globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 13 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 13th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: აშშ და ე.წ. „კაბელების საქმე“: თინა ხიდაშელს ხმასაც ვერავინ გასცემს უბატონოდ, ვიდრე ის ამერიკელებისთვის საჭირო იქნება

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ადა მარშანიასთან: „რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მაინც უნდა დაველაპარაკოთ“

რეზონანსი: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან:  საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის შესაძლებლობა და დასავლეთის ანტირუსული სანქციების ქართული ასპექტები

რეზონანსი: “რუსებიც ქრისტიანები არიან. მოდიან, ეზიარებიან და ლოცვებს ესწრებიან” // ლომისის მონასტრის იღუმენი რუს სამხედროებთან დაპირისპირებას უარყოფს

———————

„ალია“, 13 აგვისტო, 2015 წელი

აშშ და ე.წ. „კაბელების საქმე“: თინა ხიდაშელს ხმასაც ვერავინ გასცემს უბატონოდ, ვიდრე ის ამერიკელებისთვის საჭირო იქნება

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

სახელისუფლებო სკანდალი სახეზეა – თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, ე..წ „კაბელების საქმის“ მთავარი მონაწილეები – გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, დავით წიფურია, გიზო ღლონტი და ნუგზარ კაიშაური თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე აღადგინა. თავდაცვის მინისტრმა ამ ნაბიჯით დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჰყავდა პოლიტიკური პატიმრები… ხიდაშელმა თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ალასანიას დაუდასტურა ეჭვები, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირადი პატიმრები იყვნენ და საბოლოოდ გააფორმა ამ ადამიანების უდანაშაულობა. რა გამოდის, პარტია „ქართული ოცნება“ იჭერს და პარტია „რესპუბლიკელები“ – უკანონო პატიმრების სამართლიანობას აღადგენენ?! ვერაფერს იტყვი, მაგარი სვლაა თინა ხიდაშელი მხრიდან.

ნიშნავს თუ არა ეს ნაბიჯი, „რესპუბლიკელების“ ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან გამიჯვნას და გამოცხადებული პოლიტიკური ომის ქრონიკას? ნიშნავს თუ არა ეს, რომ უდანაშაულო ადამიანები 9-თვიან წინასწარ პატიმრობაში ამყოფეს? ვის უნდა მოეკითხოს პასუხი? არ უნდა გადაჰყვეს ამ საქმეს მთავარი პროკურორი ბადაშვილი, თუკი გაირკვა, რომ უკანონო ბრძანება შეასრულა და უდანაშაულო ხალხი წინასწარ პატიმრობაში ამყოფა?  შემთხვევით თინა ხიდაშელი მთავარი პროკურორის სავარძელს „რესპუბლიკელს“ ხომ არ უმზადებს? საინტერესოა, ამ საქმეს რა გაგრძელება მოჰყვება?

ახლა კი გავიხსენოთ, რა ხდებოდა ამ ადამიანების გამოშვების შემდეგ და რა კომენტარებს აკეთებდნენ უმრავლესობის ლიდერები. დავით საგანელიძე, ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით რომის პაპზე მეტი კათოლიკე აღმოჩნდა და აცხადებდა, რომ მას ეს საქმე ნანახი ჰქონდა და დანაშაულის ნიშნები იკვეთებაო. გრიფირებულ საქმეზე პირველმა კომენტარი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, რამაც იურისტთა საზოგადოება შოკში ჩააგდო, რატომ უნდა სცოდნოდა ბიძინა ივანიშვილს გრიფირებული საქმის დეტალები?

რეალურად სად მარხია ძაღლის თავი და რა მოხდა „კაბელების საქმეში“? პროექტი, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ახორციელებდა, იყო ამერიკელების დაკვეთა, გაეყვანათ ახალი საკაბელო მაგისტრალები, რომელიც იქნებოდა დაცული, თუმცა საკითხი თავად ალასანიამ გადაიყვანა პოლიტიკურ ჭრილში და სკანდალიც აგორდა, ამერიკელებმა ხელისუფლებას არ აპატიეს გაურკვეველი წარმონაქმნის, მინდია ჯანელიძის ამ უწყებაში დანიშვნა, რომელიც საეჭვოდ პრორუსული ძალა მოეჩვენათ

