globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 13 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 13th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: „ოცნების” ხმაურიანი ტრანსფერები // რომელ ცნობილ პოლიტიკოსებზე ნადირობს მმართველი გუნდი

„რეზონანსი“: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „პარტიები პენსიონერებზე აკეთებენ აქცენტს, რადგან ახალგაზრდები პოლიტიკურად აქტიური არ არიან“ // „პოლიტიკური პარტიები „სხვა სამყაროში“ არიან, ვერ ფლობენ საკუთარ ამომრჩეველს“

„რეზონანსი“: წინასაარჩევნო ნადირობა უმუშევართა ხმებზე // რამდენად შეუძლია ქვეყანას ასეულობით ათასი ადამიანის დასაქმება?

——-

ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „ქართული ოცნების“ სიებში ისეთი ადამიანები მოხვდნენ, ვინც ნაციონალებს აფინანსებდა“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „პაატა ბურჭულაძის ჩაძირვა ნაციონალებისთვისაც მომგებიანია და „ოცნებისთვისაც“ // „მომდევნო ოთხ წელს „გადადექი, გადადექის“ ძახილში გავატარებთ“

——-

„თბილისელები“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: რატომ არის საქართველო იძულებული, მისცეს სოხეთსა და რუსეთს შეუფერხებელი კავშირის უზრუნველმყოფი მცხეთა–ვლადიკავკაზის ავტობანი

——————-

„რეზონანსი“, 13 სექტემბერი, 2016 წელი

ოცნების ხმაურიანი ტრანსფერები

რომელ ცნობილ პოლიტიკოსებზე ნადირობს მმართველი გუნდი

თიკო ოსმანოვა

“პოლიტიკური ვაჭრობა” – დავით ბაქრაძე, პაატა ბურჭულაძე და დავით უსუფაშვილი – ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ამ ადამიანებს საკუთარი გუნდების დატოვებას სთხოვდა, რაზედაც სამივესგან უარი მიიღო.

პოლიტოლოგები პოლიტიკაში “გადაბირება-გადმობირებას” ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ.  სოსო ცინცაძის თქმით, ეს ქართული ნოუ ჰაუ არ არის, უბრალოდ, მხოლოდ ჩვენთან იღებს მასობრივ ხასიათს.

“კადრების საშინელი შიმშილი აქვს და იმიტომ სჭირდება ამდენი გავლენიანი ადამიანი. ბიძინა ივანიშვილი, ვისაც ასეთი დიდი რესურსი აქვს, ცდილობს, ყველა გავლენიანი პოლიტიკოსი თავის ბანაკში იყოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომაც თქვა მან, ყოფილი პროკურორი ზურა ადეიშვილი ჩემთან რომ ყოფილოყო, სულ სხვანაირად იქნებოდაო. ყველა ცდილობს, თავის მხარეზე გადაიბიროს გავლენიანი პოლიტიკური ძალები, ვისაც ვერ გადაიბირებს, მაშინ დაასუსტებს. მაგრამ პირველი მცდელობა ყოველთვის მშვიდობიანია. მთელ მსოფლიოში ასე ხდება, ქართული ნოუ ჰაუ არ არის, უბრალოდ, საქართველოში ეს მასობრივ მახინჯ ხასიათს იღებს. ბევრ პოლიტიკოსს აუქციონზე გააქვს საკუთარი თავი.

კადრების საშინელი შიმშილი აქვს და იმიტომ სჭირდება ამდენი გავლენიანი ადამიანი. აი, ხომ ხედავთ, მარნეულის კანდიდატი რა სისულელეებს ლაპარაკობდა, კაციშვილმა ვერ გაიგო ან ბათუმის წარმომადგენელი, რომელსაც სატრაბახო ის ჰქონდა, სამრეცხაო გავხსენით და ორი კაცი დავასაქმეთო. ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალების ფასი იცის, ეს რომ არ იცოდეს, ასეთი წარმატებული ბიზნესი არ ექნებოდა”, – გვითხრა სოსო ცინცაძემ.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძეს “ნაციონალური მოძრაობის” დატოვება სტრასბურგში შეხვედრისას, ერთი საათის განმავლობაში სთხოვდა. „დავით ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობები მქონდა, რომ დატოვე და წამოდი-მეთქი. მეგონა, უფრო მოწესრიგებული კაცი იყო. სტრასბურგში შევხვდი და მთელი საათი ვაწვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ადექი, წამოდი-მეთქი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა ასევე პაატა ბურჭულაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავის დროზე მის გადაბირებასაც ცდილობდა. რაზეც მსოფლიო ბანმა დიდი თანხის გადახდა მოსთხოვა. “სამი წელია, ბურჭულაძე არ მინახავს, ნაწყენი ვიყავი, რადგან თავის დროზე, როცა ვთხოვე გვერდით დაგვიდექი, უამრავი ფული მოითხოვა”, – თქვა ყოფილმა პრემიერმა. მისი თქმით, მან პრესაში წაიკითხა ლევან ბერძენიშვილის განცხადება, რომ ასეთი არაბუნებრივი გაერთიანება ვერ მოხდებოდა, კერძოდ, კუბლაშვილს, ვაშაძესა და კაციტაძეს გულისხმობდა.

“ამაზე ბუნებრივი გაერთიანება მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ არ დაგიმალოთ. რანაირად შეიძლება კუბლაშვილისა და ვაშაძის გაერთიანება იყოს არაბუნებრივი და კაციტაძისაც. თუ თქვენ გახსოვთ, გამყრელიძემ პოლიტიკა მხოლოდ იმ ნიშნით დატოვა, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ “ახალი მემარჯვენეები” იყო ფსევდოოპოზიციური პარტია და ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” შემადგენელი ნაწილი. დღეს ასეთი ერთადერთი დარჩა “ლეიბორისტული პარტია”. დანარჩენებიც – ქდმ ჩაიშალა, ნათელაშვილს არსად ჰქონდა წასასვლელი, იმიტომ, რომ მაგაზე უამრავი კომპრომატი აქვთ და დღესაც ამუშავებენ “ნაცები”. კაციტაძე იყო ჩვეულებრივად “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. მეტი ბუნებრივი გაერთიანება რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ასეთი ჩახლართული სიტუაციები და ასეთი ხელწერა გახლავთ სააკაშვილის. ის ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას. მადლობა ღმერთს, რომ ეს კარგად გაირკვა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილთან დადის ოდესაში, ფოტოებიც გამოქვეყნდა.

“გაიხსენეთ ბურჭულაძის პირველივე განცხადებები, რომ მოვიდა. ნახეთ, სააკაშვილთან უკრაინაში რამდენჯერ ჩასულა, იქ დადის ძირითადად ეს კაცი. ფოტოები გამოქვეყნდა, ჩახუტებული სააკაშვილთან. მე სამი წელია, ეს კაცი არ მინახავს. ნაწყენი ვიყავი იმიტომ, რომ თავის დროზე, როცა ვთხოვე გვერდით დაგვიდექი, უამრავი ფული მოითხოვა და შეურაცხყოფილი იყო, უარი ვუთხარი. ამის შემდეგ 3 წლის განმავლობაში 60 წლისთავი სამჯერ გადაიხადა და არცერთხელ მივსულვარ. ბერძენიშვილს თუ არ წაუკითხვას ბურჭულაძის განცხადებები, წაიკითხოს, აბსოლუტურად თანხვედრაში იყო “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებებთან. ნათელმხილველობას თუ არ დაიწყებენ “რესპუბლიკელები და ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან და მკითხაობას თავს დაანებებენ, კარგი იქნება. ობიექტური საფუძველი არ გააჩნიათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ანალოგიური მცდელობა ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, რომელსაც “ოცნების” თავმჯდომარეობას სთავაზობდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი უთხრა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებები “პოლიტიკურ ვაჭრობასთან” დაკავშირებით არ გაკვირვებიათ პოლიტოლოგებს. ამბობენ, რომ პოლიტიკურ სივრცეში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

გია ნოდიას თქმით, ყოფილი პრემიერი ამას ოპონენტების დასასუსტებლად აკეთებს: “ქართული ოცნება”, რაც მოვიდა ხელისუფლებაში, სულ ვიღაცების გადაბირებას ცდილობს. “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე პარლამენტარი გადაიბირა და მაშინაც მათი მოტივი იყო ოპოზიციის დასუსტება და თავისი უმრავლესობის გაძლიერება. ”ამ შემთხვევაშიც, რაკი მათი რეიტინგი არ არის დიდი, როგორც თვითონ უნდათ, შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნათ, ამიტომ უნდათ დაასუსტონ მოწინააღმდეგე და თუ გადმოიბირებენ ვიღაც გავლენიან ლიდერს, ბუნებრივია, ეს დაასუსტებს ოპონენტებს”, – განუცხადა “რეზონანსს” გია ნოდიამ. მისი თქმით, აქ პიროვნულ კადრებზე არ არის საუბარი, მთავარია ოპონენტების დასუსტება.

