globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 14 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 14th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ვერსია: რას სთავაზობენ მერობის ოპოზიციური კანდიდატები თბილისელებს

ვერსია: ვეტოდამდები პრეზიდენტის საკონსტიტუციო ვნებანი // რატომ იმასხარავებს თავს „მარგველა“

ვერსია: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „საქართველოში სააკაშვილის გამოჩენა დესტაბილიზაციის მიზეზი გახდება“ // უკრაინასა და საქართველოში მოვლენების განვითარების ორი სცენარი

ახალი თაობა: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ხელისუფლება ოპოზიციის გახლეჩას ცდილობს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „აზიური ფაროსანის განადგურება იოლი არ იქნება“ // „მავნებელი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა“

——————

ვერსია“, 13-16 სექტემბერი, 2017 წელი

რას სთავაზობენ მერობის ოპოზიციური კანდიდატები თბილისელებს

მაია მიშელაძე

2017 წლის 21 ოქტომბერს დედაქალაქი ახალ მერს აირჩევს. როგორც სახელისუფლო, ისე თბილისის მერობის ყველა ოპოზიციური კანდიდატი უკვე ცნობილია, ცნობილია თითოეულის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები.

,,თბილისი – სიცოცხლის ქალაქი” – ეს ,,ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დევიზია. სახელისუფლებო გუნდის პროგრამა და დაპირებები ,,ვერსიაში” უკვე გაგაცანით. შეგახსენებთ, რომ კახა კალაძის პროგრამა აერთიანებს 7 ძირითად მიმართულებას: ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, ეკოლოგიის, სოციალური, ეკონომიკური, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე მართვის პოლიტიკას. ამჯერად სახელისუფლო კანდიდატის პროგრამის დეტალებზე აღარ შევჩერდებით, მხოლოდ იმას გავარკვევთ, რას უპირისპირებენ მმართველი გუნდის დაპირებებს და რას სთავაზობენ თბილისელებს ძირითადი ოპოზიციური კანდიდატები.

გაბრაზებული თბილისელების კანდიდატი

ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილია. მერად არჩევის შემთხვევაში, კი ყველა იმ პრობლემას მოაგვარებს, რის გამოც თბილისელები ახლა გაბრაზებულები არიან. ,,ვერსიის” კითხვაზე, კონკრეტულად რამ გააბრაზა „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილმა გვიპასუხა:

„იმ პრობლემებმა, რაც ქალაქში დაგროვდა და რის გამოც თბილისელები გაბრაზებულები არიან. ჩვენი შვილები რომ დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავენ, დიახ, გაბრაზებულები არიან თბილისელები; იმის გამო, რომ კორპუსებს უშენებენ ცხვირწინ და არავინ არაფერს ეკითხება, გაბრაზებულები არიან; იმის გამო, რომ დღეში 4 საათი საცობებში დგანან და სახლში ვერ მიდიან, გაბრაზებულები არიან. ბევრი მიზეზი დაგროვდა ქალაქში, რის გამოც თბილისელები გაბრაზებულები არიან და სწორედ ამიტომ ვარ მათი კანდიდატი”.

ზაალ უდუმაშვილის სამოქმედო პროგრამის მთავარი მიმართულება დედაქალაქის სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, საცობების აღმოფხვრა, ,,სიტი პარკთან” გაფორმებული კაბალური ხელშეკრულების გაუქმება, უკანონო მშენებლობების აღკვეთა, ავარიული კორპუსების გამაგრება და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაა.

,,ვერსიის” კითხვაზე, მერად არჩევის შემთხვევაში, რას გააკეთებს პირველ რიგში, უდუმაშვილმა გვიპასუხა:

„ჩემი პროგრამის განხორციელებას მერად არჩევის მეორე დღიდანვე დავიწყებ. მაგალითად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000- ზე ნაკლებია, 50-ლარიან დახმარებას ვპირდები თბილისის მერიისგან. ამას სულ 2-3 თვე სჭირდება – საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, ბიუჯეტის დამტკიცება და პროგრამის დეტალურად გაწერა. რაც შეეხება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბუნებრივია, სწრაფად ვერ განხორციელდება. რა თქმა უნდა, ხიდების, ესტაკადებისა და გვირაბების მშენებლობა დაიწყება, მაგრამ დრო სჭირდება. თუმცა სამოქმედო პროგრამა მერობის ვადაზე მაქვს გაწერილი, 20-30 წლიანი დაპირებები არ მაქვს. მაგალითად, ,,ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებას, რაც ,,ქართული ოცნების” კანდიდატის დაპირებაა, შესაძლოა, 20 წელი დასჭირდეს და მას ვერავინ განახორციელებს ერთ საარჩევნო პერიოდში. ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას კომპლექსური ღონისძიებები სჭირდება, მხოლოდ ხეების დარგვით არ გადაიჭრება. ჰაერის დაბინძურების მთავარი მაჩვენებელი საცობებია, რადგან ყველაზე ტოქსიკური ნივთიერება ჰაერში მაშინ გამოიყოფა, როდესაც ავტომობილები საცობებში დგანან. საცობების, გამწვანებისა და მშენებლობის პრობლემებს რომ გადავჭრით ქალაქში, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ”.

როგორ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას 50 ლარით? ზაალ უდუმაშვილმა „ვერსიას“ განუცხადა, რომ ამ პროექტისთვის 99 მილიონი ლარია საკმარისი. თბილისის ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი გამოთავისუფლდება მას შემდეგ, რაც ბიუროკრატიული აპარატი შემცირდება. მისი თქმით, მერიას სამ წელიწადში, დაახლოებით 235 მილიონი ლარი აქვს დახარჯული საკუთარ ფუფუნებაზე და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება წელიწადში, 100 მილიონ ლარს დაზოგავს, რაც სოციალურ პროექტებს მოხმარდება.

რაც მთავარია, მერად არჩევის შემთხვევაში, ზაალ უდუმაშვილი ,,სიტი პარკს” ამ ქალაქიდან მოაშორებს. სამი წლის წინ, თბილისის მოქმედი მერი, დავით ნარმანიაც იგივეს გვპირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. “ვერსიის” კითხვაზე, ,,სიტი პარკის” თემა იმიტომ ხომ არ წამოსწია პროგრამაში, რათა ამომრჩევლის გული მოიგოს, ზაალ უდუმაშვილმა გვიპასუხა:
„აქამდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ – ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ვერც ,,ქართულმა ოცნებამ” ეს პრობლემა იმიტომ ვერ გადაჭრა, რომ პოლიტიკური ნება არ იყო. მე კი გადაწყვეტილებას მერად არჩევის მეორე დღესვე მივიღებ – გავაუქმებ ხელშეკრულებას ,,სიტი პარკთან”, თბილისში კი შემოვა ან შემოვლენ ისეთი კომპანიები, რომლებიც ხალხის დაჯარიმების გარდა, საპარკინგე ადგილების მოწყობაზეც იზრუნებენ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სადაც მოგვეხასიათება, ავტომობილი იქ გავაჩეროთ. რა თქმა უნდა, წესრიგი უნდა დავიცვათ და თუ არასწორად გავაჩერებ მანქანას, აუცილებლად უნდა დავჯარიმდე, მაგრამ ავტომობილის გასაჩერებელი ადგილიც უნდა მქონდეს!”.

ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შინაარსი ასეთია: სხვადასხვა ასაკისა და სქესის თბილისელები ორი-სამი წინადადებით პასუხობენ კითხვას, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ,,ზალიკო თბილისის მერად”. იგივე კითხვა ,,ვერსიამ” ზალიკო უდუმაშვილსაც დაუსვა: ,,სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ალბათ იმიტომ უნდა ამირჩიონ, რაზეც უკვე გესაუბრეთ. ჩემი პროგრამა საკმაოდ რეალისტური და ყოველგვარი ზედმეტი გადახვევებისგან თავისუფალია. ის პროგრამაა, რომელსაც ,,ანიდან” ,,ჰოემდე”, აუცილებლად განვახორციელებ ჩემი მერობის პერიოდში”.

შეცვალე წარმატებისთვისთბილისი ლიდერთა შორის!

ესაა პოლიტიკური პლატფორმა ,,ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის მთავარი სლოგანი. იუსტიციის სახლების წარმატებული პროექტის სულისჩამდგმელი მიიჩნევს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, ნებისმიერ პროექტს განახორციელებს, რაც პროგრამაში აქვს ასახული. ვაშაძის პროგრამის მიხედვით, თბილისს კარგი მენეჯერი სჭირდება, ამისთვის კი გამოცდილებაა მთავარი, რათა ,,კარგმა მენეჯერმა” ქალაქი წარმატებულად მართოს. გიორგი ვაშაძეს კი ამგვარი გამოცდილება, თუნდაც იუსტიციის სახლების პროექტის მაგალითზე აქვს, რაც წლების წინ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში, უტოპიად ითვლებოდა. თუმცა სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოში განხორციელებული პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ვაშაძე მის ექსპორტს აქტიურად ახორციელებს დსთ-ს სივრცეში.

,,ვერსიის” კითხვაზე, რას გულისხმობს კარგ მენეჯერში, გიორგი ვაშაძემ გვიპასუხა:

,,მთავარი ისაა, რომ კარგ მენეჯერთან ერთად, თბილისს შემოსავალი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარება სჭირდება. სწორედ ამაზეა აწყობილი ჩვენი სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება დედაქალაქის ინფრასტრუქტურულ და ურბანულ საკითხებს, ამას ძალიან მარტივად, ევროპული სტანდარტების დანერგვით განვახორციელებთ. იმისთვის, რომ თბილისი ლიდერთა შორის ქალაქი გახდეს, ჩვენ კონკრეტული პროექტები გვაქვს. ესენია ,,თბილისი – საჰაერო ჰაბი”, ,,პირველი ბლოკჩეინ ქალაქი”, ,,თბილისი _ ცოდნის ცენტრი”, ,,კულტურულ-ინოვაციური ჰაბი”. თუმცა ყველაფერს მერიის ფუნდამენტური რეფორმით დავიწყებთ _ გამგეობებს გავაუქმებთ და დაახლოებით, 50-კაციანი შემადგენლობით, მერია ყველა ამ პროექტს განახორციელებს. მათ შორის, ახალი თაობის მუნიციპალურ იუსტიციის სახლებს. ყველა უბნისთვის საკუთარი განვითარების სტრატეგიას შევქმნით, რათა უცხოური ინვესტიციები და ფინანსური რესურსები მოვიზიდოთ, რომ ეს ყველაფერი შიგნით, თანაბრად გადავანაწილოთ და ყველა უბანი განვითარდეს”.

ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა ,,ახალი საქართველოს” ლიდერის მთავარი მიმართულებაა. ამ მიზნით, თბილისში ელექტროტრანსპორტმა და ელექტროტაქსებმა უნდა იმოძრაოს. ვაშაძე გამწვანების ინოვაციურ მიდგომებზეც აკეთებს აქცენტს და მწვანე ზოლის განვითარებაზეც. შედეგად, ქალაქში მრავლად იქნება სარეკრეაციო ზონა და საფეხმავლო ბილიკი. თუმცა ,,ახალი საქართველოს” მერობის კანდიდატის მთავარი ამოცანა წარმატებაა. ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო-აქციების გამოცემის შესაძლებლობა, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია – მისი პროგრამის მიხედვით, ეს განვითარების რეალური შესაძლებლობაა.

„ვერსიის” კითხვაზე, რამდენად მზად არიან თბილისელები ინდუსტრიული რევოლუციისთვის ანუ ნაადრევი ხომ არ არის ამგვარი შეთავაზება, გიორგი ვაშაძემ გვიპასუხა: ,,არა, რადგან თუ გვინდა, წარმატებას მივაღწიოთ, მეტი სამუშაო ადგილი გვქონდეს და შემოსავალიც გაგვიჩნდეს, ისეთ მაღალ სტანდარტზე უნდა ვიყოთ და ისეთი ამბიცია უნდა გვქონდეს, როგორიც წარმატებულ და განვითარებულ ქალაქებს აქვთ. ინდუსტრიული პერიოდის ფაზებს თუ გამოვტოვებთ, მერე უკან ხომ ვერ დავბრუნდებით იმ ინდუსტრიულ ეპოქაში, რაც სხვადასხვა ქალაქმა უკვე გაიარა? ამიტომ პირიქით, ეს ტექნოლოგიები ჩვენ გვაძლევს აბსოლუტურად ლოგიკური და სწრაფი ნახტომით გარღვევის შესაძლებლობას, რათა თბილისი იყოს ლიდერთა შორის, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და წარმატება შევიტანოთ თითოეულ ოჯახში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ან მაჩანჩალები ვართ, ან წარმატებულები და შუალედი არ არსებობს! მინდა ვიყოთ იქ, სადაც წარმატებული ქალაქებია! თბილისი უნდა იყოს პლატფორმა წარმატებისთვის! დღეს ეკონომიკა ჩაკეტილია, მაგრამ გზა უნდა მივცეთ ახალ შესაძლებლობებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება!”

