინ რაზე დავობს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ გადაცემის შინაარსზე, კი, ბატონო, ტექნიკური თვალსაზრისით ის შეიძლება უხარისხო იყოს, მაგრამ შინაარსიანი. ჩემი აზრით, პრობლემა შინაარსშია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში დეფიციტია. ვფიქრობ, ტელევიზიაში არ ხდება საზოგადოებრივი თემების ისეთ კონტექსტში განხილვა, რომ ის რეიტინგული გახდეს.

- თუმცა, საზოგადოებრივ მაუწყებელზეც მზადდება რამდენიმე მაღალი ხარისხის და დაბალანსებული გადაცემა. მაგალითადრეალური სივრცე“, რომელსაც დახურვა ემუქრება

- რა თქმა უნდა, მედიაექსპერტი არ ვარ, მაგრამ ერთი-ორი გადაცემის მაღალი ხარისხი საზოგადოებაში რეზონანსულობას არ ნიშნავს, სამწუხაროდ ასეა. შეიძლება თემა პრობლემატური იყოს, მაგრამ მისი გაშუქების ფორმა მოსახლეობისთვის მიმზიდველი არაა. სხვაგვარი ახსნა გამიჭირდება.

ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ამის შემდეგ მოდის ტექნიკა, გამოსახულების ხარისხი და ა.შ. ამასთანავე, მგონია, რომ ამის გამოსასწორებლად 1 წელი შესვენება და ხალხის სამსახურიდან გაშვება საჭირო არაა. საჭიროა ახალი გადაცემების მომზადება, ან მისი ახლებურად წარმოდგენა.

- რაც შეეხება აქციებს, რომლსაც ახალგაზრდების ჯგუფი უკანასკნელი დღეებში მართავს და ბოლოს მსგავსი აქცია სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელში ვნახეთ, როგორ უყურებთ ამ საპროტესტო მუხტს?

- ჩემთვის მნიშვნელოვანი ის უფროა, რაც აქციებზე ხდება. პირველი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ მასში ახალგაზრდობა ჩაერთო. ბოლო წლებში ეს პრობლემა გვქონდა და ვხედავდით, რომ ახალგაზრდობა პოლიტიკურად აქტიური არ იყო. მეორეა, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა უარყოფითი მუხტის დაგროვებას იწყებს, რაც ძალიან სახიფათოა. ვისურვებდი, რომ ხელისუფლება ამას ყურადღებით ეკიდებოდეს. სოციალურ ქსელში ვნახე კითხვა – ნეტა რომელი გადაცემის დახურვას აპროტესტებენო? გადაცემის დახურვას კი არ აპროტესტებენ (ეს შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს), მათი პროტესტის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური ვითარება უფროა. ეს მარტივი პროცესი არაა, ეს ძალიან საშიში პროცესის დაწყებას ნიშნავს.

- უფრო კონკრეტულად რა შეიძლება ამას მოჰყვეს?

- დასაწყისისთვის გეტყვით, რომ აქ ახალგაზრდების გააქტიურებას კი არ ვგულიხმობ, არამედ იმ მუხტზე ვამახვილებ ყურადღებას, რომელიც შეიქმნა. ხელისუფლებამ არჩევნები მოიგო, მაგრამ წააგო პოლიტიკა. მას დღეს ჰყავს უმრავლესობა პარლამენტში, მაგრამ კარგავს ქუჩას. ამიტომ ახლა ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო, რადგან ხელისუფლება პარლამენტიდან კი არა, სწორედ ქუჩიდან იცვლება. ეს არ გახლავთ ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაცამ რაღაც გააპროტესტა. ეს გახლავთ მომწიფებული საპროტესტო მუხტი, რომელიც გამოვლენას ხან ტელევიზიაში იწყებს და ხანაც რუსთავის აზოტში, რაც პერმანენტულ ხასიათს სხვადასხვა ადგილას მიიღებს. ტელევიზია კი ამ შემთხვევაში მხოლოდ საბაბი იყო.

ამ ფონზე აუცილებელია ხელისუფლებამ შეცვალოს პოლიტიკა და პროცესი ახლებურად წარმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ. ეს გახლავთ მასობრივი სოციალური პროტესტი, რომელიც არაა პოლიტიკური საბურველით შემოსილი და ყურადსაღებია.

- როგორ ფიქრობთ, ამ ფონზე რამდენად სწორია ხელისუფლების ნაბიჯები?

- სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭიდილება, რომ ხელისუფლება და საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს. ამავდროულად, უნდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდების დამოძღვრა არასწორია და ვფიქრობ, ისინი ყოველთვის უნდა იყვნენ რადიკალურები, რადგან ეს ქვეყანა არა ჩემს თაობაზე, არამედ ზუსტად მათზეა.

- თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ მენეჯმენტზე რას გვეტყვით? რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლოა მედიაზე ხელისუფლების გავლენის მოპოვების მცდელობა არსებობდეს?

- ასეთ ვარაუდს არსებობის უფლება მართლაც აქვს, თუმცა პირადად ამ შეხედულებას არ ვიზიარებ. მიუხედავად ამისა, არის ფაქტები, რაც კითხვის არსებობის საფუძველს იძლევა, იგივე ის, რომ ეს ხალხი ჯერ “ჯიდიესში” იყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია იყო და ამის შემდეგ “პირველ არხზე” გვევლინება. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ეჭვები ჩნდება, მაგრამ თუკი ხელისუფლება ამ ნაბიჯზე მიდის, მაშინ ეს ძალიან არასწორია. დღეს კი არა, 10-15 წლის წინ, როცა ტელევიზიის მონოპოლია იყო, ხელისუფლება ამან კრახისგან მაინც ვერ გადაარჩინა და დღეს ეს მითუმეტეს შეუძლებელია.

მითუფრო იმ ფონზე, რომ ათასი სხვა მედიასაშუალება არსებობს. თუ ეს მცდელობა არსებობს, მაშინ ხელისუფლება არაადეკვატურია და ეს გაცილებით უფრო მეტი შფოთვის საფუძველს იძლევა, რადგან ის ვერც პოლიტიკაში იქნება ადეკვატური.

- მოსმენების კანონსა და მოსალოდნელ ცვლილებებზე რა აზრის ხართ?

- გულწრფელად გითხრათ, მოსმენებთან დაკავშირებულ საკითხებს ცოტა ირონიულად ვუყურებ და უფრო პოლიტიკური აჟიოტაჟის სფერო მგონია, ვიდრე რეალურად უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვა. ტექნოლოგიები იმდენადაა განვითარებული, რომ მემგონი ის, რაზედაც დღეს კამათი მიდის, უფრო გუშინდელი დღეა. მოგეხსენებათ, რომ უსმენენ უბრალო ადამიანებსაც და უფრო მეტიც, სახელმწიფო მეთაურთა ფარული მიყურადება ხდება. ამიტომ ამ საკითხს დიდად სერიოზულად არ ვუყურებ.

- თუმცა, აქ საუბარია, თუ ვის ხელში იქნება მთავარი ბერკეტი

- რა თქმა უნდა, ეს საკითხი მნიშვნელოვანია. ერთია, როგორც ვუყურებ მე ამას და მეორეა საზოგადოების დიდი ინტერესი, თუ ვის ხელში იქნება ძალა. მოსალოდნელი ცვლილებები სულაც არ მგონია კარდინალური. აქ ის კი არაა მნიშვნელოვანი, რამდენი უწყება გააკონტროლებს მოსმენებს, არამედ ისაა, რომ ახალი სისტემა ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების მფარველობის ქვეშ იქნება.

ჩემი აზრით, სახიფათო ისაა, რომ მოსმენა არაკანონიერი გზით ხდება. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ რომელიმე ერთ პიროვნებას უნდა მოუსმინოს, საკითხავი იქნება ამას როგორ აღკვეთს სხვა ორგანო, გნებავთ სახალხო დამცველი, პარლამენტი ან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ა.შ. პრობლემა საკითხისა არის ის, რომ სახელმწიფომ ფარული მიყურადება ვერ განახორციელოს. ხოლო თუ ვინმე იტყვის, რომ ამის განხორციელება შეუძლებელია, მაშინ კი, ბატონო, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მაგრამ, ჩემი აზრით, მოსალოდნელი ცვლილებებით ეს შეუძლებელია.

ვფიქრობ, ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს თემა დისკუსიისთვის გამოიყენოს და თან საზოგადოებას მოაჩვენოს, რომ კონტოლი ხორციელდება. იმას ნუ კი გველაპარაკებიან, ვინაა ამ მოსმენების კონტროლში ჩართული, ხელისუფლებამ მარტივად უნდა თქვას, თუ რისი მიღწევა შეიძლება ამ კონტროლით. შეიძლება თუ არა ამ კონტროლის მექანიზმით უკანონო, ფარული მიყურადების აღკვეთა. თუ ამაში საზოგადოება დარწმუნდება, მაშინ ყველაფერი რიგზეა.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

რატომ გადაიდო მოსმენების კანონის კენჭისყრა

უმრავლესობა საკანონმდებლო პაკეტში ცალკეული ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს

სალომე სარიშვილი

გასულ კვირას დაგეგმილი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტ,ის კენჭისყრა მომდევნო სასეიო კვირისთვის გადაიდო. კენჭისყრის გადადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სხვადასხვაგვარად ხსნიან. მათგან ერთი ნაწილი ამბობს, რომ პროცესს განგებ “ნაციონალური მოძრაობა” აჭიანურებს, დანარჩენი კი აცხადებს, რომ საკანონმდებლო პაკეტის მოცულობის გამო, მისი განხილვა გასულ კვირას ვერ მოესწრო. ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრთა ნაწილი ამბობს, შესაძლოა პაკეტში ცალკეული საკითხები დაიხვეწოს კიდევაც.

“განხილვა გრძელდება, პაკეტი დიდია და პარასკევს მხოლოდ 5 პროექტის განხილვა მოვასწარით. ცვლილებები შევიდა უკვე კომიტეტზე და კიდევ არის შესაძლებელი დავხვეწოთ ცალკეული საკითხები,” – განუცხადა “მთელ კვირას” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და ჩვენს შეკითხვაზე, კონკრეტულად რა ცვლილებების დახვეწაა მოსალოდნელი, მოკლეტექსტური შეტყობინების მეშვეობით, ასე გვიპასუხა: “მარეგულირებელს გადაეცემა დაჯარიმების და ლიცენზიის შეჩერების ფუნქცია.”

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და “მოსმენების კანონის” ერთ-ერთი თანაავტორი მამუკა მდინარაძე კი კენჭისყრის გადადებას “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებს და ამბობს, რომ უმცირესობის წარმომადგენლები დროს განგებ აჭიანურებდნენ, რათა კენჭისყრა გადადებულიყო. ამასთან, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ როგორც ყოველთვის, პარლამენტი ახლაც მუდმივი კონსულტაციების რეჟიმშია.

