globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 14 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 14th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ჯავახკი“ საქართველოს ახალ პროვოკაციას უმზადებს

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ბადრი ნაჭყებიასთან: „დიდი ომის საფრთხე უკვე ყურის ძირშია!… ჩინეთის ჩვენს რეგიონში გამოჩენამ შესაძლოა ისლამური რადიკალიზმის შემაკავებელი როლიც ითამაშოს”

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ”მხოლოდ დასავლური რეზოლუციებ­ის იმედზე არ უნდა ვიყოთ”

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ დონალდ იენსენთან: „დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოში კრიზისი წარმოიშვა, ნატო საქართველოს დაეხმარება“

———————-

ახალი თაობა“, 14 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ჯავახკისაქართველოს ახალ პროვოკაციას უმზადებს

შორენა მარსაგიშვილი

რუსეთში მოქმედი სეპარატისტული ორგანიზაცია „ჯავახკი“ თბილისისგან სირიელი სომხების ჯავახეთის რეგიონში ჩასახლებას ითხოვს. ვინ დგას ამ მოთხოვნების უკან, რა არეულობებს უნდა ველოდოთ რეგიონში ამის შესახებ? „ახალ თაობას“ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

- ორგანიზაცია ჯავახკმაკიდევ ერთხელ მოითხოვა სირიაში მცხოვრები სომხების ჯავახეთის ტერიტორიაზე ჩასახლებას. რა შეგიძლიათ თქვათ მათ მოთხოვნაზე?

- „ჯავახკზე“ რა უნდა ვილაპარაკო? ეს ორგანიზაცია იმისთვის არსებობს, რომ საქართველოს პრობლემები შეუქმნას. შექმნიდნენ კიდევაც დიდ პრობლემებს, მაგრამ მათთან რუსეთის სპეცსამსახურების საშუალო რგოლი თანამშრომლობს მხოლოდ. ზედა ეშელონებში ეს ორგანიზაცია არ აინტერესებთ. ამ წინადადებით ისინი რამდენიმე წლის წინაც გამოვიდნენ. მაშინ სირიაში სამოქალაქო ომი ახალი დაწყებული იყო. მართლა არ მესმის, რატომ უნდა ჩამოვასახლოთ სირიაში მცხოვრები საქართველოში. ეს სომხეთშიც არ ესმით და ამიტომაც არავინ გამოხმაურებია მათ მოთხოვნას.

- ამ ინიციატივით პირველად რომ გამოვიდნენ, მაშინ სიტუაცია ასეთი მწვავე არ იყო. ჯავახკიშემთხვევით არაფერს ითხოვს და იქნებ ეს რაიმე ახალი დაკვეთაა?

- დაკვეთებს კარგად ასრულებენ. მათი მთავარი მიზანი საქართველოსთვის პრობლემების შექმნაა. გათვლილიც ექნებოდათ, როგორ შეუქმნიდნენ სირიელი სომხების დახმარებით თბილისს პრობლემას, მაგრამ არ გამოუვათ. იმიტომ, რომ ამ სომხებს საქართველოში წასვლა გულშიც კი არ გაუვლიათ. ისინი ევროპაში წასვლას ითხოვენ, სადაც ნორმალური ცხოვრების პირობებია. ეს „ჯავახკი“ არავის არაფერს ეკითხება და ისე წყვეტს საკითხს, როგორც თავად სურს. ასე ძალიან თუ აღელვებთ ამ ხალხის ბედი, ჩაიყვანონ და კრასნოდარის მხარეში დაასახლონ და მოუარონ. იქ არიან ძირითადად ჩასახლებულები და თავად გაუღონ სახლის კარები. ამ ომისგან დაღლილ ხალხს არც სევანის ტბის ჰაერი აწყენდა. მშვენიერია იქ ბუნება და იქაც შეიძლება მათი ჩასახლება. სევანთან დაკავშირებით „ჯავახკი“ ვერაფერს იტყვის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოფიციალური ერევანი ამათ არაფერს ეკითხება და მეორეც, სირიელ სომხებს იქ სერიოზული პრობლემები შეექმნათ და სომხეთისკენ მიხედვა აღარ უნდათ.

- რა პრობლემები შეექმნათ?

- სომხეთში ჯერ ისევ საბჭოთა კავშირია და კორუფცია ყვავის. იქ ვერაფერს გახსნი, თუ ვინმე წილში არ ჩაისვი. ჩავიდნენ ეს სირიელი სომხები ერევანში და დაიწყეს საქმიანობა. ზოგმა კაფე გახსნა, ზოგმა – რესტორანი. მათგან ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა წილი მოითხოვეს. ეს ხალხი ასეთ მუშაობას მიჩვეული იყო და გაგიჟდნენ, ბევრი უკან წავიდა. აქედან გამომდინარე მეეჭვება, სირიელმა სომხებმა სომხეთში ან საქართველოში მოინდომონ ჩამოსვლა.

- თქვენ თქვით, რომ ჯავახკირუსეთის სპეცსამსახურების საშუალო რგოლთან თანამშრომლობსო. იქნება რუსეთის დავალებით მოქმედებენ?

- მეეჭვება, რომ აქ რუსეთის დავალება იყოს. რუსეთი საქართველოსთვის პრობლემების შექმნაზე უარს არ იტყვის, მაგრამ ამ მეთოდს არ გამოიყენებს. „ჯავახკის“ ეს განცხადებები დასავლეთისკენ არის მიმართული. ამ ორგანიზაციას სურს საქართველო, როგორც არაჰუმანური სახელმწიფო, ისე წარმოაჩინოს.

- ამ შემთხვევაში რუსეთი მამა აბრამის ბატკანია?

- რუსეთი არასდროს არ იქნება მამა აბრამის ბატკანი, მაგრამ „ჯავახკის“ ამ ქმედების უკან ნამდვილად არ დგას. მას იმდენი პრობლემა შეექმნა, კავკასიის რეგიონში ახალი ცხელი კერის შექმნა არაფერში სჭირდება. მათ კარგად იციან, რომ ადრე თუ გვიან ჯავახეთში მაინც გამწვავდება ვითარება.

- ვინ გაამწვავებს ამ ვითარებას, რუსეთი?

