„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: რა შეთავაზებებს გადასცემს იგი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისგან?
„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ნინო ბურჯანაძეზე წონადი ვინ არის? მას აქვს პირდაპირი კავშირები თეთრ სახლში. შეუძლია, დაურეკოს სენატორს, კონგრესმენს და სხვას, ისევე, როგორც რუსეთში. ვის შეუძლია სხვას ასეთი რამ?“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ფინანსების მოსაძიებლად ჩავიდა“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დოდონა კიზირიასთან: “სურთ, რომ ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო თუ საპრემიერო სკამზე ააპროწიალონ…“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „საბერძნეთის მსგავსი ტრაგიკული შეცდომა არ უნდა დავუშვათ”
„რეზონანსი“: ინტერვიუ ლაშა ბერიძესთან: „რუსეთი შეეცდება, ისლამური საფრთხე სათავისოდ გამოიყენოს და რეგიონში პოზიციები განიმტკიცოს“
„ახალი თაობა“: როგორ მიდიან სირიაში საომრად? // რა შესაძლო კავშირი აქვს შსს–ს პანკისიდან სირიაში სკოლის მოსწავლეების გაგზავნასთან
———————-
„კვირის ქრონიკა“, 13 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: რა შეთავაზებებს გადასცემს იგი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისგან?
გაერთიანებული „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტად იმყოფება. ექსპერტები მის ამ ნაბიჯს აფასებენ, როგორც საარჩევნო მარათონის დასაწყისს, ოპოზიციისთვის კი ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნინო ბურჯანაძე ღიად თამაშობს რუსეთის პოლიტიკას. მისი ოპონენტები აცხადებენ, რომ ბურჯანაძე მოსკოვში ინსტრუქტაჟის მისაღებად წავიდა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს „კვირის ქრონიკა“ მოსკოვში დაუკავშირდა.
- ნამდვილად არაფერ შუაშია წინასაარჩევნო კამპანია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ ძალიან ადრეა და მე არ მეშლება, როდის უნდა დავიწყო საარჩევნო კამპანია. 10 ივლისს მოსკოვში ძალიან მნიშვნელოვანი „მრგვალი მაგიდა შედგა, რომელშიც 20 სახელმწიფოს წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ყოფილი დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენლები, მე მიპატიჟებული ვიყავი ამ კონფერენციაზე, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებს 21-ე საუკუნეში, რეგიონული და მსოფლიო უსაფრთხოების პრობლემებს. ბუნებრივია, ვისარგებლე ამ მოწვევით, მონაწილეობა მიმეღო ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, ამავდროულად ჩამეტარებინა ძალიან მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ამ ორ დღე-ნახევრის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი, უმაღლესი რანგის შეხვედრები იყო, სადაც მე ვისაუბრე ქართულ-რუსული ურთიერთობის მოწესრიგების აუცილებლობაზე და იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ, ქართველებს, გვაწუხებს. ჩამოვდივარ ძალიან საინტერესო შედეგებით, დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტს აუცილებლად მოჰყვება ცალკეული კატეგორიული ადამიანებისთვის ვიზების გამარტივება…
- თქვენ არ წარმოადგენთ ხელისუფლებას, ვიზების გამარტივების შედეგი თქვენთან საუბრის შემდეგ რატომ გადაწყდა და რა კატეგორიის ადამიანებს გაუმარტივდებათ ვიზების მიღება?
- ეს საკითხი მაღალი დონის შეხვედრაზე დავაყენე და ხაზი გავუსვი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჟესტი რუსულ-ქართული ურთიერთობებისთვის და მოსახლეობისთვის. ჩემს თვალწინ იქნა გაცემული დავალებები, რომ შესწავლილ იქნას ეს საკითხი იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად სწრაფად გადაწყდეს საკითხი. ვიზების მიღება გამარტივდება სტუდენტებისთვის, შრომითი ემიგრანტებისთვის, პრაქტიკულად, ეს შეეხება ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობას, უბრალოდ, ეს ვერ იქნება ამ ეტაპზე აბსოლუტურად უვიზო მიმართულება, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რადიკალური ცვლილებები მოხდება სავიზო პოლიტიკაში. ასევე, ვისაუბრე იმაზე, რომ დამატებით გაიხსნას ცალკეული პროდუქტებისთვის ბაზარი, რომ ჩვენი გლეხები არ იყვნენ იმ რთულ მდგომარეობაში, რომლებშიც არიან, ამაზეც იქნა დავალება გაცემული, რომ შესწავლილი იქნას ბაზრის გახსნისა და მისი გაფართოების შესაძლებლობები.
ამავდროულად, გეტყვით, რომ, როგორც კი ჩამოვალ, დღევანდელი ხელისუფლების უმაღლეს პირებს დავუკავშირდები და მათ გადავცემ მზაობას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით რუსული მხრიდან. თუ ამ შესაძლებლობებს ჩვენი ხელისუფლება გამოიყენებს, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები და ეს ძალიან წაადგება ჩვენი სახელმწიფოს ხვალინდელ დღეს. თუ არ გამოიყენებენ, მე მოვალ ხელისუფლებაში არჩევნების შემდეგ და თვითონ მივხედავ და გადავწყვეტ ამ საკითხებს…
(…)
- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კარასინმა ღიად განაცხადა, რომ სასიხარულო ფაქტია ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი. როგორც ვიცი, თქვენ მასთან დახურული შეხვედრა გქონდათ… რაზე ისაუბრეთ მასთან „ტეტ-ა-ტეტ“?
- ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, არასოდეს დამავიწყდება კარასინის ერთ-ერთი ვიზიტი, საქართველოში იყო მისი ჩემთან ბოლო შეხვედრა, როდესაც ის 2008 წლის ივლისში ჩამოვიდა საქართველოში. ძალიან შეწუხებული იყო მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზებით, სამწუხაროდ, მაშინაც მე გავაფრთხილე ჩვენი ხელისუფლება, ამ შეხვედრის შემდეგ ვესაუბრე ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაზეც ისინი გავაფრთხილე, სამწუხაროდ, გათვალისწინებული არ იყო. ყველაფერი უკუღმა გააკეთეს და ის შედეგი, რაც 2008 წლის აგვისტოში მივიღეთ, ყველას კარგად გვახსოვს. რაც შეეხება 11 ივლისის კარასინთან შეხვედრას, იყო მართლაც საინტერესო, ჩვენ პრაქტიკულად ყველა მტკივნეულ თემას შევეხეთ და მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების ამ შტოში არსებობს მზაობა ურთიერთობების გაღრმავების.
თუ ჩვენ ბრიყვულ მდგომარეობაში არ ვიქნებით, როგორც ახლა ჩავიყენეთ თავი, როცა არ ველაპარაკებით იმ ქვეყანას, ვისთანაც ყველაზე მეტად გვჭირდება დალაპარაკება ჩვენივე პრობლემების მოგვარების მიზნით და თუ ჩვენ ინტერესებზე ვიფიქრებთ, ნამდვილად შეგვიძლია, მოვახდინოთ გარღვევა რუსულქართულ ურთიერთობებში.
- თუკი ხელისუფლება არ დაგთანხმდათ იმ წინადადებათა პაკეტზე, რაც რუსეთიდან ჩამოგაქვთ, ამას მოჰყვება თუ არა რუსეთის მხრიდან აგრესია?
