„რეზონანსი“: წმენდა მთავრობის ქვედა ეშელონებში // “მინისტრების გადასარჩენად მათი მოადგილეები იწირებიან”
„რეზონანსი“: დაიწყო თუ არა მთავრობის გადახალისების პროცესი?
„რეზონანსი“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ოცნებას” ბევრი ცნობილი სახე სიაში ჩასმაზე უარს ეუბნება… არჩევნებს ის პოლიტიკური ძალა მოიგებს, რომელიც მოსახლეობის არჩევნებზე მიყვანას შეძლებს“
„რეზონანსი“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: “როგორც კი ოპოზიცია გაერთიანდება, 3-4 თვეში “ოცნება” აღესრულება”
„ალია“: რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და უმრავლესობამ საგურამოში გამართულ დახურულ შეხვედრაზე?
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „ქართულ ოცნებაში“ დიდი ბუნტი იქნება… ბიძინა ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, რომ სპორტსმენ დეპუტატებს სახლში გაუშვებს”
„ვერსია“: ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან: „მაქვს ინფორმაცია, გაზაფხულზე, ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი ახალი, რუსულ წრეებთან დაახლოებული, მდიდარი ვარსკვლავბიჭუნა გამოჩნდება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან კალანდაძესთან და მიხეილ დონდუასთან: „რუსეთი უფრო იაფად გვაწვდის გაზს, ვიდრე აზერბაიჯანი“
—————————-
„რეზონანსი“, 15 იანვარი, 2016 წელი
წმენდა მთავრობის ქვედა ეშელონებში
“მინისტრების გადასარჩენად მათი მოადგილეები იწირებიან“
თაკო მათეშვილი
ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ, ცვლილებები მინისტრების ნაცვლად, მათ მოადგილეებს შეეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა სამთავრობო რეორგანიზაცია თავიდანვე დააანონსა, ჯერჯერობით მინისტრები არ შეუცვლია, თუმცა სამინისტროებში წმენდა მაინც მიმდინარეობს.
პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ მინისტრების გადასარჩენად მათი მოადგილეები “იწირებიან”. რაც ორ რამეზე მეტყველებს – ერთი მხრივ, კვირიკაშვილი არსებულ მინისტრთა კაბინეტს ვერ ელევა, მეორე მხრივ კი, სამინისტროებში მასობრივი რეორგანიზაციით ირიბად აღიარებს, რომ მათი მუშაობა დამაკმაყოფილებელი არაა.2015 წლის ბოლოს, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის პოსტზე დანიშვნამ საგარეო უწყების მინისტრის სავარძელი ვაკანტური გახადა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ამ პოსტზე არაერთი კანდიდატი განიხილებოდა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც, მინისტრად კვირიკაშვილის პირველი მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა. შესაბამისად, საგარეო უწყებას ახალი მინისტრი და ორი ახალი მოადგილე ჰყავს – ზვიად გონაძე და დავით ზალკალიანი.
ახალი მოადგილე ჰყავს თბილისის მერსაც. გიორგი სოლომონიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 12 იანვარს დატოვა. ის მუშაობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძობს.
გუშინ კი დავით ნარმანიამ, მის ადგილას “ქართუ ჯგუფის” წევრი გიორგი ლილუაშვილი წარადგინა და დასძინა, რომ “იგი ძალიან წარმატებული ადამიანია და საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ აღნიშნულ პოსტზე წარმატებით იმუშაოს”.
გუშინვე სამი ახალი მოადგილე საზოგადოებას შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა – ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარლამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა, დავით ვარდიაშვილი, რომელიც სამინისტროში საფინანსო-სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს და მერაბ მალანია – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, შსს სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას განახლებულ გუნდთან ერთად გააგრძელებს და გაამკაცრებს. მან უწყებაში მორიგი საკადრო ცვლილებებიც არ გამორიცხა.
იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაიდო მინისტრების ცვლილება და რატომ მივიღეთ ახალი მინისტრების ნაცვლად მხოლოდ ახალი მოადგილეები, “რეზონანსი” პოლიტოლოგებს ესაუბრა.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ამ ყველაფრით ახალი პრემიერ-მინისტრი ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს – ერთის მხრივ, მას უნდა იმუშავოს იმ გუნდთან, იმ მინისტრთა კაბინეტთან, რომელთან თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს, მეორეს მხრივ კი ცვლილებები მაინც მიმდინარეობს.
“ამ მინისტრთა კაბინეტში მას პირადი კონტაქტები აქვს და ეტყობა არ უნდა ვინმეს დაემშვიდობოს. გარდა ამისა, რომელიმე მინისტრის განთავისუფლება იმის აღიარება იქნება, რომ მან დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. ალბათ ამიტომ ცდილობს ახალი პრემიერი ძველი კაბინეტის შენარჩუნებას”, – ამბობს ნიკა ჩიტაძე. მისივე თქმით, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის სანაცვლოდ პრემიერმა მინისტრებს დავალება მისცა, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია მოეხდინათ და მოადგილეების გადაყენება, სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება – “თანამდებობა ყველა მინისტრმა შეინარჩუნა, მაგრამ მათ ნაცვლად სხვები შეიცვალნენ”, – დასძენს იგი.
მართალია, მინისტრები არ შეცვლილან, მაგრამ მოადგილეეების ცვლილებაც კი, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, იმის აღიარებაა, რომ ეს სამინისტროები გამართულად ვერ მუშაობდნენ. მისივე თქმით, ამგვარ ირიბ აღიარებაზე სხვა ფაქტორებიც მიუთითებს. კერძოდ ის, რომ განუწყვეტელი მსჯელობა მიდის სამომავლოდ სიების შეცვლაზე. “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ისიც კი თქვა, რომ მომავალ სიაში მოჭიდავეები და მსახიობები აღარ იქნება.
გარდა ამისა, რამაზ საყვარელიძის თქმით, იმ პარტიული გუნდის მიმართ, რომელსაც საკანონმდებლო პოლიტიკა მიჰყავს, უკმაყოფილებაა – ახალი პრემიერის მიერ არაერთხელ ითქვა, რომ ცვლილებები იქნება და ეს ფრაზაც მიუთითებს, რომ პარტიაში, შიგნით აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართაც კრიტიკული დამოკიდებულებაა. ასე რომ, როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამ ორივე მიმართულების მიმართ კრიტიკა უკვე გამოთქმულია და აღიარებულია, რომ მათი მუშაობა გაუმჯობესებას საჭიროებს. თუმცა, მისივე თქმით, მოსახლეობა აღმასრულებელი ხელისუფლების ცვლილებას ელის. ეს კი, რა თქმა უნდა, პირველ პირებს ეხებათ – პრემიერსა და მინისტრებს. პრემიერი შეიცვალა, მინისტრები კი – არა.
“აღსანიშნავია, რომ მინისტრი პირველი პირი კი არის, მაგრამ გადამწყვეტი მაინც უწყების მთლიანი მენეჯმენტია. ვვარაუდობ, რომ უწყებრივი მენეჯმენტის, ანუ იმ გუნდის შეცვლა მიმდინარეობს, რომელიც ამა თუ იმ უწყებას მართავს. თუ აღმოჩნდა, რომ ამ გუნდის მეორე და მესამე პირები შეიცვალნენ, მინისტრები კი უცვლელნი დარჩნენ, ეს სახელისუფლებო პარტიაზე დადებითად არ იმოქმედებს, რადგან ყველა ვერ ჩაწვდება იმას, თუ რა ფუნქციას ასრულებდა ესა თუ ის მოადგილე და რამდენად იყო მისი შეცვლა საჭირო გაუმჯობესებისათვის. ამიტომ, პირველი პირები თუ არ შეიცვლანენ, ხალხს დარჩება განცდა, რომ არაფერი შეცვლილა. არჩევნებისათვის კი, ეს განცდა ძალიან წამგებიანი იქნება”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
„რეზონანსი“, 15 იანვარი, 2016 წელი
დაიწყო თუ არა მთავრობის გადახალისების პროცესი?
ნინო ქეთელაური
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს სამი ახალი მოადგილე ჰყავს. როგორც მინისტრმა განაცხადა, შსს სამინისტრო განახლებულ გუნდთან ერთად გააგრძელებს და გაამკაცრებს ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ. მისივე განმარტებით, დანაშაულთან ბრძოლა იქნება შეუვალი, შეურიგებელი და ამ გზაზე იქნებიან წარმატებულები.
გიორგი მღებრიშვილმა პირველ მოადგილედ ბესიკ ამირანაშვილი წარადგინა, მეორე მოადგილედ დავით ვარდიაშვილი, ხოლო მესამე მოადგილედ – დავით მალანია. როგორც მინისტრმა განაცხადა, ყველა მოადგილე პიროვნული და საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულებით შეარჩია.
საკუთარი მოადგილე წარადგინა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამაც. მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი იქნება. როგორც დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გიორგი ლილუაშვილი ძალიან წარმატებული ადამიანია და საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ აღნიშნულ პოსტზე წარმატებით იმუშაოს.
როგორ ფიქრობთ, დაიწყო თუ არა მთავრობის გადახალისების პროცესი? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბურჯანაძე (მსახიობი): “როდისღა უნდა გადაახალისონ?! – ვეღარაფერს მოასწრებენ. ეს არის თვალის ახვევა. დავით ნარმანიამ 2 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთა და ერთი კაცის გამოცვლით რამე შეიცვლება?!”
გიგა ნასარიძე (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): “ეს უბრალოდ გავლენების გადანაწილების პროცესია. მოიშორეს ერთი და ჩანააცვლეს მეორე ადამიანით, ვგულისმობ პრემიერ-მინისტრს და ახლა ვის როგორც შეუძლია, ინაწილებს საკუთარ გავლენებს. მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც საკუთარ პოზიციაზე რჩება და იმყარებს საკუთარ პოზიციებს, “ქართუ ჯგუფის” კადრებს ნიშნავს სხვადასხვა პოზიციებზე. მოკლედ, ეს უბრალოდ მარტივი გავლენის სფეროების გადანაწილეებაა და მეტი არაფერი.”
რეზო მიშველაძე (მწერალი): “მთავრობის გადახალისების პროცესი პერმანენტულად ყოველთვის მიმდინარეობს და ეს არ მიმაჩნია სენსაციებისა და გაკვირვების საგნად. კადრების ცვლა სხვადასხვა მიზეზით მიმდინარეობს. ზოგჯერ თავად შეატყობს ადამიანი, რომ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ზოგჯერ სხვები მიუთითებენ და ცოტა უბიძგებენ, რომ სხვა ადგილზე უფრო გამოგვადგებიო. ყველაფერზე რომ ერთი ამბავი ავტეხოთ – არიქა, გაკოტრდა “ქართული ოცნება” და ჩაძირვა დაწყებული გემის მესვეურები ნელ-ნელა ტოვებენ გემს და იპარებიანო, ეს იქნება ნაჩქარევი დასკვნა.
