„რეზონანსი“: ამერიკული დახმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ
“ეს პირდაპირ რუსული აგრესიის შესაკავებლად არის მიმართული”
„რეზონანსი“: აპირებს თუ არა აშშ ნატოს გვერდის ავლით უფრო ეფექტურად ითანამშრომლოს საქართველოსთან სამხედრო სფეროში?
„რეზონანსი“: ევროპარლამენტი საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს
„ახალი თაობა“: რა მოუტანა საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის განახლებამ?
————————
„რეზონანსი“, 13 დეკემბერი, 2014 წელი
ამერიკული დახმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ
“ეს პირდაპირ რუსული აგრესიის შესაკავებლად არის მიმართული”
მაია აბაიაძე
(შემოკლებით)
საქართველო აშშ-სგან სამხედრო სფეროს დაფინანსებისათვის 30 მილიონ დოლარს მიიღებს. აღნიშნულ დახმარებას აშშ-ის კონგრესში მიღწეული შეთანხმებით, საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს. ასევე, აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი სახელწოდებით “უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი – 2014″, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. კანონი ითვალისწინებს 1961 წელს საგარეო დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აშშ-ის მთავარ პარტნიორად აღიარებას, ნატოს წევრობის გარეშე.
“აშშ-სთვის ჩვენი მხარდაჭერა პრიორიტეტულია, რაც გამოიხატება ფინანსურ დახმარებაშიც, რომელიც პირდაპირ მიმართული იქნება იმისათვის, რომ შეჩერებული იყოს რუსული აგრესია”, – აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთვის სამხედრო დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.
„პირველ რიგში, საუბარია აშშ-ს პოლიტიკურ ნებაზე, რომ მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნებს, რომლებიც პოტენციურად მაღალი რისკის ქვეშ არიან რუსეთის მხრიდან აგრესიასთან დაკავშირებით, ამიტომ შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ამ სამ ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას და მოლოდოვას, აქვს დემოკრატიული პერსპექტივები და ასევე ის პერსპექტივები, რომ გახდეს ვეროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი.
სწორედ ამიტომ აშშ-სთვის მხარდაჭერა ამ ქვეყნებისადმი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ეს პრიორიტეტი გამოიხატება მათ შორის ფინანსურ დახმარებაშიც, რომელიც პირდაპირ მიმართული იქნება ამ ქვეყნების თავდაცვისთვის და იმისათვის, რომ შეჩერებული და შეკავებული იყოს რუსული აგრესია, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება”, – აცხადებს სესიაშვილი და დასძენს, რომ კონკრეტულად რა მიმართულებით დაიხარჯება გამოყოფილი ფინანსური დახმარება, ამას აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს.
სამხედრო ექპერტი ვახტანგ მაისაია რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს, სადაც უმჯობესი იქნება აღნიშნული ფინანსური დახმარების გამოყენება. მისი თქმით, დაფინანსება უნდა მოხმარდეს – შეიარაღებას და თავდაცვის საშუალებებს, ქართველი სამხედროების მომზადებას, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და ერთობლივი სამხედრო წვრთნის ჩატარებას.
“პირველ რიგში, რაც აუცილებელია, ეს არის შეიარაღება და თავდაცვითი საშუალებები; მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო კადრების გამგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში მომზადების კუთხით – იქნება ეს სტაჟირების გავლა, თუ სხვადასხვა აკადემიაში სასწავლებლად; მესამე – უნდა გაძლიერდეს სამეცნიერო-აკადემიური მიმართულება, ანუ შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი, რომელიც სამხედრო კვლევების მიმართულებით იმუშავებს. ამ ტიპის კვლევითი ინსტიტუტის დაფინანსებისთვის უნდა გამოიყოს თანხა, ეს აუცილებელია ჩვენთვის, რადგან ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ; მეოთხე მიმართულება, ესაა ერთობლივი სამხედრო წვრთნის განხორციელება. ჩვენთან არცთუ ხშირად იყო-ხოლმე სამხედრო წვრთნები და საჭიროა, რომ უფრო გახშირდეს როგორც ტაქტიკურ, ასევე ოპერატიულ დონეზე”, – ამბობს მაისაია.
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ სამხედრო დახმარებისთვის 30 მილიონის გამოყოფა არც ისე სერიოზული თანხაა. მისი თქმით, მთავარია, რომ აშშ-მ საქართველოს იარაღი მოაწოდოს, რომლითაც ქვეყნის თავდაცვა გაძლიერდება.
“30 მილიონი არაფერი არ არის, იყო პერიოდები, როდესაც ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი მილიარდებს აღწევდა. საქმე 30 მილიონში კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია – მოაწვდის თუ არა ამერიკა საქართველოს იარაღს. ეს არის გასარკვევი, თორემ საქართველო არაა ისეთი ქვეყანა, რომ 30 მილიონი სერიოზული თანხა იყოს.
