globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 13 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 13th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“: რატომ მოხსნეს რეგისტრაციიდან მერობის ოცდაერთი კანდიდატი // „ხელისუფლება ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლას ახორციელებს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „პროპორციული არჩევნებით ერთ პარტიას კონსტიტუციური უმრავლესობა არ ექნება“

ახალი თაობა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ხალხს ხმის მიცემა არავისთვის უნდა“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ადვოკატთა კორპუსს ბიძინას მოურავები ვერ დააშინებენ“

—————–

ახალი თაობა“, 13 ოქტომბერი, 2017 წელი

რატომ მოხსნეს რეგისტრაციიდან მერობის 21 კანდიდატი

ხელისუფლება ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლას ახორციელებს

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ოპოზიცია არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე აქტიურად ალაპარაკდა. ლეიბორისტული პარტიის წევრ გიორგი ჩიტაურის განცხადებით, სუსი და პოლიცია ამომრჩევლის დაშინებაზე გადავიდა. „ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებში სათანადო ხმებს ვერ დააგროვებს და ამიტომ წინასწარ დაიჭირეს თადარიგი _ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ამომრჩევლის დაშინება. მათ პირდაპირ ეუბნებიან, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პრობლემები შეექმნებათ“, – ამბობს „ახალ თაობასთან“ საუბარში გიორგი ჩიტაური. მისივე თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა საზღვრისპირა რეგიონებში.

„ამ მხრივ გამონაკლისი არც სამცხე-ჯავახეთის რეგიონია. ამ ზეწოლამ შესაძლოა აქ ეთნიკურ ნიადაგზე რაიმე დაპირისპირება გამოიწვიოს, რასაც ძალიან კარგად გამოიყენებს რუსეთი“, – აღნიშნავს ლეიბორისტული პარტიის წევრი.

გიორგი ჩიტაურის განცხადებით, ამომრჩევლის გარდა, ზეწოლა თავად კანდიდატებზეც მიმდინარეობს.

„ალბათ შემთხვევითობას არ უნდა დავაბრალოთ, რომ არჩევნებამდე ათიოდე დღით ადრე თბილისსა და რეგიონებში მერობის 21 კანდიდატი მოიხსნა რეგისტრაციიდან. ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდით აწარმოებს მათზე ზეწოლას და ისინიც იძულებული არიან, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე“, – განაცხადა გიორგი ჩიტაურმა.

21 კანდიდატიდან რამდენიმე ცესკომ დოკუმენტებში აღმოჩენილი ხარვეზების გამო მოხსნა.

„ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გოჩა ჯოჯუა უკვე დარეგისტრირებული იყო, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მან კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა და ეს პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ გააკეთა.

გოჩა ჯოჯუასგან ასეთი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც ის პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო ფრაქციის აპარატის უფროსია.

ამის მიუხედავად, ლეიბორისტებს კითხვები მაინც აქვთ. ჩიტაურის თქმით, გოჩა ჯოჯუა მაშინაც აპარატში მუშაობდა, როცა კანდიდატურა წარადგინა.

„კანდიდატურა მარტო ჯოჯუას რომ მოეხსნა, კიდევ არ გაჩნდებოდა ეჭვი, მაგრამ მისი პარტიიდან კიდევ რამდენიმე მერობის კანდიდატმა თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე“, – ამბობს ლეიბორისტი. მას ეეჭვება, რომ „ახალმა ქრისტიან-დემოკრატებმა“ ასეთი გადაწყვეტილება პატრიოტთა ალიანსთან მეგობრობის ხათრით გააკეთეს. მიაჩნია, რომ ამაში ხელისუფლების ხელი ურევია.

„ახალი ქრისტიან-დემოკრატებიდან“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგელაშვილმაც განაცხადა. ის კანდიდატურის მოხსნას ფინანსების არქონას უკავშირებს.

ქუთაისში მასთან ერთად არჩევნებზე უარი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმაც თქვეს.

„ახალი ქრისტიან-დემოკრატებიდან“ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ ზესტაფონის, საჩხერისა და ჭიათურის მერობის კანდიდატები.

თამაზ დოღაძემ, მალხაზ კაპანაძემ და კახაბერ კიკნაველიძემ კანდიდატურები „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოხსნეს.

