globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 13 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 13th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ინტერპრესნიუსი: ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „ჩვენი ხელისუფლებისათვის დიდი პრობლემა იქნება თუ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი დააკავა და საქართველოში მისი ექსტრადირება მოხდა“

ახალი თაობა: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „პეტრო პოროშენკომ საქართველოს ხელისუფლება გაასულელა“ // „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირება სასაცილოა“

ახალი თაობა: ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან: „ნაციონალებმა“ თავიანთი კორუმპირებულობა თვითონ აღიარეს» // „მიხეილ სააკაშვილი ლენინივით იქცევა და მისნაირ თეზისებს ავრცელებს“

——————

ინტერპრესნიუსი“, 12 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „ჩვენი ხელისუფლებისათვის დიდი პრობლემა იქნება თუ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი დააკავა და საქართველოში მისი ექსტრადირება მოხდა

კობა ბენდელიანი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე”ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, ისტორიის ლაივში ცქერას კი შევეჩვიეთ, მაგრამ ის რაც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის აქტიუროს უკავშირდებოდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვნახეთ, რომ აკრძალვის, პრობლემების შექმნის მიუხედავად სააკაშვილი უკრაინაში შევიდა. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა იმან, რაც ტელევიზიით ვიხილეთ? თქვენი აზრით, სავარაუდო, როგორ აისახება მომხდარი უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე?

- პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მართლაც ექსტრაორდინალური სიტუაცია იყო. ევროპის უახლეს ისტორია არ ახსოვს, რომ დევნილი პოლიტიკური ფიგურა ჯერ აანონსებდეს, იწვევდეს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის პრეზიდენტს და შემდეგ ასრულებდეს მუქარას. სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგობის მიუხედავად შედიოდეს სახელმწიფოში საზღვრის გავლით. მომხდარი აშკარად მიუთითებს უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების სისუსტეებზე. შესაძლოა. მომხდარმა, უკრაინის ხელისუფლებას მდგრადობის თვალსაზრისით საფრთხები გაუჩინოს. შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ახლა უკრაინაში რევოლუციური სიტუაციაა მომწიფებული და მომხდარმა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას უკრაინის ხელისუფლებას, მაგრამ, სააკაშვილის მხრიდან თავზეხელაღებული ბონაპარტიზმი უკრაინის საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის აწევისა და იმის მცდელობაა, რომ ხალხს ვარდების რევოლუციის წინა პერიოდი მოაგონოს.

სააკაშვილი თავისი მოქმედებით ცდილობს დაადგინოს რამდენად არის უკრაინული საზოგადოება მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის მზად. ჩემი აზრით, უკრაინაში კიდევ ერთი რევოლუციის მოხდენა ძალიან გაჭირდება იმიტომ რომ უკრაინა საქართველო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ძალიან ბევრია ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხი, არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნების მომხრეები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე სააკაშვილის მხარდამჭერები.

უკანასკნელ მოვლენებამდე სააკაშვილის რეიტინგი არ იყო ისეთი, რაც მას მისცემდა საშუალებას შეესრულებინა საერთო უკრაინული ლიდერის როლი. სააკაშვილი ვაბანკზე წასვლით ცდილობს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას და სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად შექმნას გარკვეული პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ პოროშენკოს.

- ფაქტია, რომ სააკაშვილმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე აქტიურობით პრეზიდენტ პოროშენკოს შეცდომები დააშვებინა, მაქსიმალურად მოახდინა მისი დისკრედიტაცია. მაგრამ, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ მომხდარში პრეზიდენტი პოროშენკოც მონაწილეობდა. თუ იგი მომხდარში არ მონაწილეობდა, მისთვის და მისი ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო უარესია. თქვენი აზრით, პოროშენკოს მოქმედება კარგა ხნის წინ დაწერილი სცენარის ნაწილი იყო თუ მხოლოდ სააკაშვილის იმპროვიზირებულად მაგრამ თანმიმდევრულად მოქმედების შედეგი?

- ჩემთვის ამაზე საუბარი რთულია, ვინაიდან ამგვარი მსჯელობა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას არ ეყრდნობა. არა მგონია მომხდარი თამაში იყოს, ვინაიდან უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებული პროცესებს სერიოზული გაგრძელებები შეიძლება მოჰყვეს. პოროშენკოს ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდა და ახლა მას სააკაშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთი სერიოზული თავსატეხი გაუჩნდა. პოროშენკოსთვის სერიოზული საკითხია თუ რა უყოს სააკაშვილს. მოვლენათა განვითარების რამოდენიმე სცენარზე საუბრობენ. ფაქტია, რომ სააკაშვილის ჩათვლით უკრაინა-პოლონეთის საზღვარი ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე 700-მდე მოქალაქემ გადაკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკოსა და მისი ხელისუფლებისათვის სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა თემა წამგებიანია, ისინი რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ საზღვრის უკანონოდ მასობრივად გადაკვეთის ფაქტს.

შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს. რამდენად შეძლებს სააკაშვილი და უკრაინული ოპოზიცია მომხდარის თავისი სასარგებლოდ გამოყენებას, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ უკრაინის ხელისუფლება საკმაოდ წამგებიან სიტუაციაშია. პოროშენკოს რეიტინგი არასდროს არ ყოფილა მაღალი, მაგრამ იგი ახლა მომხდარის გამო კიდევ უფრო შეილახა.

- უკრაინელ დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მომხდარი არა უკრაინის ხელისუფლების ან პრეზიდენტის, არამედ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენ გვახსოვს ციხიდან გამოსული იულია ტიმოშენკო მაიდნის რევოლუციის ორგანიზატორებმა ტრიბუნაზე ასვლის საშუალება რომ არ მისცეს. დღეს კი სააკაშვილის ერთერთი მთავარი პოლიტიკური პარტნიორი სწორედ იულია ტიმოშენკოა. გასაგებია, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს უჭირს ქვეყანაში წარმატებული და ეფექტური რეფორმების გატარება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უკრაინა და მისი ხელისუფლება ისეთი პროდასავლური პოლიტიკის გამტარებელი არასოდეს ყოფილა, როგორც დღესაა. ბატონი ვახტანგ ძაბირაზე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მოსკოვისა და სააკაშვილის ინტერესები თანხვედრაშია

- როცა ასეთი რთული პოლიტიკური პროცესი ხდება, ბუნებრივია რომ უკრაინის არასტაბილურობა სწორედ მოსკოვს აწყობს. უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის გაღმავება კიდევ უფრო გაართულებს უკრაინის მდგომარეობას. მართალია იულია ტიმოშენკო უკრაინის ოპოზიციის ერთერთი ლიდერია, მაგრამ მისი ავტორიტეტი საკმაოდ შელახულია. რამოდენიმე დღეში გამოჩნდება რა რეაქცია ექნება უკრაინულ საზოგადოებას, უკრაინული ოპოზიციის დანარჩენ სპექტრს სააკაშვილის აქტიურობაზე და რამდენად შეუწყობს ეს ხელს უკრაინაში რევოლუციური სიტუაციის შექმნას.

- გამორიცხულია, რომ უკრაინაში სააკაშვილის მოქმედება არ აისახოს საქართველოს შიდა პოლიტიკაზე. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ აისახება უკრაინის პოლიტიკურ მოედანზე სააკაშვილის სერიზული გააქტიურება ქართულ პოლიტიკაზე?

- მოვლენები, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარდა, ჩვენთვის ნაცნობია, საქართველოში პროცესების განვითარების რევოლუციური სცენარები ჩვენ გვახსოვს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება დიდ სიამოვნებას არ განიცდიდა ტელევიზიით იმის ყურებისას, რაც სააკაშვილის აქტიურობით უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ხდებოდა. ჩვენი ხელისუფლებისათვის ყველაზე დიდი პრობლემა იქნება ის, რომ თუ უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი დააკავა და მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება. ეს გარკვეულ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის საქართველოს ხელისუფლებას.

სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ნელი მოქმედების ბომბის არსებობას შეიძლება შევადაროთ. თუ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მოხდა საქართველოს ხელისუფლებაზე გაიზრდება საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა. ამას დაემატება წამებულის იმიჯის ხარჯზე საქართველოში მისი რეიტინგის ზრდა. მოგეხსენებათ სააკაშვილი პიარის დიდოსტატია.

- როცა გავრცელდა ცნობა, რომ თბილისი კიევისაგან სააკაშვილის ექსტრადირებას მოითხოვს, მაშინ დარჩა შთაბეჭდილება, კიევი და თბილისი სააკაშვილს შეშინებას ცდილობდა რომ მას საზღვრის გადაკვეთა გადაეფიქრებინა. როგორც ვნახეთ ამან არ გაჭრა. თქვენი აზრით, ახლა როცა სააკაშვილი უკრაინაშია, საქართველოს ხელისუფლებამ კვლავაც მოითხოვს კიევისაგან სააკაშვილის თბილისში ექსტრადირებას?

