„ალია“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რა მოხდა კულისებში ისეთი, რომ კვირიკაშვილ-მარგველაშვილის „საარჩევნო შეთანხმება“ დაირღვა და ერთმანეთს დაეტაკნენ?
——
„რეზონანსი“: პოლიტიკური თამაში თუ შეუთანხმებლობა // საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გაუგებრობა ისევ გრძელდება
„რეზონანსი“: უნდა შეცვალოს თუ არა პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნების თარიღი?
„რეზონანსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: “საზოგადოებას ამზადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება”
„რეზონანსი“: ინტერვიუ ალექსი პეტრიაშვილთან: “ოცნება” მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს”
„რეზონანსი“: ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან: „ენ-დი-აი“-ს კვლევის შედეგები, „სამხრეთ ოსეთის“ რეფერენდუმი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ნატოს სამიტის მოლოდინი
„რეზონანსი“: აფხაზეთი ქართული ენის გარეშე // “ყველა ქართული სკოლა დაიხურა და გახდა რუსული – ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?!”
——-
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „პრეზიდენტსა და პრემიერს შორის გაუგებრობა მიუღებელია“
„ახალი თაობა“: ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატორების სიის პირველი ნომერი ხდება?
„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „რუსეთს “ოცნების“ რეიტინგის კლება აშფოთებს… „ენდიაი“-მ 2012 წელს რეალური შედეგები წარმოადგინა”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: “ნინო ბურჯანაძის პარტია ამერიკისთვის მიუღებელია… „ენდიაი“-ს კვლევები სამართლებრივად უნდა შეფასდეს”
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „ჩვენ 13%-ზე მეტ შედეგს ველოდით“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: “ოცნება“ და „ნაციონალები“ ხალხს ერთად ძარცვავენ“
——-
„ვერსია“: ინტერვიუ სოსო მანჯავიძესთან: რომელი პარტიის სიით გავა იგი არჩევნებზე და რა საკითხზე ითხოვს რეფერენდუმს დამოუკიდებელი დეპუტატი
————————-
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რა მოხდა კულისებში ისეთი, რომ კვირიკაშვილ-მარგველაშვილის „საარჩევნო შეთანხმება“ დაირღვა და ერთმანეთს დაეტაკნენ?
ნინო სამხარაძე
თავდაუსხმელობის პაქტი ანულირებულია. პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კინკლაობის რინგი გახსნილია, წამმზომი – ჩართული. ამ ბრძოლაში მოგებული კვლავ ხელისუფლება დარჩება, წაგებული – ხალხი, რადგან მშიერ და გაღატაკებულ მოსახლეობას სულაც არ ადარდებს, ძალაუფლებას დახარბებულ პარტიებს როდის აენთებათ „მწვანე“ საარჩევნო კამპანიისთვის. რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ტვინის გამოლაყება, დაბოლება, მოტყუება და გადაგდების ათვლის წერტილი არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაიწყება თუ ხუთი თვით ადრე?
მოკლედ, პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება, ის უფრო ადრეც დაინიშნოს. ანუ პრეზიდენტი ბრძანებს, რომ მთავრობამ და მისმა მეთაურმა მომატყუა და მეც დიდი კოვზით ფუნა ვჭამეო.
კი მაგრამ, ბატონო პრეზიდენტო, მთელი „სამართლის ლომები“ თქვენთან რომ გადმოაბარგეთ, ამხელა ხელფასები დაუნიშნეთ და ჩვენი ჯიბიდან „პოლიტიკურ შაბაშებს“ უხდით, ბუმბულს არჩევენ, თუ რჩევებს გაძლევენ?! რა საჭირო იყო საგანგებო ბრიფინგის გამართვა და აცეტებული ტექსტის წაკითხვა, არჩევნებს 8 ოქტომბერს ვნიშნავ და საარჩევნო კამპანიას 8 აგვისტოს გახსნილად ვაცხადებო?! ჰეი, თქვენ, ყველას მანდ, მეტი საქმე აღარ გაქვთ?! მშიერ ხალხზე იფიქრეთ, სანამ ბარიკადები არ აუგიათ!
პრეზიდენტი ამბობს, არჩევნების თარიღი დადგენილია – ეს არის 8 ოქტომბერი და არ შეიცვლებაო, არადა სააკაშვილმა 2012 წელს საარჩევნო თარიღი რომ გამოაცხადა, ორშაბათი იყო და ემიგრანტებს არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მაშინ ივანიშვილმა ეს გარემოება გააპროტესტა, ახლა კი 8 ოქტომბერი შაბათი დღეა და ემიგრანტს არჩევნებში მონაწილეობა იგივენაირად ეზღუდება, რადგან მათი დასვენების დღე არის კვირა, რას ნიშნავს ეს?! ემიგრანტებს ხმის მიცემის შესაძლებლობას უზღუდავთ?
ახალი დაპირისპირების საბაბი პრემიერსა და პრეზიდენტის შორის ხდება დოკუმენტი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღს განსაზღვრავს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებული განკარგულება პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა და განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე და უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.
გიორგი მარგველაშვილი, სავარაუდოდ, მეგობარ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, აცხადებს, რომ ის მზადაა, სარჩევნო კამპანიისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფული გამოყოს და 5 თვით ადრე დაიწყოს საარჩევნო კამპანია… რაზეც უმრავლესობამ მარგველაშვილს ორკესტრირებულად დასცინა და „არასერიოზული“ განცხადება წაღმა-უკუღმა უტრიალა, შენ პრეზიდენტის სარეზერვო თანხები საკუთარი ჯიბის ფული ნუ გგონიაო…
განსაკუთრებით ყელ-ყელა აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი, რომელიც პრეზიდენტს ტრიკოს რეზინივით გაეჭიმა: „საკითხს გონივრულად და რაციონალურად უნდა მივუდგეთ. წინასაარჩევნო პერიოდში, რიგი შეზღუდვები წესდება, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტიკურ ძალებს გარკვეული ადმინისტრაციული შესაძლებლობები უფართოვდება. აბსოლუტურად გონივრულია სამი თვე. ჩვენ რესურსი ადეკვატურად უნდა გამოვიყენოთ. როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მზად არის, საარჩევნო ფინანსებს შეეხიდოს, ეს ცოტა არასერიოზული განცხადებაა. პრეზიდენტს სარეზერვო ფონდის ფული საკუთარი ჯიბის ფული ნუ ჰგონია!». დიდი ამბავი, პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი საკუთარი ჯიბის ფული ეგონოს, თქვენ ხომ რას ამბობთ, ბიუჯეტი ხალხის ფული გგონიათ და თქვენს ხოშზე არ ფლანგავთ!
ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან:
- პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კინკლაობის რაუნდი გაიხსნა. რა უნდა მომხდარიყო კულისებში ისეთი, რომ შეთანხმება დაირღვა და ერთმანეთს დაეტაკნენ?
- ქართული პოლიტიკის დეგრადაციის პირველი ნიშნები ედუარდ შევარდნაძის დროს გამოჩნდა, ეს ჰგავს კიბოს, რომელიც არ გაწუხებს და შემდეგ, შედის მომაკვდინებელ სტადიაში. ახლა, ზუსტად ეს დრო დაუდგა ქართულ პოლიტიკას. მოდი, თავი დავანებოთ პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირებას და მოვლენებს თავისი სახელი დავრქვათ. რაც ხდება, ეს არის პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირება. როდესაც მოვიდა გიორგი კვირიკაშვილი, მაშინ მთავარი გახლდათ, არ ყოფილიყო ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მხოლოდ გვარები შეიცვალა. რეალურად კი, მხოლოდ გვარები და მაგათი შარვლების მუცლის ზომა შეიცვალა! ისეთი შთაბეჭდილება უნდა ყოფილიყო, რომ რაღაც სიახლე მოიტანა კვირიკაშვილმა: პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა დათბა, თითქოს ივანიშვილი უცებ გახდა მიმტევებელი და თითქოს ხელად დაივიწყა წყენა, მაგრამ ადამიანები ასე ადვილად არ იცვლებიან, მით უმეტეს, ამ ასაკში. ელემენტარულად საჭირო იყო საბაბი, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დამდგარიყო და საბაბად გამოდგა ეს ფაქტი, როდის დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია.
მე მაგალითად, ვთვლი, რომ საქართველოში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ჩვენთან საზოგადოება ისეა პოლარიზებული, შენ ამომრჩეველს ხუთი თვე უმტკიცებ თუ ორი თვე, აზრს ვერ გადაათქმევინებ. ხელისუფლება ხედავს, რომ მრავლდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ამიტომ იყო, ვიღაცებმა ხელისუფლების დავალებით რომ დაიწყეს ყვირილი, ამომრჩეველთა მონაწილეობა სავალდებულო გავხადოთო.
„ენდიაი“-ს კვლევები არასოდეს გამოირჩევა ობიექტურობით, ყოველთვის ეტყობა მიკერძოებულობა, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია. რაც არ უნდა სუბიექტური იყოს კვლევები, ისედაც ყველაფერი ჩანს. ჩემი ახალგაზრდობის დროს ანეკდოტი იყო – სეროჟა პროკლამაციებს აკრავდა და ფურცლები ცარიელი იყო. როცა ჰკითხეს, ეს რა პროკლამაციაა, შიგნით არაფერი წერიაო, სეროჟამ თქვა, რა საჭიროა რამის დაწერა, ისედაც ყველაფერი „იასნიაო“… აი, რად გვინდა კვლევების ჩატარება, ისედაც ყველაფერი „იასნია“ და ჩანს, რა დღეშია ქვეყანა, როგორი გაღატაკებულია ხალხი. კმაყოფილია მხოლოდ ხელისუფლება, მათი კორუფციის ფაქტები ჟონავს, პრემიერისა და პრეზიდენტის კინკლაობა კი ზუსტად ასახავს ქართული პოლიტიკის დეგრადაციას.
გიორგი კვირიკაშვილი რომ თავის არჩევანში დამოუკიდებელი იყოს, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს შეხვდებოდა და გამოსავალს მოძებნიდნენ, მაგრამ ივანიშვილი არ პატიობს პრეზიდენტს წყენას. ეს არის რეალობა. საბოლოო ჯამში, ამ კინკლაობით აღწევენ იმას, რომ ხალხის ყურადღება გადაიტანონ ახალ სკანდალზე, ნებისმიერ ხელისუფლებას ურჩევნია, იკამათონ იმაზე, როდის დაიწყონ საარჩევნო კამპანია, ვიდრე მშიერი ხალხის პრობლემაზე, რომელიც ხვალ შეიძლება ბარიკადებზე ავიდეს. ამ
საზოგადოებამაც ვერ აუარა გვერდი დეგრადაციას, ყელამდე ნეხვშია ჩაფლული და ისეთი მმართველი გვყავს, რასაც ხალხი იმსახურებს! სხვათა შორის, 2016 წლის გაზაფხული ძალიან ჰგავს 2012 წლის გაზაფხულს. რა დღეშიც იყო „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, იმავე მდგომარეობაშია დღეს «ოცნება“. როგორც «ნაციონალური მოძრაობა“ ეძებდა ახალ სახეებს, ასევე ეძებს ახალ სახეებს „ოცნება“. აუჩემებიათ, ცნობადი სახეებიო… ჩემს დროს ყველაზე ცნობადი სახეები პლეხანოველი კიკა და სოლოლაკელი მარინა იყვნენ, რა არის ამ ცნობად სახეებზე გადარევა?! „ოცნებამ“ სკანდალური კადრებით დაიწყო საარჩევნო მარათონი და სკანდალური კადრებით ასრულებს მმართველობის ოთხ წელს. ეს კი არ არის კარგი სიგნალი.
————————-
„რეზონანსი“, 15 აპრილი, 2016 წელი
პოლიტიკური თამაში თუ შეუთანხმებლობა
საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გაუგებრობა ისევ გრძელდება
ნინო ქეთელაური
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გამოაცხადა, განკარგულებას ხელი სწორედ გიორგი კვირიკაშვილმა არ მოაწერა და პრეზიდენტს თხოვნითაც მიმართა, რომ ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერი აცხადებს, უმჯობესი იქნება, თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება.
“არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარება გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ ჩვენ დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების წარმოდგენა მოხდეს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას. რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ასევე ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორის თუ პარტიების მხრიდან გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება, გვინდა ვთხოვოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დოკუმენტი წარმოადგინოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე იქნას განსაზღვრული. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას თავიდან ავიცილებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი განცხადებით კი, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას ის მაისის დასაწყისში გამოსცემს.
“პირველ რიგში, არჩევნების თარიღი დადგენილია – ეს არის 8 ოქტომბერი და არჩევნების თარიღის დადგენა კარგია პროგნოზირებადი საარჩევნო გარემოსთვის. რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა – მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც განმარტა, რომ 5 თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება იქნება დადებითი და რაც შეეხება, არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსებას, პრეზიდენტი მზადაა მთავრობას შეეხიდოს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ სიტუაციაში მოტყუებულ პრეზიდენტს ხედავს, რომელსაც მთავრობამ ის გადაწყვეტილება მიაღებინა, რაც თავად სურდა. საბოლოო ჯამში კი, როგორც ექსპერტი ამბობს, მთავრობამ ხელები პრეზიდენტს შეაწმინდა.
“მე პირადად, არც არჩევნების თარიღათან და არც საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ნებისმიერი თარიღი მისაღებია. მთელ ამ პროიცესში, ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ სერიოზული უხერხულობა შეიქმნა. თავის დროზე, მთავრობამ პრეზიდენტი დაითანხმა და გამოაცემინა მათთვის სასურველი აქტი, საბოლოო ჯამში კი, მთავრობამ საკუთარ შეცდომაზე ხელი შეაწმინდა პრეზიდენტს. რამაც ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი გააღიზიანა და ემოციური წაკინკლავების მოწმენიც გავხდით. რეალურად, თავიდანვე ყველაფერი სწორად რომ წასულიყო, ჩვენ ამ გაუგებრობას ავცდებოდით. პრეზიდენტს უნდა დაენიშნა არჩვენები, იმ განკარგულებაში ძალაში შესვლის თარიღი არ უნდა მიეთითრებინა. ამის შემდეგ მთავრობას უნდა წარმოედგინა თავისი არგუმენტირებული შენიშვნები დანიშვნის თარიღთან, თუ ხარჯებთან დაკავშირებით. ეს იქნებოდა სწორი განვითარება”, – აცხადებს გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მთავრობა თავის შენიშვნებში წინასაარჩევნო 2-თვიან პერიოდს, ახლა უკვე 3-მდე ზრდის, კითხვას აჩენს.
“როდესაც მთავრობა პრეზიდენტს უმტკიცებდა, რომ 2 თვეზე ადრე არჩევნების გამოცხადება გამოიწვევდა ხარჯებს და ამ არგუმენტით დაარწმუნა პრეზიდნეტი, რომ აქტი გამოეცა, ამის მერე, შენიშვნებში 2 თვეს 3 თვემდე ზრდის, ისმის კითხვა – თუ 3 თვე შეიძლებოდა, მაშინ რატომ არწმუნებდნენ პრეზიდენტს, რომ 2 თვეზე მეტი შეუძლებელი იყო? ამ ყველაფერში არ მინდა მაინცდამაინც შეთქმულების თეორია და პრეზიდენტისთვის შეგნებულად დარტყმის მიყენების ინტერესი დავინახო, მაგრამ ფაქტია, ასე გამოვიდა. მთავრობას ეს ყველაფერი პოლიტიკური თამაშივით გამოუვიდა”, – ამბობს გია ხუხაშვილი, რომელიც აღნიშნული მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალს მოლაპარაკებაში ხედავს. ახლა ემოციები უნდა ჩაიცხრონ, დასხდნენ და კიდევ ერთხელ კარგად მოილაპარაკონ. მხოლოდ ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი”, – ამბობს ექსპერტი “რეზონანსთან” საუბრისას.
„რეზონანსი“, 15 აპრილი, 2016 წელი
უნდა შეცვალოს თუ არა პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნების თარიღი?
გვანცა ღვედაშვილი
(შემოკლებით)
“უნდა შეცვალოს თუ არა პრეზიდენტმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება?” – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): “მგონი, სწორი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ის სამართებლივი უზუსტობები, რომლებზეც ჩემზე კომპეტენტური ადამიანები საუბრობდნენ ამ დღეებში, მოვიდეს წესრიგში. ზოგიერთ პარლამენტარს კი ვეტყოდი, რომ ისეთი კანონმდებლობა არ არსებობს, ეგენი რომ პარლამენტში მოხვდნენ, ვინც კვალიფიციური სუბიექტია, მათთვის პრინციპული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ამ თარიღს. არ მიმაჩნია სწორად, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდეს ვფიქრობ, სამთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი სავსებით საკმარისი არის”
ანა რატიანი (ჟურნალისტი): რა თქმა უნდა, მაისში უნდა დაიწყოს, ამის გადავადება რამდენი შეიძლება, შემდეგ საკითხები ყოველთვის მოუგვარებელი რჩება და ნამდვილად მაისში უნდა ჩატარდეს. როგორც ვატყობ, მაისისთვის, არც არაფერი არ მოესწრება, ჯერჯერობით არც არაფერი არ გაკეთებულა. მერე დაიწყებენ, ეს არ გამოვიდა, ის არ გამოვიდა და ა.შ. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. სამწუხაროდ, ამ მხრივ არაფერი არ იცვლება.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): “რაღაც ტრაგიკულად ვერ აღვიქვამ ამ საკითხს. ზოგადად მინდა, რომ პრემიერი და პრეზიდენტი შეთანხმებულად მოქმედებდნენ, როცა მახსენდება ღარიბაშვილისა და პრეზიდენტის ის სასაცილო ურთიერთობა, რომელიც მათ ჰქონდათ, ნამდვილად აღარ მინდა იგივე გაგრძელდეს ახლაც. ახლა რატომ შეცვალა ეს თარიღი, არ ვიცი, მაგრამ ასე ტრაგიკულად ვერ აღვიქვამ, არ მგონია, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ჯინაზე იქცევა ასე. რაც უფრო მეტხანს იქნება საარჩევნო პერიოდი, მით უკეთესი.”
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): “ვფიქრობ, ეს უფრო იურისტების საქმეა, მაგრამ, თუ რაღაც შეეშალა პრეზიდენტს, ისევ მთავრობის ბრალი მგონია და ისე 2012 წლის არჩევნების დამთავრებიდან მომავალი არჩევნებისთვის მზადება მაშინვე დაიწყო.
სხვადასხვა რაკურსით და მიდგომით, მაგრამ ეს პროცესი 2013 წლიდანვე დაიწყო. ახლა ეს ფორმალური მხარეა და იურისტების საქმეა, სწორად დანიშნონ თარიღი, თორემ, ჩემი აზრით, დიდი ხანია, არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.”
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): “ძალიან რთული გადასაწყვეტია ეს და ყველაფერი აისახება პრეზიდენტის იმიჯზეც, თუმცა ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ და, ვფიქრობ, პრეზიდენმა საკადრო ცვლილებები უნდა განახორციელოს თავის გარემოცვაში. ასეთი შეუთავსებლობის დაშვება არ შეიძლება. ვფიქრობ, უნდა შეცვალოს თარიღი, რადგან მთავრობის არგუმენტები ძალზედ დამაჯერებელია, მაგრამ წავა თუ არა ამაზე პრეზიდენტი, ნამდვილად არ ვიცი, ალბათ უნდა წავიდეს. ეს არ იქნება მისი სისუსტის ნიშანი.
„რეზონანსი“, 15 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: “საზოგადოებას ამზადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება”
ელზა პაპოშვილი
პოლიტოლოგისა და ფსიქოლოგის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევის გამოქვეყნებით, საზოგადოება იმისთვის შეამზადა, რომ მომავალ არჩევნებზე მოსახლეობის ხმები გაყალბდება. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ორგანიზაცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ იმართება და მის დაკვეთებს ასრულებს, რადგანაც პარტიამ იცის, რომ დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში ვეღარ მოვა და ვარდების რევოლუციის მსგავსი სცენარის გათამაშება სურს.
- როგორ შეაფასებთ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას და რას იტყვით მის შედეგებზე?
- დიდი ხანია, საქართველოში მეც და სხვა ადამიანებიც ტვშ-ის კვლევებს ეჭვის თვალით უყურებენ. ორგანიზაციამ ამჟამად საინტერესო მანევრი განახორციელა – ჯერ პირველი ბლოკის შედეგები გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ მეორესი. ჩნდება ეჭვი, ამას იმიტომ ხომ არ აკეთებს, რომ პირველად თქვა ის, რაზეც ყველა დაეთანხმება და შემდეგ იმის შანსი გაზარდოს, რომ მეორე შემთხვევაშიც დაეთანხმებიან. ეს ხერხი როგორც პიარტექნოლოგიებში, ასევე ყველა სხვა კვლევით ტექნოლოგიებში გამოიყენება, სადაც ადამიანის დათანხმება მსგავსი ხერხებით ძალიან მარტივია.
- რას გულისხმობთ მანევრში?
- კვლევის დროს ისმება კითხვა, ვინ მოგწონთ ყველაზე მეტად? ხოლო როგორც ტვშ გვამცნობს, გამოკითხულთა უმრავლესობამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით ბაქრაძე დაასახელა. საქმე ისაა, რომ თავად კითხვაა გაუგებარი, რომელიმე ლამაზი ქალი დაესახელბინათ, ალბათ უკეთესი იქნებოდა. აქ დაკონკრეტებული უნდა ყოფილიყო, თუ ვინ რითი მოგწონთ. კითხვაში არ ჩანს ბაქრაძე რატომ, ან რის გამო მოსწონთ – ამას ტვშ-ი არ აზუსტებს. როგორ შეიძლება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, რომელიც ბოლო დროს ეკრანზე საერთოდ აღარ სჩანს, საზოგადოებაში უფრო პოპულარული იყოს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ყველა სოციალური კვლევის მიხედვით, მოსახლებაში საკმაოდ რეიტინგულია.
იგივე კვლევის მიხედვით, მართველი გუნდის პარტიის და “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი ფაქტობრივად ერთია, თუმცა იქვე ამბობს, რომ გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა არ იცის ხმა რომელ პარტიას მისცეს. აი აქ არის სწორედ მთავარი ინტრიგა ჩადებული. “არ ვიცის” მქონე ადამიანებს კვლევა იტოვებს იმისთვის, რომ არჩევნებამდე ეს ხალხი ჩამოყალიბდება და აირჩევს რომელიმე პარტიას. რისთვის სჭირდება ტვშ-ის ეს მონაცემები? აი მთავარი კითხვა. არ გამოვრიცხავ, ეს იმისთვის კეთდებოდეს, რომ თუ “ქართული ოცნება” არჩევნებში გაიმარჯვებს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” იმის ძახილი დაიწყოს, რომ პარტიამ ხმები გააყალბა. რის შემდეგაც საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და დასავლეთს აჩვენებს, რომ ხელისუფლება, რომელიც სათავეში მოვიდა, არალეგიტიმურია, ამას კი ხალხიც ეთანხმება.
ამ მონაცემებით საზოგადოებას ამზადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება. დემოკრატიული არჩევნებით “ნაციონალური მოძრაობა” სათავეში ვეღარ მოვა და ამიტომ ვარდების რევოლუციის მსგავსი სცენარის გათამაშება სურთ.
- მოსახლეობაში მთავრობის მიმართ უკმაყოფილება რომ არსებობს, თქვენ ამაში დარწმუნებული არ ხართ? გასაკვირი იყო, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი არჩევნების მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი?