ამერიკელებს, რასაც მათი მხრიდან ხისტი და მყისიერი ჩარევა მოჰყვა – პროდასავლური კადრის თინა ხიდაშელის დანიშვნა. მოკლევადიან პერსპექტივაში ამერიკელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ პროფესიონალი კადრების სამსახურში აღდგენაც, რომლებმაც თავისი საქმე იციან და რეალურად მათ ალტერნატივა არ ჰყავთ. ალასანია საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევაზე ეჭვებს საკუთარი გამბედაობით რომ არ გამოთქვამდა, ამაში ეჭვი მოაზროვნე ადამიანებს არ შეჰპარვიათ. ამერიკელებმა განგაშის ზარები შემოჰკრეს, რადგან მათი პროექტი შესაძლოა, საეჭვო ადამიანის ხელში გაშიფრულიყო.

ისინი საქართველოში გეგმავენ და ჯანელიძესთან არც ნატოს ბაზებისა და არც ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების შეძენაზე საუბარიც კი არ სურდათ, რადგან მათ ნათლად დაინახეს, რომ ამერიკელების ბიჭუნას – ირაკლი ალასანიას, სწორედ რომ მინდია ჯანელიძე უშლიდა ხელს და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მარტო რომ არ მოქმედებდა.

არც იმაში შეჰპარვიათ ეჭვი, ცხადია, რომ ჯანელიძე საკუთარი ნებით ვერ დაურეკავდა ალასანიას, რომ შეეწყვიტა ფრანგ კოლეგასთან ანტისაჰაერო დანადგარის შეძენაზე საუბრები, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა კონტრაქტის სახე… ხელისუფლება პირადი შურისძიებით იყო დაბრმავებული და არამც და არამც ევროატლანტიკური გზიდან გადახვევით და ეს გამოჩნდა კიდეც, უბრალოდ, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს უნდა ესმოდეთ, რომ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლონ.

და მაინც, ვიდრე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში არ მოხვდა კაბელებისა და ალასანიას მოხსნის საქმე, მანამდე ე.წ. „კაბელების საქმეს“ საშველი არ დაადგა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა განაცხადა:

„ოქტომბრის ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ 2013 წლის ოპტიკურბოჭკოვანი

კაბელების შეძენის საიდუმლო კონტრაქტის საქმეზე დააპატიმრა და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსა თავდაცვის სამინისტროს 5 ოფიციალური პირი. 4 ნოემბერს შვიდმა

არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროდან და პროკურატურიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რთული იყო იმ ეტაპზე კრიმინალის ნიშნების გარჩევა. იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებულად დაახასიათა. პრემიერმინისტრმა ის რამდენიმე საათში მოხსნა, რის შემდეგაც თავისუფალი დემოკრატების პარტიამ დატოვა „ქართული ოცნების“ მმართველი კოალიცია“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ანგარიშის შემდეგ, საქმე მოტრიალდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, თუმცა წინ თინა ხიდაშელის კორდებალეტი გველის, რომელსაც ის კიდევ ერთხელ დაუდგამს ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს… მიამიტურია, ახლა ვთქვა, რომ თინა ხიდაშელმა საკუთარი ჯგუფელის, ირაკლი ალასანიას ინტერესი დაიცვა. ხიდაშელმა ამერიკელების ინტერესი გაატარა და ამას ის წარმატებით ასრულებს. მოაგვარა ალასანიას დაწყებული საქმე – ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების შეძენა ხმაურის

გარეშე მოახერხა და დაასრულა თემა, რაც ასე მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის, რომ საქართველოს თავდაცვას ჰქონდეს დაცული კავშირგაბმულობა. ასე რომ, თინას ხმასაც ვერავინ გასცემს უბატონოდ, ვიდრე ის ამერიკელებისთვის საჭირო იქნება.

ასე იქცა ნაცარტუტად „კაბელების საქმის“ 11 ტომი, საიდანაც 2 გრიფირებული გახლდათ.