- შესაძლოა, ამის გაკეთების სურვილი ჩვენს ხელისუფლებას არც ჰქონდეს, მაგრამ მან სააკაშვილთან მიმართებაში თავისი აქტიურობით თავი ისეთ დღეში ჩაიგდო, რომ ახლა მას სხვა გზა არც დარჩა გარდა იმისა, რომ კიევს სააკაშვილის თბილისში ექსტრადირება მოსთხოვოს. არა მგონია პოროშენკოს ინტერესებში იყოს უკრაინულ საპყრობილეში სააკაშვილის ყოფნა. ახლა სააკაშვილს უფრო აწყობს უკრაინაში დარჩნა, ვინაიდან მას უკრაინაში მორალური თვალსაზრისით უფრო მომგებიანი და მდგრადი პოზიცია აქვს, ვიდრე უკრაინის ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, მას აქვს უფლება უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა სამართლებრივად გააპროტესტოს და მის დასაბრუნებლადაც იბრძოლოს.

სააკაშვილისთვის ყველაზე სასურველი სცენარი იქნება თუ მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებული სასამართლო დავა დროში მაქსიმალურად გაიწელება. სააკაშვილისთვის უკრაინული ხელისუფლებისა და მართმსაჯულების წინააღმდეგ საპროტესტო ტალღის აგორება უფრი იოლია. მას რომ საქართველოში ჩამოსვლა ნდომოდა, ამას აქამდე თავადაც გააკეთებდა. ფაქტია, რომ მას ამის საშუალება ბევრჯერაც ჰქონდა.

შესაძლოა, სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა წინასაარჩევო კამპანიას უკავშირდებოდა, მაგარამ ახლა როცა სააკაშვილი უკრაინაშია საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის თბილისში ექსტრადირების მოთხოვნას უკან ვეღარ წაიღებს. სააკაშვილის ექსტრადირების შემთხვევაში თავსატეხი, რომელიც ახლა სააკაშვილის სახით უკრაინის ხელისუფლება აქვს, ჩვენს ხელისუფლებას გადმოეცემა. არა მგონია მოვლეთანა განვითარების ეს სცენარი საქართველოს ხელისუფლებას აწყობდეს.

- წინასარჩევნო პერიოდი გვაქვს. პოლიტიკური პარტიები აქტიურად არციან ჩართული წინასაარჩევნო კაპმანიებში. თქვენ როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო პროცესს?

- ჩვენ შეჩვეულები ვართ რომ საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით ადგილობრივი არჩევნებისადმი დიდი ინტერესი არაა, მაგრამ წლევანდელი არჩევნები ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამოირჩევა. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის მოლოდინი, რომ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი და მისი პარტია გახდება შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების ალტერნატივა, ან ხელისუფლების მთავარი ოპონენტი. მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე გაირკვევა რამდენად დაცემული აქვს რეიტინგი ”ქართულ ოცნებას” და სხვა პოლიტიკური ძალები რა მხარდაჭერით სარგებლობენ.

- ”ქართული ოცნებისთბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე საკმაოდ აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ვგულისხმობ თითქმის ყოველ დღე ხალხმრავალ შეხვედრებს, რომლებშიც საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი ადამიანები არიან ჩართული. მაგრამ, თვალშისაცემია კალაძის სასარგებლოდ იმ ადამაინების აქტიურობა, რომლებიც თავის დროზე ჯერ შევარდნაძისმოქალაქეთა კავშირს”, შემდეგ სააკაშვილისნაცმოძრაობას”, ან ჟვანია-ბურჯანაძეს რომ უჭერდნენ მხარს პოლიტიკაში კალაძე ახალი თაობა კია, მაგრამ რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მას მხარს .. ძველი გვარდია გულმხურვალედ უჭერს?

- კალაძის მხრიდან ეს მისი პიარის ერთრთი ნაწილია. ალბათ, მან და მისმა გუნდმა საკამოდ კარგად გაიაზრეს თბილისის მერად მუშაობისას დავით ნარმანიასთან დაკავშირებული პრობლემები. იმის გამო რომ ნარმანია თბილისელი არ იყო, მას ამას ხშირად ახსენებდნენ. ვინაიდან კალაძეს იგივე პრობლემა აქვს, მოგეხსენებათ იგი ცდილობს თბილისული ელიტა და თბილისის კოლორიტული ადამიანები იყვნენ მისი მხარდამჭერები და საყოველთაოდ მისაღები თბილისის მერობის კანდიდატის იმიჯი შეიქმნას.

- მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური არჩევნებია, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები სააგიტაციო კლიპებში საზოგადოებას ლიბერალიზმსა და პატრიოტიზმს შორის არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდებენ. მეტიც, პრორუსულად მიჩნეული პარტიები დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანის რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებისაკენ მოუწოდებენ. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს, ან რაზე შეიძლება მიანიშნებდეს თავად პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან მუნიციპალური პრობლემების ნაცვლად საგარეოპოლიტიკრ საკითხებზე ყურადღების გამახვილება?

- ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები მოახლოებულ არჩევნებს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ეტაპად განიხილავენ. ამიტომ, ზოგ ნაკლებად გავლენიანი პარტიას, რომელსაც მქუხარე ლოზუნგები აქვს, იციან რა, რომ მათ კანდიდატებს არჩევნების მოგების შანსი არ აქვთ, მიზნად აქვთ დასახული ამომრჩეველს თავი დაამახსოვრონ იმ მესიჯ-ბოქსებით, რომელიც მათ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე გამოადგეთ.

სიტყვა ”ლიბერალისათვის” უარყოფითი კონოტაციისმიემა სწორედ ამით აიხსნება. ეს პარტიები ცდილობენ ამ არჩევნებზე შეუქმნა ამომრჩევლებს გამყოფი ხაზები. დრო გვიჩვენებს მათი ეს ტაქტიკა რამდენად წარმატებული აღმოჩნდება. როგორც ჩანს, ამ პარტიებს სურთ ქვეყნის საგარეო ვექტორის თემა ჩვენი შიდა პოლიტიკის აქტუალური საკითხი იყოს. ამგვარი ლოზუნგებით ძირიტადად გამოდიან რუსეთთან მეზობლური ურთიერთობების სურვილის მქონე პოლიტიკური ძალები და მათი ლიდერები.

- პრორუსულ ძალებად აღქმულპატრიოტთა ალიანსსდაქართულ მარშსმაშტაბური ქუჩის აქციები აქვთ დაანონსებული. რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ეს ორივე პოლიტიკური ძალა ქუჩაში გავლების მოსაპოვებლად ერთმანეთის კონკურენტები არიან?

- ჯერ გარკვეული არაა თუ ვინ დაიკავებს ქუჩის ოპოზიციის ნიშას. ჩვენ გვახსოვს, რომ ამის წარუმატებელი მცდელობა სხვა პარტიებს ჰქონდათ. როგორც ჩანს, ამის გაკეთებას ახლა ”პატრიოტთა ალიანსი” და ”ქართული მარში” შეეცდებიან. ქუჩის აქციებით მათ სურთ მოიპოვონ ლიდერის პოზიცია. თუ ე.წ. პრორუსული ძალები შეძლებენ გაერთიანებას, არაა გამორიცხული ისინი საკმაოდ ძლიერ ძალად იქცნენ და შემდეგ საპარლამენტო არჩევნეზე ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენონ ვიდრე მათ 2016 წლის არჩევნებზე ჰქონდათ.
ამ ტიპის პარტიების გაერთიანების მცდელობა ბევრი კი იყო, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. ვნახოთ, რამდენად შეძლებს ”პატრიოტთა ალიანსი” ქუჩის აქციებით გახდეს მთავარი ოპოზიციური პარტია და ხელისუფლების ალტერნატივა. ფაქტია, რომ მას ა, საქმეში საკმაოდ ბევრი კონკურენტები ჰყავს.

- ნაცმოძრაობისერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნაცმოძრაობისმმართველობის დროს კეზერაშვილს მილიონები ყაჩაღობით აქვს ნაშოვნი. გარდა ამისა, მან კეზერაშვილი იმაში დაადანაშაულა, რომ იგი არჩევნებშიევროპელ დემოკრატებსაფინანსებს. რას შეიძლება ნიშნავდეს მელიას ეს განცხადება? ძნელი დასაჯერებელია, რომ მელიამ ეს განცხადება სააკაშვილთან შეუთანხმლებლად გააკეთა. გამოდის რომ სააკაშვილს და კეზერაშვილს შორის შავმა კატამ, ან სულაც დათვმა გაირბინა?