“თუ ამ მილიონების უკან დგას რაღაც გარიგებები, მაშინ საინტერესოა, რომ ჩვენ მოგვცენ იარაღი, რომლითც შევძლებთ თავდაცვას – ეს უკვე სხვა ამბავია. თუ ეს არ მოხდება, მაშინ 30 მილიონი არაფერი არ არის, მხოლოდ სიმბოლურია და უბრალოდ იმის დადასტურებაა, რომ ამერიკას საქართველო კიდევ ახსოვს და რეალურად სხვა არაფერი”, – აცხადებს შარაშენიძე.
„რეზონანსი“, 13 დეკემბერი, 2014 წელი
აპირებს თუ არა აშშ ნატოს გვერდის ავლით უფრო ეფექტურად ითანამშრომლოს საქართველოსთან სამხედრო სფეროში?
როგორც ცნობილია, აშშ-ის კონგრესმა საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის 30 მლნ აშშ დოლარი გამოყო. აპირებს თუ არა აშშ ნატოს გვერდის ავლით უფრო ეფექტურად ითანამშრომლოს საქართველოსთან სამხედრო სფეროში? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): შესაძლოა, ამ წუთას ნატო იმას ვერ აკეთებდეს, რასაც უნდა აკეთებდეს და ამერიკა ნატოს მაგივრად აკეთებს იმას, რაც საქართველოს სჭირდება. ვთვლი, რომ ეს გვერდის ავლითი ღონისძიება არაა.
არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): საქართველოსთან ამერიკას ისედაც სტრატეგიული მოკავშირეობა აქვს გაფორმებული, ამიტომაც საქართველოს და ამერიკას გარკვეული პარტნიორობა აკავშირებთ, ყოველგვარი საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშეც. პრინციპში, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ აშშ დროდადრო საქართველოსთან მიმართებაში განსაზღვრულ ნაბიჯებს დგამს, მათ შორის ეს იქნება თანხის გამოყოფა თუ სხვა ტიპის თანამშრომლობა, დახმარება ან თანამონაწილეობა.
გრიგოლ გაგნიძე (იურისტი): ამერიკაშია ნატოს ცენტრალური ოფისი, ამიტომ ვერანაირად ვერ ვიფიქრებ, რომ აშშ ნატოს გვერდის ავლით მოქმედებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი თანხა არც არის, ალბათ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობისათვის იქნება ეს თანხა გამოყოფილი. ვინაიდან უსაფრთხოების საკითხში ამერიკა და ნატო საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორებია, ვფიქრობ, ეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მის შენარჩუნებას ითვალისწინებს. დადებითად ვაფასებ და არანაირი უარყოფითი დამოკიდებულება არ მაქვს. შესაძლოა იმ ფონზე, რაც დოლართან მიმართებაში მოხდა, გარკვეულწილად ეკონომიკური სტაბილურობის ვაქცინადაც მივიჩნიოთ.
„რეზონანსი“, 13 დეკემბერი, 2014 წელი
ევროპარლამენტი საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს
სტატიაში აღნიშნულია, რომ 17 დეკემბერს ევროპარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირს დადებულ ასოცირებული ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოახდინოს. ასევე მიღებული იქნება შესაბამისი რეზოლუცია, როიმელიც მომხსენებელ ანდრე მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა (ავტორი – თიკო ოსმანოვა).
როგორც ცნობილია, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიეტეტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას და საქართველოს სესახებ რეზზოლუციას მხარი 17 ნოემბრის სხდომაზე დაუჭირა. რეზოლუციაში დადებით მომენტებთან ერთად ნეგატიურზეცაა მინიშნება – მასში ნათქვამია, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეტისაგან უნდა გაიმიჯნოს და გამოძიების დროს პოლიტიკური მოტივები უნდა გამოირიცხოსო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს („რატიფიცირებას ხელს არაფერი შეუშლის, ეს იქნება ჩვენი ევროპული არჩევანის კიდევ ერთი გამარჯვება და ევროპისაკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი“). რაც შეეხება გამოძიების დროს პოლიტიკურ მოტივებს (ანუ ე.წ. შერჩევით სამართალს), ანი მიროტაძე ამბობს, რომ საქართველოდან უცხოელ პარტნიორებს ინფორმაციებს არასწორად აწვდიან და ეს არის იმის მიზეზი, რომ რეზოლუციებში საქართველოს მიმართ კრიტიკა გამოითქმება.
„ჩემთვის მიუღებელია უპასუხისმგებლო ადამიანების ტყუილი და მცდარი ინფორმაციები, რომლებთაც ყველა მიმართულებით ავრცელებენ… უნდა შევძლოთ ერთმანეთისაგან გარჩევა – რას ნიშნავს სახელმწიფოს ინტერესები და პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა“, – ამბობს ანი მიროტაძე.