კანდიდატურები მთელ რიგ რაიონებში თავად „პატრიოტთა ალიანსმაც“ მოხსნა, მათ შორის ზესტაფონშიც. აქ მათგან კენჭს გიგა გაბრიჭიძე იყრიდა.

ზესტაფონის გარდა, „პატრიოტებს“ მერობის კანდიდატები აღარ ეყოლებათ ლაგოდეხსა და ოზურგეთში. შოთა გოგიბერიძემ კანდიდატურა ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კოტე შარაშენიძის სასარგებლოდ მოხსნა. ბოლო დროს მის წინააღმდეგ მედიაში კომპრომატები გამოქვეყნდა. კოტე შარაშენიძის გარემოცვა ფიქრობს, რომ ამის უკან „ოცნება“ დგას. ოზურგეთში ამბობენ, რომ „ოცნების“ მერობის კანდიდატს შარაშენიძესთან ბრძოლაში სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„სადაც ძლიერ კანდიდატს ნახავენ, იქ შეეცდებიან, ყველა მეთოდი გამოიყენონ. არ გამოვრიცხავ, სხვა კანდიდატებზეც გამოაქვეყნონ კომპრომატები“, – ამბობს „ახალ თაობასთან“ საუბარში გიორგი ჩიტაური. მისი განცხადებით, კანდიდატებზე და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონშია თვალშისაცემი.

„ამ რეგიონში მარტო გიორგი ვაშაძის პარტიიდან მერობის სამმა კანდიდატმა თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი. ეს ფაქტი სერიოზულ ეჭვებს ბადებს. ასეთ ფაქტებს ჩვენი საზოგადოება უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს“, – აღნიშნავს გიორგი ჩიტაური.

ცესკოს ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველოდან“ მერობისთვის ბრძოლაზე უარი არზუმან ზოოროღლიანმა, არკადი საჰაკიანმა და გალუსტ მკრტჩიანმა თქვეს. მათ ბედი ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში უნდა ეცადათ.

ამ რეგიონში კანდიდატურა მოხსნა ნინოწმინდაში მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანდრანიკ კარსლიანმაც.

გიორგი ვაშაძის პარტია მერობის კანდიდატს მარნეულშიც დაემშვიდობა. აქ მათი კანდიდატი ფუად კახრამანოვი იყო.

ქვემო ქართლში მერობის ერთით ნაკლები კანდიდატი ეყოლება „ევროპულ საქართველოს“. მათი კანდიდატი თეთრიწყაროში გამოეთიშა ნაადრევად საარჩევნო მარათონს.

მსგავსი დანაკლისი განიცადა ნინო ბურჯანაძის პარტიამ ცაგერსა და ზუგდიდში.

„არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და, არ გამოვრიცხავ, რომ დროის ამ მონაკვეთში კიდევ ბევრმა კანდიდატმა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. მათზე სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს“, – აცხადებს გიორეგი ჩიტაური. მისი თქმით, სანამ დროა, ოპოზიციამ რაღაც ზომები უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება ტოტალურად გააყალბებს არჩევნებს.

„რამდენიმე პარტიამ უკვე შექმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ერთობლივად აპირებს ბრძოლას არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის და მთელი ოპოზიციის გაერთიანება უნდა მოხდეს“, – ამბობს ლეიბორისტული პარტიის წევრი.

ახალი თაობა“, 13 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „პროპორციული არჩევნებით ერთ პარტიას კონსტიტუციური უმრავლესობა არ ექნება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების პარტიის“ წევრი ვახტანგ ხმალაძე, „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტის მე-10 ვეტოსა და უმრავლესობის პოზიციებზე საუბრობს.

- ბატონო ვახტანგ, პარლამენტმა რიგგარეშე სხდომა მოიწვია, სადაც პრეზიდენტის ვეტოს კენჭს უყრიან. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, პრეზიდენტის მე-10 ვეტოსაც დაძლევენ. კონსენსუსი, რომელზეც იყოს საუბარი, ვერ შედგა. პროცესს როგორ შეაფასებთ?

