„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „კოალიციის ფორმატი არ შეიცვლება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: ‘ბიძინა ივანიშვილი კოალიციის საქმეებში აქტიურად არ ჩაერევა“
„რეზონანსი//მთელი კვირა”: ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნება
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ამ ვიდეოს გავრცელება ხელისუფლებას არ აწყობდა“
“ყოველკვირეული ალია”: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: ვინ იხეირა და ვინ იზარალა ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებით? ვინ იქნება შემდეგი?!!
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ვიდეო კადრების გავრცელებაზე პასუხი არასამთავრობოებმა და ჰამერბერგმა უნდა აგონ”
„რეზონანსი//მთელი კვირა”: ვის რეიტინგს ურტყამს პარასკევს გავრცელებული ფარული ჩანაწერი // “საზოგადოებას იმ ადამიანისადმი, ვისაც ეს ვიდეო გაუვრცელეს, თანაგრძნობა ეუფლება, ხოლო მათი აგრესია გამავრცელებლებისკენ მიდის”
„რეზონანსი//მთელი კვირა”: ფარული ჩანაწერის გავრცელების კიდევ ორი გაუხმაურებელი ფაქტი
„რეზონანსი//მთელი კვირა”: ინტერვიუ კახა კუკავასთან: “მსგავსი დანაშაულის ჩადენა და მისი გამოძიებაც მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია”
“ყოველკვირეული ალია”: ინტერვიუ კახა კუკავასთან: რატომ მოხდა ირაკლი ალასანიას გუნდის წვრებზე ამხელა დარტყმა?
„რეზონანსი//მთელი კვირა”: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „მინისტრების მხრიდან საინფორმაციო სააგენტოს ბოიკოტირება ფსევდომორალიზმი იყო და ამის ყურება აუტანელია“
“ყოველკვირეული ალია”: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: რა ინფორმაციას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გუნდის წევრებზე?
„კვირის პალიტრა“: “მეგის ქარდავას ჰქონდა ფარული ჩანაწერები, მათ შორის “ქართული ოცნების” ქალბატონებზე”
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: “რას აკეთებდა ხელისუფლება აქამდე?! მომხდარში იუსტიციის მინისტრმა საკუთარი პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და სხვაზე გადაბრალება სცადა”
„რეზონანსი//მთელი კვირა”: ინტერვიუ ლადო პაპავასთან: „ჩემამდეც მოვიდა ხმები, რომ აკადემიური საბჭოს ზოგიერთი წევრი ჩემი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებდა“
„რეზონანსი//მთელი კვირა”: უნდა გაუქმდეს თუ არა “ოდეერის” ინსტიტუტი?
„რეზონანსი//მთელი კვირა”: საქართველოს ხელისუფლება სეპარა-ტისტებს აფხაზეთიდან გატანილ სიძველეებს უბრუნებს?
————————-
„ახალი თაობა“, 14 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „კოალიციის ფორმატი არ შეიცვლება“
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცალ-ცალკე უნდა წარდგნენ, რათა სურათი ამომრჩეველმა დაალაგოს და არა რომელიმე ერთმა პარტიამ ან რომელიმე პიროვნების რესურსმა.
- ბატონო რამაზ, გასული კვირის ბოლოს პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. რამდენად იქონიებს ეს ფაქტი და მსგავსი ქმედებები საარჩევნო პროცესზე გავლენას?
- ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რაც მოხდა, ეს არჩევნებთან დაკავშირებული პროცესია, მაგრამ მე ეჭვი მეპარება და არ ვეთანხმები ამაში ჩემს კოლეგებს. ვინც ეს კადრები გაავრცელა, მათ უნდა იცოდნენ, რომ არჩევნებამდე 8-9 თვით ადრე ეს ვერ იმუშავებს და ელექტორატის განწყობებს ვერ შეცვლის. მსგავსი `გასროლა~ ვერცერთ პოლიტიკურ გუნდს შედეგს ვერ მოუტანს.
აქვე გავიხსენებ 2012 წლის არჩევნების წინ გამოქვეყნებულ ციხის კადრებს, რომელმაც რეალურად იმუშავა, გამოიწვია ემოციური ტალღა ადამიანში, შემდეგ უკვე ეს გადაედო საზოგადოებას და ამან თავისი შედეგი დადო. პარასკევს გავრცელებულმა კადრებმა შეიძლება ემოციური ტალღა გააჩინოს და გააჩინა კიდეც, მაგრამ არც ისე დიდი დრო გავა და ის ჩაქრება. 2-3 თვე ემოცია ვერ ძლებს. ის აინთება და ქრება. ასეთია მისი ბუნება.
- კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე რომ ვისაუბროთ, უნდა დაიშალოს თუ არა კოალიცია?
- დღეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში აღარ არის დიდი, მონსტრი კოალიციებისა და პოლიტიკური გაერთიანებების საჭიროება. ეს ეტაპი, მადლობა ღმერთს, გავიარეთ. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ დღეს კოალიციაში არის გარკვეული დაძაბულობა თუ გაურკვევლობა, ამას ვამბობ ანალიზიდან გამომდინარე. ახლა დროა, ქართული პოლიტიკა სხვა მიმართულებით წავიდეს და განვითარდეს. ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ კოალიცია დარჩეს ამ სახით.
- ასე არ ფიქრობენ კოალიციაში შემავალი სუბიექტები...
- ეს სხვა საკითხია. მე ვსაუბრობ არა იმაზე, ვის არ აწყობს და ვინ უკეთესად იქნება, არამედ იმაზე, რა უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. პოლიტიკურ ცხოვრებას უფრო ნორმალური იერი მიეცემა, თუ პარტიები თავიანთი რესურსით წარდგებიან ამომრჩევლის წინაშე.
- მაშინ ინსინუაციებიც აღარ იქნება, ვის რამდენი პროცენტი უჭერს მხარეს?
- ცხადია, ეს საკითხი მოიხსნება. ახლა დროა, პოლიტიკურმა რეიტინგებმა დაალაგოს სურათი ანუ ამომრჩეველმა და არა – ერთმა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან რომელიმე პიროვნების რესურსმა. რესპუბლიკელებმა რთული ამოცანა წამოაყენეს წინასაარჩევნოდ, რაც ორ პარტიას შორის შეთანხმებას გულისხმობს და რაც ბევრმა ვერ გაიგო. მეეჭვება, რომ უსუფაშვილის განმარტება საკმარისი იყოს. სიტუაცია შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს.
- რა შემთხვევაში?
- თუკი რესპუბლიკელები მოისურვებენ მეტ გარანტიებსა და ხელშეკრულებების გაფორმებას, მაშინ ანალოგიური ხელშეკრულებები თუ შეთანხმებები უნდა გაფორმდეს დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებთანაც. ეს კი ისეთი შრომატევადი საქმეა, რომ გვერდზე გადაიდება წინასაარჩევნო მზადება, წინასაარჩევნო სტრატეგიის განსაზღვრა და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროს კოალიცია „ქართული ოცნება“ მიიყვანს იმ ფორმატით, რითაც დღეს არის წარმოდგენილი ანუ შეინარჩუნებს არსებულ მდგომარეობას.
„ახალი თაობა“, 14 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: ‘ბიძინა ივანიშვილი კოალიციის საქმეებში აქტიურად არ ჩაერევა“
პარლამენტის წევრი და მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე “ახალ თაობას“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, რატომ აღშფოთდით რესპუბლიკელების პოზიციის გამო, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი პრემიერს ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებას?
- აღშფოთებული არ ვარ, უბრალოდ, გამიკვირდა. თუ პოლიტიკური პარტია საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მოღვაწეობს, მისი მხრიდან ამგვარი განცხადება სწორად არ მიმაჩნია. არ შეესაბამება ქართულ რეალობას, თუმცა, ერთიანი პოზიცია რესპუბლიკელებშიც არ არის.
- რესპუბლიკური პარტია ემზადება კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გასასვლელად, მაგრამ ფიქრობს, ახლა გავიდეს თუ არჩევნების შემდეგ. თქვენ ეს არ ამოიკითხეთ უსუფაშვილის განცხადებებში?
- გულწრფელად რომ გითხრათ, არავინ არაფერი იცის. მე არ ვარ „ქართული ოცნების“ ბლოკის წევრი, მაგრამ იქ ბევრი მეგობარი მყავს. ჯერჯერობით გაურკვევლობაში არიან. ამიტომ განცხადებები, რომლებიც კეთდება სხვადასხვა პარტიის მხრიდან, დაბნეულობის ბრალია. ყველაფერი გაირკვევა, ალბათ, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში, როდესაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი და დაიწყება პიარკამპანია. პიარკამპანიას ვერ დაიწყებ, თუ არ ხარ გარკვეული, ცალკე გადიხარ თუ ბლოკში ხარ. ამიტომ ნუ ვიჩქარებთ.
- დაბნეულობა იმის ბრალია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით ხმას არ იღებს და კოალიციის სუბიექტებს არ აძლევს გარანტიას, რომ ისინი კოალიციაში აუცილებლად იქნებიან?
- არა, მაგის ბრალი არ არის. ბიძინა ივანიშვილი, არა მგონია, ამ საკითხში აქტიურად ჩაერიოს. ცენტრალური პოლიტიკური ორგანიზაცია არის პარტია ქართული ოცნება~.
- ამიტომ გკითხეთ ბიძინა ივანიშვილის როლზე...
- დღეს პარტია „ქართული ოცნება“ არის სახელისუფლებო პარტია, მის გარშემო არიან შეკრებილი სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები მეტ-ნაკლები სიმრავლით. თვითონ პარტია „ქართული ოცნება“ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული. ჯერ ლიდერიც კი არ აურჩევიათ. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა პოლიტიკიდან, „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა ჩატარდეს, სადაც, ალბათ, კვირიკაშვილს აირჩევენ, მერე კი ლეგიტიმური სახე მიეცემა ყველა გადაწყვეტილებას, რომლებსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს სხვა პარტიებთან ურთიერთობაში. დღეს მომლაპარაკებელი ვინ უნდა იყოს სხვა პარტიებთან, როცა პარტიას ჯერჯერობით ლიდერი არ ჰყავს.
- გიორგი კვირიკაშვილი ლიდერი არ არის?
- არა, კანონმდებლობის მიხედვით, ყრილობის მიერ უნდა იყოს არჩეული.
- რატომ რჩება რესპუბლიკური პარტია კოალიციაში ან რატომ შეიძლება დარჩეს?
- კოალიციაში მყოფ ყველა პარტიას აქვს სურვილი, ისევ იმ შემადგენლობით გავიდნენ არჩევნებში. კოალიციაში ყოფნით უფრო იოლია შედეგის მიღწევა, ვიდრე დამოუკიდებლად. დამოუკიდებლად არჩევნებზე გასვლას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება, როგორც საფინანსო, ისე ადამიანური.
- გადახალისება მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ სჭირდება?
- თქვენ, ალბათ, კახა კალაძის განცხადებას ეხმიანებით, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკაში ახალი სახეები უნდა მოვიდნენ. ეს სხვებმაც თქვეს. კალაძე არის პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი. რა თქმა უნდა, ის აკეთებს განცხადებას საკუთარი პარტიის პერსპექტივასთან დაკავშირებით.
- გადახალისება სხვა პარტიებს არ სჭირდებათ?
- ყველა პარტიას სჭირდება გადახალისება, მათ შორის მწვანეთა პარტიასაც. მწვანეთა პარტია 1988 წელს არის შექმნილი. ბევრჯერ მოხდა გადახალისება, მაგრამ კიდევ მოითხოვს.
- გადახალისება, ალბათ, იმისთვისაც არის საჭირო, კოალიციური პარტიებიდან იგივე სახეები რომ არ აღმოჩნდნენ პარლამენტში, რომლებიც დღეს არიან…
- კოალიცია თუ შედგა, ეს მათი გადასაწყვეტია. მთავარია, „ქართული ოცნება“, როგორც ძირითადი პარტია და ორთქლმავალი, რა სახეს მიიღებს და როგორი ფორმით ჩამოყალიბდება. „ქართული ოცნება“ არის სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის, მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაცია. მას წესდებაშიც ეგ უწერია და ცოტა ხნის წინ სოციალისტურ ინტერნაციონალშიც გაწევრიანდა. ასეთი პარტიები ძალიან მცირეა. მემარჯვენე-ლიბერალური პარტიები უფრო მეტია, ვიდრე მემარჯვენე-ცენტრისტული.
- მწვანეთა პარტია როგორი მიმართულებისაა?
- მწვანეთა პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულებისაა და მთელ მსოფლიოში ისინი ერთად არიან.
———-
გიორგი გაჩეჩილაძემ ვიზალიბერალიზაციის პროცესიც შეაფასა და რუსეთის გზავნილიც, რომ შეიძლება საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. „ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია ძალიან სერიოზული მიღწევაა. სასიხარულოა, რომ ეს დაჩქარებულ ტემპებში ხდება. 2012 წლის შემდეგ დაჩქარებული ტემპით მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამის შემადგენელია ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, რომელიც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რადგან საშუალებას გვაძლევს, 500-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი მოსახლეობით დასახლებულ ევროპის ბაზრებზე ჩვენი პროდუქცია შევიდეს. ამის დაგვირგვინება არის ვიზალიბერალიზაცია. ფაქტობრივად, ყველა ის ძირითადი კონკურენტი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან, ამით ფინალში გადის. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, საქართველო მის შემადგენლობაში მიიღოს“, – ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე..
- პროცესის დაჩქარება რამ გამოიწვია?
- 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაციისაა. მსოფლიოში ყველას გაუჩნდა კითხვები ნაციონალური მოძრაობის საგარეო ორიენტირებზე. ის შედეგები, რომლებიც ნაცმოძრაობამ დატოვა, რეალურად საქართველოში რუსეთის ინტერესების გაძლიერებაა. ეს რუსული ეკონომიკის მომძლავრებას ეხება. ენერგოობიექტები რუსული სახელმწიფო კომპანიების ხელში გადაიყვანეს. ამას ემატება სამხედრო ბაზების რეანიმაცია და სხვადასხვა საკითხი, სადაც გამოიკვეთა რუსული ინტერესების გაძლიერება. ამიტომ რუსული მიმართულების პოლიტიკური ძალა ნაციონალების სახით ჩამოშორებულ იქნა საქართველოს ხელისუფლებიდან.
- როგორ ეთანადება ერთმანეთს ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება?
- ძალიან მეეჭვება, რუსეთთან სავიზო რეჟიმი მალე გაუქმდეს. თუ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება, არ იქნება ცუდი, იქ უამრავი ჩვენი თანამემამულეა, თუმცა, იმდენი აღარ, რამდენიც ადრე, რადგან რუსეთში ეკონომიკური კრიზისია. მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
- რა შეუშლის ხელს?
- მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი მაინც არ წავა საქართველოსთან რეალური დათბობის გზით. რუსეთს აშფოთებს ყველაფერი, რაც ხდება დღეს საქართველოში. ეს არის სამი დიდი გეოპოლიტიკური ძვრა _ პროექტები, რომლებიც დღეს ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში.
- კერძოდ?
- აბრეშუმის გზის პროექტი, რომელიც არის ჩინეთის, შუა აზიის, აზერბაიჯანის ტვირთების გადაზიდვის საშუალება საქართველოს გავლით დასავლეთში. ამ უზარმაზარ პროექტს ახლა მიება ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამერიკელები შემოდიან და ახორციელებენ მშენებლობას. ეს ორი უზარმაზარი გიგანტი მოთამაშე მსოფლიოში, ჩინეთი და შეერთებული შტატები, საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ თავიანთ გეოპოლიტიკურ ინტერესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაცულობა, უსაფრთხოება და განვითარების ტემპები ძალიან იზრდება. ეს ორი გიგანტი დაინტერესებული იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებითა და განვითარებით. ამას დაამატეთ მესამე გიგანტი – ევროკავშირი, რომელიც ელოდება „შაჰდენიზ-2“-ის ფუნქციონირების დაწყებას. ეს არის გაზსადენი. პარალელურად საქართველოში 16 მილიარდმა კუბურმა მეტრმა აზერბაიჯანულმა გაზმა უნდა გაიაროს და ამ გზით წავიდეს ევროკავშირში. ევროკავშირი, ჩინეთი და აშშ თავიანთი სტრატეგიული ინტერესებით საქართველოს უსაფრთხოების გარანტი უნდა გახდნენ. წარმოიდგინეთ, ამ პირობებში ჩრდილოელი მეზობელი როგორი შეშფოთებული იქნება.
- ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მოვისმინე, რომ შეიძლება ტვირთბრუნვა ისეთი არ იყოს, როგორიც სჭირდება ამხელა პორტს. ფოთისა და ბათუმის პორტები სრულიად საკმარისია არსებული ტვირთბრუნვის გადაზიდვისთვის...
- არა, ფოთსა და ბათუმს არ შეუძლიათ დიდი გემების მიღება. არადა, სულ ამ მიმართულებით ვითარდება საზღვაო გადაზიდვები. კონკურენტუნარიანი უნდა იყო, რადგან პატარა გემებით გადაზიდვა უფრო ძვირია, ვიდრე დიდი გემებით. ამიტომ ანაკლიის პორტი კეთდება დიდი გემებისათვის – ღრმა პორტი, რომელიც კონკურენტი გახდება შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ყველა დიდი პორტისა. ტვირთები როგორ არ იქნება _ ჩინეთის, შუა აზიისა და აზერბაიჯანის ტვირთები ამ გზით წამოვა.
„რეზონანსი//მთალი კვირა”, 14 მარტი, 2016 წელი
ირაკლი ოქრუაშვილის დაბრუნება
თავდაცვის ყოფილი მინისტრი გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ ინიშნება
გვანცა ღვედაშვილი
გორის საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მისი ადგილი ირაკლი ოქრუაშვილი – ქართული პარტიის” წევრმა ილია მეტრეველმა დაიკავა და მალევე თანაშემწედ ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნა გადაწყვიტა. თუმცა, ჯერჯერობით თანამდებობიდან თავისი ნებით წასვლაზე უარს ამბობს მეტრეველის ახლანდელი თანაშემწე ნათია ომაძე და გადაწყვეტილი აქვს, რომ არგუმენტის გარეშე მისი თანამდებობიდან მოხსნის შემთხვევაში თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნის გამო თანამდებობიდან კენჭისყრის საფუძველზე გადააყენეს. ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს 15- წევრიდან 8-მ დაუჭირა მხარი. მას უნდობლობა “თავისუფალი დემოკრატების”, “ნაცმოძრაობისა” და ოქრუაშვილის პარტიის წევრებმა და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გამოუცხადეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საკრებულოს წევრებს “ქართული ოცნებიდან”, ლეიბორისტული პარტიიდან და “დემოკრატიული მოძრაობიდან.”
გორის საკრებულოსა და “ქართული პარტიის” წევრი ლერი ლაფაჩი “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილისა და კახა ერგემლიძის თავმჯდომარის თანაშემწეებად დანიშვნა მხოლოდ მათი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე გადაწყდა. მისივე თქმით, ნათია ომაძეს ილია მეტრეველმა შესთავაზა ალტერნატიული სამსახური, რაზეც ომაძემ თავიდან თანხმობა განაცხადა, ხოლო მეორე დღეს – კატეგორიული უარი, რაც, ლაფაჩის აზრით, იწვევს ეჭვს, რომ იგი ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ მოექცა.
“იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი აზრით, გორში საკმაოდ მძიმე ვითარებაა და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რაღაცნაირი უმოქმედობის ხანაა, ახალ თავმჯდომარეს სჭირდებოდა ძალიან ძლიერი გუნდი. კახა ერგემლიძე იყო ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გორში და, შესაბამისად, საქმეში გარკვეული. ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე კი ისედაც მოგეხსენებათ და მეტს ვერაფერს დავამატებ. აქედან გამომდინარე, წამოვიდა იდეა, რომ შეკრულიყო ეს ჯგუფი და არსებულ პრობლემებზე ერთად ემუშავათ. ქალაქს ეს ცვლილებები ნამდვილად სჭირდება და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გუნდი ნაყოფიერად და პროდუქტიულად იმუშავებს.
ნათია ომაძესთან პიროვნული დაპირისპირება არავის აქვს. პირიქით, მე ვიცნობ და ძალიან კარგი გოგოა. უბრალოდ, ასე მოითხოვა საჭიროებამ ამ ეტაპზე, კახა ერგემლიძესა და ირაკლი ოქრუაშვილზე მეტი გამოცდილება ნამდვილად არავის აქვს. ირაკლი ოქრუაშვილს ნამდვილად არ სჭირდება ეს ხელფასი. პირიქით, გორში არის სოციალურად ერთ-ერთი ძალიან მძიმე დასახლება და მან ითხოვა, რომ მისი ხელფასი ყოველთვიურად რამდენიმე ოჯახს გადაეცეს, რათა გარკვეულწილად შეუმსუბუქდეთ არსებული მძიმე სოციალურ-მატერიალური პირობები.
ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მოჰყვება იმას, თუ ნათია სასამართლოში შეიტანს სარჩელს. ვნახოთ. მას აქვს უფლება, სამართებრივად იდავოს და რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო, ეს მისი პრეროგატივაა. მე ვფიქრობ, სასამართლომდე თუ მივიდა საქმე, ჩვენი არგუმენტაცია იმდენად დამაკმაყოფილებელი იქნება, რომ არ მგონია, ჩვენთან რაიმე კითხვის ნიშანი დარჩეს”, – გვითხრა ლერი ლაფაჩმა.
“მთელი კვირა” დაუკავშირდა ნათია ომაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში კატეგორიულად უარყო ალტერნატიულ სამსახურზე დათანხმება. მისი თქმით, ის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის გავლის შემდეგ მოხვდა, რაც მის კომპეტენტურობას ადასტურებს და შესაბამისად, თანამდებობიდან დათხოვის შემთხვევაში თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოს აუცილებლად მიმართავს.
“4 მარტს გაიმართა საკრებულოს სხდომა, სადაც თანამდებობებზე ახალი პირები აირჩიეს და მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი. 9 მარტს ბატონმა ილიამ დამიძახა თავის კაბინეტში და მითხრა, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დამეწერა, რაზეც უარი ვუთხარი. საკრებულოში ორი თანაშემწის პოზიციაა, რომელზეც მე და გიორგი აფციაური ვიყავით. ბატონმა ილიამ მითხრა, რომ ჩვენს ადგილზე უნდა დაენიშნათ ირაკლი ოქრუაშვილი და კახა ევგენიძე, რის გამოც მე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება უნდა დამეწერა. ამასთან დამპირდა, რომ ერთ კვირაში სხვა სამსახურს გამომიძებნიდა პიარის ან სხვა თანამდებობაზე. უარის შემდეგ მას აღარაფერი უთქვამს. როცა ვიფიქრე, რომ ყველაფერმა გაიარა, 11 მარტის დილას ისევ დამიძახა და მთხოვა განცხადება დამეწერა, რაზეც ისევ უარი განვაცხადე. ვთხოვე ამ საკითხზე აღარ დამლაპარაკებოდა და თუ განთავისუფლება უნდოდა, შეეძლო ბრძანების საფუძველზე გავეშვი სამსახურიდან.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ორივე შემთხევაში ჩემი და ბატონი ილიას საუბარი იყო ძალიან მშვიდი და არ შეიცავდა არანაირ მუქარას ან მსგავს ქმედებას. მეორე დღეს, საღამოს საინფორმაციო საშუალებებში ვნახე ბატონი ილიას განცხადება, რომ ჩემი და გოცირიძის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებს და ჩვენს ადგილას ოქრუაშვილსა და ევგენიძეს დანიშნავდა. შესაბამისად, ველოდებოდი, რომ დღის ბოლოს განთავისუფლების შესახებ ბრძანება მომივიდოდა, თუმცა, როგორც აღმოვაჩინე, მსგავსი ბრძანება რეესტრში გატარებული არ არის და მე ისევ თანამშრომელი ვარ”, – გვითხრა ნათია ომაძემ.
გორის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე “მთელ კვირასთან” პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკრებულოში მეტრეველი საკუთარი პარტიის წევრების შემოკრებას ცდილობს, რაც ალბათ იმის მანიშნებელია, რომ გორში მიმდინარე მოვლენებზე მთელ პასუხისმგებლობასა და კონტროლს “ქართული პარტია” აიღებს.
“ვინაიდან გორის საკრებულოს თავმჯდომარე ოქრუაშვილის პარტიის წარმომადგენელია ალბათ, გადაწყვიტა, გარშემო თავისი პარტიის წევრები ჰყავდეს. რაც ალბათ იმას გულისხმობს, რომ ოქრუაშვილის პარტია ამ რეგიონში უფრო დიდ ძალაუფლებას მიიღებს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ასეთი არგუმენტიც ითქვა, რომ ამ ხელისუფლებაში არაფორმალურ მმართველობას უჩივიან, ამიტომ გადაწყვიტეს გააფორმალურონ, ანუ მმართველობებთან პასუხისმგებლობა აიღონ. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთი ექსპერიმენტი დადებით შედეგს გამოიღებს.