- ბუნებრივია, ამას გაღიზიანება მოჰყვება, თუ რუსებმა ხელისუფლების მხრიდან ხელის აკვრის პოზიცია დაინახეს, ეს ცუდი იქნება, მაგრამ აგრესიას გამოვრიცხავ, რადგან, როგორც მინიმუმ, ვთვლი, რომ ამ შეხვედრებით მოგვარდება ის რამდენიმე საკითხი, რაც თქვენ გითხარით, და ამის გარდა, მომზადდება ფონი შემდგომი ურთიერთობებისთვის. მე არ ვაპირებ მუდმივად ოპოზიციაში ყოფნას, ბუნებრივია, თუ ჩვენი ხალხი დაინახავს ამ შესაძლებლობას და სხვა შესაძლებლობასაც, რაც ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოხდება და დარწმუნებული ვარ, ხალხი სერიოზულ მანდატს მომცემს, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ამ და სხვა მიმართულებებით სერიოზულ მუშაობას გავაგრძელებ.
- „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადეთ – აუცილებლად მივაღწევ იმას, აღდგეს რუსულ-ქართული ურთიერთობები და აღარასოდეს აღარ დაუშინოს ვინმემ ბომბები საქართველოს, მათ შორის, რუსეთმაო… ეს კონკრეტულ პოლიტიკოსზეა დამოკიდებული, რუსეთმა ბომბები რომ არ დაგვიშინოს, თუ რა გარანტიები გაქვთ რუსეთი მშვიდობისმყოფელი გახდება?
- ათასპროცენტიანი გარანტია მაქვს იმისა, რომ, მე თუ ვიქნები ხელისუფლებაში, საქართველოს არც რუსეთი და არც სხვა სახელმწიფო არ დაბომბავს. არა მარტო იმიტომ, რომ ეს გარანტიები არსებობს სხვა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ იმიტომ, რომ მე თვითონ მოვიქცევი ისე, ქვეყანას საფრთხის წინაშე არასოდეს დავაყენებ.
- პარადოქსულად არ გეჩვენებათ ის საკითხი, რომ რუსეთმა გამართა „მრგვალი მაგიდა“ „მსოფლიოსა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების“ თემაზე, მაშინ, როცა თავად რუსეთია საფრთხე მსოფლიოსთვის?
- არანაირ ცინიზმად მე ეს არ მიმაჩნია, იმიტომ, რომ რუსეთის ისტორიაში არ მახსენდება მაგალითი, როცა რუსეთმა თვითონ დაიწყო ომი ვინმეს წინააღმდეგ, ყოველთვის რუსეთი ებმებოდა ომში, როცა ვინმე დაემუქრებოდა მის სახელმწიფოებრივ ინტერესს. ეს მოგვწონს თუ არა, მეორე საკითხია, მაგრამ მოდით, ვთქვათ, არც საფრანგეთთან დაუწყია რუსეთს ომი, როცა ნაპოლეონი შემოვიდა და რუსეთი გადაწვა, არც პირველი მსოფლიო ომი დაუწყია რუსეთს და არც მეორე მსოფლიო ომი, არც 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთს არ დაუწყია და რაც უკრაინაში ახლა ხდება, არც ის დაუწყია რუსეთს. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
- ქალბატონო ნინო, რანაირად შეიძლებოდა დამუქრებოდა საქართველო რუსეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას?
- ჩვენ რომ არ დაგვეშვა შეცდომები, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო კატასტროფა, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. არ ვამბობ, რომ რუსეთი ფრთიანი ანგელოზია, მას აქვს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს თავისი ინტერესები. ყოველთვის არც ამერიკა იქცევა ისე, რაც მოსაწონია პატარა სახელმწიფოებისთვის და ბუნებრივია, არც რუსეთი, მაგრამ ეს არის ელემენტარული პოლიტიკური რეალობა, ამიტომ ყველა სახელმწიფომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.
მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ რომ არ დაგვეშვა კატასტროფული შეცდომები აფხაზეთსა და ოსეთში, რაც არ უნდა ეცადა რუსეთს, ვერ მოახერხებდა იმას, რის გაკეთებაც მოახერხა. ამიტომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ჭკვიანურად და დიდ სახელმწიფოებს არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ინტერესების საზიანოდ იმოქმედონ.
- დაბოლოს, აპირებთ თუ არა შეხვდეთ ვლადიმერ პუტინს?
- აუცილებლად შევხვდები, როცა ეს საქმისთვის საჭირო იქნება.
„კვირის ქრონიკა“, 13 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ნინო ბურჯანაძეზე წონადი ვინ არის? მას აქვს პირდაპირი კავშირები თეთრ სახლში. შეუძლია, დაურეკოს სენატორს, კონგრესმენს და სხვას, ისევე, როგორც რუსეთში. ვის შეუძლია სხვას ასეთი რამ?“
დიანა ლიპარტელიანი
ნინო ბურჯანაძესთან ზემოთ მოტანილი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, მალევე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები გადმოსწიეს. რადგანაც ამ ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული სეგმენტებია, ნავთობსადენის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. მოკლედ, იმ დროს, როცა ბურჯანაძე წარმატებულ ვიზიტზე საუბრობდა, რუსეთმა კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიიტაცა. ხელისუფლება გვპირდება, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება, ეს საკითხი მთავარი თემა იქნება. თუმცა, რუსეთისგან წართმეული ბევრი გვინახავსდა დაბრუნებული აღარაფერი.
სამწუხაროდ, ქალბატონ ნინოსთან ვეღარ შევძელით ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და `გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურ მდივანს გიგლა ბარამიძეს დავუკავშირდით:
- რამდენი ხანია, რაც ამის კეთებაა დაწყებული. მცოცავი საზღვარი არ არის ახალი, უბრალოდ, ეს უკვე დაგვირგვინება იყო ამ ყველაფრის. ბოლო ორი თვის მანძილზე მარტო 20 მეტრით იყვნენ შემოსული. რამდენი ხანია ამ საშიშროებაზე ვსაუბრობდით ჩვენ. ნახეთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთი კვირის წინანდელი ანგარიში. პირდაპირ მიუთითეს საქართველოს „ყურადღება მიაქციეთ სადემარკაციო ხაზს და საზღვრისპირა სოფლებსო. ამას იმიტომ ამბობდნენ, რომ მათაც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რაღაც ხდებოდა. ჩვენი ხელისუფლება ცოცხალი მკვდარივითა – არ ინძრევა. მთავარია, ვინმეს მიაწერონ ახლა ეს ფაქტი.
- როგორ ფიქრობთ, სპეციალურად ხომ არ დაამთხვიეს ამ ბანერების გადმოწევა ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს?
- რუსებს ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხანია დაგეგმილი ჰქონდათ. სანამ ისინი ამ ბანერებს დაბეჭდავდნენ, სანამ ჩაარჭობდნენ, ამას ხომ დრო სჭირდებოდა?! ხომ ვიცი, რა ნელი ტემპით მუშაობდნენ რუსები. ნინო ბურჯანაძის წარმატებული ვიზიტი, მთელი მსოფლიო რომ აშუქებდა, დასავლეთში მოუწონეს კიდეც, კარგია, რომ ჩავიდაო, ვიღაცებს ემცხეთათ და ახლა ამ ყველაფრის დაკავშირება უნდათ ნინო ბურჯანაძესთან, თორემ რა შუაშია ბურჯანაძე?!
