globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 14 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 14th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: მიხეილ სააკაშვილის საკითხი ქართულ დიპლომატიაში

კვირის პალიტრა: ინტერვიუ იანოშ ჰერმანთან: ნაბიჯ-ნაბიჯ გზა ევროპისაკენ

რეზონანსი: რიგის სამიტი და უვიზო რეჟიმის შანსები

რეზონანსი: საქართველო თავდაცვითი ქოლგის მოლოდინში

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ დავით თევზაძესთან: „როცა თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო ხელშეკრულებაზე აწერს ხელს, ამ საკითხში დიპლომატიური უწყებაც უნდა მონაწილეობდეს“

კვირის პალიტრა: პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი – “ამბობენ, ის ხალხი უშიშროებასთან არის შეკრულიო”

რეზონანსი: სოხუმისა და ცხინვალის შენახვა მოსკოვს 1,2 მლრდ დოლარი უჯდება

———————-

„კვირის ქრონიკა“, 14 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: მიხეილ სააკაშვილის საკითხი ქართულ დიპლომატიაში

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

შეაჩერეთ უსამართლო გადასახადები და მექრთამეობა, – ეს არის შვეიცარიის ელჩის მიმართვა საქართველოს მთავრობას. გიუნეტერ ბეხლერი უცხოელ ინვესტორებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მათ საქართველოში აიძულებენ გადაიხადონ გადასახადები, რომლებიც ან გაუმართლებელია ან წინა ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებს უკავშირდება. შეიძლება თუ არა შევიტანოთ ეჭვი შვეიცარიის ელჩის გულწრფელობაში? რას უკავშირდება მისი ეს განცხადება და რას საუბრობენ დიპლომატიურ კულუარებში საქართველოს ხელისუფლების შესახებ…

კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე „ქრონიკის“ კითხვებს პასუხობს.

- ბატონო პეტრე, თქვენი აზრით, რას უკავშირდება შვეიცარიის ელჩის განცხადება, რამდენად გულწრფელია ის, რას საუბრობენ უცხოელები თქვენთან პირად საუბრებში? ვის ინტერესებს ატარებს გიუნტერ ბეხლერი?

- მინდა შეგახსენოთ გიუნტერ ბეხლერის პრინციპული პოზიცია საქართველოში დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით, მისი ღია პოზიცია, მათ შორის ღია მხარდამჭერი წერილი ბიძინა ივანიშვილისადმი. ეს მაშინ არც ერთ ელჩს არ გაუკეთებია. არჩევნების პერიოდში ყველამ იცოდა, რომ ბეხლერი გამოდიოდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ის დარწმუნდა სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში და არჩევნების გაყალბებაში. გიუნტერ ბეხლერი გახლავთ სერიოზული პოლიტოლოგი, მეცნიერი, უაღრესად პრინციპული ადამიანი.

დიპლომატები, მისი უცხოელი კოლეგები, ყვებოდნენ, რომ მერაბიშვილი იქამდე გაგიჟდა, ორი მანქანა დაჰყვება გიუნტერ ბეხლერს შავსათვალიანი შეიარაღებული ხალხით გატენილი, თან ამას აკეთებენ ღიად.

- მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ჩადის, აზერბაიჯანელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბაქო გეგმაზომიერ და დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებს. ვის მიიწვევენ სტუმრად და ვის არა, ეს ქვეყნის საშინაო საქმეა… ფიქრობთ თუ არა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს ურთიერთობებს სააკაშვილის ვიზიტი დაძაბავს?

- აქაც მინდა ერთი საჭირო განმარტება გავაკეთო. სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს აზერბაიჯანის ელიტაში ჰყავთ პარტნიორები. შემთხვევითი როდია, რომ სწორედ აზერბაიჯანიდან ეზიდებოდნენ ფულს ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე. ცნობილია, რომ ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა აქტიური კონტაქტები აზერბაიჯანის ელიტასთან, ხშირად დადიოდა ბაქოში, ასევე დავით კეზერაშვილს, მეტიც, მერაბიშვილი ბაქოში ყიდულობდა მიტინგების დასარბევად ტყვია-წამალს, იარაღს, მაგრამ სულ სხვა არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოზიცია და შესაბამისად, აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტის პოზიცია.

- და როგორია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოზიცია?

_ ფრიად სკეპტიკური სააკაშვილის მიმართ. რა თქმა უნდა, ის არ წავა მძაფრი პოლიტიკური მოქმედებებისკენ, ალიევი გახლავთ საკმაოდ ფრთხილი პოლიტიკოსი, მაგრამ გაიხსენეთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პარლამენტში გააკეთა განცხადებები, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს საერთო მტერი ჰყავთ და ეს არის რუსეთი, რომელსაც ერთად უნდა ებრძოლონ, მაშინ აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატებმა საპასუხო განცხადება გააკეთეს, რომ სააკაშვილი არის პროვოკატორი და ამ პროვოკაციას აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები არ წამოეგებიან. გაიხსენეთ, სააკაშვილის ფანტასტიკური, პირდაპირ ვთქვათ, გიჟური განცხადება, რომ საქართველო ფედერაციას ქმნის აზერბაიჯანთან ერთად, გახსოვთ?.. მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უარი თქვა კომენტარზე. შესაბამისად, მთელმა აზერბაიჯანის ოფიციალურმა სტრუქტურებმა უარი თქვეს კომენტარზე. ასე რომ, ერთი მხრივ, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ყოველთვის გამოიძებნება ვიღაც საკონტაქტო პიროვნება, რომელიც იტყვის, რომ არავის საქმე არ არის, ვის მიიწვევს სტუმრად აზერბაიჯანი და აზერბაიჯანი სააკაშვილის ექსტრადიციას არ დაუშვებს. მეორე მხრივ, არავინ იფიქროს, რომ რაღაც რეალური ფინანსური ან პოლიტიკური მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილს და მის თანამზრახველებს უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ ალიევის მხრიდან, ეს გამორიცხულია.