- მოულოდნელი ამაში არაფერია. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ თუ ვეტო შეეხებოდა სხვა საკითხებს, გარდა იმ ორი შეთავაზებისა, რომლებიც ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ასევე ემთხვეოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილს, პარლამენტის უმრავლესობა ვეტოს დაძლევდა. ამას ამბობდნენ კიდეც და ასეც მოიქცევიან კენჭისყრის დროს.

- რამდენად არის ეს მისაღები?

- ეს სხვა საკითხია. რასაკვირველია, კარგი არ არის ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წლამდე გადაიდება. ეს ჩემთვის ნამდვილად არ არის მისაღები და ამას ვერ მოვიწონებ. ეს არის ცუდი ფაქტი, მაგრამ ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვართ.

- საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კახიანი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო, როდესაც ვეტო არსებული სახით წარადგინა პარლამენტში. თქვენ, როგორც ოპოზიციის წევრს, გეკითხებით, რეალურად პრეზიდენტი გავლენის ქვეშ იყო?

- არ არის გამორიცხული, თუმცა ამ კითხვაზე რეალური პასუხის გაცემა თავად პრეზიდენტს შეუძლია, რადგან მე არ შემიძლია დაგიდასტუროთ, იქონია თუ არა გავლენა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ვინმემ.

- პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: ორპალატიანი პარლამენტი თუ ამოქმედდება, შეიძლება პრეზიდენტი არჩეულ იქნეს არაპირდაპირი წესით, ხმოსნების მიერ. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- ამ პარლამენტის მიერ, ვგულისხმობ შერეული სისტემით არჩეული პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა არის არასწორი. არსებული საარჩევნო სისტემა იძლევა იმის საფუძველს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა, მაღალი ალბათობით, ჰქონდეს სახელისუფლებო პარტიას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. მათ მიერ არჩეული პრეზიდენტი, გნებავთ, ხმოსნების მიერ არჩეული პრეზიდენტი კი იქნება ერთპარტიული პრეზიდენტი. აქ კი თავს იყრის რისკები იმისა, რომ ასეთი გზით არჩეული პრეზიდენტი ვერ იყოს ნეიტრალური არბიტრი.

- ორპალატიანი პარლამენტი ამ რისკებს მოხსნის?

- ორპალატიან სისტემაში ერთი პალატა აირჩევა პროპორციული წესით, მეორე – მაჟორიტარულით. თუ მაჟორიტარული სისტემა უპირატესობას აძლევს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, მეორე პალატაში უმრავლესობა ექნება ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. შესაბამისად, რა გამოდის: თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, სარგებელი ვერა ვნახე. ამიტომ ჩემთვის ორპალატიანი პარლამენტი არ არის არგუმენტი.

- თუმცა, გამოითქვა მოსაზრება, რომ ორპალატიანი პარლამენტი არის გამოსავალი...

- როდესაც ერთ პოლიტიკურ ძალას აქვს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა, საკონსტიტუციო უმრავლესობა და ის ვერ ბალანსდება, დგება პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრობლემა, მაშინ გააკეთა დავით უსუფაშვილმა შეთავაზება, კარგი იქნებოდა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ანუ პრეზიდენტის არჩევის წესის საკითხი მომდევნო პარლამენტში გადატანილიყო და სწორედ მომდევნო პარლამენტს გადაეწყვიტა ის. თუმცა, მე დავამატებდი, გადადებულიყო იმ დრომდე, სანამ პარლამენტი არ აირჩევა პროპორციული წესით. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები კი ნიშნავს, რომ ერთ პარტიას კონსტიტუციური უმრავლესობა აღარ ექნება.

ახალი თაობა“, 13 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ხალხს ხმის მიცემა არავისთვის უნდა

ინტერვიუ პარლამენტის ყოფილ წევრ პეტრე მამრაძესთან

- ბატონო პეტრე, როგორ აფასებთ პარტიების, საარჩევნო სუბიექტების რეკლამებს, რომლებიც ადამიანებს განწყობებს უქმნიან წინასაარჩევნოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

- მე სპეციალურად მცირე დრო გამოვყავი და ვუყურე რეკლამებს. ისეთი აზრი შემექმნა, რომ მათი რეკლამები ადამიანებზე დადებითად მაინცდამაინც არ იმოქმედებს.