“პოლიტიკურ ვაჭრობას” ბუნებრივ მოვლენას უწოდებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, ასეთი მცდელობები კიდევ იქნება. ეს ის ხალხია, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია, რაღაც გავლენები აქვს საზოგადოებაში, შესაბამისად, მცდელობა ივანიშვილის, რომ ისინი თავისკენ წაეყვანა, სრულიად ბენებრივია. ასე რომ, აქ უჩვეულო არაფერია. პოლიტიკური პროცესისთვის პარტია ეძებდეს ისეთ კადრებს და გადაჰყავდეს თავის რიგებში, რომლებსაც გარკვეული რეიტინგი აქვს, ბუნებრივი პროცესია”, – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

„რეზონანსი“, 13 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „პარტიები პენსიონერებზე აკეთებენ აქცენტს, რადგან ახალგაზრდები პოლიტიკურად აქტიური არ არიან“ // „პოლიტიკური პარტიები სხვა სამყაროში არიან, ვერ ფლობენ საკუთარ ამომრჩეველს

ნინო ქეთელაური

“პოლიტიკური სუბიექტები მთავარ შეტყობინებას ვერ ქმნიან იმიტომ, რომ მათ კავშირი დაკარგეს ამომრჩეველთან”, – ასე აფასებს პიარტექნოლოგი არჩილ გამზარდია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სლოგანებსა და დაპირებებს. მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებს პიარის მიმართულებით საკმაოდ დიდი კრიზისი აქვთ და პრაქტიკულად “სხვა სამყაროში” არიან. როგორც იგი ამბობს, პარტიების ძირითადი “მიგნება” სოციალური საკითხები და ამ მიმართულებით გაცემული დაპირებებია, რაც ეფექტური აღარ არის.

არჩილ გამზარდია: ერთი მხრივ, სლოგანის ფუნქციაა, რომ მარტივად და კრეატიულად გამოთქვას ის ძირითადი შეტყობინება, რითიც პოლიტიკურმა სუბიექტმა საკუთარი თავი უნდა წარუდიგინოს საზოგადოებას. ეს არის ძირითადი შეტყობინება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად “სხვა სამყაროში” არიან, ვერ ფლობენ საკუთარ ამომრჩეველს, მათ მდგომარეობას, იმას, თუ რა უნდა მიაწოდონ მათ და როგორ დააჯერონ.  პოლიტიკური სუბიექტების ერთადერთი “მიგნებაა” სოციალური საკითხები. გასაგებია, რომ სოციალურ საჭიროებებზე, დასაქმებაზე, შემოსავალზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ, მოსახლეობაში პოსტსაბჭოური დამოკიდებულებებიც არსებობს და პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, ამაზე ააგონ თავიანთი სლოგანები, მაგრამ ეს თავის დროზე თუ ჭრიდა, დღეს ასეთი სლოგანებისა და დაპირებების მიმართ უფრო მეტი სკეპტიციზმი არსებობს და ამგვარი სლოგანები ეფექტური აღარ არის.

მეორე მხრივ, ეს არის ზედმეტი “ჩატენვა”, ანუ ცდილობენ, ერთ სლოგანში “ჩატენონ” ყველა ის ძირითადი სლოგანი, რითიც უნდათ, რომ საზოგადოება დააინტერესონ, რაც არააღქმადი ხდება. მაგალითად, მმართველი პარტიის სლოგანი – “ჩვენ გამოვკითხავთ ქუჩაში ადამიანებს”, შეიძლება აქედან ერთი სიტყვა გაიხსენონ, მაგრამ მთლიანობაში არა მგონია, ის დამაჯერებელი იყოს, რადგან ყველაფერი ერთად არის “ჩატენილი”.  სლოგანი მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო ზუსტად აღწევს სამიზნეს. მაგალითად, გავიხსენოთ, “საქართველო შევარდნაძის გარეშე”, “საქართველო სიღარიბის გარეშე”, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურ დონეზე ნეგატიური სლოგანები არ არის ხოლმე გამართლებული, ამან იმუშავა, რადგან საზოგადოების უმრავლესობის პოზიცია კარგად იყო ჩამოყალიბებული წინა მმართველი პარტიის მიერ და საზოგადოებას ზუსტად ეუბნებოდნენ იმას, რისი მოსმენაც მათ უნდოდათ, რასაც საკმაოდ კარგი ეფექტი ჰქონდა. იგივე თავისუფლებასთან დაკავშირებული ფრაზები: “გათავისუფლდი”, “მეტი თავისუფლება” და ა.შ რაც არა მგონია, ამომრჩეველში განსაკუთრებულ ემოციას იწვევდეს. “რესპუბლიკურმა პარტიამ” კი სცადა ამის დაკონკრეტება, მაგრამ მე მგონია, რომ ამომრჩევლის სტატისტიკურ უმრავლესობამდე მაინც ვერ აღწევენ.

საერთო ჯამში, პოლიტიკური სუბიექტები მთავარ შეტყობინებას ვერ ქმნიან იმიტომ, რომ მათ კავშირი დაკარგეს ამომრჩეველთან.  შესაბამისად, შეტყობინების მოძებნა უჭირთ. აღარ ვსაუბრობ ამ შეტყობინების კრეატიულად გამოხატვაზე. ამიტომ, პოლიტიკური პარტიებიდან ვერც ერთს ვერ გამოვყოფდი, როგორც დამაჯერებელს ან დადებითს. პარტიებს ძირითად მოთამაშედ თავისი ამომრჩეველი უკვე ჰყავს და ასეთ დეტალებს ყურადღება შეიძლება საერთოდ არც მიაქციონ. აქ კიდევ ვლინდება ჩვენი პოლიტიკური პროცესის ნეგატიური თავისებურება, პოლიტიკური სუბიექტები ამომრჩეველზე საკმარისად არ მუშაობენ, რის გამოც მათი 60% პასიურ მდგომარეობაშია. ყველა პარტია თავის ამომრჩეველს მიმართავს და არ იბრძვის ახალი ამომრჩევლის მოსაპოვებლად.

საერთო ჯამში, საარჩევნო პროცესებში თანამონაწილეობაც რიტუალის როლს ასრულებს, ამიტომაც გვაქვს ასეთი პასიური და უმოქმედო წინასაარჩევნო კამპანია.

- როგორ შეაფასებთ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს, ამ თვალსაზრისით, რომელიმე პარტიას თუ გამოყოფდით, რომელსაც სწორი მიმართულებები აქვს?

- ძალიან სწორი გადასვლაა, ის რაც სლოგანშია მოცემული, პროგრამაში უნდა იყოს ასახული და გაშლილი. ეს ორი იმიტომ ჰგავს ერთმანეთს, რომ პროგრამები იწერება არაცნობიერი ამომრჩევლისთვის, ისეთისთვის, ვინც იდეოლოგიურად შეიძლება ერთ მხარეს იდგეს, მაგრამ პოზიცია მეორე მხარის ჰქონდეს. ჩვენთან, სოციალურ ქსელში სახალისო ტესტები რომ ტრიალებდა, ძალიან ბევრმა აღმოაჩინა, რომ სრულიად სხვა იდეოლოგიის იყო და სულ სხვა პარტიას აძლევდა ხმას. ეს იმიტომ, რომ ფასეულობების მიხედვით არ აძლევენ ხმას. რაკიღა არაცნობიერია ამომრჩეველი, პოლიტიკური პარტიებიც ერთი და იმავე ტექსტს ისვრიან, რომ ეს იყოს გარკვეული მახე.

პროგრამები და შეპირებები პოლიტიკური სუბიექტებისთვის აღმოჩნდა არა სამუშაო დოკუმენტი, არამედ გარკვეული მახე, რომ მასში ამომრჩეველი გააბან. არ შეიძლება, რომ ერთმანეთს ჰგავდეს სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმის პროგრამა.

პროგრამა არის პოლიტიკური ძალის გეგმა ინსტრუმენტებისა და შედეგების, თუ რის მიღწევას აპირებენ და რისი საშუალება აქვთ, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ფასეულობის პარტიები ამის მიღწევას სხვადასხვანაირად აპირებენ.

რადგანაც ამ ყველაფერს ყურადღება არ ექცევა, ხშირ შემთხვევაში საარჩევნო პროგრამები პრიმიტიული, მდაბიო აუქციონის ფორმას იღებს, ვინ უფრო მეტ დაპირებას გასცემს, ვინ უფრო მეტ სოციალურ გარანტიას შეჰპირდება და ა.შ.  მაგრამ 2016 წელს ესეც უკვე სხვა ფორმატში გადავიდა. 2012 წლიდან მოყოლებული “ქართულ ოცნებას” ყველა დეტალს უთვლიან, სად რა შეპირება თქვა და რამდენად შეასრულა, იგივე, იუმორის თვალსაზრისით რომ ვთქვათ, იმ მილიონი ხის დათვლაც კი დაიწყეს, რადგან შეპირება რიცხვებში იყო მოცემული.

დღეს პოლიტიკური პარტიები პროგრამებში ამ რიცხვების დასახელებასაც თავს არიდებენ, იმიტომ არიან უსახურები. თუმცა, ჩვენ რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ საინტერესო დეტალს, პარტიები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად სჯერათ საკუთარი გამარჯვების, უფრო ზოგად დაპირებებს იძლევიან, ვიდრე ისინი, ვინც იცის, რომ პარლამენტში ვერ მოხვდება.

