globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 14 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 14th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: საერთაშორისო სიტუაცია (ჩრდ.კორეა, უკრაინა, კავკასია) და საქართველოს საშინაოპოლიტიკური ვითარება

კვირის პალიტრა: ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან: „კომბლედან“ ვაშლამდე მისული მინისტრი აღარ არის სასა­ცილო“ // „ალექსანდრე ჯეჯელავა ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისთვის შეუფერებელია, განათლების მინისტრის რანგში კი საერთოდ გაუგებრობაა…“ // „ქართული ოცნების“ წევრებს ნუთუ არ ეცოდებათ შვილები ასეთი კურიოზული მინისტრის ხელში?“

კვირის პალიტრა: „გუბერნატორებს წინასაარჩევნოდ სუს-იც გამოიყენებს“ // „გუბერნატორს საარჩევნო შტაბებსა და პარტიას შორის კოორდინაცია დაევალება“

კვირის პალიტრა: ტურისტების „შემოსევა“: 2017 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან უკვე 1,1 მილიარდი დოლარია შემოსული, რაც შარშანდელთან შედარებით 26%-იანი ზრდაა

ახალი თაობა: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „საქართველოს სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია“ // „აშშ თავისი ძალებით უნდა დაგვეხმაროს“

ახალი თაობა: რატომ წაართვა რუსეთმა სამ მართლმადიდებელ ქვეყანას ტერიტორიები // ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „საქართველოსაც, უკრაინასაც და მოლდოვასაც ნატოში შესვლა უნდათ“

ახალი თაობა: ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „ქართულ ოცნებაში“ პარადი დავარცხნილ ნაცებს მიჰყავთ“ // „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას გაემიჯნა“

ახალი თაობა: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „საქართველოში პოლიტიკური რესურსი მხოლოდ ორ პარტიას თუ გასწვდება“

ახალი თაობა: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „ნარკორეალიზაციაში ცნობადი სახეები არიან ჩართული“

——————-

კვირის პალიტრა“, 14 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: საერთაშორისო სიტუაცია (კორეა, უკრაინა, კავკასია) და საქართველოს საშინაოპოლიტიკური ვითარება

ნათია დოლიძე

საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სოხუმში ჩასვლას და მის განცხადებებს ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების დიდი ნაწილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თბილისური ვიზიტის საპასუხო ნაბიჯად მიიჩნევს. მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი პროცესებისა, ფაქტია, აშშ-ისა და რუსეთის დაპირისპირების ხაზი სამხრეთ კავკასიაზეც გადის და ოფიციალური ვაშინგტონიც და მოსკოვიც საკუთარი ინტერესების მონიშვნას ცდილობენ. გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ არა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, არამედ იმ პროცესების კონტექსტში, რაც სამყაროში დღეს მიმდინარეობს. აშშ-სა და რუსეთს შორის გლობალური დაპირისპირება სახიფათო ზღვარს აღწევს და ამას აქვს თავისი განვითარების ლოგიკა. დაწესებული სანქციებით აშშ-მა რუსეთს, ფაქტობრივად, სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი გამოუცხადა. აშკარაა, რომ ამ დაპირისპირებაში დღეს მიმდინარეობს პირობითი ფრონტის ხაზის გატარება სხვადასხვა მიმართულებით და, როგორც წესი, ე. წ. ფრონტის ხაზის გატარება საკუთარი აქტივების ინვენტარიზაციით იწყება.

აშშ-ისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში ამგვარი აქტივია ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, უკრაინა, პოლონეთი, საქართველო. შესაბამისად, ამერიკული პოლიტიკა სწორედ ამ არეალში აქტიურობს. პენსის ტურნეც ამ გეოგრაფიული სქემით იყო დალაგებული. რუსეთისთვის ამგვარი აქტივებია: ბელორუსია, სადაც დაგეგმილია ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სეპარატისტული რეგიონები: დონბასი, დნესტრისპირეთი და საქართველოს ორი რეგიონი, ასევე სომხეთი, რომლის მიმართულებითაც ბოლო დროს კრემლი გააქტიურდა. ამ თვალსაზრისით, ბალკანეთი გარკვეულწილად რუხი ზონაა, სადაც ჯერ ყველაფერი არ არის გარკვეული. მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, რომ მიმდინარეობს ამ ორი ზესახელმწიფოს აქტივების ინვენტარიზაცია, რაც საბოლოო ჯამში ან მოლაპარაკების მაგიდაზე დაიდება, ან კიდევ უფრო მწვავე დაპირისპირების მოწმენი გავხდებით.

აქედან გამომდინარე, პუტინის აფხაზეთში ჩასვლა იყო გზავნილი არა ჩვენთვის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. პუტინმა აჩვენა, რომ ამერიკის აქტიურობას სამხრეთ კავკასიაში აუცილებლად მოჰყვება კონტრნაბიჯები. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც იყო მინიშნება, მაგრამ მისი განცხადებების მთავარი ადრესატები ჩვენ არ ვყოფილვართ – ოფიციალური ვაშინგტონი იყო.

- დღეს მსოფლიოში არაერთი კონფლიქტის კერაა. უკიდურესად არის დაძაბული ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე, არანაკლებ მწვავე მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, გრძელდება კონფლიქტი უკრაინაში, მაგრამ გამოდის, რომ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დიდი პოლიტიკის დაფაზე არ იკლებს

- გეთანხმებით, ზესახელმწიფოებს თითქოს არ უნდა ეცალოთ ჩვენთვის, მაგრამ გლობალური დაპირისპირება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ყველა მიმართულებით ხდება რესურსების მობილიზება. პროცესები როგორ განვითარდება, ძნელი სათქმელია, რადგან დღეს ვითარება სამყაროში ძალიან მყიფეა. განსაკუთრებით გააქტიურებულია ჩრდილო კორეის პრობლემატიკა. იმდენად დიდია დაძაბულობა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეაში ხალხმა მშრალი საკვების მომარაგება დაიწყო. მოკლედ, ომის მოლოდინი ძალიან მაღალია.

თითქმის ყოველდღიურად ორმხრივად გვესმის ძალიან რადიკალური, სახიფათო რიტორიკა. ამას ჩრდილო კორეის რეჟიმისგან თითქოს შეჩვეული ვართ, მაგრამ უკვე იმავე ტონის განცხადებები გვესმის ამერიკისგანაც, რაც უარესის მოლოდინს ამძაფრებს. იმედია, ეს ყველაფერი დიდ ომში არ გადაიზრდება. არ არის გამორიცხული, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამ რიტორიკით ცდილობდეს, გადაფაროს პრობლემები შიდა პოლიტიკაში, ანუ კორეის თემის აქტუალურობა სჭირდება, რათა მასზე მიტანილი შეტევა რუსეთთან კავშირის თაობაზე დროებით მაინც გადაიტანოს მეორე პლანზე.

მოკლედ, ყველაფერი აღრეულია ერთმანეთში – შიდა, გარე თუ პირადი პოლიტიკური პრობლემები. თითქოს შემაკავებელი ინსტრუმენტები დღევანდელ სამყაროს იმდენად დიდი აქვს, რომ ეს დაპირისპირება დიდ კატაკლიზმსა და ბირთვულ ტრაგედიაში არ უნდა გადაიზარდოს, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, საფრთხე იმისა, რომ ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს და ბირთვული ტრაგედია მივიღოთ, სამწუხაროდ, ძალიან მაღალია.

- დავუბრუნდეთ ჩვენს შიდა პრობლემატიკას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, თუმცა, საკმაოდ მშვიდ წინასაარჩევნო პროცესს ვადევნებთ თვალს. აშკარაა, რომ პოლიტიკური ძალები დიდად არ აქტიურობენ

- გეთანხმებით, წინასაარჩევნო დინამიკა ნამდვილად მოკლებულია დრამატიზმს. ეს ლოგიკურიც არის, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩვენთან არც არასდროს მიიჩნეოდა მნიშვნელოვან არჩევნებად და მასზე დიდი რესურსის დახარჯვას პარტიები ყოველთვის ერიდებოდნენ, მით უფრო, რომ ეს რესურსი სახელისუფლებო ძალის გარდა, ყველას მწირი აქვს. დღევანდელი ხელისუფლება, სამწუხაროდ, იმავე სქემით მუშაობს, რითაც მუშაობდნენ წინა ხელისუფლებები, როდესაც პოტენციურ სპონსორებს, ფაქტობრივად, ეკრძალებოდათ ალტერნატიული პოლიტიკური ძალების დაფინანსება და მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას ედგა რიგი. ფაქტობრივად, იგივე ვითარებაა დღესაც, რაც იყო სააკაშვილის თუ შევარდნაძის მმართველობისას.

შესაბამისად, რესურსები მწირია და ყველას ენანება ამ რესურსების, მათი გაგებით, არცთუ ისე მნიშვნელოვან არჩევნებში დახარჯვა. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა იდეების სიმცირე ოპოზიციაში. რეალური ალტერნატივა ქვეყანაში ვერა და ვერ შეიქმნა. ფაქტობრივად, პოლიტიკა კვლავ ორპოლუსიანია, თუმცა, არც მარტო ორპოლუსიანობაა ამ არჩევნების უბედურება… მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ორი პოლუსიც ვერ პასუხობს ამომრჩევლის მოთხოვნებს. ამომრჩეველი ისევ დარჩენილია ნეგატიური არჩევნის წინაშე, ანუ ისევ მოუწევს, აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის. ამგვარ ნეგატიურ არჩევნებში ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც მეტს გადაიხდის, ანუ ვინც მეტი რესურსის მობილიზებას შეძლებს, ასეთი კი მმართველი პარტიაა.

ამომრჩეველი, რომელიც ვერ ხედავს ძალას, რომელსაც ანდობს ქვეყნის მართვას, მზად არის გაიყიდოს ერთჯერად სარგებელზე. ამ მხრივ ხელისუფლებას მეტი საშუალება აქვს. ამიტომაც არ ველოდები, რომ ასეთი ტიპის არაჯანსაღ არჩევნებში ხელისუფლებას პრობლემა შეექმნება. შეიძლება დიდ ქალაქებში რაღაც ინტრიგაც გამოჩნდეს…

ამ არჩევნების მთავარი ასპარეზია თბილისის მერის არჩევნები. ცხადად ჩანს, რომ აქ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებს, თუმცა, მოლოდინი და შანსიც იმისა, რომ საქმე მეორე ტურამდე მივა, რეალურია. თუ მეორე ტურში აღმოჩნდა დამოუკიდებელი, არაპარტიული კანდიდატი, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას შეიძლება შეექმნას პრობლემები. საქმე ის არის, რომ არაპარტიული კანდიდატი, რომელიც ყველაზე მომგებიანი, დაახლოებით ასე ჩამოყალიბებული ლოზუნგით გამოდის – “გავათავისუფლოთ თბილისის მერია პარტიული და კლანური ინტერესებისგან!” – ბევრი ამომრჩევლის გულს მოიგებს…

საქმე ის არის, რომ თბილისელებს აქვთ ძალიან ცუდი გამოცდილება როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მერიაში კორუფციული ფაქტების, ნეპოტიზმის, პარტიული აქტივის დასაქმებისა და ა.შ. ამ ფონზე ეს ლოზუნგი თბილისელი ამომრჩევლისთვის კარგი მოსასმენია. თუმცა, ელისაშვილს აქვს მნიშვნელოვანი სისუსტეებიც, უმთავრესად კი ის, რომ ამომრჩეველს ესმის, რომ მას აქვს ამის გაკეთების სურვილი, თუმცა, ეჭვი ეპარება მის შესაძლებლობებში. ერთია, რომ გინდა კარგი საქმის გაკეთება, მაგრამ მეორე, შეგიძლია თუ არა? ეს პრობლემა ელისაშვილს აქვს, არ ჩანს მისი გუნდი, რომელიც მასთან ერთად ძველ სისტემას დაანგრევს და ახალს ააშენებს.