“კენჭისყრის გადადების მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ სპეციალურად დროის გაყვანა იყო, მეტი არაფერი. ეს შეგიძლიათ თქვენც ნახოთ, რომ “ნაციონალებმა” 5-ჯერ და 7-ჯერ ერთი და იგივე შენიშვნა და შეკითხვა დააყენეს იმისთვის, რომ დრო სპეციალურად გაეყვანათ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პროცედურული ომია, რომლის გამოც ჩვენ კარგად გაწერილი რომელიმე კანონპროექტის ჩაგდებას არ ვაპირებთ,” – განუცხადა “მთელ კვირას” მამუკა მდინარაძემ.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, ზოგადად, საპარლამენტო საქმიანობა ამ პროცესს ისედაც მოიცავს. მისივე თქმით, როდესაც განხილვა სამი მოსმენით მიმდინარეობს, იგულისხმება, რომ კანონპროექტი იხვეწება. მდინარაძე ამბობს, რომ თუკი განხილვისას საგნობრივი შენიშვნები იქნება, ამაზე ისინი ოპონენტებს დაეთანხმებიან.

“თუ შენიშვნები უფრო პროგრესული იქნება, ამაზეც დავეთანხმებით, ხოლო თუ არ იქნება – არ დავეთანხმებით. ის პროცესი, რაც მიმდინარეობს, სწორედ ამას ნიშნავს და შესაბამისად, თუკი პირველი მოსმენის დროს ერთმანეთის ხედვა დაემთხვევა, ცვლილებების შეტანა შესაძლებელი იქნება, ეს საკნონმდებლო პროცესში ჩვეულებრივი ამბავია. თავის დროზე ეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამკვიდრა, რომ თუკი პარლამენტში კანონს შეიტანდნენ, იმაში ცვლილებების შეტანა წარმოუდგენელი იყო. ეს სტერეოტიპები, რაც მათ შექმნეს, რამენაირად უნდა დავანგრიოთ. ამდენად, განხვილის დროს ცვლილებები შესაძლებელია. მესამე მოსმენის დროსაც კი შესაძლოა ისეთი სერიოზული რედაქციული შენიშვნების გაჩნდეს, რომ იქაც კი შეიძლება რაღაც ცვლილება შევიდეს. მეორე მოსმენის დროს მუხლებს განვიხილავთ, იქაც შეიძლება რაიმე არსებითი ცვლილება შევიდეს, დავუშვათ რომელიღაც მუხლი შესაძლოა სხვანაირად იკითხებოდეს და სხვაგვარად დაიხვეწოს,” – გვითხრა მამუკა მდინარაძემ.

“მთელი კვირა” შეეცადა აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტსა და ცვლილებების პროცედურულ ნაწილზე აზრი “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატებისთვისაც ეკითხა, თუმცა, ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დეპუტატმა და კანონპროექტის თანაავტორმა ზვიად კვაჭანტირაძემ კი განგვიცხადა, რომ შაბათ-კვირას ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს.

ცნობისთვის: 18 კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო პაკეტს ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე პარლამენტში გასულ პარასკევს მთელი დღის განმავლობაში იხილავდნენ. პროექტის მიხედვით, მთავარი სიახლე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა. სატელეფონო კომუნიკაციის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ფარული მოქმედებების განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება.

კანონპროექტით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ეკისრება: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტო გადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.

პროექტის თანახმად, სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და პრემიერს ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს, თუმცა პროექტის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშის პრემიერ-მინისტრთან წარდგენამდე, სააგენტოს უფროსი დოკუმენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგენს. ამავე პროექტით, სააგენტოს უფროსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. სააგენტოს უფროსის კანდიდატი სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა. უფროსობის კანდიდატებს კი (არანაკლებ სამს) სუს-ის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ფორმით კანონპროექტის მიღებას არასამთავრობო სექტორი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ საკანონმდებლო პაკეტის ამგვარი ფორმა არა ევროპული, არამედ რუსული მოდელია. კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაქვემდებარებული სააგენტოს შექმნა, უკანონო მოსმენების არსებული პრაქტიკის გაგრძელებას ნიშნავს. ამასთან, ამ კანონს არ იზიარებს არც პრეზიდენტი და დიდი ალბათობით, შესაძლოა, მას ვეტოც დაადოს.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

რვა რელიგიური ორგანიზაცია მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავს შეღავათებს ითხოვს

ეკატერინე ბასილაია

რვა რელიგიური ორგანიზაცია ითხოვს, რომ იგივე პრივილეგიები მიენიჭოთ, რითაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია სარგებლობს. კონკრეტულად საუბარი იმაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გათავისუფლებულია დღგ-ს, მოგების და ქონების გადასახადებისგან, სხვა რელიგიური კონფესიები – არა. ეს კი, მათი თქმით, დისკრიმინაციული და უთანასწოროა და კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპებს არღვევს. ამიტომაც მათ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს.

ისინი ითხოვენ, რომ სასამართლომ საგადასახადო სფეროში არსებული დისკრიმინაციული მიდგომა არაკონსტიტუციურად ცნოს და საგადასახადო შეღავათების სარგებლობის უფლება ჰქონდეთ არა მარტო მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ უმცირესობათა რელიგიურ ორგანიზაციებსაც.

ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი წარმოებაში არ მიუღია, თუმცა, მოსარჩელეებს იმედი აქვთ, რომ სარჩელი საფუძვლიანია. სასამართლო ამ საქმეს განიხილავს და შეფასდება ისიც, სახელმწიფოს მხრიდან არათანასწორ მოპყრობას აქვს თუ არა გამართლება. “თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის” წარმომადგენლისა და ერთ-ერთი მოსარჩელის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, სარჩელის მიზანი არ არის, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება, არამედ ის, რომ მსგავსი შეღავათებით სარგებლობის უფლება უნდა მიეცეს ყველა სხვა რელიგიურ ორგანიზაციასაც.

არის ეს მოთხოვნა კონსტიტუციური თუ არ არის?

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულია საკონსტიტუციო შეთანხმება, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ როლზე და რიგ შეღავათსა და უპირატესობაზეა საუბარი. მაგალითად, მე-6 მუხლში აღნიშნულია, რომ ეკლესიის მიერ წარმოებული საღვთისმსახურო პროდუქცია – მისი დამზადება, შემოტანა, მიწოდება და შემოწირულობა, ასევე არაეკონომიკური მიზნით არსებული ქონება და მიწა გათავისუფლებულია გადასახადებისაგან.

შეიძლება თუ არა დისკრიმინაციულად და არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით და სხვა რელიგიური კონფესიები – არა, ამაზე იურისტებს პასუხის გაცემა უჭირთ და რამდენიმემ კომენტარისგან თავიც შეიკავა საკითხის კარგად არცოდნის მიზეზით.

იურისტი ლევან ალაფიშვილის განცხადებით, ერთმნიშვნელოვნად არის, ან არ არის ანტიკონსტიტუციური, ამას ვერ ვიტყვით. „ანტიკონსტიტუციური რომ ყოფილიყო, სასამართლოს მსჯელობის საგანი აქამდეც გახდებოდა და გადაწვეტილებაც იქნებოდა მიღებული”, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი და ამბობს, რომ სახელმწიფოს აქვს დისკრეცია და შეუძლია კანონმდებლობაში დააწესოს ესა თუ ის შეღავათი თუ განსხვავებული რეჟიმი იმისდა მიხედვით, რა პოლიტიკის გატარება სურს და დღეს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დადგენილი შეღავათი საკონსტიტუციო შეთანხმებიდან მომდინარეობს.

„ეს არის კონსტიტუციური რანგის შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რაც საერთაშორისო ხელშეკრულების დარი დოკუმენტია. მეორე – ამ დოკუმენტის შინაარსი არის კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რაც მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში და ამ ზიანის საკომპენსაციოდ სხვადასხვა მექანიზმია გამოყენებული და დეკლარირებული როგორც ამ საკონსტიტუციო შეთანხმებაში, ისე საგადასახადო კანონმდებლობაში. რაც შეეხება სხვა რელიგიურ კონფესიებს, სახელმწიფოს დისკრეციაა საგადასახადო შეღავათების დადგენა. შესაბამისად, თუ მთავრობა მის მიერ გაცხადებული პოლიტიკაში დაინახავს ამგვარი შეღავათის საჭიროებას, ის ამ პოლიტიკის კანონებში რეალიზაციას ახორციელებს, მათ შორის საგადასახადო კოდექსში,” – აღნიშნავს ლევან ალაფიშვილი. იგი ასევე ამბობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას თუკი რამე შეღავათი დაუდგინა სახელმწიფომ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სუბიექტს სხვა შეღავათი არ უწესდება და ამდენად თვლის, რომ საინტერესოა რა მოხდება.

“კი არის სახელმწიფო დისკრეცია, ვის რა შეღავათი დაუწესოს, თუმცა კარგი იქნება, თუ ეს დისკრეცია გახდება მსჯელობის საგანი ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოში და ასევე სამომავლოდ მთავრობაშიც ნებისმიერი კანონის მიღების დროს და ამ საკითხზე იმსჯელებენ თუნდაც ანტიდისკრიმინაციული ელემენტების კუთხით. ჩვენ ორი წლის წინანტიდისკრიმინაციული კანონი  მივიღეთ და ეს კანონი მხოლოდ ფურცელზე დაწერილ სიმბოლოებად არ უნდა დარჩეს,” – მიიჩნევს ლევან ალაფიშვილი.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ის არ ექვემდებარება შემოწმებას კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, როგორც სხვა კანონი. ასევე არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უპირატეს მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული, რადგან კონსტიტუციის მე-9 მუხლი ცალსახად ადასტურებს, რომ სახელმწიფო აღიარებს რელიგიის სრულ თავისუფლებას და უბრალოდ ხაზს უსვამს იმას, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ისტორიაში აქვს განსაკუთრებული როლი. თუმცა, დღეს გამოცხადებულია რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება. მეორე მხრივ, კონსტიტუციის მე-14 მუხლი ამბობს, რომ ყველა თანასწორია, განურჩევლად რელიგიისა.

“კონსტიტუციური შეთანხმებით საპატრიარქოს სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით ერთ უპირატესობა აქვს დაწესებული – ეს არის მიწის გადასახადისგან გათავისუფლება. პრობლემა ის კი არ არის, რომ კონსტიტუციური შეთანხმება მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის გადასახადისგან ათავისუფლებს, არამედ ისაა, რომ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს სახელმწიფო მსგავსი შეღავათით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს.

როდესაც თანასწორობის უფლებაზე ვმსჯელობთ, ეს კონსტიტუციის მე-14 მუხლით არა თუ აღიარებულია, არამედ პრინციპიცაა და ეს სახელმწიფოს ავალებს ყველა მოქალაქეს და იურიდიულ პირს თანასწორად მოეპყროს. ამიტომ სახელმწიფო გააფორმებს თუ არა კონსტიტუციურ შეთანხმებას რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციასთან, ეს სახელმწიფოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შეასრულოს საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება თანასწორობასთან მიმართებაში. ვინმეც რომ თვლიდეს, რომ ეს კონსტიტუციური შეთანხმებიდან მომდინარეობს, ეს არაფერს არ ცვლის,” – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

რას ითხოვენ რელიგიური უმცირესობები

მოსარჩელე არის რვა რელიგიური ორგანიზაცია: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, ქრისტეს ეკლესია, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია და წმიდა სამების ეკლესია.

