globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 14 მარტი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 14th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: „აშშ-ის ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის კურსის კორექტირებას იწყებს” // სოსო ცინცაძის აზრით, საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად რუსეთის საკითხებზე მომუშავე დიპლომატის დანიშვნა რეგიონში რუსეთის როლის ზრდაზე მიუთითებს

რეზონანსი: ერთადერთი შეთანხმება, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, პრაქტიკულად, ჩაშლილია

რეზონანსი: ერთი კარიკატურის გამო ხაჯიმბამ აფხაზეთში ქართულად სწავლება აკრძალა

———————-

რეზონანსი“, 14 მარტი, 2015 წელი

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის კურსის კორექტირებას იწყებს”

სოსო ცინცაძის აზრით, საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად რუსეთის საკითხებზე მომუშავე დიპლომატის დანიშვნა რეგიონში რუსეთის როლის ზრდაზე მიუთითებს

ია აბულაშვილი

(შემოკლებით)

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში ახლი ელჩის კანდიდატურა წარადგინა. სავარაუდოდ, ამ თანამდებობას დიპლომატი იან კელი დაიკავებს. ცნობისათვის, იან კელი პროფესონალი დიპლომატია და სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა. იყო აშშ-ს წარმომადგენელი ეუთოში; აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი. 2009-2010 წლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროში ეკავა სპიკერის პოზიცია. საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ახალი ელჩი თბილისში მისი 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ზაფხულის მიწურულს ჩამოვა. თეთრმა სახლმა პროფესიონალი და გამოცდილი დიპლომატი შეარჩია, რომელსაც სენატი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.

“ფაქტი, რომ საქართველოში ელჩად ინიშნება დიპლომატი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის პრობლემებით იყო დაკავებულ, მეტყველებს იმაზე, რომ მკვეთრად იზრდება რუსეთის როლი ჩვენს რეგიონში და თავისთავად, ამერიკული დიპლომატიის ინტერესიც აღნიშნული მიმართულებით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკის ხელისუფლებში იწყება რუსეთთან ურთიერთობაში არსებული კურსის კორექტირება. რამდენიმე დღეში, 19 მარტს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა სამიტზე უნდა მიიღონ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციათა ბედზე. სანქციების გამკაცრების ან არსებულ დონეზე შენარჩუნების მომხრენი არიან მხოლოდ აღმოსვლეთ ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოები დიდ ბრიტანეთთან ერთად. რაც შეეხება იტალიას, საფრანგეთს და არაფორმალურ ლიდერ გერმანიას, აქ უკვე განსხვავებული პოზიცია ფიქსირდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით ვაშინგტონი, უხალისოდ, მაგრამ მაინც იძულებული ხდება თუნდაც ტაქტიკური უკან დახევის რეჟიმში ეძებოს რუსეთთან ურთიერთობის გაცილებით პრაგმატული კურსი”, – აცხადებს  დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე.

“ეს აისახება როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის მიმართულების გააქტიურებით, სევე ჩვენი რეგიონის ქვეყნებში რუსეთის სპეციალისტების დიპლომატიური დელეგირებით. რაც შეეხება ქართულ ამერიკულ ურთიერთობას, აქ უკვე ძნელია იმ ფაქტორის იგნორირება, რომ 2008 წლის ომიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები არცთუ აშკარად თვალში საცემი, მაგრამ მაინც დაღმავალი გზით ვითარდება. რასაკვირველია, საქართველო არასოდეს ყოფილა და არც იქნება მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ, როგორც ჩანს, ის “ოქროს ხანა” (2000-2008 წწ) წარსულს ჩაბარდა. ეს, რასაკვირველია, სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. ფაქტია, ვაშინგტონს დღემდე ვერ მოუნელებია 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზები, საბაბი და შედეგები. როგორც ჩანს, ახალი ელჩს მოუწევს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ინტენსიურობა რუსეთ-ამერიკის პარტნიორობის ადეკვატურად აქციოს”, – ასკვნის სოსო ცინცაძე.

რეზონანსი“, 14 მარტი, 2015 წელი

ერთადერთი შეთანხმება, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, პრაქტიკულად, ჩაშლილია

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

ოფიციალური მოსკოვი საქართველოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან შესული ტვირთების მონიტორინგს ეხება, ეჭვქვეშ აყენებს. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, ხელშეკრულებაში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არაფერია ნათქვამი და იგი მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს ეხება. შესაბამისად, ლავროვი ამ შეთანხმებას, მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ დამდგარი “ახალი რეალობიდან” გამომდინარე განიხილავს და მიანიშნებს, რომ ნეიტრალური დამკვირვებლები არა ფსოუსა და როკის გვირაბთან, არამედ ენგურზე და ერგნეთთან უნდა დადგნენ.

რეზონანსი“, 14 მარტი, 2015 წელი

ერთი კარიკატურის გამო ხაჯიმბამ აფხაზეთში ქართულად სწავლება აკრძალა

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

გალში დარჩენილ 11 ქართულ სკოლაში მომავალი წლიდან სწავლება რუსულ ენაზე მოხდება და ქართული მხოლოდ ერთ რიგით საგნად დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ასე აანონსებს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება და თვით ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც ორი დღის წინ განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია მის “რესპუბლიკაში” მოსწავლები თბილისში დაბეჭდილი ისეთი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ, რომელიც “აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობას უარყოფს”.

გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონიას თქმით, დღეს მხოლოდ გალის ქვედა ზონის 11 სკოლა ინარჩუნებს ქართული სკოლის სტატუსს, თუმცა აფხაზური ადმინისტრაციის მხრიდან უკვე მიზანმიმართული აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ყველა სკოლა რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდეს, რაც ხაჯიმბამაც აღნიშნა.

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული მოსახლეობის გეგმაზომიერი ასიმილაცია მიმდინარეობს.

“რუსიფიკაციის გეგმაზომიერი პოლიტიკა მიმდინარეობს. რუსეთი საქართველოს მიმართ თავის პოლიტიკას არ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ურთიერთობების დათბობაზე ლაპარაკი მიდის. სინამდვილეში ეკონომიკური ურთიერთობის რაღაც ნაბიჯის გარდა არაფერი არ ჩანს. ხაჯიმბას ეს განცხადებაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართველების ასიმილაციის პოლიტიკა ისევ აქტიურად მიმდინარეობს. შედეგი ის იქნება, რომ ქართველი მოსწავლეები რუსული წიგნებით, რუსული სასწავლო პროგრამით სწავლების გამო იძულებული გახდებიან, სწავლა არა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ სოხუმსა და რუსეთში გააგრძელონ. ასეთი შედეგი რამდენიმე წელიწადში დადგება. ამას ემატება მეგრული “დედა ენის” შეტანის გეგმაც. მე უკვე აღარ ვიცი, ჩვენ რა შეგვიძლია, საპროტესტო განცხადებების მეტს ვერაფერს ვაკეთებთ”, – აღნიშნავს გვაზავა.

ცნობისათვის, ორი დღის წინ აფხაზეთში გაეროს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და ასევე გალის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ის გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვას არ აპირებს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აფხაზური სახელმძღვანელოების საშუალებით მოხდება, რადგან “მიუღებელია, ბავშვებს ისეთი სახელმძღვანელოთი ასწავლონ, რომელიც აფხაზეთის არსებობას უარყოფს.”

“ჩვენ პარტნიორული ურთიერთობა დავამყარეთ რუსეთთან და საქართველოსთანაც კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება გვინდა, თუკი ქართული მხარე მიხვდება, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის აღიარება აუცილებელია,” – განაცხადა ხაჯიმბამ გალის მოსახლეობასთან შეხვედრისას. მისი თქმით, “აფხაზეთის კონსტიტუციის” მიხედვით აფხაზური ენა “სახელმწიფო ენაა”, რუსულ ენაზე კი საქმეთა წარმოება მიმდინარეობს. ამიტომ გალის მოსახლეობისათვის აუცილებელია იცოდნენ აფხაზურიც და რუსულიც, ხოლო ვისაც ქართული ენის ცოდნა უნდა, შეუძლია ისიც ისწავლონ. ვისაც უნდა, ისწავლოს, ზედმეტი არ იქნება. მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ, ბავშვებს ჩვენი სახელმძღვანელოებით მივაღებინოთ განათლება,” – აღნიშნა ხაჯიმბამ.

მან შეკრებილებს მოუყვა, თუ როგორ აჩვენა გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ ის ქართული სახელმძღვანელო, რომლითაც გალის რაიონის სკოლებში ბავშვებს ასწავლიან. ამ წიგნში მოცემულია ილუსტრაცია, სადაც დახატულია რუსული დათვი, რომელიც საქართველოს და აფხაზეთს ერთმანეთისგან აშორებს და ამ ტერიტორიებს ჭამს. ჩვენ ამ ნახატის აზრს ვერ გავიზიარებთ. ამიტომაც არის აუცილებელი ისეთი სახელმძღვანელოები, რომლებიც აფხაზეთში გამოიცემა და რომლებშიც საქართველოს მიერ თავსმოხვეული იდეოლოგია არ იქნება გატარებული,” – დაამატა ოკუპირებული აფხაზეთის “პრეზიდენტმა”.

თავის მხრივ, გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ლიდერმა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ რაიონის 20 სკოლიდან 11-ში სწავლება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამით მიმდინარეობს, განსაკუთრებით დაბალი ზონის სკოლებში.

“მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც არ გაიქცნენ და აფხაზეთში დარჩნენ. მაგრამ ასეთი სწავლება ამ მოქალაქეებს მძიმედ ურტყამს. საკითხავია, ის ადამიანები, რომლებიც აფხაზურ ენაზე ვერ წერენ და ვერ საუბრობენ, როგორ შეძლებენ სახელმწიფოში ადაპტირებას?!” – განაცხადა ნადარაიამ და დასძინა, რომ დღეისათვის სკოლებში უკვე დარიგდა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პროგრამის შესაბამისად შექმნილი 4 000 სახელმძღვანელო.

გალის რაიონში ომამდელ საზღვრებში 31 სკოლა ფუნქციონირებდა. ამ სკოლებიდან დღეს ხელოვნური დაქუცმაცების გამო 9 სკოლა ტყვარჩელის რაიონს ეკუთვნის, 1 ოჩამჩირეს, 20 კი გალის რაიონს დარჩა.

გალი ზედა და ქვედა ზონებადაა დაყოფილი, ზედა ზონაში 9 სკოლაა, ქვედა ზონაში – 11. დღესდღეობით მხოლოდ გალის ქვედა ზონის 11 სკოლაში მიმდინარეობს ქართულად სწავლება, სხვაგან – რუსი ავტორების, რუსეთის ფედერაციის სკოლებისათვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებია და ქართული მხოლოდ რიგით საგნად ისწავლება – კვირაში ერთ საათი ქართველი ენა და ერთი საათი ლიტერატურა ისწავლება. თუმცა, ქართული პედაგოგები მოსწავლეებს ქართულს ჩუმად მაინც ასწავლიან. ასევე მეორე კლასიდან ყველა სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა და ისიც რიგით საგნად.

ნონა შონია აცხადებს, რომ ქვედა ზონის ქართულ სკოლებში უკვე ამ სასწავლო წლის სექტემბრიდან დაწყებით კლასებში ქართულ ენას ჩამოერთვა საათები და რუსულის სწავლება გაძლიერდა. „თუ მანამდე გალის ქართულ სკოლებში მოსწავლეები რუსულის სწავლას მესამე კლასიდან იწყებდნენ, წელს პირველი კლასიდან დაიწყო და გაძლიერებულად”, – აღნიშნავს შონია. მისი თქმით, 31-ვე სკოლაში ყველა მოსწავლე ქართული გრიფირებული სახელმძღვანელოებით მარაგდებოდა, თუმცა 2013-2014 წლებში მხოლოდ ქვედა ზონის 11 სკოლისათვის მოხდა სახელმძღვანელოების გადაგზავნა. ოღონდ ერთი აკრძალვა ყოველთვის მოქმედებდა – ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორის სახელმძღვანელოების შეტანა აკრძალულია.

“მომავალი წლის სექტემბრიდან დაგეგმილია, რომ ამ დარჩენილ 11 ქართულ სკოლაშიც პირველი კლასიდანვე მხოლოდ რუსულად დაიწყოს სწავლება და როგორც ხაჯიმბამ განაცხადა, ქართული რიგით საგნად უნდა ისწავლებოდეს. ის სახელმძღვანელო, რომელზეც ხაჯიმბა ამბობს, დათვი იყო გამოსახულიო, ისტორიის სახელმძღვანელოა, სადაც 2008 წლის ომზე მოკლედ საუბარი და ევროპული პრესიდან ამოღებული კარიკატურაა – დანაწევრებული საქართველო და იქვე დათვია დახატული, რომელსაც “რუსეთი” აწერია.

(…)

“ტყვარჩელისა თუ გალის ზედა ზონების სკოლებში ძირითადად ჩვენი პედაგოგები მუშაობენ, ისინი ქართველები არიან, განათლება ქართულად აქვთ მიღებული, თუმცა, იძულების გამო საგანს წინა ღამით რუსულად იზეპირებენ, რომ მეორე დღეს გაკვეთილი ბავშვებს რუსულად აუხსნან. მათ ძალიან უჭირთ და თუკი ქვედა ზონის სკოლებშიც სწავლება რუსულენოვანი გახდება, ბუნებრივია, მასწავლებლებს გაკვეთილის რუსულად სწავლა მოუწევთ”, – დასძენს შონია.

არის სხვა პრობლემაც – რუსეთში გამოცემული სახელმძღვანელოებით განათლებამიღებულ ქართველებს მომავალში ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრაც გაუჭირდებათ. შონიას თქმით, დღესაც კი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეების ერთი ნახევარი თუ ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობს, მეორე ნახევარი სოხუმისა და რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში იღებს განათლებას. მით უმეტეს, სოხუმში პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება საერთოდ უგამოცდოდ ხდება. ქართული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს კი აფხაზეთში საერთოდ ვერც გამოაჩენ, ეს სახიფათოა.

“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სურვილია, უფრო და უფრო ბევრი ქართველი სასწავლებლად საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში კი არ წავიდეს, არამედ სოხუმსა და რუსეთში, რომ გალში რუსული იდეოლოგიით განათლებულები დაბრუნდნენ,” – დასძენს შონია.

Comments are closed