„ახალი თაობა“, 13 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ ადა მარშანიასთან: „რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მაინც უნდა დაველაპარაკოთ“

„ახალი თაობის“ ჟურნალისტი მარიამ მჭედლიშვილი აფხაზეთის ავტ.რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს ადა მარშანიას ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მთავრობის რეაქცია მცოცავ ოკუპაციაზე არასაკმარისია. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამ საკითხზე?~

- დარწმუნებული ვარ, რომ არასაკმარისია რეაგირება არა მარტო მცოცავ ოკუპაციასა და ბანერების გადმოწევაზე, არამედ მთლიანად მუშაობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. ხელისუფლება არადამაკმაყოფილებლად მუშაობს. სასიცოცხლოდაა აუცილებელი კომპლექსური მუშაობა. ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ქულების დაწერაში არ უნდა შეეჯიბრონ.  საჭიროა საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი პრობლემების გადაჭრაში ჩაერთონ. ერთხელ უკვე იყო მსგვასი შეხვედრა პრეზიდენტთან…

- როგორც ცნობილია, არასაპარლამენტო ოპოზიციამ ამ შეხვედრაზე პრეზიდენტს თავისი შეხედულებები გააცნო…

- დიახ, გიორგი მარგველაშვილმა მას შემდეგ მიგვიწვია, რაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს პირველ პირებთან შეხვედრის ინიციატივა გაახმოვანა. შეხვედრსი მონაწილეებთაგან ბევრმა გამოვთქვით სურვილი, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს. მან მოგვისმინა, მე კი ისეთი შთაბეჭდიოლება დამრჩა, რომ პირველმა პირებმა არ იციან, რა გააკეთონ…

- თქვენ კომპლექსური მუშაობა ახსენეთ…

- დიახ, საჭიროა კომპლექსური და მუიდმივი საქმიანობა. კომპლექსური მიდგომის პოლიტიკური ნაწილი გულისხმობს, პირველ რიგში, რუსეთთან კონტაქტებს. გასაგებია, რომ რუსეთიო ოკუპანტია, მაგრამ მას მაინც უნდა დაველაპარაკოთ, სხვა გზა არა არის. რუსეთი ჩვენი მეზობელია და ამ ფაქტორს ვერ შევცვლით. ასევე აუცილებელია ჩვენს პოლიტიკური სპექტრში პოზიციების შეჯერება და სახალხო დიპლომატიის ამოქმედება. აფხაზეთის შემთხვევაში ოჯახების 25%-ზე მეტი შერეული, ქართულ-აფხაზური ოჯახებია. ეს უნდა გამოვიყენოთ.

(…)

- უახლოეს მომავალში საქართველოში ვითარების გართულებას და დაძაბვას ხომ არ ელოდებით?

- სამწუხაროდ, ამის ყველანაირი ნიშნები არსებობს საიმისოდ, რომ სიტუაცია გართულდეს. „ისლამური ხალიფატიც“ კარს მოგვადგა. ამ დაჯგუფებას თითქმის მთელი მსოფლიო ებრძვის. საქართველო რუსეთსა და თურქეთს შორისაა მოქცეული. ჩვენ რომ რაიმე დაგვემუქროს, რუსეთი დაგვიცავს თუ თურქეთი? ჩვენი ძალებით შევეწინააღმდეგებით? ეს საფრთხე ნორმალურად გაცნობიერებული არ გვაქვს. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო აუცილებელი ხდება დიალოგი რუსეთთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან.

- რუსეთთან დიალოგი შესაძლებელია?

- ეს ძალიან რთული და მძიმეა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ეს პროცესი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წარიმართოს. ზედმეტ სიფრთხილეს და უმოქმედობას კატასტროფამდე მივყავართ. ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ყველას უნდა დაველაპარაკოთ. მართალია, რუსეთთან მოლაპარაკება ყველაზე მძიმე იქნება, მაგრამ იქ ბევრი ქართველი წარმატებულად საქმიანობს. ჩვენ მათ რთულ დავალებებს ვერ მივცემთ, მაგრამ პირადი ურთიერთობებით სარგებლობა შესაძლებელი და სასურველია.