სარჩელი მომზადებულია “თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა” და “ტოლერატობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” თანამშრომლობით და ის შეეხება საგადასახადო კოდექსის 4 სხვადასხვა დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას.

პირველი სადავო საკითხი დაკავშირებულია მოგების გადასახადთან. დღეს მოქმედი რედაქციით თუკი რომელიმე კერძო სამართლის იურიდიული პირი (კსიპ) აწარმოებს ისეთ პროდუქციას, როგორიც არის სანთელი, ჯვარი, ხატი თუ რელიგიური დანიშნულების წიგნი და ამ პროდუქცის მიწოდებას ახორციელებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, ის ამ პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში მოგების გადასახადს არ იხდის, რაც 15%-ია.

მეორე საკითხი უკავშირდება დღგ-ს. თუკი საპატრიარქოს მიერ ხდება ჯვრის, ხატის, ან რელიგიური დანიშნულების სხვა პროდუქციის მიწოდება საპატრიარქო გათავისუფლებულია გადაიხადოს დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ).

მესამე საკითხიც დღგ-ს ეხება. თუ საკულტო ნაგებობების მშენებლობა-რესტავრაციასა და მოხატვას საპატრიარქო უკვეთავს რომელიმე იურიდიულ პირს, ეს უკანასკნელი გათავისუფლებულია დღგ-სგან, რაც 13%-ს შეადგენს.

მეოთხე საკითხი დაკავშირებულია ქონების გადასახადის ერთ ნაწილთან – მიწის გადასახადთან. სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიას შორის არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება და ამ შეთანხმებით საპატრიარქო გათავისუფლებულია იმ მიწის გადასახადისგან, რომელსაც ეკონომიკურ საქმიანობაში არ იყენებს.

“ასეთი მიდგომა დისკრიმინაციულია და ეს უნდა შეიცვალოს. სარჩელის ყველა მოთხოვნა მიმართულია არა იმისკენ, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას რომელიმე შეღავათით სარგებლობის უფლება წაერთვას, არამედ იმისკენ, რომ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც მიეცეთ მსგავსი შეღავათებით სარგებლობის უფლება,” – აღნიშნავს გიორგი მშვენიერაძე

——————-

ახალი თაობა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „გიორგი მარგველაშვილი ოცნებისთვის სერიოზული პრობლემაა“ // „პრეზიდენტს აქვს ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისება – იგი არ მიდის კომპრომისზე“ //  გიორგი მარგველაშვილი და დავით უსუფაშვილი ძლიერი ტანდემი იქნება

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მომავალი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ.

- ბატონო სოსო, პრეზიდენტის პოლიტიკურ მომავალზე მინდა გკითხოთ. მან ერთხელ ამერიკაში თქვა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ არ აპირებს სახლში წასვლას. რა პოლიტიკური გეგმები შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტ მარგველაშვილს?

- პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სამომავლო გეგმები, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მით უფრო, მის ახალგაზრდა ასაკში, ფაქტია, რომ პოლიტიკას უკავშირდება. 2018 წელს, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, არა მგონია, გიორგი მარგველაშვილი მშვიდად წავიდეს ბაზალეთზე სახლში და მემუარების წერას შეუდგეს. ცხადია, ვაკვირდები მის ყველა ნაბიჯს და ვხედავ, რომ ეს ნაბიჯები მკვეთრად გაწონასწორებული და, ამავდროულად, პრინციპულია.

- უმრავლესობა ამბობს, რომ პრეზიდენტმა დღემდე თავი მხოლოდ ვეტოთი გამოიჩინა...

- ვეტო არის მისი წერტილოვანი დარტყმები.

- რომელსაც უპრობლემოდ ლახავს უმრავლესობა...

- დიახ, მაგრამ ამ პროცესს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. კი ამბობს უმრავლესობა, დავძლევთ, გადავლახავთ, ეს არ არის ჩვენთვის პრობლემაო, მაგრამ, მეეჭვება, ის ვეტოს პოლიტიკურ მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც მარგველაშვილმა აქამდე გამოავლინა და უდავოდ ლიდერს ახასიათებს, არის ის, რომ არ მიდის კომპრომისზე. ახლა საკითხი სხვაგვარად დგას _ რამდენად გაიღვიძებს მასში პოლიტიკოსი, მებრძოლი პოლიტიკოსი.

- ზურაბ ჟვანიასთან გაავლებდით პარალელს? რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ჟვანიას ტიპის პოლიტიკოსია?

- სიტუაციები განსხვავებულია. ზურაბ ჟვანიას არ სჭირდებოდა ბარიკადებზე ასვლა და პარლამენტში შევარდნა. ამისთვის იყო მიხეილ სააკაშვილი. ზურაბ ჟვანია უფრო კულუარული პოლიტიკოსი გახლდათ. სიმართლე გითხრათ, ბევრი მისი პოლიტიკური ფუნქცია არც ვიცით, რა იყო. ეს ჩვენთვის უცნობია. რაც შეეხება მარგველაშვილს, ის უფრო რომანტიკოსი, იდეალისტი და, ამავდროულად, პრინციპების, ღირებულებების ერთგულია, რაც მან არაერთგზის დაადასტურა.

- რას იტყვით გიორგი მარგველაშვილის გუნდზე, რომელსაც ის ასე აშკარად არჩევს?

- დიახ, ეს ნამდვილად ჩანს, მაგრამ, მეეჭვება, რომ ეს თანაგუნდელები, შეიძლება, თანამებრძოლები კი იყვნენ, მაგრამ არა – თანამოაზრეები. დიდი განსხვავებაა თანამებრძოლებსა და თანამოაზრეებს შორის. ვინ იფიქრებდა, რომ კუბის რევოლუციის პირველ დღეებში ფიდელ კასტროსა და ჩე გევარას გზები გაიყრებოდა. ისინი იყვნენ თანამებრძოლები, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ თანამოაზრეები არ ყოფილან. კასტროს ერთი კუნძული, თავისი სამშობლო, კუბა აინტერესებდა, ჩე გევარა კი მსოფლიო რევოლუციაზე ოცნებობდა. ამიტომ ვამბობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მარგველაშვილი თავისი ინტელექტით, ერუდიციით უფრო ფართო მოაზროვნეა. მისთვის მთავარი ღირებულებებია. მისი გარემოცვა, მხოლოდ ერთის გამოკლებით, ვგულისხმობ ფიქრია ჩიხრაძეს, არა მგონია, ფასეულობებისა და ღირებულებებისთვის ბარიკადებზე ავიდეს.

- შეიძლება, გიორგი მარგველაშვილმა პარტია შექმნას?

- დიახ, შეიძლება. პარტია იქნება თუ მოძრაობა, ამას ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ ჩუმად სახლში წიგნების საწერად არ წავა. ადამიანი, რომელსაც აქვს პრინციპები და მისი წასვლით, შეიძლება, ამ პრინციპებს საფრთხე შეექმნას, უბრალოდ, ჩუმად არ ერიდება სიტუაციას, ასე, შეგუებული არ გადის. დასავლელი ლიდერები იმიტომ მიდიან მშვიდად, რომ მათ იციან ფასეულობები. ღირებულებები რჩება. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასე იყო. ტრამპი რას იზამს, არავინ იცის.

- ოცნებიდან რომელიმე ლიდერი, შეიძლება, გიორგი მარგველაშვილის გვერდით ვიხილოთ?

- არა, ამას გამოვრიცხავ, თუმცა მედროვეებს რა დალევს.

- დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია?

- მათ ნამდვილად არ გამოვრიცხავ. რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, მას აქვს ის თვისებები, რომლებიც გიორგი მარგველაშვილს გამოადგება. ვფიქრობ, კარგი ტანდემი იქნება – ორივე ინტელექტუალი, ერუდიტია. ერთს აქვს რეიტინგი, მეორეს – არა, მაგრამ მეორეს აქვს შინაგანი ძალა, რწმენა და პოლიტიკური გამჭრიახობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიდ პოლიტიკაში. მარგველაშვილი რთული პიროვნებაა `ოცნებისთვის~, არადა, თავის დროზე ივანიშვილმა მარგველაშვილი, როგორც რიგითი მხარდამჭერი, ისე მიიღო, ისევე, როგორც ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი.

- თქვენ ამბობთ, რომ გიორგი მარგველაშვილი ოცნებისთვის, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა იყოს?

_ დიახ, სერიოზული პრობლემა ნამდვილად იქნება, რადგან ის `ოცნებისთვის~ ძალიან რთული ბუნების ადამიანი აღმოჩნდა. გიორგი მარგველაშვილმა ყველაზე მთავარი ღირებულება გამოავლინა – პრინციპულობა, რომლის დიდი დეფიციტიც არის პოლიტიკოსებში. მარგველაშვილი დღეს საზოგადოების მოაზროვნე ნაწილისთვის უდაბნოში ოაზისია.

- თუმცა დღეს ხელისუფლება თავდაჯერებულია და არსებულ ვითარებას ასე საგანგაშოდ არ მიიჩნევს...

- ხელისუფლებისთვის ყველაზე საშიშია, როდესაც ყველა უკმაყოფილო ერთიანდება. სხვათა შორის, რევოლუცია სულაც არ მაქვს მხედველობაში, მშვიდობიან ქუჩის აქციებს ვგულისხმობ. ყველაზე საშიში დღეები წინა ხელისუფლებისთვის იყო მაშინ, როდესაც ქუჩაში 100-200 ათასი ადამიანი გამოვიდა სრულიად მშვიდობიანად, ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე, მაგრამ თვითმარქვია ლიდერებმა ფული აიღეს და ეს ხალხი დაშალეს. მაშინ ხელისუფლებამ პოლიტტექნოლოგიის ყველა ნორმის გათვალისწინებით თავისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სისხლისღვრასა და ცემა-ტყეპას ამჯობინა, რამდენიმე ადამიანისთვის ფული მიეცა და ამით დაემთავრებინა ყველაფერი. მაშინ ის იყო მოუმზადებელი, სპონტანური, გეგმის გარეშე და შემთხვევითი ლიდერების კრახი.

- დღეს რას უწოდებდით ხელისუფლების ჭკვიანურ ნაბიჯს?

- გაგიკვირდებათ და მაინც იმას, რომ ხელისუფლება ზრუნავს ყოფილი დეპუტატების დასაქმებაზე. ეს არის პოლიტტექნოლოგიურად სწორი გადაწყვეტილება, რათა უკმაყოფილო არ დარჩეს მისი ყოფილი თანაგუნდელი, რომ არ ჰქონდეს მეორეს განცდა, მეც მომისვრიანო, მაგრამ, ამის პარალელურად, ხელისუფლებამ სხვა ბევრი ჭკვიანური ნაბიჯი უნდა გადადგას – ყოფილი მხარდამჭერის დასაქმების პარალელურად, მისი ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეები სამსახურიდან არ უნდა გაათავისუფლოს.

ახალი თაობა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „პრეზიდენტი განწყობილია, რომ მოსმენების კანონს ვეტო დაადოს“ // „მას ამით პასუხისმგებლობის თავიდან არიდება სურს

მოსმენების კანონპროექტის შესახებ „ახალი თაობის“ კითხვებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პასუხობს.