მოკლედ, ჩემი აზრით, თბილისში ხელისუფლებას არცთუ კარგად აქვს საქმე. მათი კანდიდატის, კალაძის კამპანიაც, ჩემი აზრით, ძალიან უხარისხო, ყალბი და ხელოვნური ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, მთლიანად გაჟღენთილია პროვინციალიზმით, რაც თბილისელ ამომრჩეველს ძალიან არ მოსწონს. კარგია, თუ მიხვდებიან ამას და ამ აბსურდს თავს დაანებებენ. თუ ალეკო ელისაშვილმა წინასაარჩევნო ეტაპი წარმატებით გაიარა, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მისი მარგინალიზაცია და გადავიდა მეორე ტურში, ამ შემთხვევაში კახა კალაძეს სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან ელისაშვილს ხმას აუცილებლად მისცემენ დანარჩენი კანდიდატების მხარდამჭერებიც, რადგან ამ ამომრჩეველთან მას ხიდები დამწვარი არა აქვს, რასაც ვერ ვიტყვით თუნდაც უდუმაშვილის გასვლის შემთხვევაში – პარტიულ კანდიდატს სხვა პარტიის ელექტორატი ნაკლებად დაუჭერს მხარს, შესაბამისად, კალაძის გამარჯვების შანსიც გაიზრდება.

- რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ოფიციალური ვერსიით, ამის მიზეზი მათი სხვა თანამდებობებზე გადაყვანა გახდა, თუმცა, ბევრის აზრით, ეს მომავალ არჩევნებს უკავშირდება...

- თითქოს მოვლენების ლოგიკა მეტყველებს იმაზე, რომ ეს სწორი ვერსიაა, მაგრამ მაინცდამაინც დამაჯერებლად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, არც ეს ბატონები იქნებოდნენ წინააღმდეგი, რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით შეესრულებინათ ხელისუფლების საარჩევნო დავალებები. შესაძლებელია წინასაარჩევნო პერიოდს ვიღაც იყენებდეს ხელისუფლებაში არსებულ ძალთა ცენტრებში კონფიგურაციის შესაცვლელად. წინასაარჩევნოდ ამის გაკეთება და არგუმენტირება ადვილია. მაგალითად, შეიძლება იმის თქმა, რომ გუბერნატორები რეგიონებში პოპულარული არ არიან, ამომრჩეველს აღიზიანებენ და ამიტომ მათი შეცვლა აუცილებელია. არადამაჯერებელი არგუმენტია, მაგრამ შიდასახელისუფლებო ინტრიგებისთვის ლოგიკური, თუმცა, არა საარჩევნო გათვლით, არამედ შემდგომში ძალაუფლების გამყარების თვალსაზრისით. დასამალი არ არის, რომ გაურკვეველია, დღეს ძალაუფლება ვის ხელშია. სხვადასხვა ჯგუფი, კლანები სხვადასხვა სეგმენტს აკონტროლებენ და ძალაუფლების კონცენტრაცია ვერსად ვერ ხდება. პოლიტიკური პროცესისგან ივანიშვილი გარკვეულწილად დისტანცირებულია, ხელისუფლებაში კი სრული ქაოსია. ხელისუფლებაში მმართველობითი კრიზისი აშკარაა, რაც სახელმწიფოებრივად საკმაოდ სახიფათოა.

- ანაკლიაში, “ჯემ ფესტზემომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკაზე. ახალგაზრდის დაღუპვა და ფესტივალის ათობით სტუმრის მოწამვლა გახდა საჭირო, რომ სამართალდამცავებს რამდენიმე ნარკორეალიზატორი ანაკლიაშივე დაეკავებინათ. თითქოს ყველამ იცის, რომ თბილისურ კლუბებში იოლად შეიძლება კლუბური ნარკოტიკის შოვნა, თუმცა, სახელმწიფო, რომელიც ერთი შეხედვით რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ატარებს, ამაზე თვალს ხუჭავს

- გეთანხმებით, ვითარება ძალიან მძიმეა. ერთი მხრივ, ვუყურებთ პლაკატურ ბრძოლას ნარკოტიკებთან, მაგრამ ამასთან, ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ბრძოლა, ძირითადად, მომხმარებლებთან მიმდინარეობს. სანამ მომხმარებლამდე თუ წვრილმან რეალიზატორამდე მივა ნარკოტიკი, განსაზღვრულ გზას გადის. სწორედ აქ ჩნდება ძალიან სერიოზული კითხვები. ასეთ პატარა ქვეყანაში, მით უფრო ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია, ყველამ კარგად იცის, ვინ არის ნარკობარიგა, საიდან მოაქვს, სად მიაქვს, საიდან ყიდის. თუმცა, სამართალდამცავები ამას არ იმჩნევენ. ეს ხალხი ხელშეუხებელ კასტად იქცა. თან ეს ხდება მაშინ, როდესაც ცოტა ხნის წინ რამდენიმე კაცი დაიჭირეს მოხმარებაზე და მერე ძალიან უცნაურად გამოუშვეს ციხიდან. თუ მოხმარებისთვის კაცს იჭერ, ის ხომ ამ ნარკოტიკს სადღაც ყიდულობს, რატომ არავინ ეძებს ამ უბედურების სათავეს?!

შესაძლებელია ვითარდებოდეს ასეთი ვერსიაც – როდესაც არ შეგიძლია რაღაცას მოერიო, შენვე ცდილობ, მოექცე სათავეში… არ გამოვრიცხავ, რომ არსებობენ ძალაუფლებისგან არცთუ შორს მყოფი პირები, რომლებიც სწორედ ამ მარტივი ლოგიკით კურირებენ ამ საკითხებს. ლოგიკა ასეთია: ნარკობიზნესი მაინც იქნება და ჯობს იყოს კონტროლირებადი და ეს კონტროლი ჩვენ თვითონ გავუწიოთო…

შესაძლოა, ეს ლოგიკა ვიღაცისთვის მისაღებია, მაგრამ როგორც კი ხვდები სფეროში, სადაც ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ზღვარს კარგავ და იწყება ძალაუფლების დანაშაულთან შეზრდა. ეს სიმსივნესავით დაავადება მეტასტაზებად ვრცელდება, მით უფრო, თუ ზოგიერთს ხელში “ნარკონარუშილოვკა” უჭირავს. ამას ერთ-ერთ ვერსიად გთავაზობთ, თუმცა, გამორიცხული არაფერია. თუ ადამიანებს უთვალთვალებენ მოხმარების გამო და აკავებენ კიდეც, ნარკობარიგებს რატომ ვერ პოულობენ?! სიმკაცრე ამ პროცესში ისევ და ისევ ნარკობიზნესის წისქვილზე ასხამს წყალს, რაც უფრო მკაცრია რეგულაციები, მით რთულია “საქმე” და ფასიც იმატებს. ხელისუფლებამ ძალიან დაბეჯითებით უნდა აგვიხსნას, რა ხდება. ნარკობარიგები ციხეში უნდა ვნახოთ! უნდა ვნახოთ, რომ ამ ბოროტების სათავეს სერიოზული პრობლემები შეექმნება.

- ისევჯემ ფესტზემინდა გკითხოთ, რომლის არაორგანიზებულობასა და არასწორად დაგეგმილ პროგრამაზე ყველა ჩივის, არადა, როგორც ირკვევა, ეს ფესტივალი სახელმწიფოს დიდი ფული დაუჯდა

- ფესტივალები უნდა ტარდებოდეს, ოღონდ იქ ხელისუფლების ერთადერთი მოვალეობა უნდა იყოს წესრიგის დაცვა. კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ასეთ საეჭვო ტიპის ღონისძიებებს აფინანსებდეს, ისევე როგორც არ უნდა აფინანსებდეს კონცერტებს და სხვა ამგვარ კომერციულ პროექტებს. ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა და “ქართული ოცნებაც” იმავე გზას აგრძელებს. ნებისმიერი კომერციული პროექტის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კატეგორიულად მიუღებელია!

კვირის პალიტრა“, 14 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან: „კომბლედანვაშლამდე მისული მინისტრი აღარ არის სასა­ცილო“ // „ალექსანდრე ჯეჯელავა ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისთვის შეუფერებელია, განათლების მინისტრის რანგში კი საერთოდ გაუგებრობაა…“ // „ქართული ოცნებისწევრებს ნუთუ არ ეცოდებათ შვილები ასეთი კურიოზული მინისტრის ხელში?“

რუსუდან შელია

განათლებისა და მეცნიერების მინი­სტრი სკოლებში, სადაც ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული, “ვაშლის­ დარიგების” კამპანიას იწყებს. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ვაშლი სკოლებში კვირაში ერთხელ, 40-დან 60 ათასამდე მოსწავლეს დაურიგდება. მაშინ, როცა განათლების სისტემაში უამრავი პრობლემაა, მათ შორის, მასწავლებლების დიდი უმრავლესობა გამოცდებზე მინიმალური ზღვრის გადალახვას ვერ ახერხებს და ბოლო მონაცემებით, სასკოლო გამოცდებში 12 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა, რამდენად დროული­ და მნიშვნელოვანია მინისტრის ინიციატივა?! ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას ახალ კამპანიას პროფესორი ვლადიმერ პაპავა­ აფასებს:

- განათლების სისტემაში­ ბევრი პრობლემა დაგროვდა. ბავშვს სკოლა ვერ აძლევს ჯეროვან განათლებას და ეს შემდეგ უნივერსიტეტებზეც აისახება. ვხედავთ, როგორ უჭირთ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება, საერთო-ეროვნულ გამოცდებშიც უამრავი ჩაიჭრა, ესე იგი, საზოგადოებას გაუნათლებელ­ ახალგაზრდათა დიდი ჯგუფი შეემატა.

