«КоммерсантЪ» (რუსეთი): „ნაციონალები“ „მეოცნებეებს“ უახლოვ-დებიან // მმართველი კოალიციის რეიტინგი ორჯერ შემცირდა
«Независимая газета» (რუსეთი): NATO-ს მინისტერიალი ანტალიაში და საქართველოს ევროპული პერსპექტივა
«Радио Голос Ирана» (ირანი): აშშ-საქართველოს სამხედრო წრთვნები: ვაშინგტონი „ქართული კარტის“ გათამაშებას ცდილობს
———————-
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 14 მაისი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2725390
„ნაციონალები“ „მეოცნებეებს“ უახლოვდებიან
მმართველი კოალიციის რეიტინგი ორჯერ შემცირდა
„საქართველოს მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებული დისტანცია, თუ ამომრჩეველთა სიმპათიების მიხედვით ვიმსჯელებთ, თანდათან აშკარად მცირდება. ამას მოწმობს საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგები, რომელიც საქართველოში ამერიკელმა ორგანიზაცია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ (NDI) ჩაატარა. „ქართული ოცნების“ რეიტინგის მკვეთრ დაცემას ეროვნული ვალუტის – ლარის გაუფასურებას უკავშირებენ, თუმცა ექსპერტები მიუთითებენ იმ მოქალაქეთა რაოდენობის მომატების საგანგაშო ტენდენციაზეც, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ენდობიან“, – ნათქვამია რუსეთის გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).
პუბლიკაციაში ასახულია NDI-ის მიერ ჩატარებული „ბოლო დროის ყველაზე რეპრეზენტატიული გამოკითხვის მთავარი შედეგები: ამჟამად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, ორჯერაა შემცირებული – თუ 2014 წლის აპრილში „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდა გამოკითხულთა 48%, დღეს მათი რაოდენობა მხოლოდ 24%-ია. იმავე პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტიის რეიტინგიი კი პირიქით, 12-დან 16 პროცენტამდე გაიზარდა.
ოპოზიციური ლიდერები „ქართული ოცნების რეიტინგის კლებას სრულიად ბუნებრივად მიიჩნევენ: „ეს სავსებით მოსალოდნელი იყო ლარის კურსის დევალვირების ფონზე, რომელიც მოკლე დროში 30%-ით გაუფასურდა“, – განუმარტა „კომერსანტის“ კორესპონდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა დავით დარჩიაშვილმა, – მოსახლეობა ხედავს, რომ მთავრობა ამ გამოწვევებს არაედექვატურად პასუხობს, ხელისუფლებას ამ პროცესების მართვა ან არ სურს, ან არ შეუძლია“.
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ოპოზიციონერ დავით დარჩიაშვილის პოზიციას ეთანხმება მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილიც: „რეიტინგის კლება ლოგიკურია, რადგან ლარის დევალვაციამ მკვეთრად გაზარდა ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეთა რაოდენობა“, – განუცხადა მან „კომერსანტს“. ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან ისაა, რომ „ყოველმა ჩინოვნიკმა თავის ადგილზე უფრო ეფექტურად უნდა იმუშაოს“.
ამასთან, ექსპერტები საგანგაშო ტენდენციად მიიჩნევენ იმ მოქალაქეთა რაოდენობის ზრდას, რომლებიც ან არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ენდობიან, ან უპირატესობას არცერთ პარტიას არ აძლევენ. ასე, მაგალითად, NDI-ის გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა 27% განაცხადა, რომ არ იციან ვის მისცემენ ხმას საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა 12%-მა, ხოლო 6%-მა აღიარა, რომ არცერთ პარტიას არ ენდობა. „ეს ციფრები იმაზე მეტყველებენ, რომ მატულობს გაუცხოების დონე მოსახლეობასა და პოლიტიკურ ელიტას შორის, – ამბობს „კომერსანთთან“ საუბარში პოლიტოლოგი გიორგი ხუხაშვილი, – ამან შეიძლება ქვეყანაში უმარტავი პროცესების განვითარება გამოიწვიოს“.
‘«Независимая газета» (რუსეთი), 14 მაისი, 2015 წელი
http://www.ng.ru/editorial/2015-05-14/2_red.html
NATO-ს მინისტერიალი ანტალიაში და საქართველოს ევროპული პერსპექტივა
რედაქცია
(შემოკლებით)
ანტალიაში გუშინ დაიწყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი-სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტი, რომელსაც ამ სამხედრო ბლოკთან მოთანამშრომლე და გაწევრიანების მსურველი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს მინისტერიალი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრაა NATO-ს უმაღლესი დონის სამიტის წინ, რომელიც მომავალ წელს ვარშავაში გაიმართება.