- აშკარაა, რომ მათ შორის მართლაც შავმა კატამ ჩაიარა. ზოგადად, კეზერაშვილი ცნობილია როგორც ”ნაცმოძრაობის” მოლარე, რომელიც პარტიის ფინანსებს განაგებდა. როცა ”ნაცმოძრაობა” გაიყო, მაშინვე დაისვა კითხვა თუ ვის მხარეს იქნებოდა კეზერაშვილი და ის ფინანსები, რომელსაც იგი განაგებს. სააკაშვილთან კეზერაშვილის ურთიერთობებიდან გამომდინარე, ვგულიხმობ იმას, რომ სააკაშვილი მას რამოდენიმეჯერ დაეხმარა როცა ის დაკავებული იყო, ყველა ფიქრობდა, რომ ”ნაცმოძრაობის” ფინასები სააკაშვილის ხელში იქნებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია აშკარად შეიცვალა. აქ ორი ვარიანტია – ერთი ის, რომ კეზერაშვილმა გადაწყვიტა ორივე პარტია დაეფინასებინა, მაგრამ ”ნაცმოძრაობას” მოეჩვენა რომ ეს არასწორია და მათ ნაკლები გამოუყვეს.

შესაძლოა, მაგრამ ნაკლებადდასაჯერებელია, რომ კეზერაშვილმა საერთოდ თქვა უარი ”ნაცმოძრაობის” დაფინანსებაზე და ”ევროპულ საქართველოზე” გადაერთო და ”ნაციონალები” ამით არიან უკმაყოფილოები. ეს ვარიანტი არა მგონია, ვინაიდან კეზერაშვილმა თამაშის წესები კარგად იცის. ალბათ, უფრო სხვა სცენარია რეალური, ვგულისხმობ იმას, რომ თანხები რომელიც კეზერაშვილმა ”ნაცმოძრაობისთვის” გამოყო, ”ნაციონალებს” აშკარად ეცოტავათ. ფაქტია, რომ სავარაუდოდ, დაახლოებით ამ ტიპის რეალობასთან გვაქვს საქმე.

ახალი თაობა“, 13 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „პეტრო პოროშენკომ საქართველოს ხელისუფლება გაასულელა“ // „ნაციონალებისა და ევროპული საქართველოს დაპირისპირება სასაცილოა

შეცვლის თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს, რა პროცესები დაიწყება მისი ექსტრადირების შემთხვევაში, არის თუ არა მზად ამისთვის „ქართული ოცნება“, რა ხდება ყოფილი ხელისუფლების რიგებში? ამ თემებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი „ახალ თაობას“ ესაუბრება.

- ბევრი მიიჩნევს, რომ უკრაინაში სააკაშვილის შეჭრის შემდეგ პოლიტიკური პროცესები საქართველოშიც შეიცვლება. თქვენი პროგნოზი როგორია?

- ძალიან უცნაურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ უკრაინული პოლიტიკიდან საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გადმოსროლა არ მოხდება. მე მის ექსტრადირებას არ ველოდები. ის აუცილებლად უნდა წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე და ჩადენილ დანაშაულებზე აგოს პასუხი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ჭკვიანურად და ჩვენი დღის წესრიგით. ანუ მე მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მის წინააღმდეგ მყარი არგუმენტები უნდა ჰქონდეს. ახლა მისი ექსტრადირება იმას ნიშნავს, რომ პეტრო პოროშენკოს თავისტკივილს ჩვენს თავზე ვიღებთ. იმედი მაქვს, ეს ახლა არ მოხდება და ამ კუთხით გამწვავებას არ ველოდები. ამავე დროს, ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ოფიციალური კიევი მის ექსტრადირებას შეეცდება. ახლა პეტრო პოროშენკო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემა საქართველოსკენ გადმოაგდოს.

- საგანგებო პრესკონფერენციაზე პეტრო პოროშენკომ განაცხადა, იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი ისევე არ შეიჭრება საქართველოში, როგორც უკრაინაში შემოიჭრაო. ნაციონალები იმედოვნებენ, რომ ექს-პრეზიდენტი ასე მოიქცევა. არის ამის ალბათობა?

- გამორიცხვით არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. ამ ეტაპზე სააკაშვილი უკრაინაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. საქართველოში მას კარგად იცნობენ, შესაბამისად, აქ ხელმეორედ ფეხის მოკიდება და პოლიტიკური რეაბილიტაცია ბევრად რთული იქნება.

პეტრო პოროშენკოს შეცდომების გამო უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის შანსები გაჩნდა. იგი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს და ამ სიტუაციაში საქართველოში არ გადმოვა. თუ მაინც მოუწევს წამოსვლა, ეს სცენარიც დამუშავებული ექნება და ის ნამდვილად არ იქნება სახარბიელო.

- ვისთვის არ არის სახარბიელო?

- ჩვენი ხელისუფლებისთვის.