სავარაუდოა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას მთელი სიგრძე-სიგანით ეს გუნდი აიღებს. ასეთი საკადრო პოლიტიკის მიზეზი პარტიის გუნდურობა გახდა. დროთა განმავლობაში იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მივხვდებით, თუ რა მიმართებაში იქნება ეს გუნდი ხელისუფლებასთან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი არ იქნებიან მკვეთრად ოპოზიციური, ანუ ხელისუფლებასთან ჩასაფრებული პოზიცია არ ექნებათ. ვფიქრობ, არ ეცდებიან, ხელისუფლება დაამარცხონ იმ რეგიონში. იმედი ვიქონიოთ, რომ რადგან ასე ღიად მოხდა ეს საკადრო ცვლილება, იმ მიმართულებით და სტანდარტებით წავა, როგორც ევროპულ პრაქტიკაშია და პარტიების განსხვავება მათ საქმიანობაზე არ აისახება”, – განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენას, მისი თქმით, რამდენად აქტიური იქნება ოქრუაშვილის პოლიტიკური ცხოვრება, ამას დრო გვიჩვენებს. იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გამოჩნდნენ ზოგად პოლიტიკურ სპექტრში, მის პარტიას ნამდვილად ექნება. თუმცა, წინასაარჩევნოდ რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისთვის დრო ძალიან ცოტაა, თანაც არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება. ამიტომ რამაზ საყვარელიძისთვის საეჭვოა, რომ ეს ნაბიჯი არჩევნებისთვის მისი პოლიტიკური ძალის გამზადებისკენ იყოს გადადგმული. როგორც ამბობს, ეს უფრო გორის რეგიონის ხელმძღვანელობისკენაა მიმართული.
„ახალი თაობა“, 14 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ამ ვიდეოს გავრცელება ხელისუფლებას არ აწყობდა“
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე „ახალ თაობას“ ესაუბრა.
- ბატონო მამუკა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი თითს ხელისუფლებისკენ იშვერს, რომ სწორედ ის არის ამ ვიდეომასალის გავრცელების ავტორი. როგორია თქვენი შეფასებები? შედის ეს ხელისუფლების ინტერესში?
- ასეთი კონსოლიდირებული თითის გაშვერა ხელისუფლებისკენ ეჭვს აღმიძრავს, რომ ეს თემაც, როგორც ყველა სხვა, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არის გამოყენებული.
- ანუ მიზანმიმართული პროცესია?
- რასაკვირველია. თვითონ აქვთ ხოლმე ფრაზა, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ნურავის დავაბრალებთ დანაშაულს. როგორც წესი, ამ მიდგომას თავიანთი საჭიროების მიხედვით არღვევენ ხოლმე. ვინ იცის, რომ ეს ხელისუფლებამ გამოიყენა?! მოდით, დავსვათ კითხვა _ ვის აწყობს ამ კადრების გამომზეურება?!
- ვის აწყობს?
- ხელისუფლებას რაში უნდა აწყობდეს? ჯერ ერთი, ის ადამიანი, რომელიც ამ კადრებზეა გამოსახული, აღარ არის ხელისუფლებაში, არც აქტიურად ფიგურირებს ოპოზიციურ ველზე ანუ ამ პირის დისკრედიტაციისთვის ეს აღარ გამოდგება. არც არის მიზანი, რომ ამ ადამიანის დისკრედიტაცია მოხდეს. ამით რას მიიღებდა ხელისუფლება? ასეთი სკანდალი ხელისუფლების წისქვილზე არ ასხამს წყალს. ამით ხელისუფლების დისკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს ხოლმე. იმდენად ალოგიკურია ზოგიერთი არასამთავრობოსა და ოპოზიციური პარტიის დასკვნა, რომ მე სერიოზული ეჭვი მიჩნდება.
- რის თაობაზე?
- ან თვითონ ხელოვნურად იყენებენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ან სწორედ რომელიმე ოპოზიციური ძალის მიერ არის განხორციელებული მიზანმიმართულად ზუსტად ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით.
- რა მოხდა, რეალურად არ განადგურდა კადრები თუ არსებობს ამ კადრების ასლები, რომლებიც ვერ ამოიღეს?
- როდესაც მიდიოდა საუბარი, რომ კადრები განადგურდა, მე და ის ადამიანები, ვინც ამ საქმეში კარგად ვიყავით ჩახედული, მაშინვე ვამბობდით, რომ კადრების განადგურება მთლიანად შეუძლებელი იყო. შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთლიანად გაანადგურეს ის კადრები, რომლებიც მათ ხელში აღმოჩნდა, მაგრამ არსებობდა ამ კადრების დუბლიკატები.
- ამის შესახებ ფლობთ ინფორმაციას?
- სულ მცირე, რაც მე პირადად ინფორმირებული ვიყავი, ეს კადრები იყო კიდევ ორ ქალაქში, თბილისის გარდა.
- რომელ ქალაქებში?
- ბრიუსელსა და სოჭში, თან მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ამ კადრების მეშვეობით, ამ ქალაქებიდან ცდილობდნენ ხელისუფლებასთან ვაჭრობას. ორივე იყო წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი.
- ვის გულისხმობთ? შეგიძლიათ დააკონკრეტოთ?
- ამ ეტაპზე გვარების დასახელებისაგან თავს შევიკავებ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ასე იყო.
- შემდეგ რა მოხდა?
- არ გამოუვიდათ ხელისუფლებასთან ეს ვაჭრობა. ამიტომ მე თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ კადრების ასლები არსებობდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს კადრები თბილისშიც აქვს ვიღაც-ვიღაცებს. ვერავინ დამაჯერებს, რომ იმდენად პატიოსნები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის დროს კუდის მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ კადრების ორგანიზებას ახდენდნენ, რომ გადაიღეს და ასლები ჯიბეში არ ჩაიდეს.
- გამოდის, რომ ამ კადრებს ვერასოდეს ამოიღებენ?
- რასაკვირველია, ეს ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია შემდეგი: ისეთი ქმედებების ჩატარება, რომ მეორედ არავის გაუჩნდეს სურვილი, ასეთი კადრები გამოაქვეყნოს. თუმცა ამის გაკეთებაც ძალიან რთული იქნება. წლების განმავლობაში ეს კადრები იქნება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე დამოკლეს მახვილივით დაკიდებული. ეს კადრები არა მხოლოდ პოლიტიკოსებს ეხებათ. აქ სხვებიც არიან: ჟურნალისტები, საზოგადოების გამოჩენილი ადამიანები და რა ვიცი, უამრავი ადამიანი.
- იმის თქმა გინდათ, რომ ვიღაცა ყოველთვის ივაჭრებს ამით?
- ყოველთვის ივაჭრებს! აუცილებლად ივაჭრებს! ამიტომ საჭიროა იმ ადამიანებზე გასვლა, ვინც ამას უკეთებდა თავის დროზე ორგანიზებას. მე ვგულისხმობ მაშინდელ კუდის ხელმძღვანელებს და ვინც ამის შენახვას უკეთებდა ორგანიზებას, ყველა ეს ადამიანი უნდა იყოს სახელითა და გვარით ცნობილი, ასევე უნდა იყოს ნათქვამი, რომ თუ კიდევ მომავალში რამე გამოქვეყნდება, იცოდეთ, რომ ამ ადამიანების მიერ არის ეს გაკეთებული.
- ხომ არ ჯობდა, ხელისუფლებას თავიდანვე დაესახელებინა ეს სახელები და გვარები და რაიმე ზომები მიეღო ამის აღსაკვეთად?
- სწორედ ეს მაქვს მთავარი სასაყვედურო ხელისუფლების მიმართ, როდესაც ვამბობდით, რომ არ მოხდეს კოჰაბიტაცია, არ მოხდეს ამ ადამიანების პორტირება ახალ ხელისუფლებაში, გაუშვით ესენი რიგებიდან, დასაჯეთ ეს ხალხი, არა, მათთან მოხდა კოჰაბიტაცია. ზოგიერთ მათგანზე მე პირადად მეუბნებოდნენ, რა ვქნათ, სიტუაციას ფლობს ამა თუ იმ რეგიონში და უნდა გამოვიყენოთ ეს ხალხიო.
- მაგალითად, ვისზე?
- თუნდაც ერთ გვარს დაგისახელებთ, მაგალითად, ლილუაშვილი. არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, ახლა მივიღეთ ეს შედეგი. დღეს საზოგადოება იძულებულია, შეშფოთებული იყოს ამ ფაქტის გამო, რომელიც ორი დღის წინ მოხდა და მთელი ყურადღება გადატანილი იყოს ამაზე, როდესაც უამრავი სერიოზული პრობლემა დგას ქვეყნის წინაშე.
- რამდენად აქტიურად ვაჭრობდა წინა ხელისუფლება ახალთან ამ კადრებით და რამდენად გამოსდიოდათ ეს?
- მე ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით. 1 ოქტომბერს დამთავრდა არჩევნები, 3 თუ 4 ოქტომბერი იყო, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, კუდის მაღალჩინოსანი როგორ იდგა მეორე სართულზე, „ქართული ოცნების“ ოფისში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კართან და იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი დიდი პაკეტი, რომელშიც, არ გამოვრიცხავ, რომ სავაჭრო მასალა ჰქონდა. ის უკვე მოსული იყო იმისთვის, რომ ვაჭრობა დაეწყო.
- დღესაც უშიშროებაშია?
- დღეს აღარ არის უშიშროების რიგებში, მაგრამ სულ ფიგურირებს მაშინ, როდესაც ვიღაცას დასჭირდება ამა თუ იმ რეგიონში რაღაც პრობლემის მოგვარება. ამ ადამიანებს ჰყავდათ არა მხოლოდ აგენტურა რეგიონებში, არამედ დაშანტაჟებული ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ნებაზე ატრიალებდნენ და დღესაც ატრიალებენ. ვინ რამდენი ხანი ვაჭრობდა, არ ვიცი, მაგრამ, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, იმას გეუბნებით. ასევე იმ ორი ქალაქიდან შემოთვლილი ინფორმაციის თაობაზეც გითხარით. დათა ახალაიაც რომ კაცს აგზავნიდა თბილისში ამ თემაზე, ესეც ვიცი. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ირიბი ინფორმაციაა, რადგან ამასთან შეხება არ მქონია. რაც ჩემი თვალით ვნახე, ის გითხარით.
- წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ხელს ადებენ ბიძინა ივანიშვილს...
- ეს ღიად განაცხადა ნიკა გვარამიამ. მას ქართველი ხალხი დებილების ხროვა ჰგონია! მას რა მორალური უფლება აქვს, რომ ამ თემებზე ილაპარაკოს. თვითონ ყველაზე კარგად იცის, როგორ იწერებოდა და იქმნებოდა ეს კადრები. რა ალაპარაკებს?! მაგრამ მიზანმიმართულად არის ეს განცხადება გაკეთებული. ირაკლი ალასანია კი გამოდის და ამბობს, რომ ეს ყველაფერი პრემიერისა და უშიშროების მინისტრის მიღმა მოხდა. ირაკლი ალასანიას უფრო მეტად ვცემ პატივს და კითხვას ვუსვამ _ კი მაგრამ, რაში უნდა აწყობდეს ამის გაკეთება? ამას შედეგი რა აქვს? მესმის, რომ ეს ალასანიაზე ყოფილიყო გაკეთებული. ის მძიმეწონიანი ოპოზიციონერი ფიგურაა. ახლა თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ კადრების დემონსტრირებით ირაკლი ალასანიას რაღაც ჩრდილი მიადგება, ცდება. უნდა იცნობდე საკუთარი ხალხის ფსიქოლოგიას, რომ იცოდე, რა შედეგი მოჰყვება ამას.
“ყოველკვირეული ალია”, 14 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: ვინ იხეირა და ვინ იზარალა ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებით? ვინ იქნება შემდეგი?!!
ნინო სამხარაძე
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში გაწევრიანდა, ფარული ჩანაწერის სკანდალზე, რომელიც მისი პარტიის ქალბატონ წევრს ეხება, „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ყველაზე ბოროტ არსებაშიც კი ადამიანს გააღვიძებს:
„კარგა ხანს ვიჭოჭმანე, სანამ ამას გამოვაქვეყნებდი. გოეთე ამბობდა: ამქვეყნად არ არსებობს ცოდვა, რომელსაც მე ვერ ჩავიდენდიო. ყოველ ჩვენგანს აქვს მეორე, ფარული ცხოვრება, რომლისაც რცხვენია, რომელსაც თვალს არიდებს, ან კიდევ რაღაც გამართლებებით მოსავს და ცდილობს, ნორმად შესთავაზოს სხვებს. ახლა წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც ვინმემ ჩვენი მთელი ეს საიდუმლო ცხოვრება წინ რომ დაგვიდოს, ჰოდა, დაგვიდებენ… ამას მოჰყვება ნიშნისმოგებით ყიჟინი, რათა ვიღაცამ ასე დაივიწყოს საკუთარი სიბნელე და ვინძლო ღმერთსაც მოაწონოს თავი. აქ მთავრდება ჩვენი ქრისტიანობა და იწყება ბარბაროსობა. მტერსაც ის უნდა, ჩვენში ქრისტიანად წოდებული ბარბაროსები გააღვიძოს. თუ მეტი არ შეგვიძლია, თავი მაინც დავანებოთ იმ ადამიანს და ვაცალოთ, თავად გაერკვეს თავის ფიქრებში. დღეს საქართველოში ასე მძიმე დღეში თითქმის არავინ მეგულება, სხვა საქმეა, ვისურვებთ თუ არა მის პოლიტიკოსობას. უადგილოც არის ამაზე საუბარი. ახლა მის ადამიანურ ბედზეა ლაპარაკი და არა, პოლიტიკურ ბედზე, არც ეს გახლავთ პოლიტიკური განცხადება. ნამდვილად არა ვარ იმდენად „პოლიტიკოსი“, რომ ახლა, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, უბრალოდ, არავის გვინდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც თვალს გვადევნებენ, ჩუმად გვიღებენ, რათა ეს შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, სადაც ასე შეიძლება ადამიანი გაიმეტონ. იმათ მივმართავ, ვის ხელშიც მსგავსი მასალაა, მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან, ან ვისი მითითებით მოქმედებენ, მათ ხელში ბოროტი იარაღია და თავისი ნებით უნდათ გაანადგურონ, თუ სურთ, რომ ადამიანური სახე შეინარჩუნონ. ის, რაც ამ კადრებშია, კიდევ შეიძლება აიხსნას სიყვარულით, გატაცებით და ა.შ. მათ კი, არავითარი გამართლება არა აქვთ და გამავრცელებლები ყველაზე ცუდი ადამიანები არიან ვინც კი მინახავს და ან გამიგონია.
ცოდვილს მონანიებით ეშველება, ამათ, არაფერი. მათ სიცოცხლეშივე შეუძლიათ ზნეობის სახელით ადამიანს ჯოჯოხეთი მოუწყონ და მთელი ქვეყნის წინაშე, მარტო დატოვონ. უნდა მაპატიოთ ეს განცხადება, მესამე დღეა, გონს ვერ მოვსულვარ…“.
ფაქტობრივად, ასეთ მდგომარეობაშია საქართველოს მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი, უცნაური დამთხვევაა, ფარესაშვილის სკანდალი აღდგომის ღამეს გაავრცელეს სოციალურ ქსელში. ალასანიას პარტიის წევრის ფარული კადრებიც შენდობის კვირაში ატვირთეს, აღდგომის მძიმე მარხვის დასაწყისში. რა ხდება ჩვენს თავს, სატანამ იმძლავრა?! რატომ, ღმერთს განვუდექით?!. არ მეგულება ქვეყანა, სადაც ადამიანებს ასეთი სისასტიკისთვის იმეტებდნენ. ასე უმოწყალოდ ჩაქოლო ადამიანის სიცოცხლე და მერე უთხრა, – წამოდექი და ამ დამღით იარეო, ეს გაუგონარი სისასტიკეა… ასეც გაივლის, მაგრამ, ვინ იქნება შემდეგი?.. ვის გააუბედურებს კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფი, ვის ხელშიც ასეთი ბინძური იარაღია. იარაღი, რომელიც გამიზნულია, სახელმწიფოებრიობის მოსაშლელად და ადამიანების გასაწირად.
მამუკა არეშიძე ჩვენს კითხვაზე, რა პოლიტიკური ახსნა აქვს ამ ყველაფერს, რა არის ამ ბოროტების საბოლოო მიზანი? - აცხადებს:
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაც მუდმივად ცდილობს, შეინარჩუნოს დუღილის მაღალი ტემპერატურა, მუდმივი სკანდალის მოწყობის გზით. როცა ასეთი რამ ხდება და სოციალურ ქსელში იტვირთება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ისმება კითხვა, – ამის გაკეთება ვის აწყობდა?.. ოპონენტებმა ვერ მოიყვანეს ვერც ერთი ისეთი არგუმენტი, რომელიც დამარწმუნებდა, რომ ამ კადრების გავრცელება ხელისუფლებას აწყობდა. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება თავის მართლებისა და სკანდალების გარჩევის რეჟიმში ცხოვრობს. ნამდვილად არ სჭირდება ხელისუფლებას დამატებითი სკანდალი, თან ისეთი პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ, რომელიც განსაკუთრებულ ამინდს არ ქმნის ოპოზიციაში. ეს არ იყო გამიზნული კონკრეტული პერსონის წინააღმდეგ, არამედ ეს იყო სიტუაციის დასაძაბავად გამიზნული აქტი. მაგალითად, მე ვერ ვხედავ არგუმენტს, რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა ამის გაკეთება ხელისუფლებას, სამაგიეროდ, ვხედავ იმას, რაში შეიძლება დასჭირვებოდა ოპოზიციას.
ზუსტად იმიტომ, რომ თითი გაეშვირა ხელისუფლებისკენ და ეთქვა, რომ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების გაკეთებული. რაც მოხდა, ეს ამბავი რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველი, მიზანი ემსახურება იმას, რომ ამ ვიდეოების შემქმნელის კვალი დაიფაროს და ლაპარაკი იყოს არა ამ ვიდეოების შემქმნელებზე, არამედ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ფარული ჩანაწერები გამოიყენა ოპოზიციის წინააღმდეგ დისკრედიტაციისთვის. მეორე, ეს ფარული ჩანაწერი ორიენტირებული არ არის ქართველ საზოგადოებაზე, ძირითადად ეს ორიენტირებულია დასავლეთზე.
ცოტა ხანში დასავლური პოლიტიკური ელიტისგან ჩვენ მოვისმენთ ასეთ ჩამოყალიბებულ აზრს, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას. ეს ფრაზა აუცილებლად იქნება ანტისახელისუფლებო ბაირაღზე გაკრული. დასავლეთში იმაზე კი არ იქნება ლაპარაკი, როდის და ვის მიერ არის ეს კადრები გადაღებული, ასევე იკითხავენ, კი მაგრამ, ეს კადრები ხომ განადგურდა, ჩვენ ასე ვიცით, საიდან და როგორ მოხვდა?.. ამ კადრების განადგურება იყო შეცდომა. როცა ხდებოდა კადრების განადგურება, ხელისუფლებას უნდა ეთქვა, რომ ამ კადრების მთლიანად განადგურება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან არსებობდა დუბლიკატები.
მე თქვენთან ინტერვიუში ერთხელ ვთქვი, რომ, ჩემი ინფორმაციით, არსებობდა სულ მცირე ორი ქალაქი – ბრიუსელი და სოჭი, სადაც არიან ადამიანები, ვისაც ეს კადრები აქვთ ცნობილ ქართველებზე, როგორც პოლიტიკოსებზე, ასევე ჟურნალისტებზე. კონკრეტული პიროვნებები მაშინაც დავასახელე და ახლაც შეგახსენებთ, რომ ესენი არიან მეგის ქარდავა და „მასტერა“. პოლიტიკურ წრეებში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს ორი ადამიანი ამ კომპრომატებით ცდილობდა ხელისუფლებასთან ვაჭრობას. ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის იყო, რომ შექმნა კოაბიტაციის რეჟიმი ასეთი ტიპის ადამიანებთან, კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებთან, ზოგიერთი მათგანი დღესაც კი ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან და ეს ის ადამიანები არიან, ვინც თავის დროზე ეს კადრები შექმნა, ვინც ამას ორგანიზება გაუკეთა და დღეს ძალიან მაღალი ხარისხით, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის კადრები თითო ეგზემპლარი არ იყო, რასაკვირველია, მას დუბლიკატები ჰქონდა. ჩვენი უბედურება ის არის, რომ ამ კადრებით მანიპულირება ქართველი საზოგადოებისა და ქართული პოლიტიკური სპექტრის, წლების განმავლობაში გაგრძელდება, როგორც არ უნდა შეიცვალოს ხელისუფლებები. ვიდრე ამ კადრებში გამოსახული ადამიანები იქნებიან პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურები, მუდმივად იქნება ამ კადრების აქეთ-იქით ფრიალი.
ეს არის „ნაცმოძრაობის» ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომლებიც დღეს ცდილობენ საკუთარი დანაშაულის გადაფარვას და თითის გაშვერას ხელისუფლებისკენ. ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებდა წლების მანძილზე.
ამ ხელისუფლებას საკრიტიკო და სალანძღავი იმდენი აქვს, რომ თქვენი გაზეთის ფურცლები ამას ვერ დაიტევს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან, ისინი კავშირში არ არიან. როცა ამ კადრების შემქმნელები და გამავრცელებლები ხელს იშვერენ ხელისუფლებისკენ, სად არის სამართალი? თუნდაც, ნიკა გვარამია. კაცმა შექმნა ამაზრზენი ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, დღეს გამოდის და მორალის გვიკითხავს, თითს მაინცდამაინც ივანიშვილისკენ იშვერს. ივანიშვილს თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ ეს ის მდგომარეობა არ არის, როცა ნიკა გვარამიას შეუძლია, ხელი ივანიშვილისკენ გაიშვიროს. რაში უნდა დასჭირვებოდა ივანიშვილს ამ ჩანაწერის გავრცელება? ეს არის გამორიცხული, როგორ შეიძლება საკუთარი ხელით ხარაკირი ჩაიტარო და ხელისუფლებას საფრთხე შეუქმნა. ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ ლიდერებს აქცენტი გადააქვთ არა ამ უსასტიკეს დამნაშავეებზე, რომლებმაც ფირები ჩაწერეს, არამედ მათზე, ვინც გაავრცელეს. ეს საქმე თავიდან ბოლომდე უნდა გამოიძიოს ხელისუფლებამ, უნდა გავიდეს მათ კვალზე, ვინც ფარულ ჩანაწერებს სისტემური ხასიათი მისცა და ვისი ხელმძღვანელობითაც ეს კეთდებოდა.
ვინც ასეთი ტიპის კადრების შექმნაში მონაწილეობდა, ყველას გვარ-სახელები უნდა გამოვლინდეს, ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი და თითოეული მათგანის სახელი და გვარი უნდა იყოს ცნობილი. არ შეიძლება ასეთ ადამიანებზე ხელის დაფარება და ზოგიერთი მათგანის გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვის. როცა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ვესაუბრები და ვეკითხები, რატომ იყენებენ ამ ადამიანებს, მპასუხობენ, რომ ამ მიმართულებაში ფლობენ სიტუაციას, მათ დანაშაული მოინანიეს, გვჭირდება და ვიყენებთო. ასე არ ხდება. ადამიანს, რომელსაც ასეთი სიბინძურე აქვს ჩადენილი, ის გამოუსწორებელია და თავის დანაშაულს არასდროს მოინანიებს. დამნაშავეთა გამოვლენა იქნება ერთ-ერთი პრევენცია, მაგრამ ვერც ერთი ხელისუფლება დაზღვეული ვერ იქნება, ეს კადრები შეაჩეროს.
- თქვენ მნიშვნელოვან ფაქტორზე გაამახვილეთ ყურადღება, რომ ეს სკანდალური ფირები გათვლილია დასავლეთისთვის, რათა დაარწმუნონ, რომ ოპოზიციაზე ხელისუფლება შეტევას ახორციელებს და ისინი პოლიტიკურად იდევნებიან. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ისინი საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს?
- პრემიერ-მინისტრის ადგილას რომ ვიყო, აუცილებლად შევყრიდი დიპლომატიურ კორპუსს და მოვახდენდი ამის დეზავუირებას. ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილია, რომ არა მხოლოდ ქართველ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზეა მსგავსი კადრები, არამედ ზოგიერთი ნაწილი დიპლომატიურ კორპუსზეც არის გადაღებული. პრემიერის ადგილას მათ ვეტყოდი, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს ჩაწერილი აქვთ თქვენს კოლეგებზე ფარული კადრები. დავუკონკრეტებდი დეტალებს, კონტრშეტევაა საჭირო, არ შეიძლება ხელისუფლება მუდმივად იყოს თავის მართლების რეჟიმში, ეს არის დამამცირებელი. სხვათა შორის, „ნაცმოძრაობა“ თავისი ხალხის წინაშე თავს არასდროს იმართლებდა, ის თავს მხოლოდ დასავლური პოლიტიკური ელიტის წინაშე იმყოფებოდა თავის მართლების რეჟიმში და ისიც, ფარულად, ხოლო ქართველი საზოგადოების წინაშე „ნაცმოძრაობა» იყო მუქარის რეჟიმში, ამას თავისი შედეგი მოჰყვებოდა, სხვათა შორის, და ითვლებოდა, რომ ეს იყო ძლიერი ხელისუფლება. ხოლო დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც მუდმივად თავს იმართლებს, ის აღიქმება, როგორც სუსტი ხელისუფლება. ამის დაშვება კი არ შეიძლება. თუ ხელისუფლებამ თავის მართლების რეჟიმში მუშაობა გააგრძელა, მაშინ დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა შემცირდება. მართალია, ახალი პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში მოსვლას ნაკლებად ვვარაუდობ, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციური ძალის მიმართ მხარდაჭერა მკვეთრად გაიზრდება, მათ შორის როგორც ირაკლი ალასანიას პარტიის მიმართ, ასევე „ნაციონალების“ მიმართაც.