შევხედოთ ამას კარგი თვალით, ვინც წავა, ხელი მოუმართოს, ვინც მოვა, მასაც ხელი მოუმართოს.”
ირმა სოხაძე (მომრერალი): “გარკვეულწილად მაგასაც შეიძლება ნიშნავდეს იმიტომ, რომ რა დასამალია და ჩვენი მთავრობა გადახალისებას ნამვილად საჭიროებს. ძირეულ ცვლილებებზე მე ვერაფერს ვიტყვი, მინისტრების მიმართ პრეტენზიები არ მაქვს და ჩემთვის მიუღებელი არც ერთი მინისტრ არ არის, მაგრამ თუ შიგნით უფრო ქმედითუნარიან მოადგილეებს მოიყვანენ, ამაში ცუდი არც არაფერია და შესაძლოა ეს ბევრ სამინისტროს ძალიანაც წაადგეს. თუ მოადგილეები შეიცვლებიან, ბევრ შემთხვევაში ეს ძალიანაც კარგი იქნება.”
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი): “გადადგილება რატომ ნიშნავს რამე საგანგაშოს? ეს ჩვეულებრივ პროცესად მიმაჩნია. ღმერთმა არ აქნას, ცუდ რამეს ნიშნავდეს.”
„რეზონანსი“, 15 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ოცნებას” ბევრი ცნობილი სახე სიაში ჩასმაზე უარს ეუბნება… არჩევნებს ის პოლიტიკური ძალა მოიგებს, რომელიც მოსახლეობის არჩევნებზე მიყვანას შეძლებს“
ელზა პაპოშვილი
“საქართველოს განვითარების ფონდის” წევრის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნება” ახალი სახეების მოძიებას ვერ ახერხებს, რადგანაც არც ერთ ინტელექტუალ და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანს ამ პარტიასთან ურთიერთობა არ სურს. ამის მიზეზად პოლიტოლოგი ოცნების მართვის პრინციპს მიიჩნევს. მისი თქმით, განათლებულ და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებს არ სურთ, რომ ვინმეს გავლენის და მორჩილების ქვეშ მოექცნენ.
ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, “ქართულ ოცნებას” ხალხის არჩევნებზე მიყვანის სერიოზული პრობლემა ექნება. ამიტომაც დასავლეთთან უშუალო მოკავშირის – “რესპუბლიკელების” კოალიციიდან წასვლას გამორიცხავს. მისი აზრით, “ოცნებას” არჩევნებისთვის ეს პარტია ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ საარჩევნო სიებში უფრო მეტი “რესპუბლიკელი” ვიხილოთ.
- როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნება” პარტიაში ახალი სახეების მოყვანას თუ შეძლებს?
- ეს ორ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული – ახალ სახეებს “ქართული ოცნება” რამდენად პერსპექტიულ ძალად მიაჩნია, მეორე ის, რომ პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში შეინარჩუნებს თუ არა დარჩენილი 4 წლის განმავლობაში კოალიცია პოზიციებს და ხომ არ მივალთ შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე.
“ოცნების” სამომავლო პერსპექტივა რომ სერიოზული კითხვის ქვეშ დგას, ყველამ კარგად იცის. დღეს ამ პარტიას ძალიან ბერი ცნობილი სახე სიაში ჩასმაზე უარს ეუბნება. რა თქმა უნდა, ეს ზოგადად უპრეცედენტო მოვლენაა. ამ ხალხს მიაჩნია, რომ მართველი პარტიის მომავალი ბუნდოვანი და გაურკვეველია. ამიტომაც საზოგადოებაში ცნობილ ადამიანებს საკუთარი მომავლის კითხვის ქვეშ დაყენება არ სურთ. მიზეზი, რის გამოც ეს ხალხი უარს ამბობს, “ოცნებაში” დამკვიდრებული მართვის პრინციპია.
ეს არის თავისუფალი აზრის და ინოვაციის ჩახშობის პრინციპი. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია, რომ ამ ადამიანებმა საკუთარი მომავალი “ქართულ ოცნებას” დაუკავშირონ. პროფესიონალიზმი და თავისუფალი აზრი ამ პარტიაში ვერ ხარობს. ამაში კი ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებმა უფრო კარგად დაგვარწმუნა.
- შესაძლოა, რომ “ქართული ოცნების” სიაში მოქმედ ლიდერთაგან ზოგიერთი საარჩევნოდ ვეღარ ვიხილოთ?
- “ქართული ოცნება” სავსეა ძალიან ბევრი შემთხვევითი ადამიანით. ამ პარტიის საფირმო ნიშანი უვიცობა და გაუნათლებლობაა. მათ იმის კვალიფიკაციაც კი არ ყოფნით, რომ ის ადამიანები, რომლებიც უტიფრობის და უვიცობის ნიმუშები არიან, გვერდზე გაწიონ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ახალი პრემიერის დახმარებით ამ დაღის მოცილებას შეეცდებიან. რამდენად მოახერხებენ ამას, უკვე დრო გვიჩვენებს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, გიორგი კვირიკაშვილს საარჩევნო სიის შედგენაში მონაწილეობას რამდენად მიაღებინებენ. ამჟამად “ოცნების” მთავარ პრობლემას საპარლამენტო სიის დაკომპლექტება წარმოადგენს. თუ ხალხი სიაში ისევ მორჩილების პრინციპით შევა, მაშინ გარწმუნებთ, რომ ხელისუფლება დამარცხებისთვის განწირულია.
- რას იტყვით, ბოლო დროს გავრცელებულ ვარაუდზე, რომ წინასაარჩევნოდ “რესპუბლიკურმა” პარტიამ შესაძლოა “ოცნების” რიგები დატოვოს?
- “რესპუბლიკური” პარტია “ოცნებასა” და დასავლეთს შორის ერთგვარ საკონტაქტო ხიდს წარმოადგენს, ამიტომაც არ მგონია, რომ ხელისუფლებას ამ ხალხის კოალიციიდან წასვლა პოლიტიკურად მომგებიანად მიაჩნდეს. “რესპუბლიკელების” გარეშე ისინი წინასაარჩევნოდ დასავლეთის ნდობისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან. რეიტინგდაკარგულ პარტიას, არ მგონია, რომ კიდევ მსგავსი სახის პრობლემები აწყობდეს.
- თქვენ ფიქრობთ, რომ თუკი “რესპუბლიკური” პარტია საარჩევნო სიებში საკუთარ წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდას მოითხოვს, ამას “ოცნება” უპირობოდ დათანხმდება?
- გააჩნია “რესპუბლიკური” პარტიის რეიტინგს. მართალია, მათ დასავლეთთან ექსკლუზიური პარტნიორობის საშუალება და უფლება აქვთ, მაგრამ გადამწყვეტ როლს მაინც სიის შემდგენი ითამაშებს. ხოლო ვინ იქნება ეს, ცხადზე ცხადია, ივანიშვილმა გააკეთა უკვე განცხადება, რომ წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” სიის დაკომპლექტებაში მონაწილეობას მიიღებს.
- წინასაარჩევნოდ მთავრობაში რადიკალური ცვლილებები თუ იქნება?
- რა თქმა უნდა, საარჩევნოდ კიდევ უფრო რადიკალურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. ხელისუფლებას, როდესაც საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი არა აქვს, ის სანახაობას აუცილებლად გამართავს და ყველა იმ ადამიანს მოიცილებს თავიდან, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი სიმპათია არა აქვს.
- როგორ ფიქრობთ, მოსახლეობის არჩევნებზე მიყვანა პრობლემა იქნება?
- რა თქმა უნდა, საზოგადოებაში, სერიოზული პესიმიზმი და იმედგაცრუება სუფევს. ამ არჩევნებს ის პოლიტიკური ძალა მოიგებს, რომელიც ამომრჩევლის არჩევნებზე მიყვანას შეძლებს.
„რეზონანსი“, 15 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: “როგორც კი ოპოზიცია გაერთიანდება, 3-4 თვეში “ოცნება” აღესრულება”
თიკო ოსმანოვა
“ქართულ ოცნებას” ვინ მიემატება ან ვინ მოაკლდება, ეს ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე დიდ გავლენას არ მოახდენს. ახლა მთავარი საკითხია, როდის და რა შემადგენლობით ჩამოყალიბდება ოპოზიციის ალტერნატივა. “ქართული ოცნება” იარსებებს ზუსტად იმ დღემდე, ვიდრე ჩამოყალიბდება გაერთიანებული ოპოზიცია. როგორც კი ოპოზიცია გაერთიანდება, 3-4 თვეში “ოცნება” ოფიციალურად აღესრულება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა.
“გაზპრომთან” დაწყებულ მოლაპარაკებებზე და მართველი კოალიაციის შიგნით მიმდინარე პროცესებზე “რეზონანსი” კახა კუკავას ესაუბრა. მისი თქმით, „ეს მოლაპარაკებები არის კორუფციული. სინამდვილეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ “სოკარი” აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას”, აქედან გამომდინარე, “ნაციონალები” ლობირებენ “სოკარს”. ხოლო “გაზპრომთან”, როგორც ჩანს, ანალოგიური კორუფციული სქემის შექმნას ბიძინა ივანიშვილიც აპირებს, ამიტომაც ლობირებენ “გაზპრომს”. საქართველოს მოსახლეობა ამ პროცესიდან ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს“..
- აქედან გამომდინარე არსებობს იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯანული გაზი რუსულით ჩანაცვლდეს?
- ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს უკვე მიღებული აქვს. იგი ამას არ შეცვლის. თუმცა მე ამაში დადებითსაც ვხედავ, იმიტომ, რომ ეს “ოცნებას” დამატებით მტრებს გაუჩენს და ხელისუფლების დემონტაჟს უფრო დააჩქარებს.
- ანუ ხელისუფლების რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა?
- რეიტინგი არა, უფრო მეტიც, დასავლეთში, სადაც საქართველოს მთავრობის დამხობის შესახებ მიიღება გადაწყვეტილებები, ვფიქრობ, დამატებითი მოტივაცია ექნებათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის დემონტაჟი დააჩქარონ.
- ანუ მორიგ რევოლუციას პროგნოზირებთ?
- შეიძლება არჩევნებამდე არ მოხდეს და მერე მოხდეს.
- და თუ მართლაც ასე მოხდა, 2016 წლის არჩევნებზე გამარჯვების რეალური შანსი ვის აქვს?
