globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 14 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 14th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ვერსია“: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ ლარზე მეტია // რომელ სამინისტროებს გაეზარდა და რომელს შეუმცირდა დაფინანსება 2018 წელს

ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ეს კონსტიტუციაც შეიცვლება, რადგან სხვა მთავრობა მოვა“ // „ამ ცვლილებებში არის კარგი მომენტებიც და ცუდიც, მაგრამ მთავარია, რომ მამუკა მდინარაძეს არავის აზრი აინტერესებს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „პუშკინის სკვერში დავწვებით“ // „რაც კი რამე ცუდი გვქონდა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გადმოიღო“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: იგეგმება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია 17 ოქტომბერს // „უკრაინაში ქართველ სნაიპერებს ხოცავენ“

—————–

„ვერსია“, 13-15 ოქტომბერი, 2017 წელი

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ ლარზე მეტია

რომელ სამინისტროებს გაეზარდა და რომელს შეუმცირდა დაფინანსება 2018 წელს

მაია მიშელაძე

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში უკვე დაიწყო. დოკუმენტის განხილვა მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომით დასრულდება. სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომიტეტების დასკვნებსა და შენიშვნებს, საქართველოს მთავრობას 20 ოქტომბრამდე გადაუგზავნიან. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 მილიარდ ლარზე მეტია. ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა.

პირველადი ვერსიით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 949 000 000 ლარით გაიზარდა და 12 364 500 000 ლარით განისაზღვრა. აქედან საბიუჯეტო სახსრები 10 911 500 000 ლარი, გრანტები – 165 000 000 ლარი, ხოლო კრედიტები – 1 288 000 000 ლარია. ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 504 545 000 ლარია, მათ შორის, შრომის ანაზღაურება – 1 397 524 000 ლარითაა განსაზღვრული, საქონელი და მომსახურება – 1 188 000 000 ლარით, პროცენტი – 550 000 000 ლარით, სუბსიდიები _ 437 900 000 ლარით, გრანტები – 1 303 000 000 ლარით, სოციალური უზრუნველყოფა – 3 413 000 000 ლარით და სხვა ხარჯები – 1 214 000 000 ლარით. არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით – 1 433 000 000 ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით – 636 700 000 ლარია გათვალისწინებული.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში აღნიშნულია, რომ მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით დაიგეგმა და 2018 წლისთვის, მშპ-ს რეალური ზრდა 4.5%, ხოლო მშპ-ს დეფლატორის პროგნოზი – 3.5%-ია. საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი – 3%-ის ფარგლებში.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, 2018 წლის ბიუჯეტით, ყველაზე მეტ დაფინანსებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. მისი ბიუჯეტი 2017 წელთან შედარებით, 111 200 000 ლარით იზრდება და 3 527 000 000 ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.5%) შეადგენს. აქედან სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის – 2 463 000 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხის ფარგლებში, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსებაა დაგეგმილი; ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის განსაზღვრულია – 982 800 000 ლარი, მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის – 704 000 000 ლარი; იმუნიზაციისთვის – 22 400 000 ლარი; ჩ ჰეპატიტის მართვის პროგრამისთვის – 16 000 000 ლარი; ინფექციური დაავადებების მართვისთვის – 10 500 000 ლარი; ტუბერკულოზის მართვისთვის – 15 600 000 ლარი; აივ ინფექცია/შიდსის პროგრამისთვის – 10 000 000 ლარზე მეტი, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციისთვის – 35 000 000 ლარი; ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის – 21 000 000 ლარი; დიაბეტის მართვისთვის – 13 000 000 ლარი; სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის – 39 000 000 ლარი; სოფლის ექიმისთვის _ 26 000 000 ლარი; რეფერალური მომსახურებისთვის – 22 300 000 ლარი; ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის – 10 000 000 ლარი; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის – 25 000 000 ლარი.

2018 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 572 000 000 ლარით გაიზარდა და 1 830 000 000 ლარით განისაზღვრა. ამ თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რისთვისაც 2018 წლის ბიუჯეტიდან 1 283 000 000 ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტის პროექტით, 2018 წელს, შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია იგეგმება: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) _ 250 000 000 ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) – 80 000 000 ლარი; სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა – 150 000 000 ლარი; ბათუმის ახალი შემოვლითი გზა – 70 000 000 ლარი; ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 45 000 000 ლარი; ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა – 30 000 000 ლარი; ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 30 000 000 ლარი; აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა-ზემო ოსიაური) – 20 000 000 ლარი; ზემო იმერეთი (საჩხერე)-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 25 000 000 ლარი; სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა – 20 000 000 ლარი; სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის მონაკვეთის მშენებლობა – 60 000 000 ლარი; მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზისა და გვირაბის მშენებლობა – 53 000 000 ლარი; თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა – 25 000 000 ლარი; ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია – 25 000 000 ლარი; თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა – 25 000 000 ლარი; მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა – 10 000 000 ლარი.