- საქართველოს ხელისუფლება არ არის მზად მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად?

- გარდა იმისა, რომ მზად არ არის, ამ სისულელეში ძალიან ბრიყვულად გაეჩხირა.

- დიდ სისულელეში რას გულისხმობთ?

- დიდი სისულელე იყო, ექსტრადირების საკითხზე პეტრო პოროშენკოსთან რომ დაიწყეს თანამშრომლობა. უკრაინის პრეზიდენტმა შეცდომების მთელი კასკადი დაუშვა, ყველაფერი წააგო მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ერთადერთი, რაც შეძლო, იყო ის, რომ საქართველოს ხელისუფლება გააცურა. ჩვენდა საბედნიეროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქართველოს ხელისუფლების გაცურება მთლად კარგად არ გამოსდის.

- ნაციონალები რატომ არიან ასეთი დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება?

- ნაციონალების განწყობა მესმის. ისინი ამაყობენ თავიანთი ლიდერით. მათი გადმოსახედიდან ნამდვილად აქვთ საამაყო. ფაქტია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა წარმატებული ბლიც-კრიგი განახორციელა. გასაგებია, რომ საქართველოში ყველა თავისი გემოვნებით უყურებს მოვლენებს, მაგრამ, ცოტა ობიექტურობას თუ შევინარჩუნებთ, დავინახავთ, რომ სააკაშვილმა წარმატებული ნაბიჯები გადადგა.

მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, ეს უკვე არ ვიცი. პოროშენკო ისეთ ცაიტნოტშია, რომ იძულებულია, სერიოზული ძალის დემონსტრირება მოახდინოს. ის თუ სისუსტეს გამოავლენს და ხალხი დაინახავს, რომ მეფე შიშველია, მაშინ მის ხელისუფლებას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება. ცალსახა სიტუაცია ნამდვილად არ არის. ვერც იმას ვიტყვით, რომ სააკაშვილმა არ გარისკა. მან გარისკა და ამ გარისკვით მხოლოდ პირველი პარტია მოიგო. ომი ჯერ დასრულებული არ არის.

- მის მიერ პირველი პარტიის მოგებისას ნაციონალები და ევროპული საქართველოს წევრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ნაციონალები ამბობენ, რომ კეზერაშვილმა, რომელიც ახლა ევროპულ საქართველოს აფინანსებს, მილიონები მოიპარა. ეს დაპირისპირება სააკაშვილთან რაიმე კავშირშია?

- ეს დაპირისპირება სააკაშვილის გამოჩენას არ უკავშირდება. ეს სხვა და ძალიან მარტივი ისტორიაა. ჩემი აზრით, საქმე წინასაარჩევნო დაპირისპირებასთან გვაქვს. დავით კეზერაშვილი მართლა შოულობდა მილიონებს. ყოფილი ხელისუფლება თვლიდა, რომ ეს მისი პირადი ფული კი არ იყო, არამედ, პარტიის სალარო. ნიკა მელიას ეს მილიონები ახლა იმიტომ გაახსენდა, რომ კეზერაშვილმა ნაციონალური მოძრაობა გადააგდო და სხვა პარტიას აფინანსებს. შესაბამისად, გადაგდებული პარტია თვლის, რომ მათ კეზერაშვილმა ფული მოჰპარა. არადა, ეს ადამიანი თავად კი არ შოულობდა ამ ფულს, ეს იყო წინა ხელისუფლების მიერ სანქცირებული ბიზნესები. ნაციონალების პრეტენზიები აბსოლუტურად გასაგებია.

ჩვენი გადმოსახედიდან ამ შიდა გარჩევების ყურება ძალიან სასაცილოა. თუმცა, არც ისე სასაცილო, რადგან ეს ფული მოგვპარეს ჩვენ. ხალხისთვის მოპარულ ფულს ერთმანეთში ვეღარ იყოფენ და ამ თემის საჯარო განხილვა დაიწყეს.

- მიხეილ სააკაშვილის თემა კარგა ხანს არ დაკარგავს აქტუალობას. ქართული ოცნება თუ შეეცდება ამის გადაფარვას? ერთხელ თქვენ თქვით, ქვეყანა გადაფარვის პრინციპით იმართებაო...