- დღესდღეობით არ ჩანს ხელისუფლების ალტერნატიული ოპოზიციური ძალა. ჯერჯერობით ოპოზიცია არის გაყოფილი, ამიტომ ვერ გეტყვით, ვინ იქნება.
- კულუარული ინფორმაციით, კოალიაციაში “თავისუფალი დემოკრატების” უკან დაბრუნებაზე მსჯელობენ, არსებობს რეალურად ამის ალბათობა, თქვენი აზრით?
- მე მგონი, გამორიცხულია ბევრი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, კოალიაციის მომავალი გაურკვეველია და მეორე, ამ გაერთიანებაში ფეხის ჩასადგმელი ადგილიც არ არის. ასე რომ, დამატებითი პარტიები აღარ სჭირდებათ.
- თუმცა წინასაარჩევნოდ უმრავლესობის ლიდერმა კოალიაციის გაფართოება ან შემცირება არ გამორიცხა…
- არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება შეურთდეს კოალიაციას. არც მგონია, რომ ჩაძირულ გემზე ვინმემ მოინდომოს ასვლა. “ქართული ოცნება,” როგორც პოლიტიკური ორგანიზმი, მკვდარია, ახლა ლპობის პროცესი მიმდინარეობს.
ჩვენ გვახსოვს, შევარდნაძე პოლიტიკურად რომ მოკვდა, 2 წელი კიდევ არსებობდა “მოქალაქეთა კავშირი”. შეიძლება ხელისუფლება 1-2 წელი არ შეიცვალოს, მაგრამ არსებითად ის, რომ “ოცნება” ლპობის პროცესშია, ეს ყველაფრიდან ჩანს – დაწყებული რეიტინგის ვარდნით და დამთავრებული ე.წ კოკაინის საქმის სკანდალებით. ამიტომ “ქართულ ოცნებას” ვინ მიემატება ან ვინ მოაკლდება, ეს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში დიდ გავლენას არ მოახდენს. ახლა მთავარი საკითხია, როდის და რა შემადგენლობით ჩამოყალიბდება ოპოზიციის ალერნატივა. “ქართული ოცნება” იარსებებს ზუსტად იმ დღემდე, ვიდრე ჩამოყალიბდება გაერთიანებული ოპოზიცია. როგორც კი ოპოზიცია გაერთიანდება, 3-4 თვეში “ოცნება” ოფიციალურად აღესრულება.
- არსებობს რეალური შანსი, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს?
- ალბათობა კი არა, ბაზარზეა ამის მოთხოვნა, საზოგადოება, ამომრჩეველი ამას ელოდება.
- მოთხოვნა არსებობდა გასულ წლებშიც, თუმცა ოპოზიციამ ეს ვერ მოახერხა?
- გასაგებია, ამიტომაცაა კითხვის ნიშანი. მოთხოვნა არსებობს, ოღონდ ვინ იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი ოპოზიციური ძალები იქნებიან ადეკვატურები. ჯერჯერობით ადეკვატურობის დეფიციტი ოპოზიციაში არის და რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა შარშან თუ შარშანწინ გაუშვა ამის შანსი, მოეხდინა ოპოზიციის ფორმირება.
რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და უმრავლესობამ საგურამოში გამართულ დახურულ შეხვედრაზე?
გელა ზედელაშვილი
14 იანვარს საქართველოს არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმის მარანში შეკრიბა. შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მეუღლეებთან ერთად ესწრებოდნენ. ყოფილი პრემიერების, მოქმედი პრემიერისა და დეპუტატების შეხვედრა დახურული გახლდათ, დაწყებამდეც კი ჟურნალისტებთან კომენტარი არავის გაუკეთებია. საახალწლო შეკრებაზე ძირითადად მიიწვიეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები. არსად ჩანდნენ „რესპუბლიკელები“, თავად დავით უსუფაშვილი, „მრეწველები“ – ზურაბ ტყემალაძე და გოგი თოფაძე.
სხვათა შორის, მოსალოდნელი შეკრების შესახებ ჯერ კიდევ დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა ხუთიოდე დღის წინ “კვირის ქრონიკასთან“ საუბარში, რამდენიმე დღეში ძალიან სერიოზული ლაპარაკი გვექნებაო და ნაწილობრივ იმაზეც ისაუბრა, რა საკითხები იქნებოდა დღის წესრიგში: პირველი – პარტია „ქართული ოცნების“ ამუშავება (ან „გაცოცხლება“, რაც გნებავთ, ის უწოდეთ); მეორე – საბოლოოდ იმის გარკვევა, ვინ უნდა დაემშვიდობოს პარლამენტს კოალიციიდან და როგორ გადანაწილდება კვოტები კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის.
მოგეხსენებათ, 2012 წლის არჩევნებში ყველა პარტიაზე 10-10 ადგილი გადანაწილდა და ამიტომაც შეყარეს პარლამენტში ნათესავ-მეგობრები; მესამე – უნდა გაირკვეს, რა გზას დაადგება მოულოდნელად გადამდგარი ირაკლი ღარიბაშვილი, ახალ პარტიას შექმნის, რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნება თუ მოღვაწეობას ისევ „ქართულ ოცნებაში“ გააგრძელებს, პარლამენტში შევა და თავმჯდომარე გახდება?
ჭავჭავაძე-გურამიშვილების მარანში შეხვედრას ფორმალურად ახალი წლის აღნიშვნა დაარქვეს, ალბათ, გახსოვთ, მსგავსი ქეიფი ბიძინა ივანიშვილმა შარშან ამ დროსაც მოაწყო და ისიც ითქვა, პოლიტიკაზე საუბარი საერთოდ არ იქნება და არც ყოფილაო, მაგრამ არავინ დაიჯერებს, რომ დეპუტატებმა თავიანთ მმართველთან ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომები გაარჩიეს და საქართველოდან გატანილი ვან დეიკის ტილო შეაფასეს.
როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს “ალიასთან“ საუბარში, ბიძინა ივანიშვილს კი აქვს დალაგებული საკუთარი აზრები იმის შესახებ, რა როგორ იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ არაფორმალურ გარემოში „ლაითად“ მაინც უნდა გაეცნო თავისი ე.წ. გუნდის წევრებისთვის:
„მაგალითად, დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის კარზე დამუშავებულია ორი ვარიანტი: პირველი – ახალი პარტია, პარლამენტში შესვლა და შემდეგ თავმჯდომარედ დაწინაურება; მეორე – დავით ნარმანიას გადადგომა, ან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ივლისში და თბილისის მერად ღარიბაშვილის გაყვანა, ან კიდევ მერის არჩევნების ჩატარება საპარლამენტოსთან ერთად. მეორე ვარიანტი თითქმის უკვე გადაწყვეტილია და ამიტომაც დაუნიშნეს მოადგილედ გიორგი ლილუაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა „ქართუ ჯგუფში“ და ასევე სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე „ბურჯში“, „ქართუ მშენებელსა“ და „ბანკ ქართუში“. დავით ნარმანია თებერვლის ბოლოს დაწერს განცხადებას, წავა თანამდებობიდან და მოვალეობის შემსრულებლად დარჩება გიორგი ლილუაშვილი, „ქართუში” გამოზრდილი კადრი. თუ მერის არჩევნები ივნისში გაიმართება, ამით ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს სამ კურდღელს მოაკვლევინებს: ჯერ ერთი, ივნისი ის დროა, როცა საარჩევნო ციებ-ცხელება აქტიურ ფაზაში იქნება შესული და „ქართულ ოცნებას” სწორედ ირაკლი ღარიბაშვილისნაირი ენერგიული ადამიანი სჭირდება და არა მკვდარი დავით ნარმანია, რომელიც თბილისის ქუჩებსაც კი ვერ ცნობს ხეირიანად. მეორე – ასე იქნება თუ ისე, მერის არჩევნები რა დროსაც არ უნდა გაიმართოს, ირაკლი ღარიბაშვილი მაინც გახდება თბილისის მმართველი მხოლოდ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და შემდეგ იყრის კენჭს, რათა გიორგი მარგველაშვილი ჩამოაშოროს უმაღლეს თანამდებობას, თვითონ გახდეს პრეზიდენტი და ნებით გადასცეს ის პომპეზური შენობა მთავრობას“.
როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესო კომბინაციას ხატავს ჩვენი ინკოგნიტო ინფორმატორი. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია სხვა არხებითაც გახლავთ გადამოწმებული და ბევრი რამ ემთხვევა. ჩვენ იგივე წყარო გვაწვდიდა ინფორმაციებს სამთავრობო ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ შარშან და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც მაშინ ახდა.
რატომ უნდა დაინიშნოს თბილისის მერის ვადამდელი არჩევნები მაინცდამაინც ივლისში? ამას კანონი ითვალისწინებს, მერის გადადგომის შემთხვევაში არჩევნები ინიშნება 6 თვეში. თუ საპარლამენტო არჩევნებს დაამთხვევენ, მაშინ საკრებულო ლილუაშვილს ვადას გაუგრძელებს და არც ეს იქნება პრობლემა. ამ დღეებში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია და წყაროც გვიდასტურებს, რომ კოალიციაში საარჩევნო სიებთან დაკავშირებით დიდი დაძაბულობაა, მას შემდეგ, რაც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, სიებში სპორტსმენებისთვის და მსახიობებისთვის ადგილები შეიზღუდებაო:
„პრინციპში, ამ „ბავშვს“ ახალი არაფერი უთქვამს, იგივე გაიმეორა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ უთხრა ამათ ჯერ კიდევ შარშან. უბრალოდ, ის ეწყინათ, კობახიძე ვინაა, ასე რომ გადაგვიარაო, ამას ვინ ეკითხება, თუ რამეა, თავად ბატონი ბიძინა გვეტყვისო. სხვათა შორის, სანერვიულოდ კი აქვს საქმე დეპუტატების ნაწილს, მაგრამ არც ისე, როგორც განიცდიან. ივანიშვილი მათ ჰპირდება, რომ არც ერთი არ დარჩება უკმაყოფილო, ყველა მიიღებს კარგ თანამდებობას. მაგრამ დეპუტატობა მაინც სულ სხვა რამეა, ოთხი წლით გარანტირებული ხარ, ხელს ვერავინ გახლებს, მაგრამ ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერია და ამასაც შეეგუებიან. რასაკვირველია, საახალწლო შეხვედრაზე საბოლოოდ ვერც სიების საკითხი გადაწყდებოდა და ვერც ირაკლი ღარიბაშვილის საქმე, მაგრამ საუბარი მხიარულ სტილში მაინც იყო. მით უმეტეს, როცა ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს კამათი და ცხელ-ცხელი ჭორების მოსმენა“.
