„რეზონანსი“: ლარი ყველაზე ღრმა ჭაობშია // ყველა მეზობელ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა, მხოლოდ ქართული ვალუტა იძირება
„რეზონანსი“: ქვეყნიდან გაქცევის მსურველთა რაოდენობა მატულობს // მწვავე კრიზისი და უიმედობა ხალხს ემიგრაციისკენ უბიძგებს
„რეზონანსი“: რა შემთხვევაში ჩამოართმევენ საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმს
„რეზონანსი“: ინტერვიუ ზურან ჭიაბერაშვილთან: „უბრალოდ შეუძლებელია ამ მთავრობამ დიდხანს გაძლოს“
„რეზონანსი“: ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „მივალთ იქამდე, რომ თვითმართველობის არჩევნებზე „ოცნება“ დამარცხდება“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ნიკა ჩიტაძესთან: რას შეცვლის ამერიკის სახელმწიფო მდივნად რუსეთისადმი „კეთილგანწყობილი“ ბიზნესმენის დანიშვნა
—–
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „პრეზიდენტს ღიად მიაყენეს შეურაცხყოფა“ // „ჩემთვის გაუგებარია, რატომ წავიდა უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილთან ასეთ გამწვავებაზე“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან: „სამსახურებიდან ადამიანების გაშვება მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია“ // „მინისტრები პრემიებს არ უნდა იღებდნენ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელის ძებნა უკვე დაწყებულია“ // „მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში დიდი ფუთფუთია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: „მთავრობის ეკონომიკური გუნდი ახლავე უნდა შეიცვალოს“
—–
„საქართველო და მსოფლიო“: პრემიერმინისტრის მოულოდნელი გულახდილობა: საქართველოს ნატოში შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
„საქართველო და მსოფლიო“: საქართველოს ბედი აზიაში წყდება
„საქართველო და მსოფლიო“: როდესაც ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელს უშიშროების სამინისტროს მოწმობებით სარგებლობა ავუკრძალე, ისეთი ამბავი ამიტეხეს, რომ თბილისიდან გვირაბის გათხრა ვაღიარე…
„საქართველო და მსოფლიო“: ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, ამის გამოსასწორებლად საჭიროა პატრიოტი ადამიანი
——————-
„რეზონანსი“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
ლარი ყველაზე ღრმა ჭაობშია
ყველა მეზობელ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა, მხოლოდ ქართული ვალუტა იძირება
მარი ჩიტაია
დეკემბრიდან საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გამყარების ტენდენციაა. თითქმის ყველა ვალუტამ დოლართან მიმართებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში პოზიცია გაიუმჯობესა. ამიტომ ლარის გაუფასურების გამართლება იმით, რომ რეგიონში ანალოგიური ვითარებაა და არც სხვა ვალუტებს ულხინთ, რეალობისგან შორსაა.
რუსული რუბლის გამყარება ჯერ კიდევ ნოემბრიდან დაიწყო და ტენდენაცია ამ ეტაპზეც გრძელდება. დოლარის მიმართ რუბლი 1 თვის განმავლობაში 65-დან 61-მდე ჩამოვიდა. შეჩერდა თურქული ლირას ვარდნა და 5 დეკემბრიდან გამყარების გზას ადგას. თუკი 5 დეკემბერს კურსი 3,52 იყო, 13 დეკემბრის მდგომარეობით 3,47-ია. სტაბილურ ნიშნულზეა უკრაინული ვალუტაც. ბოლო პერიოდში გაუფასურება არ შეინიშნება და 1 დოლარი 26 გრივნა ღირს. როგორც ყოველთვის, არავითარი რყევა არ შეინიშნება სომხური დრამი მიმართულებით.
ბოლო პერიოდში მხოლოდ აზერბაიჯანული მანათი გაუფასურდა, მაგრამ ისიც უმნიშვნელოდ. ბოლო 12 დღის განმავლობაში მეზობელი ქვეყნის ვალუტა 1,77-დან 1,80-ის ნიშნულამდე ავიდა. შეიძლება ითქვას, ქართული ლარის მსგავსად, იგი ერთადერთი ვალუტაა, რომელიც ბოლო პერიოდში არ გამყარებულა, მაგრამ არც კატასტროფული რყვევა განუცდია.
სამაგიეროდ, ძალიან ცუდ დღეშია ქართული ეროვნული ვალუტა. მთავრობის წევრები ყველაფერს რეგიონში შექმნილ მდგომარეობას აბრალებენ, მაგრამ ცხადია, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა. რაც ხდება საქართველოში კურსთან დაკავშირებით, რეგიონის არსებული მდგომარეობის გამომხატველი ნამდვილად არ არის. ფაქტობრივად, საქართველოს გარდა, ყველგან უმჯობესდება სავალუტო კურსი და ჩვენ ყველაზე მეტად გვიჭირს. შეიძლება ითქვას, ლარი რეგიონში ყველაზე არასტაბილური ვალუტაა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ამ ფაქტის აღიარება ყოველთვის უჭირთ. ნაკლებად დამაჯერებელია ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტება ლარის კურსთან დაკავშირებით, სადაც იგი კრიზისს რეგიონში არსებულ მდგომარეობას აუკავშირებს.
“ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომიკა. შესაბამისად, უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიაზრებდეთ, რომ მოვლენები, რომლებიც ვითარდება საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკაზე არ აისახოს. ის, რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქულ ლირასთან მიმართებით. შესაბამისად, ეს არის მოკლევადიანი თემა. ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას”, – აცხადებს გახარია.
მისი თქმით, ის პროცესები და 4-პუნქტიანი გეგმაც, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც “არის ერთადერთი საშაულება ლარის კურსის გრძელვადიანი დასტაბილურებისთვის”.
როგორც აღმოჩნდა, პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ ოპტიმალურ გზად მთავრობას მოგების გადასახადის რეფორმა მიაჩნია, რაზეც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაამახვილა ყურადღება. მანვე დაადასტურა, თუ როგორ უმცირდება მოსახლეობას ფული ყოველდღიურად.
“განკარგვადი შემოსავალი მცირდება ყოველდღიურად, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ მიბმულნი დოლარის კურსზე. ეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობაში აჩენს სამართლიან შეგრძნებას და რეალურ გამოხატულებაშიც მათ ყოვედღიურად ფული უმცირდებათ ჯიბეში. შესაბამისად, სწორედ ეს იყო გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ დოლარზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს ამ ქვეყანაში… წნეხი იზრდება უკვე კორპორაციების მიმართულებით და შესაბამისად, ისინი ვერ აკეთებენ რეინვესტირებას. სწორედ ამ ნაწილში ეხმარება მათ მოგების გადასახადი და ეს ნაწილი ერთმანეთს ავსებს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოსაზრებას, რომ ლარი რეგიონული ვალუტების გაუფასურების პროცესის ზეგავლენას განიცდის, საბანკო სეფრო სპეციალისტები კატეგორიულად ემიჯნებიან. ფინანსისტი დავით წიქარიძე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფის წინაშეა და ყველაზე ცუდად სავალუტო ტენდენცია სწორედ ჩვენ ქვეყანაშია გამოხატული.
“მთავრობის წევრთა განმარტებები ლართან დაკავშირებით სასაცილო და შეურაცხმყოფელია მოსახლეობისთვის. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე სავალუტო კრიზისი, რომელიც გამოწვეულია საქართველოს ეკონომიკის კატასტროფული მდგომარეობით. არასწორია, როცა რეგიონში სხვა ქვეყნების ვალუტების მდგომარეობას ლართან შესაბამისობაში ვაფასებთ. რეალურად ყველგან სხვადასხვა მდგომარეობაა, მაგრამ საქართველო არის ძალიან ცუდად და ეს უდიდესი პრობლემაა.
გარშემო არავის ულხინს, მაგრამ რაოდენ სასწაულიც უნდა იყოს, სომხეთმა შეძლო და ჯერჯერობით სტაბილური კურსი აქვს. ფაქტობრივად, ყველაზე ცუდი ტენდენცია საქართველოშია. ასე თუ გაგრძელდება, კატასტროფამდე მივალთ, ამიტომ საგანგებო ზომებია მისაღები. პირველ რიგში, ხარჯებია შესამცირებელი რადიკალურად და არა ისე, როგორც მთავრობის განცხადებებში ჩანს”, – აცხადებს წიქარიძე.
სავალუტო პრობლემის მოგვარების მთავრობისეულ ხედვას საკმაოდ მწვავე კრიტიკა ახლავს თან. სპეციალისტები შიშობენ, რომ ქვეყნიდან კაპიტალის გადინების პროცესი, შესაძლოა, უფრო ინტენსიურადაც გაგრძელდეს, რაც სამომავლოდ ლარის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
როგორც ექსპერტი ლია ელიავა განმარტავს, დღევანდელ სიტუაციაში სხვა ვალუტების ზეგავლენა ლარზე მინიმალურია და გაცილებით სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე, ვიდრე რეგიონული პრობლემაა.
“მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტების ზეგავლენა ლარზე არის მინიმალური, მათ შორის, თურქეთის ფაქტორიც. ჩვენ ძირითადად ვვაჭრობთ დოლარით. ამიტომ თუ რამე ზეგავლენა შეიძლება იყოს, ეს წმინდა ფსიქოლოგიური და არა ეკონომიკური ფაქტორია. ლარის გაცვლითი კურსი მოწყვეტილია ეკონომიკურ პროცესებს, ფაქტობრივად, მხოლოდ სპეკულაციური პროცესები განსაზღვრავენ კურსს და სანამ ეს არ შეიცვლება, მუდმივად გვექნება სავალუტო პრობლემა ქვეყანაში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთში შექმნილი პრობლემა გამოწვეულია არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მიზეზით. როგორც ვიცით, ერდოღანმა პირი იბრუნა ევროპისა და ამერიკისგან და ცდილობს მათი ვალუტების წნეხისგან გათავისუფლდეს. შესაბამისად, იქ მიმდინარე პროცესები საქართველოში არსებული სიტუაციისგან აბსოლუტურად განსხვავდება.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ნავთობპროდუქტების ფასი მატულობს. ასე რომ, იგი ამოისუნთქებს და კურსთან დაკავშირებით ქვეყანას არაფერი ემუქრება. რეალურად ყველა თავის თავს მიხედავს და მთავარია ჩვენ რა გვეშველება. საქართველოში არსებული პრობლემის იდენტიფიცირების უნარი არ გააჩნია არც სებ-ს და არც მთავრობას. ესაა ჩვენი გასაჭირი”, – ამბობს ლია ელიავა და დასძენს, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა ამ პერიოდში სავალუტო კრიზისის შეჩერებაა, რა მიმართულებითაც ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ვერაფრით მოხერხდა.
“ეროვნულმა ბანკმა, ფაქტობრივად, ხელი შეახოცა მთავრობას, რომელიც ლარის კურსის ფორმირებასთან არავითარ კავშირშია და სებ-ის ქმედებებს სიტყვიერად მაინც ანეიტრალებს, რათა პანიკა არ შეიქმნას ქვეყანაში. ამ დროს ყველაზე მთავარი დამნაშავე ჩუმადაა. ეს გავლენას ახდენს ბიზნესმენებზე, რომლებიც ხედავენ, რომ სახელისუფლო ორგანოები ვერაფერს აკეთებენ და კაპიტალის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული რისკია. ვშიშობ, ისინი მოისურვებენ ქვეყნიდან გასვლას და კაპიტალის გატანას, რაც ბიზნესის მხრიდან ბუნებრივი რეაქცია იქნება.
გამოდის, რომ უკვე 2 წელია მძვინვარებს სავალუტო კრიზისი და გეგმაც კი არ არსებობს, როგორ შეაჩერონ ეს პროცესი. სირაქლემას პოზიციაშია მთავრობა. დროზე გადადგან ნაბიჯი, რომ პრობლემა მოგვარდეს და შემდეგ იფიქრონ დედოლარიზაციაზე. ახლა ყველაზე მთავარი პრობლემა უმწვავესი სავალუტო კრიზისის შეჩერებაა”, – აცხადებს ლია ელიავა.
„რეზონანსი“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
ქვეყნიდან გაქცევის მსურველთა რაოდენობა მატულობს
მწვავე კრიზისი და უიმედობა ხალხს ემიგრაციისკენ უბიძგებს
ნათია ლომიძე
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო, მიგრანტების რაოდენობა იზრდება. ამას ემატება მოლოდინი ვიზალიბერალიზაციაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის უცხოეთში სამსახურის მაძიებელთა რიცხვს. საქართველოში ფინანსური კრიზისია, რომელიც ხალხს ემიგრაციისკენ უბიძგებს.
პრობლემა ყოველწლიურად მატულობს და ქვეყანას სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს. ადამიანები ჯერ სოფლებიდან და რეგიონებიდან იყრებიან და საცხოვრებლად დედაქალაქში გადადიან, შემდეგ კი ქვეყნის საზღვარსაც კვეთენ. აქედან გამომდინარე, დიდი მიგრაციული გადაადგილება შეინიშნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ის ადამიანები კი, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ტოვებენ, გარკვეული მიზეზების გამო უკან დაბრუნებას არ ჩქარობენ.
ამ თემასთან დაკავშირებით “რეზონანსმა” რამდენიმე ადამიანი გამოკითხა, მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც ადრე ქვეყნიდან გასვლა და სამსახურის მოძებნა არ უფიქრიათ. დღეს კი, ფინანსური პრობლემების მოგვარების მიზნით, ემიგრანტობა მტიცედ აქვთ გადაწყვეტილი.
აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვიმა “რეზონანსთან” საუბრისას მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მისი აზრით, საქართველოში ხალხთა გადაადგილებას ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი, როდესაც იმ დროინდელი ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა მთიდან ბარში ხალხის ჩამოყვანას. სპეციალისტი ემიგრაციაში წასული ადამიანების რიცხვის შემცირების მხრივ, გამოსავალს მხოლოდ ქვეყნის შიდა მდგომარეობის გაუმჯობესებაში ხედავს. ეს კი უშუალოდ ეკონომიკური და სოციალური ვითარების დასტაბილურებასთან არის მჭიდრო კავშირში.
“მიგრაციის პროცესი ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაიწყო, როდესაც საქართველოს სპეციალიზაცია შეეცვალა. მას უნდა განევითარებინა მძიმე მრეწველობა, მეტალურგია, რაც მუშახლს მოითხოვდა. ამიტომ საბჭოთა პროპაგანდა მიმართული იყო იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოსულიყო მთიდან ბარში. ამაში აქტიურად ჩაერთო კინოხელოვნებაც. 70-იანი წლების დასაწყისში ამ პროპაგანდის უარყოფითი შედეგები შესამჩნევი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ღონისძიებები გაატარეს, რათა პირვანდელი მდგომარეობა აღედგინათ ქვეყანაში, შედეგი ნულოვანი აღმოჩნდა. იმ დროს მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა. მთას ჰქონდა თავდაცვის ფუნქცია და სხვადასხვა ფასეულობები, რომელიც დრო და დრო დაიკარგა.
ის ღონისძიება, რომელიც შარშან მიიღო პარლამენტმა, ვგულისხმობ მთის კანონს და პენსიის 20 ლარით გაზრდას, ეფექტურ მექანიზმად არ შეიძლება ჩაითვალოს. მთას თავის ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს და იქ მცხოვრებ ადამიანს არ უნდა უჩნდებოდეს ქვეყნის დატოვების სურვილი საარსებო მინიმუმისათვის.
დღეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გაქცევა უნდა სხვა ქვეყნებში. ამას ემატება მოლოდინი, ვიზალიბერალიზაციის მიღების თაობაზე. იმას ვერ აანალიზებენ, რომ სამი თვის ლიმიტი აქვთ და იქ დარჩენის შემთხვევაში საკუთარ თავს პრობლემას უქმნიან.
იმისათვის, რომ ხალხის ქვეყნიდან გადინების მაჩვენებელი შემცირდეს აუცილებელია, წარმოების განვითარება ქვეყანაში. ამაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს და ქმედითი ნაბიჯებიც უნდა გადადგას. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობები მთავარი მიზეზია იმისა, რომ მიგრანტთა რიცხვი იზრდება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უმძიმესი ვითარებაა და ხალხიც თავის გასატანად გამოსავალს ეძებს”, – განუცხადა “რეზონანსს” პაატა კოღუაშვილმა.
დემოგრაფი ავთო სულაბერიძე მიგრაციის პრობლემად არა მარტო ქვეყნის დატოვებას მიიჩნევს, არამედ ქვეყნის შიგნით გადადგილებასაც. მისი მოგვარების ერთადერთი მიზეზი კი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.
“ზოგი ქვეყანას ცოდნის გაღრმავების, ზოგი კი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტოვებს. ამას, რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის გააქტიურებაც ემატება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ უნდა დატოვოს ქვეყანა და სამი თვის ნაცვლად, წლობით დარჩნენ. ასეთი მიდგომა ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს.