ბურჯანაძე მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციური პარტიის ლიდერია, ნუ დაგვავიწყდება. უბედურება ისაა, რომ იმდენად უმოქმედოა ჩვენი ხელისუფლება და ისე გაურბის პრობლემებს, რომ ახლა უნდათ ოპოზიციური პარტიის ლიდერს მიაწერონ ეს რაღაც. სატირალია, სასაცილოც კი არაა ეს! ან გაინძრნენ ეს დალოცვილები, ან კიდევ წავიდნენ და მოვლენ ისინი, ვინც ამ პრობლემებს შეეჭიდებიან და მოაგვარებენ.
- რა ბერკეტები არსებობს დღეს, რომ ეს საზღვარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს? ამ საკითხზე პარტიის ლიდერთან ხომ არ გისაუბრიათ?
- ხელისუფლებამ ისევ ზღაპრების მოყოლა დაიწყო. კვლავ შუამავალს ეძებენ. სანამ ჟენევის ფორმატის 33-ე შეხვედრა ჩატარდება კიდევ აქეთ წამოვლენ რუსები. ბერკეტი ერთადერთია – ქვეყნის ლიდერმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაბედოს და დაიწყოს ოფიციალური, სახელმწიფოთაშორის დონეზე მოლაპარაკება რუსეთის პირველ პირთან. მაშინ გამოჩნდება, რა დონემდე შეგვიძლია მივაღწიოთ მიზანს. ამას ექნება შედეგი, მერწმუნეთ, სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია, დამიჯერეთ. არ სცალია ჩვენთვის დასავლეთს, რომ მერე ჩვენთვის იომოს, სხვა ათასი პრობლემა აქვს უკრაინაში და უკრაინაზე მეტი აღმოსავლეთის ქვეყნებში. პუტინი რომ გამოჩნდა, ზურგით კი არ უნდა დამჯდარიყო ჩვენი პრემიერ-მინისტრი, უნდა დალაპარაკებოდა რუსეთის პრეზიდენტს, შეხვედრა უნდა დაეგეგმათ. პოლიტიკა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაა და როცა ჭირს, მთელ მსოფლიოს აქვსსანქციები მიმართული რუსეთისკენ, მაგრამ, როცა სჭირდებათ, მერკელიდან დაწყებული, ორლანდით დამთავრებული, ეახლებიან ხოლმე პუტინს. მართალია, სულ არ ეხატებათ ერთმანეთი გულზე, მაგრამ ხომ საუბრობენ?! შედეგიც აქვთ და ამათ რა სჭირთ – პრემიების გამოწერის იქით რომ ვერ იხედებიან?! გაინძერით, თორემ საზღვარი კიდევ აქეთ მოდის!
4 წელია გავკივივართ, რომ დაიწყოს ეს მოლაპარაკებები. ეს რომ მოხდება, მერე სარკესავით გამოჩნდება ყველაფერი. გამოჩნდება, რა დონეზე შეიძლება მათთან ურთიერთობა და ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლით გამოჩნდა შიმშილი, რომ ისინი ელიან ჩვენი ქვეყნის პირველ პირებს. უნდათ შეხვედრა. აქვთ ამის სურვილი. ახლა, რომ ჩამოვა ქალბატონი ნინო, მას მთელი პაკეტი ჩამოაქვს, მოლაპარაკებების ვარიანტების. თუმცა, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად.
თუ მართლა სიკეთე უნდა ამ ხელისუფლებას, მოუსმინონ მაშინ, ხელს კი ნუ ჰკრავენ. თუ მათ აქვთ რამე ბერკეტი, კი ბატონო, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი – 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ვერ მიუხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი თანხა შევაგროვეთ მთლიანად, საზოგადოებამ. ისიც ვერ მოახერხეს, რომ ეს ხალხი დააბინაონ, სასტუმროებში რომ არ იცხოვროს ამ ხალხმა და ესენი რის გამკეთებლები არიან?!
- რამდენად შეუძლია ნინო ბურჯანაძეს, თუნდაც ამ ეტაპზე, რომ დაელაპარაკოს რუსებს, არის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხის მოგვარებაში ჩაერიოს და საზღვარი დაუბრუნდეს ძველ ნორმას?
- მოდი, საკითხს შევხედოთ ასე – ვინ არის დღეს საქართველოში ნინო ბურჯანაძეზე უფრო მეტად წონადი პოლიტიკოსი? ეს ქალბატონი, ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც წლების განმავლობაში იყო პარლამენტის თავმჯდომარე. ამ ადამიანს აქვს პირდაპირი კავშირები თეთრ სახლში. შეუძლია, დაურეკოს სენატორს, კონგრესმენს და სხვას, ისევე, როგორც რუსეთში. ვის შეუძლია სხვას ასეთი რამ? დამისახელეთ ერთი ვინმე ხელისუფლებიდან.
ამ შემთხვევაში გეტყვით, რა შეუძლია – ამ ადამიანს შეუძლია შესთავაზოს საკუთარი შესაძლებლობები, დააკავშიროს, ხაზების გაბმაში დაეხმაროს და მერე მიხედონ ოფიციალურმა პირებმა. ბევრ საკითხში შეუძლია დაეხმაროს ხელისუფლებას და ეს ისე, რომ არ გვაქვს ჩვენ არანაირი პარტიული ინტერესები. ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ არის ოფიციალური პირი. იმ „კაკაფონიის“ ფონზე რაც არის ატეხილი ამ თემის ირგვლივ, უნდა წასულიყო თუ არა ბურჯანაძე რუსეთში, მერწმუნეთ, მისი გადადგმული ეს ნაბიჯი იყო გმირობის ტოლფასი, თორემ პარტიას ამით არაფერი მოუგია, გარდა იმისა, რომ გავაჟღერეთ ქვეყნის ინტერესები, იმ უზარმაზარ ფორუმზე, სადაც იყვნენ… ცხელი ომის მონაწილეები – კიევი და მოსკოვი საუბრობენ ერთმანეთში და რა გახდა ასეთი რუსეთსაქართველოს პირველი პირების შეხვედრა?! რის გეშინიათ? პრორუსულობა რომ დაგაბრალონ? ქვეყანას ნაწილ-ნაწილ რომ კარგავთ, ეგ არაფერი?!
„ახალი თაობა“, 11 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ფინანსების მოსაძიებლად ჩავიდა“
ინტერვიუში თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ჟურნალისტ ნონა ცაბაძეს საქართველოს საშინაოპოლიტიკურ საკითხებთან ერთად, საგარეპოლიტიკურ კურსის სესახებაც ესაუბრება და სეფასებას უკეთებს მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტს.
გთავაზობთ ამონარიდებს:
კახა კუკავა: „მე მიმაჩნია, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. ასევე ოპონირებაც აუცილებელია და ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ იმაში, თუ ამ მიზნით ქართველი პოლიტიკოსები მოსკოვში შეხვედრას გამართავენ. ანუ ამ შემთხვევაში მთავარია, რა მიზნით.
- ბურჯანაძეს რა მიზანი ჰქონდა?
- არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნინო ბურჯანაძე იქ მხოლოდ თავისი საარჩევნო ფინანსები მოსაძიებლად წავიდა და არა იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ლობირება მოახდინოს. მე რომ შეხვედრები მქონდა მოსკოვში, ამ შეხვედრების დღის წესრიგი ყოველთვის საჯარო იყო. ჩვენ რუსეტში ერთი მიზნით ჩავდიოდით – დაბრუბნებულიყო ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე. ამას ვამბობდით „როსპოტრებნაზორის“ მაშინდელ ხელმძღვნელთან გენადი ონიშჩენკოსთან შეხვედრებზე… ახლა გაუგწებარია, რისთვის ჩადის მოსკოვში ქალბატონი ბურჯანაძე? მას ჰქონდა უნიკალური შანსი: მისი ვიზიტი სწორედ საზღვრის გამწვავებას დაემთხვა და კიდევ უფრო აქეთ გადმოწევას. ნინო ბურჯანაძეს უნიკალური შანსი ჰქონდა მოსკოვში საპროტესტო განცხადება გაეკეტებინა. ამით საქართველოს ინტერესებსაც დაიცავდა და მისი პარტიისთვისაც კარგი იქნებოდა, ამით ხომ იგი რუსეთის მარიონეტის“ იარლიყს ჩამოირეცხავდა. მაგრამ თავის მოქმედებით მან დაადასტურა, რომ მისი ინტერესები არის არა ქართულ-რუსული პრობლემების მოგვარება, არამედ საარჩევნო ფინანსების მოძიება რუსეთში. თუ იგი მსგავს განცხადებას გააკეთებდა, ამით ვიღაცის გულისწყრომას გამოიწვევდა, ამიტომაც არაფერი უთქვამს.
- წამგებიანია მისთვის ოკუპაციაზე საუბარი?
- ეს დილენმა ყველა პოლიტიკოსისთვის არსებობს. მეც ბევრჯერ ვყოფილვას ასეთ სიტუაციაში, როცა ჩემთვის ჟურნალისტებს უკითხავთ, არის თუ არა საქართველო ოკუპირებულიო. რა თქმა უნდა, არის. რუსეთთან დიალოგი არ ნიშნავს იმას, რომ წართმეული ტერიტორიები დავივიწყოთ.
„კვირის პალიტრა“, 13 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ დოდონა კიზირიასთან: “სურთ, რომ ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო თუ საპრემიერო სკამზე ააპროწიალონ…“
მანანა გაბრიჭიძე
დოდონა კიზირია ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვიზიტს ამერიკიდან აფასებს:
- ბურჯანაძე თავისი ვიზიტის მიზანს მოსკოვში ამგვარად წარადგენს: „მე ვცდილობ მოვამზადო ნიადაგი, როცა ხელისუფლებაში მოვალ, უკვე ნამდვილად იყოს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებები გაიმართოს”. (პარასკევი 10 ივლისი.) აქ განსაკუთრებით საინტერესოა ეს ფრაზა: „როცა ხელისუფლებაში მოვალ…“ მიაქციეთ ყურადღება: „თუ მოვალ…“ კი არა, „როცა მოვალ”. საიდან ასეთი თავდაჯერება, როცა, თუ არ ვცდები, მან ხმების 5%-იც კი ვერ მიიღო არჩევნებში?! პასუხი ნათელია – რუსეთის მხარდაჭერა.
ამჟამად რუსეთისთვის საქართველოზე გავლენის შენარჩუნება და საბოლოოდ მისი ევრაზიულ კავშირში შეთრევა, უკრაინაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. მას სჭირდება საქართველოზე სრული კონტროლი, განსაკუთრებით, სომხეთში მომხდარი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რათა სამხრეთ კავკასიაში მისი პოზიცია გარანტირებული იყოს.
სწორედ ამის გამო, კრემლი გეგმავს შექმნას ალტერნატიული მესამე დაჯგუფება, რომელიც მიიზიდავს მეოცნებეების მიმართ იმედგაცრუებულ, მაგრამ “ნაციონალების” დაბრუნების არმოსურნე ამომრჩეველს. ამ მესამე ძალის ლიდერად ჯერ ირაკლი ალასანია მოიაზრებოდა. ამაზე ადრე დავწერე კიდეც. თუ გახსოვთ, ერთ დროს მისი რეიტინგი 80%-ს ჭარბობდა და სწორედ მაშინ გადაუდგა ივანაშვილს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რუსეთის კარნახით მოხდა, რადგან ეგონათ, მას ფართო მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ ირაკლი ალასანია პოლიტიკურ ლიდერობას ვერ “ქაჩავს”, ამისთვის სრულიად უმწეო პიროვნებაა და, ჩანს, კრემლმაც მასზე უკვე ხელი ჩაიქნია.
- ნინო ბურჯანაძე რატომ არის მათთვის სასურველი კანდიდატი?
- ბურჯანაძე იმით არის სასურველი, რომ მტკიცედ პრორუსულ პოზიციაზე დგას, გიგანტური მასშტაბის ამბიციებით არის შეპყრობილი და გააფთრებით იბრძოლებს ძალაუფლებისათვის. მაგრამ კრემლმა ისიც კარგად იცის, რომ მათთვის ღრმადპატივცემული ქალბატონი ნინო საქართველოში დიდი პატივისცემით არ სარგებლობს. ამიტომ საჭირო იქნება მასიური პროპაგანდა და ფინანსური კაპიტალდაბანდება ამომრჩევლის მოსასყიდად. ხოლო რაც შეეხება ფინანსებს, რუსეთი ამას არასოდეს იშურებს, როცა ლაპარაკია ტერიტორიების მიერთებაზე. განსაკუთრებით იმ ტერიტორიებისა, რომელსაც ისედაც თავისად მიიჩნევს. როგორც გახსოვთ, ივანიშვილისთვის ორი მილიარდი არ დაიშურეს.
ბურჯანაძე ახლა იმ ცხენს ჰგავს, რომელიც სტარტზე დგას, მოუთმენლად ცმუკავს და ლამის არის ბარიერი გაანგრიოს, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყების მოლოდინშია. მაგრამ იგი იმდენად ოდიოზური პიროვნება გახდა, რომ რუსეთის ფულითაც ვერაფერს შესძლებს, თუ არა ძალიან ფართოდ გაშლილი პრორუსული კამპანია, რაც მთელი ძალით მიმდინარეობს. დღევანდელ მთავრობას რუსეთის ისეთი ჩემპიონები ყავს, როგორც ზურაბ აბაშიძე და პაატა ზაქარეიშვილია. ივანაშვილზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ის პირდაპირ კრემლიდან ღებულობს დირექტივებს და ფულსაც.
საინტერესოა, რომ პრორუსული პროპაგანდის ყველაზე წარმატებული სამიზნე ობიექტი არის, ერთი მხრივ, ახალგაზრდობა და, მეორე მხრივ, სამოც წელს მიღწეული და ამ ასაკს გადაცილებული ხალხი. პირველი ჯგუფი იმიტომ, რომ მათ არავითარი ცოდნა და მახსოვრობა არა აქვთ, თუ რა არის რუსეთი. მეორე ჯგუფს კი ახსოვს და ენატრება საბჭოთა პერიოდი და ვერ გაუაზრებია, რომ დღევანდელი რუსეთი მთლად ის არ არის, რაც მათ ჰგონიათ. რასაკვირველია, ხმების გაყალბებასაც ექნება ადგილი და მოსახლეობის დაშინებასაც. ივანაშვილის წყალობით გათავისუფლებული „პოლიტპატიმრები“ და მის მიერ დაფინანსებული „ბიძინიუგენდები“ (სადღობელაშვილი და მისთანები) ამისთვის იქნებიან მობილიზებული.
ყველა ეს ძალები – მესამე ალტერნატიური დაჯგუფების მაძიებლები, ახალგაზრდობა და ძველგაზრდობა, პოლიტპატიმრები და “ბიძინიუგენდები”, ეკლესია და ჩვენი სახელოვანი პრივილიგენცია, ღია და ფარული აგენტები, – უნდა იქნეს დარაზმული, რათა ქალბატონი ნინო საპრეზიდენტო თუ საპრემიერო სკამზე ააპროწიალონ. მისი ვიზიტი კი სწორედ ამ სტრატეგიის დასაზუსტებლად და დასამტკიცებლად არის დაგეგმილი.