პოლიტოლოგ ირაკლი კიკიანის თქმით, ევროპას ინფორმაციის მიღების ტავისი დამოუკიდებელი არხები აქვს, ამიტომ ხელისუფლებას ურჩევს სასამართლოს პროცესები გამჭვირვალედ ჩაატაროს, რათა პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით კითხვები არარ დაისვას. „ის, რომ თითქოს ევროპის სახალხო პარტია „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერია და „ნაციონალები“ მასზე გავლენას ახდენენო, მცდარი განცხადებაა. არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ისინი ევროპაში სხდენა და აქედან ვიღაც მათზე გავლენას ახდენს“, – უთხრა „რეზონანსს“ კიკიანმა.
„ახალი თაობა“, 13 დეკემბერი, 2014 წელი
რა მოუტანა საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის განახლებამ?
მარიკა მჭედლიშვილი
(შემოკლებით)
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი საამაყო თემა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის განახლება იყო, რაც პირველად მოხერხდა 2006 წლის შემდეგ. ღვინისა და ბორჯომის, ასევე ხილის რუსეთში გატანას ისე წარმოგვიჩენდნენ, რომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო წარმოების განვითარებაც და სავაჭრო ბალანსის სასიკეთოდ შემობრუნებაც,რაც უნდა ასახულიყო კეთილდღეობაზე.
ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურებისას ანუ ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ექსპორტი შემცირებულია, იმპორტი კი გაზრდილა. თუ ღვინის ექსპორტი რუსეთის ხაჯზე სამჯერ გაიზარდა და მეზობელ სახელმწიფოში სხვა პროდუქციაც გადის, მაშინ, რატომ შემცირდა ექსპორტი? თუ ამდენი გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა აგრარულ სექტორში, სად არის მათი პროდუქცია? სად არიან იქ დასაქმებული მოქალაქეები? თუ დიდი რაოდენობით ინვესტიცია შემოდის (ყველაზე მეტი – ჩინეთიდან და აზერბაიჯანიდან), რატომ არის დოლარის ნაკლებობა და რატომ გაუფასურდა ლარი? რატომ შიმშილობენ ადამიანები?
რუსეთთან ვაჭრობის თემას, ბუნებრივია, პოლიტიკური ელფერიც ახლავს. რუსეთი ოკუპანტია. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულად მოიხსენიება. რუსეთი მათთან ახალ საინტეგრაციო ხელშეკრულებებს აფორმებს.
საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს რუსეთთან არც ეკონომიკური, არც კულტურული ურთიერთობები არ უნდა ჰქონდეს და არ არის საჭირო ამ სახელმწიფოსთან კონტაქტების ძებნა. მეორე ნაწილი რუსეთთან დიალოგს მოითხოვს და მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთ-თურქეთის ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებში უნდა ჩაერთოს.
რუსეთთან ეკონომიკურ კრთიერთობებში თანმიმდევრულობას ვერ იჩენს უკრაინა. მაგალითად, ნოემბრის ბოლოს უკრაინის მთავრობამ ოფიციალურდა გამოაცხადა, რომ რუსეთისაგან ელექტროენერგიასა და ქვანახშირს შეისყიდის. ამავე დღეს უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ რუსეთმა, როგორც აგრესორმა ქვეყანას, უკრაინას უზარმაზარი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
ასეთმა მერყეობამ რუსი ექსპერტებიც გააკვირვა. ერთი მათგანი, ანდრეი სუზდალცევი, აღნიშნავს:
– აგრესორი ქვეყნისგან (როგორც კიევში რუსეთს უწოდებენ) საქონლის მიღება ნონსენსია. ეს იგივეა, რომ გაგანია სტალინგრადის ბრძოლის დროს ვერმახტისა და საბჭოთა არმიის ოფიცრები სადმე ბლინდაჟში შეკრებილიყვნენ, „ვალინკებისა“ და შინელების შესყიდვა განეხილათ და ერთმანეთი თანხების დროულად გადაუხდელობაში დაედანაშაულებინათ. უკრაინის პოლიტიკისა და ეკონომიკაში აბსურდის თეატრი ბატონობს, – ასკვნის ექსპერტი.
საქართველო, რომელიც ვერც ევროკავშირში გაწევრიანდა და რუსეთთანაც დაძაბული ურთიერთობები აქვს, ეკონომიკურადაც პოლიტიკურადაც უმძიმეს დღეშია. ისიც გაურკვეველია, რა მოაქვს საქართველოს ეკონომიკისთვის, მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისათვის რუსეთთან ვაჭრობას და გაიხსნება თუ არა სხვა ბაზრები. აბსოლუტური უმრავლესობა, ცხოვრების დაპირებული გაუმჯობესების ნაცვლად, ყოველდღიურ გაძვირებას აწყდება და ვერც სამუშაო ადგილებს პოულობს.