„რეზონანსი“: ვინ მოხვდება და ვინ ვერა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში
„რეზონანსი“: ინტერვიუ გია მეფარიშვილთან: „კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეიძლებოდა, უკეთ წარმართულიყო
„საქართველო და მსოფლიო“: რესპუბლიკელები გაიძურწნენ
„რეზონანსი“: მიგაჩნიათ თუ არა შეცდომად გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილება?
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „რესპუბლიკური პარტიის ტრაგედია ისაა, რომ მათ ქართულ რეალობას 30-40 წლით გაუსწრეს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ლევან ბერძენიშვილის გადაწყვეტილება, დაუბრუნდეს აჭარას, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „არა მგონია, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ახლანდელ დეპუტაციაზე უარესი შემადგენლობა იყოს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: „ეროვნულმა ბანკმა მცდარი გადაწყვეტილებები მიიღო“
——————-
„რეზონანსი“, 13 ივლისი, 2016 წელი
ვინ მოხვდება და ვინ ვერა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში
თიკო ოსმანოვა
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და მისი ოფიციალური პრეზენტაცია დღეს საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება. თუმცა მანამდე “რეზონანსმა” შეძლო, არაოფიციალურად მოეპოვებინა რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა და პარტიული სიის ნაწილიც, მათგან ბევრი ძველი სახეა, ნაცნობიც და უცნობიც, ნაწილი კი – ახალი.
საარჩევნო სიის პირველ ათეულს საზოგადოებას დღეს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს.
გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო და კახა კალაძე – ეს ის სამი მინისტრია, რომლებიც “ქართულ ოცნებაში” საპარლამენტო სიის “ოქროს სამეულად” მიიჩნევა.დადასტურებულია ასევე ის, რომ მომავალ დეპუტატებად განიხილებიან ყველა ისინი, რომლებიც პარტიის ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭოს წევრებად დასახელდნენ. ნაწილი მაჟორიტარებად იყრის კენჭს, ნაწილი პარტიული სიაში იქნება. პოლიტსაბჭოს წევრებიდან ერთადერთი დავით საგანელიძე არ იქნება არც ერთ სიაში. როგორც თავად აცხადებს, ის დეპუტატობას საკუთარი სურვილით დაემშვიდობა.
შეცვლილი კანონით, სიაში მოხვედრის გამო კვირიკაშვილს თანამდებობიდან გადადგომა არ მოუწევს, განსხვავებით კალაძისგან, რომელიც სამტრედიაში კენჭისყრის გამო მინისტრის სავარძელს უნდა შეელიოს.
პოლიტსაბჭოს წევრებიდან პარტიულ სიაში აუცილებლად იქნებიან: გია ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი ტრიპოლსკი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ირაკლი სესიაშვილი.
საუბარია იმაზეც, რომ პოლიტსაბჭოს წევრად დასახელება არ ისურვა, მაგრამ პარტიულ სიაში განიხილება თამარ ჩუგოშვილიც. ასევე განიხილებიან: “2030″-ის ექსპერტებიდან მიხეილ დუნდუა და ლევან კალანდაძე, განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე და “ქართული ოცნების” საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი.
შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სიაში ასევე იქნებიან “კონსერვატორებიდან” ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია, ბიძინა გუჯაბიძე, “სოციალ-დემოკრატებიდან” გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი. ასევე საუბარია “მწვანეების” გია გაჩეჩილაძეც, თუმცა ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებები უახლოეს დღებში იგეგმება.
საარჩევნო სიაში ასევე ვერ მოხვდებიან, როგორც თავიდანვე გაცხადდა, მსახიობები და რეჟისორები. ტელეკომპანია “იბერიას” ინფორმაციით, რომელიც ასევე “რეზონანსს” დაუდასტურეს, ესენი არიან: სოსო ჯაჭვლიანი, ზურა ზვიადაური, დავით ლორთქიფანიძე, ნუკრი ქანთარია, გოგი ქავთარაძე, ფატი ხალვაში, ზაზა პაპუაშვილი და თამაზ ჯაფარიძე.
დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ სიის პრეზენტაციაზე დასასწრებად მიპატიჟება უკვე მიიღო, თუმცა ქუთაისის სამი ოლქიდან ჩააბარებენ თუ არა ერთ-ერთს, არ იცის. პარტიულ სიაში ჩასმაზე კი უარი თავად თქვა.
“ესემეს-შეტყობინება მომივიდა, დამპატიჟეს სიის პრეზენტაციაზე, ვნახოთ, რა იქნება. პარტიულ სიაში არ ვიქნები, ეს თავის დროზე მე განვაცხადე. დაზღვევა არ მინდა .გამოვთქვი სურვილი, ქუთაისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ვიყარო კენჭი. ახლა ველოდები “განაჩენს”. ვფიქრობ, მეყოფა რესურსი, რომ “ქართულ ოცნებას” ერთი მანდატი მოვუტანო,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ომარ ნიშნიანიძე.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, ნაწილი ისევ ძველი სახე იქნება ნაწილი კი – ახალი. მაგალითად, მთაწმინდაზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა განიხილება. თავდაპირველად მისი კანდიდატურა ფოთში განიხილებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, შავიზღვისპირა ქალაქში მისი გაშვება გადაიფიქრეს და დედაქალაქში დატოვეს. თუ ვინ იქნება ფოთში “ქართული ოცნების” კანდიდატი, ჯერჯერობით უცნობია, ცალსახად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ეს ეკა ბესელია არ იქნება.
ახმეტაში ზურაბ ზვიადაურს გელა სამხარაულით ჩაანაცვლებენ. ტყობული-თერჯოლის ოლქში კი იმერეთის გუბერნატორი, მომღერალი გივი ჭიჭინაძე განიხილება. დედოფლისწყაროში კენჭს ისევ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ცოლისძმა, ლექსო თამაზაშვილი იყრის. ზაქარია ქუცნაშვილი – თიანეთი-ყაზბეგი, მცხეთაში კი კვლავ დიმიტრი ხუნდაძე იქნება. მარტვილი-აბაშის ოლქში ისევ სოსო დანელია უნდა იყოს, რომელიც გასულ წელს აირჩიეს; ზუგდიდში ორიდან ერთ-ერთი, დიდი ალბათობით სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია იქნება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობარია. ოზურგეთში იგეგმება შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის წარდგენა, ლანჩხუთი-ჩოხატაურში – თემურ ჭკუასელის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეგობარია. ამ ორს თუ მაჟორიტარებად არ წარადგენენ, პარტიულ სიაში ადგილები მაინც გარანტირებული აქვთ. ისევე, როგორც ოზურგეთის ამჟამინდელი მაჟორიტარი, სიაში იქნება ზვიად კვაჭანტირაძე. გედევან ფოფხაძე კი ისევ ბორჯომში განიხილება.
მოქმედი მინისტრებიდან კახა კალაძე სამტრედიის მაჟორიტარად უნდა დასახელდეს; სოზარ სუბარი – თბილისის რომელიმე რაიონში. ასევე განიხილება თეა წულუკიანის ნაძალადევის რაიონში შესაძლო მაჟორიტარობაც.
