„რეზონანსი“: ორმაგად მიმზიდველი საქართველოს მოქალაქეობა და პასპორტი // „ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელია განსაკუთრებული მოთხოვნის შემოღება“
„რეზონანსი“: ახალი დიდი კონფლიქტი პრეზიდენტსა და “ოცნებას” შორის
„რეზონანსი“:დააკნინებს თუ არა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას მასში პრეზიდენტის არმონაწილეობა? (გამოკითხვა)
„რეზონანსი“: საჯარო სექტორიდან 30 000 ადამიანს გაათავისუფლებენ?!
„გაუშვებენ ისეთ თანამშრომელს, რომელსაც ახლობელი და მფარველი არ ჰყავს“
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „უმუშევარი ათასობით ადამიანი გახდება“ // „მთავრობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას ცდილობს“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „სახელმწიფო ვალებს იღებს და პრემიებს ისე არიგებენ“ // „საქართველოში ეკონომიკური კატასტროფაა“
„რეზონანსი“: „ვიღაცეებს საქართველოში რელიგიური საკითხების დალაგება არ აწყობთ“ // „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ რელიგიის სააგენტოს წინააღმდეგ
——-
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე უარი უნდა ვთქვათ“ // „პრეზიდენტი სცენაზე გამოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიტიკური კრიზისია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნებას აპირებს“ // „ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის დამხობას გეგმავს“ // „საქართველოში დიქტატურა მყარდება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რაულ ხაჯიმბა გალის ქართველებს დახმარებას სთხოვს“ // „ტერორიზმის საფრთხე საქართველოს პირდაპირ არ ემუქრება“
——-
„ვერსია“: ინტერვიუ კობა ხაბაზთან: „მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს!“
——-
„თბილისელები“: ინტერვიუ ვაჟა ბერიძესთან: რატომ ვერ ხერხდება საქართვლეოში საშუალო ფენის ჩამოყალიბება და რატომ შეავსებს არსებული მცირერიცხოვანი საშუალო ფენა ღარიბების არმიას
——————-
„რეზონანსი“, 13 დეკემბერი, 2016 წელი
ორმაგად მიმზიდველი საქართველოს მოქალაქეობა და პასპორტი // „ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელია განსაკუთრებული მოთხოვნის შემოღება“
თაკო მათეშვილი
ვინაიდან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეობას ორმაგად მომხიბვლელს ხდის, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირი მთავრობისაგან მოქალაქეობის გაცემის გართულებას მოითხოვს. ქართული პასპორტი, მათი აზრით, არა მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის გახდება მიმზიდველი, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვისაც, რომელთაც ამ მომენტისათვის ევროპაში მოგზაურობა არ შეუძლიათ.
შესაბამისად, ელიან, რომ ქართულ პასპორტს ბევრი აიღებს და მათ შორის ისიეთებიც იქნებიან, ვინც მისით არაკეთილსინდისიერად ისარგებლებს. აქ კი სპეციალისტები უკვე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ.
მოგეხსენებათ, ხანგრძლივი ლოდინისა და იმედის გადაწურვის შემდეგ ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ შეთანხმებას მიაღწიეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
ამის პარალელურად, ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად პროცედურების გართულებას პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს. მისი თქმით, ბევრი წავაგეთ იმით, რომ მოქალაქეობა წინა ხელისუფლების პირობებში “ასე უაზროდ ვარიგეთ”. განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან არიან.
მიუხედავად იმისა, რომ მათი გარკვეული ნაწილი ეთნიკური ქართველი იყო, მაგალითად ირანიდან, სპეციალისტის აზრით, ამან მაინც დაღი დაასვა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას და ხშირადაც გვაყვედრიან ხოლმე.ახლა კი, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ამ საკითხს ბევრად უფრო გონიერი და პრაგმატული მიდგომა სჭირდება, რათა ხელი არ შეგვეშალოს – “შეცდომა თუ დავუშვით, უვიზო რეჟიმს შეგვიჩერებენ”, – დასძენს იგი.
როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ვიზალიბერალიზაციით ჩვეულებრივ ისარგებლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ის ადამიანები, რომელთაც ქართული პასპორტი აქვთ. თუმცა აქვე დასძენს, რომ ასეთების რიცხვი ძალიან ცოტაა. მამუკა არეშიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ქართულ პირადობის მოწმობასა და პასპორტს ერთმანეთში ურევენ, რეალობა კი ასეთია – პირადობის მოწობა ბევრად მეტს აქვს, პასპორტი კი-ცოტას. პირადობის მოწმობა, სპეციალისტის თქმით, მათ საქართველოში სამედიცინო მომსახურების მისაღებად სჭირდებოდათ.
“ამისათვის მათ იქ თავიდან პრობლემებიც ექმნებოდათ, მაგრამ შემდგომ ამას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ შეგნებულად წაუყრუა. რუსლან ქიშმარია – ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, მკურნალობდა აქ სამი თვის განმავლობაში და ვის რა უნდა ეთქვა? ბევრი აფხაზი მაღალჩინოსნის შვილიც ჩამოდის აქ სამკურნალოდ. ასე რომ, ამას პრობლემად აღარ აღიქვამენ, ვითომ არ არსებობს. იმედია, მათი მხრიდან ქართულ პასპორტზეც გაიზრდება მოთხოვნა. ამას დაჟინებით ნუ ვიტყვით, მაგრამ იმედია, ასე იქნება. ოღონდ აქაც გონივრულად მოქცევა გვმართებს. აქაც არ იქნება სწორი, თუ პასპორტების გაცემა მასობრივად, გარკვეული გეგმის გარეშე დავიწყეთ. ქართულ პასპორტს თავისი წონა და ხიბლი უნდა ჰქონდეს. რასაკვირველია, ამ მხრივ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ყველაფერს მაინც გეგმა სჭირდება”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.
მოქალაქეობის გამცემის წესის გამკაცრებას ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი ლოგიკურს უწოდებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნის შემოღება მოსალოდნელია. იგი არ გამორიცხავს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურებში ამასთან დაკავშირებით რამე მექანიზმი ჩადებული იყოს.
ირაკლი ცქიტიშვილის განცხადებით, ევროკავშირი ცდილობს შეიქმნას გარანტიები, რომ უვიზო რეჟიმი ბოროტად არცერთი ქვეყნის მიერ არ იქნება გამოყენებული. ამისათვის, ცქიტიშვილის აზრით, ევროპელები ყველაფერს იზამენ და თუ შეატყობენ, რომ სიტუაცია კონტროლს ვეღარ ექვემდებარება, მაშინ შეჩერების მექანიზმსაც აამოქმედებენ. იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გასულ წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიღება ადვილი იყო და დასძენს, რომ ეს რომ მართლაც ასეთი ადვილი ყოფილიყო და ამით ბევრ საეჭვო ადამიანს ესარგებლა, ევროკავშირი ამ ყველაფრის გამკაცრებას იმთავითვე მოითხოვდა.
“რადგან ეს საკითხი არ დააყენეს, ე.ი. არ თვლიან, რომ ეს ასეთი გაადვილებულია. მეორე მხრივ, არც ორმაგი მოქალაქეობაა მთლად ადვილი პროცედურა. ამის მსურველმა პრეზიდენტის აპარატი და უსაფრთხოების პროცედურები უნდა გაიაროს. ასე რომ, არ მგონია, ეს პროცედურა ადვილი ყოფილიყო. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს ჩვენი მთავრობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს პასპორტის მიღება შესთავაზოს. აქ შეიძლება გარკვეული რისკები იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთში ახალმა ჩასახლებულმა ადამიანებმა გარკვეული პრივილეგიები მიიღონ და ეს ტერიტორიები ევროკავშირის ქვეყნებში მოსახვედრად გამოიყენონ. საუბარი მაქვს არა 1992 წლამდე აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ ბოლო წლებში ჩასახლებულებზე. აქ ალბათ გარკვეული ზომები მისაღები იქნება, აუცილებელი”, – ამბობს სპეციალისტი. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია აფხაზებშიც იქნება ქართული პასპორტების აღების მასტიმულირებელი.
“აფხაზებისათვის, რომელთაც აქამდე ჩვენთან მკურნალობა, ან პირადობის მოწმობის აღება არ უთაკილიათ, ალბათ არც ქართული პასპორტის აღება იქნება პრობლემა. ვგულისხმობ არა ტექნიკური, არამედ მორალური თვალსაზრისით. ბევრი იქ მცხოვრები, რა თქმა უნდა, ქართული პასპორტის აღებას არ მოინდომებს იმის გამო, რომ მტრებად მივაჩნივართ. მათ ურჩევნიათ რუსეთის გავლით მოხვდნენ სხვაგან. ასე რომ, პასპორტებთან მიმართებაში უვიზო რეჟიმი მაინცადამაინც ვერ შეცვლის ვითარებას”, – დასძენს ირაკლი ცქიტიშვილი.
საქართველოს მოქალაქეობაზე მოთხოვნის გაზრდას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც ელის. ამბობს, რომ ერთ-ერთი საკითხი, რასაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში დააყენებს, აღნიშნული პროცედურის გამკაცრება იქნება. იგი ამას ბუნებრივს უწოდებს, რადგან არაა გამორიცხული, “მესამე სამყაროს” ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეობით დაინტერესება გაიზარდოს, რათა შენგენის ზონაში ქართული პასპორტით შეაღწიონ. მისივე თქმით, ბუნებრივია, ევროპის ქვეყნების საზღვრებზე კონტროლიც გამკაცრდება და საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ იქაურების დარწმუნება, რომ დათქმულ ვადებში ქვეყანაში დაბრუნებას ნამდვილად აპირებენ. თუნდაც უკან დასაბრუნებელი ბილეთის წარდგენა მოუწევთ და ა.შ.
“ქართული პასპორტის აღების სტიმული, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებშიც გაჩნდება. მოგეხსენებათ, იაქაური პასპორტებით მათ მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლიათ მოგზაურობა. შენგენის ზონის ქვეყნებში წასვლის შესაძლებლობა კი მათთვის მნიშვნელოვანია”, – დასძენს ნიკა ჩიტაძე.
„რეზონანსი“, 13 დეკემბერი, 2016 წელი
ახალი დიდი კონფლიქტი პრეზიდენტსა და “ოცნებას” შორის
ეკატერინე ბასილაია
მე-9 მოწვევის პარლამენტს ერთი თვეც არ შესრულებია და “ქართულ ოცნებასა” და პრეზიდენტს შორის ახალი ღია კონფლიქტი და ურთიერთბრალდებები უკვე დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ “ოცნებას” ერთპიროვნული და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაში დასდო ბრალი, პარლამენტის თავმჯდომარემ კი შეუთვალა, რომ “ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ რისი თქმის უფლება აქვთ”.
“ოცნებასა” და პრეზიდენტს შორის ლამის ტრადიციად ქცეული პოლიტიკური ომი ამჯერად კონსტიტუციის შესაცვლელად შესაქმნელ კომისიის დაკომპლექტებას ეხება. პრეზიდენტს კომისიის თანათავმჯდომარეობის სურვილი ჰქონდა, რაზეც “ოცნებამ” უარი განუცხადა და დაპირისპირება იმდენად მაღალია, რომ პრეზიდენტმა საერთოდ უარი თქვა ამ კომისიაში მონაწილეობა მიიღოს მისი ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელმა.
“ქართული ოცნების” დეპუტატებში ამ გადაწყვეტილებამაც გამოიწვია გაღიზიანება. ირაკლი სესიაშვილის თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ბოიკოტი და იმის თქმა, რომ მონაწილეობას არ მივიღებ, ძალიან არასერიოზულია.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ კომისია არსებობდა ადრე, პრეზიდენტი არასდროს ყოფილა პროცესის ხელმძღვანელი, ამიტომაც მისთვის “სრულიად გაუგებარია ახლა რატომ გახდა ეს თემა და რატომ მიიჩნევს ვიღაც, თითქოს ამით რამე კნინდება”.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც სამი წლის წინ შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის წევრიც იყო, ამბობს, რომ პრეზიდენტის დაკნინება და კონფლიქტი რაღაც თითიდან გამოწოვილი პრობლემების გამო ისევ დაიწყო და ეს ძალიან სამწუხაროა. მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტის მოთხოვნას თანათავმჯდომარეობაზე არ ეთანხმება, მისთვის ამ დაპირისპირებაში მიუღებლად პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის განცხადება რჩება.
“ირაკლისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ ვიცი რა კონტექსტში ჯდება მისი განცხადება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა იცოდეს რა განცხადებები გააკეთოს. ბარემ წინასწარ დაუწეროს განცხადებების ტექსტი და გაუგზავნოს პრეზიდენტს?!” – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
“დაპირისპირება არასოდეს ყოფილა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის არჩევანი”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა: “თუმცა გვინახავს სხვა პოლიტიკოსების პოლიტიკური არჩევანი პრეზიდენტ მარგველაშვილთან პოლიტიკური დაპირისპირებისა. ბევრი ეს პოლიტიკოსი შეიძლება პოლიტიკურ არენაზე არ არის. ეს ფილმი უკვე ნანახია”…
როგორც გიორგი აბაშიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, სამწუხაროა, მაგრამ როდესაც კომისიის შექმნაზეც კი არ გამართულა პრეზიდენტთან რამე კონსულტაცია, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და შთაბეჭდილება რჩება, რომ კომისიაში “მეტი აქცენტია ერთპიროვნულ და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე”.
მისი თქმით, პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე თავს შეიკავებენ. ბოიკოტის გამოცხადების პარალელურად კი აანონსებს, რომ ისინი ჩაერთვებიან და აქტიურად იმუშავებენ კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვა მოხდეს, რადგან ამ საკითხის დემოკრატიულად გადაწყვეტის ერთადერთ საკონსტიტუციო ფორმატი ესაა.
ცნობისათვის: საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილებას პარლამენტი ხუთშაბათს დაამტკიცებს. კომისია მუშაობას დაიწყებს დეკემბერშივე და დაასრულებს მომავალ წლის 30 აპრილს. შემდეგ იქნება ფართო საყოველთაო განხილვა. კომისიას კი უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. კომისიის 49 წევრიდან 23 “ქართული ოცნებიდან” იქნება, 6 – “ნაციონალური მოძრაობიდან”, 1 – “პატრიოტთა ალიანსიდან” და არცერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინიციატივა, რომ მეტი ლეგიტიმაციისთვის და ერთპარტიულობის ეჭვების გასაქარწყლოებლად კომისიის თანათავმჯდომარედ პარლამენტის სპიკერთან ერთად, პრემიერიც და პრეზიდენტი მარგველაშვილიც ყოფილიყო, რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა.