- ბატონო ირაკლი, გასული კვირა საკმაოდ ხმაურიანი იყო პარლამენტში. მოსმენების კანონმა ვერ მოიგო სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და პრეზიდენტის გული. ბევრი საკითხი ჯერ კიდევ სადავო რჩება, თუმცა უმრავლესობა პოზიციებს ჯიუტად არ თმობს. მიიღებთ მორიგ ვეტოს პრეზიდენტისგან?

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ რა სახის კანონპროექტიც არ უნდა მოგვემზადებინა, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და, ვფიქრობ, პრეზიდენტიც, განწყობილი იყო იმისთვის, რომ ყოფილიყო კრიტიკული. ეს თავიდანვე ჩანდა.

- ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამ კანონის შინაარსია, ყველას გვისმინონ. ასეა?

- შინაარსი არის ქვეყნის უსაფრთხოება და სამოქალაქო უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათ შორის საუკეთესო ოქროს შუალედის პოვნა. ყველამ იცის, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და აქ იდეალური მოდელის შექმნა წარმოუდგენელია! ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ის მოდელი, რომელიც, პირველ რიგში, მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილებაც იყო აბსოლუტურად არაკვალიფიციური და ეს შესაძლოა პოლიტიკურად დაინტერესებული გადაწყვეტილება იყო! სისტემა გაცილებით უკეთესია სამოქალაქო ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ვიდრე აქამდე იყო.

- მაშინ რატომ არის სამოქალაქო სექტორი ასე კრიტიკულად განწყობილი?

- სამოქალაქო სექტორი ამ თემას განიხილავს პოლიტიკურ კონტექსტში და მისთვის ეს პოლიტიკური ინტერესების მატარებელია, წაკითხულიც კი არ ჰქონდათ პროექტი და ისე აპროტესტებდნენ! „ნაციონალურ მოძრაობას“ კი სურს, რომ საზოგადოებაში შექმნას იმის შთაბეჭდილება, რომ ყველას გვისმენდნენ და ახლაც გვისმენენ. ისინი ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ თუ წინა ხელისუფლება ცუდი იყო, ესენიც ცუდები არიან! და მეტიც, ოპოზიციას, რომელსაც აქვს პოლიტიკური წარუმატებლობა, უნდა, რომ ეს წარუმატებლობები ახსნან არა იმით, რომ მათ ვერ ივარგეს, არამედ ეს ყველაფერი დააბრალონ ხელისუფლებას, განსაკუთრებით უშიშროების სამსახურებს, რომ აი გვისმენენ და ამის გამო ვერ გავიმარჯვეთ არჩევნებში.

- პრეზიდენტის პოზიციაზე რას იტყვით? მასაც სერიოზული შენიშვნები აქვს.

- ამ პოლიტიკურ მოცემულობაში ჩანს პრეზიდენტიც, რომელიც უფრო მეტად ცდილობს არ მიეკუთვნოს ოპოზიციას და ნაციონალურ მოძრაობას და უფრო მეტად დაახლოებული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციის აზროვნებასა და პოზიციებს, რათა პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.

- რატომ არ წავიდა უმრავლესობა პრეზიდენტთან კონსულტაციებზე? ელოდებით, რომ მისგან ისევ ვეტოს მიიღებთ?

_ რომ არ დაადოს პრეზიდენტმა ვეტო, მან უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, პრეზიდენტს კი არ აწყობს ეს! პოლიტიკურად არ აწყობს! ამიტომ იყენებს ვეტოს და არა იმიტომ, რომ კანონპროექტი ცუდია! პირიქით, კანონპროექტი პროგრესულია, მაგრამ პასუხისმგებლობას გაურბის პრეზიდენტი. არ სურს, რომ მერე ვიღაცამ წამოაძახოს, რომ იცი რა, შენ ვეტოს უფლება არ გამოიყენე! აი, ამ თამაშთან გვაქვს საქმე და არა იმასთან, რომ ეს უკეთესი მოდელი არ არის.

- მესამე სექტორი ამბობს, რომ ირღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ვიღებთ მონსტრს, რომლის მიზანია, გააკონტროლოს ნებისმიერი მოქალაქე. ეს შეფასება ეკა გიგაურმა გააკეთა. რით უპასუხებთ ამ ბრალდებებს?

- თუ ვინმე შინაარსში შემოვა ჩემთან დისკუსიაში, ვერანაირად ვერ გაამართლებს ამ არგუმენტებს. რას ჰქვია, მონსტრს ვიღებთ?! მაგალითად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა თქვა, რომ ყველაფერს აკონტროლებთო, ვიდეოთვალი, ტელეფონი, ადგილმდებარეობა და ასე შემდეგო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური საერთოდ არ იყო საჭირო. მაშინ არც ტელეფონი იყო და არც ინტერნეტი და არც კამერები არსებობდა. ათი წლის შემდეგ ჩვენ ბლუთუზი რომ ისე განვავითაროთ, რომ მისით დარეკვა იყოს შესაძლებელი, საჭირო გახდება იმ ტექნიკური საშუალების შემოტანა, რომელიც ბლუთუზზე კონტროლს განახორციელებს.

- რატომ ჰგონია ისევ საზოგადოებას, რომ მათი საუბრები ისმინება და რომ მოსმენები გაათმაგდა, რატომ ვერ შეძელით მოსახლეობაში ნდობის მოპოვება?

- ამას ხელს უწყობს პოლიტიკური გარემო, იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობას უნდა, რომ წინა ხელისუფლების ცუდი ქმედებები გააიგივოს დღევანდელ ჩვენს ქმედებებთან. ამას ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ერთგვარი ინტერესი, რომ არსებობდეს აქტუალური თემა, სადაც სამოქალაქო საზოგადოება კრიტიკული იქნება. ამას ხელს უწყობს სხვა გარემოებები, რომლებიც მიმართულია უშიშროების სამსახურების საქმიანობის წინააღმდეგ.

მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, მან რამდენიმე ათასით გაზარდა ერთდროულად მოსმენის რაოდენობა. მერე 2010 წელს შეიძინა ახალი ტექნიკური საშუალება, რომლის საშუალებით რამდენიმე ათი ათასით გაზარდა ასეთი შესაძლებლობა. როცა მოვედით ხელისუფლებაში, ეს სისტემა დატვირთული იყო 100%-ით. მართლა ყველას გვისმენდნენ!

- დღეს რა ხდება, ასე 100%-ით დატვირთული დარჩა ეს სისტემა?

- დღეს ჩვენ ამ ტექნიკური შესაძლებლობის მხოლოდ რამდენიმე ერთეულ პროცენტს ვიყენებთ. ვიყენებთ იმიტომ, რომ ეს ფარული საგამოძიებო მოსმენების საშუალება მიზანმიმართულია მხოლოდ კრიმინალის წინააღმდეგ და კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის. როცა ჩვენ შემოგვაქვს სხვა ტიპის კონტროლები, აქ პირდაპირ გამოჩნდება და დამტკიცდება, რომ უსაფუძვლოდ, უკანონოდ არავის უსმენენ. ამის კი ეშინიათ ჩვენს ოპონენტებს.

- რისი ეშინიათ?

- იმის ეშინიათ, რომ სალაპარაკო აღარ ექნებათ! ამიტომ ურჩევნიათ, რომ საზოგადოებაში შექმნან ისეთი ილუზია, რომ, არიქა, დავიღუპეთ და ყველას გვისმენენ.

- ისევ სუს-ის ხელში რჩება გასაღები.

- არასამთავრობო სექტორი გვთავაზობს ისეთ მოდელს, რომ ეს ტექნიკური საშუალება ან ახალგაზრდა იურისტების, ან საერთაშორისო გამჭვირვალობის ოფისში დავამონტაჟოთ! ნაციონალებს კი უნდათ, რომ მათ ოფისში იდგეს ეს აპარატურა. როგორ მოვიქცეთ?! პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ეს არის ტექნიკური შესაძლებლობა, მოახდინოს დროული რეაგირება და პრევენცია დანაშაულზე. დავიცვათ ქვეყანა ტერორიზმისგან, კრიმინალისგან, გადავარჩინოთ ადამიანები!

- რამდენჯერაც არ უნდა მიიღოთ კანონი, პრეზიდენტს უფლება აქვს, ერთსა და იმავე კანონზე ვეტოს უფლება გამოიყენოს. 2014 წელს მან მოსმენების კანონს ვეტო უკვე დაადო...

- გაგახსენებთ, ვეტოს უფლება როგორ გამოიყენა პრეზიდენტმა. წინა მოწვევის პარლამენტში, როცა ჩვენ ამ პროექტს ვიხილავდით, თანაავტორი გახლდით. მაშინ პრეზიდენტი შეხვდა არასამთავრობო სექტორს და შეხვდა ნაციონალურ მოძრაობას, ამ კანონპროექტის ავტორებს კი არ შეხვდა!

- ამიტომ სამაგიერო გადაუხადეთ და თქვენც აღარ მიხვედით მასთან?

- არა, როგორ გეკადრებათ! ჩვენ გაბრაზებული არ ვართ. მაშინ ვეტოს უფლება რომ გამოიყენა პრეზიდენტმა, მე ვთქვი საჯაროდ, რომ ჩვენთვისაც ეკითხა, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან საერთაშორისო ინტერესები დგას. ჩვენი მიზანია, ტერორიზმს ერთად ვებრძოლოთ, სისტემები გვქონდეს მეტ-ნაკლებად თანხვედრაში და პრეზიდენტს ჩვენთვის არც კი უკითხავს, ჩვენი არგუმენტები რა იყო. დღეს, ფაქტობრივად, იმავე მიდგომებთან გვაქვს საქმე. პრეზიდენტი თავიდანვე განწყობილია, რომ ვეტო დაადოს და ვიმეორებ _ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა არ გაიზიაროს!

ახალი თაობა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ქვეყანაში გარდაუვალია მასობრივი პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას წალეკავს“ // „საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვლავაც კორუფცია ყვავის

პოლიტიკურ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ არხზე მიმდინარე მოვლენების შესახებ „ახალი თაობა“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას ესაუბრა.

კახა კუკავა:

- ეს არის ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული რეჟიმის სრული გამოვლინება. დღეს აქ ყველა უარყოფითმა მხარემ მოიყარა თავი: უნიჭობამ, კორუფციამ, ნეპოტიზმმა და ავტორიტარიზმმა. აი, ასეთი ოთხკუთხედი შეიკრა დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

- რატომ უნიჭობამ? ვასილ მაღლაფერიძის ნიჭს იწუნებთ? ყველა ამბობს, რომ ის თავისი საქმის კარგი მცოდნეა. ასე არ არის?

- ვინც ვასილ მაღლაფერიძესა და ია ანთაძეს ჟურნალისტობას დააბრალებს, იმას მიეცა ჩვენი ქართველი ერის ცოდვა! ბიძინა ივანიშვილმა მისცა 100 მილიონი, გადაიღეს ორი ბლოგბასტერი, მოაწყვეს მეგაშოუ. მაგათ ტელევიზიაში, „ჯიდიეს“-ში, ერთხელ ვარ ნამყოფი და კოსმოსური ხომალდისა და წყალქვეშა გემის ნაზავი გეგონებათ. ათეულობით მილიონი ლარი იყო ჩაყრილი და ყველაზე რეიტინგული არხების ხუთეულში ვერ შეიყვანეს!