- ზოგიერთ პარტიას ისეთი რეკლამა რომ აქვს, შეიძლება იფიქრო, რომ გამარჯვება არ სურს. მაგალითად, რესპუბლიკელები მოუწოდებენ ადამიანებს, ეკლესიასა და საპატრიარქოს არ ენდოთო. რა დივიდენდებს მოუტანს ასეთი რეკლამა პარტიას?

- რთული სათქმელია. მე მახსოვს ძველი რესპუბლიკელები 1995 წლის არჩევნების წინ. მაშინ ზოგიერთი ჩემი კოლეგა არჩევნების წინ დარწმუნებული იყო, რომ 20%-ზე მეტს აიღებდნენ და პარლამენტში დიდი ფრაქციით შევიდოდნენ. მორიდებით რომ ვუთხარი, გამოკითხვებით დასტურდება, ამდენ ხმას ვერ აიღებთ, შეიძლება ზღვარიც კი ვერ გადალახოთ-მეთქი, ეწყინათ, სწამდათ, რომ 20-25%-ს აიღებდნენ. მაშინ მართლა ვერ გადალახეს ზღვარი. ბოლო არჩევნებში, მგონი, პროცენტ-ნახევარი აიღეს, შემდეგ კი დაიშალნენ. უსუფაშვილი რესპუბლიკელებთან აღარ არის.

- წინასაარჩევნოდ ღია დაპირისპირება ისეთი მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუტთან, როგორიც ეკლესიაა, თვითმკვლელობის ტოლფასი არ არის?

- გეთანხმებით. ქვეყანაში, სადაც საპატრიარქო და პატრიარქი თითქმის 100% ნდობასა და პატივისცემას იმსახურებს, მხარდაჭერა არ გაიზრდება. შეიძლება 1% იყოს, რომელიც ეკლესიას არ ენდობა. ისმის მეორე კითხვა, ამას რისთვის აკეთებენ?

- რისთვის შეიძლება აკეთებდნენ?

- თუ ადამიანებს თავისი პრინციპებისა და იდეების გულწრფელად სწამთ, ამ იდეებს მისდევენ მაშინაც კი, როცა თვითონაც ესმით, რომ ეს პოლიტიკურად წამგებიანია. ასეთ რამეს ჰქვია პოლიტიკური პრინციპულობა, ვაჟკაცობა. ამაზე წიგნები დაწერილა. არაერთ პოლიტიკოსს მიუღია გადაწყვეტილება, პოზიციას არ შევიცვლი, ეს ჩემი მრწამსია, თუნდაც არ ამირჩიონო.

- თუმცა მათ ბოლო დროს შეცვალეს რეკლამა...

- პოლიტიკოსები პრინციპების გამო გადამდგარან კიდევაც, როცა რაღაც ისე არ ყოფილა. რამდენიმე წლის წინ საფრანგეთში ეკონომიკის მინისტრი გადადგა, ის პროგრამა არ სრულდება, რაზეც თავიდან შევთანხმდითო. როდესაც ადამიანს არავითარი პრინციპი არ აქვს, ზის და ფიქრობს, ნეტა ამ საზოგადოებაში რა შეიძლება ავაგოროთ, გადასახადი თუ მიწის საკითხი. ფიქრობენ, რა გააკეთონ იმისთანა, რომ მეტი პოპულარობა მოიპოვონ, ეს სხვა არაფერია, თუ არა ოპორტუნიზმი.

- ვისი წინასაარჩევნო მოწოდებაა თქვენთვის დასამახსოვრებელი ან გასაოცარი?

- არავისი, იმდენად ქათმის კვერცხივით ჰგავს ერთმანეთს მათი დანაპირები. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც გამსჭვალული არიან სკეპტიციზმით. ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ, მესაუბრებიან და მეუბნებიან, ხმას არავის მივცემთ, ეგენი ვინ არიან, ხომ ვიცით, ეგენი თავიანთ თავზე ზრუნავენ და მეტი არაფერიო. როდესაც ყველამ იცის, რომ ერთი კონკრეტული პარტიის პროგრამის მთავარი პუნქტია საქართველოს ნატოში შესვლა და ის შეიძლება საარჩევნო ბლოკში გაერთიანდეს იმ პარტიასთან, რომლის პროგრამის მთავარი პუნქტია ნატოში არშესვლა და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, იქ რომელ მხარდაჭერაზეა საუბარი.