როდესაც ადამიანი საკუთარი სახლიდან მიდის და სურვილი აქვს სხვა ქვეყანაში მძიმე პირობებში იცხოვროს და იმუშაოს, ის თავის სამშობლოში უამრავ მოგვარებელ საკითხს ტოვებს. ოჯახებში არ არის ნორმალური გარემო, სოციალური საკითხები მუდმივად გადაუჭრელია და ა.შ. მარტო ქვეყნის დატოვება კი არა, შიდა მიგრაციაც დიდი პრობლემაა. ადამიანები მასშტაბურად გადადგილდებიან სოფლიდან ქალაქისკენ და მამა-პაპისეულ მიწა-წყალს სრულიად უყურადღებოდ ტოვებენ. ამის მთავარი მიზეზი უფუნქციო სოფელია და ვერავის გავამტყუნებთ, თუ სიახლეების ძიება და ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესება უნდათ”, – განაცხადა სულაბერიძემ.
ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვს უკვე ისეთი მოქალაქეებიც შეემატნენ, რომლებიც ადრე სამუშაოს გამო საზღვარგარეთ გამგზავრებას არც ფიქრობდნენ. დღეს კი, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მათ სხვა გამოსავალი არ რჩებათ. თამარ ბრეგვაძის ირგვლივ უკვე ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ემიგრაცია გარდაუვალი ჰგონია.
“ვერ წარმომედგინა ოდესმე იმ მდგომარეობამდე თუ მივიდოდი, რომ ქვეყნის დატოვებაზე ვიფიქრებდი. ხანდახან ახლაც სიზმარი მგონია, რაც ჩემ გარშემო ხდება და მომავალში მოხდება. მე და ჩემ ქმარს უკვე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ქვეყნიდან წავიდეთ. აქ არც ერთი არ ვმუშაობთ, ეს კი ნამდვილად კატასტროფაა. ემიგრაციაზე ნამდვილად არ ვიფიქრებდი, მაგრამ საქართველოში იმდენად მძიმე ვითარებაა ეკონომიკური და სოციალური კუთხით, რომ გამოსავალს ვერ ვხედავ.
ჩემ გარშემო უამრავია, ვინც კარგა ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ უკვე ისეთებიც მიემატა, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ფინანსური პრობლემების გამო, ქვეყნის დატოვებაზე თუ იფიქრებდნენ. შეიძლება სხვამ ადვილად შეხედოს, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემის წინაშე რომ დადგები, იქ არაფრის გაკეთება აღარ შეგიძლია.
ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ემიგრაციის მაჩვენებელი როგორმე შემცირდეს, პირიქით, იმდენად გაზრდილია უცხოეთში წასვლის მსურველთა რაოდენობა, რომ არც კი ვიცი ეს ტენდენცია როდის შეიცვლება”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას თამარ ბრეგვაძემ.
„რეზონანსი“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
რა შემთხვევაში ჩამოართმევენ საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმს
ეკატერინე ბასილაია
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 10-20 მოქალაქის მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევამ, შესაძლოა, უვიზო რეჟიმის უკან გაწვევა გამოიწვიოს, რის საპასუხოდაც ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სიმართლე არ არის და ამის თქმა არასერიოზულია. ერთი, რომ არსად არ წერია კონკრეტული რიცხვი, რის მიხედვითაც შეიძლება თქვა, დარღვევის რაოდენობის დასაშვები მაქსიმუმი რამდენია და მეორეც, ამდენი წლის ნამუშევარი ასე იოლად ვერ გაუქმდება.
“რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილის თქმით, დარღვევის 10-20 შემთხვევა დღესაც თითქმის ყოველდღიურად ხდება და ამის გამო არაფერი არ მოხდება, წულუკიანის განცხადება კი “პოეტურად არის ნათქვამი”.
“ასე ვთქვათ, ეს პოეტურად არის ნათქვამი, სინამდვილეში რიცხვები სულ სხვანაირად არის და სხვა რეგულაცია იქნება. როდესაც შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტი მიიღებს, ის ქართულადაც გამოქვეყნდება და ყველამ უნდა შეისწავლოს, რა შემთხვევაში რა ხდება. 10-20 შემთხვევის გამო არაფერი არ მოხდება. 10-20 შემთხვევა ახლა ხდება თითქმის ყოველდღე. შეიძლება ის დღეში გულისხმობდა. ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად ვიცი ის, რომ ამდენი წლის ნამუშევარი ასე იოლად ვერ გაუქმდება,” – აღნიშნავს ლევან ბერძენიშვილი. “20, 30 ან 200 ადამიანის მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევა საქართველოსთვის რას გამოიწვევს, ამის თქმა არ არის სერიოზული,” – ამბობს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე: ” – არსად არ არის განსაზღვრული სავიზო რეჟიმის დამრღვევი მოქალაქეების რაოდენობის მაქსიმალური ზღვარი, ეს იქნება 10, 20 თუ 200. აქიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია ვარაუდებზე საუბარი. ჩანაწერში წერია – “საგრძნობი ზრდა”. ამ შემთხვევაში ეს ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებს, ასევე წევრ ქვეყნებს. ვისთვის რა ითვლება “საგრძნობლად”, ეს ძალიან ინდივიდუალურია. აქიდან გამომდინარე, რომ 20, 30 ან 200 ადამიანის მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევა საქართველოსთვის რას გამოიწვევს, ამის თქმა არ არის სერიოზული.”
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ევროპარლამენტის ერთ-ერთ კომიტეტში ე.წ. შეჩერების მექანიზმის ახალი ვარიანტი მიიღეს. ეს დოკუმენტი არის ბერკეტი, რომლითაც შენგენის ზონის ქვეყნები დარღვევის შემთხვევაში უვიზო მიმოსვლას შეაჩერებენ.
დოკუმენტში წერია, რომ უვიზოდ მიმოსვლა შეჩერდება: თუ საგრძნობლად მოიმატებს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა; თუ საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც 90 დღეზე მეტად დარჩებიან შენგენის ზონის ქვეყნებში; თუ შესაბამისი დოკუმენტაციის არქონის გამო საზღვრის გადაკვეთაზე უარს საგრძნობლად ბევრს ეტყვიან; თუ საგრძნობლად გაიზრდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლის შემთხვევები; თუ ქვეყანა არ ითანამშრომლებს რეადმისიის, არალეგალი მიგრანტების დაბრუნების საკითხში; ასევე, თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შეექმნება.
არსად დოკუმენტში მითითებული არ არის, რა რაოდენობა ითვლება “საგრძნობლად გაზრდილ” დარღვევად. არც ის არის განმარტებული, რას იგულისხმება უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხედ. თუმცა ვარაუდია, რომ თუ საქართველოს გავლით ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტები შეაღწევენ, ან საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ძარცვა-ყაჩაღობის ფაქტების ზრდა მოხდება, დიდი ალბათობაა, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. მით უფრო, რომ საფრანგეთი და გერმანია გაზაფხულზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დასაბლოკად სწორედ ქართველი კრიმინალების მაღალ მაჩვენებელს ასახელებდნენ არგუმენტად.
ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ინტერპრეტაციის საშუალება აქვს ევროკავშირის სახელმწიფოებს, ასევე გააჩნია იმასაც, ვინ იქნება დამრღვევი 20 ადამიანი: “თუ ისინი შეუქმნიან საფრთხეს ამ ქვეყნების უსაფრთხოებას და წესრიგს, მაშინ შეიძლება მას ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მოჰყვეს. ამდენად, გაურკვეველია, რა რაოდენობის ქართველი კრიმინალი, ქართველი არალეგალი ან თავშესაფრის მაძიებელია სახიფათო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გასაუქმებლად“.
ვანო ჩხიკვაძის თქმით, ბოლო მონაცემებით, მაგალითად 7 ათასამდე საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში. რეადმისიით, რომელიც 2011 წლის 1 მარტიდან მოქმედებს, ჯამში სულ 5 ათასამდე ადამიანი დაბრუნდა და დიდი ალბათობით, რიცხვმა ამ რაოდენობას არ უნდა გადააჭარბოს. როგორც ექსპერტი ამბობს, “ესა თუ ის სახელმწიფო რას ჩათვლის სახიფათოდ, ეს თავად მასზეა დამოკიდებული. თეორიულად შესაძლებელია, ოდესმე თუ დადგება ის მომენტი, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩაერთვებიან კრიმინალურ საქმიანობაში და ეს საფრთხეს შეუქმნის ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და წესრიგს, შესაძლებელია ამ ქვეყანამ დააყენოს საკითხი შეჩერების მექანიზმის გამოყენებაზე.”
რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სულ მალე უვიზო რეჟიმი ამოქმედდება და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ ევროკავშირის ქვეყნებში დარჩენის წესებს და ვადებს არ დაიცავენ, შესაძლოა, უვიზო რეჟიმი გაუქმდეს.
“ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება 10, 15 და 20 მოქალაქის მიერ უვიზო რეჟიმის დარღვევამ გამოიწვიოს მთლიანად ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის უკან გაწვევა, ამიტომაც ჩვენ უნდა ვიქონიოთ ბიომეტრიული დოკუმენტი, უნდა გვქონდეს ჯავშანი, თუ სადმე მივდივართ, რა მიზნით მივდივართ, რადგან ნებისმიერ დროს საზღვარზე მესაზღვრემ შეიძლება ეს ინფორმაცია მოგვთხოვოს და, რაც მთავარია, მოცემული ქვეყნის კანონი დავიცვათ და არ დავარღვიოთ ის ვადები, რა ვადებშიც გვაქვს უფლება დავრჩეთ უვიზოდ ევროკავშირის შენგენის სივრცეში,” – განაცხადა წულუკიანმა.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეს, საზღვრიდან უკან რომ არ გამოაბრუნონ, აუცილებელია ჰქონდეს: ბიომეტრიული პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი, გამოსაბრუნებელი ბილეთი ან ჯავშანი და გარკვეული თანხა, ერთ სულზე დღიურად მინიმუმ 30 ევრო, ზოგ ქვეყანაში მინიმუმ – 40 ევრო.
თუ ჩვენი მოქალაქეები ამ ელემენტარულ წესს დაიცავენ, ის რომ ვიღაცას თვალში არ მოუვიდა და გააბრუნეს, ამგვარი რამ არ იქნება. საზღვარზე არ გადაუშვებენ იმ ადამიანს, თუ შენგენის ზონაში მას ოდესმე რამე დაურღვევია.
“გაცილებით მეტი საქართვლოს მოქალაქე წავა უცხოეთში უვიზოდ, ვიდრე ვიზით მიდიოდა. ახალგაზრდებს ერთი სული აქვთ, ქუთაისის აეროპორტით 30 ევროდ გაფრინდნენ და გამოფრინდნენ ევროპაში. ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს ევროპას და თვითონ გადაწყვეტს საქართველოსთვის ევროპა სჯობს თუ სხვა არჩევანი,” – ამბობს ბერძენიშვილი.
პოლიტიკოსის განცხადებით, იმისთვის რომ ახალგაზრდებმა ევროპაში დარჩენა არ ისურვონ, ხელისუფლებას ახალი ამოცანა გაუჩნდა და ოდნავ მაინც უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა ქვეყანაში.
“ცუდი მაგალითია ისრაელი, სადაც საქართველოს მიმართ ყოველთვის იყო კეთილგანწყობა, მაგრამ იმდენმა ითხოვა თავშესაფარი, ისრაელში სერიოზულად დაიწყო შესწავლა იმის, ვინ ჩადის და ბევრ მოქალაქეს აბრუნებენ უკან. თუ საქართველო იქნება ის ქვეყანა, საიდანაც ყველა დააპირებს წასვლას, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ცუდი. დღეს საქართველოს მთავრობას ახალი ამოცანა გაუჩნდა, ოდნავ მაინც გააუმჯობესოს მდგომარეობა ქვეყანაში,” – მიიჩნევს ბერძენიშვილი და უძნელდება თქმა, რამდენად მაღალი იქნება დარღვევის მაჩვენებელი.
კახა გოგოლაშვილიც ამბობს, რომ პროგნოზი რთულია, თუმცა ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
“არის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც აქვს მოლდოვას,” – ამბობს გოგოლაშვილი. “სადაც ერთი წლის თავზე ძალიან ცოტაა ის ხალხი, ვინც სავიზო რეჟიმი დაარღვია, ძალიან ცოტაა, ვინც 90 დღეზე მეტი ხნით დარჩა, მათი რაოდენობა სადღაც 2000-3000-მდე ადამიანია, როდესაც უვიზო მიმოსვლით 240 ათასმა მოლდოვას მოქალაქემ ისარგებლა. ასევე არსებობს არც თუ დადებითი გამოცდილება, რომელიც სერბეთის და ალბანეთის მოქალაქეებს უკავშირდებათ, რომლებმაც შენგენის ზონის ქვეყნებში ძალიან ხშირად მოითხოვეს თავშესაფარი.”
„რეზონანსი“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ზურან ჭიაბერაშვილთან: „უბრალოდ შეუძლებელია ამ მთავრობამ დიდხანს გაძლოს“
თაკო მათეშვილი
“თქვენი და კვირიკაშვილის ყოველი განცხადების შემდეგ, ლარი გაუფასურების ახალ რეკორდს ამყარებს” – ეს ბრალდება გუშინ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს პარლამენტში წაუყენა.
პარლამენტარმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ისიც სთხოვა, რომ აღარანაირი გეგმა, ნაბიჯები, ინიციატივები აღარ გამოაცხადონ, რადგან ეს მოქალაქეების ჯიბეზე პირდაპირ აისახება. “ღრმად მწამს, რომ თქვენი მთავრობა 4 წელს კი არა, ერთ წელსაც ვერ გაძლებს, წინ ისეთი კრიზისი გველოდება თქვენი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო,” – დასძინა ჭიაბერაშვილმა.
“რეზონანსთან” ინტერვიუში ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე იგი უახლოეს მომავალში ხალხისგან პროტესტის გამოხატვასაც ელის და ამბობს, რომ ეს აუცილებლად მოხდება, რადგან მთავრობა ხალხის გაღარიბებას შეგნებულად ცდილობს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ქვეყანაში შექმნილი კრიზისი იმ მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რასაც უკვე მეხუთე წელია ატარებენ. მათ ყოველ მომდევნო ნაბიჯს სიტუაცია გამოსწორებისკენ კი არ მიჰყავთ, არამედ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს, რადგან ხალხში ნდობა აქვთ დაკარგული. ხალხს აღარ სჯერა, რომ მათ რამის გაკეთება შეუძლიათ. ამიტომაც ვურჩევდი ქუმსიშვილს, რომ მთავრობაში ყოფნის პერიოდში განცხადებებს მაინც ნუღა გააკეთებენ. ხომ ხედავენ, როგორ მოქმედებს ბიზნესი, ბაზარი და ხალხი მათ განცხადებებზე. მაგალითად, მთავრობას რომ ვამტკიცებდით, კურსი კატასტროფულად დაეცა, ბიუჯეტი რომ წარმოადგინეს – იგივე მოხდა.
ეს ბაზრისა და ხალხის რეაქციაა იმ აბსოლუტურად გაუაზრებელ და არასწორ ინიციატივებზე, რასაც მე გეგმასაც კი ვერ დავარქმევ. გეგმა მაშინაა, როცა მთავრობას ხედვა აქვს. ამ მთავრობას კი არანაირი ხედვა არ გააჩნია. შესაბამისად, კატასტროფული მდგომარეობა გრძელდება. არავინ იცის, ვარდნა როდის გაჩერდება.
- ანუ, ხელისუფლების განცხადებები იმდენად არაადეკვატურია, რომ ეს სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს, მოსახლეობის გაღიზიანებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ?
- რა თქმა უნდა. იმ პირობებში, როცა ქვეყანში ასეთი მდგომარეობაა, სწორი პოლიტიკა სამთავრობო ხარჯების მკვეთრი შეკვეცა და გადასახედების დაწევა იქნებოდა. ხალხის ჯიბეში ხელის უფრო ღრმად ჩაყოფა კი არა, პირიქით – ხალხში მეტი ფულის დატოვება. ამის ნაცვლად გადასახადებს ზრდიან. ყველა ეს ნაბიჯი ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებისკენაა მიმართული.
ხალხი ნაკლებ რამეს რომ შეიძენს, მათი ჭკუით, იმპორტი შემცირდება და ქვეყნის სავაჭრო სალდო გაუმჯობესდება. თავადაც იციან, რომ ექსპორტს ვერ გაზრდიან, პირიქით – 2011 წლის დონემდე დაეცა. ამიტომაც სავაჭრო სალდოს შველა იმპორტის შემცირებით უნდათ. ეს კი ხალხის გაღარიბებას ნიშნავს, რათა მათ ნაკლები რამის ყიდვა შეეძლოთ.
ხალხი ასეთ გაღარიბებას ვერ გადაიტანს. ეკონომიკური ფონი ისედაც უკიდურეს მდგომარეობამდეა მისული. ეს ძალიან სარისკოა და ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც უგუნური. ამიტომაც ვამბობ, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამ პოლიტიკის გამტარებელმა მთავრობამ დიდხანს გაძლოს.
- ჯანდაცვის სფეროში რეფორმების საჭიროებაზე გასულ წლებში ხშირად საუბრობდით, ახლა ამაზე ხელისუფლებაც ალაპარაკდა. მათი გეგები თქვენს ხედვასთან რამდენად ემთხვევა?