ანტალიის შეხვედრის ოფიციალური დღის წესრიგი საკმაოდ ფართოა: მინისტრებმა ყველა ის საჭირ-ბოროტო საკითხები უნდა განიხილონ, რომლებიც დღეს ევროპას და შეერთებულ შტატებს აწუხებთ: უკრაინის კრიზისიდან დაწყებული, ახლო აღმოსავლეთის საკითხებით დამთავრებული. არაოფიციალური უფრო უფრო მასშტაბურია: ერთ-ერთი „მღელვარე“ თემაა ნატოს გაფართოების საკითხი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე – საქმე ეხება მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს.
არსებული ინფორმაციის თანახმად, უკვე ცნობილია, რომ არცერთი ჩამოთვლილი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრად მიღებული არ იქნება.
სხვათაშოროს, ამ ქვეყნების წარმომადგენლებს კიდევ ერთი არასასიამოვნო «NO»-ს („არა“-ს) გაგონება მოუწევთ 21 მაისს რიგაში დაგეგმილი ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების სამიტზე. იყო ვარაუდები, რომ ლატვიის დედაქალაქში ეს სამი სახელმწიფო, რომლებიც რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების ზონიდან „გარბიან“, ევროკავშირიოსაგან რაიმე კონკრეტულ მხარდაჭერას მიიღებდნენ, ვთქვათ, უვიზო რეჟიმის დაწესებით, ან ევროკავშირში დაჩქარებული მიღების რაღაც პროგრამის სახით, ანდა სხვა წახალისებით, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ… მოკლედ, საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასათვის არც რიგაში და მით უმეტეს, არც ვარშავაში მსგავს რამეს არავინ გეგმავს.
მიზეზები იგივეა, რაც აქამდე იყო.
ევროკავშირის წევრად მათი მიღება იმიტომ არ მოხდება, რომ ჯერ-ჯერობით არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფო დაწესებულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, განსაკუთრებით ეკონომიკისა და სამოქალაქო თავისუფლებების საკითხში. იგივე მიზეზებია ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში მიღებასთან დაკავშირებითაც. რასაკვირველია, კიევსაც, კიშინიოვსაც და თბილისსაც უფლება აქვთ დასვან შემხვედრი კითხვა – განა მათი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან განსხვავდება საბერძნეთ-ბულგარეთის ეკონომიკისაგან, რომლებიც «NATO»-სა და ევროკავშირის წევრები არიან? მაგრამ ისედაც გასაგებია, რომ ასეთ ნაბიჯს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არ გადადგამენ: კითხვა რომც დასვან, ამით არაფერი შეიცვლება. საქმე იმაშია, რომ მათი მიღების წინააღმდეგ გერმანია და საფრანგეთი გამოდიან. პარიზისა და ბერლინის პოზიცია ჯერ კიდევ წინა სამიტებზე გახდა ცნობილი და ეს პოზიცია თვით ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლამაც კი ვერ შეარყია, რომ არაფერი ვთქვათ პროამერიკულად განწყობილ „ახალ ევროპელებზე“ – ბალტიის ქვეყნებზე, პოლონეთზე და რუმინეთზე.
«NATO»-ში მიღების გადადება განსაკუთრებით გულდასაწყვეტი საქართველოსთვის იქნება: თუ უკრაინაში და მოლდოვაში ჩრდილოატლანტიკურ ვექტორზე საზოგადოებრივი დაკვეთა მაინცდამაინც შესამჩნევი არ იყო, სამხრეთკავკასიური საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ყველანაირ რეფერენდუმებში და გამოკითხვებში ალიანსში შესვლის სურვილს აფიქსირებდა, ხოლო მთავრობები პროდასავლურ საგარეოპოლიტიკურ კურსს არ ცვლიდნენ. ამის მიუხედავად, თბილისი, რომელიც «NATO»-ს მიერ უკანასკნელ წლებში გამარტულ თითქმის ყველა სამშვიდობო-„საბრძოლო“ ოპერაციაში მონაწილეობდა, ერთგულად ასრულებდა ბრიუსელის მითითებებს რეფორმების გატარების შესახებ, დღეს იძულებულია ბლოკის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული ბუნდოვანი განმარტებებით და უვადო დაპირებებით დაკმაყოფილდეს, მით უმეტეს, რომ არანაირი იმედი არ არის იმისა, რომ სიტუაცია უკეთესობისაკენ შეიცვლება. როგორც ჩანს, ალიანსზე მაინცდამაინც დიდი გავლენა არ მოუხდენია იმ ფაქტსაც, რომელიც თვით საქართველოში არაერთმნიშვნელოვნად აღიქვეს – თავდაცვის მინისტრად სუსტი სქესის წარმომადგენლის დანიშვნას. ბერლინმა და პარიზმა „გაიღიმეს“, მაგრამ… მოკლედ, ვერაფერს იზამ, რადგან არც საფრანგეთს და არც გერმანიას მოსკოვთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავება არ სურთ. მათთვის რუსეთთან დამოკიდებულების საკითხი საქართველოს ალიანსში მიღების საკითხზე უფრო პრიორიტეტულია.