- ინტერპოლს მიმართავენ სააკაშვილის დასავლელი მეგობრები, მათ შორის მაკკეინი, რომ არ დაუშვან სააკაშვილის ძებნა, პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რას ამბობენ ამაზე თქვენი უცხოელი მეგობრები?

- უცხოელი დიპლომატების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა არ გაისმის. უცხოელი პროკურორების მრჩეველთა ჯგუფმა, ვინც მილოშევიჩი გაასამართლა და სხვები, ერთი თვის წინ რეკომენდაცია მისცა საქართველოს პროკურატურას, რომ გაგრძელდეს სააკაშვილზე სისხლის სამართლის დევნა. სააკაშვილის წინააღმდეგ შეგროვებული მასალები უცხოელმა პროფესიონალებმა რომ შეისწავლეს, განსხვავებით კარლ ბილდტისგან და ზოგიერთი სხვა ლობისტისგან, აქეთ მოითხოვეს, რომ საქართველოს პროკურატურამ განაგრძოს მიხეილ სააკაშვილზე სისხლის სამართლის დევნა. ეს ძალიან კარგად იციან საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმა. ასე რომ, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, არავითარი სიმპათიები სააკაშვილის მიმართ არ არის, არც რეკომენდაციები მსმენია, რომ ჯობია თქვენმა ხელისუფლებამ შეწყვიტოს დევნა, ერთადერთი, რაც არის ლაიტმოტივად, ნუ მუშაობთ ისე, რომ გაჩნდეს ეჭვები, თითქოს, ეს არის პოლიტიკური დევნა. მე მინდა ვთქვა, უნიათო, არაპროფესიონალმა ახალმა ხელისუფლებამ შეძლო შეუძლებელი, მათ პრაქტიკულად არაფერი გააკეთეს საქართველოს სამართლიანობისთვის, რომ სააკაშვილსა და მის თანამზრახველებს მართლა ეგოთ პასუხი, მეორე მხრივ ამ ფონზე მოახერხეს ის, რომ მსოფლიოს დიდი ნაწილი დააჯერეს, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკურად დევნიან. ნაცვლად იმისა, რომ, პირიქით, შედეგისთვის მიეღწიათ, ესენი დაეპატიმრებინათ, ექსტრადიცია განეხორციელებინათ, თანაც ისე, რომ მსოფლიოში ხმასაც ვერავინ ამოიღებდა პოლიტიკურ დევნაზე, იმდენად ცხადი იქნებოდა მათი ყველა დანაშაული, ამათ საპირისპირო მოახერხეს. ის არ გააკეთეს, რაც კანონით საჭირო იყო. მათ მიაღწიეს, რომ მსოფლიოს ბევრ მთავრობაში ეს კითხვა დაისვა, მიდის თუ არა მათზე პოლიტიკური დევნა?

როცა წელიწად-ნახევარში არაფერი ხდება და ერთ დღეში დებენ სააკაშვილის მიმართ 10 ბრალდებას, კითხვები ჩნდება, – ეს ხომ სიგიჟეა?.. .. ჰოდა, როცა დღეს კითხვას ვსვამ, რატომ ჩადის სააკაშვილი ბაქოში და რატომ იღებს ალიევი მას, რა უნდა ველაპარაკოთ სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს? იყო პერიოდი, როცა ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ გადარჩენაზე ზრუნავდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ახალ წელს ულოცავს… ჩვენ კი გვაქვს პრეტენზია, რომ უკრაინამ გადმოგვცეს სააკაშვილი… ის, რომ სააკაშვილი ასე გამაგრდა კიევში, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიღწევა.

კვირის პალიტრა“, 14 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ იანოშ ჰერმანთან: ნაბიჯ-ნაბიჯ გზა ევროპისაკენ

ვაჟა თავბერიძე

(შემოკლებით)

მარტის ბოლოს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოში საქართველოს მიერ განვლილი პროგრესის ანგარიში წარადგინა. ანგარიში შეიცავდა როგორც განვლილი პროგრესის შეჯამებას, ასევე სამომავლო რეკომენდაციებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ ევროკავშირის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ვესაუბრეთ, როგორიცაა ასოცირების შეთანხმების დანერგვა/რეალიზება, სავიზო რეჟიმის გამარტივება და ევროკავშირის პოზიცია და წვლილი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო განვითარების პროცესში.

- სავიზო რეჟიმის გამარტივებით დავიწყოთ, რასაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი იმედებით ელოდება. როდისთვის იგეგმება პროცესის დასრულება?

- ეს საკითხი მინდა დეტალურად განვიხილო, რადგან მოსახლეობის ნაწილი, ვფიქრობ, მცდარად აღიქვამს იმას, თუ რას ნიშნავს სავიზო რეჟიმის გამარტივება. ეს გულისხმობს ხანმოკლე ვიზიტებს, რომელთა ხანგრძლივობაც არ სცდება 90 დღეს. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივების თარიღს: სამოქმედო გეგმის მეორე, დასკვნით ფაზაში ვართ. ველოდებით ევროკომისიის შემაფასებელ ანგარიშს იმაზე, თუ რამდენად განხორციელდა საქართველოში სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვის საჭირო მოქმედებები. ანგარიში გამოქვეყნდება რიგის სამიტამდე და შემდგომი პროგრესი დამოკიდებულია მის შინაარსზე. თუმცა, დადებითი დასკვნის შემთხვევაშიც კი, დისკუსია გაგრძელდება – ამჯერად თითოეული წევრი ქვეყნის დონეზე და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ. ასე რომ რიგის სამიტისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არც იგეგმებოდა.

- რას აძლევს სავიზო რეჟიმის გამარტივება იმ ქართველ ფერმერს, რომელსაც პარიზის დასათვალიერებლად არც ფული აქვს და არც დრო, მაგრამ ევროპაში სამსახურის შოვნაზე კი უარს არ იტყოდა? ამას გარდა, არსებობს თუ არა რისკი, რომ იმ ადამიანების ნაწილი, ვინც გამარტივებული სავიზო რეჟიმით ისარგებლებს, დაბრუნებას არალეგალურ ემიგრანტად ყოფნას ამჯობინებს?