პარასკევს ირაკლი კობახიძემ საპასუხოდ თქვა, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა განიხილეს, თუმცა პრეზიდენტისა და ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის შემდეგ საბოლოო ჯამში შეჯერდნენ იმავე ფორმატზე, რა ფორმატითაც კომისია სამი წლის წინ შეიქმნა და პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე არ იქნება.
მის ამ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, მაგრამ როცა ფორმატთან დაკავშირებით ერთპიროვნული და ერთპარტიული გადაწყვეტილება მიიღება, “ცხადია, ეჭვებს ბადებს, რომ უკვე შინაარსობრივი თემები იქნება ერთპიროვნული და ერთპარტიული”.
“პირველ რიგში ის, რომ სწორედ პრეზიდენტია კონსტიტუციის გარანტი და ამასთან, ის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. შესაბამისად, გაცილებით მაღალი სანდოობა და ლეგიტიმაცია ექნებოდა ამ კომისიას და არ გაჩნდებოდა კითხვები, რომ იგი თუნდაც მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელი შეიძლება ყოფილიყო”, – თქვა გიორგი აბაშიშვილმა.
ერთპიროვნული გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ ეჭვს “არაკორექტული” უწოდა ირაკლი კობახიძემ. “ეს იყო არა მარტო არასწორი, არამედ არაკორექტული შეფასება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ რისი თქმის უფლება აქვთ მათ… რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის ე.წ. ლეგიტიმაციის საკითხს, საერთოდ არ მესმის ეს სიტყვა რა კავშირშია საკონსტიტუციო კომისიასთან. ე.წ. ლეგიტიმაციის კუთხით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ კი კობახიძე ტყუილშიც დაადანაშაულა. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თავმჯდომარის საკითხზე საუბარი და მით უფრო, შეთანხმება არ ყოფილა.
“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ კვლავ გრძელდება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება. “ივანიშვილის დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტისადმი არ შეცვლილა, შესაბამისად არ შეცვლილა ქართული ოცნების დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი”, – ამბობს ირაკლი აბესაძე.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძის თქმით, გაუგებარია რატომ დაიწყო ეს დაპირისპირება და ორივე მხარეს – პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც და პარლამენტის უმრავლესობასაც აკრიტიკებს.
“პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა უფრო მოზომილი უნდა იყოს თავის განცხადებებში. ან პრეზიდენტმა რომ ბოიკოტი გამოაცხადა, მერე ამით რა? რა ხდება, არ მესმის. ბოიკოტის გამოცხადება პრეზიდენტისთვის და ქვეყნისთვის რა შედეგის მომტანია. ან კომისიის ლეგიტიმაცია ვერ ექნებაო, ესეც არ მესმის. კომისია ასრულებს შავ სამუშაოს, ქაღალდზე უნდა ჩამოწეროს რაღაცეები, რომელსაც პარლამენტმა ან მიიღებს ან – არა. კომისიას ლეგიტიმაცია არ სჭირდება. ამიტომ წინასწარ რატომ ხდება ეს დაპირისპირება და თემის ხელოვნური აქტუალიზაცია, არ მესმის”, – აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თვალსაზრისით, ამ დაპირისპირების ქვეტექსტი პრეზიდენტის არჩევის საკითხზე შეუთანხმებლობაა და არა ის, ვინ იქნება თანათავმჯდომარე და მინიშნებას ექსპრემიერ ივანიშვილის ინტერესებზეც აკეთებს.
“საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევა პარლამენტიდან უნდა მოხდეს. პრეზიდენტი და მის გუნდი თვლის, რომ უნდა დარჩეს დღევანდელი წესი. პარლამენტის უმრავლესობის პოზიციას იზიარებს ბიძინა ივანიშვილიც. სანამ კომისიის შექმნაზე დაიწყებოდა ლაპარაკი, ივანიშვილმა ეს მანამდეც განაცხადა. ამიტომაც დაპირისპირების რეალური მიზეზი ეს საკითხია და არა კომისიის თანათავმჯდომარე იქნება თუ არა პრეზიდენტი”, – მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
„რეზონანსი“, 13 დეკემბერი, 2016 წელი
დააკნინებს თუ არა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას მასში პრეზიდენტის არმონაწილეობა?
გვანცა ღვედაშვილი
(შემოკლებით)
საქართველოს პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისგან, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. (…)
დააკნინებს თუ არა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, მასში პრეზიდენტის არ მონაწილეობა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.
ლია მუხაშავრია (იურისტი): საკონსტიტუციო კომისიაში არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში და მის გარეთ არსებული ყველა პოლიტიკური ძალა და დაინტერესებული ჯგუფი. კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ ძალიან მყარად იდგეს დიდი ხნის განმავლობაში, აღარ დაჭირდეს შეცვლა. ამიტომ აბსოლიტურად მიუღებელია, ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს, ხელისუფლება ატარებს საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით. ასეთი წესით და პროცედურებით მიღებული ცვლილებები ძალიან მალე, თავიდან მოითხოვს ახალ ცვლილებების საჭიროებას.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მე სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია, პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პოზიცია, რომ სრულიად უარი თქვეს კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე. ბოლოს და ბოლოს პრემიერმაც, პრეზიდენტმაც და პარლამენტის თავჯდომარემაც, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა, უნდა დაამთავროს ბუტიაობა, რადაგან საქმე ქვეყანას ეხება. ასეთ დროს კი, ვინ იქნება თავჯდომარე და ვინ თანათავჯდომარე, ამაზე არ უნდა იყოს მთავარი აქცენტი გადატანილი, არამედ იმაზე, რომ ყველა მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ კომისიის მუშაობაში, რათა ისეთი კონსტიტუცია მივიღოთ, რომელიც 21-ე საუკუნის საქართველოს ეკადრება.
ნანა კაკაბაძე (უფლებათდამცველი): საერთოდ არ მესმის ასეთი ამბები რატომ არის ამ საკითხთან დაკავშირებით. ცვლილების მიმღები მაინც პარლამენტია და რაც არ უნდა შესწორება მიიტანოს პრეზიდენტმა, გადაწყვეტილებას მაინც პარლამენტი იღებს და არ მესმის სად იქნება პრეზიდენტი. ვერ ვხედავ ამას რა მნიშვნელბა აქვს, რას იზამდა პრეზიდენტი კომისიაში ყოფნით. მის წარმომადგენლებს შეეძლოთ კომისიაში ყოფნა და პროცესებზე დაკვირვება თუ აინტერსებთ, როგორ წარმიმართებოდა ის, შეცვლით კი მაინც ვერაფერს შეცვლიდა პრეზიდენტის ყოფნა არ ყოფნა, ამიტომ მისი სურვილი გაუგებარია.
„რეზონანსი“, 13 დეკემბერი, 2016 წელი
საჯარო სექტორიდან 30 ათას ადამიანს გაათავისუფლებენ?!
„გაუშვებენ ისეთ თანამშრომელს, რომელსაც ახლობელი და მფარველი არ ჰყავს“
მარი ჩიტაია
მომდევნო წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, შესაძლოა, 30 ათასი ადამიანით შემცირდეს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მთავრობის მიერ დაანონსებული ოპტიმიზაცია მნიშვნელოვნად შეცვლის დასაქმების სტრუქტურას. არც ისაა გამორიცხული, კადრების გაშვება (როგორც დანიშვნა) ნეპოტიზმის პრინციპით მოხდეს და სამსახურის მიღმა დარჩნენ ადამიანები, რომელთაც საჯარო სექტორში მფარველი არ ჰყავთ.
საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2016 წელს 274,9 ათასს შეადგენს, რაც მთლიანად დასაქმებულთა 15,4%-ია. 2014 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხვი საჯარო სეგმენტში გაზრდილია. 2 წლის წინ ამ სექტორში 251.2 ათასი დასაქმებული იყო.
თუკი მთავრობის დაგეგმილი ოპტიმიზაცია რეალურად 10%-ის ფარგლებში განხორციელდება, საჯარო სამსახურებიდან დაახლოებით 30 ათას ადამიანს გაათავისუფლებენ. ასე ვარაუდობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელიც მთავრობას კერძო სექტორის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
“ოპტიმიზაცია, რამდენადაც ცნობილია, შეეხება მხოლოდ საჯარო მოხელეებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. კერძო სექტორი აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში. ჩვენ თუ გვინდა, რომ კერძო სექტორმა გადამწყვეტი როლის შეასრულოს თავისი აქტიურობით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა უნდა იგრძნოს. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფოს კმაყოფაზე დამოკიდებულთა კონტინგენტი შემცირდეს, თუკი პარალელურ რეჟიმში მოხდება კერძო სექტორში დასაქმების ზრდა. ჩემი აზრით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ესტონური მოდელის შემოღება, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას.
ინფლაციის მიუხედავად, მოსახლეობის შემოსავლების მატების ტემპი წინ უსწრებს მშპ-ს ნომინალურ ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ხალხს შემოსავალი არათუ შეუმცირდება, გაეზრდება კიდევაც, უბრალოდ, მოხდება სტრუქტურული გადანაწილება და პერსპექტივაში ქვეყანას ეს მხოლოდ წაადგება.
რაც შეეხება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, ოპტიმიზაციის ფარგლებში. მათი რაოდენობა, დაახლოებით, 25 000-დან 30 000-მდე იქნება, რომლის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, კერძო სექტორში გადაინაცვლებს”, – განმარტავს არჩვაძე.
რაც შეეხება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას, სტატისტიკოსის შეფასებით, საქართველოში ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა, რაც იწვევს კიდეც საჯარო სექტორში მომუშავე მოქალაქეების ხელფასების მიმართ აჟიოტაჟურ დამოკიდებულებას.
“საჯარო სექტორი, თავისი ნეპოტიზმით, მოგვაგონებს დასაქმების ბიუროს, სადაც დასაქმებულების შრომის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ვიდრე კერძო სტრუქტურებში. ამ მხრივ საქართველო ყველა ნორმალური ქვეყნისგან განსხვავდება. არც ერთ ქვეყანაში საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურება არ არის ისეთი მიმზიდველი, როგორც საქართველოშია. შედარებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო სამსახურში მოქალაქეების მიდიან იდეური მსოფლმხედველური ფასეულობის დამკვიდრებისა და ცხოვრებაში შენარჩუნების მიზნით. იქ ამ სეგმენტში დასაქმებულთა ხელფასი ბევრად ნაკლებია, ვიდრე კერძო სექტორში იღებენ. ამან შექმნა ჩვენთან აჟიოტაჟური დამოკიდებულება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მიმართ.
დღეს ტრაგედიასთან გათანაბრებულ მოვლენასტან გვაქვს საქმე, რამდენადაც სამსახურის დაკარგვა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ტრაგედიის ტოლფასია. მეორე მხრივ სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რომ რესურსი დაზოგოს. არა მგონია ოპტიმიზაციის შედეგად უმუშევრობამ მოიმატოს, რადგან გათავისუფლებულთა დიდ ნაწილს ალტერნატივა აუცილებლად გამოუჩნდება, თუნდაც კერძო სექტორში”, – განმარტავს სოსო არჩვაძე.
სპეციალისტების ნაწილის სტატისტიკოსის ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ საჯარო სექტორში ათასობით ადამიანის გათავისუფლება უმუშევრობის მაჩვენებელს გაზრდის, რაც სოციალურ ფონს დაამძიმებს და ქვეყნისთვის საბოლოოდ ცუდად დასრულდება.
ეკონომისტ პაატა აროშიძის შეფასებით, ოპტმიზაციის მიზანი უნდა იყოს ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება და არა დასაქმებულთა დათხოვნა, რაც მდგომარეობას გაართულებს.
“ოპტიმიზაციის მიზანი, პირველ რიგში, საბიუჯეტო თანხის დაზოგვაა. პირველი მიმართულება შეიძლება იყოს საჯარო სამსახურში თანამშრომელთა დათხოვნა, მეორე – მათთვის ხელფასების კლება ან ორივე ერთად. საქართველოში სახელმწიფო სექტორში დასაქმება, ანაზღაურებიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანისთვის თვითმიზანია. თუ აქამდე საჯარო სექტორი მიიჩნეოდა გარანტირებულ სამუშაო ადგილად, ეს დამოკიდებულება შეიცვლება. ვხედავ საფრთხეს, რომ კადრების გაშვებისას ისევ ნეპოტიზმის პრინციპით იხელმძღვანელებენ და კვალიფიკაციის გაუთვალისწინებლად, გაუშვებენ ისეთ თანამშრომელს, რომელსაც ახლობელი და მფარველი არ ჰყავს. ოპტიმიზაციის ფარგლებში ამ მხრივ პრობლემები გარდაუვალია”, – აცხადებს პაატა აროშიძე.
ეკონომისტი არ არის მომხრე, რომ კადრები შემცირდეს, რაც მისი აზრით, უმუშევრობის მასშტაბს გაზრდის: „თუკი ათასობით ადამიანის დათხოვნა სამომავლოდ არ შეეტყობა საჯარო სექტორს და დარჩენილები საქმეს უპრობლემოდ გააგრძელებენ, გამოდის, რომ შტატები გაბერილი იყო. ესე იგი ოპტმიზაციისთვის უფრო ადრეც უნდა მიემართათ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ. წარმოდგენაც არ მინდა იმაზე, თუ რა დაემართება სამსახურის მიღმა დარჩენილ ხალხს. ცხადია, კერძო ბიზნესში ვერ წავლენ, რადგან ასეთი დარგი ქვეყანაში ნაკლებად განვითარებულია. ეკონომიკური ზრდა კი ისედაც დაბალია. ვშიშობ, გამოთავისუფლებულთა უმეტესობა უმუშევართა არმიას შეუერთდება, რაც სახელმწიფოს ბუმერანგივით დაუბრუნდება. ჩემი აზრით, სოციალური ფონი გაუარესდება. მძიმე მდგომარეობაა და კადრების შემცირებაში ვერ ვხედავ გამოსავალს. უნდა შევიგნოთ, რომ სახელმწიფოში კრიზისია და ოპტიმალურად მოვექცეთ საბიუჯეტო სახსრებს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ხარჯზე”, – აცხადებს პაატა აროშიძე.
საგულისხმოა, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთლიანი ადმინისტრაციული ხარჯები 68 მლნ ლარით არის გაზრდილი 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან მიმართებით ფარდობითი მაჩვენებელი, 2016 წლის მსგავსად, 29%-ის ნიშნულზე ნარჩუნდება. უშუალოდ შრომის ანაზღაურებისათვის 2017 წელს ბიუჯეტიდან 1 443 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, რაც 2016 წლის გეგმურ მაჩვენებელს უტოლდება. შრომის ანაზღაურების მუხლის ზრდა არ შეიმჩნევა ცალკე აღებული სამინისტროების შემთხვევაშიც, გამონაკლის შემთხვევებში კი ზრდის მაჩვენებელი უმნიშვნელოა.