„კვირის პალიტრა“, 13 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „საბერძნეთის მსგავსი ტრაგიკული შეცდომა არ უნდა დავუშვათ”
ვრცელ ინტერვიუში ეკონომიკური საკითხების ცნობილი ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე საუბრობს საბერძნეთის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აანალიზებს ქვეყანაში შექმნილ რთულ ფინანსურ სიტუაციას და ამ ფონზე საქართველოს შესახებაც მსჯელობს.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
“იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ნელ-ნელა გონს მოეგება და საბერძნეთის ეკონომიკის სტრუქტურულ რეფორმაზე იფიქრებს. (…) ევროპა ერთი ხელით აძლევდა ბერძნებს ფულს, მეორე ხელით კი – უკან ართმევდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს შეიძლება ძალიან ცუდი პრეცედენტი აღმოჩნდეს, რადგან დღის წესრიგში უკვე დგას ესპანეთისა და პორტუგალიის პრობლემები. ამას კარგად ხვდებიან ევროკავშირის “მამებიც”, რომლებმაც დაინახეს, რომ საბერძნეთის კრიზისმა შეიძლება მთელი ევროპა ჩაითრიოს.
(…)
რაც შეეხება საქართველოს საგარეო ვალს – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყანა ერთხელ უკვე იყო დეფოლტის საფრთხის წინაშე, როდესაც ახალი საუკუნის გარიჟრაჟზე პარიზის კლუბის მიერ მოხდა 1999 წლამდე აღებული ვალების რესტრუქტურიზაცია. ახლა ამგვარ საფრთხეს ჯერ ვერ ვხედავ, ვფიქრობ, არ არის ჩვენი საგარეო ვალი იმ მასშტაბის, რომ ამან შეგვაშფოთოს, თუმცა, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და ქვეყანაში არ დაიწყო წარმოების განვითარებაზე ზრუნვა, ვერაფერს გამოვრიცხავთ. არ შეიძლება ტურიზმის იმედად ყოფნა – ეს შეიძლება ტრაგიკულ შეცდომად გვექცეს. თვალწინ გვაქვს საბერძნეთის მაგალითი - ნახეთ, რა მდგომარეობაშია ტურისტული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქვეყანა! ჩვენი ტურისტული პოტენციალი ძალიან ჩამორჩება პორტუგალიასა და ესპანეთს, თუმცა, არც მათ ეკონომიკას ადგას კარგი დღე და წარმოიდგინეთ, თუ საქართველო ტურიზმის იმედად დარჩა, რა შეიძლება დაგვემართოს. ვფიქრობ, არასწორია ჩვენი ხელისუფლების მიდგომები. სასწრაფოდ უნდა განვითარდეს საწარმოო სექტორი.
“მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს მსოფლიო ბაზარზე, სადაც მოკარნახე კვლავაც ამერიკის შეერთებული შტატებია. მოგეხსენებათ, ნავთობის ფასის დაცემით ბევრ ნედლეულზე დაეცა ფასი და ეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ხელოვნური პროცესია. ისევე როგორც 2008 წელს ბუშმა, ამჯერად ობამამ მიმართა რეიგანის მიერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოყენებულ ხერხს და ნავთობის ფასი დააგდო, თუმცა, ბუშისგან განსხვავებით, რომელმაც ეს სამ თვეში გააკეთა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, ბარაკ ობამამ ამას მთელი 2014 წელი და 2015 წლის დასაწყისი მოანდომა. ეს ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია. ნუ ვიქნებით მიამიტები – დღეს მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებს მართავს ამერიკის შეერთებული შტატები. რამდენიც უნდა იფართხალოს ევრომ, აშშ დოლარი მართავს ეკონომიკას ყველა, მათ შორის სანედლეულო ბირჟაზე. ირანშიც კი ნედლეულის ფასი აშშ დოლარით არის კოტირებული.
(…)
რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, ფაქტობრივად, 14%-ით არის შემცირებული. მსოფლიოზე ფიქრი კი არა, რუსეთს თავისი თავის შენახვა უჭირს. ყირიმის მაგალითი ავიღოთ – დიდი ლოზუნგების მიუხედავად, რა მოხდა?! ყირიმში განახევრდა ცხოვრების დონე, ხალხი მძიმე სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა – ელექტროენერგია და წყალიც კი აღარ მიეწოდებათ. თუმცა, განიხილებოდა რუსეთის მხრიდან საბერძნეთის დახმარების შესაძლებლობა, რაზეც კრემლშიც განაცხადეს – ეს არის სასაცილო ფახიფუხი. რუსეთს საკუთარი ეკონომიკური პრობლემებისთვის ვერ მოუვლია, საბერძნეთის დახმარების თავი სად აქვს! ის დღეს არის დიდი ამბიციებისა და პატარა შესაძლებლობების ქვეყანა.
(…)
რთულია იმის თქმა, შესაძლებელი იყო თუ არა ლარის კურსის ვარდნის გათვლა, თუმცა, ჩემი აზრით, ბიუჯეტის უკეთესად დაგეგმვა შეიძლებოდა. ჩემთვის ყველაზე აღმაშფოთებელი და სამარცხვინო მაინც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელია. წარმოუდგენელია ეკონომიკის განვითარების ამ ტემპით მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიოთ. ყველაზე დიდი პრობლემა კი არის ის, რომ საქართველოში არ არსებობს ეკონომიკური განვითარების მოდელი. თუ ეკონომიკის განვითარება გვინდა, მწარმოებლური დარგები ადგილობრივ რესურსებს უნდა დავაფუძნოთ. შორს რომ არ წავიდეთ, აქვეა თურქეთის მაგალითი. 1992-1993 წლებში ყველაფერი თურქეთში მიგვქონდა გასაყიდად, 20 წლის შემდეგ კი იმ ყველაფერს ვყიდულობთ და უკან ჩამოგვაქვს. თურქეთმა სწორედ ადგილობრივ რესურსებზე დაყრდნობით განავითარა თავისი მრეწველობა, მხოლოდ შემდეგ მიჰყო ხელი ტურიზმის განვითარებას და ახლა ამ თვალსაზრისითაც დიდ წარმატებებს მიაღწია.
(…)
შეკითხვაზე, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გორის რაიონში გადმოწევას ეხება („საქართველოს საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებმა საპროტესტო განცხადებები კი გაავრცელეს, მაგრამ ამგვარი განცხადებები რუსეთს არ აჩერებს“), სანდრო თვალჭრელიძე პასუხობს: „საგანგაშო ის არის, რომ მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი. ამას, სავარაუდოდ, ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენებენ…. რაც შეეხება “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერ ნინო ბურჯანაძის მოსკოვურ ვოიაჟს – ამ ვიზიტს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. რუსეთს საქართველოში რამდენიმე დასაყრდენი ჰყავს. მათ შორის არის ეს ქალბატონიც. მას რუსულ მხარესთან ურთიერთობის არანაირი მანდატი არა აქვს. ჩავთვალოთ, რომ ეს იყო კერძო ვიზიტი. მას ასევე არა აქვს შანსი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში კიდევ მოვიდეს… მისი ეს ვიზიტი ლუსტრაციის მორიგი მაგალითია”.
