globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 15 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 15th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: „ციანიდის საქმის“ სკანდალი გრძელდება – „რაღაცები ლოგიკაში არ ჯდება“

რეზონანსი: გჯერათ თუ არა პროკურატურის ვერსიისა პატრიარქის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით? (გამოკითხვა)

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ რუსუდან შარაძესთან: „უწმინდესის მოწამვლა და მეუფე დანიელის გაპატრიარქება მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ 2004 წლის 22 ნოემბერს ჰქონდა დაგეგმილი“

რეზონანსი: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „პატრიარქის ლიკვიდაციის სურვილი მხოლოდ დღეს და გუშინ არ გაუჩნდებოდათ“ // „კვალიფიციურმა ძიებამ არაერთი, მათ შორის მაღალი სასულიერო იერარქების სახელი და გვარი უნდა გამოავლინოს“

რეზონანსი: ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: „როგორც ჩანს, ეს იყო ნამდვილად პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება“ // „1000 და 2000 კაცი არ არის ის მასშტაბი, რომელიც ამ ხელისუფლებას შეაშინებს“

ახალი თაობა: ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „ჩვენი პატრიარქი ლოკალურ არეალს სცილდება“

ახალი თაობა: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „სასამართლოს სისტემურ დამოუკიდებლობაზე ჩვენმა პარლამენტმა უარი თქვა“

ახალი თაობა: ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „მოსამართლეები, ვინც „ნაციონალების“ დავალებებს ასრულებდნენ, „ოცნების“ ჯიბეში გადაბარგდნენ“ // „ლევან მურუსიძე რომ სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი იქნება, რა უნდა ვილაპარაკოთ იმ სისტემაზე?!“

ახალი თაობა: თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა პრემია-დანამატების რეკორდი მოხსნა: „ამ სამსახურის უფროსის მოადგილეებმა უფრო მეტი პრემია-დანამატი აიღეს, ვიდრე მერის და მინისტრის მოადგილეებმა“

————————

რეზონანსი“, 15 თებერვალი, 2017 წელი

„ციანიდის საქმის“ სკანდალი გრძელდება – „რაღაცები ლოგიკაში არ ჯდება“

ეკატერინე ბასილაია

საპატრიარქოსთან დაკავშირებული უპრეცედენტო სკანდალური საქმის, სავარაუდოდ პატრიარქ ილია II-ის შესაძლო მკვლელობის მომზადების ირგვლივ, დღითი დღე უფრო მეტი კითხვა ჩნდება. მაგალითად, სახალხო დამცველმა რუსთავის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “რაღაცები ლოგიკაში არ ჯდება”, მამალაძე უარყოფს საწამლავის ფლობას და თავს მსხვერპლად მიიჩნევს.

უჩა ნანუაშვილი ალოგიკურად მიიჩნევს იმას, რომ, გიორგი მამალაძის თქმით, ბრალში, რომელიც მას ოფიციალურად წარედგინა, სასულიერო პირზე საუბარი საერთოდ არ არის, იმ დროს, როდესაც, მთავრი პროკურორის მტკიცებით, “მზადდებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა” და გიორგი მამალაძეს შხამიანი ნივთიერება ციანიდი მიჰქონდა ბერლინში, იმ კლინიკაში, სადაც პატრიარქი მკურნალობს, ხოლო “ქართული ოცნების” პოლიტიკოსები პირდაპირ აცხადებენ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. როგორც გუშინ “არჩევანის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ “რუსთავი 2″-ის წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, იმ ჩანაწერში, რომელზეც მთავარი პროკურორი ბრიფინგზე საუბრობდა, თუმცა არ გაუმჟღავნებია, საუბარია არა პატრიარქზე ან რომელიმე სხვა მაღალ იერარქზე, არამედ პატრიარქის რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე, რომელსაც მიიჩნევა, რომ, ეკლესიაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა გააჩნია.

„საქმეს მომზადების ნიშნები ეტყობა, და რაც მოხდა, ეტყობა, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და, შეიძლება ითქვას, რომ ის არის გარკვეულწილად მსხვერპლი,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და გაახმოვანა დეკანოზის თხოვნაც, რომ თავისი ოჯახის უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული.

დაკავებულის ადვოკატი გიორგი ფანცულაია სახალხო დამცველის მიერ გამოტანილ ინფორმაციას ადასტურებს და ორი დღეა პროკურატურას მიმართავს, რომ გააუქმოს საქმის მასალების გაუთქმელობაზე დადებული შეთანხმება, რადგან პროკურატურა ცალმხრივად და მტკიცებითი ფორმით თავად საუბრობს საქმის მასალებზე, მათ კი პასუხის გაცემის უფლება არ აქვთ: “საზოგადოებამ რომ იცოდეს ორივე მხარის პოზიცია, ეს იქნებოდა ნეიტრალური და შემდეგ საზოგადოება შეაფასებდა. იმ არგუმენტებზე მაინც მოგვეცეს პასუხის გაცემა, რასაც საჯაროდ გვიყენებენ. პროკურატურის თითქმის ყველა არგუმენტთან ჩვენ წინააღმდეგობაში ვართ,” – ამბობს გიორგი ფანცულაია.

გარდა იმისა, რომ დეკანოზი “უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის” მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული, ჩნდება ახალი სკანდალი იმაზე, რომ საპატრიარქოში ქონებასთან დაკავშირებით დიდი კორუფციული გარიგებებია, რომელთა კვალი მაღალ იერარქებთან მიდის და სადაც დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მამხილებელი.

შეიძლება თუ არა გიორგი მამალაძის თანამდებობა – საპატრიარქოს ქონების სამსახურის უფროსის მოადგილეობა – უკავშირდებოდეს მის დაკავებას, ამაზე არც დეკანოზი და არც მისი უფლებადამცველი არ საუბრობენ გაუთქმელობის შეთანხმების გამო.

მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დეკანოზი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას ინარჩუნებს, მანამ სანამ მას მაღალი იერარქიის სასულიერო პირისგან საუბრის კურთხევა არ ექნება, თუმცა მასზე დაყრდნობით რაღაც დეტალები სახალხო დამცველისა და ადვოკატის მეშვეობით მაინც გახდა ცნობილი.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, დაკავებული დეკანოზი ადასტურებს ფაქტს იმაზე, რომ საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით არსებულ უკანონო სამეწარმეო საქმიანობაზე და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების კორუფციაზე მან პატრიარქს წერილი მართლაც მისწერა და ითხოვდა რეალურად გამოძიებულიყო ეს საქმე ან ის გადაეყენებინათ. თუმცა „რუსთავი-2“-ის მიერ ორშაბათს გავრცელებული წერილი, სადაც მათ შორი მეუფე იაკობის მხრიდან კორუფციასა და მუქარაზეცაა საუბარი, მისი დაწერილია თუ არა, ამას ვერ დაადასტურებს, რადგან კონკრეტულად რა გავრცელდა, მას არ უნახავს.

„უშუალოდ ამ წერილის აუთენტურობას ვერ დაადასტურებს, ვინაიდან თავად არ გაცნობია ამ წერილს. მაგრამ ის ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის წერილით არაერთხელ 2015 წლის დეკემბრიდან აქვს წმინდა სინოდისთვის მიმართული და სამწუხაროდ, გარკვეული მხარეების მიერ იბლოკებოდა,” – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

პროკურატურა დუმს და ორშაბათს გაკეთებული განცხადების შემდეგ ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებულ ბრალდებას კი ბერლინიდან გამოეხმაურა მეუფე იაკობი, რომელიც ბრალდების ერთ-ერთი ადრესატია: „ეგ არის ვიღაცის ჩვეულებრივი ზღაპრები, რა კომენტარი გავაკეთო, ვერ გავიგე. მაგ სამსახურის შექმნა ჩემი იდეა იყო და ნუ იბრალებენ სხვები. ვინც გამოაქვეყნა, იმას თუ ჰქონდა, იმას უნდა ჰკითხოთ, მაგის გარკვევა ნებისმიერ დროს შეიძლება. უბრალოდ, სირცხვილია თემის გადაფარვა იმით, რომ, თურმე, მეუფეს მილიონებთან ჰქონია კავშირი, ეს არასერიოზულად მიმაჩნია. თემა რა უფრო დიდია, უწმინდესის უსაფრთხოება, თუ ვიღაცა მეუფე, თუნდაც, ქურდი მეუფე, რომელი უფრო სერიოზულია“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს ქონების განკარგვაზე ხელი სამ სასულიერო პირს მიუწვდება – მეუფე იაკობს, მეუფე თეოდორეს, რომლებიც დღეს პატრიართქთან ერთად ბერლინში არიან და ასევე პატრიარქის მდივან მამა მიქაელ ბოტკოველს, რომელიც ამჟამად თბილისშია.

მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, გამორიცხული არ არის ეს წერილი მამა გიორგი მამალაძის დაწერილია, მამა გიორგი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი მოადგილეა და ამ თემასთან შემხებლობა ჰქონდა, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ წერილში ძალიან ბევრი საკითხი ხელოვნურად არის დრამატიზირებული.

“რა თქმა უნდა, იდეალური მდგომარეობა არსად არ არის და ვერც ერთ საწარმოსა და ინსტიტუციაში ვერ იქნება, მაგრამ ის, რომ რაღაც კორუფციული სქემებია, ამას ვერ გავიზიარებ. ამას სჭირდება რაიმე მყარი არგუმენტები, თუ რატომ საუბრობს მამა გიორგი ამ საკითხებზე. თანაც ამას აკეთებს წერილობითი ფორმით,” – ამბობს მიქაელ ბოტკოველი, რომლის თქმითაც, უკვირს რა საჭირო იყო ეპისტოლარული ფორმა, როდესაც მამა გიორგის პატრიარქთან კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონია და ის ძალიან ხშირად ხვდებოდა ილია მეორეს.

გუშინ ამ სკანდალს პირველად გამოეხმაურა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრი, რომლის გარემოცვის წევრია დაკავებული მამა გიორგი მამალაძე. იგი “ფეისბუქში” წერს, რომ დეკანოზ გიორგისთვის ბრალის დამტკიცება საუკუნის ტრაგედიად ჩაითვლება: “გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებიგან. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)”, – წერს მეუფე.