- რუსეთის გარეშეც შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია. „ჯავახკის“ მსგავსი ორგანიზაციები მრავლად არიან. არაერთხელ მოგვისმენია მათგან, რომ ჯავახეთი სომხური მიწაა, ზოგი მის ავტონომიასაც ითხოვს. გვინდა თუ არ გვინდა, ამ მიმართულებით მაინც გამწვავდება ვითარება. საქართველოს სომხეთთან სახელმწიფო საზღვარი დადგენილი არ აქვს. საზღვრის დადგენასაც დიდი დაპირისპირება მოჰყვება. ასევევ მოსალოდნელია სხვა გართულებები.

- თურქ-მესხების დაბრუნება თუ გაართულებს საქმეს? ორგანიზაცია ჯავახკიაცხადებს, რომ თუ სამცხე-ჯავახეთში მათი დაბრუნება მოხდა, ეს ვითარებას გაამწვავებს.

- უახლოესი წლების მანძილზე საქართველოში თურქ-მესხების დაბრუნება არ იგეგმება. ჩვენ ასეულობით ათასი დევნილი გვყავს მისახედი. ამიტომ ამას ვერავინ დაგვაძალებს. ვთქვათ და გადავწყვიტეთ მათი დაბრუნება, ერთი გამაგებინეთ, რატომ უნდა ვკითხოთ „ჯავახკს“. რა მაგათი საქმეა, ვის დავაბრუნებთ, ვის გადავაბრუნ-გადმოვაბრუნებთ და ვის ჩავაბრუნებთ. მაგათ ჭკუაზე რომ ვიაროთ, ნატოზეც აღარ უნდა ამოვღოთ ხმა. იმასაც ხომ გვეუბნებიან, თუ ნატოში შევა საქართველო, ჯავახეთი გამოეყოფა საქართველოსო. ამათ ნათქვამზე როგორ უნდა გაბრაზდე, მაგრამ მაინც გასაბრაზებელია. „ჯავახკზე“ მეტად ნერვები რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე მეშლება, ამათ ამდენს ალაპარაკებენ. მერე გამოდიან და პატრიოტიზმზე მელაპარაკებიან. თქვე დალოცვილებო, თუ ასე ძალიან გიყვართ საქართველო, იღონეთ რამე და ეს „ჯავახკია“ თუ რაღაცაა, გააჩერეთ. უნდა მივიდნენ და პასუხი მოსთხოვონ! რუსეთში მცხოვრებ ქართველებს რომ ცოტა მეტი აქტიურობა გამოეჩინათ, „ჯავახკი“ ამდენს ვერ გაბედავდა.

- ჯავახკსთქვენ არასერიოზულად მიიჩნევთ და ეგება რუსეთში მცხოვრები ქართველებიც არასერიოზულად აღიქავემნ მათ განცხადებებს.

- თავის დროზე აფხაზების და ოსების განცხადებებსაც არასერიოზულად აღვიქვამდით. რითაც დასრულდა ეს, ყველამ ვნახეთ. „ჯავახკის“ ყველა განცხადებაზე რეაგირება არ შეიძლება, მაგრამ პასუხის გაცემაც აუცილებელია. არაფერს თუ არ ვიღონებთ, ამ რეგიონში სერიოზულად დაიძაბება ვითარება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყველა ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა.

„კვირის პალიტრა“, 14 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ბადრი ნაჭყებიასთან: „დიდი ომის საფრთხე უკვე ყურის ძირშია!ჩინეთის ჩვენს რეგიონში გამოჩენამ შესაძლოა ისლამური რადიკალიზმის შემაკავებელი როლიც ითამაშოს

ნათია დოლიძე

(შემოკლებით)

ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთში ვითარება დაიძაბა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებები ბოლო რამდენიმე თვეა გახშირდა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ერაყში საჯარისო ნაწილები შეიყვანა და “ქურთების მუშათა პარტიის” მებრძოლების წინააღმდეგ მოკლევადიანი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. თავად ქვეყანაში კი ვითარება იქამდე მივიდა, რომ ქურთებით დასახლებულ ქალაქ ჯიზრეში დაწესდა კომენდანტის საათი, რომელიც 8 დღე გაგრძელდა. ამ ქალაქში შეტაკებებს ათობით ადამიანი შეეწირა. რა გავლენას იქონიებს მეზობელ და პარტნიორ ქვეყანაში შექმნილი ვითარება საქართველოზე და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში? – გვესაუბრება ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია:

- მოდი, გავიხსენოთ, თურქეთში ტერორიზმის თვალსაზრისით ბოლო წლებში რა ვითარება იყო. თურქეთი რამდენჯერმე იქცა “ალ-ქაიდას” სამიზნედ, გარდა ამისა, თავად თურქეთში რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს, მათ შორის”"ქურთთა მუშათა პარტია”, თუმცა პირადად მე თავს შევიკავებდი მისი ტერორისტულ ორგანიზაციად მოხსენიებისგან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის აშშ-მა არაერთხელ შეიყვანა, ევროპის ბევრ ქვეყანაში მას ტერორისტულ ორგანიზაციად არ განიხილავენ.

(…)

დღეს თურქეთისთვის ქურთული სეპარატიზმი გაცილებით დიდ საფრთხედ განიხილება, ვიდრე “ისლამური სახელმწიფო”, რაც ცხადყოფს, რომ ამ ქვეყნისა და აშშ-ის ინტერესები მნიშვნელოვნად სცილდება ერთმანეთს. დღეს რას ვხედავთ? – ვხედავთ “ქურთთა მუშათა პარტიისა” და თურქეთის სახელმწიფოს პირდაპირ დაპირისპირებას, რამაც მოიცვა თურქული ქალაქები და უკვე შეაღწია საკურორტო ზონაშიც – არეულობაა ზღვისპირა ქალაქ ალანიაში… სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, თურქეთში ფართომასშტაბიანი სისხლის ღვრა დაიწყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ამის პარალელურად გამოცოცხლდა თურქული რადიკალიზმი. შესაძლებელია, რადიკალებმა ქურთებს სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად დაუწყონ ბრძოლა. იცით, რომ თურქ რადიკალთა სინდისზეა არაერთი სისხლიანი ნაციონალური აქცია, მათ შორის თურქეთში მოღვაწე ქართველის, აჰმედ მელაშვილის მკვლელობაც. სავსებით მოსალოდნელია, ქურთულ­ სეპარატიზმთან საბრძოლველად თურქული რასის აპოლოგეტები გააქტიურდნენ და ეთნიკურ უმცირესობებს ტერორით უპასუხონ. დიდი იმედი მაქვს, რომ თუ პროცესები ასე განვითარდა, ეს ეთნიკურ ქართველებს არ შეეხება.