საგურამოში შეხვედრისას აშკარად თვალშისაცემი ყოფილა ივანიშვილის თბილი დამოკიდებულება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. ეტყობა, ამით მან ყველას აჩვენა, არც ისეა საქმე, როგორც გგონიათო. წყაროს თქმით, ძალიან ბევრმა იჩქარა კოალიციაშიც კი, როცა ზოგიერთი გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, ვერ ვხედავო. თუ მართლა გაეხსნა მეორე „დიხანია“ ირაკლი ღარიბაშვილს და ალბათ, გაეხსნება, ბევრს ან ეწყინება, ან კიდევ ისევ გადავა ვაზელინის ხმარებაზე. სხვათა შორის, წყაროს თქმით, თურმე ირაკლი ღარიბაშვილი ნანობს, რომ ბევრს ენდობოდა და ახლა გაარკვია, ვინ ყოფილა მისი ერთგული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
საგურამოს „ქეიფმა“ მშვიდობიანად ჩაიარა, არ ყოფილა გაწევ-გამოწევა, გინება და ხმაური. კრება დარჩა მხიარული. მარნიდან გამოსულმა დეპუტატებმა ისევ არ გააკეთეს კომენტარები, ერთადერთი გიორგი ვოლსკიმ “დაგვამშვიდა“, ყველაფერი კარგად იქნებაო:
„ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს. იყო მოკრძალებული სუფრა და ვფიქრობ, კარგი საღამო გამოვიდა. უახლოეს დღეებში, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია კოალიციურობა და სიები, ყველაფერზე გექნებათ პასუხები. დღეს იყო ახალი წლის აღსანიშნავი საღამო. სპორტსმენები იქნებიან სიებში, მსახიობები, ზეინკლები, თუ იურისტები, ეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოითხოვს, ისე იქნება ჩვენი გუნდის მხრიდან. ეს არის გუნდი, რომელიც არის უშლელი და ირაკლი ღარიბაშვილიც იყო სტატუსით, რასაც ჰქვია მეგობარი და ამ გუნდის წევრი“.
„ახალი თაობა“, 15 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „ქართულ ოცნებაში“ დიდი ბუნტი იქნება… ბიძინა ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, რომ სპორტსმენ დეპუტატებს სახლში გაუშვებს”
გადავლენ თუ არა „ოცნების“ მიერ დაწუნებული სპორტსმენები და მსახიობები ჩერნოვეცკის პარტიაში, ვის გადაწყვეტილებებს ახმოვანებს კობახიძე, მართლა იგეგმებოდა თუ არა თავისუფალი დემოკრატების გაბედნიერება? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ესაუბრება.
- გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფალი დემოკრატები ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიასთან აპირებდნენ თანამშრომლობას. როგორც ამბობენ, სწორედ ამ თანამშრომლობის ჩასაშლელად დაუტკბნენ მათ მეოცნებეები და მზად არიან, ისინი კოალიციაში დააბრუნონ. მართლა აპირებდნენ ალასანია და მისი ხალხი გაბედნიერებას?
- პარლამენტში თავისუფალი დემოკრატები 8 კაცით არიან წარმოდგენილი. მათთან გარკვეული შეხება მაქვს და ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. ირაკ;ლი ალასანიასა და მის გუნდს „ბედნიერ საქართველოსთან“ მოლაპარაკებები არ უწარმოებია. ამის მიუხედავად, „ქართულ ოცნებასთან“ მათი ხელახალი დაახლოება ჩვენი დამსახურებაა. კოლიაციაც და ირაკლი ალასანიას პარტიაც აცნობიერებენ, რომ ჩვენი სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და იძულებული გახდნენ, გაერთიანებაზე დაეწყოთ საუბარი. „თავისუფალი დემოკრატების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია „ქართულ ოცნებაში“ პრაქტიკულად უკვე დაბრუნებულია. მათ მხარი დაუჭირეს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს, არადა, რამდენიმე დღით ადრე მათ ეს პროექტი ჩააგდეს. ეტყობა, რაღაც გარიგება შედგა.
- ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ორ „თავისუფალ დემოკრატზე“, მთლიანი პარტია რას იზამს?
- ამ ორი კაცის ამბავი უმნიშვნელო არ არის, ამით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი გარიგებაში შევიდნენ. ცოტა ხნის წინ ამ პარტიის წევრი დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დააბრუნეს. აშკარაა, რომ პროცესი დაწყებულია. შესაძლოა, ისინი ისევ ერთ კოალიციაში ვიხილოთ.
- მათ ერთმანეთზე ბევრი ცუდი აქვთ ნათქვამი და ამის შემდეგ ისევ ერთად დადგომა უხერხული არ იქნება? თუ პოლიტიკაში ასეთი რამეები ჩვეულებრივი ამბავია?
- ამ კოალიციაში ასეთი რამე სიახლე არ იქნება. აქ თავმოყრილი ძალები ერთმანეთზე საშინელებებს ამბობენ, მაგრამ კოალიციას არ ტოვებენ. მაგალითისთვის „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“ დაგისახელებთ. გოგი თოფაძე „რესპუბლიკელების“ ლიდერებს ვერ იტანს, ისინი კიდევ „მრეწველების“ ლიდერზე ამბობენ საშინელებებს. პოლიტიკა ისეთი რამაა, რომ რადიკალურად დაპირისპირებულ ძალებს ერთი ქოლგის ქვეშ ყოფნას აიძულებს. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, აქ დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო მეტად ვერ აიტანენ ერთმანეთს, მაგრამ ყველანაირად შეეცდებიან, კოალიციაში დარჩნენ.
- კოალიციაში დარჩენას სპორტსმენები და მსახიობებიც შეძლებენ? „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომავალ საარჩევნო სიაში ისინი ვეღარ მოხვდებიან...
- ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა, ნიჭიერი, მაგრამ პოლიტიკაში გამოუცდელი კაცია. ის ამ თანამდებობაზე სპეციალურად დანიშნეს და მას თავისი მისია აქვს შესასრულებელი. ის პოლიტიკაში გამოუცდელი კაცია და ჯერ ვერ ხვდება, რა უნდა თქვას და რა – არა. ის ახმოვანებს „ქართული ოცნების“ ნამდვილი ლიდერების მოსაზრებებს. მოკლედ რომ ვთქვათ, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს.
- ამით იმის თქმა გინდათ, რომ მან სპორტსმენებთან და მსახიობებთან დაკავშირებით სხვისი მოსაზრებები გაახმოვანა?
- ირაკლი კობახიძემ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის აზრი გაახმოვანა. ეს მას აღარ სურს, კოალიციაში სპორტული სამყაროს წარმომადგენლები იხილოს. ირაკლი კობახიძე ამ შემთხვევაში მხოლოდ გამხმოვანებელია. სადღაც მაისისთვის კოალიციას სპორტისა და კინოს წარმომადგენლებთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბება. ისინი პოლიტიკიდან წასვლას არ მოისურვებენ და სხვადასხვა პარტიას მიმართავენ.
- მიიღებენ სხვა პარტიები მათ?
- რატომ არ უნდა მიიღონ, მათ დიდი ავტორიტეტი აქვთ.
- მათი გაბედნიერების შანსი რამდენად არის? თქვენთან რომ მოვიდნენ, მიიღებთ? ამაზეც გაკეთდა რამდენიმე მინიშნება...
- პარტიას „ბედნიერი საქართველოსთვის“ ჯერ დამფუძნებელი ყრილობა არ ჰქონია. ჩატარდება ყრილობა და ყველაფერი დალაგდება. ჩვენი მიზანი კარგი ადამიანების მოზიდვაა. აქცენტი ისეთ ადამიანებზე გაკეთდება, რომლებსაც პოლიტიკური სიტყვა ეთქმით. სახელმწიფოს ისეთი ადამიანები გამოადგება, რომლებსაც პოლიტიკური წონაც აქვთ და გამოცდილებაც. იმ ადამიანებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იწუნებს, ავტორიტეტი ნამდვილად არ აკლიათ.
- თუ ასეა, რატომ გახდნენ ისინი “ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელნი?
- ისინი „ქართული ოცნებისთვის“ კი არა, ივანიშვილისთვის გახდნენ მიუღებელნი.
- რა არის ამის მიზეზი? აქამდე მან ისინი ჭარბი დოზითაც კი წარმოადგინა.
- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო პარტიების პოლიტიკური ომი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამ შემთხვევაში სპორტსმენები და მსახიობები ადგილებზე ძალიან დიდ ავტორიტეტებს წარმოადგენდნენ. ამ ხალხმა მაჟორიტარული არჩევნებიც მოიგო. მიხეილ სააკაშვილის დროს მაჟორიტარული არჩევნების მოგება იყო რთული. „ქართული ოცნების“ წაგების შემთხვევაში დიდი შანსი იყო, რომ ისინი ციხეში წავიდოდნენ.
ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, თუ რა ავტორიტეტი ჰქონდა ამ ხალხს და ამიტომაც დააყენა ისინი მაჟორიტარებად. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
-ახლა რა შეიცვალა, ავტორიტეტი დაკარგეს?
- მათი ავტორიტეტი ისევ მაღალია, მაგრამ ახლა ისინი აქტუალურები აღარ არიან. ამასთან, კოალიციის შიგნით სერიოზული ბრძოლა მიდის გამსვლელ ადგილებზე. მათ ისიც კარგად ესმით, რომ ვერც სიითა და ვერც მაჟორიტარული წესით ბევრ ხალხს ვეღარ გაიყვანენ და ამიტომაც ცდილობენ, სია პოლიტიკოსებით დატვირთონ. ამისთვის კი საჭიროა სპორტსმენებისა და მსახიობების ჩამოცილება.
- მათი გვერდზე გაწევა კოალიციას არ დააზარალებს? მხედველობაში მხარდამჭერების დაკარგვა მაქვს.…
- ეს საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებაა. ამას აუცილებლად ექნება გაგრძელება. კოალიციაში ვინმეს ტყუილად აქვს იმის იმედი, რომ ეს ადამიანები ასე მარტივად წავლენ სახლში.
- ბუნტს მოაწყობენ კოალიციაში?