სამწუხაროდ, ვერც სკოლის მასწავლებლების დიდი ნაწილი აკმაყოფილებს სტანდარტებს. უდიდესი პრობლემაა სახელმძღვანელოების ხარისხიც. ამას წინათ ჩემმა უმცროსმა ვაჟმა მთხოვა დახმარება გეოგრაფიაში, რადგანაც ვერ გაიგო, რა ეწერა სახელმძღვანელოში. ერთი წაკითხვით მეც გამიჭირდა იმის გაგება, თუ რისი თქმა უნდოდათ მე-8 კლასის სახელმძღვანელოს ავტორებს, თუმცა, საბოლოოდ მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ავუხსენი ბავშვს საკითხი, რომელიც სულაც არ არის რთული.­ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ გეოგრაფიის სახელმძღვანელოზე არ ითქმის და ყოველივე ამის ფონზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კიდევ ერთ კომიკურ განცხადებას აკეთებს, – თურმე სექტემბრიდან თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, კვირაში ერთხელ ყოველ მოსწავლეს თითო ვაშლი დაურიგდება! არც კი ვიცი, რა ვთქვა! გასაგებია, რომ პრემიერ-მინისტრი კრონიზმის (ფავორიტიზმის ერთ-ერთი სახე, ახლობელ-მეგობრებისთვის, კვალიფიკაციის დამოუკიდებლად, უპირატესობის მინიჭება) სენითაა დაავადებული და ამიტომაც ვერ ხედავს მინისტრობისთვის შეუფერებელი თავისი მეგობრის, რბილად რომ ვთქვათ,

არაადეკვატურობას, მაგრამ “ქართულ ოცნებას” ხომ ჰყავს სხვა ლიდერებიც, მათ რაღა დაემართათ? მათი ასაკიდან გამომდინარე, შვილები ჯერ კიდევ სკოლებში უნდა დადიოდნენ და ნუთუ არ ეცოდებათ თუნდაც საკუთარი შვილები ასეთი კურიოზული მინისტრის ხელში? თანაც ამ ინიციატივამ უამრავი კითხვა გაგვიჩინა. მაგალითად, რატომ უნდა დარიგდეს ვაშლები მარტო თბილისში და თანაც მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც ათას ბავშვზე მეტი სწავლობს? რა დააშავეს რეგიონებისა და თბილისის მცირეკონტინგენტიანმა სკოლებმა?

კვირაში ერთი ვაშლი ვერ გადაწყვეტს კვების პრობლემას. ბავშვებს შედარებით გაჭირვებული ოჯახებიდან, შესაძლოა, ის ერთი ვაშლიც არ ჰქონდეთ კვირაში, მაგრამ იმ ბავშვებს რატომ უნდა მიეცეს სახელმწიფოს ხარჯზე თუნდაც ერთი ვაშლი, რომლებიც მეტ-ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან არიან და არათუ ვაშლის პრობლემა არა აქვთ, არამედ ბევრ სასარგებლო თუ გემრიელ პროდუქტზე მიუწვდებათ ხელი?

- როგორ წარმოგიდგენიათ ყოველკვირეულადვაშლის დარიგებისკამპანიის ორგანიზება? ითხოვს თუ არა ინიციატივა მასშტაბურ შესყიდვებს და თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იქმნება თუ არა კორუფციის საფრთხეც?

- რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა არამიზნობრივი ხარჯები სკოლებში. როცა სკოლებში უამრავი გადაუჭრელი პრობლემაა, განათლებისთვის გამოყოფილი თანხა რატომ უნდა დაიხარჯოს იმ საეჭვო პროექტზე, რომელზეც თავად მინისტრსაც კი ეცინება? მისი ეს სიცილი კი მთლიანად ჩვენი საზოგადოების დაცინვაა! “კომბლედან” ვაშლამდე მისული მინისტრი უკვე სასა­ცილოც აღარ არის, ის უკვე მავნეც ხდება და ჩვენი შვილების განათლებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ლეგალურად გაფანტვას უპირებს და თანაც ამის შესახებ საზოგადოებას სიცილ-ხითხითით ამცნობს…

ერთმა ტაქსისტმა ჩემთან პირად საუბარში ასე ახსნა ვიცე-პრემიერის ეს ინიციატივა: ეტყობა, მთავრობა ვაშლის დიდ მოსავალს ელის და შიშობს, იგივე არ მოუვიდეს ქართულ ვაშლს, რაც ატამს მოუვიდაო… რეგიონებისა და თბილისის მცირეკონტინგენტიანი სკოლების მასწავლებლები მშვიდად უნდა იყვნენ, რომ მათ არ მოუწევთ “ადამის მაცდუნებელი გველის” ფუნქციის შესრულება… მინისტრმა ისინი დაინდო! ბუნებრივია, თბილისის დიდი სკოლების “გავაშლიანების” პროგრამის განსახორციელებლად საჭირო გახდება სახელმწიფო შესყიდვების კანონით განსაზღვრული პროცედურების დაცვა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ყოველთვის არის კორუფციის საფრთხე.

იმავდროულად, კანონი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” იმიტომ არის მიღებული, რომ მინიმუმადე დავიდეს კორუფციის საფრთხე. ვეჭვობ, ამ კანონის ყველა მოთხოვნის დაცვითაც კი დიდ სკოლებში თუნდაც კვირაში თითო ვაშლის დარიგება დროულად მოხერხდეს. ამას მათქმევინებს შესყიდვების რთული პროცედურები…

- მინისტრის ინიციატივითვე, შესაძლოა, აღდგეს .. შრომის გაკვეთილები. ითქვა ისიც, რომ სკოლებში საპილოტე რეჟიმში შევა სამაგიდო თამაშებიც. რას შეცვლის ეს ინიციატივები განათლების სისტემაში?

- შრომის გაკვეთილებთან დაკავშირებული იდეა სულაც არ არის ცუდი, თუმცა,­ არ მინდა განმეორდეს ის, რაც ჩემს შორეულ ბავშვობაში იყო, როცა შრომის გაკვეთილები იყო მეორეხარისხოვანი და ისინი უმთავრესად ფორმალურად ტარდებოდა. თუ იმავეს გაიმეორებენ განათლების სისტემის დღევანდელი მესვეურები, მაშინ აჯობებს, შრომის გაკვეთილები არ შემოიღონ, რათა თავიდან ავიცილოთ უკუეფექტი, ანუ ბავშვებს შრომა თავიდანვე არ შესძულდეს. შრომის გაკვეთილების შემოღე­ბა მარტო იმას არ უნდა ემ­სახუ­რე­ბოდეს,­ რომ მხოლოდ შრომის მასწავლებლები დასაქმდნენ. მთავარია, ბავშვობიდანვე შეეჩვიოს ჩვენი მომავალი თაობა შრომას.

რაც შეეხება სამაგიდო თამაშებს, მათ თავისი ადგილი აქვს და განსაკუთრებით დაბალ კლასებშია ეფექტიანი. ის უნდა იყოს დამხმარე და არა ძირითადი ინსტრუმენტი ცოდნის დაუფლებაში. ბავშვები უნდა შეეჩვიონ, რომ ცხოვრება სულაც არ არის თამაში. ალექსანდრე ჯეჯელავა უკვე წელიწადზე მეტია მინისტრია, ამიტომ მისი ერთწლიანი მუშაობის შეფასება სულაც არ არის რთული, რადგანაც აშკარაა, რომ ბატონი ჯეჯელავა შეუფერებელი პიროვნებაა ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობისათვის, ხოლო განათლების მინისტრის რანგში საერთოდ გაუგებრობაა…

თუ პრემიერ-მინისტრი მას მაინცდამაინც ვერ ელევა, ჰყავდეს თუნდაც მოადგილედ და თავადვე დატკბეს მეგობრის სიბრძნით, ხოლო განათლების და მეცნიერების სფერო დაინდოს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ლომაიასეული ტრადიციები განათლებისა და მეცნიერების სისტემაში გრძელდება. “ქართული ოცნება”, სამწუხაროდ, არ ცვლის განათლების დაფინანსების სისტემას, ხოლო “მეცნიერება” სამინისტროს დასახელებაში მხოლოდ ფორმალურადაა შესული.

ის პირები, რომლებიც 2013 წლიდან ამ სისტემაში იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, “ნაცების” მმართველობის დროს დისკომფორტს არათუ არ განიცდიდნენ, არამედ “ნაცების” დავალებებსაც დიდი მონდომებით ასრულებდნენ. ამგვარი წარსული აქვს ჯეჯელავასაც, რომელიც იმ საკონკურსო კომისიის წევრი იყო, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაატოვებინა არაერთ ღირსეულ პროფესიონალს, “ნაცების” დავალებების შემსრულებელი კი “ქოცებმა” მინისტრად დანიშნეს. ალექსანდრე ჯეჯელავას ერთადერთ დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს მისი კომიკურობა, რადგანაც ამდენი სასაცილო რამ არც ერთ მის წინამორბედს არ უთქვამს. მისი “სკოლების გავაშლიანების” პროგრამა ქმნის რეალურ საფრთხეს: სიცილი უკვე მავნებლობაში შეიძლება გადაიზარდოს.

კვირის პალიტრა“, 14 აგვისტო, 2017 წელი

გუბერნატორებს წინასაარჩევნოდ სუს-იც გამოიყენებს“ // „გუბერნატორს საარჩევნო შტაბებსა და პარტიას შორის კოორდინაცია დაევალება

რუსუდან შელია

გასულ კვირას რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ და ასევე, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ თანამდებობები დატოვეს – რეგიონებში საკადრო ცვლილებებს დინამიკურ პროცესად აფასებს მმართველი გუნდი, ოპოზიცია კი გადაადგილებას არჩევნებს უკავშირებს. “კვირის პალიტრასთან” ექსპერტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს:

- გუბერნატორების ცვლილებას პირდაპირი კავშირი აქვს არჩევნებთან – მმართველი გუნდის განცხადებები, რომ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმარ­თველობის გაუმჯობესებისთვის მოხდა, არასერიოზულია. “ქართულ ოცნებაშიც” კი შეთანხმდნენ, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი აბსოლუტურად უფუნქციოდ იქცა და მხოლოდ საარჩევნო რესურსების კოორდინაციისთვის იყენებენ. სავარაუდოდ, არჩევნებამდე მმარ­თველ გუნდში სუსტი რეგიონები გამოკვეთეს, სადაც თვითმმართველობის მეტი კონტროლია საჭირო, მოს­ახ­ლეობის განწყობაც არაპროგნოზირებადია და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

- თუ გუბერნატორი უფუნქციოა, როგორ უნდა მოახერხოს მან წინასაარჩევნოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლი ან საარ­ჩევნო რესურსების კოორდინაცია?