მოკლედ, ჩვენი საზღვრიდან ორ ნაბიჯში მოსალოდნელია ვითარების გამწვავება და ჩვენს სპეცსამსახურებს მოვუწოდებ, აქტიურად ითანამშრომლონ ამ დარგის ანალიტიკოს-სპეციალისტებთან, მაქსიმალურად შეისწავლონ ვითარება და დასახონ მოქმედების გეგმები.

- თურქეთი საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოა. ჩვენ ძალზე მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს. შექმნილი ვითარება რა გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაზე? გაგახსენებთ, აგვისტოში ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი ორჯერ ააფეთქეს. მეორე დანამდვილებით დაუკავშირდაქურთთა მუშათა პარტიას

- ნიშანდობლივია, რომ თავდასხმა მოხდა გაზსადენზე და კიდევ უფრო ყურადსაღებია თავდასხმები ავტომაგისტრალზე მოძრავ ტრანსპორტზე, მათ შორის, ქართველ მძღოლებზეც. ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, მსხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ რა იქნება ხვალ, თუ პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდა? ისევე როგორც გაზსადენი, ავტომაგისტრალიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

ამ ტრანზიტით დიდი თანხა შემოდის საქართველოში და მისმა ჩაკეტვამ შეიძლება ძალიან დააზარალოს ჩვენი ეკონომიკა. ამიტომ პარალელურ გზებზე უნდა ვიფიქროთ.
მე იმათ რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც მიაჩნიათ, რომ თურქეთმა ღრმად შეტოპა “ისლამური სახელმწიფოს” მხარდაჭერაში. დღეს ამ წარმონაქმნის მთავარი საკვები ფინანსურ-ეკონომიკური არტერია – ნავთობით არალეგალური ვაჭრობაა. სამწუხაროდ, ამ ნავთობის მთავარი მომხმარებელი თურქეთია. მეორე საკითხი, რაც დასავლეთში ნამდვილად არ მოსწონთ, არის ის, რომ თურქეთი იქცა რადიკალ ისლამისტთა ტრანზიტ ქვეყნად, სწორედ მისი ტერიტორიის გავლით ხვდება ძალიან ბევრი ისლამისტი ევროპიდან თუ კავკასიიდან “ისლამურ სახელმწიფოში”. ფაქტობრივად, თვალნათლივ ვხედავთ, რომ მიუხედავად განცხადებებისა, რომ თურქეთისთვის მიუღებელია “ისლამური სახელმწიფო”, ეს ქვეყანა მაინცდამაინც დიდ ინიციატივას არ იჩენს ამ ძალიან საშიშ ძალასთან საბრძოლველად. “ისლამური სახელმწიფოს” მიმართ ლოიალურმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგამდე მიიყვანოს თურქეთი. (…) რადიკალური ისლამისა და დიდი ომის საფრთხე უკვე ყურის ძირშია. დამერწმუნეთ, ეს ექსტრემისტული იდეოლოგია ძალიან გადამდებია.

- ბოლო ორი თვეა საქართველოს მოქალაქეების სირიასა და ერაყში წასვლის თაობაზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოში რადიკალური ისლამის აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს. ამ რამდენიმე დღის წინ ფონიჭალაში 17 წლის აზერბაიჯანელი ბიჭი მოკლეს. ფონიჭალელები მათ დასახლებაში ვაჰაბიზმის სწრაფ გავრცელებაზე ჩივიან.

- მოგეხსენებათ, ერაყსა და სირიაშიც, ძირითადად, კონფესიური ბრძოლა მიმდინარეობს შიიტებსა და სუნიტებს შორის, არის მცირე მასშტაბის დაპირისპირება ნაციონალურ ნიადაგზეც, მაგრამ თავი დავანებოთ. საქართველოში მუსლიმანი მოსახლეობის დიდ ნაწილს შიიტი აზერბაიჯანელები შეადგენენ, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მათთან ვაჰაბიტი ემისრებიც აქტიურად მუშაობენ. ამ პროცესს სჭირდება ძალზე სერიოზული შესწავლა. ისინი უკვე აქ არიან. სავარაუდოდ, მათი ორგანიზაციები იატაკქვეშეთში მოქმედებენ. არ არის გამორიცხული, მომავალში ამ ნიადაგზე დაპირისპირება. ამიტომაც აუცილებელია კონტრპროპაგანდისტული ზომების დროულად მიღება, აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ იმ არაბული სახელმწიფოების სპეცსამსახურებთან, სადაც ვაჰაბიზმია გავრცელებული.

- ბოლო დღეების უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროპას მიმწყდარი სირიელი მიგრანტები, რომელთაც კარი ამჯერად გაუღეს, მაგრამ მზად არის ევროპა მიგრანტთა ასეთი ნაკადების მისაღებად?

- ამ ერთი ნაკადის მიღებას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდი ნაკადი მოჰყვება. სადამდე გაგრძელდება ეს, ძნელი სათქმელია. ასე მგონია, ევროპა ამას ასე არ შეურიგდება. ამ პროცესს ძალიან ბევრი ევროპელი, მემარჯვენე რადიკალი ეწინააღმდეგება და არ არის გამორიცხული, ევროპაში უახლოეს მომავალში ე.წ. ბრეივიკის სინდრომის აფეთქების მომსწრენი გავხდეთ. ამის წინა პირობად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ალმაცერად უყურებენ ემიგრანტებს აღმოსავლეთ ევროპიდან და თურქეთიდან… რა დამოკიდებულება ექნებათ ევროპელ ნაციონალისტებს ასე მომძლავრებული ისლამური ფაქტორის მიმართ, იმის მიმართ, რომ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ჩნდება დასახლებები, სადაც აბრებით მიგითითებენ, რომ იქ შარიათის კანონები მოქმედებს, ადვილად სავარაუდოა… ეს ბევრ ევროპელს აღიზიანებს. აქედან გამომდინარე, “ბრეივიკის სინდრომის” გაცოცხლება მართლაც რეალური საფრთხეა.