რაც შეეხება ახალ სახეებს, არსებული ინფორმაციით, “ოცნება” 20-მდე ახალი სახის წარდგენას აპირებს. აქედან ერთ-ერთია სალომე ზურაბიშვილი. ასევე საუბარია გადაცემის “რა? სად? როდის?” მონაწილე ირინა ფრუიძესა და გადაცემის წამყვან გიორგი მოსიძეზე. ასევე – “ჯინდალ პეტროლიუმის” გენერალური დირექტორ ბექა ოდიშარიასა და შსს-ს ექსმინისტრ კობა ნარჩემაშვილზეც. “რეზონანსი” ამ ინფორმაციის გადამოწმებას კობა ნარჩემაშვილთან შეეცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
„რეზონანსი“, 13 ივლისი, 2016 წელი
ინტერვიუ გია მეფარიშვილთან: „კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეიძლებოდა, უკეთ წარმართულიყო
ია აბულაშვილი
“კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეიძლებოდა, გაცილებით უკეთ ყოფილიყო წარმართული. ბოლოს და ბოლოს ის მაინც მომხდარიყო, რომ 2003-2012 წლებში გაპარატახებული საკანონმდებლო ბაზა გასწორებულიყო,” – ასე აფასებს მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია მეფარიშვილი.
გია მეფარიშვილი: ამ მოწვევის პარლამენტის ფორმირებაში საკმაოდ აქტიური მონაწილეობა მივიღე და ჩემი არჩევანი დაკავშირებული იყო “ქართულ ოცნებასთან”; დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანი იყო აბსოლუტურად გამართლებული და მან ძალზე ბევრი რამ განაპირობა თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში.
“ქართულ ოცნებას” და მის ლიდერს ვერ დაუკარგავ, რომ მათი მეშვეობით მოხდა არაადამიანური რეჟიმისგან სწორედ პოლიტიკური გზებით განთავისუფლება. თუმცა ქართული მოსახლეობის საკმაო ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებული ურთულესი ეკონომიკური და სოციალური ფონის გამო – ეს არის უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, სამართლიანობის აღდგენაზე პრაქტიკულად თითქმის არგანხორციელება და სხვა მრავალი პრობლემა, რომლებიც დაგროვდა და რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვენ.
- თქვენ, როგორც სამართლის სპეციალისტი, წლების წინ, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამართლებრივი რეფორმების კომისიის წევრი იყავით, რომლის მიერაც მომზადდა დღეს მოქმედი თითიქმის ყველა ორაგნული კანონი. ახლა როგორ შეაფასებდით ამ მოწვევის პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობას, რა უნდა გაეკეთებინა და რა ძირითად ტენდენციებზე შეიძლება საუბარი?
- რაც შეეხება კანონშემოქმედებით საქმიანობას, აქ ძალზე ბევრი კითხვა დაისმის, ბევრი საყვედურია და მიმაჩნია, რომ ბევრი მათგანი სამართლიანია. კანონშემოქმედებითი საქმიანობა ალბათ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ ყოფილიყო წარმართული და ბოლოს და ბოლოს ის მაინც მომხდარიყო, რომ 2003-2012 წლებში გაპარტახებული საკანონმდებლო ბაზა გასწორებულიყო, თუნდაც მოხსნილიყო საკითხები, მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები ქვეყნის ძირითად კანონთან – კონსტიტუციასთან – შესაბამისობაში მოეყვანათ.
გარკვეული სამუშაო ნამდვილად განხორციელდა, თუმცა ის ძალზე რელიეფური და მეცნიერულად დასაბუთებული ყოველთვის არ იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია რამდენიმე საკანონმდებლო აქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და მრავალი სხვა საკანონმდებლო აქტის გასწორება და ახლის შემუშავება.
დღეს რეფორმებზე ლაპარაკობს ყველა და, ასე ვთქვათ, ყველას მიუწვდება რეფორმებზე ხელი, მაგრამ შედეგი არ ჩანს და როგორც ჩანს, არც გამოჩნდება, თუ ნამდვილად ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივ მიდგომას არ გამოვამჟღავნებთ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა ისე არის დღეს “დაჩეხილი”, რომ ძაღლი პატრონს ვერ იცნობს. რამდენჯერ ვწერდით, რომ უნდა ყოფილიყო შექმნილი შესაბამისი კომისია, რომელსაც დაევალებოდა შესაბამისი კონცეფციის მომზადება და ამის შემდეგ კანონშემოქმედებითი საქმიანობა განხორციელდებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და, როგორც ჩანს, არც უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ უკეთეს რამეს.
- ამ მოწვევის პარლამენტმა თავისი ვადა უკვე ამოწურა, ხარვეზების გამოსაწორებლად ახალ პარლამენტს ოთხწლიანი ვადა ეყოფა?
- ვნახოთ, რა პოლიტიკური ძალები იქნება მეცხრე მოწვევის პარლამენტში. როგორც ჩვენი ისტორია გვასწავლის, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სამართლებრივი რეფორმა, ეს უაღრესად რთული სახელმწიფოებრივი საქმეა და მას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ; 2003-2012 წლებში ქართული კანონმდებლობა ისე არის მწყობრიდან გამოყვანილი, რომ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა საკმარისი უნდა იყოს.
რაც შეეხება საერთო სასამართლოების, პროკურატურის, საგამოძიებო ორგანოების რეფორმირების საკითხებს, საზოგადოებამ ამის შესახებ პრაქტიკულად არაფერი არ იცის და არც ვინმე ზრუნავს, რომ ეს ხარვეზები შეივსოს.
მხედველობაში მაქვს პროფესიონალთა (თეორეტიკოსების და პრაქტიკოსების) შეხედულებანი, კონცეფციები, მოსაზრებები და ა.შ. იმ პროფესონალების, ვინც იცის, რა სტკივა ქართულ მართლმსაჯულებას, პროკურატურას, საგამოძიებო და ოპერატიულ სამსახურებს. აი, რა უნდა გაწორდეს მომავალში. ეს უნდა გაკეთდეს სამთავრობო დონზე, თუნდაც ისე, როგორც ეს გაკეთდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდესაც არც ერთი საკანონმდებლო აქტი ჩვენ აღარ გვქონდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ; ეს გზა ჩვენ არც ისე წარუმატებლად გავიარეთ, თუმცა არსებობს სხვადასხვა მოსაზრება…
„საქართველო და მსოფლიო“, 13 ივლისი, 2016 წელი
რესპუბლიკელები გაიძურწნენ
გიორგი გაჩეჩილაძე
12 ივლისს, საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე, რესპუბლიკური პარტიის 2 წარმომადგენელმა – თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა – პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა. კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კი თვითონ რესპუბლიკური პარტია დატოვა და “ქართულ ოცნებაში” გადაბარგდა.