- სამ წელზე მეტია, რაც საყოველთაო ჯანდაცვა დაიწყო. რა დიაგნოზიც მე 2013 წელს დავსვი, ზუსტად ის მოხდა. ამდენი წლის შემდეგ იმას მაინც მივაღწიეთ, რომ პრობლემის არსებობა აღიარეს. პრობლემაა ის, რომ ფულს უყაირათოდ ხარჯავენ, არ ჰყოფნით და რომ საყოველთაო ჯანდაცვა ამ ფორმით ვერ იარსებებს. მათ მიერ გამოცხადებულ ნაბიჯებს რაც შეეხება, ამასაც, როგორც ზოგადად ეკონომიკურ პოლიტიკას, გეგმას ვერ ვუწოდებთ. ერთადერთი საშველი იმის აღდგენაა, რაც დაანგრიეს – ჯანდაცვის სახელმწიფო მართვაში სადაზღვევო კომპანიების დაბრუნება. ისინი თუ არ დააბრუნეს, ხარჯებს ვერაფრით ვერ გაწვდებიან და ორივე მხარეს დაანგრევენ – საავადმყოფოების ნაწილიც გაკოტრდება და სადაზღვევოების ნაწილიც. კერძო დაზღვევის პაკეტები აუცილებლად გაუძვირდებათ მათ, ვინც ამას ყიდულობს. ამ ეკონომიკური კრიზისის დროს კი კერძო დაზღვევის ყიდვას კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი შეძლებს. ასე რომ, ამ სფეროში გამოცხადებული ნაბიჯებიც უსისტემობის მაგალითია. კიდევ ვიმეორებ, აქ ერთადერთი “პოზიტივი” იმის აღიარება იყო, რომ ჯანდაცვის პროგრამა არასწორია. თუმცა ის, რასაც გამოსავლად გვთქვაზობენ, შედეგებთან ბრძოლაა და არა მიზეზებთან. ლარის შემთხვევაშიც შედეგებს ებრძვიან და არა მიზეზებს.
- და აყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა ხალხში პროტესტს კიდევ უფრო გაზრდის?
- რა თქმა უნდა.
„რეზონანსი“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „მივალთ იქამდე, რომ თვითმართველობის არჩევნებზე „ოცნება“ დამარცხდება“
სალომე სარიშვილი
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის წამოჭრილი უთანხმება, რომელიც საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ჩართვის საკითხს უკავშირდება, თავად გიორგი მარგველაშვილის მიერ წამოწყებული დაპირისპირების გაგრძელებაა, რომელიც მისთვის არცთუ ისე სახარბიელოდ დასრულდება. მისი ვარაუდით, უახლოეს მომავალში შესაძლოა პრეზიდენტის არჩევის წესიც კი შეიცვალოს და იგი არა ხალხმა, არამედ უკვე პარლამენტმა აირჩიოს. კვესელავას თქმით, ეს სწორი ცვლილება იქნება.
პოლიტოლოგი “რეზონანსთან” საუბრისას ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ მიუხედავად მთავრობის მონდომებისა, გუნდს არასწორი პოლიტიკა აქვს შემუშავებული და შესაბამისად, ეს პოლიტიკა ლარის დასტაბილურებასა და ეკონომიკურ აღმავლობას ვერ გამოწვევს. მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და სიახლეებზე იგორ კვესელავას გავესაუბრეთ.
იგორ კვესელავა: პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული არ უნდა იყოს და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება გამართლებულიცაა. საქმე ისაა, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ საპარლამენტო მმართველობაზე და ეს ხალხმაც უკვე მიიღო. კარგია ეს თუ ცუდი, ეს კიდევ ცალკე თემაა.
რაკიღა საზოგადოებამ მიიჩნია, რომ საპრეზიდენტო მმართველობამ ვერ გაამართლა, ამიტომაც მივიღეთ ის გზა, რაც მივიღეთ. გახსოვთ, საპრეზიდენტო რესპუბლიკას თავის დროზე მხარს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი უჭერდა, ამასთანევე თავად გუნდმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმაც დაუჭირა, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ეს უნდა მომხდარიყო.
- თუმცა ალბათ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტს ამ კომისიის შექმნაში თავისი როლი აკისრია და ამაზე თავად პრემიერმაც კი ისაუბრა…
- გეთანხმებით იმაში, რომ პრეზიდენტს თავისი როლი აქვს და ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში შესაძლოა ჩართულიც უნდა იყოს, თუმცა აქვე გავიხსენოთ მისი შეზღუდული უფლებები, რომელიც მას გარკვეულ საკითხებზე წვდომას არ ავალდებულებს. ფაქტობრივად, ის გახლავთ ნომინალური პრეზიდენტი, რადგან უშიშროების საბჭოც კი, რომელსაც ის განაგებს, ამჟამად უფუნქციოდაა დარჩენილი. მთავარი მაინც ისაა, რომ მარგველაშვილმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაპირისპირება თავადვე დაიწყო, როცა ვეტომანია შეეყარა. ძალიან მიკვირს ამ კაცის, როცა იცის, რომ ყველა მისი ვეტო დაიძლევა, რატომ მიმართავს ამ გაუგებარ ფორმებს და თითქოსდა პრინციპებს. გვახსოვს მისი დაძლეული ვეტოები და ასეთი არაერთი იყო. ბუნებრივია, ეს დაპირისპირება მან დაიწყო და არა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისფლებასთან, არამედ თავად ყოფილ პრემიერ ივანიშვილთანაც, რომელმაც იგი ამ თანამდებობაზე თავად წარადგინა.
- თქვენი შეფასებით, რა შედეგი მოჰყევა ამ უთანხმოებას და ხომ არ დადგება დღის წესრიგში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება?
- ახლა საკითხი დგას ასე: გამომდინარე იქიდან, რომ მარგველაშვილს დაპირისპირება ახლანდელი პარლამენტის შემადგენლობის ძირითად რგოლთან წარსულშიც ჰქონდა და მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთანაც, ამჟამად მისი არჩევის წესის ცვლილების საჭიროება მართლაც დადგება. რატომ? – იმიტომ, რომ იგი პრაქტიკულად, ახლაც ფორმალური პრეზიდენტია და სამომავლოდ მას უკვე არა ხალხი, არამედ პარლამენტი აირჩევს. გულახდილად რომ გითხრათ, ვფიქრობ, რომ აქამდე საქმე მან თავად მიიყვანა. უფრო სწორად მისმა დამოკიდებულებამ, ქმედებებმა და ა.შ. ამ დაპირისპირება სწორედ აქედან დაიწყო და გამოდის, რომ მან დაიწყო ქარით და ახლა იღებს ქარიშხალს. ასეთ სიტუაციაში მგონია, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლეება და მას უკვე პარლამენტი აირჩევს. ვერ გეტყვით, ამას ხალხი როგორ მიიღებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია.
- თავად მოსახლეობაზე და მისი ნდობის საკითხზე მოახდენს გავლენას?
- სიტუაცია ისე ჩამოყალიბდა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, რომ პრეზიდენტის კრიტიკა და ე.წ დაკნინება საზოგადოებაზე არავითარ გავლენას არ ახდეს. ყველა ფიქრობს, რომ ახლა ეს სულერთია და შესაბამისად, მის კრიტიკას სერიოზულად არავინ აღიქვამს. ალბათ ისიც ყველას ახსოვს, რომ მარგველაშვილმა არაერთი შეცდომა დაუშვა და ესეც თავისთვად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, საშიშროება იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი მხარს პრეზიდენტს დაუჭერს და ამით ერთგვარ წინააღმდეგობას “ოცნებას” გაუწევს, ვფიქრობ, არ არსებობს. ეს განწყობა ახლა პირიქითაა შემოტრიალებული.
- ეს საკითხი რომ ამოვწუროთ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზეც გვითხარით თქვენი აზრი. როგორ უყურებთ მთელ ამ პროცესს და თქვენი შეფასებით, ვისი პასუხისმგებლობის საკითხია ლარის ყოველდღიური ვარდნა, თუ ვარაუდობთ, რომ ამან შესაძლოა საზოგადოება გარეთ გამოიყვანოს?
- არ მახსენდება შემთხვევა, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობას პროტესტი გამოეცხადებინოს და ქუჩაში გამოსულიყოს. ამის ტრადიცია საქართველოში არაა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ძალიან მძიმედაა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ვალუტა მხოლოდ ჩვენთან არ ეცემა.
- თუმცა, დამეთანხმებით, საზოგადოებას ეს ნაკლებად აინტერესებს… როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ხელისუფლების მიერ შერჩეული პოლიტიკა, იგივე სამინისტროების ოპტიმიზაციის თვალსაზრისითა და გარკვეულ პროდუქტზე აქციზის ზრდით….
- გეთანხმებით, საზოგადოებას აინტერესებს მხოლოდ ის, რაც მის კეთილდღეობას ეხება და მის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. ვფიქრობ, რომ ვერავითარი სამინისტროების ოპტიმიზაცია ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ამან შესაძლოა პროცესი დროებით მაინც შეაჩეროს, მაგრამ პრობლემას ვერ გადაჭრის. ამის გადაწყვეტა კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გარეშე შეუძლებელია. კადრების შემცირება კი კვლავ უმუშევართა რიგებს შეემატება და ამით ბევრს ვერაფერს მივაღწევთ.
- კონკრეტულ და ქმედით ნაბიჯად რას მიიჩნევთ?
- მგონია, რომ საქართველოში წარმოების გაძლიერება და ამუშავებაა საჭირო. ამაში დიდი თანხა უნდა ჩაიდოს, რომ ინვესტიციაც მოვიზიდოთ და ეკონომიკას რაღაც ვუშველოთ. ვერც მსოფლიო ბანკის, ვერც სხვა ტიპის სესხები ვერ გვიშველის თუ საკუთარ ეკონომიკსა თავადვე არ მოვუარეთ და ქვეყანა ამ კუთხით არ განვავითარეთ. ყველაფრის სათავე კი ინვესტიცია და საწარმოთა ამუშავებაა.
- თქვენი შეფასებით, მთავრობის პროგრამები ამ ნაწილზე არის გათვლილი?
- მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გამოსავალის მოძიებას ცდილობს, მან ვერ შეძლო ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისთვის საკმარისად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. სამწუხაროდ, სახელმწიფომ ბანკების რეგულირებაშიც ვერ გადადგა სწორი ნაბიჯები და ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ამაზე საუბრობს კვალიფიციური ექსპერტების დიდი ნაწილიც. ყოველ შემთხვევაში, ეს სწორი მიდგომა მგონია და ვფიქრობ, სახელმწიფომ რეგულაციებს უნდა მიმართოს. ამასთან, იზრუნოს იმაზე, რომ უსარგებლო სამინისტროები და დეპარტამენტები გააუქმოს, ამით კი თანხებიც დაზოგოს. ახლა ის დროა, ქამრები მჭიდროდ შემოვიჭიროთ და სწორად განვსაზღვროთ, რაში რამდენი ვხარჯოთ.
- აქციზის ზრდაზე და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატან ცვლილებებზე რას ფიქრობთ, სწორია ეს თუ არა?
- მე მგონია, ამ კითხვაზე პასუხი თავად სახელმწიფოს აქვს. შემიძლია ვარაუდის დონეზე გითხრათ, რომ ეს მთლად სწორი მიდგომა არ მგონია. მთავრობამ დაიწყო ძიება იმ გზისა, რომელიც ქვეყანას მეტ შემოსავალს და რაც მთავარია, სწორ შემოსავალს მოიტანს. ეს გზაც იმ სტრატეგიისა და პროგრამების ნაწილია, რომელზეც “ქართული ოცნება” საუბრობს. ვფიქრობ, ამ პროგრამებით ეკონომიკის გაკეთილშობილება და ჩვენი მოსახლეობის გამდიდრება არ მოხდება. ასეთი ფომით მივაღწევთ მხოლოდ იმას, რომ გვეყოლება მეტი ღატაკი და ნაკლები მდიდარი. ჩვენი უბედრურებაც ისაა, რომ საშუალო ფენა არ გვყავს და ამ ფენას არ ეყრდნობა. გულახდილად რომ გითხრათ, ამ ხელისუფლების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ზოგჯერ მათი კურსის სისწორეში ეჭვი მეპარება. ეს კი მიგვიყვანს იქამდე, რომ თვითმართველობის არჩევნებზე “ოცნება” დამარცხდება და ახალი ძალა გამოჩნდება. სწორედ ახლა უნდა გაიმარჯვოს მთავრობამ, რომ საქმე აქამდე არ მიიყვანოს.
იანვარ-თებერვალში ძალიან გაგვიჭირდება, ამიტომ მთავრობას მოუწევს გადახედოს საკადრო პრობლემებს. ვფიქრობ, საკადრო პრობლემები ჩვენი ხელისუფლების აქილევსის ქუსლად კვლავ რჩება. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მიიზიდოს გამოცდილი და პროფესიონალი კადრები, თუნდაც სარეზერვოდ. უწინაც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ არ შეიძლება სასამართლო სისტემაში 25 წლის ახალგაზრდამ იმუშაოს, ისევე როგორც არ შეიძლება სამინისტროებში ზედა რგოლი 20 წლის ახალგაზრდებს ჩააბარო. ჩემი აზრით, კადრები ყველაფერს წყვეტს.
- და ბოლოს, “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ ვითარებაზე რას ფიქრობთ, აშკარაა, რომ პარტიაში გუნდი ორადაა გაყოფილი, სადამდე შეიძლება ეს პროცესი მივიდეს?
- თქვენს გაზეთთან ადრეც გამოვთქვი ვარაუდი, რომ ეს ასეც მოხდებოდა და აგერ ხედავთ, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდა. ვხედავთ, რომ ახლა “ნაცმოძრაობაში” ორი ძალა იკვეთება, რომელთაგანაც ერთი ძალა რადიკალიზმისკენ ილტვის და ეს გახლავთ მიშა სააკაშვილი მის მომხრეებთან ერთად. მეორე ჯგუფი კი ზომიერი ძალაა, რომელსაც, ვფიქრობ, სათავეში დავით ბაქრაძე უდგას და რომელიც პარტიას უფრო სწორ გზაზე დააყენებს. რადიკალიზმმა კი, ვნახეთ, რაც უქნა მათ.
- და შედეგი რა იქნება?
- ვფიქრობ, ეს დაპირისპირება ძალიან ცუდად დასრულდება, რაც ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობა” – როგორც პოლიტიკური ძალა ნელ-ნელა ჩამოიშლება და ამას ალბა თოქტომბერში ვნახავთ. მანამ, სანამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარს მოგვადგება, ეს ძალა პოლიტიკური მეხსიერებიდან დიდი ალბათობით გაქრება.
„რეზონანსი“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ნიკა ჩიტაძესთან: რას შეცვლის ამერიკის სახელმწიფო მდივნად რუსეთისადმი „კეთილგანწყობილი“ ბიზნესმენის დანიშვნა
ელზა პაპოშვილი
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნად მსოფლის უდიდესი კერძო ნავთობკორპორაცია “ექსონ მობილის” ხელმძღვანელის, რექს ტილერსონის წარდგენა, რომელსაც ვლადიმირ პუტინთან ნაცნობობა აკავშირებს, ამერიკის გეოპოლიტიკურ კურსზე არსებით ზეგავლენას ვერ მოახდენს, რადგანაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მთავარ გადაწყვეტილებებს სენატი და ქვედა პალატა, კონგრესი იღებს. შესაბამისად, პოლიტოლოგი რესპუბლიკური პარტიისგან, რომელსაც სენატში უმრავლეოსბა უკავია, კრემლის მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ელის.
- პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად ნავთობკორპორაცია “ექსონ მობილის” ხელმძღვანელი, რექს ტილერსონი წარადგინა. როგორც ცნობილია, ეს ადამიანი პუტინის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი და რუსეთზე დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს. როგორი იქნება მისი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში?
- რექს ტილერსონს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნაკლები გამოცდილება აქვს, რადგანაც ის პოლიტიკაში ბიზნესიდან მოდის. ამერიკას საგარეო მიმართულებით რუსეთთან ხისტი პოლიტიკა ექნება. სახელმწიფო მდივანს აუცილებლად მოუწევს ანგარიშის გაწევა კონგრესის პოზიციასთან. ასევე ვიცით, რომ საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში პრეზიდენტი და სახელმწიო მდივანი გადაწყვეტილებას სენატისა და კონგრესის ნების გარეშე ვერ მიიღებს. რესპუბლიკელებს იქ უმრავლესობა უკავიათ და ვიცით, რომ მათი დამოკიდებულება რუსთის მიმართ ხისტია. ამიტომ, სახელმწიფო მდივანი მთლად თავის ნება-სურვილით ვერაფერს გადაწყვეტს. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ვინც არ უნდა დაენიშნათ, მას საკანონმდებლო ორგანოსთვის ანგარიშის გაწევა მაინც მოუწევდა.
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი რექს ტილერსონთან თანამშრომლიბისთვის მზად არის. რა სახის მოლოდინი შეიძლება კრემლს ჰქონდეს?
- რუსეთის მოლოდინი ალბათ მაინც ის არის, რომ ამერიკა რაც არ უნდა მოხდეს, კრემლს ირიბად პოსაბჭითა ქვეყნების და სირიასთან მიმართებაში მაინც ანგარიშს გაუწევს. ვიცით, რომ რუსეთი სირიასთან მოჩვენებით ომს აწარმოებს და ვითომ ტერორისტების წინააღმდეგ იბრძვის. სინამდვილეში კი მას ასადის ხელისუფლებაში ყოფნა სურს და ამიტომ მის ოპოზიციას ებრძვის. ლავროვის და პუტინის მოლოდინი რექს ტილერსონის მიმართ გასაგებია, თუმცა მათ ძალიან კარგად იციან, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულები გადაწყვეტილებებს ის დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. თუმცა, როგორც ვთქვი, მათ ალბათ პოსაბჭოთა ქვეყნების და სირიის კონფლიქტის საკითხში ტილერსონის მხადაჭერის იმედი აქვთ.