როგორ შეიძლება ვასილ მაღლაფერიძემ და ია ანთაძემ ილაპარაკონ სხვის პროფესიონალიზმსა და რეიტინგებზე, როდესაც ია ანთაძის გადაცემას ერთი მაყურებელი ჰყავდა და ეს იყო ვასილ მაღლაფერიძე. ნეპოტიზმი ხომ ყვაოდა, ახლა „საზოგადოებრივ მაუწყებელზეც“ ააყვავეს.

- ნეპოტიზმი რაში მდგომარეობს? ვასილ მაღლაფერიძე ბიძინა ივანიშვილის ნათესავია?

- ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ხელმძღვანელდ დანიშნა ადამიანი, რომელიც მისი ოჯახური ბიზნესის მენეჯერია! ვასიკო მაღლაფერიძე იყო ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაში მყოფი კომპანიის პროდიუსერი. ქვეყანაში ყველა საკვანძო თანამდებობას ქართუს მენეჯერები და ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი კომპანიების ხელმძღვანელები იკავებენ. ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც ამ სქემაში გვხვდება, არის კორუფცია, რადგან 40 მილიონი პირველი არხისთვის არის აბსოლუტურად უზნეო გადაწყვეტილება! 40 მილიონი ბევრად მეტია, ვიდრე გორის, თელავის, ახალციხისა და ფოთის ბიუჯეტი, ერთად აღებული! ამ ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვასიკო მაღლაფერიძე ნახევარი საქართველოს გუბერნატორი გამოდის.

ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი არხი, რომელსაც ექნება მკაფიო ფუნქციები და მკაფიო ბიუჯეტი.

- საზოგადოებრივ მაუწყებელს არასოდეს ჰქონია მკაფიო ფუნქციები და სერიოზული თანხებია გაფლანგულიო, გვესმის შეფასებები ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან...

- როდესაც ეს ხელისუფლება ლაპარაკობს ხელისუფლებაში მოსვლიდან მეხუთე წელს, რომ თანხები არის გაფლანგული და „ბორდის“ წევრებიდან ყველა თავის თანამდებობაზე რჩება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ კორუფციას ხელს აფარებ! 2012 წლიდან მოყოლებული, წელიწადში 40 მილიონი, ხუთ წელიწადში 200 მილიონია გაფლანგული და ისინი თანამდებობაზე რჩებიან! ეს ხომ იმის დადასტურებაა, რომ ამ არხზე კვლავაც კორუფცია ყვავის?! ხოლო ამ კორუფციის მფარველი „ქართული ოცნებაა“! დღეს საქართველოში ისეა შეზღუდული სიტყვის თავისუფლება, როგორც არასდროს!

- მიხეილ სააკაშვილის პერიოდი დაგავიწყდათ?

- არცერთი ხელისუფლების პერიოდში არ ყოფილა ის სიტუაცია, როგორიც დღეს არის. საქართველოში ყოველთვის არსებობდა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი რამდენიმე ცენტრალური და ათეულობით რეგიონული არხი. დღეს საქართველოში რჩება ერთადერთი ცენტრალური არხი, რომელიც ამ ხელისუფლებისგან არ არის მართვადი და ეს არის „რუსთავი-2“, ხოლო ამ საქმის სასამართლოს შემდეგ საქართველოში არ დარჩება არცერთი ტელეარხი, რომელიც არ იქნება ამ ხელისუფლების მიერ მართვადი.

ეს არ ხდებოდა არასდროს! მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც კი, ედუარდ შევარდნაძისა და „მხედრიონის“ მმართველობის პერიოდშიც კი ყოველთვის იყო 2-3 არხი, რომელიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა. თუ ასე გააგრძელა, ივანიშვილის ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს!

- თუმცა ექსპერტები სულ ამბობენ, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ იგრძნობა, ოპოზიცია დაქუცმაცებულია. ხედავთ ძალას, რომელიც ამ ხელისუფლებას დაამთავრებს?

- დღევანდელი სიტუაცია მახსენებს 2007 წლის გაზაფხულ-ზაფხულს. ასე პატარ-პატარა აქციებით დაიწყო მაშინაც. იმ დროს მე ვიყავი პარლამენტის ბიუროს წევრი და როცა ვეუბნებოდი ბურჯანაძესა და ბოკერიას, რომ ქვეყანა კრიზისისკენ მიდიოდა, ბოკერია სიცილით მეუბნებოდა, ილუზიები გაქვს, რადგან ამ აქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი არ გამოდისო, თუმცა მოგვიანებით ეს 200 კაცი 200.000 კაცად გადაიქცა.

- ანუ საპროტესტო ტალღა გარდაუვალია?

- ვაცხადებ, რომ გარდაუვალია ქვეყანაში მასობრივი, მწვავე პროტესტი, რომელიც, უბრალოდ, პრობლემებს კი არ შეუქმნის ამ ხელისუფლებას, არამედ წალეკავს მას! ეს ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში დემოკრატიული არჩევითობაც გააუქმოს! ბლოკების გაუქმების გარდა, კიდევ ბევრ მანკიერ ნაბიჯზე მიდის ხელისუფლება. გარდა ამისა, ფინანსური კონტროლია დამყარებული ყველა პოლიტიკურ პარტიაზე. ივანიშვილს სურს, საქართველოში ჩამოაყალიბოს ჩრდილოკორეული ტიპის მმართველობა, სადაც ორი მესამედი ყოველთვის ექნება მმართველ პარტიას, ხოლო ერთი მესამედი – მმართველი პარტიის სატელიტებს.

- რამდენად შესაძლებელია ამ სისტემის დამკვიდრება?

- ეს სისტემა მარცხისთვის არის განწირული. ის, რომ მათ მოახერხეს ეფემერულად გარკვეული შედეგის მიღწევა, ბუმერანგივით მოუბრუნდებათ უკან. მიხეილ სააკაშვილსაც სწორედ თავისი თვითმმართველობა მოუბრუნდა უკან. ბიძინა ივანიშვილიც სააკაშვილის გზას დაადგა და ეს კიდევ უფრო აჩქარებს მის აღსასრულს. ის, უბრალოდ, აიძულებს ოპოზიციურ პარტიებს, ერთიანი ფრონტით დაუპირისპირდნენ ამ რეჟიმს.

ახალი თაობა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ მეგი გოცირიძესთან: „ეს ხელისუფლება დამთავრებულია“ // „ნაციონალური მოძრაობა პერმანენტულ აქციებს იწყებს

რას ელოდებიან „ნაციონალები“ საპროტესტო აქციებიდან, სად არის ნამდვილი ოპოზიცია, რისთვის უნდა მოიხადონ ბოდიში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა, რა ბედი ელოდება „ქართულ ოცნებას“? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე ესაუბრება.

მეგი გოცირიძე:

- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7 პარტიასთან ერთად შევქმენით საკოორდინაციო საბჭო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დაცული იყოს. არც რუს ოლიგარქსა და არც მის „ოცნებას“ არ გამოუვათ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა. პირველი აქცია გაიმართა 10 თებერვალს. ახლა აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

- თქვენ ამბობთ, რომ თავისუფალი სიტყვის დაცვას აპირებთ. ქართული ოცნების წევრების თქმით, განცხადება, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისუფალი სიტყვის დაცვას აპირებს, ერთგვარი ანეკდოტია. ამაზე რას იტყვით?

- ანეკდოტი ის არის, რომ „ქართული ოცნებაა“ დღეს ქვეყნის სათავეში. ქვეყანა რა დღეშიც არის, ეს ყველამ საკუთარ ტყავზე გამოცადა. ხალხი უკვე დასცინის ხელისუფლებას და ბინძურ მორევში აგორავებს. გადახედეთ სოციალურ ქსელებს და ნახავთ, რაც ხდება. წამლად რომ ეძებოთ, ერთ ქოცს ვეღარ იპოვით, რომელიც ამათ სისულელეებს გაამართლებს.

რაც არ უნდა ილაპარაკონ და დაგვაბრალონ, თავისუფალი სიტყვის დასაცავად მაინც გამოვალთ ქუჩაში. ამის გარდა, დავიცავთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რეჟიმმა ულუკმაპუროდ დატოვა, გააუქმა სოციალურად დაუცველის სტატუსი და იმ ფულით, რომელიც მათთვის უნდა დაერიგებინათ, საკუთარ ფუფუნებას იწყობს.

კითხვა ანეკდოტს ეხებოდა და „ოცნებას“ ვურჩევ, მიხედოს საკუთარ ანეკდოტებს. მაგათ, ეტყობა, დაავიწყდათ და ნება მომეცით, შევახსენო, რომ 2012 წელს დამარცხებულმა მიხეილ სააკაშვილმა იმაზე მეტი ხმა აიღო, ვიდრე გამარჯვებულმა „ოცნებამ“ 2016 წელს. ნახევარმა საქართველომ საერთოდ ფეხებზე დაიკიდა ეს პარტია და არჩევნებზე არ მოსულა.

- თქვენ 2012 წლის არჩევნების შედეგები ახსენეთ. არაერთხელ თქმულა, არჩევნები რომ არ გაგეყალბებინათ, ამ ხმების ნახევარსაც ვერ აიღებდით...

- არჩევნები ახლა რომ გაყალბდა, ასე არასდროს გაყალბებულა. 150.000 ბიულეტენი გააყალბეს. საარჩევნო უბნებზე რომან კუსიანის გეგმით იმოქმედეს და, როცა ამანაც ვერ გაჭრა, ადგნენ და, უბრალოდ, გადახაზეს ის ბიულეტენები, სადაც ნაციონალური მოძრაობა იყო შემოხაზული. ეს გაყალბება „ოცნებამ“ ზოგიერთის მუხანათობით კარგად შეირგო, მაგრამ თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლას გადავაყოლებთ. „რუსთავი-2“-ის დასაცავად ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში, მათ შორის ისეთებიც, ვისაც, შესაძლოა, ეს ტელევიზია არ მოსწონს, მაგრამ აცნობიერებენ, რომ „რუსთავი-2“ უნდა დარჩეს ხალხის სამსახურში.

- ის ხალხი გამოვა ქუჩაში, რომელმაც 8 ოქტომბერს მხარი ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა? ამ არჩევნების შემდეგ თქვენ გამოგეყოთ ლიდერების ნაწილი და მათ ახალი პარტია შექმნეს. ეს ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებში დაბნეულობას ხომ არ გამოიწვევს?

- არა მგონია, ხალხი დაიბნეს. ყველა ძალიან კარგად მიხვდა, საითაც არის „ევროპული საქართველო“. იმის ნაცვლად, რომ თავისუფალი სიტყვის დასაცავად გამოვიდნენ ქუჩაში, დადგნენ და ბოდიშებს იხდიან. თავად რაც უნდათ, ის გააკეთონ, მაგრამ ჩვენი სახელით ბოდიშების მოხდას თავი დაანებონ. ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას საკუთარი სახელით მოუხადოს ბოდიში. გიგა ბოკერიამ იმაზე მოიხადოს ბოდიში, რომ „ცოცხების საქმე“ დამალა.