- „ნაცმოძრაობა“ რომ ვეღარ მოვა ხელისუფლებაში, ეს თავადაც კარგად იციან. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილი, „ნაციონალებმა“ ტორპედოდ გამოიყენონ ირაკლი ალასანიას პარტია, მოახდინონ მისი წევრების დისკრედიტაცია, შეუქმნან დაჩაგრულის იმიჯი, თითქოს ხელისუფლება პროდასავლურ პარტიას ჩაგრავს, აშანტაჟებს, მის ლიდერებს თავს ესხმის, აშანტაჟებს და პოლიტიკურად უსწორდება. თითქოს, პოლიტიკურ ველზე დაპირისპირებულია პროდასავლური ოპოზიცია და პრორუსული ხელისუფლება. ეს აჩენს დიდ შანსს, მოხდეს კოალიციური გაერთიანება პროდასავლური ძალების და დასავლეთის ხელშეწყობით ისინი აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში?
- ეს ყველაფერი შესაძლებელია, ეს ჩანაწერი რომ ოპოზიციას აწყობდა, ფაქტია, ის ცდილობს ხელისუფლების შესუსტებას და დასავლელი პარტნიორებისთვის დაჩაგრულების წარმოდგენას. ვინც ეს ჩაიდინა, არ არის გამორიცხული მას აწყობდეს როგორც ქვეყნის, ისე, ხელისუფლების დასუსტება და იყოს მართული როგორც დასავლეთიდან, ისე ჩრდილოეთიდან, მაგრამ რასაც ახლა თქვენ ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია ამ სკანდალების ფონზე მოხდეს პროდასავლური ბლოკის ჩამოყალიბება არჩევნების წინ, არის ლოგიკა და გეთანხმებით, შესაძლებელია ასეც მოხდეს… არ ვიცი, სპეციალურად გაკეთდა თუ უბრალოდ, დამთხვევაა, ირაკლი ალასანიას პარტიის ერთი წევრი სასიკვდილოდ გაიმეტეს, ხოლო მეორეს დისკრედიტაცია მოახდინეს და ცოცხლად დამარხეს. ახლა ძალიან სერიოზული ხელმოსაჭიდი აქვს ირაკლი ალასანიას, მას შეუძლია, ხმამაღლა ილაპარაკოს, პრაქტიკულად, გამოდის, რომ პარტიას უნადგურებენ. საქმეში ჩაუხედავი უცხოეთში მცხოვრები ადამიანის თვალში, ეს ასე მოჩანს. ამ თვალსაზრისით ალასანიას მდგომარეობა კი არ დასუსტდა, გაძლიერდა. გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ადამიანებს დაჩაგრული ეცოდებათ და მათ მხარდაჭერას უცხადებენ, ამის გამოყენებასაც ვიღაც შეეცდება დასავლეთში…
„ახალი თაობა“, 14 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „ვიდეო კადრების გავრცელებაზე პასუხი არასამთავრობოებმა და ჰამერბერგმა უნდა აგონ”
11 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ოპოზიცია ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს, ხელისუფლება ყველაფერში ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს.
უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე კი პრეტენზიებს არასამთავრობოებსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელ თომას ჰამერბერგს უყენებს. მისი მტკიცებით, რამდენიმე წლის წინ სწორედ მათ არ მისცეს „ქართულ ოცნებას“ გამოძ|იების ჩატარების უფლება. კადრების გავრცელებაში იგი „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ამით ყოფილმა ხელისუფლებამ კონკრეტულ პარტიაზე შური იძია.
„მე არ დავასახელებ იმ ადამიანს, რომელზეც ეს კადრები გავრცელდა, მაგრამ ის იმ პარტიას წარმოადგენს, რომელიც სააკაშვილმა თავისი მიზნებისთვის ვერ გამოიყენა. ამ პარტიამ ღიად თქვა, რომ მხარს დაუჭერს კონსტიტუციაში ქორწინებასთან დაკავშირებული ჩანაწერის გაკეთებას. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებას აპირებდნენ. ამ ბინძური კადრების გავრცელებით ნაციონალებმა შური იძიეს“, – აღნიშნავს ნიკოლოზ მჟავანაძე. მისი მტკიცებით, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხელისუფლებას ასეთი რამის გაკეთება არაფერში აწყობდა.
„ეს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელისუფლებას ეს ფირები არ აქვს. 2013 წლის ზაფხულში საჯაროდ მოხდა მათი განადგურება. ყველამ ვიცით, რომ ამ ფაილების ასლები საქართველოდან გაქცეული ნაციონალების ხელშია, რომლებიც როდის რას გამოაგდებენ, კაცმა არ იცის. ეს ყველაფერი ნაციონალების ნახელავი რომ არის, ამაზე ბევრი რამ მეტყველებს. მაგალითად, ინტერნეტში ეს ფირები 2-3 წუთის დადებული იყო, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრები გამოვარდნენ და ერთი ამბავი ატეხეს. ყველაზე მეტად ნიკა გვარამია ყვიროდა, რომელიც წლების განმავლობაში თავად მონაწილეობდა ასეთი სიბინძურეების გადაღებაში“, – აცხადებს უფლებადამცველი.
„ახალ თაობასთან” საუბარში ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ ასეთი კადრები მომავალშიც შეიძლება გავრცელდეს. მისი მტკიცებით, ამის აღკვეთა საქართველოს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება: „არცერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ ძალუძს, აღკვეთოს ამა თუ იმ კადრების გავრცელება ინტერნეტში. ავიღოთ თუნდაც ისლამური სახელმწიფო, რომელიც ინტერნეტში ათავსებს ტყვეების სიკვდილით დასჯის კადრებს. მთელი ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობენ, ამ კადრების გავრცელებაში ხელი შეუშალონ, მაგრამ არაფერი გამოსდით. კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია სისტემა, რომელიც ინტერნეტში ვინმეს კადრების ატვირთვაში შეუშლის ხელს“.
უფლებადამცველის განმარტებით, საქმე სხვაგვარად იქნებოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლებისთვის ხელი რომ არ შეეშალათ. „როდესაც ნივთმტკიცებები განადგურებულია, იქ საქმის გამოძიება შეუძლებელია. კარგად მახსოვს, არასამთავრობოები როგორ ითხოვდნენ ფარული ჩანაწერების განადგურებას. განსაკუთრებული აქტიურობით ყველაფრის ექსპერტი ზვიად ქორიძე გამოირჩეოდა. აქტიურობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ხელისუფლება იძულებული გახდა, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაენადგურებინა, – ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.
იგი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თომას ჰამერბერგს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ისინი არა მარტო გავრცელებულ კადრებზე აგებენ პასუხს, არამედ იმაზეც, რაც მომავალში მოხდება. „მას შემდეგ, რაც ამ ფირების არსებობის შესახებ გახდა ცნობილი, მათ განადგურება-არგანადგურებაზე დაიწყო დავა. ერთადერთი, ვინც ამას ვეწინააღმდეგებოდით, ვიყავით მე და კახა კახიშვილი. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურების წინააღმდეგი იყო იმჟამინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ფირების განადგურება მოითხოვა საქართველოში ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამერბერგმაც. ამბობდნენ, ეს კადრები უკანონოდ არის მოპოვებული და მათზე არ შეიძლება, გამოძიება დაიწყოსო“, – იხსენებს სამი წლის წინანდელ ამბავს უფლებადამცველი.
მისი თქმით, დასავლეთისა და ადგილობრივი არასამთავრობოების ზეწოლის შედეგად პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯაროდ გაანადგურეს. განადგურებას მხოლოდ წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ფირები გადაურჩა. მათზე სათანადო სტრუქტურებმა გამოძიება დაიწყეს.
ნიკოლოზ მჟავანაძე თავადაც ადასტურებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კანონდარღვევით იქნა მოპოვებული. ამის მიუხედავად, დღემდე ამტკიცებს, რომ მათი განადგურება დაუშვებელი იყო.
აი, რა არგუმენტები აქვს უფლებადამცველს: „პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული, მაგრამ ეს მასალა წარმოადგენდა ნივთიერ მტკიცებულებას. ამ კადრების მოპოვებაში მთელი სისტემა იყო ჩართული. ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვერკვია, რა მიზნებით ხდებოდა თვალთვალი. ახლა უკვე განადგურებული ნივთმტკიცებებიდან შეიძლებოდა კონკრეტული სასტუმროების იდენტიფიცირება. დაიკითხებოდა იქაური პერსონალი და დადგინდებოდა იმ პირთა წრე, რომლებიც ფარულ თვალთვალს ახორციელებდნენ. აქედან გამომდინარე, დადგინდებოდა მიზანი, თუ რატომ მიდიოდა თვალთვალი. ოპონენტების გარდა, ნაციონალებს საკუთარი თანაგუნდელებიც ჰყავთ გადაღებული. ეს შემთხვევით არ გაკეთდებოდა“.
ნიკოლოზ მჟავანაძე არასამთავრობოებსა და ჰამერბერგს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაშიც ადანაშაულებს და ამბობს: „ეს ადამიანები კანონის წინააღმდეგ წავიდნენ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს მტკიცებულებათა დართვის, შენახვისა და განადგურების წესს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. გამოძიებისთვის ღირებული მასალის სისხლის სამართლის საქმეზე დართვას წყვეტს გამომძიებელი, ხოლო განადგურებას – სასამართლო. ამდენად, გაუგებარი იყო მოქმედ კანონმდებლობასთან შეუთავსებელი, გამოძიებისა და სასამართლოს კომპეტენციაში კომისიის მხრიდან უხეში ჩარევა“.
უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ფირების განადგურებით საერთაშორისო კანონმდებლობაც დაირღვა. „ფირების განადგურების მომხრეებმა ერთ-ერთ არგუმენტად საერთაშორისო გამოცდილებაც მოიყვანეს. ბევრს საუბრობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის მე-8 მუხლზე, რომლის მიხედვითაც ასეთი საქმეების გამოძიება არ ხდებოდა. ამის მიუხედავად, მათ ვერცერთი კონკრეტული საქმე ვერ დაასახელეს. წარმოუდგენელია, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში აღმოაჩინონ პირადი ცხოვრების ამსახველი ასეთი ზღვა მასალა და ეს გამოუძიებელი დატოვონ“, – აღნიშნავს უფლებადამცველი.
———
ამ ფირების გარშემო ატეხილი დავის დროს არასამთავრობო ორგანიზაციები პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების განადგურებას სხვადასხვა მიზეზით ითხოვდნენ.
რამდენიმე მათგანმა საქართველოს ოპერატიული საქმიანობის შესახებ კანონი მოიშველია. მათი თქმით, ამ ნორმათა შესაბამისად, უკანონოდ მოპოვებული მასალის შენახვა აკრძალულია და ის უნდა განადგურდეს.
ამ მოსაზრებას ნიკოლოზ მჟავანაძე არგუმენტმოკლებულად მიიჩნევს. „კანონი ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ არეგულირებს ოპერატიული თანამშრომლების საქმიანობას და მათ კომპეტენციასა და უფლებამოსილების ზღვარს. ამ კანონის უხეშად ან სისტემატურად დარღვევა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმე აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოძიებული“, – აღნიშნავს ნიკოლოზ მჟავანაძე.
იმის გამო, რომ გამოძიება არ მოხდა, ადამიანები, რომლებიც უკანონო თვალთვალს ახორციელებდნენ, დღემდე დაუსჯელები არიან და კვლავაც ძველ თანამდებობებზე სხედან.
- თავიანთი უპასუხისმგებლო საქმიანობით არასამთავრობოებმა ამ დამნაშავეების ამნისტირება მოახდინეს. მათ რომ ხელი არ შეეშალათ, სრულყოფილი გამოძიება ჩატარდებოდა და გაირკვეოდა, ვინ და რატომ იღებდა ამ ფირებს. საუბარი 28.000 ფაილზეა. ეს არის უზარმაზარი ციფრი. გამოდის, რომ ყველას უსმენდნენ და უღებდნენ. ეს შემთხვევითი არ ყოფილა და მას რაღაც მიზანი ჰქონდა, – მიიჩნევს უფლებადამცველი. იგი არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლება, მათი წყალობით, ამ დანაშაულს ვეღარ გამოიძიებს. „მაინტერესებს, რა ნამუსით სთხოვენ ხელისუფლებას ამ საქმეების გამოძიებას. მასალები მათი მოთხოვნით განადგურდა. მტკიცებულებების გარეშე კი რამის გამოძიება ძნელია. ამიტომაც, თუ რამე კიდევ გავრცელდება, ამაზე მათ უნდა აგონ პირველ რიგში პასუხი და არა – ხელისუფლებამ“, – აღნიშნავს ნიკოლოზ მჟავანაძე.
მას არასამთავრობო ორგანიზაციების დაჟინება ეჭვებს უჩენს: „უცხო ქვეყნების დავალებებს რომ ასრულებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ რატომ ითხოვდნენ ასე დაჟინებით ამ ფირების განადგურებას, არ ვიცი. შესაძლოა, მათზეც ჰქონდათ ნაციონალებს რაიმე გადაღებული“.
ნიკოლოზ მჟავანაძე არ გამორიცხავს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავაც გაავრცელონ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ის შიშობს, რომ ამ კადრებით გარკვეულ პირებს შესაძლოა არეულობაც კი მოაწყობინონ.
„ამ მასალების ასლები ნაციონალების ხელშია. ადამიანები, რომლებიც ამ ფირებზე არიან ასახული, დაუცველები დავტოვეთ. არავინ იცის, რა ელით მათ მომავალში. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ შესაძლოა ახლაც აშანტაჟებენ. ინტერნეტში ამ კადრების გამოყრა უპრობლემოდ შეიძლება. აქედან გამომდინარე, „ნაციონალებს“ ხელისუფლების წინააღმდეგ ბევრი ადამიანის გამოყენება შეუძლიათ. ქვეყანაში, შესაძლოა, უმართავი პროცესები დაიწყოს“, – აღნიშნავს უფლებადამცველი.
„რეზონანსი//მთელი კვირა”, 14 მარტი, 2016 წელი
ვის რეიტინგს ურტყამს პარასკევს გავრცელებული ფარული ჩანაწერი
“საზოგადოებას იმ ადამიანისადმი, ვისაც ეს ვიდეო გაუვრცელეს, თანაგრძნობა ეუფლება, ხოლო მათი აგრესია გამავრცელებლებისკენ მიდის“
თაკო მათეშვილი
ხელისუფლება პირველია იმ სიაში, რომელთა რეიტინგზეც, პიარ-სპეციალისტების აზრით, უარყოფითად აისახება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელება. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი იგი ვერ მოახერხებს ამ საქმის გამოძიებასა და იმის დადგენას, თუ ვინ გადაიღო და გაავრცელა ვიდეო. ამას, მათი აზრით, ოპოზიციაც შეუწყობს ხელს, რადგან ამ საქმეს ხელისუფლების წინააღმდეგ მუდამ გამოიყენებს. იმ პირის იმიჯი კი, ვისზეც ფარული ჩანაწერია გაკეთებული, მათი თქმით, ყველაზე ნაკლებად დაზარალდება, რადგან საზოგადოებას მისდამი თანაგრძნობა უჩნდება და აცნობიერებენ, რომ თუკი ხელისუფლებამ ამის კონტროლი ვერ მოახერხა, არც თავად იქნებიან დაზღვეულნი და არაა გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს მთელმა ქვეყანამ მათი ინტიმური კადრებიც ნახოს.
მოგეხსენებათ, 11 მარტს ვებ გვერდ “იუთუბზე” ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ვიდეო მალევე, დაახლოებით 45 წუთში წაშალეს. მთავარმა პროკურატურამ კი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პიარსპეციალისტები აცხადებენ, რომ საარჩევნო წელს მსგავსი ბინძური მეთოდებით ბრძოლა მხარდამჭერებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ იმ პოლიტიკოსის სხვა ოპონენტებსაც დააკარგვინებს, რომლის შესახებაც ფარული ჩანაწერი ვრცელდება.
პიარკონსულტანტ ნინა პერტენავას თქმით, ასეთ დროს ხალხი დამკვეთად ყოველთვის ამ პირის ოპონენტს წარმოიდგენს ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა სულ სხვისაგან მოდიოდეს. ამიტომ, მისი განცხადებით, მსგავსი კომპრომატები შესაძლოა გამოყენებული იქნეს როგორც იმ პირის წინააღმდეგ, ვისზეცაა ფარული ჩანაწერი, ისე, მისი ოპონენტების წინააღმდეგაც, რადგან საზოგადოებას პირველ რიგში ეჭვი სწორედ მათზე მიაქვს. ამის შედეგად, ნინა პერტენავას თქმით, ვიდეოს გამავრცელებელი ორ კურდღელს ერთად იჭერს.
“ასეთი საქმეები ყოველთვის მოქმედებს ხელისუფლების რეიტინგზე. მათთვის ეს გამოწვევაა. ამის გამოძიებით უნდა გამოჩნდეს, თუ რამდენად წარმატებულია იგი. რაც უფრო სწრაფად გამოიძიებენ, მათთვისვე უკეთესია. გამოდის, რომ ჩანაფიქრში ქვა მათკენაა ნასროლი, რადგან ამის კონტროლი სწორედ ხელისუფლებას ევალება რეალურად კი, დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში რთულია, მსგავსი რამ გააკონტროლო,” – ამბობს იგი. ამიტომ, ნინა პერტენავა არ ეთანხმება იმ ადამიანების მოსაზრებას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვიდეოს გავრცელება ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა. მითუმეტეს, რომ, მისი აზრით, ოპოზიცია შანსს ხელიდან არ გაუშვებს და ამ საქმეს ხელისუფლების წინააღმდეგ ყოველთვის გამოიყენებენ, როცა კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ.
“ვერც კი წარმომიდგენია, რატომ უნდა აეგორებინა ხელისუფლებას საკუთარი თავისათვის შავი პიარი, რადგან ეჭვი და დარტყმა პირველ რიგში ყოველთვის მასზე მიდის. თავად ამ პირის მიმართ კი ნეგატიური დამოკიდებულება ნაკლებად ჩნდება, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს პიკანტური ისტორია, რისი გასაჯაროებაც არ ესიამოვნებოდა. ამიტომ, საზოგადოებას იმ ადამიანისადმი, ვისაც ეს ვიდეო გაუვრცელეს, თანაგრძნობა ეუფლება, ხოლო მათი აგრესია გამავრცელებლებისკენ მიდის,” – დასძენს ნინა პერტენავა.
“ჯეპრას” პიარსპეციალისტი, სოციალური მედიის მენეჯერი ზურა ბალანჩივაძე იხსენებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების შემთხვევა პირველი არაა და ადრე მსგავსი მასალები ტელევიზიაშიც გასულა. დროის გასვლასთან ერთად კი, მისი თქმით, საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის, რომელიც უფრო პროგრესულად აზროვნებს და გარკვეულ სტანდარტებს პატივს სცემს, მსგავსი რამ მიუღებელი გახდა და გაუჩნდათ მოთხოვნა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უზრუნველყოფილი იყოს.
“როცა საზოგადების დიდი ნაწილი ამას ასე ღიად გმობს, პირველ რიგში ეს იმ პოლიტიკურ ძალას არტყამს, რომელთა მმართველობის დროსაც მოხდა. ანუ, ხელისუფლებას. უნდათ თუ არა, ამაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. მითუმეტეს, რომ თუკი გამოძიება გაჭიანურდება, ეს ცალკე კითხვებს გააჩენს. ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც აუცილებლად ეცდება, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყენოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელსუფლებაში ისინი თუ იქნებოდნენ, მსგავსი რამ არ მოხდებოდა,” – აღნიშნავს იგი.
ხელისუფლების გარდა, ზურა ბალანჩივაძის თქმით, ეს ყველაფერი უარყოფითად იმ მედიასაშუალებების იმიჯზეც იმოქმედებს, რომლებმაც ამ ვიდეოს გავრცელებასა თუ პირის იდენტიფიცირებას ხელი შეუწყვეს.
“როგორც ვნახეთ, არაერთმა სამინისტრომ და ჩვეულებრივმა ადამიანებმა გამოუცხადეს მათ ბოიკოტი. ეს იმას ნიშნავს, რომ “აიპიენის” იმიჯი უკვე დაზარალდა,” – დასძენს იგი.
პიარმენეჯერ ეკა ჯოჯუას აზრით კი, ხელისუფლების რეიტინგი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ განსაკუთრებით მაშინ დადგება, თუკი დადასტურდება, რომ მასალა მათი მმართველობის დროსაა ჩაწერილი. ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდებათ, საზოგადოებას აუხსნან, თუ რატომ და როგორ მოხდა ეს მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ამაში გარეული ხელისუფლების რომელიმე წევრი. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ამაზე უარი არჩევნებზე საკუთარი აზრის დაფიქსირებით რამდენიმე წლის წინ თქვა. შესაბამისად, მას დაცულობის მოთხოვნილება აქვს და ხელისუფლებისაგან ამას სამართლიანად ითხოვს. დასძენს, რომ საზოგადოება გაიზარდა და ხელისფლების მიმათ მეტი მოთხოვნა და პრეტენზია გაუჩნდა.
“ამას დაემატება ისიც, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნოდ ამით მანიპულირებას ეცდება. ვისურვებდი, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი უფრო მაღლა იდგეს და ასეთი ჭუჭყიანი მეთოდებით არ თამაშობდეს, მაგრამ სამწუხაროდ, არჩევნების წინ გამორიცხული არაფერია – გახსენება, წამოძახება და ა.შ. რაც შეეხება საზოგადოების განწყობას და იმას, თუ რამდენად ეფექტურია ამგვარი მეთოდებით მათ თვალში ვინმეს რეპუტაციის შელახვა, დადასტურდა, რომ ხალხი ასეთ დროს მათ უფრო კიცხავს, ვინც ვიდეო გაავრცელა, ვიდრე ვიდეოს მოქმედ პირს. ხალხი აცნობიერებს, რომ ყველას აქვს უფლება, პირადი ცხოვრება დამალული ჰქონდეს იმ პირის ქმედება კი მათი საქმე არაა. მათთვის აღმაშფოთებელი ამის გასაჯაროებაა,” – აცხადებს ეკა ჯოჯუა.
„რეზონანსი//მთელი კვირა”, 14 მარტი, 2016 წელი
ფარული ჩანაწერის გავრცელების კიდევ ორი გაუხმაურებელი ფაქტი
ლიკა ამირაშვილი
რამდენიმე დღის წინ “იუთუბზე” ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა, რომელთაგანაც წინა ორი არ გახმაურებულა. მის შესახებ “მთელ კვირასთან” საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი ცნობით, ერთ-ერთ ასეთ საქმეზე დაკავებულ კონკრეტულ ადამიანს უახლოეს დღეებში ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს.
სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი ვიდეოების გავრცელება მაღალ დონეზე ხდება და დილეტანტის გაკეთებული არ იქნება.
“მთელი კვირა” შეეცადა გაერკვია, როგორ ხდება ვიდეოს ატვირთვა და რა დრო სჭირდება იმის დასადგენად, ვიდეო საიდან აიტვირთა. აიტი სპეციალისტების თქმით, იმის დადგენა, თუ ვინ ატვირთა ვიდეო, თითქმის შეუძლებელია.
როგორც ინფორმატიკოსი სანდრო ასათიანი “მთელ კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუკი დამნაშავემ ვიდეოს ატვირთვის დროს ყველა საჭირო ზომა მიიღო, მისი პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.
“თითოეულ კომპიუტერს, რომელიც ინტერნეტის ქსელში შედის, აიდი მისამართი ენიჭება, ანუ რაღაც კონკრეტული ნომერი. რა თქმა უნდა, ამის შესახებ იმ ადამიანებმაც იციან, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ და მათაც, ვინც ამას ტვირთავს. ამიტომ, პირობითად, ადამიანი თუ შევიდა რომელიმე ინტერნეტ-კაფეში და ვიდეო იქიდან ატვირთა, ინტერნეტ-კაფეს მიაგნებენ, მაგრამ უშუალოდ კომპიუტერთან ვინ იჯდა, ვერ გაიგებენ. შესაძლოა, მობილურის სიმბარათი იყიდოს, თანხა ჩატვირთოს და მობილურით ატვირთოს, ატვირთვის შემდეგ კი მობილურს გადააგდებს. შესაძლებელია გაიგონ, ეს ადამიანი სად იდგა, როდესაც ტვირთავდა, მაგრამ კონკრეტულად ვინ იდგა – ამის დადგენა შეუძლებელია. თუ ადამიანი სახლში დაჯდა და თავისი პერსონალური კომპიუტერიდან ატვირთა, მისი მიგნება შედარებით ადვილია, მაგრამ ადამიანმა თუ შესაბამისი ზომები გამოიყენა, მაშინ მისი აღმოჩენა შესაძლოა ვერ მოხერხდეს. ერთ მაგალითს გავიხსენებდი – ჯიჰადისტების მუქარა საქართველოს მიმართულებით რომ იყო, მაშინ რომ მიჰყვნენ, იქამდე მივიდნენ, რომ ვიდეო აფხაზეთის ტერიტორიიდან იყო ატვირთული”, – აღნიშნავს სანდრო ასათიანი.