გიორგი ვაშაძე თბილისის ყველა უბანს თანაბრად განვითარებას ჰპირდება და ინოვაციურ გეგმას სთავაზობს. როგორც კანდიდატი განმარტავს, თბილისის ყველა უბანს თავისი ფუნქცია და განვითარების სტრატეგია ექნება: ,,ყველა უბანში იქნება ადგილობრივი ცენტრი, რომლის გარშემო განვითარდება ინფრასტრუქტურა, ეს იქნება საფეხმავლო ბილიკები, კაფეები, რესტორნები, მომსახურების სექტორი. ადგილზე უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები. მაგალითად, გვინდა, ვაზისუბანი ღვინისა და ვაზის უბანი იყოს, მოსკოვის პროსპექტზე საქართველოს ისტორიის გაცოცხლება გვინდა, გლდანში კი _ ქართული ფოლკლორის. ერთ-ერთ უბანში წარმატებული ქართველი დიზაინერების ქუჩას გავაკეთებთ, სადაც მათი ბრენდული მაღაზიები განთავსდება, რადგან არ შეიძლება, მხოლოდ ქალაქის ცენტრში იქმნებოდეს სამუშაო ადგილები და ქალაქის 70%-80% უმუშევართა საცხოვრებელი ადგილი იყოს. ძველ ქალაქში, ძველ თბილისში 15 მიკროზონა გვექნება, რასაც ცალკე განვავითარებთ. როდესაც კულტურულ-ინოვაციურ ჰაბზე ვსაუბრობთ, სწორედ ძველი ქალაქი უნდა გახდეს კულტურისა და ინოვაციების სინთეზის მთავარი, შემკრები წერტილი”.

იმგზავრე ტრანსპორტით, იარე ფეხით!

ეს ,,ევროპული საქართველოსთვის” მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას მთავარი დაპირებაა. მისი პროგრამით, თბილისი შესაძლებლობების ქალაქი იქნება _ მოხერხებული მოძრაობისთვის; იმგზავრე ტრანსპორტით – ეს ტრანსპორტით კომფორტულად მგზავრობას გულისხმობს; იარე ფეხით – ტროტუარების მოწყობასა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას ეხება; იმოძრავე თავისუფლად – ეს ქალაქის საცობებისგან განთავისუფლებას გულისხმობს; დროებითი გამაგრება – ეს კი არსებული შენობების გამაგრების სისტემის განახლებას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას პროგრამის ერთ-ერთი, უმთავრესი მიმართულება სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეების დახმარებაა. ის დედაქალაქში მცხოვრებ 203 000 პენსიონერს, 50 ლარით გაუზრდის პენსიას, სოციალურ დახმარებას კი 150-დან 520 ლარამდე გაზრდის. ამისთვის საჭირო თანხას კი შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯების საშუალებით გამოძებნის.

ელენე ხოშტარიას პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სატვირთო რკინიგზის გადატანა იქნება ქალაქის ცენტრიდან. მართალია, თავის დროზე, ეს პროექტი გიგი უგულავამ ,,გააცოცხლა”, მაგრამ ელენე ხოშტარიას მისგან განსხვავებული ხედვა აქვს:
,,სამგზავრო რკინიგზა უნდა იყოს ქალაქში, მხოლოდ სატვირთო რკინიგზა უნდა გადავიტანოთ ქალაქიდან. სატვირთო რკინიგზა და დაახლოებით, 19 მატარებელი, რომელიც დღის განმავლობაში დადის ქალაქში და სარკინიგზო მეურნეობები, რაც ამ რკინიგზის გარშემოა, ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა ავტომანქანებთან და სხვა მიზეზებთან ერთად. ეკოლოგიის თვალსაზრისით, ჩვენ ქალაქის დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს ქალაქიდან გავიტანთ და ამ უბანში ცენტრალურ პარკს გავაკეთებთ. სატვირთო რკინიგზის გადატანით, დაახლოებით, 150 ჰა გამოთავისუფლდება და ამ სივრცეში თანამედროვე, ინტეგრირებული, ურბანული გადაჭრის გზით, ახალი მშენებლობების შესაძლებლობები უნდა შევქმნათ”.

უსაფრთხო და მოხერხებული ქალაქი გადაადგილებისთვის, სადაც შესაძლოა იდგე ავტობუსის გაჩერებაზე და ავტომობილის შემოვარდნის არ გეშინოდეს, სადაც შშმ პირები თავისუფლად უნდა გადაადგილდნენ, სადაც უკანონო მშენებლობები უნდა აღიკვეთოს, რადგან მწვანე საფარში კორპუსების აშენება არ შეიძლება. რაც მთავარია, თბილისი უნდა იყოს ქალაქი, სადაც ავარიული სახლები არ იქნება!

აირჩიე ცვლილებები!

ამას ,,თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატი, კახა კუკავა გვთავაზობს. მისი პროგრამის მთავარი მიმართულება დასაქმება და ეკონომიკური განვითარებაა. კუკავა ამომრჩევლებს შეღავათიანი მუნიციპალური სესხების გაცემას პირდება მცირე და საშუალო მეწარმეებზე; მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადების დაწესებას აპირებს და მონოპოლიურ ფასებსაც გადახედავს. ,,ვერსია” დაინტერესდა, როგორ აპირებს ფიქსირებული გადასახადის დაწესებას მომავალი მერი, როდესაც ეს პარლამენტის დეპუტატის ფუნქციაა, კახა კუკავამ გვიპასუხა:

,,გეთანხმებით, გადასახადი წმინდა სამართლებრივი და ფისკალური ტერმინია, მაგრამ ის, რასაც ვაპირებთ, გადასახადი კი არა, ქირა იქნება. მაგალითად, ქალაქის ცენტრში, ბაზრობაზე ფართებს შპს-ები აქირავებენ მცირე მეწარმეებსა და მოვაჭრეებზე. სწორედ ამ ხალხს უნდა დავუწესოთ ფიქსირებული გადასახადი ანუ ქირა, რადგან შპს-მ კი არა, თბილისის მერიამ განუსაზღვროს ამ ხალხს თანხის კონკრეტული ოდენობა. პირობითად, შესაძლოა, ქალაქის ცენტრში 1 კვ.მ. 50 ლარი, გარეუბნებში – 25 ლარი ღირდეს, რათა მოვაჭრეები შპს-ებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. ჩვენს პროგრამაში ფიქსირებული გადასახადი იმიტომ ჩავწერეთ, რომ ზოგადად, პროგრამები ხალხისთვის იწერება, ხალხი კი ამას ფიქსირებულ გადასახადს უწოდებს. სწორედ ქირას ვგულისხმობთ ფიქსირებულ გადასახადში და არა საბიუჯეტო ვალდებულებას”.