რეზონანსი“, 13 აგვისტო, 2015 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან:  საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის შესაძლებლობა და დასავლეთის ანტირუსული სანქციების ქართული ასპექტები

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ჯიპა-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს:

- რუსეთმა აფხაზეთში, ოჩამჩირიდან მდინარე ენგურამდე სარკინიგზო მონაკვეთის დასუფთავება-აღდგენისათვის სარკინიგზო ჯარების 800 ჯარისკაცი შეიყვანა. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცახდებით – “უცნაურია, რომ რუსი სამხედროები აფხაზეთში რკინიგზას ასუფთავებენ“. მისივე მტკიცებით, მოლოდინის საფუძველი, რომრკინიგზის ეს მონაკვეთი მალე აღდგება, არ არსებობს.” ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯის მიზანია, “ქართული საზოგადოება მუდმივი რეაგირების რეჟიმში იყოს, ვინაიდან მას საქართველოს წინააღმდეგ სხვა არაფერი დარჩენია“. ფაქტია, რომ ის, რაც ახლა ენგურს გაღმა ხდება, აშკარად რაღაცის ნიშანი უნდა იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვითარებაში, როცა ეკონომიკური პრობლემების გამო კრემლი იძულებულია, შეამციროს ჯარისკაცთა, ძალოვნების, ჩინოვნიკებისა და სამედიცინო პერსონალის რაოდენობაც კი, აფხაზეთში 800 ჯარისკაცის შეყვანა რას შეიძლება ნიშნავდეს? 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე აფხაზეთში სარკინიგზო ჯარების შეყვანას რაც მოჰყვა, გვახსოვს

- დარწმუნებული ვარ, რომ რუსები აპირებენ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას. არ ვიცი, ამ თემაზე ჩვენ მთავრობასთან მიდის თუ არა საუბარი და რა არხებით, მაგრამ მათ თავისი ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად აფხაზებიც დაითანხმეს. თუმცა, მათი დაყოლიება მაინცადამაინც რთული არ იქნებოდა, ვინაიდან რუსეთს მათზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი აქვს.. რაც შეეხება სომხურ მხარეს, ის ყოველთვის დაინტერესებული იყო რკინიგზის აღდგენით და ახლა ჯერი ჩვენს მთავრობაზეა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ აფხაზეთის მონაკვეთზე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენ დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ ზაქარეიშვილის განცხადებები უცნაურია. რაც შეეხება ამ განცხადებას, არა მგონია, რომ ამ განცხადებიდანაც ჭეშმარიტების მსგავსი რაიმეს გაგება იყოს შესაძლებელი.

- აქტუალობას არ კარგავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთების საკითხი. პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა – “ჩვენ არ ვაპირებთ, შეუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებ. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ მონაპოვარს, რომელიც გვაქვს რუსეთ-საქართველოს შორის, ვგულისხმობ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს“. ამერიკელი ექსპერტის, ალექსეი ქულის შეფასებით, “ღარიბაშვილის განცხადება რეალისტურია. საქართველოს ლიდერი ცდილობს, რუსეთთან გაუმჯობესებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით უფრო მეტი სარგებელი მიიღოს საქართველომ“. ოპონენტები ხელისულებას საყვედურობენ, რომ ემიჯნება სანქციებს, არ საუბრობს ანექსიაზე, ოკუპაციაზე, მავთულხლართებზე, აცხადებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობებში პროგრესია, მაგრამ რაში გამოიხატება ეს პროგრესი, ვერ ზუსტდება; არ საუბრობს იმაზე, რომ თავის დაცვას ვაპირებთ ნატო-თი და აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს- ინფრასტრუქტურა არ განლაგდება. თქვენი აზრით, რეალურად რასთან გვაქვს საქმე? რა უფრო საფრთხის შემცველია, ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, თუ ის, რისი გაკეთების აუცილებლობაზე საუბრობენ ხელისუფლების ოპონენტები?

- საქართველო ვერანაირ სანქციებს ვერ მიუერთდება, ვინაიდან ამის თავი არ აქვს. ჩვენი ეკონომიკა კრიზისშია და ამ სიტუაციაში რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სანქციეზე მიერთებას კონტრსანქციები მოჰყვება, რაც ქვეყანას კიდევ დააკარგვინებს შემოსავალს. ამის გაკეთება შეიძლებოდა მაგალითად 2011 წელს, როცა ქართული ეკონომიკა ასე თუ ისე ძლიერი იყო და ჩვენთვის რუსული ბაზარი მთლიანად ჩაკეტილი იყო. მაშინ ამის გაკეთება მარტივად შეიძლებოდა. ახლა, როცა კრიზისში ვართ და შემოსავლის წყაროა რუსული ბაზარი, მართალია, ეგ არ მომწონს, მაგრამ ეს უკვე შედგა და არის არაერთი ადამიანისთვის შემოსავლის წყარო, ახლა სანქციებზე მიერთება ჩვენს ეკონომიკას კიდევ უფრო დაარტყამდა. ვიმეორებ, აღტაცებული არ ვიყავი, როცა ჩვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე შევიდა, ვინაიდან ეს ბაზარი არასატაბილური ბაზარია, მაგრამ ახლა, როცა შემოსავლის რაღაც ნაწილი იქედან მოდის, ახლა ამ წყაროს ჩაკეტვა კარგი ნამდვილად არ იქნებოდა. საქართველოს არ აქვს იმის თავი და საშუალება, რომ ევროპულ სანქციებს შეუერთდეს. მეორეც, ჩვენი მთვარობა ცდილობს რუსეთის დამშვიდებას, ეშინია რუსეთის და ეს ბუნებრივიცაა, გამომდინარე იქედან, თუ რა ხდება უკრაინაში. სანქციებისათვის არმიერთებაც ამ კონტექსტში ხდება. მე არ ვიცოდი და ძალიან გამიკვირდა კიდეც, რომ ჩვენ სანქციებს მიერთებული ვიყავით. გითხრათ სიმართლე, მე არც ამას არ ველოდი. რაც შეეხება განცხადებებს, რომ საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურა არ განთავსდება. ესეც რუსეთის მიმართ ჩვენი არგაღიზიანების პოლიტიკის ნაწილია იმ იმედით, რომ იქნებ გადავრჩეთ. ეს ერთი მხრივ გამართლებულია, მაგრამ მეორე მხრივ კარგია, როცა სიტყვით ამშვიდებ ოპონენტს, მაგრამ ცუდია, როცა საქმითაც პასიური ხარ. ეს ჩვენს პოზიციას ასუსტებს, ხოლო ოპონენტს ეძლევა საშუალება, როცა მოეხასიათება, საოკუპაციო ხაზი გადმოწიოს. ეს კი ძალიან ცუდია.

- ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილის აზრით, – “თითქოს ვიღაც საგანგებოდ ზრუნავს, რომ ისტორიიდან ამოვარდნილ საზოგადოებად დავრჩეთ“. იგი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უკანსაკნელ პერიოდში საქართველოში გაძლიერებულია რუსული პროპაგანდა, შესაბამისად პრორუსული განწყობები სულ უფრო შესამჩნევი ხდება. თქვენი დაკვირვებითაც ასეა?

- რასაკვირეველია. აგვისტოს ომიდან 7 წელია გასული და პრინციპში, რუსეთმა მიაღწია იმას, რომ გასულ დღეებში ომის თემა ჩვენთან მეორეხარისხოვანი იყო. სამწუხაროდ, აგვისტოს ომი სულ სხვა თემებით გადაიფარა. სამწუხაროდ, ახლა საქართველოში სერიოზული მსჯელობა მიდის იმაზე, “იქნებ, რუსეთი მაინც კარგია,” “იქნებ რუსეთი სჯობია დასავლეთს.” ამას უკვე მიაღწია რუსულმა ე.წ. “რბილმა ძალამ”, მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, რომლებიც ბოლო დროს ქართულ მედიასივრცეში საკმაოდ გააქტიურებული არიან. ასეთ ფონზე, მინდა ვკითხო რუსეთუმეებს – თუ დასავლეთს რუსეთი სჯობია, რატომ ცხოვრობს პუტინის შვილი ევროპაში და რატომაა ლავროვის შვილი ამერიკის მოქალაქე? ამჯერად, მე მხოლოდ ორ მაგალითი დავასახელე, თორემ ეს სია საკმაოდ გრძელი რომაა, საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს. მტკიცება იმისა, რომ რუსეთი სჯობია დასავლეთს, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა, ვისაც ეკონომიკური პრობლემების გამო არ შეუძლია ევროპაში გამგზავრება და ერთმანეთთან რუსეთისა და დასავლეთისა და ამერიკის შედარება. ჩვენი ქვეყნის პრობლემა სიღარიბე და განათლების პრობლემაა. ორივე ერთად პარალელურად რომ მოგვარდეს, მსგავრი რაღაცეებით ხალხის გაბრიყვებას ვერანაირად ვერ შეძლებს.