- რისკები არსებობს და სწორედ მათი შეფასების პროცესში ვართ – საჭიროა გულდასმით გამოვიკვლიოთ რა შედეგებს მოიტანს სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოში. რაც შეეხება სამსახურის პოვნას, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგაც კი, მათ, ვისაც ევროკავშირში სამსახურის პოვნა სურთ, ვიზა და ხშირად მუშაობის უფლებაც, აუცილებლად დაჭირდებათ.

- გადავიდეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე. ხელი უკვე მოვაწერეთ, რატიფიკაციაც მიმდინარეობს, ჯერი განხორციელებაზეა. როგორია ევროკავშირის სტრატეგია ამ კუთხით?

- განხორციელების პროცესი ეს-ესაა დაიწყო. გვაქვს იმედი, რომ დაახლოებით სამი წლის შემდეგ, შეგვეძლება მიმდინარე პროგრესი შევაფასოთ. ზოგადი პროგრესი სახეზეა. სტრატეგიაზე მკითხეთ, ამაზე პასუხი მარტივია – ასოცირების ხელშეკრულება მასიური დოკუმენტია. შეიძლება ვინმემ სცადოს და ჩამოაყალიბოს მასში გაწერილი ათი ან თორმეტი მთავარი მიზანი. მაგრამ რეალურად, განხორციელებას დასჭირდება ასობით პატარა ნაბიჯი სწორი მიმართულებით. უნდა გავიაზროთ, თუ რა ღირებულება აქვს ნაბიჯ-ნაბიჯ სვლას პროგრესისაკენ. ჩვენ ვერ გამოვაცხადებთ დიდებული მიღწევების შესახებ ყოველ დღე, მაგრამ იმედი მაქვს რომ ბეჯითი შრომით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალზე შორს წავალთ. საბოლოო შედეგი კი იქნება ქვეყანა, სადაც ცხოვრების დონე გაუმჯობესდება.

(…)

რეგულარულად ვხვდები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს და მინდა ვთქვა, რომ სრულად აქვთ გააზრებული იმ გარდამტეხი ცვლილებების მნიშვნელობა, რაც ევროპულ ბაზარზე შესვლისთვისაა საჭირო. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, გვაქვს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გატარდეს ესა თუ ის რეფორმა. მაგალითისთვის შრომითი ინსპექციებიც გამოგვადგება. ეს მსოფლიო პრაქტიკაა და ვფიქრობთ, საქართველოშიც დროულად უნდა დაინერგოს – უკეთესი სამუშაო პირობები ბიზნესის სტაბილურობასაც უწყობს ხელს და მეტ ინვესტიციებსაც მოიზიდავს.

(…)

საქართველო იყო და რჩება აგრიკულტურულ ქვეყანად, ასე რომ ადგილობრივი “ნოუ-ჰაუ” დიდი უპირატესობაა, რაც სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ. ეკონომიკური ასპექტების გარდა, სოფლის მეურნეობის განვითარება სოფლის გაძლიერებასაც ნიშნავს – მოსახლეობისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომ მას სოფლის დატოვების სურვილი აღარ უჩნდებოდეს. ასე რომ ვეთანხმები მთავრობას მოსაზრებაში, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის პრიორიტეტად დარჩება მრავალი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომაც, ევროკავშირის მიერ გაღებული გრანტებით თუ ვიმსჯელებთ, აგრიკულტურა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სფეროა (140 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის). ვფიქრობთ, ეს გააუმჯობესებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობებს, განსაკუთრებით დიდ იმედებს ვამყარებთ ასობით თანამედროვე კოოპერატივის შექმნის პროექტზე.

(…)

ექსპორტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის კუთხით უკვე იზრდება და ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ჯერ-ჯერობით, ზრდა ტრადიციულ ქართულ პროდუქციაზე – ღვინოსა და თხილის ექსპორტზე აისახა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ვფიქრობ, ბაზარზე თავს დაიმკვიდრებს ქართული მწვანილი, ბოსტნეული და ხილიც. ასევე, ვფიქრობ, რომ თანდათან “ევროპულ თაროებზე” გამოჩნდება ქართული თაფლი და ყველი. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მინდა ვახსენო – ფიტოსანიტარიული ნორმების ჰარმონიზება, რომელიც ლომის წილს ითამაშებს იმაში, იქნება თუ არა ევროპელი მომხმარებელი ნდობით განმსჭვალული ქართული პროდუქციის მიმართ. ზოგადად, ვფიქრობთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს საექსპორტო პოტენციალს, რაც ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია.

რეზონანსი“, 14 აპრილი, 2015 წელი

რიგის სამიტი და უვიზო რეჟიმის შანსები

ლიკა ამირაშვილი

(შემოკლებით)

“რიგის სამიტამდე დარჩენილ პერიოდში ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით თუკი ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ნაბიჯები არ გადაიდგა, გარკვეული საფრთხე შეიძლება არსებობდეს, რომ რიგის სამიტზე ადეკვატური შეფასება არ მოხდეს”, – ასე აფასებს რიგის სამიტის შესაძლო შედეგებს “რეზონანსთან” საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი.

“რიგის სამიტი მაისში გაიმართება, სადაც საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის სამოქმედო გეგმის შეფასება უნდა მოხდეს. “ჩემთვის ცნობილი არ არის მეორე ეტაპის დასრულების საბოლოო შეფასება. საქართველო რა შეფასებასაც მიიღებს, ეს ადეკვატურად რიგის სამიტზე აისახება. ჩემი მოლოდინით, საქართველომ მეორე ფაზა უნდა დაასრულოს, რიგის სამიტმა საქართველოს მკვეთრი გზავნილი უნდა მისცეს იმისათვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა მიიღოს, ანუ რიგის სამიტი ერთგვარი წყალგამყოფი იქნება”, – აღნიშნავს დავით ზალკალიანი.