რეალურად, არც მონოპოლიური ფასების გადახედვა და მით უმეტეს, არც მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის შეღავათიანი სესხების გაცემაა მუნიციპალიტეტის ფუნქცია. თუმცა კახა კუკავა ასე არ ფიქრობს და ,,ვერსიას” პასუხობს, რომ მონოპოლიური ფასებია მედიკამენტებზე, წყალზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე, რაშიც საშუალო სტატისტიკური თბილისელი მისი ხელფასის 80%-ს ხარჯავს. რაც შეეხება შეღავათიან სესხებს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, კახა კუკავამ აგვიხსნა:

,,ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების შედეგად, გამოთავისუფლებული თანხა წარმოებაში უნდა ჩაიდოს. ზოგადად, ამ ტიპის პროექტებს პრეცედენტული ხასიათი ექნება. საქართველოს ეკონომიკის ამუშავებას რამდენიმე მილიარდი დოლარი სჭირდება, რასაც თბილისის ბიუჯეტი ვერ გაიღებს, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია პრეცედენტების შექმნა. ხომ უნდა გვეღირსოს, რომ ხილის გადამამუშავებელი საკუთარი საწარმო გვქონდეს და ჩვენს სუპერმარკეტებში, პირობითად, ქართული ფორთოხლის ან რომელიმე ხილის წვენი იყიდებოდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დახმარებით შექმნილი ასეთი საწარმოს შემდეგ, მეორეს, მესამესა და მეხუთეს მეწარმეები თავად გახსნიან”.

კახა კუკავას პროგრამაში მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარება, რომლითაც თბილისის ისტორიულ და მწვანე ზონაში მშენებლობები აიკრძალება; გაფართოვდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ავტოსადგომები; თვითმმართველობა დააფინანსებს ავარიული უბნების რეაბილიტაციას. ,,თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატი სოციალურ პროგრამებზეც აკეთებს აქცენტს, კუკავას პროგრამით, თბილისის ბიუჯეტის სოციალური ხარჯები უნდა გაიზარდოს, თვითმმართველობებს მართვაში გადაეცემა პოლიკლინიკები და სკოლების მართვა, აშენდება ახალი ბაგა-ბაღები; ნიჭიერი სტუდენტების გრანტი დაფინანსდება სრულად (100%); თბილისის თვითმმართველობა დააფინანსებს მრავალშვილიან ოჯახებს; გაიხსნება სოციალური სახლი უსახლკარო თბილისელებისთვის; შემცირდება მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელთა ხელფასები, ავტომანქანებისა და სამივლინებო ხარჯები.

თბილისის მერობის სხვა ოპოზიციური კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების მოკლე თეზისებს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

ვერსია“, 13-16 სექტემბერი, 2017 წელი

ვეტოდამდები პრეზიდენტის საკონსტიტუციო ვნებანი

რატომ იმასხარავებს თავსმარგველა

ნინო დოლიძე

ნათქვამია, ობლის კვერი, ადრე თუ გვიან, გამოცხვებაო. შესაძლოა, მართლაც, ასეა, მაგრამ ეს ხალხური სიბრძნე საქართველოს შემთხვევაში აშკარად, არ ამართლებს. ვიცი, ახლა იკითხავთ, რატომო? რატომ, თქვენი გულისა და, 25 წელია, დამოუკიდებლები ვართ, ამ ხნის განმავლობაში სამი პრეზიდენტი გამოვიცვალეთ (მეოთხე მოქმედია), მაგრამ ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, ისტორიაში ვერც ერთი მთავარსარდალი შევა „ძლევაი საკვირველის“ სახელით.

კი ბატონო, ზვიად გამსახურდიამ ღვთისმშობლის წილხვედრი დამოუკიდებლობას აზიარა, ცხონებულმა ედუარდ შევარდნაძემ ევროპას დაგვაახლოვა. მიშამ სულ „თავში გვიბრახუნა“ და სახელი ამით მაინც გაითქვა, მაგრამ აი, მეოთხე პრეზიდენტს, ესე იგი, გიორგი მარგველაშვილს გამჩენი რატომ აწვალებს, თვითონაც არ იცის. ისე, „ქართული ოცნების“ სტაფი დიდი ხანია აღიარებს, რომ „მარგველა“ მისი ყველაზე „წარუმატებელი პროექტია“. ამ ფონზე მუდმივად ისმის კითხვა, როგორ მოახერხა ერთმა არცთუ გამორჩეულმა ფილოსოფოსმა, ქვეყნის მთავარსარდალი გამხდარიყო?

არაოფიციალური ვერსიით, მარგველაშვილს მაშინდელი კოალიციის კარზე რეკომენდაცია გია ხუხაშვილმა გაუწია. რეკომენდაცია ერთია, მაგრამ ლავირების უნარი თავადაც რომ არ ჰქონოდა, ალბათ, მავანთა გულს ვერ მოიგებდა. ჩვენში დარჩეს და, მარგველაშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ პლასტილინია ანუ სადაც „მიაგდებენ“, იქ „მიეგდება“ და იმ გარემოს მოერგება. ჰოდა, მოერგო კაცი პრეზიდენტის სავარძელს _ ალბათ, ესეც ნიჭია!

სხვათა შორის, „ოცნებასთან“ დაახლოებულმა ერთმა პიროვნებამ „ვერსიას“ ასეთი ამბავი უამბო: „თუ გახსოვთ, განათლების მინისტრი რომ გახდა, მარგველაშვილმა განაცხადა, მძღოლი არ მჭირდებაო და სამსახურეობრივ მანქანას თავად მართავდა. ოფიციალურ შეხვედრებზეც ასე მიდიოდა ხოლმე. „ოცნების“ წევრები ამის გამო ჩუმ-ჩუმად დასცინოდნენ, მაგრამ მომავალი პრეზიდენტი ამ დაცინვას ყურადღებას არ აქცევდა.
მაშინ მეც ვერ ვხვდებოდი, ასე ეპატაჟურად რატომ იქცეოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ე.წ. ხალხოსნური იმიჯის შექმნას ცდილობდა; მეტსაც გეტყვით, ამ გადასახედიდან შემიძლია, ღიად ვთქვა, რომ მარგველაშვილი იმთავითვე მიშას ბაძავდა, თუმცა საბოლოოდ, თავი გაიმასხარავა და მეტი არაფერი“.

რატომ გაიმასხარავა თავი „მარგველამ“? ამ თემაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, არცთუ იშვიათად, კომიკურად გამოიყურება, ყბადაღებული ვეტოების თემის გახსენებაც საკმარისია.
მოკლედ, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში „ვეტოდამდების“ თიკუნით შევიდეს.

დიახ, დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, მარგველაშვილის მთელ „მოღვაწეობას“ ლაიტმოტივად ვეტოს დადება გასდევს, თუმცა ეს ვეტოებიც არაფრისმომცემია, რამეთუ ყველა ვეტო, რომელიც ფილოსოფოსმა პრეზიდენტმა ამა თუ იმ კანონს დაადო, უმრავლესობამ უსწრაფესად დაძლია.

მიუხედავად ამისა, „ვეტოდამდები“ თავისას მაინც არ იშლის და ახლა იმუქრება, ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტსაც დავადებო.