- სქემა ასეთია – გუბერნატორს საარჩევნო შტაბებსა და პარტიას შორის კოორდინაცია დაევალება. ამასთან, მმართველი ძალა შეეცდება საარჩევნოდ გუბერნატორის მეშვეობით ადგილობრივი ბიუჯეტიც გამოიყენოს, მათ შორის, ღონისძიებებისა და კამპანიის დასაგეგმად. ამის მეტს მმართველი გუნდი ვეღარ გაბედავს, რადგან გუბერნატორები არჩეულ გამგებ­ლ­ებს ფუნქციებით ვერასოდეს შე­ეჭიდებიან – გამგებლები მაღ­ალი­ ლეგიტიმაციის ფიგურები არიან, გუბერნატორებს კი მხოლოდ­ მმართველი ძალის პოლიტიკური ლოიალობა აქვთ, ისიც არაფორმალურად. ვფიქრობ, გუბერნატორებს წინასაარჩევნოდ სუს-იც გამოიყენებს. კარგად გვახსოვს, ჯერ კიდევ წინა

პარლამენტში გაჟღერდა, რომ საარჩევნო სიების ფორმირებაში სუს-ი იყო ჩართული. თუმცა, დეცენტრალიზაციის პროცესი ახლა აქტიურ ფაზაშია და ეს დინამიკა მაძლევს იმედს, რომ თუნდაც არაფორმალური ბერკეტებით, სპეცსამსახურები მუნიციპალიტეტებზე ზეგავლენას ვეღარ მოახდენენ, რადგან საქმე არჩეულ მერებთან ექნებათ, რომლებიც ნელ-ნელა საკუთარ ლეგიტიმაციას თავადაც გაიაზრებენ.

გურიასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შემთხვევა გვქონდა. ჩემი ინფორმა­ციით, გია სალუქვაძის ნაცვლად, ოზურგეთის ჯერ კიდევ მოქმედ გამგებელს მერაბ ჭანუკვაძეს დანიშნავენ. შესაძლოა, ჭანუკვაძე ფიქრობს, რომ გუბერნატორად დანიშვნა დაწინაურება იქნება და შიდაპარტიული ამბიციები დაკმაყოფილდება, მაგ­რამ მალევე მიხვდება, რომ დიდ გაუგებ­რობაში მოხვდა. არჩეული თანამდებობის შემდეგ, ჩემი აზრით, მას აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა გაეგრძელებინა კარიერა. ჩანს, პარტიაში სხვა მნიშვნელოვანი პოზიცია მისთვის ვერ გამოინახა.

გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერი:

- ორი გუბერნატორის ცვლილება უფრო არჩევნე­ბის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, რათა გამგებლებმა მეტი ხარისხით იმუშაონ. გუბერნატორის მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს რეგიონული, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების კოორდინაცია, 2018 წელს კი ამას საგანგებო მნიშვნელობა­ ექნება, რადგან ინფრასტრუქტურული პრო­ექტების რამდენიმე მილიარდი­ ლარის მოცულობის სამუშაოების ათვისებაზეა საუბარი. რწმუნებულის ინსტიტუტის არსებობა-არარსებობაზე გვქონდა მსჯელობა, თუმცა კოორდინაციის მნიშვნელობა დღის წესრიგში რჩება და შესაძლოა, გუბერნატორმა მეტი ფუნქციაც შეიძინოს.

კვირის პალიტრა“, 14 აგვისტო, 2017 წელი

ტურისტებისშემოსევა

2017 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან უკვე 1,1 მილიარდი დოლარია შემოსული, რაც შარშანდელთან შედარებით 26%-იანი ზრდაა // თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ტურისტული თვალსაზრისით ტრადიციული ქვეყნების გეოგრაფია შეიცვალოს და მეზობლების ნაცვლად, ტურისტების სიმრავლით პირველ პოზიციებზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ

ემა ტუხიაშვილი

ვისაც თბილისის ძველ უბნებში ხშირად უწევს სიარული, უცხოელი ტურისტების აქამდე არნახულ სიმრავლეს შენიშნავდა. “არნახულს” გადაჭარბებით სულაც არ ვამბობ, ძველი უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე ვცხოვრობ და ამდენი უცხოელი ტურისტი ჩვენს იტალიურ ეზოსა თუ ქუჩაზე აქამდე არასდროს მინახავს. ვისთვისაც სასტუმროებისა და გესტჰაუსების ფასები ძვირია, ბინას ან ოთახს ქირაობს, ამიტომ სახლიდან გამოსულს ხან ინდოელი მესალმება, ხან ირანელი, ხან ფრანგი და ხანაც უკრაინელი. როგორც ამბობენ, საქართველოში ჩამოსასვლელად რამდენიმე რამ იზიდავთ: ქართული სამზარეულო, კულტურული ძეგლები და ხელმისაწვდომი ფასი.

ტურისტების რაოდენობა რომ ყოველწლიურად იზრდება, ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს. ცოტა ხნის წინ მეილზე კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “გალთ ენდ თაგარტის” კვლევა მივიღე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური წყაროსგან მიღებული საინტერესო ინფორმაცია იყო მოცემული. ოფიციალური სტატისტიკითაც ბოლო დროს ირანელი ტურისტების რაოდენობამ ქვეყანაში უკრაინელი ტურისტებისას გადააჭარბა. არადა, უკრაინა საქართველოსთვის ტურისტების სიმრავლით ტრადიციული ქვეყანაა, ისევე როგორც რუსეთი და თურქეთი და სხვა მეზობელი ქვეყნები, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ტურისტული თვალსაზრისით ტრადიციული ქვეყნების გეოგრაფია შეიცვალოს და მეზობლების ნაცვლად, ტურისტების სიმრავლით პირველ პოზიციებზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები აღმოჩნდნენ.

საგარეო შოკების მიუხედავად, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, ტურიზმი ქვეყანაში მაინც დინამიკურად ვითარდებოდა. მაშინ, როცა ფულადი გზავნილები და ექსპორტი მცირდებოდა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირიქით, იზრდებოდა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ლარის სტაბილურობისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ძალიან მნიშვნელოვანია და უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ განიხილება. მაგალითად, შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 15% შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მაჩვენებელი წლეულს 17%-მდე გაიზრდება. სხვათა შორის, საქონლის ექსპორტი გასულ წელს გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები. და თუ გასულ წელს ტურიზმმა 2,2 მილიარდი დოლარი მოგვცა, ხუთი წლის წინ, 2012 წელს, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1,4 მილიარდი დოლარი იყო.

2017 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან უკვე 1,1 მილიარდი დოლარია შემოსული, რაც შარშანდელთან შედარებით 26%-იანი ზრდაა. ივლისის თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გასულ წელთან შედარებით, წლეულს ტურიზმით მიღებული შემოსავლების დაახლოებით 25%-იანი ზრდა გვექნება და წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 2,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს. საინტერესოა, რომ საერთაშორისო მოგზაურებმა მხოლოდ ივლისში საქართველოში უცხოური ბარათებით 165,1 მილიონი ლარის ოპერაციები შეასრულეს, ხოლო ჯამურად წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 952,3 მილიონი ლარი იყო. ხარჯვის განსაკუთრებით მაღალი წილით გამოირჩევიან რუსი ტურისტები.

საქართველოში ტურისტად მიიჩნევა ის პირი, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს გაჩერდება. მიმდინარე წლის შვიდ თვეში ასეთი 1,83 მილიონი კაცი შემოვიდა. მთლიანად ვიზიტორების რაოდენობამ კი ამ პერიოდში საქართველოში 4 მილიონს მიაღწია, მაგრამ მათ შორის არიან ერთდღიანი ვიზიტით შემოსული პირებიც და ტრანზიტით შემოსულებიც. კარგი ის არის, რომ ვიზიტორების რაოდენობა ქვეყანაში, ძირითადად, სწორედ ტურისტების ზრდის ხარჯზე იზრდებოდა.

საქართველოში შემოსული ვიზიტორების ბოლო წლების დინამიკას რომ გადავხედოთ, შარშან საქართველოში 6 360 503 ვიზიტორი შემოვიდა და მათგან ტურისტი 2 720 970 იყო. 2015 წელს საქართველოში 5,9 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა და მათგან ტურისტი 2,2 მილიონი იყო, 2012 წლის 4,4 მილიონი ვიზიტორიდან კი ტურისტი იყო 1,7 მილიონი კაცი.

საქართველოში მხოლოდ ივლისში შემოვიდა 0,98 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი, რაც დაახლოებით 28%-ით მეტია შარშანდელი ივნისის მაჩვენებელზე. წამყვანი ქვეყნების ოთხეულიდან, ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ევროკავშირის ქვეყნებიდან კი მხოლოდ ივლისში საქართველოში 45 ათასი ვიზიტორია შემოსული. თუ წლეულს შვიდ თვეში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობას (3,98 მილიონი) შარშანდელ რიცხვებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნიდან, გარდა თურქეთისა, საიდანაც შემოსული ვიზიტორების რაოდენობა­ პირიქით, დაახლოებით 13%-ით­ შემცირდა. სამაგიეროდ 2,7-ჯერ­ არის გაზრდილი ირანიდან შემოსულთა რაოდენობა – 166 ათასი კაცი შვიდ თვეში.

თურქეთიდან ვიზიტორების შემცირება ბოლო პერიოდში ამ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება.

გასული წლის ივლისში, როცა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, თურქეთის მთავრობამ მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. ამჟამად სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს და ესეც არის ტურისტების შემცირების განმაპირობებელი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თურქეთიდან ინვესტიციების 42%-იანი ზრდა გვაქვს და ეს მაშინ, როცა ყველა მოელოდა, რომ პოლიტიკური გაურკვევლობა ცუდად აისახებოდა საინვესტიციო აქტივობაზე საქართველოში. ექსპერტები ფიქრობენ, რომ წლეულს თურქეთიდან სულ 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-იანი ზრდა იქნება…

ტურისტების რაოდენობის მატებასთან ერთად, იზრდება მათი განთავსების ობიექტების, ანუ სასტუმროების, ჰოსტელების, გესტჰაუსების რაოდენობა. თუმცა, როგორც ტურისტული კომპანიები და სტუმრები ამბობენ, ხელსაყრელ ფასად დაბინავება ხშირად პრობლემაა. მაგალითად, 2016 წელს საქართველოში 1 927 განთავსების ობიექტი იყო, სადაც ოთახების საერთო რაოდენობამ 26 859 შეადგინა. ტურისტები ხშირად საშუალო კატეგორიის, ე.წ. ორ და სამვარსკვლავიანი სასტუმროების სიმცირეს უჩივიან, სადაც გაჩერება ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი. საქართველოში ამ თვალსაზრისით თითქოს ორი უკიდურესობა არსებობს – ან მაღალი კლასის სასტუმრო გვაქვს, რომელთა ხარჯებსაც საშუალო-სტატისტიკური ტურისტის ჯიბე ვერ შესწვდება, ან ძალიან დაბალი სერვისის მქონე ღამის გასათევი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ პრობლემას აწყდებიან ტურისტები რეგიონებში და არის შემთხვევები, როცა ტურისტებს ღამის გათევა მანქანაშიც კი უწევთ.