(…)

- საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობა აშკარად გააქტიურდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის ეკონომიკური ინტერესი, რაც ჩინეთში საქართველოს მიმართ არსებობს. ლაპარაკია ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შემოღების შესაძლებლობაზე. თქვენი აზრით, რას ნიშნავს კავკასიის რეგიონში ჩინეთის გამოჩენა?

- დავიწყოთ იმით, რომ ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს – საკუთარი ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარება-გაფართოებას ცდილობს. როგორც დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, ჩინურ ეკონომიკას რისკი არ აშინებს. ჩინელი ბიზნესმენები ხშირად მიდიან ისეთ რეგიონებში, სადაც მაინცდამაინც სტაბილური ვითარება არ არის. ჩინეთი კავკასიას, როგორც ეკონომიკურ დერეფანს, დიდი ინტერესით უყურებს. ამაში ახალი არაფერია – აბრეშუმის გზა სწორედ ამას გულისხმობდა. მივესალმები ჩვენი პრემიერის წარმატებულ ვიზიტს და აღვნიშნავ, რომ ჩინეთის ჩვენს რეგიონში გამოჩენამ შესაძლოა ისლამური რადიკალიზმის შემაკავებელი როლიც ითამაშოს. თუ დასჭირდა, ეს ქვეყანა თავის ინტერესებს კარგად დაიცავს.

„კვირის პალიტრა“, 14 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: მხოლოდ დასავლური რეზოლუციებ­ის იმედზე არ უნდა ვიყოთ

რუსუდან შელია

(შემოკლებით)

საქართველოს მიმართ რუ­ს­ული­ პოლიტი­კა­­ რომ არ შეცვლილა, ფაქტია – ე. წ.­ საზ­ღ­ვრები ისევ ფართოვდება, ცოტა ხნის წინ კი აფხაზეთში რკი­­ნიგზის რეაბი­ლი­ტა­­ცია დაიწყო. ამ ფონზე რამდენად ქმედ­უნარიანია აბაშიძე­-კარასინის ფორმატი და რატომ ფიქრობს,­ რომ საქართ­ველო მხოლოდ დასა­ვლური რეზოლუც­ი­­­­­­­­ების იმედად არ უნდა იყოს, ამ საკითხებზე­ კვირის პალიტრას პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ესა­უბრა:

- საუბარი დავიწყოთ აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციით, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეფასდა. კარასინთან შეხვედრისას ამ საკითხზე გისაუბრიათ?

- ამ საკითხზე კონკერტულ ქართულ უწყებებს, ალბათ, ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვთ. პრაღაში კი, ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატით, ე.წ. აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციის საკითხს არ განვიხილავთ. რუსეთის ამ უკანონო ქმედებების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაცნობეთ და მუშაობა კვლავ გაგრძელდება. ალბათ, ეს შემთხვევით არ მომხდარა და ამის უკან რუსეთის სხვა გეგმები იმალება, მაგრამ რა უნდა ვქნათ, პროცესი როგორ შევაჩეროთ?

- ოპონენტები გაკრიტიკებენ, რომ პარტნიორებთან სათანადოდ არ მუშაობთ

- სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, შეგახსენებთ, თუ რა მემკვიდრეობა გვერგო წინა ხელისუფლების ”სათანადო მუშაობის”, ასევე, რუსეთთან ურთიერთობაში მათი ”მკაცრი და უკომპრომისო” პოლიტიკის შედეგად:

2008 წლის შემდეგ რუსეთმა, ფაქტობრივად, გაიფორმა ჩვენი ტერიტორიის 20% (იმედია, დროებით), მათ შორის, ის ტერიტორიებიც, რომელებსაც ჩვენ სრულად ვაკონტროლებდით – კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი. 2008 წლის ომმა, დიდი მსხვერპლის გარდა, გაზარდა დევნილთა რაოდენობაც, განადგურდა ან დაიკარგა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა და სხვა ქონება. უდიდესი ძალისხმევის შედეგად 1999 წლის შემდეგ საქართველოდან გაყვანილი რუსული ბაზები 2008 წლიდან გაცილებით დიდი მოცულობით შემოგვიბრუნდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ორივე რეგიონში მუშაობა შეწყვიტეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, კერძოდ, გაერომ და ეუთომ და ეს ტერიტორიები საერთაშიროსო მეთვალყურეობის გარეშე დარჩა. შეფერხდა სამშვიდობო პროცესი ოსებსა და აფხაზებთან, მეტიც – ფაქტობრივად, შეწყდა მათთან პირდაპირი დიალოგი. მნიშვნელოვნად შეილახა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი.

ეს არასრული ჩამონათვალია. ანუ მოხდა კატასტროფა, ქვეყნის მთლიანობა ფაქტობრივად, დაირღვა და ეს ხდებოდა მუშტების ქნევისა და ვითომ პროდასავლური პოლიტიკის ფონზე. რეალურად კი, თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, გაკეთდა რუსული საქმე. მოსკოვი ამაზე ადრე ვერც კი იოცნებებდა. სამწუხაროა, რომ ასეთი ტრაგედიის შემდეგ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უთქვამთ, რომ საგარეო პოლიტიკაში თუნდაც მცირე რამ შეეშალათ და აგვისტოს კატასტროფაში თავისი წვლილიც არის. პირიქით, ისინი ხელისუფლებაში მალე დაბრუნებით და იმავე -მკაცრი- პოლიტიკის გაგრძელებით -აიმედებენ- ხალხს. ამ მტკივნეული წარსულის გახსენება არ მსიამოვნებს და არაფერს ვიტყოდი, რომ არა ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის მცდელობა, ქვეყანაში დაამკვიდროს საყოველთაო სკლეროზი. თქვენი კითხვის პასუხად იმასაც ვიტყვი, რომ რუსეთი მძიმე და არაპროგნოზირებადი პარტნიორია, მაგრამ მასთან მუშაობაა საჭირო. ჩვენს პრობლემებს მთლიანად დასავლელ პარტნიორებს ვერ გადავულოცავთ. მხოლოდ რეზოლუციების, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანის, იმედად არ უნდა ვიყოთ.