გარდა ამისა, 2018 წლის ბიუჯეტით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262 000 მლნ ლარი, მათ შორის, მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის _ 60 000 000 ლარი; მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამისთვის – 71 000 000 ლარი (თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია, ბათუმის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობა); საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტისთვის _ 45 000 000 ლარი; რეგიონული განვითარების პროექტისთვის (კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) _ ჯამში, 43 700 000 ლარი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, 254 900 000 ლარზე მეტია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც, ქუთაისის წყალარინების პროექტი უნდა განხორციელდეს; გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარი უნდა მოეწყოს; საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კი წყლისა და წყალარინების, ასევე საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 62 600 000 ლარით გაიზარდა და 1 178 770 000 ლარით განისაზღვრა; აქედან ზოგადი განათლება 681 100 000 ლარით დაფინანსდება, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები _ 598 900 000 ლარით; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა _ 11 900 000 ლარით; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა _ 12 800 000 ლარით; მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა _ 23 000 000 ლარით; საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა _ 22 100 000 ლარით; პროფესიული განათლება _ 38 000 000 ლარით; უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები – 135 100 000 ლარით; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა _ 62 600 000 ლარით; საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარება _ 97 200 000 ლარით.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის, ენერგეტიკის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს დაფინანსება შეუმცირდათ. მაგალითად, 2017 წელს, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 748 000 000 ლარი იყო, 2018 წელს _ 702 000 000 ლარი; 2017 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 370 500 000 ლარით დაფინანსდა, რომელიც 2018 წელს, 116 000 000 ლარით შემცირდა და 253 800 000 ლარით განისაზღვრა; თითქმის მილიონი ლარით შემცირდა ენერგეტიკის სამინისტროს ბიუჯეტი, რადგან 2017 წელს, ეს უწყება 132 300 000 ლარით, 2018 წელს _ 131 000 000 ლარით დაფინანსდა.
2018 წლის ბიუჯეტის პროექტით, იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებაც შემცირდა. 2017 წელს, ამ უწყებისთვის 62 015 000 ლარი გამოიყო, 2018 წელს _ 62 000 000 ლარი. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება არ შეცვლილა. 2017 წლის მსგავსად, 2018 წელსაც, ამ უწყებისთვის 82 300 000 ლარია გამოყოფილი.
ახალი თაობა“, 14 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ეს კონსტიტუციაც შეიცვლება, რადგან სხვა მთავრობა მოვა“ // „ამ ცვლილებებში არის კარგი მომენტებიც და ცუდიც, მაგრამ მთავარია, რომ მამუკა მდინარაძეს არავის აზრი აინტერესებს

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო ლევან, როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო ცვლილებების მთელ პროცესს?

- კონსტიტუციის ცვლილებების პროცესი სრულდება ისე, როგორც დაიწყო – ერთპარტიულად. ზღაპრებს კი გვიყვებიან, რომ ერთ პარტიაში ბევრი პარტია შედის, მაგრამ ამ ზღაპრების არავის სჯერა. გვეუბნებიან, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ მრავალი პარტიაა და მრავალი აზრის გაზიარება მოხდა, მაგრამ მათ არ გაიზიარეს არც ქართველი ხალხის, საზოგადოების აზრი და არც ევროპელების აზრი. არ გაიზიარეს არც პრეზიდენტისა და არცერთი ოპოზიციური ძალის აზრი. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელიც ერთმა პარტიამ, ერთმა კაცმა წამოიწყო და დაასრულა ისე, როგორც ეს მას უნდოდა, როგორც ამას, სამწუხაროდ, ყველა ჩვენი ხელისუფლება აკეთებდა.

თანხმობის დოკუმენტი ჯერ კიდევ წინ არის. როგორც ჩანს, საქართველო პოლიტიკურად, სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით არ არის მზად, შეთანხმებული კონსტიტუცია მიიღოს და ერთმანეთთან შეთანხმებული კონსტიტუციით იცხოვროს.

- თქვენ ამბობთ, რომ ყველა ხელისუფლებამ შეცვალა კონსტიტუცია და ახალი ხელისუფლებაც შეცვლის?

- დიახ. მოდის ხელისუფლება, მოაწყობს ამ ქვეყანას ისე, როგორც მას უნდა, მერე რომ გაირკვევა, რომ ესენი არიან ცუდები, მოდის ახალი ხელისუფლება, ის კიდევ ზუსტად იმას აკეთებს, რაც წინამ გააკეთა. რაც ახლა ხდება, რაშიც აკრიტიკებდნენ სააკაშვილს, ზუსტად იმას ჩადის „ქართული ოცნება“. შესაბამისად, პრობლემა არ არის არც ძველ ხელისუფლებაში და არც ახალში, პრობლემა არის საზოგადოებაში. არცერთი მთავრობა, რომელიც აქამდე გვყავდა, არ იყო თანახმა, რომ საზოგადოებასთან, ერთ რიგით მოქალაქესთან დიალოგზე წასულიყო.