რესპუბლიკური პარტია დაარსების დღიდანვე ახერხებდა, ოპოზიციური სეგმენტის დაკავებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ასე იყო ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში, შემდეგ – შევარდნაძის ზეობის ხანაში, სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის პერიოდში… არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესპუბლიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შემქმნელი ერთ-ერთი სუბიექტია და დიდი წვლილი მიუძღვის 2003 წლის “ვარდების რევოლუციაში”, რომლის შედეგადაც სააკაშვილის რეჟიმი 9 წლის განმავლობაში კლავდა-არბევდა საქართველოს მოსახლეობას და ზნეობრივად და მატერიალურად აპარტახებდა ქვეყანას.
2012 წელს რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილს დაუახლოვდნენ და მილიარდერმაც, ქართველი ხალხის დიდი ნაწილისთვის საძულველი რესპუბლიკელები, რომლებიც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავდნენ, რადგან მათი რეიტინგი მხოლოდ 2-3% იყო, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შეიყვანა და ამით გზა გაუხსნა სახელისუფლებო ეშელონებისკენ. უფრო მეტიც _ რესპუბლიკური პარტიის წევრები ასეთი რაოდენობით, როგორც ამჟამად არიან, ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილან:
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა (ჯერაც), მისი მეუღლე თინა ხიდაშელი, აშშ-ის ყოფილი ელჩის _ რიჩარდ ნორლანდის ბიძინა ივანიშვილთან “ყავის დასალევად” სტუმრობის შემდეგ, თავდაცვის მინისტრის სავარძელში ჩაასკუპეს.
პაატა ზაქარეიშვილი – ეს გაურკვევლად მოლაპარაკე კაცი, რაღაც მანქანებით სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო ამა წლის 12 ივლისამდე.
გიგლა აგულაშვილი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრია, რომელმაც თანამდებობის შესანარჩუნებლად, უარი თქვა რესპუბლიკური პარტიის წევრობაზე და “ქართული ოცნების” ნავში გადახტა.
ირინე იმერლიშვილი – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
ნინო გვენეტაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
პარლამენტში კი რესპუბლიკელებს 10-კაციანი ფრაქცია აქვთ შექმნილი (პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად): დავით (ფრაქციის თავმჯდომარე) და ლევან ბერძენიშვილები, თამარ კორძაია, ნოდარ ებანოიძე, თეიმურაზ ნერგაძე, ფრიდონ საყვარელიძე, მალხაზ წერეთელი, თამარ ხიდაშელი (რომელიც არჩევნების ფალსიფიკაციით გაიყვანა დეპუტატად თინა ხიდაშელმა), ვახტანგ ხმალაძე და დავით უსუფაშვილი. ამათ გარდა, ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რესპუბლიკელია სამთავრობო სტრუქტურებში შეყუჟული და იქიდან ებრძვის ქართულ სახელმწიფოს ისევე, როგორც ძმები ბერძენიშვილები – დიდ ქართველ მწერლებსა და ყოველივე ქართულს?
აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელთა უმრავლესობა ამერიკული გრანტებით ნაკვები ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ყოფილი წევრები არიან, ზოგი – სოროსის ფონდის, ზოგი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის. რესპუბლიკური პარტიის წევრები – ესენი არიან “ნაცმოძრაობის” სატელიტები, კრავის ქურქში გახვეული აშშ-ის ინტერესების გამტარებელი მსტოვრები, რომლებიც ებრძვიან ყოველივე ქართულს, მართლმადი-დებლობას, ყველაფერს, რამაც აქამდე მოიყვანა ქართველი ერი.
რად ღირს თუნდაც ე.წ. თავდაცვის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის, თინა ხიდაშელის განცხადება, ჩემს შვილს ვერ მოვთხოვ, სამშობლოს დასაცავად ჯარში წავიდესო. ეს ის ქალბატონია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრის სავარძელში ამერიკელთა ძალისხმევით მოკალათდა და საქართველოს საქაჯეთს უწოდებს.
ანტიდისკრიმინაციული კანონის ერთ-ერთმა ავტორმა თამარ კორძაიამ კი, მას შემდეგ, რაც ჯონ ქერი მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაემუქრა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებით, ოკეანისგაღმელ პატრონს კვერი დაუკრა, – “ეს ადამიანის უფლებების სფეროში წინ გადადგმული ნაბიჯია”-ო.
მოკლედ, რესპუბლიკელები ხელისუფლების თითქმის ყველა რგოლში წამყვან თანამდებობაზე იყვნენ (ნაწილი ახლაც არის), ქვეყანას, ფაქტობრივად, ისინი მართავდნენ და არა – “ქართული ოცნება”.
და ეს, როცა ამომრჩეველს ხმა არასოდეს მიუცია რესპუბლიკელებისთვის, და მათი რეიტინგი 2-3%-ს არასოდეს ასცდენია, რადგან ყოველთვის მიუღებელნი იყვნენ ქართველი ხალხის დიდი ნაწილისთვის. ახლა კი, ამ ეტაპზე, ამერიკელების დავალებები (რუსეთის გამაღიზიანებელი ნაბიჯების გადადგმა: ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა საქართველოში, ბიოლაბორატორიის ამუშავება, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებაზე ლაპარაკი, ორიოდე ამერიკული ტანკის – “აბრამსის” შემოყვანა, ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცება, ლგბტ-თემის მხარდაჭერა) პირნათლად რომ შეასრულეს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე, თანამდებობებიდან გაიძურწნენ. თუმცა, ამერიკელთა დახმარებით კვლავ აპირებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, რათა მეტი შემართებით განაგრძონ ქართული სახელმწიფოს ნგრევა.
სწორედ ამიტომ, არა მხოლოდ ხიდაშელმა და ზაქარეიშვილმა, არამედ ყველა რესპუბლიკელმა უნდა დატოვოს სახელისუფლებო სტრუქტურები განურჩევლად თანამდებობისა – ყოფილი რესპუბლიკელი ხომ, როგორც ასეთი, არ არსებობს?!
ქართველმა ხალხმა კი მომავალ არჩევნებში საბოლოო განაჩენი უნდა გამოუტანოს რესპუბლიკურ პარტიას და პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლოს.
———–
P.S. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს აშშ-ში ვიზიტის შემდეგ დატოვებს. “თავდაცვის სამინისტროში არის რამდენიმე ძალიან სასწრაფოდ დასასრულებელი ღონისძიება, რომელსაც ახლა გადაბარების რეჟიმი შეუშლის ხელს. მათ შორის ერთ-ერთი არის რამდენიმე დღის წინათ თბილისში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ივლისის შუა რიცხვებში აშშ-ში დაგეგმილი ამ მემორანდუმის შესაბამის გეგმაზე მუშაობა, ამიტომ ახლა ამერიკაში გავემგზავრები, ამ პროცესს დავასრულებ და იქიდან დაბრუნების შემდეგ კონკრეტულ რიცხვზე შევთანხმდებით. არასოდეს მივცემ ჩემს თავს უფლებას, შუაში მივატოვო პროცესი, რომლის წარმატებისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ვიბრძოდი.” _ განაცხადა ხიდაშელმა.
როგორც ჩანს, ხიდაშელი მაინც ვერ ელევა თანამდებობას, ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე ამერიკელებისგან აშშ-ის ინტერესების გასატარებელ და საქართველოს საზიანო საბოლოო ინსტრუქციას არ მიიღებს.
