«КоммерсантЪ» (რუსეთი): რას ურჩევს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოს ხელისუფლებას?
«Кавказская политика» (რუსეთი): პანკისის ხეობა და რეგიონული გამოწვევა: არის თუ არა ნამდვილად საქართველოს ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ბანაკი?
———————–
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 14 მარტი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2686803?isSearch=True
რას ურჩევს აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოს ხელისუფლებას?
გიორგი დვალი, თბილისი
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის თანამდებობაზე კანდიდატურა უკვე შეარჩია – იგი იან კელი იქნება, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ის საგარეოპოლიტიკურ უწყებაში რუსეთის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამჟამინდელი ელჩის რიჩარდ ნორლანდის უფლებამოსილება, რომელიც 2012 წელს დაინიშნა დიპლომატიურ წარმომადგენლად, რამდენიმე კვირის შემდეგ იწურება.
ახალი ელჩის კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს, მაგრამ რაიმე გართულება მოსალოდნელი არ არის – პროცესი, ჩვეულებრივად, სიმბოლურ ხასიათს ატარებს. იან კელის კანდიდატურის მიმართ არც საქართველოს არ ექნება რაიმე პრეტენზია: როგორც „კომერსანტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ერთ-ერთმა წყარომ შეატყობინა, „ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, რა თქმა უნდა, დიპლომატიურ აგრემანს (თანხმობას) მიიღებს“. გაზეთის კორესპონდენტთან საუბრისას მან თავი შეიკავა რაიმე კომენტარუისაგან იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება მოასწავებდეს საქართველოში ამერიკის ელჩად რუსეთის სპეციალისტის დანიშვნა.
სამაგიეროდ, ამ შეკითხვაზე პასუხი გასცა საქართველოს დიპლომატიური აკადემიის ექს-რექტორმა სოსო ცინცაძემ: „პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თეთრ სახლში რუსეთთან ცივი ომი არავის უნდა“, – განაცხადა მან „კომერსანტთან“ საუბრის დროს. სოსო ცინცაძის აზრით, ახალი ელჩი „დაბეჯითებით მისცემს რჩევებს“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხში. როგორც სოსო ცინცაძე თვლის, შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს ანალოგიური პოლიტიკა, რომელიც „მოსკოვის დასამშვიდებლადაა გამიზნული“, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში განახორციელოს, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გამოკლებით, რომლებმაც ისტორიულად მოასწრეს და ჩრდილოატლანტიკურ ექსპრესს შეახტნენ“.
«Кавказская политика» (რუსეთი), 14 მარტი, 2015 წელი
http://kavpolit.com/articles/pankisskoe_uschele_i_regionalnyj_vyzov-14935/
პანკისის ხეობა და რეგიონული გამოწვევა: არის თუ არა ნამდვილად საქართველოს ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ბანაკი?
ნადანა ფრიდრიხსონი
აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა, გაზეთ New Baku Post-ის მთავარმა რედაქტორმა ტოფიკ აბასოვმა „კავკაზსკაია პოლიტიკასთან“ ინტერვიუში ისაუბრა პანკისის ხეობაში „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ (ელის“) სამხედრო ბანაკების შესახებ, საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ბრძოლებზე, მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებასა და აზერბაიჯანის პოზიციაზე აქტუალური საერთაშორისო პრობლემების მიმართ.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- როგორია პანკისის ხეობაში „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ბანაკების არსებობის ალბათობა?
- ეს ალბათობა სრულიად რეალურია. პანკისის ხეობაში სამხედრო ბაზები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში არსებობდა, როცა ჩეჩნეთში სამხედრო კამპანია მიმდინარეობდა. სწორედ მაშინ შეიქმნა იქ საწრთვნელი ბანაკი მოჯაჰედთა საბრძოლო მომზადების მიზნით, რუსეთის ფედერალურ ძალებთან საომრად… ეს ყველაფერი პანკისის ხეობის მეშვეობით ხდებოდა. იმ ხანებში სხვადასხვა ისლამურმა ფონდებმა, რომლებიც სპარსეთის ყურის სალაფიტური წრეების მიერ კონტროლდებოდნენ, რუსეთის სამხრეთისაკენ მიმავალი მოკლე გზა ძალიან „შეიყვარეს“: პანკისის ხეობის გავლით ხდებოდა საბრძოლო მასალების გადაზიდვა, რელიგიური ლიტერატურის, სამხედრო-პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის სხვა საშუალებების გავრცელება, რუსეთის სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. დღეს ეს მარშრუტი რეანიმირებულია და მისი სრული დატვირთვა მიმდინარეობს.