- რა თქმა უნდა, იმაზე არავინ დავობს, რომ მოსახლეობა ხელისუფლებით უკმაყოფილოა, რაც სავსებით გასაგებია, მაგრამ იგივე ადამიანები “ნაციონალური მოძრაობით” კმაყოფილები არიან? ეს ხომ ლოგიკას მოკლებული მონაცემებია? ეს ეჭვი არ გაჩნდებოდა, თუ ორგანიზაცია კვლევის დროს, “ნაციონალების” რეიტინგს სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად დაბლა დასწევდა. ტვშ-მ ეს არ გააკეთა და ამ პარტიის უპიურეტესობა მკაფიოდ გამოკვეთა. შესაბამისად, ვერსია, რომ ეს ხელისუფლება აღარ მომწონს, საკამრისი არ არის.
- კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 29%-ს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს. ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივა?
- რა თქმა უნდა, სწორი ვარაუდია, რომ თუ გამოკითხულთა ამდენ პროცენტს არც ერთი პარტია არ მოსწონს, მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივა. ესეც იმის დამკვიდრებაა, რომ მოდი, ნუ წავალთ არჩევნებზე. ხმის მისაცემად მისული ადამიანების რიცხვი, რაც უფრო დაბალი იქნება, “ნაციონალური მოძრაობის” პროცენტები მით უფრო მოიმატებს. თუ გამოკითხვით მათ 13% აქვთ, არჩევნებზე თუ ხალხი არ მივიდა, შესაძლოა 40 ან 50%-იც კი აიღონ.
- “ქართულ ოცნებას” აქვს შანსი, რომ პარლამენტში კვლავ უმრავლესობით მოვიდეს?
- ველი, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, მაგრამ როგორი შემადგენლობით, არ ვიცი. “ქართულ ოცნებას” არჩევნებამდე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოუწევს იმისთვის, რომ კვლავ უმრავლესობით მოვიდეს.
„რეზონანსი“, 15 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ალექსი პეტრიაშვილთან: “ოცნება” მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს”
თიკო ოსმანოვა
“ცალსახაა, რომ “ოცნებამ” რა ძალისხმევაც უნდა დახარჯოს, არჩევნებში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. ბევრ რეგიონში მეორე ტურია მოსალოდნელი და ამას თავადაც აღიარებენ. “ვერც ერთი მაჟორიტარი, ვინც იქნება წარმოდგენილი “ქართული ოცნებიდან”, წარმატებას ვერ მიაღწევს. თუ ამომრჩეველი არ ენდობა მმართველ პოლიტიკურ ძალას, შესაბამისად არ ენდობა მის მაჟორატარებსაც”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი და იქვე ცნობილი სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაზეც საუბრობს: „ჩემს საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავითარი პროგრესი არ არის – არც დამკვეთთან და არც მეორე შემსრულებლთან დაკავშირებით“.
- მეორე ბრალდებულზე რაიმე ინფორმაცია მაინც თუ არსებობს… დატოვა ქვეყანა?
- არავითარი ინფორმაცია არ მაქვს. როცა ადვოკატი ესაუბრება გამომძიებელს, მისი პასუხია – ვმუშაობთ აქტიურად. თუმცა არავითარი წინსვლა, სამწუხაროდ, არ არის.
- გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით თუ არის რამე სიახლე?
- მანდაც ჭიანურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ამდენი ხანი სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სამხარაულის ბიურო ამ დასკვნას გამოძიებას უახლოეს დღებში წარუდგენს. რათა კვალიფიციურად, არგუმენტირებულად მოხდეს მუხლის შეცვლის და გადაკვალიფიცირების საკითხის წამოწევა.
- “ენ-დი-აის” კვლევის მიხედვით, “ოცნების” რეიტინგი “ნაციონალების” რეიტინგს მხოლოდ 2%-ით აღემატება…
- საერთოდ, ძალიან ყურადსაღებია “ენ-დი-აის” კვლევები, აქედან შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან. მოსახლეობაში არსებული ეს უიმედობა არის რეალურად პოლიტიკური ძალებისთვის გამოწვევა და თითოეული პოლიტიკური ძალის “დამსახურებაა”, რომ ასეთი ნიჰილიზმია საქართველოს მოქალაქეებში. “თავისუფალი დემოკრატები” ვართ ის პარტია, რომელსაც მზარდი ტენდეცია გვაქვს. კიდევ უფრო მეტად აქტიურად უნდა ვიმუშავოთ ამომრჩეველთან იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე, რაც არსებობს.
რაც შეეხება კონკურენტ პოლიტიკურ ძალებს, დასკვნები თავად უნდა გააკეთოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ და ნაცვლად “ენ-დი-აის” მიმართ ბრალდებისა და მის ფარულ გარიგებაში დადანაშაულებისა, გავიდნენ მოქალაქეებთან იმ პრობლემებზე სასაუბროდ, რომელიც არსებობს და იმსჯელონ ამის მოგვარებაზე. ეს მაჩვენებელი განგაშის საფუძველი უნდა იყოს. თუ ისინი აქედან შესაბამის დასკვნებს არ გააკეთებენ, ოქტომბერში დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ თავის გადაწყვეტილებას და ეს არ იქნება დღევანდელი მმართველი ძალის სასარგებლოდ.
- ამ დასკვენების საფუძველზე პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- მრავალპარტიული თავისთავად კარგია დემოკრატიული განვითარებისთვის, საინტერესოც არის. უკვე ცალსახაა, რომ “ოცნებამ”, რა ძალისხმევაც არ უნდა დახარჯოს, არჩევნებში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. ბევრ რეგიონში მეორე ტურებია მოსალოდნელი და ამას თავადაც აღიარებენ. ვეცერთი მაჟორიტარი, ვინც იქნება წარმოდგენილი “ქართული ოცნებიდან”, წარმატებას ვერ მიაღწევს. ეს 15%-იანი მაჩვენებელი მათზეც აისახება. თუ ამომრჩეველი არ ენდობა მმართველ პოლიტიკურ ძალას, შესაბამისად არ ენდობა მის მაჟორატარებსაც. 73 დიმიტრი გელოვანის მოძებნა დღეს წარმოუდგენელია. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მოძებნის ასეთს. შესაბამისად დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ოცნება” მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს. აქ სხვა პარტიები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. დარწმუნებული ვარ ჩვენს გარეშე ვერცერთი პოლიტიკური ძალა მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს.
- ევროპა სამეზობლო პოლიტიკას შეცვლაზე საუბრობს, არსებობს თუ არა იმის საშიშროება, რომ ეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე აისახოს?
- ევროპელი ლიდერების მხრიდან მკაფიოდ ითქვა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული პოლიტიკა არავითარ შემხებლობაში არ იქნება ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებასთან. უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ხელისუფლებამ აქტიური დიპლომატიით ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ იყოს მიბმული არჩევნებთან და არ გაცდეს ადრეულ ზაფხულს. “თავისუფალი დემოკრატები”, ჩვენი კავშირებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გვიანი გაზაფხული მაისი, ივნისი იყოს ბოლო ვადა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის.
- არსებობს ალბათობა, რომ ეს პროცესი დროში გაიწელოს?
- ამიტომაც ვამბობ, საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დიპლომატიური კუთხით გააქტიურდეს. განახორციელონ ვიზიტები და მოახდინონ კომუნიკაცია ლიდერებთან, რომ სწრაფად დანიშნონ განხილვის თარიღი. ევროპაში ისედაც ბევრი პრობლემებია – ტერორიზმის საფრთხე, მიგრანტთან საკითხები და ა.შ ამიტომაც მათი დღის წესრიგზე მაღლა ჩვენი საკითხი რომ მოხვდეს, საჭიროა პირველი პირების პირდაპირი კომუნიკაცია. განსაკუთრებით აქ არის მთავრობის მეთაურის როლის გაქტიურებაა საჭირო. მაგალითად თუ ვიზიტების დაგეგმა ვერ ხორციელდება მაშინ მნიშვნელოვანია, რომ სატელეფონო კომუნიკაცია მაინც იყოს პირველი პირების დონეზე.
- ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ელოდებით მორიგ ესკალაციას?
- ესკალაცია ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდება. კონფლიქტის მთავარი შემქმნელი რუსეთი დაინტერესებულია, რომ კონფლიქტი იყოს მუდმივად ნახევრად გაყინულ, ნახევრად გამღვალ მდგომარეობაში. ყარაბაღის ტიპის კონფლიქტებით, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით, უკრაინის ტერიტორიების ანექსიით რუსეთი ცდილობს თავისი ძალის დემონსტრირებას დემოკრატიული სამყაროს წინაშე. დემოკრატიულ სამყაროს ამიტომ სჭირდება ქმედითი და აქტიური გადამწყვეტი ნაბიჯები იმისთვის, რომ საბოლოოდ ევროპა იყოს თავისუფალი და ერთიანი. ჩვენ კი ამ ოჯახის წევრი უნდა გავხდეთ.
„რეზონანსი“, 15 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან: „ენ-დი-აი“-ს კვლევის შედეგები, „სამხრეთ ოსეთის“ რეფერენდუმი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ნატოს სამიტის მოლოდინი
ლიკა ამირაშვილი
“მსგავსი კონფლიქტები, თუკი სათანადო ზომები არ იქნება მიღებული, შესაძლოა, ძალიან მარტივად ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვიდეს,” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ყარაბაღის კონფლიქტზე “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ რეგიონში სამშვიდობო პროცესის აღდგენას ყველანაირად ხელი შეუწყოს.
- „ენდიაი“-ს კვლევის მიხედვით, ევროატლანტიკური კურსის მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო ევრაზიულ კავშირის მხარდამჭერები კი შემცირდნენ. ეს ცვლილება რა ფაქტორებითაა გამოწვეული?
- რა თქმა უნდა, ამის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. უპირველესად საზოგადოებამ უკეთესად დაინახა რუსეთში რა სიტუაციაა, დაინახა შედეგები იმ ე.წ ინტეგრაციული პროექტის, რომელიც სწორედ ამ ორ ქვეყნის ინიციატივით რეალიზდება და დაინახა რა შედეგი მოსდევს არჩეული კურსიდან წინდაუხედავ გადახვევას. მხედველობაში მაქვს უკანასკნელ პერიოდში ყარაბაღის ფონზე განვითარებული მოვლენები. მოდით, ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ მოახლოებული არჩევნების წინ ევროატლანტიკური გზის მომხრე პოლიტიკური ძალების აქტივობა გაზრდილია. რა თქმა უნდა, ძნელია გაზომვა, რამდენად ინტესიურია ამ პროცესის გავლენა, მაგრამ თავის კვალს ტოვებს. საზოგადოების ცნობიერებაში ეს ორი ალტერნატივა – ევრაზიული კავშირი და ევროატლანტიკური მიმართულება ერთმანეთს უპირისპირდება. ერთის მომხრეთა ზრდა თითქმის მექანიკურად ნიშნავს, მეორე არჩევანის პოპულარობის შემცირებას.
- ყარაბაღში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ელოდებით თუ არა კონფლიქტის კვლავ გამწვავებას და საქართველოს რა კუთხით შეიძლება ეს შეეხოს?
- მოვლენების უარესი სცენარით განვითარება ყოველთვის მოსალოდნელია. თვითონ ამ ფაქტმა, რომელიც რამდენიმე დღეა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას ასე იპყრობს, მემგონი ყველას ნათლად დაანახა, რომ გაყინული კონფლიქტები უბრალოდ არ არსებობს. არსებობს მოწესრიგების პროცესის გაყინვა და შეჩერება, რომელიც ავტომატურად ზრდის რისკს მდგომარეობის დაძაბვის და ამგვარი დაპირისპირების განახლებისა.
ბევრი მოსაზრება ითქვა, იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო კონკრეტული მიზეზი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევისა და ამ დაპირისპირების წარმოშობისა.
ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი სწორედ ის გახლავთ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესისადმი ყურადღება შესუსტდა და საერთაშორისო საზოგადოებამ უბრალოდ ვერ მოახერხა ეს პროცესი სათანადო ინტესივობით წარემართა, შედეგი კი სახეზეა. რეგიონში გამოვლენილი ყოველგვარი დესტაბილიზაცია საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, უსიამოვნო და მიუღებელია. ზოგადად რეგიონში ამგვარი სიტუაციის წარმოშობა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე უკვე ნეგატიურად მოქმედებს.