საერთაშორისო ვიზიტორების ზრდასთან ერთად, იზრდებოდა ავიაფრენების სიხშირეც. მაგალითად, მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში პირდაპირი ფრენების რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია და კვირაში საშუალოდ 400 ფრენას. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს დაკავშირებულია ე. წ. *მეორადი, ნაკლებად ტრადიციული ბაზრებიდან ვიზიტორების ზრდასთან. მაგალითად, 2017 წლის შვიდ თვეში ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობამ 78 ათასს გადააჭარბა. ამ პერიოდში მხოლოდ საუდის არაბეთიდან საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 217%-ით გაიზარდა, დაახლოებით 180%-ით გაიზარდა ქუვეითიდან და თითქმის 400%-ით – იორდანიიდან ჩამოსული სტუმრების რაოდენობა.

რუპიები და დირჰამები საქართველოში ჩამომსვლელთათვის

ინდური და არაბული ტურისტული სააგენტოები მსურველებს საქართველოში მოგზაურობას სთავაზობენ. პირობებს ინდურ და არაბულ ტურისტულ საიტებზე გაეცნობით. მაგალითად, ერთ-ერთ არაბულ საიტზე მითითებულია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს და ამ ქვეყანაში მოგზაურობა 1.099 დირჰამად შეუძლიათ (ეროვნული ბანკის კურსით 12 აგვისტოსთვის, დაახლოებით Y715 ლარი), რაშიც ფრენისა და სასტუმროს ხარჯებიც შედის.

ერთ-ერთ ინდურ ტურისტულ საიტზე კი წავაწყდით ინფორმაციას საქართველოში შეთავაზებული ტურების შესახებ – ერთი კაცისთვის, ფრენისა და სასტუმროს ხარჯების გარეშე. მაგალითად, ინდოელებს 5.186 რუპიად (დაახლოებით Y193 ლარი) სთავაზობენ ტურს ყაზბეგში, ანანურსა და გერგეტზე. მცხეთის, გორისა და უფლისციხის მონახულება 4.494 რუპია (დაახლოებით 167 ლარი) ღირს. ბორჯომის, ვარძიისა და რაბათის ტურის ღირებულება ერთი პერსონისთვის 8.296 რუპიას (დაახლოებით 310 ლარი) შეადგენს. შეთავაზებული ტურებიდან ყველაზე ძვირი კახეთში, ლოპოტის ტურია, სადაც ერთი დღის გატარება 20.740 რუპია (დაახლოებით 772 ლარი) ღირს.

ახალი თაობა“, 14 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „საქართველოს სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია“ // „აშშ თავისი ძალებით უნდა დაგვეხმაროს

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც, ხელისუფლების გარდა, ყველას აუკრძალავს ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობას. პატრიოტთა ალიანსი კი ხელისუფლებისაგან მოითხოვს რუსეთთან დიალოგის ხელშეწყობას ყველა დონეზე. „ახალი თაობა“ ამ საკითხებზე ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას.

„ასეთი ინიციატივები გასაკვირი არ არის იმ ურთულეს სიტუაციაში, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა. სხვადასხვა პარტია განსხვავებულად ხედავს გამოსავალს. ყველაზე სახიფათოა, როცა პოლიტიკური ორგანიზაცია აკეთებს რუსეთის საქმეს რუსეთთან დაპირისპირების საფარქვეშ“, – ამბობს ანზორ აბრალავა.

- ვინ გყავთ მხედველობაში?

- ახლანდელი და ყოფილი ნაციონალები. ნაცმოძრაობა ისევ ბევრ რამეს აფუჭებს და აშანტაჟებს ხელისუფლებას, სხვებს ეძახის მოღალატეებს. ერთი რამ ვერ გამიგია _ თუ სააკაშვილს ჰქონდა უფლება, შეხვედროდა პუტინს, შოიგუს და მას მოღალატეობას არავინ აბრალებდა, სხვებს რატომ არა აქვთ შეხვედრების უფლება? კაპიტულანტური ნაბიჯები არავის უხარია. გერმანიას კაპიტულაცია 1918 წელსაც მოუხდა. საქართველოსთვის ახლა აუცილებელია მისი პრობლემატიკის აქტუალიზაცია მსოფლიოში.

- ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე საუბრობთ?

- ტერიტორიულ მთლიანობასა და სტაბილურობაზე. არ მინდა, მოხდეს ამ საკითხების პალესტინიზაცია. ეს ნიშნავს გადაუჭრელ პრობლემას.

- ბოლო თვეებში აშშ-ის კონგრესმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრობლემები წინ წამოსწიეს და ქვეყნის მიმართ დიდი მხარდაჭერა გამოხატეს...

- ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი გადაწყვეტილებებია. ჩვენ გვჭირდება აუცილებელი და საკმარისი ნაბიჯები, კონკრეტული, რეალური მოქმედებები.

- აშშ-ის მხრიდან?

- ჩვენი ხსნა ამ სიტუაციაში მხოლოდ აშშ-ს შეუძლია. უნდა დავდოთ ორმხრივი ხელშეკრულება სამხედრო სფეროში. ამერიკელი სამხედროები უნდა განთავსდნენ საქართველოში სამშვიდობო ან სხვა ფორმატით. უბედურებაა, როცა საგარეო საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებენ ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ ისტორიაზე.

- საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა?

- ადრე ამა თუ იმ ხელისუფლებას დაუშვია შეცდომები. ბოლო დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პირადად მინისტრი კარგად მუშაობენ. მათ მეტს ვერ მოსთხოვ. ახლა ჯერი ჩვენს მოკავშირეებზეა.

- აშშ საქართველოს თავდაცვის უფრო მეტად გაძლიერებას ჰპირდება...

- ჩვენ ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ საშველი ამაში არ არის. ამერიკა თავისი რესურსით უნდა დაგვეხმაროს. როგორ წარმოგიდგენიათ, რა მოჰყვება, იმას, თუ გაძლიერებულები ომს დავუწყებთ რუსეთს? გადავხედოთ ისტორიას. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში საქართველომ ბევრი რამ გადაიტანა – 1914 წელს ჯერ გერმანელები შემოვიდნენ, შემდეგ ინგლისელები, რომლებმაც 1921 წელს რუსი ბოლშევიკების წინააღმდეგ თითიც არ გაანძრიეს და საქართველო რუსეთს შეატოვეს. ამ მოვლენებს უკვე უწოდებენ სამგვარ, სამჯერად ოკუპაციას.

- რუსეთთან კონტაქტების შეზღუდვის ინიციატივას როგორ აფასებთ?

- თუ ქვეყანას სჭირდება, დიალოგზე უნდა წახვიდე! რუსეთთან დიალოგი, პირველ რიგში, ხელისუფლების საქმეა, მაგრამ, თუ ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს და ვინმე კონტაქტებს ამყარებს მოსკოვთან, ეს დასჯადი არ უნდა გახდეს. დიალოგისას უნდა გავიგოთ, რა უნდა რუსეთს.

- თქვენი აზრით, რა პრეტენზია აქვს რუსეთს?

- რუსეთს, ალბათ, პირველ რიგში, ბაზების საკითხი აღელვებს.

- ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთს აქვს ბაზები...

- რუსეთს სარფთანაც უნდა სამხედრო ბაზა. კრემლი ცდილობს, აღადგინოს რუსეთის საზღვრები, რომელიც მონარქიის პერიოდში ჰქონდა. ნატო საქართველოში ვერ შემოვა. ეს რომ მოხდეს კიდეც, ნატოს სახით საქართველოში მოვა თურქეთი. ამას საქართველოს მოსახლეობა აღიქვამს ოკუპაციად. ევროპა ვერ გვიხსნის. ჩვენ აშშ უნდა დაგვეხმაროს. ნაცმოძრაობა ამ რთულ სიტუაციაში თავის დანაშაულს სხვებს აბრალებს, დიალოგს ბლოკავს და იმაზეც ისტერიკას ტეხს, რომ მიხეილ სააკაშვილს გაფლანგულ თანხებს ედავებიან.

- მიხეილ სააკაშვილს საქმის განხილვისას ოფიციალური ვიზიტების დროს დახარჯულ თანხებსაც უთვლიან. ამით ნაცმოძრაობას საშუალებას აძლევენ, ქულები დაიწეროს და თავისი ლიდერი გაამართლოს...

- გეთანხმებით. მიხეილ სააკაშვილი წარსულს ბარდება, მაგრამ მისი ნაცმოძრაობა ისევ ცხადდება პირველ ოპოზიციურ ძალად. რომან გოცირიძეს საშუალება ეძლევა, დაიცვას მიხეილ სააკაშვილი. პუტჩის მონაწილე რომან გოცირიძეს, რომელმაც თავის დროზე საცხოვრებელი ბინა ხელმოწერის გაყალბებით ჩაიგდო ხელში, ხმა არა აქვს ამოსაღები, მაგრამ მის გააქტიურებას ხელს უწყობენ. მიხეილ სააკაშვილს არაერთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და მას ამაზე კანონის შესაბამისად პასუხი უნდა მოსთხოვონ.

- ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემას დავუბრუნდეთ. რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოსკოვი განსაკუთრებულად აძლიერებს სამხრეთის სამხედრო ოლქს...

- ამ განცხადებების გარეშეც ნათელია, რომ რუსეთი ჩვენს რეგიონში აქტიურია. მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს შიდა ქართლსა და შამგონა-ნაბაკევის მიდამოებში. თუ ამერიკამ არ იმოქმედა, საქართველო მალე სახელმწიფო აღარ იქნება. ამერიკული ტექნიკის ჩავლით ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთი არ გაჩერდება. საქართველოს სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია.

ახალი თაობა“, 14 აგვისტო, 2017 წელი

რატომ წაართვა რუსეთმა სამ მართლმადიდებელ ქვეყანას ტერიტორიები

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „საქართველოსაც, უკრაინასაც და მოლდოვასაც ნატოში შესვლა უნდათ

ინტერვიუ პარლამენტის ყოფილ წევრ ჯონდი ბაღათურიასთან

- საქართველოში საერთაშორისო სამხედრო წვრთნები მესამე წელია ტარდება. ახლა რატომ აძლევთ ასეთ მნიშვნელობას?

- ხომ ნახეთ, შემოიყვანეს ამერიკული სამხედრო ტექნიკა დროშებით. მეორე დილით რუსებმა დაიწყეს ახალი ბორდერიზაცია, ახალი ხნულების გატარება.

- არ იყო ამერიკის ჯარი, მაგრამ ბორდერიზაცია რა ხანია მიმდინარეობს. რატომ ვაკავშირებთ ამ ორ ფაქტს ერთმანეთს?

- (ჯერ აზრს დავასრულებ) ამერიკის ჯარი აქ იყო, მაგრამ ვერ გაბედა რუსეთისთვის ხელის შეშლა კი არა, კომენტარის გაკეთებაც კი.

- ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საბრძოლველად კი არ იყვნენ შემოსული, საწვრთნელად...

- კი მაგრამ, ის, რომ ამერიკის ჯარმა კომენტარის გაკეთებაც ვერ გაბედა, შესაბამისად, ილუზიები სრულიად გულუბრყვილო, მიამიტური, ჩვენს შემთხვევაში ძალიან ბრიყვულია, რომ ჩვენ აშშ დაგვიცავს. აშშ-ის ჯარი აქ იყო და რუსებმა ძალიან მშვიდად (სხვათა შორის, იარაღიც კი არ ჰქონდა გადაკიდებული) დაიწყეს ხნულების ხელახალი გატარება. საერთოდ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსზე.