„რეზონანსი“, 11 ივლისი, 2015 წელი
ინტერვიუ ლაშა ბერიძესთან: „რუსეთი შეეცდება, ისლამური საფრთხე სათავისოდ გამოიყენოს და რეგიონში პოზიციები განიმტკიცოს
წყარო: სააგენტო „ინტერპრესნიუსი“
“ისლამური სახლმწიფოს” გააქტიურების შედეგებზე, ასევე “ისლამური სახელმწიფოს” მისსავე მუსლიმურ სამეზობლოსთან ურთიერთობებსა და შექმნილ ვითარებაში საქართველოს საფრთხეებზე, “ინტერპრესნიუსი” საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ავღანეთში პირველი ქართული კონტინგენტის მეთაურს, ლაშა ბერიძეს ესაუბრა.
გტავაზობთ ამონარიდს
- თქვენ არ გამორიცხავთ, რომ ისლამური საფრთხის არსებობის ვითარებაში ჩვენთან უფრო მოსალოდნელია რუსეთის დესტრუქციულად გააქტიურებაა და არა “ისლამური სახელმწიფოს?
- რუსეთის მესიჯებს რომ დავაკვირდეთ, ისინი ცდილობენ, გაზრდილი ისლამისტური საფრთხე სათავისოდ გამოიყენონ, რაც მდგომარებს შემდეგში – “მხოლოდ ჩვენ, რუსებს შევიძლია, დავიცვათ ქრისტიანები და არაქრისტიანები ისლამისტური ძალებისგან” და ეს განსაკუთრებით აქტუალურია კავკასიაში. საქართველოს მიმართაც შეიმჩნევა შესაბამისი რიტორიკა, თითქოს რუსეთი დაგვიცავს. განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ის ფაქტორი, რომ აშშ-მ და დასვლეთმა დააგვიანა რეაგირება, რათა სირიაში და ერაყში დაეცვა მშვიდობიანი მოსახლეობა, გასაკუთრებით – ქრისტიანები.
თუ საქართველოს უახლოეს ისტორიას გადავხედავთ, რუსეთმა ეფექტურად გამოიყენა ისლამისტები ჩვენს წინააღმდეგ აფხაზეთის ომში, ჩეჩნეთის ორივე ომის დროს, როდესაც იქ არსებულ რაზმებს აიძულებდა, საქართველოში გადმოსულიყვნენ გამოსაზამთრებლად და ა.შ. და 2008 წლის ომში. ასე რომ, ამის საფრთხე ისევ არსებობს და ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ ამ სახის საფრთხისთვის უნდა ვემზადოთ.
რაც შეეხება ჩვენ იმ მოქალაქეებს, ვისაც სჯერა, რომ რუსეთი დაგვიცავს, მათ გასაგონად ვამბობ – რუსეთი ჩვენ ზუსტად ისე დაგვიცავს, როგორც ტოტლებენმა დაიცვა ერეკლე მეფე. რუსეთი შეეცდება, ისლამური საფრთხე სათავისოდ გამოიყენოს, შეცვალოს მის მიმართ ჩვენი მოსახლეობის განწყობა და რეგიონში პოზიციები განიმტკიცოს.
- ცნობილია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან. ითვლება, რომ ცივილიზებულ სამყაროს “ისლამური სახელმწიფოსა” და რუსული რევიზიონიზმის სახით ორი სერიოზული გამოწვევა აქვს. სამწუხაროდ, ეს ორივე საფრთხე საქარველოს სამეზობლოდ მდებარეობს. თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადადგას ქართულმა მხარემ, რომ მაქსიმალურად დაიცვას თავი, როგორც ერთი, ისე მეორე საკმაოდ რეალური საფრთხეებისაგან?
- ქართველების მონაწილეობა შეიძლება რაოდენობრივად არც ისე დიდია, მაგრამ ხარისხობრივად არის დიდი და მნიშვნელოვანია, ამას მივაქციოთ ყურადღება, რათა არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების კიდევ უფრო რადიკალიზაცია. ჩვენ ყველანაირად უნდა შეუწყოთ ხელი იმას, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივად მარგინალური ჯგუფების ჩამოყალიბება.
გამოსავალი, რომ საქართველო ღირსეულად და ეფექტურად გაუმკლავდეს მითითებულ საფრეხეებს, არსებობს და ეს შემდეგში მდგომარეობს:
1. ქვეყნის სპეცსამსახურებისა და შეიარაღებული ძალების გაძლიერება და არა დასუსტება და ბიუჯეტის შემცირება, რაც დღეს ხდება.
2. აუცილებელია აღნიშნულ საფრთხესთვის მუდმივი მზადება, რათა საფრთხის ხასიათია მოულოდნელობა და საჭიროა მჭიდრო კოორდინაცია სახელმწიფო სტრუქტურებს შორის და ამ თვალსაზრისით ახალი შესაძლებლობების შექმნა.
3. საზოგადოებაში რეალური საინფორმაციო კომპანიის დაწყება, რათა არ მოხდეს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მარგინალიზაცია. ისლამისტები დასაყრდენსა და მათ მიმართ სიპმატიით განწყობილ ხალხს სწორედაც რომ ასეთ მარგინალურ ჯგუფებში პოულობენ.
4. მკვეთრი ბრძოლა და კამპანია უნდა წარიმართოს ისლამოფობიის წინააღმდეგ
5. უნდა გაძლიერდეს სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო შესაძლებლობები, რათა შეიზღუდოს რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედება, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის საფრეთხეს მათ მიერ მოწყობილი ფარული პროვოკაცია უფრო წარმოადგენს.
6. უნდა გაძლიერდეს საზღვრის კონტროლი.
„ახალი თაობა“, 11 ივლისი, 2015 წელი
როგორ მიდიან სირიაში საომრად
რა შესაძლო კავშირი აქვს შსს–ს პანკისიდან სირიაში სკოლის მოსწავლეების გაგზავნასთან
ახალი დეტალები პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეზე – რას ყვება გამოძიების მთავარი მოწმე და რა შესაძლო კავშირი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრს ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოში“ სკოლის მოსწავლე ბავშვების გაგზავნასთან?
2015 წლის 14 ივნისს, შსს კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი, 36 წლის აიუფ ბორჩაშვილი და კიდევ სამი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აიუფ ბორჩაშვილი სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. აიუფ ბორჩაშვილს ბრალი ედება სკოლის მოსწავლეების, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაშიც. აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრალდება (საქ.სისხლ.სამ. კოდექსის 327 პრიმა და 328–ე მუხლები) ათიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. აიუფ ბორჩაშვილი დუმილის უფლებას იყენებს.
(…)
პროკურატურას მტკიცებულებების ნაწილი გასაიდუმლოებული აქვს, თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოძიების მთავარი მოწმის ჩვენებები მოიპოვა.