- რას ნიშნავს, ცოცხების საქმე დამალა?

- იმას, რომ ცოცხების საქმე დამალა და „ქართულ ოცნებასთან“ ითანამშრომლა. ბოდიში აქვს მოსახდელი გიგი უგულავას, ნახევარი თბილისი რომ გადაგვკიდა. ბოდიში ირმა ნადირაშვილმაც უნდა მოიხადოს, ჟურნალისტებს რომ გადაგვკიდა. ყველა მათგანმა კი გაყალბებული არჩევნების „გაპრავებისთვის“ უნდა მოიხადოს ბოდიში.

- მიხეილ სააკაშვილს არაფერზე აქვს ბოდიში მოსახდელი?

- როგორ არა. მან აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში იმის გამო, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საიდუმლო შეინახა. მას კიდევ იმის გამო აქვს ბოდიში მოსახდელი, პარტიაში ზურაბ ჟვანიას გუნდის დისკრედიტებულ წევრებს რომ იტანდა და ამის გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ რეიტინგი დააკარგვინა. ზურაბ ჟვანიას საქმე ქოცებმა დახურეს და ამ თემაზე, უმჯობესია, ლაპარაკს თავი დაანებონ.

- ტელეიმედის დარბევაზე მიხეილ სააკაშვილს ბოდიში არ აქვს მოსახდელი? იმ დღეს, როცა თქვენ ქუჩაში რუსთავი-2-ის დასაცავად გამოხვედით, ქართულმა ოცნებამ პარლამენტში გამოფინა პლაკატი, სადაც იმედის დარბევის კადრები იყო გამოსახული.

- ამაზე მიხეილ სააკაშვილს განმარტებები უკვე გაკეთებული აქვს და აქ არანაირი ბოდიში არ არის მოსახდელი. „ევროპული საქართველოს“ წევრები გამოვიდნენ და ამომრჩევლის მოტყუებისთვისაც მოიხადონ ბოდიში. მანდატების ქურდებმა აგვიხსნან, რატომ არ გაემიჯნნენ მიშას არჩევნებამდე.

- მოდით, ისევ აქციებს დავუბრუნდეთ. თავისუფალი სიტყვის დასაცავად 8 პარტიამ შექმენით საკოორდინაციო საბჭო. გაქვთ იმის იმედი, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც შემოგიერთდებიან?

- რისი ან ვისი იმედი უნდა გვქონდეს, როცა საქართველოში ოპოზიცია, როგორც ასეთი, არ არსებობს. ოპოზიცია ვინც იყო, ყველა ამ საკოორდინაციო საბჭოშია გაწევრიანებული.

- სხვა პარტიებს ოპოზიციად არ თვლით?

- ვინ ჩავთვალო ოპოზიციად, ირმა ინაშვილი და პატრიოტთა ალიანსი? ეგენი ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა პარლამენტში და იქ საკუთარ ოპოზიციად გააფორმა. ან იქნებ ირაკლი ალასანიას პარტიაა ოპოზიცია? მისი პარტიის თითქმის ყველა ლიდერი სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმდა.

- სახელმწიფო სტრუქტურებში ის ხალხი დაასაქმეს, რომლებმაც პარტია დატოვეს...

- ეს არ ცვლის ვითარებას. ალასანიას პარტია ოპოზიცია არ არის. იქნებ თინა ხიდაშელია ოპოზიცია ან მისი ქმარი დავით უსუფაშვილი? ამ ცოლ-ქმრის კისერზეა ცხრა  თვის ბარბარე რაფალიანცის სისხლი.

- მათ კისერზე რატომ არის? ისინი ყველაზე ნაკლებად საუბრობდნენ ამ თემაზე...

- მათ კისერზე იმიტომ არის, რომ ეს საქმე გამოძიებული არ არის. მაინტერესებს, რას ფიქრობენ ასობით ქუჩაში ჩახოცილ ადამიანზე? მათ არცერთი უკანონობა არ გაუპროტესტებიათ, შესაბამისად, ოპოზიციად მათ არავინ ჩათვლის. ოპოზიცია ვართ ჩვენ და ჩვენ მოვაწყობთ აქციებს. აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ რეჟიმი არ დასრულდება.

- აქციების გამართვისთვის ხალხია საჭირო. გაქვთ ეს რესურსი?

- რას ჰქვია, გვაქვს თუ არა რესურსი? რა თქმა უნდა, გვაქვს! 2016 წელს იმაზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მიშა სააკაშვილს მხარი, ვიდრე 2012 წელს – „ქართულ ოცნებას“. ამაზე მეტი რესურსი რაღად გინდათ. ეს ხალხი ჩვენთან ერთად გამოვა.

- არის ქვეყანაში საკმარისი საპროტესტო მუხტი?

- მუხტის აწევა პრობლემა არ არის, თანაც – ამ ვითარებაში. როცა შევარდნაძემ არჩევნები გაგვიყალბა, პროტესტის გამოსახატავად ქუჩაში სულ რამდენიმე ათეული ადამიანი გამოვედით. აქცია, რომელიც ვარდების რევოლუციით დასრულდა, სულ რაღაც 100-მა კაცმა დავიწყეთ.

- მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო...

- ახლა იმაზე ბევრად უარესი სიტუაციაა. კოლაბორაციონისტი ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას გადასცემს იმ სამხედროების პირად მონაცემებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. ხალხი მშიერია და გაუბედურებული. მუხტი კი არა, ეს ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა ის არის გასარკვევი, როგორ მოხდება ამის გაფორმება. ეს რომ ასეა, ამას შუაშისტები აღიარებენ. ამიტომაც უნდათ „რუსთავი-2“-ის წაღება, რომ სიმართლე არავინ გაიგოს. ძალიან დააგვიანდათ, ხალხმა სიმართლე იცის. ხელისუფლებამ კი იცოდეს, რომ სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა მისთვის კრახით დასრულდება.

ახალი თაობა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

„სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ ლეონიდ თიბილოვი ავარიაში მოყვა

რეფერენდუმების მანიით შეპყრობილი ლეონიდ თიბილოვი სიკვდილს გადაურჩა. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ავტოავარიაში მოყვა. მის პრესსპიკერ განა იანოვსკაიას განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა ცხინვალი-ზნაურის გზაზე მოხდა.

„ავარია ცხინვალი-ზნაურის ტრასაზე, სოფელ ნოგყაუს (ახალსოფელი) მიდამოებში მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაზარალებულა. რესპუბლიკის მეთაურს სამედიცინო დახმარებაც კი არ დასჭირვებია“, – აღნიშნა მედიასთან საუბარში განა იანოვსკაიამ. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ამ დროისთვის საკუთარ სახლში იმყოფება. ცხინვალში იმედი აქვთ რომ დღეს, 13 თებერვალს, იგი სამსახურშიც გამოცხადდება.

მართალია, ეს შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ რაღაც ეჭვები გაჩნდა. ცხინვალში მაღალჩინოსნების უცნაურ ვითარებაში დაღუპვა დიდი მოულოდნელობა არ არის.

გასულ წელს თავისი მანქანისკენ მიმავალ რესპუბლიკის მთავარ პროკურორ მერაბ ჩიგოევს მანქანა დაეჯახა. პროკურორი ადგილზე დაიღუპა. ეს ინციდენტი მაშინ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დაუკავშირეს. მერაბ ჩიგოევი ლეონიდ თიბილოვის გუნდის წევრად ითვლებოდა და, როგორც ამბობენ, ის ვიღაცამ თიბილოვს ჩამოაშორა.

აღსანიშნავია, რომ ლეონიდ თიბილოვი ამ არჩევნებში თავადაც მონაწილეობს. მისი მთავარი კონკურენტი კი რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვია. ადგილობრივი ხელისუფლება ბოლომდე ვერ გარკვეულა, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი. ისინი დირექტივებს მოსკოვიდან ელოდებიან, საიდანაც ჯერ არანაირი მითითება არ მოსულა.

გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილებას კრემლი უახლოეს მომავალში მიიღებს. სიტუაციაში გარკვევის მიზნით მათ ცხინვალში პუტინის თანაშემწე სურკოვი მიავლინეს, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან ანგარიში ჩაიბარა და ცესკოსაც მისცა მითითებები. პუტინის თანაშემწემ ოსებს გასაგებად უთხრა, რომ არჩევნებზე არეულობას აღარ დაუშვებდნენ. წინა არჩევნები იქ ლამის სამოქალაქო ომით დასრულდა.

იქაურმა ცესკომ რუსი მაღალჩინოსნის მითითებების შესრულება უკვე დაიწყო. სწორედ სურკოვის ცხინვალის ყოფნის პერიოდში უთხრეს მათ კოკოითის უარი რეგისტრაციაზე. ცესკოს განმარტებით, ეს უკანასკნელი რეგისტრაციაში გასატარებლად მთელ რიგ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

არჩევნები 9 აპრილს ტარდება და უკვე მანამდე იქნება გარკვეული, თუ ვინ იქნება მოსკოვის რჩეული. მოსკოვი შეეცდება, ყველაფერი პირველ ტურში დამთავრდეს. ვიდრე მოსკოვი კანდიდატს არჩევს, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს კომპრომატებს უვრცელებენ.

ამ დღეებში ოსურ ინტერნეტ-საიტებზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ლეონიდ თიბილოვი ცხინვალის საქართველოს შემადგენლობაში შესვლას უჭერდა მხარს. როგორც ოსი ჟურნალისტები წერენ, პრეზიდენტს დიდად არც გავლენიანი ცხინვალელები სწყალობენ. სულ ახლახან იქ ოსთა ყოფილი ვიცე-პრემიერის ვალერი ხუბულოვის შვილის ქორწილი გადაიხადეს. ვალერი ხუბულოვი ცნობილი ოსი ბოევიკი გახლდათ. იგი ქართველების წინააღმდეგ, სამაჩაბლოს გარდა, აფხაზეთშიც იბრძოდა.

2000 წელს ვალერი ხუბულოვი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, არჩევნებამდე მაგრამ ორი თვით ადრე ვლადიკავკაზში ჩაცხრილეს. მაშინ ითქვა, რომ ის თედეევების კლანმა მოიშორა, რადგანაც მათი ფავორიტი ამ პოსტზე ედუარდ კოკოითი იყო. საპრეზიდენტო არჩევნები მაშინ კოკოითიმ მოიგო და ამაში ახლა თბილისში მჯდომი დიმიტრი სანაკოევი დაეხმარა, რომელსაც იმჟამად პრემიერის პოსტი ეკავა. მან ედუარდ კოკოითის სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი დაუმზადა.

ვალერი ხუბულოვის შვილის ქორწილში ლეონიდ თიბილოვი არ მისულა. როგორც ინტერნეტსაიტები წერენ, ამის მიზეზი ერთი იაღლიში იყო, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს გარდაცვლილთან მოსვლია. „როცა თბილისმა ცხინვალში ჯარები შემოიყვანა, ყველა იმაზე ვფიქრობდით, როგორც გაგვეწია მათთვის წინააღმდეგობა. დავიწყეთ მოხალისეთა რაზმების შექმნა. მხოლოდ ლეონიდ თიბილოვი ამბობდა, ომი არ არის საჭირო, მაინც საქართველოს შემადგენლობაში მოგვიწევს ყოფნაო, – ნათქვამია მის მაკომპომეტირებელ წერილში.