“საბოლოო შეფასება იმასთან დაკავშირებით, საქართველომ ვიზა ლიბერალიზაციის მეორე ფაზა რამდენად წარმატებულად შეასრულა, რიგის სამიტზე უნდა მოხდეს. ჩემი მოლოდინია, რომ რიგის სამიტზე საქართველოსთვის თავისუფალი მიმოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ. საქართველოში შემფასებელთა მისია იმყოფებოდა, ხოლო მათ რა დასკვნა დადეს, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის”, – განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღოს, რადგან ამ სიტუაციაში, რა გამოწვევების წინაშეც ამჟამად ჩვენი ქვეყანა იმყოფება, პოლიტიკურ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ბევრი რამ თვითონ ჩვენს ხელისუფლებაზეც არის დამოკიდებული. რიგის სამიტამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, ამიტომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ძალიან აქტიური ნაბიჯები და ქმედებები უნდა იყოს განხორციელებული. კარგი იქნებოდა მაღალი დონის კონტაქტები პარტნიორებთან, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ორმხრივი ვიზიტები ბერლინში, პარიზში და ა.შ. ახლა ჩვენი ხელისუფლება უნდა იყოს ძალიან აქტიური, რასაც სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ. თუკი დარჩენილ პერიოდში ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები არ გადაიდგა, გარკვეული საფრთხე შეიძლება არსებობდეს იმისა, რომ რიგის სამიტზე ადეკვატური შეფასება არ მოხდეს”, – განმარტავს დავით ზალკალიანი.

“ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის მეორე ეტაპი, დიდი ალბათობით, დადებითი უნდა იყოს. “საქართველომ ვიზა ლიბერალიზაციის მეორე ეტაპზე რა შეფასება მიიღო, ჯერ ცნობილი არ არის. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ოფიციალური დოკუმენტი იქნება მოწოდებული, შესაბამისად, იქამდე ვერაფერს ვერ ვიტყვი. დიდი ალბათობით, ანგარიში დადებითი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში, ბევრ სფეროში პროგრესი აშკარად არის. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარდაჭერას, სკეპტიკოსი ქვეყნები არიან და იმ მდგომარეობით, ზოგადად ევროკავშირის შიგნით რა მდგომარეობაც დღეს არის, ნაკლებ სავარაუდოა, ამ პერიოდში ან უახლოეს თვეებში დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ”, – განაცხადა ჩხიკვაძემ.

რეზონანსი“, 14 აპრილი, 2015 წელი

საქართველო თავდაცვითი ქოლგის მოლოდინში

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

საქართველოს თავდაცვის ყოფილი და ამჟამინდელი მინისტრების, ირაკლი ალასანიასა და მინდია ჯანელიძის დაპირისპირების შემდეგ ქართულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოების კუთხით საფრანგეთთან არსებული მოლაპარაკებები.

ჯანელიძის თქმით, კონსულტაციტები აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან. თუმცა ამ სკანდალის გამო მოლაპარაკებებს სკეპტიკურად უყურებენ სამხედრო ექსპერტები.

„საჰაერო თავდაცვის შესძლებლობების განვითარების კონცეფცია და ძირითადი ღონისძიებები სამინისტროში უკვე განსაზღვრულია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული სისტემების მომწოდებლებთან იმისთვის, რომ არსებულ საშუალებებს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, შემუშავებულია სათანადო მექანიზმი, ხოლო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაში უცხოელი პარტნიორები და ის ექსპერტები არიან ჩართულნი, რომლებიც თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციაში მონაწილეობენ.

მინისტრის თქმით, ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჰქონდეს საკუთარი, მაღალტექნოლოგიურ სისტემებთან და მოკავშირეებთან თავსებადი საჰაერო თავდაცვა.

„საჰაერო შეიარაღებულ ძალებს უნარი უნდა შესწევდეს დაიცვას საქართველოს საჰაერო სივრცე ძირითადი საფრთხეებისგან და უზრუნველყოს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოება, თუმცა საჰაერო თავდაცვა ის საკითხი არ არის, რომელიც ერთ დღეში და ერთ კვირაში წყდება. საჭიროა პრაგმატული გეგმა“, – თქვა მინისტრმა.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ ვახტანგ მაიასაიას აზრით, ქართული მხარე, სავარაუდოდ, „ჰაერი-ხმელეთის“ „ასტერ-30“ ტიპის თავდაცვის სისტემაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

„საფრანგეთს აქვთ ორი სისტემა, ჰაერსაწინააღმდეგო და სარაკეტო სისტემები. ჩვენ შემთხვევაში საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაზე. აქედან გამომდინარე, ეს იქნება „ასტერ-30“ თავდაცვის საშუალება. ეს არის სისტემა, სადაც არის რადიოლოკაციური სისტემები და გამოიყენება უფრო ტაქტიკური შენაერთების საჰაერო თავდაცვისათვის და ასევე გამოიყენება სტრატეგიული ობიექტების თავდაცვის მიზნით. საუბარია ჰაერი-ხმელეთის ტიპის თავდაცვაზე. ვფიქრობ, თავდაცვის მინისტრი ამ საშუალებაზე საუბრობს, რადგან ეს არის ამ მიმართულებით ყველაზე კარგი შეიარაღება.

„ამ კუთხით ასევე კარგი ტექნიკა გააჩნია შვედეთს, ბელგიას, გერმანიას. უკრაინელებმა ამის წარმოება იანუკოვიჩის პერიოდში შეაჩერეს. თავდაცვის მინისტრი შესაძლოა ამ ქვეყნებთანაც აწარმოებდეს მოლაპარაკებებს, თუმცა ამ შემთხვევაში საუკეთესო საფრანგეთია. თუმცა ალასანიას სკანდალის შემდეგ რამდენად წამოვა ამ წინადადებაზე ფრანგული მხარე, რთული საკითხია, მე პირადად ამას სკეპტიკურად ვუყურებ“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას მაისაია.