თქვენ კარგად იცით, რომ მსგავსი კონფლიქტები, თუკი სათანადო ზომები არ იქნება მიღებული, შესაძლოა, ძალიან მარტივად ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვიდეს. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე სწორი და მართლებული პოზიცია ისაა, რომელიც საქართველომ ყველა თავისი ხელმძღვანელი პოლიტიკური ძალის პირით ერთმნიშვნელოვნად განაცხადა.
საქართველო ჩვენი მეზობლების სამხედრო კონფლიქტში არ ჩაერევა, მაგრამ მზად არის სამშვიდობო პროცესის აღდგენას ყველანაირად ხელი შეუწყოს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პროცესები ასეც განვითარდება. როგორც მოგახსენეთ, სიტუაციის გართულების გამორიცხვა არ შეიძლება, ამიტომ პროცესში ჩართული ყველა მხარე მზად უნდა იყოს.
- აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი რეგიონის უსაფრთხოებისთვის აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს სამმხრივი შეთანხმების დადებაზე საუბრობს…
- საქართველოს პოზიციები ამ საკითხზე ცნობილია. ჩვენ მომხრეები ვართ, რომ სამმხრივი ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობა გააქტიურდეს. ვთვლი, რომ ეს აბსოლუტურად სწორი და კარგად გათვლილი პოლიტიკაა. ამგვარი თანამშრომლობა რეგიონში მხოლოდ სტაბილურობის განმტკიცება შეუწყობს ხელს. ეს სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ რომელიმე შეიარაღებულ ძალას მხარს დავუჭერთ. საუბარია პირიქით, მსგავსი გართულებების პრევენციაზე და ამ გზით ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობაზე.
- სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს და ამისთვის რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. როგორ ფიქრობთ, ასეთი გადაწყვეტილება რა ზეგავლენავს მოახდენს პროცესზე?
- ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს საქართველოს შანტაჟის მცდელობის მორიგ ნაბიჯს იმ ჯაჭვში, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულად განწყობილი რუსეთის ხელმძღვანელობა ახორციელებს. მიზეზი ერთადერთია, რუსეთი ღიზიანდება საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვით და ამ ვექტორის მიმართ ჩვენი გააქტიურებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ჩვენი მეზობლის ამგვარ ნეგატიურ დამოკიდებულებას ჩვენს სტრატეგიულ სწრაფვაში ვერ გავითვალისწინებთ.
- ნატოს ვარშავის სამიტი ახლოვდება… რას უნდა ველოდოთ ამ სამიტისგან?
- ჩვენ ვარშავის სამიტისგან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მკაფიო სიგნალს უნდა ველოდოთ. არაერთხელ პარტნიორების მიერ საქართველოს წარმატებული ნაბიჯები ინტერგრაციის გზაზე დადასტურებულა. იმედი მაქვს, ეს თავის გამოხატვას სამიტზეც ჰპოვებს.
„რეზონანსი“, 15 აპრილი, 2016 წელი
აფხაზეთი ქართული ენის გარეშე
“ყველა ქართული სკოლა დაიხურა და გახდა რუსული – ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?!”
ეკატერინე ბასილაია
“გალში ყველა ქართული სკოლა დაიხურა და გახდა რუსული. ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?! ქალაქში, სადაც მოსახლეობის 99% ქართველია, ქართულ სწავლებას კრძალავენ და მოსწავლეები გეოგრაფიას, მათემატიკას, ფიზიკას, ბიოლოგიას – ყველაფერს რუსულ ენაზე სწავლობენ”, – აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი. იგი ამბობს, რომ გალის რაიონში 1994-95 წლის ომამდე 31 ქართული სკოლა იყო, დღეს კი ყველა ამ სკოლაში სწავლება რუსულადაა. ქართველ მოსწავლეებს მშობლიური ენის სწავლებისთვის კვირაში მხოლოდ 2 საათი აქვთ დათმობილი. “არც ერთ ამ სკოლას არ აწერია, რომ რუსულია, მაგრამ რად გინდა, სწავლება მხოლოდ რუსულადაა. სკოლებს წარწერებიც რუსულად და აფხაზურად აქვთ. ამას უნდა ვუშველოთ. ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ. მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ. ვიცი, ჟენევის დისკუსიებზე ყოველთვის ამაზე მიდის საუბარი, მაგრამ ეტყობა ეს არ შველის.
“არის დაშინებები. მასწავლებლებს და მოსწავლეებს აშინებენ, დირექტორები სკოლიდანაც გაათავისუფლეს იმის გამო, რომ უცხოელებს, ვინც სკოლებში შესამოწმებლად მიდიოდნენ, სიმართლეს დაუფარავად ეუბნებოდნენ. ასეთი დირექტორები სხვა ქართველებით, უფრო დამყოლი ქართველებით ჩაანაცვლეს. შეიძლება 21-ე საუკუნეში ასეთი რამ ხდებოდეს?! საერთოდ, გალელი მასწავლებლები გმირები არიან. მათ ვეუბნები კიდეც, დრო მოვა და ჩვენი ქვეყანა მათ სათანადოდ დააფასებს. ისინი მაინც ახერხებენ და მოსწავლეებს ღამის საათებში დამატებით ქართულად ასწავლიან. იქაური ბავშვები რომ გადმოდიან, ქართულად საუკეთესოდ ლაპარაკობენ. ძალიან ბევრი აბიტურიენტია გალიდან, ვინც 100%-იანი გრანტი მოიპოვა”, – აღნიშნავს დიმა ჯაიანი.
აღსანიშნავია ის, რომ გალის რაიონში 1994-95 წლის ომამდე 31 ქართული სკოლა იყო, დღეს კი არც ერთი არ არსებობს. 2008 წლის შემდეგ გალის რაიონის ტერიტორიაზე თანდათან მოხდა 20 სკოლის ტრანსფორმირება და მათ მიენიჭა რუსული სკოლის სტატუსი, ხოლო ე.წ. ქვედა ზონის 11 სკოლას ჰქონდა ქართული სკოლის სტატუსი. სიტუაცია გაუარესდა 2015-2016 სასწავლო წლიდან, როცა სექტემბრიდან აქაც სწავლება რუსულად გადაკეთდა. 1-დან 4 კლასის ჩათვლით ყველა საგანი მთლიანად რუსულ ენაზე ისწავლება და ქართულ ენას გამოეყოფა მხოლოდ 3 საათი. 5-7 კლასებში სწავლა ნახევრად რუსულად და ნახევრად ქართულადაა. 8-11 კლასებში საგნები მთლიანად რუსულად ისწავლება და ქართული ენას 2 საათი აქვს დათმობილი – ერთი ენას და ერთი ლიტერატურას.
დე ფაქტო აფხაზეთის განათლების მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამიამ სააგენტო “სპუტნიკთან” ისაუბრა იმაზე, რომ 2-3 წელიწადში გალის დაბალი ზონის ყველა სკოლა აფხაზურ საგანმანათლებლო სისტემაზე გადავა. გვარამიას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ცვლილებები თერთმეტივე სკოლის სასწავლო პროგრამაში შევა. მისი თქმით, ეს იმიტომ, რომ მანამდე გალის დაბალის ზონის სკოლებში საქართველოს განათლების დეპარტამენტის სასწავლო პროგრამა მოქმედებდა, რის გამოც “ბავშვები მკაფიოდ იყვნენ ორიენტირებული განათლების საქართველოში მიღებაზე”.
აფხაზეთში ქართული ენის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის გამო დედაენის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა, “სოხუმმა”.
ფონდი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ მიმართვას საერთაშორისო საზოგადოებისადმი, სადაც წერია, რომ მიმართავენ “ყველა ინსტიტუტს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე – გავლენა მოახდინოს საგანმანათლებლო პროცესის რუსიფიკაციის პროცესზე და მხარი დაუჭიროს გალის რაიონის მოსწავლეების ძირითად უფლებას – საშუალო განათლება მიიღონ მშობლიურ, ქართულ ენაზე”.
როგორც გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია აცხადებს, აფხაზური ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სამწუხაროდ ვითარება ძალიან შეიცვალა, რამაც ხარისხიანი განათლების მიღება გაართულა და მასწავლებლებისა და მოსწავლეების უფლებები შელახა. ის ამბობს, რომ საგნების იძულებით რუსულად სწავლამ მოსწავლეების აკადემიურ ხარისხზეც ძალიან ნეგატიურად იმოქმედა.
“მწარე რეალობა გვიჩვენებს, რომ იგნორირებულია ქართველის მშობლიური დედა ენა და დომინანტი რუსული ენა გახდა. ბავშვებს მშობლიურ ენადაც რუსული ენა უფიქსირდებათ და ქართული განათლებამიღებული ქართველი მასწავლებლებიც იძულებულები არიან ბავშვებს რუსულ ენაზე ასწავლონ. საგნების ახსნა მასწავლებლებსაც უჭირთ ენის სრულფასოვნად არ ფლობის გამო და გაკვეთილის გაგება უჭირთ მოსწავლეებსაც. ამიტომ მასწავლებლები საკუთარი სამსახურისა და სიცოცხლის ფასად ცდილობენ ბავშვებს საგნები ქართულად, ქართული წიგნებით, მალულად ასწავლონ. ეს ძალიან დიდი რისკია, რადგან იყო შემთხვევები, როდესაც გაკვეთილებზე გაუფრთხილებლად შედიოდნენ აფხაზური დე ფაქტო ადმინისტრაციის თანამდებობის პირები შესამოწმებლად. იგივე რაიონის პროკურორი ან მისი მოადგილე, ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი და პედაგოგს და მოსწავლეს ამოწმებდნენ რა ენაზე ტარდებოდა მეცადინეობა”, – ამბობს ნინო შონია. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ მასწავლებლები გაფრთხილებულები არიან, მხოლოდ რუსულ ენაზე უნდა წარმართონ გაკვეთილები, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილის დატოვებით ემუქრებიან.
“ჩვენ სხვადასხვა წლების შემთხვევები გაქვს, როდესაც ქართული ღონისძიებების ჩატარების გამო, ქართულ მხარესთან, როგორც სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის გამო, პედაგოგებს ბრალი ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში დასდებია და სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ. იყო შემთხვევები, როდესაც ასეთ ადამიანებს გალის რაიონიც კი დაატოვებინეს”, – ამბობს ნინო შონია. მისი თქმით, აფხაზეთში ქართულად სიმღერა და ქართული ცეკვაც კი აკრძალულია და ეს მაშინ, როდესაც აფხაზეთში მაგალითად სომხური ენა და სომხურად სწავლება ხელშეწყობილია.
ნინო შონიას განცხადებით, საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთში 40-მდე სომხური სკოლაა და სომხური დიასპორაც ხელს უწყობს ამ სკოლების განვითარებას. ამის პარალელურად კი ქართულად სწავლება მიზანმიმართულად იკრძალება. ოღონდ ქართული ენა არ ისმოდეს და მეგრული ენის წახალისებაც კი დაიწყეს.
“სწავლების რუსულად შეცვლის გამო მისწავლეებმა გალის რაიონის სხვადასხვა სკოლები დატოვეს და ენგურს გამოღმა გადმოვიდნენ სასწავლებლად. 2015-2016 სასწავლო წლების პირველ სემესტრში 54 მოსწავლე გადავიდა ენგურს გამოღმა სასწავლებლად, მეორე სემესტრში კი – 11. უმეტესობა ბავშვის მშობელს განცხადებაში უწერია, რომ მისი შვილი ვერ სწავლობს რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლის გამო და ამიტომ სურს შვილს სწავლა-განათლება ქართულად მიაღებინოს”, – აღნიშნავს ნინო შონია. მისი თქმით, ადრე საუბარი იყო მეგრული სწავლების შემოღებაზეც. 2013 წელს მეგრული “დედა ენაც” დაიბეჭდა, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობაში ამას დაინტერესება ვერ მოჰყვა და ამიტომ ამან განვითარება ვერ ჰპოვა. თუმცა დღესაც, აფხაზები ადგილობრივ ბავშვებსა და მასწავლებლებს ეუბნებიან, გაკვეთილზე რამეს თუ ვერ გაიგებთ, რუსულიდან მეგრულად თარგმნეთ და არა ქართულადო.