- ქვეყანა მართლა ასე იმართება, მაგრამ გადაფარვის უნარიც არა აქვს ამ ხელისუფლებას. გადასაფარი თემის ძებნით ამჯერად თავს არ შეიწუხებენ, კარგად იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნები მათთვის პრობლემატური არ იქნება. ამომრჩეველი მხოლოდ ხელისუფლებით კი არა, მთლიანად პოლიტიკური ელიტით არის იმედგაცრუებული. მოსახლეობა თვლის, რომ პოლიტიკური ელიტა მთლიანად უვარგისია, შესაბამისად, არ არის არჩევანი. ამომრჩეველი ამბობს, რადგან არცერთი არ უქნიხართ ღმერთს, წინასწარ გადამიხადეთ და მოგცემთ ხმასო. ამ მხრივ ხელისუფლებას დიდი უპირატესობა აქვს. მას ფულის გადახდის რესურსი მაქსიმალურად აქვს მობილიზებული. შესაბამისად, არჩევნების მოგების პრობლემა არ იქნება. ერთადერთი ადგილი, სადაც მეტ-ნაკლებად არის ინტრიგა შენარჩუნებული, თბილისია. ესეც იმიტომ, რომ თბილისელი ამომრჩეველი იაფად არ გაიყიდება. ამის გარდა, თბილისელი ამომრჩეველი არა ვინმესთვის, არამედ ვიღაცის ჯინაზე ხმის მიცემაზეა ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, დედაქალაქში სიურპრიზები მოსალოდნელია. ასე რომ, გადაფარვის საჭიროება ახლა არ არის, თუმცა ჩვენი ხელისუფლების ქმედებების გათვლა შეუძლებელია.

- რატომ არის შეუძლებელი?

- მათ მიერ დაშვებული შეცდომების რაოდენობა კრიტიკულზე მაღალია. მე პოლიტიკური ნაბიჯების პროგნოზირება შემიძლია, შეცდომების პროგნოზირება კი შეუძლებელია. მართლა არ ვიცი, ხვალ რა სისულელეს გამოაგდებენ. აგერ იმხელა შს მინისტრს ტელეფონზე ვიკილიქსი გაუთამაშეს. ვიმეორებ, ახლა გადაფარვის აუცილებლობა არ არის, მაგრამ „ოცნება“ ტლაპოში ჩახტომისკენ არის მიდრეკილი. რაც არ უნდა ფართო და გაწკრიალებულ გზაზე მიდიოდნენ, სადღაც იპოვიან ტლაპოს და შიგ ჩაცვივდებიან.

ახალი თაობა“, 13 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან: „ნაციონალებმა თავიანთი კორუმპირებულობა თვითონ აღიარეს» // „მიხეილ სააკაშვილი ლენინივით იქცევა და მისნაირ თეზისებს ავრცელებს

მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა თბილისის საკრებულოს წევრ მანუჩარ მაჩაიძეს.

- აქამდე ადგილობრივი არჩევნების ინტრიგა მდგომარეობდა იმაში, დაინიშნება თუ არა დედაქალაქის მერის არჩევნებში მეორე ტური. ამჟამად მთავარი საარჩევნო თემა ნაციონალური მოძრაობისა და მისი განაყოფის - ევროპული საქართველოს ურთიერთდაპირისპირებაა. ნაციონალების ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროპულ საქართველოს დავით კეზერაშვილი ნაძარცვი თანხებით აფინანსებს...

- „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი რომ მძარცველი და კორუმპირებულია, ეს მთელმა საქართველომ იცის. ისიც ცნობილია, რომ ამ რეჟიმის წარმომადგენელმა კეზერაშვილმა დიდძალი უკანონო თანხა გაიტანა ქვეყნიდან. ეს ფული სხვადასხვა მიზანს ხმარდება. ნიკა მელიას განცხადება დანაშაულის აღიარებაა. ნაციონალებმა თავიანთი კორუმპირებულობა აღიარეს.

- საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ ნაციონალები და მისგან გამოყოფილი პარტიები მალე ერთად იქნებიან და ისინი სხვადასხვა საკრებულოში უმრავლესობას შექმნიან..

- ეს შეუძლებელია. ხალხი შეიძლება ცოტა ხნით მოატყუო, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ადამიანების გაცურება არარეალურია. საზოგადოებამ კარგად შეისწავლა ნაცმოძრაობის ბუნება. მისი დიდი ნაწილი მისგან დაზარალებულია და რატომ უნდა მისცეს ხმა ნაცმოძრაობას ან მისგან გამოყოფილ პარტიებს? ნაციონალებმა უმრავლესობა როგორ უნდა მოაგროვონ? ეს არც ერთ საკრებულოში არ მიმაჩნია შესაძლებლად. ახლანდელ და ყოფილ ნაციონალებს გაფუჭებული ისტორია აქვთ. რაც უნდა ერთად დადგნენ და პროცენტები შეკრიბონ, მთავარ ძალად ვერ ჩამოყალიბდებიან.