უდავოა, რომ ეს რეგიონული მოთამაშეების, მათ შორის საქართველოს ძალიან სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. საქართველო, როგორც იქაური საშინაოპოლიტიკური მოვლენები მოწმობს, ისევ გზაგასაყარზე დგას. ეთნოტერიტორიული კონფლიქტების არსებობამ და ისლამური რადიკალების მადესტაბილიზებელმა მცდელობებმა შეიძლება რეგიონული წესრიგის დაარღვიოს და ახალი პრობლემები გამოიწვიოს.
- თქვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ამ ბანაკების არსებობას, როგორც ამას სირიის არმიის გენერალი ვალის აბაზა აცხადებს? და თუ მართლაც ასეა, რისთვის სჭირდება ეს თბილისს?
- შიდაპოლიტიკური ბრძოლოს გამწვავებასთან ერთად იქმნება [ხელისუფლების] ვაკუუმი, რითაც საგარეო ძალები სარგებლობენ. მათთვის რეგიონულ პროცესებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტების ხელში ჩაგდება უკიდურესად აუცილებელი ხდება. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ერთი გარემოება: ჩვენ მოწმენი ვართ იმ ბრძოლისა, რომელიც ქართველ ევროატლანტისტებსა და აღმოსავლური პოლუსის ორიენტაციის მხარდამჭერთა შორის მიმდინარეობს. გამწვავებული ანტაგონიზმის დროს კი გარეშე ძალებს, თავიანთი გეგმების რეალიზების მიზნით, მფარველების მოძიება არ გაუჭირდებათ. რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ „ერაყ-ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ და მისი ლოჯისტიკის რეალიზებას ახდენენ. როგორც ჩანს, ეს ის ძალებია, რომლებსაც რუსეთთან თავიანთი ანგარიშები აქვთ გასასწორებელი.
გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ოფიციალური თბილისი, რომელიც მოსკოვთან კავშირების აღდგენას ცდილობს, ამ საკმაოდ სახიფათო თამაშს ეწევა. ალბათ, უფრო სწორი იქნება ვივარაუდოთ, რომ მასში ჩართული მოქმედი პირები დახურულ რეჟიმში მოქმედებენ…
- როგორ ფიქრობთ, „ელის“-ის პანკისურ ბანაკებში აზერბაიჯანელებიც იმყოფებიან? არაერთხელ თქმულა, რომ აზერბაიჯანელებიც იბრძვიან „ელის“-ის რაზმებშიო…
- დიახ, იქ აზერბაიჯანელებიც არიან, რომლებიც რადიკალური პროპაგანდის გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ. შეიძლება გავიხსენოთ, რომ 1990-იანი წლების ბოლოს ბევრი აზერბაიჯანელი ახალგაზრდა, რომლებიც „ბარიკადების მეორე მხარეს“ აღმოჩნდნენ, სამხედრო წრთვნები სწორედ პანკისის ხეობაში გაიარეს და შემდეგ ჩეჩნეთ-დაღესტანში იბრძოდნენ. ამჟამად აზერბაიჯანის უშიშროების ორგანოები შესაბამის მუშაობას ატარებენ და წარმატებით ეწევიან იმ პირების უვნებელყოფას, რომლებიც საზღვარს კვეთენ და აზერბაიჯანში უცხოური ძირგამომთხრელი ცენტრების დავალებით შემოდიან. ბევრი განეიტრალებული „ბოევიკის“ კვალი, რომლებთაც ბიზნესმენისა და თუ მლოცველის ნიღაბი ჰქონდათ აფარებული, ახლო აღმოსავლეთსა და პანკისში მიდის.
- ხელს შეუწყობს თუ არა ამ ბანაკის საქართველოში არსებობა ადგილობრივი მუსულმანების რადიკალიზაციას?