—————————

კვირის პალიტრა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან: „ალანია სამხრეთ კავკასიაში არასდროს ყოფილა // ლეონიდ თიბილოვმა პლებისციტი, რომელიც .. სამხრეთ ოსეთისთვის ისტორიული სახელწოდების დაბრუნებას გულისხმობს, 9 აპრილს დანიშნა

ეკა ასათიანი

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის­ ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა­ პლებისციტი დანიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს “ისტორიული” სახელწოდება – “ალანია” დაუბ­რუ­ნოს. “კვირის პალიტრას” ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ესაუბრა:

- ჩრდილო ოსეთს ახლაც ალანია ჰქვია და, ალბათ, ეს არის მცდელობა, ჩრდილო ოსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მეტი კომუნიკაცია იყოს. ისტორიული რეალობის გამრუდების სურვილიც აქედან წარმოდგება. ისტორიულად ალანების გაერთიანება მართლაც არსებობდა, ოღონდ ჩრდილო კავკასიაში…­ ალანია სამხრეთ კავკასიაში არასდროს ყოფილა.

- გავრცელებული ინფორმაციით, პლებისციტი .. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება, 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეც არის. ასეთი დამთხვევა სიმბოლურია?

- შესაძლოა… საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ე.წ. სამხრეთ ოსეთს სამაჩაბლოდ მოიხსენიებდა. ამჟამინდელი ცხინვალის რეგიონი მართლაც იყო ერთ-ერთი ქართული სამთავრო, სადაც ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული ალანებიც ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი არასდროს ყოფილან უმრავლესობაში, მე-19 საუკუნის ბოლომდე და, შესაძლოა, ცოტა მერეც, ოსები უმცირესობას წარმოადგენდნენ. ისიც ფაქტია, რომ ეს ტერიტორია ავტონომია ან დამოუკიდებელი ერთეული არ იყო. ავტონომიად ყოფილი საბჭოთა კავშირის იმპერიაში გადაიქცა. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით მოიხსენიებდა გამსახურდია სამაჩაბლოდ, თუმცა, ესეც ხისტი გადაწყვეტილება იყო, რამაც პროვოცირება მოახდინა და ქართველები და ოსები უფრო მეტად გამიჯნა.

- ლეონიდ თიბილოვის მიერ დანიშნული პლებისციტის უკან რუსეთის გეგმას თუ ხედავთ?

- რა თქმა უნდა, ამის უკან რუსეთი­ უნდა მოვიაზროთ. პლებისციტის დანიშვნა უპირველესად ემსახურება პროპაგანდისტული აზრის შექმნას და საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში ვითარების ისე წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის ალანების ტერიტორია და მათ სრული უფლება აქვთ, შეუერთდნენ მოძმე ალანებს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპაშიც და გნებავთ, ამერიკაშიც, ნელ-ნელა ვითარდება ულტრანაციონალიზმი და უკვე სხვანაირად განიხილავენ საერთაშორისო საკითხებს… მაგალითად, საფრანგეთში ერთ-ერთი დიდი პარტიის ლიდერი, მარინ ლე პენი ამბობს, რომ ყირიმი ყოველთვის რუსეთის ტერიტორია იყო.

ევროპის მემარჯვენე ან მემარცხენე რადიკალური ძალებიც ცდილობენ, ყირიმი რუსეთის ნაწილად წარმოაჩინონ. ასეთი ტენდენციები არსებობს, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, გამრუდებული ისტორიული რეალობით ტერიტორიების მიტაცების გამართლებას. თიბილოვის დანიშნული პლებისციტიც ამ კონტექსტში ჯდება.

- საქართველოს ვიზალიბერალიზაცია აფხაზებსა და ოსებს ქართული პასპორტებით საზღვარგარეთ უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას აძლევს. ამის საპასუხო ნაბიჯი ხომ არ არის პლებისციტი?

- რუსეთის სტრატეგია ერთ პარამეტრს ან ფაქტორს არასდროს ემყარება, ყველაფერი აწონილ-დაწონილია. ვიზალიბერალიზაციას ან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებს ქვეყნები სხვა სახელმწიფოებზე გავლენის გასავრცელებლადაც კი იყენებენ. საქართველოს აქვს შანსი, საკუთარ ტერიტორიაზე გავლენები გააძლიეროს, აფხაზებსა და ოსებთან მეტი სიახლოვე იქონიოს. რუსეთი კი ამის ნეიტრალიზებას სხვადასხვა გზით შეეცდება. ამას შეიძლება “გავლენების ომიც” დავარქვათ.

რუსეთი ეცდება, უფრო გააძლიეროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმი და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ოსებს უთხრას, თქვენ ხართ ალანები, ეს არის თქვენი ტერიტორია და სრული უფლება გაქვთ, შეუერთდეთ ჩრდილო ოსეთს და ამით, ფაქტობრივად, დიდ რუსეთში გაერთიანდეთო. თუმცა შეძლებს კი რუსეთი ტერიტორიის მიტაცებას ისე, რომ ეს საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალშიც გაამართლოს.

ვფიქრობ, ჯერჯერობით რუსეთს­ მხოლოდ პროპაგანდისტული აზრის შექმნა სჭირდება, ისე კი მოცემულ­ მო­მენტში მას სხვა მიზანი აქვს – ყირიმის საბოლოოდ მიტაცება და რაც ახლა დონბასში ხდება, ამის როგორმე გამართლება. ეს არ არის იოლი და მსოფ­ლიოში მიმდინარე პროცესებთან ჯაჭვური კავშირი სჭირდება.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

აფხაზეთში ინტერნეტცენზურა დაწესდა

ნინო ომანაძე

ამ რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. ძალოვან სამინისტროებს ინტერნეტ სივრცის გაკონტროლება და “ხელისუფლების” წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების ავტორების დასჯა დაავალა. 10 თებერვალს სოხუმის ე.წ. პარლამენტმა, ინტერნეტ და მედია გამოცემების საქმიანობის დარეგულირების კანონი საბოლოოდ მიიღო. კანონპროექტი “პარლამენტში” განათლების, მეცნიერებისა და სპორტის კომიტეტის წევრმა ლევონ გალუსტიანმა წარადგინა. გალუსტიანის განცხადებით, “საინფორმაციო საშუალებების შესახებ კანონში” ცვლილებები ხელახლა იქნა განხილული პროფილურ კომიტეტზე და გათვალისწინებულია ექსპერტთა მოსაზრებებიც.

“არსებული კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს, 2004 წელსაა მიღებული. ამიტომ მასში არაა ასახული დღევანდელი რეალობა. ბოლო წლების მანძილზე ინტერნეტ-რესურსების აქტიური განვითარება მიმდინარეობს, მათი საქმიანობა არანაირად არ ჯდება კანონმდებლობაში. შესწორება, რომელიც მივიღეთ, სთავაზობს საინფორმაციო გამოცემებს, შესაბამისი რეგისტრაცია იუსტიციის ორგანოში გაიარონ. ამის მიხედვით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, ამ გამოცემებისთვის პრეტენზიის წაყენებას შევძლებთ. კანონის დარღვევის პრეცედენტები კი არაერთია.

თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ნებისმიერ მოქალაქეს ექნება უფლება მიმართოს სათანადო ორგანოებს და მოითხოვოს საკუთარი უფლებებისა და ღირსების დაცვა. აქამდე ასეთი საშუალებები არ გაგვაჩნდა, ვინაიდან ჩვენ არ ვიცით სად არის განთავსებული ესა თუ ის რედაქცია, თუ ონლაინ გამოცემა, ვინაა მფლობელი და რედაქტორი. ხდება ისე, რომ ჩვენ ზოგიერთი ინტერნეტ გამოცემისგან ვაწყდებით უსამართლო, ნეგატიურ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს მოსახლეობას და დისკრიმინაციული ხასიათისაა. ახლა, ისინი მიიღებენ ოფიციალურ სტატუსს და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი წავუყენოთ მათ პრეტენზიები და მოვთხოვოთ პასუხი”, – განაცხადა ლევონ გალუსტიანმა.

როგორც გამოცემა “ნუჟნაია გაზეტა” იტყობინება, ლევონ გალუსტიანის განცხადებით, ეს ცვლილება “ხელისუფლებას” მისცემს საშუალებას, რომ ყველა ინტერნეტ გამოცემასთან ჰქონდეს წვდომა. კანონპროექტი “მედიასაშუალებების და ინტერნეტ სივრცის დარეგულირებასთან დაკავშირებით” აფხაზეთის “პარლამენტმა” მესამე მოსმენით მიიღო. როგორც აფხაზური მედია იუწყება, ყველა მედია გამოცემა ეთანხმება ცვლილებებს და საჭირო რეგისტრაციას “იუსტიციის სამინისტროში” სამი თვის მანძილზე გაივლიან.

მედია გამოცემებსა და ინტერნეტ მედიაზე კონტროლის შემოღებას მწვავე პოლემიკა მოჰყვა აფხაზურ ინტერნეტ სივრცეში.

ინტერნეტ-გამოცემა “აბხაზავტოს” მომხმარებლები “ხელისუფლებას” ირონიულად მოუწოდებენ, რომ “დროა, შეზღუდვები ცუკერბერგსაც დაუწესონ”.

“საინტერესოა, როგორ აპირებენ ამ კანონის ამოქმედებას. ეტყობა მიხვდნენ, რომ ცუკერბერგის საქმიანობაც უნდა შეიზღუდოს…”; “რევოლუციებს ახდენს “ფეისბუქი”. შეგიძლიათ დააკავოთ ცუკერბერგი. უბრალოდ, წინასწარ აუხსენით – რატომ, თორემ ვერ გაიგებს”; “რა სასაცილოები არიან. იღებენ ისეთ კანონებს, რომელსაც ვერ დაარეგულირებენ. პრეტენზიებს ცუკერბერგს წარუდგენენ”; “წინასაარჩევნოდ კონტროლს აწესებენ…”; “რუსეთის ცენზურამ აფხაზეთამდეც ჩამოაღწია”, – წერენ აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლები.

„მთელ კვირასთან“ საუბრისას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზურ მედიაზე კონტროლის დაწესება 2017 წლის აფხაზურ “საპარლამენტო არჩევნებს” დაუკავშირა.

„აფხაზური მედიის უდიდესი ნაწილი ყოველთვის კონტროლდებოდა „ხელისუფლების“ მიერ. მე ვიცნობ აფხაზეთში მოქმედ ჟურნალისტებს – იზიდა ჭანიას, ინალ ხაშიგს. ესენი არიან იმ თაობის ჟურნალისტები, რომლებთანაც მომიწია მუშაობა. ისინი პროფესიონალები და პროაფხაზი განწყობის ჟურნალისტები არიან, საკმაოდ მოტივირებულები და ხალხის გასაჭირის გამზიარებლები, აკრიტიკებენ “ხელისუფლებას” და მათ არაერთხელ შექმნიათ პრობლემა ამის გამო. ე.წ. აფხაზი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი და საზოგადოება მათ გვერდით დგას. რაც შეეხება მედია კონტროლის გამკაცრებას, ეს პირდაპირ უკავშირდება “საპარლამენტო” არჩევნებს, რომელიც 12 მარტსაა დანიშნული. არჩევნები იქნება მძიმე და დაძაბული. იქ დღეს ორი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს – პრორუსული და პროაფხაზური.