- თუ რეზოლუციები უშედეგოა, ამასთან, თითქმის ყოველდღიურად .. საზღვარი ფართოვდება და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა უმიწოდ რჩება, ისევ ისმის მუქარა, რომ შესაძლოა, რუსულ ბაზარზე ქართულ პროდუქციას ემბარგო დაედოს, რამდენად საჭიროა კარასინთან დიალოგის გაგრძელება?

- დავიწყოთ იმით, რომ საოკუპაციო ხაზზე მავრთულხლართების გაბმა და ე.წ. ბორდერიზაცია დაიწყო 2009 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოკიდებლობა და დაიწყო მათთვის ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შექმნა. ეს არის 2008 წლის ტრაგედიის შედეგი! ამ ინფრასტრუქტურის შექმნა ინტენსიურად მიმდინარეობდა 2009-2013 წლებში, შემდგომ ტემპმა მეტ-ნაკლებად იკლო. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული პრობლემები განიხილება ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფარგლებში, პრაღაში კი განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ თემებს. რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უცილებელია – ამას გვირჩევენ ვაშინგტონის ადმინისტრაციის, ნატოს, ევროკავშირის, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები. გავიხსენოთ თუნდაც ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები თბილისში მისი ვიზიტის დროს. დიალოგის გაგრძელების წინააღმდეგია მხოლოდ ოპოზიციის ერთი ნაწილი, თუმცა, მათაც კარგად ესმით, რომ მოსკოვთან დიალოგი გარდუვალია. განა წინა ხელისუფლება არ ცდილობდა 2008 წლის შემდეგ რუსეთთან დიალოგის დაწყებას? ყველაფერი მშვენივრად იციან, მაგრამ ამოცანა აქვთ სხვა. მათი მიზანია, უბიძგონ დღევანდელ ხელისუფლებას იმავე ტრაგიკული შეცდომებისაკენ, რომლებიც თვითონ დაუშვეს და რომლებმაც, ფაქტობრივად, იმსხვერპლა ქვეყანა. რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლებაშიც არიან გამოცდილი და გონიერი ადამიანები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ მათი ხმა გამოკვეთილად არ ისმის. შეგახსენებთ, რომ ამა თუ იმ ფორმით რუსეთთან დიალოგს აწარმოებს ყველა მისი მეზობველი ქვეყანა, უკრაინას მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ შეუწყვეტია. მიუხედავად რთული ურთიერთობებისა, მოსკოვს ესაუბრებიან ამერიკელები, ევროპელები, იაპონელები და ა.შ. დიალოგი და დიპლომატია სწორედ მაშინ არის საჭირო, როცა ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობაა.

- არ ფიქრობთ, რომ კარასინთან შეხვედრის ფორმატი რუსეთისთვის მომგებიანი საფარი გახდა, რათა საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოსთან ურთიერთობა კონსტრუქციულ ჭრილში წარმოაჩინოს, რეალურად კი მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს?

- თითქმის ყოველდღიურად ვხვდები პარტნიორებს და დეზორიენტაციას მათ ვერ ვამჩნევ. ჩვენ პროფესიონალებთან გვაქვს საქმე. როგორ გგონიათ, ნატოში, ევროკავშირში, ვაშინგტონსა თუ ევროპის დედაქალაქებში არ იციან, რეალურად რა ხდება საქართველოში? ეს აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკაა. მაგრამ მოდი, დავივიწყოთ ეს და ნუ გავივსებთ გულს ბოღმით. წინ გავიხედოთ, დრამატული სიტუაციიდან გამოსავალზე ერთად ვიფიქროთ. ამ საქმეში ყველანი მოკავშირეები უნდა ვიყოთ. ახლა იმასაც მოგახსენებთ, თუ ვინ რა მოიგო და რა დათმო: საქართველოს წმინდა პრაგმატულმა, რაციონალურმა პოლიტიკამ და რუსეთთან დაძაბულობის შესუსტებამ შეამცირა ახალი სამხედრო კონფლიქტისა და ძალადობის საფრთხე. ეს დადებითად მოქმედებს ვითარებაზე ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო კონტაქტებზე, ინვესტორების მოზიდვაზე. ამ პრაგმატულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ჩვენი ევროპული პროექტის განხორციელებას. ამის ნათელი მაგალითია შარშან ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანზიტო, ტურისტული პოტენციალის განმტკიცების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ბოლო 2 წლის მანძილზე ქართულმა კომპანიებმა რუსეთში გაიტანეს 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია, მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს ასობით მცირე და საშუალო სატრანსპორტო კომპანიას. წელს რუსეთიდან ტურისტთა უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვიდა საქართველოში – მგონი, ამას ყველა ხედავს. დიალოგის ფორმატის წყალობით ჩვენ შევძელით ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც სასჯელს იხდიან რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით. ეს პროცესი გრძელდება. საუბარია ადამიანების ბედზე და ამგვარი დიალოგის გარეშე ეს საკითხი არ მოგვარდებოდა. საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა ითვალისწინებს რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ინტერესების დაცვას. ეს დიდი ძალაა, მათ ყურადღება სჭირდებათ. ეს დიალოგის დადებითი მხარეების არასრული ჩამონათვალია და ამის საპასუხოდ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგვითმია. თუმცა, ბუნებრივია, არსებობდა და არსებობს რისკები – ასეთია რუსეთი.

- .. საზღვარი ყოველდღიურად რომ ფართოვდება, ამაზე მეტი რა უნდა დათმოს სახელმწიფომ?