„რეზონანსი“, 13 ივლისი, 2016 წელი
მიგაჩნიათ თუ არა შეცდომად გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილება?
ლიკა ამირაშვილი
ორი “რესპუბლიკელი” მინისტრი თანამდებობას ტოვებს. როგორც რესპუბლიკური პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაწერენ. რაც შეეხება კიდევ ერთ “რესპუბლიკელ” მინისტრს, გიგლა აგულაშვილი პარტიას ტოვებს. შესაბამისად, ის ამ ეტაპზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე რჩება.
გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. “მე ვფიქრობ, თქვენ მოისმენთ მისგან არგუმენტებს და ის განმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილება არის შეცდომა. ყველა “რესპუბლიკელი” ერთად შევდივართ საარჩევნო კამპანიაში და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გიგლამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მიგაჩნიათ თუ არა შეცდომად გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილება? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
გიგი თევზაძე (სოციოლოგი და ფილოსოფოსი): რაც მოხდა, მათ პარტიაში მოხდა და ალბათ, მათი თვალსაზრისით, შეცდომა იყო. ზოგიერთი ამას, როგორც პრაგმატულ საქციელს, ისე აფასებს. რა თქმა უნდა, ყოველგვარი პოლიტიკური ეთიკით, თვითონ პოლიტიკური პარტიის ღირებულებებიდან გამომდინარე, ასეთი საქციელი ადეკვატური არანაირად არ არის.
ირმა სოხაძე (მომღერალი): ვერ გეტყვით, არის თუ არა შეცდომა. ყველა ადამიანი იქცევა ისე, როგორც მისთვის არის იმ მომენტში სასარგებლო. არ მგონია, რომ დიდი შეცდომა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ამ პარტიისთვის. მე ბატონ გიგლას არ ვაკნინებ, უბრალოდ არ მგონია, ეს საქციელი ისეთი მნიშვნელობის იყოს, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიქმნას და ცალსახად ითქვას, რომ შეცდომაა ან გმირობა. ჩვეულებრივი ნაბიჯია, ესაა მისი არჩევანი, რომლის წინაშეც არაერთი ჩვენგანი ერთხელ მაინც დგება. მან ასეთი არჩევანი გააკეთა.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცონდე): იმ განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, რაც აგულაშვილმა გააკეთა, რომ ის არც სიაშია და არც მაჟორიტარად იგულისხმება, უბრალოდ რჩება სახელმწიფოებრივ პოსტზე, იმიტომ, რომ გააგრძელოს ეს საქმე. შესაბამისად, მის გადაწყვეტილებას მიველსამები. თუ მერე არ გამოუჩნდება პრეტენზიები, რატომ სიაში არ არის და ა.შ. დღესდღეობით ძალიან ნორმალური და შეგნებული გადაწყვეტილებაა.
გიგა ნასარიძე (ა/ო “საქართველო არ იყიდება!”): ჩემი გადმოსახედიდან შეცდომაა. სამი თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება “ქართული ოცნება” მთავრობის დაკომპლექტებას ვეღარ შეძლებს, აქედან გამომდინარე, გიგლა აგულაშვილი რეპუტაციის შელახვის ხარჯზე დარჩა სამთვიან მინისტრად “ოცნების” მთავრობაში. მისი გადაწყვეტილება შეცდომა იყო. ამ შემთხვევაში “რესპუბლიკელები” მართლები არიან.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): როგორც მინისტრი, ძალიან კარგი მინისტრია და ამ მინისტრთა კაბინეტს თუ შეეწყო, ქვეყნისათვის სასარგებლო საქმე შეუძლია, აკეთოს. მე ასე მგონია.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): საერთოდ ვერ გავიგე, რა მოვლენაა, აქედან გამომდინარე, მისი მოქმედება შეცდომად არ შეიძლება იქნას განხილული. ვფიქრობ, მან არჩია – ყოფილიყო მინისტრი, ვიდრე დარჩენილიყო პარტიაში, რომელმაც შეიძლება ბარიერიც კი ვერ გადალახოს.
„რეზონანსი“, 13 ივლისი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „რესპუბლიკური პარტიის ტრაგედია ისაა, რომ მათ ქართულ რეალობას 30-40 წლით გაუსწრეს“
თაკო მათეშვილი
“40 წლის შემდეგ არ გამოვრიცხავ, ხელისუფლების სათავეშიც კი მოვიდნენ ყოველგვარი კოალიციის გარეშე, მაგრამ ახლა “რესპუბლიკელების” დრო და ადგილი არაა” – ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო შანსს და დასძენს, რომ მათთვის ბარიერის გადალახვაც კი არაა გარანტირებული.
შეგასენებთ, რომ ორმა “რესპუბლიკელმა” მინისტრმა – თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა – გუშინ თანამდებობები დატოვა. მესამე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კი თანამდებობაზე პარტიიდან წამოსვლის ხარჯზე დარჩა.
სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მას ის უფრო აკვირვებს, რომ ამ პარტიამ კოალიციაში 4 წელი გაძლო. ფიქრობს, რომ ეს საკმაოდ სერიოზულ კომპრომისებად დაუჯდათ.
სოსო ცინცაძე: ამას დიდი ხნის წინ ველოდი. სულ ვამბობდი, რომ “რესპუბლიკელები” ამ პოლიტიკურ ზოოპარკში დიდხანს ვერ გაძლებდნენ. ეს პარტია ზოგს მოსწონს, ზოგსაც – არა, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ რესპუბლიკური პარტია ერთადერთი პარტიაა, რომელსაც პრინციპები გააჩნია და მათი ერთგულია. იდეოლოგიური საფუძვლები სხვა არც ერთ პარტიას არა აქვს. აი, მაგალითად, ვის შეუძლია მითხრას, “ქართული ოცნება” მემარჯვენეა, მემარცხენე თუ ცენტრისტი? ან ვინ დამაჯერებს, რომ “კონსერვატორები” რეალურად კონსერვატორები არიან? თუ კონსერვატიზმი იმით ამოიწურება, რომ სამსახურში ყველამ ჩოხებით უნდა ვიაროთ, მაშინ კი. ვინ დამარწმუნებს, რომ სოციალ-დემოკრატები ან სოციალისტები არიან და ან დემოკრატები? უამრავი პარტიაა, მაგრამ იდეოლოგიური ბაზა არც ერთს არ გააჩნია, რესპუბლიკური პარტიის გარდა. თუნდაც, დამისახელეთ სხვა პარტიაში 6-7 ლიდერი ისეთი, ვისაც დამოუკიდებლადაც შეუძლია პარტიის ჩამოყალიბება. აქ კი ბევრს შეუძლია – ძმებ ბერძენიშვილებს, ივლიანე ხაინდრავას, თინა ხიდაშელს, დათო უსუფაშვილს, პაატა ზაქარეიშვილს და ა.შ. პაატა, მართალია, ცუდი მინისტრია, მაგრამ ძალიან კარგი ენჯეოელი იყო. თავის დროზე აფხაზეთში უშიშრად ჩადიოდა, ყოველ წუთს შეიძლებოდა, რომ მოეტაცათ და მოეკლათ, მაგრამ არ ეშინოდა. როგორც მინისტრმა კი ვერ ივარგა.