„რეზონანსი“, 13 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „უმუშევარი ათასობით ადამიანი გახდება“ // „მთავრობა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას ცდილობს“
გვანცა ღვედაშვილი
“უმუშევარი არა ათეულობით, არამედ ათასეულობით ადამიანი გახდება,” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა კადრების ოპტიმიზაციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა ყველანაირად ცდილობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას, რადგან ივანიშვილმა წლების განმავლობაში ვერ მოახერხა მისი დამორჩილება და ახლა “პრივატიზებულ” მთავრობასთან ერთად, მას “პრივატიზებული” პრეზიდენტიც სურს, რომელსაც 2018 წელს მიიღებს.
- საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით მმართველ ძალასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება მწვავდება, როგორ შეაფასებდით აღნიშნულ მოვლენებს?
- სამწუხაროდ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ყველაზე შავბნელი პროგნოზი მართლდება. კონსტიტუციური უმრავლესობა იმართება “ქართული ოცნების” მიერ, რაც ცხადია, შორს არის დემოკრატიული პროცესებისგან და ადვილად შესამჩნევია, რა სახის შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ასეთი უალტერნატივო ჯგუფის მიერ შედგენილ კონსტიტუციას. რამდენი წევრიც უნდა იყოს საარჩევნო კომისიაში, ყველაფერი კენჭისყრით წყდება, რაც საბოლოოდ გვაფიქრებინებს, რომ შედეგი იქნება ისეთი, როგორიც ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესისთვის იქნება მისაღები.
დიდი ალბათობით, ეს იქნება თავდასხმა საპრეზიდენტო ინტიტუციის მიმართ და რამე სახის, თუნდაც ვენეციის კომისიის სუბიექტთა აზრი ნაკლებად იქნება გათვალისწინებული. ნაუცბათევად შეცვლილმა კონსტიტუციამ ერთადერთი სიკეთე შესაძლოა, “ქართულ ოცნებას” მოუტანოს. დიდი ალბათობით, ეს იქნება უმრავლესობის ლაკმუსის ქაღალდი და რამდენიმე ფრაქციის ნაცვლად, 2 დე-ფაქტო ფრაქცია წარმოჩნდება.
ერთი იქნება წარსულის ფრაქცია, მეორე – მომავლის. როგორ მოახდენენ ისინი კოჰაბიტაციას და რამდენად წარმატებულია თავად კოჰაბიტაციის იდეა განსხვავებული შეხედულების მქონე სუბიექტებისა, ეს “ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ურთიერთობისას უკვე დაგვანახა.
- პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილება ეზღუდება, მას აღარ შეეძლება ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნა. თქვენი აზრით, მიუთითებს თუ არა ეს ფაქტი, რომ უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის მაქსიმალურად დაკნინება ხდება?
- რასაკვირველია, ეს ფაქტი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენმა კადრებთუხუცესმა წლების განმავლობაში პრეზიდენტის პრივატიზაცია ვერ მოახერხა.
ჩვენ დაველოდებით დროს, როცა პრივატიზებული იქნება არა მხოლოდ მთავრობა, რამედ პრეზიდენტიც. რის შემდეგაც კმაყოფილებით აღვსილი პიროვნება, რომელიც ცდილობს, თავი რიგით მოქალაქედ წარმოაჩინოს, დამშვიდდება და დაფიქრდება, ესაქმება კიდევ რამე ამ ქვეყანაში თუ არა?!
- რაც შეეხება კადრების ოპტიმიზაციას, როგორ ფიქრობთ, რამდენად მასშტაბური იქნება შემცირება და რამდენად გაზრდის უმუშევრობის მაჩვენებელს?
- უმუშევარი არა ათეულობით, არამედ ათასეულობით ადამიანი გახდება, ნურც იმას დავივიწყებთ, როდის და როგორ გაორმაგდა საკრებულოს თანამშრომელთა რაოდენობა – ეს 2013 წელს მოხდა, იმის მოლოდინით, რომ 2016 წელს არჩევნებზე დამდგარიყო ის შედეგი, რაც მივიღეთ. ახლა ამ ადამიანებს სამსახურებს რომ დააკარგვინებენ, რა თქმა უნდა, სხვა ხრიკების მოგონება დასჭირდებათ, მაგრამ შეცდომას არ დაუშვებენ.
უკვე ფაქტია, რომ 2017 წლის მაგივრად ავტომანქანების ტექ-დათვალიერების ვალდებულების 2018 წელს გადავადება იმ პრიმიტიულ მიზეზს ემსახურება, რომ თვითმმართველობის არჩევნების დროს ავტომობილების ათასობით მფლობელი არ იყოს უკმაყოფილო. 2018 წელს ადამიანებს აღარ ექნებათ პრეზიდენტის არჩევის ფუნქცია. პრივატიზებული ახალი “ოცნება” აირჩევს პირველ პირს და სწორედ მაშინ გადადგამს პარლამენტი ყველაზე ნაკლებ პოპულარულ ნაბიჯებს, რომელსაც საკუთარ თავზე გამოვცდით.
- ანუ, თქვენი აზრით, პრეზიდენტის არჩევის ცვლილების საკითხი აუცილებლად დადგება?
- რასაკვირველია, მე კარგად მახსოვს 2013 წლის გაზაფხული, როდესაც დამოუკიდებელ ექსპერთა კლუბის წევრებთან შეხვედრისას ივანიშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ პრეზიდენტი პარლამენტს აერჩია. იგი გვარწმუნებდა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება გაზრდილიყო და მას ყველა ბერკეტი ჰქონოდა იმისთვის, რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობები დაერეგულირებინა. გამოხდა ხანი და მოვისმინეთ პირადი უკმაყოფილება პრეზიდენტის მიმართ, როგორც ჩანს, ყველას ერთნაირი შემწყნარებლობა არ გააჩნია ამა თუ იმ პირის მიმართ. ნათქვამია, “აღდგომა და ხვალეო.” ჩვენ აპრილის ბოლოსაც დაველოდებით და ვნახავთ, შეძლებს თუ არა “ოცნების” მომავლის ფრაქცია, შეინარჩუნოს ღირსება და არ დაივიწყოს ქართული სიბრძნე, “სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო”.
- დაანონსებული ეკონომიკური ცვლილებები, რაც აქციზების გაზრდას ეხებოდა თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და ა.შ. გამოიწვევს თუ არა საზოგადოების გარკვეულ პროტესტს?
- მთავრობა იმისთვის არის, რომ აიღოს პასუხისმგებლობა რეფორმების შემუშავებაზე. რომ გითხრათ, სიგარეტზე გადასახადის გაზრდა არის მავნებლური ნაბიჯი საზოგადოების წინააღმდეგ, ასე არ არის. შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული მკაცრი შეზღუდვები სახელმწიფო ჯანდაცვის დაზღვევის მხრივაც, რომელშიც ცალკე იქნება თამბაქოს მომხმარებელთა საკითხი დაყენებული. ანუ, თუ ადამიანი თავად არ ფიქრობს საკუთარ ჯანმრთელობაზე, მაშინ მის თანამოქალაქეს არ აქვს ვალდებულება, ბიუჯეტში მის მიერ შეტანილი თანხით თამბაქოთი დაავადებულ ადამიანებზე იზრუნოს.
დარწმუნებული ვარ, ამის გამო თამბაქოს მომხმარებლებისგან რისხვა დამატყდება, მაგრამ მათ უნდა იზრუნონ საკუთარ მომავალ თაობაზე, მოიძიონ ძალა საკუთარ თავში და მიჰყვნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რის ნაკლებობასაც ჩვენ ნამდვილად განვიცდით.
- თუმცა, აქციზის თანხის გაზრდა მხოლოდ თამბაქოს არ ეხება, არამედ ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომობილებსაც, რაც საკმაოდ მძიმედ დააწვება საზოგადოების დაბალ ფენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია, ამ ყველაფერმა საზოგადოებაში საპროტესტი ტალღა გამოიწვიოს?
- ჩემის აზრით, ყველა მხოლოდ საკუთარი ჯიბის ინტერესიდან არ უნდა გამოდიოდეს. არსებობს საკითხები, რომლებიც არის დასაწყისი სახელმწიფოს ძირის გამოთხრისა. ვგულისხმობ, იდეას, რომ ნაწილი რკინიგზის და მაგისტრალური გაზსადენის იყოს გასხვისებული აუქციონზე და არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ეს აუქციონი.
ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს გავუჩინოთ სურვილი, ბაზარზე გამოტანილ იქნას, რკინიგზისა და გაზსადენის აქციები, რომლეთა შესყიდვის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ, თანაც, უნდა იყოს წინაპირობა, რომ საკუთარი აქციის გაყიდვის მსურველს, ჰქონდეს ვალდებულება, რომ გაყიდვის შემთხვევაში, თავად სახელმწიფომ შეისყიდოს საკუთარი აქცია.
ჩვენ მწარედ ვიგემეთ, ნაუცბათევი კონტრაქტის შედეგები, როდესაც გავასხვისეთ და უცხო ქვეყნის კომპანიის მფლობელობაში გადავიდა “თელასი” და სახელმწიფოს არცერთ სტრუქტურას არ ჰქონდა იმის ძალა, რომ გაყიდვის შემთვევაში თავადვე დაებრუნებინა ეს კომპანია, რის გამოც ამერიკელებმა ძალიან მარტივად მიყიდეს “თელასი” რუსულ კამპანიას.
შესაძლებელია, ასეთი პროცესები სხვა მიმართულებითაც დაიწყოს, რაც ნამდვილად შედის რუსეთი ინტერესებში. არაერთ რუსულ სატელევიზიო გადაცემაში მომისმენია, ცნობილი რუსი პირების განცხადებები, რომ საქართველოსთან ომი არ არის საჭირო და მათ შეუძლიათ, უბრალოდ იყიდონ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, მთავრობა, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, უპირველეს ყოვლისა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ წინაპართაგან ნაბოძარ სიმდიდრეს უპირებენ განიავებას, თანაც ისეთი პირობებით, რომ აღარასდროს ჰქონდეს საქართველოს უფლება, უკან დაიბრუნოს ის.
„რეზონანსი“, 13 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „სახელმწიფო ვალებს იღებს და პრემიებს ისე არიგებენ“ // „საქართველოში ეკონომიკური კატასტროფაა“
თიკო ოსმანოვა
“ქართული ოცნება” თუ გაჯიუტდება და ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს გაატარებს, რომელიც ქვეყანას ავტოკრატიულ რეჟიმში გადაიყვანს, ეს იქნება დესტაბილიზაციის დასაწყისი”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. პრეზიდენტისა და მთავრობის მორიგ დაპირისპირებაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე “რეზონანსი” ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა.
ზაზა ხატიაშვილი: ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც გააყალბა არჩევნები, რაშიც ჩართული იყო სახელმწიფო, ადმინისტრაციული რესურსები, სამართლადამცავი ორგანოები, მურუსიძის სასამართლო და პლუს მახინჯი კანონი, დააგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ვინაიდან არის ასეთი ცუდი კანონმდებლობა, ქვეყნის პირველი პირი, რომელიც არის გაწონასწორებული, ჭკვიანი და საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ღირსეულად გამტანი პიროვნება, ამბობს, რომ შევქმნათ საერთო კონსენსუსი და ისე მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებებიო. ეს არის ჭკვიანი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის შეთავაზება. მან იცის, რომ თუ “ქართული ოცნება” გაჯიუტდება და ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს გაატარებს, რომელიც ქვეყანას ავტოკრატიულ რეჟიმში გადაიყვანს, ეს იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის დასაწყისი. გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, უგუნურ ხელისუფლებას ააცილოს ის გართულებები, რაც შეიძლება დაემართოს.
- პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირების პარალელურად ქვეყანაში სოციალური ფონიც საკმაოდ მძიმდება და, თქვენი აზრით, ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს?
- საქართველოში ეკონომიკური კატასტროფაა – ხალხმა ხმა მისცა ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პროგრამა არ ჰქონია წარმოდგენილი. ამიტომ ჩვენ დღეს ვიმკით იმას, რაც დავთესეთ. პარლამენტში შევიდა სააკაშვილის რეჟიმის პარტია, რომელმაც ქვეყანა კოლაფსამდე მიიყვანა და ახლა ამატებს “ქართული ოცნება”. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება სახელმწიფო ანდო, ეს არის ქვეყნის პრეზიდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ყველაფერში იყოს ჩართული და მართვის სადავეები აიღოს ხელში.
- თუმცა, პრეზიდენტს კონსტიტუციით შესაბამისი უფლებები არ აქვს…
- იმიტომაა საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის მონაწილეობა აუცილებელი, რომ ყველაზე გაწონასწორებული პირის ჩართულობით მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომელიც ქვეყანას კოლაფსიდან გამოიყვანს. “ქართულ ოცნებას” მართვა რომ არ შეუძლია, არჩევნებიდან 2-მა თვემ დადასტურა. ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ რომ დარბოდა, ახლა რატომაა დამალული?! ქვეყანაში თუ არ გამოჩდნენ ისეთი თანამდებობის პირები, რომლებიც პირად კომფორტზე უარს იტყვიან, ქვეყანა ჩავარდება კოლაფსში.
სახელმწიფო ვალებს იღებს და პრემიებს ისე არიგებენ. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს კარგს არაფერი მოუტანდა, ეს მიგვიყვანდა ლარის დევალვაციამდე და აი შედეგიც – ლარი ყოველდღე უფასურდება. ქვეყანა წასულია ღრმა ჭაობში აქედან რომ გამოვიდეს, ამას სჭირდება გონიერი ადამიანი. ასეთი ერთადერთი ადამიანი კი გიორგი მარგველაშვილია. თუ “ოცნება” ქვეყნის პრეზიდენტს არ მოუსმენს, საქართველოში შეიძლება ცუდად დამთავრდეს მათი მოღვაწეობა. სიყვარულიდან სიძულვილამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. თანაც გვახსოვდეს, რომ “ქართულ ოცნებას” ხმა იმიტომ მისცეს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ მოსულიყო ხელისუფლებაში.
- რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ამ კუთხით რა მდგომარეობაა საქართველოში. გაუმჯობესდა თუ არა ვითარება?
- საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს კვლავ დიდი პრობლემებით შეხვდა. პოლიტპატიმრების რაოდენობით დღევანდელი ხელისუფლება აშკარად ჩამოუვარდება წინამორბედს, მაგრამ “კაბელების” საქმემ და უდანაშაულოდ დაპატიმრებულმა 5-მა ჯარისკაცმა დაგვანახა, რომ მოქმედი ხელისუფლება, როგორც სააკაშვილის რეჟიმი, მიდრეკილია, ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები, თუ ამის საჭიროებას დაინახავს. დღევანდელი ხელისუფლება აგრძელებს “გირგვლიანის” საქმის ტრადიციებს და წამებაში ბრალდებულ პოლიციელებს აწინაურებს უმაღლეს თანამდებობებზე, რაც ქვეყნაში წამებას, არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობას ახალისებს.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ კონვენციის მესამე მუხლის დარღვევის გამო (წამება, არაჰუმანური, არაადამიანური მოპყრობა) რჩება რეაგირების გარეშე. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებასთან მიმართებაში მოქმედი ხელისუფლების რეკორდს ალბათ ევროპის ქვეყნებში ვერავინ მოხსნის.
„რეზონანსი“, 13 დეკემბერი, 2016 წელი
„ვიღაცეებს საქართველოში რელიგიური საკითხების დალაგება არ აწყობთ“
„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ რელიგიის სააგენტოს წინააღმდეგ
ნინო ქეთელაური
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას ითხოვენ. “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ რელიგიის სააგენტო განვითარების თვალსაზრისით რელიგიური უმცირესობებისთვის და ქვეყნისთვის ერთ-ერთი სერიოზული დამაბრკოლებელია, რაზეც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი “რეზონანსის” საშუალებით პასუხობს და აცხადებს, რომ ბრალდებები ყოვლად უსაფუძვლოა და სააგენტოს მიღწევებზე ამახვილებს ყურადღებას.
“მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარის განცხადებით, “მუსლიმ თემში განწყობა ძალიან დამამცირებელია”: „არსებობს შეგრძნება იმისა, რომ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ. ამ თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემებს ქმნის ქვეყანაში რელიგიის საკითხთა სააგენტო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სააგენტო შეიქმნა, ის უნდა იყოს რეკომენდატორი სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. თუმცა მოგვევლინა, როგორც მაკონტროლებელი ორგანიზაცია, არა როგორც სამართლიანი ან უსამართლო მაკონტროლებელი, არამედ როგორც უშუალო მონაწილე და მხარე პრობლემების დროს. ეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე კვლევის შედეგები “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც” გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით, გაუარესდა.
რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული პრობლემების მაგალითად კი ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში, მოხეში, ადიგენში, ქობულეთში, ჭელასა და თერჯოლაში მომხდარი დაპირისპირების ფაქტებს ასახელებენ.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების ციკლი, იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიური ძალადობის ზრდა, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა დონეზე მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის გაძლიერება რელიგიური თავისუფლების მხრივ შექმნილი პრობლემური მდგომარეობის ყველაზე აშკარა ინდიკატორებია.
“საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევებს არ გააჩნდათ მხოლოდ ინდივიდუალური, იზოლირებული ხასიათი და მეტწილად სხვადასხვა რელიგიურ და სოციალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტისა და გაუცხოების ფორმით წარმოჩინდა, რაც პრობლემის კომპლექსურობაზე მიუთითებს და სახელმწიფოს მხრიდან სისტემური პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.
“სამწუხაროდ, აღნიშნულ გამოწვევებს სახელმწიფომ არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკით უპასუხა, რის გამოც რელიგიური კონფლიქტების დიდი ნაწილი ამ დროისთვის დაკონსერვებულია ან ვითარება კვლავაც ესკალაციის საფრთხის წინაშე დგას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებს სახელმწიფომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნებით უპასუხა, თუმცა აღნიშნული სააგენტოს საქმიანობამ სკეპტიციზმი დაამკვიდრა და მან ვერ მოახერხა არაერთი კონკრეტული დავისა და პრობლემის ეფექტიანი გადაწყვეტა, “რაც, არადომინანტი რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვის პოლიტიკური ნების არარსებობაზე უნდა მიუთითებდეს”. “რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან, რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში ინტერვენციისა და კონტროლის მცდელობამ კიდევ უფრო გააღრმავა არსებული მდგომარეობა და ახალი ტიპის გამოწვევები შექმნა”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე “რეზონანსთან” საუბრისას განმარტავს, რომ ბრალდებები ყოვლად უსაფუძვლოა და მიღწეულ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. „იმასაც კი ამბობენ, რომ რელიგიის სააგენტო საბჭოური წარმონაქმნიაო, რაც აბსურდია. მსგავსი სტრუქტურა არსებობს ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაში: საფრანგეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, ბალტიის ქვეყნებში, აღარ ვსაუბრობ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებზე. თუ ყველა ეს ქვეყანა პოსტსაბჭოთა სტრუქტურით მოქმედებს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. რაც შეეხება იმას, რომ რელიგიური სააგენტო დამაბრკოლებელი გარემოებააო, რა თქმა უნდა, არასწორი მოსაზრებაა. იმიტომ, რომ რაც რელიგიის სააგენტო შეიქმნა, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა და მე კარგად მესმის, ვიღაცებს საქართველოში რელიგიური საკითხების დალაგება რატომაც არ აწყობთ”, – ამბობს ზაზა ვაშაყმაძე და აღნიშნავს, რომ რაც რელიგიური სააგენტო შეიქნა, მას მერე ბევრი საკითხის მოგვარება დაიწყო.
“ახლა რომ გამოდიან და რელიგიის სახელით საუბრობენ, შეეკითხეთ უშუალოდ მათ, ვინც ამ სიკეთით სარგებლობს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი საკითხის მოგვარებაა დაწყებული, მათ შორის ქონების გადაცემის, ფინანსური დახმარების და ა.შ. თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ სახელმწიფომ ზიანის ანაზღაურების კუთხით დახმარება გამოუყო მუსლიმ, კათოლიკურ, სომხურ და ებრაულ თემებს. 2014 წელიდან ეს თანხა ეტაპობრივად გაიზარდა და 2016-ში 4 მილიონ ნახევარ ლარს მიაღწია. ანუ, მათთვის ფინანსური დახმარება პროგრესულად იზრდება. ამის პარალელურად ქონების პრობლემების მოგვარება დაიწყო. მუსლიმ თემს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში 150 მეჩეთი გადაეცა. ასევე, შარშან სახელმწიფომ ბათუმში 4-სართულიანი შენობა გადასცა, სადაც წარმატებით ფუნქციონირებს მუსლიმთა სამმართველო. მათვე გადაეცათ 4 სართულიანი შენობა, სადაც უნდა განთავსდეს რელიგიური სასწავლებელი. ამის მერე თქვა, რომ საქართევლოში მუსლიმთა თემის უფლებები ირღვევაო – უსინდისობაა და მეტი არაფერი”, – ამბობს ზაზა ვაშაყმაძე. მისი თქმით, დამოკიდებულება – რომ სახელმწიფო სრუქტურა რელიგიებს აკონტროლებს – არასწორია.
“ასევე სახელმწიფოს დახმარებას იღებენ სომხური, კათოლიკური, ებრაული ეკლესიები, ჰკითხეთ მათ. თუნდაც, ევანგელისტურ-პროტესტანტულ ეკლესიას არასდროს ჰქონია საქართველოში სალოცავი სახლები და ეკლესიები. ახლა, სახელმწიფოს დახმარებით, რუსთავსა და გორში, ორივე ქალაქში აქვთ. იგივე ებრაულ თემს, რომელსაც დაახლოებით 15 თუ 16 სინაგოგა გადაეცა, დარჩენილია რამდენიმე და ესეც მალე გადაეცემა. ასე რომ, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ როდესაც არასამათავრობო სექტორი ადამიანის უფლებებზე საუბრობს, ცოტა უხერხულიც არის და შეურაცხმყოფელიც იმის თქმა, რომ სახელმწიფო სრუქტურა იმიტომაა შექმნილი, რელიგიებს აკონტროლებსო. რას ჰქვია აკონტროლებს?! რა რელიგიის საკითხებს ზაზა ვაშაყმაძე აკონტროლებს? – უხერხულია და მეტი არაფერი”, – ამბობს ზაზა ვაშაყმაძე.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის დაინტერესებული რელიგის სააგენტოს გაუქმებით, ზაზა ვაშაყმაძე პასუხობს, რომ “ზოგიერთი მათგანი სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტისთვისაც კი იბრძოდა”. „ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, მათ შორის ის ხალხიცაა, ვინც იმისთვის იბრძოდა, რომ რელიგიის საგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა დაეკავებინა. ახლა, როდესაც მთელი რიგი პრობლემების მოგვარება დაიწყო, როგორც ჩანს, მათ არ აწყობთ. მე ის ვიცი, რომ სახელმწიფო სწორ გზაზე დგას და ასე გააგრძელებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რაც აქამდე არსებობდა”, – აცხადებს ზაზა ვაშაყმაძე.
——————–
„ახალი თაობა“, 13 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე უარი უნდა ვთქვათ“ // „პრეზიდენტი სცენაზე გამოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიტიკური კრიზისია“
პარლამენტის ყოფილი წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში კონსტიტუციაში შესატან აუცილებელ ცვლილებებზე საუბრობს.
- ბატონო ვახტანგ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას უნდა ჰყავდეს თუ არა თანათავმჯდომარეები, მაგალითად, პრეზიდენტი და პრემიერი? ამ საკითხმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია...
- სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება არსებობდეს. მე მიმაჩნია, რომ თანათავმჯდომარეობის მოდელი საკმაო პრობლემების შემცველი იქნებოდა.
- გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით?
- არამარტო. ხომ იცით, ორი ძიძის ხელში ბავშვი რომ უპატრონოდ დარჩა. ერთ საქმეს ბევრი ხელმძღვანელი არ სჭირდება. სამი თანათავმჯდომრის პირობებში ასევე შეიძლება არაჯანსაღი კონკურენცია წარმოიშვას. თუ გავიხსენებთ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერს შორის ურთიერთობებს, არაერთ უსიამოვნო ფაქტს, მაშინ ასეთი საფრთხე ერთიორად იზრდება. ამდენად, წარმოდგენილი მოდელი ჩემთვის უფრო მისაღებია თუ სათანადოდ იქნება დაკომპლექტებული კონკრეტული პიროვნებებით, ვისაც აქვს ცოდნა და გამოცდილება.
- ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი რედაქცია ფართო კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს და ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ უნდა მოხდეს მისი ასოცირება. ეს რამდენად მიღწევადია?
- სტუდენტებს პირველ კურსზე ასწავლიან, რომ კონსტიტუცია არის პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც მიიღება საზოგადოების ფართო შეთანხმების საფუძველზე. ეს რამდენად მიღწევადია, მომავალი გვიჩვენებს.
- მთელი კონსტიტუციის გადასინჯვა არ მოხდება, მაგრამ რომელ ნორმას უნდა შეეხოს ცვლილება? პირველი რიგის ამოცანად რა საკითხების გადასინჯვა მიგაჩნიათ?
- არანაირად სწორად არ მიმაჩნია, რომ კონსტიტუციის ყველა ნაწილს შეეხოს ცვლილება. არის ნაწილები, რომლებმაც კარგად იმუშავა.
- კონკრეტულად?
- მაგალითად, ადამიანის უფლებათა ნაწილმა. კონსტიტუციის მეორე თავმა თავისი რაციონალურობა დაამტკიცა. თუ აუცილებლად შესასწორებელი რამ არ გამოჩნდა, უკეთესია, საერთოდ ხელი არ ვახლოთ, რომ რამე არ გაფუჭდეს. ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ კონსტიტუცია მაქსიმალურად სტაბილური იყოს. ამიტომ აუცილებელია, ცვლილებები შევიდეს მხოლოდ იმ ნაწილებში, სადაც აშკარად ჩანს მათი აუცილებლობა.
- რა ნაწილები ითხოვს ცვლილებას?
- ძირითადი არის ხელისუფლების სისტემასთან დაკავშირებული. კონსტიტუციის ის თავები, რომელთაც ჰქვია: პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო ხელისუფლება და სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილი და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის წესი. ამ ნაწილებს უნდა შეეხოს ცვლილებები.
- მაგალითად, პარლამენტს რა ნაწილში უნდა შეეხოს ცვლილება?
- პარლამენტის არჩევნების წესი, რომელიც აქილევსის ქუსლად იქცა 26 წლის მანძილზე. სრულიად აშკარაა და საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია იმაზე, რომ არსებული სისტემა არ უზრუნველყოფს პარლამენტში ამომრჩევლის ნების ადეკვატურ ასახვას. ასევე, აუცილებელია, შეიცვალოს კონსტიტუციის ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ მთავრობის შექმნის წესს, ისინი უნდა გამარტივდეს. პარლამენტი რომ არის მთავრობის შექმნაზე პასუხისმგებელი, ეს უცვლელად უნდა დარჩეს, მაგრამ პროცედურა უნდა გამარტივდეს, რათა არ გაიჭიმოს მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი. მოქმედი წესის მიხედვით, ეს პროცესი შესაძლებელია ორ თვემდე გაიჭიმოს. ეს შესაძლებლობა თავიდან უნდა ავიცილოთ.
- მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მოქმედი ნორმა მისაღებია?
- აბსოლუტურად მიუღებელია ორი მიზეზის გამო: ერთი, არსებული პროცედურა მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, თავისი არსებობა შეინარჩუნოს თუ მის მხარეზე პრემიერ-მინისტრი იქნება და აბსოლუტურად შეიძლება უგულებელყოფილ იქნას პარლამენტის ნება. მეორე, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი შეიძლება დასრულდეს პარლამენტის დათხოვნით ან მთავრობის შეცვლით დაახლოებით 3 თვის შემდეგ. ქვეყანა შეიძლება 3 თვის განმავლობაში პოლიტიკური კრიზისის განმავლობაში იყოს. ეს ძალიან მძიმე დარტყმა არის ნებისმიერი ქვეყნისთვის, რამაც შეიძლება ეკონომიკური ვითარების ესკალაციაც გამოიწვიოს. ამდენად, ეს ნორმა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ასევე, დღევანდელი მოქმედი ნორმებით, მთავრობის სტრუქტურაში, უფლებამოსილებებში პარლამენტს ცვლილების შეტანის ინიცირება არ აქვს. ამ ცვლილებების ინიცირებას მხოლოდ მთავრობა ახდენს, რაც სავსებით არალოგიკურია, რადგან მთავრობის მშობელი არის პარლამენტი და მას უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, განსაზღვროს მთავრობის სტრუქტურა.