„ეს ძალიან სერიოზული სისტემაა, იაფი ნამდვილად არ ღირს. მას შეუძლია შეცვალოს ძალთა თანაფარდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – ამ კომენტარს კი ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აკეთებს, თუმცა მაისაიას მსგავსად ისიც ამ მოლაპარაკებებს სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, 2008 წლის მოვლენების შემდეგ ევროპის ქვეყნებისაგან საქართველოს არაოფიციალური ემბარგო ჰქონდა დაწესებული. აქედან გამომდინარე, ალადაშვილი ამ მოლაპარაკებებსაც უიმედოდ უყურებს.

„100%-იანი გარანტია,რ ომ ამ მოლაპარაკებების მერე რამეს მივიღებთ, არ არსებობს. ჩვენ გვახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო იარაღის შესყიდვას ვერ ახერხებს. რამე სანქცია დაწესებული არ გვაქვს, თუმცა რუსეთის არგაღიზიანების გამო იგივე ნატოს წევრი ქვეყნები შეიარაღების გადმოცემის, ყიდვის ბლოკირებას ახდენდნენ.

„რაც შეეხება ჯანელიძის განცხადებას, იმ ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათებებიდან, რაც თავდაცვის ყოფილმა მინსტრმა ირაკლი ალასანაიმ განაცხადა, რომ მას შეეძლო ბრძოლა ყველა სახის მოერიშესთან, ბომბდამშენთან, ასევე ისკანდერის ტიპის ბალისტიკურ რაკეტებთან. ასეთი მხოლოდ ერთადერთი სისტემაა, რომელსაც საფრანგეთი აწარმოებს ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად და ეს არის „ასტერ-30“ ტიპის საზენიტო რაკეტები.

„ეს ძალიან სერიოზული სისტემაა, იაფი ნამდვილად არ ღირს და მას შეუძლია შეცვალოს ძალთა თანაფარდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ – გვითხრა ალადაშვილმა. მისივე თქმით, იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით, არაოფიციალური ემბარგო საქართველოს აშშ-საგანაც ჰქონდა დაწესებული.

„2012 წლის დასაწყისში აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით, თუმცა 6 პუნქტიანი გეგმა დღემდე არ შესრულებულა. ასე რომ, მოლაპარაკება არ ნიშნავს იმას, რომ შესრულდება“ – უთხრა „რეზონანსს“ ალადაშვილმა.

„კვირის ქრონიკა“, 14 აპრილი, 2015 წელი

ინტერვიუ დავით თევზაძესთან: „როცა თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო ხელშეკრულებაზე აწერს ხელს, ამ საკითხში დიპლომატიური უწყებაც უნდა მონაწილეობდეს“

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

გასული კვირის ეპიცენტრში თავდაცვის მინისტრი და მისი უწყება აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მინდია ჯანელიძის მიმართ მომავალშიც ბევრი კითხვა გაჩნდება, ამ სიტუაციამ სამხედრო ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე დავით თევზაძემ მოანატრა.

„კვირის ქრონიკამ“ ინტერვიუ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო მშვიდობისთვის“ ლიდერთან დავით თევზაძესთან ჩაწერა.

- ბატონო დავით, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რას ფიქრობთ თქვენი კოლეგების დაპირისპირებაზე, რომელიც უკავშირდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის ჩაშლის მიზეზებს?

- აბსოლუტურად გაურკვეველია, რა პროცესები მიმდინარეობს. მთავრობები მუშაობენ ხოლმე გარკვეულ საკითხებზე, ჩვეულებრივ ასე ხდება, რომ თავდაცვის მინისტრს არ აქვს უფლებამოსილება, თავისი გადაწყვეტილებით რაღაც გააკეთოს საერთაშორისო დონეზე. მეტიც, როცა თავდაცვის მინისტრი საერთაშორისო ხელშეკრულებაზე აწერს ხელს, ამ საკითხში უნდა მონაწილეობდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული. საგარეო საქმეთა სამინისტრო მემორანდუმის მომზადების პროცესში უნდა იყოს ჩართული, პირადად მე, დაახლოებით 28 ხელშეკრულებასთან მქონია საქმე და არ მახსოვს პრეცედენტი, სადაც არ მონაწილეობდა საგარეო უწყება. ეს უბრალოდ, დაუშვებელია. ასე რომ, ალასანიამ როდესაც პარიზში ყოფნის დროს ზარი მიიღო და ამას არა აქვს მნიშვნელობა ვისგან, ვინ დაელაპარაკა მას პრემიერის სახელით, ეს იმას ნიშნავს, რომ ირაკლი ალასანიას თავი უნდა შეეკავებინა და ვითარებაში გარკვეულიყო. თუ საკითხი შეთანხმებული იყო, მაშინ რა შეიცვალა? თითქოს საკითხი ზედაპირზე დევს, მაგრამ კულუარული ინფორმაციებია საჭირო, რაც არ მაქვს, ამიტომაც ზუსტი დიაგნოზის დასმა ძნელია. რაც შეეხება თვითონ სისტემებს, არ ვიცი, რა სისტემების შეძენაზეა ლაპარაკი და ამ სისტემების ექსპლუატაცია რას მოითხოვს. არის ისეთი სისტემები, რომელთა შემოტანასაც აზრი არ აქვს, რადგან ცალკე აღებული სისტემა არაფერს წარმოადგენს, მას ადამიანი მართავს.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ტექნოლოგიები საკმაოდ რთულია, მის მართვას მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები სჭირდება. ამ დანადგარების განსათავსებლად ტერიტორიებია საჭირო. იმის თქმა, რომ საიდუმლოდ ამ ტიპის იარაღი გექნება, არის ბავშვური მიდგომა. გლობალურ ძალებს, არა აქვს მნიშვნელობა რომელს, ზედმიწევნით შეუძლიათ კოსმოსიდან სურათის მიღება. ამიტომაც ამის დამალვა უაზრობაა. როდესაც რთული სამხედრო ტექნოლოგიების შეძენაზე მიმდინარეობს მუშაობა, ჯერ ცდილობენ, პროფესიონალი კადრები მოამზადონ ამ ტექნოლოგიების მისაღებად, ამას დრო სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამ ტექნოლოგიების გადმოცემა. ასეთი ტიპის ტექნოლოგია კარგ ხელში უნდა მოხვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, უბრალოდ, არ იმუშავებს.