რაც უფრო ნაკლები შანსი აქვს პოლიტიკურ სუბიექტს, მით უფრო ზუსტი და დიდი შეპირებები აქვს. მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობა” ხვდება, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვა და ადვილად ისვრის პენსიის გაზრდის დაპირებას. “ქართული ოცნება” პირიქით, ფიქრობს, რომ ხელისფლებაში კვლავ მოვა და მათი დაპირებები ბევრად უფრო რთულად დაწერილია.  მარტივად გამოსახატავი აზრიც კი იმდენად რთულად აქვთ ჩახუჭუჭებული, რომ აღქმა გაგიჭირდეს და მათი მოღვაწეობის შედეგი ნაკლებად სადავო გახდეს.

პროგრამების თავისებურებაც ამაში ვლინდება, რომ ერთნაირია, ერთსახოვანია, რაშიც ნაკლები შანსები აქვთ პოლიტიკურ სუბიექტებს, იმაში უფრო დიდ დაპირებებს იძლევიან, ხოლო ვისაც მეტი შანსი აქვს, რომ ეს პასუხისმგებლობა აიკიდოს, იმ ნაწილში უფრო ზოგადად ესაუბრება ამომრჩეველს.

- პიარის თვალსაზრისით, რა არის ის ძირითადი შეცდომები, რასაც პოლიტიკური პარტიები უშვებენ?

- პირველი, პროდუქტი უნდა იყოს შექმნილი. მაგალითად, “მერსედესის” ფირმამ იცის, რომ თუ მანქანების ხარისხს გააფუჭებს, შეიძლება ერთი წყება გაყიდოს, მეორეს ვეღარ გაყიდის და მყიდველს დაკარგავს. ანუ პროდუქტი უნდა იყოს შემდგარი, რადგან წარმატება არ მიიღება ერთჯერადი დაპირებებითა და ტყუილით.

მეორე, ეს არის მისი შეფუთვა. თუ პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია ნომალური ადამიანური რესურსები, სახელმწიფოს მართვის პოტენციური შესაძლებლობები, თუ მას საკუთარი თავი სახელმწიფოში არ აქვს ადაპტირებული და ა.შ მას სჭირდება შესაბამისი რესურსები, რათა მყიდველს შესაბამისი შეფუთვით მიაწოდოს და გაყიდოს. ნებისმიერ პროდუქტს ვაფასებთ თავისი მახასითებლებით, ფასით და აშშ.

დააკვირდით, პოლიტიკურ პარტიებს პენსიონერებზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, რადგან იციან, ახალგაზრდები პოლიტიკურად აქტიური არ არიან, ამიტომ მაგალითად, განათლების საკითხზე პარტიების უმრავლესობამ რამდენიმე ფრაზა ისროლა და დანარჩენი ააგო იმაზე, ვინც ტელევიზორს უყურებს, ადვილად წავა არჩვნებზე და ა.შ.

მხოლოდ ამ ფაქტორების გათვალისწინებით არის შესაძლებელი, რომ პოლიტიკური სუბიექტი იყოს დაცული შეცდომებისგან და არ იყოს აგებული ვიღაცის წინააღმდეგ კამპანიაზე. თავის დროზე, პოლიტიკურ პარტიას უშველა იმან, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შევარდნაძის გარეშე უნდოდა საქართველო და ამაზე ააგეს საკუთარი სლოგანი. შემდგომ იყო სააკაშვილთან მიმართებით.

დღეს ამ მხრივ სიახლეა და ვიღაცის წინააღმდეგ აღარ არის კამპანია მიმართული, რომლის ხარჯზეც გავა პოლიტიკური პარტია. მე ვიტყოდი, კარგია, რომ პოლიტიკურ ბაზარზე ეს კრიზისი შეიმჩნევა, რადგან პოლიტიკურმა სუბიექტებმა არ იციან, როგორ ისაუბრონ. ახლა რომ იძახონ საქართველო კვირიკაშვილის გარეშეო, არაადეკვატური იქნება, რადგან მსგავსი დამოკიდებულებები საზოგადოებაში არ არის. ეს ქმნის კრიზისს, რადგან ადამიანები უკვე იხედებიან პარტიებს შიგნით, თუ რას სთავაზობენ ისინი ამომრჩეველს.

უფრო მეტსაც გეტყვით, 2020 წლისთვის, თუ ეს პარლამენტი მდგრადი იქნება და რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, ეს კრიზისი კიდევ უფრო გაიზრდება და ეს ძალიანაც კარგი იქნება, რადგან პარტიები უფრო მეტად დამაჯერებლები იქნებიან და ლოზუნგებით არ ისაუბრებენ. ამ შემთხვევაში შედგება პროდუქტი და მისი მიწოდების ფორმაც.

„რეზონანსი“, 13 სექტემბერი, 2016 წელი

წინასაარჩევნო ნადირობა უმუშევართა ხმებზე

რამდენად შეუძლია ქვეყანას ასეულობით ათასი ადამიანის დასაქმება?

ელზა წიკლაური

საქართველოში უმუშევრობის პრობლემა დღემდე მწვავედ დგას.  ამიტომაც, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მხრიდან “დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის” დაპირება ერთ-ერთ მთავარ პუნქტად იქცევა. ამჯერადაც, პარტიები ჩვეულ სტილს არ ღალატობენ და გამარჯვების შემთხვევაში ათეულობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნის პირობას დებენ. ზოგი 135 ათასზე საუბრობს, ზოგი – 200 ათასზე, ზოგიერთის სურვილი უფრო ამბიციურია და მომავალი 4 წლის განმავლობაში დამატებით 250 ათასი ადამიანის დასაქმებაზე აკეთებს გათვლას.

წინასაარჩევნო პროგრამებში პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლის გულის მოგებას, როგორც წესი, გულუხვი დაპირებებითა და “მოსახლოების კეთილდღეობაზე მორგებული” ეკონომიკურ-სოციალური პროგრამებით ცდილობენ. ხშირ შემთხვევაში, მათი დაპირებები უტოპიურია და საქართველოს ეკონომიკაზე ნაკლებად მორგებული.  ასეთად შეიძლება ჩაითვალოს დასაქმების მაჩვენებლის იმ რაოდენობით ზრდა, რასაც პარტიები მოსახლეობას ჰპირდებიან.

“ბურჭულაძის” ბლოკ-პარტია მომავალი 4 წლის განმავლობაში დასაქმებულთა არმიის 250 ათასი კაცით ზრდას გეგმავს. პარტაში მიაჩნიათ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, არადა, პარტიის არგუმენტს დამაჯერებლობა აშკარად აკლია, რადგან ამ ოდენობით სამუშაო ადგილი არათუ 4 წლის, არამედ 12 წლის განმავლობაში არ შექმნილა ქვეყანაში.

არანაკლებ ამბიციურია “ქართული ოცნების” დასაქმების პროგრამაც. მმართველი გუნდი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში უმუშევრობის 40%-ით შემცირებას და დამატებით 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას პროგნოზირებს. პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი, თუ საიდან ელოდება “ქართული ოცნება” დამატებით სამუშაო ადგილებს.

პროგრამის მიხედვით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად 50 000 სამუშაო ადგილი გაჩნდება. 40 000 ადამიანი დასაქმდება ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად. კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მეშვეობით “ქართული ოცნება” 50 0000 ახალ სამუშაო ადგილს ელოდება. საუბარია ავტობანსა და შიდა საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტებზე.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად მმართველი პარტია დამატებით 10 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდება. 50 000 სამუშაო ადგილს კი პარტია ტურიზმის, ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად ვარაუდობს.

შედარებით მოკრძალებულ ციფრს ასახელებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”. ყოფილ მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ დაგეგმილი საგადასახადო ცვლილებების შემდეგ, 2017 წელსვე შეიქმნება 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. მომდევნო წლებში კი მოსალოდნელია ყოველწლიურად 30 000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა. მთლიანად მომავალი 4 წლის განმავლობაში “ნაცმოძრაობა” 135 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

დასაქმების პრობლემა საარჩევნო პროგრამაში ყველა პარტიას აქვს შეტანილი, თუმცა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან ზოგიერთი თავს იკავებს. მაგალითად, “ფომუმის” პროგრამის მიხედვით, “შეიქმნება უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაციო ბანკი, რათა შესაძლებელი გახდეს მათთვის ადეკვატური სამუშაოს შეთავაზება; ფოკუსირება მოხდება უმუშევრის მიერ ახალი სამუშაო ადგილის ძიების პერიოდის შემცირებისაზე და იმ უმუშევრების ხელშეწყობაზე, რომლებსაც აქვთ დასაქმების უმცირესი შანსი და შესაძლებლობა” და ა.შ.

უმუშევრობის შემცირებაზეა საუბარი “თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო პროგრამაში, თუმცა რამდენი ადამიანით აპირებს პარტია დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, დაკონკრეტებული არც მათ არ აქვთ. პროგრამაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი იქნება შრომის ბაზარზე ორიენტირებული ზრდასრულთა განათლებისა და გადამზადების სისტემის განვითარება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კონკრეტულ მაჩვენებლებზე არ საუბრობენ არც “რესპუბლიკელები”.