——————————-
„ახალი თაობა“, 15 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „პრეზიდენტსა და პრემიერს შორის გაუგებრობა მიუღებელია“
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არჩევნების თარიღის განკარგულების გამოცემასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა მოხდეს, თორემ პროცესები ჩიხში შევა.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აქვს უფლება, ან გაითვალისწინოს პრემიერის შენიშვნები, ან არ გაითვალისწინოს, ან ნაწილობრივ გაითვალისწინოს, მაგრამ, თუ პრემიერისთვის მიუღებელი აღმოჩნდება მაისის თვე, მაშინ ისევ დაუბრუნებს პრეზიდენტს. ამიტომ გამოსავალი არის მოლაპარაკება და შეთანხმება“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ გაითვალისწინებს პრემიერის შენიშვნებს? რამდენჯერ შეუძლია პრემიერს, უკან დაუბრუნოს პრეზიდენტს მოტივირებული შენიშვნებით მისი განკარგულება?
- კონსტიტუციაში ეს არ არის განსაზღვრული, განსაზღვრულია ორგანული კანონით. პრეზიდენტი თუ არ გაითვალისწინებს მოტივირებულ შენიშვნებს და ისევ დაუბრუნებს მთავრობას, მთავრობა მას არ მოიწონებს და ხელს არ მოუწერს, მაშინ პრეზიდენტს აღარ ექნება შესაძლებლობა, იგივე აქტი 6 თვის განმავლობაში წარუდგინოს მთავრობას. გამეორებითი უარის შემთხვევაში, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, პრეზიდენტი დაკარგავს უნარს, რომ იგივე აქტი წარუდგინოს მთავრობას. ამიტომ ვამბობ, რომ უკეთესია შეთანხმდნენ და სამართლებრივი ნიუანსები გაითვალისწინონ.
- წინასაარჩევნო პერიოდზე რა გავლენას მოახდენს ენდიაის სოციოლოგიური კვლევები, რა სურათი მივიღეთ?
- ვფიქრობ, ტენდენციები სწორია. კვლევამ ორი მნიშვნელოვანი მომენტი აჩვენა: 1. სამწუხაროდ, მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიკვეთა, დანარჩენი ოპოზიცია კი ნაკლებია ამ ორ ძალასთან შედარებით; 2. „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ოცნებამ“ ჩემოდნები უნდა ჩაალაგოს და წავიდეს. ასე ნამდვილად არ არის. მე ვფიქრობ, „ოცნებას“ გააჩნია რესურსი, არჩევნები თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს.
- როგორ?
- ეს დამოკიდებული იქნება მის წინასაარჩევნო კამპანიაზე, იმაზე, თუ რა აქცენტებს გააკეთებენ და როგორი იქნება „ოცნების“ დამოკიდებულება იმ პრობლემებისადმი, რომლებიც ქვეყანაშია. თუ ამ ყველაფერს ნორმალურად გაართმევს თავს, მაშინ `ოცნება~ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერი პარტია იქნება და დიდი რაოდენობის წარმომადგენლობა ეყოლება პარლამენტში, თუ უმრავლესობა არა. შეცდომა იყო, როდესაც ლიდერებმა კოალიციის დაშლაზე მიიღეს გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, მაინც მივიღებთ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ სპექტრს.
- საზოგადოებრივი აზრის კვლევები იძლევა ამის წინაპირობას?
- ამომრჩეველი სოციოლოგიური კვლევის დროს არაგულწრფელია. თუ 2012 წლის ენდიაის კვლევებს გავიხსენებთ, მაშინ არჩევნებმა რადიკალურად განსხვავებული შედეგები აჩვენა. ნაციონალები დამარცხდნენ, კვლევა კი სულ სხვას უჩვენებდა. არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ ადამიანები დაშინებული იყვნენ და მათ რეალური არჩევანი დამალეს. ზოგადად ამომრჩეველი მალავს თავის არჩევანს, უფრო ზუსტად კი არაგულწრფელად პასუხობს, თუმცა ის, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ნელ-ნელა დაეცა, ფაქტია.
- „ენდიაი“-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ დადეს ზოგადი ტენდენციები, ვინაიდან წინ არის წინასაარჩევნო კამპანია. რამდენად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების მოგებისთვის? მაგალითად, ხშირად ციხის კადრები მოჰყავთ, რაც ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში დამარცხების ერთ-ერთი ფაქტორი გახდა…
- ციხის კადრებმა იმუშავა, მაგრამ იმუშავა არა ამომრჩეველზე, რომლისთვისაც ისედაც მიუღებელი იყო ნაციონალური მოძრაობა, არამედ იმაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ კადრების შემდეგ ვეღარ გაბედა რეპრესიების განხორციელება, ვეღარ გაბედა არჩევნების გაყალბება. მე კარგად მახსოვს, როგორ ლაპარაკობდა ხალხი არა იმაზე, თუ რა იქნებოდა არჩევნებზე, არამედ იმაზე, თუ რა იქნებოდა არჩევნების მეორე დღეს. ყველა ელოდა რეპრესიული მანქანის გამოყენებას, რაც ნაციონალებს ახასიათებდათ, მაგრამ ასე არ მოხდა.
„ახალი თაობა“, 15 აპრილი, 2016 წელი
ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატორების სიის პირველი ნომერი ხდება?
ყოფილ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. პოლიტიკაში მის დაბრუნებას ყველა ელოდება, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, როგორ მოხდება ეს ამბავი. ერთ-ერთი ვერსიით, იგი “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში უნდა ყოფილიყო. როგორც პარტიასთან დაახლოებული პირები ამბობენ, მათი საარჩევნო სიის პირველი სამეული უკვე ცნობილია. ესენი გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო და კახა კალაძე იქნებიან.
ირაკლი ღარიბაშვილისთვის მეოცნებეები სიის ათეულში ადგილს, ალბათ, არ დაინანებენ, მაგრამ საეჭვოა, ექსპრემიერი რიგითობას დათანხმდეს. იყო საუბრები იმაზეც, რომ ის რამდენიმე პარტიასთან ერთად შექმნიდა ალიანსს. ეს ინფორმაცია ყველამ კატეგორიულად უარყო.
პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ის არანაირ განცხადებას არ აკეთებს. ამის მიუხედავად, „ოცნებაში“ ყველა ელოდება მის დაბრუნებას. კერძო საუბრებში მეოცნებეები იმასაც ამბობენ, რომ ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმდება.
“ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე განაცხადა, რომ ის თავად შექმნიდა ამ ხელისუფლების ოპოზიციას. შესაძლოა სწორედ ამ ძალის ლიდერი იყოს ღარიბაშვილი. ყველაფრის მიუხედავად, ის ივანიშვილის მაღალი ნდობით სარგებლობს“, – განუცხადა „ახალ თაობას“ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ძალა „ქართული ოცნების“ ახლოს მდგომი პარტიის წიაღში შეიქმნას.
ჩვენი წყარო არ აკონკრეტებს, აქვს თუ არა მას მხედველობაში კონსერვატორების პარტია. გუშინ, 14 აპრილს, პორტალმა „კვირის პალიტრამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება.
ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშლება და მასში შემავალი პარტიები დამოუკიდებლად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. სხვებთან ერთად ამ ბედის გაზიარება კონსერვატორებსაც მოუწევთ. ამ პარტიის წარმომადგენლები როგორც პირად, ისე ღია საუბრებში აცხადებენ, რომ დამოუკიდებლად არანაირი შანსები არა აქვთ. აქედან გამომდინარე, ისინი, ალბათ, სიხარულით დათანხმდებიან ირაკლი ღარიბაშვილის პირველნომრობას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის კადრად ითვლება, ეს მისი მხარდაჭერის მოპოვებასაც ნიშნავს, რაც პატარა ამბავი ნამდვილად არ არის.
კონსერვატორებს არც დიდი დაფინანსება აქვთ. ინტერნეტპორტალ „კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, პარტიას ე.წ. „კახელების კლანი“ ანუ ნაპრემიერალის სიმამრი და მისი საახლობლო დააფინანსებს.
ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება კონსერვატორებთან ვცადეთ. პარტიის ლიდერი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური სატელეფონო ზარებს უკვე დიდი ხანია, აღარ პასუხობს. მან არც ამჯერად დაარღვია ტრადიცია.
პარტიის სხვა ლიდერმა პაატა კვიჟინაძემ კი მედიასთან საუბარში ღარიბაშვილის გაკონსერვატორების ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. “ამ ინფორმაციას უარვყოფ. ბატონ ღარიბაშვილთან არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია”, – ამბობს კვიჟინაძე.
მართალია, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ სახელისუფლებო გუნდში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს იმ კონსერვატორებში, რომლის თამადაც ღარიბაშვილი იქნება.
როგორც “ახალ თაობას” ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილთან იქნება შეთანხმებული. “ღარიბაშვილი ამ სიას ისევ ივანიშვილთან შეათანხმებს. სიაში იმ პოლიტიკოსებს შეიყვანენ, რომლებიც ქართული ტრადიციების დაცვით არიან გამორჩეული. არც იმ დეპუტატებს დაივიწყებენ. რომლებიც კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის გაკეთებას უჭერენ მხარს, რომლის ინიციატივითაც ღარიბაშვილი გამოვიდა. ის ითხოვდა, რომ კონსტიტუციაში შემდეგი ჩანაწერი გაკეთებულიყო – “ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა”, – განუცხადა “ახალ თაობას” წყარომ. მისი ინფორმაციითვე, სიაში აუცილებლად შეიყვანენ ძველ კონსერვატორებს.
“თავის დროზე, როცა მოქკავშირი დაიშალა, ჟვანიას გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის შექმნა ვერ მოასწრო. ისინი შოთა მალაშხიამ შეიფარა. მათ მალევე შექმნეს თავიანთი პარტია და შემდეგ ნაციონალებთან გაერთიანდნენ. მადლობის ნიშნად მალაშხიას სულ სვამენ სიაში”, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი. მისი ინფორმაციით, გაერთიანების შემთხვევაში ბიძინა გუჯაბიძეს, ზვიად ძიძიგურსა და გიგა ბუკიას სიის ათეულში მოხვედრის უდიდესი შანსები აქვთ.
არაკონსერვატორებიდან სიაში ექს-პრემიერის მეუღლის ძმა ლექსო თამაზაშვილიც მოხვდება. როგორც ამბობენ, მისთვის “ქართული ოცნების” სიაში ადგილი არ აღმოჩნდა.
ჩვენი წყარო არ გამორიცხავს, ამ გაკონსერვატორებული ღარიბაშვილის სიაში მოქმედი დეპუტატები – თამაზ მეჭიაური, დავით ლორთქიფანიძე, ომარ ნიშნიანიძე და სოსო ჯაჭვლიანი ვიხილოთ. არსებობს ვარაუდი, რომ მათ გვერდით აღმოჩნდებიან მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი და დიასპორების საკითხების სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს ყველაფერი ივანიშვილის პროექტია. ის “ქართული ოცნების” სახით ამომრჩეველს პროდასავლურ ძალას შესთავაზებს, რომელიც ლიბერალური ღირებულებების მხარდამჭერი იქნება, კონსერვატორებით კი ტრადიციების მოყვარული ქართველების მოხიბვლას შეეცდება.
„ახალი თაობა“, 15 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „რუსეთს “ოცნების“ რეიტინგის კლება აშფოთებს… „ენდიაი“-მ 2012 წელს რეალური შედეგები წარმოადგინა”
„ენდიაი“-ს კვლევების თანახმად, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთთან ძალიან მიახლოებული რეიტინგები აქვთ. გამეორდება თუ არა ეს სურათი საპარლამენტო არჩევნებზე? ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე „ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არჩევნების დროს ბევრი ფაქტორი იმოქმედებს. გარდა ამისა, მანამდე შეიძლება განვითარდეს ისეთი მოვლენები, რომლებიც არჩევნებზე იმოქმედებს.