- ამაზე უკვე მოგახსენეთ. „საზღვრის გაფართოება“ ჩვენი ოპონენტების ერთი ნაწილის უსაფუძვლო ბრალდებაა. ოფიციალურად, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საქართველოს საზღვარი სადაც იყო, იქ არის, საოკუპაციო ხაზი კი რუსეთმა 2008 წელს დაადგინა. ისე, რაც დასათმობი იყო, უკვე დავთმეთ აგვისტოს ომის შემდეგ. შეგახსენებთ თუნდაც რუსულ კომპანიებზე წინა ხელისუფლების მიერ გასხვისებული სტრატეგიული ობიექტების ნუსხას: ჟინვალჰესი, ხრამი 1, ხრამი 2, გარდაბნის მე-9 ბლოკი, თბილისის წყალი, მადნეული, კვარციტი, აზოტი, გაერთიანებული ქართული ბანკი. იმავე პერიოდში საქართველოში შემოვიდა -ლუკოილი- და -ბილაინი-; 2011 წელს ფორმალურად ცნობილი ქართველი მაღალჩინოსნის კუთვნილი კომპანია -გალფი- შეიძინა რუსულმა კომპანიამ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის წინააღმდეგი რუსული ინვესტიციების კანონიერი გზით შემოსვლისა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ღვინისა და ხილის ექსპორტს ჩვენი ოპონენტები -სტრატეგიულ- უკუსვლას არქმევენ, ეს მართლაც სასაცილოა. ვიმეორებ, დიალოგის დროს არც ერთ საკითხში ჩვენ არაფერი დაგვითმია.

- თქვენ ჰპირდებოდით მოსახლეობას, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას შეძლებდით.

- არავის არასდროს დავპირებივართ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების პრობლემა მალე მოგვარდებოდა. პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, ამ პრობლემების მოგვარებას მალე არ უნდა ველოდოთ-მეთქი. მით უმეტეს, რომ ჩემი ფუნქცია კონფლიქტის რეგიონების განხილვა არ არის. ვიმეორებ: პრაღაში მხოლოდ სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუნამინატარულ საკითხებზე ვსაუბრობთ. 2012 წლამდე პარადოქსული ვითარება იყო – ქვეყანაში რუსეთიდან 500 მილიონის პროდუქცია შემოდიოდა, საქართველოდან კი რუსეთში არაფერი გადიოდა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეეძლოთ, ქართველებს კი რუსეთში გამგზავრებისას დიდი პრობლემები ექმნებოდათ. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ არათანაბარი პირობების გამოსწორება ვცადეთ და შედეგებიც მოგახსენეთ. რომ არა ეს დიალოგი, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასაც ვერ გავაფორმებდით. შემთხვევით არაფერი ხდება. წინა ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ამ წარმატებას ვერ მიაღწევდა.

- ანუ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ჯერ რუსეთთან შეათანხმეთ?

- თანხმობა არ გვითხოვია, მაგრამ მათ დაადასტურეს, რომ რუსეთი საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგი არ იქნებოდა. ამ საკითხზე ეკონომისტები და კონკრეტული დარგების სპეციალისტებიც შევახვედრეთ ერთმანეთს. არადა, მოგეხსენებათ, უკრაინაში კონფლიქტის ერთ-ერთი საბაბი სწორედ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება იყო. მოლდოვაშიც მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა…

- არც საქართველო დარჩენილა პასუხის გარეშე და როგორც აღნიშნეთ, დადასტურებული შეთანხმების მიუხედავად, რუსეთმა მალე აფხაზეთსა და ოსეთთან ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. ნატოსთან ინტეგრაციის პროცესსაც რუსეთთან ათანხმებთ?

- სამწუხაროდ, ამ მხრივ აფხაზეთსა და ცხინვალში არაფერი შეცვლილა, თქვენ მიერ ნახსენები ხელშეკრულებები კი კონფლიქტების მოგვარების კუთხით ნამდვილად უკუსვლაა. ოპონენტები ერთ მნიშვნელოვან საკითხში ცდებიან – რუსეთი არ არის მოწონება-არმოწონების თემა, ის ფაქტორია, რომლის გაუთვალისწინებლად საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა ნორმალურ არსებობას ვერ შეძლებს. ნუ გვავიწყდება, რომ მთის იქით 140-მილიონიანი, მეზობლებზე გაბრაზებული ბირთვული ქვეყანაა. ეს მთელ მსოფლიოს ესმის და საქართველოს მოსახლეობის 70%-იც რუსეთთან ურთიერთობაში პრაგმატულ მიდგომას უჭერს მხარს. რაც შეეხება ნატოსთან ჩვენს ურთიერთობას, ეს პრაღაში განსახილველი თემა არ არის. თქვენი კითხვა უხერხულიც მეჩვენება.

- და არსებობს საფრთხე, რომ დიალოგის მომხრე 70%-მა რუსეთთან ინტეგრაციაც ისურვოს, მით უმეტეს, რომ სამოქალაქო სექტორსა და მედიაში რუსული პროპაგანდაც გააქტიურდა

- რუსული პროპაგანდის გააქტიურება გლობალური პრობლემაა, ეს ფაქტია და ამაზე დიდი თანხებიც იხარჯება. ამაზე დასავლეთში ბევრს ფოქრობენ და საპირწონე პოლიტიკას აყალიბებენ, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში ამ ფენომენის საქართველოში კონტროლი გაცილებით იოლი იყო – შეგეძლო ვიღაცის ჯიბეში ნარკოტიკები ან იარაღი ”გეპოვა” და პრობლემას ”მოაგვარებდი”. ამის საშუალება დღეს აღარ გვაქვს. მეორე მხრივ, ადამიანს უფლება აქვს, მოსწონდეს რუსეთი, ან საქართველოს მომავალს ჩინეთსან თუ ბრაზილიასთან დაახლოებაში ხედავდეს, მაგრამ თუ ვინმე არაკანონიერ საქმიანობას ეწევა, მის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები უნდა ამოქმედდეს. მხოლოდ საკუთარი პოზიციის გამო მოქალაქეების დევნას ვერ მივესალმები. შესაძლოა, საზოგადოების ინფორმირებისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ე.წ. პრორუსულ ორგანიზაციებს ქვეყანაში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მასშტაბი, ჩემი დაკვირვებით, არ მიუღია.

- აღნიშნეთ, რომ კარასინთან სავაჭრო საკითხებზე საუბრობთ. შეგიძლიათ მითხრათ, როგორი ფორმატით ხვდებით მას, ან ამ ხნის განმავლობაში თუ შემოგთავაზათ მან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება?