რამდენად შეძლებენ პოლიტიკური პარტიები ამ რაოდენობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, მალე გაირკვევა. დღეს კი, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დასაქმების სტრუქტურის შეცვლის გარეშე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მხოლოდ ცარიელ სიტყვებად დარჩება.

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ მოსახლეობისთვის უმუშევრობა ნომერი პირველი პრობლემაა და ამიტომაც პარტიებმა ამ გამოწვევას ალღო უნდა აუღონ და დააკამაყოფილონ ეს ინტერესი:

“ყველა ცდილობს, რომ პირდაპირ დააფიქსიროს ან მინიშნება გააკეთოს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის ამ პრობლემას დიდ ყურადღებას მიაქცევს. “ოცნების” 200 000 ახალი სამუშაო ადგილი არარეალური არ არის, თუმცა საქმე ისაა, რამდენად მოხდება ამ გეგმის შესრულება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. თუმცა წინასაარჩევნო პროგრამაში საჭიროა უფრო მეტი ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ იმაზე, რაოდენობრივად რამდენას დავასაქმებთ, არამედ იმაზეც, თუ რომელი დარგები და მიმართულება იქნება პრიორიტეტული. თუ აქ საუბარია სეზონურ დასაქმებაზე, შეიძლება დაასაქმო ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ეს არ იქნება ხანგრძლივი. ამიტომ საჭიროა ისეთი დარგების განვითარება, რომელიც წინ წამოწეული არ არის, თუმცა პოტენციალი აქვს”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ჭარაიამ.

მისივე თქმით, პროგრამებში არ არის გამახვილებული ყურადღება ინვესტიციებზეც, საუბრობენ მხოლოდ იმაზე, რომ უფრო მეტ კაპიტალს მოიზიდავენ: “ეს ინვესტიციები რა მიმართულებით წავა და რას მოხმარდება, არავინ არაფერს ამბობს. არადა, სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი. შეიძლება ინვესტიცია შემოვიდეს მშენებლობაში, ადამიანები დასაქმდნენ მაქსიმუმ 2 წელი, შემდეგ მშენებლობა დასრულდება და დასაქმებულებიც სამსახურის გარეშე დარჩებიან. თუ საუბარი იქნება რეალური სექტორის განვითარებაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, დასაქმებაც გრძელვადიანი იქნება. ამიტომაც რეალურ სექტორში ინვესტიციების განხორციელება ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს”, – დასძინა ჭარაიამ.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მხრიდან უფრო პოპულისტური განცხადებები და დაპირებები ხმაურდება, ვიდრე სხვა დროს. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა ამომრჩევლების გადაბირების მიმართულებით. მეტიც, ამ დროს მემარჯვენე ორიენტაციის პარტიები ხშირად მემარცხენეებად გადაიქცევიან და ისინი მოსახლეობას მათთვის უცხო იდეებს სთავაზობენ.

“რაც შეეხება პარტიების მიერ უმუშევრობის შემცირებაზე საუბარს, აქ არ ჩანს, რომ ისინი აქცენტს დასაქმების სტრუქტურაზე აკეთებდნენ. დღეს ფაქტობრივად, ჩვენი დასაქმების სტრუქტურა ოპტიმალურ დონეს ძალიან დაშორებულია და მისი გაუმჯობესება თვით ახლანდელი უმუშევრობის დონის შემთხვევაშიც კი ძალიან სერიოზულ დადებით შედეგს მოიტანდა. ისეთი დონის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, 7-8%-იანი უმუშევრობის დონე შეიძლება ოპტიმალურიც კი არის. ახლა გვაქვს 12%-იანი უმუშევრობა.

შეიძლება ისე მოხდეს, რომ უმუშევრობის დონე დარჩეს უცვლელი, სამუშაო ადგილების რაოდენობაც იყოს უცვლელი, მაგრამ სტრუქტურის გაუმჯობესების ხარჯზე (ანუ შემცირდეს თვითდასაქმებულთა რაოდენობა და გაიზარდოს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა), მივიღოთ გაცილებით კარგი ეფექტი. ამას სჭირდება სერიოზული ძალისხმევა. ახალმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და იმაზე, რომ წინა პლანზე წამოწიოს რეალური სექტორი”, – დასძინა არჩვაძემ.

იმ დროს, როდესაც უცნობია, თუ სად უნდა მოხდეს ამ ადამიანების დასაქმება, არჩვაძის თქმით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან უმუშევრობის შემცირებაზე საუბარი არის მხოლოდ ლოზუნგი და სხვა არაფერი.

———————

ახალი თაობა“, 13 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „ქართული ოცნების სიებში ისეთი ადამიანები მოხვდნენ, ვინც ნაციონალებს აფინანსებდა

ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე ბოლო პერიოდის პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აფასებს.

- ქალბატონო ნანა, გოგა ხაინდრავას ფილმს ჰეროკრატია დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში. სერიოზული კრიტიკა გვესმის. კეთდება შეფასებები, რომ ეს ფილმი უარყოფით შედეგს მოიტანს, რომ ყველაფერი გამოგონილია და ასე შემდეგ. თქვენ უშუალო შეხება გქონდათ პატიმრებთან და რისი თქმა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით?

- სანამ ეს ფილმი ეკრანზე გამოჩნდებოდა, მანამდე დაიწყო ნაციონალური მოძრაობის მხრიდან უარყოფითი შეფასებები და გალაშქრება ამის წინააღმდეგ. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ამ ფილმში მაქსიმალურად იქნებოდა მიახლოებული ის რეალობა, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა.

- რამდენად არის ეს ფილმი რეალობასთან ახლოს?

- ამ ფილმს პოლიტპატიმრებთან ერთად ვუყურე. 180-ზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ამ ფილმის საყურებლად.

- როგორი იყო მათი რეაქცია?

- ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ ფილმი მიახლოებულია რეალობასთან, მაგრამ მსახიობს მაინც არ შეუძლია სრულად გადმოსცეს ის სატანჯველი, რაც მათ თავს ხდებოდა. მიაჩნიათ, რომ ფილმი შედარებით მსუბუქია, ვიდრე იყო რეალობაში. ისინიც თვლიან, რომ მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, თუ რა ხდებოდა ნაციონალების მმართველობის პერიოდში.

- მოვისმინეთ შეფასებებიც, რომ ეს არის წინასაარჩევნო პიარი, რომ ოცნება ისევ ძველი კადრებით ცდილობს ფონს გავიდეს...

- ეს ვერ იქნება „ქართული ოცნებისათვის“ პიარი. ის პოლიტიკა, რომელიც მათ წარმართეს და ეს ფილმი ორი სხვადასხვა რეალობაა. ვინც ნახა ეს ფილმი, ყველას ეს განცდა გაუჩნდა – ამ დალოცვილებმა, თუ რეალობა ასეთნაირად იცოდნენ, როგორ არ მოახდინეს ამ დამნაშავეების პასუხისგება?! დღეს კი „ქართული ოცნების“ სიებში ისეთი ადამიანები მოხვდნენ, ვინც ამ რეჟიმს აფინანსებდა, ამაგრებდა და ამყარებდა. ადამიანები, რომლებმაც ციხის კადრების შემდეგ ნაციონალების სიით მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, როგორ შეიძლება დღეს „ოცნების“ სიით მონაწილეობდნენ არჩევნებში?!

- მაშინ გამოდის, რომ ეს ფილმი ანტირეკლამა იქნება ხელისუფლებისთვის, რადგან მან დანაპირები სამართლიანობა არ აღადგინა. ეს ოცნებამ ვერ გათვალა?

- ეს ფილმი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე არ იმოქმედებს დადებითად. თუმცა როდესაც ჯიხურში შედის შემოსახაზად, ის რჩება იმ რეალობის წინაშე, რომ მაშინ ვინ?! სხვა ალტერნატივა დღეს ქვეყანაში არ არსებობს. სხვა დანარჩენი კიდევ უარესია. ამ არჩევნებზე ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ, არჩევანი „ოცნებასა“ და ნაციონალებს შორის კეთდება.

- არჩევანი ცუდსა და უარესს შორის?

- დღეს ჩვენ სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია და ეს არის ძალიან ცუდი! როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ აქ შეიქმნებოდა ევროპული დემოკრატია, ეს არ მოხდა. დღეს ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ვერავინ ბედავს დააფინანსოს, ან გვერდით დაუდგეს ნორმალურ ეროვნულ ძალებს. დღეს დიდი ფული ან არის ნაციონალური მოძრაობის და მათი სატელიტების ხელში, ან ბიძინა ივანიშვილის ხელში. მესამე ფული ქვეყანაში არ არსებობს.

- ეს ორი ძალა ქმნის დღეს პოლიტიკას ქვეყანაში?

- ამ ორი ძალის ფული ქმნის დღეს რეალურად პოლიტიკას. ის 15 ადამიანი, რომელიც საგურამოში წარადგინა, არ ვიცი, მათ რა კავშირი აქვთ ილია ჭავჭავაძესთან, ეროვნულობასთან. ისინი პირდაპირი ჯაშუშები არიან უცხო ქვეყნის. როდესაც ამ ადამიანების სია გამოქვეყნდა, იქ უკვე ყველაფერი ნათელი იყო.

- რა იყო ნათელი?