„ახლანდელი კვლევის შედეგები ახლოსაა რეალობასთან, მაგრამ არჩევნების შედეგები შეიძლება სხვაგვარი იყოს. არჩევნების დროს ყოველთვის მოქმედებს სხვადასხვა ბერკეტი, მათ შორის, სახელმწიფო ბერკეტები. არც ისაა გამორიცხული, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი კიდევ დაეცეს. არ უნდა გამოირიცხოს გაუთვალისწინებელი მოვლენებიც. ასეთი გარემოებები, როგორც წესი, გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე”, – ამბობს თამარ ჩხეიძე.
- კვლევა მმართველი კოალიციის დაშლამდე ჩატარდა...
- კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლა დიდად არ იმოქმედებდა რეიტინგებზე, თუმცა საზოგადოების ნაწილში რესპუბლიკელების გასვლა დადებითად აღიქმება.
- არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თუ არის მოსალოდნელი რომელიმე ახალი ძალის გამოჩენა, რომელიც შეცვლიდა ამ სურათს?
- ახალი ძალის გამოჩენა და ჩართვა ამ პროცესებში ძალიან ძნელად წარმოსადგენია, თუმცა ცდუნება დიდია – მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცეს ხმა, ამიტომ ბევრს უჩნდება სურვილი, დაეუფლოს აუთვისებელ ხმებს. სურვილი დიდია, მაგრამ, რამდენად რეალიზდება ეს სურვილი, სხვა საქმეა.
- ამ კვლევის თანახმად, გაიზარდა ევროკავშირის მომხრეთა და ევრაზიული კავშირის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა. მანამდე რატომ იყო სხვა სურათი ან მერე რა შეიცვალა?
- ჩემი აზრით, ამ მონაცემების შეცვლა უკავშირდება „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნას. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის იყო საზოგადოების ნაწილი, რომელიც თავის რუსეთუმეობას უკავშირებდა „ქართულ ოცნებას“. ამ ძალის ავტორიტეტის ვარდნასთან ერთად შემცირდნენ ევრაზიული კავშირის მიმდევრები. ხალხმა ისიც დაინახა, რომ რუსეთთან ვაჭრობასა და ეკონომიკური კავშირების აღდგენას შედეგი არ მოუტანია.
- გამოკითხულებს ყველაზე მეტად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აღელვებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი არჩევანს გააკეთებს ეკონომიკური პროგრამების მიხედვით?
- ეკონომიკური პროგრამა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამომრჩეველი პროგრამებს არ კითხულობს. ამიტომ პარტიებმა თავიანთი შეხედულებები უნდა ჩამოაყალიბონ მესიჯების სახით. ალბათ, ამომრჩეველზე ეს იმოქმედებს.
- გაუთვალისწინებელი მოვლენები ახსენეთ. არჩევნებამდე დესტაბილიზაციაც მოსალოდნელია?
- ჩვენ ვიმყოფებით იმ მძიმე ვითარებაში, როცა რუსეთი და დასავლეთი გლობალურ დაპირისპირებაში არიან ერთმანეთთან. გრძელდება ბრძოლა საქართველოსთვისაც. სამწუხაროდ, რუსეთი დიდ ბერკეტებს ფლობს. მათ შორისაა რუსული აგენტურა და ხალხის მართვის საშუალებები. რუსეთს ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ქართველების მენტალიტეტი, რასაც ის ზემოქმედებისა და მართვისათვის იყენებს.
2012 წელს რუსეთმა მისთვის სასურველი ძალა მოიყვანა საქართველოს სათავეში. ახლა მას აშფოთებს „ოცნების” რეიტინგის კლება. „ქართულმა ოცნებამ“ ნაწილობრივ შეასრულა რუსეთის დავალებები. რუსეთი მეტს მოითხოვს და ხელს შეუწყობს ისეთ ძალას, რომელიც უფრო მეტს შეუსრულებს. არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა ამ მიზნით გარკვეული მოვლენების პროვოცირება და დესტაბილიზაცია მოახდინოს.
გამოითქმის აზრი, რომ 2012 წლის არჩევნების წინ ენდიაის კვლევისა და არჩევნების შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვა. ეს სწორი არ არის. ენდიაიმ რეალური სურათი აჩვენა, რომელშიც იმარჯვებდა ნაციონალური მოძრაობა. ცოტა ხანში სურათი იმის გამო შეიცვალა, რომ ციხეში გადაღებული ფირები გავრცელდა.
„ახალი თაობა“, 15 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: “ნინო ბურჯანაძის პარტია ამერიკისთვის მიუღებელია… „ენდიაი“-ს კვლევები სამართლებრივად უნდა შეფასდეს”
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ „ენდიაი“ საქართველოში პოლიტიკურ ინტერვენციას ეწევა.
- როდესაც ენდიაის კვლევები გამოქვეყნდა, ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა სახემ განაცხადა, რომ ამ კვლევებით ერთი მთავარი, დადებითი და მნიშვნელოვანი შედეგი გამოჩნდა - დემოკრატიული მოძრაობა პოლიტიკური რუკიდან გაქრა. რას იტყვით ენდიაის კვლევებსა და ამ განცხადებაზე?
- „ენდიაი“ საქართველოში პოლიტიკურ ინტერვენციას ეწევა. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც პოლიტიკურად, ასევე – სამართლებრივად. საზოგადოება ძალიან კარგად მიხვდა, ვის დაკვეთას ასრულებს „ენდიაი“. იგი არის ამერიკული სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი დამფუძნებელია აშშ-ის კონგრესი. მის უკან არიან დღეს პოლიტიკურ სათავეში მყოფი დემოკრატები.
- პოლიტიკური ინტერვენცია რით გამოიხატება?
- ეს არის აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის სასურველი აზრის შექმნა და თავს მოხვევა საზოგადოებისთვის იმ სახითა და ფორმით, რა ფორმითაც აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა წარმოიდგენს საქართველოს პოლიტიკურ მომავალს. ასეთი პოლიტიკური მომავალი გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის გარეშე ამერიკელების სანუკვარი ოცნებაა. ისინი არ ერიდებიან კვლევის ფალსიფიკაციასაც კი ყველაზე უფრო უხეში მეთოდებით. ამისთვის გამოყენებულია სამსაფეხუროვანი სისტემა.
- კერძოდ?
- კვლევის დამკვეთი არის შვედეთის სამეფო, კვლევის მიმღებია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ხოლო კვლევის სამუშაოების შემსრულებელი – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული კავკასიური კვლევის ცენტრი – „სი-არ-არ-სი“, რომლის დირექტორი გახლავთ საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრ თარხნიშვილის მეუღლე, ქალბატონი ზურაბიშვილი.
- იმ თარხნიშვილის, რომელიც ნაცების დროს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ და ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას სდებდა ბრალად?
_ რა თქმა უნდა. ბოლო არჩევნების შედარება რომ გავაკეთოთ _ ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაწყებული, ყველა არჩევნებში, რომლებშიც კვლევებს აწარმოებდა ენდიაი საქართველოში დაფუძნებული კავკასიური კვლევების ინსტიტუტის დახმარებით, იყო 100%-იანი, 200%-იანი და 300%-იანი ცდომილებებიც კი, როგორც 2010, 2012, 2014 წლებში.
პირადად მე გახლდით 2014 წელს თბილისის მერობის კანდიდატი და როგორც დღეს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ გააქრეს რადარებიდან, ისე გამაქრეს მეც. საერთოდ არ მახსენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაყალბებული არჩევნების პირობებში ცესკომ ბიულეტენების 17% ბათილად ცნო, 11% მაინც ავიღე. „ენდიაი“ გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას 1,4%-ს უწინასწარმეტყველებდა 2014 წლის არჩევნებამდე 1 თვით ადრე, შედეგი კი დაიდო 12%-ის ნიშნულით. ეს რაზე მეტყველებს? ენდიაის ქმედებები საქართველოში აუცილებლად უნდა შეფასდეს სამართლებრივადაც. ეს არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანისთვის პოლიტტექნოლოგიების გამოყენება.
- 2014 წლის არჩევნების შემდეგ თქვენი რეიტინგი არ შეიძლებოდა დაცემულიყო?
- რეიტინგის დაცემა-ამაღლებაზე კი არ ვსაუბრობ, არამედ ტენდენციაზე, რომელსაც ენდიაი თავისი კვლევებით წარმოგვიდგენს. დღეს დემოკრატიული მოძრაობის მიმართ გაცილებით მეტი ინტერესია საზოგადოებაში, ვიდრე ოდესმე იყო. ამიტომ ენდიაის შედეგები ნდობას არ იწვევს და მისი ჭკვიანი თვალებით განხილვა საკუთარი საზოგადოების შეურაცხყოფაა.
- ახლანდელი გამოკითხვებით, „ნაციონალ“ დავით ბაქრაძეს ლიდერებს შორის ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს. ბაქრაძეს ნინო ბურჯანაძეზე დიდი რეიტინგი აქვს?
- არ ვაპირებ ბაქრაძეზე საუბარს. არავითარი შეხება ამ რეიტინგს რეალობასთან არ აქვს. ბაქრაძე არის მრავალჯერადი გამოყენების პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც ენდიაი იყენებს ყველა თავის კვლევაში.
- რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ იმ ამერიკული პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს, რომლებიც, თქვენი აზრით, მსგავს შედეგებს უკვეთენ?
- ამერიკული პოლიტიკური წრეების ინტერესი კარგად ჩანს კვლევის შედეგებში. აქ კარგად ჩანს, რომ ისეთი ეროვნული პოლიტიკური ძალა, როგორიც არის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, ამერიკული მმართველი პოლიტიკური წრეებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ის ეწინააღმდეგება ეროვნული ღირებულებების პარტიათა კონსოლიდაციას.
- მინიშნება იყო, თითქოს იმიტომ ვერ მიიღო თქვენმა პარტიამ ხმა ამ კვლევისას, რომ პრორუსული ძალები მცირდება საქართველოში…
- საუბარი იმაზე, რომ თუ პროამერიკელი არ ხარ, ე.ი. ხარ პრორუსი, საზოგადოების შეურაცხყოფაა. როგორც ჩანს, დასავლეთში ვერავის წარმოუდგენია, რომ შეიძლება არსებობდნენ პროეროვნული, პროქართული ძალები, რომელთა რიცხვში ჩვენი პარტია ერთ-ერთი თვითმყოფადი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქმნის ახალ პოლიტიკურ მიზიდულობის ცენტრს ეროვნული ძალების კონსოლიდაციისთვის. როგორც ჩანს, დასავლელი პარტნიორებისთვის ეს მიუღებელია.
- ანუ „ენდიაი“ ახდენს ისეთი ძალების დისკრედიტაციას, როგორიც თქვენი პოლიტიკური ძალაა?
- დიახ, რადგან ჩვენს ძალაში ხედავენ ყველაზე დიდ საფრთხეს. რამდენადაც დიდია ეს საფრთხე, იმდენად მაქსიმალურად ცდილობენ, პროცენტიც კი არ დაგვიწერონ.
„ახალი თაობა“, 15 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „ჩვენ 13%-ზე მეტ შედეგს ველოდით“
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ენდიაი“-ს კვლევებს ეხმიანება.
- ბატონო გიორგი, „ოცნების“ ლიდერები კვლევას უნდობლობას უცხადებენ და მიაჩნიათ, რომ ეს მაჩვენებელი არასწორი და არარეალურია. რას იტყვით თქვენ?
- არასწორი და არარეალური ის არის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. საერთოდ, „ქართული ოცნება“ რომ დღეს ხელისუფლებაშია, ესეც არასერიოზული და არასწორი მგონია, თუ არასწორობაზე ვილაპარაკებთ. ეს მიდგომები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, ხალხის მოსაზრებები მოისმინოს, თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომელიც არის დღეს ქვეყანაში. მათთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის აზრი და სულ არ აინტერესებთ საზოგადოებრივი აზრი. ეს კვლევები ჩემთვის ძალიან ბევრის მთქმელია და ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ ყველა იმ საკითხსა და პრობლემას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა დასვეს.