დღეს პარლამენტს შეუძლია ან მიიღოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ან არ მიიღოს. თუ არ მიიღებს, ამას უნდა მოჰყვეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რაც შეიძლება 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გაიჭიმოს. პარლამენტს დღეს არ შეუძლია მთავრობის თანხმობის გარეშე ბიუჯეტში ერთი ციფრის შეცვლა, რასაც წლების განმავლობაში აღნიშნავდა ვენეციის კომისია და ამბობდა, რომ აუცილებელია პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილების გაფართოება.
- საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით არის ცვლილება საჭირო?
- მეტი გარანტიები უნდა იყოს კონსტიტუციაში საპარლამენტო კონტროლის განსახორციელებლად, რათა საპარლამენტო კონტროლი ქმედითი გახდეს. სამწუხაროდ, დღემდე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისთვის პარლამენტი იმ უფლებებსაც კი არ იყენებს, რასაც კონსტიტუცია მას აძლევს. ამიტომ საჭიროა, კონსტიტუციის ეს ნაწილი გაძლიერდეს.
- პრეზიდენტის არჩევის წესს უნდა შეეხოს ცვლილება? თქვენი პოზიცია ცნობილია ამ საკითხზე. თუმცა, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის ვარაუდით, მის უფლებამოსილებებს შეამცირებს...
- ასეთი მიდგომა აბსოლუტურად არასწორია, რადგან უფლებამოსილებები არჩევის წესზე არ არის დამოკიდებული. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ უფლებამოსილებები განსაზღვრავს, არჩევის რომელი წესი იქნება უფრო რაციონალური. მე ვთვლი, რომ კარგი იქნებოდა პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაფართოება.
- რა ნაწილში?
- პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ სხვა ინსტიტუტების ფორმირებაში პრეზიდენტის თანამონაწილეობა პარლამენტთან ერთად უკეთესი იქნებოდა. მაგალითად, მთავარი პროკურორის დანიშვნისას, რათა პროკურატურა მაქსიმალურად ჩამოსცილდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ არ წარმოიშვას ინტერესთა კონფლიქტი იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულში ეჭვმიტანილია აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი. ასევე, ეს უნდა შეეხოს მოსამართლეებს, რომელთაც ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ერთმა წარადგინოს, მეორემ დაამტკიცოს. ეს მოდელი მინიმუმამდე დაიყვანდა პრეტენზიებს. იგივე შეიძლება ვთქვათ მარეგულირებელ კომისიებზე, სახელმწიფო სტატისტიკის ხელმძღვანელზე.
- არჩევის წესზე რას ფიქრობთ?
- მე ვთვლი, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ უნდა ავირჩიოთ, უარი უნდა ვთქვათ ამ წესზე, როგორც ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკების უდიდეს ნაწილში. პრეზიდენტი უნდა აირჩეს ან პარლამენტის, ან ამრჩევთა კოლეგიის მიერ. ასეთი მოდელი არის გერმანიასა და იტალიაში. ეს კოლეგია შედგება პარლამენტის წევრებისგან და იმდენივე დელეგატისგან, რომლებსაც ტერიტორიული წარმომადგენლები ირჩევენ. ჩვენთან შეიძლება საკრებულოებმა აირჩიონ ეს დელეგატები.
- რატომ არ ირჩევენ საპარლამენტო რესპუბლიკების უმრავლესობაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით?
- იმიტომ, რომ ის არ ფლობს უშუალო აღმასრულებელ ძალაუფლებას, ის არბიტრია. ის სცენაზე გამოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში. როდესაც პრეზიდენტის არჩევა ხდება პირდაპირი წესით, მაშინ მას უჩნდება ძალაუფლების მოთხოვნილება. ამიტომაც ხდება მისი არაპირდაპირი წესით არჩევა.
- საპარლამენტო რესპუბლიკებში...
- დიახ. ასევე ვთვლი, რომ პრეზიდენტი ამრჩევთა კოლეგიის მიერ უნდა იყოს არჩეული და არა – პარლამენტის მიერ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება ავიცილოთ თავიდან და თან, ერთი პოლიტიკური არათუ პარტიის, ძალის, ალიანსის, კოალიციის მიერ არჩეული პრეზიდენტი არ გვყავდეს. ეს არ არის მხოლოდ თეორია, ეს არის პრაქტიკა, რომელიც მთელ ევროპაშია და კარგად მუშაობს.
- ბატონო ვახტანგ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან ითანამშრომლებთ?
- ვნახოთ, თუ მივიღე მოწვევა.
„ახალი თაობა“, 13 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნებას აპირებს“ // „ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის დამხობას გეგმავს“ // „საქართველოში დიქტატურა მყარდება“
რას აპირებს ხელისუფლება გაზაფხულზე, რა გეგმები აქვს ივანიშვილს ნაციონალებთან ერთად, რატომ იქნევს თითებს კობახიძე, ემუქრება თუ არა პრეზიდენტს იმპიჩმენტი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის წევრი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
- ლარის დევალვაციით და ხელისუფლების უაზრო ქმედებებით დაზაფრულ საზოგადოებას ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გამორჩა – თბილისი დენს გრაფიკით იღებს. ამას ხელისუფლება ცოცხალი თავით არ აღიარებს გრაფიკად, მაგრამ ეს ასეა. სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას დენის ტარიფის გაზრდა მოუწევს, ამას კი ქვეყანაში სერიოზული მღელვარება მოჰყვება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დენის გამორთვები დაწყებულია რეგიონებშიც. ამ გზით აპირებს „ქართული ოცნება“, დენის გაძვირება აიცილოს თავიდან. ხალხს მთელი ეს პერიოდი იმიტომ არ უბრძოლია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაგვაბრუნოს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება ხელისუფლებისთვის. გაზაფხულზე აქ ძალიან სერიოზული გამოსვლები დაიწყება. ხალხს „ოცნების“ დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები ვერ შეაჩერებს.
- რა სადამსჯელო ღონისძიებებზე საუბრობთ?
- ქალაქში დადის შესამზადებელი ამბავი, რომ გაზაფხულიდან განსხვავებული პოლიტიკური აზრის მატარებელი დაისჯება. ჩვენ ყველას გვახსოვს ის დრო, როცა სააკაშვილის კრიტიკის გამო ადამიანებს ნარკოტიკებს უდებდნენ და იჭერდნენ. გაზაფხულიდან, სავარაუდოდ, იგივე პროცესები დაიწყება. მანამდე „რუსთავი-2“-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის თემას დაალაგებენ. სასამართლო პრაქტიკულად ჯიბეში უზით და განსხვავებული აზრის დევნასაც უპრობლემოდ დაიწყებენ. მინდა გავაფრთხილო „ქართული ოცნება“, რომ ამ განზრახვაზე ხელი აიღოს. მათი მმართველობით ძალიან ბევრი ადამიანია უკმაყოფილო და ძალიან მწარე პასუხს მიიღებენ. აქამდე „ოცნება“ ფონს ნაციონალების დახმარებით გადიოდა. ამტკიცებდნენ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ გამოდის, ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერიაო. ახლა ეს ხრიკი აღარ გაამართლებს. ყველამ იცის, რომ `ოცნება~ და ნაციონალები ერთად არიან, უკმაყოფილო ხალხი კი ნამდვილი ოპოზიციის გარშემო გაერთიანდება.
- ნამდვილ ოპოზიციად ვინ მიგაჩნიათ?
- პატრიოტთა ალიანსი და პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიები. ისინი მძლავრ საპროტესტო ტალღას დაიწყებენ და ხელისუფლებას ნაცმოძრაობა ვეღარ უშველის. ხალხი ასე იოლად არ დაუშვებს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას. არ გამოვრიცხავ, „ოცნების“ წინააღმდეგ ამ პარტიის მხარდამჭერებიც გამოვიდნენ. ისინი უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას და აქციებითაც იმუქრებიან. ზემოთ გითხარით, რომ ხელისუფლება გაზაფხულიდან განსხვავებული აზრის დევნას დაიწყებს-თქო. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და სეზონი პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო კომისიასაც ხელმძღვანელობს. ამ კომისიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. ამის პასუხად კობახიძე გამოვარდა და თქვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს რომ ამ ტონით ელაპარაკება ეს ყმაწვილი, ხომ წარმოგიდგენიათ, რას უზამს ის ჩვეულებრივ მოქალაქეებს.
- ირაკლი კობახიძეს აგრესიული განცხადებების გამო ადრეც აკრიტიკებდნენ. თქვენ რითი ხსნით მის ქცევას?
- მას ასეთი განცხადებების გაკეთება დაუკვეთეს და ის ცდილობს, დამკვეთს ყველანაირად მოაწონოს თავი.
- დამკვეთი ვინ არის?
- ბიძინა ივანიშვილი ან ამერიკის ელჩი. შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარე იმასაც აწონებს თავს, ვისი მევალეცაა. არავისთვის უცხო არ არის, თუ ვისი კადრია ეს ახალგაზრდა. ის პოლიტიკაში კახა კალაძემ 2 წლის წინ მოიყვანა და უცბად მოახდინა მისი აღზევება. პოლიტიკური მწვერვალების დასაპყრობად კობახიძემ კალაძეს სამუშაო შეუსრულა.
- რა სამუშაო შეასრულა?
- ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ფაქტიურად მან დაიწყო კამპანია. როცა ეგ კალაძემ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად დანიშნა, ღარიბაშვილი პრემიერი იყო და თან პარტიის თავმჯდომარის პოსტიც ეკავა. 2015 წლის იანვარში გამოვიდა ეს ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსი კობახიძე და ყოფილი პრემიერის ნათესაურ-კლანურ კავშირებზე ალაპარაკდა. მისი მტკიცებით, ღარიბაშვილის სანათესავო ძარცვავდა ქვეყანას.
მაშინ ის ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსი იყო, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი _ პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის პრემიერი. ეს ყმაწვილი ახლა რომ თითებს უქნევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მაინტერესებს, იმ განცხადებების გამო მას უთხრა ექსპრემიერმა, შვილო, აზრზე ხარ, ვისზე რას ლაპარაკობო? ირაკლი ღარიბაშვილს არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ, კობახიძემ მოიგო კალაძის გული და დაიწყო მისი წინსვლა. პოლიტიკაში გამოჩენიდან 2 წლის თავზე პარლამენტის თავმჯდომარედ მოგვევლინა. ის კიდევ ერთხელ აპირებს ისედაც გაუბედურებული კონსტიტუციის გადაღეჭვას და თან პრეზიდენტის ადმინისტრაციას უქნევს თითს.
- იმდენჯერ გამოხატეთ ამ ფაქტით აღშფოთება, შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერის იარლიყი მოგაკერონ...
- ამათგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ ხალხმა ხომ იცის, რომ ასე არ არის. მართლა არ მომწონს ჩვენი პრეზიდენტი და იგივე „ახალ თაობასთან“ საუბარში არაერთხელ გამიკრიტიკებია ის. სააკაშვილის მსგავსად, მარგველაშვილიც არაადეკვატურია და ევროპის ქალაქებში ძალიან უცნაური ქცევებით გამოიჩინა თავი, მაგრამ ახალგამოჩეკილ კობახიძეს მასთან ასე ლაპარაკის უფლება არ აქვს. და საერთოდ, რა აკრძალვები აუტყდათ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჯერ კვირიკაშვილი გამოვარდა, ონლაინ-სესხები უნდა ავკრძალოთო, ახლა კობახიძე გამოდის და პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკრძალავს საუბარს. ამათ, მგონი, ეს ქვეყანა თავისი საკუთრება ჰგონიათ. ესენი ნელ-ნელა ემსგავსებიან სააკაშვილს. მინდა ვუთხრა ამ ხალხს, რომ ეს საქართველოა და ამას არავინ მოგითმენთ. ისიც გვეყოფა, სააკაშვილს რომ 9 წელი ვუთმინეთ და ისიც საკითხავია, ვის მხარეს იყვნენ იმ დროს ეს ბატონები. რადგან ხელისუფლებაში მოვიყვანეთ, დიქტატორობის უფლებაც კი არ მიგვიცია! თუ უნდა, მართონ ქვეყანა ნორმალურად და თუ არა, გაზაფხულზე მიიღებენ მძლავრ პროტესტს.
რადგან კონსტიტუციასთან დაკავშირებით ატეხა კობახიძემ ჩაქუჩის ბრახუნი, მეც მინდა ამ საკითხს გამოვეხმაურო და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით დავაფიქსირო ჩემი აზრი. ჩემი აზრით, პრეზიდენტი აუცილებლად ხალხის მიერ უნდა იქნას არჩეული. მხოლოდ ასეთი გზით არჩეული პრეზიდენტი გახდება პრემიერის საპირწონე.
- პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით პრეზიდენტის უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება, ასეთ შეზღუდულ პრეზიდენტსაც შეუძლია, იყოს პრემიერის საპირწონე?
- პრეზიდენტი თუ ხალხის მიერ იქნება არჩეული, ის პრემიერს რელსებიდან გადახვევაში აუცილებლად შეუშლის ხელს. დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილის ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ასეთ ცვლილებებზე არც კი ისაუბრებდა „ოცნება“. მათ ყველა სფერო სათავისოდ დაალაგეს, ერთი მარგველაშვილს ვერ მოუხერხეს ვერაფერი და ამიტომ მიდის მის წინააღმდეგ ასეთი ბრძოლა. როგორია, კიდევ 2 წელი ითმინონ დაუმორჩილებელი პრეზიდენტი. აშკარაა, რომ 2018 წლამდე ვერ მოითმენენ.
- მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ?
- რატომაც არა. ბიძინა ივანიშვილს წითელ ღილაკზე უდევს თითი, დააჭერს ამ ღილაკს ხელს და დაიწყება იმპიჩმენტის პროცედურა. ეს არის კანონით დაშვებული ნორმა და „ოცნებას“ უკანონო ქმედებაში ვერავინ დაადანაშაულებს. აშკარაა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის იყო საჭირო, რომ ყველა ბერკეტი ერთი ადამიანის ხელში მოქცეულიყო. ამ თემებზე უკვე ისეთ წრეებში საუბრობენ, რომ აშკარაა, ქვეყანაში დიქტატურა მყარდება. ვიმედოვნებ, რომ უქნარა და პრემიებზე დახამებული მთავრობა მალე დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. საკუთარი ნებით ეგენი არ გადადგებიან, აუცილებელია საპროტესტო აქციები. ჩვენ ისევე უნდა მოვიქცეთ, როგორც ევროპელები. ისინი საწვავის გაძვირებაზეც რეაგირებენ და ფასების მატებაზეც. არც კი მინდა იმის წარმოდგენა, რა მოხდებოდა ევროპაში, იქ პრემიერს ან პარლამენტის თავმჯდომარეს ისეთი განცხადებები რომ გაეკეთებინათ, როგორსაც კობახიძე და კვირიკაშვილი აკეთებენ.
ამ მთავრობაზე მაღალი აზრის არ ვარ, მაგრამ არც ისეთი სულელები არიან, რომ ვერ ხვდებოდნენ, თუ რა მოჰყვება მათ ქმედებებს. სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერი წინასწარ დაწერილი გეგმის მიხედვით მიდის.
- რა გეგმაზე საუბრობთ?
- არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ ხალხი ნაციონალური მოძრაობისკენ მიტრიალდეს. სავარაუდოდ, არის კიდეც ასეთი შეთანხმება, რომ ქვეყანას ხან „ოცნება“ მართავს, ხან – ნაცმოძრაობა. ელისო კილაძის ინფორმაციებს დიდად არ ვენდობი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზუსტ ინფორმაციებს ავრცელებს. მისი წყაროს მტკიცებით, გასულ წელს ბიძინა ივანიშვილი გიგა ბოკერიას და დავით ბაქრაძეს შეხვდა. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ყველა გზა ბიძინა ივანიშვილისკენ მიდის. მის გარეშე აქ ვერც ბიზნესს დაიწყებ და ვერც პარტიას შექმნი. „ქართულ ოცნებასაც“ და ნაცმოძრაობასაც ის მართავს და ისე ათამაშებს, როგორც უნდა. მოთამაშეებსაც საკუთარი სურვილის მიხედვით ცვლის. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნებას აპირებს.
ნაციონალებიდან მან უკვე გაუშვა მისთვის არასასურველი ადამიანები და ახლა ეს პარტია მისთვის სრულიად მისაღებია
- არასასურველ პირებში ვის გულისხმობთ?
- მიხეილ სააკაშვილს და მის გარემოცვას. დანარჩენები ბიძინასთვისაც და „ოცნებისთვისაც“ მისაღები პერსონები არიან. მეორე თაობის პუტჩისტები ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს.
- მეორე თაობის პუტჩისტებში ვის გულისხმობთ?
- გიგა ბოკერიას და ირაკლი კობახიძეს. ირაკლი კობახიძე სპიკერის ჩაქუჩის ქნევით აპირებს მარგველაშვილის დამხობას, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. გიორგი მარგველაშვილი, სავარაუდოდ, დარჩება თავის ადგილზე, ამათ კი გადადგომა მოუწევთ.
“ახალი თაობა“, 13 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რაულ ხაჯიმბა გალის ქართველებს დახმარებას სთხოვს“ // „ტერორიზმის საფრთხე საქართველოს პირდაპირ არ ემუქრება“
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თურქეთში მომხდარი ტერაქტის შესახებ საუბრობს და აღნიშნულ საკითხს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც განიხილავს. ექსპერტი ასევე აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ გალელ ქართველებს 15 დეკემბერს სოხუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას აიძულებენ.
მამუკა არეშიძე:
- ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში ტერაქტები ყოველთვის იყო, სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ადგილას. ხან ისლამური ხალიფატი იღებდა თავის თავზე ინიციატივას, ხან – ქურთები. ამ შემთხვევაშიც ქურთების ხელი ურევია და ეს განაცხადეს კიდეც. ეს სიტუაცია თურქეთისთვის მუდმივად იყო დამახასიათებელი, ოღონდ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა.
- რა მიზეზით?
- გააქტიურდა ზუსტად იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ატარებს ერდოღანი. ერდოღანის პოლიტიკა არის ამბიციური, ორიენტირებულია ახლო აღმოსავლეთში ლიდერის პოზიციის მოპოვებაზე. ქვეყანა რომ გახდეს ლიდერი რეგიონში, ამისთვის საჭიროა, ერდოღანის ვერსიით, რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა. ერთი არის ხალიფატი, მეორე – ბაშარ ასადი და მესამე – ქურთები. შესაბამისად, რეაგირებასაც იღებს იქიდან. რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებულ ამბებს, საქართველოს ასე პირდაპირი საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება. ნელ-ნელა იკვეთება სიტუაცია, რომ ისლამური ხალიფატი მარცხდება.
- რატომ ფიქრობთ, რომ მარცხდება?
- ალეპოს დაკარგვა და შემდგომში მოსულის დაკარგვა ერთ მშვენიერ დღეს გამოიწვევს იმას, რომ რაც დღეს ხდება, ის უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. ანუ უამრავი ადამიანი, რომელსაც იმედი გაუცრუვდება ხალიფატის იდეალებში, ან იარაღს დაყრის, ან გაერიდება სიტუაციას. ან ყველაზე ცუდი ვარიანტი _ სიტუაციას გაერიდება დავალებით. მე არ გამოვრიცხავ, რომ მთელი ეს ნაკადი მოაწყდეს ევროპას, კავკასიას და ცენტრალურ აზიას. აი, ტერაქტები მერე ნახეთ.
- ბევრად უფრო დამძიმდება სიტუაცია?
- რასაკვირველია, ბევრად უფრო რთული ვითარება შეიქმნება. მით უმეტეს, თუ ეს იქნება ორგანიზებული გაფანტვა. გავიხსენოთ მსოფლიო ისტორია, მეორე მსოფლიო ომის შემთხვევა, დამარცხებულმა არმიებმა იარაღი კი დაყარეს, მაგრამ ბევრმა მათგანმა იატაკქვეშეთს შეაფარა თავი და იქიდან იბრძოდა გამარჯვებულების წინააღმდეგ. ზუსტად იგივე იქნება ახლა. ეს აპრობირებული მეთოდია.
- ევროპა ამკაცრებს რეგულაციებს და იქ მოხვედრა ასე მარტივი აღარ იქნება. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- ევროპამ უკვე გაუშვა ეგ სიტუაცია. გაუშვა შანსი ხელიდან. ამ ტერორისტების დიდი ნაწილი უკვე ევროპაშია. მე ცოტა სხვანაირ სურათს ვხედავ, ეს ხალხი ევროპაშია, მაგრამ ჯერჯერობით მათი აქტივობა არ ატარებს პერმანენტულ ხასიათს. როდესაც სიმძიმის ცენტრი აღარ იქნება ახლო აღმოსავლეთში, მაშინ ეს აუცილებლად გადაინაცვლებს ევროპაში და ეპიზოდურიდან გახდება პერმანენტული. თუმცა ახლო აღმოსავლეთში ომი არ დამთავრდება უახლოესი ათწლეულის განმავლობაში. 70-იანი წლების ბოლოდან დაწყებული ომი დღემდე გრძელდება. ხან ლოკალური ხასიათი აქვს, ხან _ მასშტაბური. დღეს მასშტაბური ხასიათი აქვს და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. გამარჯვებულებიც კი ერთმანეთს გადაემტერებიან, ეს პროგნოზი არის გარდაუვალი და დარწმუნებით შემიძლია ამის თქმა. სამწუხაროდ, ეს იქნება მუდმივი ომი.
- თქვენ საუბრობთ, რომ მოხდება „ორგანიზებული გაფანტვა“. რამდენად მომხიბვლელი ხდება მათთვის საქართველო, მით უმეტეს, თუ ახალი წლიდან ჩვენ ვიზალიბერალიზაციაც მივიღეთ?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს. ახლა მათ ჯერჯერობით ევროპაში შეღწევა შეუძლიათ საქართველოს გარეშეც. თურქეთის გავლით, დევნილის სტატუსის მიღებით. ევროპაში ბევრად უფრო მარტივია მოხვედრა თურქეთიდან, ვიდრე საქართველოდან. თუმცა მე ხაზი უნდა გავუსვა სხვა გარემოებას.
- კონკრეტულად?
- საქართველო აქ არ არის მთავარი, კავკასიაზე ვილაპარაკოთ. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის რეგიონშია საჭირო სტაბილურობა. წარმოვიდგინოთ, რომ აზერბაიჯანში მუდმივი ტერაქტების სერიები შედგეს, რასაც მე არ გამოვრიცხავ. შესაძლოა, საქართველოშიც იყოს, ეპიზოდურად, მაგრამ იყოს. ეს ქმედება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ იქნება მიმართული, ან ხალხის წინააღმდეგ.
- აბა ვის ან რის წინააღმდეგ?
- ეს არის თვითგამოხატვა დამარცხებული ისლამისტებისა, რომლებსაც არ მიეცათ საშუალება, რომ შექმნან თავისი ისლამისტური სახელმწიფო, ამიტომ დაიწყებენ ყველას წინააღმდეგ ომს. ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, იმ მთავრობების წინააღმდეგ, რომლებმაც მათ ამის საშუალება არ მისცეს.
- საქართველო დგას ამ ქვეყნების რიგში?
- საქართველო არ დგას პირველ რიგში, მაგრამ აზერბაიჯანი ნამდვილად დგას. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები დგანან, მათი ხელმძღვანელობა ხომ საერთოდ.
- ბატონო მამუკა, თქვენ ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ აკვირდებით ვითარებას აფხაზეთში. რა სიტუაციაა დღეს იქ, რისი თქმა შეგიძლიათ? რა იყო თქვენი დაკვირვების არეალი?
- ხაჯიმბამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჯერ შეექმნა ასეთი მდგომარეობა და აგრესია თავისი აპარატის წინააღმდეგ. მერე გაიქცა მოსკოვში, მოელაპარაკა პუტინს და ამას მოჰყვა ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, ბჟანიას ვგულისხმობ. მეორე მხრივ, ე.წ. მწვანე ადამიანების გამოჩენა აფხაზეთის ქუჩებში. მოკლედ, როგორც ჩანს, მოსკოვი დაჰპირდა, რომ მაქსიმალურად დაუჭერს ხაჯიმბას მხარს და კულუარულად ოპოზიციაც გაფრთხილდა.
- რის თაობაზე?
- 15 დეკემბერს თუ დაიწყება ხაჯიმბას წინააღმდეგ მიმართული აქციები, მაშინ აფხაზეთი საახალწლოდ დაფინანსებას ვერ მიიღებს. მოსკოვს აქვს ეს უნიკალური ანკესი, რომელზედაც წამოცმული ჰყავს მთელი აფხაზეთი, ოპოზიციან ხელისუფლებიანად.
- და რაში მდგომარეობს ამ ანკესის უნიკალურობა?
- ეს არის ტრანშები, რომელთა გადმორიცხვის ნება მთლიანად მოსკოვზეა დამოკიდებული. კიდევ ერთ საინტერესო ეპიზოდს გეტყვით. ხაჯიმბამ გადაწყვიტა, რომ 15 დეკემბრისთვის მოაწყოს კონტრაქცია. ანუ ოპოზიციას დაუპირისპიროს თავის მიტინგი. ეს აპრობირებული მეთოდია და აფხაზეთში, მით უმეტეს. იმისთვის, რომ მასობრივად ჩატარდეს ხაჯიმბას მხარდამჭერი აქცია, მან მოითხოვა, რომ ქართველებმა მიიღონ მასში მონაწილეობა. გალის რაიონის მკვიდრმა ქართველებმა.
- აპირებენ ისინი ამ აქციაში მონაწილეობას?
- ეს საკითხი დაევალა თემურ ნადარაიას, გალის რაიონის გამგებელს, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობით მოახერხოს ქართველების მობილიზება.
- რამდენად გამოვა ეს?
- გამოვა, იმიტომ, რომ იქაური ქართველები პრაქტიკულად უუფლებონი არიან. თემურ ნადარაია არის ღმერთიც და მეფეც იქაურობის. თემურ ნადარაია ემუქრება იქაურ ქართველებს, რომ თუ ისინი არ მიიღებენ ამ აქციაში მონაწილეობას, მაშინ მათ დეპორტაციას მოახდენენ. რაულ ხაჯიმბას მხრიდან არის ეს ცინიზმი. ის მოვიდა იმ ლოზუნგით საპრეზიდენტო სავარძელში, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომლის ლოიალობაშიც ეჭვის შეტანა შეიძლება, უნდა ჩამოერთვას აფხაზეთის მოქალაქეობა. ასეც მოხდა, ქართველების დიდ ნაწილს აფხაზეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს! ახლა კი ისევ ამ ქართველებს ეძახის დასახმარებლად. დარწმუნებული ვარ, აქტიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ რაულ ხაჯიმბა შეინარჩუნონ! ასე რომ, 15 დეკემბერს, მე ვერ ვხედავ, რომ შანსი ჰქონდეს ოპოზიციას.
——————–
„ვერსია“, 12 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ კობა ხაბაზთან: „მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს!“
თათია გოჩაძე
2017 წლის 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართება, რომელსაც პარტიის 7000 წევრი დაესწრება, - ამის შესახებ ,,ვერსიას” ენმ-ს ძირძველმა წევრმა და თავისუფალი ზონის სულისჩამდგმელმა კობა ხაბაზმა განუცხადა, რომელიც თავს მერაბ კოსტავას შვილობილს უწოდებს. მოკლედ, რატომ გაპასიურდა თავისუფალი ზონა და რეალურად რა ხდება ყოფილ მმართველ გუნდში? - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კობა ხაბაზი ხმაურიან განცხადებებს აკეთებს.
- პარტია მხოლოდ ლიდერები და პოლიტსაბჭო ხომ არაა?! პარტია, პირველ რიგში, ამომრჩეველია და 600 ათას ამომრჩეველში განხეთქილება ნამდვილად არ არსებობს _ ისინი ერთ პოზიციაზე არიან. ბოლო 4 წელში მათ დაკითხვები, დაჭერები, სამსახურიდან გაშვება გამოიარეს და ყველას აქვს პრეტენზია, პარტიაში მიმდინარე პროცესებში ჩართული მეტად იყოს, რაც აბსოლუტურად სწორია. ისე, პარტიაში მიხეილ სააკაშვილის როლთან დაკავშირებით ყველა ერთსულოვანია.
- პარტიის ზოგიერთი წევრი საჯაროდ აცხადებს, რომ სააკაშვილი ენმ-ს თავმჯდომარე აღარ უნდა იყოს და ერთსულოვნებას ამას უწოდებთ?
- აზრთა სხვადასხვაობა ლიდერებსა და პოლიტსაბჭოშია. სანამ სააკაშვილი დევნილია, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლის საქმეა აღძრული და ამის გამო თავმჯდომარის არჩევნებში ვერ მონაწილეობს, ეს პოსტი ვაკანტური უნდა იყოს. ამით, ერთის მხრივ, პარტიაში მიხეილ სააკაშვილის როლს ხაზს გაესმევა და, მეორეს მხრივ, დავამტკიცებთ, რომ ივანიშვილის მიერ დადგენილი წესებით არ ვთამაშობთ ანუ ივანიშვილი გვკარნახობს, თავმჯდომარედ სხვა ავირჩიოთ, ჩვენ კი მის დაკრულზე თამაშს არ ვაპირებთ!