- არის მოწოდებები ერთდროულად რუსეთთან დიალოგზეც და ნატოს საჭიროებაზეც...

- ეგ სხვაა. 2012 წელს, `ოცნების~ გამარჯვების შემდეგ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, გამოცხადდა რუსეთთან დიალოგის საჭიროება, ნატოს გენმდივანი რასმუსენი ჩამოვიდა თბილისში და თქვა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა ნატოს მიმართულებით სწორედ იმიტომ, რომ გამოაცხადა დიალოგის აუცილებლობა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღსადგენადო. რასმუსენმა თავის დროზე თქვა, ნატო არასოდეს მიიღებს თავის წევრად იმ ქვეყანას, რომელიც თავის საგარეო პოლიტიკას რუსეთთან დაპირისპირებაზე აგებს, ნატოს წარმომადგენლები ამბობენ, კეთილი ინებეთ და ჯერ რუსეთთან მოაგვარეთ ურთიერთობაო. ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო პროგრამების მქონე პარტიებს, რომლებიც ერთ ბლოკში არიან გაერთიანებული, ხალხი ხმას არ მისცემს.

ახალი თაობა“, 13 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ადვოკატთა კორპუსს ბიძინას მოურავები ვერ დააშინებენ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა. როგორც იგი აცხადებს, ხელისუფლება ადვოკატების დაშინებას ცდილობს. ხატიაშვილი მამალაძის ადვოკატების პროკურატურაში დაბარების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ პროკურატურა ადვოკატებს აიძულებს, კლიენტთან საუბრის კონფიდენციალურობა დაარღვიოს, ეს კი ადვოკატთა ინსტიტუტის ნგრევას გამოიწვევს.

თუ ეს პრეცედენტი შეიქმნა, კლიენტს შეეშინდება, ადვოკატს რამე უთხრას და ასევე ადვოკატს შეეშინდება, კლიენტს რამე უთხრას, რადგან ადვოკატი აღარ იქნება დაცული კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე. „ადვოკატების დაშინების უფლებას არ მოგცემთ“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

- ბატონო ზაზა, რის თქმა გინდათ, რომ ადვოკატების დაშინების მცდელობას აქვს ადგილი?

- რა თქმა უნდა, აქვს. ადვოკატს ვერ დაიჭერენ და ვერ სცემენ, რადგან იციან, რომ ამისთვის სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს. ადვოკატზე ზეწოლა კი შეუძლიათ ნებისმიერი ფორმით. მთავარია,            ეს მოისურვოს ხელისუფლებამ. თუმცა იმ ფორმით, რომ ადვოკატსა და კლიენტს შორის არსებულ კონფიდენციალურობის პრინციპს შეეხნენ, ასეთი ზეწოლა უპრეცედენტოა. ადვოკატთა შესახებ კანონი და ეთიკის კოდექსი ადვოკატს ავალდებულებს, მხარესთან კომუნიკაცია, კონსულტაციაც კი, იყოს კონფიდენციალური, მიუხედავად დროისა.

- რას ცდილობს პროკურატურა?

- დღეს პროკურატურას მოუნდა, აღძრას საქმე ისეთი მუხლით, რომელიც არ ეხება საერთოდ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას. იქ ლაპარაკია გამოძიებასა და ოპერატიულ ინფორმაციაზე. ეს არარსებულია და ამაზე ადვოკატებს იბარებენ. აპრიორია, რომ ადვოკატებს აიძულებენ, მისცენ თავიანთი თავის საწინააღმდეგო ინფორმაცია. ეს დაუშვებელია!

- შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მსგავს პრეცედენტს?

- ამას თუ სახელმწიფო დაუშვებს, ნებისმიერ საქმეზე მეორე საქმეს აღძრავენ, მისცემენ სხვა ნომერს და იტყვიან, ეს სულ სხვა საქმეა. ამ საქმეში ხომ არ ხართ ადვოკატი, მე სრულიად სხვა საქმე აღვძარი. თუმცა შენ იმ საქმეზე რა ინფორმაციაც მიიღე, ახლა ამ ახალნომრიან საქმეზე მომეცითო. აი, რას ცდილობს პროკურატურა. იმდენად ტვინცხელები არიან, რომ იმავე სისხლის სამართლის საქმეს, ამ შემთხვევაში მამალაძის საქმეს, სხვა ნომერი მისცეს, ეს სრულიად სხვა საქმეაო.

- ახალ საქმედ დაიწყეს ამის გამოძიება?

- დიახ, დაიწყეს გამოძიება, იბარებენ ადვოკატებს, რომ ადვოკატმა მისცეს თავისი თავის საწინააღმდეგო ჩვენება. თუ მტკიცებულება აქვთ ადვოკატების წინააღმდეგ, მაშინ ამ მტკიცებულებაზე უნდა აწარმოონ გამოძიება და არა ადვოკატს დაუსვან კითხვა: რამიშვილო, შენ მიიტანე რუსთავი 2-ზე ეს ინფორმაცია?! ეს ეტყვის, რომ არა. თუმცა ეს ქმნის პრეცედენტს, რომ ადვოკატი შეიძლება დაკითხო იმ საქმეზე, რომელზეც ის იყო ადვოკატი. აი, ეს არის საშინელება. ეს იგივეა, ახლა რომ პროკურატურამ დაიბაროს ჩემი მოძღვარი და ზაზა ხატიაშვილმა რომ აღსარება ჩაგაბარა, მოგვიყევი, რა გითხრაო.

- პროკურატურა ამბობს, რომ სხდომა იყო დახურული და ვიღაცამ მალულად გამოიტანა ინფორმაცია, რაც კანონდარღვევააო...

- კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ იქ პროკურორი იყო, მოსამართლე, მოსამართლის თანაშემწე. ადვოკატებს რატომ ეცნენ?! არის 374-ე მუხლი, რომელშიც წერია: ეს მუხლი იმ შემთხვევაში ითვალისწინებს დასჯად ქმედებას, თუ მოხდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან გამოძიების მონაცემების გახმაურება იმ პირის მიერ, რომელიც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ. კანონში არსად წერია სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების გახმაურება. ადამიანის ჩვენება როდიდან გახდა ოპერატიული სამძებრო ინფორმაცია?!

- რის მიღწევას ცდილობს პროკურატურა?

- პროკურატურას უნდა, ამ საქმეზე ჩაკეტოს ყველანაირი ინფორმაცია, რომ არავინ გაიგოს, ამ საქმეში რა მასალები დევს და რისთვის იხდის სასჯელს დეკანოზი მამალაძე, ასევე – დააშინოს ადვოკატები, შეუქმნას პრეცედენტი, თუ ძალიან ბევრს იხმაურებთ, ჩვენ დაგიბარებთ დაკითხვაზე და ჩამოგაშორებთ ამ საქმესო.

- ჩამოაშორებენ?

- ადვოკატების დაკითხვა აპრიორი ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ საქმეს ჩამოშორდებიან.

- მსგავსი პრეცედენტი თუ ყოფილა ბოლო პერიოდში?

- მიხეილ სააკაშვილის დროს იყო და ახლა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ფეოდალურმა ხელისუფლებამ ის, რაც მე მოვსპე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს.

- ეს რას ნიშნავს, რომ ადვოკატთა კორპუსის დაშინება ხდება?

- უნდათ, ადვოკატთა კორპუსს შეუქმნან პრეცედენტი, რომ ნებისმიერ ადვოკატს დაგვკითხავენ, როცა მოუნდებათ და კონფიდენციალურ ინფორმაციას ათქმევინებენ.

- ეს გამოუვათ?

- ადვოკატთა კორპუსს რომ ბიძინას მოურავები ვერ დააშინებენ, ეს ყველამ კარგად იცოდეს. დღეს ამის სულელური მცდელობაა. ისინი მიიღებენ ძალიან დიდ საპროტესტო მუხტს! ამას მე ვპირდები.

- აქციებით იმუქრებით?

- ეს ასე არ დარჩება! ევროსაბჭოში წავალ, იქ დავჯდები მისაღებში. ევროპარლამენტის წინ დავჯდები და ამას ასე არ დავტოვებ!

Comments are closed