მისი თქმით, იმის დადგენასაც, თუ საიდან არის ფაილი ატვირთული, გარკვეული პროცედურები სჭირდება, რადგან “იუთუბმა” რომ აიტი მისამართი გასცეს, სპეციალური რეგულაციები არსებობს.
“იუთუბსაც” გარკვეული რეგულაციები აქვს – აიტი მისამართს როდის გასცემს და როდის არა. როდესაც საგამოძიებო ორგანო მიმართავს, რაღაცა ტიპის ინფორმაციას არ გასცემს, რაღაცა ტიპის ინფორმაციას გასცემს. პირველ რიგში გასარკვევია აიტი მისამართი, ამის შემდეგ სანახავია, ვინ არის ამის პროვაიდერი, ანუ ამ ელექტრონულ მოწყობილობას ინტერნეტს ვინ აწვდის. ვიდეოს ატვირთვა საქართველოდან თუ მოხდა, შეუძლიათ, უფრო სწრაფად გამოიძიონ, რადგან მათ ის ტექნიკური საშუალებები აქვთ, რომლითაც შეიძლება დადგინდეს, საიდან აიტვირთა. უცხოეთის შემთხვევაში გარკვეული რეგულაციებია, ყველა ქვეყანას თავისი წესები აქვს და ამ რეგულაციების დაცვით უნდა მოხდეს.
რაც შეეხება ვიდეოს დაბლოკვას, “იუთუბზე” ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გააგზავნოს მოთხოვნა დასაბლოკი ინფორმაციის შესახებ. “იუთუბი” ამას განიხილავს და შემდეგ გადაწყვეტს. თუკი კომპანიები “იუთუბთან” თანამშრომლობენ, მათი მოთხოვნის შემთხვევაში დაბლოკვა უფრო სწრაფად ხდება. ამიტომ ასეთ კომპანიებს ქირაობენ ხოლმე, რომ რამე სწრაფად დაბლოკონ. ვიდეოს დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია თუ რიგითი მოქალაქისგან შევიდა, ამას დრო სჭირდება, თუ სახელმწიფო სტრუქტურებიდან – უფრო სწრაფად ხდება, ხოლო თუ პარტნიორი კომპანიიდან – მაშინ რამდენიმე წუთში”, – აღნიშნა სანდრო ასათიანმა.
როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “მთელ კვირასთან” საუბრისას ამბობს, ამ ვიდეოების გავრცელებაში იმ ადამიანების ხელი ურევია, ვინც თავის დროზე ეს გადაიღო.
“ამაზრზენი და ყოვლად დაუშვებელი ფაქტია, რომელიც ყოველგვარ საზღვარს გადავიდა. მე ვამბობდი, რომ ეს კადრები არ განადგურებულა და ის არსებობს. უბრალოდ იმ ადამიანებმა, ვინც ეს კადრები გადაიღო, ორიგინალები გაიტანეს, დაბეჭდეს და გაავრცელეს. გადასცეს სპეცსამსახურებსაც, ამასაც არ გამოვრიცხავ. ორი ვარიანტია. საქართველოში არსებობს გასამხედროებული ჯგუფები, რომლებიც იატაკქვეშეთში მოქმედებენ. დათა ახალაიამ და მეგის ქარდავამ, რომლებიც ამ ყველაფრის რეჟისორები იყვნენ, მათ ეს გადასცეს. როგორც ჩანს, მათ თავიანთი იარაღი უკვე აამოქმედეს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ. არსებობს ეს ერთი ვარიანტი, რომ ისინი გააქტიურდნენ. მეორე ვარიანტია, რომ იგივე ჯგუფმა ეს ვიდეოები გადასცა ჩვენდამი მტრულად განწყობილი რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელს და შესაძლოა იქიდან მოვიდა. ბუნებრივია, ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმ ჯგუფის მიერ, ვინც ეს გადაიღო. ამის ატვირთვა სპეცსამსახურების ჩარევის გარეშე არ მოხდებოდა. კარგად დაგეგმილი დივერსიული ოპერაციაა. დადგენა ყოველთვის შეიძლება, თუმცა ვინც გააკეთა, ბუნებრივია, სულელი არ იყო და ვფიქრობ, ამის დადგენა გაჭირდება. ეს რომ დილეტანტის გაკეთებული იყოს, იმ დღესვე დაადგენდნენ”, – აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
როგორ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი “მთელ კვირასთან” საუბრისას ამბობს, წინასაარჩევნოდ ზედაპირზე უფრო მეტი სიბინძურე გამოვა.
“როდესაც პოლიტიკოსების განცხადებებს ვაკვირდები, ვხედავ ტენდენციას, რომ წინასაარჩევნოდ ზედაპირზე უფრო მეტი სიბინძურე გამოვა, იმიტომ, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომლის პოლიტიკური მრწამსი ფარული ჩანაწერების გაკეთება, ადამიანების შანტაჟი და დაშინება იყო, სრულებით გაკოტრებულია. ამ პოლიტიკურ ძალას არაფერი არ აქვს პოზიტივი, რაც შეიძლება მათ საზოგადოებას წინასაარჩევნოდ შესთავაზონ. თავიანთ ჭკუაში ცდილობენ, საზოგადოებაში ისეთი აზრი დანერგონ, თითქოს “ქართული ოცნება” იმ მმართველობის ფორმას იმეორებს, რაც თავად მათ ჰქონდათ. საუბარია “ნაციონალურ მოძრაობაზე”. ამიტომ შეეცდებიან პროცესის ამ სიბინძურეებით კიდევ უფრო დაძაბვას.
ვიღაცები მათი რიგებიდან საუბრობენ, რომ თითქოს მათზე რაღაც ზეწოლაა. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ზეწოლა არ არსებობს. იმიტომ, რომ ასეთი რამ ჩვენგან ძალიან შორს არის. მე საზოგადოებას ვაფრთხილებ – მომავალში ეტაპობრივად სხვა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება მოხდება, ან სხვა რაიმე პროვოკაციული ქცევა, რომლის ამოცანაა ქვეყანაში არასტაბილური ფონის შექმენა, რათა ვიღაც-ვიღაცებმა დასავლეთთან იწუწუნონ, რომ არჩევნები ასეთ დაძაბულ ვითარებაში მიდის.
სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით, პირდაპირ ვიტყვი, რომ მტრები გვყავს. ეს ყველაფერი თავდასხმაა ჩვენს ხალხზე, ესაა პირდაპირი ტერორი. დამატებით ვიტყვი, რაც აქამდე არ მითქვამს, რომ ეს არის თავდასხმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე. როდესაც კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრად მოვიდა, მან განაცხადა, რომ მას არჩევნებამდე ევროპული სიმშვიდითა და სტანდარტებით მისვლა სურს, რაც ჩვენს ოპონენტებს ნამდვილად არ აწყობთ”, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
დეპუტატის თქმით, იმის მაგივრად, რომ პროტესტი იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოეთქვათ, ხელისუფლებას მიადგნენ, რომელიც ასეთი რამისგან შორსაა.
“იმ ადამიანებმა, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს, ძალიან კარგად იციან, ვინ იყო ასეთი ვიდეოების შემოქმედი, ასეთი ცხოვრება ვისი პოლიტიკური მრწამსი იყო და იმის მაგივრად, რომ მათ წინააღმდეგ პროტესტი გამოეთქვათ, ამ ფაქტს კი აპროტესტებენ, მაგრამ კვლავაც მათი ფარისეველი მხარდამჭერები ხდებიან. ასე რომ, ეს ადამიანები ჩემთვის ამ პროცესის თანამონაწილეები არიან”, – დასძენს ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, ასეთი ფაქტების გამოძიება ძალიან რთულია, თუმცა ერთ-ერთ ფაქტზე კონკრეტულ პირს ბრალი წაეყენება.
“ასეთი ფაქტების გამოძიება ძალიან რთულია. არ მინდა დავასახელო, სულ სამ ფაქტზე იყო საუბარი, ერთი გამოძიებულია და უახლოეს ხანში კონკრეტულ პირს ბრალი წაეყენება, ასეთი ინფორმაცია მაქვს. მცდელობა იყო ერთ-ერთი ფარული ჩანაწერის გავრცელების, ეს საქმე გახმოვანებული არ არის და არაფერს არ დავასახელებ.
რაც შეეხება ამ ფაქტს, ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, საერთაშორისო ექსპერტებს ჩავრთავთ, ჩვენს პარტნიორებს, ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებას ესმის, რომ ნებისმიერი თავისუფალი ვაიფაიდან შეგიძლია ატვირთო და შემდეგ მიიმალო, მარტივია და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეგიძლია ეს გააკეთო. ჩვენ რომ ამ საქმის გამოძიებით ვართ დაინტერესებული, ისე მგონი, არავინ არ არის. ასე რომ, ვიღაც რომ ჩვენი მიმართულებით ქვების სროლას დაიწყებს, ანალიზის უნარი ჰქონდეს, იმისათვის, რომ მიხვდეს, ეს ვის ავნებს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
„რეზონანსი//მთელი კვირა”, 14 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: “მსგავსი დანაშაულის ჩადენა და მისი გამოძიებაც მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია”
ნინო ქეთელაური
ფარული ჩანაწერის გავრცელებით მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა – რა რეაქცია ექნება საზოგადოებას და რა პოლიტიკური შედეგების მომტანი იქნება. ამის შესახებ “მთელ კვირასთან” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა საუბრობს. მისი თქმით, მსგავსი ჩანაწერების გაკეთება და გავრცელება წინა და მოქმედი ხელისუფლების წევრს, ან მასთან დაახლოებულ პირს შეეძლო. რაც შეეხება საქმის დროულად გამოძიებას, როგორც კახა კუკავა ამბობს, ამის მოლოდინი არ აქვს.
- თქვენი აზრით, ვის აწყობდა ამ ვიდეოს გავრცელება და რას შეიძლება უკაშირდებოდეს მსგავსი მასალის გასაჯაროება?
- ერთი კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის მოტივი რთული დასადგენია. შესაძლებელია ეს მოტივი საერთოდ არ უკავშირდებოდეს იმ პიროვნებას, ვინც კადრებში ჩანს და ეს იყოს გაფრთხილება სხვისთვის. მთავარი არის ის, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ზოგადი პრინციპით, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. იმიტომ, რომ არის ასეთი პრეზუმფცია – მსგავსი დანაშაულის ჩადენა და მისი გამოძიებაც მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. როცა წინა წელისუფლების დროს ხდებოდა ასეთი უმსგავსობა, ყველა ისარი მიმართული იყო იმ ხელისუფლებისკენ და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, არ უნდა ეწყინოთ და არ უნდა გაუკვირდეთ, ეს ისარი მიმართულია სწორედ მათკენ.
- თქვენი აზრით, როდისაა გაკეთებული ეს ჩანაწერი და ვის შეიძლება მასზე ხელი მიუწვდებოდეს?
- ჩანაწერი შეიძლება გაკეთებული იყოს როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში და შესაბამისად, მასზე ხელი როგორც წინა, ისე დღევანდელ ხელისუფლებას მიუწვდება. ერთი მომენტია – რიგითმა მოქალაქემ რომ გაბედოს და ასეთი ჩანაწერი ღია ქსელში გამოაქვეყნოს, იმასაც მიხვდება, რომ ამით აუცილებლად დაინტერესდებიან სპეცსამსახურები, გამოძიება და ა.შ. ჩემი ვარაუდით და 99%-ით ვფიქრობ, რომ ასეა, ამას რიგითი ადამიანი ვერ გაბედავდა. გამომდინარე იქიდან, რომ რიგითი მოქალაქე თუ გადაწყვეტს, რომ იცუღლუტოს და მსგავსი მასალა გაასაჯაროოს, აუცილებლად დაფიქრდება იმაზე, რომ მას გამოძიება იპოვის. მას, ვინც ეს ვიდეო დადო, ამის შიში არ აწუხებდა და სწორედ ამიტომ ივარაუდება, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი, ან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი შეიძლება ყოფილიყო.
- რამდენად ადეკვატური იყო ზოგიერთი მინისტრის რეაქცია, რომლებმაც ამ ჩანაწერის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელ მედია საშუალებებს ბოიკოტი გამოუცხადეს?
- რეაქციას კონტექსტიდან ამოგლეჯილად განვიხილავ. ცხადია, რეაქცია ადეკვატური იყო იმიტომ, რომ რაც საინფორმაციო საშუალებამ გააკეთა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ორმაგი სტანდარტი. მე მახსოვს წინა შემთხვევები, როდესაც სამთავრობო არხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ამ კადრებს.
მთავარია, რომ ყველა უბედური შემთხვევიდან რაღაც გაკვეთილი მივიღოთ. ერთხელ და სამუდამოდ სტანდარტი უნდა დამკვიდრდეს, ის კი არა, რომ ხიდაშელს ეწყინა ან წულუკიანს, კანონში უნდა ჩაიწეროს მკაცრი სტანდარტი, რომ მსგავსი ვიდეოს გამოქვეყნება (რასაც უნდა ეხებოდეს ის) სისხლის სამართლის წესით უნდა ისჯებოდეს და ეს უნდა იყოს ყველა საინფორმაციო საშუალებისთვის. მე თავისთავად მიმაჩნია, რომ რეაქცია იყო ადეკვატური, მაგრამ შერჩევითი, რაც არ მომწონს.
- გაქვთ თუ არა საქმის დროულად გამოძიების მოლოდინი?
- იმის მოლოდინი, რომ ამ საქმეს დროულად კი არა, საერთოდ გამოიძიებენ, არ მაქვს. იმიტომ, რომ მაგათი გამოძიებული ბოლო 3 წლის განმავლობაში არაფერი მინახავს.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლები კარგია, თუმცა მის გამოსვლებს, როგორც წესი, საქმე არ მოჰყვება ხოლმე. კი, ბატონო, ძალიან პატიოსანი გამოსვლა ჰქონდა, მე ვუსმინე, მაგრამ ვიშვიში კი არ უნდა ამ საქმეს, მას ძალიან წყნარად, როგორც ამას აკეთებს ზოგიერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიდერი, უნდა დაებარებინა ეს სამი კაცი და ეთქვა – მეგობრებო, ან ამ საქმეს 1 კვირაში გახსნით და ყველა დამნაშავე იჯდება ციხეში, ან ეგებ დაწეროთ განცხადებები და თქვენს ადგილს სხვები დაიკავებენ. აი, ეს იქნებოდა პრემიერის განცხადება.
- გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ მსგავსი ჩანაწერების გავრცელება უახლოეს მომავალაში კიდევ მოხდება?
- აუცილებლად მაქვს ამის მოლოდინი. იმიტომ, რომ ყველას კარგად გვესმის – ეს არ არის ამ ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის წინააღდეგ მიმართული. მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას და რა პოლიტიკური შედეგების მომტანი იქნება.
“ყოველკვირეული ალია”, 14 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: რატომ მოხდა ირაკლი ალასანიას გუნდის წვრებზე ამხელა დარტყმა?
ნინო სამხარაძე
გასული კვირის სკანდალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადამიანები ცხოველებზე საშიშები არიან. ეს არის ბოროტება, რითაც არა ერთ ადამიანს, არამედ ამ ადამიანის ოჯახის წევრებს, ნათესავებს უსწორდები და სამუდამოდ უსვამ წერტილს მისი, როგორც პიროვნების არსებობას. ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალბატონის პირადი ცხოვრების ფარულმა ჩანაწერმა ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებაში გააჩინა შიში, დაუცველობის შეგრძნება და სახელმწიფოს ცნება წალეკა, ჩვენ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ, ამას სახელმწიფო არ ჰქვია.
თავმოყვარე ხელისუფლების პირობებში ვერავინ ვერ უნდა ბედავდეს მსგავსი ჩანაწერის გამოქვეყნებაზე ფიქრსაც კი, არამცთუ მის განხორციელებას. მაგრამ ხელისუფლება რომ თავმოყვარე არ არის, ამაში მაშინ დაგვარწმუნეს, როცა იმ ბოროტ ძალასთან კოჰაბიტაციაზე დაიწყო საუბარი, რასაც „ნაცმოძრაობა” ჰქვია, რომელიც წლების მანძილზე დაკავებული იყო ადამიანების თვალთვალით, შანტაჟით და ამ ყველაფერს მოწმობს ის ე.წ. კასრების საქმე და ათასობით ფაილი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებამ აღმოაჩინა. დაგვანახეს, თითქოს კადრები გაანადგურეს და ეს იყო დანაშაული, რადგან მათ გაანადგურეს მტკიცებულებები, რომელიც სინამდვილეში უნდა გამხდარიყო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი იმ შემკვეთებზე, ვინც ამ სიბინძურეს უკვეთდა და ამაში ფულს იხდიდა. ამ ხელისუფლებამ ჩვენ დილემის წინაშე დაგვაყენა და უფრო მეტი განცდებისა და შიშის საფუძველი შეგვიქმნა. თუკი თქვენ ვერ იცავთ საკუთარ თანაგუნდელებს, თუკი თქვენი თანაგუნდელების პორნოსკანდალები ხელიდან ხელში გადადის და ამას ვერ აჩერებთ, შემდეგ კი უკვე ღიად „იუთუბიზე“ იტვირთება ერთი ცნობილი ქალბატონის პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური სცენები, თქვენ როგორ დაიცავთ ჩვენს უფლებებს?!.
„ნაციონალურმა” რეჟიმმა დაგეგმა, აწამა, გადაიღო, დააშანტაჟა და ახლა, თქვენი ხელისუფლების პირობებში ამ ყველაფრის დემონსტრაციული ჩვენება ხდება. დასავლეთში ამ ამბავს მძიმე გაგრძელება მოჰყვება, აღარავინ დასვამს კითხვას, როდის მოხდა ამ ჩანაწერის გაკეთება. დასავლური მედია, უბრალოდ, დაწერს, რომ „ოცნების” ხელისუფლება ყველაზე ბინძური მეთოდებით უსწორდება პროდასავლური პარტიის ლიდერებს. რამდენიმე დღის შუალედში ირაკლი ალასანიას პარტიიდან ორი მსხვერპლი, ეს უკვე ძალიან ბევრია. ჯერ იყო და ალექსი პეტრიაშვილი სასიკვდილოდ სცემეს, დაჭრეს და ძლივს გადაარჩინეს, ახლა კი, ამ პარტიის ქალბატონ წევრს უსასტიკესად გაუსწორდნენ. თუ ვინმე იკითხავს, რა არის სიკვდილზე მეტი, როგორია, დარჩე მარტო სამყაროს პირისპირ და გერქვას „ცოცხალი მიცვალებული“, როგორ შეიძლება ადამიანი სუნთქავდეს, დადიოდეს და მას ერქვას გვამი, ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, რაც ახლა ამ კონკრეტული პოლიტიკოსის მისამართით მოხდა.
ამაზრზენია ნიკა გვარამიას ემოციური პასკვილი, მას შემდეგ, რაც “იუთუბიზე“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა და ბიძინა ივანიშვილს მიმართა: “რა მეგის ქარდავა, შენ ხარ ამ ქვეყნის ყველა დროის, ყველაზე დიდი ურჩხული და ბოროტმოქმედი. შენს ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს და ასეც იქნება, მძულხარ და ყველაფერ ცუდს გპირდები და გისურვებ, შე, ბინძურო მანიაკო….“. როგორც ხედავთ, ადამიანის ბოროტებასა და უტიფრობასაც არა აქვს საზღვარი და ნიკა გვარამიას შევახსენებთ, რომ ის იყო ერთერთი ყველაზე დიდი ურჩხული, ბოროტმოქმედი, ამ სიბინძურის რეჟისორი, პროდიუსერი… ყველას გვახსოვს ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, ასევე, სხვა ჩანაწერები, სადაც მაშინდელი პროკურორი ნიკა გვარამია ისევე კლავდა პოლიტიკოსებს, როგორც დღეს „მოკლეს“ ალასანიას გუნდის წევრი და ის “ტყვია“, რომელიც ამ პიროვნებას მოხვდა, თქვენი იარაღიდანაა, ბატონო ნიკა, გასროლილი. თქვენ ხართ იმ ბინძური მანიაკების სექტიდან, რომელიც დღეს ბედავს და ძალაუფლების მოპოვებისთვის უთავმოყვარეოდ იბრძვის. ვიდრე ამ ქვეყანაში არ აღდგება სამართლიანობა და ვიდრე არ ჩამოათრევთ მიხეილ სააკაშვილს, მეგის ქარდავას, დავით ლორთქიფანიძეს და ყველა იმ დანარჩენს, ვინც ამ კამპანიას გეგმავდა და ახორციელებდა, ვიდრე არ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე ამ ახალი გარემოების გამო, ვიდრე ციხეში გამომწყვდეულ ივანე მერაბიშვილს, ბაჩანა ახალაიას, გიგი უგულავას არ შეაერთებთ სიცრუის დეტექტორზე და არ აალაპარაკებთ, ვინ უკვეთდა ამ სიბინძურეს, რატომ ხდებოდა სისტემურად ადამიანების წამება, დაშინება, დაშანტაჟება და არ გამოიძიებთ საწყისს, ბოლო ყოველთვის ასეთი ბინძური იქნება და ასეთი ბინძური მანიაკები ყოველთვის წაგიკითხავენ მორალს, დაგაშანტაჟებენ, მორალურად მოგკლავენ…
ამ საქმის გამოძიება არ იქნება იოლი, მაგრამ ეს უკვე სახელმწიფოებრივად იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს პრემიერ-მინისტრმა, ძალოვანმა სტრუქტურებმა, რათა დასვან წერტილი და ამას არ მიეცეს შეუქცევადი ხასიათი, ყველა წითელი ხაზი გადალახულია. ჩვენ თვალწინ იკარგება სახელმწიფოებრიობის განცდა, ხელისუფლება დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ხელისუფლება ან დაემშვიდობება ძალაუფლებას, ან გადაარჩენს სახელმწიფოსაც და საკუთარ თავსაც. სხვათა შორის, „თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა ერთერთი პირველი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინათ აანონსებდა მოსალოდნელ რეალობას და აცხადებდა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაიწყებოდა იმ სკანდალური მასალების სოციალურ ქსელში ატვირთვა, რაც პოლიტიკოსების დისკრედიტაციას მოახდენდა. ის, რომ არაერთი ფარული ჩანაწერი დევს არაერთ გავლენიან პოლიტიკოსზე, ამაზე ხმამაღლა საუბარს უკვე არავინ ერიდება. რამდენიმე კვირის წინ კიდევაც დააპატიმრეს პიროვნება, გვარად ღურწკაია, რომელმაც სცადა „ქართული ოცებიდან” ერთ-ერთი ქალბატონის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ტირაჟირება, თუმცა გამოძიება არ გვეუბნება, ვინ იყო ამის შემკვეთი. სამწუხაროდ, საზოგადოებამ მაშინ ეს მნიშვნელოვანი ამბავი გადაყლაპა, ვიდრე ცხვირწინ არ აგვაფარეს ეს შემზარავი კადრები.
ისმის კითხვა, რატომ უნდა დასჭირვებოდა ხელისუფლებას ამ აბსოლუტურად განეიტრალებულ ადამიანზე სექსკომპრომატის გამოქვეყნება, რომელიც დღეს არაფერს არ წარმოადგენს და მას პოლიტიკური ამინდის შექმნა არ შეუძლია. ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს აჩენს ეს საქმე. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ჩვენს შეკითხვაზე, რატომ მოხდა ალასანიას გუნდის წევრებზე ამხელა დარტყმა, პასუხობს:
- ეს შეკითხვა მეც გამიჩნდა, შეიძლება არც იყო შემთხვევითი, როცა ალასანიას გუნდის წევრების მიმართ მოხდა ამხელა დარტყმა. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლების მიერაა ჩადენილი, პირადად ივანიშვილის სანქცირებით, იმიტომ, რომ ვინც იცნობს ხელისუფლების ანატომიას, როგორც წინა, ასევე ამ ხელისუფლების, ასეთი ტიპის სანქციას პირადად იძლევა ქვეყნის პირველი პირი. დამოუკიდებლად სხვა ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა...
- რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს არის ამ ხელისუფლების გაკეთებული და არა „ნაცმოძრაობის“, რომელიც იღებდა, უთვალთვალებდა, აშანტაჟებდა ყველა ოპონენტს და მათ შორის საკუთარი გუნდის წევრებს და ისინი ფლობენ ფარულ ჩანაწერებს – თეორიულად დავუშვათ, რომ ეს „ნაციონალების“ გაკეთებულია, წარმოიდგინეთ, რა მოხდება და უკვე მერამდენედ, ისევ დაიწყება მათი ოფისების შეღებვა, დარბევა და მათი განადგურება, მაგრამ ვინც ეს კადრები ატვირთა, მას სრული გარანტია ჰქონდა, რომ ეს დანაშაული არ იქნებოდა გამოძიებული, ჩვენ უახლოეს დღეებში ვნახავთ, რომ ეს დანაშაული არ იქნება გამოძიებული, ისევე, როგორც არ იქნა გამოძიებული სამი წლის წინათ გავრცელებული კადრები, ისევე როგორც „ნაცმოძრაობის“ დროს არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა იმ კადრებზე, რაც მაშინ ვრცელდებოდა, ასევე, რეალური გამოძიება ამ კადრების გავრცელებაზე არ ჩატარებულა. მაშინაც ამტკიცებდა მთავრობა, – ჩვენ რა შუაში ვართ, „იუთუბიზე“ დაიდოო. თქვენ გახსოვთ გამყრელიძე-გაჩეჩილაძის ფარული შეხვედრის კადრები კახა თარგამაძესთან… 7 ნოემბრის დროს გოგა ხაინდრავას, კოკო გამსახურდიას, შალვა ნათელაშვილის ფარული ჩანაწერები და ამაზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა არ აიღო.
- ასევე, გვახსოვს მაშინდელი პროკურორის ნიკა გვარამიას ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, რომელიც პოლიტიკოსებს მორალურად კლავდა და გვიმტკიცებდა, რომ ისინი სამშობლოს მოღალატე აგენტები არიან. ეს ნიკა გვარამია დღეს ისეთი აღშფოთებულია, თითქოს, ჭიანჭველაც კი არ მოუკლავს…
- რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს და ამით იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის ასეთ კადრებს ავრცელებს ხელისუფლება, სხვას არა აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობა, რადგან ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია ძალიან მარტივად, ვინც ამას გაბედავს, თითებში ჩაარტყას. დღევანდელი ხელისუფლება ასეთი ფარული ჩანაწერების მიმართ არის ლოიალური, ვხედავთ, არანაირი გამოძიება არ ტარდება, ასევე იქცეოდა სააკაშვილის ხელისუფლება და ეს მიანიშნებს, რომ ამ ჩანაწერების გავრცელების უკან დგას ხელისუფლება.
- კი მაგრამ, რაში დასჭირდა ხელისუფლებას ხარაკირის ჩატარება, საკუთარი თავის დისკრედიტაცია? ჩვენ ვკარგავთ სახელმწიფოებრიობის განცდას, საზოგადოებას უჩნდება შეგრძნება, რომ ის არის დაუცველი.
- საკუთარ კითხვას თავადვე გაეცით პასუხი, ზუსტად იმიტომ სჭირდება ხელისუფლებას, შექმნას ასეთი გარემო, რომ ხალხი ჰყავდეს შიშის ქვეშ. ყველა ხელისუფლებას აქვს ადამიანზე ზეწოლის თავისებური ტექნოლოგია. შევარდნაძის დროს ქუჩაში პირდაპირ ყაჩაღობა იყო, მიტინგებს ხვრეტდნენ. როცა შევარდნაძე მოიძულეს ადამიანებმა, მიშა მოიყვანეს და ამბობდნენ, მიშას შევარდნაძეს როგორ ადარებთ, ეს სხვა ტიპის პოლიტიკური ლიდერიაო… რაც შევარდნაძის დროს ხდებოდა, მიშას დროს არ იყო, სამაგიეროდ, მან ადამიანებზე ზეწოლის ისეთი მექანიზმი მოიგონა, რომელიც შევარდნაძეს არც კი დაესიზმრებოდა. ციხეებში ადამიანებს აუპატიურებდნენ, ქონებას ართმევდნენ, აშანტაჟებდნენ, საძინებლებში უვარდებოდნენ და ფარულად უღებდნენ… როცა მიშა მოიშორა საზოგადოებამ, ამბობდნენ, – მოსმენები მიშას დროს იყო, ამ ხელისუფლებას „ნაციონალებს” როგორ შევადარებთო?!. მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ეს არის იგივებოროტება, ოღონდ ის ახლებურად უტევს ადამიანებს და ეს ადამიანები არიან დაუცველები. რა თქმა უნდა, ახლა აღარ აპატიმრებენ, საპროცესო გარიგების შედეგად ქონებას არ ართმევენ, მაგრამ ეს ინდუსტრიაა, რომელიც მოქმედებს საქართველოში… მე თქვენ რამდენიმე წლის წინათ მოგეცით ინტერვიუ, რომ ფარული ჩანაწერები აუცილებლად გამოქვეყნდებოდა, ეს რწმენა გამიჩნდა მას შემდეგ, როცა პირდაპირ ეთერში გადაიცა, როგორ ანადგურებდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს მაშინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს იყო პირდაპირი ალიბის შექმნა. პატარა ბავშვს შეიძლება დააჯერო, რომ მორჩა კინო, ამით დასრულდა ფარული ჩანაწერების თემა, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი იკითხავს, – კი მაგრამ, ამის ასლები აღარ არსებობს?!. 500 ლარად შეგიძლია 100 ათასი ასლი დაამზადო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ გაანადგურა ჩანაწერები და მე ვფიქრობ, ეს იყო დანაშაული, რადგან მათ უარი თქვეს მტკიცებულებებზე. ეს იყო ალიბის შექმნა, რომ ჩვენ გავანადგურეთ პირადი ჩანაწერები, მაგრამ თუ ამის შემდეგ რამე გამოქვეყნდება, ეს იქნება „ნაცმოძრაობის“ მიერ გაკეთებული. იმ წუთიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ დაიწყებოდა არჩევნების წინ მასობრივი გავრცელება ამ კადრების.
- რატომ მაინცდამაინც ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი და არა მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პაპუაშვილი, რომელმაც ერთი კვირის წინ დააანონსა, რომ თითქოს მას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებდა...
- ეს არის მომაკვდინებელი იარაღი, რომელიც, ჩემი აზრით, არის ჯგუფური მკვლელობა. ამ პიროვნებას, ვისზეც გავრცელდა კადრები, „მოუკლეს“ ქმარი, შვილები, დედა და უახლოესი სანათესაო „დაუჭრეს“. ასეთი „იარაღით“ კლავენ არა უშუალოდ სამიზნეს, არამედ აწყობენ საჩვენებელ მკვლელობას, ეს არის მაფიოზების ხელწერა, დაშინების მიზნით, თუ არ გაჩერდები, შენზეც გამოვაქვეყნებთო. ვისზეც ახლა გავრცელდა კადრები, ის პიროვნება არავითარ პოლიტიკურ საფრთხეს არ წარმოადგენს, უბრალოდ, მის შემთხვევაში საჩვენებელი გასროლა მოაწყვეს. შეიძლება იგივე პაპუაშვილსაც უპასუხეს ამით, – შენ თუ გგონია, რომ კადრები არ გვაქვს შენი პირადი ცხოვრების ამსახველი და ამაზე არ წავალთ, აი, ფაქტი!.. ეს არის უკვე რეალური მუქარა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც კომპრომატი არსებობს. ეს იყო გზავნილი პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსის მიმართ, ზოგიერთი კი კეკლუცობდა სოციალურ ქსელში, როცა პოლიტიკაში მოდიხარ, სუფთა უნდა იყოო, მაგრამ ყველას რაღაც სუსტი მხარე გვაქვს, ელემენტარულად კუჭში რომ გადიხარ და ის გამოგიქვეყნონ, არც ეგ იქნება სასიამოვნო. ხელისუფლებამ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს გაუგზავნა მესიჯი, რომ ყველაზე გვაქვს კომპრომატი და თუ არ მოკეტავთ, თქვენც იგივე მდგომარეობაში აღმოგაჩენთო.
ჩვენ არ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, “ოცნება“ არ არის სახელმწიფო ხელისუფლება, ეს არის ოლიგარქიული რეჟიმი. მთელი ლათინური ამერიკა, აზია, აფრიკა ცნობილია ოლიგარქიული რეჟიმით, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, მისი ამოცანაა, იყოს ფინანსური წარმონაქმნი. დაახლოებით, ასეთ მოდელთან გვაქვს საქმე. აი, რაც დღეს ხდება, ამას სჯობდა, საბჭოთა კავშირი, რომელიც უფლებების სრულ პაკეტს არ უზრუნველყოფდა, მაგრამ, რასაც უზრუნველყოფდა, იმაში მაინც ვიყავით აბსოლუტურად დარწმუნებული. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რაღაც ჯუნგლებში, სადაც ზუსტად არაფერი არ არის გარანტირებული.
- ფარულ ჩანაწერებს შეეწირა „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე შეცდომას რატომ დაუშვებს „ოცნების“ ხელისუფლება? სად არის ლოგიკა, როცა ამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს?
- სხვათა შორის, ჩემზე გამოცდილ პოლიტიკოსებთან მქონდა ამაზე საუბარი, დავსვი კითხვა, – ნუთუ ასეთი დებილები არიან, რომ საკუთარი ხელით ითხრიან სამარეს? გაეცინათ და მიპასუხეს, – რა გიკვირთ, ყველა ხელისუფლება საკუთარი ხელით იმხობს თავს, ეს ჩვენ გვაბოლებენ, თითქოს, ამერიკამ ან რუსეთმა დაამხო ესა თუ ის ხელისუფლება, თორემ რეალურად, თვითინიციატორები არიან, მათი ხელისუფლება რომ დაემხო. თვითგანადგურების ინსტინქტი უკლებლივ საქართველოს ყველა ხელისუფლებას ამოძრავებს. თქვენ როცა ამბობთ, რომ ეს კადრები ხელისუფლებას უკან მოუბრუნდება, გააჩნია როდის, მე არ მინახავს 100-ათასკაციანი საპროტესტო აქცია ამის გამო, მაშინ, როცა სოციალურ ქსელში ვიშვიშებდნენ, აპროტესტებდნენ, მაგრამ რეალურად აქციაზე მისული თუნდაც 50 ათასი კაცი არ მინახავს. სახალხო პროტესტო იქნება, მაგრამ გააჩნია, როდის… ეს პროტესტი იქნება და ივანიშვილსაც იქ გაისტუმრებს ხალხი, სადაც გაისტუმრეს სააკაშვილი. 9 წელი „იგულავა“ სააკაშვილმა, შევარდნაძემ 11 წელი „იგულავა“… ივანიშვილი ფიქრობს, რომ ორი ვადა მასაც მოუწევს „გულაობა“, სანამ გასდის, მანამდე აკეთებს ყველაფერს.
- პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო მზად არის, გადაიხადოს მილიონი, ვინც ამ საქმის გამოძიებაში დაეხმარება და დამნაშავემდე გაიყვანს. არადა, ეს კაცი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გვიმტკიცებდა, რომ მათი მთავარი ამოცანაა, გადაარჩინონ „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო ალასანია მოგვიწოდებდა, რომ „ნაციონალებს“ დანაშაული მივუტევოთ… სად არის რეალობა, სად იტყუებიან ეს პოლიტიკოსები და სად ამბობენ სიმართლეს. ეს მილიონები გადაეხადათ იმ ადამიანების ჩამოსაყვანად, ქვეყნიდან რომ არიან გაქცეულები და თან აქვთ კომპრომატები...
- რად უნდა ამ საქმის გამოძიებას მილიონი?!. რომელიმე რაიონის პროკურორად დამნიშნონ ორი კვირა, არც პრემია მინდა მაგათი და არც დანამატი და ამ საქმეს გამოვიძიებ. ეს არ არის რთული გამოსაძიებელი საქმე. „ნაცებს” თავისი ცოდვა ეყოფათ, მე მათ ხელს ვერ და არ დავაფარებ, კადრების 95% მინიმუმ მათი დამზადებულია. ვინც ეს დაამზადა და უკვეთდა, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ, მაგრამ მათი დანაშაული არანაირად არ ამსუბუქებს „ოცნების“ დანაშაულს, რომლებმაც გავრცელების კუთხით „ნაციონალებს“ გაუსწრო. და საერთოდ, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ რეჟიმი არ გასამართლდა
„რეზონანსი//მთელი კვირა”, 14 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „მინისტრების მხრიდან საინფორმაციო სააგენტოს ბოიკოტირება ფსევდომორალიზმი იყო და ამის ყურება აუტანელია“
ეკატერინე ბასილაია
“საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ის ადამიანები, ვინც უკანონო ჩანაწერებს იღებდნენ, აფაილებდნენ და შანტაჟისთვის იყენებდნენ, ისევ იქ მუშაობენ… ხელისუფლებაში კონკრეტულ ადამიანებს ეს ხალხი მოსწონთ და ახლა სათავისოდ ამუშავებენ,” – ამბობს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი და ჩანაწერების გავრცელებაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს იმ მიზეზით, რომ ამ სისტემური დანაშაულისთვის რაღაც რაოდენობა ადამიანების დასჯა და პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანა რომ მომხდარიყო, დღეს ასეთი რაღაცები არ მოხდებოდა.
ამბობს, რომ ხელისუფლებამ რეჟიმისთვის დამახასიათებელ ბევრ სიმახინჯეზე უარი ვერ თქვა, რადგან ძალაუფლების სიტკბო არ ეთმობათ და იმდენად არ ეთმობათ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე სესიაშვილი ამართლებს უნივერსიტეტში “ოდეერის” არსებობას, რაც, მისი აზრით, ძალიან სამარცხვინოა.
თეა წულუკიანისა და თინა ხიდაშელის მხრიდან საინფორმაციო სააგენტოს ბოიკოტირება კი, გია ხუხაშვილის აზრით, იყო ფსევდო მორალიზმი და ამის ყურება აუტანელია.
- პარასკევს ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ლიდერის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, რამაც ყველას დიდი აღშფოთება გამოიწვია. გაქვთ მოლოდინი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამგვარი კომპრომატებით ბრძოლა შეიძლება კიდევ ვიხილოთ?
- დღევანდელმა ხელისუფლებამ უკანონო ჩანაწერების თემა, რაც წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაული იყო, სათანადოდ არ დახურა. არ დახურა ისე, როგორც საზოგადოება ითხოვდა და სამწუხაროდ, ახლა ამ ყველაფრის შედეგებს იმკის. თუ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად არ იმოქმედა, ბუნებრივია, მსგავსი ჩანაწერები ისევ გაგრძელდება და შეიძლება უფრო მწვავე ფორმებიც მიიღოს. სასჯელის გამკაცრება საკმარისი არ არის. ვიღაც შემკვეთი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და ამ მხრივ ერთი საქმე წინ წაწეულია. ის ადამიანი, ვინც ელისო კილაძესთან გასავრცელებლად კადრები მიიტანა, დაჭერილია და მოარული ხმებია, რომ მან დამკვეთიც დაასახელა. ეს ადამიანები საჯაროდ უნდა დაისაჯონ და ეს პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.
- ვის რაში აძლევდა ხელს ამგვარი კადრების გავრცელება?
- ნებისმიერი მხარისკენ შეგვიძლია გავიშვიროთ ხელი და რაღაც ლოგიკით ავხსნათ. როგორც წინა ხელისუფლების, ისე დღევანდელი ხელისუფლების და შესაძლოა რაღაც კერძო ინტერესიც შეიძლება დავინახოთ ამის უკან, მაგრამ ეს ყველაფერი რიტორიკაა და მეტი არაფერი. ამას გამოძიება და კონკრეტული დამნაშავეების გამოკვეთა სჭირდება. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან სწრაფად და ძალიან მკაცრად.
ვისი გაკეთებულიც უნდა იყოს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მაინც ხელისუფლებაა. იმიტომ, რომ ასეთი განუკითხაობის შესაძლებლობებს ხელისუფლება უნდა აკონტროლებდეს. არა მარტო უნდა აპატიმრებდეს ამის ჩამდენს, სისტემურად უნდა ხურავდეს წვდომის შესაძლებლობას.
ყველას გვახსოვს, რომ ფაილების რაღაც რაოდენობა შსს-მ გაანადგურა, მაგრამ ამაზე არავინ არ დასჯილა. მხოლოდ იმაზე ლაპარაკი მიდიოდა, რომ სისტემური დანაშაული იყო. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ის ადამიანები, ნაწილი მაინც, ვინც ამ ყველაფერს იღებდნენ, აფაილებდნენ და შანტაჟისთვის იყენებდნენ, ისევ იქ მუშაობენ. როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა და ეს ფაილები ნახეს, კითხვა არ დასვეს – ამას ვინ იღებდა? რა ვერ გაარკვიეს? როგორ შეიძლება 4 წელი ვერ გაარკვიო, როდესაც ყველამ იცოდა, რომ ეს ადამიანები ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ.
კონკრეტულად ჩემს თავზე ვიტყვი – გახმაურებული თემა იყო, როდესაც ჩემი სახლის თავზე ჩამობურღეს და მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟეს. დღემდე არ ვიცი, ეს ვინ გააკეთა, მაშინ, როდესაც ყველა საშუალება იყო, ეს გარკვეულიყო, იმიტომ, რომ აშკარად ჩანდა, ეს სპეცსამსახურების გაკეთებული რომ იყო. ასეთი მარტივი თემაც არ გამოიძიეს. ბუნებრივია, სპეცსამსახურებისთვის ცნობილია როდის და ვის იწერდა. ეს ხალხი კი დასჯილი არ არის.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოიძიეს და არ დასაჯეს?
- მეც ამ კითხვას ვსვამ – რატომ? შესაბამისად, ხელისუფლების პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც ეს კითხვები ისმება და რომელზეც დამაკმაყოფილებელი პასუხები არ არსებობს. ხელისუფლებაში კონკრეტულ ადამიანებს ეს ხალხი მოსწონთ და ახლა სათავისოდ ამუშავებენ. ყველასთვის ცნობილია, ვინ და როგორც აკეთებდა ამას და ეს ხალხი დასჯილი არ არის. ფაქტია, რომ ამ სისტემური დანაშაულისთვის რაღაც რაოდენობა ადამიანების დასჯა და პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანა რომ მომხდარიყო, დამერწმუნეთ, დღეს ასეთი რაღაცები არ მოხდებოდა.
- რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ შს მინისტრის მოადგილე ხვედელიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ასე მარტივად გადარჩა, ამან სხვების შეგულიანება გამოიწვია?
- შეიძლება რეაგირება არასაკმარისი იყო. ციხეში არ ჩაუსვამთ, მაგრამ რეაგირება იყო. პრინციპში, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვიღაც დაისაჯა. არ მინდა, კონკრეტულად ეს საკითხი განვიხილო, იმიტომ, რომ დარწმუნებული არ ვარ, ამის დამკვეთი და შემსრულებელი ხვედელიძე იყო. ეჭვი მაქვს, რომ მან საკუთარ თავზე სხვისი დანაშაული აიღო. ხოლო ვინც ამგვარ რამეს აკეთებს, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.
ამგვარი რამ მკვლელობის ტოლფასია. 21-ე საუკუნეში სიტყვით ადამიანის მოკვლა ბევრად უფრო ადვილია და ამის ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. გამკაცრებაზე რომ დაიწყეს საუბარი, ერთია კვალიფიკაცია და მეორეა რეალური დასჯა. დაჭერილი ადამიანი კი ჩვენ არავინ გვინახავს. ახლა ელისო კილაძეს ეკა ბესელიაზე ვინც ჩანაწერი მიუტანა, ის ადამიანი ხომ დაჭერილია, დამკვეთიც დასახელებულია და სად არის გვარები? რატომ არ გეუბნებიან და რატომ არ ამთავრებენ ამ საქმეს? ეს არ არის იმ კატეგორიის საქმეები, რომლის გამოძიება შეუძლებელია და ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ მომავალი დანაშაულის პრევენციისთვის ვიღაც რეალურად მკაცრად დასჯილი ვნახოთ. წინასაარჩევნო პერიოდში ყველას გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ამგვარი ტიპის ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული.
- ე.წ. კასრების საქმეში, სადაც 17 ათასზე მეტი ფარული ჩანაწერის ვიდეოფაილი იყო, გადამღები და შემკვეთი სასამართლოს არ დაუდგენია და ამის შემდეგ გაქვთ იმედი, რომ ახლა მაინც გამოიძიებენ და დაადგენენ გამავრცელებელს და გადამღებს?
- პრემიერი ამბობს, რომ ეს ამ ხელისუფლების ღირსების საქმეა და ასეთი რამით ხელისუფლება ზიანდება. მე ვეთანხმები ამაში. თუ ამ საზოგადოებაში დაბრუნდა განცდა, რომ გვისმენენ, გვიყურებენ და გვაშანტაჟებენ, მაშინ ამ ქვეყანაში რა შეიცვალა?!
- ამ ბოლო ჩანაწერამდე ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ასეთი მკაცრი შეფასებები და დაგმობის სერია არ გვინახავს და იქნებ ამანაც გააჩინა დაუსჯელობის განცდა და მორიგი ჩანაწერების გავრცელებაც?
- პირიქით, გაბიაბურება ვნახეთ. გვახსოს, იყო ნიკა გვარამიას განცხადება, რომ რაღაც ჩანაწერით დაშანტაჟება იგეგმებოდა. მიუხედავად იმისა, ვინ არის გვარამია და მოგვწონს თუ არა ის, მეც შეიძლება არ მომწონდეს ბევრი ვინმე, მის განცხადებას უცხოელებიც ხომ უყურებენ? ან საკონსტიტუციოს სასამართლოს თავმჯდომარე რომ იტყვის – იუსტიციის მინისტრი ჩემზე პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვსო – მეტი სკანდალი რა გინდა? გამოძიების დაწყების ნაცვლად კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასწარ კვალიფიცირება გაუკეთეს – ტყუილიაო. იუსტიციის მინისტრმა საერთოდ არასერიოზული კომენტარები აკეთა – უკვე ორიანი დავუწერეო. ეს რა არის? ავტორიტეტს არ უნდა უფრთხილდე-ბოდე თანამდებობის პირი?!
ზუსტად ამ საკითხების ასე გაბიაბურება იწვევს იმას, რომ ვისაც ამ სიბინძურის გაკეთება უნდა, დაუსჯელობის განცდა უჩნდება. ფაქტობრივად, ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ასე აიოლებენ ამ პრობლემას, საბოლოო ჯამში ფარული ჩანაწერების გავრცელების სტიმულირებას ახდენენ. ხელისუფლების ვალდებულებაა, მსგავს განცხადებებზე გამოძიება დაიწყოს. საკითხს სერიოზულად რომ მისდგომოდნენ, შესაძლოა ეს კადრიც არ გავრცელებულიყო.
- ჩვენ გვახსოვს ექს-პრემიერ ივანიშვილის მიერ ირაკლი ალასანიას მისამართით პირად ცხოვრებაზე გაკეთებული განცხადებაც. ეს რამდენად გამართლებული იყო? ან ამანაც ხომ არ მისცა ბიძგი სხვებსაც, პირად ცხოვრებაზე შანტაჟი განეხორციელებინათ?
- შეცდომებს ყველა ვუშვებთ და შესაძლოა ადამიანს ნათქვამში რაღაც შეეშალოს, მაგრამ ეს თავისთავად იმას არ ნიშნავს, რომ ის რაღაცას ამართლებს. კი, ყურს ჭრიდა და შეიძლება ეს ვიღაცას არასწორადაც გაეგო.
- ამ ბოლო ფაქტზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან მედიასაშუალებებზე ჯოხის გადატეხვა და ბოიკოტის გამოცხადება რამდენად ადეკვატურია?
- რაც ხდება, ეს ფსევდო მორალიზმი ჩემთვის ძალიან მიუღებელია. საქართველოში ამ ფსევდო მორალიზმმა ისე მოიკიდა ფეხი, რომ ამის ყურება აუტანელია. როგორც მითხრეს, ეს ვიდეო “ფეისბუქში” უკვე გავრცელდა და ვისაც ნახვა უნდოდა, ნახა. სააგენტოზე ინფორმაციის გაშვებას რაღაც კატასტროფა არ გამოუწვევია. გასაგებია, რომ სააგენტომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ბოდიში მოიხადა. გამოშვებაზე პასუხისმგებელი პირი გაათავისუფლეს. საკმარისი არ არის? ზოგი ისეთი ადამიანი უკითხავს “აიპიენს” მორალს, რომელიც მთელი თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში საშინელი სიბინძურეებითაა დაკავებული. ძალიან მძიმე საყურებელია. ეს შესევა უფრო შური და ბოღმაა და სხვა არაფერი. იმიტომ, რომ “აიპიენს” ვერც ერთი სხვა მედიასაშუალება ინფორმაციის დისტრიბუციაში ვერ უწევდა რეალურ კონკურენციას და ყვავ-ყორნებივით შეესივნენ.
- მედიასაშუალებების კი არა, მინისტრების – თეა წულუკიანისა და თინა ხიდაშელის ბოიკოტირება რამდენად ადეკვატური იყო, მაშინ როდესაც თავად საჯარო მოხელეები აწყობდნენ წამების კადრების საჯაროდ ჩვენებას და ერთხელაც არ გამოუხატავთ ასეთი მწვავე კრიტიკა და დაგმობა?