- ყველა საუბრობს იმაზე, რომ დონალდ ტრამპის პოლიტიკური ხედვა მას შემდეგ გახდება ნათელი, როდესაც ის მთავრობის დაკომპლექტებას დაასრულებს. სახელმწიფო მდივნად რექს ტილერსონის დანიშვნა თქვენ რას გეუბნებათ – მას ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის მეგობრობისთვის სახელმწიფო ჯილდო აქვს აღებული?..
- გეთანხმებით, რომ მას პუტინისგან ჯილდო აქვს აღებული, თუმცა ეს მათ მეგობრობას არ ნიშნავს. რექს ტილერსონი ნავთობკომპანიის ხელმძღვანელია და მას პუტინთან რაიმე ახლო პოლიტიკური ურთიერთობა არ ჰქონია. ის ძირითადად სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული. პრობლემა მისი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით არსებული გამოცდილება მგონია. აქ ისმის კითხვა, მის ადგილას გამოცდილი დიპლომატი რატომ არ დანიშნეს? მართალია გამოცდილებას შეიძენს, მაგრამ სჯობდა ამ ადგილზე დიპლომატი დანიშნულიყო და არა მეწარმე, რომელსაც ყველაფრის სწავლა თავიდან მოუწევს.
- როგორ ფიქრობთ, საქართველოსთან და ოკუპირებლ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივნის და ამერიკის ახალი მთავრობის დამოკიდებეულება როგორი იქნება, რა მოლოდინი გაქვთ?
- ამერიკამ, როგორც ვნახეთ, რუსეთთან ურთიერთობა გადატვირთის პოლიტიკით დაიწყო. თუმცა როგორც ცნობილია რესპუბლიკელების დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში ობამას ადმინისტრაციისგან განსხვავებით უფრო ხისტია. ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკის თავდაცვის სამინიტროს ბიუჯეტში საქართველოს მხარდაჭერისთვის ბიუჯეტი არ შემცირდება და იგივე დარჩა. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკა, გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სტრატეგიას არ შეცვლის.
ამერიკა მსოფლიოში მაინც მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ დარჩება, შესაბამისად საქართველო, როგორც რუსეთის და ირანის მოსაზღვრე, ამერიკისთვის ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი დასაყრდენი იქნება. ამიტომ, საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობა მაინც შენარჩუნდება, მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტი ვინც გინდა ის იყოს.
——————–
„ახალი თაობა“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „პრეზიდენტს ღიად მიაყენეს შეურაცხყოფა“ // „ჩემთვის გაუგებარია, რატომ წავიდა უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილთან ასეთ გამწვავებაზე“
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი წევრი ლევან ბერძენიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
- ბატონო ლევან, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობისგან თავი შეიკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. უნდა ჩაერთოს თუ არა ადმინისტრაცია პროცესში, თქვენი პოზიცია როგორია?
- როდესაც ადამიანი აცხადებს ერთს და მეორეს აკეთებს, ამ შემთხვევაში საკითხი დგება, რამდენად სანდოა ეს ადამიანი.
- ვის გულისხმობთ?
- იმას, ვინც განცხადება გააკეთა, რომ ეს კომისია იქნება მრავალმხრივი, რომ ყველა პარტიისა თუ ყველა მხარის ინტერესები, მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული. ეს იყო ნათქვამი კობახიძის მიერ. სწორედ ამასთან დაკავშირებით განაცხადა პრეზიდენტმა, რომ ის სიამოვნებით მიიღებდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა მოსაზრება, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი და პრეზიდენტი კომისიის თანათავმჯდომარეები ყოფილიყვნენ. რამდენად სწორია ეს აზრი ან არ არის სწორი, ამის გარჩევას არ დავიწყებ. ეს სულ სხვა თემა მგონია და ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს აშკარად და ღიად მიაყენეს შეურაცხყოფა.
- ეს რით გამოიხატა?
- იმაში, რომ შენ არა, მაგრამ შენი აპარატი გამოუშვი და მათ ვამუშავებთო. პრეზიდენტს უთხრეს, რომ მას არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს უფლება მით უფრო ხომ არ აქვს პრეზიდენტის აპარატს?! ასე ვთქვათ, დასცინეს საზოგადოებას. ერთპარტიულობა და ასეთი უმრავლესობა არასდროს არ არის კარგი მასწავლებელი. ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას იტყვის. ფაქტია, რომ ურთიერთობა გააფუჭეს.
- ახალი დაპირისპირების მოწმენი ვართ?
- დიახ, ჩვენ ვართ ახალი დაპირისპირების მოწმენი პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის, რისი თავიდან აცილებაც ნამდვილად შეიძლებოდა, ამის სურვილი რომ ჰქონოდათ.
- როგორ შეიძლებოდა თავიდან აცილება?
- ასეთი სურვილი რომ გაგიჩნდეს, მაღალი პოლიტიკური კულტურა უნდა გქონდეს. ვის უნდა ჰქონდეს მაღალი პოლიტიკური კულტურა, ხალხი პარლამენტში პირველად არის ნამყოფი და სხდომათა დარბაზს ვერ აგნებენ. პირველ სესიას 20 დეპუტატი დააკლდა, ასეთი პარლამენტი აირჩიეს, ჩვენ კი ტელევიზორის პოლიტიკოსებს გვიწოდებენ. ეს რა განცხადებაა, მხოლოდ მათ უნდა ისაუბრონ?! პარლამენტის თავმჯდომარე თავის ჩვეულ პოზაში დადგება და იტყვის, თუ როგორ უნდა ისაუბროს პრეზიდენტმა, მაგრამ, მას ვინ ჰკითხავს, როგორ უნდა ისაუბროს პრეზიდენტმა. პრეზიდენტი ხალხის მიერ 62%-ით არის არჩეული და ის არ მოიქცევა ისე, როგორც მას უკარნახებს ახალი პოლიტიკური ფიგურა.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ წავიდნენ ასეთ გამწვავებაზე, როდესაც შეიძლებოდა სრულიად უმტკივნეულოდ ამ საქმის გადაწყვეტა და პრეზიდენტის ჩართვა. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტს მხოლოდ სათათბირო ხმა ექნებოდა, უმრავლესობას ხომ ვერ შექმნიდა კომისიის შიგნით?! უბრალოდ, არ მესმის, ამ მცდელობის უკან რა დგას.
- ხელოვნურია ეს ყველაფერი?
- რა თქმა უნდა, ხელოვნურია, რადგან პრეზიდენტს არ ჰქონდა არანაირი საშუალება, კომისიის მუშაობისთვის ხელი შეეშალა, დაესწრებოდა და თავის მოსაზრებას იტყოდა, ეს არის და ეს. რა იქნებოდა ამაში ცუდი, არ ვიცი და არ მესმის, მით უმეტეს, როდესაც მას შეჰპირდნენ, რომ ეს ასე იქნებოდა. პრემიერ-მინისტრმა უკვე მერამდენედ გატეხა სიტყვა. რამდენიც არ უნდა იბობოქრონ ჩვენმა ახალმა პოლიტიკურმა ფიგურებმა, ყველამ იცის, რომ მათ უკან ერთი ნება და ერთი სურვილი – ბიძინა ივანიშვილი დგას.
- პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის პოზიცია ცნობილი იყო. ხომ არ შეიცვალა?
- არა, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი არჩეულმა ხალხმა უნდა აირჩიოს – პარლამენტმა, საკრებულომ, აჭარის პარლამენტმა და ა.შ. ჩვენი ეს წინადადება ძალიან ძველია, 1978 წლიდან ასე ვფიქრობთ. არასდროს გვითქვამს, რომ მხოლოდ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი. ჩვენი და საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს ის არ არის, რასაც ისინი ახლა აპირებენ. არა მგონია, პრეზიდენტის არჩევის წესში იყოს პრობლემა.
- რაშია პრობლემა?
- პრობლემა იმაშია, რომ ადამიანებს არ სურთ მათ მიერ არჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობა. ის არ არის ვიღაცის მიერ მოყვანილი პრეზიდენტი. ბიძინა ივანიშვილმა დაგვისახელა ეს ადამიანი და, რადგან უმრავლესობა უჭერდა მხარს, 62%-მა აირჩია. ეს არ არის პერსონალური ამბავი. ეს არის ინსტიტუციის მიმართ გამოხატული დამოკიდებულება. მარგველაშვილთან კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის პრეზიდენტის ინსტიტუტთან. ეს უნდა გაიაზრონ და აქედან გამომდინარე უნდა იმოქმედონ.
- საკონსტიტუციო კომისიაში მიიღებთ მონაწილეობას?
- როდესაც იქნება შემოთავაზება, ვნახავთ, რა ფორმატია, განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ მიგვიღია ასეთ საქმიანობაში მონაწილეობა, ჩვენი წინადადებებიც და ვერსიებიც გვქონია. უკან არ დავიხევთ ამ თვალსაზრისით, მაგრამ არც `ქართული ოცნებიდან~ და არც პარლამენტიდან ჯერ ასეთი წინადადება, შემოთავაზება მეგობრობაზე, ურთიერთობების დათბობაზე არ გვქონია.
„ახალი თაობა“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან: „სამსახურებიდან ადამიანების გაშვება მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია“ // „მინისტრები პრემიებს არ უნდა იღებდნენ“
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე „ახალი თაობა“ პარლამენტის უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას ესაუბრა.
- ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, საჯარო სამსახურებიდან უნდა დაითხოვონ მოხელეები. ამავე დროს, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილია ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტები, გარკვეულ სფეროებში კი ხელფასებიც იზრდება. ხომ არ გამოდის ისე, რომ ხარჯების შემცირებამ მოსახლეობის ერთი ჯგუფის კისერზე უნდა გადაიაროს?
- სამსახურებიდან ადამიანების გაშვება მტკივნეული ნაბიჯია, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ოპტიმიზაცია ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო. ზოგჯერ ხდება ისე, რომ 5 თანამშრომელი აკეთებს იმ საქმეს, რომლის გაკეთებაც ერთ კვალიფიციურ მუშაკს შეუძლია. ამ დროს აუცილებელი ხდება კადრების შემცირება. მთავარია, ოპტიმიზაციის პროცესი სამართლიანად და განმარტებებით წარიმართოს.
- ბევრი ფიქრობს, რომ უმუშევრად დატოვენ „უპატრონო“ კადრებს.
- ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია სამართლიანობა და სწორი მიდგომა. თუ 5 თანამშრომლიდან 4 გაუშვეს და ერთი ისეთი დატოვეს, რომელიც გათავისუფლებულებზე არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერია, მაშინ სერიოზული პროტესტი გაჩნდება. სამართლიანობის გარდა, აუცილებელია ახსნა-განმარტებები. თითოეულ სამინისტროში ადგილზე გადაწყდება, რა როგორ მოხდება. ზოგან გათავისუფლებულთა რიცხვი დიდი არ იქნება.
- განმარტებებში რას გულისხმობთ?
- ხალხს გადაწყვეტილებები და ტენდენციები უნდა განვუმარტოთ. ეს, პირველ რიგში, უნდა გააკეთოს ეკონომიკურმა გუნდმა. ცხადია, ჩვენ, დეპუტატებმაც, უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მაჟორიტარებმა. აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია და გასაგებ ენაზე იმის ახსნა, თუ რატომაა პრიორიტეტული ინფრასტრუქტურა და რას მოხმარდება იანვრიდან გაზრდილი აქციზი. ახალი ინფრასტრუქტურა საჭიროა ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის, რისი დაპირებაც არჩევნების წინ მივეცით ხალხს. ინფრასტრუქტურამ უნდა მოიტანოს დასაქმება კერძო სექტორში. სამწუხაროდ, წინა 4 წლის განმავლობაში ყველაფრისთვის ვერ მოვიცალეთ.
- რატომ?
- ის 4 წელიწადი განსაკუთრებული იყო. პირველ რიგში, სახელმწიფოს უნდა ეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვა, დავიწყეთ სხვა პრობლემების მოგვარება. ეკონომიკას ახლა უნდა მივხედოთ. ეს პარლამენტიც თვისებრივად ახალია.
- დიდი ხანია, საუბარია იმაზე, რომ მოხელეები პრემიებსა და დანამატებს გადაჭარბებული რაოდენობით იღებენ. იყო დაპირება, რომ პრემიებსა და დანამატებს აღარ გასცემდნენ. მიუხედავად ამისა, ბოლო 9 თვის განმავლობაში მხოლოდ 7 სამინისტროში პრემიებსა და დანამატებზე 52 მილიონი ლარი დაიხარჯა...
- პრემიებისა და დანამატების აკრძალვა არ მომხდარა. ეს აკრძალვა არც მიმაჩნია მიზანშეწონილად. თუ ადამიანმა თავი გამოიჩინა, ის უნდა დააჯილდოვო. მთავარია, პრემიები და დანამატები არ გაიცეს მუდმივად და ყველასთვის. ვგულისხმობ საშუალო და დაბალი რანგის მუშაკებს, თორემ მინისტრმა პრემია არ უნდა აიღოს. ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვას მივესალმები. სააკაშვილის ახირების გამო, პარლამენტსაც უხდება ზედმეტი ხარჯის გაწევა. ძალიან ძვირი ჯდება პარლამენტის ორი შენობის შენახვა და შორს სიარული. პარლამენტს სარგებლობა არ მოაქვს ქუთაისისთვისაც.
- პარლამენტის თბილისში დაბრუნება დიდი ხანია, იხილება...
- სამწუხაროდ, ეს უახლოეს ხანში ვერ გადაწყდება. არადა, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი წინა პარლამენტში კენჭისყრამდე იყო მიყვანილი. ბევრს გვეგონა, რომ ეს თემა ამ პარლამენტში კენჭისყრაზე დადგებოდა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ისიც სახალხო საკონსტიტუციო განსახილველ საკითხებში იქნა შეტანილი.
- ამ გადაწყვეტილებას ყველა არ დაეთანხმა?
- პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს უკვე განხილული საკითხია, ისევე, როგორც ქორწინების დეფინიცია. აღარ იყო საჭირო მათი განხილვა. არიან სხვებიც, რომლებიც ასე ფიქრობენ, თუმცა, ჩვენ გუნდში მიღებულ გადაწყვეტილებებს ვემორჩილებით.
- აღნიშნეთ, რომ ეს პარლამენტი თვისებრივად ახალია. რითია ახალი 2016 წლის პარლამენტი?
_ წინა პარლამენტში, ჩვენ, ფაქტობრივად, ბრძოლის ველიდან მოვხვდით. უმრავლესობაში მოვედით ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით. წინა პარლამენტში მუდმივი დაპირისპირება გვქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან. ამას ბევრი დრო მიჰქონდა. დღეს გვყავს ახალი სახეები. ამ ადამიანებმა განათლება მიიღეს უცხოეთში. ნაცმოძრაობასაც ჰყავს ისეთი დეპუტატები, რომლებიც პირადად არ მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ პროცესებში, მაგრამ ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას მომხდარ მოვლენებზე. ამიტომ ეს პარლამენტი უფრო მეტად იქნება საქმეზე ორიენტირებული. სამართლის დასამკვიდრებლად მუშაობას აგრძელებს პროკურატურა.
- ძველ და ახალ სახეებს შორის პოზიციების სხვაობა არ იკვეთება? გამოითქმის პროგნოზები იმის თაობაზე, რომ პარლამენტის უმრავლესობიდან ახალი პოლიტიკური ძალები შეიქმნება...
- ძველ და ახალ სახეებს შორის პოზიციებში განსხვავება არ არის. ზოგიერთ ძველ და ახალ სახეს შეიძლება გვქონდეს საკუთარი შეხედულება სხვადასხვა საკითხზე. პარლამენტის ადგილმდებარეობისა და ოჯახის განმარტების თემების პროცედურაზე მეც მაქვს განსხვავებული მოსაზრება. თუმცა, ასეთ დროს, საბოლოოდ, გუნდის გადაწყვეტილებას ვემორჩილებით. არა მგონია, რომ უმრავლესობიდან ახალი ძალები შეიქმნას. ასეთ პროგნოზს აკეთებენ იმიტომ, რომ არსებობს წარსული გამოცდილება – პარტიები შეიქმნა მრგვალი მაგიდის გაერთიანებიდან და მოქალაქეთა კავშირიდან.
- პარლამენტის გარეთ თუ არის მოსალოდნელი ცვლილებები?