რაულ ხაჯიმბა პრორუსული ძალაა, ამიტომაც ცდილობს, ჩაახშოს ყველა თავისუფალი და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც მედია სივრცეში ისმის. მას კარგად ესმის, რომ ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული მისი “ხელუსუფლების” შენარჩუნების საკითხი. თუ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, მას მოუწევს ფიქრი გადარჩენაზე, ვინაიდან გამარჯვებული ძალა გახდება პოლიტიკური პროცესების წარმმართველი“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 13 თებერვალი, 2017 წელი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე სატრანსპორტო კორიდორები იხსნება

შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები საბოლოო დეტალებს თბილისსა და მოსკოვში მარტის ბოლოს შეათანხმებენ

თიკო ოსმანოვა

საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ე.წ. სამხერთ ოსეთის მონაკვეთზე ტვირთბრუნვის მონიტორინგთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების იმპლემენტაციას რუსეთმა მწვანე შუქი აუნთო. შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც საზღვრის მონიტორინგი უნდა განახორციელონ, თბილისსა და მოსკოვს ბოლო ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად მარტის ბოლოეს ეწვევიან. ამას თბილისში და მოსკოვში განსხვავებულ ინტერპრეტაციას უკეთებენ.

თბილისში მიიჩნევენ, რომ ეს ერთადერთი ხელშეკრულებაა, რომლითაც რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს პრაქტიკულად საქართველოს ნაწილად აღიარებს. შვეიცარიელი მებაჟეები კი, რომლებიც როკის გვირაბსა და მდინარე ფსოუსთან დადგებიან, გარკვეული თვალსაზრისით ქართველი მებაჟეების შემცვლელები იქნებიან.

რუსული მხარის ინტერპრეტაცია კი ასეთია – რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დათბობა გრძელდება და ახლა მხარეები პირდაპირი ვაჭრობისათვის ახალი კორიდორების ამოქმედებაზე შეთანხმდნენ, შვეიცარიელები კი სწორედ ამ კორიდორების თავსა და ბოლოში იდგებიან. ქართული მხარე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით სატრანსპორტო კორიდორების გახსნას დათანხმდა, რაც ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვასა და ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით სატრანზიტო მიმოსვლას გააიოლებს.

ორივე ამ ინტერპრეტაციაში პოლიტიკური მიდგომები ჩანს. ოფიციალური თბილისი ერიდება იმაზე აქცენტირებას, რომ შვეიცარიელი მებაჟეები არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის საზღვრის უკონტროლო მონაკვეთთან დადგებიან – ფსოუსა და როკის გვირაბზე, არამედ ოკუპაციის ხაზთანაც – ზუგდიდსა და გორში.

რუსული მხარე კი ისეთ სურათს ხატავს, რომ შვეიცარიელებს მარტო იმ ტვირთის გაკონტროლების უფლება ექნებათ, რომლი ოკუპირებულ ტერიტორიებს ტრანზიტით გაივლის. ანუ შეამოწმებენ მხოლოდ იმ ტვირთს, რომელიც, ვთქვათ, სოჭიდან ქუთაისში მიდის, მაგრამ ვერ შეამოწმებენ სოჭიდან მომავალ ტვირთს, რომლის საბოლოო დანიშნულების ადგილიც სოხუმია. რეალურად, შვეიცარიელ მებაჟეებს ნებისმიერი ტვირთის აღრიცხვის უფლება აქვთ, რომელიც საზღვარზე გაივლის, მიუხედავად მათი დანიშნულების ადგილისა..

ცნობისთვის: რუსეთსა და საქართველოს შორის, 6 წლის წინ მიღწეული შეთანხმება ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლითაც კერძო კომპანიის მიერ ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება. აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ გააფორმა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ამ საკითხზე საუბარი, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორისაც შედგა. როგორც აბაშიძემ განაცხადა, მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და მხოლოდ მცირე ტექნიკური საკითხებიღა დარჩა მოსაგვარებელი.

“ხელშეკრულებაში დეტალურადაა ყველაფერი გაწერილი – პარამეტრები, თუ სად და როგორ დადგებიან შვეიცარიელები. ახლა საუბარია იმაზე, რომ უნდა დასრულდეს მოსამზადებელი სამუშაოები და უნდა მოხდეს კონტრაქტზე ხელმოწერა. მესაზღვრები იდგებიან საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ფსოუზე, როკის იქით, ყაზბეგის მიმართულებით საზღვრის ორივე მხარეს. ასევე ჩვენთან ზუგდიდის რაიონში. ეს ყველაფერი გაწერილია ხელშკერულებაში. თუმცა, ძალიან ბევრი ნიუანსია და გამიჭირდება ამაზე საუბარი”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას ზურაბ აბაშიძე.

სავაჭრო დერეფნის ამოქმედების დეტალებზე გრიგორი კარასინმა გამომცემლობა “კომერსანტთან” ისაუბრა. მისი განცხადებით, მხარეებმა გადაწყვიტეს მხოლოდ იმ საკითხების განხილვა, რომელთა გადაწყვეტა, პრინციპში, შესაძლებელია “წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე” (მოსკოვისა და თბილისისთვის ესაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსი, ასევე ამ ტერიტორიებზე რუსული ჯარების ყოფნა).

გრიგორი კარასინი ამბობს, რომ საუბარია, 3 დერეფნის ამოქმედებაზე. უფრო კონკრეტულად, კი კარასინის თქმით, სოჭთან ახლოს გაკეთდება ერთი დერეფანი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდთან გაჩერდება. მეორე დერეფანი სტარტს ჩრდილოეთ ოსეთში სოფელ ნართან აიღებს გაივლის ოკუპირებულ ცხინვალს და გორში დასრულდება. მესამის ამოქმედებას კი რუსული მხარე ყაზბეგში ზემო ლარსთან გეგმავს. თუმცა, კარასინი აქვე განმარტავს, რომ მხარეები ზუსტ კორდინატებზე უნდა შეთანმხდნენ.

“ჩვენ მზად ვართ ეს გავაკეთოთ. მიღწეულია სერიოზული პროგრესი პრაქტიკული განხრით. ახლა გავაგრძელებთ მოქმედებას იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი ამუშავდეს.”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა. მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობების გამარტივებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სერგი კაპანაძის თქმით, კორიდორების გახსნა ამ ხელშეკრულებასთან კავშირში არ არის. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას, მისი განმარტებითაც, საუბარია სამ სავაჭრო დერეფანზე და მოხდება აბსოლუტურად ყველა სატრანსპორტო ტვირთის შემოწმება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს გაივლის.

“ზუსტად არ მახსოვს კორდინატები, მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში დადგებნიან ფსოუს ჩრდილოეთით, სამხრეთ ოსეთის შეთხვევაში – როკის გვირაბის ჩრდილოეთით. რაც შეეხება ჩვენს მხარეს, ეს არის ზუგდიდის მიმდებარე ტერიტორია და ცხინვალის შემთხვევაში – გორთან. ასევე იქნება მესამე დერეფანი ყაზბეგში ზემო ლარსის ორივე მხარეს. იქ მოკლე კოორიდორია და იქნებიან აქეთ და იქით საზღვარის გასწვრივ. ასე რომ, განხორციელდება ყველა ტვირთის შემოწმება, რომლებიც ამ დერეფნებს გაივლის. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ოპერატორი მიიღებს ინფორმაციას და გაატარებს ერთობლივ ბაზაში, რომელიც შეიქმნება. ბუნებრივია, მონიტორები თვითონ წყვიტენ რისკების მენეჯმენტის საკითხს. ვალდებულებაა, რომ ყველა ტვირთი აღჭურვილი იყოს ჯი-პი-ესით, რომ მიადევნონ თვალი, სად და როგორ მიდის.

ხელშეკრულებაში სპეციფიურად წერია, რომ საუბარია ყველა ტვირთზე, რომელიც შედის ან ტოვებს მონიტორს. ეს არ იძლევა აზრთა სხვადასხვაობის და ბუნდოვანების საბაბს.

რუსეთს თავის დროზე უნდოდა, რომ ხელშეკრულებაში ჩაეწერა ისეთი რამ, რომ არ მომხდარიყო სოჭიდან სოხუმში მიმავალი ტვირთის შემოწმება. თუმცა ეს პრინციპული საკითხი იყო და ეს არ დავუშვით. ახლა კი ამის შეცვლა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელშეკრულებაში წერია, მისი შეცვლის მექანიზმი კი არ არსებობს. გამორიცხულია, რომ მონიტორინგი სოხუმისა და ცხინვალის ტვირთებს არ შეეხოს”, – გვითხრა სერგი კაპანაძემ. მისივე თქმით, ამ ხელშეკრულების მიზანი არ ყოფილა ქართულ-რუსული პირდაპირი ვაჭრობის გამარტივება, თუმცა გარკვეულწილად ამასაც მოიცავს.

“ეს ხელშეკრულება თუ ამოქმედდა, სრულად გამარტივდება პირდაპირი და ტრანზიტული ვაჭრობა. ეს ხელშეკრულება აწესებს მონიტორინგის მექანიზმს, სადაც არსებობს ვაჭრობა. რაც შეეხება კორიდორის გახსნას, ეს ცალკე გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა მიიღონ მთვარობებმა. ასე რომ, სატრანსპორტო კორიდირების გახსნა არის დამოუკიდებელი ამ ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულება ეხება მარტო ტვირთის მონიტორინგს”, – განუცხადა “მთელ კვირას” კაპანაძემ.

ექსპერტი მამუკა არეშიძე ამ ხელშეკრულებაში მხოლოდ პოლიტიკურ შედეგს ხედავს.

“ხელშეკრულების მიხედვით, ყველა ტვირთი, რომელიც უნდა შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექვემდებარება შემოწმებას. მაგრამ ჩვენ ამით მხოლოდ პოლიტიკური ქულები დავიწერეთ.. ობიექტურად რომ გითხრათ, ამას რაიმე განსაკუთრებული შედეგი არ ექნება. უბრალოდ, პოლიტიკურად ხაზი გაესმევა, რომ ტერიტორიები არის უკონტროლო და აქედან გამომდინარე ახორციელებენ ტვირთების შემოწმებას. მაგრამ ეს ეხება მხოლოდ საავტომობილო ტვირთს. მართალია, ცხინვალში სხვა გზით ტვირთი ვერ მოხდება, მაგრამ აფხაზეთის შემთხვევაში ეს არ ეხება საკრინიზგო ტვირთს. რუსულ პრესაში წერენ, რომ ამას რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ტყუილია. ამას მთვარი აქვს პოლიტიკური დატვირთვა. რუსეთს კი არ უნდა უბრალოდ ამის გამოაშკარვება და ამის ხაზგასმა. ქართულ მხარეს კი ზუსტად ეს სჭირდება”, – გვითხრა მამუკა არეშიძემ.

Comments are closed