- რა არის ამის მიზეზი?

- უპირველეს ყოვლისა, აბსოლუტური თავდაჯერებულობა, რომელიც აქვს ყველა მთავრობას. ეს კონსტიტუციაც შეიცვლება, იმიტომ რომ სხვა მთავრობა მოვა. თუკი ოდესმე მივაღწევთ იმას, რომ არ მოვიყვანოთ არავინ უმრავლესობით ხელისუფლებაში და კოალიციური მთავრობა გვეყოლება, სადაც 12-15%-იანი პარტიები შექმნიან ერთმანეთთან კოალიციას, მაშინ იქნება დიალოგი, მაშინ იქნება ერთმანეთის აზრის მოსმენა და გათვალისწინება. სანამ 90-100%-იანი პარტიები გვეყოლება, მანამდე დიალოგი უბრალოდ წარმოუდგენელია. ვერავინ, ვინც არ უნდა ყოფილიყო ასეთ უმრავლესობაში, ვერ შეძლებდა უკეთესი ნაბიჯის გადადგმას. ყველას ექნება ცდუნება, რომ 90 100%-იანი მხარდაჭერა ხელიდან არ გაუშვას და ჩაებღაუჭოს. ასე ჭკუას ვერ ისწავლი.

- საკონსტიტუციო ცვლილებები როდესაც იწყებოდა, უმრავლესობამ სხვა განცხადებები გააკეთა, რომლებიც მერე დიამეტრულად შეცვალა. მოვლენების ასეთ განვითარებას ელოდით?

- ვისაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ის სათავისო კონსტიტუციას წერს, არავინ იქნება კეთილი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვისი აზრი გაითვალისწინოს. ამიტომ მოქალაქეებმა პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიერონ და საკუთარი ხმა არ უნდა დაარიგონ. პარლამენტში ბევრი ისეთია, ვისაც არ იცნობენ და ახლა ეცნობიან. იმ ხუთ პარტიაში, რომლებზეც „ქართული ოცნება“ გვესაუბრება, ჯამში ექვსი კაცია. ეს ხომ არის რეალობა. არავინ მითხრას, რომ ზვიად ძიძიგურისა და ბუკიას გარდა სხვა რომელიმე კონსერვატორი ვინმეს ახსოვს. ესეც ხომ არის რეალობა. რაც შეეხება მწვანეებს, იქ გაჩეჩილაძის გარდა არასდროს არავინ ყოფილა პოლიტიკურად აქტიური. რა პარტიაზეა საუბარი.

საერთოდ, ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ მდინარაძემ თქვა, ჩვენ ისტორიას ვქმნითო. სანამ ასეთი აუტსაიდერები ქმნიან ისტორიას, მანამდე ასე იქნება. იმისთვის, რომ ისტორია შექმნა, სულ ცოტა, სააკაშვილი ან ივანიშვილი უნდა იყო.

- ამ ცვლილებებში არის წინ გადადგმული ნაბიჯი?

- რასაკვირველია, არის კარგი მომენტებიც და ცუდიც, მაგრამ მთავარი არის ის, რომ არავის აზრი არ გაითვალისწინეს. ახლა მდინარაძეს არავის აზრი არ აინტერესებს, იმიტომ, რომ მას აქვს ცხოვრებაში ერთი შანსი, იყოს კაცი, რადგან ბიძინა ივანიშვილმა სიაში ჩაწერა.

- მთავარი მაინც რა იყო?

- მათ ხალხთან ერთი საარჩევნო სისტემა განიხილეს და მიიღეს მეორე. ამის მერე ლაპარაკი დამთავრებულია. მათ ხალხს უთხრეს, კარგია ის საარჩევნო სისტემა, რომელიც მომავალში იქნება. თუმცა, ერთი ლოგიკური კითხვა ჩნდება: როგორ იქნება მომავალში კარგი, თუ დღეს არ ვარგა?! 2024 წელს ოქრიაშვილი რატომ არ ამოიღებს ხმას?! ოქრიაშვილი, რომელმაც ვითომ გადაწყვიტა ქვეყნის ბედი, ეს ნაწილი რაღაც კარგად ვერ აგვიხსნეს, ვერ გავიგე – რა, მერე აღარ დაგვჭირდება „პეესპე“, წამლები ძვირი აღარ უნდა იყოს თუ რა ხდება?!

რანაირი გუნდია, სადაც ამხელა პოლიტიკური განსხვავებებია? ერთი ამბობს, დემოკრატია დღეს გვინდაო, მეორე ამბობს, არა, ზეგ იყოსო. ამით გვითხრეს, ევროპული მმართველობა აღარ უნდა იყოს არასდროსო – ამას როგორ დაეთანხმნენ?! თუმცა რეალურად ის კაცი იყო არა ოქრიაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილი.

- თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს გაკეთებული აქვს განცხადება, რომ ის პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა. მერე რა მოხდა? ამბობენ, რომ გადაარწმუნეს. ასეთი მარტივია მისი გადარწმუნება?

- მე არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, პოლიტიკაში არ არის და ამ კითხვებს ვერ ვუსვამთ. რა მოხდა, როგორ განვითარდა მოვლენები, არ ვიცი. რაც ვიცი, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ოქრიაშვილი და ირმა ინაშვილი.

- ახლა პოლიტიკურად სჭირდება?

- მას აქვს ასეთი აზრი, რომ ყველა თემიდან სჭირდება თითო კაცი. ეს არის პოლიტიკურად მავნე აზრი. თუმცა, აქედან არის გამოსავალი, შემდეგი არჩევნები ძალიან მალეა. თუ ქართველ ხალხს არ მოსწონს ის, რაც ახლა ხდება, შეუძლია, ღიად უთხრას, რომ არ მოსწონს. თუ არ ეტყვის, მაშინ პრეტენზიებიც არ უნდა იყოს. ჩვენ, რესპუბლიკელებს, გვეუბნებიან, თქვენ დაანგრიეთ ქვეყანაო, მერე კი გვეუბნებიან, 1% გაქვთო. 1 პროცენტი ქვეყანას ვერ ანგრევს, 100%-იანი „ქართული ოცნება“ კი ანგრევს.

ახალი თაობა“, 14 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „პუშკინის სკვერში დავწვებით“ // „რაც კი რამე ცუდი გვქონდა,ქართულმა ოცნებამყველაფერი გადმოიღო

15 ოქტომბრიდან ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციებს იწყებს. თბილისის საკრებულოსთან განცდილი მარცხის შემდეგ ისინი პუშკინის სკვერში გეგმავენ კარვების დაცემას და ასე აპირებენ ბიძინა ივანიშვილისთვის ხელის შეშლას.

ვისთან ერთად იგეგმება აქციის გამართვა, როგორ აპირებენ ყოფილი პრემიერისთვის პრობლემების შექმნას, რა ახალ მეთოდებს იგონებს ხელისუფლება, ამ თემებზე „ახალ თაობას“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

- თქვენმა პარტიამ საპროტესტო აქციები დააანონსა. საკრებულოსთან და მერიასთან გამართულ აქციებზე არაფერი გამოგივიდათ. ფიქრობთ, რომ მესამე ცდა იქნება შედეგიანი?

- ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პუშკინის სკვერი ბიძინა ივანიშვილის გარაჟად არ ქცეულიყო. იმისთვის, რომ ოლიგარქის სურვილი შეესრულებინათ, ხელისუფლებამ ყველაფერი იკადრა. მათ იკადრეს ისეთი რამეები, რაც შევარდნაძის დროსაც არავის უკადრია. თბილისის საკრებულოში არაერთი ხმაურიანი სხდომა ჩატარებულა, მაგრამ არასდროს აუკრძალავთ იქ პარლამენტის წევრების შესვლა. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ დაცვას საკრებულოს სხდომიდან საკრებულოს წევრი გარეთ გამოეთრია. „ქართულმა ოცნებამ“ ეს გააკეთა. არქიფოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება რომ მიეღოთ, საკრებულოს შენობა პოლიციის ალყაში მოაქციეს, შიგნით კი რამდენიმე ასეული პოლიციელი განათავსეს. ამ უკანონობითა და ძალადობით ამ ეტაპზე თავისი გაიტანეს, მაგრამ სულ ასე არ იქნება.

15 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობა იწყებს აქციებს. ჩვენ რუსთაველის მეტროდან მოვაწყობთ მსვლელობას პუშკინის სკვერამდე და იქ დაწოლაც რომ დაგვჭირდეს, დავწვებით, მაგრამ ოლიგარქს 21 ოქტომბრამდე სამუშაოებს არ დავაწყებინებთ.

- ამ აქცია-მსვლელობას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა აწყობს თუ სხვებიც შეგიერთდებიან?

- ჩვენ ამაზე არავისთან კონსულტაციები არ გვქონია. ყველა თბილისელს შეუძლია, შეუერთდეს ამ აქციას. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ თბილისელების კუთვნილი პუშკინის სკვერი არ უნდა გადაიქცეს ივანიშვილის გარაჟად. ბოტანიკური ბაღი უკვე საკუთარ ბოსტნად აქცია და ახლა ცნობილი ხდება, რომ გუდიაშვილის ქუჩაც წაუღია.

- თქვენი პარტია გაალმასებით აპროტესტებს ივანიშვილისთვის ერთ ლარად ქონების გადაცემას, მაგრამ ნაციონალების დროს ასეთ ფაქტებს ხშირად ჰქონდა ადგილი. ხელისუფლება ამას ხშირად გახსენებთ და, თუ ეს მიუღებელი იყო, მაშინ რატომ არ აპროტესტებდით?