- განმარტებებს აუცილებლად მოითხოვენ. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მათ მაჟორიტარული არჩევნები ომში მოიგეს. მათ უამრავი მხარდამჭერი ჰყავთ. აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ მათ ძალასა და შესაძლებლობას სათანადოდ ვერ აფასებს. მაგალითებსაც მოვიყვან. ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ასე მარტივად არ წავა სახლში. გელაშვილი ის ადამიანია, რომელმაც მაჟორიტარული არჩევნები მოიგო როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის დროს. ორივე შემთხვევაში ის ოპოზიციაში იყო და არჩევნები საკუთარი ძალებით მოიგო. მას სერიოზული პოლიტიკური ამბიციები აქვს. საკუთარი პოლიტიკური ამბიციები აქვთ სხვებსაც და მათი პოლიტიკიდან ჩამოცილება იოლი არ იქნება. ისინი სხვადასხვა პარტიაში გადანაწილდებიან. ამით „ქართული ოცნება“ სერიოზულად დაზარალდება და ბევრ ხმას დაკარგავს.
- არის მოსაზრება რომ ამ ადამიანების მოკვეთა ლევან ყიფიანის ამბავს უკავშირდება. გასულ წელს სპორტის საპარლამენტო კომიტეტმა მისი გადაყენება მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ზევიდან გააფრთხილეს, ისინი მაინც არ გაჩერდნენ. ამ თვითნებობისთვის ხომ არ ისჯებიან?
- ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს, როცა მისი ნების წინააღმდეგ მიდიან. ამ შემთხვევაში სპორტის კომიტეტი მის წინააღმდეგაც წავიდა, მაგრამ არა მგონია, მათი მოკვეთის მიზეზი ეს იყოს. ამ თემაზე საუბარი გაცილებით ადრე დაიწყო.
- როდის?
- მაშინ მე ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში” ვიყავი. ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა, რომ მომავალ პარლამენტში აღარ ისურვებდა, სპორტსმენები ასეთივე რაოდენობით ეხილა.
- მაშინ რატომ არ ითქვა ამაზე რაიმე?
- იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამაზე მხოლოდ ვიწრო წრეში საუბრობდა, თანაც მაშინ არჩევნები ასე ახლოს არ იყო. ახლა საჭირო გახდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება და ირაკლი კობახიძეს ათქმევინეს. სპორტსმენების მთელი რისხვაც მას დაატყდა თავს, არადა, მთავარი დამნაშავე ამ ამბავში არის ბიძინა ივანიშვილი. ეს ხალხი მასაც მოსთხოვს პასუხს. ივანიშვილის მოსაზრების გახმოვანებისას ირაკლი კობახიძემ სერიოზული შეცდომა დაუშვა. მას ეს გამოუცდელობით მოუვიდა, მაგრამ ისე დაძაბა ვითარება, რომ შესაძლოა საქმე კოალიციის დაშლამდე მივიდეს.
- რა შეცდომაზე საუბრობთ?
- მან თავისი განცხადებით სპორტსმენებისა და მსახიობების დისკრიმინაცია მოახდინა. ეს ამბავი სწორად შენიშნა სოსო ჯაჭვლიანმა. მისი თქმით, თუ გარკვეული პროფესიის ადამიანების დისკრიმინაცია მოხდა, მაშინ რატომ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონიო. ეს კითხვა მეც გამიჩნდა. გამოუცდელმა კობახიძემ ანტიდისკრიმინაციული კანონი დაარღვია, როცა თქვა, პარლამენტში სპორტსმენები არ უნდა იყვნენო.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა იყვნენ?
- უნდა იყვნენ. საქართველოს პარლამენტში მოხვედრის უფლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს. აქ გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს. იმის გამო, რომ ვიღაცას სპორტსმენები არ მოსწონს, მათ არჩევნებში მონაწილეობას ვერავინ აუკრძალავს. მე პოლიტიკაში დიდი ხანია ვარ და დეპუტატის შეფასება არ შემეშლება. დღევანდელ საქართველოს პარლამენტში ყველაზე ღირსეული დეპუტატი არის ლერი ხაბელოვი, რომელიც სპორტსმენია. გაჭირდება მეორე დეპუტატის დასახელება, რომელიც მასავით ადეკვატურად იქცევა ამომრჩეველთან. ის საქართველოს პარლამენტს პირდაპირ ამშვენებს, შესაძლოა პლენარულ სხდომებზე სიტყვით არ გამოდის, მაგრამ საკომიტეტო მოსმენებზე ნებისმიერ პოლიტიკოსს სჯობია. ოღონდ ერთი ნაკლი მასაც აქვს – საპარლამენტო უმრავლესობაშია.
მე, როგორც სხვა პარტიის წარმომადგენელს, ძალიან მახარებს ის ამბავი, რომ „ქართულმა ოცნებამ” სპორტსმენი დეპუტატები დაიწუნა. ამით ისინი ბევრ მხარდამჭერს დაკარგავენ. კიდევ გიმეორებთ, ეს ადამიანები ასე იოლად არ წავლენ სახლში და სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ მმართველ გუნდს. მანამდე კი აქ დიდი ბუნტი იქნება.
„ვერსია“, 15 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ნესტან კირთაძესთან: „მაქვს ინფორმაცია, გაზაფხულზე, ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი ახალი, რუსულ წრეებთან დაახლოებული, მდიდარი ვარსკვლავბიჭუნა გამოჩნდება“
ნინო ლურსმანაშვილი
მალე საახალწლო ბახუსი პოლიტიკოსებსაც გადაუვლის და წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაც დაიწყება. ისტორიკოსი, ანალიტიკოსი, „ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის“ პრეზიდენტი, პროფესორი ნესტან კირთაძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველო დიდი გამოწვევების წინაშეა, სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის დასაცავად კი, პროფესიონალ პოლიტიკოსთა კოორდინირებული მოქმედებაა საჭირო. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ქალბატონი ნესტანი ,,ვერსიასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს და საინტერესო პროგნოზსაც აკეთებს.
- ქალბატონო ნესტან, ექსპერტების ნაწილი 2016 წლის წინასაარჩევნო პროცესსა და 2012 წლის მოვლენებს შორის პარალელს ავლებს. მათი აზრით, ხელისუფლება დღესაც დისკრედიტებულია, მის დასამარცხებლად კი ისეთი ლიდერის გამოჩენაა საჭირო, როგორიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი იყო. ასეა?
- სინამდვილეში, პოლიტიკური ბრძოლა იწყება, რომელიც წინასაარჩევნო პროცესს არც პროცედურებით ჰგავს და არც დინამიკით. ამ ფონზე, არჩევნების შედეგებს კი არ ველოდები, რომლითაც ჩვენი პატივცემული პოლიტიკური გვამები წინასწარ იზომავენ ადგილებს სხვადასხვა უწყებაში, არამედ არჩევნების შედეგების უნდობლობას. მანამდე კი, იქნება კომპრომატების ომი, დასმენები, დაჭერები, აღსარებებიც… და ნურავინ იფიქრებს, რომ ხალხს, რომელსაც შვილების გამოკვების პრობლემა აქვს, არ დააფიქრებს წართმეული ხმა – ადამიანებს წაართვეს განვითარების, მომავლის, უნარის გამოვლენის, ადამიანური ცხოვრების უფლება და ასეთ დროს, მოსახლეობა იძულებულია, პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩაერთოს.
- ისე, როგორც მოხდა 2012 წელს?
- არა, დღეს ყველა პოლიტიკური ძალის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ვერ შეძლებს ელექტორატის საარჩევნო უბნებთან მიყვანას. 2012 წელს კი ქუდზე კაცი გამოვიდა. და ეს არ გაუკეთებიათ ივანიშვილის გამო. ხალხი მომზადებული იყო ცვლილებებისთვის და მზად იყო, ნებისმიერი კარგი პოლიტიკური ფაქტორის გაჩენისთანავე, ამ ცვლილებებისთვის, თუნდაც ურნებთან მისვლით ებრძოლა.
- მაშინ ეს „კარგი პოლიტიკური ფაქტორი“ ივანიშვილი იყო…
- მართალია, მაგრამ ხალხი მის გამოჩენამდე გამოვიდა ქუჩაში პროტესტის გამოსახატად, დღეს კი სხვაგვარი ვითარებაა. ვფიქრობ, დღევანდელი პროცესი, 2000 წლის შემდგომ პერიოდს ჰგავს, როცა არჩევნები იმთავითვე გაიწირა და რევოლუციური პოლიტიკური ბრძოლისთვის დაიწყო მზადება.
- თუ ასეა, გამოდის, „ვარდების რევოლუცია 2“ გველის?
- გააჩნია, რამდენად სწორად შევაფასებთ მოვლენებს. ფაქტია, ვითარება თუ არ შეიცვალა, საქართველო ჭაობში აღმოჩნდება, საფრთხე მის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობასაც შეექმნება, სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეში, სატრანზიტო კორიდორად გადავიქცევით და ჩვენი სამშობლო 12 ოჯახის მოსამსახურედ გადაიქცევა. კეთილდღეობა მხოლოდ ამ 12 ოჯახს ელის.
- თუ შეგიძლიათ დაასახელოთ, ვის ოჯახებს გულისხმობთ პირობითად?
- ეს პირობითი რიცხვი არაა, თუმცა ახლა არ დავკონკრეტდები.
- განწყობა შეგცვლიათ. 4 წლის წინ, იმედი გქონდათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნისა და ხალხისთვის სასიკეთო ნაბიჯებს გადადგამდა…
_ დიახ, მეც ველოდებოდი ცვლილებებს. მაგრამ არჩევნებიდან მეორე წელს, პრეზიდენტობის კანდიდატის ამპლუაში, საქართველოს ერთი მთის წვერიდან მეორე მთის წვერამდე ყველა სოფელი მოვიარე, შევხვდი ადამიანებს. მაშინ ივანიშვილი პრემიერი იყო და არა სასახლეში ჩაკეტილი არაფორმალური მმართველი, როგორც მას აბსოლუტურად კანონზომიერად უწოდებენ… და, არჩევნებიდან მეორე წელს, დავინახე, რომ ხელისუფლებას უკვე ჩატეხილი ჰქონდა ხიდი მოსახლეობასთან. რეგიონებში ნიჰილიზმი, სასოწარკვეთა დამხვდა. დეპუტატები თვალითაც არ ჰყავდათ ნანახი. უკვე მაშინ, ხელისუფლება ცალკე იდგა, ხალხი კი სადღაც, სხვაგან. გგონიათ, მე, აქტიურ პოლიტიკოსსა და მამულიშვილს, ლოიალური განცდა გამიჩნდებოდა ხელისუფლებასთან, რომელმაც გამოიყენა ხალხის გულწრფელი ემოცია, ნდობა, იმედი, ტაში… ნუთუ ამ პოლიტიკური გვამების კეთილდღეობისთვის იბრძოლეს ადამიანებმა ან იმისთვის, რომ ქვეყნის ბედი ერთმა კაცმა გადაწყვიტოს? ეს პათეტიკა არაა. ამაში თავად დავრწმუნდი.
- როდის როგორ დარწმუნდით, რომ ივანიშვილი ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს?