- პრაღაში განსახილველ საკითხებს და ჩემს მანდატეს პრემიერი ამტკიცებს, შემდეგ პრაღის სასტუმროში ვქირაობთ ოთახს და არაფორმალურ ვითარებაში შეხვედრებს ვმართავთ. შეხვედრას ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამ ბოლო დროს – ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებიან. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ შეხვედრა -კულუარულად- ხდება. ჩვენი დღის წესრიგით კონკრეტულ საკითხებს ვათანხმებთ, პრაქტიკული პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ. ჩვენ ფორმალურ ვალდებულებებს არ ვიღებთ და არც რაიმე დოკუმენტებს ვაწერთ ხელს. შეხვედრების შემდეგ მაქსიმალურ ინფორმაციას ვაწვდით საქართველოს შესაბამის უწყებებს, კონსულტაციებს გავდივართ დასავლელ პარტნიორებთან. ამრიგად, ეს პროცესი საკმაოდ ტრანსპარანტულია. ევრაზიული კავშირის თემა არ არის და არც ყოფილა ჩვენი საუბრის თემა.

- მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც მინდა გკითხოთ, რომელიც ამ დრომდე არ არის იმპლემენტირებული. ცნობილია, რომ საქართველო ამ დრომდე ხელს არ აწერს კონტრაქტს შვეიცარიის შემოთავაზებულ კომპანიასთან, რომელმაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სავაჭრო ტვირთების მონიტორინგი უნდა აწარმოოს. რატომ ფერხდება კონტრაქტზე ხელმოწერა?

- პრაღაში დიალოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის გახლავთ, რომ ეს საკითხი გარკვეულ ეტაპამდე მივიყვანეთ და სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს შვეიცარიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რაც ამ პროექტის იმპლემენტაციის შესაძლბელობას მოგვცემს. ამ დრომდე კონტრაქტის ტექსტზე ვმუშაობდით, რადგან საკმაოდ არასტანდარტული, არაორდინალური პროექტია.

- პაატა ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი დიალოგის გზების გამონახვა შეძლო და ამ მხრივ ბოლო წლებში მეტი პერსპექტივა გაჩნდა. თქვენ კონფლიქტის მოგვარებაზე საუბარი უიმედოდ რატომ გეჩვენებათ?

- კონლფიქტების მოგვარება რთულია, მაგრამ მდგომარეობა უიმედო არ არის. ვფიქრობ, ჩვენ პოზიტიური აზროვნება გვმართებს და მხოლოდ პრობლემების გაზვიადებით არ უნდა ვიყოთ დაკავებულნი. მხოლოდ საფრთხეზე თუ ვისაუბრებთ, ცხვრის მოშენება არ ღირს – მგელი შეჭამს, თაფლს – დათვი, ღომს – სტუმარი. ჩვენ უაღრესად რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ასეთია საერთაშორისო ვითარება, ამიტომ სიფრთხილეც უნდა გამოვიჩინოთ და ამავდროულად, პრაქტიკული გონებით ვიაროთ არჩეულ გზაზე.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 14 სექტემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ დონალდ იენსენთან: „დარწმუნებული ვარ, თუ საქართველოში კრიზისი წარმოიშვა, ნატო საქართველოს დაეხმარება

(შემოკლებით)

თბილისში დასრულდა კონფერენცია თემაზე – “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი”, რომელიც მაკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით გაიმართა. გვესაუბრება ევროპისა და საქართველოს უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელსა და ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი დონალდ იენსენი.

- ბატონო დონალდ, კონფერენციაზეახალი ევროპული გეოპოლიტიკური ლანდშაფტიგამოსვლისას თქვენ ბრძანეთ – “სსრკ- დაშლის შემდეგ რუსეთი ისეთი საშიში არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს. მეტიც, იგი ახლა სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება“. თქვენი აზრით, რა შეუძლია დაუპირისპიროს დასავლეთმა რუსეთის საფრთხესა და არაპროგნოზირებულობას?

- ამ საკითხში დასავლეთში აზრთა სხვადასხვაობაა. ამ კითხვაზე პასუხი იმის გამო არ არსებობს, რომ ჩვენ არ ვიცით, რეალურად რისი გაკეთება შეიძლება. ობამას ადმინისტრაციას ამ საკითხში აქვს თავისი მიდგომა. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ რუსეთის მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამო აშშ-ის მიდგომა სუსტია. ვაშინგტონში პოლიტიკური წრეების, მათ შორის თეთრი სახლის პასუხი კითხვაზე, თუ რა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საფრთხე, სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ერთნი ამბობენ, რომ ყველაზე დიდ საშიშროებას ერაყი წარმოდგენს. მეორენი -  საფრთხე ირანია, მესამენი კი ამბობენ, რომ - რუსეთი. ანუ, აზრთა სხვადასხვაობა სულ უფრო აშკარაა.
ერთი წლის წინ, ერთმა კონგრესმენმა ხუთშაბათ დღეს განაცხადა, რომ მსოფლიოსათვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია, პარასკევს აშშ-ის მინისტრმა კერიმ განაცხადა – არა, მსოფლიოს ყველაზე დიდი საფრთხე ისლამური სახელმწიფოა. ამის შემდეგ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო – რუსეთი საფრთხეა აშშ-სთვის, ისლამური სახელმწიფო კი საფრთხეა ჩვენი ხალხისთვის. მე ამ ბოლო განცხადებას ვეთანხმები, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მიდგომა რუსეთის მიმართ სუსტია. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა არა მარტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, არამედ კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტშიც. ეს, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, ზედაპირზე დევს. ბევრი აცხადებს, რომ პუტინის წინააღმდეგია, მაგრამ იქვე დასძენს, რომ აშშ-ის უნდა ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და ამერიკამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს რუსეთთან ერაყის, ირანისა თუ სირიის საკითხებში. ეს პოლიტიკური საკითხებია, ამ თემებით რუსეთი ცდილობს აშშ-სთან ვაჭრობას, მაგრამ ვაშინგტონი ამ თემებზე მოსკოვთან ვაჭრობას არ აპირებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი მნიშვნელოვანი მონაწილეა ირანის შესახებ მიღებული რეზოლუციის, ახლა კი, საჭიროა რუსეთის შეჩერება.