———
აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ, გამოძიების მთავარი მოწმე მისივე თანასოფლელი, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები, 1984 წელს დაბადებული გიორგი ბორჩაშვილია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელს უსუფ თვალიაშვილს ის ორჯერ ჰყავს დაკითხული, 1–ელ და 2 ივნისს.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში გიორგი ბორჩაშვილი აღნიშნავს:
„მეც და ჩემი მეუღლეც ვართ მუსულმანები. ჩემი მეუღლე არის ტრადიციული ისლამის მიმდევარი, ხოლო მე ვარ აჰლი სუნას, ივივე ვაჰაბიზმის მიმდევარი. ვარ უმუშევარი. ამჟამად სოფელ ჯოყოლოში, საბავშვო ბაღში ვასრულებ სარემონტო სამუშაოებს. მოგახსენებთ, რომ ჩემი ემირი არის ჩემი მოგვარე, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები აიუფ ბორჩაშვილი. იგი არის საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და ლიდერი. მას ემორჩილებიან ის მუსულმანი ძმები, რომლებსაც აიუფასთვის მიცემული აქვთ ბაიათი, ფიცი. ვინაიდან ჩემი ოჯახი არის უკიდურესად გაჭირვებული და ვერ ვინახავდი ცოლ-შვილს. ამის გამო, დაახლოებით 5-6 თვეა, რაც აიუფას მივეცი ბაიათი და ვემორჩილებოდი მას, რომ იგი დამხმარებოდა ფინანსურად, რასაც თავადვე შემპირდა პირადად, მაგრამ არ დამეხმარა. დაახლოებით ერთი თვეა, რაც ჩვენს შორის მოხდა უთანხმოება. მას ახლა აღარ ვემორჩილები და ფიციც გამოთხოვილი მაქვს…
მარტის თვეში, ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილის მივიყვანე პირდაპირ აიუფასთან, რადგან იგი მავალებდა, რომ თუ ვინმეს ექნებოდა სურვილი ჯამაათში გაწევრიანების და ფიცის დადების, მასთან მიგვეყვანა. აიუფამ თავისივე სახლში ორივენი დაისვა ცალკე ოთახში და დაუწყო საუბარი რელიგიაზე… მესამე დღეს, მუსულმანი ძმებისგან გავიგე, რომ მუსლიმ კუშტანაშვილს და რამზან ბაღაკაშვილს აიუფ ბორჩაშვილისთვის მიუციათ ბაიათი. ამ ფაქტის შემდეგ მუსლიმი და რამზანი ხშირად დადიოდნენ მეჩეთში სალოცავად. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, მე დამიბარა აიუფ ბორჩაშვილმა და მითხრა, რომ მუსლიმი და რამზანი უკვე მომზადებულები იყვნენ და თანხმობა გამოთქვეს „ისლამურ სახელმწიფოში“ წასვლაზე. თვითონ აიუფას არ უნდოდა რომ გამოჩენილიყო. მან 2015 წლის მარტის ბოლო რიცხვებში მომცა 400 აშშ დოლარი და მთხოვა მუსლიმ კუშტანაშვილისთვის და რამზან ბაღაკაშვილისთვის შემეძინა ავიაბილეთები თურქეთის მიმართულებით, საიდანაც ისინი გადავიდოდნენ სირიაში. ასევე, მომცა პატარა ფურცელზე დაწერილი ნომრები და ამიხსნა, რომ როდესაც ისინი ჩავიდოდნენ თურქეთში, მუსლიმს და რამზანს უნდა დაერეკათ იმ ნომრებზე და იქ დამხვედრი პირი დაეხმარებოდა მათ სირიის ტერიტორიაზე გადაყვანაში. ნომრები არ მახსოვს.
30 მარტს, დილის საათებში მიკროავტობუსით წამოვედი ქალაქ თბილისში ავია ბილეთების შესაძენად. „ისანში“ მეტროსთან მდებარე „ავია თრეველის“ ოფისში ვიყიდე ბილეთები, რის შემდეგაც დავბრუნდი პანკისის ხეობაში. იმავე დღეს, საღამოს საათებში სოფელ დუმასტურში შემხვდა მუსლიმ კუშტანაშვილი და მას გადავეცი მისი და რამზანის სახელზე შეძენილი ავიაბილეთების ქსერო ასლები, რის შემდეგაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. მეორე დღეს, სოფელ ჯოყოლოში ვნახე აიუფ ბორჩაშვილი, რომელმაც გამომკითხა მუსლიმის და რამზანის სახელზე ავია ბილეთების ყიდვის ფაქტი. მე ვუთხარი, რომ მისი დავალება შევასრულე. კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, რომ აღნიშნული არავის უნდა გაეგო, მათ შორის არც სხვა მუსლიმან ძმებს. მოგახსენებთ, რომ აიუფ ბორჩაშვილს ამ საქმის გაკეთების სანაცვლოდ ჩემთვის ფულადი თანხა არ მოუცია. მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ვემორჩილებოდი მას. მატერიალურ დახმარებას კი სულ მპირებოდა მას შემდეგ რაც ამას დავიმსახურებდი. 3 აპრილს, შუადღის საათებში გავიგე, რომ მუსლიმი და რამზანი თურქეთში წავიდნენ და გადავიდნენ სირიაში, „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩვენს ძმებთან“, – წერს გიორგი ბორჩაშვილი.
(…)
გიორგი ბორჩაშვილი ჩვენებაში ასევე აღნიშნავს: „აიუფ ბორჩაშვილი 2014 წლის ზაფხულის პერიოდში წასული იყო სირიაში, სადაც იგი შეხვდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან ჩამოაყალიბა ვაჰაბიტური ჯამაათი. იგი გახდა „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში, არის ჯამაათის წევრების ემირი და ემორჩილება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებს. იგი არის თარხან ბათირაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი. მას ეხმარებიან მატერიალურად და იგი ცდილობს რაც შეიძლება ბევრი მუსლიმანი ძმა გახდეს ვაჰაბიტი, მიაღებინოს ფიცი და დაიყოლიოს სირიაში გამგზავრებაზე. ამას ხსნიდა იმ გარემოებით, რომ მალე შეიქმნებოდა ისლამური ხალიფატი და ყველა მუსულმანი ძმები ვიცხოვრებდით ერთად დიდ სახელმწიფოში“.
(…).
კითხვაზე, „აიუფ ბორჩაშვილს პანკისის ხეობაში და საქართველოს სხვა რეგიონებში ვისთან აქვს ახლო ურთიერთობა“, გიორგი ბორჩაშვილი განმარტავს:
„აიუფ ბორჩაშვილთან შედარებით დაახლოებული პირები არიან ჯოყოლა აჭიშვილი, რომელიც ცხოვრობს სოფელ ჯოყოლოში; ალი ქავთარაშვილი, რომელიც ცხოვრობს სოფელ ქორეთში და შამსო, იგივე შამსუდინ ბორჩაშვილი, რომელიც ასევე ცხოვრობს სოფელ ჯოყოლოში. ასევე, ხვიჩა გობაძესთან, რომელიც ცხოვრობს ბათუმში. იგი არის აჭარის რეგიონის ემირი, აიუფასთვის მიცემული აქვს ბაიათი და ემორჩილება მას. აიუფას ასევე თავისი წარმომადგენლები ჰყავს ქვემო ქართლის რეგიონშიც, მაგრამ მათი ვინაობები არ ვიცი. აიუფ ბორჩაშვილს ასევე ახლო კავშირები აქვს თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რადგან აქედან გაგზავნილ პირებს იქ ხვდებიან და ეხმარებიან სირიაში გადასვლაში“.