- უცხოეთიდან არაერთი ინვესტორი ჩამოვიყვანე… სხვადასხვა წინადადებით სხვადასხვა უწყებაში მივედით. უამრავ პრობლემას წავაწყდით. ელემენტარული, სასაწყობე მეურნეობებისთვის, გადაზიდვის სერვისებისთვის არ აღმოჩნდა ქვეყანა მზად. მიწის კოდექსის შექმნა ამ პარლამენტისთვის ნომერპირველი საქმე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღემდე არავინ ფიქრობს ამაზე ქვეყანაში, სადაც მიწა, იცით, რა სიხშირითაც იყიდება. სამწუხარო ფაქტი დავინახე – ვერც ერთი მინისტრი ვერ იღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას! ყველაფერი უნდა შეთანხმდეს ბიძინასთან, რომელსაც ან არ სცალია, ან სძინავს, ან ხასიათზე არაა… ამიტომაც არაფერი კეთდება ქვეყანაში.
- არადა, მთავრობის წევრები, გაკეთებული საქმეების ანგარიშს წარადგენენ და იმითაც აპელირებენ, რომ რომი ერთ დღეში არ აშენებულა, 4 წელი ძალიან ცოტაა, თანაც უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე…
- რაც გაკეთდა, მოსახლეობამ იცის ყველაზე კარგად. ყველაზე მგრძნობიარე ხალხია, რადგან უარესობა მას შეეხო, სიკეთე კი, პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა გარკვეულ გუნდს. რაც შეეხება მძიმე მემკვიდრეობას, მთავარია, ეს ქვეყანა უკვე შემდგარი სახელმწიფო იყო, დასავლეთის მაგისტრალზე გაჭრილი ქვეყანა, რომელიც მეტი წარმატებებისთვის ემზადებოდა.
- წარსულში რატომ საუბრობთ, დღეს რა შეიცვალა? აგერ, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი…
- დიდი ბოდიში, ეს ტექნიკური პროცედურებია, რომლებიც ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ სრულდება. ეს იმ პოლიტიკური კურსის დადასტურებაა, რომელიც საქართველომ აირჩია და რომლის გამოც, რუსეთის პირისპირ აღმოვჩნდით, ტერიტორიული მთლიანობა დავკარგეთ… და ეს ტექნიკური პროცედურა, ჯერ კიდევ არ გადასულა პოლიტიკურ პროცესში. ასე რომ, ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება… ივანიშვილის და მისი არაპროფესიონალთა გუნდის დამსახურება არაა. დღეს სახელმწიფოებრიობას ექმნება საფრთხე და ასე გაგრძელება არ შეიძლება. აუცილებელია, ეს გაიაზრონ პროფესიონალებმა პოლიტიკურ სპექტრში.
- და რომ გაიაზრონ, რა უნდა გააკეთონ ან საინტერესოა, პროფესიონალ პოლიტიკოსებში ვის მოიაზრებთ?
- არ დავანაწილებ გვარებისა და პარტიების მიხედვით.
სააკაშვილის დანაშაული სწორედ ისაა, რომ პროფესიონალების მარგინალიზაცია მოახდინა და ალტერნატივად პინგვინები დაგვიტოვა. არადა, ქვეყანაში ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომლებმაც, თავის დროზე, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ომისშემდგომი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ჩარჩოებში მოქცევისთვის იბრძოლეს. მათი ნაწილი დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაშია. თუ გამოცხადდება სლოგანი „პროფესიონალები პოლიტიკაში”, თუ ეს ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს და გარკვეულ პასუხისმგებლობას აიღებენ, თუკი დადებენ ქვეყნის განვითარების გეგმას, ბიძინას და მის მუქთამჭამელებს ასე არხეინად აღარ ეძინებათ და არც ტყუილად მოიკლავენ თავს სიებში მოხვედრისთვის.
- ანუ, გამოცდილ პოლიტიკოსებს მოუწოდებთ, პარტიები მიატოვონ და გაერთიანდნენ?
- საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას არ ვგულისხმობ. კოორდინაციაზეა საუბარი ყველა მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით.
- ალბათ ზედმეტად პესიმისტი ვარ, რადგან თქვენი ინიციატივა უტოპიად უფრო მეჩვენება…
- არა, თქვენ რეალისტი ხართ. ალბათ მე ვარ იდეალისტი. უბრალოდ ვამბობ, რა შესაძლებლობები, ალტერნატიული რესურსი აქვს ქვეყანას, თუმცა ვინ იცის… ერთხელ და სამუდამოდ, ხომ უნდა დავინახოთ, რა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა. ან ისე როგორც ვამბობ, ვინარჩუნებთ სახელმწიფოს, ან 12 მდიდარი ოჯახის მოახლედ ვიქცევით. და არ მაინტერესებს, ეს შეგნებული ჩანაფიქრი იყო თუ არა. შეთქმულების თეორიებში გადასვლა არ მინდა. ფაქტია, დღეს, სრულიად ოდიოზური მმართველობის სისტემა მივიღეთ, როცა 1 ადამიანი თავის სასახლეში თუ ზამთრისა და საზაფხულო აგარაკებზე იღებს გადაწყვეტილებებს. მმართველობის ამ სტილს მე, ისტორიკოსმაც ვერ მოვუძებნე სახელი. ეს არ არის, 21-ე საუკუნის, დამოუკიდებელი, თავმოყვარე საქართველოს სტილი და ამას მხოლოდ მედროვენი შეეგუებიან. რატომ არ შეიძლება, შეიქმნას ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი, ანტიკრიზისული მთავრობა, რომელიც ადგილს არ დატოვებს პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანებისთვის.
- პოლიტიკაში „შემთხვევით“ კიდევ ერთი ადამიანი შეიძლება მოხვდეს - პაატა ბურჭულაძე. ამ ფონზე, მსოფლიო ბანს რა პერსპექტივა აქვს?
- პაატას ვუდასტურებ პატივისცემას. გავლენით, ავტორიტეტით, ბევრი საინტერესო და სასიკეთო პროექტი წამოიწყო. დღეს ის პროცესშია. თუკი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, მომავალი გვიჩვენებს, პოლიტიკაშიც ისეთივე ვარსკვლავი იქნება თუ არა, როგორიც სცენაზეა. ამის შანსი, გარკვეულწილად აქვს, რადგან კომუნიკაბელურია, აქვს კარგი კონტაქტები…
- მაგრამ არ აქვს გამოცდილება…
- შეიძენს. თუმცა, ბევრჯერ ინანებს ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას. ეს ბევრად რთული ბრძოლაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, მით უმეტეს, დღეს, როცა პროგნოზი ასეთია – ამომრჩეველს ვეღარანაირი დაპირება ვეღარ მიიყვანს საარჩევნო ურნასთან. მოსახლეობის 60% კი იმედგაცრუებულია და არ იცის, მხარს ვის დაუჭერს.
- ალბათ ამიტომაც გახდა აუცილებელი ქველმოქმედის გააქტიურებაც, მით უმეტეს, მას პატრიარქის მხარდაჭერაც აქვს. ვერც პაატა ბურჭულაძის ფაქტორი იმოქმედებს ამომრჩევლის 60%-ზე და საარჩევნო აქტიურობაზე?
- უკაცრავად, რას ნიშნავს, პატრიარქის მხარდაჭერა აქვს? პატრიარქი ასე ღიად არავის უცხადებს მხარდაჭერას. მან შეიძლება კურთხევა მისცეს სულიერ შვილს, რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე.
- ან ურჩიოს, რომ პოლიტიკაში მოვიდეს? პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, ბურჭულაძეს სწორედ უწმინდესმა მისცა მითითება, ფონდი შეექმნა და პოლიტიკურადაც გააქტიურებულიყოო...
- ეს ყველაფერი ინსინუაციებია, მით უმეტეს, ბოლო წლებში, როცა პატრიარქი ფრაგმენტულად ხვდება საზოგადოების წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ლოცვის შემდეგ, პატრიარქმა მკითხა ჩემი საქმიანობის შესახებ. ვუთხარი, რომ ამერიკაში, 5-წლიანი ხელშეკრულებით ვაპირებდი წასვლას და არ წახვალ, ქვეყანა გვაქვს დასალაგებელიო, მითხრა. უნდა გამოვდგე და ვილაპარაკო, პატრიარქმა მაკურთხა, თქვენ გარეშე ქვეყანა იქცევა, თქვენ უნდა დაალაგოთო? არ მესმის, მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობის, საუბრის, სხვადასხვა ინტერპრეტაციით გასაჯაროება რა საჭიროა.
ერთხელ, უწმინდესმა მარანში ჩამიყვანა. როცა ვუთხარი, ნეტა თუ დამიჯერებენ მომავალი თაობები, რომ უწმინდესთან ასეთი ურთიერთობა მქონდა-თქო, მითხრა, სამ პატრიარქს შევესწარი და ვერც ერთს ღიმილი ვერ გამოვტყუე, თქვენ კი, თავს გევლებათ თქვენი პატრიარქიო. ეს მაგალითი იმის დასამტკიცებლად მომყავს, რომ საბედნიეროდ, გვყავს პატრიარქი, რომელიც არ ზის რეზიდენციაში გაუცხოებით და ცდილობს, მასთან ურთიერთობის ღირსი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახადოს. ჩვენზეა დამოკიდებული, მისი სახელით ვისპეკულირებთ თუ არა, როგორც ეს, სამწუხაროდ, პოლიტიკოსების და ბიზნესმენების მხრიდანაც, ხშირად ხდება.
- პატრიარქი ბოლო დროს იმასაც ცდილობს, სხვადასხვა სახელმწიფოებრივ საკითხებში მიიღოს მონაწილეობა. მაგალითად, პატიმრების გათავისუფლების უფლების მინიჭების ინიციატივაც გამოდგება. საპატრიარქოს ამგვარი აქტიურობა სეკულარულ სახელმწიფოს საფრთხეს არ უქმნის?
- არ შეიძლება უწმინდესის ყველა ფრაზა ინიციატივად, ოფიციალურ განცხადებად და მოწოდებად გამოვაცხადოთ. 90-იანი წლების ბოლოს, როცა დაიწყო მსჯელობა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე, ექსპერტების გარკვეული ჯგუფი სთხოვდა პატრიარქს, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინა. ილია მეორე კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა. თქვა, არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ნიშნავს, ეკლესია ჩაერიოს სახელმწიფო საქმეებშიო. ასე რომ, დღეს ვინც იტყვის, რომ ეკლესია სეკულარულ სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის, ან შეგნებული მტერია, ან უბრალოდ არ იცის პატრიარქის პოზიცია.