- არც 13%-ია სახარბიელო, თუმცა მოვისმინეთ ოპონენტების შეფასებები, რომ ესეც მომატებულია და არც ამდენპროცენტიანი მხარდაჭერა გაქვთ. ამაზე რას იტყვით?
- მე უფრო მეტს ველოდებოდი ჩვენს რეიტინგს. ეს კვლევა ცოტა ადრეა გაკეთებული, სანამ „ქართული ოცნება“ ჩამოიშლებოდა. ასევე ჩვენ გვქონდა გარკვეული აქტივობები ბოლო პერიოდში, მოსახლეობას აქტიურად ვხვდებით. ამიტომ ვთვლი, რომ ეს პროცენტი აუცილებლად გაზრდილი იქნება.
- რის ხარჯზე იქნება გაზრდილი?
- შესაბამისი სტრატეგია გვაქვს. აქტიურად ვმუშაობთ, როგორ მივაწვდენთ მოსახლეობას იმ საქმეს, რომელიც გასაკეთებელია და რომელიც მიზნად გვაქვს დასახული.
- ეს განწყობები, რომლებიც ამ ეტაპისთვის გამოქვეყნდა, არჩევნებზეც იქნება შენარჩუნებული თუ ელით ცვლილებებს?
_ ენდიაის კვლევები მიუთითებს, რომ „ოცნება“ ოქტომბერში დამარცხდება. ეს არის ბოლო წლების ტენდენცია. 60%-ზე მეტი ჰქონდათ რეიტინგი და დღეს მათი რეიტინგი ძალიან დაბალია. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აქ არის, დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა. თუ გავითვალისწინებთ იმ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს, მე ვფიქრობ, რომ „ოცნებას“ იმის რესურსი არ აქვს, რეიტინგი გაზარდოს, ხოლო ვისაც აქვს რესურსი, ეს არის ნაციონალური მოძრაობა.
- რის ხარჯზე? როგორ აპირებთ ამომრჩევლის გულის მოგებას?
- ჩვენ სერიოზული საარჩევნო პროგრამა გვაქვს. უკვე შექმნილი გვაქვს სამართლებრივი გარანტიები, რომ ადამიანის უფლებები იყოს გარანტირებული და დაცული საქართველოში, რომ ვერასდროს ვერცერთმა ჩინოვნიკმა ვერ შეძლოს პოლიტიკურ იარაღად თუ საკუთარი ინტერესებისთვის სახელმწიფო მძლავრი მექანიზმების გამოყენება. ეს არის სასამართლო რეფორმა, სადაც ჩვენ გვაქვს რადიკალური რეფორმის გეგმა.
- ბატონო გიორგი, 9 წელი იყავით ხელისუფლებაში. ახლა რომ იძლევით ამ დანაპირებს, როცა ყველაფერი თქვენს ხელში იყო, მაშინ რატომ არ განახორციელეთ ეს ყოველივე?
- ეს ძალიან მარტივი საკითხია, რომ დროსა და განვითარებას მოაქვს ახალი მოსაზრებები, ახალი იდეები. მაშინ არ იყო მზაობა, ამ ყველაფერს მოფიქრება უნდა. თუ თქვენ გგონიათ, რომ იუსტიციის სახლი ერთი ღამე დავიძინეთ, გავიღვიძეთ და უცებ ეს ამხელა, უზარმაზარი კონცეფცია გვქონდა მოფიქრებული, ძალიან ცდებით. ეს არის დრო, ეს არის ადამიანების ჩართულობა, ეს არის ფიქრი ამ პრობლემებზე და სწორედ 2012 წლის დამარცხებამ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ კარგად დავფიქრებულიყავით, სად იყო რეალურად პრობლემა.
- და ფიქრმა რა დასკვნამდე მიგიყვანათ?
- სწორედ ამ ფიქრის შედეგად გვაქვს რამდენიმე ახალი ინიციატივა. ერთი ის, რომ ეკონომიკური პროგრამა გვაქვს სრულიად განახლებული. მეორე არის პოლიტიკური ტიპის ორგანოების, მაგალითად, სუსის გაუქმება. ეს არის კაგებეს ტიპის ორგანიზაცია და ის აუცილებლად უნდა გაუქმდეს და სასამართლო რეფორმა, სადაც ინსტიტუციურ გარანტიას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს, რომ მისი უფლებები იქნება დაცული. ასევე ეს ბაღების სააგენტოები და ასეთი ტიპის ორგანოებიც უნდა გაუქმდეს, რომ არ არსებობდეს ეს პოლიტიკური წნეხის და პოლიტიკური ზეწოლების იარაღი.
- რამდენად დაივიწყებს ამომრჩეველი იმ 9-წლიან წნეხს და რამდენად წამოგყვებათ? გაქვთ ამის იმედი?
- საუბარიც აღარ ღირს ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინსტიტუციური და სამართლებრივი გარანტიები მივცეთ მოქალაქეებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს კანონის საკუთარ თავზე მორგება.
„ახალი თაობა“, 15 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: “ოცნება“ და „ნაციონალები“ ხალხს ერთად ძარცვავენ“
გუშინ, 14 აპრილს, „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, პრემიერ-მინისტრს გადასცა მტკიცებულებები ოლიგარქების ფარული, უკანონო გარიგებების შესახებ და კანცელარიის შესასვლელში ჟურნალისტებისთვის ბრიფინგიც გამართა, სადაც ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ ძარცვავენ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს.
„ახალი თაობა“ ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა.
- ბატონო ჯონდი, საიდან მოიძიეთ ეს დოკუმენტაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრს გადაეცით?
- ჩვენ დავინტერესდით სააფთიაქო ბაზარზე შექმნილი ვითარებით, სპეკულაციურად მაღალი ფასებით წამლებზე, თუ რამ გამოიწვია ეს და დავიწყეთ სააფთიაქო ბაზრის შესწავლა საქართველოსა და მეზობელ სახელმწიფოში, კერძოდ კი თურქეთში, სადაც რეგიონში ყველაზე მაღალი ფასებია.
- და როგორია შედეგები?
- აღმოჩნდა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში წარმოებული ერთისა და იმავე კომპანიის მიერ წარმოებული წამალი საქართველოში 300-400%-ით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე თურქეთში. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ჩვენ განვახორციელეთ საკონტროლო შესყიდვები და აღმოჩნდა, რომ ფრანგული წარმოების წამალი არისეფტი თურქეთში, ქალაქ რიზეს აფთიაქში ღირს 37 ლარის ეკვივალენტი, საქართველოს უკლებლივ ყველა აფთიაქში კი – 125 ლარი. განსხვავება თითქმის 400%-ია.
- ეს წამალი რისთვის გამოიყენება?
- ის სისხლის მიმოქცევას არეგულირებს და მას ხშირად მოიხმარენ ძირითადად პენსიონერები ისეთი მძიმე დაავადებების მერე, როგორებიცაა ინსულტი, ანევრიზმა და ასე შემდეგ. ასევე კარტანი, რომელიც სისხლის მიმოქცევას არეგულირებს და რომელსაც ძირითადად ასაკოვანი ადამიანები მოიხმარენ, თურქეთში ღირს 8 ლარი და 15 თეთრი, საქართველოში – 28-30 ლარი. აქ უკვე 300-32%-იანი განსხვავებები გვაქვს.
- რატომ არის ამხელა სხვაობა და ჩვენთან ასეთი მაღალი ფასები?
- საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე მოქმედებს ოთხი მსხვილი კომპანია. აქედან ორი კომპანია ეკუთვნის ნაციონალურ მოძრაობას და აფინანსებს ამ პარტიას, ორი კომპანია ეკუთვნის და აფინანსებს „ქართულ ოცნებას“. მიუხედავად ასეთი პოლიტიკური განსხვავებისა, ამ ოთხმა კომპანიამ შეძლო და მათ შორის მოხდა ფარული გარიგება.
- რაზე გარიგდნენ?
- გარიგება ფასებზე! გვაქვს ვითარება, რომლის მიხედვითაც ოლიგარქები, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები, დებენ ფარულ უკანონო გარიგებას, რომ წარმატებით განახორციელონ ხალხის ძარცვა და დააწესონ წამლებზე სპეკულაციურად მაღალი ფასები. ამას სამართლის ენაზე ჰქვია კარტელური შეთანხმება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია და რომლის მიზანიც არის ხალხის ძარცვა!
- გამოდის, რომ “ოცნება“ და „ნაციონალები“ ამ საქმეში პარტნიორები არიან?
- რა თქმა უნდა, ასეა. ისინი ამ სფეროში გარიგებული არიან. ჩვენ მსგავსი ღონისძიება განვახორციელეთ ბენზინის ბიზნესშიც. იქაც ორი კომპანია „ნაციონალებს“ აფინანსებს და დანარჩენი „ოცნებას“ ეკუთვნის. იქაც იგივე მდგომარეობაა. იქაც შეხმატკბილებულად იყოფდნენ ბაზარს და ძარცვავდნენ ხალხს. ჩვენი კვლევების საფუძველზე, იმ დროს ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ვაიძულეთ, ეს კომპანიები დაჯარიმებულიყვნენ და იმ პერიოდში ბენზინზე ფასებიც შემცირდა 60 თეთრით. ახლაც ზუსტად იმავეს მოვითხოვთ, თუმცა, ერთი განსხვავებით, ახლა ასევე სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც მოვითხოვთ!
- ამ კომპანიების წინააღმდეგ?
- რასაკვირველია. კარტელური შეთანხმება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს კომპანიები აუცილებლად უნდა დაჯარიმდნენ! ხალხისგან უკანონოდ ამოღებული ფული უნდა დაბრუნდეს ბიუჯეტში და მოხმარდეს სოციალური პროგრამების დაფინანსებას, ხოლო ამ ოლიგარქებმა, რომლებიც თან პოლიტიკოსები არიან და თან უმდიდრესი ბიზნესმენები, რომლებიც პოლიტიკურ ინსტრუმენტებს იყენებენ უკანონო გამდიდრებისთვის, პასუხი უნდა აგონ!
- რამდენად მიაღწევთ ყოველივე ამას?
- წინა პრემიერის დროს ნაწილობრივ გამოგვივიდა. მაშინ მივაღწიეთ იმას, რომ ღარიბაშვილმა ჩვენი კვლევების საფუძველზე გადასცა მასალები ანტიმონოპოლიურ სამსახურს. ამ სამსახურმა ეს კომპანიები დააჯარიმა 50 მილიონით, ხოლო კომპანიები ჩვენი აქციების ფონზე იძულებულნი გახდნენ, თითქმის 60 თეთრამდე დაეწიათ ბენზინზე ფასი. ასეთივე უკანონო ფასნამატია სააფთიაქო ქსელში წამლებზე. აქ 400%-ზეა საუბარი. ჩვენ კვირიკაშვილს უკვე გადავეცით საკონტროლო შესყიდვის ქვითრები.
- როგორია პრემიერ-მინისტრის პოზიცია?
- ჯერჯერობით არა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას სათანადო ყურადღებას მიაქცევს. მე მზად ვარ, ვითანამშრომლო ამ კუთხით მასთან.
- მედიკამენტების გაიაფების კუთხითაც თუ გამართავთ საპროტესტო აქციებს?