- თუმცა პარტიას, რეიტინგის თვალსაზრისით, ყოველთვის უჭირდა.
- პარტიის ტრაგედია ისაა, რომ მათ ქართულ რეალობას 30-40 წლით გაუსწრეს. ამიტომაცაა, რომ მათ დამოუკიდებლად არჩევნებში გასვლა ასე უჭირთ. ეს პარტია არასოდეს ცდილობს ელექტორატის დონემდე დავიდეს. სხვები პირიქით იქცევიან. ბევრია განათლებული, ინტელექტუალი პოლიტიკოსი, მაგრამ ვინაიდან ელექტორატის გულის მოგება სურს, გამოდის და სისულელეებს ლაპარაკობს. იმიტომ, რომ ელექტორატი სულელია და უნდა თავი მოაწონოს. “რესპუბლიკელები” ამას არ აკეთებენ და თავიანთ პოზიციებზე პრინციპულად რჩებიან.
ერთ მაგალითს გავიხსენებ – 90-იანი წლების დასასრულს, როცა აჭარა საქართველოს ფაქტობრივად მოწყვეტილი იყო, ადგილობრივი პარლამენტის სხდომაზე ვიღაც მატრაკვეცა ქალი ადგა და ამაყად გამოაცხადა, რომ აჭარა თბილისის კანონებით ვერ იცხოვრებდა. მთელი პარლამენტი ჩუმად იყო. მხოლოდ ერთი ადამიანი წამოხტა და შეეწინააღმდეგა, გაცეცხლებული დაეტაკა ამ ქალს და უთხრა – არ გრცხვენია თბილისისაგან მტრის ხატს რომ ქმნიო?! მაშინ არც ვიცოდი, მერე გავიგე, რომ ეს კაცი დათო ბერძენიშვილი იყო. ასეთები არიან “რესპუბლიკელები” და ამიტომაც ვამბობ, რომ ამ პარტიის ადგილი ასეთ ეკლექტიკურ გაერთიანებაში თავიდანვე არ იყო. მათ ასეთი ალტერნატივა ჰქონდათ – ან თავადაც კოალიციის დონეზე უნდა დასულიყვნენ, ან კოალიცია გადმოეყვანათ თავის ჭკუაზე და ან გასულიყვნენ. არც მათ დონემდე დავიდნენ და ვერც თავის ჭკუაზე გადმოიყვანეს. ეს შეუძლებელიც იყო. თავიანთ ჭკუაზე როგორ გადმოიყვანდნენ ადამიანს, რომელიც მოითხოვს, რომ ქუთაისში რიონით საოკეანო გემები შევიდნენ? ან იმას, ვინც ამბობს, რომ ევროპაში დეგენერატები ცხოვრობენ, რადგან დებილი პარლამენტარები აურჩევიათ.
ამიტომაც მიკვირს, როგორ გაძლეს მათ ეს ოთხი წელი და რა კომპრომისებად უჯდებოდათ კოალიციაში ყოფნა. თუმცა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
- გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილება რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის?
- ის უბრალოდ მედროვეა. არის ხალხი, რომელიც სკამისათვის პარტიას კი არა, ოჯახს დატოვებს. ეს ძველი მენტალობაა. თავის დროზე, მინისტრის პოსტი რომ შეენარჩუნებინა, ვიაჩესლავ მოლოტოვმა არც კი იკითხა, სად იყო თავისი ცოლი. არადა, რომ ეკითხა, იცოდა, მოხსნიდნენ, ან დახვრეტდნენ. არიან ასეთი ადამიანები. თუმცა, გიგლა აგულაშვილი არაა ისეთი ხნიერი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს არავინ გაუხსენოს.
თავად “რესპუბლიკელები” თანამდებობებისთვის არასოდეს იბრძვიან. პირადად ვარ უშუალო მოწმე, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდოდა თინა ხიდაშელისა და დავით უსუფაშვილის წამყვან თანამდებობებზე დანიშვნა, მაგრამ მათ უარი უთხრეს.
ზოგადად, აღმოსავლელი ხალხი პოლიტიკაში ცოლ-ქმრის ტანდემს ვერ ეგუება. თინა ხიდაშელი კი ენერგიის ნიაგარაა, მასთან მიშას ენერგია მონაგონია. ვერავინ აჩერებს და ეს ჩვენი საზოგადოების თვალში უარყოფითად აღიქმება.
- როგორ ფიქრობთ, რა არის მაქსიმუმი, რასაც არჩევნებში შეიძლება მიაღწიონ?
- ვფიქრობ, ეს ოთხი წელი “რესპუბლიკელებს” ჰქონდათ იმის დრო, რომ რეგიონებში მძლავრი პარტიული ინფრასტრუქტურა შეექმნათ, რაც ახლა ბარიერის თვალსაზრისით წაადგებათ. მათთვის ბარიერის გადალახვა პრობლემაა, რადგან მათი პრინციპების ადეკვატური ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს. 40 წლის შემდეგ არ გამოვრიცხავ ხელისუფლების სათავეშიც კი მოვიდნენ ყოველგვარი კოალიციის გარეშე, მაგრამ ახლა დროსა და საზოგადოების მენტალობის განვითარებას გაუსწრეს. ჩვენი საზოგადოება კომუნისტების დროინდელი მარგინალების დონეზეა გაყინული. ახლა “რესპუბლიკელების” დრო და ადგილი არაა.
- ანუ, ფიქრობთ, რომ ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ?
- მგონი, გადალახავენ. არ მინდა ჩვენი საზოგადოების მიმართ ასე პესიმისტურად ვიყო განწყობილი. ამ პარტიაში არც მეგობრები მყავს და არც არანაირი სიახლოვე არ მაქვს მათდამი და ალბათ არც მათ ჩემდამი, რადგან ბევრი მწარე რაღაცებიც მითქვამს, მაგრამ ობიექტური ვარ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. სამართლიანობა რომ იყოს, ამ პარტიას ასე ცოტა მხარდამჭერი არ უნდა ჰყავდეს. თუმცა, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ ემზადებოდნენ. ერთი კი ვიცი, რომ თინა ხიდაშელმა ბოლოდროინდელი ნაბიჯით, ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით, ასიათასობით მშობლის სიმპათია დაიმსახურა. ამიტომაც არიან მმართველ გუნდში გაცოფებული.
„ახალი თაობა“, 13 ივლისი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ლევან ბერძენიშვილის გადაწყვეტილება, დაუბრუნდეს აჭარას, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა“
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას აფასებს.
- ბატონო სოსო, როგორც ცნობილი იყო, რესპუბლიკელები მარტო გადიან ამ არჩევნებზე. მათი მინისტრები, აგულაშვილის გამოკლებით, ტოვებენ მთავრობას და საარჩევნო პროცესში გადაინაცვლებენ. როგორია მათი შანსები?