- საფრთხეებზე, რომლებზეც ახლა მიყვებით, უწმინდესთან გისაუბრიათ, საინტერესოა, როგორ აფასებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას?
- ძირითადად საღამოს ლოცვებს ვესწრები და მთელი დღის დაღლილს, ქვეყნის საჭირბოროტო საქმეებზე არ ვაწუხებ. თუმცა, თუნდაც ფრაზა, რომ ქვეყანა გვაქვს დასალაგებელი, გასაგებია, რასაც ნიშნავს… ეს კი, როგორც მოგახსენეთ, პროფესიონალებმა კოორდინირებულად უნდა გააკეთონ და არა კონკრეტულმა ლიდერებმა დამოუკიდებლად. ამიტომ, ნუ შევიქმნით გაზვიადებულ მოლოდინს პიროვნებებთან, თუნდაც ბურჭულაძესთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მას პატივს ვცემ და მადლობელიც ვარ, რადგან რამდენიმე საერთაშორისო კონცერტზე საზღვარგარეთ პირადად დამპატიჟა. სხვათა შორის, არაა გამორიცხული, რამდენიმე საერთაშორისო პროექტის დასრულების შემდეგ, მას შევხვდე.
- რა მიზნით? რაზე უნდა ელაპარაკოთ ბურჭულაძეს?
- პოლიტიკაზე არა… საერთაშორისო პროექტებზე, სადაც შეიძლება ვითანამშრომლოთ… მოსახლეობას არ უნდა გავუჩინოთ თეთრ ცხენზე ამხედრებული ვარსკვლავბიჭუნას შემოჯირითების მოლოდინი. ასეთი ვარსკვლავბიჭუნების შემოსვლა აქამდეც ბევრი გვინახავს.
- მაგალითად, ჩოხოსანი რაინდი ლევან ვასაძე?
- თუნდაც. მეტსაც გეტყვით, მაქვს ინფორმაცია, რომ გაზაფხულის ბოლოსთვის, ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი ახალი, რუსულ წრეებთან დაახლოებული, მდიდარი, წარმოშობით ქართველი ვარსკვლავბიჭუნას გამოჩენა იგეგმება. მის ვინაობას ჯერ ვერ გაგიმხელთ.
- „კიდევ ერთი ახალი, რუსულ წრეებთან დაახლოებული ვარსკვლავბიჭუნა“’ - ეს ფრაზა იმის დადასტურებაა, რომ ვასაძეცა და ბურჭულაძეც რუსული პროექტები არიან? სხვათა შორის, ისიც ლოგიკურია, რომ ბურჭულაძით ვასაძის ჩანაცვლება მოხდა უკეთესი შედეგის მისაღებად…
- ამას არ ვამბობ… ეს ყველაფერი, წინასაარჩევნო სპეცეფექტებია.
- ჰოდა, სწორედ ამას გეკითხებით, ამ სპეცეფექტების დამდგმელი რეჟისორი ვინაა?
- როგორც მოგახსენეთ, ამომრჩევლის დაახლოებით 60%- მა არ იცის, მხარი ვის დაუჭიროს. ჩანს, ეს ძალიან კარგად აქვს დათვლილი საექსპერტო წრეებს და ვითარების შევსება ამიტომაც გახდა საჭირო. ეს საინტერესო, მაგრამ არახალი მოვლენაა. ჯერ თქვას ადამიანმა, რა პროცესშია ჩართული. დადოს ქვეყნის განვითარების მისეული კონცეფცია. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება მისი პოლიტიკური ვექტორიც და ისიც, ვისი კაცია. ისე, სანამ ჩვენ ვფიქრობთ, რუსეთი დგას ამა თუ იმ ლიდერის უკან თუ დასავლეთი, საქართველოში ვითარება თვისობრივად შეცვლილია _ აზიიდან ევროპამდე მთავარ მაგისტრალ ქვეყანაში, გაჩნდნენ ტრანსნაციონალური კორპორაციები. ისინიც კი უკვეთავენ, ჰყავდეთ ქვეყანაში თავიანთი ლობისტები პარტიების ან ლიდერების სახით. ასე რომ, სანამ ხელჩასაჭიდი არგუმენტი არ გვექნება, პროგნოზის გაკეთება, რთულია. თანაც, ჩვენი ამომრჩეველიც საკმაოდ გაიზარდა და გრძნობს, სად არის ავანტიურა და გულწრფელობა. მთავარი დამდგმელი რეჟისორი არის ინტერესი.
- გულწრფელად გჯერათ, რომ მსოფლიო ბანმა, მინიმუმ ერთი წლით ადრე დაგეგმილი გასტროლები ინტერესის გამო გადადო და სოლიდურ შემოსავალზეც ინტერესის გამო თქვა უარი?
- კონკრეტული ლიდერის კონკრეტულ კონცეფციაში გამოიკვეთება, ვისგან არის დაკვეთა. მის მიმართ დადებითი განწყობა მაქვს, მაგრამ არა ისეთი, თითქოს მხსნელი მოგვევლინა.
- განწყობა შეგეცვლებათ, თუ აღმოაჩენთ, რომ მსოფლიო ბანი ბიძინა ივანიშვილთან ერთად აპირებს ,,საქართველოს განვითარებას”?
- ეჭვი მეპარება, ეს აღმოვაჩინო, თუმცა ბიძინას აქვს უნ¬არი, ჯერ დააკვირდეს ვითარებას და თუ დასჭირდა, უთხრას ბურჭულაძეს, „შენი „ქციები“ ღირს ამდენი, ჩემი ამდენი, შევთანხმდებით, ძმაო“… ივანიშვილი ხომ, „აქციებით“ გა¬ნიხილავს ადამიანებს….
- ანუ, ბურჭულაძე-ივანიშვილი დღეს ცალ-ცალკე ბანაკში არიან, მაგრამ მოსალოდნელია, გარიგდნენ?
- ეს საფრთხე ყოველთვის არსებობს, როცა პოლიტიკაში დიდი ფულის მქონე ადამიანია. რა გგონიათ, ჰაერში რომ იკვანწებიან დღეს ჩვენი პოლიტიკოსები, ზოგიერთები გასაყიდად ემზადებიან. გაურიგდება თუ არა, არჩევანი ბურჭულაძეზეა. მოსალოდნელი გარიგებები ნაკლებად სადარდებელია, სანერვიულო ისაა, ბრძოლა, რომელზეც მოგახსენეთ, სხვა, უფრო მსხვილ აქციონერთან არ იყოს გარიგებული. ძალიან მაშინებს „გაზპრომის“ თემა, რუსული სიკეთეების პროპაგანდა… მოსახლეობა რეგიონებში ხელჩაქნეულია, გადარჩენის გზებს ეძებს და ამიტომ დადებითად მიიღეს უვიზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან. ეს უკვე მათი სოციალური კეთილდღეობის საკითხია.
- პარალელურად არ არის სასიკეთო ძვრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
- იმდენი სისულელე თქვეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებმა, იმდენი იბჟუტურა მინისტრმა, უკვე გაურკვეველია, საქართველოს რა პოზიცია აქვს. ალტერნატიული სამშვიდობო პროგრამა წარვადგინე, სხვადასხვა ქვეყანაში მოისმინეს, ამათ კი სურვილიც არ გაუჩნდათ, გაცნობოდნენ. არ ვიცი, ან სპეციალურად იქცევიან ასე, ან აზრზე არ არიან, ან…
- ან არ აქვთ ერთიანი პოზიცია ამ და სხვა საკითხებზე და ,,კოალიციურ კრიზისში” არიან?
- ერთიანობა და ერთიანი პოზიცია დიდი ხანია არ აქვთ და დიდი ხანია კრიზისია კოალიციაშიც, პარტიაშიც. ეს არის პიროვნული შეხედულებების მიხედვით შერჩეული ლიდერების ჯამი. კოალიცია რომ ყოფილიყო, კოალიციური უნდა ყოფილიყო მთავრობაც, რომელიც არ შეიყვანდა ჩიხში ქვეყანას, პერიოდულად განახლდებოდა და კრიზისების დაძლევის ახალ-ახალ გეგმას წარმოადგენდა. ამ ერთობაში კი, ბიძინას კეთილდღეობის მოსამსახურე პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკური გვამები არიან, რომლებიც თავს მყარად გრძნობენ ფინანსურად. სამწუხაროა, მომიწევს, გავახსენო ივანიშვილს ჩვენი შეხვედრა. არადა, ვუთხარი, იმედია, ამის გაკეთება არ დამჭირდება-თქო. ალბათ, დადგება დრო, პირდაპირი ეთერიდან მივმართავ, გამოაქვეყნოს ჩვენი საუბრები.
- რა საუბრები? რაზე ელაპარაკეთ ივანიშვილს?
- თემას არ გავშლი. მთავარია, მას ვუთხარი, არ მოატყუო და არ გადააგდო ხალხი. ცუდია, რომ არ გაითვალისწინა.
- ბიძინა ივანიშვილის მიმართვა, პოლიტიკურად გააქტიურების დასაწყისი ხომ არ იქნება და საერთოდ, ამ არჩევნებზე რას აპირებთ?
- ჯერ რამდენიმე საერთაშორისო პროექტი და ვალდებულება მაქვს. დავასრულებ და განცხადებას გავაკეთებ. როგორც რიგითი ჯარისკაცი, პოლიტიკური ბრძოლისთვის მზად ვარ.
„ახალი თაობა“, 15 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ლევან კალანდაძესთან და მიხეილ დონდუასთან: „რუსეთი უფრო იაფად გვაწვდის გაზს, ვიდრე აზერბაიჯანი“
რუსული გაზისა და გაზპრომის თემა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დიდი განხილვისა და ბატალიების საგანი გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას ბრალად სდებს, რომ მას აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლება უნდა, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ასე არ ფიქრობს.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ხელოვნურად ხდება საკითხის პოლიტიზება.
- ბატონო ლევან, ამბობენ, რომ ქვეყნის ენერგეტიკას რუსეთი იგდებს ხელში. რამდენად არის ასე? რა დაუწუნეს „სოკარს“ და რატომ შემოდის გაზპრომი?
- მოდით, დავიწყოთ ბოლოდან: „გაზპრომი“ არ შემოდის, „გაზპრომი“ შემოიყვანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2003 წელს. სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუფორმა ხელშეკრულება. 2005 წელს შემოიყვანა. 2006 წელს სწორედ „გაზპრომისთვის“ აპირებდნენ მაგისტრალური მილსადენის მიყიდვას და გადავრჩით.
- ამერიკელების ჩარევას გულისხმობთ?