- მე არ ვამბობ, რომ ეს კარგი იყო. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და ამიტომაც ვართ ახლა ოპოზიციაში. რაც კი რამე ცუდი გვქონდა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გადმოიღო. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს იმაზე საუბარი, რომ წინა ხელისუფლების დროს ასე იყო. ამავე ლოგიკით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაციონალებსაც შეიძლებოდა ეთქვათ, რომ ედუარდ შევარდნაძის დროს დენი არ იყო და, ახლაც თუ არ იქნება, რა უჭირს. კრიმინალზეც შეეძლოთ, იგივე ეთქვათ. ეს არ არის ნორმალური დამოკიდებულება, ხალხო. ახალგაზრდა ადამიანი ვარ და მინდა, რომ ჩემი ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს. ესენი კიდევ იმ შეცდომებს იმეორებენ, რომლებიც წინა ხელისუფლებამ დაუშვა.

როგორ შეიძლება, ნორმალური იყოს თბილისის ცენტრში 1 ლარად მიწის გადაცემა. თან იმასაც ხომ გააჩნია, ვის აძლევენ. 1 ლარად მილიარდერს მისცეს ეს ადგილი. თან აქეთ რომ გვამადლიან, მილიონიან ინვესტიციას დებსო. აბა ერთი დავთვალოთ, რა ღირს თბილისის ცენტრში 2.000 კვ.მ. მიწის ფართობი. მილიონი ლარი ამ ნაკვეთის შესაძანადაც არ ეყოფოდა.

ვიღაცას თუ ჰგონია, რომ ოლიგარქი ინვესტიციებს დებს, ძალიან შემცდარა. იმ დღეს ვიყავით ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე. იქაურობა გააუბედურა. თბილისის ცენტრი დააჭაობა, გაავერანა და თბილისის სტიქიის დროს იქ ვეფხვმა დაიბუდა, რომელმაც ადამიანი შეჭამა. ასევე გაავერანა იპოდრომი, იქაურობა მიიტაცა.

რამდენიმე დღის წინ ამასთან დაკავშირებით საინტერესო დოკუმენტი გავავრცელე. იქ წერია, რომ თუ ივანიშვილი დაარღვევს საინვესტიციო პირობებს და 30 გარაჟს არ ააშენებს, ჯარიმის სახით გადაიხდის 100 ლარს. ეს უკვე ცინიზმის ზენიტია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი საზოგადოების აქტიურობა. ხალხმა უნდა დაანახოს ოლიგარქს, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე არ უნდა იყოს, როგორც ეს ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ მოუნდებათ. და აღარც ქარაგმებით გვინდა ლაპარაკი, დავიღალეთ იმის მოსმენით, რომ წინა ხელისუფლება ასე იქცეოდა. ცუდში რომ ეჯიბრებით, აბა კარგის კეთებაშიც შეეჯიბრეთ.

მე შეცდომებსაც ვაღიარებ, მაგრამ გაკეთებულის ჩამოთვლაც შემიძლია და მის ჩამოსათვლელად თითები არ მეყოფა. და ამდენი საქმე რომ გვაქვს გაკეთებული, აუცილებლად ვაპირებთ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

- თქვენ კი აპირებთ, მაგრამ ხალხის აზრია აქ მთავარი

- ხალხიც გააკეთებს სათანადო არჩევანს. იმის იმედი ტყუილად აქვს ვინმეს, რომ პარტია, რომელიც არჩევნების გზით წავა ხელისუფლებიდან, უკან ვეღარ დაბრუნდება. გადახედეთ ამერიკას და ნახავთ, რომ ხან ერთი პარტია იგებს არჩევნებს, ხან მეორე. დანარჩენ დემოკრატიულ ქვეყნებშიც ასეა. შეცდომებს ვაღიარებთ და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნაგვისგანაც გავთავისუფლდით. აქედან გამომდინარე, რატომ არ უნდა დავბრუნდეთ ხელისუფლებაში? აუცილებლად დავბრუნდებით.

- პოლიტიკურ ნაგავში ვის გულისხმობთ?

- პოლიტიკურ ნაგავს იმათ ვეძახი, ვინც ხალხის მოტყუებით მანდატები მოიპარა.

- მოდით, ისევ აქციას დავუბრუნდეთ. ზემოთ აღნიშნეთ, რომ პუშკინის სკვერში ივანიშვილს 21 ოქტომბრამდე სამუშაოების დაწყების საშუალებას არ მისცემთ. 21 ოქტომბრის მერე რა ხდება?

- 21 ოქტომბერს ტარდება თვითმმართველობის არჩევნები. ეს დღე ერთგვარად რეფერენდუმიც იქნება. ახლა თბილისელების გადასაწყვეტია, უნდათ თუ არა, რომ ქალაქის ცენტრი ივანიშვილის გარაჟი იყოს. თუ გადაწყვეტენ, რომ ივანიშვილს 1 ლარად აძლევენ ყველაფერს, ეს მათი ნებაა. ჩვენ ჩვენს თავთან მაინც ვიქნებით მართლები, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ.