რეზონანსი“, 13 აგვისტო, 2015 წელი

“რუსებიც ქრისტიანები არიან. მოდიან, ეზიარებიან და ლოცვებს ესწრებიან”

ლომისის მონასტრის იღუმენი რუს სამხედროებთან დაპირისპირებას უარყოფს

ელზა პაპოშვილი

(შემოკლებით)

სოციალური ქსელებით გავრცელდა ინოფრმაცია, თითქოს ლომისის მამათა მონასტერში რუსი ოკუპანტები ბერებს აწიოკებენ. ამ ინფორმაციას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა როგორც მამათა მონასტრის იღუმენმა მამა მათე ჯულაყიძემ “რეზონანსს” უთხრა, რუსი სამხედროები მათ მონასტერს ხშირად სტუმრობენ, ხოლო მათთან რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფს. მისი თქმით, ჯარსიკაცები ეკლესიაში მოსალოცად დადიან. ისინი მხოლოდ მაშინ შედიან ტაძარში, თუ ბერები მათ შეიპატიჟებენ. ეს ცვეულებრივი ამბავია, რადგანაც რუსი ჯარისკაცებიც ქრისტიანები არიან და ბერები მათ ხშირად აზიარებენ ხოლმე.

„არ ვიცი, ამ თემის გახმაურება ვის რაში ჭირდება, ვადასტურებ, რომ რუსი სამხედროები ტაზარში ხშირად დადიან… ჩვენი ტაძარი ე.წ. „საზღვართან“ ახლოს მდებარეობს, ამიტომ როდესაც ჯარისკაცები ქსნნის ხეობიდან (ოკუპირებული ახალგორის რაიონში) ამ ტერიტორიაზე გამოივლიან, შემოვიპატიჟებთ ხოლმე, ისინი ქრისტიანულად იქცევიან და ამ მხრივ ჩვენს შორისარანაირი დაპირისპირება და კონფლიქტი არ ხდება“.

მამა მათე ჯულაყიძის მსგავსად რუს ჯარისკაცებთან რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს ლომისის მამათა მონასტერში მოღვაწე მამა პეტრრეც. იგი მცდარი ინფორმაციის გავრცელებას „გრძელ ენებს“ უკავშირებს:

„არ ვიცი, რა არის იმაში განსაკუთრებული, რომ რუსი ჯარისკაცები ტაძარში სალოცავად დადიან… ჩვენთვის ისინი ჩვეულებრივი მრევლის ნაწილნი არიან, რომლებიც მონასტერში საზიარებლად მოდიან. რა არის აქ გასაკვირი? მონასტერში შესვლის უფლება ყველას აქვს. ტყუილი და აბსურდია ის ინფორმაცია, თითქოსდა რუსები მონასტრის ბერებს აწიოკებენ და აწუხებენ. მე პირადად ასეთი ინფორმაციების გავრცელებას ადამიანების „გრძელ ენას“ ვუკავშირებ. რუსი ჯარისკაცები არაფერს აშავებენ და ტაძარში რატომ არ უნდა მივიღოთ? ალბათ, სიტუაციის გართულება ვიღაცას აწყობს… ყველას გასაგონად ვამბობ, რომ რუს ჯარისკაცებს და ჩვენს შორის არანაირი დაპირისპირება და დაძაბულობა არ არსებობს“, – ამბობს მამა პეტრე.

„რეზონანსი“ საქართველოს კათაოლიკოს-პატრიარქის მდივანს მამ მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა და ამ საკითხის კომენტირება სთხოვა, თუმცა მან განაცხადა, რომ ლომისის მამათა მონასტერში მომხდარ შემთხვევაზე ინფორმაციას არ ფლობს.

„არაფერი არ ვიცი, თქვენგან პირველად მესმის. ალბათ, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, თორემ რაიმე ინფორმაცია აუცილებლად მექნებოდა. რაც სეეხება ზოგადად რუსი ჯარისკაცების ლომისი მონასტერში სიარულს, რა ტქმა უნდა ვიცი. ეს ისედაც ლოგიკურია, რადგანაც „საზღვრის“პირა მონასტერია და მორწმუნე ჯარისკაცები იქ მოსალოცად ხშირად დადიან. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ“, – აცხადებს მამა მიქაელი.

Comments are closed