- სწორედ ამერიკელებმა გადაგვარჩინეს, რომ არ მიჰყიდეს. ‘გაზპრომი“ საქართველოში მუშაობს მთელი ამ წლების განმავლობაში და ყოველ წელს ხან მეტს, ხან ნაკლებს, იმის მიხედვით, თუ რამდენია მოთხოვნა, ჩვენ ვიღებთ ამ გაზს „გაზპრომისგან“. ერთადერთი წელი იყო, 2013, როცა საჭიროება დეფიციტის დაბალანსებისა არ იყო. მხოლოდ იმ წელს გაზპრომისგან გაზი არ გვიყიდია. დანარჩენ წლებში, 2003 წლიდან მოყოლებული, „გაზპრომისგან“ გაზს ხან მეტს ვყიდულობთ და ხან – ნაკლებს. რაც შეეხება აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლების თემას, ეს ყოვლად წარმოუდგენელი და კონტექსტიდან ამოგლეჯილია.
- რას გულისხმობთ?
- ეს თემა, უბრალოდ, პოლიტიზებულია. თეორიულადაც კი შეუძლებელია რუსული გაზით აზერბაიჯანულის ჩანაცვლება ან თუნდაც რუსეთით აზერბაიჯანის ჩანაცვლება. დღეს რუსული გაზის ხვედრითი წილი ქართულ ბაზარზე არის 12%. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ საქართველო უნდა გადაერთოს რუსულ გაზზე…
- აბა, რაზეა საუბარი?
- ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას ზამთრის პერიოდში აქვს დღიური მოხმარება დაახლოებით 11 მილიონი კუბური მეტრი გაზი, ზაფხულში კი მოვიხმართ მხოლოდ 4 მილიონ კუბურ მეტრს. ზამთრის პიკურ თვეებში ჩვენ გვაქვს დეფიციტი გაზის 2-2,5 მილიონი კუბური მეტრი დღიური მოხმარება. დღეს სოკართან და გაზპრომთანაც საუბარი მიდის იმაზე, რომ ეს 2,5 მილიონი კუბური მეტრი გაზი, ე.წ. ტექნიკური დეფიციტი, რაღაც წყაროებით დაბალანსდეს.
- ჩვენ აზერბაიჯანული მხარის განცხადებაც გვახსოვს, რომ მოთხოვნის შემთხვევაში მას საქართველოს სრულად უზრუნველყოფა შეუძლია...
- კი მაგრამ, მათი გუშინდელი განცხადება სულ სხვა იყო. აზერბაიჯანულმა მხარემ შეცვალა თავისი განცხადება. აზერბაიჯანმა თქვა, მე შევეცდები, დღიური მოწოდება 6 მილიონიდან 7 მილიონამდე გავზარდოო ანუ 1 მილიონით გაზარდოს მოწოდება, მაგრამ ჩვენ დეფიციტი გვაქვს 2,5 მილიონი. შესაბამისად, აზერბაიჯანმა რომც გაზარდოს, მილიონ-ნახევარი მაინც დასაბალანსებელია. ასე რომ, პრობლემას აზერბაიჯანი ვერ არეგულირებს. აზერბაიჯანს შეუძლია, საქართველო დააკმაყოფილოს მთელი წლის განმავლობაში ჯამურად, ოღონდ ზამთრის პიკურ თვეებში აზერბაიჯანს თავად ექმნება გაზის პრობლემა.
- რას გულისხმობთ?
- 2015 წლის ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულება „გაზპრომთან“ ორი მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესყიდვაზე აზერბაიჯანის მხრიდან სწორედ ამას მოწმობს. ასე რომ, აქ პრობლემა თავად აზერბაიჯანის მხრიდან ტექნიკური მოწოდების თვალსაზრისით არსებობს. დავუშვათ, აზერბაიჯანს უცებ გაუჩნდა ძალიან ბევრი გაზი. ამას სჭირდება მილით მოწოდება. აქ ტექნიკური უზრუნველყოფაც პრობლემას წარმოადგენს.
- ამით რისი თქმა გსურთ?
- როდესაც აზერბაიჯანული მხარე გამოდის და აცხადებს, რომ მოწოდებას ერთი მილიონით გაზრდის, საქმე ასე მარტივად არ არის. ამას სჭირდება ტექნიკური გადაიარაღება „სოკარის“ მხრიდან, დამატებითი კომპრესორების მონტაჟი, არსებული კომპრესორების რემონტი ანუ გარკვეული ფინანსური ინვესტიციების განხორციელება. ერთ და ორ დღეში ეს რომ არ მოხდება, ესეც ცხადია, ანუ აზერბაიჯანიც კი ამ მოკლე პერიოდში ვერ უზრუნველყოფს გაზის ერთი მილიონით გაზრდას. დღევანდელი პრობლემა დეფიციტის დაბალანსებაა. სწორედ ახლა, ზამთრის თვეებში გვჭირდება დამატებითი გაზი, თორემ ზაფხულში ამის პრობლემა არ გვაქვს.
- რამდენად იაფი იქნება რუსული გაზი?
- ჩვენ მხოლოდ ორი წყარო გვაქვს გაზის მიღების – აზერბაიჯანი და რუსეთი. თუ აზერბაიჯანი ვერ გვიბალანსებს, მაშინ რუსეთიდან შევსება მოგვიწევს. რუსული გაზის ფასს ამ ეტაპზე ვერავინ გეტყვით. მოლაპარაკებებს „გაზპრომთან“ აწარმოებს ენერგეტიკის მინისტრი და, ალბათ, მან იცის, რაზე მიდის მოლაპარაკება, მაგრამ, სანამ მოლაპარაკება არ დასრულდება, ის ვერ გაასაჯაროებს. კახა კალაძემ გააკეთა მინიშნება, რომ ეს შეიძლება იყოს აზერბაიჯანულ გაზზე უფრო იაფი, თუმცა ვნახოთ.
- თქვენ ახსენეთ საკითხის პოლიტიზება. ეს მიზანმიმართულად მოხდა?
- დიახ. დღევანდელი განცხადებები, რომ საქართველო იყიდება და რუსეთის გაზით უნდა ჩანაცვლდეს, არის პოლიტიკოსების საქმე და პოლიტიკოსებისგან არ მიკვირს ასეთი რაღაცები. თეორიულადაც კი რომ დავუშვათ, რომ 2,5 მილიონი გახდეს რუსული გაზით დასაბალანსებელი, „სოკარს“ მაინც 80%-ზე მეტი ექნება გაზისა ქართულ ბაზარზე. ეს პირველი. მეორეც – საქართველო არასდროს შეცვლის აზერბაიჯანთან სტრატეგიულ ურთიერთობას. არაერთხელ ვთქვი, რომ ჩვენ ვსხედვართ ერთ ნავში. ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების ნაწილში ინტერესები აზერბაიჯანთან.
- ანუ ვერ ხედავთ იმის საფრთხეს, რომ აზერბაიჯანული გაზი ჩანაცვლდეს რუსულით?
- არა, არანაირად არ ჩანაცვლდება. არანაირად არ გაიცვლება აზერბაიჯანული მხარე რუსულ მხარეში! აქ არის ლაპარაკი ტექნიკური დეფიციტის დაბალანსების საკითხზე.
****************
ექსპერტი მიხეილ დონდუა ექსპერტთა იმ ნაწილს უერთდება, რომელიც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში პოლიტიკურ მხარეს ვერ ხედავს. „აქ საუბარია წმინდა მოლაპარაკებებზე, რომლებიც უნდა გაიმართოს და რომლებიც იმართება, – აცხადებს იგი.
- რატომ გახდა საჭირო მოლაპარაკება რუსულ კომპანიასთან?
- ეს მოცემულობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ჩვენთან მოლაპარაკება მათივე მოთხოვნით ანაზღაურების ფორმის შეცვლაზე.
- რომელი ანაზღაურების?
- იმ ანაზღაურებისა, რუსეთი რომ სომხეთს გაზს აწვდის. დღეისთვის ჩვენ ამ ტრანზიტიდან ნატურის სახით ვიღებთ 10%-ს. დღეს ჩვენ გაზის ჩვენი მთლიანი მოხმარების 12%-ს ვაბალანსებთ რუსეთისგან იმ ნატურალური ბეგარით, რომლითაც ვიღებთ გაზს. ახლა საუბარი ანაზღაურების ფორმის შეცვლაზეა.
- რა ფორმით უნდა შეიცვალოს?
- რუსეთი ამბობს, მე ტრანზიტისთვის გადაგიხდით თანხას და შენ როდესაც მოიხმარ ჩემგან გაზს, რამდენსაც მოიხმარ, იმის შესაბამისი თანხა გადამიხადეო. აქ საუბარი არ არის ახალი მილის გადებაზე და რაღაც დამატებითი რისკის შემცველ ოპერაციებზე.
- მაშინ რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი?
- არ ვიცი. აბა, დავაკვირდეთ საკითხს: თუკი რუსეთს უნდა, რომ საქართველოს ბლოკადა გამოუცხადოს, ამის გაკეთება დღესაც შეუძლია. მას შეუძლია, გადაკეტოს მილსადენი და არც ჩვენ და არც სომხეთს არ მოგვაწოდოს გაზი. ვითარება არ იცვლება. რა რისკებიც არის დღეს, იგივე რისკი იქნება ხვალ. რისკი არ იცვლება. აქ ახალ მილზე ხომ არ არის საუბარი?! აქ საუბარია ანაზღაურების პრინციპის შეცვლაზე. ძალიან არასწორი და არაჯანსაღი აჟიოტაჟი ატყდა საზოგადოებაში და პრაქტიკულად არაფერთან დაკავშირებით. აქ საუბარია ანგარიშსწორების პრინციპის შეცვლაზე და არა – დამატებითი წყაროების გაჩენაზე.
- ეს ვითარება ხომ არ გაგვიფუჭებს ურთიერთობას სოკართან?
- არა, რადგან სოკარი ხედავს, რომ ჩვენ გვჭირდება დამატებითი გაზი, რომელსაც სოკარი ფიზიკურად ვერ გვაწვდის. ასევე, რა ინფორმაციაც მე მაქვს, რუსეთი გაზს უფრო დაბალ ფასად გვთავაზობს, ვიდრე სოკარი, გაცილებით დაბალ ფასად. ამ თვალსაზრისით, ახალი კონკურენტის გაჩენა სოკარს გადაადგმევინებს ნაბიჯს, რომ უფრო იაფად მოგვაწოდოს გაზი. ნათლად გამოჩნდება მსოფლიოს წინაშე, რომ ოკუპანტი რუსეთი უფრო იაფად გვაწვდის გაზს, ვიდრე აზერბაიჯანი. მათ ნამდვილად მოუწევთ მონოპოლიური უფლების გადახედვა და ჩვენთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა.