„რეზონანსი“, 13 ივნისი, 2015 წელი
საქართველო საფრანგეთისგან, სავარაუდოდ, “ასტერ-30″ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს მიიღებს
ეკატერინე ბასილაია
იყიდის თუ არა საქართველო ფრანგული წარმოების თანამედროვე, “ასტერ-30″-ის ტიპის საზენიტო-საჰაერო კომპლექსს, რომელსაც 120 კილომეტრზე თვითმფრინავის ჩამოგდება შეუძლია, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ივნისის ბოლოს საფრანგეთთან იმ ხელშეკრულების ხელმოწერა მოხდება, რისი ჩაშლის საშიშროებაზეც გასული წლის ნოემბერში ექსმინისტრი ირაკლი ალასანია საუბრობდა და საფრანგეთში ვიზიტისას ხელმოწერის გადადებაზე სატელეფონო მითითებას მინდია ჯანელიძეს აბრალებდა.
მართალია, ალასანიას არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რა საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე ჰქონდა საფრანგეთში მოლაპარაკება, მაგრამ ექსმინისტრმა მინიშნება გააკეთა და აღნიშნა, რომ იმ სისტემას, რის შესყიდვაზეც მოლაპარაკება წარმოებდა, შეუძლია არა მარტო საჰაერო სამიზნეების, არამედ რაკეტების მოგერიებაც. ანუ, ის ანტისარაკეტო სისტემის გარკვეულ ფუნქციასაც ასრულებს.ქართველი სამხედრო ექსპერტების განმარტებით კი, ფრანგული წარმოების ასეთი სისტემა ერთადერთია და ის “ასტერ-30″-ის ტიპის საზენიტო-საჰაერო კომპლექსია. მათივე თქმით, ამ კომპლექსის შესყიდვის შემთხვევაში საქართველოს საჰაერო უსაფრთხოება ბევრად დაცული იქნება, ვიდრე დღეს და ის საქართველოს მასშტაბში სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან მას 100-120 კმ-ის მანძილზე შეუძლია მოწინააღმდეგის თვითმფრინავის აღმოჩენა და ჩამოგდება.
თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილს მაინც ეჭვი ეპარება, რომ დღეს ზუსტად იმავე სისტემის შესყიდვა მოხდეს, რაზეც ალასანია საუბრობდა და ეჭვის საფუძვლად იმ აჟიოტაჟს მიიჩნევს, რომელიც ხელისუფლებისაგან ამ ხელშეკრულების ირგვლივ ტრიალებდა.
გუშინ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ევროპული ტურნე დაიწყო, ამ ტურნეს ფარგლებში ის საფრანგეთსაც ეწვევა, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებსაც გამართავს.
ხიდაშელმა პირობა დადო, საფრანგეთში ვიზიტის დროს საჰაერო თავდაცვითი იარაღისა და სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებულ კონტრაქტს ხელს, სავარუდოდ, თვის ბოლოს მოაწერდა. მინისტრის ევროპული ტურნე 17 ივნისს სრულდება და დიდი ალბათობით, ამ დროისთვის გვეცოდინება ხელშეკრულების საბოლოო ბედი. ხოლო დეტალები – კონკრეტულად თავდაცვის რა სისტემებზეა საუბარი, ალბათ არ გახმაურდება.
ყოველ შემთხვევაში, ევროპულ ტურნემდე თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, თავდაცვითი საჰაერო სისტემების თემა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, ყველაზე უფრო მეტად საიდუმლო თემა და “არ სურს იმ პირთა შორის აღმოჩნდეს, ვინც ამ საკითხზე ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა”.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მინისტრობის პერიოდში საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე შეთანხმებას მიაღწია, თუმცა, როგორც ალასანიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა, მას საფრანგეთში ვიზიტისას თბილისიდან ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დაუკავშირდა, რომელმაც მემორანდუმზე ხელმოწერის გადადება სთხოვა.
მოგვიანებით სწორედ მემორანდუმზე ხელმოწერას დაუკავშირა ირაკლი ალასანიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის დაკავების ფაქტი.
ალასანიას ბრალდების საპასუხოდ ხიდაშელმა ისიც კი განაცხადა, რომ საფრანგეთთან ხელშეკრულება ხელშეკრულებას სწორედ მინდია ჯანელიძის დროს დაემსგავსა, მანამდე ეს იყო მხოლოდ “კეთილი სურვილების კრებული” და მისთვის გაუგებარია, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია, როცა სატელეფონო ზარზე საუბრობდა.
მინისტრ ხიდაშელის განცხადებაზე პასუხის გაცემა ექს-მინისტრმა ალასანიამ არ ისურვა. თუმცა, ჯანელიძემ მართლა დაურეკა ალასანიას საფრანგეთში გარიგების შეჩერების თხოვნით, ამას მინისტრობის პერიოდში არც თავად ჯანელიძე უარყოფდა. მას ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟის დროს ბევრი უარყოფის შემდეგ ბოლოს მაინც მოუწია აღიარება, რომ ალასანიას დაურეკა, მაგრამ ხელშეკრულების გაუქმება კი არა, ცოტა ხნით შეჩერება სთხოვა გარკვეული დეტალების საბოლოო გაანალიზებამდე.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილი თქმით, თავდაცვის ახალ მინისტრს არ გაუკეთებია განცხადება, თუ რა თავდაცვის საჰაერო სისტემების ყიდვაზეა საუბარი, თუმცა, ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავის დროზე განაცხადა, რომ იმ სისტემას, რის შესყიდვაზეც საფრანგეთთან მოლაპარაკებები წარმოებდა, შეუძლია არა მარტო საბრძოლო თვითმფრინავების, არამედ რაკეტების მოგერიებაც. ფრანგული წარმოების ასეთი სისტემა კი ერთადერთია და ეს გახლავთ “ასტერ-30″-ის ტიპის საზენიტო-საჰაერო კომპლექსია.
ირაკლი ალადაშვილი: “ვვარაუდობ, რომ შესაძლო იყო, ირაკლი ალასანიას ხელი მოეწერა მემორანდუმზე ფრანგული თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემის – თფქზ/ე-ის – შეძენის შესახებ, რადგან მხოლოდ ამ სისტემის “ასტერ-30″ ტიპის აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების საზენიტო რაკეტებს შეუძლიათ როგორც შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების ჩამოყრა 25კმ-მდე სიმაღლესა და 100 კმ-ის სიშორეზე, ისე რუსული “ტოჩკას” ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების დაზიანება 35 კმ-იან რადიუსში.
“ეს სისტემა საქართველოს მასშტაბში არა მარტო ოპერატიულ-ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობისაა. მას 100-120 კმ-ის მანძილზე შეუძლია მოწინააღმდეგის თვითმფრინავის აღმოჩენა და ჩამოგდება. ჩვენ ასეთი არ გვქონია.
“ის დაახლოებით რუსულ “ს300″-სა და ამერიკულ “პეტრიოტს” ჰგავს. საჰაერო სივრცის გაკონტროლებისათვის ქვეყანას ამ სისტემების გარვკეული რაოდენობა უნდა ჰქონდეს და ამისათვის რამდენიმე ასეული მილიონი ევროა საჭირო. თუკი “ასტერ-30″-ის ტიპის საზენიტო რაკეტებზეა საუბარი, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვა მართლაც მაღალ დონეზე გადავა”.
ალადაშვილის თქმით, თუკი ხელშეკრულება გაფორმდება, რა ტიპის სისტემებს ყიდულობს საქართველო, ამას საფრანგეთის მხარე გაახმოვანებს, მაგრამ კომერციული მხარე საიდუმლოა ხოლმე და ალბათ როდესაც ხიდაშელი საიდუმლოებაზე საუბრობს, ამ კომერციულ მხარეს გულისხმობს.
გარდა ამისა, როგორც წესი, ქვეყნები ხელშეკრულების გაფორმებამდე ცდილობენ მოლაპარაკებები არ გაასაჯაროონ.
“როგორც წესი, ქვეყნები ცდილობენ შეთანხმებამდე გასაჯაროება არ მოხდეს, რომ გარიგებაში პრობლემები არ შეიქმნას. ჩვენ შემთხვევაში რუსეთის სურვილია და ეცდება გარიგება ჩაშალოს.
“აგვისტოს ომის შემდეგ დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ვცდებოდე. ადრეც ყოფილა საუბარი სერიოზული რაღაცების შესყიდვაზე, მაგრამ ვერ განხორციელდება. ალბათ იქნება გარკვეული ძალები, რომლებიც შეეცდებიან ხელი შეგვიშალონ. თუკი შევიძენთ, ძალიან გამიხარდება.
“არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ახლა სულ სხვა სისტემის შესყიდვაზე წავიდეს საქმე. ალასანიამ რაც თქვა, ის კი “ასტერ-30″-ის ტიპის სისტემაა”,- დასძენს ალადაშვილი.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალისტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვითი სისტემების შეძენა არანაიარ საიდუმლოებას არ წარმოადგენს და ყველა ამგვარი შესყიდვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გაეროს უნდა წარედგინოს. თვით ბირთვული იარაღის შესყიდვაც კი ვერ მოხდება გასაიდუმლოებით და უკვირს, მუდმივად რატომ საუბრობენ საიდუმლოებაზე.
ალადაშვილის მსგავსად ისიც მიიჩნევს, რომ ალბათ კომერციული მხარის გასაიდუმლოებაზეა საუბარი და ეს მართლაც არ საჯაროვდება.
“ჩვენ ვყიდულობთ უშუალოდ შეიარაღებას და არა ახალ ტექნოლოგიას და ნოუ-ჰაუს და აქ არანაირი საიდუმლოება არ არის. როგორც ჩემთვის ცნობილია, საუბარია ფრანგული წარმოების “ასტერის” ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებზე. ფრანგებს ეს სისტემა კარგად აქვთ განვითარებული.
“ერთი ასეთი სისტემა 20-30 მლნ დოლარი ჯდება. რამდენის ყიდვაა საჭირო – ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ამით შესაძლოა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გეგმები გავცე. საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების კუთხით დიდი ჩავარდნა აქვს და ამდენად, შეძენა ძალიან კარგია.
“საიდუმლოდ დარჩება კომერციული მხარე და შესაძლოა, თავდაცვის მინისტრმა საიდუმლოებაზე აქცენტირებისას სწორედ რაოდენობასა და ფასზე მითითება იგულისხმა. როდესაც შესყიდვა მოხდება, რა სისტემა შევიძინეთ, ეს მაინც გასაჯაროვდება. პირველი ამაზე ფრანგული მხარე იტყვის და პრესასაც გაუმხელს.
“თუკი რუსეთის ფაქტორის გამო ხდება გასაიდუმლოება, რუსეთს ჩვენ ამას ვერ დავუმალავთ. პირიქით, კრემლმა ამ გარიგებაზე ცნობები ქართულ მედიაზე ადრე გაიგო. მით უმეტეს, ალასანიამ მიანიშნა, რა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე იყო საუბარი, თქვა, რომ რუსული “ისკანდერ ემ”-ების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული და ნებისმიერ ექსპერტს არ გაუჭირდება ფრანგული ჰარესაწინააღმდეგო თანამედროვე ტიპების განსაზღვრა.
“ჯანელიძის დროს რა ხდებოდა, ამაზე საუბარი მიჭირს. ალასანიას სიტყვებით კი, ჯანელიძემ დაურეკა და სულ მცირე კონტრაქტის გადადება მოითხოვა.
“სხვათა შორის, ეს ფაქტი ჯანელიძემაც დაადასტურა. ჩვენც ვიხილეთ, რომ როდესაც ჯანელიძე საფრანგეთში იმყოფებოდა, ეს საკითხი არ განხილულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრესსამსახური ან თავად იმდროინდელი მინისტრი ჯანელიძე მინიშნებას გააკეთებდა. მით უმეტეს, თემა ძალიან გახმაურებული იყო,” – ამბობს მაისაია.
მისი თქმით, თუკი საფრანგეთთან საბოლოოდ გარიგება მოხდება, ეს იქნება პირველი საერთაშორისო ტიპის კონტრაქტი მას შემდეგ, რაც გარკვეული არაფორმალური სანქციების ქვეშ მოვხვდით.
“2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ისრაელის ახალი ტიპის ტექნოლოგიები მტერს ჩაბარდა, სანქციების ქვეშ მოვყევით. ამდენად, საფრანგეთს მადლობა უნდა ვუთხრათ ამ ნდობისათვის. თუმცა, ალასანიას განცხადებებისა და მთელი სკანდალის ატეხვის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი”, – დასძენს მაისაია.