- პარლამენტის გარეთ დარჩენილი ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. რაც, პირველ რიგში, ამ პოლიტიკოსების შეცდომების შედეგია. მათ ვერ მოახერხეს გაერთიანება, ხალხმა კი მათ არჩევნებზე განაჩენი გამოუტანა. ამის შემდეგ ზოგიერთი ლიდერი პოლიტიკიდან წავიდა, ზოგიერთი, მაგალითად, ვიქტორ დოლიძე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობს. არიან ისეთებიც, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ პოლიტიკაში იტივტივონ. ამისათვის ისინი მზად არიან, რომ კამერების თვალწინ მარიხუანაც კი დარგონ. ამ გზით ხალხის ნდობას ვერ მოიპოვებ. ამით შეიძლება მოინადირო ერთი პატარა ჯგუფი. ვფიქრობ, რომ გარკვეული ხნის შემდეგ პარლამენტის გარეთ ახალი ძალები გაჩნდება. ცარიელი ადგილი უნდა შეივსოს.
„ახალი თაობა“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელის ძებნა უკვე დაწყებულია“ // „მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში დიდი ფუთფუთია“
რა კონსულტაციები მიმდინარეობს ოპოზიციაში, რისთვის ემზადება ხელისუფლება, რამდენი დაჯგუფება შეიქმნა სამთავრობო გუნდში, რის გადაფარვას ცდილობენ ვიზალიბერალიზაციაზე საუბრით, რატომ ვერ ბედავენ სააკაშვილის გასამართლებას? _ ამის შესახებ „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი პარტიის გარშემო ახალი ოპოზიციური გაერთიანება იქმნება. ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი უკვე გაწევრიანდა დემოკრატიულ მოძრაობაში, ამბობენ, რომ მალე სხვა პოლიტიკოსებიც შეგიერთდებიან. მართლა იქმნება ახალი გაერთიანება?
- არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიები ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდნენ _ ზოგ ლიდერს გულყრა დაემართა, ზოგი პოლიტიკიდან გაიქცა, რამდენიმე პარტია საერთოდ დაიშალა. მაშინ ვთქვი, რომ ჩვენი პარტია არ დაიშლება, აქედან არავინ წავა და, პირიქით, შემოგვიერთდება ხალხი. ამ ეტაპზე მხოლოდ გუბაზ სანიკიძე მოვიდა. მოსვლის სურვილი კიდევ ბევრ პოლიტიკოსს აქვს. ამის შესახებ ისინი არაოფიციალური შეხვედრების დროს საუბრობენ.
- შეგიძლიათ მათი ვინაობის დასახელება?
- მოდით, დასახელებას ნუ ვიჩქარებთ. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თუ ლიდერები ჩვენთან ბევრ თემაზე საუბრობენ. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
- შესაძლო გაერთიანებაზე თუ საუბრობთ?
- კიდევ გავიმეორებ, რომ საუბარი ბევრ რამეზე მიმდინერეობს. ოფიციალურად დიდი გაერთიანება, შესაძლოა, არ შედგეს, მაგრამ, არის საკითხები, რომელთა გარშემოც ერთიანი პოზიციები გვაქვს. ყველას მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. კარგად მახსოვს, ერთი მილიარდერი კაცი როგორ უჭერდა ბიომეტრიულ საარჩევნო სიას მხარს. ისიც კი თქვა, თუ ბიუჯეტში ფული არ იქნება, ამას მე დავაფინანსებო. ბიომეტრიული სია თუ არ იქნა, არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს. ხშირად ვსაუბრობთ ევროპაზე, მაგრამ არ გვინდა, ისე ჩავატაროთ არჩევნები, როგორც იქ ტარდება. იქ საარჩევნო ყუთთან არის სკანერი, რომელიც ჩაყრილ ბიულეტენებს ახარისხებს და ითვლის. საქართველოში არჩევნები ასე არ ტარდება და ამიტომაც უამრავ მანიპულაციასთან გვაქვს საქმე. ცესკომ ეს დანადგარი ტესტირების სახით უკვე გამოცადა, მაგრამ არ დანერგა, იმიტომ, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელი გახდებოდა. არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, არც ასეთი უმაქნისი მთავრობა გვეყოლებოდა და არც ეკონომიკა დაგვექცეოდა თავზე.
- წინა ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ რამდენიმე თვეში მთავრობა შეიცვლება და მისი წევრები გაიქცევიან. ისევ ამ აზრზე ხართ?
- ისევ ამ აზრზე ვარ. მთავრობაში სერიოზული ცვლილებები იქნება. გაქცევა ზოგადად ვთქვი, თუმცა, ისე მიდის საქმე, რომ ზოგიერთს, შესაძლოა, მართლა გასაქცევად გაუხდეს საქმე. როცა აყვავდება ნუში, აქ ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყება. სამთავრობო ძალაში ჩამოყალიბდა რამდენიმე გუნდი, რომელიც არ მოისურვებს პასუხისმგებლობის აღებას არსებულ ჩავარდნაზე. ეკონომიკური ვითარება თუ კიდევ უფრო გაუარესდა, მზად არიან, ეს ვიღაც-ვიღაცებს დააბრალონ. მე ცვლილებებს იმ დროისთვის ველოდები, როცა ნუში აყვავდება, მაგრამ, შესაძლოა, ეს უფრო ადრე მოხდეს. ფაქტია, რომ ამ მთავრობის მოსვლის დღიდან ლარის გაუფასურება დაიწყო. ეკონომიკური გუნდის მინისტრები ყველა თემაზე საუბრობენ, გარდა ეკონომიკისა.
ამათმა განცხადებებმა ერთი ძველი ამბავი გამახსენა. გასული საუკუნის დასაწყისში სახელოვანი ქართველი მწერლები და პოეტები მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა კავშირის ეზოში იყვნენ შეკრებილი. ისინი საუბრობდნენ იმაზე, თუ რა არის იმისთვის საჭირო, რომ დიდი პოეტი იყო. ერთმა თქვა, სითამამეო, მეორემ – გაბედულებაო, მესამემ – პატრიოტიზმიო, მეოთხემ – ერთგულებაო. ამ დროს გამოიარა გალაკტიონ ტაბიძემ, მივიდა და ამ მწერალ-პოეტებს უთხრა – ნიჭი, ბიძიკოებო, ნიჭიო!
მინდა მივმართო ეკონომიკური გუნდის უმაქნის მინისტრებს, ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, ბიძიკოებო, პროფესიონალიზმია საჭირო, რაც თქვენ არა გაქვთ და ამიტომაც არის, რომ ამდენ სისულელეს ამბობთ. ხალხის ყურადღების გადასატანად ახლა ვიზალიბერალიზაციაზე დაიწყეს გაუთავებელი საუბრები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში დღეს კონიუნქტურული პოლიტიკა ზეობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაღალჩინოსნებისთვის მთავარია არა გაკეთებული საქმე, არამედ თანამდებობის შენარჩუნება. ამიტომაც არ გვყავს მთავრობაში ერთი კაციც კი, რომელიც ერთი თვით ადრე მაინც გათვლის პოლიტიკურ სვლებს ან ეკონომიკაში მოსახდენ ქმედებებს.
ვიზალიბერალიზაციაზე საუბრით იმ ფუთფუთის გადაფარვაც სურთ, რომელსაც სამთავრობო გუნდში აქვს ადგილი. იქ არიან დაჯგუფებები, რომლებიც მზად არიან, ერთ ადამიანს აჰკიდონ ყველაფერზე პასუხისმგებლობა. ეს დაჯგუფებები არის როგორც მთავრობაში, ასევე უმრავლესობაში. ეს დაჯგუფებები უკვე გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო შემცვლელებზე საუბრობენ. ახლა იმაზე მიდის ფუთფუთი, რომელი დაჯგუფება გაიყვანს პრემიერად თავის კაცს.
- რამდენი დაჯგუფებაა სამთავრობო გუნდში?
- მინიმუმ სამი დაჯგუფებაა. ახლა გვარებს არ დავასახელებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთ-ერთ დაჯგუფებას გარედან ბიზნესმენები უჭერენ მხარს.
- ბიზნესმენები რატომ უჭერენ მხარს?
- რაღაცა შეღავათების მიღებას დაჰპირდნენ. სერიოზული ფუთფუთი მიდის, „ოცნებაში“ ახლა განტევების ვაცს ეძებენ.
- გახდება გიორგი კვირიკაშვილი განტევების ვაცი?
- ალბათ, გახდება. ფაქტია, რომ მის შემცვლელს უკვე ეძებენ. ეს ოფიციალურ დონეზე ჯერ არ ხდება, მაგრამ დაჯგუფებები აქტიურად მუშაობენ. ისინი კანდიდატურებს ერთმანეთშიც კი ათანხმებენ. ახლა იმ სქემას იმუშავებენ, როგორ შესთავაზონ ახალი პრემიერის ვინაობა იმ კაცს, რომელიც საკადრო საკითხებს წყვეტს.
- ეს კაცი ბიძინა ივანიშვილია?
- ის არის ამ ქვეყანაში მთავარი.
- თქვენ ხალხის ყურადღების გადატანაზე საუბრობდით. პრეზიდენტისა და „ოცნების“ მორიგი დაპირისპირებაც ამ მიზანს ხომ არ ემსახურება?
- არა, ეს სახლობანას თამაში, პოლიტიკური ოჩოპინტრეობა, ტიტყინი და ლიკლიკია. ამათი საქციელი უკვე სამარცხვინო სახეს იღებს – ჯერ იყო და უშიშროების საბჭოსთვის დაეტაკნენ ერთმანეთს, უფრო ადრე პრეზიდენტის სასახლიდან მოსთხოვეს მარგველაშვილს გამოსვლა. ახლა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეობაზეა დავა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, გაეროში ორი დელეგაცია რომ მიდიოდა საქართველოდან. ერთი იყო მთავრობის, მეორე – პრეზიდენტის. გარდა იმისა, რომ ეს ლამაზი არ არის, უზარმაზარი თანხები იფლანგება და რომელი ხარჯების შემცირებაზე ვსაუბრობთ.
ხალხს საერთოდ არ აინტერესებს, ვინ იქნება საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. მთავარი ის არის, რა ცვლილებები შევა ამ კონსტიტუციაში. ეს ცვლილებებიც იმ გეგმის მაგვარი იქნება, რომელიც მთავრობის დამტკიცებისას წარმოადგინეს. ეს გეგმა საერთოდ არ მუშაობს და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.
ამ გაჭირვებულ მთავრობას საერთაშორისო პროცესები საერთოდ გამორჩა მხედველობიდან. მხოლოდ საკუთარი პრემიები აინტერესებთ და ვერც კი ამჩნევენ, თუ როგორ დინამიკურად ვითარდება ჩვენ გარშემო პროცესები. საერთოდ აღარ ახსოვთ დაკარგული ტერიტორიები. აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე არავინ საუბრობს. მოკლედ რომ გითხრათ, არაფრის აზრზე არ არიან და არც უნდათ რამის სწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციასავით არიან, მიიღებენ რაღაცა დავალებას და დაიწყებენ ფაფხურს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ღალატი მისაბაძ საქციელად აქციეს. თუკი ვინმემ ვინმეს უღალატა, ჩაავლეს ხელი და მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. მართალია, ამ მთავრობასთან საუბარს აზრი არა აქვს, მაგრამ ერთ რჩევას მაინც მივცემ – როცა რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობთ, ერთი სპიკერი გამოყავით, რომელიც თქვენს სათქმელს იტყვის. ძალიან უხერხულია, როდესაც ერთსა და იმავე საკითხზე პრემიერი არის ალთას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – ბალთას, ვიცეპრემიერი საერთოდ სადღაც სხვაგან არის.
- აზრთა სხვადასხვაობა ამათ მართლა ხშირად გამოამჟღავნეს და ეს რისი ბრალია?
- იმის ბრალია, რომ, საკუთარი თავის გარდა, არაფერი აინტერესებთ და ისიც არ იციან, რაზე ლაპარაკობენ. სხვა თუ არაფერი, სირცხვილია. ნაციონალებს ჰქონდათ ასეთი მეთოდი: რაიმე ცუდს თუ ჩაიდენდნენ, მის გადაფარვას სხვა თემით იწყებდნენ. საბედნიეროდ, ესენი სისხლს არ ღვრიან, მაგრამ ყველა ჩავარდნას გახმაურებული საქმეების ვითომ გახსნით გადაფარავენ ხოლმე. ამის ნათელი მაგალითია ფოტოგრაფების საქმე.
- რატომ მიგაჩნიათ ეს საქმე ვითომ გახსნილად?
- აბა, რა არის? პროკურატურამ მათი დაკავებიდან 4 წლის შემდეგ გვითხრა ის, რაზეც ეს ფოტოგრაფები ციხიდან გამოსვლისთანავე საუბრობენ. ყველამ იცის, რატომ მოხდა მათი დაკავება, მაგრამ დამკვეთს არ ასახელებენ. იგივე შემიძლია ვთქვა 26 მაისის დარბევის საქმეზე. ამ დარბევის მონაწილეების დიდი ნაწილი დღესაც ძალოვან სტრუქტურებშია დასაქმებული. იმის მაგივრად, რომ ვანო მერაბიშვილისთვის ჩადენილ დანაშაულებზე ეგებინებინათ პასუხი, უაზრო ბრალდებები შეუთითხნეს და ლამის ანგელოზად გამოიყვანეს. ყველასთვის ცნობილია, ვისი ბრძანებით მოხდა 2011 წლის 26 მაისს ხალხის საშინელი დარბევა. ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც კიდევ ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ამათ კი მხოლოდ ორი პალტო, 7 პიჯაკი და ბებიამისის ძველი მანქანა აღმოუჩინეს. არადა, ხალხს სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდნენ. „ოცნებას“ რომ მოენდომებინა, მიხეილ სააკაშვილი დღეს მატროსოვზე იჯდებოდა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასე არ მომხდარიყო.
- რატომ თქვა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გასამართლებაზე უარი?
- ნაციონალებთან საერთო ენა რომ გამონახეს, ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ. ეს დამნაშავე პარტია `ქართული ოცნების~ დახმარებით გახდა მთავარი ოპოზიციური ძალა. რაც შეეხება სააკაშვილს, ხელისუფლებას საშინლად ეშინია მისი ციხეში ჩასმის. `ქართულმა ოცნებამ~ კარგად იცის, რომ თუ ასე მოხდა, ციხესთან ნაცმოძრაობის მხარდამჭერები პერმანენტულ აქციებს გამართავენ, ხელისუფლებას კი აქციების ძალიან ეშინია.
„ახალი თაობა“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: „მთავრობის ეკონომიკური გუნდი ახლავე უნდა შეიცვალოს“
„ახალი თაობის“ კითხვებს ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე პასუხობს:
- ბატონო პაატა, ყოველდღიურად მძიმდება ეკონომიკური ფონი, საახალწლოდ ლარის კურსის ნიშნულმა შესაძლოა 2,8-ს მიაღწიოს. რას იტყვით თქვენ?
- მეც ვფიქრობ, რომ ნეგატიური მოლოდინი საფუძვლიანია გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური ხელმძღვანელობა როგორც მთავრობაში, ისე ეროვნულ ბანკში, არ აპირებს შეცვალოს თავისი დამოკიდებულება და თავისი პოლიტიკა. ადამიანებს აქვთ პესიმისტური მოლოდინი და ამას კიდევ დამატებითი ელემენტი შემოაქვს ლარის გაუფასურებაში.
- მოსახლეობის განწყობებს?
- რასაკვირველია! პრაქტიკულად უკვე სამკომპონენტიანი გახდა ლარის გაუფასურების მიზეზი. პირველი არის ეროვნული ბანკის შეცდომები, მეორეა მთავრობის შეცდომები და მესამე – ნეგატიური მოლოდინები, როდესაც ადამიანები ცდილობენ, თავი დაიზღვიონ და დანაზოგი გადაახურდაონ უცხოურ ვალუტაში.
- ანუ ხელისუფლების მცდელობამ მომხდარიყო ლარიზაცია, არ გაამართლა?
- რა თქმა უნდა! ჯერ ერთი, გეგმა იყო სულელური, არაფრისმთქმელი. გამოწვევებს საერთოდ ვერ პასუხობს. მე თუ ბაზარზე ვარ, ვმუშაობ და დოლარი მირჩევნია, ხელოვნურად როგორ უნდა მოვახდინო ლარიზაცია?! მაშინ ეს უნდა მოხდეს აკრძალვების და შეზღუდვების გზით. ამ ყველაფერს დომინოს ეფექტი ექნება, შემდეგ გაყიდვასაც აუკრძალავ უცხოურ ვალუტაში, შემდეგ ანგარიშის გახსნასაც და წარმოიდგინეთ, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი! პრემიერ-მინისტრი რომ აცხადებს, ონლაინ-სესხებს აკრძალავს და ორ საათში ხდება ამ განცხადების დეზავუირება და ამბობენ, რომ კი არ უნდა ავკრძალოთ, არამედ რეგულაციები უნდა შემოვიღოთო. იმის მერე ორი კვირა გავიდა და არანაირი დოკუმენტი ამ საკითხზე არ არსებობს! თვითონ ეს ფაქტი ნორმალურია?!
- თუ დადგება ეკონომიკური გუნდის შეცვლის საკითხი?
- თუ დადგება კი არა, დღესვე უნდა დადგეს და დღესვე უნდა გადაწყდეს, თორემ ხომ ხედავთ, რა სიტუაციაა. არამარტო ეკონომიკური გუნდის, მთლიანად დამოკიდებულების შეცვლაა საჭირო! ეროვნული ბანკის ფუნდამენტური რეორგანიზაციაა საჭირო. უკვე დანაშაულში გადაიზარდა მათი გულგრილი დამოკიდებულება! ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ლარი არ გამყარდეს და ხალხი გაუბედურდეს.