- ესე იგი, გიგა ბოკერიას გუნდი ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავს?
- სამი წლის წინ დავით ბაქრაძემ განაცხადა, სანამ საქართველოს პრეზიდენტი დევნილობაში იმყოფება, ამ პოსტს ვაკანტურად ვტოვებთ და არ ვაპირებთ, ივანიშვილს თამაშის წესებში ჩავყვეთო. ვსვამთ კითხვას: ამის შემდეგ რა შეიცვალა?
- ეს თავად ბაქრაძეს ჰკითხეთ?
- დიახ… ისინი ამბობენ, რომ არსებობს გარკვეული ფუნქციები, რომლებიც ვინმემ აუცილებლად უნდა შეასრულოს, თუმცა ჩვენი ჯგუფი და თავად მიხეილ სააკაშვილიც მზად ვიყავით, ეს პოსტი ვაკანტურად დაგვეტოვებინა და თავმჯდომარის ყველა ფუნქცია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისთვის მიგვენიჭებინა, რომელიც ამჟამად დავით ბაქრაძეა.
- ეს შეთავაზება რატომ არ მიიღეს?
- როცა ადამიანთან ერთად წლების განმავლობაში მოდიხარ, თავს დასკვნისა და შეფასების უფლება არ უნდა მისცე, რადგან ეს კონსპირაციულ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს. კოლეგებს ხშირად ვურჩევ, ასეთ წიაღსვლებში არ წავიდნენ, თუმცა ნამდვილად არაპრაგმატული, არარაციონალური და ზნეობრივად მიუღებელია, რომ ამ ჯგუფს ენმ-ს თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის გაყვანა უნდა.
- ასეთ მწვავე დაპირისპირებას პარტიის დაშლა ხომ არ მოჰყვება?
- ლიდერები წავლენ და ყრილობა, რომელიც 20 იანვარს, 7000-იანი დელეგატით ჩატარდება, ძალიან ღია იქნება. ვაპირებთ, სამაგალითო საარჩევნო სისტემა შევქმნათ, ციფრული კენჭისყრით.
- ეს როგორ?
- როგორ და, პირობითად, 70 ყუთი რომ დავდგათ და პატარ-პატარა კომისიები შევქმნათ, ყველაფერი მარტივად ჩატარდება. 8 ოქტომბრის წაგებული არჩევნების შემდეგ, ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა სწორედ ესაა. მათ საშუალება ექნებათ, პოლიტსაბჭოს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენონ. პარტიის თავმჯდომარის საკითხსაც კენჭისყრა გადაწყვეტს.
- ბატონო კობა, ასეთი მრავალრიცხოვანი ყრილობა, როგორ ფიქრობთ, მშვიდობიანად ჩაივლის? სხვათა შორის, გავრცელებული ინფორმაციით, ,,ამბასადორში” ასამდე ნაციონალ ქალბატონს შორის დიდი დაპირისპირება მოხდა. მოკლედ, 7000 ადამიანის კონტროლი არ გაგიჭირდებათ?
- დაპირისპირება, რა თქმა უნდა, მწვავე იქნება, მაგრამ როცა 7000 ადამიანის ნება ერთია და განსხვავებულ აზრს პატარა ჯგუფი გამოთქვამს, აპოკალიფსური დაპირისპირება არ მოხდება.
- „პატარა ჯგუფი“ გიგა ბოკერიას ჰყავს?
- მათი მომხრეთა რიცხვი პრინციპულად ცოტაა და 2000-კაციანი ყრილობაც ამიტომ სურდათ. 7000-მანდატიან ყრილობაზე კი, თავადაც იციან, წაგებულები დარჩებიან. ნამდვილად არ ვიცი, ამ თამაშში რატომ შევიდნენ.
- თქვენი ზოგიერთი კოლეგა ამბობს, რომ პარტია ბიძინა ივანიშვილმა გახლიჩა…
- ბიძინა ივანიშვილის ხელს ყველგან ვხედავ, საქართველო ამ დონემდე სწორედ მან მიიყვანა.
- ისე, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ ქვეყნის განვითარების გეგმას როგორ აფასებთ?
- ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელში, საქართველოს განვითარების გეგმა კი არა, შანსიც არ აქვს, რადგან ეს რეჟიმი არასწორი მმართველობის სქემითაა აგებული. ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც შინაგანი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობაც არ გააჩნია და ყველაფერი ამ კაცის ხუშტურებით ხდება – ხეებს წინ და უკან დაარბენინებს, ყველაფერს საკუთარ თავზე ირგებს.
- „ყველაფრის საკუთარ თავზე მორგება“ ისეთი უნდა, მიხეილ სააკაშვილი რომ ირგებდა, დაგავიწყდათ?
- პრეზიდენტის სასახლის გამო, რომელიც მომდევნო პრეზიდენტებს დარჩებოდათ, მიხეილ სააკაშვილს ლამის ჯვარცმა მოუწყვეს. ეს კაცი კი ბოტანიკურ ბაღს ყიდულობს და ოქროს საბადოებიც აქვს, თუმცა სახელმწიფოსთვის არაფერს აკეთებს.
- ბატონო კობა, დავიჯერო, ივანიშვილის ქველმოქმედებაზე არაფერი გსმენიათ? კარგ საქმეებს, ბოლოს და ბოლოს, ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც აკეთებდა…
- საქმე, რომლის მიზანიც მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდებაა, საქველმოქმედო ნამდვილად არაა. ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს გულწრფელად ჰკითხა, გჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვსო? მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, ამის რომ არ მჯეროდეს, ლაზიკას, მესტიას, ბათუმს არ დავიწყებდიო.
- …ბატონო კობა, გჯერათ, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას ენმ შეცვლის?
- საქართველოს ისტორიაში ყოფილა მომენტები, როცა ეროვნულ ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლება ცვლიდა. ჩვენ თავს ეროვნულ ხელისუფლებას თამამად ვუწოდებთ და ჩვენს შემდეგ ისევ რუსეთის ხელისუფლება მოვიდა, თუმცა მჯერა, ყველაფერი ეს ისევ დაბრუნდება. როცა ივანიშვილზე მეკითხებიან, რუსეთის მიერ მართული არის თუ არაო, მეღიმება, რადგან თუ პუტინის კონტროლქვეშ არ იქნებოდა და დღემდე ასე გრძელდება, რუსეთში მილიარდებს ვერ დააგროვებდა.
- რუსეთს თავი გავანებოთ და მითხარით, ხალხი ენმ-ს იმ შეცდომებს, რაც მმართველობისას დაუშვა, აპატიებს?
- ციხის კადრები და თუნდაც ის, რომ ადამიანებს საჭესთან ქამრების გაკეთება ვაიძულეთ, ძალიან მძიმე იყო.
- ბატონო კობა, ციხის კადრებისა და ღვედების შედარება, მინიმუმ, არაადეკვატურია!
- ყველაფერი ეს ჯამურად ხდებოდა. სრულიად ბუნებრივია, როცა ხალხს 9 წლის მმართველობის შემდეგ ახალი ხელისუფლების მოლოდინი აქვს. შეუძლებელია, ქვეყანა ისე მართო, რომ შეცდომა არ დაუშვა.
- შეცდომა ერთია, დანაშაული კი - მეორე. განვასხვაოთ, მაგალითად, გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის საქმეები. ციხის კადრები შეცდომაა თუ დანაშაული?
- ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ციხის კადრები დადგმული იყო. ამ კადრების ნაწილის მიზანი ჩვენი ხელისუფლების დამხობა იყო, კადრების ნაწილი კი, ვეჭვობ, ჩვენსავე ხელისუფლებაში იქნა დადგმული ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანების დასაშინებლად! თუკი ციხეში ეს მართლაც, ხდებოდა, მთავარი ფიგურა – ბედუკაძე რატომ არ დასაჯეს და დაცვით რატომ დადის? ხალხი ამ ხელისუფლებას ამას რატომ პატიობს? მიმაჩნია, რომ 2012 წელს ხალხი სწორად მოიქცა – ჩვენთვის უარი უნდა ეთქვა, რათა გვცოდნოდა, პარტიაში რამდენი ვირთხა გვყავს – რიგები დადგა, „ოცნებაში“ ვინ გადახტებოდა.
- ანუ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა „გაიწმინდა“?
- შეიძლება, ასეც ითქვას, მაგრამ ბოლომდე წმენდა მაინც არ ხდება ხოლმე.
- იმაზე რას იტყვით, რომ პოლიტიკური სპექტრი ენმ-ს მთავარ ოპოზიციურ ძალად აღარ განიხილავს?
- ეს ბიძინა ივანიშვილის ოცნებაა, თუმცა მთავარი ოპოზიციური ძალა ვართ და ყოველთვის ვიქნებით.
- იმასაც ამბობენ, ხალხი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვსო; ზოგი რევოლუციურ სცენარზეც ალაპარაკდა. თქვენ რას ფიქრობთ, ბატონო კობა?
- რევოლუციას ხალხი არ აწყობს, რევოლუციას საკუთარ თავს ხელისუფლება უწყობს! ივანიშვილი კი ნამდვილად აქეთ მიდის.
- და თუკი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხი ქუჩაში მართლაც გამოვა, ამ პროტესტის ავანგარდში იქნებით?
- ჩვენ სოციალური თემებით მოვაჭრე პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვართ. ჩვენთვის მთავარი საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკაა, თუმცა ვერც ერთი პარტია ვერ გაექცევა, იქ იდგეს, სადაც ხალხი დგას.
- არასაპარლამენტო ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე რას ფიქრობთ?
- ამას ვერავინ შეძლებს, ასე ეგონა ,,გირჩს”, გიორგი ვაშაძეს, მაგრამ ვერ შეძლეს. სააკაშვილმა ერთხელ თქვა, ქვეყანაში ორი მთავარი პოლიტიკური ძალაა _ ,,ოცნება” და ენმ, დანარჩენი ყველა უმნიშვნელოაო… ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ საარჩევნო დარღვევების ასახვისთვის წინასწარი მზადება არ გვქონდა. პარტიაში აზრი თავიდანვე გაყოფილი იყო _ ნაწილი ფიქრობდა, მზადება რომ დავიწყოთ, ხალხი იფიქრებს, წაგებისთვის ვემზადებოდით. ჩვენ კი ვამბობდით, ამ სცენარისთვისაც მზად უნდა ვიყოთო.
- ბატონო კობა, ბოკერია გაიმარჯვებს თუ სააკაშვილი?
- მიხეილ სააკაშვილი და ენმ გაიმარჯვებს!
- თავისუფალ ზონაზეც გკითხავთ: რატომ აღარ ჩანხართ და რატომ პასიურობთ? სააკაშვილმა დაფინანსება მართლა შეგიწყვიტათ?
- დაფინანსება არასოდეს გვქონია. მაგალითად, დავით გოგოხია მოსკოვის გამზირიდან ზოგჯერ ფეხით მოდის, რადგან ტრანსპორტის ფული არ აქვს. ჩვენ მხოლოდ ენთუზიაზმით ვმუშაობთ.
- თავისუფალი ზონა ენმ-ს დანამატია?
-არა, ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ყველა სხვა ორგანიზაციისგან განსხვავებით, აღიარებს, რომ მხარს ენმ-ს და მიხეილ სააკაშვილს უჭერს.
- ისე, ახლა რომ ერთ ამბავში ხართ, ნაციონალებმა ,,ქამრები” ხელისუფლებაში ყოფნისას რატომ არ შემოიჭირეთ?
ეს კითხვა მე არ მეკუთვნის! მე სხვა წესით ვიცხოვრე. მერაბ კოსტავას შვილობილი ვარ და ჩემთვის მთავარი სხვა ღირებულებებია.
———————
„თბილისელები“, 12 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ვაჟა ბერიძესთან: რატომ ვერ ხერხდება საქართვლეოში საშუალო ფენის ჩამოყალიბება და რატომ შეავსებს არსებული მცირერიცხოვანი საშუალო ფენა ღარიბების არმიას
ნინო ხაჩიძე
საქართველოს მთავრობამ ახალი საგადასახადო ცვლილებები დაანონსა, რის მიხედვითაც, იგეგმება საწვავის გაძვირება (აქციზი ორმაგდება), თამბაქოს გაძვირება (აქციზი კვლავ იმატებს) და ავტომანქანების გაძვირება (ძველ ავტომანქანებზე განბაჟების საფასურის სამჯერ გაზრდით). სავარაუდოდ, ამ გაძვირებების სამიზნე ჯგუფი, ძირითადად, საშუალო ფენა იქნება, თუმცა საწვავის გაძვირება იმოქმედებს ყველა ტიპის პროდუქტის გაძვირებაზე. მეორე მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ზღვარი საშუალო ფენასა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა შორის მეტად მყიფეა და გაუთვალისწინებელმა ხარჯმა შესაძლოა, საშუალო ფენის წარმომადგენელი ღარიბთა რიგებში გადაანაცვალოს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ჩაფიქრებულმა ეკონომიკურმა აქტივობებმა გრძელვადიან პერსპექტივაში, პირიქით, ხელი შეუწყოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან ერთად მიმოვიხილავთ შესაძლო ეკონომიკური ცვლილებების მოსალოდნელ შედეგებს და იმასაც, თუ რატომ ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში საშუალო ფენა – ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის გარანტი?!
– დაგეგმილი საგადასახადო ცვლილებები გამოიწვევს თუ არა ეს ისედაც მცირერიცხოვანი და მოწყვლადი საშუალო ფენის მატერიალური მდგომარეობის გაუარესებას? საშუალო ფენის დამაზარალებელი ინციიატივებია?
– უწინარესად უნდა გავერკვეთ, რა გვინდა ჩვენ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალი არ არის და მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ჩვენი დიდი მეზობლების ურთიერთობებზე. ამ ვითარებაში ჩვენი პოლიტიკის მთავარი ვექტორი სოციალური პრობლემების მოგვარებაზე უნდა იყოს მიმართული თუ განვითარებაზე?! ორივე ერთად შეუძლებელია. ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მიუკერძოებლად შევაფასოთ ხელისუფლების მოქმედება. პირველი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკური პოლიტიკის ღერძი იყო სოციალური პრობლემების მინიმალურ დონეზე მოგვარება, მოსახლეობის გაღატაკების შეჩერება და უამრავი ადამიანი გადაიხვეწა საქართველოდან იმის გამო, რომ მისმა ოჯახმა აიღო კრედიტი, რათა ოპერაცია გაეკეთებინა ოჯახის წევრისთვის და ან ბინა დაკარგა, ან ბინის დაკარგვის საფრთხის წინეშე დგას და იქიდან გადმორიცხული ფულით ისტუმმებენ ამ ვალებს და საარსებო მინიმუმის ფარგლებში გადარჩენის მიმართულებით მიდიან. წამროუდგენელი ბიუჯეტები გვქონდა წინა ოთხი წლის განმავლობაში, უზარმაზარი ჯანდაცვის ბიუჯეტი, რომლის წარმატებით დანერგვა არ შეუძლია ევროპის ქვეყნებსაც კი, მაგრამ ოლიგარქმა ასე ინება, მე ჩემი ფულით ყველაფერს ვერ ვუშველი, ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაიჭირვოს და სოციალური დაცვისა და ჯანდაცის პროგრამები უფრო მეტად უნდა დავაფინანსოთ, ვიდრე „ნაციონალების“ დროს.
– თუმცა ფაქტია, რომ უამრავი ადამიანი გადაარჩინა ამ მიდგომამ და ბევრის ქონებაც...
– ძალიან ბევრი და ესეცაა მიზეზი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო მოსახლეობის ნახევრის ხმები. ეს საკმაოდ დიდი წარმატებაა ასეთი ეკონომიკის პირობებში. ხალხმა ეს დაუფასა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ჩვენი ბიუჯეტი ამ მიმართულებით სვლის პირობებში ვერ შეძლებს მყარად ფეხზე დგომას, ეკონომიკური კატაკლიზმები გარდუვალია და ამ გუნდმა, ივანიშვილის გარშემო შემოკრებილმა, შემოგვთავაზა სწრაფი განვითარება, როგორც დევიზი, მაგრამ ამ სწრაფ განვითარებას ვერ უზრუნველყოფ ისეთი ინვესტიციებით, რაც ჩვენ გვაქვს. სწრაფი განვითარების მიღების სწრაფ ნაბიჯდ დაისახა მოგების გადასახადის რეფორმა, ესტონური მოდელი მივიღეთ, რის მიხედვითაც, რეინვესტირებული მოგება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახდისგან.
– ოღონდ ცოტა რთულია კონტროლი, სახლში წაიღექენ მოგებას თუ რეინვესტირებას მოახმარენ...
– დიახ, რთულია, ჩვენთან არასწორი პრივატიზაცია რომ განხორციელდა და ოქროსა თუ მანგანუმის საბადოები რომ კერძო საკუთრებაში გადავიდა, ადევნებენ თვალს, თუ განხორციელდა იქ რეინვესტირება?! დარწიუნებული ვარ, არა! რაც შემოსავლია, ოფშორებში მიედინება და იქიდან ,ღმერთმა უწყის, ვის ჯიბეში. მაგრამ ხელისუფლებამ ასეთ ხერხს მიაგნო და შემოგვთავაზა. ოღონდ ეს საკმარისი არ იქნება სწრაფი განვითარებისთვის. მე სკეპტიკურად შევხედავდი მთავრობის შანსს, რომ ასე სწრაფი განვითარება შესაძლებელია, მაგრამ კარგი ნაბიჯია. ამას მოჰყვება გარკვეული პრობლემები, რადგან ბიუჯეტისთვის შემოსავლები აუცილებელია. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა იმავე მასშტაბითაა გათვალისწინებული ბიუჯეტში და უფრო მეტი თანხაა გამოყოფილი, ზოგადად, სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად.
– ანუ სოციალური ხარჯები რომ დავაფინანსოთ, მოგვიწევს, უფრო მეტი გადავიხადოთ ბიუჯეტში იმავე ფენამ, ვისთვისაა გათვლილი ის სოციალურ ხარჯები?
– კლინიკები მეტისმეტად გავიდნენ თავს, იქ კონვეირია აწყობილი, ფსევდოკლინიკებია ორგანიზებული, ძალიან დიდი თანხები გაიწერება ამ პროგრამებში. გამოვრიცხავ, რომ მთავრობაა ჩართული კორუფციულ სქემებში, მაგრამ ფაქტია, იქ კორუფციული სქემების ელემენტები არსებობს: ფარმაციიდან დაწყებული და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის სხვა კომპონენტებით დამთავრებული.
– გლაუკომის ოპეარციის ხარჯათღრიცხვაში ერთ-ერთ თვალის კლინიკას უწერია ანალიზების ხარჯი, რაც ოპერაციაზე ძვირი ღირს, თუმცა პაციენტს, რეალურად, არანაირ ანალიზს არ უკეთებენ, იმას გარდა, რომ თანხას იღებს მკურნალი ექიმიც, რომელიც ბუნებაში არ არსებობს...
– იციან, რომ წამიერად შეუძლებელია ამ პროგრამის ოპტიმიზაცია, ესეც რომ არ იყოს, კარდინალური ცვლილებები ამ პროგრამაში შეუძლებელია და თანდათან უნდათ, რომ შემოსავლები გაზარდონ ბიუჯეტში, რომ მოგების გადასახადის რეფორმა არ შეეხოს ბიუჯეტის შემოსავლებს და ამავე დროს გაკონტროლდეს ბიუჯეტის ხარჯვა. ამიტომ ასეთი კონცეპტუალური ხედვა ჩამოყალიბეს: ბიუჯეტის დანაკარგები და პრობლემები უნდა გადაიფაროს რაღაც ახალი შემოსავლის წყაროთი. გადასახადების მომატებას რეფერენდუმი სჭირდება. ეს მზაკვრობა სააკაშვილის ხელისუფლებამ ოპონენტებისთვის ჩადო. ამდენად, ამ რეფერენდუმის ჩატარება ძალიან ძნელია, ამიტომ არსებობს გადასახადების მატების ირიბი გზა: აქციზების ზრდა და სწორედ აქციზისა და იმპორტზე გადასახადის ზრდა მოიძებნა, როგორც საშუალება ბიუჯეტის შემოსავლების მატების. ამდენად, შემოგვთავაზეს ასეთი რამ: ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის, რის გარეშეც ჩვენი ბიუჯეტი ვეღარ იქნება სოციალური და თავისი არსით სოციალისტური, მოგების გადასახადის შეცვლის პრინციპის საკონპენსაციოდ უნდა მოიმატოს გადასახადმა ავტომობილების იმპორტსა და აქციზზე. არჩევანი გაკეთდა და დაუშვეს საზოგადოებრივი აზრის ნეგატიური განწყობა; „ოცნებამ“ გაბედა და სწრაფად გააძვირა გადასახადები, რითაც პერსპექტივაში გააძვირა ქვეყანაში ცხოვრება დაბალი ფენებისთვის.
– წინასწარ რთული სათქმელია, რა შედეგს გამოიღებს ეს გადაწყვეტილებები, მით უმეტეს, რომ ერთი და იმავე რამის ალბათობა თეორიასა და რეალობაში განსხვავდება ერთმანეთისგან. გამოდის, რომ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტის სიმძიმის შესამსუბუქებლად გაიზარდა ეს გადასახადები? მაშინ ეს სწრაფ განვითარებას როგორ მოიტანს?
– მოგების გადასახადის რეფორმა არის ამისკენ წაქეზება, იძულებაც კი მომგებიანი ბიზნესების, რომ თავიანი მოგების რეინვესტირება მოახდინოს ეკონომიკაში. თანხა გააქვთ ქვეყნიდან, ან ოფშორებში ინახავენ, ან ევროპის ბაკნებში ილექება. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ამბობს, რომ პრობიზნესურია. დიახ, კვირიკაშვილი პრობიზნესური პრემიერმინისტრია და არა – პროსოციალისტური, თუმცა თავად პარტია „ქართული ოცნება“ პროსოციალისტურია. ესაა სწორედ ქართული სინამდვილის პარადოქი: პროსოციალისტურ „ქართულ ოცნებას“ მოკავშირედ ჰყავდა მემარჯვენე „რესპუბლიკელები“. ამიტომ ბუნებრივია, ეს კონკრეტიკა არსებობა: სოციალური გადასახადები, რაც გაამწვავებს ფონს ეკონომიკური განვითარებისთვის, ამ მომატებული გადასახადებიდან შემოსული შემოსავლებით უნდა გადაიფაროს, რომ სოციალური ფონი არ გამწვავდეს, რადგან სოციალური ფონის გამწვავების პირობებში ხელისუფლების რაგინდ კარგი იდეები განწირულია.
– ცხადია, რომ ეს დასაწყისში აქციზის გაზრდა იმოქმედებს საშუალო ფენაზე, რადგან სოციალური პროექტები დარჩება, რითაც ისარგებლებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა. საშუალო ფენის გაღარიბება იგეგმება? ისედაც დიდი განსხვავებაა ჩვენთან მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ანუ იქნებიან ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები და ეს ძალიან ღარიბები ძალიან ბევრ სოციალურ პროექტს განახორციელებენ ღარიბებისთვის? ცოტა ცინიკური კითხვა გამომივიდა, მაგრამ განზრახ გავაკეთე უტრირება.
– სამწუხაროდ, საქართველოში მდიდართა ფენა ძალიან მცირერიცხოვანია, საბჭოთა ნომენკლატურა თუ შემდეგი დროის კორუფციონერები, ბიზნესმენები…
– მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრები…
– მოქმედებზე, მაინცდამაინც, ვერ ვიტყვი. ბიძინა ივანიშვილი სხვა პრინციპით არჩევს ხელისუფალს, უბიოგრაფიო, მაგრამ უმწიკვლო რეპუტაციის იქონეს, მისი დევიზი ასეთია.
– წლებია, ვწერ ჩინოვნიკთა და პოლიტიკოსეის ქონებრივ დეკლარაციებს, კარიერის დაწყებიდან ბოლომდე, ამდენად, მრავალწლიანი ყოფნა ხელისუფლებაში იძლევა გამდიდრების საშუალებას, ეს ვიგულისხმე...
– სამწუხაროდ, ეგრეთ წოდებული მდიდრების ფენა საქართველოში ძალიან მცირერიცხოვანია. ძალიან მცირერიცხოვანია საშუალო ფენა, რომელიც სოციალური სტაბილურობის საყრდენია. ჩვენთან ბევრია სიღატაკის ზღვარს ოდნავ ზემოთ და ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათ სოციალურ სტატუსებს შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი სოციალურ პოპულიზმს აქ გრანდიოზული შესაძლებლობები აქვს და მიკვირს, როგორ ვერ ახერხებენ ამის გამოყენებას პოპულისტი პოლიტიკოსები?! მაგრამ, ვფიქრობ, აქ ივანიშვილის ფაქტორი მუშაობს, თორემ, არათუ ჩვენთან, პორტუგალიაშიც კი ბოლო არჩვენებია, პირველ სამ ადგილზე სოციალისტური მიმართულების პარტიები გადიან. საშუალო ფენას წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ეს არის ჩვენი სიმშვიდის წყარო და პერსპექტივა, რომ ეს ხალხი დაიწყებს უფრო მასშტაბურ საქმიანობას, სამეწარმეო საქმიანობა და ღარიბ ფენებს დაააქმებენ. ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ, 5-10-პროცენია ისეთი, რომლებისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, ბენზინი 1,6 ლარი ეღირება თუ 2,1 ლარი. ოღონდ ის ათი პროცენტი მოახერხებს, შექმნას ილუზია, თითქოს ჩვენს საზოგადოებაში ხალხს შეუძლია უზარმაზარი ჯიპებით გადადგილება და ქალაქის ჩახერგვა; რითაც იქმნება ილუზია, რომ აქ ბევრია მანქანის მფლობელი, რომელიც ბენზინს ასხამს მანქანაში. სინამდვილეში ასეთია ჩვენი საზოგადოების ათი პროცენტი. 90 პროცენტი საშუალო, ღარიბი და უღარიბესი ფენაა. საშუალო ფენაში მეც და თქვენც ვიგულისხმებით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მარაგები, ჩვენ არ ვართ მდიდრები, ამდენად, ჩვენზე იმოქმედებს გაძვირება უპირველესად. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები საშუალო ფენას დაარტყამს; რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დააზარალებს ავტომობილების იმპორტს, მაგრამ ერთიც მგლისკენო: მეორე მხრივ, გარკვეულ პრობლემებსაც ჭრის. გადავხედოთ, რა სიკეთე მოაქვს ავტომობილების იმპორტის არსებულ საგადასახდო განაკევეთს?!
– ავტოპარკი ძალიან მოძველებულია, ახალი მანქანები, მაქსიმუმ, 5-პროცენტია, ისიც, ძიირთადად, სახელმწიფოს ავტოპარკი.ნახევარზე მეტი 15 წელს ზემოთ მეორადი მანქანებია...
– ამას გამოსწორება სჭირდება. მაგალითად, აზერაბიჯანში ეს უკვე გამოასწორეს, თუმცა ალიევს შეუძლია, უფრო მკვეთრ ნაბიჯებზე წავიდეს. ჩვენვან მთავრობას არ ჰქონია ამის გაკეთების არც სურვილი, არც საშუალება. ამ ცვლილებებით, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის იაფფასიანი მანქანების იმპორტი შემცირდება. მეორე მხრივ, არც დეფიციტი შეიქმნება, რადგან გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მანქანის გაყიდვას გადაწყვეტენ და შიდა ბაზარზე ამგვარი მანქანების დეფიციტი არ გაჩნდება.
– ანუ ისევ ძველი მანქანებით ვივლით და ერთმანეთს მივყიდით?
– დიფერენცირებული ანალიზია საჭირო და გარკვეული რეგულირება, რომ ეს პროცესი სოციალური თვალსაზრისით მძიმედ არ აისახოს. პირადად მე ამ არჩევანს გულნაკლული, დანანებით და სევდიანი ხედვით, იძულებული ვარ, შევეგუო, თუმცა ჩემზეც იმოქმედებს ეს ყველაფერი, რადგან მე მინდა, სწრაფი თუ არა, შესამჩნევი ეკონომიკური ზრდისკენ წავიდეს ქვეყანა და შესაძლოა, ჩვენ კიდევ მოგვიწიოს გაჭირვების ატანა. ამას ხალხიც დაეთანხმა, ხოლო, თუ არ დაეთანხმება, ამისთვის არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, თუ ისიც ვერ შეძლებს სიტუაციის განმუხტვას, არსებობს ქუჩა, პოლიტიკური პროცესი. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს, თუ ხალხი ჩათვლის, რომ ეს მიდგომა არასწორია, „ოცნება“ ან გადახედავს ამ პოლიტიკას, ან სხვას დაუთმობს ძალაუფლებას.