- მათი მხრიდანაც ეს იყო ფსევდომორალიზმი და ფსევდოსოლიდარობა. რა ბოღმა ჰქონდათ ამ სააგენტოს მიმართ, ამის იდენტიფიცირებაც მიჭირს. ფაქტია, რომ წმინდა სუბიექტური მიზეზებით აკეთებენ ამას. თეა წულუკიანი, რომლისკენაც იგივე სახის დანაშაულის გამო იშვერენ ხელს, სერიოზული პასუხის ნაცვლად, აბუჩად იგდებს ამ თემას, ახლა ასეთი ადამიანისგან კონტრაქტების გაწყვეტა ძალიან არასერიოზულად გამოიყურება. იმ წამების კადრების ჩვენებაც მიუღებელი იყო და სწორედ ასეთი ქცევა ახდენს დანაშაულის პროვოცირებას.
- ამ კვირის კიდევ ერთი სკანდალური თემა იყო თსუ-ში ე.წ. ოდეერის არსებობა, რაც რექტორმაც პრაქტიკულად დაადასტურა და პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ კი არა თუ დაგმო ეს ფაქტი, თქვა, რომ ახლა არ არსებობს, მაგრამ ვინმემ სტუდენტი რომ კრიმინალურ დაჯგუფებაში არ გადაიბიროს, საჭიროც კია უსაფრთხოების სამსახურის უნივერსიტეტში ყოფნაო.
- სესიაშვილი რას ბოდავს, არ ვიცი. წარმოუდგენელ რაღაცებს ლაპარაკობს. “ოდეერის” ინსტიტუტი საერთოდ მახინჯი გადმონაშთია და ის არცერთ ორგანიზაციაში არ უნდა იყოს, არათუ უნივერსიტეტში, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა. როგორ შეიძლება თუნდაც ირიბად ამის გამართლება? ასეთ სამარცხვინო განცხადებებს მაღალი თანამდებობის პირი არ უნდა აკეთებდეს. ფაქტობრივად დაადასტურა, რომ “ოდეერი” უნივერსიტეტში მუშაობს და რაღაც იდიოტური არგუმენტებით ხსნის ამას.
პრევენციისთვის სპეცსამსახურები საიდუმლოდ მუშაობენ, “ოდეერი” კი ვინც არის, ყველამ იცის – საბუთიანი “შპიონია”. “ოდეერი” ყოველთვის უფრო პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი იყო, ვიდრე უსაფრთხოების თემებზე მომუშავე ადამიანი. ასეა ყველა ორგანიზაციაში და არანაირ სახელმწიფოებრივ ამოცანებს ისინი არ ასრულებენ. ისინი მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანების შემსრულებლები არიან და ასევე პირად პრობლემებს იწესრიგებენ.
- ხელისუფლება ხშირად აპელირებს იმაზე, რომ “ახლა ადამიანები უფრო თავისუფლად სუნთქავენ”. ამის პარალელურად კი ვხედავთ ჩანაწერებით შანტაჟს და “ოდეერებს” უნივერსიტეტში…
- სამწუხაროდ, ძალაუფლება რყვნის ადამიანებს. კომფორტი იგრძნეს, ისე როგორც ბევრი სხვა რამე დათმეს. ჩვენ, ყველა ერთად რასაც ვებრძოდით, მათგან ბევრ რამეზე დღევანდელმა ხელისუფლებამ უარი ვერ თქვა. ძალაუფლების კომფორტი იგრძო.
საბედნიეროდ, დღევანდელი ხელისუფლება რეჟიმად ვერ ყალიბდება და ეს კარგია, მაგრამ რეჟიმისთვის დამახასიათებელ ბევრ სიმახინჯეზე უარი ვერ თქვა და არ ეთმობა. იმდენად არ ეთმობათ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამართლებს უნივერსიტეტში “ოდეერის” არსებობას. ამაზე სამარცხვინო რა შეიძლება ითქვას.
- არჩევნების წინ ასეთი შეცდომები “ქართულ ოცნებას” ბევრი დაუგროვდა და ისედაც შემცირებული რეიტინგის ფონზე განცხადებების კონტროლს რატომ ვერ ახერხებენ? იგივე თოფაძის უკვე ტრადიციულად ქცეული განცხადებებიც რომ ავიღოთ. რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თურქეთს საქართველოს მიწები აქვს ოკუპირებულიო.
- ვფიქრობ, ერთი, ვინც ცდილობს, პრემიერია. ამ მიმართულებით ნათელი წერტილი გაჩნდა, მაგრამ მას ჯერჯერობით დასამტკიცებელი აქვს, რასაც ლაპარაკობს, ამ კეთილი სურვილების რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში გადმოტანას რამდენად შეძლებს. “ქართულ ოცნებაში” კი ბევრი ტიპის მრავალპლანიანი პრობლემებია, იგივე კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი, სახელმწიფოებრივი ხედვა და აზროვნება. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება, თუმცა კვირიკაშვილის სახით რაღაც გარკვეული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნა და დაველოდოთ.
გოგი თოფაძე კი საერთოდ ბოლო დროს უცნაურ განცხადებებს აკეთებს და რადგანაც ის პოლიტიკური პარტიის ლიდერია, მისი განცხადებები ამიტომაცაა მიუღებელი და პრობლემა, მაგრამ მისი დემონიზებაც არ მიმაჩნია სწორად. მაგაზე უარესებს რამდენი ლაპარაკობს?! სესიაშვილის ბოლო განცხადება არანაკლებ სკანდალურია, ვიდრე თოფაძის ნებისმიერი გამონათქვამი.
“ყოველკვირეული ალია”, 14 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილტან: რა ინფორმაციას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გუნდის წევრებზე? რატომ დანიშნა მაშინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვან თანამდებობაზე ალასანიას გუნდის წევრი, რომელზეც არსებობდა კომპრომატი, რასაც გამოიყენებდა როგორც „ნაცმოძრაობა“, ასევე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები?
ნინო სამხარაძე
კოალიცია „ქართული ოცნების“ შექმნაში აქტიურად იყო ჩართული პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, იგი ივანიშვილის დიდი ნდობითაც სარგებლობდა. საინტერესოა, იცოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტულად, რა იყო იმ ჩანაწერებში, რომელიც მისი გუნდის წევრების დასაშანტაჟებლად კეთდებოდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მხრიდან… რა ინფორმაციას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გუნდის წევრებზე? თუკი მას ნანახი ჰქონდა ის ფარული ჩანაწერები, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო, რატომ არ მოახდინა მან ამის პრევენცია და რატომ დანიშნა ეს კონკრეტული პიროვნება მაღალ თანამდებობაზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია უკვე მსოფლიო მედიაში ტრიალებს, რა გარანტია ჰქონდა, რომ რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ამ ქალბატონს სახელმწიფოს წინააღმდეგ იარაღად არ გამოიყენებდა და არ შექმნიდა პრობლემას. არადა, ჩვენ გვახსოვს უამრავი მაგალითი, როგორ ტოვებენ და როგორ ამბობენ უარს მაღალ თანამდებობებზე პირები, ვისზეც არსებობს კომპრომატი. ასეთი მაგალითი გახლდათ ლატვიაში, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა და სახელმწიფოს არ შეუქმნა იმის განცდა, რომ ვიღაც მას გამოიყენებდა ბინძური დავალების შესასრულებლად…
როგორ აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიამ მოვლენებს და რას პასუხობს „ალიას“ კითხვებს.
- ბატონო გია, ყველას აწუხებს ერთი კითხვა, რატომ დაიწყო მასირებული შეტევა ალასანიას გუნდის წევრებზე მაშინ, როცა „ქართული ოცნების“, ასევე „ნაცმოძრაობის“ მოსამართლეების თუ მათი მეგობრების დისკრედიტაციის მიზნით უამრავი ფარული ჩანაწერი არსებობს, როგორც ამას ამბობენ…
- ამ ფაქტს თუ ჩვენ პარტიულ ასპექტში განვიხილავთ, მაშინ გამოდის, რომ, ფაქტობრივად, დიაგნოზი გვაქვს დასმული, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთის ნაწილი… კი ბატონო, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება და ყველა ვარიანტი განსახილველია. შესაძლოა, ეს გაკეთდა ხელისუფლების საზიანოდ, არ გამოვრიცხავ პირად დაპირისპირებასაც. როგორც არ უნდა იყოს საქმე, ბუნებრივია, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის მაღალი… მეტიც, დიდწილად ის ადამიანები, ვინც ამ სიბინძურეში მონაწილეობდა, ეს იყო გადაღება, უკანონო თვალთვალი თუ ფარული მიყურადება, რასაც შემდგომ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, ამ ადამიანების სერიოზული ნაწილი ახალ ხელისუფლებაში გადმობარგდა.
- რატომ გაუშვა „ქართულმა ოცნებამ“ შანსი, რომ ძალაუფლება ხელში აეღო და ყველა პროცესი ემართა? რატომ დასთანხმდა მძევლობას და კოჰაბიტაციას „ნაცმოძრაობასთან“? დღეს როგორ ხსნით ალასანიას, უსუფაშვილისა და ბერძენიშვილების განცხადებას, რომ მათი მთავარი ამოცანა „ნაცმოძრაობის“ გადარჩენაა, რატომ გვიკარგავენ სახელმწიფოებრიობის განცდას, რა ხდება?
- გეთანხმებით კითხვის პათოსში, თავიდანვე უნდა გადაედგა ხელისუფლებას მკვეთრი ნაბიჯი. არ ვამბობ, ყველა ციხეში ჩაესვა, მაგრამ რეჟიმის მიმართ პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოსულიყო. შეიძლება მომხდარიყო გარკვეული ამნისტიის ფონზე, მაგრამ დანაშაულის კვალიფიცირება მანამდე უნდა მომხდარიყო და არა ისე, რომ ჯერ ამნისტია გამოაცხადო მაშინ, როცა დანაშაული არ გაქვს იდენტიფიცირებული.
დღეს სწორედ ამის შედეგებს იმკის ხელისუფლება. ამ ტიპის დანაშაული რაც ჩვენ თვალწინ მოხდა, როცა ალასანიას გუნდის წევრის მიმართ გაბედეს, გადაიღეს და შემდეგ გამოუქვეყნეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, ეს უნდა კვალიფიცირდებოდეს, როგორც მძიმე დანაშაული. 21-ე საუკუნეში შეიძლება უფრო ეფექტურად მოკლა პირად ცხოვრებაში ჩარევით და სიტყვით ადამიანი, ვიდრე იარაღით. თავის დროზე რომ პრევენცია გატარებულიყო, ჩვენ დღეს არ ვნახავდით ამ საშინელებას, რაც ხდება… საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას აშანტაჟებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გამოყენებით იუსტიციის მინისტრი, ამაზე მძიმე სკანდალური ბრალდება რა შეიძლება, რომ ქვეყანაში გაისმას… ძალიან ცინიკურად მომეჩვენა იუსტიციის მინისტრის პოზიცია. დავუშვათ, ტყუილს ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პოლიტიკურ დემარშს აწყობს და ხელს ადებს იუსტიციის მინისტრს, მაგრამ, როცა იუსტიციის მინისტრის აბუჩად ამგდები კომენტარები ისმის და იგივე მინისტრი სამინისტროს აწყვეტინებს ურთიერთობას საინფორმაციო სააგენტოს „აიპიენ“-თან იმის გამო, რომ მათ განათავსეს ირაკლი ალასანიას გუნდის წევრის ფარული ჩანაწერი, ამ ყველაფერის ლოგიკური ბმა შეუძლებელი ხდება. კი ბატონო, იმ სააგენტომ მძიმე შეცდომა დაუშვა, მაგრამ მათ ეს შეცდომა აღიარეს. თეა წულუკიანმა კი მათთან ურთიერთობა გაწყვიტა იმ ფონზე, როცა თვითონ არის ეჭვმიტანილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან ანალოგიურ ქმედებაში და მისგან ამ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არ ისმის…
და როცა ხელისუფლება ასეთ განცხადებებს აგდებით უყურებს, ბუნებრივია, ეს ახდენს ასეთი ტიპის დანაშაულის სტიმულირებას. სხვა მაგალითსაც მოგიყვანთ, ხელისუფლებას თავის დროზე რომ უფრო მკაცრი რეაგირება მოეხდინა ფაქტზე, რომელიც ეხება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ქალბატონ დეპუტატს, თქვენ იცით, რომ ამ ფირის ერთ-ერთ რედაქციაში მიმტანი პიროვნება დაიჭირეს, ჩვენ აღარ ვიხილავდით რამდენიმე დღის წინ იმ საშინელ ვიდეოკადრებს. ახლა არის ინფორმაცია, რომ დაკავებულმა ღურწკაიამ დამკვეთიც დაასახელა. იქ რაღა არის გამოსაძიებელი? ამ კონკრეტულ ფაქტზე, როცა იდენტიფიცირებულია დამნაშავე, რა ედგა ამ საქმეს წინ, რომ ის კონკრეტული დამნაშავეები მკაცრად დაესაჯათ. ეს რომ მომხდარიყო, ბოლო ფაქტის პრევენციაც მოხდებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ვითარება უფრო დამძიმდება, რადგან ჩვენ შევდივართ საარჩევნო ზოლში და თუ დასაშვები გახდა საარჩევნო პროცესში კომპრომატების ომი, არ გამოვრიცხავ, რომ უმძიმესი შედეგები მივიღოთ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ, ფაქტობრივად, აღარ დარჩა როგორც პოლიტიკურ სივრცეში, ასევე საზოგადოებრივ წრეებში ადამიანი, ვისზეც კომპრომატი არ დევს. მით უმეტეს ფაბრიკაციის შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს,
- 2012 წლის არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდით, კოალიცია „ქართული ოცნების“ შექმნაშიც დიდი წვლილი გაქვთ, იყავით ივანიშვილის მრჩეველი. ფირები გადაღებულია საარჩევნო ციკლში და არჩევნებამდე ივანიშვილისთვის ეს ამბავი იყო ცნობილი. მაინტერესებს, რატომ დანიშნა მაშინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვან თანამდებობაზე ალასანიას გუნდის წევრი, რომელზეც არსებობდა კომპრომატი, რასაც გამოიყენებდა როგორც „ნაცმოძრაობა“, ასევე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები?
- ეს კადრები არ მინახავს და არც ვნახავ, მარტო ეს კი არა, არც ერთი ანალოგიური კადრი არ მინახავს… შემოთავაზებები იყო, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი. მე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, რასაც მეკითხებით, ამ თემაზე, მაგრამ, თუკი ამ კადრების შესახებ ცნობილი იყო ვიღაცისთვის, მისი სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის და ამაში გეთანხმებით, რადგან ყოველთვის შეიძლება ასეთი კომპრომატი გამოყენებული იყოს მესამე მხარის მიერ გარკვეული მანიპულაციებისთვის.
- ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო იმ ფირების არსებობის შესახებ, რასაც „ნაცმოძრაობა“ არჩევნების დროს მისი გუნდის წევრებზე იღებდნენ. „თვალს ვერ მისწორებდნენ ჩვენი თანაგუნდელები და მე შევუთვალე, თქვენს პირად ცხოვრებაში არ ვერევი, მთავარია, თქვენს მეუღლეებთან მოაგვაროთ ურთიერთობებიო“. მისი ეს განცხადება ადასტურებს, რომ ის საქმის კურსში იყო, ვისზე რა ფირი არსებობდა. კიდევ ერთხელ გკითხავთ, რატომ წარადგინა ეს ქალბატონი უმაღლეს თანამდებობაზე?
- ჩვენ მაშინ ვიყავით ომში, რასაც სჭირდებოდა მაქსიმალური კონსოლიდაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც მზად იყვნენ რეჟიმთან ბრძოლაში შესასვლელად… ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოსტები გადანაწილდა პარტიული კვოტების მიხედვით და ეს პოსტი ირაკლი ალასანიას გუნდს ერგო. თავად ირაკლი ალასანიას პარტიამ წარადგინა კანდიდატები ამა თუ იმ პოსტზე… თუმცა მე რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები და ეს ამბავი მცოდნოდა, პირადად ვეტყოდი იმ პარტიას, რომ თქვენ გაქვთ სისუსტე, რაც შეიძლება ვიღაცამ ბოროტად გამოიყენოს.
- სხვათა შორის, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ამ მხრივ პატიოსნად მოიქცა, იყო კობა დავითაშვილი, რომელიც მივიდა ივანიშვილთან და უთხრა, რომ ის ვერ გამოდგებოდა კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, რადგან მას ჰქონდა ბევრი სისუსტე, რასაც ოპონენტები გამოიყენებდნენ… ბოლო თვეებია, მუსირებს აზრი, რომ ხელისუფლება ცდილობს ალასანიას პარტიის წევრების გადმობირებას, სავარაუდოდ, ალასანია რჩებოდა - მაია ფანჯიკიძის, ალექსი პეტრიაშვილის, ნინო გოგუაძის, გია ცაგარეიშვილის იმედად. შეიძლება პარტიის დაშლის მიზნითაც იყოს ეს ამბავი გაკეთებული?
- არ მგონია, ის იმდენად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეული იყოს, რომ დღეს მისი გახლეჩა, კრიმინალური ისტორიები და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, ამისთვის ხდებოდეს. მართლა არ მგონია, ვიღაც ასე სერიოზულად უყურებდეს „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურ პერსპექტივას.
- და მაინც, ვის უნდა აწყობდეს ეს ყველაფერი?
- ერთი რამ ფაქტია, რომ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აზიანებს ხელისუფლებას, თან გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ ფარული ჩანაწერები გაგრძელდა, ამომრჩეველს გაუჩნდება კითხვა, ხელისუფლებას არც ერთი მიმართულებით არ აქვს სერიოზული პოზიტივი… ერთადერთი პოზიტივი არის ის, რომ ხალხს იმ რეჟიმის შიშის განცდა აღარ აქვს, მეტ-ნაკლებად თავისუფლად სუნთქავენ, მაგრამ თუ კვლავ დაუბრუნდათ ის განცდა, რომ კვლავ აშანტაჟებენ, უთვალთვალებენ და პირად ცხოვრებაში ერევიან, ამომრჩეველი იკითხავს – რა შეიცვალა ამ ქვეყანაში?!. თუ თავისუფლად სუნთქვის პოზიტივიც გამოეცალა ამ ქვეყანას, მაშინ რაღა დარჩება? არც არაფერი და მთლიანად ნეგატივში გადადიან და ეს წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება.
- გოგი თოფაძისა და თინა ხიდაშელის დაპირისპირება დროებით გადაიფარა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათ შორის ომი გაღრმავდეს, მით უფრო გოგი თოფაძე ღიად იმუქრება: „ჩვენ პრემიერთან შევთანხმდით, შევწყვიტეთ კამათი, მაგრამ რამდენიმე მაგალითია, როცა „რესპუბლიკელები“ აგრძელებენ გამომწვევი განცხადებების კეთებას, მათ შორის, ქალბატონი მინისტრი - „ცოტასაც მოვითმენ, თავიდანვე მან გაამწვავა, ჩემი შეურაცხყოფა რომ იკადრა, რაზეც პასუხი მიიღო. პატარპატარა კბენებზე რეაგირებას არ ვახდენთ, მაგრამ, თუ ზღვარს გადავლენ, იმდენ რამეს გავახმოვანებთ და იმდენი მასალა შეიძლება დავდოთ პრესასა და ტელევიზიაში, ალბათ, კმაყოფილები არ დარჩებიან…». დაიშლება კოალიცია?
- კოალიცია თავიდანვე ეკლექტური იყო და ეს არის ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, რომელიც მხოლოდ „მრეწველებს“ არ გულისხმობს. წინააღმდეგობები ყოველთვის იყო და ახლა გამოაშკარავდა. ესენი არიან პოლიტიკური წარმონაქმნები, რომლებსაც დაავიწყდათ, რომ ხალხისგან უნდა მიიღონ ლეგიტიმაცია, ხალხი უნდა აძლევდეთ მანდატს, ისინი კი ცდილობენ პოლიტიკაში უკანა კარიდან შეღწევას, მათ შორის, „რესპუბლიკელებიც“… თავდაცვის მინისტრის პოლიტიკური განცხადებები მაღალი ხიფათის შემცველი იყო, მის განცხადებებს უსმენდნენ ოფიცრები, ჯარისკაცები.
წარმოიდგინეთ, თინა ხიდაშელს რომ მაღალი ავტორიტეტი ჰქონოდა ქართულ არმიაში, ამას შეიძლება სამხედრო გადატრიალების რისკებიც კი გაეჩინა. ჩვენდა საბედნიეროდ, თინა ხიდაშელს არ აღმოაჩნდა მაღალი ავტორიტეტი და როგორც ჩანს, ჯარმა ძალიან არასერიოზულად შეხედა მის განცხადებებს. ზოგჯერ ასეც ხდება, – მინისტრის დაბალი ავტორიტეტი სასარგებლოა ქვეყნისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორების მოხსნით დაიწყო საკადრო რეფორმის გატარება. ეს შეეხება მინისტრთა კაბინეტსაც?
- ბუნებრივია, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილმა შექმნა მიზიდულობის ცენტრი, რეალურად ის არ ფლობს ძალაუფლების არანაირ ბერკეტებს. გარკვეულწილად ის არის ვირტუალური ფიგურა, რომელიც კარგად გამოიყურება, აკეთებს სწორ განცხადებებს, არ შედის კონფლიქტში. გარკვეული სიმპათიები საზოგადოებაში გააღვიძა, მაგრამ მას არ აქვს არანაირი ინსტრუმენტი, რომ ვერტიკალი დალაგდეს. მას არ ჰყავს არც ერთი თავისი დანიშნული მინისტრი, შესაბამისად, არც ერთ მინისტრს არ აქვს ის განცდა, რომ ის არის ვერტიკალური სტრუქტურის ნაწილი. მე ვფიქრობ, კვირიკაშვილმა დააგვიანა ეფექტური სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბება. როდესაც გაჩნდა განცდა, რომ ის რაღაც გადაადგილებებს გააკეთებდა, ამისთვის მოითხოვა ორი თვე კვირიკაშვილმა, მაგრამ დღემდე ცვლილება არ განუხორციელებია. ეს მიანიშნებს მის სისუსტეზე ძალაუფლების გაგებით. კვირიკაშვილი არ არის გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი.
- დაბოლოს, ერთ-ერთი მთავარი თემა, ეს არის თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციები. სტუდენტები აპროტესტებენ კანცლერის პოსტზე გაფრინდაშვილის კანდიდატურას, რომელიც ეჭვმიტანილია „ნაცმოძრაობის“ დავალებების შესრულებაში. აპროტესტებენ „ოდეერებს“ და ა.შ. როგორც წესი, რევოლუცია სტუდენტების ამბოხებით იწყება ყველგან და ყოველთვის. რას უნდა ველოდოთამ პროცესისგან და ეს ყველაფერი რით დასრულდება? არჩევნების წინ რატომ დაიძაბა იქ ვითარება?
- ყველა მიმართულებით პრობლემები აქვს ხელისუფლებას და ბუნებრივია, ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება აგრესიული ამ პერიოდში. რაც შეეხება უნივერსიტეტს, ამ ქვეყანაში გარკვეულწილად თავისუფლების სიმბოლოა. მოსალოდნელიც იყო, ეს პროცესები სათავეს აიღებდა, რაც შეეხება სტუდენტების მოთხოვნებს და მათ ტონს, „ოდეერების“ ნაწილში ამას სრულიად ვიზიარებ, არა მხოლოდ უნივერსიტეტში, `ოდეერის~ ინსტიტუტი არსად არ უნდა არსებობდეს, ეს არის საშინელი საბჭოური გადმონაშთი და ცალსახად გასაუქმებელია. სხვა საკითხია, ის ადამიანი რამდენად არის ბრალდების ადრესატი, იგი ითხოვს სტუდენტებთან შეხვედრას, რაზეც სტუდენტები თავს იკავებენ. რატომ? აი, ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ეს მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ პროტესტში რაღაც წესრიგში არ არის. მათ დაიწყეს პოლიტიკის თამაში – ბოიკოტი ტელევიზიას, ოპონენტთან შეხვედრაზე უარის თქმა, ეს არ არის ახალგაზრდების ნატურალური პროტესტი, ეს უკვე პოლიტიკური თამაშის რაღაც ნაწილია….
„კვირის პალიტრა“, 14 მარტი, 2016 წელი
“მეგის ქარდავას ჰქონდა ფარული ჩანაწერები, მათ შორის “ქართული ოცნების” ქალბატონებზე”
ანა გიორგაძე
ალბათ ყველას ახსოვს გასული წლის 17 ოქტომბერს უკრაინულმა ვებგვერდმა Tube.ua-მ, სათაურით, “როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით”, წინა ხელისუფლების დროს სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტები, რის შემდეგაც დაკავებული გამომძიებელს “აღიარებით” ჩვენებას აძლევს.
ბუნებრივად გაჩნდა კითხვა: როგორ აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალა უკრაინულ ვებგვერდზე?! იმჟამად საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი სესიაშვილი “კვირის პალიტრასთან” აცხადებდა:
“მოგეხსენებათ, შს სამინისტრომ სამეგრელოს სამალავებიდან ორი ტიპის, საზოგადოებისთვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერები და წამების ფაქტების ამსახველი კადრები ამოიღო. მაშინ პროცესში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჰამერბერგიც აქტიურად მონაწილეობდა და რეკომენდაციებსაც მისგან ვიღებდით. სწორედ ჰამერბერგმა გვირჩია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაგვენადგურებინა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ჩანაწერები კი შეგვენახა, რადგან ისინი საქმეში მტკიცებულებებს წარმოადგენდა. გავრცელებული ფირი დაზარალებულების ადვოკატებს გადაეცა, რადგან სამართლებრივად ჩანაწერები მათი საქმის ნაწილი და მტკიცებულება გახლდათ. ვერ გეტყვით, უკრაინულ საიტზე როგორ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ შს სამინისტროს გარდა, მასალა სხვებსაც ჰქონდათ. მათ გავრცელებაში ხელისუფლებისკენ ხელს ვერავინ გამოიშვერს, ეს ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა”.