(…)

ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები არის ძალიან ძვირი, ებრაელებს რამდენიმე კარგი სისტემა აქვთ, რომელიც ძალიან ძვირია. მე არ ვიცი, ფრანგები რას ყიდიან, უკვე ნახმარ ტექნოლოგიას, თუ საფრანგეთის სატრანზიტო სახელმწიფო გამოდის… ნებისმიერი ტექნიკის შეძენა უნდა იყოს ერთიან გეგმაში საჰაერო თავდაცვის განვითარებისა. მე არ შემხვედრია, რომ ასეთი გეგმა, სტრატეგია და კონცეფცია გვქონდეს საერთოდ. საჰაერო თავდაცვა სამხედრო მოღვაწეობის საკმაოდ რთული სფეროა, დღესდღეობით არ მეგულება მოქმედ შეიარაღებულ ძალებში არავინ, ვისაც ასეთი სტრატეგიული ხედვა აქვს. კი, საქართველოში არის ერთი-ორი სპეციალისტი, მაგრამ ისინი სამხედრო ძალებში არ მსახურობენ.

ახლა რაც შეეხება თქვენი კითხვის ერთ ნაწილს, იყო თუ არა აქ პოლიტიკური სპეკულაცია. ეს თემა არ უნდა გამხდარიყო სასკანდალო, თუ მინისტრ ალასანიას რაღაც არ მოეწონა დანარჩენი მთავრობის მუშაობაში, ეს არანაირად არ უნდა ყოფილიყო სატელევიზიო გარჩევის საკითხი. თუკი ის დემარშს აპირებდა, ალასანია თავისი ნებით უნდა გადამდგარიყო მინისტრობიდან და არ დალოდებოდა, როდის მოხსნიდნენ. გულწრფელად გეტყვით, მთელი ეს სიტუაცია არ არის სასიამოვნო, არ მინდა ცუდი სიტყვა ვიხმარო, მაგრამ გულისამრევია.

(…)

- თქვენ არ გქონიათ შემოთავაზება, ყოფილიყავით პრემიერ-მინისტრის ან თავდაცვის მინისტრის მრჩეველი?

- არა, თავდაცვის მინისტრობის კარიერის დასაწყისში ირაკლი ალასანიასთან მქონდა ერთი შეხვედრა, თუმცა ამ შეხვედრას გაგრძელება აღარ მოჰყოლია. გავიგე, რომ ალასანიას სხვა გენერლებთანაც ჰქონდა ასეთი საუბრები, მაგრამ, როგორც ეტყობა, თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, ვინ სჭირდებოდა, რა სახის მომსახურება სჭირდებოდა, როგორც მრჩევლის, და მან დაამთავრა იმით, რითიც დაამთავრა.

- თავდაცვის მინისტრმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მხარემ რუსეთს იარაღი ჩააბარა, თუმცა ამ მოღალატეობრივი ქმედებისთვის დღემდე არავინ დასჯილა. რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- სანამ არ აღდგება სამხედრო პროკურატურა, მთელი თავისი სტრუქტურით, მანამდე ყველა ეს საკითხი, უბრალოდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულია. თუ ვინმეს აქვს სურვილი ამ საკითხში სერიოზულად გაერკვიოს, პირველ რიგში სამართლებრივ სივრცეში უნდა დააბრუნოს სამხედრო პროკურორი, პარალელურ რეჟიმში უნდა დაიწყოს მუშაობა სამხედრო სასამართლოს აღდგენისაც. ასევე, სამხედრო სასჯელაღსრულების სისტემის, რომელიც არ გვაქვს.

(…)

კვირის პალიტრა“, 14 აპრილი, 2015 წელი

პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტი – “ამბობენ, ის ხალხი უშიშროებასთან არის შეკრულიო

ვრცელ სტატიაში გადმოცემულია პანკისის ხეობაში არსებული ვითარება, ადგილობრივი ახალგაზრდების სირიასა და ერაყში საბრძოლველად წასვლის მიზეზები და მოსახლეობის განწყობა (ავტორი – ნინო ბურჭულაძე).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ორ აპრილს პანკისის ხეობის სოფელ ომალოს სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები რამზან ბაღაკაშვილი და მუსლიმ კუშტანაშვილი გაკვეთილების შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულან. ორი დღის შემდეგ თავად ბიჭებმა შეატყობინეს მშობლებს, თურქეთში ვართო. მიხვდნენ – სირიაში მიდიოდნენ საომრად… უკვე რამდენიმე წელია, პანკისელი ახალგაზრდები საომრად სირიაში მიდიან, მაგრამ მომხდარმა აღაშფოთა ხეობა… ფიქრობენ, რომ ყმაწვილები თავად ვერ გადაწყვეტდნენ წასვლას, მეტიც, თურქეთში გადაფრენაში (ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ), ცხადია, მათ “ვიღაც დაეხმარა”. ამასთან, მუსლიმ კუშტანაშვილი არასრულწლოვანია და მშობლის თანხმობის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებდა. ამ ფაქტის შემდეგ ხეობაში კვლავ ალაპარაკდნენ, რომ პანკისი-სირიის სასიკვდილო მარშრუტზე სპეცსამსახურებს­ თავისი ინტერესები აქვთ და  ამით კარგადაც ხეირობენ.

(…)

სირიაში “ქართველი” მეომრების ყოფ­ნის შესახებ პირველად 2012 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი, როდესაც იქიდან პანკისში ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის ვაჟი ჩამოასვენეს (ეს იყო ერთადერთი შემთხვევა დაღუპულის ჩამოსვენებისა – მოკლულებს ადგილზე მარხავენ). ლაფანყურის მოვლენების შემდეგ ცნობილი­ გახდა, რომ სირიაში მეომრების გადაყვ­ანის ორგანიზებული სქემა არსებობდა და ამაში ქართველი სპეცსამსახურებიც იყვნენ ჩართული.

სირიასა და ერაყში ქართველი საველე მეთაურების გამოჩენამ პანკისელ ახალგაზრდებს მიბაძვისა და ომში წასვლის სურვილი გაუჩინა. ისინი იმასაც ხედავდნენ, რომ “პანკისელი გმირების” მოკრძალებული სახლები მდიდრულმა სასახლეებმა შეცვალა, ხეობაში ძვირად ღირებული მანქანებიც გაჩნდა, ამიტომ შეჭირვებული ახალგაზრდებისთვის სირიაში საომრად წასვლა სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება გახდა. სამწუხაროდ, ალაჰის სახელისთვის “წმინდა ომში” წასული ახალგაზრდები სირიაში საზარბაზნე ხორცად იქცნენ, მათი დიდი ნაწილი ერთ თვეში თვითმკვლელის – შაჰიდის სახელით ამთავრებდა სიცოცხლეს ისე, რომ შეპირებულ 100 ან 200 დოლარსაც ვერ გზავნიდა შინ, ზამთრისთვის შეშის საყიდლად.

როგორ ხდება პანკისელი ახალგაზრდების სირიაში გადაყვანა?

თავდაპირველად ახალგაზრდებს რელიგ­იურ საკითხებსა და “ჯიჰადში” მონაწილეობის სიკეთეებზე ესაუბრებიან. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ფინანსურადაც  წაუხალისებიათ. გადაბირებულებს უმზადებენ­ პასპორტებს და გადაჰყავთ თურქეთში; ადრე საზღვარს სარფის საბაჟოს გავლით ტოვებდნენ, ახლა საჰაერო სივრცით სარგე­ბლობენ. არსებობს კიდევ სხვა გზებიც. (…)

ეს “სხვა გზა” კი საუდის არაბეთის უმა­ღლესი სასწავლებლებია, რომლებიც, თითქოს სასწავლებლად ეპატიჟებიან ახალგაზრდებს. თუ ვინ უხდის ფულს რეკრუტორებს, ეს სტამბოლში ჩეჩენმა დევნილებმა კარგად იციან. როგორც სანდო წყარომ განაცხადა, “რეკრუტორებს“ არაბული ფონდები უხდიან ფულს. როგორც სტამბოლში ამბობენ, პანკისიდან ახალგაზრდების რეკრუტირებას ახმად ჩატაევი კურირებს. ცალხელა ახმადი (საზოგადოება მას ლაფანყურის მოვლენებიდან იცნობს) ახლა “ისლამური სახელმწიფოს” სამსახურშია და, როგორც ამბობენ, საქართველოში “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენელთან აქვს კონტაქტი(?!).

პანკისის ხეობიდან 10 ახალგაზრდაა მოკლული სირიაში (მათი ასაკი 18-26 წელია). არავინ იცის, კიდევ რამდენი პანკისელი ბიჭი ომობს იქ. ოჯახის წევრებს­ ეუბნებიან, თურქეთში მივდივართ სამუშაოდო… როგორც ამბობენ, ხეობა 200-მდე ახალგაზრდამ დატოვა.

არასრულწლოვნების ომში გატყუებამ ხეობაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. შეიკრიბა უხუცესთა საბჭოც, თუმცა, ხეობაში ჯამაათების მომძლავრების კვალად უხუცესთა საბჭო ავტორიტეტს კარგავს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უხუცესთა საბჭოს ახალგაზრდები აღარ უჯერებენ, რადგან ისინი ჯამაათის წევრები არიან, ჯამაათი კი არ ცნობს არც ერთ ინსტიტუციას. თავად ჯამაათში ამბობენ, რომ ხეობაში ყველაფრის ამრევი უხუცესთა საბჭოა, რომელიც, არავინ იცის, რატომ შეიქმნა. ქისტები საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ, თუმცა, დიდი იმედი არა აქვთ.

ხიზრი, (სოფ. დუისი) – ამბობენ, ის ხალხი (რეკრუტორები. – ავტ.) უშიშროებასთან არის შეკრულიო. რას აკეთებს უშიშროება, თუ ამას არ იკვლევს? უკვე მესამე წელია, ჩვენი ბავშვები უცხო მიწაზე იხოცებიან. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ხეობაშიც და ხელისუფლებაშიც, მაგრამ ჩუმად არიან. ჩვენ რაღა ვქნათ? ბევრისგან მომისმენია, – შვილს სკოლაში აღარ გავუშვებთო. ეშინიათ, ბავშვი მოტყუებით არ წაიყვანონ. რა ვიცით, რამდენ ბავშვს გადაუბრუნებენ ჭკუას. არა მგონია, ღმერთს ბავშვის მოკვლა უნდოდეს, თან მშობლის თანხმობის გარეშე. აქ რაც ხდება, ისლამისთვის მიუღებელია, რაც სირიაში ხდება,­ არც ის არის ჯიჰადი. როგორ შეიძლება კლავდე კაცს, რომელიც ალაჰის სახელს ახსენებს.­ მერე რა, რომ დღეში ხუთჯერ კი არა, ოთხჯერ ლოცულობს. მუსლიმანმა მუსლიმანზე ხელი არ უნდა ასწიოს. მოზარდებს­ უბურღავენ ტვინს. იმათაც რა უნდათ – იმ ასაკში არიან, იარაღის დაჭერა­ ვაჟკაცობა რომ ჰგონიათ. ასე თუ გაგრძელდა, სულ გავწყდებით. ეს მიწა-წყალი მერე ვინღამ დაიცვას?

P.S. როგორც ხეობაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მშობლებს შვილების დაბრუნებას ჰპირდება(?!)…

რეზონანსი“, 14 აპრილი, 2015 წელი

სოხუმისა და ცხინვალის შენახვა მოსკოვს 1,2 მლრდ დოლარი უჯდება

მაკა ხარაზიშვილი

(შემოკლებით)

“სეპარატისტული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შენახვა რუსეთის მთავრობას წელიწადში 1 მილიარდ დოლარზე მეტი უჯდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ნავთობის გაიაფების შედეგად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ რუსეთის ბიუჯეტს ეს ორი რეგიონი უკვე “ყელზე ადგას”. “სამხრეთ ოსეთის” ბიუჯეტის 92% რუსული ფულით გროვდება, დანარჩენი 8% კი რუსული ხელფასებიდან აკრეფილი საშემოსავლო გადასახადია. კრემლის მიერ ჩარიცხული ტრანსფერებით ივსება აფხაზეთის ბიუჯეტის ნახევარიც. ბუნებრივია, აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” კონტროლი რუსეთს არანაირ ეკონომიკურ სარგებელს არ აძლევს. ეს სარგებელი უფრო პოლიტიკურია, რომელსაც რუსეთი შავი ზღვისპირეთში, ცენტრალურ და სამხრეთ კავკასიაში და შემდეგ უფრო შორეული მიმართულებით აღწევს. ამიტომ ხარჯი დანიშნულებას ამართლებს. ცოტა სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩიტი ბდღვნად ღირს“.

აფხაზეთში ეკონომიკა ასე თუ ისე არსებობს, რომელიც კუს ნაბიჯებით, მაგრამ წინ მიიწევს, “ე.წ. სამხრეთ ოსეთს“ კი ეკონომიკა, ფაქტობრივად, არ აქვს. ამ რეგიონის 2015 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რუსეთიდან მიღებული დოტაცია საბიუჯეტო შემოსავლის თითქმის 92%-ს შეადგენს. 7,2-მილიარდიანი ბიუჯეტიდან 6,7 მლრდ რუბლზე მეტი რუსეთიდან მიღებული თანხაა. კრემლს ამ რეგიონის შენახვის ხარჯი თითქმის ყოველ წელს ეზრდება. რუბლის კურსის თამაშის გათვალისწინებით, რუსეთი წელიწადში “სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობის ლოიალურობის შესანარჩუნებლად დაახლოებით 150 მილიონ დოლარს იხდის. ეს არის დახმარება ბიუჯეტისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის.

ექსპერტ სოსო არჩვაძის თქმით, ეკონომიკური პარამეტრების გამოქვეყნებისას აფხაზეთის სტატისტიკა უტიფრად ტყუის. სტატისტიკის მიხედვით, ამ რეგიონის ეკონომიკა, დაახლოებით 700 მილიონ დოლარად ფასდება. “ეს ცოტა ღიმილის მომგვრელია. გამოდის, რომ საქართველოს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე მხოლოდ 15%-ით მეტია აფხაზეთის ანალოგიურ მაჩვენებელზე”, – ამბობს სოსო არჩვაძე.

“აქვე წერენ, რომ აფხაზეთის მშპ-ს 60% ვაჭრობაში იქმნება. შეიძლება ითქვას, რომ ვაჭრობა ენგურს აქეთ საქართველოს ეკონომიკისთვისაც ერთ-ერთი მოწინავე დარგია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე სავაჭრო ობიექტებია, ჩვენთან ვაჭრობის წილი მშპ-ში 17-18%-ზე მეტი მაინც არ არის. “წარმოიდგინეთ, ვაჭრობის როგორი ბუმი უნდა იყოს აფხაზეთში, რომ ეს დარგი მშპ-ში 60%-ს აღწევდეს. რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია. ასევე აბსურდული ჩანაწერია, რომ მოსახლეობის შემოსავალი ერთ სულზე 3 ათას დოლარს შეადგენს”, – ამბობს სოსო არჩვაძე.

(…)

“სინტერესოა ისიც, რომ საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედით აფხაზეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 70% მოდის რუსეთის ფედერაციაზე. ამ რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების მიუხედავად, სავაჭრო ურთიერთობების 32% თურქეთზე ნაწილდება, დაახლოებით 4%-ზე ოდნავ მეტი დამალულია და ეს არის ენგურს აქეთ ვაჭრობის წილი. სხვადასხვა დროს ქართველმა ეკონომისტებმა, აფხაზ კოლეგებთან ერთად, წმინდა ეკონომიკური გათვლები განახორციელეს და დადგინდა, რომ 2012-13 წლებში, საშუალოდ, 20-30 მილიონი დოლარის ტვირთი გადაადგილდებოდა ენგურიდან აფხაზეთის მიმართულებით. ეს მონაცემები 2014 წელს უფრო მზარდი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ცხოვრების დონეს. სეპარატისტული სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოსახლეობის შემოსავალი ერთ სულზე 3000 დოლარია, რაც თითქმის 90%-ის დონეზეა ენგურს აქეთ საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან. ეს კი წარმოუდგენელი რამაა, ვინაიდან საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, მოსახლეობა ბევრად უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე სეპარატისტულ რეგიონში. აფხაზეთში მოსახლეობის თითქმის 70 პროცენტი უმუშევარია. რაც შეეხება სამხედრო ხარჯს. რუსეთი აღიარებს, რომ ორივე რეგიონში 4000-4000 სამხედრო ჰყავს განლაგებული და არც იმას მალავს, რომ მისი სურვილი ორივე რეგიონში მძლავრი სამხედრო დაჯგუფებების შექმნაა. პერსპექტივაში თითოეულ რეგიონში 15 ათასმდე სამხედრო მოსამსახურის ჩაყვანა განიხილება.

“რუსეთს ორივე რეგიონში მძლავრი ბაზის შექმის პრეტენზია აქვს. რაც შეეხება სამხედრო ხარჯს, ზუსტი რიცხვის დასახელება ძნელია, მაგრამ თუ განვიხილავთ აფხაზეთსა და ცხინვალში მყოფი შეიარაღებული ძალების ხვედრითი წილის, ასევე სტოკჰოლმის განიარაღების ინსტიტუტის შეფასებებს, აღმოჩნდება, რომ რუსეთს ამ ტერიტორიის სამხედრო ინფრასტრუქტურის მოვლა და მისი კონტროლი სულ ცოტა 600-700 მილიონი დოლარი უჯდება”, – ამბობს სოსო არჩვაძე.

Comments are closed