- რომ პირველი კოჭი გაუგორეს სწორედ ამერიკის საელჩოს, დასავლეთს. პირველი პრეზენტაცია სწორედ ამას ნიშნავდა. დასავლეთი თავის ინტერესს ორივე ფრონტზე ატარებს, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე `ქართული ოცნების~ მეშვეობით.

- პრორუსული ძალებიც ხომ არიან?

- რუსეთის პოლიტიკურ ინტერესს მე დღეს ვერ ვხედავ ქართულ პოლიტიკაში. რა ინტერესიც არის დასავლეთის, ამას ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი და ამას ახორციელებს ნაციონალური მოძრაობა.

- ეს აისახა ოცნების სიაზე?

_ რასაკვირველია, აისახა! დღეს ჩვენი ქვეყანა დამონებულ მდგომარეობაშია, მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ ფარატინა ფურცელია და სხვა არაფერი. ეს მკაფიოდ არის ასახული „ოცნების“ სიაში და იმ პოლიტიკაში, რომელსაც კვირიკაშვილი ატარებს.

- რას უწუნებთ გიორგი კვირკაშვილის პოლიტიკას?

- გიორგი კვირიკაშვილმა ვერ გაბედა პლებისციტის გამოცხადება საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მან ზუსტად იცოდა, ეს პლებისციტი ხალხს გამოიყვანდა სახლებიდან და მიიყვანდა საარჩევნო უბანთან. ეს ხომ მათთვის მომგებიანი იქნებოდა? ამის მიუხედავად, ეს ვერ გააკეთა! ამბობს ტყუილს, რომ კანონში ეს ცვლილება შევა მას შემდეგ, რაც ის უმრავლესობით შევა პარლამენტში. ეს რომ გაეკეთებინა, მაშინ ვერც ერთი დეპუტატი ვერ გაბედავდა ამის წინააღმდეგ მიეცა ხმა, ვერც ჩუგოშვილი და მისნაირი ჩანერგილი აგენტები.

- ვისგან არის ჩანერგილი?

- ის მთელი თავისი არსებობის მანძილზე მხოლოდ უცხო ქვეყნის ინტერესების განმხორციელებელი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც პირველი დაუპირისპირდა პოლიტპატიმრების სიას. იმიტომ, რომ პოლიტპატიმრები არა მარტო ნაციონალური მოძრაობისთვის იყო ხარაკირი, არამედ ეს იყო ხარაკირი იმ დასავლეთისთვის, იმ ამერიკისთვის, რომელიც მხარს უჭერდა იმ ბოროტ ძალას, რომელიც ქვეყანაში ქმნიდა სისტემას იმისას, რომ არსებულიყო პოლიტიკური პატიმრები.

- თამარ ჩუგოშვილი რა შუაშია ამ ყველაფერთან?

- სწორედ თამარ ჩუგოშვილს არ უნდოდა, რომ ის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ასე დიდი ძალდატანებით შეიქმნა, არ შექმნილიყო. სწორედ ჩუგოშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველმა, რომ კითხვები არსებობს ამ სიებთან დაკავშირებითო, თუნდაც ის განცხადება, რომელიც მან 26 მაისთან დაკავშირებით გააკეთა…

- რომელ განცხადებას გულისხმობთ?

- პოლიციელებს რომ მოუწოდა, დიახ, თქვენ გაქვთ დარბევის უფლება, როგორც კი მომიტინგეებს სანქციის ვადა ამოეწურებათო, როცა საქართველოში სანქცირებული მიტინგები აღარ არსებობს და კანონმდებლობა არანაირ სანქციებს არ ითვალისწინებს. მან დაკვეთა შეასრულა, რა განცხადებაც დაუწერეს, ის განცხადება წაიკითხა. ხელ-ფეხი გაუხსნა ნაციონალებს იმ სისხლისღვრისკენ, რომელიც 26 მაისს განახორციელეს. ასევე თამარ ჩუგოშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც პატრიარქის წინააღმდეგ გაილაშქრა, იგივე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაილაშქრა, როცა თქვა, პატრიარქის ვიზიტი რომ დააფინანსა, ეს ამომრჩევლის მოსყიდვა იყოო.

- მაშინ რატომ მოხვდა ის ოცნების წამყვან სიაში?

-კგიორგი ვირიკაშვილის შემდგომ უნდა ყოფილიყო სიაში, თუმცა, როცა გავაკეთე განცხადებები, გადაანაცვლეს და მეოთხე ნომრად არის წარმოდგენილი. ადამიანი, რომელიც ყველაზე სისხლიანი ტერორის თანამონაწილე იყო, ნაციონალებთან ერთად. და თუ ეს ასე არ არის, გამოვიდეს ვინმე და შემეკამათოს. რატომ ვერ გაბედეს და რატომ ვერ ჩასვეს მაჟორიტარად ეს ადამიანი?

- რატომ?

- იმიტომ, რომ ზუსტად იცოდნენ, რომ ერთ ხმასაც ვერ აიღებდა. პირველ თხუთმეტეულში სწორედ ისეთი ადამიანები ჩასვეს, ვინც მათ ხმებს ვერ მოუტანდა. რომ გარანტირებული ყოფილიყო მათი მოხვედრა პარლამენტში და ამ მხრივ პრობლემა არ შექმნოდათ. სწორედ ეს სია არის საბუთი იმისა, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობა არის საბრძოლველი და მოსაპოვებელი!

ახალი თაობა“, 13 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „პაატა ბურჭულაძის ჩაძირვა ნაციონალებისთვისაც მომგებიანია და ოცნებისთვისაც“ // „მომდევნო ოთხ წელს გადადექი, გადადექის ძახილში გავატარებთ

ვინ შეუწყვიტა დაფინანსება პაატა ბურჭულაძეს, ვინ აიძულა მას საარჩევნო ბლოკში შესვლა, უნდა ველოდოთ თუ არა არეულობას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი, ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

ზაალ კასრელიშვილი:

- 2013 წლის დასაწყისში ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის კანდიდატად პაატა ბურჭულაძე დაესახელებინა. რაკი პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია, ვთვლიდით, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ის ძალიან მისაღები კანდიდატურა იქნებოდა. გარდა იმისა, რომ მას კარგად იცნობენ მუსიკალურ სამყაროში, ის ძალიან ბევრ ევროპელ ლიდერთან მეგობრობს. სწორედ ამიტომ გვინდოდა, რომ ის წარედგინათ პრეზიდენტობის კანდიდატად.

- პაატა ბურჭულაძე თანახმა იყო?

- ეს ჩვენი ინიციატივა იყო და მასთან წინასწარ კონსულტაციები არ გვიწარმოებია.

- ოცნებაში რა თქვეს ამ შეთავაზებაზე?

- არც მათთან გვისაუბრია ამ თემაზე და რაკიღა მარგველაშვილი დაასახელეს, ჩვენი ინიციატივა ალბათ არ მოეწონათ. არადა, ბურჭულაძე არ იყო ცუდი კანდიდატურა.

- თქვენ მაშინ მის მიმართ დადებითად იყავით განწყობილი, ახლაც იგივე განწყობა გაქვთ თუ თქვენც შეგეცვალათ დამოკიდებულება მისი პოლიტიკაში მოსვლის გამო?

- რა მნიშვნელობა აქვს ჩემს დამოკიდებულებას, ფაქტია, რომ მან შექმნა პარტია, რომელმაც ძალიან კარგი სტარტი აიღო. არეულობა პარტიაში შიგნიდან დაიწყო. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მისი თანაპარტიელების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა..

- რითი არიან უკმაყოფილო?

- რამდენიმე მიზეზის გამო. თავდაპირველად უკმაყოფილების მიზეზი დაფინანსების შეწყვეტა გახდა. თანამშრომლებს ხელფასს ვეღარ უხდიდნენ, რის შემდეგაც პარტიის ხელმძღვანელობამ პოლიტიკური ინვესტორების ძებნა დაიწყო.

- ეს ინვესტორები იმ პარტიაში იპოვა, ვისთან ერთადაც საარჩევნო ბლოკი შექმნა?

- ის ყველაფერს ელოდა, მაგრამ არა საარჩევნო ბლოკის შექმნას. ეს ინფორმაცია დანამდვილებით ვიცი.

- მას საარჩევნო ბლოკში შესვლა არ სურდა?

- მას ბლოკის გაკეთება ბევრჯერ შესთავაზეს. რამდენიმე პარტიის ლიდერი პირადად გავიდა პაატასთან კონტაქტზე, მაგრამ მან გაერთიანებაზე უარი თქვა. აგვისტოში ის საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ეს ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვისაც გაუგებარი ამბავი აღმოჩნდა.

- ვიღაცამ დაფინანსება შეუწყვიტა და ისიც იძულებული გახდა, იმათთან გაერთიანებულიყო, ვისაც მანამდე უარი უთხრა ბლოკის შექმნაზე?