- ამის ალბათობა ძალიან მაღალია. „ელის“-ის ხელმზღვანელები არ მალავენ იმას, რომ მათ მთავარ მიზანს, შარიათული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ჩარჩოებში, პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის მოპოვება წარმოადგენს. შესაბამისად, ისინი კავკასიას თავიანთ სტრატეგიულ არეალად განიხილავენ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი მებრძოლები ჭირდება. სალაფიტური რელიგიური პროპაგანდის კონევიერში არა მარტო ქართველი მუსულმანები, არამედ ზოგჯერ სატიტულო კონფესიის წარმომადგენლებიც ექცევიან. მაგალითად, ამას წინათ ახლო აღმოსავლეთში მოკლული რაზმის მეთაური, მეტსახელად „შიშანი“, ქართველი სამხედრო ოფიცერი აღმოჩნდა, რომელიც ისლამისტებმა თავის მხარეს გადაიბირეს. უნდა ითქვას, რომ ჯიჰადისტები ახალგაზრდების გადაბირებისათვის მიზანმიმართულ პროპაგანდას არამუსულმან ქვეყნებშიც ეწევიან და აქ საქართველო გამონაკლისი არ არის. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „ისლამური სახელმწიფოსათვის“ პანკისის ხეობა, რომელიც რუსეთთან ახლოს მდებარეობს, ძნელი არ იქნება მათი გეგმების გამოცნობა საქართველოს მიმართ.
- რა ზომების მისაღებად არის მზად აზერბაიჯანი „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს?
- აზერბაიჯანმა, ჩემი აზრით, თავისი საზღვრები მკაცრად უნდა გააკონტროლოს, რაც კეთება კიდეც. პერიოდულად ჩვენი უშიშროების ორგანოები რადიკალურად განწყობილ პირებს აპატიმრებენ ხოლმე… ასე მოხდა ამას წინათ ბარდის რაიონში, სადაც 12 მოქალაქე დააკავეს, მათ საეჭვო კავშირები ჰქონიათ ისლამურ ფონდებთან.
ამჟამად რაიმე სპეციალური ეკონომიკური, პოლიტიკური და გნებავთ, სამხედრო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობა არ დგას. საკმარისია ისიც, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს კარგი და სანდო კავშირები აქვთ თავიან კოლეგებთან მეზობელ ქვეყნებში – საქართველოში, თურქეთში, რუსეთში, ირანში…
- შეიძლება თუ არა ისე მოხდეს, რომ ამ ბანაკების გამო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის „შავმა კატამ გაირბინოს“?
- ბაქოსა და თბილისს რეგიონში ერთნაირი მიზნები აქვთ, რაც მათ აერთიანებთ. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ორი ქვეყანა ერთამანეთთან ისე არიან დაკავშირებულნი, რომ ჰიპოთეტურადადც კი ვერ დავუშვებთ პარტნიორებს შორის რაიმე გართულებას. საქართველო-აზერბაიჯანის მზარდი ურთიერთკავშირი უალტერნატოვოა. ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევით ის ძალები გაუვნებელყოფილნი იქნებიან, რომლებთაც რეგიონის დესტაბილიზება სურთ.
- როგორ აფასებს ბაქო საქართველოს დღევანდელ მთავრობას და კამპანიას, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგაა მიმართული?
- ბაქო მკაცრად იცავს პოლიტიკურ ეტიკეტს თავის მეზობლებთან ურთიერთობაში. აზერბაიჯანს საქართველოს მთავრობასთან ძალიან კარგი და სანდო ურთიერთობა აქვს. ახალი ხელისუფლება ქართველი ხალხის არჩევანია, რომელსაც აზერბაიჯანი პატივს სცემს.
რაც შეეხება საქართველოს საშინაო პრობლემებს, მათ საქართველოს ხელისუფლება თვითონ მოუვლის, ეროვნული პოლიტიკური ძალების მონაწილეობით.
აზერბაიჯანისათვის მთავარი ისაა, რომ მეზობელ სახელმწიფოებში სტაბილურობა იყოს, რომ ერთობლივი პროქტების გეგმაზომიერი რეალიზება ხდებოდეს. აზერბაიჯანული ელიტა საქართველოსადმი ყოველთვის დადებით დამოკიდებეულებას ამჟღავნებს. დღესაც ეს ტენდენცია თავის მდგრადობას ინარჩუნებს.