იმჟამად ვრცელდებოდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ეს კადრები ქვეყნიდან გაქცეულ შსს-ს მაღალჩინოსნებს მიეყიდათ უკრაინაში სააკაშვილთან დაპირისპირებული ძალებისთვის.
ახლა, როცა კიდევ ერთი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოჩნდა საჯარო სივრცეში, უფრო მეტად გაამძაფრდა ეჭვები და კითხვებიც, ასევე შიში იმისა, კიდევ რას უნდა ველოდოთ?!
შეგახსენებთ, 2012 წლის არჩვენებიდან მოკლე ხანში, ქვეყნიდან გაქცეული მეგის ქარდავას სახელით გავრცელდა განცხადება, რომელშიც მისი ავტორი მაკომპრომეტირებელი ჩანაწერების გავრცელებით იმუქრებოდა. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის სახელით განცხადებაში ეწერა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბაჩო ახალაიას ციხიდან არ გაათავისუფლებდნენ, ყოფილი მაღაჩინოსანი ინტერნეტით კომპრომატებს გამოაქვეყნებდა. ცნობა იმის შესახებ, რომ ძებნილ ექსმაღალჩინოსანს ქვეყნიდან ნამდვილად აქვს გატანილი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, ქარადვას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმაც დაადასტურა.
მეგის ქარდავას ულტიმატუმი პროკურატურამ მაშინ არ მიიღო, ბაჩო ახალაია დღმდე პატიმრობაში რჩება. ახალაიას ბავშვობის მეგობარი, ქარდავა კი წამების, არაადამიანური მოპყრობის და სექსუალური დანაშაულებრივი ქმედების ბრალდებით იძებნება.
ექსპერტი მამუკა არეშიძე, 2013 წელს აცხადებდა, რომ: “მეგის ქარდავას ჰქონდა ფარული ჩანაწერები, მათ შორის “ქართული ოცნების” ქალბატონებზე“.
“კუდის ყოფილი თანამშრომლები წინა ხელისუფლების დროს არაკანონიერი გზით მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერების გაყიდვას ცდილობენ და მყიდველს ეძებენ. ამის შესახებ განცხადება კი ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ასევე 2013 წელს გააკეთა. მისი თქმით, ერთ-ერთი, ვისაც კადრების გაყიდვა უნდოდა გია დგებუაძე, იგივე “მასტერა” იყო.
გთავაზობთ ამონარიდს ხაჭაპურიძის ინტერვიდან, რომელიც გაზეთ “კვირის პალიტრას” მისცა: „ჰოლანდიიდან ამ დღეებში ერთი კაცი დამიკავშირდა, ხომ არ შეიძენ იმ უზარმაზარი არქივის ნაწილსო… ამ კაცს ერთ დროს მე ვიცავდი, ბიზნესმენია, გლდანის ციხეში იჯდა შეთითხნილი ბრალდებით, მერე გაატყავეს და გამოუშვეს. მას საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა ევროპის მოქალაქეობასთან ერთად. გათავისუფლების მერე მალე წავიდა ჰოლანდიაში. იქ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში დაბოდიალებენ. როგორც მითხრა, ამ ჩანაწერებში ასახული არიან “ნაცმოძრაობის” წევრები, ჟურნალისტები, ოპოზიციონერები, მოსამართლეები, პროკურორები… ვისზეც მოისურვებთ ჩანაწერების ნახვას, იმას მოგყიდიან, შეგიძლია შეარჩიოო. რამდენიმე დეპუტატის გვარიც დამისახელა.
- რამდენად ყიდიან და ვინ ყიდის?
- ფასის გარკვევა არც მიცდია, პირდაპირ უარი ვუთხარი, ვინც გადაიღო, იმან უყუროს სხვისი პირადი ცხოვრების ბინძურ კადრებს-მეთქი. კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ყიდიან, ეტყობა, თან წაიღეს და ცდილობენ ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადონ. ალბათ, ამას მარტო მე არ შემომთავაზებდნენ. თუ სადმე ინტერნეტში დადეს, იციან, ამის გაშიფვრა ადვილია და ამიტომ ასე გავრცელებას არჩევენ. დაახლოებით ვიცი, რომელ გუნდს გადაეყარა ჩემი ნაცნობი, ისინი კუდ-ის ის თანამშრომლები არიან, ყველაფერზე რომ აწერდნენ ხელს. გვარებიც მითხრა, მაგრამ თავს შევიკავებ დასახელებისგან.
- იქნებ ერთი მაინც დაასახელოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
- “მასტერაზეა” საუბარი. ის ეძებს მყიდველებს. ვინც შემომთავაზა ყიდვა, იმან ისიც მითხრა, თუ გინდა, უფულოდაც მოვაცემინებო.
“მასტერა” ამჟამად ჰოლანდიის ციხეში ზის, ის 2014 წლის ზაფხულში დააკავეს. 2015 წლის დეკემბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიის იუსტიციის მინისტრმა მის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. როგორც დგებუაძის საქმის პროკურორმა ლევან ადეიშვილი ამბობდა, ყოფილ მაღალჩინოსანს გათავისუფლებაზე უარი უთხრა ჰოლანდიის როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლომ. ამის შემდეგ “მასტერამ” ქვეყანაში თავშესაფარი მოითხოვა, რომლის განხილვასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება. თუმცა პროკურორი აცხადებდა, რომ დგებუაძის საქართველოში ექსტრადირება ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა. მოასწრო თუ არ მან დაკავებამდე სარფიანი მყიდველის ნახვა ან სად ინახება მისი “პანდორას ყუთი”, ეს შესაძლოა მისი საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ გაირკვეს…
თუმცა ეს არსებითად ალბათ ვერ შეცვლის სურათს, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ უზრუნველყო ამ მიმართულებით ქმედითი ზომების გატარება და იმ წყაროების განეიტარლება, საიდანაც ამგვარი ბინძური ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე არსებობს.
მოკლედ, წინა ხელისუფლების მიერ გადაღებული პირადი ხასიათი კადრები არავინ იცის რამდენ ასლად არის გადანახული და ვინ ვისთან, როგორ ვაჭრობს მისით. მათ შორის სულაც არ არის გამორიცხული ეს კადრები სარფიანი გარიგების შედეგად ქვეყნის გარე მტრების ხელშიც აღმოჩნდეს…
სამწუხაროდ, დღემდე რჩება კითხვები თავად ხელისუფლებასთან, რამდენად სრულად იქნა განადგურებული პირადი ხასიათის ფარული ჩანაწერების არქივი?! ხომ არ არის თავად ხელისუფლების შიგნით ხალხი, ვინც ამგავრი ბინძური მეთოდებით აპირებს წინასაარჩევენო პროცესის წარმართვას?! ანაც შეწყვეტილია კი ქვეყნაში ადამიანების უკანონოდ თვალთვალი და მიყურადება?
„კვირის პალიტრა“, 14 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: “რას აკეთებდა ხელისუფლება აქამდე?! მომხდარში იუსტიციის მინისტრმა საკუთარი პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და სხვაზე გადაბრალება სცადა“
ნათია დოლიძე
ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაშფოთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებამ, რამაც ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და პროცესი გადაფარა. ეს ფაქტი ყველა ეთიკურ ნორმას გასცდა და საზოგადოების მოთხოვნა, სასწრაფოდ გამოავლინონ დამნაშავენი, სრულიად სამართლიანია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ ისინი უმკაცრესად დაისჯებიან. ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან სწორედ ამ საკითხის შეფასებით დავიწყეთ.
- უპირველესად უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, უაღრესად აღმაშფოთებელი და დასაგმობია. ყველა ის პირი, ვინც ჩაწერა თუ გაავრცელა ეს ვიდეოფირი, სასწრაფოდ გამოსავლენი და დასასჯელია. იმედია, შესაბამისი ორგანოები სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედებენ. ადამიანის პირადი ცხოვრება არის პირადი ცხოვრება და ის ხელშეუხებელია! საზოგადოების აბსოლუტურად სწორი რეაქცია მარწმუნებს, რომ ამის ჩამდენები ვერ მიაღწევენ მიზანს. მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გააკეთებს დამნაშავეთა გამოსავლენად.
- ამ დღეებში ბევრჯერ ითქვა, რომ მსგავსი ჩანაწერების გაკეთება და ამით ადამიანების დაშანტაჟება, წინა ხელისუფლების მართვის სტილის განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ ბუნებრივად ისმის კითხვა, დღეს რაც ხდება, ეს ხომ პირდაპირ არსებული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა?
- დიახ, თუმცა მესმის კვირიკაშვილისაც, ის ახალდანიშნული პრემიერია. მას იმდენი პრობლემა დახვდა მოსაგვარებელი, რაც დაინიშნა, სულ ცეცხლის ჩაქრობა უწევს.
შესაბამისად, ამ საკითხისთვის ვერ მოიცალა, მაგრამ რას აკეთებდა ხელისუფლება აქამდე? საკითხავია, რატომ ვერ ხერხდება სრულად განადგურება იმ ფარული ჩანაწერებისა, რაც, სავარაუდოდ, სწორედ წინა ხელისუფლებამ ჩაწერა? რას აკეთებენ უსაფრთხოების სამსახურები?!
არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება მანამდე, სანამ საქმეს არ გამოიძიებენ. სამწუხაროდ, ყველგან, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაშიც, არსებობენ როგორც ზნეობრივი, ისე უზნეო ადამიანები, ვისთვისაც მსგავსი მეთოდებით ბრძოლა დასაშვებია, მით უფრო, რომ ძალოვან სტრუქტურებში ძალიან ბევრი კადრი სწორედ წინა ხელისუფლების დროინდელია. თანაც დარწმუნებული ხართ, რომ მხოლოდ ერთი ასლი არსებობდა? თუმცა რთულია ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ ფირი “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა. ყველას და ყველაფერს აქვს თავისი თეთრი და შავი მხარე. იდეალური არავინაა და არც იმას გამოვრიცხავ, რომ თავად ხელისუფლებაში იყოს დამნაშავე მოკალათებული, თუმცა ვეჭვობ, დღევანდელ ხელისუფლებას აწყობდეს მსგავსი რამ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად დამნაშავეების პოვნით სწორედ ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული. არ გამოვრიცხავ, ამგვარი რამ კიდევ მოხდეს, თუ არ იქნა მიღებული უმკაცრესი ზომები.
სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ასეთი უხამსობა ჩაიდინეს. ვიმეორებ, ამგვარი ტექნოლოგიებით მიზანს ვერავინ მიაღწევს, ჩვენ XIX-ში კი არა, XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, მით უფრო, მოსულია ახალგაზრდობა, რომელიც გაცილებით თავისუფალია. აქვე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა “ინტერპრესნიუსის” გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე. ამ პროცესში ყველაზე ცინიკური იყო “რუსთავი 2″-ისა და მისი უფროსის, ნიკა გვარამიას პოზიცია. “ინტერპრესნიუსმა” დაუშვა შეცდომა, აღიარა, ბოდიშიც მოიხადა და რედაქტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც ვიცი, სულ
რამდენიმე წუთით იყო განთავსებული ნიუსი იმის შესახებ, რომ ჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა. გვარამია, რომელიც თავად იყო ფარული ჩანაწერების თანაშემოქმედი, ვინმეს რომ გააკრიტიკებს, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებისგან განსხვავებით, ვერავინ იტყვის, რომ “ინტერპრესნიუსი” ოდესმე რომელიმე ხელისუფლების გავლენას განიცდიდა, ის ყოველთვის ახერხებდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და ობიექტურობას, რითაც საზოგადოების ნდობა მოიპოვა და ასეც გაგრძელდება…
სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად გამაკვირვა თინა ხიდაშელისა და თეა წულუკიანის განცხადებებმა. მაგალითად, იუსტიციის მინისტრის განცხადება ისე არ მომეწონა, რომ ბოლომდე არც წავიკითხე. ეს იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული განცხადება, სადაც აშკარად ჩანდა, რომ მომხდარში იუსტიციის მინისტრმა საკუთარი პასუხისმგებლობა ვერ დაინახა და სხვაზე გადაბრალება სცადა. მისი განცხადება ინფანტილურად მომეჩვენა, რასაც ვერ ვიტყვით პრემიერ-მინისტრზე, რომლის განცხადებაც ძალიან აწონილი იყო.
წინასაარჩევნო პროცესია, მომხდარი სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული, მით უმეტეს, რომ დღეს ამისთვის სათანადო ტექნოლოგიები არსებობს. სხვა შემთხვევაში, ვიმეორებ, არ გამოვრიცხავ კიდევ არაერთი ვიდეოჩანაწერის გავრცელება გაბედონ. ეს საქმე ხელისუფლებისთვის ლაკმუსის ქაღალდივით იქნება, ანუ გამოაჩენს, რა უნდა ამ ხელისუფლებას რეალურად და საით აპირებს ქვეყნის წაყვანას.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზეც უნდა გკითხოთ. ჩვენში ნეგატიურ ტრადიციად დამკვიდრდა, როცა სტუდენტების ენერგიასა და გულწრფელობას ხშირად ძალიან უხეშად იყენებდნენ პოლიტიკოსები. ამჯერად რა ხდება?
- ჩემი აზრით, დღეს უნივერსიტეტში განსხვავებული ვითარებაა. მოგეხსენებათ, სტუდენტები აპროტესტებენ კანცლერის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატურას, რომელზეც, მათი მტკიცებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოდეერია, ანუ გარკვეული სამსახურების მიერ უნივერსიტეტში ჩანერგილი პირი. ვაი, იმ სენატს, რომელიც ამგვარი ადამიანის კანდიდატურას კანცლერის თანამდებობაზე წარადგენს.
რა მორალური კრიტერიუმით განსაზღვრავენ კანდიდატურის შერჩევას?! სენატში არიან ადამიანები, რომელთაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ისინი უმრავლესობას არ წარმოადგენენ. აქაც არის ის პრობლემა, რაზეც უკვე ვილაპარაკე – ის ადამიანები არიან თანამდებობებზე, რომლებიც თავის დროზე პოლიტიკური სიმპათიისა და აქტიურობის მიხედვით შეარჩიეს და არა კვალიფიკაციის. ეს არის ჩვენი განათლების სისტემის ძალიან დიდი პრობლემა. ვიდრე დაიწყებოდა რეფორმა, მე უნივერსიტეტის პროფესორი ვიყავი, საიდანაც 2006 წელს პროტესტის ნიშნად წამოვედი. ვიდრე რეფორმა დაიწყებოდა, ჩვენი უნივერსიტეტი იყო 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის, ახლა 5 000-ში ვეღარ შედის, რატომ? იმიტომ, რომ ის ადგილები, რომელიც უნდა დაიკავოს პროფესიონალმა კადრებმა, დაიკავა ხალხმა, რომელიც რეფორმის დროს პოლიტიკური აქტივობის გამო დასვეს სავარძლებზე, ისინიც ჩაებღაუჭნენ სკამებს და ცოცხალი თავით არ ტოვებენ. აქ ვხედავთ რექტორის სისუსტესაც, არ შეიძლება თანამედროვეობაში ასეთ ადამიანებზე იყოს აღებული ორიენტაცია. საჭიროა მათგან უნივერსიტეტის გათავისუფლება.
- შეიძლება ითქვას, ეს პრობლემა არის თითქმის ყველა სახელისუფლებო ორგანოში… ამ გადასახედიდან, თქვენი აზრით, შეცდომა ხომ არ იყო კოაბიტაცია?
- დიახ, კოაბიტაცია შეცდომა იყო! უფრო სწორად, ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ თავს მოხვეული პროცესი და რომლის ანგაჟირებაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახერხა. არ შეიძლებოდა “ნაციონალური მოძრაობის” რეანიმაცია ისე მომხდარიყო, რომ პოლიტიკაში უზნეო ძალებს დარჩენა მოეხერხებინათ.
“ნაციონალური მოძრაობა” უნდა გასამართლებულიყო ისე, როგორც ფაშისტური პარტია.
- მიმდინარე პროცესები ემთხვევა იმ ვიზალიბერალიზაციის პროცესს, რომელსაც საქართველო გადის. გასულ კვირას მოვისმინეთ ევროკომისრის განცხადებები, რომ უკვე ზაფხულისთვის საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შეძლებენ შენგენის ზონაში გამგზავრებას…
- დიახ, ეს სერიოზული პროცესია. დღეს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებობენ ძალები, რომელთაც ეს პროცესი სულაც არ მოსწონთ და არც არის გამორიცხული, აქ არეულობის პროვოცირებაც სცადონ.
- ხედავთ საშიშროებას, რომ ჩვენი მოქალაქეების ერთბაშად დიდი ნაკადი მიაწყდეს ევროპას, ვინც იქ დარჩენას შეეცდება?
- რაღა დაგიმალოთ და, ამას არ ველი. ვისაც უნდოდა წასვლა ევროპაში და იქ დარჩენა, უკვე წასულია. გარდა ამისა, ევროპაში გაქცეული “კანონიერი ქურდების” დიდი ნაწილიც ევროპულ ციხეებში ზის. შესაბამისად, არც ევროპაში დარჩენის მიზნით წამსვლელი ადამიანების ურიცხვ ოდენობას ველი და არც ქართული კრიმინალის ევროპულ ქვეყნებში მიწყდომას.
თავდაპირველად, ისევე როგორც ისრაელში, შენგენის ზონაშიც, ალბათ, სიფრთხილეს გამოიჩენენ, მერე ყველაფერი ჩვეულებრივ წარიმართება…
ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის თავმოყვარეობის ამბავი უფროა, ვიდრე სოციალური ეფექტის მატარებელი. არ დამავიწყდება, 1995 წელი იყო. მე და ჩემი მეუღლე იმჟამად პარიზში ვცხოვრობდით და ჩავფრინდით იტალიაში, სადაც როგორც აღმოჩნდა, მებაჟეებმა ქართული პასპორტი პირველად ნახეს. მახსოვს, როგორ ეძახდნენ ერთმანეთს, მოდით, ნახეთო! თან გვილოცავდნენ, მაშინ ვიგრძენი, რომ ვიყავი დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენელი. რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაცია არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ახლა ევროპას გარკვეული სირთულეები აქვს, თუმცა, ვფიქრობ, შემოდგომისთვის ყველაფერი დალაგდება.
- გასულ კვირას ორი რეგიონის გუბერნატორი წავიდა თანამდებობიდან. გამოითქმის ვარაუდები, რომ ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს და მალე სამთავრობო ცვლილებებიც ვიხილოთ…
- გუბერნატორების ცვლილებაში რაიმე სტრატეგიულ ნაბიჯს ვერ ვხედავ, რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ეს პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული. თუ მიიჩნევს, რომ რომელიმე ვერ მუშაობს სათანადოდ, და მე ასეთებს მთავრობაში ვხედავ, სავარაუდოდ, შეცვლის, თუ არ გაითვალისწინა კარს მომდგარი არჩევნები და ის, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ახლა ცვლილებები. სიმართლე გითხრათ, ქვეყანაში რაიმე საგანგაშოც არ ხდება, რომ სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობა იყოს. ვხედავთ, რომ ლარი მყარდება, თანაც დოლარის გამყარების ფონზე… ასე რომ, გამართლდა ჩემი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ქადაგიძის წასვლის შემდეგ ლარის გამყარების პროცესი დაიწყებოდა. იმედია, ასეც გაგრძელდება.
„რეზონანსი//მთელი კვირა”, 14 მარტი, 2016 წელი
ინტერვიუ ლადო პაპავასთან: „ჩემამდეც მოვიდა ხმები, რომ აკადემიური საბჭოს ზოგიერთი წევრი ჩემი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებდა“
ვახტანგ შამუგია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური საპროტესტო აქცია გრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა და სასწავლებელში ე.წ. “ოდეერის” შტატის გაუქმებაა. ისინი თსუ-ს რექტორ ლადო პაპავას მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზეც საუბრობენ. რამ გამოიწვია სტუდენტთა პროტესტი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან და არის თუ არა რექტორზე ზეწოლის ფაქტები – ამის შესახებ “მთელი კვირა” ლადო პაპავას ესაუბრა.
- რატომ მოხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის პოსტის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა იოსებ არჩვაძემ?
- ბატონი იოსებ არჩვაძის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნა სენატის სხდომის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე განაპირობა იმ ბინძურმა კამპანიამ, რომელიც გარკვეული ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ აგორდა. კერძოდ, მას ბრალი დასდეს 2009 წელს ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში. ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგანაც სულ მცირე შვიდი ლექტორი უკანონო დათხოვნისაგან სწორედ მისი ძალისხმევით გადარჩა. იყო აგრეთვე ბრალდებები მის პრორუსულ ორიენტაციასთან დაკავშირებით. არგუმენტად მოჰყავდათ “ევრაზიული ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ რამდენიმე შეხვედრაში მისი მონაწილეობა. ითქვა, რომ თითქოს ბატონი იოსები არის პრორუსული ძალის წარმომადგენელი და რომ სწორედ ამიტომ მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე მიუღებელია. თუმცა, არჩვაძე აფხაზეთიდან დევნილია და რამდენად ლოგიკური და სამართლიანია, მას რუსული ინტერესების გამტარებელი უწოდო, ეს სხვა საკითხია…
ბატონი იოსებ არჩვაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ამ ყველაფერზე მაღლა დადგა. უნივერსიტეტში განხეთქილებისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
- გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა რის საფუძველზე იქნა შერჩეული?
- თავდაპირველად, კანცლერის კანდიდატურის განხილვისას, აკადემიურმა საბჭომ 8 ხმით მხარი დაუჭირა იოსებ არჩვაძის კანდიდატურას, გიორგი გაფრინდაშვილს ხმა 6 წევრმა მისცა. საინტერესოა, რომ დანარჩენმა 3-მა პირმა მიიღო 0 ხმა. მას შემდეგ, რაც არჩვაძემ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, ჩატარდა განმეორებითი კენჭისყრა, სადაც სამმა კანდიდატმა კვლავ 0 ხმა მიიღო, ხოლო გაფრინდაშვილს მხარი 9 წევრმა დაუჭირა. მათგან სამმა მანამდე იოსებ არჩვაძის კანდიდატურას მისცა ხმა, თუმცა მათივე განმარტებით, გაფრინდაშვილს დაუჭირეს მხარი როგორც ძლიერ კანდიდატს, რომლის პრეზენტაციაც მოეწონათ. საბჭოს დანარჩენმა ხუთმა წევრმა, მათ შორის მეც, მის კანდიდატურას მხარი არ დავუჭირეთ.
- თქვენ რატომ არ დაუჭირეთ მხარი მის კანდიდატურას?
- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გიორგი გაფრინდაშვილს, როგორც პიროვნებასა და პროფესიონალს, დადებითად ვახასიათებ. მან ახლახან დაიცვა თავისი სადოქტორო ნაშრომი. ის განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდაა, თუმცა მე მისი კანდიდატურის წინააღმდეგი ვარ. მიზეზი ამისა არის ის, რომ მას ადანაშაულებენ 2011 წელს სტუდენტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული პირების მფარველობაში. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მას პატივი უნდა ვცეთ. მეორე მხრივ, როდესაც პიროვნებას აქვს პრეტენზია მაღალი რანგის თანამდებობაზე, მისი წარსული საქმიანობა არ უნდა ბადებდეს შეკითხვებს და არ უნდა იყოს დაპირისპირებისა და განხეთქილების მიზეზი. ამაზე მილაპარაკია პირადად მასთანაც და ამის შესახებ აკადემიური საბჭოს სხდომაზეც ვისაუბრე.
- სტუდენტები აკადემიური საბჭოს მხრიდან თქვენზე ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობაზე საუბრობენ…
- ჩემამდეც მოვიდა ხმები, რომ აკადემიური საბჭოს ზოგიერთი წევრი ჩემი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებდა, თუმცა კონკრეტულად ვინ – ჩემთვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ ეს სპეციფიკური პროცესია, რომლის წესსაც შესაბამისი წესდება განსაზღვრავს. აკადემიური საბჭოს წევრთა სულ მცირე 1/3-მა, ანუ 5-მა წევრმა უნდა დააყენოს ეს საკითხი. თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს მხოლოდ ხმებია, რომელთა რეალურობა-არარეალურობას დრო გვიჩვენებს.
- სტუდენტების მიერ აქციების გამართვა პროტესტის გამოხატვის რამდენად სწორ საშუალებად მიგაჩნიათ?