კათოლოკოს-პატრიარქი კვირის ბოლომდე გერმანიაში რჩება და მას ჯერ ოფიციალურად არაფერი უთქვამს მამა გიორგი მამალაძის საქმეზე, ამიტომაც ყველა დიდი ინტერესით ელოდება, რას იტყვის უწმინდესი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.

სახალხო დამცველი და სხვა უფლებადამცველები კი პრეტენზიას გამოთქვამენ იმაზე, რომ დაკავებული დეკანოზი დანაშაულს არ აღიარებს და ამ დროს მტკიცებითი ფორმით მას დამნაშავედ ნათლავს ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რაც მიუღებელია და უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა და ამასთანავე ითხოვენ, გაუთქმელობის შეტანხმება გაუქმდეს.

“ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” იურისტი ეკა ლომიძე, რომელმაც დაკავებული დეკანოზი საპატიმროში მოინახულა, ამბობს, რომ მათთვის პროკურატურის პოზიცია და “ცალ კარში თამაში” მიუღებელია, რადგან დაკავებულს გაუთქმელობის ხელწერილი აქვს ჩამორთმეული და ამ დროს აბრალდების მხარე საზოგადოებრივად მაღალი ინტერესის მქონე საქმეზე ტირაჟირებს იმაზე, რომ ეს იყო საკმაოდ მძიმე დანაშაული, რომელიც ადიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.

გარდა ამისა, აცხადებს, რომ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, როდესაც მაღალჩინოსანი პირები აკეთებენ განცხადებებს, რომ თურმე პატრიარქის მკვლელობის მცდელობა მზადდებოდა: „ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მოვნათლეთ დამნაშავედ ისე, რომ ჯერ არ გვაქვს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და უბრალოდ არსებობს ბრალი, ისიც მხოლოდ ცალმხრივად არსებული არგუმენტებით და არ არსებობს მეორე მხარის მიერ არგუმენტები, რომელიც საზოგადოებას ეცოდინებოდა. ასეთ პირობებში არ შეიძლება ვისაუბროთ დაცვის უფლების ნორმალურ განხორციელებაზე. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ აუცილებლად მოიხსნას გაუთქმელობის ხელწერილი, რათა ადვოკატმა შეძლოს საზოგადოებას გააცნოს ის ყველაფერი, რაც მათ აქვთ. ამ შემთხვევაში პროკურატურის პოზიცია მიუღებელია, როდესაც ასე ცალ კარში თამაშობს,” – ამბობს უფლებადამცველი ეკა ლომიძე.

რეზონანსი“, 15 თებერვალი, 2017 წელი

გჯერათ თუ არა პროკურატურის ვერსიისა პატრიარქის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით?

გვანცა წულაია

(შემოკლებით)

პატრიარქის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით, გჯერათ თუ არა პროკურატურის ვერსიის? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წევრებს მიმართა.

გივი სიხარულიძე  (მწერალი და მსახიობი): სანამ ზუსტად არ გავიგებ, რა მოხდა პატრიარქის ირგვლივ, მანდამე დასკვნას ვერ გამოვიტან. ჭორების დონეზე პატრიარქზე ვერ ვისაუბრებ, რადგან დღეს ის არის ეროვნული გმირი, ადამიანი, რომელიც საქართველოს ღერძია. ამ ღერძის გარშემო ტრიალებს საქართველო და ეს ღერძი რომ შეირყეს, საქართველოს დიდი უბედურება არ ასცდება. ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს პატრიარქზე, რომ მას არაფერი არ შეემთხვეს. დაველოდები გამოძიების დასრულებას და თუ მართლები იქნებიან, მხარს დავუჭერ.

ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტირ-ურბანისტი): პროკურატურის ვერსიის არ მჯერა. ეს არ არის ის ჟანრი, რომელიშიც პროკურატურა უნდა მოქმედებდეს. სამწუხაროდ, პრემიერმაც დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. არსებობს ორი მომენტი, რომელიც მთავარი და გადამწყვეტია. პირველი – დეკანოზი ციხეში არ მოკლან, და მეორე – გაუცხადებლობის ხელმოწერა გააუქმონ. სასამართო თუ გადაწყვეტს, რომ დეკანოზი არის დამნაშავე, მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, და თუ იგი უდანაშაულო აღმოჩდება, ამ სცენარის ავტორები უნდა დაისაჯონ. საერთოდ უკეთესი იქნება, პატრიარქმა მიბაძოს რომი პაპის მაგალითს და ზნეობით სავსე ახალგაზრდა სასულიერო მოღვაწეს ასპარეზი დაუთმოს.

ანა რატიანი  (ჟურნალისტი): თავს შევიკავებ დადებითი ან უარყოფითი პასუხისგან, რადგან უფრო მეტ ინფორმაციას ველოდები. აუცილებლად დაველოდები გამოძიების დასრულებას. ასეთი სიყვარულის მატარებელ ადამიანზე, როგორიც პატრიარქი გახლავთ, მსგავსი რამის გაფიქრება და სურვილი არა მგონია ერთი ადამიანის გადაწყვეტილება იყოს. წინასწარი დასკვნების გაკეთებას არავისგან არ მივესპლმები. ამ საკითზე არავის უნდა მიეცეს სპეკულაციის უფლება, სანამ ამბავი ბოლომდე არ გაირკვევა.

თედო დონდუა  (ისტორიკოსი): პროკურატურის ვერსია იყო, რომ დეკანოზს სურდა მაღალი იერარქიის პირის მოწამვლა. ყველა ამას ამბობს და მეც გეტყვით, დაველოდეთ გამოძიების დასრულებას. ერთადერთი, რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ საბოლოო ჯამში ძალიან ცუდი რამ ხდება ეკლესიაში.

გია ბუღაძე  (მხატვარი):არავითარ შემთხვევაში მათ ვერსიას არ ვეთანხმები. ეს ყვალაფერი არის ჩვეულებივი პროვოკაცია. ეს არის კორუფციული გარიგების დაფარვის მცდელობა. აქ ჩანს მიჩქმალვის სურვილი.

საქართველო და მსოფლიო“, 15 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ რუსუდან შარაძესთან: უწმინდესის მოწამვლა და მეუფე დანიელის გაპატრიარქება მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ 2004 წლის 22 ნოემბერს ჰქონდა დაგეგმილი

ჯაბა ჟვანია

2004 წლის 22 ნოემბერს, სახელმწიფო გადატრიალების წლისთავზე, გურამ შარაძემ უწმინდესის მოწამვლისა და მეუფე დანიელის გაპატრიარქების იდეა პირველად ჩაუშალა სააკაშვილსა და მის .. მოძღვრებს. ბევრს ეს სასაცილოდ არ ეყო მაშინაც და მერეცახლაც იცინით? მამა ვის არ უყვარს, მაგრამ იმიტომ ვაღმერთებ მამაჩემს, რომ სულ ფეხებზე ეკიდა .. საზოგადოებრივი აზრი. შუბლით მიდიოდა თავისი სიმართლით, თავის კაცობით და სიკვდილიც შესაბამისი არგუნა ღმერთმა. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, ილია II“ – ეს სტატუსი გურამ შარაძის ქალიშვილმა ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.

საქართველო და მსოფლიო“ ჟენევაში მყოფ რუსუდან შარაძეს დაუკავშირდა.

- მას შემდეგ, რაც პატრიარქის მოწამვლის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თქვენფეისბუქზედაწერეთ, რომ 2004 წელს მამათქვენმა, აკადემიკოსმა გურამ შარაძემ სააკაშვილის ხელისუფლებას უწმინდესის მოწამვლის გეგმა ჩაუშალა…. დეტალურად გვიამბეთ, რა იცით ამის თაობაზე.

- პატრიარქის წინააღმდეგ მოფიქრებული არაერთი გეგმა ჩაუშალა გურამ შარაძემ სააკაშვილს პრეზიდენტობამდეც და მერეც. სააკაშვილის გეგმა ჯერ პატრიარქის მოწამვლას, შემდგომ ვითომ გადადგომას, სინამდვილეში კი გადაყენებას შეეხებოდა. ყველა შემთხვევაში, მამაჩემი საჯაროდ ამბობდა, რომ პატრიარქის სავარძელს უმზადებენ მეუფე დანიელს, რომელიც თავადაც არ აკლებს მცდელობასო. თქვენ იცით, რომ გურამ შარაძეს ჰაერზე ლაპარაკი არ სჩვეოდა.

- თქვენი აზრით, რატომ სურდა სააკაშვილის ხელისუფლებას უწმინდესის მოშორება და მის ნაცვლად მეუფე დანიელის გაპატრიარქება?

_ იმისთვის, რომ საპატრიარქოც ისევე ყურმოჭრილ მონად ექცია, როგორი ხელისუფლებაც ჰყავდა. მღვდლები ყველგან იქადაგებდნენ იმას, რასაც სააკაშვილი მოისურვებდა. მან კარგად იცის, თუ რა გავლენა აქვს ხალხზე ეკლესიას. მივიღებდით სეთურის მრევლის უფრო ფართო და თანამდროვე მოდელს. შორს რომ არ წავიდე, ყველას ემახსოვრება ქუთაისის ეპისკოპოსი კალისტრატე და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი; ერთი – ქუთაისში, მეორე – მილანში, ტაძრებში ქადაგებისას, წყევლიდნენ ყველას, ვინც სააკაშვილს ხმას არ მისცემდა. სამარცხვინოა და ამაზრზენი ეს ყველაფერი.

- თუ იცით, საიდან შეიტყო მოწამვლის მცდელობის შესახებ მამათქვენმა და ამაზე ინფორმაცია თუ ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს?

- ნამდვილად არ ვიცი, ვისგან ჰქონდა ხოლმე ასეთი ინფორმაცია. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ საკითხზე არ ჩავეძიებოდი ხოლმა. მეტყოდა, რადგან გამოცდილი ვყავდი სიტყვის შენახვაში. რადგან თვითონ არ მიამბო დეტალები, მეც მომერიდა. რატომღაც სულ მეგონა, რომ ბევრი დრო მქონდა და ბევრ რამეს “მერე” შევიტყობდი მისგან… პატრიარქს ყოველთვის აფრთხილებდა, ეს დანამდვილებით ვიცი.