- ნაცმოძრაობაში იმასაც ფიქრობენ, რომ სააკაშვილმა ივანიშვილი დაამარცხა. ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლით დამარცხდა პეტრო პოროშენკო უკრაინაში, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში და ვლადიმერ პუტინი ევრაზიაში...

- ძალიან უცნაური განცხადებაა. რაც შეეხება სააკაშვილის ხმაურიან შესვლას პოლონეთიდან უკრაინაში, ეს მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ისტორიას მაგონებს. ლენინი რუსეთში პოლონეთიდან შევიდა და მერე რევოლუცია მოაწყო. სააკაშვილი ლენინივით იქცევა და მისნაირ თეზისებს ავრცელებს. ლენინი და ტროცკიც მსოფლიოს სწვდებოდნენ, სააკაშვილსაც უნდა, რომ მსოფლიოს ოლიგარქებს შეებრძოლოს. ოლიგარქებში ის მდიდარ ადამიანებს მოიაზრებს. გამოდის, რომ ყველა მსხვილ ბიზნესმენს, ცნობილ მსახიობს, კალათბურთელსა და ფეხბურთელს ომს უცხადებს. საეჭვოა, სააკაშვილმა ამ ომში წარმატებას მიაღწიოს.

- საქართველოს როგორი ფორმით გადმოსწვდება?

- საქართველოს სააკაშვილი არასდროს ივიწყებს, მას საქართველო მიზნად აქვს დასახული. რა დააშავა საქართველოს მოსახლეობამ ასეთი, რომ ასეთი კაცი გადაეკიდა! საქართველოში მილიარდები არ იშოვება.

- მილიარდები, არსებული ინფორმაციით, სააკაშვილმა საქართველოში იშოვა და ეს ფული კეზერაშვილს მიაბარა...

- ეს მართალია. იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილმა ქვეყანა უკვე გააპარტახა. ამაზე მეტს ამ გაღარიბებულ საქართველოში ვეღარ იშოვის. ფაქტობრივად, ქვეყანაში უქონელი ხალხი, როგორც ადრე იტყოდნენ, პროლეტარიატი დარჩა. ამ ხალხმა იწვნია სააკაშვილის რეჟიმისგან ძარცვა, წამება, ახლობლების დახოცვა, ციხეში უდანაშაულოდ ჩასმა. აქ საშოვნელიც არაფერია და რა უნდა უნდოდეს სააკაშვილს ამ გაძარცვულ ქვეყანაში, არ ვიცი.

- ბიბილაშვილის განცხადება ივანიშვილის დამარცხების შესახებ არაფერს ნიშნავს?

- არ მესმის, რას ნიშნავს ეს განცხადება. თუ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში შევიდა, რა კავშირი აქვს ამას ბიძინა ივანიშვილთან, მით უმეტეს, მის დამარცხებასთან? სააკაშვილი იქცევა ისე, როგორც 21-ე საუკუნის ლენინი.

- დაბოლოს, აქტიურდება საარჩევნო კამპანია. თქვენი აზრით, ახერხებენ კანდიდატები დედაქალაქის ნამდვილ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას?

- პრობლემები ბევრია, თუმცა, დედაქალაქი, ისევე, როგორც მთელი ქვეყანა, სწორ გზას ადგას. თბილისის ერთ-ერთი სატკივარი ავარიული ბინებია. ბევრი საცხოვრებელი ობიექტი მძიმე მდგომარეობაშია და ინგრევა. ამას ღრმა ფესვები აქვს. ზოგიერთი პრობლემა სათავეს კომუნისტების დროიდან იღებს, ზოგი _ შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობიდან. კანდიდატები ამ თემას ეხებიან, ოღონდ, ჩემი დაკვირვებით, ბევრი აზრზე არ არის, რას ამბობს. მშენებლობა მეცნიერებაა და მას ცოდნა სჭირდება. პოლიტიკოსები ამ სფეროში განსწავლულობას იშვიათად ამჟღავნებენ. სხვა მხრივ თბილისში შექმნილია ისეთივე მდგომარეობა, როგორც მთელ ქვეყანაში. შევარდნაძე-სააკაშვილის დროს ჩადენილა შეცდომები. მაშინ არჩეულ ეკონომიკურ და ფინანსურ მოდელს და დეინდუსტრიალიზაციას არასწორად მივიჩნევ. სოციალური პრობლემები და სიდუხჭირე იმ დროიდან მოგვყვება. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და სტაბილურობას დაუჭერს მხარს.

Comments are closed