- უნივერსიტეტში სასწავლო-სამეცნიერო პროცესი მშვიდ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს. მეორე მხრივ, ეს არის დემოკრატიული აკადემიური სივრცე, სადაც საკუთარი მოსაზრებისა და პოზიციის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს. ახალგაზრდები კი მაქსიმალისტები არიან, რაც გასაგებიცაა. შესაბამისად, მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის სრული უფლება, რასაც მათ ვერავინ აუკრძალავს. თუმცა, ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. გაისმა ბრალდება, თითქოს ყოველივე ეს ჩემ მიერ არის ორგანიზებული, რაც სრული აბსურდია. არცერთ რექტორს არ სურს მღელვარება საკუთარ უნივერსიტეტში, რადგანაც, ღმერთმა არ ქნას და ამ სტუდენტთაგან რომელიმეს რომ რამე დაუშავდეს, მთელი პასუხისმგებლობა ხომ მას აწვება.
- :თქვენ აზრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 11 მარტს გაკეთებული განცხადება შეიძლება თუ არა ჩაითვალოს უნივერსიტეტის საქმეებში ჩარევის მცდელობად?
- ბატონი გიორგი კვირიკაშვილის განცხადება სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს ინტერპრეტირებული. პირადად ჩემი აზრით, ეს არ იყო ბრძანება ან მოწოდება, ეს იყო თხოვნა, ერთი მხრივ, გიორგი გაფრინდაშვილის მისამართით, რომ მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა, ხოლო მეორე მხრივ, რექტორის მიმართ, რათა ამ უკანასკნელს უზრუნველეყო საარჩევნო პროცესის გამჭვირვალეობა.
საგულისხმოა, რომ პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც თსუ-ში მიმდინარე პროცესებმა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებშიც ჰპოვა გამოხმაურება. ამიტომ მისი ეს გამოსვლა მე აღვიქვი როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე აუცილებლობა, რადგან მღელვარება, განსაკუთრებით კი უმაღლეს სასწავლებლებში, არცერთი საღად მოაზროვნე პირისა თუ ჯგუფის ინტერესებში არ შედის. სტუდენტურ პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს რკინიგზელებმა, ტყიბულელმა მეშახტეებმა… და შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არის გასაკვირი ის, რომ პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
- საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, თსუ-ში უშიშროების ოფიცერს ხელშეკრულება უკვე შეუწყდა. თუმცა, მან ამ შტატის არსებობა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების მხრიდან უნივერსიტეტის სტუდენტების გადაბირების ფაქტების პრევენციის მცდელობით ახსნა. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ამის საფრთხე?
- სიმართლე გითხრათ, მე ამ განცხადებას არ ვიცნობ და ამასთან, უსაფრთხოების საკითხებზე რაიმე სახის შეფასებას ვერ გავაკეთებ, რადგანაც ამ სფეროს სპეციალისტი არ გახლავართ. თუმცა კი ჩვენი ქვეყანა დიდი რისკების წინაშე დგას, ეს ფაქტია და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მათი პრევენციისათვის.
რაც შეეხება უნივერსიტეტს, აქ ამ სისტემის არსებობა მისაღები არც ჩემთვის არის, რადგანაც უმაღლესი სასწავლებელი არის საგანმანათლებლო დაწესებულება.
რაც შეეხება დასახელებულ გვარებს, რომლებზეც არის საუბარი, რომ არიან უშიშროების თანამშრომლები, არაფრის თქმა არ შემიძლია გარდა იმისა, რომ არიან ადმინისტრაციის თანამშრომლები, შუბლზე კი არავის აწერია, ვინ ვინ არის. ერთ-ერთი პირის ვინაობა კი აღმოჩნდა, რომ იცოდა ყველამ – სტუდენტებმაც, პროფესორ-მასწავლებლებმაც და, შესაბამისად, რექტორსაც ეცოდინებოდა.
ის პირი, ვიზეც დღეს არის საუბარი, გახლავთ კანცლერის თანაშემწე. კანცლერის პოსტი ამ ეტაპზე ვაკანტურია და ამ ფუნქციას მოვალეობის შემსრულებელი ასრულებს. უახლოეს დღეებში მე მას დაველაპარაკები, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
- სტუდენტების მხრიდან გამოითქვა პროტესტი სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის თაობაზე, კერძოდ კი, ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაზე, რას იტყოდით ამის თაობაზე?
- ეს ძალიან რთული საკითხია. სტუდენტურ თვითმმართველობასა და სხვადასხვა სტუდენტურ ჯგუფებს შორის უთანხმოება ყოველთვის იყო. თუმცა, სტუდენტური თვითმმართველობა ერთადერთია, რომელიც არის არჩეული ლეგიტიმურად და რომლის ფუნქციონირებაც კანონით რეგულირდება. მის ფუნქციონირებაში კორექტივების შეტანა მხოლოდ შესაბამის კანონში შესაბამისი ცვლილებების შესვლის შემდეგ არის შესაძლებელი.
სტუდენტების კრიტიკის მთავარი ობიექტი მისი ფინანსური საქმიანობაა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ თუ ადრე თვითმმართველობისათვის განკუთვნილი თანხა წინასწარ განისაზღვრებოდა, დღეს ეს ასე არ არის. ახლა ისინი იღებენ იმ თანხის ნაწილს, რაც ზოგადად სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. ამ თანხის დიდი ნაწილი ხმარდება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდების სასწავლო გადასახადის დაფარვას. სოციალურად დაუცველ სტუდენტებს კი ქალაქ თბილისის მერია და განათლების სამინისტრო აფინანსებენ.
ე.წ. “ბაკურიანის ტრენინგების” თემაზე კი, რასაც სტუდენტებში დიდი რეზონანსი მოჰყვა, მინდა ვთქვა, რომ მსგავსი აქტივობების დაფინანსება-არდაფინანსების საკითხის გადასაწყვეტად სპეციალური რეგულაციის შემოღების ინიციატივით ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მივმართე სენატს, თუმცა, ამ გადაწყვეტილების აღსრულებას რექტორისა და კანცლერის ერთობლივი ხელმოწერა ესაჭიროება, რაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ უკანასკნელის პოსტის ვაკანტურობის გამო ვერ ხერხდება.
არის კიდევ ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც სტუდქალაქს ეხება. იქ მართლაც საშინელი მდგომარეობაა, თუმცა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უძლურია, რადგანაც, მიუხედავად არაერთგზის წაყენებული მოთხოვნისა, იგი კვლავ რჩება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. შესაბამისად, ჩვენ რაიმე სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლება იქ არ გვაქვს.
თუმცა, სტუდენტთათვის აქტუალურ სხვა რიგ საკითხებში, მაგალითად, რაც ეხება წიგნების ელექტრონული ვერსიის შექმნას, უცხოური ლიტერატურის კვალიფიციურ თარგმანს ქართულ ენაზე და ა.შ., ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. უკვე ითარგმნა ცხრა სქელტანიანი წიგნი, კიდევ რამდენიმეს თარგმნა უახლოეს მომავალში დასრულდება. ამ და სხვა აქტივობებმა განაპირობა ის, რომ უნივერსიტეტი დაწინაურდა რიგ საერთაშორისო რეიტინგებში და იქცა წამყვან სასწავლებლად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის მასშტაბით.
- უნივერსიტეტში შექმნილი ვითარებიდან არსებულ გამოსავლად რას მიიჩნევთ?
- გამოსავალი არის ის, რომ პროცესები ლეგიტიმურ ჩარჩოებს არ გასცდეს. ამ ჩარჩოს არეგულირებს კანონი განათლების შესახებ და უნივერსიტეტის შიდა განაწესი. თუ ბატონი გიორგი გაფრინდაშვილი საკუთარ კანდიდატურას არ მოხსნის, მაშინ სენატმა უნდა უყაროს კენჭი მის კანდიდატურას. თუ სენატი მას არ მიიღებს, დადგება სხვა პრეტენდენტის არჩევის საკითხი და გამოცხადდება ახალი კონკურსი ახალი კანდიდატის შესარჩევად.
„რეზონანსი//მთელი კვირა”, 14 მარტი, 2016 წელი
უნდა გაუქმდეს თუ არა “ოდეერის” ინსტიტუტი
გვანცა ღვედაშვილი
თითქმის ერთი კვირაა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები აქციებს მართავენ. ისინი მოითხოვენ სასწავლებელში “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობის შესახებ გამოძიების დაწყებას, კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირებას, გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას, თვითმმართველობის ფუნქციისა და ადმინისტრაციული უფლებების მინიმალიზაციას.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა აცხადებს, უნივერსიტეტში “ოდეერის” ინსტიტუტთან დაკავშირებით მოკვლევა ორშაბათიდან დაიწყება. აღნიშნულის გამოკვლევა უნივერსიტეტის აუდიტის სამსახურს დაევალება.
“ბუნებრივია, უნივერსიტეტი დაიწყებს მოკვლევას, რადგანაც საკითხი ასეთი მწვავეა და ასეთ ფორმამდე მივიდა. ბუნებრივია, ეს საკითხები იქნება შესწავლილი. თუმცა კონკრეტულად რა დაიდება და როგორ დაიდება, ამას მე ვერ გეტყვით”, – განაცხადა ლადო პაპავამ.
უნდა გაუქმდეს თუ არა “ოდეერის” ინსტიტუტი საერთოდ, თუ ზოგიერთ სამსახურში უნდა დარჩეს? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):“საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მას აქვს თავისი საიდუმლოებები. იგი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო. მიმაჩნია, რომ ზოგიერთ სტრუქტურასა და დაწესებულებაში ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტი უნდა არსებობდეს, მაგრამ სასწავლო, სამედიცინო დაწესებულებებში, აგრეთვე კულტურისა და განათლების სამინისტროებში “ოდეერის” ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს. მით უმეტეს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და შედეგ “ნაციონალური მოძრაობის პერიოდში არსებობდა, როცა ამ სისტემის გაფურჩქვნა მოხდა. “ოდეერის” სისტემა უნდა არსებობდეს, თუმცა, ის არ უნდა ერეოდეს უნივერსტიტეტის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი არის ავტონომიური დაწესებულება და, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების თვალთვალი, რაც სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში გვქონდა.”
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): “სირცხვილია რომ დღეს უნივერსიტეტში “ოდეერზეა” საუბარი. რაღა დროს “ოდეერია”. ეს არის რუსული ჟარგონი და საქართველოში “ოდეერის” დრო ნამდვილად აღარ არის.
მიხეილ ღანიშაშვილი (მწერალი): “იცით, რა არის? ეს ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტები უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა დაწესებულებებში, თუკი ისინი ცალსახად ემსახურებიან უშიშროების უზრუნველყოფის საკითხს, შეიძლება, რომ მისაღები იყოს. მაგრამ თუ ამ ინსტიტუტს სახელმწიფო იყენებს როგორც ბერკეტს სხვადასხვა სუბიექტებთან მიმართებით, ამ შემთხვევაში ცალსახად მიუღებელია.”
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): “საერთოდ, თვალთვალისა და კონტროლის ინსტიტუტი თუ ქვეყნის საგარეო და შიდა ინტერესების დამცველია, შესაძლებელია არსებობდეს, მაგრამ ისეთ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ წარმოადგენს, ყოველგვარი თვალთვალი მიუღებელია.
“ბუნებრივია, უნივერსიტეტში მსგავსი ინსტიტუტის არსებობა დაუშვებელია. ალბათ ამიტომაც გამოიწვია საზოგადოების და სტუდენტების ასეთი მწვავე რეაქცია ამ ყველაფერმა. “ოდეერის” არსებობა უნივერსიტეტში გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის, სტუდენტებისა და იქ მომუშავე ადამიანების პიროვნული თავისუფლებას.”
„რეზონანსი//მთელი კვირა”, 14 მარტი, 2016 წელი
საქართველოს ხელისუფლება სეპარატისტებს აფხაზეთიდან გატანილ სიძველეებს უბრუნებს?
თიკო ოსმანოვა
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს ომის დროს სოხუმიდან თბილისში ჩამოტანილი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების უკან დაბრუნებას სთხოვს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხის დაყენებას ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე აპირებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით თბილისიდან “პოზიტიური სიგნალები” უკვე შეიმჩნევა. თუმცა რა იგულისხმება ამაში, უცნობია.
ხომ არ დათანხმდა ქართული მხარე თბილისში დაცული აფხაზეთთან დაკავშირებული სიძველეების სოხუმში დაბრუნებაზე და რის სანაცვლოდ – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატში ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს. ამის შესახებ არც საპატრიარქოში იციან არაფერი.
ქართველი მეცნიერები კი აცხადებენ, რომ აფხაზეთის ომის დროს სოხუმში დაცული სიძველეების უმრავლესობა განადგურდა და თბილისში არაფერი ჩამოუტანიათ. მათივე ვარაუდით, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება შესაძლოა ომამდე გაცილებით ადრე, სსრკ-სა და რუსეთის იმპერიის პერიოდში აფხაზეთიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გადატანილ სიძველეებს ითხოვდეს.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, აფხაზებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების კულტურულ ასპექტს.
“ძალიან მნიშვნელოვანია საარქივო დოკუმენტების დაბრუნება, რომელიც აფხაზეთმა ომის დროს დაკარგა.
ვფიქრობ, ეს პროცესი გაიწელა, მაგრამ იგი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აქ ყველა ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობაა საჭირო. იმედი მაქვს, რომ ჟენევაში გაიმართება აფხაზეთის არქივის დირექტორისა და მისი ქართველი კოლეგის შეხვედრა. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც უნდა გადავწყვიტოთ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ, რომელსაც შეუძლია რეგიონში დაძაბულობა შეასუსტოს”, – განაცხადა ჩირიკბამ.
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს დაესწრება თუ არა საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორი და კონკრეტულად რა საარქივო მასალებზეა საუბარი, უცნობია. კულტურის სამინიტროში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.
ისტორიის დოქტორის, პროფესორ ლია ახალაძის ვარაუდით, საუბარი შესაძლოა იყოს აფხაზეთის ძველ ხელნაწერებზე, რომელიც ენგურგადმოღმა ჯერ კიდევ ყ|ყ საუკუნეში მოხვდა. მისივე თქმით, სოხუმის დაცემის დროს არქივი დაიწვა და შეუძლებელია, იქედან რაიმე მასალა გამოეტანა ვინმეს. აქედან გამომდინარე მისთვის დე ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნა გაუგებარია. მისივე თქმით, სიძველეთსაცავი მხოლოდ თბილისში არსებობს და სხვაგან ეს ხელნაწერები განადგურდება.
ისტორიკოს სერგო ვარდოსანიძის განმარტებით, ჩამოტანილი კულტურული მემკვიდრეობის უკან დაბრუნება სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ზოგადად კი ასეთი რამ იშვიათად ხდება.
“საერთოდ, როდესაც მუზეუმში რაიმეს გადმოიტანენ, იქიდან გადატანა არის ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფოსა და მოსახლეობის კეთილი ნება. იშვიათია, რომ რაიმე უკან დაბრუნდეს, ეს იქნება ომის თუ სხვა შემთხვევაში.
“ამ ვითარებაში კი გააჩნია, რა ღირებულება აქვს მას საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის – თუ ეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დათბობისათვის მნიშვნელოვანი იქნება, მაშინ მივესალმები, მაგრამ თუ ამას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, მაშინ, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვარ”, – გვითხრა ვარდოსანიძემ.
ისტორიკოსტთა ნაწილის თქმით, აფხაზეთის ომის დროს დედაქალაქში არცერთი ხელოვნების არტეფაქტის ჩამოტანა არ მომხდარა, რადგან ყველაფერი ომის შედეგად ადგილზე განადგურდა.
თბილისში აფხაზეთიდან ომის დროს ჩამოტანილი არცერთი სამუზეუმო ექსპონატი არაა დაცული, ამის შესახებ “მთელ კვირას” ეროვნულ მეზუმშიც განუცხადეს.
ისტორიკოს გია ანჩაბაძის თქმით კი, აფხაზეთის “ხელისუფლება” შუა საუკუნეების არტეფაქტების და სიწმინდეების უკან დაბრუნებას ითხოვს. ამბობს, რომ სია საკმაოდ დიდია და მასში შედის ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი, ბედიის თასი, აფხაზეთის კათალიკოსის კვერთხი და სხვა.
“როგორც ვიცი, საარქივო მასალებსა და ხელნაწერებზე არ არის საუბარი. ლაპარაკია ძირითადად სიწმინდეებზე, რომელიც თბილისში სხვადასხვა ადგილას არის დაცული.
“აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამის დაბრუნებას უკვე დიდი ხანია ითხოვს. რას აპირებენ თბილისში, არ ვიცი, თუმცა, ზოგადად, კეთილი ჟესტები ვითარების დარეგულირებაში დადებით როლს თამაშობს”, – უთხრა “მთელ კვირას” ანჩაბაძემ.
ისტორიკოსი ანზორ სიჭინავა კი ამბობს, რომ ბედიის თასი და ბიჭვინთის ღვთისმშობელი საქართველოს სიწმინდეებია, რომელიც ჩვენთან მრავალი წელია დაცულია. შესაბამისად, იგი ამ სიწმინდეების უკან დაბრუნების წინააღმდეგია.
მისივე თქმით, აფხაზეთის ომის დროს თბილისში აცერთი კულტურული მემკვიდრეობის ჩამოტანა არ მომხდარა.
“როგორც ვიცი, ომის დროს დაიწვა და განადგურდა არქივი და გულუას სახელობის კვლევითი ინსტიტუტი. რაც შეეხება სამუზეუმო ექსპონატების გადმოტანას, ასეთი რამ არ გამიგია.
“ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი ბიჭვინთიდან გელათში 1569 წელს გადმოიტანეს. მაშინ აფხაზეთის კათალიკოსის რეზიდენცია იყო ბიჭვინთაში, თუმცა ჩრდილოკავკასიელების შემოსევის შემდეგ კათალიკოსის რეზიდენცია გადმოიტანეს გელათში. აფხაზეთის კათალიკოსი ერქვა, მაგრამ სულ ქართველები იყვნენ მათ ასევე რეზიდენცია ჰქონდათ ხობში.
“რუსეთის წაქეზებით მე-20 საუკუნის 10-იან წლებში მოინდომეს ამ ხატის აფხაზეთში გადასვენება. ამასთან დაკავშირებით ხელმოწერებიც შეაგროვეს და მოსკოვშიც იმსჯელეს, სადაც გადაწყდა, რომ ხატი არ არის რომელიმე კერძო ეკლესიის საკუთრება. ეს საკათალიკოსო რეზიდენციის საკუთრებაა. გადაწყდა, რომ ხატი დარჩებოდა გელათში. სხვათა შორის, ამ ხატს ქართული წარწერა აქვს.
“რაც შეეხება ბედიის თასს, ბედიის ტაძრიდან გადაიტანეს ილორში. ილორის ტაძრის დაზიანების შემდეგ კი ხელოვნების მუზეუმში გადმოიტანეს, სადაც ახლაც დაცულია. თუმცა, მას ჰქონდა სადგარი – ოქროსგან დამზადებული უძვრიფასესი ხელოვნების ნიმუში, რომელიც ილორის ტაძარში დარჩა. ასე რომ, წესით ახლაც იქ უნდა იყოს, თუ არ დაიკარგა არეულობის წლებში”, – გვითხრა სიჭინავამ და დასძინა, რომ ომის დროს აფხაზეთში ქართული ხელოვნების ძალიან ბევრი ნიმუში განადგურდა.ლია ახალაძის განმარტებით კი, აფხაზეთის ძველი ხელნაწერები, ხატები, ჯვრები და სხვადასხვა სახის საეკლესიო ნივთები ჯერ კიდევ ყ|ყ საუკუნის მეორე ნახევარსა და ყყ საუკუნის დასაწყისში მოხვდა თბილისის სიძველეთსაცავში.
“ვერ გავიგე რას გვედავებიან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 1992-1993 წლების ომის დროს აფხაზეთიდან შუა საუკუნეების ძველი ქართული ხელნაწერების, ან საეკლესიო ნივთების თბილისში გადმოტანა არ მომხდარა. აფხაზეთის ძველი ხელნაწერები, ხატები, ჯვრები და სხვადასხვა სახის საეკლესიო ნივთები ჯერ კიდევ ყ|ყ საუკუნის მეორე ნახევრიდან და ყყ საუკუნის დასაწყისიდან მოხვდა თბილისის რამდენიმე სიძველეთსაცავში – საეკლესიო მუზეუმის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ფონდებში.
“აღნიშნულ ფონდებში ხელნაწერები და სხვადასხვა ისტორიული მასალა (ხატები, ჯვრები, საეკლესიო ნივთები) სხვადასხვა გზით მოხვდა, მათი ერთი ნაწილი ადგილზე დაუცველი იყო. შესაბამისად, არსებობდა მათი განადგურების საფრთხეც.
“საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ მარი ბროსეს, დიმიტრი ბაქრაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, პრასკოვია უვაროვას, კარლა სერენას და სხვა მკვლევართა და მოგზაურთა მიერ ადგილზე აღწერილი სიძველეებიდან დღეს ნახევარი არ არის შემორჩენილი და რაც შემორჩა, ისიც მხოლოდ თბილსში არსებული სიძველეთსაცავების წყალობით”, – გვითხრა ახალაძემ.
მისივე თქმით, აფხაზეთში და არც სხვა რეგიონში არ არსებობდა სიძველეთსაცავი.
“იმ დროს საქართველოს არცერთ ისტორიულ მხარეში, მათ შორის არც აფხაზეთში არ არსებობდა სიძველეთსაცავი, სადაც ძველი ხელნაწერების, საარქივო მასალების, წიგნებისა და სხვადასხვა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების შენახვა მოხდებოდა. ეს მისია მაშინ თბილისმა იკისრა.
“დღეს ბავშვმაც კი იცის, რომ საბჭოთა ოკუპაციის დროს ამ ხელნაწერების და ისტორიული განძის დიდი ნაწილის გადარჩენა ექვთიმე თაყაიშვილის სახელთან არის დაკავშირებული.
რომ არა მისი თავგანწირული ბრძოლა ამ განძის გადასარჩენად, მისი საზღვარგარეთ გადამალვა და შემდეგ საქართველოში დაბრუნება, შესაძლოა მას ისეთივე ბედი გაეზიარებინა, როგორც ეს საეკლესიო სიძველეებთან მიმართებით მოხდა რუსეთში ბოლშევიკური საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრების პირველ ეტაპზე”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას ისტორიკოსი.
მისივე თქმით, აფხაზეთის ძველი ხელნაწერები თბილისში 1958 წლიდან ინახება.
“1958 წლიდან, მას შემდეგ, რაც დაფუძნდა ხელნაწერთა ინსტიტუტი, ახლა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ეს წერილობითი ძეგლები ინახება ამ დაწესებულებაში. მათი შენახვის, კონსერვაციისა და რესტავრაციისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები, შესაბამისი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით ამჟამად მხოლოდ ამ დაწესებულებაშია. სოხუმში მსგავსი პირობები არც მეგულება.
“რაც შეეხება თბილისში დაცულ ბედიის ბარძიმს, ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატს, ბიჭვინთისა და მოქვის საწინამძღვრე ჯვრებს და სხვა საეკლესიო ნივთებს, მათაც დაახლოებით იგივე გზა გაიარეს, რაც აფხაზეთის ქართულმა ხელნაწერებმა. მათი სიაც ჩვენ შევადგინეთ და ვიცით ყველა მათგანის ისტორია. ისინიც ყ|ყ- ყყ საუკუნეების მიჯნაზე მოხვდა თბილისის სიძველეთსაცავებში. ყველა მათგანზე ამოკვეთილია ძველი ქართული ასომთავრული, ნუსხური, ან მხედრული წარწერები. კატეგორიულად ვაცხადებთ, არცერთი ეს ნივთი აფხაზეთის 1992-1993 წლების ომის დროს არ გადმოტანილა თბილისში”, – ამბობს ახალაძე.
მისივე განცხადებით, ეს ხელნაწერები და საეკლესიო ნივთები წარმოადგენენ ქართველი ხალხის მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილ, ქართული წარწერებით შემკულ საგანძურს. შესაბამისად, მათ შენახვასა და მოვლაზე საქართველო იზრუნებს.
“პოლიტიკოსი არა ვარ და არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ მაწუხებს, მაგრამ ერთ შეკითხვას დავსვამ – მაშინ, როდესაც სოხუმის სეპარატისტულ ხელისუფლებას არ აინტერსებს აფხაზეთიდან იარაღით გამოდევნილი 300 ათასი ადამიანის ბედი, არ აწუხებს გალის მოსახლეობის ბედი და უფლებები, რატომ ინტერესდება ამ ადამიანთა წინაპრების მიერ შექმნილი ხელნაწერებით, საარქივო დოკუმენტებითა და საეკლესიო ნივთებით?! თუ ამ ნივთების დაბრუნება სურთ, ჯერ მოითხოვონ ამ ნივთების შემქმნელთა შთამომავლობის დაბრუნება საკუთარ სახლებში.
“როგორც მეცნიერს კი მიმაჩნია, რომ ენგურსგამოღმა საქართველოს არქივებსა და კვლევით ცენტრებში დაცული სიძველეებით უნდა სარგებლობდნენ აფხაზი მეცნიერებიც. საქართველო მზადაა ამისთვის. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ დღეს თბილისში ან სხვა ქალაქებში ჩამოსულ აფხაზს გაცილებით მეტი პატივისცემითა და ღირსებით ხვდებიან, ვიდრე ადგილობრივს, ან დევნილ მოსახლეობას”, – განუცხადა “მთელ კვირას” ახალაძემ.