კითხვაზე, „აიუფ ბორჩაშვილთან პანკისის ხეობაში ჩამოდიან თუ არა საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ვაჰაბიზმის მიმდევრები“, ბორჩაშვილი პასუხობს:
„აიუფ ბორჩაშვილთან ხშირად ჩამოდიან ქალაქ თბილისში მცხოვრები ვაჰაბიტი მუსულმანი ძმები, მათ შორის გიორგი ხუტუნიშვილი და გიორგი კუპრავა. მათ მიცემული აქვთ ბაიათი და მიდიან თუ არა სირიაში, არ ვიცი. აუფასგან მოსმენილი მაქვს, რომ გიორგი კუპრავას უნდა „ისლამურ სახელმწიფოში“ გაგზავნა, მაგრამ დრო სჭირდება მოსამზადებლად. მე ასევე ვიცნობ რუსლან ფხაკალაშვილს, რომელიც არის სოფელ ომალოდან და სწავლობს თბილისში, სად არ ვიცი და დავით ფირისებიას, რომელიც ცხოვრობს თბილისში. მათაც მიცემული აქვთ ბაიათი და არიან აიუფასთან დაახლოებული პირები.
(…)
რა შესაძლო კავშირი აქვს შინაგან საქმეტა სამინისტროს კონტრტერორისტულ ცენტრს სირიაში სკოლის მოსწავლე ბავშვების გაგზავნასთან?
საქართველოს კანონმდებლობით, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლა, საზღვრის გადაკვეთა შეუძლია მხოლოდ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელის ნოტარიულად დამოწმებული ნებართვით – ქვეყნიდან გასვლის შესახებ. 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილს ასეთი ნებართვა, ანუ არცერთი მშობლის თანხმობა არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მუსლიმ კუშტანაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, საქართველო უპრობლემოდ დატოვა.
(…)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორს (მესაზღვრე კონტროლიორი), რომელმაც 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილს კანონდარღვევით საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა, სასტიკი საყვედური გამოეცხადა. ამასთან,17 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ შსს კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების გაგზავნასთან დაკავშირებით.
(…)
ვინ დაეხმარა მუსლიმ კუშტანაშვილს რომ სირიაში წასულიყო, ამას მუსლიმ კუშტანაშვილის მამა გივი კუშტანაშვილი და ოჯახის ახლობლებიც იკვლევდნენ. 2015 წლის მაისში, გივი კუშტანაშვილმა შეიტყო, რომ მის შვილს და რამზან ბაღაკაშვილს თბილისი – სტამბოლის რეისზე ავიაბილეთები გიორგი ბორჩაშვილმა შეუძინა. მაისის ბოლო რიცხვებში კუშტანაშვილებმა გიორგი ბორჩაშვილს პასუხი მოსთხოვეს. მუსლიმ კუშტანაშვილის ნათესავების თქმით, თუ სირიიდან ბავშვს უკან არ დააბრუნებენ, ისინი ტრადიციულ წესებს მიმართავენ და შურს იძიებენ იმ პირებზე, ვინც მუსლიმს სირიაში გამგზავრებაში ხელი შეუწყო. კუშტანაშვილებთან შეხვედრის ფაქტს თავის ჩვენებაში გიორგი ბორჩაშვილიც ადასტურებს: „გივი კუშტანაშვილს მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი, რომ მუსლიმის და რამზანის სირიაში წასვლა დაიგეგმა აიუფ ბორჩაშვილთან შეთანხმებით. იგი უშუალოდ მონაწილეობდა მათ სულიერ მომზადებასა და დათანხმებაში. მე არ მითქვამს, რომ აიუფას მოცემული ფულით შევიძინე ბილეთები“.
ამ შეხვედრიდან ორ დღეში, პირველ ივნისს, გიორგი ბორჩაშვილი კონტრტერორისტულმა ცენტრმა მოწმის სახით დაკითხა და დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩასვა. მას შემდეგ ის პანკისის ხეობაში აღარ უნახავთ. მისმა მშობლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, რომ გიორგიმ ხეობიდან მეუღლე და შვილიც წაიყვანა.
პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ერთ–ერთმა პირმა, კონფიდენციალობის დაცვის პირობით, კახეთის საინფორმაციო ცენტრს მოაწოდა მასალები, საიდანაც იკვეთება, რომ მუსლიმ კუშტანაშვილის და რამზან ბაღაკაშვილის სირიაში გამგზავრების თაობაზე [ბილეთები რომ შეიძინეს და თბილისიდან თურქეთში რომ მიფრინავდნენ 2 აპრილს] საქმის კურსში იყვნენ შსს–ს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელები და პირადად ცენტრის დირექტორი ირაკლი ჩიმაკაძე. ამავე მასალებიდან ჩანს, რომ გიორგი ბორჩაშვილი კონტრტერორისტულ ცენტრთან რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლობდა.
აიუფ ბორჩაშვილის დედა მარიამ ბორჩაშვილი ამბობს, რომ გიორგი ბორჩაშვილი მის შვილს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით დაუახლოვდა. „ურთიერთობა ადრეც ჰქონდათ, მაგრამ ბოლო პერიოდში დღე და ღამე აქ იყო. აქ იჯდა, ჭამდა, ლაპარაკობდა და საღამოს მიდიოდა ხოლმე“.
მარიამ ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ მარტში, მუსლიმ კუშტანაშვილმა და რამზან ბაღაკაშვილმა აიუფ ბორჩაშვილს სახლში ნამდვილად მიაკითხეს და სირიაში წასვლაში დახმარება სთხოვეს: „ამ ბავშვებმა აიუფას მართლაც მოაკითხეს ვიდრე წავიდოდნენ ერთი თვით ადრე, სირიაში წასვლა უნდოდათ. ისინი ოთახში ისხდნენ, მე სამზარეულოში ვიყავი და მესმოდა. აიუფამ უთხრა ამ ბავშვებს, თქვენს მშობლებს დაელაპარაკეთ და თუ გიშვებენ, წადით, ამ საქმეზე ჩემთან არ მოხვიდეთო. ამის შემდეგ კიდევ მოვიდნენ და აიუფამ უყვირა, ხომ გითხარით, ამ საქმეზე აქ აღარ მოხვიდეთ მეთქი. იმის მერე ეგ ბავშვები აქ აღარ მოსულან და ერთი თვის შემდეგ გავიგეთ, როგორც აუფამ თქვა, მეგონა გადაიფიქრეს და მაინც წასულანო.
კუშტანაშვილის მშობლები რომ მოვიდნენ ჩვენთან, აიუფას ეუბნებოდნენ, თუ რამე შეგიძლია, იქნებ რამენაირად ის ბავშვები მობრუნდნენო. აიუფამ უთხრათ, თუ რამე ეჭვი გაქვთ ჩემზე, გინდათ მუსლიმანური, გინდათ ტრადიციული წესით, მე მზად ვარ რომ პასუხი მოგცეთ, ამ ბავშვების გაგზავნასთან არაფაერ შუაში არ ვარო“.
რაც შეეხება გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში გიორგი ბორჩაშვილის მიერ ნახსენებ „ლექსუსის“ ჯიპს, რომელიც მისი თქმით, აიუფ ბორჩაშვილს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებმა აჩუქეს: ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, მანქანა აიუფ ბორჩაშვილის სიძის რამზან მღებრიშვილის საკუთრებაა და ორი თვის წინ, 10 ათას დოლარად, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები გელა ტოხოსაშვილისგან აქვს ნაყიდი. რამზან მღებრიშვილი ხელოსანია და ჰესების მშენებელ კომპანიაში მუშაობს. თავის მხრივ, ტოხოსაშვილს მანქანა აშშ–ში აუქციონზე აქვს შეძენილი. გელა ტოხოსაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დეიდაშვილია. სწორედ ამას უკავშირებს ის თავისი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკას თბილისსა და პანკისის ხეობაში, აიუფ ბორჩაშვილის დაკავების დღეს.