- რამდენად იზიარებთ მოსაზრებას, რომ ამ პოლიტიკით, სავალუტო ბაზარზე წარმოქმნილი რყევებით სერიოზულად იხეირეს ბანკებმა. ან რამდენად აშანტაჟებს საბანკო სექტორი ხელისუფლებას?
- არა, როგორ გეკადრებათ, საიდან მოიტანეს. ეს პირიქით არის! ეროვნული ბანკი და მთავრობა აშანტაჟებს კომერციულ სექტორს და იყენებს მათ ისე, როგორც სჭირდებათ! თავისი ფულით ამხელა რაღაცის გაკეთება კერძო სექტორს როგორ შეუძლია?! ხოლო თუ შეუძლია, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მთავრობის და ეროვნული ბანკის გარეშე კეთდებოდეს. ეს წარმოუდგენელია! მთავრობაში და ეროვნულ ბანკშია შეცდომები და იქ უნდა გამოსწორდეს! თუ ვიღაცა შეცდომას უშვებს და ვიღაცა ამაზე ფულს აკეთებს, ფულს ვინც აკეთებს, ის ხომ არ უნდა დავსაჯოთ?! ეს ხომ სისულელეა. არ უნდა მისცე საშუალება, რა, სულელი ხარ, ვერ ხედავ?! მაშინ გარიგებულები უნდა იყვნენ. თუ გარიგებულები არიან, მით უარესი.
- ხედავთ სიტუაციის გამოსწორების გზებს?
- არანაირი ოპტიმისტური განწყობა არ მაქვს. ამ ადამიანებს არ აქვთ ხედვა, რომელიც იქნებოდა რეალური ცვლილებების შემომტანი. მათ აქვთ ხედვა, რომელიც გულისხმობს ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას და აბა საიდან მექნება ოპტიმიზმი.
- გიორგი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება?
- რასაკვირველია! ეს კაცი აწერს ხელს ყველაფერზე და აბა ვისი საკითხი უნდა დადგეს?! თუ არ მოსწონს ეს გადაწყვეტილებები, მაშინ რატომ აწერს ხელს?! თავმოყვარეობის ამბავია. არ მოგწონს, გაიწიე გვერდზე და გვითხარი, რომ ეგრე არ არის, სხვანაირად ვფიქრობ. რა გამოდის? გარდა იმისა, რომ ცუდად მუშაობს, არაკეთილსინდისიერიც არის?!
———————-
„საქართველო და მსოფლიო“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
პრემიერმინისტრის მოულოდნელი გულახდილობა - საქართველოს ნატოში შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
გიორგი გაჩეჩილაძე
საქართველოს ხელისუფლებები, წლებია, მოსახლეობას ყურს უჭედავენ ნატოსა და ევროკავშირში შესვლასა და, აქედან გამომდინარე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკით. თავდაპირველად იყო “მაპი”, შემდეგ – “მაპზე უკეთესი”, შემდეგ – “მეტი ნატო საქართველოში”, ვიზალიბერალიზაცია” და ა.შ., მაგრამ საშველი არც ნატოში შესვლას დაადგა არც – ე.წ. ვიზალიბერალიზაციას და მით უმეტეს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს კი იმიტომ ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის დამოუკიდებელი, არამედ უცხოელ პატრონებთან შეუთანხმებლად სიტყვასაც ვერ ძრავს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანულ გამოცემა Die Zeit-ისთვის 11 დეკემბერს მიცემულ ინტერვიუში ისეთი რაღაცები ილაპარაკა, რომ, ჩანს, რეალობას არის მოწყვეტილი, დედამიწაზე არ ცხოვრობს და ვერ აცნობიერებს, რა პროცესები დაიწყო მსოფლიოში:
„რუსეთის მცდელობები ამ ორი რეგიონის შემოერთებასთან დაკავშირებით მრავალფეროვანია და მოიცავს ბევრ პროვოკაციას. მაშინ, როცა ჩვენ ვცდილობთ ტემპერატურის დაწევას და ვერიდებით მტრულ და აგრესიულ რიტორიკას; რუსი პოლიტიკოსების მხრიდან, სამწუხაროდ, არ არის შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაუღალავად ვიმეორებთ, რომ საქართველოს ნატოში შესვლა არ ისახავს მიზნად რუსეთისთვის დამუქრებას. ჩვენ გვსურს, რუსეთთან ვითანამშრომლოთ და ვერ ვხედავთ ვერავითარ წინააღმდეგობას, ამავე დროს, დასავლეთისკენ გზაზე სვლა რომ განვაგრძოთ”.
აქ გიორგი კვირიკაშვილი, რბილად რომ ვთქვათ, ფაქტებს ამახინჯებს, როდესაც ამბობს, რომ “რუსი პოლიტიკოსების მხრიდან არ არის შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები”.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მკაფიოდ მიანიშნეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მზად არიან დიალოგის დასაწყებად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოგვარებაზე. ზუსტად ერთი წლის წინათ კი, 2015 წლის დეკემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე ასე უპასუხა:
“2008 წლის მოვლენების შემდეგ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ჩვენ არ ვართ დაძაბულობის მიზეზი… რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს, პირველ რიგში, ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების საქმეა, მათთან უნდა იმუშაოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ. საჭიროა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ვფიქრობ და მზად ვართ, გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი”.
რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს რუსეთთან დიალოგის დაწყების გზაზე. ეს იმიტომ, რომ სწორედ დასავლეთის – ნატოსა და აშშ-ის, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთის _ გავლენისთვის ვერ დაუღწევია თავი, თუმცა ეს არც სურს, რადგან მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და არა ქვეყნისთვის სასიცოცხლო ინტერესების გატარებაზე. არ ფიქრობენ, რომ ნატოში შესვლა ამ ალიანსის სამხედრო ძალების განლაგებას ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე და სწორედ ის არის საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს სამიზნეში აღმოვჩნდებით.
“ნატოს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. პირველ რიგში, ნატოში შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხეთ ამ მიზნის მიღწევა სამხედრო გზით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა ნდობის ხარისხის ამაღლებაში მდგომარეობს, ერთი მხრივ, ქართველებს, ხოლო მეორე მხრივ აფხაზებსა და ოსებს შორის. ნატოს წევრობას კი მასთან არაფერი აქვს საერთო. ნატოსთან თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ სამხედრო მფარველობის მოპოვება არ არის. აქ საუბარია ღირებულებებზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, აქ საუბარია ამა თუ იმ ბანაკის წევრობაზე. საქართველომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება: ჩვენ გვინდა ევროპული და ტრანსატლანტიკური ბანაკის წევრობა. ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია ერთგულება. საქართველო თავს მიიჩნევს ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში”.
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც აღიარა, რომ ნატოში საქართველოს შესვლის მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. და, აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ყველა ხელისუფლების დაპირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფარსი იყო და მოსახლეობისთვის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში შესვლაზე აზრის ჩანერგვას ემსახურებოდა, რადგან, ნატოს წესდების თანახმად, ამ ალიანსის წევრობის მსურველ ქვეყანას ტერიტორიული პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. კვირიკაშვილის ნათქვამი საეჭვოდ ემთხვევა ყოფილი რესპუბლიკელების _ თავდაცვის ყოფილი მინისტრის – თინა ხიდაშელისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის – პაატა ზაქარეიშვილის რიტორიკას, რომლებიც გაიძახიან, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს ყოფილაო. ისე კი, ნატოს წევრობას მართლაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან, დასავლეთს საქართველო ნატოს წევრად მხოლოდ იმიტომ სურს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე განალაგოს სამხედრო ბაზები რუსეთთან კონფრონტაციისთვის და საქართველო ამ კონფრონტაციის პოლიგონად აქციოს.
2008 წლიდან, როდესაც ნატოს ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესაძლო შესვლის თაობაზე, ნატოს დელეგაცია 4-ჯერ ჩამოვიდა საქართველოში (უპრეცედენტო შემთხვევაა), ქართველი ჯარისკაცები კი სიცოცხლეს სწირავდნენ და სწირავენ უცხო ქვეყნებში სხვადასხვა მისიის შესრულებისას, რომელთა მიზანი დასავლეთის ინტერესების დაცვაა, მაგრამ ალიანსში შესასვლელი კარი საქართველოსთვის მაინც ჩარაზულია.
“ალიანსის 28 ქვეყანა გადაწყვეტს, შევა თუ არა საქართველო ნატოში”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიმდინარე წელს გამართული ნატოს ვარშავის სამიტის წინ.
ნატოს ერთი წევრი ქვეყანაც რომ იყოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს შესვლის წინააღმდეგი, ამ ორგანიზაციაში არავინ მიგვიღებს. არადა, ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, წინააღმდეგი არიან. აი, რას ამბობს საფრანგეთის სენატის წევრი ემერი დე მონტესკიუ: “საფრანგეთი და გერმანია წინააღმდეგნი არიან უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ნატოში შესვლის. ეს აბსოლუტური პროვოკაცია იქნება”.
ნატოში საქართველოს შესვლის უპერსპექტივობაზე ლაპარაკობდნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებიც:
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი: “არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში შესვლის გზაზე. არ ყოფილა და არც არსებობს ნატოს დაუყოვნებლივ გაფართოების გეგმა”.
აშშ-ის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა: “რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებსაც გამოხატული აქვთ ნატოში წევრობის სურვილი, ყველა ასეთი ქვეყნის განაცხადი უნდა იყოს უარყოფილი, რადგან, ჩვენი აზრით, ნატო ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს”.
ამაზე მეტი ვინ რა უნდა გვითხრას, რომ შევიგნოთ: დასავლეთს ისედაც ბევრი პრობლემა აქვს და ნატოში საქართველოს მიღებით კიდევ უფრო არ აიტკივებს თავს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კვლავ ჯიუტად ადგას აშშ-ის მარიონეტი სააკაშვილის მიერ გატკეპნილ გზას…
ამასთანავე, აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა დატოვოს ნატო, რადგან არ სურს, ამერიკის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს იმ ქვეყნების გამო, რომლებიც ნატოს საწევროს არ იხდიან. და, თუ აშშ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გამოვა ან დაფინანსებას შეუმცირებს, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ნატო აღარ იარსებებს?!
მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები ნატოში საქართველოს შესვლაზე უარს კბილებამდე შეიარაღებული რუსეთის შიშით ამბობენ და მოგვიწოდებენ (ყოველ შემთხვევაში, სიტყვით მაინც) ამ უზარმაზარ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობა მოვაგვაროთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯს არ დგამს ამ ურთიერთობის ოდნავ მაინც გასაუმჯობესებლად. თუმცა ამას, ალბათ, სახელისუფლო სტრუქტურებში (აღარაფერს ვამბობთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებსაც მილიონობით დოლარითა და გირვანქა სტერლინგით აფინანსებენ ამერიკელები და ბრიტანელები) ჩანერგილი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მითითებით აკეთებენ. ეს კარგად ჩანს საქართველოს კიდევ ერთი “სტრატეგიული პარტნიორის”, დიდი ბრიტანეთის, მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელსაც “კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის 2016_2017 წლების საპროგრამო დოკუმენტი ჰქვია (იხ. “საქართველო და მსოფლიო”, #45, 2016 წ.).
ტერორისტული აქტებით, “ბრექსიტითა” და მიგრაციული კრიზისით შეშფოთებულ ევროკავშირში აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ შეუქცევადი პროცესები დაიწყო – ბულგარეთში, მოლდოვასა და ლიტვაში ნაციონალურმა ძალებმა გაიმარჯვეს, ანალოგიურ პროცესებს წინასწარმეტყველებენ ექსპერტები გაისად საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში. ამ ფონზე პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის მთავრობის წევრებმა ჯერჯერობით მხოლოდ აბსურდული ტერმინებით – “დაჰეჯირება”, “დედოლარიზაცია”, “ლარიზაცია”, “ვალატილობა” – გაითქვეს სახელი, როგორც ჩანს, ილუზიების ტყვეობაშია და, იმის ნაცვლად, რომ ლარის კატასტროფული დაცემის შეჩერებასა და გაღატაკებული ადამიანების ეკონომიური პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნოს, ევროპაში დასეირნობს და კვლავ განაგრძობს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს შესვლაზე ლაპარაკით.
შემოულაწუნეთ ვინმემ, იქნებ გონს მოეგოს!
„საქართველო და მსოფლიო“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
საქართველოს ბედი აზიაში წყდება
ლუკა ნემსაძე
დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე საკმაო დრო რჩება, თუმცა მან სხვა ქვეყნების ლიდერებსა და დიპლომატებს უკვე არაერთი თავსატეხი შესთავაზა. როგორ შეცვლის ახალი ადმინისტრაცია აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოს მდგომარეობაზე?
ტრამპი ჩინეთის წინააღმდეგ
დღეს თითქმის ყველა ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ტრამპის მთავარი სამიზნე ჩინეთი იქნება. მისი პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო იდეა აშშ-ის ინდუსტრიული გაძლიერებაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკის მრეწველობაში დაახლოებით 5 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა, რადგან კომპანიებმა წარმოება აზიაში, უწინარესად, ჩინეთში, გადაიტანეს. არჩევნებამდე ტრამპი ამბობდა, რომ ჩინურ საქონელზე საბაჟო გადასახადს 45%-მდე გაზრდის, რაც მკვეთრად შეამცირებს მის შემოდინებას აშშ-ში, ხოლო ჩინეთს მასშტაბური კრიზისის საფრთხის წინაშე დააყენებს. ასეთი მკვეთრი ნაბიჯი ეკონომიკური ომის გამოცხადების ტოლფასია, თუმცა დონალდ ტრამპი მის დაწყებაში პეკინს ადანაშაულებს და მიუთითებს, რომ მან თავისი ვალუტის მიზანმიმართული დევალვაციით ხელი შეუწყო ექსპორტის არაბუნებრივ ზრდას.
ამასთანავე, ტრამპი ამბობს, რომ გაუმართლებლად მაღალ საბაჟო გადასახადებს თვითონ ჩინელები იყენებენ. როდესაც სამი წლის წინათ პეკინში მივიდნენ დასკვნამდე, რომ აშშ-დან და იაპონიიდან ზოგიერთი სახეობის პროდუქციის, მაგალითად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შემოტანა ეროვნული მრეწველობის განვითარებას აფერხებს, მასზე 8-10-პროცენტიანი გადასახადი დააწესეს, ერთ წელიწადში კი 42%-მდე გაზარდეს.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინვენთან სატელეფონო საუბარი გამართა, მაშინ, როდესაც აშშ ჩინეთის ერთიანობას 1979 წლიდან აღიარებს და, შესაბამისად, ტაივანთან მხოლოდ არაოფიციალური კავშირები აქვს. პეკინმა ეს გააპროტესტა, მაგრამ ისე, რომ აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს მანევრის შესაძლებლობა დაუტოვა, თუმცა მან ორიოდე დღეში (4 დეკემბერს) ჩინეთის ეკონომიკურ პოლიტიკას და მის სამხედრო ღონისძიებებს სადავო კუნძულების რაიონში კრიტიკული კომენტარების სერია მიუძღვნა “ტვიტერში”. აშკარაა, რომ ტრამპის ქცევა გამომწვევია.
პეკინმა ამ შემთხვევაშიც ასიმეტრიული პასუხი ამჯობინა პირდაპირ კონფრონტაციას. მან გაეროს უშიშროების საბჭოში დასავლურ რეზოლუციას სირიაში (ალეპოში) შექმნილი სიტუაციის თაობაზე რუსეთთან ერთად ვეტო დაადო; ადრე მსგავს სიტუაციებში ჩინეთი ერთმნიშვნელოვანი პოზიციის გამოხატვისგან თავს იკავებდა. ეს დასავლეთის წარმომადგენელთათვის ისე მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთისა და ჩინეთის ელჩებს შორის სერიოზული სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მაგრამ ტრამპის ყველაზე რადიკალური ნაბიჯი, სავარაუდოდ, “ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის” ხელშეკრულებაზე უარის თქმა იქნება. ამ პროცესში 12 ქვეყანა მონაწილეობს: ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ, ბრუნეი, ვიეტნამი, იაპონია, კანადა, მალაიზია, მექსიკა, პერუ, სინგაპური და ჩილე. ხელშეკრულება მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, პროდუქციასა და მომსახურებაზე საბაჟო გადასახადების უმეტესობის გაუქმებას ან შემცირებას ითვალისწინებს. აშშ-ის როლი ამ გაერთიანებაში შეიძლება შევადაროთ გერმანიის როლს ევროკავშირში _ ის დომინირებას, პოლიტიკის ფორმირებას განსაზღვრავს, თუმცა ამისთვის გარკვეული საფასურის გადახდა უწევს.
ტრამპმა ამ შეთანხმებას “პოტენციური კატასტროფა” უწოდა და დასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია სავაჭრო შეთანხმებებს სხვა სახელმწიფოებთან მხოლოდ ორმხრივ ფორმატში დადებს. ამის შემდეგ იაპონიის, ვიეტნამისა და რიგი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის მონაწილეობის გარეშე “ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა” აზრს კარგავს. ამის შემდეგ რეგიონში გაცილებით აქტუალურია ალტერნატიული პროექტი _ “მრავალმხრივი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობა”, რომელსაც ჩინეთი ლობირებს. ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდია, რადგან ამ შემთხვევაში აშშ-ის ტაქტიკური და სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
ამბიციების ოკეანე
თუ “ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის” ქვეყნებს რუკაზე განსხვავებული ფერით აღვნიშნავთ, ვნახავთ, რომ ის წყნარ ოკეანეს აშშ-ისთვის გიგანტურ “მარე ნოსტრუმად” (“ჩვენს ზღვად”) გადააქცევს. ამ ტერმინს რომის იმპერიაში ხმელთაშუა ზღვის მიმართ იყენებდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთელი სანაპირო ზოლი რომის მფლობელობაში გადავიდა. ხოლო იქ, სადაც არის “რომი”, უნდა იყოს “კართაგენიც” და მის როლს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ისთვის ჩინეთი ასრულებს. “ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის” შეთანხმება სწორედ ჩინეთის იზოლირებას ახდენს.
აშშ ამ რეგიონში სრული ჰეგემონიისკენ საუკუნეზე მეტ ხანს მიდიოდა. ადმირალ პერის ულტიმატუმი იაპონიას 1853-ში, ფილიპინებისა და ჰავაის კუნძულების შემოერთება 1898-ში, ე.წ. დიდი თეთრი ფლოტის მიერ ძალის დემონსტრირება 1907-ში, ეკონომიკური ექსპანსია რევოლუციამდელ ჩინეთში, უმძიმესი ომი იაპონიასთან, კორეის ომი, უსისხლო, მაგრამ უაღრესად დაძაბული ჭიდილი აზიიდან ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიების განსადევნად, ახალი, ამჯერად სავაჭრო ომი იაპონიასთან, ვიეტნამის ომი, “ცივი ომი”… თითოულ ეტაპზე აშშ ჰეგემონიას რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდებოდა (ზოგიერთ შემთხვევაში _ შორდებოდა). “ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის” შეთანხმება მრავალწლიანი ძალისხმევის, გრძელვადიანი სტრატეგიული გათვლების ნაყოფია. ამ დროს მოდის დონალდ ტრამპი და ამბობს, რომ, უბრალო ამერიკელების ინტერესებიდან გამომდინარე, აპირებს, ყოველივე ეს გააუქმოს. ეს დაახლოებით იგივეა, რუზველტს 1941-ში იზოლაციონისტებისთვის რომ დაეჯერებინა და იაპონიისთვის შესაძლებლობა მიეცა, “აღმოსავლეთ აზიის თანააყვავების სფეროს” პროექტი შეუფერხებლად განეხორციელებინა, როგორც ეს შეიძლება ჩინური “მრავალმხრივი რეგიონული ეკონომიკური პარტნიორობით” მოხდეს. მაშინ, ისევე როგორც დღეს, პირველ ადგილზე სწორედ ეკონომიკა იდგა, თანაც რეგიონში არსებობდა მესამე მნიშვნელოვანი მოთამაშე _ ბრიტანეთის იმპერია (დღეს “მესამეს” როლთან ყველაზე ახლო იაპონიაა).
მისცემს თუ არა ამერიკული ისტებლიშმენტი შესაძლებლობას დონალდ ტრამპს, გრძელვადიანი სტრატეგია ისტორიის სანაგვეზე მოისროლოს? დაუჭერენ თუ არა მას მხარს რესპუბლიკელი კანონმდებლები სრული შემადგენლობით? ექნება თუ არა ადგილი “ჩუმ საბოტაჟს” სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონსა და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში? დღეს ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.
ტრამპის მკვეთრმა ნაბიჯებმა შეიძლება ძალიან საინტერესო სიტუაცია შექმნას: თუ ის, ერთი მხრივ, ნაწილობრივ დახურავს აშშ-ის ბაზარს ჩინური და, საზოგადოდ, აზიური საქონლისთვის და, მეორე მხრივ, ხელს არ შეუშლის პეკინს ინტეგრაციული პროექტების რეალიზებაში. გამორიცხული არ არის, რომ ჩინეთი ამ შემთხვევაში “გადაყლაპავს უფრო მეტს, ვიდრე შეუძლია მოინელოს”. აქ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ისტორიული ფაქტი, რომელსაც განხილულ თემასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ საკმაოდ საგულისხმოა _ 1941-ში იაპონელებმა უზარმაზარი, უმდიდრესი ტერიტორიები დაიპყრეს, მაგრამ მათი სატრანსპორტო ფლოტი არასაკმარისად დიდი იყო იმისთვის, რომ იქიდან რესურსები გაეტანათ. მაგალითად, მალაიზიიდან (იმხანდ ბრიტანული მალაია) ყოველწლიურად სტრატეგიული რესურსების 15-20% თუ გაჰქონდათ. ომის დასკვნით ეტაპზე ეს მაჩვენებელი თითქმის განულდა, რადგან ამერიკულმა წყალქვეშა ნავებმა იაპონურ სატრანსპორტო ფლოტს მუსრი გაავლეს.
შეძლებს თუ არა ჩინეთი, სრულად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებიც რეგიონში ამერიკელთა სავარაუდო უკანდახევის შემდეგ შეიქმნება? მოახერხებს თუ არა სხვა ქვეყნებთან, უპირველესად კი იაპონიასთან, საერთო ენის გამონახვას ახალი ეკონომიკური გაერთიანების ფარგლებში?
ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!
აღწერილი მოვლენები, ერთი შეხედვით, საქართველოსგან შორს ვითარდება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ცვლილებები აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში გავლენას მსოფლიოზე იქონიებს. თუ მათ შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყება, რუსეთის გადაქცევა მოკავშირედ ორივესთვის პრიორიტეტული იქნება.
ამ სამკუთხედში ურთიერთობების მნიშვნელობა ვაშინგტონმა ვიეტნამის ომის პერიოდში გაიგო, როდესაც მისი პოზიციები რეგიონში შეირყა. ჰენრი კისინჯერმა იმხანად ჩინეთთან ურთიეთობების “გადატვირთვის” სტრატეგია შეიმუშავა და პეკინი, სოციალისტური ორიენტაციის მიუხედავად, “ცივ ომში” ფაქტობრივად, ვაშინგტონის ფარულ მოკავშირედ აქცია. ჩინეთმა, მას შემდეგ, რაც მის ძლიერება მკვეთრად გაიზარდა, ჯერ ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში (1998-ში), შემდეგ კი ობამას პრეზიდენტობის დასაწყისში უარყო “დიდი ტანდემის” შექმნის იდეა, რომელიც, აგრეთვე, ჰენრი კისინჯერს ეკუთვნოდა. სწორედ ამ დროს ვაშინგტონმა დაიწყო ზრუნვა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე (ობამას “გადატვირთვა”), რომლის შემდეგაც კრემლის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში გაიზარდა, ხოლო “ფერადი რევოლუციების აღლუმი” დროებით შეწყდა. შემდეგ, როდესაც ჩინური ეკონომიკის ზრდის ტემპებმა იკლო, ხოლო ურთიერთობა ვაშინგტონსა და პეკინს შორის დასტაბილურდა, ობამას ადმინისტრაციამ აიღო კურსი “ახალ ცივ ომზე” რუსეთთან. მთლიანობაში პროცესი ქანქარის მოძრაობას ჰგავს და ყველასათვის ცხადია _ თუ ორი მხარე მესამის წინააღმდეგ სტრატეგიულ ალიანსს შექმნის, ის დამარცხდება.
თუ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან კონფრონტაციის გზას დაადგება, ეს აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებისკენ უბიძგებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კრემლის პოზიციების გაძლიერებას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამასთანავე, საქართველოს შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი გარემოება _ ვაშინგტონის ტრადიციული დასაყრდენი რეგიონში _ თურქეთი სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას ავლენს, ბოლო პერიოდში პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკა აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს ხშირად ეწინააღმდეგება, ამიტომ იმის ალბათობა, რომ აშშ საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდას სერიოზულ წინააღმდეგობას არ ან ვერ გაუწევს, იზრდება.
ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ჩინეთს და მის ურთიერთობას აშშ-თან ტრადიციულად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. შესაძლოა, მოვიდა დრო, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს, რადგან გამორიცხული არ არის, საქართველოს ბედი XXI საუკუნეში სწორედ აზიაში განვითარებულმა პროცესებმა განსაზღვროს.
„საქართველო და მსოფლიო“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
როდესაც ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელს უშიშროების სამინისტროს მოწმობებით სარგებლობა ავუკრძალე, ისეთი ამბავი ამიტეხეს, რომ თბილისიდან გვირაბის გათხრა ვაღიარე…
ჯაბა ჟვანია
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უშუბლისძარღვო მედროვეებითა და უცხოურ გრანტზე გაყიდული პოლიტიკური ლაქიებით რომ არის სავსე, მოსახლეობის დიდ ნაწილს შეხსენება, ალბათ, არ სჭირდება.
პრემიერი იქნება, პრეზიდენტი თუ პარლამენტის თავმჯდომარე, დასავლელ ემისრებს ფინიებივით შესციცინებენ და უმნიშვნელო გადაწყვეტილებებსაც კი მხოლოდ მათთან შეთანხმებით იღებენ. ამას უკვე ისე მივეჩვიეთ, რომ აღნიშნულ მდგომარეობას შესაბამის სახელსაც ვერ ვარქმევთ, ამერიკას სტრატეგიულ პარტნიორს ვეძახით, ევროკავშირს – ისტორიულ არჩევანს. იმას კი არავინ ამბობს, რომ ერთიცა და მეორეც საქართველოს მიმართ კოლონიზატორულ პოლიტიკას ატარებს და დემოკრატიის სახელით ქვეყნის იდეოლოგიურ ანექსიას ეწევა…
“საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში გამოქვეყნდა ვრცელი დოკუმენტური მასალა დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების ჯაშუშურ საქმიანობაზე საქართველოში, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ფარდა აჰხადა მათ მზაკვრულ ჩანაფიქრს კავკასიის რეგიონში. ეს დოკუმეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე დასავლეთსა და მის ერთ-ერთ მთავარ “მოთამაშეს”, დიდ ბრიტანეთს, საქართველოს მიმართ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს _ გააძლიეროს თავისი გავლენა როგორც პოლიტიკური, ისე კულტურული და გახდეს უპირობო ჰეგემონი ამ სივრცეში. ცხადია, ამ ჰეგემონიის მიზანი, უწინარესად, რუსეთის გავლენის შესუსტება, მისი პოზიციების მორყევა და საბოლოოდ რეგიონიდან განდევნაა. ამას არც მალავენ, რაც შეეხება კულტურულ ნაწილს, ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება, ინცესტი, ანტიქრისტიანული პროპაგანდა და სხვა მსგავსი ნეოლიბერალური მარაზმი აქაც ჩვეულებრივი მოვლენა უნდა გახდეს, მენტალურად და იდეოლოგიურად საბოლოოდ უნდა მოვწყდეთ ისტორიულ ფესვებს… რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ჯაშუშური საქმიანობა, რამდენად საშიშია მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და რა პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად _ ამ საკითხებზე კომენტარი ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ვთხოვეთ.
—————-
თამაზ მეჭიაური, ყოფილი დეპუტატი:
_ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ყველა ის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ფინანსდება უცხოეთიდან, საფრთხის შემცველია და სახელმწიფო მათ მიმართ უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ ავკრძალავდი ამ ორგანიზაციებს და მკაცრად გავაკონტროლებდი გრანტის სახით შემოსულ თითოეულ თეთრს. რაც შეეხება ბრიტანეთის სპეცსამსახურებს, როდესაც მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მოქმედებს ამა თუ იმ სახელმწიფოს ჯაშუშური ქსელი, ხელისუფლება, სულ ცოტა, უნდა ინტერესდებოდეს, რასთან გვაქვს რეალურად საქმე. ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები, მაგრამ იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს ბედს, ფაქტობრივად, დასავლეთიდან დაფინანსებული “ენჯეოები” განაგებენ, იმის იმედი, რომ მსგავსი თემებით ვინმე დაინტერესდება, არ უნდა გვქონდეს.
- ხელისუფლების მხრიდან არასამთავრობოების აკრძალვა დასავლეთის გულისწყრომას გამოიწვევს. არის კი დღეს სახელმწიფო მზად ამ კონფრონტაციისთვის?
- აკრძალვაში არ ვგულისხმობ ყველა ორგანიზაციის ხელაღებით განადგურებას, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად, დასაბუთებული მოტივით. მე მხედველობაში მყავს უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეისწავლონ, რისთვის იღებენ ისინი გრანტებს, რა მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ მათ დამფინანსებლებს. საზოგადოდ, ამ ორგანიზაციებს დავარქმევდი ნელი მოქმედების ნაღმებს, რომლებიც, კაცმა არ იცის, როდის აფეთქდება და დაგვამხობს თავზე სახელმწიფოს.
————
ვალერიან ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი:
- კონტრდაზვერვა ის სივრცეა, რომელშიც ყველაზე ახლო მეგობარიც კი არ უნდა ჩაახედო, მაგრამ ჩვენი სპეცსამსახურები, საუბედუროდ, ყოველთვის განიცდიან სხვადასხვა ქვეყნის პირდაპირ თუ ირიბ გავლენას. თუმცა არის სფეროები, რომლებშიც თანამშრომლობა აუცილებელია. ესაა საერთაშორისო ტერორიზმი, ნარკობიზნესი, იარაღით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, ორგანიზებული დანაშაული და სხვ. კონტრდაზვერვის ხაზითაც შეიძლება თანამშრომლობა, მაგრამ შემოუშვა სხვა ქვეყანა კონტრდაზვერვაში და, საერთოდ, გააკონტროლებინო, ეს კატასტროფაა. საზოგადოდ, ნებისმიერი ჯაშუშური საქმიანობა, სულ ცოტა, გულისხმობს, ჯაშუშის ქვეყნისთვის სასარგებლო საქმიანობას, ხოლო მაქსიმალური სარგებელი კი ჯაშუშობის ობიექტი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა, ამიტომ სადაზვერვო-ჯაშუშური საქმიანობის არასამთავრობო ორგანიზაციებითა და საერთაშორისო ფონდებით შეფუთვა ჯაშუშობის ახალი ფორმაა. აბა, გაბედეთ და, ან ბრიტანეთში, ან დემოკრატიის მექა აშშ-ში დააფუძნეთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია სხვა ქვეყნის დაფინანსებით. იქ პროკურატურის მძლავრი ფილტრი უნდა გაიარო. არაფერს ვამბობ არალეგალურ კონტროლზე.
…ჩემი მინისტრობის პერიოდში, როდესაც ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელს უშიშროების სამინისტროს მოწმობებით სარგებლობა ავუკრძალე, ისეთი ამბავი ამიტეხეს, რომ თბილისიდან გვირაბის გათხრა ვაღიარე… შემდეგ ამერიკელებმა კონტრდაზვერვას გარე მეთვალყურეობის სამსახურიც კი გაუკეთეს და ე.წ. ოტო (მოსმენების სამსახური პორტატული ტექნიკით), რომლითაც ხანდახან მეც მაკონტროლებდნენ, თუმცა იმხანად ისეთი რთული ამოცანა გვქონდა ტერორიზმის სახით, რომ მივუგდე ეს სფერო ჩემს ერთ მოადგილეს ამერიკელებთან ერთად. უბრალოდ, ვიცოდი, რა მეზღაპრეებიც იყვნენ იმჟამინდელი და არა მხოლოდ იმჟამინდელი კონტრმზვერავები და წესიერად იქით არც გამიხედავს. ეს იყო სამწუხარო რეალობა, დღეს არ ვიცი, რა მდგომარეობაა კონტრდაზვერვაში. ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, რამე შეცვლილიყო უკეთესობისკენ, ალბათ, ამერიკელებს ბრიტანელები დაემატნენ.
რაც შეეხება ხელისუფლებას, არ ვიცი, ეყოფა თუ არა მას ძალა და ნება, კონტრდაზვერვა გახადოს ხელშეუხებელი სხვა ქვეყნების გავლენისგან. ამას დრო გვიჩვენებს. თუ სხვა პრიორიტეტები აქვთ და ძალები არ ჰყოფნით, გასაგებია, თუ არადა, კონტრდაზვერვაში ახლა უკვე ბრიტანელების შეშვება, რომლებიც ისტორიულად ყოველთვის რუსეთის იმპერიის ჯიბრზე ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, წინაკატასტროფული ვითარების კიდევ უფრო დამძიმებაა.
- ბრიტანელები არც მალავენ, რომ მათი მთავარი ამოცანა რეგიონში რუსეთის გავლენის შესუსტებაა. როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა ქმედებები შეიძლება ამას მოჰყვეს ოფიციალური მოსკოვისგან?
- ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას. რუსეთს აქვს ინტერესები ამ რეგიონში და ყოველი ახალი “მოთამაშე”, როგორც ახლა ამბობენ, რუსეთს ააქტიურებს და მოტივირებულს ხდის. ჩვენი დიპლომატიური უბრობის ფონზე კი ეს, პრობლემების გარდა, კარგს არაფერს მოიტანს.