ახალი თაობა“, 14 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: იგეგმება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია 17 ოქტომბერს // „უკრაინაში ქართველ სნაიპერებს ხოცავენ

კიევში მიხეილ სააკაშვილის დაანონსებული აქციებისთვის ემზადებიან. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ 17 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესი რადის წინ დაგეგმილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უვადო აქციაში გადაიზარდოს. მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ განცხადება 13 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან საზოგადოება მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებაც გააფრთხილა.

პოლიტიკური რეფორმების მხარდამჭერ აქციაში, რომელიც 17 ოქტომბერსაა დაანონსებული, სააკაშვილის მოძრაობასთან ერთად მონაწილეობას იღებენ მოძრაობა „სლობოდა, „სამოქალაქო პოზიცია“, „დემოკრატიული ალიანსი“, „ნაციონალური კორპუსი“, „ალტერნატივა“ და სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. აქციის ძირითადი მოთხოვნები ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, დეპუტატებისთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის გაუქმება და საარჩევნო სისტემის შეცვლაა.

რუსი ჟურნალისტი აიდერ მუჟდაბაევი, რომელიც უკრაინაში ყირიმელი თათრების ტელევიზიის გენერალური დირექტორია, აქციის წინ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს: 17 ოქტომბერს რუსეთის სპეცსამსახურებმა შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია სცადონ. „მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა იგეგმება. ეს შეიძლება იყოს 17 ოქტომბერს. მას რუსეთის გრუ-ს აგენტები უთვალთვალებენ და მოსკოვიდან ბრძანების მიღების შემთხვევაში ისინი თავის საქმეს გააკეთებენ. საკითხავია, გაიცემა თუ არა ბრძანება. თუ ბრძანებას მიიღებენ, შემდეგ იქნება მცდელობა, რომ ეს ყველაფერი უკრაინის ხელისუფლებას და კონკრეტულად პრეზიდენტ პოროშენკოს დაბრალდეს. ჩვენი პრეზიდენტის ადგილზე მე სააკაშვილის უსაფრთხოების სრულ უზრუნველყოფაზე ვიზრუნებდი“, – წერს აიდერ მუჟდაბაევი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მოსალოდნელ არეულობაზე საუბრობს ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი. ის უკრაინიდან ამ დღეებში დაბრუნდა და ამბობს, რომ სკანდალური ინფორმაციები ჩამოიტანა. რატომ აპირებდა იგი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, რა თამაშს თამაშობს არსენ ავაკოვი, ვინ და რატომ ნადირობს იქ ქართველებზე, ვინ დანაღმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარი? ამის შესახებ ტრისტან წითელაშვილი „ახალ თაობას“ ესაუბრება.

- თქვენ ახლახან ჩამოხვედით უკრაინიდან, სადაც სააკაშვილი საპროტესტო აქციებს იწყებს. რა მდგომარეობაა იქ და რა შანსები აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს?

- უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა. ხალხი ხელისუფლებით უკმაყოფილოა, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ მიხეილ სააკაშვილზე გიჟდებოდნენ. მას გარკვეული ძალები პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ საფრთხობელად იყენებენ. ამ პროცესში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვიც არის ჩართული. სწორედ მან შეიყვანა სააკაშვილი უკრაინაში და ის მფარველობს მას. მის მხარეზე იყო იულია ტიმოშენკოც, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მათ შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა.

- რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს?

- ამბიციების გამო. ტიმოშენკო საშინლად ამბიციური ადამიანია. ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს იმას, რომ სააკაშვილი იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი. ტიმოშენკო დიდი ხანია, პრეზიდენტობისთვის იბრძვის. მიშას არც კიევი უჭერს მხარს და არც ოდესა. მას დასავლეთ უკრაინაში უჭერს მხარს ხალხის რაღაც ჯგუფი. მას იაროშის „მემარჯვენე სექტორიც“ დაუპირისპირდა.

- იგორ კოლომოისკისთან როგორ აქვს საქმე?

- ის ისევ მის გვერდით დგას და ისიც იმიტომ, რომ პოროშენკოს ვერ იტანს და სააკაშვილის გამოყენება უნდა მის წინააღმდეგ. მოკლედ, მთელი სისტემაა ჩართული და შეიძლება რაღაც მოხდეს.

- თქვენც სააკაშვილის შესაძლოა ლიკვიდაციაზე ხომ არ საუბრობთ? ყირიმელი თათრების ტელევიზიის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ გრუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაციას გეგმავს...