- თქვენ რამდენჯერმე იმყოფებოდით მოსკოვში. ნატოზე უარი რომ ვთქვათ, რუსეთი ცხინვალსა და აფხაზეთს დაგვიბრუნებს და საქართველოს ოკუპაციას არ გააგრძელებს?

_ დღევანდელი მდგომარეობით რომ დავიწყოთ ამის ანალიზი, რისთვის უნდა დაგვიბრუნოს ცხინვალი, სამაჩაბლო და აფხაზეთი, შემდეგ ამერიკის ბაზები რომ განალაგო? თქვენ ხომ იცით, ამერიკის სამხედრო-სამეთაური კომპლექსი და ნატოს ჯარები რუსული სამეთაურო-სამხედრო კომპლექსის კონკურენტები არიან. მათ საომარი მოქმედება აქვთ ერთმანეთთან, მაგალითად, სირიასა და სხვა ადგილებში.

- ეს პოლიტიკა რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის შედეგია. განა თქვენ ამას ვერ ატყობთ?

- დღეს რომ რუსებმა გაიყვანონ თავიანთი ბაზები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ჩვენ უნდა შევიყვანოთ ნატოს ჯარები. რატომ უნდა შევიყვანოთ ნატოს ჯარი? ამ შეკითხვას სვამს რუსი.

- არც ნატოს ჯარს შევიყვანთ და არც რუსული ჯარი გვინდა იქ.

- რუსი ამბობს, რატომ უნდა გავიდე მე, როცა შემიძლია, არ გავიდე და არ დავუთმო ნატოსა და ამერიკის სამხედრო ბაზებს ის ტერიტორია, სადაც ახლა მე ვდგავარ. როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, სამართლიანობაზე, გაიხსენეთ, რომ საერთაშორისო სამართალი არის ძლიერების. საერთაშორისო სამართალში ძლიერის ენით გელაპარაკებიან.

- ისე, თქვენ ახლა რუსული პოზიციიდან მელაპარაკებით...

- დიახ, მე გეუბნებით, რუსული პოზიცია როგორია. დამეთანხმეთ, რომ თურმე არის ამაში ლოგიკა.

- რუსულ ქმედებებში ლოგიკას ვერ ვხედავ. ახლა რომ რბილი ძალის საშუალებით მოქმედებას ცდილობს, 1991 წლიდან საქართველოში გადატრიალება რომ არ მოეხდინა, ქვეყანაში რუსეთში ნასწავლი ინტელიგენცია იყო, განწყობები არ გახლდათ რადიკალური, როგორც ეს იყო 1992-93 წლებისა და 2008 წლების ომების შემდგომ. ახალმა თაობამ ნახა რუსული ომის საშინელება. ამაზე რატომ არ ფიქრობთ?

- როცა 1991 წლის პუტჩს ახსენებთ, ალბათ, გულისხმობთ იმასაც, რომ მაშინ დაიწყო აფხაზეთსა და ცხინვალში პრობლემები და სამხედრო კონფლიქტები. 1991 წელს რუსეთს მართავდა ლოთი ელცინი, სრულიად უპასუხისმგებლო ხელმძღვანელი და აშშ-ის მარიონეტი. ელცინი, როგორც თოჯინა, ზუსტად ისევე სატელეფონო ზარებით იმართებოდა ვაშინგტონიდან, როგორც დღეს ჩვენი ხელისუფლება იმართება. ერთი ზარი რომ განხორციელებულიყო ვაშინგტონიდან, ამ გადატრიალებას ხელს ნუ შეუწყობთო, გადატრიალება არ მოხდებოდა, ცხინვალსა და აფხაზეთში კონფლიქტებს უპასუხისმგებლო მარიონეტი ელცინი არ მოაწყობდა.

ამიტომ რუს ხალხსა და რუსულ სახელმწიფოს ნუ დავაბრალებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ამ კონფლიქტების რეალიზაციას, ისევე, როგორც 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის შემოსვლას. ბოლშევიკებმა ბევრ სახელმწიფოს უკრეს თავი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ბოლშევიკები, პირველ რიგში, რუსეთისა და რუსების მტრები იყვნენ, შემდეგ – საქართველოსი და სხვების. 1991 წელსაც ვაშინგტონიდან მართულმა ელცინმა განახორციელა აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტები.

- ბატონო ჯონდი, ეს საკითხები მამაო ჩვენოსავით ვიცი. მთლად ისე არ არის, როგორც თქვენ ამბობთ. 2 საუკუნის წინაც ამერიკა იყო, საქართველომ ქვეშევრდომობა რომ სთხოვა და სამეფო გააუქმა? რუსეთს ახასიათებს მუდმივი გაფართოებისთვის ბრძოლა და სხვისი ტერიტორიების დაპყრობა. რუსეთს ვერც ელცინის ლოთობით გავამართლებთ, ვერც პუტინის სიმკაცრითა და ვერც საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის მოტივით. საერთოდ, დამოუკიდებლობაზე რომ ვიფიქრეთ, ამიტომ დაგვსაჯეს. ნუთუ ეს არ გესმით?

- ეს თქვენი მოსაზრებაა.

- ორი საუკუნეა, რუსეთი ვერ ჩამოვიცილეთ და საქართველოს იპყრობს. ეს ჩემი მოგონილი როგორ არის?

- სავსებით გეთანხმებით, რომ რუსეთს, როგორც ყველა ძლიერ სახელმწიფოს (მათ შორის საქართველოსაც), ახასიათებს გაფართოებისკენ სწრაფვა. ასეთია რუსეთისა და დიდი სახელმწიფოების ხასიათი. ასეთია შეერთებული შტატების ბუნება. არც შეერთებულ შტატებს ვადანაშაულებ იმაში, რომ სურვილი აქვს, გაფართოვდეს და გავლენის სფეროები მოიპოვოს, არც რუსეთს. ჩვენს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ჭკუა და პასუხისმგებლობა, რათა საკუთარი სამშობლო რუსეთისა და ამერიკის დაპირისპირების არენად არ გადააქციოს.

- ბატონო ჯონდი, მეთანხმებით, რომ რუსეთს აქვს იმპერიული ზრახვები. როცა ამბობთ, ხელისუფლების პოლიტიკა სწორი არ არისო, როგორ უნდა დავიცვათ თავი რუსეთის იმპერიული ზრახვებისაგან, თუ ძლიერი სტრატეგიული მოკავშირე არ გვეყოლება? როგორ უნდა გავუმკლავდეთ რუსეთის სამხედრო მანქანას, თუ ის მთლიანად საქართველოს ოკუპაციას მოინდომებს?

- პირველ რიგში, საქართველო და ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ქვეყანა, მისი ჭკუათმყოფელი და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, საკუთარი ქვეყნიდან და საკუთარი ტერიტორიიდან არ შეუქმნას მეზობელ სახელმწიფოებს საფრთხე იმისათვის, რომ ამ მეზობელმა სახელმწიფოებმა არ დაიწყონ ამ საფრთხის ნეიტრალიზაციაზე ფიქრი და მუშაობა.

- საფრთხე რუსეთს ჩვენი ტერიტორიიდან არ ემუქრება. პირიქით, თვითონ არის ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი, ბაზები აქვს განთავსებული. ჩვენ რა საფრთხე შევუქმენით?

- თქვენ უნდა გესმოდეთ (მე კიდევ რუსეთის ლოგიკით გეუბნებით) და უნდა დამეთანხმოთ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ნატოს ან ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებაზე საქართველოში, რუსი საზოგადოება, რუსული უსაფრთხოების სისტემა ამას აღიქვამს, როგორც საფრთხეს.

- თვითონ გვიბიძგეს ამერიკისკენ, ნატოსკენ, ევროპისკენ, წაგვართვეს ტერიტორიები, ახლა უკან როგორღა დავიხევთ?

- ისეა, როგორც შეერთებული შტატები აღიქვამს საფრთხედ რუსულ ბაზებს, მაგალითად, კუბაში, სადაც რუსებმა უკვე ფლოტილია განათავსეს. ეს ორი სუპერსახელმწიფოა, რომლებიც სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკურ კონკურენციაში იმყოფებიან, მათ შორის, ლოკალური ომები, სამხედრო შეტაკებები ხდება სირიაში. ჯერჯერობით ამ სამხედრო კონფლიქტში გამარჯვებული რუსეთია. რუსებმა დაჩაგრეს ნატოს ჯარები სირიაში, საჰაერო სივრცეშიც და ხმელეთზეც. ჩვენ ამას ანგარიშს უნდა ვუწევდეთ. სამართლიანობა, საერთაშორისო სამართალი ძლიერი სახელმწიფოებისაა. პატარა სახელმწიფოებს მხოლოდ ჭკუის გამოყენების უნარი დარჩენიათ.

- ძალიან რომ მოვინდომოთ და ვთქვათ უარი ამერიკაზე, ნატოზე, ევროპაზე, არის რუსეთისაგან გარანტია იმისა, რომ ისინი არ დაგვიპყრობენ? რუსეთს შეიძლება ვენდოთ?

- ნატოს გამო რომელმა სახელმწიფოებმა დაკარგეს ტერიტორიები? უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ.

- ჯერ მეტი ვერ მოასწრო...

- სამმა მართლმადიდებელმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები.

- თქვენ თვითონ ამბობთ, რომ მართლმადიდებელმა რუსეთმა ტერიტორიები წაართვა მართლმადიდებელ ქვეყნებს...

- სამივე სახელმწიფო არის ნატოში შესვლის მოსურნე, პროდასავლური ორიენტაციისა და თავის ტერიტორიაზე ნატოსა და ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსებას ცდილობდა. ყაზახეთს, რომელიც თავისი ტერიტორიით ევროპაზე დიდია, ერთი გოჯი მიწა არ დაუკარგავს.

- დიდი ქვეყანაა და იმიტომ.

- ამ სამი სახელმწიფოს გარდა (ნატოს სამხედრო ბაზების განთავსებას რომ აპირებდა თავის ტერიტორიაზე), არცერთ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ერთი გოჯი მიწა არ დაუკარგავს. რუსეთი ცდილობს, მის სამეზობლოში ნატოსა და ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება არ დაუშვ

ახალი თაობა“, 14 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „ქართულ ოცნებაში პარადი დავარცხნილ ნაცებს მიჰყავთ“ // „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას გაემიჯნა

რატომ ითხოვს ეროვნული ძალების გაერთიანებას, ვინ აკონტროლებს სახელისუფლებო პარტიას, რატომ არის აუცილებელი ნაციონალების ჩაჩოჩება? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური ესაუბრება.