- ვიღაცამ დაფინანსება შეუწყვიტა, თავისი ფული გაუთავდათ, გამოყოფილი თანხა არ ეყოთ თუ ეს ყველაფერი იმიჯის შესაფუთი აქცია იყო, ეს მათ გარდა არავინ იცის. გარედან თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პარტიის შექმნა ემსახურებოდა ერთ მიზანს – დაეწყოთ პოლიტიკური ვაჭრობა. პაატა ბურჭულაძემ თავისი იმიჯი გამოიყენა, გაბრენდდა პარტია, რეალურად შედეგზეც გავიდა – მის მიერ გამართულ შეხვედრებს უამრავი ადამიანი ესწრებოდა. მასობრივი შეხვედრების ფონზე წაიყვანა წინასაარჩევნო კამპანია. ეს მან სპეციალურად გააკეთა – დაინტერესებულ პირებს აჩვენა თავისი შესაძლებლობები და უფრო მაღალი ფასი დაიდო. ბოლოს, როგორც ჩანს, დაინტერესებულ პირებს სარფიანად მიჰყიდა ბრენდი. მინდა თქვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ ბურჭულაძის პარტია სტრუქტურულად ერთ-ერთი ყველაზე აწყობილი იყო. ისეთი კვალიფიციური კადრები ჰყავდა, რომ ბევრ დიდი ხნის პარტიას შეშურდებოდა.

- ასე უცბად საიდან მოიყვანა კვალიფიციური კადრები?

- მის გარშემო თავი მოიყარეს საარჩევნო საქმიანობაში დახელოვნებულმა პროფესიონალებმა. არჩევნების ერთი ნაწილია პიარი და პიროვნება, ხოლო მეორე ნაწილია წმინდა ტექნიკური მომსახურება. კვალიფიციური კადრების გარეშე არჩევნებს ვერავინ მოიგებს.

- ეს პროფესიონალები ახლა სად არიან?

- რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მათი დიდი ნაწილი პაატა ბურჭულაძეს გაერიდა. რა მოხდა და როგორ მოხდა, ამას დრო აჩვენებს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან გულდასაწყვეტია, რაც მოხდა.

- გულდასაწყვეტი რატომ არის?

- ამ ადამიანს შეეძლო სახალხო ლიდერი გამხდარიყო. მას შეეძლო გამხდარიყო სახე, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველგვარი დაპირებების გარეშე დაუჭერდა მხარს.

- ახლა რისი შანსები აქვს?

- ახლა თავი 5%-იანის ზღვარზე დადო. რამდენად უღირდა ეს ყველაფერი, არ ვიცი. არც ის ვიცი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი წასვლა რა მიზანს ემსახურებოდა. იქიდან მას არანაირი შედეგი არ ჩამოუტანია.

- იქნებ სწორედ საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში შესვლა იყო ის შედეგი, რასაც მან ამერიკაში მიაღწია?

- ასეთი დასკვნის გაკეთება თამამად შეიძლება. როგორც უკვე გითხარით, ალბათ იმიტომ შექმნა პარტია, რომ ამით ევაჭრა. ფაქტია, რომ ამ ადამიანმა პოლიტიკურ მდინარეში შეცურა და კისერზე დაიკიდა სიმძიმე, რომელიც აუცილებლად ჩააყვინთინებს.

- დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ბურჭულაძე ვიღაცის პროექტია, ნაციონალები ამბობენ, რომ ის ივანიშვილის პროექტია, ოცნება ამტკიცებს, რომ მსოფლიო ბანის უკან ყოფილი ხელისუფლება დგას, თქვენ რას იტყვით?

- ამას დრო გამოაჩენს. როგორც უკვე გითხარით, ამ ადამიანს ჰქონდა შანსი, გამხდარიყო სახალხო ლიდერი, მაგრამ სხვა გზა აირჩია ან აარჩევინეს. ვერ გეტყვით, ვინ დგას მის უკან, მაგრამ მისი ჩაძირვა დღეს ნაციონალებისთვისაც ხელსაყრელია და „ოცნებისთვისაც“.

- საარჩევნო ბლოკში რომ არ შესულიყო და მარტოს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, ბევრ ხმას წაართმევდა მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებას?

- ის პარლამენტში სერიოზულად შევიდოდა. ახლა ბარიერის გადალახვის მინიმალური შანსები აქვს.

- არჩევნების წინა პერიოდში უამრავი სოციოლოგიური გამოკითხვა ტარდება. ქვეყნდება პარტიების რეიტინგები, თქვენი აზრით, რა შანსები აქვთ პარტიებს?

- ყველაფრის მიუხედავად, არჩევნებში პირველ ადგილს `ქართული ოცნება~ დაიკავებს. მეორე ადგილზე გავა ნაციონალური მოძრაობა. დანარჩენი პარტიები თანაბარ სასტარტო პირობებში არიან.

- პარლამენტში მოხვედრის შანსები აქვთ?

- 5%-ის სიახლოვეს რამდენიმე პარტია ალბათ მივა. მთავარი ამ არჩევნებზე ისაა, თუ რამდენად შეძლებენ პარტიები საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას.

- თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- „ქართული ოცნება“ საარჩევნო უბნებამდე თავის ამომრჩეველს აუცილებლად მიიყვანს. ნაცმოძრაობას ძალიან გამოცდილი ამომრჩეველი ჰყავს და ისინიც მოახერხებენ მობილიზებას. დანარჩენ პარტიებს ამომრჩევლის მობილიზების რესურსი არ გააჩნიათ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა არჩევნებზე არ წავა. არჩევნებს ბოიკოტს დაახლოებით 45% გამოუცხადებს.

- რა კატეგორიის ადამიანები არ წავლენ არჩევნებზე?

- მე მათ შეგნებულ ამომრჩეველს ვუწოდებ. ეს ის ხალხია, რომელსაც ემოციის დონეზე არ სურს არჩევანის გაკეთება. ეს ხალხი ეროვნული ცნობიერების მატარებელია. მათთვის პოლიტიკური თამაშობანი მიუღებელია.

- ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ბევრს საუბრობენ მოსალოდნელ არეულობაზე. თქვენ როგორ გგონიათ, იქნება არეულობა?

- ასეთი განცხადებების გაკეთება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ორივე პარტია თავს იზღვევს და თავის პოტენციურ ამომრჩეველს აფრთხილებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ჩვენ განსაკუთრებულ არეულობას არ ველოდებით, უკმაყოფილება კი აუცილებლად იქნება. აუცილებლად იქნება „გაგვიყალბეს“ ყვირილი. პატარ-პატარა აქციები და სასამართლოში ჩივილებიც გველოდება. ყველაფერი მაინც ისე დარჩება, რა შედეგსაც ცესკო არჩევნების შემდეგ გამოაცხადებს. ამის შემდეგ დაიწყება ძალიან სერიოზული პროცესები.

- რა პროცესებზე საუბრობთ?

- პარლამენტს მიღმა დარჩენილები და პარლამენტში მოხვედრილი ოპოზიციის მცირე ნაწილი ძალიან გააქტიურდებიან. ისინი პოლიტიკურ პრესინგს მიმართავენ, ასე რომ, მომავალი 4 წელი „გადადექი, გადადექის“ ძახილი იქნება სულ.

- ისე, კარგა ხანია, ეს მაგიური სიტყვა არ გაგვიგონია...

- დაახლოებით 4 წელია, რაც ეს ფრაზა არ მოგვისმენია, მაგრამ მომდევნო 4 წლის მანძილზე მას ძალიან მძაფრად გავიგონებთ.

- მათი აქტიურობა მხოლოდ გადადექის ძახილით შემოიფარგლება?

- ხელისუფლებას ფეხის გადადგმის საშუალებას არ მისცემენ. ყველა ფეხის ნაბიჯზე იქნება კრიტიკა და დაპირისპირება.

- იმედია, ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზრდება...

- არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ 1988 წლიდან მოყოლებული დღემდე, არც ერთი კონფლიქტი საქართველოში არ ყოფილა დაგეგმილი. დღეს სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ძალიან ხელსაყრელი ნიადაგია. რამდენად და რისთვის გამოიყენებენ გარე ძალები ამ ვითარებას, ამის პროგნოზირება არ არის ძნელი, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სამოქალაქო დაპირისპირების ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია გლობალურ პროცესებზე, რომლებიც დღეს დასავლეთ – რუსეთის დაპირისპირებასთან არის გაიგივებული.

- ჩვენი საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე ამერიკაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. ეს არჩევნები რამდენად იქონიებს ჩვენში მიმდინარე პროცესებზე გავლენას?

- გავლენა როგორ არ ექნება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვება ჰილარი კლინტონს დარჩება, რომელმაც რუსეთთან თავისი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირა. ეჭვიც არ გვეპარება, რომ კლინტონის ადმინისტრაცია სანქციების რეჟიმს გააგრძელებს და მოსკოვთან ხისტ პოლიტიკას გაატარებს. ობამამ საკმაოდ რბილი პოზიცია დაიკავა. ის კრემლთან შემდეგი პრინციპით მოქმედებდა – ნაბიჯი წინ, 2 ნაბიჯი უკან. ბოლო დროს მისმა ადმინისტრაციამაც სერიოზული სანქციები დაუწესა რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან კომპანიებს.

- რას იტყვით დავით უსუფაშვილის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებას ითხოვს?

- ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას სერიოზულად არ მოვეკიდეთ. ეს მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. რესპუბლიკელები ყველანაირად ცდილობენ პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის ხმების მიღებას. ეს განცხადება მათთვის გაკეთდა. ამის გარდა, ამ განცხადებით, მათ დასავლეთს კიდევ ერთხელ შეახსენეს თავი.

- თავად ამერიკული ბაზების განთავსებაზე რას ფიქრობთ? დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზის განთავსება რამდენად მისაღები ამბავია?

- ამერიკა საქართველოში სამხედრო ბაზას ასე მარტივად არ განათავსებს. მეტსაც გეტყვით, ეს არასდროს მოხდება. ამის თქმის საფუძველს ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება მაძლევს. იქ პირდაპირ წერია, რომ აშშ ვალდებულებას იღებს, საქართველოს ეროვნული არმიის მშენებლობაში დაეხმაროს. ეს არ გულისხმობს აქ ამერიკული ბაზის განთავსებას.

———————

„თბილისელები“, 13 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: რატომ არის საქართველო იძულებული, მისცეს სოხეთსა და რუსეთს შეუფერხებელი კავშირის უზრუნველმყოფი მცხეთა–ვლადიკავკაზის ავტობანი

ნინო ხაჩიძე

გასულ კვირას პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მცხეთა-ვლადიკავკაზის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა იგეგმება. კომუნიკაციები, განსაკუთრებით, გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნისთვის აუცილებელია, რათა საკუთარი ფუნქცია კარგად შეასრულოს და სხვებს, მტრებსაც და პარტნიორებს, თავი დააჭირვოს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, თუ რა მძიმედ იმოქმედა ჩვენი ქვეყნის ბედზე  თავის დროზე კავკასიონში გაჭრილმა კომუნიკაციამ როკის გვირაბის სახით, ცხადია, რომ უსიამოვნო ასოციაციები გაჩნდა, როდესაც ქართლის ჩრდილო ოსეთთან კიდევ ერთი დამაკავშირებელი გზის შესახებ შევიტყვეთ, მით უფრო, რომ არც ისეთი გაცხოველებული ვაჭრობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, მხოლოდ ლარსის საბაჟო ვერ ვიკმაროთ, თუმცა სომხეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თავის მფარველ რუსეთს უფრო სტაბილურად და ალტერნატიული გზებით დაუკავშირდეს. საბოლოოდ, დავკარგეთ ცხინვალის გავლით ვლადიკავკაზში მოხვედრის იმედი, რატომ უნდა გავითვალისწინოთ, უპირველესად, სომხეთის მოტივი და იქნება თუ არა დამატებითი სამხედრო-პოლიტიკური საფრთხე რფ-სთან ახალი ავტობანის გაჭრით? – ამ კითხვებზე პასუხებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაგვცემს.

- საიდან გაჩნდა მცხეთა-ვლადიკავკაზის ავტობანის მშენებლობის იდეა და, საერთოდაც, რა საჭიროა ქართლის ვლადიკავკაზთან პირდაპირ დაკავშირება?

- როდესაც გაჩნდა ავტობანის თემა, ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა, ახალზეა ლაპარაკი თუ ძველზე?! იგულისხმება საქართველოს სამხედრო გზა, ოღონდ მოდიფიცირებული, იმიტომ რომ იქ არის მონაკვეთები, რომლებსაც სჭირდება მნიშვნელოვანი გარდაქმნა. არსებობს გვირაბების იდეები, არაერთის და სხვა საინჟინრო ინიციატივები, თუმცა მე არ ვიცი, რომელი იქნება რეალიზებული.

- ახალია თუ ძველი, ყოველ შემთხვევაში, ეს იქნება გზა, რომელიც მცხეთას ვლადიკავკაზს შეუფერხებლად დააკავშირებს.

- იმას ვამბობ, რომ ამაში არაფერია ახალი. ეს არის საქართველოს სამხედრო გზა, ოღონდ გაკეთდება უფრო მაღალ დონეზე. მე, როგორც დაინტერესებულმა პირმა, ასეთი პასუხი მივიღე სახელისფლო გუნდიდან.

- უფრო მაღალ დონეზე გაკეთება რა მიზანს ემსახურება: რა ასეთი გაცხოველებული ვაჭრობაა რუსეთსა და საქართველოს შორის, რომ რა გზაც არსებობს, ლარსის საბაჟოს ვგულისხმობ, ვერ აუდის და ამიტომ უნდა დავხვეწოთ ინფრასტრუქტურა? თუ სომხეთის ფქატორია და ლარსი რადგან იკეტება, კომფორტულ გზას ვუკეთებთ სომხეთს რუსეთთან დამაკავშირებელს?

- რადგან ლარსი ვახსენეთ, ამ თემაზე დავასრულოთ საუბარი: დღეს არსებული გზა არასრულყოფილია, იმიტომ რომ კლიმატური პირობების, არასწორად ჩატარებული სიანჟინრო სამუშაოების, ჰესების მშენებლობისა და უამრავი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, ეს არის არასტაბილური გზა და შეიძლება, ჩაიკეტოს დიდი ხნის განმავლობაში. სხვათა შორის, ანალოგიური ვითარებაა ამ გზის მეორე მხარესაც.

- ჩრდილო ოსეთში?

- დიახ. ეს რაც შეეხება საინჟინრო თემას. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს: ქვეყანას აქვს პრეტენზია, ჰქონდეს სატრანზიტო ფუნქცია როგორც აღმოსავლეთიდან დვსავლეთისკენ, ისე ჩრდილოეთიდან – სამხრეთისკენ და პირიქით. თუ ამ ტიპის გზამ არ იფუნქციონირა, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მეორე მხრივ, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, გზების ისეთი სისტემა შექმნას საქართველოს საზღვართან, რომ მომავალში აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, რადგან ლარსის გზა რთულად გამოსაყენებელია, სხვა გზა ავამუშაოთ. ხან ამბობენ, მოდი, გავხსნათ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე გამავალი გზა; ხან ლაპარაკს იწყებენ ახალსოფელი-ბეშთას გზაზე, რომელიც დაღესტნიდან მოდის. ახლა მამისონის უღელტეხილზე დაიწყეს ფუთფუფი. იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ ზეწოლის ქვეშ, აუცილებელია, ინიცაიტივა ავიღოთ ხელში და ის გზა გავაკეთოთ, რომელიც ჩვენთვის სტრატეგიულად მომგებიანია დანარჩენთან შედარებით.

- რატომ არის მცხეთა-ვლადიკავკაზის გზა სტრატეგიულად მომგებიანი ჩვენთვის?

- იმიტომ რომ ამ გზაზე ვერავინ მოახდენს ზეწოლას და მთლიანად შენ აკონტროლებ.

- პირდაპირ არ ვადარებ, მაგრამ, თეორიულად, როკის გვირაბსაც ჩვენ ვაკონტროლებდით, თუმცა ვიცით, რა საბედისწერო როლი შეასრულა. თან, მასაც კომუნიკაციის საშუალებაუ იყენებდნენ.

- არასწორი შედარებაა. მაშინ ქართველი კომუნისტები ამ გვირაბის წინააღმდეგნი იყვნენ, ეს ვიცით საბუთებით, გადმოცემებით, ცოცხლად დარჩენილი ადამიანების ნაამბობით. წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან არ ჰქონდათ ამ გზის სრული კონტროლის იმედი; ზუსტად იმიტომ, რომ ამ გზას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე უნდა გამოევლო და რომ არა გენერალი ისა პლიევი, რომელიც საბჭოთა კაშვირის ორგზის გმირი იყო, ნოვოჩერკასკის დახვრეტებით გაითქვა სახელი და ძალიან ახლოს იყო კრემლის მმართველობასთან, როკის გვირაბი არ იარსებებდა. მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობა გაუწიეს მაშინდელ კომუნისტურ საქართველოში, გზა მაინც გააკეთეს, რადგან სტრატეგიულად მოსკოვს ეს გზა სჭირდებოდა. იმის თქმა მინდა, რომ ქართველი კომუნისტები სწორედ იმიტომ იყვნენ წინააღმდეგნი, რომ ხვდებოდნენ, მომავალში ამ გზას ვერ გაკონტროლებდნენ; ლარსის გზა კი ასეთი არ არის.

- გაკონტროლების ფუნქცია ცოტა გადაჭარბებულია მგონია. გამოუშვებს ერთ ავიაგამანადგურებელს და ჩვენი კონტროლი დასრულებულია. ანუ ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინეთ? მაინც მოიყვანს გზებს ჩვენს საზღვრებამდე და ისეთი გზა დავუგოთ, ჩვენც რომ ვიხეირებთ?

- ჩათრევა-ჩაყოლა რომ ყოფილიყო, მაშინ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ბეშთა-ახალსოფლის გზაზე დაიწყებდა მოლაპარკებას, რადგან ვიცით, რომ რუსებს ძალიან უნდათ ამ გზის მშენებლობა. საქართველოს ხელისუფება უყრუებს რუსეთის ამ წინადადებას და არ თანხმდება. ამიტომ იმას, რაც ლარსთან დაკავშირებით ხდება, მე დავარქმევდი ინიციატივის გამოჩენას. რუსეთს არ აინტერესებს, გავაკეთებთ თუ არა ჩვენ ლარსის გზას და ამიტომ აუციცლებლად უნდა გაკეთდეს. თორემ ისინი მოითხოვენ, დავიწყოთ მოლაპარკება ბეთშა-ახალსოფლის გზის მშენებლობაზე, რომელსაც „ავარსკაია დაროგას“ უწოდებენ.