- რადგან ამბობთ, რომ მამათქვენმა ჩაუშალა სააკაშვილის რეჟიმს უწმინდესის გზიდან ჩამოცილების გეგმა და ისიც არაერთხელ განგიცხადებიათ, რომ ბატონი გურამ შარაძე სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა, იქნებ ეს ვერ აპატიეს მას?

- მამაჩემს ბევრი რამ ვერ აპატიეს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ და კონკრეტული თემებიც დაგვისახელებია, იქნება ეს ე.წ. თურქი-მესხების, მუზეუმებში დაცული განძისა თუ სხვა საკითხები… ჩემი ღრმა რწმენით, მთავარი იყო მისი პიროვნება, რადგან ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდა, ეხებოდა ეროვნულ თვითმყოფადობას, მის წარსულს, აწმყოსა და მომავალს, რაც მტკივნეულად აისახებოდა სააკაშვილზე. ის გემოს ვერ ატანდა თავის ავკაცობებს, გურამ შარაძე, ერთი კაცი, კალმით და სიტყვით არ აცლიდა მას ბოლომდე ტკბობას. ხალხი ენდობოდა მამაჩემს, მას ავტორიტეტი ჰქონდა. ის ქუჩიდან არ შესულა პარლამენტში, გურამ შარაძე შვიდი ათეული წიგნის ავტორი და გამომცემელია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, კარგად მახსოვს, ინტერვიუ, რომელიც “ასავალ-დასავალში” დაიბეჭდა სათაურით: “გურამ შარაძე: ყურადღება, ყურადღება! 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, საქართველოს პატრიარქი უნდა დაამხონ!”.

მამაჩემი ამბობდა, რომ იგეგმებოდა მორიგი დანაშაული პატრიარქ ილია II-ის ჩამოსაშორებლად და შიფრავდა სააკაშვილისა და მისი გარემოცვის გეგმას, რომელიც, რასაკვირველია, ამის შემდეგ ჩაიშალა. ეს ნამდვილად ასე იყო და კიდევ ბევრჯერ დადასტურდება. ამით გავეშებულმა სააკაშვილმა 10 დღეში, 2004 წლის 25 ნოემბერს, მამაჩემი დაიჭირა და 2 კვირით ციხეში გამოამწყვდია ვიღაც ოლბინსკის იაფფასიანი პლაკატების (და არა ნახატების, როგორც გია ბუღაძეს და გოკა გაბაშვილს უნდოდათ შემოესაღებინათ და ატყუებდნენ ხალხს) ჩამოხევის გამო. ამას თავად გურამ შარაძე ამბობდა ყველგან, არაერთი ინეტრვიუც არსებობს, სადაც ამბობს, რომ, პირველ რიგში, პატრიარქის წინააღმდეგ გეგმის ჩაშლის გამო იძია მასზე შური სააკაშვილმა.

- რუსუდან, ამ ფაქტის გახსენებით საზოგადეობას იმას მიანიშნებთ, რომ უწმინდესის მოწამვლის მცდელობაში ახლაც სააკაშვილის ხელი ურევია?

- გარდა იმისა, რომ მსგავსი გარეწარი სხვა არავინ მეგულება დედამიწის ზურგზე, რომელიც პატრიარქზე ხელს აღმართავდა, მთელი ინტერვიუს განმავლობაშიც ხომ ამაზე ვსაუბრობთ. 13-14 წლის წინათ თუ ჩაიდენდა, დღეს რა შეუშლის ხელს, უარესად გაბოროტებულს, გაავებულს, საკუთარი გუნდისგან მიგდებულს და ქვეყნიდან პანღურით გაგდებულს?! ის ვერ იტანს ავტორიტეტებს, სულერთია, ეკლესიაა, მეცნიერებაა, პოლიტიკაა თუ ქურდული სამყარო; ძირში სპობს. შურს ყველასი, სძულს ყველა, ვინც ოდნავ მასზე მეტია და, თუ არ ემორჩილებიან, უკვე, სიძულვილთან ერთად, შიშიც იპყრობს. სააკაშვილი ხომ ცნობილი კურდღელია – მილიონი კაციც რომ იცავდეს, სად წაუვა თავის ბუნებას?!

- თუ ასეა, რისთვის ან რატომ შეიძლებოდა დასჭირვებოდა საქართველოდან წასულ ყოფილ პრეზიდენტს ეს და, საერთოდ, რით ახსნით ულტრალიბერალების გააფთრებულ ბრძოლას პატრიარქისა და, საზოგადოდ, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ?

_ სააკაშვილი ვერ ეგუება ძალაუფლების დაკარგვას. იცის, რომ, თუ ძალაუფლება არ ექნება, ივლის, როგორც ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი, “მსუყე” წარსულით. არც ციხის საკნის მოლანდებები იქნება უცხო მისთვის, ამიტომ ყველა გზას მიმართავს. თუნდაც არეულობას ხომ შემოიტანს, ხომ გაამწარებს, ხომ აატირებს ხალხს, მისთვის საძულველ ადამიანს ხომ წაართმევს სიცოცხლეს და ხომ გაიხარებს 5 წუთით მაინც?!

- პროკურატურის ოფიციალური განცხადებიდან რამდენიმე საათშიკურიერმაგიორგი მამალაძის წერილი გამოაქვეყნა (ავთენტურობა ჯერ არ არის დადგენილი), იგი უწმინდესს სწერს: “თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესები საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე, იყო ჩემ მიმართ მუქარა, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა, რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოავლენს”… რა მიზანს ემსახურება ამ შინაარსის წერილის გამოქვეყნება?

- ის, რომ იქ დიდი ხანი განუკითხაობაა, გურამ შარაძე ლამის 20 წლის წინათ საჯაროდ ამბობდა, ბოლომდეც არ ამბობდა, მტერს რომ არ გაეხარა, მაგრამ, რაც თქვა, საკმარისზე მეტი იყო იმ დროში. არც ეკონომიკურ დანაშაულზე ხუჭავდა თვალს. გიორგი ანდრიაძეს ხომ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში ეკლესიაში მიხეილ სააკაშვილის დავალებით ინტრიგანობაში ამხელდა, მამამისს – საპატრიარქოს ბიუჯეტის შეჭმაში… ორი ათეული წლის წინათ თუ ასე იყო, ახლა რატომ იქნება უკეთესად საქმე? მით უმეტეს, რომ სად იყო იქამდე მსგავსი აგენტურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩანერგა, გაწრთვნა და აღჭურვა?!

რაც უნდა იყოს, პატრიარქი ამიტომ უნდა მოვწამლოთ და მოვკლათ? მიხეილ სააკაშვილი გავიგეთ, მაგრამ სხვებს რატომ ენანებათ მისთვის სიცოცხლე, რით ვერ ინელებენ ამ ერთ კაცს?! ვერავის მოთხოვ, რომ შენი ღმერთი იწამოს ან საერთოდ, რამე და ვინმე სწამდეს, მაგრამ ნუთუ სიკეთისა და ბოროტების არ სწამთ? ჩემი აზრით და გამოცდილებით, არც ერთი კონფესიის წარმომადგენელი, არც ერთი ნამდვილი ათეისტი იმას არ იკადრებს, რასაც ესენი კადრულობენ. ამ ისტერიულ კამპანიას ერთადერთი ახსნა აქვს – დაფინანსება: ნაწილი მიხეილ სააკაშვილისგან ფინანსდება, ნაწილი – სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან, რომლებიც იმავე მიხეილ სააკაშვილს მფარველობენ. აღარაფერს ვიტყვი სხვის ხმას აყოლილ ადამიანებზე, რომლებისთვისაც, პრინციპში, კეთდება ეს ყველაფერი. “ნაცმოძრაობა”, თავის მეტასტაზებით, მოქმედებს, როგორც სექტა, რათა როგორმე გადაიბიროს, გამოაშტეროს ადამიანები. ახალს არაფერს ვამბობ, დიდი ხანია, ცნობილია ეს ყველაფერი.

- ჯორჯ სოროსისა და სხვა ფონდების მიერ გულუხვად დაფინანსებული ლიბერალური სექტორი ყოველთვის გამოირჩეოდა პატრიარქის წინააღმდეგ შეუწყნარებლური განცხადებებით. სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ეს მიდგომა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი და, საიდუმლო არ არის, რომ სინოდის სხდომებს კუდის ხელმძღვანელობა ხან უშუალოდ ესწრებოდა, ხანაც სკაიპით ადევნებდა თვალს. ხომ არ არის მომხდარი ულტრალიბერალების მიერ პატრიარქის, სულიერების, ზნეობისა და ტრადიეციების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ლოგიკური გაგრძელება?

- კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი კი შეიცვალა, მაგრამ ვის სხდომებსაც ის აკონტროლებდა, ხომ იგივე დარჩა?! მიჭირს ყველაფერზე პასუხის გაცემა, ღმერთმა ჯანმრთელი დაგვიბრუნოს პატრიარქი გერმანიიდან და ყველაფერი დალაგდება. ასე გაგრძელება რომ შეუძლებელია, ყველა ვხედავთ. გამოძიებაც დასრულდება და იმედია, დამნაშავეთა მთელი გუნდი (გიორგი მამალაძე რომ მარტო ვერ იმოქმედებდა, ბავშვიც ხვდება) გამოაშკარავდება. იქნებ ასე სჯობდა, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დაერქვას ყველაფერს თავის სახელი?!

- თქვენი აზრით, რატომ იცავს გაშმაგებით სანდრა რულოვსის კარის მოძღვრად წოდებული ჭყონდიდელი მეუფე პეტრე პროკურატურის მიერ მაღალი იერარქის მოწამვლაში ბრალდებულებს და რატომ ცდილობს იგი გამოძიების არგუმენტების დაკნინებას?

- პასუხი თქვენსავე კითხვაშია – „სანდრა რულოვსის მოძღვარი“. ამაზე უკეთ ვერაფერს გეტყვით.

რეზონანსი“, 15 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „პატრიარქის ლიკვიდაციის სურვილი მხოლოდ დღეს და გუშინ არ გაუჩნდებოდათ // კვალიფიციურმა ძიებამ არაერთი, მათ შორის მაღალი სასულიერო იერარქების სახელი და გვარი უნდა გამოავლინოს

სალომე სარიშვილი

“სოციალურ ქსელში ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც პარტიარქის შესაძლო ლიკვიდაციას ეხებოდა, არ გახლდათ წყაროს მიერ მოწოდებული, ეს იყო ჩემი მოსაზრება, რომელზეც თავშივე ვთქვი, რომ შესაძლოა ან იყო რეალისტური ან არა, მას მხოლოდ პრევენციის მიზანი ჰქონდა,” – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელმაც სოციალურ ქსელში ერთი თვის წინ დაწერა, რომ შესაძლოა პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობის ლიკვიდაცია მზადდებოდა, ხოლო რამდენიმე დღით ადრე კი დაწერა, რომ პატრიარქი სერიოზული რისკის ქვეშ იყო და შესაძლოა იგეგმებოდა მისი ლიკვიდაციაც.

როგორც არჩილ გამზარდიამ “რეზონანსს” უთხრა, ამგვარი მოსაზრების საფუძველს რამდენიმე ფაქტორი აძლევდა, რის შესახებაც მან ჩვენ დეტალურად გვიამბო.

არჩილ გამზარდია: საფუძველი ამგვარი მოსაზრებისა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. პირველი ის, რომ ზოგადად საზოგადოებაში ისედაც არსებობდა ინფორმაცია პარტიარქის შესაძლო ლიკვიდაციის სურვილის შესახებ, მათ შორის ჩემს ბავშვობასა და ადრეულ ახალგაზრდობაშიც კი. მეორე, ეს იყო ეკლესიის ბოლო პერიოდის დინამიკა, რომელიც პირველ რიგში, პატრიარქს უკავშირდებოდა.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ეკლესიის მიმართ მისი პრორუსული ხასიათის შესახებ ბევრი მსჯელობდა, ხოლო ეკლესიისგან საქართველოს სახელმწიფოს ორიენტირების შესახებ ძირითადად საკმაოდ ბუნდოვანი პოზიცია ჟღერდებოდა, თუმცა ამის საპირისპიროდ ეკლესიამ ბოლო პერიოდში, საკმაოდ მოკლე ხანში ევროატლანტიკური მისწრაფებების ძალიან მტკიცე მხარდაჭერა გამოამჟღავნა და ჩვენ ეს განცხადებები მოვისმინეთ, როგორც ევროინტეგრაციის, ისე ნატოს შესახებ მხარდაჭერაზე.

გარდა ამისა, ბოლო დროს ძალიან ნათლად ჩანდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიმდინარე მსჯელობა, რომელიც ასევე ეხებოდა მისი შესაძლო მოწამვლის თემას. მოცემულობა კი შემდეგნაირი იყო: პატრიარქისთვის საქართველოში რთული ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას აპირებდნენ, რა დროსაც მედიკოსებისა და საპატრიარქოში არსებული პირების აზრი ორად გაიყო.

ნაწილი რთულ ქირურგიულ ოპერაციას ემხრობოდა, რაც დიდი ალბათობით ლეტალური შედეგის წინაპირობა იყო, ხოლო მეორე ნაწილი ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ გადაწყვეტილების მიღება საბოლოო ჯამში გერმანელ მედიკოსებს მიანდეს, რომლებმაც პარტიარქისათვის ლაპარასკოპიული ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტეს და ეს, როგორც მედიკოსები ამბობენ, არ შედიოდა რთული ქირურგიული ოპერაციების რიცხვში (რის ჩატარებასაც საქართველოში აპირებდნენ), ამ შედეგმა კი ეჭვები მის შესაძლო ლიკვიდაციაზე კიდევ უფრო გაამყარა. ამდენად, ზოგიერთი კანონზომიერება, მიმდინარე მოვლენები და ტენდენციები, ეჭვის საფუძველს ნამდვილად აჩენდა. სწორედ ამ ყოველივეს ემყარებოდა ჩემი მოსაზრება პატრიარქის ირგვლივ არსებულ სერიოზულ რისკებზე.

- თუმცა, თუკი ამ ლოგიკას მივყვებით, საზოგადოებაში ასევე ცხადად ისმის ცნობა იმის შესახებ, რომ საეკლესიო წრეებში პარტიარქის ტიტულის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. ყველაზე მკაფიოდ კი პარტიარქის ძმიშვილის მეუფე დიმიტრის სახელი ჟღერდება. თავად თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს გახლავთ ომი ფინანსების გადანაწილებაზე თუ გადამწყვეტი ბრძოლა პატრიარქის ტიტულის მოსაპოვებლად?

- ზოგადად, მხოლოდ შიდაპოლიტიკურ და ფინანსურ ოპერაციებამდე პროცესის დაყვანა, ვფიქრობ, რომ საკითხის შევიწროებაა, რადგან საერთო ჯამში, ეს გაცილებით ფართო თემაა. ერთი თვის წინ პარტიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის შესაძლო ლიკვიდაციის თემაზე ვისაუბრე. მაშინ არსებობდა ინკოგნიტო წყარო, რის გამოც ჩვენება პროკურატურას, შსს-სა და სამხედრო პოლიციასაც კი მივეცი, საქმე ძიებაში წავიდა.

რაც შეეხება ბრძოლას პატრიარქობისთვის, მოდით, ამ მოვლენებსაც ქრონოლოგიურად მივყვეთ. საპატრიარქოში თავს კიდევ ერთი მხარე იჩენს, რომელსაც მეუფე დიმიტრის მიაწერენ. ხაზს ვუსვამ, რომ ჩემი მოსაზრებები მხოლოდ ზოგად ალბათობაზეა აგებული, რომელიც უბრალოდ ლოგიკურ ჯაჭვში ერთიანდება, თორემ მტკიცების მოტივაცია ნამდვილად არ აქვს. წლების განმავლობაში მემატიანეებისგან გამიგია, რომ ეკლესიის შიგნით ყოველთვის არსებობდა გარკვეული ჯგუფების მისწრაფება, ყველა შესაძლო ხერხით პატრიარქის მოშორებისა და მათ შორის, ლიკვიდაციაც ან ლიკვიდაციის სურვილი თუ ძალისხმევა მაინც ყოფილა. ასევე პატრიარქის გადაყენების ფორმალური შესაძლებლობებისკენ სწრაფვა.

ეკლესიის და პატრიარქის პოზიციას ხაზი გავუსვი და ვთქვი, რომ შესაძლოა ის გარკვეული სახელმწიფოებითვის მიუღებელი ყოფილიყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. საქართველოში არსებობს ჯგუფი, რომელსაც რუსულ ნარატივს მიაწერენ და მათში ძირითადად ფუნდამენტალისტების ნაწილს გამოჰყოფენ, რომლებიც ეკლესიის სახელით გამოდიან, მაგრამ პარტიარქის წინააღმდეგ იბრძვიან. იგულისხმება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომელსაც საზოგადოებაში რუსულ პროექტსაც უწოდებენ, მათ შორისაა, დავით ისაკაძე და სხვები. მნიშვნელოვანია, რომ მათ მფარველად სწორედ მეუფე დიმიტრის მოიაზრებს საზოგადოება.

გარდა ამისა, საზოგადოებაში მსჯელობენ მისი მხრიდან პატრიარქობისადმი განსაკუთრებულ სწრაფვაზე და ზემოთხსენებული ჯგუფის მფარველობაზე – სავარაუდოდ, რუსული ნარატივის რეალიზაციის მიზნით. ასევე სახელდება პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, რომელიც მეუფე დიმიტრის ოჯახის წევრია და ამასთან, დაკავებული დეკანოზიც ამავე ეპისკოპოსის გარემოცვაში მოიაზრება. ეს პასაჟები მთლიანობაში მეუფე დიმიტრის უკავშირდება, თუმცა ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩემთვის ეს უბრალოდ ილუსტრაციაა, რომელსაც ვერც ვვარაუდობ და ვერც ვამტკიცებ, მაგრამ ეს პასაჟები მის გარშემო ნამდვილად ლაგდება.

ზემოთ პატრიარქის ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის შესაძლო ლიკვიდაციაზე ვისაუბრე, რომელმაც დაცვის უფროსი პატრიარქის უსაფრთხოების მიმართ არაჯეროვან მონდომებაში ამხილა. ალბათ, ქორეპისკოპოს იაკობის ლიკვიდაციის შემთხვევაში პრორუსულ ძალებს საშუალება მიეცემოდათ პატრიარქზე ბევრად თავისუფლად გასულიყვნენ; შესაძლოა მისი მოშორების სურვილის დაჩქარება მათ შორის სწორედ ეკლესიის ევროატლანტიკური მისწრაფებების გამოკვეთასაც უკავშირდებოდეს, რაც ბოლო პერიოდში საკმაოდ სწრაფად და ინტენსიურად მოხდა. სხვათაშორის, ამ საკითხებსა და პატრიარქის შესაძლო დისკრედიტაციაზე, ასევე პატრიარქის დისკრედიტაციის რუსულ კვალზეც თქვენს გამოცემასთან არაერთხელ მისაუბრია.

- და მაინც, ჩნდება კითხვა: საიდან ფლობთ ინფორმაციას ამ დეტალებზე? ეს უკავშირდება თქვენს წარსულ საქმიანობას და მათ შორის ეკლესიასთან მჭიდრო კავშირს? როგორც ცნობილია, თქვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონასტერში ცხოვრობდით…

- შესაძლოა კავშირები ყველგან მქონდეს, თუმცა ეს განცხადებები ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ჩემს ანალიტიკურ მოსაზრებებს ემყარება. პრინციპში, ის თემები, რაზეც ვისაუბრეთ, საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო. ამასთან, ვთქვი ისიც, რომ, შესაძლოა, ეს მოსაზრებები იყოს აბსურდული ან არასწორი. ჩემი აზრით, რაკიღა ეს გახლავთ თემა, რომელზე საუბარსაც ყველა უფრთხის და მე ღიად გავხსენი, ამიტომ მიეცა ასეთი ფორმულირება. მსგავს ვარაუდებს პოლიტიკურ თემებზე ხშირად გამოვხატავ, რომელთა ნაწილი სრული სიზუსტით ცხადდება, ხოლო ნაწილი, ბუნებრივია, არა. უბრალოდ, პოლიტიკურ თემებს შეჩვეულები ვართ, ხოლო ეკლესიის თემებზე ასე საჯარო მსჯელობას ნაკლებად.

- და ბოლოს, რას გვეტყვით ბრალდებულზე, რომელსაც შესაძლოა მიზნად მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა ჰქონდა? რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ პროკურატურის განცხადებები ამ ეტაპისთვის?

- პირველ რიგში, ნებისმიერი ბრალდება არადამაჯერებელი უნდა გვეჩვენებოდეს, სანამ სასამართლო ამ პროცესს ნათელს არ მოჰფენს, თუ თვითმიზანი არ გვაქვს ვინმეს დამნაშავე ვუწოდოთ. ამდენად, ამ შეთხვევაში ვითვალისწინებ, რომ ეს მხოლოდ ბრალდების მხარეა, ამიტომაც პირადად მე დეკანოზის სახელის ხსენებას ყველგან ვერიდები, მათ შორის ეთიკური მოსაზრებებისა და უდანაშაულობის პრეზუმპციის გამო. მიმაჩნია, რომ სასამართლომდე ვერაფერი იქნება დამაჯერებელი და ვფიქრობ, რომ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოთ. ერთადერთი რაც მგონია, ისაა, რომ ეს ქმედება ერთ კონკრეტულ პირთან დაკავშირებული არაა და ის შესაძლოა, მთლიანი რგოლის ნაწილი იყოს. თუკი ეს პირი ან თუნდაც სხვა სამომავლოდ დამნაშავედ ჩაითვლება, ასეთ შემთხვევაშიც ეს შემთხვევა ასევე მთლიანი ჯაჭვის რგოლი იქნება. კვალიფიციურმა ძიებამ კი, ჩემი აზრით, წესით არაერთი, მათ შორის მაღალი სასულიერო იერარქების სახელი და გვარი უნდა გამოავლინოს.

რეზონანსი“, 15 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ იგორ კვესელავასთან: როგორც ჩანს, ეს იყო ნამდვილად პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება“ // „1000 და 2000 კაცი არ არის ის მასშტაბი, რომელიც ამ ხელისუფლებას შეაშინებს

ნინო ქეთელაური

“როგორც ჩანს, საგამოძიებო ორგანოებს აქვთ უტყუარი მტკიცებულებები, თორემ პრემიერი და სხვა მინისტრები ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდნენ. მე ვფიქრობ, საქმის გამოძიება დამთავრებულია და მხოლოდ ფორმალური ნაწილიღა დარჩა,” – ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა დეკანოზ გიორგი მამალაძეზე მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს.

პოლიტოლოგი „რუსთავი-2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ ტელევიზიის ირგვლივ 50 ათასი კაცი მაინც შეიკრიბება, მაშინ ეს გარკვეულწილად რაღაცის მიმანიშნებელი იქნება.

„მაღალი იერარქიის სასულიერო პირის” მოწამვლის მცდელობის საქმე, ფარული ჩანაწერები, „რუსთავი-2“-ის დაანონსებული აქცია, – ეს ის საკითხებია, რაზეც “რეზონანსი” პოლიტოლოგს ესაუბრა.

იგორ კვესელავა: გულახდილად რომ გითხრათ, ბოლო წლების განმავლობაში, მსგავსი აჟიოტაჟის გამომწვევი საქმე არ მახსენდება. თუმცა, ეს ბუნებივია, რადგან საქემე ეხება ჩვენს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომელიც დიდი ავტორიტეტია. ამიტომ, საზოგადოების, თუ მთავრობის ინტერსი ძალიან დიდია. განცხადებები, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა, რომ ჩვენ ყველამ დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან და რომ ეს იყო კარგად გათვლილი გეგმა და ა.შ., მე არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ ამ საქმეში ეჭვი შევიტანო. როგორც ჩანს, ეს იყო ნამდვილად პატრიარქის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება.

რა თქმა უნდა, აქ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ როგორც ჩანს, საგამოძიებო ორგანოებს აქვთ უტყუარი მტკიცებულებები, თორემ ასეთ განცხადებებს პრემიერი და სხვა მინისტრები არ გააკეთებდნენ. მე ვფიქრობ, ალბათ, საქმის გამოძიება დამთავრებულია და მხოლოდ ფორმალური ნაწილიღა დარჩა. თუმცა, მე ისიც ვიცი, რომ ეს პიროვნება დანაშაულს არ აღირებს.

- დეკანოზს და მის ადვოკატს ჯერჯერობით, რაიმეს თქმის უფლებას არ აძლევენ. ამის გათვალისწინებით, ამ საქმის მიმართ გარკვეული კითხვები არ ჩნედება?

- ეს ერთი ადამიანის დაგეგმილი ვერ იქნებოდა. საპატრიარქოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მეუფე იაკობი ამბობს კიდეც, რომ ის მარტო ამის გაკეთებას ვერ გაბედავდა. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე, ამიტომ შეიძლება პროკურატურა ამიტომაც არ ძალევს იმის უფლებას, რომ რაიმე განცხადება გააკეთოს. თუმცა პროკურატურაც და ხელისუფლების წამომადგენლებიც პირდაპირ ამტკიცებენ, აქ ჩადენილია დიდი დანაშაული და ჩვენ თავიდან ავიცილეთ უბედურებაო. იმის ფონზე, რომ ასეთი თანამდებობის პირები ამ ყველაფერს ასე გადაჭრით ამბობენ, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი გამართლდა და ციხიდან გამოვიდა, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი და საზოგადოებაში გამოიწვევს უკურეაქციას. როგორც ჩანს, ეს საქმე უკვე ბოლომდეა გამოძიებული, სხვა შემთხვევაში საკუთარ თავს ამ განცხადებების გაკეთების უფლებას არ მისცემდნენ.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების წევრები ამ საქმის დეტალებს კარგად იცნობენ?

- რა თქმა უნდა, ამ საქმეში ასე ღრმად ჩახედულები, რომ არ იყვნენ, მსგავს განცხადებებს არ გააკეთებდნენ. გასულ წლებს თუ გადავხედავთ, ძალიან ბევრი დანაშაულებრივი საქმე იყო, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე, მაგრამ მთავრობის წევრების მხრიდან ასეთი შეფასებები არ გაკეთებულა.

- ოპოზიციის აზრით, ამ საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. ეთანხმებით?

- მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება. ჩვენთან არსებობს შესაბამისი ორგანოები: უშიშროების, უსაფრთხოების სამსახურები, პროკურატურა და ა.შ. კიდევ ცალკე კომისია რატომ უნდა შეიქმნას, მე ვერ ვხვდები. ან სად უნდა შეიქმნას, პარლამენტში? ან ვინ უნდა შევიდნენ ამ კომისიაში? ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი არ არის. ე.ი. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ ყველა საგამოძიებო ორგანოს, ისინი ვერ ახერხებენ დაკისრებული მოვალეობისთვის თავის გართმევას და “ნაციონალური მოძრაობის” თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან უნდა შეიქმნას ჯგუფი და ამათ უნდა გამოიძიონ? ეს იდეა ძირშივე მცდარია. უნდა ვაცადოთ პროკურატურას.

- ამ საქმეში რუსეთის ეკლესია პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს

- როდესაც საქმე ეკლესიას ეხება, ცოტა სხვაგვარად უნდა განვიხილოთ. ერთი მხრივ, შეიძლება დავუშვათ, რომ ამ პიროვნებამ საპატრიარქოს ქონების მართვის საკითხებში აღმოაჩინა რაღაც ისეთი, რომ გადაწყვიტა ემხილებინა და სწორედ მერე დაიწყო მის მიმართ მიზანმიმართული მოქმედება. მაგრამ, მაშინ მან ეს ყველაფერი უნდა თქვას. მეორე, აქ ფაქტი სახეზეა, მას აღმოაჩნდა მომწავლავი ნივთიერება. მე არ ვიცი, ვინმეს შეეძლო თუ არა, რომ მისთვის ჩემოდანში ფარულად ჩაედო. ეს ვერსიაც უნდა დავუშვათ. მაგრამ, ისევ გავმეორდები, გამოძიებამ ეს საქმე დეტალებით უნდა დაადასტუროს. რაც შეეხება პოლიტიკურ მოტივს, ნებისმიერ საკითხს შეიძლება მივანიჭოთ პოლიტიკური ჟღერადობა. ამას “ნაციონალური მოძრაობა” განსაკუთრებით კარგად აკეთებს და ამ საქმესაც პოლიტიკურ სარჩულს უდებს – ისევე, როგორც საკონსტიტუციო საქმეს თუ “რუსთვი 2″-თან დაკავშორებულ საქმეს. თუმცა, მე ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმესაც პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს.

- ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზე მინდა გკითხოთ, რა იკვეთება ამ ჩანაწერით?

- როდესაც პროკურატურა აცხადებს, რომ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდაო, ეს იმის მანიშნებელია, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, მის გარშემო მყოფი ადამიანები, თუ თვითონ ყოფილი პრეზიდენტი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ისევ ცდილობენ. ამას ყველა დამარცხებული პოლიტიკური პარტია ცდილობს და განსაკუთრებულიც არაფერია ამაში. მაგრამ, გააჩნია რა მეთოდებით აკეთებ ამას. “რუსთვი 2″-ისა და ნაციონალური მოძრაობის მოქმედებები პატიოსანი გზით ბრძოლა არ არის. ცილისწამება, ლანძღვა, გამოგონილი მითების შემოტანა საზოგადოებაში, სწორედ ამ გზებით ცდილობენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მუდმივად თავდაცვაში ამყოფონ. თუ ყურადღებას აქცევთ, ბოლო პერიოდში “ქართული ოცნება” სულ თავდაცვის რეჟიმშია. აქ მეორე საკითხია, არის თუ არა ეს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ქმედება? თუ ეს ასეა, შესაბამისმა ორგანოებმაც და კონსტიტუციამაც თავისი სიტყვა უნდა თქვას. ამიტომ, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, პირდაპირ შეფასებების გაკეთება რთულია. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და უნდა დავიცვათ.

- ამ ვითარებაში რა არის ხელისუფლების მთავარი შეცდომა?

- მე არაერთხელ მითქვამს, ხელისუფლების მთავრი შეცდომა არის ის, რომ სამართლიანობის აღდგენა და სისტემური ცვლილებები თავიდანვე არ დაიწყო. მე მხედველობაში მაქვს წინა ხელისუფლების მიერ დანაშაულებრივი ქმედებების მხილება, საზოგადოებისთვის ქონების თუ თანამდებობების დაბრუნება. ეს ყველაფერი ახლა უკვე დაგვიანებულია და “ნაციონალური მოძრაობის” გარკვეული წევრები ცდილობენ, რომ “ქართულ ოცნებას” კოაბიტაციური გზით შეერწყან. სამწუხაროდ, “ოცნება” კარგავს თავის ნამდვილ მომხრებს, რომლებიც მასთან 2012 წელს იდგნენ.

- ნიკა გვარამიას მიერ უკვე დაანონსდა აქციები. რამდენად მასშტაბური იქნება და ეს პროცესები სადამდე მივა?

- მათი დაანონსებული აქცია ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ. 1000 და 2000 კაცი არ არის ის მასშტაბი, რომელიც ამ ხელისუფლებას შეაშინებს. ის, რომ „რუსთვი-2“ ყველაფერში ცალსახად დავადანაშაულოთ, არასწორია. სარედაქციო პოლიტიკა სხვაა და ქონებრივი საკითხები- სხვა. მე ვფიქრობ, საბოლოოდ უნდა გაირკვეს, ვისია ტელეკომპანიის ქონება. მე ვერ გამიგია, რა არის ამდენი გამოსაძიებელი. ან სასამართლო რას ელოდება. თუ რასაც ედავებიან იმის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობს, მაშინ ამ დავას უნდა დავანებოთ თავი. წერტილი უნდა დაესვას “რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ მოვლენებს და ეს სასამართლომ უნდა გააკეთოს.

რაც შეეხება მხარდამჭერებს, აქციების დაანონსებით იქმნება ფონი, რომ, აი, ჩვენ ვართ ძალა, რომლის მორევაც ასე მარტივი არ არის. თუ „რუსთვი-2“-ის ირგვლივ შეიკრიბება 50 ათასი კაცი, მაშინ ეს შეიძლება გარკვეულწილად რაღაცის მიმანიშნებელი იყოს. მაგრამ, რა რაოდენობის ხალხიც მათ წინა აქციებზე ვნახეთ, არ არის ის ძალა, რომელიც ვინმეს შეაშინებს.

——————

ახალი თაობა“, 14 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „ჩვენი პატრიარქი ლოკალურ არეალს სცილდება“

საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, მაღალი იერარქიის სამღვდელო პირის მკვლელობა მზადდებოდა. დაპატიმრებულია სამღვდელო პირი, რომელიც გერმანიაში მიემგზავრებოდა მომწამლავი ნივთიერებით შეიარაღებული.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი თავისი პირადი დაცვის წევრები და სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი გააგზავნა გერმანიაში მყოფი პატრიარქის დასაცავად. ე.ი. სავარაუდოდ, მზადდებოდა გერმანიაში მყოფი პატრიარქის მოწამვლა.

ყოფილი დეპუტატი თენგიზ დიხამინჯია „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის ერთადერთი ნათელი წერტილი არსებულ ინსტიტუტებში, როგორც ავტორიტეტი და ერზე მზრუნველი ფიგურა. თუ კაცი მისი სიცოცხლის ხელყოფის გადაწყვეტილებას თანხმდება, შორსმიმავალი გეგმა უნდა ჰქონდეს.

„თუ ეს სინამდვილეს შეესაბამება, შეიძლება დაპატიმრებული პირი ვიღაცის მიერ იყოს გამოყენებული. ვინც მას იყენებს, ალბათ მიზანი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ნგრევა, ცნობიერებისა და ორიენტირების სრული პარალიზებაა“, – განაცხადა თენგიზ დიხამინჯიამ.

- ბატონო თენგიზ, ისეთი დეგრადირებულები ვართ, რომ ახლა პატრიარქის მოწამვლა მოინდომეს? ჩვენს ისტორიაში იყო შემთხვევა, როცა პატრიარქი მოკლეს, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. თუ მოწოდებული ინფორმაცია სწორია, როგორ შეიძლება შეფასდეს ასეთი ქმედებები?

- თუ იმ დონეზე დაეშვება ადამიანი, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, პრეზიდენტსაც მოკლავს და პატრიარქსაც. ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში ყველაზე დიდი ავტორიტეტით ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი სარგებლობს. ამიტომ, როდესაც მემკვიდრეობაზე მიდგება საქმე, ქაოსის შესატანად, მსგავსი გადაწყვეტილებაც არ არის გამორიცხული.

- პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მიზანი ქვეყანაში ქაოსის გამოწვევა შეიძლება იყოს?

- ალბათ, სახელმწიფოებრივი ქაოსი, დეგრადაცია და აბსოლუტური განუკითხაობა უნდოდათ გამოეწვიათ. პატრიარქი თავისი ავტორიტეტით მეტ-ნაკლებად აჩერებს ამ პროცესებს. მდგომარეობა კატასტროფულზე უარესია.

- მეორე მხრივ, ამგვარი ფაქტი თვით ეკლესიის ავტორიტეტის შებღალვაც არ არის?

- რა თქმა უნდა. ძირითადად მაინც გამიზნულია პანიკის დასათესად, საერთოდ, სახელმწიფოებრიობისა და სულიერებისთვის ბოლოს მოსაღებად.

- მოტივაცია რა შეიძლებოდა ყოფილიყო?

- მოტივაციის განსაზღვრა ძალიან რთულია, მაგრამ საერთოდ, ამგვარი ფაქტებით სახელმწიფოებრიობას, სულიერებას საფრთხე ექმნება. ჩემი აზრით, თუ კაცი ასეთ გადაწყვეტილებას თანხმდება, შორსმიმავალი გეგმა უნდა ჰქონდეს.

- მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ დაპატიმრებული დეკანოზი ანგარების მიზნით მოქმედებდა. თუმცა, არ განუცხადებია, შემკვეთი ვინ იყო...

- შეიძლება დაპატიმრებული პირი ვიღაცის მიერ იყოს გამოყენებული. ვინც მაგას იყენებს, ალბათ, მიზანი სახელმწიფოებრიობის ნგრევა, ცნობიერების, ორიენტირების სრული პარალიზებაა.

- ვის შეიძლება აწყობდეს პროცესების ამგვარი განვითარება?

- სანამ გამოძიება არ დასრულებულა, ამაზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ საქართველო ისეთი ქვეყანაა, ისეთი საკვანძო სივრცეა, გეოპოლიტიკური ძალების ისეთი ჭიდილია, რომ ბევრი ძალა იქნება დაინტერესებული ეკლესიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებში კრიზისის შექმნით. უნდათ საქართველოში, ქაოსი და განუკითხაობა იყოს, სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და მსგავსი მაღალი სტანდარტები არ არსებობდეს. ამაში ბევრია დაინტერესებული.

- გეოპოლიტიკური ინტერესები ახსენეთ. ჩემთვის რაღაცის მიმანიშნებელი იყო პრემიერის დავალებით დაცვის სპეცჯგუფის გაგზავნა გერმანიაში პატრიარქის დასაცავად. რაც მიუთითებს, რომ მნიშვნელოვან და სერიოზულ ფაქტთან გვაქვს საქმე...

- ჩვენ გვყავს პარტნიორები, ვისაც აქ სახელმწიფოებრივი წესრიგი და ქვეყნის ფეხზე დაყენება უნდა. შეიძლება ბევრნი არ არიან, მაგრამ პარტნიორები გვყავს.

- მტრებიც გვყავს...

- მტრები უხვად გვყავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არა მარტო ქართველ მოსახლეობაშია ავტორიტეტი, არამედ სხვა კონფესიებშიც. მიუკერძოებელი გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, გამოჩნდება, რომ ჩვენი პატრიარქი სხვა კონფესიების პარტნიორია, რაც მის ადამიანობას გამოხატავს. უწმინდესი დიდი სასულიერო მოღვაწეა. პოლიტიკასა და რელიგიას შორის საკმაოდ ფაქიზი ხიდია გადებული. როგორც კი ამ ხიდზე ვინმე მძიმედ გაივლის, სასულიერო პირი იქნება თუ საერო, შეიძლება ის ჩატყდეს და ვეღარ აღდგეს. მსგავსი შემთხვევები ისტორიაში ყოფილა.

ამ ადამიანმა ამგვარ ხიდზე გავლა ბევრჯერ მოახერხა. ის ინტენსიურად გამოდის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საოკუპაციო რეჟიმის დემონტაჟის მოთხოვნით. გავიხსენოთ მისი განცხადებები, როცა რუსეთში ჩავიდა, რუსეთის პატრიარქს შეხვდა და დააფიქსირა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, რაც პატრიარქმა იმ შეხვედრაზე მყოფ პუტინსაც პირდაპირ განუცხადა. როცა პუტინმა განაცხადა, რომ ქრისტიანების დევნა მიმდინარეობდა ბოსნიაში, ეგვიპტეში, კოსოვოსა და სირიაში, მაშინაც მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა საპასუხოდ, რომ ამის პარალელურად აუცილებელი იყო ანალოგიურად სამაჩაბლოსა და აფხაზეთიდან განდევნილი ადამიანების მოქალაქეობრივი და სარწმუნოებრივი მრწამსის დაცვაც.

- ბოლო მსოფლიო საეკლესიო კრებასთან დაკავშირებითაც პატრიარქს თავისი პოზიცია ჰქონდა და აქვს...

- დიახ, პატრიარქს მკაფიო პოზიცია აქვს, რაც მან მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღნიშნა. სამწუხაროდ, ამ იდეის რეალიზატორები საქართველოს პოლიტიკაში ვერ აღმოჩნდნენ. ეს უკვე ფაქტია, რადგან გაგრძელება არ მიეცა პატრიარქის დიდ წამოწყებას.

- რუსეთთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?

- დიახ. ეს იყო უზარმაზარი ლაფსუსი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ხელისუფლების უსუსურობაზე. ძალიან საინტერესო იყო კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება აფხაზეთის დაბრუნებაში ებრაელების როლზე (ბიზნესზეც იყო საუბარი), ჩვენი ისტორიული პარტნიორების, ებრაელების, მხარდაჭერაზე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. როდესაც ასეთი ადამიანი არსებობს მსგავსი იდეებით და კონსოლიდაციის უნარით, უნდა მოვუფრთხილდეთ. პატრიარქმა მუსლიმანების მხარდამჭერი განცხადებები რომ გააკეთა, იმ სამყაროს არასოდეს დაავიწყდება. როგორია მისი ავტორიტეტი ირანში და სხვა ფუნდამენტალურ ქვეყნებში, არა მარტო ჩვენთან, არამედ განსხვავებული მრწამსის ადამიანებში, საყოველთაოდ ცნობილია.

ჩვენი პატრიარქი არის ისეთი ფიგურა, რომელიც ლოკალურ არეალს სცილდება. მას მასშტაბური, მსოფლმხედველობრივი, კონფესიური და ცივილიზაციების ურთიერთობის დალაგების ერთ-ერთი არქიტექტორიც შეიძლება ვუწოდოთ. პატრიარქს ეს მოდელი გადმოაქვს საქართველოში. ბუნებრივია, არის ხალხი, რომელიც ამით არ არის დაინტერესებული და ამ იდეას მტრულად უყურებენ.

ახალი თაობა“, 14 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „სასამართლოს სისტემურ დამოუკიდებლობაზე ჩვენმა პარლამენტმა უარი თქვა“

„ახალ თაობას“ იურისტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ესაუბრება:

- ბატონო ლევან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა გვარამიას საუბრის აუთენტურობა საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან დაადასტურა. რა სამართლებრივი პროცესები შეიძლება ამ ფაქტს მოჰყვეს? ოპოზიციაში უკვე აკეთებენ განცხადებას ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით. რამდენად რეალურია, რომ მოვლენები სწორედ ასე განვითარდეს?

- ამ საკითხზე მე ვერ ვიმსჯელებ, რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობ. საზოგადოება არ იცნობს ექსპერტიზის დასკვნის შინაარსობრივ ნაწილს. რეალურად დანაშაულის ნიშნები არის თუ არა ამ საუბარში, ეს არავინ იცის. ყველაფერი თავის ადგილზე რეალურმა და სამართლიანმა გამოძიებამ უნდა დაალაგოს. ხელისუფლების გონიერება სწორედ იმაში უნდა გამოიხატოს, რომ ეს საქმე და სხვა ნებისმიერი საქმე მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაღალპროფესიონალურად წარმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას ეს შეიძლება საზიანოდ შემოუბრუნდეს.

- რადგან ამ ჩანაწერში საუბარია სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტზე, სასამართლო სისტემაზე, რომლის რეპუტაცია დგება ეჭვქვეშ სწორედ მილიონიანი გარიგებების ფონზე?

- გამართული ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი სწორედ სასამართლო სისტემაა. თუ სახელმწიფოს სასამართლო არ აქვს, მას მომავალი არ აქვს და შეიძლება სახელმწიფოებრიობა ჩამოეშალოს და ამ ნანგრევებში სხვებთან ერთად თავადაც მოჰყვეს. თუ ეს ვერ გააცნობიერა ხელისუფლებამ, სხვა დანარჩენი ფუჭია.

- რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ ეს პროცესი ჩიხიდან გამოვიდეს და სასამართლოს რეპუტაცია ეჭვქვეშ არ დადგეს?

- ხელისუფლებას პარლამენტში ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც რეალური გამოწვევაა ყველა ხელისუფლებისთვის. როდესაც სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღას პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ამას მოჰყვა დიდი პოლიტიკური შეფასებები, განცხადებები, რომ პრეზიდენტი აყოვნებს რეფორმირების პროცესს, ის კი არ თქვეს, რომ უკეთესს გვთავაზობს პრეზიდენტი. არის ადამიანების წრე, რომლებიც ცდილობენ, რომ ყველაფერზე მოიპოვონ კონტროლი, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ საბოლოო ჯამში ეს იწვევს ქვეყნის იზოლაციას. ჩვენნაირ პატარა ქვეყანას ეს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს, ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ.

- ამის საპასუხოდ ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, რომ ისეთი მნიშვნელობის რეფორმა, რომელსაც საერთო სასამართლოებში ატარებს, ამის ერთ-ერთ მაგალითად საქმეთა ელექტრონული განაწილება მოჰყავს, აქამდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაატარა.

- კი ბატონო, შესანიშნავი არგუმენტია, მაგრამ აქვე, როდესაც ეს არგუმენტი მოჰყავთ, ერთ კითხვას უნდა გასცენ პასუხი: ის ახალგაზრდები, ზოგი სპორტსმენი, ზოგიც ხელოვანი, რომლებიც პარლამენტში არიან და იურისპრუდენციის საფუძვლებს იქვე პარლამენტში რომ სწავლობენ, ასეულობით გამოცდილ მოსამართლეს, მოსამართლეთა მთელ კორპუსს, როგორ ეუბნებიან, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები გადავწყვეტთ, როდის მოგანიჭოთ სრული დამოუკიდებლობა? მათ ამ კითხვაზე უნდა გასცენ პასუხი. სწორედ ამას ედავებოდა საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტი და სხვას არაფერს. მოსამართლეებმა ყველაზე კარგად თავად არ იციან, რომ დამოუკიდებლობა ჰაერივით არის საჭირო ობიექტური სასამართლო სისტემის შესაქმნელად? პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დეპუტატებს უთხრა, დღესვე მიეცით ამ ხალხს დამოუკიდებლობა, თვითონვე აირჩიონ სასამართლოს თავმჯდომარეები.

სასამართლოს სისტემურ დამოუკიდებლობაზე ჩვენმა პარლამენტმა, სამწუხაროდ, უარი თქვა. უარი თქვეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც საჯარო ფიცი დადეს ამომრჩევლის, ამ ქვეყნის მოქალაქეების წინაშე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით ბოროტად არ ისარგებლებდნენ. მთელ საზოგადოებას გვითხრეს ამ ადამიანებმა, ჩვენ, პოლიტიკოსები, გადავწყვეტთ, რა და როგორ იქნება! არადა, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე აცნობიერებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას ალტერნატივა არ აქვს. აი, ამაზე თქვეს უარი, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, რაც ეჭვგარეშეა, რომ თავის უარყოფით კვალს აუცილებლად დატოვებს. გამოძიებისადმი უნდობლობა, სასამართლოსადმი უნდობლობა ძალიან დიდ დაღს ასვამს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას.

ახალი თაობა“, 14 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „მოსამართლეები, ვინც ნაციონალების“ დავალებებს ასრულებდნენ, ოცნების“ ჯიბეში გადაბარგდნენ“ // „ლევან მურუსიძე რომ სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი იქნება, რა უნდა ვილაპარაკოთ იმ სასამართლო სისტემაზე?!

ქვეყანაში გაზრდილ კრიმინოგენურ ფონს, მოსამართლეების ირგვლივ აგორებულ სკანდალს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იურისტი, უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე აფასებს.

- ბატონო შალვა, ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. დღე არ გავა, რომ ვიღაცის მკვლელობის ან დაჭრის ფაქტი არ მოხდეს. რა ხდება?

- დღეს ქვეყანაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკური სისტემა არ შეიცვალა, როდესაც სისტემა არ იცვლება, მერე იწყება უამრავი პრობლემა, მოძრაობები, მოქმედებები. ხანძარი სულ ანთია. სისტემურად უნდა მივუდგეთ პროცესებს. კრიმინალი გაიზრდება, რადგან არ არის სწორი მიდგომები.

- ვის სჭირდება ეს ყველაფერი?

- მე არ მგონია, ეს ვინმესგან მართული იყოს, პირიქით, უმართავ პროცესებთან გვაქვს საქმე. ბოლო წლებში რა პროცესებიც დაგროვდა, ყველაფერმა ერთად წამოიწია წინა პლანზე და ერთად იჩინა თავი. მიდგომა კი ზედაპირულია და ესაა ამ ყველაფრის მიზეზი. სამწუხაროდ, ვერაფერი სისტემური ვერ შევცვალეთ. ეს მარტო ამ ხელისუფლების ბრალი არ არის, თუმცა გამოსასწორებელი ძალიან ბევრია.

ახალი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს, რომელიც უნდა შეეხოს სასამართლოსაც და სხვა ნებისმიერ სფეროს. პირველ რიგში კი, სასამართლოს!

- სასამართლო ახსენეთ და რა ხდება დღეს სასამართლო სისტემაში? რამდენად არიან მართლაც მოსყიდული და დაშანტაჟებული მოსამართლეები?

- მტრის და ავისას, აქ რომ ხდება! ახალი რა უნდა ხდებოდეს, ისინი, ვინც იყვნენ და ასრულებდნენ ნაციონალების დავალებას, ისევ ის ხალხია წამყვანები. მაშინაც იყვნენ წესიერი მოსამართლეები და ახლაც არიან, თუმცა ამინდს და კლიმატს ქმნიან ის მოსამართლეები, ვინც დავალებებს ასრულებდნენ.

- ახლა ვის დავალებებს ასრულებენ, ისევ ნაციონალების“?

- არა, ვინც „ნაციონალების“ დავალებებს ასრულებდნენ, ისინი დღეს გადაბარგდნენ ხელისუფლების ჯიბეში! არ ვიცი, მათ რა ვუწოდო, აღარც „ოცნების“ მომხრეებს ვუძახი და არც – „ნაციონალების“. აზრი არ აქვს, ჩვენთან ასე დამკვიდრდა – ვინც მოვა ხელისუფლებაში, იმის მხარეს მიდის სასამართლო, იმის მხარეს მიდიან სამართალდამცავი ორგანოები და ყველა ინსტიტუტი. ჯოხი რომ დააყენო ხელისუფლების სათავეში, ჯოხოსნები გახდებიან! ამიტომ მათ აღარც ქოცებს ვუწოდებ და აღარც – ნაცებს! მანქურთების შთამომავლებით გაივსო ეს ქვეყანა!

- რას იტყვით დანაშაულის სტატისტიკაზე?

- მართალია, შს მინისტრი აღარ გვიქვეყნებს სტატისტიკას, მაგრამ რად უნდა ამას სტატისტიკა? ყველამ ყველაფერი ისედაც კარგად ვიცით. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ მკვეთრი მატებაა, რაღაცა ნაწილში გაზრდილია, რაღაც არ არის გაზრდილი. უფრო წვრილი და საშუალო დონის დანაშაულებებმა იმატა.

- ქუჩაში დაჭრის და მკვლელობის ფაქტებიც ხშირია. ამაზე რას იტყვით?

- მე უშუალოდ ამ თემაზე ვმუშაობ და სტატისტიკურად მკვლელობებზე ვერ ვიტყვით, რომ გაზრდილია. უბრალოდ, ახლა უფრო მეტად შუქდება. თან გააჩნია, რომელ წლებს ვადარებთ. ღიად შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის რიცხვი გაზრდილი არ არის. რეალური რეფორმები რომ გატარებულიყო, ამ კუთხით უკეთეს სურათს მივიღებდით. რეალური რეფორმები არ ტარდება. აბა რა გითხრათ, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე რომ სასამართლო სისტემის ხელმძღვანელები იქნებიან, რა უნდა ვილაპარაკოთ იმ სასამართლო სისტემაზე?! ნატალია ნაზღაიძეზე რას ფიქრობთო და „მაიტა ნასოსის“ ანეკდოტი მოგვიყვა.

- თქვენ რას ფიქრობთ ნატალია ნაზღაიძის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე?

- რთული სათქმელია. მე იურისტი ვარ და პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. როდესაც ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი და ეს დაკავშირებულია მოსამართლის სახელთან, პოლიტიკაში ასეთი რამ ხშირად ხდება, შესაძლებელია, რომ ეს ხელოვნურად დააკავშირო. როდესაც კითხვები ჩნდება მოსამართლე ნატალია ნაზღაიძესთან დაკავშირებით, ვიღაცამ პასუხი უნდა გასცეს და ლევან მურუსიძე ნამდვილად არ უნდა იძლეოდეს ამაზე რაღაც გაუგებარ პასუხებს. ვინმე სერიოზული ადამიანი უნდა გამოდიოდეს, ვინც ავტორიტეტია და უნდა გასცეს დასაბუთებული პასუხი. მურუსიძე სასამართლოს სახე – ეს ერთი დიდი პაროდიაა! რატომ ვერ შეძლეს ამ სახის მოშორება?!

- ნაციონალების“ დროინდელ სახეებზე საუბრობთ და ასევე აქტიურად მიდის საუბარი იმაზეც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ისევ ძველი კადრებია. რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?

- ამ ხალხის ძირითადი ნაწილი არც არსად გაუშვიათ. ვინც გაუშვეს, არც იმათ დაბრუნებას გამოვრიცხავ. მსოფლიოს ახსოვს ლიდერები, ვინც ასე მოიქცა, არ ჩაატარა მასობრივი წმენდა და დემოკრატიის სამსახურში ჩააყენა ის ხალხი, ვინც რეჟიმს ქმნიდა. ჩვენთან კი სისტემა არ არსებობს. ძალიან მყიფე ვითარებაა და წარმოუდგენელია, ეს პრობლემები დარეგულირდეს, სანამ ჩვენ პოლიტიკურ სისტემას არ შევცვლით და რეალურად არ დავიწყებთ ამ პოლიტიკური სისტემის განხორციელებას. ხელისუფლებას უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოვუწოდებ.

ახალი თაობა“, 14 თებერვალი, 2017 წელი

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა პრემია-დანამატების რეკორდი მოხსნა: „ამ სამსახურის უფროსის მოადგილეებმა უფრო მეტი პრემია-დანამატი აიღეს, ვიდრე მერის და მინისტრის მოადგილეებმა

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ცხოველთა მონიტორინგის სამსახური რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. მან არაერთხელ აალაპარაკა არასამთავრობო სექტორი. ყველაზე თვალშისაცემი ის არის, რომ ამ სამსახურის დაფინანსების უდიდესი ნაწილი ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე მიდის.

მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ წევრის მარიამ ქელბაქიანის განცხადებით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა დამკვიდრებულ ტრადიციას არც გასული წლის დამლევს უღალატა და საახალწლოდ პრემია-დანამატების კუთხით ერთგვარი რეკორდიც კი მოხსნა.

„თბილისის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის“ წლიური დაფინანსება 3 მილიონ ლარს შეადგენს. ამ სამსახურის დაფინანსების 85% ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე მიდის. გასული წლის დეკემბერში აქ 125.360 ლარის პრემია-დანამატი გაიცა, რაც ნებისმიერი გამგეობის ბიუჯეტზე მეტია, _-ამბობს „ახალ თაობასთან“ საუბარში მარიამ ქელბაქიანი.

მისთვის ასევე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სამსახურის უფროსის და მისი მოადგილეების შემოსავალი. დეკემბრის თვეში ამ ადამიანებმა 7.000 ლარზე მეტი მიიღეს.

„ერთმა მოადგილემ პრემია-დანამატის სახით 3.795 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი აიღო, მეორემ კი – 3.360 ლარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილეებმა გაცილებით მეტი ოდენობის პრემია-დანამატი აიღეს, ვიდრე საქალაქო სამსახურის უფროსებმა და მერის მოადგილეებმა“, – ამბობს „მედიატორის“ წარმომადგენელი.

მარიამ ქელბაქიანის განცხადებით, ამ სამსახურში 122 თანამშრომელია დასაქმებული, დასაქმებულთა ვინაობა კი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

„ჩვენ არაერთხელ დავინტერესდით, თუ ვინ მუშაობდა ამ სსიპში. გავაგზავნეთ შეკითხვა, მაგრამ არ გვიპასუხეს, გვითხრეს, რომ ინფორმაციას არ გასცემდნენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს სამსახური „ქართული ოცნების“ პარტიის აქტივის დასასაქმებლად არის შექმნილი. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი სამსახურშიც არ დადის და ისე იღებს ხელფასს“, – აღნიშნავს მარიამ ქელბაქიანი.

„მედიატორი“ დაინტერესდა, თუ რამდენად დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ ამ სამსახურის თანამშრომლებს.

„თვეში ერთი ან ორი გამოძახება აქვთ. ამ სამსახურის ეფექტურობაზე 13 ივნისის სტიქია მეტყველებს ყველაზე უკეთ. ამ სამსახურს უნდა დაეთვალა ცხოველები, მაგრამ 2015 წლის 13 ივნისს სხვა რამე ვნახეთ. მათ ისიც კი არ იცოდნენ, რამდენი ცხოველი იყო ზოოპარკში. ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა ადამიანი შეჭამა. ამაზე პასუხი მთელმა ხელისუფლებამ უნდა აგოს, მაგრამ რაკი არსებობს ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, მათ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულონ“, – ამბობს „მედიატორის წარმომადგენელი. მისი თქმით, ეფექტურადაც რომ ემუშავა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, ამ შემთხვევაშიც კი არ არის გამართლებული ამხელა პრემია-დანამატები. „მიაჩნიათ, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების გამოსაკვებად დღეში 1.18 ლარია საკმარისი. რაც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილეებმა ერთ თვეში აიღეს, 150 ადამიანის გამოსაკვებად იქნებოდა საკმარისი“, – აცხადებს აღშფოთებული მარიამ ქელბაქიანი.

„მედიატორი“ პრემია-დანამატების კუთხით კიდევ აგრძელებს კვლევას. მარიაჯმ ქელბაქიანი თითქმის დარწმუნებულია, რომ ამ ოდენობის პრემია-დანამატი არსად იქნება გაცემული. იგი დედაქალაქის მერიას და საკრებულოს მოუწოდებს, საკითხით დაინტერესდნენ. მარიამ ქელბაქიანი მიიჩნევს, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს თავისი გაწეული საქმიანობის ანგარიში. ამბობს, რომ ქუჩაში ხშირად უწევს გადაადგილება და ამ სამსახურის წარმომადგენლებს არსად შეხვედრია.

„იმას ვერავინ იტყვის, რომ თბილისში მაწანწალა ძაღლები და კატები არ დადიან და ამ სამსახურს საქმე არ აქვს. ასეთი ცხოველები თავშესაფარში უნდა გადაიყვანონ, ხოლო დარჩენილებს სათანადო აცრა უნდა ჩაუტარდეთ და ამის აღსანიშნავად ყურზე რაღაც ნიშანი უნდა ეკეთოთ. კარგი იქნება, თუ ისინი გაწეული სამუშაოს ანგარიშს საკრებულოს ჩააბარებენ. ის უკვე ვიცით, რომ მათი ბიუჯეტის 85% ხელფასებსა და პრემია-დანამატებზე მიდის. გასარკვევია, დარჩენილი 15% მაინც თუ იხარჯება მიზანმიმართულად“, – კითხულობს მარიამ ქელბაქიანი.

ამის გარკვევა განსაკუთრებით ახლაა საჭირო, რადგან ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით უამრავი ადამიანი გაუშვეს სამსახურებიდან. „თავდაცვის სამინისტროდან 2.000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. სხვა უწყებებშიც დაიწყო შემცირებები. საინტერესოა, რატომ არ ეხება ოპტიმიზაცია ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, რომლის ფუნქციებიც გაურკვეველია და არც ის ვიცით, რას აკეთებს ეს გასაიდუმლოებული ასეული“, – ამბობს მარიამ ქელბაქიანი.

Comments are closed