- კარგით რა, რა ლიკვიდაცია. დღეს არავის აწყობს მიშას განადგურება, მათ შორის არც რუსეთს. ახლა ყველა მის პოლიტიკურ განადგურებას ელოდება. როგორც კი ეს მოხდება, მას ციხეში უკრავენ თავს და გაასამართლებენ. ასევე არ გამოვა მისი პოლიტიკურად გაცოცხლება, არადა მცდელობას არ აკლებენ. კარგა ხანს ვიყავი უკრაინაში და ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვუყურებდი. რაღაც პერიოდი სულ მის გარშემო ვტრიალებდი. რამდენჯერმე მისვლაც დავაპირე, მაგრამ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მითხრეს, არ მივკარებოდი. სააკაშვილის დაჯგუფებამაც მითხრა, ვიცით, რისი გაკეთება გინდა და ახლოს ნუ მოხვალო.

- და რის გაკეთებას აპირებდით?

- ცუდი რაღაცა არ მქონდა დაგეგმილი. მინდოდა შეხვედრას დავსწრებოდი, სადაც რამდენიმე კითხვას დავუსვამდი. წინასწარ ვიცოდი, რომ ამ კითხვებზე პასუხს ვერ გამცემდა, ეს იმით დამთავრდებოდა, რომ ერთი-ორს შემოვულაწუნებდი.

- შემოსალაწუნებლად ვინ მიგიშვებდათ...

- შეხვედრაზე რომ წავსულიყავი, შემოლაწუნებასაც მოვახერხებდი. გალაწუნება ვერ მოვახერხე, მაგრამ მასზე და მის დაჯგუფებაზე ბევრი სკანდალური მასალა ჩამოვიტანე. ამ სკანდალურ დოკუმენტებს ახლო მომავალში გავასაჯაროებ. ნაწილს საქართველოს მთავარ პროკურატურასაც გადავცემ.

- პროკურატურისთვის მასალების გადაცემას რა აზრი აქვს? თქვენ ადრეც გადაეცით საგამოძიებო უწყებას სკანდალური მასალები, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა...

- პროკურატურას არც ამ მასალებზე ექნება რეაქცია. დიდი ხნის წინ დავასკვენი, რომ საქართველოს ხელისუფლება მის გასამართლებას არ აპირებს.

უკრაინაში ბევრი შეხვედრა მქონდა, სადაც პირდაპირ მეუბნებოდნენ, თბილისს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება არ აწყობსო. როცა ამ თემაზე ესაუბრებიან, ჩვენი ხელისუფლება ექსტრადირებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. აქ მოსახლეობას რაღაც ამბებს უყვებიან და თვალებს უხვევენ. ამათგან მოთხოვნა რომ იყოს, უკრაინელები დღესვე გადმოსცემდნენ სააკაშვილს.

- საქართველოს რატომ არ უნდა სააკაშვილის ექსტრადირება?

- იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რა მოჰყვება მიშას ექსტრადირებას.

- და რა უნდა მოჰყვეს?

- აქციები დაიწყება. მისი მომხრეები გამოვარდებიან ქუჩაში. დაიწყება ყაყანი, ყიყინი და ყუყუნი, რასაც ჩვენი ხელისუფლება ერიდება.

- მიხეილ სააკაშვილი 17 ოქტომბრიდან კიევში საპროტესტო აქციებს იწყებს. ამ აქციების შემდეგ შეიცვლება რამე? ბევრი მიიჩნევს, რომ შესაძლოა პოროშენკო გადადგეს...

- პოროშენკო შეიძლება მართლაც გადადგეს, მაგრამ ეს ამ აქციების შედეგი არ იქნება. სააკაშვილი უკრაინაში საპროტესტო ტალღის აგორებას ვერ მოახერხებს. ის ხალხი, რაც მის გარშემო ტრიალებს, მიშას რესურსი არ არის. ეს არის ტიმოშენკოს და სხვების ხალხი. ისინი ფონს ქმნიან, რომ მიშას საზოგადოება უჭერს მხარს და ამით პოროშენკოს აშინებენ. ამ სპექტაკლში აქტიურად მონაწილეობს ავაკოვიც. თავის ხალხს ისიც ახმარს სააკაშვილს.

- არსენ ავაკოვი საბოლოოდ შეეკრა მიშას?

- საბოლოოდ პოლიტიკაში არ იკვრებიან. ახლა სიტუაციას სჭირდება ასე. ავაკოვს პოროშენკოსთან აქვს რაღაც უთანხმოება და მის წინააღმდეგ იყენებს მიშას. რაღაც დროით კიდევ ვაპირებდი უკრაინაში დარჩენას, მინდოდა, მოვლენების განვითარება ჩემი თვალით მენახა. უკრაინელმა კოლეგებმა მირჩიეს, რომ იქაურობა 17 ოქტომბრამდე დამეტოვებინა.

- რატომ გირჩიეს წამოსვლა?

- მითხრეს, ასე ჯობიაო და მეც მიმაჩნია, რომ ასე ჯობდა.

- ფიქრობთ, რომ იქ რაღაც მაინც მოხდება?