———–
ნიკოლოზ მჟავანაძე, “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე:
- დღეს საქართველო, სამწუხაროდ, სავსეა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტებით და აქ მხოლოდ დასავლეთზე არ არის ლაპარაკი. საქართველოში აქტიურად მოქმედებს მეზობელი თურქეთიც და ძალიან მიკვირს, როცა ზოგიერთი აქცენტს აკეთებს რუსეთზე. ამ ქვეყნის მიმართ ყველაფერი გასაგებია – ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა, რომ რუსეთი მტერია, მაგრამ საინტერესოა, ხმას რატომ არ იღებენ იმ ფაქტზე, რომ თურქეთი კოლოსალურ თანხებს ხარჯავს აჭარაში თურქული სკოლების გასახსნელად. არავის უჩნდება კითხვა, თუ რისთვის სჭირდებათ ეს. ვფიქრობ, ხელისუფლებამ კარგად იცის, რა აგენტურული ქსელიც მოქმედებს ქვეყანაში, მაგრამ მას არ აქვს არც ძალა და არც ნება ამის აღსაკვეთად. ეს ხელისუფლება, წინამორბედის მსგავსად, ყურებით ჰყავთ დაჭერილი და უსიტყვოდ, უყოყმანოდ ასრულებინებენ ნებისმიერ მითითებას.
რაც შეეხება ე.წ. არასამთავრობო სექტორს, რეალურად არასამთავრობო სექტორი არის დასავლეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი. ეს არის ყველაზე ქმედითი და აქტიური ნაწილი იმ აგენტურულ-ჯაშუშური მანქანისა, რომელიც რეალურად განაგებს სახელმწიფოს და ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლები, რომც უნდოდეთ, ამ ორგანიზაციებს ვერ შეეხებიან.
- დასავლეთის კიდევ რომელი ქვეყნების სპეცსამსახურები მოქმედებენ საქართველოში, დიდი ბრიტანეთის გარდა?
- ყველა მძლავრ და მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესები ამა თუ იმ გეოპოლიტიკურ არეალში, მაგრამ შენ რისთვის გყავს შესაბამისი სამსახურები? რას აკეთებს უშიშროება, როცა აჭარა წალეკა თურქულმა ფულმა? ან იგივე აზერბაიჯანი ავიღოთ: ჩემთვის გაუგებარია, როცა, მაგალითად, კომპანია “სოკარი”, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი კომპანიაა მსოფლიოს მასშტაბით, აფინანსებს აზერბაიჯანელებს და აძლევს მათ საშუალებას, საქართველოში მიწები შეისყიდონ. ამას, რა თქმა უნდა, ერთი ხელისმოსმით ვერ აკრძალავ, მაგრამ რა დავარქვათ იმას, რომ ხელისუფლება უარს ეუბნება ჩვენს ინგილო ძმებს თხოვნაზე, ისარგებლონ საქართველოში მოქმედი ჯანდაცვის პროგრამით? საუბარია 25 ათას კაცზე და იცით, რატომ ვერ ახერხებს ამას ხელისუფლება? იმიტომ, რომ საქმეში აზერბაიჯანის უშიშროება ჩაერთო. ეს დადასტურებული ინფორმაციაა და ჩვენ რას ვაკეთებთ? ქვემო ქართლში მეჩეთი მეჩეთზე შენდება, ტელევიზიაც თავიანთ ენაზე აქვთ აზერბაიჯანელებს და გაზეთიც. ამის შემდეგ ხმა რომ ამოიღო და რაღაც საფრთხეებზე ალაპარაკდე, გამოხტება ვიღაც გრანტით ნაყიდი “არასამთავრობო” და შოვინისტად მოგნათლავს…
ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიზანმიმართული პოლიტიკაა და, ამ პოლიტიკას წერტილი თუ არ დაესვა, შედეგი იქნება კატასტროფული. ამერიკაში არის შტატი, რომელსაც ჰქვია ჯორჯია, მაგრამ არავითარი კავშირი მას ქართველებთან არ აქვს. ძალიან მალე საქართველო იქნება მხოლოდ ტრაფარეტზე გამოსახული და ამ საქართველოში ქართველები აღარ იცხოვრებენ. აი, ამას მოიტანს ის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელსაც დემოკრატიას ეძახიან და თავს გვახვევენ. ამ პოლიტიკის შედეგად საქართველოში ქართველი სანთლით იქნება საძებარი.
———
P.S. მიუხედავად იმისა, რომ “მეოცნებე” ხელისუფლება დასავლეთის ყურმოჭრილი მონაა და თითქმის ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დღეს გრანტიჭამია “ენჯეოელი” ზის, ვფიქრობდი, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებოდნენ “საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში გამოქვეყნებული მასალის წარმომავლობით. სულ ცოტა, ერთ ზარს და ელემენტარულ შეკითხვებს მაინც ველოდი, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი. ისე გაისუსნენ, გეგონება, პლანეტა მარსზე ან სულაც უცხო გალაქტიკაზე ვწერდით; თითქოს ეს ამბები, საქართველოს კი არა, ინდონეზიას ეხება (ინდონეზია _ პირობითად). ისე, ეს გასაკვირი, ალბათ, არ არის _ ამ მასალიდან ხელისუფლებას ახალი არაფერი გაუგია. ის, რაც ჩვენთვის და სახელმწიფოსთვის ჯაშუშური საფრთხეა, მათთვის დემოკრატიის დასავლელ ტრუბადურთა ძმური სამსახურია. მათთვის ამას “ბნელი საბჭოთა წარსულიდან” თავის დაღწევაში დახმარება, “ცივილიზებულ”, “ნათელ” და “ტოლერანტულ” სამყაროსთან ინტეგრაცია ჰქვია. ალბათ, ეს არის რეალური მიზეზი დუმილისა, რომელიც ოქრო არ არის…
„საქართველო და მსოფლიო“, 14 დეკემბერი, 2016 წელი
ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, ამის გამოსასწორებლად საჭიროა პატრიოტი ადამიანი
ეკა ნასყიდაშვილი
“საქართველო და მსოფლიოს” წინა ნომერში (#46, 7-13 ნოემბერი, 2016წ.) დაიბეჭდა ვრცელი მასალა სათაურით “დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს”, რომელშიც აღწერილია დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა ძირგამომთხრელი საქმიანობა საქართველოში, იმ ქვეყნის, რომელიც საქართველოს არასოდეს სწყალობდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, დიდი ხანია, ეჭვქვეშ დგას და ჩვენი ქვეყნის მმართველები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებენ, ზემოხსენებულმა დოკუმენტურმა მასალამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრძოლის საკითხების დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის მუდმივად ყოფნა არის დიდი ბრიტანეთის მიერ შეტანილი წვლილი ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის პროცესში, რომელიც რეგულირდება ნატოს უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმებებით. ეს წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებს ეხმარება შედეგიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფაში, აგრეთვე, სამთავრობოთაშორისი ინფორმაციის გაცვლის სისტემის გამართვაში. ის მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიული განვითარების საკითხების ჩვენს მრჩეველთან”, – წერია ბრიტანელების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, თუმცა იგივე ბრიტანელები ამბობენ: “ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საფუძველი აქტიურად მოქმედი და კომპეტენტური სპეცსამსახურების ყოლაა, რომლებიც გარედან ნებისმიერ ჩარევას საკადრის პასუხს გასცემენ”… “არსებობს ორი პროფესია და სტრუქტურა, რომლებშიც უცხო ქვეყნის ჩარევა არ შეიძლება – სპეცსამსახურები და დიპლომატია”, – ამბობენ რესპონდენტები, რომლებსაც ვესაუბრეთ.
————-
ზურაბ კვარაცხელია, სახალხო მოძრაობა “სამეგრელოს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე:
- გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მიმდინარე წლის 7-13 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ “დიდი ბრიტანეთი საქართველოს საბოლოო კოლონიზაციას აპირებს” კიდევ ერთხელ განმიახლა დარდი ჩვენი ბედკრული სამშობლოს სავალალო მდგომარეობაზე. კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რაოდენ ამაზრზენად მტაცებლურია ანგლოსაქსების ბუნება. დავფიქრდი იმაზე, როგორი ფარისევლობითაა შეფუთული მათი კოლონიზატორული მიზნები, როგორ ცდილობენ ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები” დემოკრატიის, თავისუფლებისა და ტოლერანტობის ნიღბით კაცობრიობის დამონებას. თუ ვინმეს ეს არ სჯერა, ვურჩევ, დიდი ყურადღებით გადაავლონ თვალი ზემოხსენებულ სტატიაში მოყვანილ ამონარიდებს “კავკასიასა და მოლდოვაში კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის დიდი ბრიტანეთის ფონდის 2016-2017 წლების საპროგრამო დოკუმენტიდან”. სწორედ ამგვარი საპროგრამო დოკუმენტების შედეგია საქართველოს გავერანება-გატიალება ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში. სწორედ ამგვარი პროგრამების პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად განხორციელდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში პუტჩი, რომლის შედეგად დევნილი აღმოჩნდა კანონიერად არჩეული საქართველოს ეროვნული ხელისუფლება – მთავრობა და პრეზიდენტი. სწორედ ამგვარი პროგრამის განხორციელების კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჩვენ უდიდესი ერისკაცის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მარტვილობა და აღსასრულიც…
აშკარაა, რომ, თუ აღვირახსნილი დემოკრატიზმის ადეპტებმა მოახერხეს თავიანთი ანტისაკაცობრიო სურვილების რეალიზება, პატარა ერებისთვის, მათ შორის, ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველი ერია, მზისქვეშეთში საარსებო სივრცე აღარ იარსებებს. ქართველი ერი უახლოეს პერიოდში დაკარგავს იდენტობასაც და შაგრენის ტყავივით დამცრობილ ტერიტორიასაც. ნურავის ეგონება, რომ ეს მეტისმეტად მუქ ფერებში დახატული პერსპექტივაა. სხვათა შორის, სიტუაციის ადეკვატურად აღქმის, გაანალიზებისა და სტრატეგიული აზროვნების უუნარობას ჩვენივე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ წარმატებით იყენებენ ეროვნულ-ტრადიციული ფასეულობების ნიველირების მოსურნე გლობალისტური ძალები. დიახ, სწორედ ამგვარი სიბერწის გამოა, რომ კოლხურ-იბერიული სახელმწიფო რეალურად კვაზისახელმწიფოა და მეზობელ ზესახელმწიფო რუსეთთან ურთიერთინტერესების გათვალისწინება-დაბალანსების, ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის გარეშე, თითქმის 100%-იანი ალბათობით, საბოლოოდ შეწყვეტს არსებობას. ასეა ეს და ახლა ვისაც უნდა, მიწოდოს ცრუ ორაკული…
22 დეკემბერიც კარს მოგვადგა… 25 წელი გასულა იმ ავადსახსენებელი პუტჩის დაწყებიდან… 25 წელია, ჩვენს სამშობლოს კლავენ და, თუ ქართველმა ერმა საკუთარ წიაღში ჯერ კიდევ შემორჩენილი რესურსი არ გამოიყენა, თუ თვითგადარჩენის რეფლექსი არ აამუშავა, მაშინ მისთვის ძალიან მალე ყველაფერი ფატალურად დასრულდება.
————–
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:
_ საქართველოში მხოლოდ დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რომ მუშაობდეს, რა გვიჭირდა… ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში აგენტები რომ არ ჰყავდეს ჩასმული, ეგეთი სახელმწიფო არ არსებობს და ეს, უკვე 25 წელიწადია, გრძელდება. ვიღაცისთვის, შესაძლოა, ახალი ამბავი იყოს, რომ საქართველოში ბრიტანელებს აგენტები ჰყავთ, მაგრამ საქმეში ჩახედული კაცისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენთან მუშაობენ ირანის, თურქეთის, ამერიკის და, რომელი ქვეყნის გინდათ, სპეცსამსახურები. უცხოელი აგენტები საქმიანობენ ყველგან – სრულიად ამიერკავკასიაში.
- ისინი თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ…
- არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში, ისინი მუშაობენ ყველა სტუქტურაში, რაც დაუშვებელია. აგრეთვე, დაუშვებელია ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანების გაჭაჭანება ნებისმიერ უწყებაში. რა უნდა სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში _ ის ხომ არასანდო ადამიანია? საქართველო, როგორც ქვეყანა, არავის სჭირდება, მას პლაცდარმად იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენს ქვეყანაში მუშაობს ისრაელისა და ირანის სპეცსამსახურები, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს ჩვენს ტერიტორიაზე ებრძვის. ასე რომ, მხოლოდ ბრიტანეთი რომ იყოს, რა გვიჭირდა.
საქართველო არის ბუდე ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიისკენ მიმართული ინტერესების. ვიდრე საქართველოში იქნებიან ისეთი პრეზიდენტები, როგორიც იყო აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან შეკრული შევარდნაძე, იმაზე უარესად “შეკრული” სააკაშვილი, აგრეთვე, ივანიშვილი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩახუტებულია დასავლეთის ფინანსურ წრეებთან, ივანიშვილის მიერ მოთრეული არასამთავრობოების წარმომადგენლები და პრემიერი, რომელსაც განათლება ამერიკაში აქვს მიღებული, ჩვენი საშველი არ იქნება. ესენი ხომ ყველანი “შეკრულები” არიან.
ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა, ამის გამოსასწორებლად საჭიროა პატრიოტი ადამიანი, მაგრამ ამის ბედნიერება ჩვენ არ გვაქვს. კაცმა, პრემიეირი რომ ჰქვია, სისულელეები დააბრეხვა და ბიუსელში გაემგზავრა, აქ კი რა მოხდა _ კატასტროფულად მოიმატა ფასებმა… როცა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, აგენტებთან საბრძოლველად ვის სცალია, ან ვინ მოიცლის?!
————–
სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:
- უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობა სუვერენული სახელმწიფოსთვის სასურველი არ არის, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. მესმის მეგობრობა, მაგრამ საზღვარი ყველანაირ ურთიერთობას აქვს. ამ თემაზე ყველა მთავრობას ვეკამათებოდი, რადგან თვლიდნენ, რომ უცხოელებს მათზე მეტი გამოცდილება ჰქონდათ და უნდა დამორჩილებოდნენ მითითებებს, რაც მიუღებელია. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ისეთი დამოკიდებულება ორ ქვეყანას შორის, როგორიც ამერიკასა და ისრაელს აქვთ, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ ამერიკულმა დაზვერვამ ებრაელი აგენტები გამოავლინა… მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ინტერესი ყველაზე მაღლა დგას.
შესაძლებელია, ვიღაც დაგეხმაროს, მაგრამ, როცა ქვეყანა სუვერენულია, მის საშინაო საქმეებში ჩარევა ნაკლებად უნდა ხდებოდეს. საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები არ ჰყავს, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენს დასაცავად, არავინ იომებს. ამ ტერიტორიაზე თუ ვინმე ომობდა, ყველა საკუთარი ინტერესებისთვის.
აუცილებელია, არსებობდეს ზღვარი, არსებობდეს კარი, რომელიც უახლოესი მეგობრისთვისაც კი ჩაკეტილი იქნება. ჩვენს მთავრობას რომ ჰკითხო, ყველა მათი მეგობარი და მოკეთეა, მაგრამ, თუ ამდენი მეგობარი და პარტნიორი გვყავდა, როგორ მოხდა, რომ საქართველომ 25 წლის განმავლობაში დაკარგა იმდენი ტერიტორია, რამდენიც სხვა ქვეყნებს საუკუნეების განმავლობაში არ დაუკარგავთ? არსებობს ორი სფერო, რომლებისთვისაც კადრები სუვერენულმა სახელმწიფომ თვითონ უნდა მოამზადოს _ დიპლომატია და სპეცსამსახურები. დაუშვებელია, ამ სფეროებში მომუშავე კადრები უცხო ქვეყნებმა მოამზადონ!
- სახიფათოა ბრიტანული დაზვერვის მუშაობა საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებში? ჩვენ ხომ ინგლისელები არასოდეს გვწყალობდნენ…
- ინგლისელებმა 1921 წელს ერთა ლიგაში შესვლაში შეგვიშალეს ხელი. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტი არ იყო. საფრთხე დიდი და რეალურია, მაგრამ ჩვენი მაღალჩინოსნები ამას ვერ ხედავენ. ქართული დიპლომატია გამუდმებით კრახს განიცდის. კრახი იყო 2008 წლის ომიც. მთელი დაზვერვა ციხეში უნდა ჩაესვათ და არა მხოლოდ დაზვერვა, მთავრობაც, მაგრამ ამ ქვეყანას ხომ პატრონი არ ჰყავს.
ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მართალია, სიმართლის თქმა არაპოპულარულია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას: დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მსოფლიოში დაძაბულობის განმუხტვა მიმდინარებს, პროცესი ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დაიწყო, მაგრამ სად ვართ ჩვენ? რას აკეთებს ქართული დიპლომატია? მაქვს განცდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდ არ გვყავს. ე.წ. ვიზალიბერალიზაცია გამარჯვება არ არის. ჩვენ ევროპა თავისი ინიციატივით რასაც გვაძლევს, ვჯერდებით, ჩვენი ინციატივით რამე მოვიპოვეთ? – არაფერი. ევროპელებს ჩვენ ვერაფერში ვარწმუნებთ. ქვეყანას უნდა ჰქონდეს სფეროები, რომლებშიც ვერავინ ჩაიხედავს. ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს, რომელიც შეიძლება ჩვენსას არ ემთხვეოდეს.