ჩვენთვის რომ ვთქვათ, ამჯერად საქმე უფრო ნონსენსურადაა და აი, რატომ: შე კაი ადამიანო, თუ ვეტოს გამოყენება გინდოდა, ამდენი ხნის განმავლობაში რას აკეთებდი? ამდგარიყავი და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ვეტო მაშინვე დაგედო, როგორც კი პარლამენტმა თუნდაც პირველი მოსმენით მიიღო. ზოგი იტყვის, ეს პროცედურულად გაუმართლებელი იქნებოდაო. კი ბატონო, შეიძლება, პროცედურულად კანონს ვეტო პირველი და მეორე კი არა, მესამე მოსმენით მიღების შემდეგ უნდა დაედოს, მაგრამ ჯერ ერთი, ადამიანები შეცდომებზე ვსწავლობთ. ჰოდა, ,,მარგველა” რით ვერ მიხვდა, რომ მის ვეტოებს აზრი არ აქვს?

მეორეც, ვეტო იქით იყოს და, პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს ახლა სთავაზობს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია შექმნან.

„უკვე დაიდო რაღაც დოკუმენტი, ეს პოლიტიკური ფაქტია. ავიღოთ დოკუმენტი, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებელი იმპროვიზაცია, მოვნიშნოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის, რაზეც შეთანხმდებით თქვენ და შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორც გამოსავალი. ამით ჩვენ დავანახებთ პარტნიორებს, რომ შესაძლებელია განსხვავებული დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ საქმეს“, – განაცხადა „მარგველამ“ ოპოზიციასთან შეხვედრისას. აი, ზუსტად ასეთ დროს ამბობენ ხოლმე კახელები ადამიანზე, შუადღის მერე გაიღვიძაო.

კარგია, პრეზიდენტმა შუადღის მერე მაინც თუ გაიღვიძა, მაგრამ მარგველაშვილის ზემოხსენებულ ინიციატივაში სხვა „ძაღლის თავი“ უნდა იყოს „დამარხული“. ყოველ შემთხვევაში, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით პრეზიდენტი მორიგი ვეტოსთვის ემზადება.

„ეს იდეა, ალბათ, პროდუქტიული იქნებოდა, მაშინ რომ განხილულიყო, როცა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. როდესაც ამხელა გზა აქვს კონსტიტუციის იმ ვარიანტს გავლილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, მეეჭვება, პროცესის თავიდან დაწყება შესაძლებელი იყოს… შესაძლოა, პრეზიდენტს გვიან გაახსენდა, რომ ასეთი შეთავაზების გაკეთება შესაძლებელი იყო. ან შესაძლოა, რომ ეს იყოს პირველი ნაბიჯი, რათა ვეტოს დადებისთვის არგუმენტაცია ჰქონდეს. გამზადდეს წინადადებები იმისა, თუ რა ტიპის ცვლილებები იქნება საჭირო ვეტოს დასაბუთებისთვის. აზრი რომ გასჩენოდა ოპოზიციას ან პრეზიდენტს, იმ კომისიის მუშაობის პროცესში უნდა დაეწყოთ რამდენიმე ვარიანტის განხილვა, ემუშავათ თავიანთ ვერსიაზე, თუ არადა, უკეთესი იქნებოდა, პროცესი კიდევ უფრო ადრე დაეწყოთ. ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში იყო ცნობილი, რომ კონსტიტუციის კორექცია ხდებოდა, ეს უკვე უნდა ყოფილიყო სიგნალი, რომ კონსტიტუცია არის ეროვნული თემა და მასზე მუშაობა ყველა მათგანისთვის, ვინც პროცესით დაინტერესებულია, დროულია“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

ერთი სიტყვით, გიორგი მარგველაშვილს ვეტოს დადება, როგორც იტყვიან, ხასიათში გადაუვიდა – ადებს და ადებს კანონებს ვეტოს, მაგრამ რათ გინდათ? – უმრავლესობა ყველა ვეტოს ისე სწრაფად ძლევს, რომ პრეზიდენტი გონზე მოსვლასაც ვერ ასწრებს.
ისე, თუ ისტორიას გადავხედავთ და მსოფლიო პრაქტიკასაც გავიხსენებთ, სახელმწიფოს პირველ პირებს სხვადასხვა გატაცება აქვთ. ასე, მაგალითად, ზოგი ქვეყნის პრეზიდენტი ქველმოქმედებითაა დაკავებული, ზოგი ცხოველებზე ზრუნავს, ზოგიც -შშმ ბავშვებზე. აი, ჩვენი მთავარსარდალი კი თავს ვეტოებით ირთობს.

შესაძლოა, ამ ვეტოებში რამე ფილოსოფიური წიაღსვლებია და ჩვენ ვერ ვხვდებით, ან საიდან უნდა მივხვდეთ – ჩვენ ხომ რიგითი მოკვდავები ვართ, ის კი, პრეზიდენტია, პრეზიდენტი, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში ქსოვით იყო გატაცებული, მერე, „გაპლასტელინდა“ და ბოლოს, ჰობიდ ვეტოების დადება გაიხადა.

ვერსია“, 13-16 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „საქართველოში სააკაშვილის გამოჩენა დესტაბილიზაციის მიზეზი გახდება“ // უკრაინასა და საქართველოში მოვლენების განვითარების ორი სცენარი

თათია გოჩაძე

უკრაინაში პოლიტიკური მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება – დესტაბილიზაციის გენერატორი კი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც პოლონეთი-უკრაინის საზღვარი, მხარდამჭერებთან ერთად, ძალისმიერი მეთოდებით გაარღვია და ლვოვში ,,გამაგრდა”. უკრაინის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, რის საფუძველზეც 60-მდე ,,კანონდამრღვევის” დასჯა იგეგმება. ასეა თუ ისე, მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. აქტიურად განიხილება მთავარი საკითხი – როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინასა და საქართველოში, მიიღებს თუ არა პეტრო პოროშენკო ,,მეორე მაიდანს”, ხოლო სააკაშვილი საქართველოში ექსტრადიციის შემდეგ – ,,მატროსოვზე” საკანს?

,,ვერსია” ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა, რომელიც განმარტავს, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, პეტრო პოროშენკომ თავისთვის ფატალური შეცდომა დაუშვა:

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შიდაპოლიტიკაში საკმარისად მარგინალიზებული იყო და პოროშენკოსთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენდა. უკრაინის პრეზიდენტმა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით ანუ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით, ფატალური ნაბიჯი გადადგა, რაც სააკაშვილმა ძალიან კარგად გამოიყენა. იგი ხომ ასეთი კრიზისების გათამაშების დიდოსტატია და შესანიშნავად გათვალა, რომ ნებისმიერი სცენარი მისთვის სასარგებლო იქნებოდა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ პოროშენკომ ამ ყველაფერში საქართველოს ხელისუფლებაც ,,ჩაითრია”, – ამბობს გია ხუხაშვილი

- თქვენი აზრით, როგორ უნდა მოქცეულიყო ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება?