- ბეტონო რომ ჩაასხეს რამდენიმე წლის წინათ?

- დიახ, სოფელ ბეშთამდე რომ მოიყვანეს. 2006 წლის კრასნოდარის კონფერენციაზე, რომელიც ჩრდილო კავკასიის განვითარების კონტექსტში გაიმართა, წარმოდგენილ იყო გზების პროექტები, რომელიც საქართველოს საზღვარს უნდა მობჯენოდა და საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსულიყო. პირველ გზად იგულისხმებოდა ყოფილი სოხუმის სამხედრო გზის რეაბილიტაცია, რომელიც კოდორის ხეობაში გადის და მოდის ყარაჩაევო-ჩერქეზეთიდან; მეორე – მამისონზე მომავალი გზა, რომელიც რაჭის გავლით უნდა გადმოსულიყო „სამხრეთ ოსეთის“ ტეროტორიაზე, ყოფილი ოსური სამხედრო გზა და მესამე – ავარიის გზა, ბეთშა-ახალსოფელი. ამ გზების მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის მხარეს დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კოდორამდე მოყვანილია 270-კილომეტრიანი გზა; მამისონის უღელტეხილამდეცაა მოყვანილია გზა: 18 კილომეტრის დაგება რუსეთს 3 მილიარდ 200 მილიონი რუბლი დაუჯდათ და ბეშთამდეც, ავად თუ კარგად, გზა მოყვანილია. ეს ის გზაა, პუტინმა რომ თქვა, აქ გაივლის თუ არა ტანკებიო. გასაგებია, ხომ, რომ რაღაც სტრატეგიული ჩანაფიქრია და როკის გვირაბის ამბავიც ვიცით: გაარემონტეს, გზაც გააკეთეს და გვირაბიც. ვხედავთ, რომ მათ აქვთ გარკვეული ინიციატივები, რომლებსაც უნდა დაუპირისპირო სხვა ინიცატივები. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ან უნდა იმსჯელო ლარსის გარდა სხვა გზებზეც, ან უნდა დაანებო ყველაფერზე მსჯელობას თავი და ლარსის გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

- ლარსის გზას, რომელსაც ჩვენი ინიციატივით ვთავაზობთ, რატომ ვერ გამოიყენებს რუსეთი თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის?

- რასაკვირველია, შეუძლია. მეტიც, ახლავე შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ცენტრალური გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს აკავშირებს აღმოსავლეთთან. ვიცით, რომ ორჭოსანთან იმდენად ახლოსაა ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ „საზღვარი“, რომ ერთ ადგილას შემოდის კიდეც ავტობანზე. აქ არის ვარჭობისა და პოლიტიკური თამაშის თემა, თორემ დაძრავს ოც ტანკს „სამხრეთ ოსეთიდან“ და გადაკეტილია ცენტრალური ტრასა.

- ეს საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს, ამიტომ, ცხადია, ურჩევნია, ჩვენი ნებით შემოვუშვათ.

- ასევე, გამოიწვევს საერთაშორისო სკანდალს ლარსის, ანუ საქართველოს სამხედრო გზაზე მათი სამხედრო ტექნიკის გამოჩენა. როკიდან შემომავალ გზაზე კარგა ხანია, სეირნობენ რუსული ტანკები და არავინ ხმას არ იღებს. ამდენად, ნიუანსობრივი განსხვავებებია და, მოგეხსენებათ, ეშმაკები სწორედ დეტალებში იმალებიან.

- სომხეთის ინტერესზე არაფერი გითქვამთ.

- რასაკვირველია, სომხეთი არის საქართველოზე გამავალი გზების ლობისტი და მისთვის სულერთია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, მისთვის მთავარია, ჰქონდეს მუდმივმოქმედი სავაჭრო არტერია რუსეთთან, რომ იმუშაოს ევრაზიული ორგანიზაციის პრინციპებმა. ოფიციალური ერევვნი ღიზიანდება, რომ საქართველო ვერ უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციას სამხედრო გზაზე. სომხეთის ინტერესი უზარმაზარია, რადგან ექსტრემალურ სიტუაციაში სომხეთი შეიძლება, დარჩეს მომარაგების გარეშე, ანუ მხოლოდ საჰაერო მომარაგების ამარა. გახსოვთ 2008 წლის ომის დროს კასპთან ხიდის აფეთქების შემდეგ ერევანში 12 დღის სამყოფი საჭმელი იყო დარჩენილი და ჩამოვიდნენ, ჩვენ შევაკეთებთ დაზიანებულ მონაკვეთსო; ახლა უფრო გაიხსნა კომუნიკაციები, ირანთან გაცხოველდა ვარჭობა, მაგრამ სომხეთისთვის რუსეთთან ვაჭრობაა ცენტრალური.

- ამ მხრივ ზეწოლის ამბავი იყო, გაბნიას რომ ჭიქა უჭახუნა სარგისიანმა?

- მე ამას დავარქმევდი ძალების მოსინჯვას, ქართული მხარის რეაქციის შეფასებას. პოლიტიკა გულისხმობს მოთელვას, მოსინჯვას და შემდეგ უკვე დასკვნების გაკეთებას.

- მე არ ვიცი, რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ, რაკი ჩემი სიტყვები არ არის დამძიმებული პოლიტიკური პასუხისმგებლობით, მე რომ ვიყო, აწი გავუჯანჯლებდი ტვირთების მიწოდებას სხვადასხვაობიექტურიმიზეზით და გულდაწყვეტით ვეტყოდი, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ-მეთქი, როგორც სარგისინამა გვითხრა აფხაზეთის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ.

- მესმის, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა გეგმა უნდა გვქონდეს. მას შემდეგ, რაც სომხეთის ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა, ყარაბაღში გაეკეთებინა ის, რაც გააკნთა, მოგვიანებით კი სომხეთის საელჩომ საქართველოში განაცხადა, არ შეხვედრიან ერთმანეთსო, მაშინ, როდესაც ყარაბაღის არაღიარებული ხელმძღვანელობა ავრცელებს ინფორმაციასაც და ფოტოებსაც, რომ შეხვდნენ, გაღიზიანების ხარისხი ძალიან მაღალია. მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია: შევწყვიტოთ ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე ლაპარაკი და ვიმსჯელოთ ქვეყნის ფუნქციაზე. მე ვფიქრობ, საქართველოს არ აქვს უფლება, იყოს მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, საქართველომ უნდა გამონახოს რესურსი, რომ გახდეს რეგიონის ჰუმანიტარული ცენტრი. ჩვენ ამ ეტაპზე ვერ გავხდებით ვერც პოლიტიკური და ვერც სამხედრო ცენტრი რეგიონში, ამდენად, რაღაც ფუნქცია უნდა მოვირგოთ და, ჩემი აზრით, ჰუმანიტარული ფუნქციაა ყველაზე მომგებიანი საქართველოსთვის: საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, მოლაპარაკების, კონფლიქტების მოგვარების და ასე შემდეგ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სამეზობლო საქართველოზე იყოს დამოკიდებული სხვადასხვა ფორმით. მიხეილ სააკაშვილი ამას ცდილობდა და 2006-2007 წლებში ნაწილობრივ გამოუვიდა, თუმცა შემდეგ საკუთარი ხელით დაანგრია. თუ ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ჰუმანიტარული ფუნქცია, გამწვავებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, პირიქით, ჩვენი პოზიციის გამყარებაზა და რაც შეიძლება, მეტი ინიციატივის გამოჩენაზე. ზოგ რამეს უნდა წავუყრუოთ, ზოგზე უნდა გავკიცხოთ, მაგრამ გაბუტვა არვითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

- მე არც მითქვამს, გავებუტოთ-მეთქი.

- გაბუტვა გამოდის, რასაც ამბობთ, გაუჯანჯლოთო. ვერ მიხვდებოდნენ?!

- მივხვდნენ. ჩვენც მივხვდით, რა მოხდა ყარაბაღში და რა მერე?!.

- ყველა ნიუანსს გათვალისწინება სჭირდება. შეგიძლია, იგივე გაიმეორო და გამოაცხადო, რომ აზერბაიჯანელებს უჭერ მხარს და ყარაბაღი მათია. მე ისეთი შთაბეჭდილება შემქმნა, რომ სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება აგონიაშია. განსაკუთრებით გაურთულდა ვითარება, რაც ერევანში რადიკალების გამოსვლას საზოგადოებამ დაუჭირა მხარი, იმდენად ჩამპალია იქ სიტცაცია. ამიტომ სარგისიანს ყოველთვის  პასუხი ვერ მოეთხოვება, იმდენად არაადეკვატურია. მას მტრობს როგორც ქვეყნის შიგნით სომეხი საზოგადოება, ისე დიასპორა და ხშირად მოსკოვშიც უკვე ყელში ჰყავთ ამოსული, ასე რომ, მის ქმედებებს ამ რაკურსით უნდა შევხედოთ.

Comments are closed