- რა თქმა უნდა. თუმცა ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პრემიერ-მინისტრთან, მიგვაჩნია, რომ ის არაკორუმპირებული და კვალიფიციური ადამიანია, ამიტომ, იმედი მაქვს, ამ კუთხით ვითანამშრომლებთ. თუ ვნახეთ, რომ ის შექმნილი ვითარების მძევალი აღმოჩნდა, პოლიტიკურ აქტივობას არ გამოვრიცხავთ. 731 ათასი პენსიონერი, 200 ათასამდე სოციალურად დაუცველი, 600 ათასი ადამიანი, რომლებსაც განცხადება აქვთ დაწერილი და სოციალურ დახმარებას ითხოვენ – ეს ორ მილიონამდე ადამიანი ფეხზე დადგება იმ მოთხოვნით, რომ წამლები გაიაფდეს! წამლებზე ფასები ოთხჯერ უნდა შემცირდეს. თურქეთში პენსიებიც მაღალია, ხელფასებიც, ეკონომიკური მდგომარეობაც. ლოგიკურად, იქ უფრო ძვირი უნდა ღირდეს წამლები, არადა, ჩვენთანაა ძვირი, თანაც 400%-ით! ჩვენთან ადგილი აქვს შეთქმულებას ხალხის წინააღმდეგ! თუ თანამშრომლობის გზით არაფერი გამოვა, მაშინ ხალხს მოვუწოდებთ, ქუჩაში გამოვიდეს და იქიდან მოითხოვოს სამართლიანობა!
——————————-
„ვერსია“, 16 აპრილი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო მანჯავიძესთან: რომელი პარტიის სიით გავა იგი არჩევნებზე და რა საკითხზე ითხოვს რეფერენდუმს დამოუკიდებელი დეპუტატი
ნინო კომახიძე
NDI-ს მიერ ჩატარებულმა ბოლო კვლევებმა ორი დღეა ყველა აალაპარაკა. მათ შორის თბილისის საკრებულოც, სადაც იმის გასარკვევად მივედით, რა შეიცვალა ,,ოცნების” საკრებულოს უმრავლესობაში პარლამენტის უმრავლესობის ფაქტობრივი დაშლის შემდეგ. ამ თემაზე დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე გვესაუბრა და ისიც გაგვიმხილა, რომ სანდრო ბრეგაძესთან და ზვიად ტომარაძესთან ერთად, ლგბტ თემის წინააღმდეგ დაწყებულ საერთო-სახალხო ორომტრიალს კიდევ ერთი სარეფერენდუმო წინადადებით შეემატა. რა ხდება საკრებულოს კულუარებში, რა სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ NDI-ს გამოკითხვის შედეგების მიხედვით და რით ჰგავს ქართველი ამომრჩეველი მოლა ნასრედინის ვირს _ ,,ვერსიას” სოსო მანჯავიძე ესაუბრება.
- რა ხდება დედაქალაქის საკრებულოში ,,ოცნების” კოალიციის დაშლის შემდეგ, ეშლებათ თუ არა ფორუმს, რესპუბლიკელებს ფრაქციები, ძალთა გადანაწილება თუ იცვლება?
- თბილისის საკრებულოში არანაირი ცვლილებები არ არის. თანამდებობები როგორც იყო გადანაწილებული, უცვლელად დარჩა. საკრებულოში ძველი ეპოქა შენახულია – ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო. ხოლო განწყობა არ ცდება კულუარულ საუბრებს.
- კულუარებში რა ხდება, ეგაა საინტერესო, უმრავლესობას დაშლა ხომ არ ემუქრება?
- განწყობის დონეზე, ,,ოცნებასა” და რესპუბლიკელებს შორის ისედაც ყოველთვის ძალიან დიდი წინააღმდეგობა არსებობდა. ,,მრეწველები”, ,,კონსერვატორები” და ,,ოცნება” სულ ერთად იყვნენ და ახლაც ერთად არიან. რეალურად, ირაკლი ალასანიას საკრებულოს გუნდიც ისევ ,,ოცნებასთანაა”, ასეა ,,მრეწველების” გუნდიც. ფორუმთან დაკავშირებით არსებობს რაღაც ჭორები, თუმცა ნაციონალებთან დაახლოება არა მგონია, ვინმეს აწყობდეს. კარგად ვიცნობ გივი გოგლიძესა და ავთო დავითაძეს და ამ ხმების არ მჯერა.
მოკლედ, ,,ოცნების” გარდა, დანარჩენი პარტიები აბსოლუტურად ნიველირებულნი არიან, ზოგადად, პოლიტიკურ სივრცეში და საკრებულოშიც. ასე რომ, თუ ზემოდან გარკვეული მითითება არ იქნა, არც ძალთა გადანაწილება შეიცვლება.
- გადანაწილება NDI-მ რომ გააკეთა ისეთი უნდა - გამოკითხვის მიხედვით, პირველ ადგილზე ნაციონალური მოძრაობაა რეიტინგში, მეორეზე - ,,ოცნება”. არც ეს შეცვლის ვითარებას?
- ზოგადად, ეს მთვლელი კომპანიები არა ხალხის განწყობის მონიტორინგის, არამედ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ფსიქოლოგიური, პოლიტიკური ინსტრუმენტია, ამიტომ ამ ტიპის კვლევები კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება. ასეთი შედეგების დადება NDI-მ იმიტომ იკადრა, რომ თავად ვაკადრეთ საკუთარ თავს ამ ათასჯერ გალანძღული ორგანიზაციის არსებობა ჩვენს ქვეყანაში. NDI-ს ელემენტარულად, ვერ ვაძევებთ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომლის მოსახლეობას, წლების განმავლობაში მიზანმიმართულად და ცინიკურად დასცინოდა და ფსიქიკას უწამლავდა.
- ანუ აპრიორი ვამბობთ, რომ NDI-ს კვლევები არასწორია, სოციალურ ნაწილშიც?
- ეს კვლევები არათუ არასწორი, შეურაცხმყოფელიცაა. სხვა საკითხია სოციალური თემატიკა და ისედაც ვიცით, რომ სოციალური ფონი მძიმეა. სააკაშვილის პერიოდისგან განსხვავებით, სოციალური გამოკითხვის მიმართულება წელს ალარმისტულ ხასიათს ატარებს, განგაშის ზარებია ატეხილი. შესაბამისად, გასაგებია ამოცანა _ ამ უმძიმეს სოციალურ ფონზე, მთავარი ოპოზიციური ძალა, ნაციონალები უსწრებს ხელისუფლებას და დანარჩენები ვერ ლახავენ ბარიერს. ასე იმიტომ სურთ ვითარების წარმოჩენა, რომ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის სცენარის გააქტიურების შემთხვევაში, ამ კვლევით ნაჩვენები სურათი ლოგიკაში ჩაჯდება _ სოციალური ბუნტის ფონზე მაიდანი მოხდა და ხალხმა თავისი ნება ასე გამოხატაო.
- თუმცა უმუშევრობა, ლარის დევალვაცია, სიღარიბე რომ მთავარი პრობლემებია, ამას აღარც ხელისუფლება უარყოფს. გარკვეული ოპოზიციური ძალები უკვე იმუქრებიან, რომ რეალურად, პოსტსაარჩევნოდ ემზადებიან. პროცესი არჩევნების დელეგიტიმაციისკენ, რევოლუციისკენ მიდის?
- ეს უდიდესი საფრთხეა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. საქართველო ახალ რევოლუციას ვეღარ გადაიტანს _ უბრალოდ, გავქრებით გეოპოლიტიკური რუკიდან და ამას ყოველგვარი ილუზიებისა და რელიგიური აღტყინების გარეშე ვამბობ. ამ ვითარებაში ჩვენი პატრონი არავინაა. ინფანტილიზმი, ისტერიკა, მეგალომანია, პარანოია, შიზოფრენია, სამწუხაროდ, ჩვენი არამარტო პოლიტიკური სპექტრისთვის, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაცაა დამახასიათებელი და ჩვენი ისტორიული კონტექსტიდან და მრავალწლიანი მონობიდან გამომდინარე, რაც საქართველომ გაიარა, გასაკვირიც არაა. ზოგადად, ყველა პრობლემის აღწერით, ქილიკით და პოლიტიკური სადღეგრძელოებით ვართ დაკავებული, მაგრამ გამოსავალი რა არის, აღარ ვიცით.
- და რა არის თქვენი აზრით?
- საქმე ისაა, რომ აქცენტი არჩევნებზე არ უნდა გავაკეთოთ. მოლა ნასრედინის ვირივით გაუბედურებული ეს 2-მილიონიანი ელექტორატი მივდივართ არჩევნებიდან არჩევნებამდე და ყოველი მომდევნო ხელისუფლება წინ თივას გვიკიდებს, რათა შემდეგ არჩევნებზე მიგვათრიოს. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, საკონსტიტუციო რეფორმაა – საქართველო კლასიკურ საპრეზიდენტო რესპუბლიკად უნდა იქცეს. ასევე, უნდა იყოს ხანგრძლივი, 6-წლიანი საარჩევნო ვადები, რათა სხვადასხვა სერიოზული, მათ შორის ფინანსური რეფორმების დროს, მთავრობა მუდმივად უკან არ იყურებოდეს.
თუმცა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ამ საკითხებზე საერთოდ არ საუბრობენ…
- მაგრამ სამაგიეროდ, ერთნაირსქესიანების ქორწინებაზე საუბრობენ. ამ თემაზე რეფერენდუმს მოქალაქეთა ერთი ჯგუფი უკვე ითხოვს. თქვენ მაინც დაარეგისტრირეთ რეფერენდუმის მოთხოვნა ცესკო-ში. რატომ აქვს ამის დრო და სურვილი საკრებულოს დეპუტატ სოსო მანჯავიძეს?
_ ეს არ არის მთავარი პრობლემა, მაგრამ ნამდვილად არის პრობლემათა რიგში, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. ლგბტ თემის წარმომადგენლობა ძალიან არაპროპორციულია მათ ფაქტობრივ რიცხვთან შედარებით _ ისინი არიან ფინანსურ, სახელისუფლო მედია სექტორებში. დიახ, წინადადება უკვე შეიტანა სხვა ჯგუფმა, თუმცა სარეფერენდუმო საკითხი არასწორადაა დაყენებული და საფრთხეებს შეიცავს, ჩვენ კი მოთხოვნას სწორი ფორმულირება მივეცით: მე და ჩემმა მეგობრებმა, ზვიად ტომარაძემ, სანდრო ბრეგაძემ და რამდენიმე ადამიანმა იმის აუცილებლობა დავინახეთ, საქართველოში ეს საკითხი მარტივად და უმტკივნეულოდ დაიხუროს. სარეფერენდუმო კითხვა კი ასე უნდა დაისვას: თანახმა ხართ თუ არა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი.
- დღემდე დამოუკიდებელი დეპუტატი იყავით და მომავალ არჩევნებზე სანდრო ბრეგაძესა და ,,ეროვნულებთან” ერთად უნდა მოგიაზროთ?
- ასე არაა და რამდენადაც ვიცი, ,,ეროვნულები” 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას არც აპირებენ. ზოგადად, პოლიტიკური ვითარება დაულაგებელია. თავად კოალიცია მინიმუმ 4 ნაწილადაა დაშლილი, ყველა ჯგუფს თავისი მომხრეები ჰყავს, ეს მომხრეებიც დაყოფილია და მხოლოდ ლანძღვა-გინებასა და ერთმანეთისთვის საინფორმაციო ნაღმების დადებაზე არიან გადართულნი. თუ რამეს დავაპირებ, უნდა ვიცოდე, სინამდვილეში მომეცემა თუ არა იმის გაკეთების საშუალება, რაც მაწუხებს. ,,ოცნებაში” არ მივდივარ, ამაზე არც მისაუბრია, არც მიფიქრია და არც შემოთავაზება მქონია. თუ ვერ დავინახე, რომ რაღაც პოზიტიურის გაკეთებას შევძლებ, მარტო იმიტომ, რომ სადღაც ვიყო, ამ ორომტრიალში მონაწილეობა არ მინდა.
- არც შემოთავაზება გაქვთ, არც კონკრეტული გეგმა?
- შემოთავაზება არც ერთი პარტიისგან არ მაქვს და არც მინდა. მაქვს ჩემი ხედვა და გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ვხედავ ვერც ერთ პარტიას, სადაც ამ იდეების განხორციელებას შევძლებ. თუ გადავწყვეტ, კენჭს დამოუკიდებლად ვიყრი მაჟორიტარ დეპუტატად, ჩემს თანამოაზრე, ყველაზე ახლოს მდგომ პარტიასთან ერთად. შესაძლოა, კენჭი ნაძალადევში ვიყარო.