- შეეძლო, სეირისთვის შორიდან ეყურებინა… ნაცვლად ამისა, ღრმად შეყო თავი ამ აბსურდში. ვფიქრობ, გაურიგდა პოროშენკოს რაღაც კოორდინირებულ მუშაობაზე და ვნახეთ, რომ ბავშვივით გაათამაშეს მინისტრი კაცი სატელეფონო საუბარში. ხელისუფლება ჩაერთო ამ სისულელეში პოროშენკოსთან აღებული უცნაური ვალდებულებების ბაზაზე მაშინ, როცა მათ ცალსახად უნდა ეთქვათ – ეს უკრაინის შიდასაქმეებია, პოროშენკოს ,,თავის ტკივილია” და ჩვენ თავი დაგვანებეთო. ამის ნაცვლად, პოროშენკოს დაგებულ მახეში გაებნენ.

- რამდენად რეალურია, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირებას დათანხმდეს?

- პოროშენკო ერთ-ერთ სცენარად დღესაც განიხილავს სააკაშვილის სახით ამ ,,თავის ტკივილის” საქართველოში მოსროლას და ეპიცენტრის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანას, რადგან თუ სააკაშვილი საქართველოში აღმოჩნდება, პოროშენკო ყველას გადაავიწყდება. აქ დაიწყება ლაპარაკი სააკაშვილის პატიმრობა-არპატიმრობაზე, სასამართლო პროცესები გაიმართება და ეპიცენტრი საქართველოში გადმოინაცვლებს.

- ექსპრეზიდენტის ექსტრადირება ასე მარტივია?

- მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მარტივი ნამდვილად არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიმართ სამართალი საქართველომ უნდა აწარმოოს და არა უკრაინამ, ამ პროცესში ყველაფერს თავის დრო და რიგი აქვს. საქმე ისაა, რამდენად არის სიტუაცია მზად საქართველოში ექსპრეზიდენტის ექსტრადირებისთვის. ვფიქრობ, სააკაშვილის მიმართ ბრალდებები უფრო მძიმე უნდა ყოფილიყო, ვიდრე დღეს არის, თუმცა პოლიტტექნოლოგიურად საქართველოს ხელისუფლება სერიოზულ შარშია, რადგან სააკაშვილის ექტრადაციის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს განმწესრიგებელი სასამართლო იმის დასადგენად, გამოიყენონ თუ არა მის მიმართ საპატიმრო ღონისძიება. წარმოიდგინეთ, სააკაშვილს თავდებში უდგება 10 სენატორი, 15 კონგრესმენი, 50 ევროპარლამენტარი და ა.შ. ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება?

- მიხეილ სააკაშვილის დასავლელი მხარდამჭერები სასამართლო პროცესებისგან მის გათავისუფლებას მოითხოვენ?

- არა, ისინი მოითხოვენ, წინასწარი პატიმრობის ფორმა არ იყოს გამოყენებული. ამის შემდეგ შეიძლება ორი სცენარი განვითარდეს _ ან საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდება, სააკაშვილს არასაპატიმრო ღონისძიება შეუფარდოს და არჩევნების წინ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მიხეილ სააკაშვილი თბილისის ქუჩებში… ან საპატიმრო ღონისძიება გამოიყენონ მის მიმართ და ამის სანაცვლოდ, ძალიან მაღალი პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევთ; მაგალითად, ბრაზილიაში უმძიმესი ბრალდებები აქვს წაყენებული პრეზიდენტს, მაგრამ მის მიმართ საპატიმრო ღონისძიების გამოყენება სასამართლო პროცესების დასრულებამდე, აზრადაც არავის მოსვლია… იგივე ხდება საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში.

- როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის მხარდაჭერა მართლა აქვს თუ ეს მხოლოდ მისი ავანტიურაა?

- დასავლეთში არის ჯგუფები, რომელთა პოლიტიკური მხარდაჭერა სააკაშვილს ნამდვილად აქვს. დასავლეთი ერთიანი მასა ხომ არაა, მას ცალსახად აქვს, მაგალითად, ჯონ მაკკეინის გუნდის მხარდაჭერა, რომელიც ძალიან გავლენიანი და ძლიერი ჯგუფია დასავლეთში. სააკაშვილი მათი და კიდევ ბევრი გავლენიანი ფიგურის პოლიტიკური შვილობილია და ისინი იოლად არ დათმობენ მას.

- თბილისის ქუჩებში სააკაშვილის გამოჩენა შესაძლოა, კიდევ ერთი რევოლუციის წინაპირობა გახდეს?

- ეს დესტაბილიზაციის წინაპირობა ნამდვილად გახდება.

- მისი ჩამოსვლა ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში გასამარჯვებლად ხომ არ სჭირდება?

- ეს ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებს ვერ მოაგებინებს, რადგან არაა საარჩევნო სცენარი, თუმცა მისი გამოჩენა დესტაბილიზაციის წყარო ნამდვილად გახდება.

- როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს უკრაინაში, შესაძლოა, პოროშენკომ სააკაშვილისგან ,,მეორე მაიდანიმიიღოს?

- პეტრე პოროშენკოს პრობლემა მხოლოდ სააკაშვილი არაა, რადგან იქ, ფაქტობრივად, დიდი ოპოზიციური კოალიცია იქმნება. სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ხელისუფლებაზე პრეტენზია არ აქვს, ანუ ოპოზიციის დიდი გაერთიანება მან შესაძლოა რაღაც პროცესების კატალიზატორად გამოიყენოს, თევზი კი თავად დაიჭიროს. უკრაინაში პოროშენკოს ავტორიტეტი თითქმის განულებულია, შესაბამისად, იგი იძულებულია, ძალიან აგრესიულად იმოქმედოს. პოროშენკომ თუ ახლა სისუსტე აჩვენა, ფაქტია, პოლიტიკურად დამარხავენ. შესაბამისად, ის უნდა იყოს მაქსიმალურად აგრესიული და სწრაფად იმოქმედოს.
ახალი თაობა“, 14 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ხელისუფლება ოპოზიციის გახლეჩას ცდილობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო დავით, საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციას კიდევ ერთი შანსი მისცეს. როგორ შეაფასებთ კობახიძის პოზიციას?

- ამ დისკუსიამ ძალიან სავალალო სურათი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელია, პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი 90-იანი წლების დასაწყისის პოსტსაბჭოთა სივრცის დონეზეა. ბატონი კვირიკაშვილი იმის დასამტკიცებლად, რომ თურმე წინა ხელისუფლება როგორი დიქტატორული იყო, საუბრობს იმაზე, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ თუ როგორ ჭუჭყიანი მეთოდებით გახლიჩა 2007 წელს ოპოზიცია. პრემიერს ჩვეულებრივი პოლიტიკური ტაქტიკის ანი და ბანი, დიქტატორული რეჟიმის მაგალითად მიაჩნია. თვითონ ახლა რას აკეთებენ? რა, არ ცდილობენ ოპოზიცია გახლიჩონ?! სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში თქვა, რომ თქვენთან პარლამენტი ფუნქციას ვერ ასრულებს, ხელისუფლების შტოების გამიჯვნა ვერ არის მიღწეული. მეტი რა თქვას, დედას ხომ არ შეიგინება.