„დღეს ისე, როგორც არასდროს, საჭიროა ეროვნული ძალების გაერთიანება. ვისთვისაც საქართველოს მომავალი სულ ერთი არ არის, პირადი ამბიციები გვერდზე უნდა გადავდოთ და გავერთიანდეთ. ფეისბუქზე დავწერე და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ასევე ეროვნულმა ძალებმა ვერ გააკეთეს დასკვნები და კვლავ აგრძელებენ დასავლელი ლიბერალებისა და ნაცების თამაშს, რისი საბოლოო მიზანიც არის „გამარჯვებული“ „ქართული ოცნება“, რომელსაც, ბოლოს მხოლოდ, სახელიღა შერჩება და მთავარი ოპოზიციური ძალა ნაციონალური მოძრაობა, თავისი ანასხლეტებით… არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ეს სცენარი დამღუპველია ქვეყნისთვის… გვარიანად განაციონალებული „ოცნება“ დასავლეთიდან შეგულიანებული ნაცების შანტაჟით ხშირად იღებს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაამხობენ და ნაციონალებით ჩაანაცვლებენ.

- ანტიეროვნულ გადაწყვეტილებებში რას გულისხმობთ?

- ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იწონებენ თავს იმით, რომ საქართველო ავღანეთში სამშვიდობო კონტინგენტით პირველ ადგილზეა ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. ეს საამაყო კი არა, საგანგაშოა.

- სამშვიდობო მისიებში ჩვენი სამხედროები გამოცდილებას იღებენ.

- რომელ გამოცდილებაზეა საუბარი? იქ ჩვენი ბიჭები იღუპებიან. ვინმეს თუ უნდა, გამოცდილება მივიღოთ, აქ ჩამოვიდნენ და თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარონ. ამ საერთაშორისო წვრთნებისა და მისიების არ მჯერა. საქართველოში ახლახან დასრულდა წვრთნები. დიდი ამბით მოატარეს ამერიკულ სამხედრო ტექნიკას საქართველოს ქალაქები. ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჯერ ისევ აქ იდგა, რუსებმა საოკუპაციო ხაზი რომ კიდევ გადმოსწიეს. ჩვენ თუ ვმონაწილეობთ სამშვიდობო მისიებში, ჩვენ რატომ არავინ გვეხმარება? პირიქით, საფრთხეებს გვიმატებენ.

- რა საფრთხეებს გვიმატებენ?

- ხელისუფლება და ნაციონალები თავიანთი განაყრებით ვაშინგტონიდან იმართებიან. ისინი ღიად აცხადებენ, რომ საქართველოს ნატოში შესვლა გარდაუვალია. ამ დროს მოსახლეობაში ნატოს მიმართ იმედგაცრუება იზრდება.

- იმედგაცრუება რით გამოიხატება? მოსახლეობის დიდი ნაწილი ნატოში საქართველოს გაწევრიანებას უჭერს მხარს...

- ვერ დაგეთანხმებით. მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი ხვდება, რომ ნატოში შესვლას პერსპექტივა არ გააჩნია, ხოლო თუ გააჩნია, იქ გაცილებით დიდი დანაკარგებით შევალთ, ვიდრე დღეს გაგვაჩნია. არის იმის საფრთხე, რომ აჭარაც დაიკარგოს. ამ რეგიონში ისედაც დიდი თურქეთის გავლენა ნატოში შესვლის შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება. თუ ვინმემ არ იცის, შევახსენებ, რომ თურქეთი ნატოს წევრია. ნატოს წევრობას მისთვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ პარტნიორი საბერძნეთისთვის კვიპროსის ნახევარი წაერთმია.

ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს სწორედ ამიტომ არ უნდა ნატოში შესვლა. ამ კატეგორიის ამომრჩეველი ისეთ პოლიტიკურ ძალას ეძებს, რომელიც გარედან არ იმართება.

საბედნიეროდ, ასეთი ძალები საქართველოში კიდევ არიან, მაგრამ მათ წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს. სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ, ეს პარტიები არ განვითარდნენ.

ნერგავენ მოსაზრებას, თითქოს საქართველოში მოსახლეობა მხარს მხოლოდ მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებასა და მათ საგარეო კურსს უჭერენ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საქართველოს სულ პროამერიკული კურსი ჰქონდა და ამერიკისკენ ჯერ კიდევ მანამდე მივილტვოდით, სანამ მას აღმოაჩენდნენ.

ამიტომ მოვუწოდებ თავისუფალ პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისაკენ. თუ ამ მოწოდებას არ გამოეხმაურებიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთვის ქვეყნის ინტერესები მთავარი არ არის. ეს გაერთიანება თუ არ მოხდა და მათ მეორე ადგილის დასაკავებლად არ იბრძოლეს, ქვეყნის საქმე ცუდად წავა. მეორე ადგილს ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ პირველი ადგილი „ქართულ ოცნებას“ აქვს გარანტირებული. სამწუხაროდ, ეს პარტია ნელ-ნელა ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას.

ამ პარტიის განაციონალება მისი შექმნის დღიდან დაიწყო. იქ ჯერ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები ჩაინერგნენ, მათი მეშვეობით ახერხებდნენ კიდევაც მაშინდელი უმრავლესობის მართვას. დღეს ისინი დავარცხნილმა ნაციონალებმა ჩაანაცვლეს. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ „ოცნებაში“ პარადი მათ მიჰყავთ. ის ხალხი, რომელიც ამ პარტიის შექმნაში მონაწილეობდა, ჩაჩოჩებულია. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე „ქართული ოცნებისგან“ მხოლოდ სახელი არ დარჩება. სანამ ბოლომდე არ გაანაციონალებენ, არ მოეშვებიან.

- კონკრეტულად ვინ ანაციონალებს ამ ოცნებას?

_ რა თქმა უნდა, დასავლეთი. „ოცნებაც“ და ყოფილი ხელისუფლებაც მათ მიერ იმართება. აქ მხოლოდ ამერიკის დადანაშაულება არ შეიძლება. იქაც არის ნორმალური ხალხი, მაგრამ იქ არის სოროსიც. სოროსის ფრთა მართავს ამ პროცესს. იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ნაციონალების ტერორისაგან გათავისუფლდეს, აუცილებლად უნდა გამოჩნდეს ახალი ძალა, რომელიც არჩევნებზე მეორე ადგილს დაიკავებს, გახდება მთავარი ოპოზიციური ძალა და ნაციონალებს თავიანთი ანასხლეტებით სადღაც უკან გადაისვრის.

- თქვენი აზრით, რომელი პარტიებისგან უნდა შეიქმნას ახალი გაერთიანება, რომელიც მთავარი ოპოზიციური ძალა გახდება?

- ეროვნული ძალებისგან, იმ ხალხისგან, რომლისთვისაც მთავარია საქართველო. დღეს „ოცნება“ ნაცებსა და მათ ანასხლეტებს უწევს ანგარიშს. ანგარიში მათ ხალხსა და ეროვნულ ძალებს უნდა გაუწიონ.

- ზემოთ ახსენეთ ოცნების ის წევრები, რომლებიც, თქვენი თქმით, ჩააჩოჩეს. მათთან ხომ არ გქონიათ რაიმე კონსულტაციები?

- მათთან არანაირი კონსულტაციები არ მქონია. ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე და სულ ეს არის. არც იმაზე გამაჩნია დიდი პრეტენზია, რომ აუცილებლად ასე მოხდება.

- აღნიშნეთ, რომ ოცნებას მანამდე არ მოეშვებიან, სანამ მისგან მხოლოდ სახელი არ დარჩება. ბიძინა ივანიშვილს აღარ აინტერესებს თავისი პარტია?

- აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ ერევა. ეს „ოცნების“ ქმედებებშიც კარგად აისახება.

- დაუშვებს ივანიშვილი თავისი პარტიის განაციონალებას?

- ვერ გეტყვით. მე ივანიშვილს არ შევხვედრივარ და არ მისაუბრია, მაგრამ კარგად ვიცი ერთი რამე, რომ მასზე დიდი ზეწოლაა. „ოცნების“ განაციონალების გეგმა დასავლეთში დაიწერა. ეს გეგმა სისრულეში ეტაპობრივად მოჰყავთ. შემდეგი ნაბიჯი მათი ხელისუფლებაში დაბრუნება იქნება. მხედველობაში ოფიციალური დაბრუნება მაქვს, თორემ ისედაც ხელისუფლებაში არიან. ამის თავიდან აცილება მხოლოდ ახალ გაერთიანებას შეუძლია. ეროვნულმა ძალებმა პირადი ამბიციები გვერდზე გადადონ და გაერთიანდნენ. ცალ-ცალკე ვერაფერს მიაღწევენ, ერთად კი მეორე ადგილის დაკავების დიდი შანსი აქვთ.

ახალი თაობა“, 14 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „საქართველოში პოლიტიკური რესურსი მხოლოდ ორ პარტიას თუ გასწვდება

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო ვახტანგ, რა პროცესი მიმდინარეობს დღეს ოპოზიციაში? რამდენად დალაგდება თვითონ ოპოზიცია წინასაარჩევნოდ, თუ ეს უფრო ხანგრძლივი პროცესია?

- ოპოზიცია ჯერ მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია. სამწუხაროა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგაც ოპოზიციამ ვერ შეძლო ჩამოყალიბება. მეტიც, ისეთივე დაბნეულია, როგორც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო. საკმარისი დრო იყო საიმისოდ, რომ გამორკვეულიყვნენ და გარკვეული ფორმა მისცემოდა ოპოზიციას. დღეს ოპოზიცია ისეთივე უფორმოა, როგორც ეს არჩევნების შემდეგ იყო, მეტად დაშლილი, დანაწევრებული, ფრაგმენტირებული.

- საერთოდ ჩამოყალიბდება, გარკვეული გადაჯგუფება მოხდება?

- ჩამოყალიბება ალბათ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოხდება. ადგილობრივ არჩევნებზე სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ, ყველაფერი ძველი სცენარით მოხდება, რადგან ახალსა და მოულოდნელს ოპოზიცია ვერ შემოგვთავაზებს. გულწრფელად რომ გითხრათ, არც ველოდი, რომ ჩამოყალიბება, ერთგვარი დალაგება მოხდებოდა ოპოზიციურ ფლანგზე. ეს საკმაოდ რთული პროცესია. მე მაინც მგონია, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზეც ოპოზიციას ისეთივე კატასტროფული შედეგები ელოდება, როგორც ეს იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ან უნდა განაცხადონ, რომ პოლიტიკიდან მიდიან, ისეთივე სტილში, როგორც ეს თავისუფალი დემოკრატების ლიდერებმა გააკეთეს, ან რაღაც უნდა მოიფიქრონ და გამოსავალი იპოვონ.

- შეიძლება, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ორპარტიული სისტემა შემოვიდეს. შეიძლება, საკონსტიტუციო ცვლილებაც, საარჩევნო ბლოკების აკრძალვა, ამის წინაპირობა იყოს?

- ჩვენ უფრო ახლოს ვართ ევროპულ სისტემასთან, სადაც არა – ორპარტიული, არამედ მრავალპარტიული სისტემაა. რაც შეეხება ბლოკების აკრძალვას, ეს სულაც არ არის გამოწვეული იმით, რომ ორპარტიული სისტემა ჩამოყალიბდეს. ეს გამოწვეულა იმით, რომ ხელისუფლებაში ოპოზიცია მხოლოდ ბლოკის სახით, გაერთიანებულად მოდიოდა. ერთი რომელიმე პარტია ვერასდროს გახდება ხელისუფლების საპირწონე. ვფიქრობ, აქედან გამომდინარე ხდება ეს ცვლილება და არა პარტიების გამსხვილების მიზნით. ასეთი მექანიკური ჩარევებით პარტიების გამსხვილება და გაძლიერება არ ხდება. ამისთვის სხვა მოცემულობებია საჭირო.

ისე, გულწრფელად რომ გითხრათ, საქართველოში პოლიტიკური რესურსი მხოლოდ ორ პარტიას თუ გასწვდება. არ ვგულისხმობ, დილით რომ გაიღვიძებენ და პარლამენტის წევრობა ან პოლიტიკოსობა რომ მოუნდებათ. თუმცა, არა მგონია, ნაციონალური მოძრაობა, გნებავთ, ერთიანი ან გაყოფილი, იყოს მეორე პარტია. არჩევნების შედეგებით კი არის მეორე, მაგრამ პერსპექტივაში ელექტორატის ნაციონალური მოძრაობისადმი დამოკიდებულება მკაცრად დიფერენცირებულია. ამიტომ, არა მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობა ოდესმე გახდეს ხელისუფლების რეალური საპირწონე. ეს რესურსი მათ არ აქვთ. თუმცა, ცხადია, ისინი საპირისპიროს ფიქრობენ, დღეს თუ არა ხვალ, ჩვენ ვიქნებით, რადგან სხვა არ არის. ასეთია მათი ფიქრები.

- თუ მართლაც არ არის?

- ასეთი მიდგომა პოლიტიკაში არასწორია, რადგან, დღეს თუ არ არის, აუცილებლად გამოჩნდება, როგორც თავის დროზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, სრულიად მოულოდნელად.

- რაც შეეხება ქართულ ოცნებას, რა პროცესებს უნდა ველოდოთ სახელისუფლებო პარტიაში? მოვისმინე მოსაზრება, რომ თუ ამომრჩეველმა ივანიშვილის დისტანცირება დაინახა ამ პარტიისგან, მაშინ ეს პარტია შიგნიდანვე დაიშლება. ამ ვერსიას ეთანხმებით?

- თუ უახლეს პოლიტიკურ წარსულს გავიხსენებთ, არ მახსენდება, რომ სახელისუფლებო პარტია დაშლილიყოს. 2002-2003 წლებში „მოქალაქეთა კავშირს“, მმართველ პარტიას, ძალიან ძლიერი პოლიტიკური გუნდი გამოეყო, მაგრამ პარტია არ დაშლილა. ივანიშვილი რომ გამოვიდეს და თქვას, რომ არათუ „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოსაც ტოვებს, ეს კი გამოიწვევს გარკვეულ რყევებს, მაგრამ, არა ისეთს, რომ პარტია დაიშალოს.

- ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არანაირ გავლენას არ ახდენს ქართულ ოცნებაზე~, მის განვითარებაზე ან პირიქით?

- არა, ახდენს დღეს, მაგრამ, მომავალში როგორ იქნება, რთული სათქმელია. პარტია გააგრძელებს ჩამოყალიბებას, მაგრამ პარტიის შიგნით რომელი გუნდი აიღებს სადავეებს ხელში, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.

არის მეორე ვერსიაც: თუ ივანიშვილი წამოვიდა „ქართული ოცნებიდან“, ოპოზიციაში გადავიდა და თავიდან დაიწყო პროცესი, ახალი გუნდი ჩამოაყალიბა, მიუხედავად ამისა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფარ-ხმალს დაყრის. ასე არ იქნება, რადგან ძალაუფლება საკმაოდ მიმზიდველი რამეა, თანაც კარგად არის ეს გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებას ჩაბღაუჭებული. გადახედეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მიხვდებით, რამდენად დამყოლია მმართველი პარტია და რამდენად არის წამსვლელი, რომ ძალაუფლება ხელიდან გაუშვას.

ახალი თაობა“, 14 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „ნარკორეალიზაციაში ცნობადი სახეები არიან ჩართული

ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მოძრაობა ეროვნულების ლიდერი, ქართველთა მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე აფასებს.

- ბატონო სანდრო, ნარკოპოლიტიკა ერთ-ერთი აქტუალური თემაა დღეს ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოების ნაწილი კანონის ლიბერალიზაციასა და ნარკოტიკის ლეგალიზაციას მოითხოვს, დიდი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამღუპველი იქნება. რას ფიქრობთ თქვენ, თუ ბოლო პერიოდის პროცესებსაც გავითვალისწინებთ, იმას, რაც ანაკლიაში ჯემფესტზე მოხდა?

- დღეს მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი ქართველი ერისა და ქართველი ახალგაზრდობის. ეს არის ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის განადგურების მცდელობა. ჩემდა სამწუხაროდ, ღიად უნდა ითქვას, ამ ნარკობარიგობაში, ნარკორეალიზაციაში აქტიურად არიან ჩაბმული საზოგადოების ე.წ. ცნობადი სახეები.

- ცნობად სახეებში ვის გულისხმობთ?

- ე.წ. ბომონდის წარმომადგენლები, ხელოვნების წარმომადგენლები ანუ ადამიანები, რომლებიც ხშირად ჩანან ტელევიზიით, ამავე დროს, პროპაგანდას უწევენ ნარკოტიკების მოხმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და, ამავე დროს, თავად არიან ნარკორეალიზატორები.

- კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

- ახლა არ შევუდგები მათი სახელებისა და გვარების ჩამოთვლას, მაგრამ საკმაოდ ბევრი ე.წ. ცნობადი სახე ნარკობარიგობისთვის თავის დროზე დაკავებულიც იყო. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მალევე გამოუშვეს. ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არიან ცნობადი სახეები და მათ საქმეები ჩააწყვეს შესაბამის ორგანოებთან. ყველამ კარგად იცის, რომ წლების განმავლობაში ეს ე.წ. ჯემფესტი ნარკოტიკების რეალიზაციის ბუდეა.

- ბევრმა ამ ფესტივალის ორგანიზატორი სიგუა დაადანაშაულა, რომელიც დღემდე თავის მართლების რეჟიმშია და აცხადებს, რომ მან ფესტივალი მოაწყო და ნარკოტიკებთან არანაირი კავშირი აქვს...

- დღეს სიგუა ნაკლებად წარმოადგენს ჩემი ინტერესის სფეროს, თუმცა მანაც მშვენივრად იცოდა, რომ იქ ნარკოტიკების რეალიზაცია ხდებოდა და ყველა იმ ადამიანმა, რომლებიც იქ წლების განმავლობაში ფესტივალს ატარებენ. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ მთელი წლის განმავლობაში ნარკორეალიზატორები ემზადებიან იმისათვის, რომ ეს ფესტივალი ჩატარდეს და იქ მოხდეს ნარკოტიკების მასობრივად გაყიდვა. ჩვენ არაერთხელ ვწერდით ამის თაობაზე, არაერთხელ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, როდესაც თბილისში არსებულ კლუბებში იყიდებოდა ნარკოტიკები. ჩვენდა სამწუხაროდ, ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. რატომ?!

- რატომ, ვინმე მფარველობს ამ ბიზნესს?

- რა თქმა უნდა, მფარველობენ! ერთი ტაბლეტი ექსტაზი ვერ გაიყიდებოდა ისე. არსებობენ ხელისუფლების ეშელონებში ადამიანები, რომლებიც ამ ბიზნესს მფარველობენ. როდესაც ეს ჯემფესტი გაიხსნა, მე პირადად გავაკეთე განცხადება, რომ შემოტანილი იყო დიდი პარტია ნარკოტიკების, რომელი ნარკოტიკებითაც მოხდებოდა ჩვენი ახალგაზრდების მოწამვლა. ყური არავინ შეიბერტყა. შემდგომში ყოველდღე ჩვენ ვხედავდით, ახალგაზრდები გადაჰყავდათ საავადმყოფოებში. სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. დანარჩენები, ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ ასეა, გამოშტერებულები ჩამოვიდნენ დედაქალაქში და მკურნალობის კურსს გადიან. ყოველ საღამოს ვწერდით, რომ მივიღეთ ინფორმაცია ზუგდიდიდან, რომ იყიდება ნარკოტიკები, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, სანამ ადამიანები არ დაიღუპნენ, ყური არავინ არ შეიბერტყა. მე კარგი კონტაქტები მაქვს ზუგდიდში და მითხრეს, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკია შემოსული და სანამ ბოლომდე არ მოხდება მისი რეალიზაცია, მანამდე გაჩერებას არ აპირებენო.

- ეს არ იცოდნენ ორგანიზატორებმა ან სამართალდამცავმა უწყებებმა?

- ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდნენ როგორც ორგანიზატორები, ისე სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც იქ იყვნენ თავმოყრილი. ყველამ კარგად იცის, რომ ისინი უნისონში მოქმედებენ. ჩვენდა სამწუხაროდ, არავის პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია, არც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც ამას მფარველობდნენ და არც ამ ფესტივალის ორგანიზატორებს.

- რამდენიმე რეალიზატორი ხომ დააკავეს?

- ეს უკვე მეორე საკითხია. როდესაც ქართველთა მარში აცხადებდა იმის თაობაზე, რომ ქვეყანა სავსეა უცხოელი კრიმინალებითა და ნარკორეალიზატორებით, მაშინ ჩვენ მთელი ლიბერალისტური ქართველთა მოღალატეები დაგვიპირისპირდნენ. რეალობა კი ცოტა ხანში დაგვიდგა წინ. ვინ დააკავეს?! ძირითადად დააკავეს უცხოელები, ირანისა და ერაყის მოქალაქეები, რომლებსაც შემოტანილი ჰქონდათ მომწამვლელი ნივთიერებები ნარკოტიკების სახით. კარგად იცით, რომ 80% დაკავებული ნარკორეალიზატორებისა იყვნენ უცხოელები. სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. საქართველო გავსებულია უცხოელი კრიმინალებით. ეს ადამიანები, რომლებიც ანაკლიიდან წამოვიდნენ, დღეს თბილისში არიან, ახლა აქ ყიდიან ამ მომწამვლელ ნარკოტიკებს! ქართველი ახალგაზრდების გენოციდი მიმდინარეობს.

- რატომ არ ტარდება უფრო მკაცრი პოლიტიკა?

- ჩვენი ხელისუფლება თუ უყურებს ერთ-ორ მარგინალურ ორგანიზაციას, რომლებიც ნარკორეალიზატორებით არის გაძეძგილი და, თუ მათი შიშით ვერაფერს ამბობს, მაშინ ადგნენ და გამოაცხადონ, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს. დღეს ისინი შეშინებული არიან. სახელმწიფოში ქაოსია.

Comments are closed