- რაღაცა აუცილებლად მოხდება. იქ, სადაც სააკაშვილია, როგორ შეიძლება პროვოკაცია არ მოხდეს. ძალიან საინტერესო მასალები ჩამოვიტანე იმაზე, თუ ვინ დანაღმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარი, საიდანაც სააკაშვილი უკრაინაში შევიდა.

- საზღვარი დანაღმული იყო? სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების მიერ მოგონილი ზღაპარი იყო

- როგორ გეკადრებათ. საზღვრის ის მონაკვეთი მართლა დანაღმული იყო და იქ უკრაინელმა მესაზღვრეებმა მართლა ჩაატარეს განაღმვითი სამუშაოები. საზღვარი ამიტომაც ჩაკეტეს რამდენიმე საათით. მიმდებარე ტერიტორია მიშას ხალხის მიერ იყო დანაღმული. სცენარი ასეთი იყო – იქ რამდენიმე ადამიანი უნდა აფეთქებულიყო. მერე მიშა გამოვარდებოდა, ხალხს მიეხმარებოდა და ერთ ამბავს ატეხდა. სერიოზული სპექტაკლი იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ინფორმაციამ გაჟონა და ეს ამბავი აღარ გამოვიდა. 17 ოქტომბერსაც შეიძლება კიევში რაღაც პროვოკაცია მოხდეს. ისეთ რაღაცებს კადრულობენ, ამათგან გამორიცხული არაფერია. ამიტომაც დავტოვე იქაურობა. ახლა უკრაინაში ქართველებისთვის ძალიან მძიმე პერიოდი დადგა.

- სიმძიმეში რას გულისხმობთ? კობა ხაბაზის მსგავსად, თქვენც იმას აპროტესტებთ, რომ რამდენიმე ათეულ ქართველს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა?

- კობა ხაბაზის აზრზე როგორ უნდა ვიყო? უკრაინაში იმ ქართველებზეა დაწყებული ნადირობა, რომლებიც რაღაც დაკვეთებს ასრულებდნენ. რამდენიმე მათგანის ლიკვიდაცია უკვე მოხდა. მახაურის აფეთქებაც არ ყოფილა შემთხვევითი ამბავი. მასაც ბევრი რამე აქვს იქ გაკეთებული. ჩამოტანილი მაქვს ქართველი სნაიპერების ჩვენება, რომლის მოსმენაც ყველას შოკში ჩააგდეს.

- რომელ სნაიპერებზე საუბრობთ, იმათზე, რომლებზეც ამტკიცებდით, მაიდანზე ხალხს ესროდნენო?

- მაგათზე მოგახსენებთ. დღეს უკვე ამ ადამიანებზე მიდის ნადირობა. ვიღაცას მათი მოშორება უნდა. ამ ყველაფერზე ეს სნაიპერები ჩვენებაში ღიად საუბრობენ.

- ეს ჩვენება სამართალდამცავებს მისცეს?

- ეს ჩვენება მე მომცეს. მათ ჩემთან ისაუბრეს და ეს საუბარი მათი ნებართვით ჩავიწერე. ისინი ახლა ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვენ.

- ვისგან ითხოვენ ხელშეუხებლობის გარანტიას?

- საქართველოს ხელისუფლებისგან. ისინი მზად არიან, საქართველოში დაბრუნდნენ და ყველაფერი მოუყვნენ გამოძიებას. ცოტა ხნის წინ მათი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მოკლეს.

- ისიც სნაიპერი იყო?

- სნაიპერი იყო და უკრაინაში მოკლეს. უკრაინაში მიდის ამ ხალხზე ნადირობა. იქ რამდენიმე ქართული დაჯგუფება მოქმედებს. მაქვს ჩანაწერი, სადაც ქართველები ერთმანეთს რაციით ესაუბრებიან და ამბობენ, დახოცილების ყურები წამოიღეო.

- ბატონო ტრისტან, თქვენ ახლა რაიმე ფილმს გვიყვებით თუ რა ყურებზე საუბრობთ?

- არანაირ ფილმს არ გიყვებით. მოისმენთ ჩანაწერს და ნახავთ. მოკლულის ყურებს დამკვეთები ითხოვენ. ამ ყურების მიხედვით უხდიან ქილერებს გასამრჯელოს.

- ვის ხოცავენ, რუსებს თუ სეპარატისტებს?

- რა რუსი და რა სეპარატისტები? იქ მკვდარი რუსი არ მინახავს მე. მიდის ქონების გადანაწილება და უკრაინელები ხოცავენ ერთმანეთს. რაც ჩვენთან 90-იან წლებში ხდებოდა, იხ ხდება ახლა უკრაინაში. იქ მყოფი ქართველები ძალიან ცუდ დღეში არიან, ამ შემთხვევაში ზონდერებზე ვსაუბრობ. მათზე ნადირობაა დაწყებული. გამოვაქვეყნებ უკრაინიდან ჩამოტანილ ჩანაწერებს და საზოგადოება ბევრ საშინელ ამბავს მოისმენს.

Comments are closed