ყველამ იცის, რომ რუსეთის პოზიცია «NATO»-ს გაფართოებისა და ზოგადად, დასავლური სამყაროს რუსეთის საზღვრებთან მიახლოების საკითხში ნეგატიურია. უკრაინის კრიზისმა ცხადყო, რომ მოსკოვს თავისი ინტერესების დაცვის საქმეში ვერც მძიმე შედეგების მომტანი ვერანაირი ვერანაირი სანქცია შეაჩერებს და ვერც გლობალური ხასიათის მუქარები. ასე რომ, სოჭში გამართულ ჯონ ქერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოთქმული უკრაინის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა იმას მოწმობს, რომ ვაშინგტონს სურს მოსკოვთან ურთიერთობა „პიკირებული მდგომარეობიდან“ გამოიყვანოს. აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ გადადიდო პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი: როცა კოცონის დანთება არ გინდა, რა საჭიროა ხის მოგროვება?
თუმცა, რა საკვირველია, მოსკოვის მიღწევების ზედმეტად გაბერვა არ ღირს: კი, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირების საკითხი დამუხრუჭდა, ფორმალურად NATO და ევროკავშირი მათ ახალ წევრებად არ იღებს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ დასავლელი სამხედრო ინსტრუქტორები და ალიანსის მთელი სამხედრო ქვედანაყოფები თავს კარგად გრძნობენ მოლდოვაშიც, უკრაინაშიც და მით უმეტეს, საქართველოშიც.
«Радио Голос Ирана» (ირანი), 13 მაისი, 2015 წელი
http://russian.irib.ir/analitika/commentarii/item/251582
აშშ-საქართველოს სამხედრო წრთვნები: ვაშინგტონი „ქართული კარტის“ გათამაშებას ცდილობს
„თბილისში საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ქვედანაყოფების ერთობლივი წრთვნები დაიწყო. სხვათაშორის, ამ დონის მანევრები, რომელშიც ამერიკული მძიმე საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობს, საქართველოში პირველად ტარდება“, – ნათქვამია ირანის სახელმწიფო რადიოსადგურ „ირანის ხმის“ მიერ 12 მაისს, საღამოს ეთერში გადაცემულ რეპორტაჟში. მასში ჩამოთვლილია ქართული და ამერიკული მხარის სამხედრო ქვედანაყოფების შეიარაღება, მოცემულია ერთობლივი მანევრების პროგრამა, საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენელთა განცხადებები და ასე შემდეგ.
„საქართველო ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ათასობით ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობდა (და ახლაც მონაწილეობს) ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოპერაციებში – შორეულ ავღანეთსა და ერაყში. გარდა ამისა, უკრაინაში იმყოფებიან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები – 173-ე სადესანტო ბრიგადის მედესანტეები. რაც სეეხება თბილისში, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დაწყებულ მანევრებს, მასში ქართველი „სპეცნაზელებიც“ მონაწილეობენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეიარარებული ძალების მონაწილეობა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში გამართულ მანევრებში განპირობებულია ვაშინგტონის მიზნებით – ხელი შეუწყოს და გააუმჯობესოს ოპერატიული კოორდინირება თავის მოკავშირეებთან უსაფრთხოების საკითხებში, კარგად იქნეს დამუშავებული სამხედრო მოსამსახურეების ერთი ბაზიდან მეორეში გადასროლა და ასე შემდეგ. ამასთან, ვაშინგტონი ცდილობს ამგვარი მანევრებით თბილისი უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში ჩაითრიოს როგორც აშშ-სთან, ასევე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. დასამალი არაა, რომ საქართველო დიდი ხანია საკმაოდ აქტიურად ცდილობს დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას, უპირველესად კი ნატოსა და ევროკავშირში, შესაბამისად, დღეს თბილისი სიამოვნებით ღებულობს მონაწილეობას ამ სამხედრო წრთვნებში, დასავლეთის ქვეყნის სამხედროებთან ერთად.
ამასთან, პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატები „ქართული კარტის“ გათამაშებას ცდილობს, რათა გავლენა მოახდინოს კავკასიაში პოლიტიკური ძალების განლაგებასა და უსაფრთხოებაზე, „ცივი ომის“ დროინდელი მთავარი მოწინააღმდეგის – რუსეთის საზღვრებთან ახლოს. ასეთი მანევრები მოსკოვში მძაფრ ნეგატიურ ემოციებს იწვევს, მაგრამ რუსეთმა [თავისი წინააღმდეგობრივი პოლიტიკის გამო] დღემდე ვერ შეძლო დაერწმუნებინა „ახლო საზღვარგარეთი“ (უპირველესად კი საქართველო და უკრაინა) იმაში, რომ მათ უარი თქვან დასავლურ ინტეგრაციაზე“, – ნათქვამია რადიორეპორტაჟში.