- დღეს, ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ერთიან პოზიციაზე რამდენად არის?

- ხელისუფლების გარდა ყველა ითხოვს, რომ ერთი წლის წინ გაცემული დაპირება, მანამდე კი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც `ქართულ ოცნებას~ ჰქონდა, უნდა შესრულდეს. საუბარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომელზე გადასვლაც აუცილებელია, რადგან შერეული სისტემა, რომელიც გვაქვს, იწვევდა შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც და ყველა დროში უზურპაციას. კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ნათელი წინადადებებით არ მოდისო, მეტი რა ნათელი წინადადებები უნდა იყოს, ორი კონკრეტული მოთხოვნაა: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წელს და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები.

- ამას ულტიმატუმს უწოდებს ხელისუფლება

- ხელისუფლებამ გვითხრა, რა პირობებში მისცემთ ხმას კონსტიტუციას, რომ ჩამოიწერა ეს ორი პირობა, სწორედ ამას დაარქვეს ულტიმატუმი. რა სიტყვებით თამაშია ვერ გავიგე, ამიტომ ვამბობ, საბავშვო ბაღია ან 90-იანი წლების დასაწყისი.

- ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დაელოდება ხელისუფლება თუ მესამე მოსმენით მიიღებს?

- ახლა რასაც ვუყურებთ, არაფრის გაგონება არ უნდათ. შეიძლება დაელოდოს და გარეგნული ფორმა დაიცვას, მაგრამ შინაარსი იგივე მიიღოს. ხელისუფლება ძალიან კარგად ხვდება, რომ ვერანაირად ვერ შეძლებს პროპორციულ არჩევნებში ისეთი მდგომარეობის შენარჩუნებას ხელისუფლებაში, როგორიც ახლა აქვს.

- ამას რის საფუძველზე ამბობთ?

- საზოგადოების განწყობები ისეთია, რომ `ქართულ ოცნებას~ დღეს რომ აქვს საპარლამენტო მანდატები, ამდენი არ ექნება. სწორედ ამას არ უნდა, რომ შეეგუოს და ამიტომ უნდა თავისი გაიტანოს.

- თუმცა, პრემიერ კვირიკაშვილის არგუმენტია, რომ რეფორმებია გასატარებელი, ამისთვის კი საპარლამენტო უმრავლესობაა საჭირო

- მე კითხვა მაქვს: მაშინ რა უნდოდათ მიშა სააკაშვილთან? ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ეს რიტორიკა არ არის კარგი. ეს იწვევს ძალიან დიდი ვნებათაღელვას და ძალიან დიდ პოლიტიკურ კრიზისს. ნათქვამია, ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. უბრალოდ ღუმელთან მიაღწიეს, თბილად სხედან და არ ეთმობათ ეს ადგილი. ეს არის მთელი მოტივაცია.

- თქვენ ამბობთ, წინა ხელისუფლების გამოცდილებას ვერ აცნობიერებენ?

- სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებენ. სუვოროვი ამბობდა: ერთ დამარცხებულს კაცი ორ დაუმარცხებელში ვერ გაცვლისო, რადგან დამარცხებულს გამოცდილება აქვს. ამ ხელისუფლებას ჯერ დამარცხების გამოცდილება არა აქვს. ამიტომ უმჯობესი იქნება, სხვისი გამოცდილება გაითვალისწინონ, სანამ მძიმედ დამარცხებულან.

- ბატონო დავით, სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ, როგორ შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს? შეიძლება მართლაც მოხდეს ექსტრადირება?

- რბილად რომ ვთქვა, სამართლებრივად მის წინააღმდეგ არასწორად მოიქცნენ, როდესაც მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს იყო უკანონობა. ბუნებრივია, ამაზე მას რეაქცია ექნებოდა. როგორი რეაქცია იყო უკეთესი? რა ჯობია უკრაინის მომავლისთვის? ამაზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ეს ადამიანი სამართლებრივად არასწორად არის დევნილი როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ ყველაფრიდან _ ახალი მაიდანი? თუ ცივილიზებული სასამართლო პროცესი? რა ჯობია უკრაინისთვის? ჩვენი პოზიცია როგორი უნდა იყოს? ეს კიდევ სხვა საკითხებია.

- ახალი მაიდანი რამდენად არის შესაძლებელი?

- არ ვარ უკრაინაში, რომ რეალურად შევაფასო თუ რა არის შესაძლებელი იქ, მაგრამ მე მაშფოთებს, რომ ახალი მაიდანი და ახალი დაპირისპირებები შეიძლება დამასუსტებელი აღმოჩნდეს უკრაინისთვის იმ დიდი განსაცდელის ჟამს, რომელიც მას რუსეთიდან აქვს.

- ექსტრადირებასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?

- ეს კიდევ ერთი უკანონობა იქნება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ. გამოსავალი იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინოს, მაგრამ აქ ამის არანაირი პოლიტიკური ნება არ არსებობს. ასევე გამოსავალი იქნებოდა სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში და სრულფასოვანი პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალების მიცემა და არა მისი დევნა საქართველოსა და უკრაინაში.

- სამართლებრივ გზას გამორიცხავთ?

- სამართლებრივი გზა, სასამართლო პროცესები ეს შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მას უნდა მიეცეს საქართველოში ნორმალური პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალება. სარკოზის მიმართაც არის საფრანგეთში სასამართლო პროცესები, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის, რომ პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელოს.

ახალი თაობა“, 14 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „აზიური ფაროსანის განადგურება იოლი არ იქნება“ // „მავნებელი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა

პარლამენტის წევრი და „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე „ახალ თაობასთან“ ახალ მავნებელ აზიურ ფაროსანაზე საუბრობს.

„აზიური ფაროსანა შეესია სამეგრელოსა და გურიის ნაწილს და ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ ფერმერებს. ძალიან მტკივნეული პრობლემაა. ეს არის ახალი მავნებელი, რომელიც მხოლოდ საქართველოში კი არ არის, არამედ უდიდესი პრობლემაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, გავრცელებულია ევროკავშირის ტერიტორიაზე და რუსეთშიც“, – ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე.

- რით არის გამოწვეული ამ მავნებლის ფართო გავრცელება?