- თავის დროზე, როდესაც ივანიშვილი კოალიციას ქმნიდა, ყველაზე მეტ ნდობას ჩემი მხრიდან სწორედ რესპუბლიკელები იმსახურებდნენ. ამ ერთობაში მხოლოდ რესპუბლიკელები იყვნენ მართლაც პრინციპების ერთგულნი. ზოგისთვის ეს პრინციპები მისაღებია, ზოგისთვის – არა, მაგრამ საქართველოში ეს არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც მტკიცედ აქვს 30 წლის მანძილზე ჩამოყალიბებული თავისი პრინციპები, ღირებულებები, იდეოლოგია და რომელსაც არც მარჯვნივ უხვევს და არც მარცხნივ. ჩვენ ვიცით პარტიები, რომლებისთვისაც ლირიული გადახვევები უცხო არ არის. არიან პარტიები საქართველოში, მაგალითად კონსერვატორები, რომლებიც თავიანთ კონსერვატორობას მხოლოდ იმით ამტკიცებენ, რომ სამსახურში ჩოხებით სიარული მოითხოვეს.
- რესპუბლიკელებს უფრო ადრე უნდა მიეღოთ კოალიციიდან გასვლის გადაწყვეტილება? თუმცა, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ კოალიციური სტილი მათთვის მისაღებია, „ოცნებისთვის“ არა?
- ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, სრული მოულოდნელობა იყო, რომ მათ ამდენი ხანი, 4 წელი გაძლეს ამ კამპანიაში. ეს აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, მაგრამ გაძლეს. ჩემი ვარაუდი, რომ წელიწადნახევარსაც ვერ გაძლებდნენ, არ გამართლდა.
- ერთ-ერთი, უკვე ყოფილი რესპუბლიკელი, გიგლა აგულაშვილი ტოვებს პარტიას და პოსტს ინარჩუნებს. ამას როგორ ხსნით?
- ეს უცხო არ არის ქართული პოლიტიკისთვის. თუმცა, ამას არასდროს არ გააკეთებენ, მაგალითად, ძმები ბერძენიშვილები, ვახტანგ ხმალაძე, ივლიანე ხაინდრავა. მათ პარტიაში ბევრი არ არის მედროვე, სხვა პარტიებისგან განსხვავებით. ეს ბირთვი, რესპუბლიკელების ერთგული იქნება ყოველთვის. ჩვენ ვიცით პარტიები, რომლებიც დამფუძნებლებმა დატოვეს ან სხვაგან წავიდნენ, ცხადია, ეს სრული გაუგებრობაა, მაგრამ საქართველოში ყველაფერი ხდება. რესპუბლიკელების ტრაგედია ეს არ არის, მათი ტრაგედია, თუ ხმამაღალი ნათქვამი არ არის, სხვა რამეშია. მათ ჩვენს საზოგადოებას გაუსწრეს ზოგიერთ საკითხში. იმ ფასეულობების, პრინციპების, რომელიც შეიძლება საქართველოში 30-40 წლის შემდეგ დამკვიდრდეს, ისინი მის დამკვიდრებას დღეს ცდილობენ, რაც განწირულია და რაც არ გამოუვათ.
- გამოდის, არჩევნებზე მათ გაუჭირდებათ თანამოაზრეების პოვნა, ამომრჩევლის მიმხრობა?
- მე დიდი იმედი მაქვს, რომ მათ ეს 4 წელი უქმად არ დაუკარგავთ და გარკვეული სამუშაოები აქვთ წარმოებული რეგიონებში, პარტიული ინფრასტრუქტურა გააძლიერეს. ასევე ეს არის საქართველოში ნომერ პირველი ინტელექტუალური პარტია და არ უნდა გაუჭირდეთ, რომ მათ საარჩევნო ბარიერი გადალახონ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- ბატონო სოსო, როგორ ხსნით დავით ბერძენიშვილის გადაწყვეტილებას, რომ ის დაუბრუნდეს ბათუმს და აჭარის უმაღლეს საბჭოში იყაროს კენჭი?
- შეიძლება ეს არის ერთგვარი რევანში. ნაციონალური მოძრაობა 2002-2003 წლებში ცოტა უსამართლოდ მოექცა მათ. ყველას კარგად ახსოვს აჭარის განთავისუფლების კამპანია და ამ პროცესში ძმები ბერძენიშვილების როლი. შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ მე კარგად მახსოვს, დათო ბერძენიშვილი იყო ერთადერთი აჭარის იმ დროინდელ პარლამენტში, რომელიც ხმალამოღებული იბრძოდა კუთხური სეპარატიზმის წინააღმდეგ. მახსოვს აჭარის პარლამენტში ქალბატონი თავმჯდომარე როგორ აცხადებდა ტრიბუნიდან, ჩვენ თბილისის კანონებით ვერ ვიცხოვრებთ. ამ ქალბატონს ერთადერთმა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა გაუწია წინააღმდეგობა და უთხრა, რომ თბილისისგან მტრის ხატის შექმნა დაუშვებელი იყო. რასაკვირველია, აჭარაში, ბათუმში ძმები ბერძენიშვილების პოპულარობა, გავლენა მაღალია, ბოლოს და ბოლოს, ისინი აჭარიდან წავიდნენ ციხეში. ამდენად ის, რომ დავით ბერძენიშვილი დღეს, აჭარაში ხედავს თავის თავს, მე ეს არ მიკვირს, პირიქით, ვფიქრობ, პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებაა, სწორედ იქ, აჭარაშია დღეს საჭირო ბერძენიშვილი. პირდაპირ გეტყვით, ბატონი ხაბაძე სრული გაუგებრობა იყო. ბატონი ბერიძე, რომელსაც შავი ქოლგით დაატარებენ 21-ე საუკუნეში, სირცხვილია, სრულიად მიუღებელია, ამას ნამდვილად არ იმსახურებს ბათუმი.
- თქვენ ამბობთ, პოლიტიკურად ეს გადაწყვეტილება სწორია?
- რასაკვირველია, ისევე, როგორც პოლიტტექნოლოგიურად სწორი გადაწყვეტილება იყო თავდაცვის მინისტრის ბრძანებულება წვევამდელებთან დაკავშირებით. ბევრს მოსწონს, ბევრს – არა ხიდაშელის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა. წარმოიდგინეთ, რამდენი ათასი მშობელი გაიხარებდა ამ გადაწყვეტილებით და რამდენი დაუფასებს ამ ბრძანებულებას თუ განკარგულებას თინა ხიდაშელს.
- დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ შევთავაზეთ პრემიერს, რომ რესპუბლიკელი მინისტრები დარჩენილიყვნენ პოსტებზე და ისე ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია, რასაც პრემიერი არ დათანხმდა. პარლამენტის თავმჯდომარეს ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა, რომ მათ ეგონათ მოხსნიდნენო...
- ზაქარია ქუცნაშვილს თუ რამე ავტორიტეტი ჰქონდა ოთხი წლის წინ, კაზინოში აზარტული მოთამაშის მსგავსად სრულად გაფლანგა. უკვე ზღვარს გადავიდა ქუცნაშვილის მცდელობა, რომ როგორმე არ აღმოჩნდეს თამაშგარე მდგომარეობაში.
- რომ დავუბრუნდეთ პრემიერის გადაწყვეტილებას, სწორი იყო, რომ არ მოხსნა რესპუბლიკელი მინისტრები?
- რასაკვირველია, ეს იყოს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ აქვე უნდა დავაკონკრეტო, რომ ვერ მოხსნიდა.
- რატომ?
- თუ არანაირი უარყოფითი შედეგის მომტანი არ იქნებოდა ეს მოხსნა „ოცნებისთვის“, მაშინ მოხსნიდა, მაგრამ ჰქონდა პრემიერს გარანტია, რომ ამას კრიზისი არ მოჰყვებოდა, ასევე არის სხვა ფაქტორებიც, თქვენ ხომ იცით ჩვენი საზოგადოების სიმპათიები დაჩაგრულებისადმი, მოხსნილებისადმი როგორ ავტომატურად იზრდება. „არ მოხსნა“-სა და „ვერ მოხსნა“-ს შორის დიდი სხვაობაა, რასაც ვერ ხვდება ქუცნაშვილი.
„ახალი თაობა“, 13 ივლისი, 2016 წელი
ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „არა მგონია, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ახლანდელ დეპუტაციაზე უარესი შემადგენლობა იყოს“
ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ ბევრს გაუჩნდა იმის მოლოდინი, რომ საქართველო გარკვეული ხნის შემდეგ ნატოს წევრი გახდება. არიან ასევე სკეპტიკოსები და ადამიანები, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლას ეწინააღმდეგებიან. ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი თამარ ჩხეიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ საკითხში ერთსულოვნება ძნელად მისაღწევია.
„ყველას არა აქვს გაცნობიერებული, რომ ნატო ნიშნავს ქვეყნის თავდაცვას. ამ საკითხში აზრთა სხვადასხვაობა გასაკვირი არ არის. ამ მიმართულებით ერთსულოვნებას არც მოველი. არის თემა, რომელშიც ჩვენი ერთსულოვნება უფრო აუცილებელია. ესაა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. საუბედუროდ, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ნაწილი, რომელიც რუსეთს მტრად და ოკუპანტად არ თვლის. რუსეთისადმი ასეთი მიდგომა ვინმეს აჩემება და ახირება არ არის. რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწა-წყალი. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს”, – ამბობს თამარ ჩხეიძე.
- ნატოს კურსისადმი ერთგულება დეკლარაციაზე ხელმოწერით დაადასტურეს პარლამენტის პარტიებმა..
- ეს სასარგებლოა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხელმომწერი არ იქნებოდა გულწრფელი. პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები შემჩნეული არიან უპრინციპობასა და რუსეთისადმი ლოიალურობაში.
- პრორუსულად განწყობილი პირების ხელისუფლებაში ყოფნა ცოტა ხნის წინ აღიარა საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემაც..
- „ქართული ოცნებაში“ ნამდვილად არიან ასეთი ადამიანები. მთლიანობაში „ოცნება“ არაა დაპირისპირებული რუსეთთან. ივანიშვილის კავშირები რუსეთთან ცნობილია. საქმე ისაა, რომ ის ღიად ვერ ატარებს რუსეთის პოლიტიკას, მით უმეტეს მაშინ, როცა დასავლეთის ფაქტორი ასეთი ძლიერია. ხელისუფლებასა და „ქართული ოცნების“ მოკავშირეებში არიან ადამიანები, რომლებიც უფრო გამოკვეთილად უჭერენ მხარს რუსეთს.
- ზოგიერთ ექსპერტს იმის შიში აქვს, რომ რუსეთის მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან..
- არა მგონია, „ქართული ოცნების“ სიაში ახლანდელ დეპუტაციაზე უარესი შემადგენლობა იყოს. ეს იქნება იგივე კატეგორიის ხალხი. საფრთხე გაიზრდება მაშინ, თუ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ჯგუფი მომავალ პარლამენტში გაერთიანდება სხვა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან.
- როგორ ფიქრობთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ამასწინდელი ვიზიტი უსაფრთხოების პრობლემებს უკავშირდებოდა?
- პირველ რიგში, ის უკავშირდებოდა უსაფრთხოების პრობლემებს. ამასთან, ეს იყო გაფრთხილება ხელისუფლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, იყოს დემოკრატიული, ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები და ხელი შეუწყოს თავისუფალ მედიას.
- იმდენი გაფრთხილება მიიღო ხელისუფლებამ, რომ არჩევნების გაყალბება გამორიცხულია?
- ღიად არჩევნების გაყალბება არც იყო მოსალოდნელი. ხელისუფლებას ბევრი ბერკეტი აქვს, რომ უპირატესობა მოიპოვოს. ის ამას ხელიდან არ გაუშვებს.
- „ოცნების“ ლიდერები დიდი უპირატესობით გამარჯვებაზე საუბრობენ. ისინი ასახელებენ მომავალ პარლამენტში გასული დეპუტატების რიცხვს. ეს ციფრი 80-დან 100-მდეა...
- ეს ციფრები ფანტასტიკის სფეროდანაა. ასეთი დიდი უპირატესობით „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს. ეს ციფრები სახელდება იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ივანიშვილს აქვს ასეთი ამოცანა. არაა გამორიცხული, რომ ასეთი დავალება რუსეთიდან მოდიოდეს.
- პრორუსულებად სხვა პარტიები ითვლებიან..
- დიახ. არსებობს ხაჩიშვილის პარტია, მაგრამ არა მგონია, რუსეთს ამ პარტიის იმედი ჰქონდეს. არიან ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის ძალები. ღიად პრორუსულები არც ისინი არიან. განსაკუთრებით შეიცვალა რიტორიკა პატრიოტთა ალიანსმა, ის რუსეთის მიმართ ლოიალობის აფიშირებას ნაკლებად ახდენს. რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელია ფსონის დადება „ქართულ ოცნებაზე“, რომელსაც აქვს პროდასავლური კამუფლაჟი.
- ბოლო დროს ხშირად ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს რეალობას უმალავენ და გარემოცვას მასთან გაფილტრული ინფორმაცია მიაქვს...
- გარემოცვას, ალბათ, მართლაც შელამაზებული ინფორმაცია მიაქვს მასთან. არა მგონია, რომ თავად ივანიშვილი იმის აზრზე არ იყოს, რაც ხდება. მისი ანალიზის უნარზე დიდი წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ არც ის მგონია, რომ ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდეს.
„ახალი თაობა“, 13 ივლისი, 2016 წელი
ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: „ეროვნულმა ბანკმა მცდარი გადაწყვეტილებები მიიღო“
გიორგი ქადაგიძე და ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება – აცხადებს „ახალ თაობასთან“ საუბრისას ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი პაატა შეშელიძე.
- ბატონო პაატა, საზოგადოებაში დიდი იმედი გაჩნდა, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, თუმცა ხალხს იმედები ძალიან მალე გაუცრუვდა და ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო. ტურისტული სეზონია და ლარს ესეც ვერ შველის. როგორია თქვენი შეფასებები ამ საკითხზე?
- ეს პრობლემა გამოწვეული იყო ეროვნული ბანკის ორი გადაწყვეტილებით, რაც გულისხმობდა შემდეგს: პირველი ის, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, შეემცირებინათ რეფინანსირების განაკვეთი და მეორე გადაწყვეტილება მათ მიიღეს ასეთი ფორმით, რომ ლარებში შეამცირეს დეპოზიტების სარეზერვო განაკვეთი.
- ანუ?
- ანუ ორივე შემთხვევაში პროვოცირება გაუკეთეს ფულის მასის ზრდას ეკონომიკაში. ეს გადაწყვეტილებები ძალაში შევიდა მაისის შუა რიცხვებში და ბაზრის რეაგირება ამ გადაწყვეტილებაზე იყო ის, რომ ეს იყო ორშაბათი დღე და შაბათიდან დაიწყო ლარის გაუფასურება. ეს იყო ახსნადი. როგორც კი ეს გადაწყვეტილებები მიიღეს, იმ წუთში გამოვთქვი ჩემი აზრი, თუმცა ნაკლებად მისმენენ და ნაკლებად აინტერესებთ, რა მოხდება. პროგნოზი, რომ ასეთი გაუფასურება მოხდებოდა, გავაკეთე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გაუფასურება უნდა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ის ტალღა, რომელიც მივიღეთ, დამთავრდა. შეიცვალა დამოკიდებულება, ფულის მასა გაიზარდა და გაჩერდა.
- კიდევ ელოდებით ლარის გაუფასურებას?
- ამის შემდეგ, თუ რამე დამატებითი შეცდომები არ იქნება მიღებული, არ ველოდები. რაც შეეხება იმას, რომ ზაფხულია, ტურისტული სეზონია და ასე შემდეგ, ეს უმნიშვნელოდ მოქმედებს.
- ვერ ახდენს გავლენას ჩვენს ეკონომიკაზე?
- ეს არ არის ისეთი დიდი მასა თანხის, რომ არსებითად ცვლიდეს სურათს. ტურისტული სექტორიდან შემოსავლები არის მთელი შემოსავლების 2-3% და მეტი არა. ეს პროცესი, რომელიც ხორციელდებოდა მაისში და ივნისში, იყო ეროვნული ბანკის მცდარი გადაწყვეტილების შედეგი.
- მაშინ რა არის სწორი გადაწყვეტილება?
- სწორი გადაწყვეტილება არის მონეტარული მორგების პოლიტიკის შეჩერება. მორგებას უნდა დაანებონ თავი, არ შეიძლება, მორგების პოლიტიკამ მოგვცეს დადებითი შედეგები, იმიტომ, რომ მორგება ყოველთვის ხდება წარსულთან და არა მომავალთან. წარსულთან მორგება, როგორც წესი, არის დაგვიანებული! ამიტომ არსებითად შესაცვლელია დამოკიდებულება და პოლიტიკა.
- თქვენი რეკომენდაციები რას ითვალისწინეს?
- ყველაზე მარტივი გზა, რომელიც კომპრომისული იქნება, მაგრამ მუშაობს, არის მყარად მიბმა დოლართან, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ახალი ლარი, რომელიც მიმოქცევაში გამოვა, იქნება უზრუნველყოფილი მყარი კურსი დოლარით, თუ არ იქნება, არ გამოვა. ამ გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, რომ სხვა დანარჩენი საკითხები, რომლებიც დღეს არის მონეტარული პოლიტიკის მორგების ნაწილი ანუ რეფინანსირების განაკვეთი, რეზერვირების განაკვეთი და მსგავსი საკითხები საერთოდ უნდა გამოვიდეს მონეტარული პოლიტიკის ბერკეტებიდან. ერთადერთი დავალება არის გაცვლითი კურსის კონტროლი. ეს არის კომპრომისული გადაწყვეტილება, თუმცა უკეთესი გადაწყვეტილებებიც არსებობს.
- მაინც როგორი?
- მაგალითად, ოქროს ლარის გამოყენებაზე გადასვლა, თავისუფალი სავაჭრო არჩევანის მიცემა ხალხისთვის და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვა, მონეტარულ პოლიტიკაზე აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება. თუ არ ესმით ეს ცვლილებები, მაშინ დისკუსიის წამოწყება, გარჩევა და არა იგნორირება. რამდენადაც იგნორირება კეთდება, ყოველთვის ხდება ვიღაცის ხარჯზე ვიღაცის გამდიდრება, რაც მუდმივად უკან გვაბრუნებს. ამ სისტემაში გვჭირდება მეტი საჯაროობა და გამჭვირვალობა. ეს არ გვაქვს.
- ხელისუფლების მხრიდან ისმის შეფასებები, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორების ბრალია. თქვენ ამას არ იზიარებთ?
- კარგით, რა! არ გვინდა ამ გარე ფაქტორებზე გადაბრალება! გარე ფაქტორები ყოველთვის არის. ათასი რაღაც ხდება, ზოგი კარგი, ზოგიც ცუდი. მთავარი არის ის, რა გადაწყვეტილებას იღებს ამ გარე ფაქტორების გათვალისწინებით ადგილობრივი მთავრობა და ეროვნული ბანკი.
- ადრე ყველაფერი ქადაგიძეს ბრალდებოდა, დღეს აღარ არის ქადაგიძე, ახლა ვისი ბრალია?
- ქადაგიძე და დღევანდელი ხელმძღვანელობა არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან! ერთადერთი ნიუანსი ის არის, რომ ქადაგიძის წასვლის შემდეგ აღარ გაიცემა რეფინანსირების სესხები, მუდმივმოქმედი საერთოდ არ გაცემულა. ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება, თუმცა პოლიტიკა და მიდგომა მაინც იგივეა. მე არ ვიზიარებ ამ შეთქმულების თეორიებს, რომ ის იყო და იმიტომ ფუჭდებოდა, ახლა სხვა არის და აღარ ფუჭდება. უბრალოდ, მათ ხედვა, პოლიტიკა, დამოკიდებულება აქვთ ერთნაირი. რაც მთავარია, ეს მცდარი ხედვაა. ასევე ერთი ნიუანსია კიდევ აქ, რომ ქადაგიძის დროს აქტიურად ხდებოდა ირიბი გზით ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერა.
- რა კუთხით, რას გულისხმობთ?
- იმ გაგებით, რომ ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულებებს უშვებდა, სახაზინო ვალდებულებებს იძენდნენ ბანკები. შემდეგ ბანკები ამ სახაზინო ვალდებულებების გავლით იღებდნენ რეფინანსირების სესხს. ეს სქემა აქტიურად მუშაობდა. ეროვნული ბანკი აფინანსებდა მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრებას. დღეს ეს ბერკეტი ნაკლებად გამოიყენება, ან ჯერ არ სჭირდება ფინანსთა სამინისტროს ამის გამოყენება.
- ანუ, თუ ეს რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული, ამ კუთხით სიტუაცია არ გამოსწორდება?
- გამოსწორება არის პირობითი საკითხი. მაშინ უნდა გვქონდეს მიზანი, რა მიზანს ვემსახურებით. ამ მთავრობას არ აქვს გამოსწორების კრიტერიუმი დადგენილი. მაგათთვის, რასაც აკეთებენ, ყველაფერი სწორია. მე ვთავაზობ ჩემსას, რომელიც არის მარტივი, თეორიული, დასკვნაზე დაფუძნებული მიდგომა. მე მაქვს რაღაც პრინციპი, მათ კი არ აქვთ ეს პრინციპი. აი, ეს არის ჩვენ შორის განსხვავება.