- მაგრამ როგორ? თუ ამ თემაზე ვაშინგტონსა და აშშ- პოლიტიკურ ელიტაში, ევროპის წამყვან ქვეყნებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა, შესამაბისად, მოქმედების ერთიანი გეგმაც არ არსებობს

- გახსოვთ, ალბათ, ობამას მიერ გამოცხადებული გადატვირთვის პოლიტიკა. მასზე რუსეთის რეაქცია ასეთი იყო – ობამა სუსტია. გადატვირთვის პოლიტიკა ობამასათვის არის შანსი, გააცნობიეროს ბუშის შეცდომები და, შესაბამისად, გამოასწოროს ისინი. ჩვენ კი, რუსეთს ეს გადატვირთვა საერთოდ არ გვეხება, ვინაიდან ჩვენ ისეთი შეცდომები არ დაგვიშვია, რაც პრეზიდენტმა ბუშმა დაუშვა – ანუ, რუსეთმა ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული გადატვირთვის პოლიტიკა ობამას სისუსტედ აღიქვა და ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა სსრკ-ს დაშლის შემდეგ შეცვლილ ევროპაზე, ყოფილ საბჭოთა სივრცეში მომხდარ ცვლილებებზე.

(…)

- პუტინს არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთის დასავლეთთან დაპირისპირება უკავშირდება კრემლის სურვილს, პოსტსაბჭოთა სივრცეზე აღადგინოს რუსეთის გავლენა, მაგრამ ცხადია, რომ ამ ეტაპზე პუტინის ამოცანაა, როგორმე უარი ათქმევინოს დასავლეთს რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებზე. რამდენად დიდია ალბათობა, რომ დასავლეთმა ერთ მშვენიერ დღეს ხელი ჩაიქნიოს მოლდოვაზე, უკრაინაზე, საქართველოზე და ისინი რუსეთის ღია თუ ფარული აგრესიის წინაშე ერთ-ერთზე დარჩნენ?

- ვაშინგტონის პრობლემა ისაა, რომ მოსკოვში აშშ-ზე საათში ერთხელ მაინც ფიქრობენ, ეს მაშინ, როცა ვაშინგტონში რუსეთზე ხშირად არც კი ფიქრობენ. შესაძლოა, ჩვენი შეცდომა ის იყოს, რომ ჩვენ პუტინს ხანდახან ვაიგნორირებთ. ამას ვაშინგტონი ყოველთვის სპეციალურად კი არ აკეთებს, უბრალოდ ვაშინგტონს თავისი საკმაოდ გადატვირთული დღის წესრიგი აქვს, პუტინი კი მუდმივად ცდილობს, ჩვენ რუსეთის და თავისი პრობლემები თავს მოგვახვიოს. თეთრი სახლის დღის წესრიგი საკმაოდ დიდი, დატვირთული და რთულია. ამერიკა ცდილობს, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს შესაბამისად, გააზრებულად და პასუხისმგებლობით უპასუხოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ყველა დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსენსუსის მოძებნას ცდილობს. რუსეთს კი კომპრომისების ძიებაზე უარი აქვს ნათქვამი. პუტინი მიჩვეულია, მაგიდაზე ხელის ბრახუნით აკეთოს საქმე. პუტინს მაგიდაზე ხელის ბრახუნით რუსეთის შიდა პოლიტიკის მართვა შეუძლია, ვინაიდან კრემლში გადაწყვეტილებებს იგი ერთპიროვნულად იღებს, მაგრამ დასავლური სამყარო ინსტიტუტებით იმართება.

- და მაინც, თუ მოსკოვმა გააგრძელა სამხედრო მოქმედებების წარმოება უკრაინაში და საქართველოს მიმართულებითაც გააქტიურდა, ასეთ შემთხვევაში როგორი იქნება ვაშინგტონის რეაქცია?

- შარშან, როცა უკრაინაში კრიზისი დაიწყო, ვაშინგტონისა და დასავლეთის რეაქციამ დააგვიანა, არ იყო მყისიერი და ადეკვატური. დღეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად ობამა ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საკმაოდ ბევრს აკეთებს. თუ დღეს საქართველოში, უკრაინისა და სირიის მსგავსად რუსი მედესანტეები, გამოჩდნენ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება. რა თქმა უნდა, აშშ დაიცავს საქართველოს. მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ თუ რუსი მედესანტეები საქართველოში ხვალ გამოჩდნენ, სანქციები ერთი თვის შემდეგ ამოქმედდება. ჩემი აზრით, ეს პრობლემაა, ვინაიდან აქ ძალთა ბალანსი უნდა არსებობდეს. კრიზისი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შექმნა, ჩვენც ბევრი რამ გვასწავლა. სამწუხაროდ, ამერიკაში არიან ექსპერტები, რომლებიც ვერ ერკვევიან იმაში, თუ რა ხდება უკრაინაში და რას წარმოადგენს უკრაინა.

- ვინც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ინტერესით ადევნებს თვალს, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ევროპას, მსოფლიოს და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს ექსტრაარაორდინალურ ვითარებაში უწევთ ცხოვრება. ასეთ ურთულეს ვითარებაში რა რეკომენდეციებს მისცემდით თქვენ საქართველოს ხელისუფლებას?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ეცადოს, ჰქონდეს ნამდვილი დემოკრატია. ამერიკის დემოკრატიასაც აქვს ნაკლი და ხარვეზები, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ თქვენთან რაც შეიძლება მაღალი იყოს დემოკრატიის ხარისხი. რუსეთისაგან თავის დასაცავად ყველაზე საუკეთესო საშუალება მაღალი ხარისხის დემოკრატია და დემოკატიული ინსტიტუტების გაძლერებაა. არ უნდა შეუშინდეთ იმ სიძნელეებს, რაც დემოკრატიის მშენებლობას თან ახლავს. არ მოაკლოთ ძალისხმევა კორუფციასთან და რუსული გავლენის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას.

დემოკრატიის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, მაგრამ თქვენი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ხალხი კიდევ უფრო სრულყოფილ დემოკრატიას იმსახურებს. შესაბამისად, თქვენი ამოცანა უნდა იყოს ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის აშენება. დემოკრატიის მშენებლობაში თქვენი გამოცდილება კარგი მაგალითია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, უკრაინისთვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველოში კრიზისი წარმოიშვა, ნატო საქართველოს დაეხმარება. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა რთულ ვითარებაში იმყოფება დღეს საქართველო.

Comments are closed