- კლიმატური ცვლილებები და გლობალური დათბობა იწვევს ტყის ახალი მავნებლის გავრცელებას. ახალი სახეობა ძალიან ბევრია. პესტიციდებიც კი, რომელიც ახალ მავნებელთან დაკავშირებით გამოიყენება, ნაკლებად ეფექტურია. ამიტომ მიდის ძიება, როგორმე ისეთი პესტიციდი შეიქმნას, რითაც შეიძლება ეშველოს. ძალიან რთული პრობლემაა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა, ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია. არსებობს ტექნოლოგიები, მავნებლის მექანიკური განადგურების შესაძლებლობები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციები გაცემული აქვს.

- თუკი სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ აზიური ფაროსანას განადგურების გეგმა შედგენილია, მაშინ პრობლემა რა არის?

- პრობლემა ისაა, რომ მისი განადგურება იოლი არ არის. აზიური ფაროსანა შარშან გამოჩნდა და მასობრივად გავრცელდა საქართველოში.

- საიდან გამოჩნდა?

- აზიური ფაროსანა რუსეთიდან შემოვიდა. ამიტომ, ვფიქრობ, იქნებ დივერსიული აქტია. სერიოზული საკითხია. ამიტომ ჩვენს სახელმწიფოს ძალიან დიდი პრობლემა აქვს ფიტოსანიტარიული კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით. ფიტოსანიტარიული კონტროლი არის ისეთი კონტროლი საზღვრებზე, რომელიც ხელს შეუშლის აზიური ფაროსანას მსგავსი მავნებლის ან სარეველას შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მძიმე შედეგს გამოიწვევს.

- ყველამ ვიცით, რომ ნაცმოძრაობის დროს, საზღვრებზე ყველანაირი ფიტოსანიტარიული კონტროლი გაუქმდა. ნაცხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ფიტოსანიტარიული კონტროლი საზღვრებზე ახალმა ხელისუფლებამ არ აღადგინა?

- ძალიან დიდი სიძნელეებია. ჩემი განცხადების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრმაც აღნიშნა, რომ, ფაქტობრივად, დანგრეული სისტემა დაგვხვდა. 2005 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი (ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ პრესკონფერენცია გავმართე და განვაცხადე, რა შედეგსაც მოიტანდა ამ კანონის მიღება), რომლის საფუძველზე საქართველოში გაუქმდა ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლი.

წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად, საქართველოში მთლიანად მოიშალა ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლი. ვეტერინარული სამსახურის შესუსტება ნიშნავდა ჯილეხისა და სხვადასხვა ტიპის უმძიმესი დაავადებების გავრცელებას. ამ გადაწყვეტილების გამო, ძალიან მალე რუსეთმა ქართული პროდუქციისთვის ბაზარი დაკეტა. რუსეთის საზღვარს მიადგა დიდი რაოდენობით პროდუქცია, რუსეთის ფიტოსანიტარიულმა სამსახურმა მათ მოსთხოვა ფიტოსანიტარიული სერთიფიკატი. ეს არის საერთაშორისო კონვენციებით, გაეროს კონვენციებით უმკაცრესად დარეგულირებული საკითხი. ყველა ქვეყანა იცავს თავის სოფლის მეურნეობას მავნებლებისა და სხვადასხვა სარეველებისაგან, რომელმაც ქვეყანას შეიძლება სოფლის მეურნეობა გაუნადგუროს და უდიდესი პრობლემა შეუქმნას. ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ კონვენციებიც კი დაარღვია.

ამან გამოიწვია ის, რომ 2005 წლიდან მოყოლებული ჩაიკეტა სოფლის მეურნეობის ბაზარი საქართველოსთვის და ქართველ გლეხს 800 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. პროდუქცია ვეღარ გაიტანა.

- მათ შემდეგ ფიტოსანიტარიული კონტროლის აღდგენა ვეღარ მოხერხდა?

- 2012 წელს ხელისუფლებაში რომ მოვედით, მივიღეთ კოდექსი და მთლიანად აღვადგინეთ სამსახურები. დანგრევა ძალიან იოლია. ფიტოსანიტარიული კონტროლი აღდგა, მაგრამ ყველაფერს დრო უნდა. ნულიდან გაწყებინებენ, შემდეგ მოდიან და თავსსავე ჩადენილ დანაშაულზე პასუხს გთხოვენ.

- პრობლემა მხოლოდ ეს იყო? თქვენ თქვით, ფაროსანა რუსეთიდან შემოვიდა...

- დიახ, ფაროსანა რუსეთიდან შემოვიდა, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვრებზე კონტროლი გართულებულია. აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი აპირებენ გარკვეულ ღონისძიებებს მიმართონ. ამ კუთხით ძალიან რთული ვითარებაა აფხაზეთშიც.

- აზიური ფაროსანა სამეგრელოში რუსეთიდან აფხაზეთის გავლით შემოვიდა?

- კი არ ვფიქრობ, ასეა.

- ფსოუს საზღვარზე, ფიტოსანიტარიული კონტროლი თუ არ დაწესდა, ისე ვერაფერს გავხდებით?

- თუ ფსოუს საზღვარზე ფიტოსანიტარიული კონტროლი არ დაწესდა, შეიძლება ჩვენ კიდევ ვიყოთ ახალ-ახალი დივერსიების მოწმე.

- ნამდვილად დივერსიაა?

- ეს ჩემი ვერსიაა.

- ანუ შეიძლება შეგნებულად გააკეთეს?

- აბა, დივერსია რას ნიშნავს? რუსეთმა შეგნებულად დაგვაზიანა, მაგრამ რუსებმა აფხაზეთიც ძალიან დააზიანეს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მაქსიმალურად ვიმუშაოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ აფხაზეთს ვინ დაეხმარება.

- არ არის მცდელობა, ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზებთან მოლაპარაკებები შედგეს და შევთავაზოთ დახმარება? აფხაზეთი, სამეგრელო, ეს ხომ ერთიანი სივრცეა და ვერანაირად ვერ შეაკავებ ფაროსანას, აფხაზეთიდან რომ არ გავრცელდეს, თუ იქაც არ მოსპე პესტიციდებით

- კარგი იქნება, აფხაზეთის მოსახლეობასთან ერთად რომ ვებრძოლოთ ამ უბედურებას.

- აზიური ფაროსანა რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივადაა გავრცელებული?

- რა თქმა უნდა. საერთოდ, აზიური იმიტომ ჰქვია, ჩინეთსა და აზიურ ქვეყნებში იყო გავრცელებული და იქიდან გადავიდა ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

- ჩინეთიდან ვერ შემოვიდოდა?

- ჩინეთიდან ვერ შემოვიდოდა, რადგან იქ ოფიციალურ საზღვრებზე მკაცრი ფიტოსანიტარიული კონტროლია. მე ვსაუბრობ იმ ტერიტორიიდან მავნებლის გავრცელებაზე, რომელიც ვერ კონტროლდება.

Comments are closed